Translate

Wednesday, February 2, 2011

მაია ჯალიაშვილი _ ლექსები

მაია ჯალიაშვილი _ ლექსები

გულის ბარძიმი



ფიქრი სასუფეველზე

როცა საღამო სადაფისფერი
ივლისის სითბოს დააფენს ველზე,
სულს სინანულად შეენისლება
ფიქრი შორეულ სასუფეველზე.



გალობის ნიავი

დედაო ღვთისავ,
სულის მალამო,
ქარვდება სიავე
გალობის ნიავში.
მოგანდობ ტკივილებს
ცოდვებით ალესილს.
და გულის ფიალა
მევსება ციური
უტკბესი ალერსით.


ტკივილი

ცა ნამჯისფერობს,
მზე შინ ბრუნდება.
და მჯერა შენი
დაბინდულ მზერის.
ქერუბიმებზე უბრწყინვალესო
და მეგობარო სერაფიმების,
სამოთხისაკენ გზას
რომ მიჰყვები,
თან გდევს ტკივილი
სახმილზე მწველი,
ჯოჯოხეთისთვის
განწირულების...


ღვთისმშობლის მიძინება

იდგა აგვისტო,
ირაზებოდა ცის კიდობანი,
და შუა გზაზე
ჩერდებოდა ნუგეშის ეტლი,
ფერმკრთალდებოდა
სამოსელი პატიოსანი,
ტკბილად გალობდნენ
მოციქულები....
გულის ბარძიმში
ყვაოდა მადლი...
არ ყუჩდებოდა
ჭრილობა ძველი.
სტკიოდა სიტყვა
ჯერ უშობელი.
და ღიღილოსფერ
შუქს შეერთვოდა
მიძინებული ღვთისმშობელი.


ხარება

დილამ ვერცხლისფერი
სირმით მოგიქარგა
სიზმრის შორეული
უცხო სამოსელი.
მხევალს დაემსგავსე,
სიძეს ელოდები
ფიქრებდაწმენდილი
უტყვი სასოებით...
ჟამი მომდგარია,
ფრთების შარიშურით
მალე გამოჩნდება
წმინდა გაბრიელი.



შვება

შენი ნაზი მარჯვენა
მხარზე როცა მეხება,
ფერმკრთალდება სამსჯავროს
საშინელი მახენი.
ზეცას შვებით ავხედავ
მღვრიე ბაღის ღამიდან
გაღვივდება ღიმილად
ცივი ბაგის მარჯანი.



ალუბლისფერი მოსასხამი

შენს მშვიდ მზერაში
დილა ხასხასებს
და ცრემლის ცვარი
წამწამებს შვენის...
დედაო ღვთისავ, უბიწოთ მცველო,
ფრთები მესხმება, როცა გიცქერი.
ცოდვილს წყალობა შემომაშველე,
განმაცხოველე უსახო მტვერი...
გათოშილ სულზე შემომახვიე,
ეგ მოსასხამი ალუბლისფერი.


მარად ევნები

შენს სახეს ლოცვით
ავედევნები.
შენ ხარ ვენახი, მზეჩამდგარი
თაფლის მტევნებით.
თუ დავეცემი, ლაჟვარდის მზერა
დაგეცვარება ამარტისფერით.
და ჩემთან ერთად
მარად ევნები...




* * *
ალუბლის ყვავილს
გაცრეცია ოცნება ქარში,
მეც გამიფრინდა ფიქრი
შენკენ გამოფრენილი,
როცა სიკვდილი
ზურმუხტისფერს
თალხებად გაშლის,
მოგეახლები მაშინ მშვიდი
და გამხელილი.



მთაწმინდელთა ქართულით

თენდებოდა, ბრწყინდებოდა
ცა ღვთისმშობლის თვალებით,
ლოცულობდა ბერი, თრთოლვით
ევანგელეს თარგმნიდა.
სასოების ცრემლით გალღვა
სიტყვა, ღვთისგან ნათესი,
პერგამენტზე აბიბინდა
სახარება მათესი.
ღაღადებდნენ უდაბნოში,
მწყურვალენი, მარტონი.
დაასრულა ბერმა გზნებით
თარგმანება მარკოზის.
ენუგეშა ივერიას
მადლი უკუნისამდე
შრიალებდა ნეტარებით
სახარება ლუკასი.
წამებულთა სიხარული,
სინანულით ნალესი,
იყო სიტყვის სასწაული
ხმატკბილ იოანესი.
და ბიბლიის ბილიკებით,
ერი წელგამართული,
უფლისაკენ მიდიოდა
მთაწმინდელთა ქართულით.



* * *
უფლის სახლში ვარ
და ვუგალობ
ვარდისფერ დილებს,
უფსკრულს გაარღვევს
ზეცისაკენ აწვდილი თვალი.
ფიქრი ლოცვების
გვირილებით გაიბილიკებს,
და გულს წყალობა დაედება
მალამოსავით.



* * *
არ დავიძინებ, დე წამწამებზე
ნაწვიმარ სიზმრებს
დაედოთ ხავსი.
შუაღამისას მოვა სიძე და
თბილი თითებით
ჩამიცხრობს სახმილს.



ვაშლის ხის სიმღერა

როცა ყვავილებს ნიავში გავშლი
და გრილ საღამოს ფიქრს ავადევნებ,
გამახსენდება ედემი მაშინ...




უხილავის მოლოდინი

დავეძებ სიტყვას,
დასეტყვილან თითქოს მტევნები.
დამინაფოტდა გულის სავანე.
დარდის ალმურში ტკბილი ფსალმუნის
ხასხასა სითბო მელამუნება.
წყაროსთან მიდის სამარიტელი,
სადაც უხილავს შეესიტყვება.





და მოუღლელად იქადაგებ
Mმამა არჩილს (მინდიაშვილს)


ოდეს ვერარა ჰპოვე ქვეყნად
ღირსი ქებისა,
თუმც მოიწვართე მზისა ქვეშე
სიბრძნე მრავალი.
გულისხმა ჰყავი სიბრძნე ერთი
ზეაღმავალი
და მეყვსეულად შეიმოსე
კვართი ზეცისა.
გვემული ფრიად
ბნელ ძალთაგან ბოროტებისა.
ვედრებითა და სიყვარულით
გაალღობ რისხვას.
სინათლის რტოებს გამოსტაცებ
ტალღას ვნებისას
და მოუღლელად იქადაგებ
სიმართლეს ღვთისას.
მიაყურადებ ბნელ ღამეში
ღვთისმშობლის ლოცვას,
თვალთ გაგიცრიცავს
მოვარდნილი ცრემლების შხეფი.
ზეციურ მამულს სასოებით
აღაპყრობ მზერას
და მიწიერი საქართველოს
შეგაკრთობს ბედი.


რტო სიყვარულისა

უგბილთა მათთა მომაგეს ჯვარცმა
და შემრთეს სახმილს.
მიაგნეს ვერრით დაფარულ განძთა,
მიფათურებდნენ თუმცა სულში
ხელებს ცოდვიანს და გააფთრებით
მფლეთდნენ ამაოდ.
აჰა, თქვენ რტოი სიყვარულის
სამაგიეროდ.


შიშის ლანდი

გადამითქორავს ფიქრს
შიშის ლანდი,
მაგრამ სიტყვიდან
წამოვა შვება,
წიგნი გადაშლილი
მაისტერ ეკჰარტის:
ჰოი, იდუმალო,
შენ ჩემზე უფრო
ახლოს ხარ ჩემთან.




სინანული

ვნანობ. ანანურთან დაჩოქილი
მლოცველები. მზე ამომავალი.
ტაძრები. უხრწნელი სხეულები.
მოვანება. მისი ნებით.უვნებოდ.
ნიავის მსუბუქი მობერვით.
შთაბერა. ძვირფასი. უფასო. თვით სისხლით.
ქაფქაფა სისხლით ვარ ნაყიდი.
უსასყიდლო. მარგალიტი დავკარგე.
ოდესღაც. დავეძებ. ვიპოვნი და ისევ დავკარგავ.
მონაზვნები ქარგავენ წითელ აბრეშუმზე
ვერცხლის ძაფებით. ცრემლები იებად
ღვთისმშობლის თვალებში.
წყალობა უფლისა. გალობენ გლახაკნი,
მართალნი, წმინდანი გულითა,
ზეცა რომ განიხვნება, ღმერთს იხილავენ.
მოხილვა ქვეყნისა, რომელი არ არი,
ფერითა მრავალი. ეს არი, რაც არი.
და კიდევ იქ არი. უფრორე მრავალი
ფერები ბრმათათვის.
მე კი ვარ ხილული. ხილვადი. ფორმითა.
შევსვა და მწყუროდეს აროდეს…



დები

ელიან და ბაღში იელის
იღვრება ყვითელი სურნელი
და უყვარს მარიამს
ღამეში მთვარიანს
დადგომა ლოცვად და გალობა...
მართა კი მატყლს ართავს,
ვიღაცა უცნობი
მათ ღია ჭიშკართან მოდგება შიშველი.
უხვია წყალობა მზითა და წვიმებით.
ელიან, ლაღია ლოდინი მართალთა,
მოვა და სიტყვების ყვავილებს მოიტანს,
მშვენიერს, ცვარიანს.
კარდაკარ დაივლის, იმედით, ნუგეშით
აანთებს კერიებს.
კანდელში ზეთი აქვთ ულევად. ფხიზლობენ,
ფრთხილი აქვს ნაბიჯი.
ელიან, სამყარო მთელია და გაუბზარავი.
რეკავენ ზარები, შორიდან, ელიან.
და გულთა მინდვრებზე აფენენ ხალიჩებს,
მართა და მარიამ.


ადამის გლოვა

წყვდიადი. წყალი თუ მიწა,
ტკივილი უშორეს წამთა.
არ მახსოვს, დამავიწყდა,
ვარსკვლავთ მოკირწყლულ გზიდან
როდის და როგორ მოვწყდი.
პირველად მან თქვა: იყავნ,
მასვა სინათლის წყარო.
დავეცი, გამომრიყა.
წყლულად გამომყვა წყევლა,
ვიქეც ქვებიან რიყედ და უნაყოფო ველად.
დამეხშო სიტყვის კარი.
ზარებს რომ შემოჰკრავენ წყალობით ძალნი ცათა,
მწყემსი მიაგნებს კრავებს,
განარჩევს მრუდს და მართალს,
შეგვინდობს, შეგვიბრალებს.



ზარები გულიდან

ხარობენ ქერუბიმნი
და ფრთების ქარებით
გრილდება სურვილი.
ქრება და ინთქმება.
ლოცვებში დამდნარი ხატება,
მსგავსება. პირველი. უჟამო.
ღრმა ერთი, უძირო, საპყარი.
დატოვა ქვაბული
ცოდვიან სიტკბოსი
და იმას უწირა, რომელმან მიაგო.
სანთელი. მრთელი და უბიწო.
ფესვები გამხმარი. ნაყოფი
უდროოდ დამჭკნარი.
რატომ არ იმრავლე.
ხორბალი მიწაში.
იქიდან თავთავი ათასი.
მოთავე ბნელისა და თვითონ თავადი.
სინათლე. ინათლა.
მე კი სიზმრიდან ვერ გამოვაღწიე.
იქ მსხვერპლი უსისხლო.უკმიეს.
უკმარი. უხმარი სული და
ჭურჭელი ბზარებით.
ზარები გულიდან.
იგლოვე. იტირე.




ვარსკვლავთა წვიმით

ახლა იწვიმებს, ვარსკვლავებით გავიჟღინთები,
სიზმრის გარეშე, მე ხელაწვდილი
გათენებამდე ასე ვიდგები
და მზეს შევხვდები,
როგორც ცვარი და დავინთქმები.
ამიტაცებენ სხივნი მაღლად,სამყაროს ზედა,
და გაჟღენთილი სული ჩემი
ვარსკვლავთა წვიმით მზეს ეახლება.


შენკენ

ზეთისხილისფერ
საღამოს ჩრდილში
ყუჩდება დარდი და მინაზდება,
ფიქრების ლურჯი
აბრეშუმები
შარიშურობენ თავის ქალაში.
შენკენ შორიდან მოვეშურები
რწმენის ფაქიზი ფიანდაზებით.


მგალობელი გვირილები

ზარები ხმობენ მოკრძალებით,
რიდით, მთრთოლვარედ.
იმსხვრევა ვნებათა ფერადი კოშკები,
კერპები ქალაქის, ქუჩების, ხმაურის
მორჩილად ხორკლიან
სქელ კისრებს იდრეკენ.
აქ სიმშვიდეა, როგორც სამარის
ნაცრისფერ კედლებში
და ხავერდების ბაცი სიგრილე.
იდუმალება ბაღია წარმტაცი,
ფიქრები - მგალობელი გვირილები.
იყავნ ნება შენი. გამლხვალი სხეული
საკმეველთან ერთად ორთქლდება.
ყოველი სუნთქვა, ვით თაყვანი
და მადლობა, ყოველი გზნება.
უცნაურ თრთოლვით ფეთქავს ახლა
ხრწნადი გვამის ყოველი ასო,
და სულში თქეში მოდის რწმენისა.
და სიყვარულის გამხმარ შტოებზე
მზით დატენილი მტევნები მწიფს.
და სასოების ნაზი ბარტყები
ცისკენ იწევენ თოთო ფრთებით
და ადიდებენ. ყოველი ბგერის
ნეტარი განცდით.
საღამო კი ლამინორს ჰგავს
და ველის შროშანები
მწუხრისას ლოცულობენ.



წარსულის სილუეტები

ღამეა.
დაღლილი სალომეა
მიენდო სარეცელს.
იქ ალბათ ვინმეა,
კარს მიღმა, შორეთში
და გლოვობს მოცელილ იოანეს.
კრთებიან იელები სამეფო ბაღებში.
დრო არის.
მოლივლივებს ის, უბელო ნიავივით.
მთვარე განიბანება იორდანეში.
იქ, სადღაც, სალომეას
ელანდება იოანე
და ხსნა იგვიანებს სამარადისოდ.




გლოვა

თქვენ ჩაიარეთ, ვით უცნობებმა,
ფეხაკრეფით და თითქმის ქურდულად.
ურდული წარსულს.
ავსულებით სავსე ხაროდან
კვლავ მიმიხმობენ ჩემი ცოდვები,
ლხენად, საშვებად,
ნებით ტყვეობა არის ნეტარი.
რისთვის დაშვერი,
მთაო პოხილო, უგუნურს წყარო
გარდმომივლინე.
მე ჩავიარე და მის სანაცვლოდ
სიცარიელით ავივსე გული.
წახვედით, დღეებო,
უბრად, უსაშველოდ.
მაშინაც და ახლაც: ცრემლები, ტირილი,
სად მიხვალთ, სად მიგაქვთ,
უფასო საუნჯე,
ვერაფერს ვიუნჯებ იქ, ცათა შინა,
რომ სიხარული წარმიძღვეს წინა,
როცა მიწიდან ავიბარგები.



ლამაზი ჩურჩული

იცრიცებოდა მთვარე
ზეცის თეთრ სარეცელზე,
მესმოდა ფოთოლთა
ლამაზი ჩურჩული.
შორს,
ზმანების თუ სიცხადის ტევრში,
ბორიალობდა ვიღაც უცხო
მწყემსი კეთილი
და გზააბნეულ
კრავს მოუხმობდა.



წინასაშობაო განწყობილება

ღამე უმთვარო, უვარსკვლავებო.
ბეთლემი დუმს და არ ეძინება.
ყველა სიზმარი წარუტაციათ
გიშრის ქვაბულებს,
რომელთა ფშვინვით კრთება გარემო.
ბეთლემი ფიქრობს.
სურს ჰკითხოს ბედი
კუდიან ვარსკვლავს,
რომელმაც თავზე გადაუქროლა
და ჩაიკარგა სადღაც შორეთში
და უპასუხო დარჩა შეკითხვა.
გრძნობს კი იდუმალ,
რომ რაღაც ელის,
უჩვეულო და შეუცნობელი.
გული კი კრთება
მიუვალი სინათლისათვის,
გული სულ სხვაგვარ განთიადს ელის.
რას ჩურჩულებენ ტყეში ნაძვები,
რატომ ერხევა კლდეს მტკიცე წელი.
და იბზარება ძველი ჭურჭელი
სამყაროს სულის.
ჩუმია სევდა და სასურველი.
და ჯერ არნახულს
ენით უთქმელს,
ელის ბეთლემი.



ფიქრები შობისთვის I

სურნელი თივის და
თბილი დრუნჩები წაბლისფერ ხბოების.
ვარსკვლავი. გამლღვარი
ზეცაში სანთელი.
მთიები, სად ცხელი რძე არის ირმისა.
იქ ახლა სიჩუმეს გაბზარავს გალობა.
იქ ახლა ის მოვა, ვინ ჩემი ნისლიდან
მზე ამოზიდა.



ფიქრები შობისთვის II

წყალობა. ვარ ბნელი,
უძირო ქვაბული და ველი,
შემმოსავს ვით ველის შროშანას.
ჯერ კი ვარდისფერი,
დედაღვთის კალთაში
თვალდახუჭული უსმენს სამყაროს,
ყვავილთა ნაცვლად რომ ეკლებს მიაგებებს.
მე აქ ვარ, სადაც ვარ... და იქაც...
რომ სამჯერ უარვყო,
სანამდე მამალი იყივლებს მესამედ.
გული მოუხნავ უდაბნოდ ქცეული,
რომელი ხორბალი იხარებს უმადლოდ.
მზადა ვარ… და ჯვარზე მაჯებს რომ ვაჭედებ,
ექო მოვარდება შორეულ მჭედლისა.
მე მახსოვს თვალები, ტანჯვით რომ წვეთავდნენ...
ვარ ბნელი, რომ ვიშვა მე ჩემი ღამიდან.
მზად არის ნაჯახი. გამხმარი ხე ლეღვის.
და ვნება მღელვარე დარღვეულ სხეულში…
სნეული, ჩვეული და გადარეული
დატოვე სოფელი. აქ მოდი, სად ლოდი
დევს მკვიდრად ურღვევი.
უდრეკი ნება და მრავალი ფერია.
სად ნაღვლიანი, წყლიანი თვალებით
ხბოები ჩვილ მხსნელს ეფერებიან.





სამყაროს სალბუნი

ყველგან ბარდები, ძეძვი მაღალი,
როგორ იხაროს თესლმა იფქლისამ,
ქარს მიაქვს სიტყვა, მზე რომ იტვირთა.
მაშინ კი კვირა იყო მაღალი.
ჩავლილი პარასკევი, ჩავლილი შაბათი.
ორი დღე, რომელიც უდრიდა სიბნელეს
და უსასობის უსასრულობას.
იქ თესლი დაიმარხა. დადუმდა. იდარდეს
და მოლოდინში გამოიდარა.
დარღვეულ სამყაროს დაედო სალბუნი.
ლოდმა გაამყარა ნაბზარი თავანი,
და ვიღაც მეძახის: ელოდე, იცანი,
ჩავლილ დღეები მარადის აქ არი,
შენშია სიცოცხლე დღეების გარეშე,
ოღონდაც გახსოვდეს
მარად ის, მარადის.




წყურვილი

ქარს მიაქვს კოშკები ღრუბლისა,
ქარს მიაქვს.
სულს სიტყვა მოსწყურდა უფლისა.
დამჭკნარი ფოთლები გულისა
ძველია,
ცოდვამ მზეს გზა შემოუნისლა.
მოვდრკები ცვილივით მორჩილი
შიშითა,
კეთროვანს გავიხსენებ მორჩენილს.
დავეწაფები ლოცვათა წყაროსა
კრძალვითა,
შევსვა და მწყუროდეს აროდეს.
ქარს მიაქვს კოშკები ღრუბლისა,
ქარს მიაქვს.
სულს სიტყვა მოსწყურდა უფლისა.



ედემში

ედემში... მზე მახსოვს,
ცა და ხეები,
მწიფე ვაშლებიდან სურნელი წვეთავდა.
ვხატავდი მერქანზე ქვითა და ლერწებით.
ვქარგავდი გულისთქმას.
მხედავდი, გხედავდი. არ იყო კედელი.
ახლა კი სხვა მზეა, სხვა ცა, სხვა ხეები,
უფოთლო, ჯოჯოები,
ნამდვილი ჯოჯო ხეთია.
მაშინ კი სულ იყო სამი თუ ოთხი ხე
და მაინც სამ-ოთხ-ე.
თავხედი კოდალა ეჭვისა
კაკუნით როდესაც ამიკლებს.
ეკლებით დავკაწრავ ხელისგულს.
ტკივილმა აღბეჭდოს ნახატი,
სადაც შენ მიმიხმობ სევდით უნაპიროდ.




აღმადგინე

ნუ განმდევნი,
დარდის დევნი
დაუნდობლად,
ცოცხლად მნთქავენ,
უდაბნოს ვერ მოვერევი,
ვერ ვიხილავ ზეცის თავანს.
მოვდრკები და დავმთავრდები
უყვავილოდ, უთავთავოდ.
ჩემი სული -კვამლი, ჭვარტლი,
ვერ გაიგნებს
ცისკენ სავალს.
ღამე ჟანგიანი სიზმრით
ჟამის ჯვარზე მიმამსჭვალავს.
აღმადგინე, იორდანე,
შემასვი მზიანი ჭავლი.
გულში ვეღარ ითავადონ
ავდარმა და ჭაობებმა.




მახსოვს

მახსოვს ეკლების გახელება
და გრილი შუბლი
სისხლის აფთრებით
დაფლეთილი კვართი უმტვერო,
აღმართი ვრცელი,
ნატერფალებზე სისხლის ბალახი,
უცხო ქალწულის შეღონება
და შებღალული მაღალი ფიქრი
შურის ტალახით.
ჟანგიანი სამსჭვალის ელდა,
ჩამქრალი დღე და
გაფითრებული ღრუბლის თვალები.…
მახსოვს და აღარ ძალმიძს გავუძლო
ამაოების ტრფობით დაქანცვას,
წარსულს, რომელიც აწმყოა მარადის
და ჩადენილი ცოდვები მშანთავს.
ვჩურჩულებ, ხმაში სინანულის
თეთრი ლანდებით.
ო, მერამდენე, მე ვარ ის ერთი თორმეტთაგანი,
რომელმან გაგცა.



მელოდეთ

თქვენ იცით, მივდივარ, სიცოცხლის კარავში,
აღსრულდეს წერილი, ჩათავდეს არაკი.
მოვავლენ ქარებით,
წვიმებით, დარებით,
ჩემს მადლს და სიყვარულს,
ჩემს მაღალ ზვარაკებს.
კამკამა გულებით იმ წამებს ელოდეთ,
ღამე რომ შუაში მზით გაიბზარება,
დარეკენ ზარები, ზეიმით, წვალებით.
და მოვალ, მომელის მწყემსიც და ჰეროდეც...
კაშკაშა, ნეტარი სიტყვებით მოვდივარ,
იღონდაც მელნისფერ ღამეში იფხიზლეთ,
ოღონდაც ჩაუმქრალ კანდელით მელოდე.



დამელოდე
ლალის
დანიელ, მოგდევ, მინდორი დეირის
სავსეა ნიამორებით.
სივრცეებს მოდრეკს მოთქმა დარდიანი
ცრემლთა ადიდდება მორევი.
დანიელ, მოგდევ, ბილიკი მებლანდება,
სახმილის მეფინება ფოთლები,
ცეცხლს გრილად ემცვრევა
გალობა ყმაწვილთა,
ლივლივებს ფრთები ქერუბიმის.
სურნელი მაბრუებს მთვარისა.
ნუ მიეფარები ჩუმ მღვიმის სავანეს,
ნუ მიეფარები.
დანიელ, არეული სიზმრებიდან
გარბიან დანისლული თვალები,
ბრმა ვარ და უსასოო,
უფსკრულთა ცდუნებასვერ დავემალები.
დანიელ, დამელოდე,
დანიელ, მოგდევ.



გადამარჩინე

ქარი აქუჩებს გამხდარ მათხოვრებს,
ვით მზესუმზირის გამხმარ ჩენჩოებს.
გადამარჩინე, გადამარჩინე,
სინათლეს სულ არ გადამაჩვიო.
ღირს თუ არა ღირს, ფიქრი მარჩბივი
აღვიძებს სულში ჩამქრალ აჩრდილებს.
გადამარჩინე, გადამარჩინე,
სინათლეს სულ არ გადამაჩვიო.





რად არ იფხიზლე

შუაღამისას ველოდი სიძეს,
იყო სიმშვიდე
და ვარსკვლავების თეთრი ღვარებით
იცრიცებოდა სივრცე გიშრისა...
ჩემი კარავი იდგა მინდორში
და შროშანები თვლემდნენ გარშემო...
ლამპარში უხვად ყვაოდა შუქი
და შლიდა წარსულს,
რომ დამავიწყდა
აღსანთები ზეთი სუნნელი...
მერე მეწვია შვება სიზმრიდან
და გამიყოლა უცნობ მხარეში...
ვერ გავიგონე ფრთხილი ნაბიჯი,
ვერ გავეგებე სიძეს ღიმილით...
მეძახდა დიდ ხანს,
მეძახდა, მაგრამ
ვეღარ აღვანთე ჩემი ლამპარი...
და დაიშრიტა გულშიც სიამე...
არ მიწილადეს დობილებმა
მე უგუნურს ზეთი - სუნნელი.
დაკეტილ კართან
ვდგავარ შეშლილი მწუხარებისგან,
იქით მზეა და სხვათა ქორწილი
და ქალწულები თეთრი სამოსით
მას უგალობენ...
ვეღარ მიცნო და
კარი დაკეტა... ხმაში ისმოდა
ყრუ საყვედური,
რად არ იფხიზლეო.
მთვარე ჩაშრიალდა
ხევში ფოთოლივით,
და შენც გაგიყოლა -
დამჭკნარი ლერწამი,
გამოუძერწავი დაგრჩა იმედები.
უკვე გვიანია.
აღარც ღამეა
და აღარც გათენდება არასოდეს.



ფერებში ვქრები

ვწუხვარ... თვალებში მზე ჩაილია,
ჩაკეტეს კარიბჭე,
ვეღარ მოხვალ ჩემთან
თეთრი იასამნებით.
მილივლივებს სივრცეში ბგერა,
ასხლეტილი სულის სიმიდან.
იღვიძებს თესლი,
ჩამარხული მიწის უბეში,
და ყურს უგდებენ
გაყუჩებული მაყვლის ბუჩქები
სიჩუმის ოხვრას
და ახსენდებათ
ბუნდოვნად ცეცხლი,
მერე ქალწული, მერე სინათლე
ჩაქოლილი ქვებით რიყისა...
და მე სიტყვები მემსხვრევა ხმაში,
და მებჯინება ბაგეს დუმილი
და ვჭვრეტ სხივების მოჭრილ რტოებზე
კვირტების ფეთქვას.
აჩქარებული მაჯისცემა შორეთისა
როკავს რიტმებით და
თვალისმომჭრელ უცნობ ბაღებს
დადევნებული,
პირველყოფილ თავბრუდამხვევ
ფერებში ვქრები
და დახუჭული თვალებიდან
ამოდიან სიხარულის მწველი ტიტები.




დილა

მაცვია ზეცის კრიალა კვართი,
და ანგელოზებს მივყავარ მზისკენ.
შორს იზმორება მთვლემარე ვარდი
და უსასრულო სიმარტოვეში
ნათელი დადის.





ნათანაელ

ლეღვის ჩრდილში
ვიჯექ მორთხმით,
ოცნებით ვქარგავდი სოფელს,
შორს ალმურში ლივლივებდა
ზაფხულით ამწვარი მდელო.
ნათანაელ, დამიძახე,
გაგახსენდი და მიცანი,
დაზაფრული ნაზარეთით,
არ ველოდი სასწაულებს.
ვხსნიდი ჯიუტ გამოცანებს,
ქაოსს ვარჯულებდი მწყობრად,
არა ვჩანდი ფიქრს დანთქმული,
დაფარული ვიყავ ცოდნით,
რაღაც მაკლდა და სრულყოფილს
ვერა ვჭვრეტდი ცარგვალს კუშტი.
შენ რომ ჩუმად დამიძახე,
გული უცხოდ შემეკუმშა.
ნათანაელ, რეკდა ზარი,
მივხვდი, შენ იყავი, მაშინ
სიტყვამ ყურში გაიარა
და დაემყნო მყარად სულში.
ვიგრძენ, როგორ მოვწყდი მიწას,
ფრთებად მესხა შენი მზერა,
და ის, რასაც ვერ მივაგენ,
იყო ახლა ისე ცხადი,
უშურველი და ულევი.
და რასაც სიღრმეში ვჩხრეკდი
წუთისოფლის გაჩენიდან,
იყო თურმე ისე ახლო,
ბალახის უხანო ღერო,
ჩემს თითებზე გადაწნული.
გეძებდი.
მიპოვე თვითონ
წარუვალმა სიყვარულმა.





ზეცის ჩეროში

წუხელ იწვიმა, სველი წამები
ჩემს წამწამებზე
ბრწყინავდნენ უხვად.
წუხელ ვიღაცა ჩემგან წავიდა,
თუმცა წვალებით,
მაინც წავიდა, ჩუმად და უბრად.
მე კი ვეება ვეშაპმა მშთანთქა,
ღამის წყვდიადის მუცელში ჩავრჩი,
დილა მოვა და მზით გამოფატრავს
ამ ბნელ ქვაბულებს და გადამარჩენს.
რად ამირჩია მწერალმა ბედის
სწორედ აქ, ამ დროს და ამ სივრცეში.
ვიღაცა ჩემში ყოველ ღამ კვნესის,
ვიღაც ჩემიდან ყოველ ღამ მიდის...
და ერთ ღამესაც.
როდესაც იგი უკანასკნელი
წავა ჩემიდან.
დავნაწილდები, გავიფანტები
და დავისვენებ ზეცის ჩეროში.





ფრესკასთან

ჟამის უჟმურ წყვდიადში
იდუმალ დაქადნებად
უსასობის წინაშე
ბჟუტავს და იღვენთება
ფრესკის შარავანდედი.
აქ სურვილთა ზვაობის
მწვერვალები თავდება.
აუწყავი წამების დაწყევლილი ფანდები.
ჩამცხრალ ფიქრის ღადარში
გააღვივებს ნაღვერდალს
ლოცვის ლურჯი ნიავი.
ფრესკის შარავანდიდან
ცოცხალი ნაპერწკლები-
ასხლტებიან ჩიტები.
სინანულის ცრემლებით
დაილტობა გუამი და
კვალად აყვავილდება
სულის შტო დაშრეტილი..




შენ
დაღლილ თვალებში
ირეკლება ძველი ლანდები,
მინებდი დინებას, ვით ტალღა გვემული.
ამაყი დილემა გიცქერის ირიბად.
მიღმიურ ღამისკენ
მიგაქვს წვალებით
კუბო ძვირფასი მიცვალებულის.
ფიქრი ვნებული
მყუდროების კარავს მიელტვის.
ჟამის ეტლები დაქრიან ჟინით.
დაისის ხავერდზე იფინება
ფრთები სევდიან ქერაბიმთა.
გენატრება დაფნის ფოთოლთა სიგრილე
და დედა, ვით ფრესკა, მონასტრის კედლიდან.
უჩინარ გოდოლში
ვნებათა ტყვეების უებრო ამბოხი
და დამხობილი ნებისყოფის
მაღალი კოშკი.
ფეთქავენ ნაფლეთები დასისხლული.
ოდესმე- ოცნებათა მოციქულნი.




გზა შინისაკენ

სამყარო გარიყული ტკივილია უტყვი,
იღვრება გონების გაბზარულ ფიალაში
მღვრიე სიზმრები
ალბერ კამიუს და მარსელ პრუსტის.
სულს მენდელსონი დაენისლება,
ჰანგთა ქარაფები,
მერე უფსკრული და დავიწყება,
მერე არაფერი.
არ ძალგიძს წამების წრეების გარღვევა.
სადღაც შორს, იცი ელიან კვალად,
უძღები შვილის დამაშვრალ მზერას,
გულის დაქცეულ ბჭესა თუ თაღებს
შეაშველებენ უშურველ ნათელს.
იელებით გარინდულ ტევრში,
კვნესის ვალტორნა.
ირმის ნახტომში მზე მირაკრაკებს,
მიაყურადებ ოდესმე მაინც ძახილს შორიდან,
და გაძარცული გაუდგები
გზას შინისაკენ.



ღამის სონეტი

რისთვის შემიჩნდი, ღამეული სამეფოს ლანდო,
ჩქარი ცხენებით რატომ აკრთობ ბილიკებს ჩემსას.
ბროლის ლარნაკში თეთრი ვარდი დააჭკნო სევდამ,
მე მზის ბაღებში დასიზმრებულ ზეცაზე ვდარდობ.

ნაღველის ტევრში ვხეტიალობ ეული, მარტო,
ფიქრები ჩემი - დარღვეული ქარით გოდოლი.
ცივმა წყვდიადმა შემაჩვია უღვთო მოლოდინს,
ყინულის ლურჯი ბაგეები კოცნიან ტატნობს.

წაშლილ ფრესკაზე კვლავ ანთია შარავანდედი,
მივაყურადებ ბნელ თაღებში ჩარჩენილ ლოცვებს,
თუ სიყვარულით აივსები, არ გათავდები.

სიკვდილის ხატი იკაზმება ძვირფას ლალებით,
გაცრეცილია დღის ყვითელი ცხელი ალერსი
ნუ მოუდრკები უცხო გზნებით გზნებას ალესილს.






სონეტი უცხო მონაზონს

ტაძრის ბილიკს მიუყვები დაქანცული, ჩუმი.
ქარს შორს მიაქვს დალალები მკაცრად მოკვეცილი.
ბროწეულის ყვავილები ყრია მოცელილი,
მზე ნარინჯის ფერებს აფრქვევს ვნებით დაბინდული.

მაღალ ცაში დასრიალებს ვერცხლისფერი სული.
მიატოვე მოგიზგიზე ცეცხლის სივრცეები.
შმაგ ტკივილებს დაგიამებს ანგელოზი ფრთებით,
განელდება ყოფნის მწარე, გადახსნილი წყლული.

აყვავებულ სინათლეში სიხარულით მოხვალ,
ზამბახების ცვრიან რტოებს მიუბოძებ ფრესკებს,
ბაგის ლურჯი მინანქარი ჩამოდნება ლოცვად.

შორს დალანდავ ცის დასავალს გამგზავრებულ ეტლებს,
იდუმალი ჰორიზონტის შეგეყრება სევდა.
ჩამქრალ სანთლის ნაზ კვამლივით შეერევი ზეცას.





შებინდებისას

შებინდებისას, როს მოშვავდა
გრილი ჩრდილები,
ანას დედობის თბილი მადლი მოენანავა.
იოაკიმმა ბედი იგზნო დაუჩივლები,
ზეცა წყალობას მოაფრქვევდა,
ვითა მანანას...
და ლოცულობდნენ გათენებამდე,
ენამებოდათ ცრემლით ღაწვები,
იცრიცებოდა ღამის ვნებანი,
შროშანი თრთოდა ველზე ნაწვიმი.
ჰოი, ღვთისმშობელო,მოდიოდი შორიდან,
იდრიკებოდა შავეთის თაღები,
იღებოდა ჭიშკარი, დახშული და წაშლილი,
მოჩანდნენ გვირილები ზეცისკენ აღერილნი...
ჰოი, ღვთისმშობელო, უშენობა ჰგავდა ეულობას,
მოგელოდა დაღლილი სამყარო სნეული.





შენ მოგიგონებ

არ ურევია ღამეში ღიღილო,
ბიბინებს სიჩუმე.
უბელოა ფიქრი მოღეღილი.
და ურჩი ღიღინით ობლობას ვიყუჩებ.
დამჭკნარი ღიმილითმიმზერს გარინდება,
ბალახი ვარ მოცელილი,
ქარებით დაგესლილი.
ცივად იცრიცება მთვარის დაპირება.
ეგებ, დავიურვო ტკივილის ალები,
ისევ მარტოობის სენაკს მივაშურებ,
და შენ მოგიგონებ,
ასულო იერუსალიმის.






ამაღლდი

ამაღლდი,
შენს ფერხთით
ბოროტი ათრთოლდა.
განვიდა ღრუბელი
მშთანთქავი მართალთა.
განქარდა მას თანა
ყოველი ბნელი და
მოგესმა ზეციდან
შენ სულთათანა.
მთვლემარე იმედი შეირხა,
გათავდა, რაც უღვთოდ ეწამე,
მიწა მას,ზეცა შენ,
ამაღლდი,
იწამე.





ამოგინატრე

ამოგინატრე მზეი ცხოველი
შუაღამისა,
როცა თვალები ცრემლმა დანისლა,
მრუმე ჩრდილების
კორიანტელშიშიშმა გამსრისა.
ზეცამ ნუგეში როს არ მაღირსა.
და ვიყავ ასე, ამ უსასრულო
და უსაზღვრო შუაღამეში,
წაგვრილი ნათლით
და სითბოთიდა უსასოო.
აკანკალებულ სულის ამარა,
ამოგინატრე მზეი ცხოველი.




განდობა ძნელია

ძნელია განდობა, მარიამ,
მორევა ცოდვათა რკალების,
ზმანებამ სოდომი გარია
ცეცხლის და ცრემლების ცვალებით.

სიცრუის უდაბნო მღვრიეა,
გულისთქმის მახინჯი ქარებით,
დღე ღამეს მისდევს, ღამე დღეს,
სულის მოქანცული წვალებით.

დამჭკნარი დაფნები მაღალი,
ლანდებად დაშლილი შორეთი,
სისხლშერეული ბალღამი,
გარდაცვლილ ფიქრთა მორევი.

მოვედი, განდობა ძნელია,
ფრესკათა უწმინდეს თოვაში,
სული ჰგავს ნოტიო ლელიანს,
მზის სხივთა ალერსის ნდომაში.

მოვედი, შენდობა მომმადლე,
ცხოვრება კვლავ ძერწავს ხაფანგებს.
მეც ძალა, ყოველი მიწისა,
მოვიხადო, ვით სახადი.





* * *

ცას შემოაწყდნენ ღრუბლის ეტლები,
ირმის ნახტომში იშვა გრიგალი,
მიწა აყმუვლდა, როგორც დაჭრილი
და ჰორიზონტებს შეაზრიალათ.
ლაგამს ვინ მოსდებს ველურ ულაყებს,
გაჟღენთილია ვნებით სამყარო,
გამომჭვარტლულ და
მახინჯ სხეულზე
მიწას ცოდვებმა გამოაყრა.
ეჰა, გამოჩნდი, ათასწლეულებს
ამაყ ქედებზე დაჰკარ მათრახი,
შიში წარკვეთე, შური იძიე,
და იღაღადე
სიტყვა მართალი.






სულის კივილი

მიირწევა ცაზე ურცხვად
ცოდვის მღვრიე კოცონი,
ცახცახებენ მოციქულთა
დაშრეტილი ლოცვები,
შუბლს აღმართულს ტაძარივით,
როგორც ბარბაროსები,
ეკლის ლურჯი ბაგეები
გაშმაგებით კოცნიან.
სხეულს სცვივა ზამბახები,
ტბორი დგება ტკივილის,
იზნიქება ჯვარი ოხვრით,
სულში დაძრწის კივილი.
შეიშლება უცებ ქარი,
მზის დაჭკნება სოსანი.
და დამხობილ ქალაქივით
ატირდება მგოსანი.
მერამდენედ ვერ იცანით,
მერამდენედ გაჰყიდეთ,
მერამდენედ გაუწონეთ
სულში წყრომა რაყიფის.
მარტვილივით გოდებს ჟამი,
სიძულვილით დაღლილი
და ქვითინებს ღრუბლის ქორო,
გადმომდგარი მაღლიდან.





* * *
მეუფეო ზეცათაო,
უამურ დროთ დამთმენო.
მომეც ძალა, სულის ბნელი
ცისკრად ამოვათენო.
მოთენთილი ფოთლებივით
ცვივა დღეთა ფურცლები,
დათალხული დარდი მოდის
და ტკივილი უცები.
მოვისწრაფი, მოვალ შენკენ,
როგორც შვილი უძღები.
გზაზე ყრია ყვავილები,
როგორც ჩემი სიზმრები
და ფიქრები ფართხალებენ -
ფრთადაჭრილი ჩიტები.
სიტყვას ცრემლი სცვივა ბროლის,
ფირუზს ზარავს გიშერი,
შიშველ ჭრილობებსა ჰგვანან
ძველ ცოდვათა ხიზნები,
შენ გენუკვი, გეზრახები,
მომიტევე, მიხსენი.




* * *

გვალვისაგან დახეთქილი
მიწა ვარ და
მენატრება წყალი,
მღვიმის კედელს მიხატული
ჩიტი ვარ და
მესიზმრება ქარი.
დილა მოდის,
როგორც თეთრი ანგელოსი
ბროლის მინანქარით.
უსასრულო, გამოუთქმელ
მზისკენ იწევს ჩემი გულის ქნარი.
იალქნები მომაშველე, უხილავო,
და მომმადლე ძალი,
გადავურჩე ცოდვის მღვრიე
და ბნელ ტალღებს
ჩამეღვაროს სულში ნათლის ხვავი,
მქრქალ ფურცლებად იკინძება
დღე ყოველი,
როგორც სვინაქსარი.



მოზაიკის ნატეხები


* * *
დილაადრიან
მისდევენ რაბის
მებადურები იუდეისა.


* * *
და სეფისკვერის
რძისფერ ნამცეცებს
გადაჰკრავს გემო
მადლის ნამცვრევის.


* * *
ტაძრის კარს მიღმა
კიპარისები
მოჩანან, როგორც
კათაკმევლები..


* * *
ჩრდილებს აკრთობთ ნიავის
მობიბინე შეხება,
შუაღამის მინდორში
ლოცულობენ ხეები...


* * *
მძიმეა ფიქრი,
როგორც ალაზნის
მუქი ტალღები.
ირწევა ლანდი გარდასული
უდარდელობის,
ძველ სიმღერებთან
შეხვედრისას აილანძები
და თვალს მოგჭრიან
უსასობის უდაბნოები.
მჭახე ღიმილად
დაიმსხვრევა შუქი ვარსკვლავის
და ამაზრზენი გულგრილობით
ღამე გაგთელავს.
დარჩები მარტო,
უნუგეშო, მიუსაფარი
ჟამი იქნება დაუნდობი, ვით ანათემა.
სადღაც შორიდან, შორეთიდან
მოვა სანთელი
და უცხო ნათლით გაცისკრდება
სულის ჯურღმული.
ისევ ღმუილით
ჩაივლიან შმაგი ღამენი,
რომ წარიტაცონ
და წალეკონ ოქროს ბულული.
და გაიღვიძებს მაშინ შენში
რაღაც ფარული, რაღაცა მძლავრი,
წყურვილივით დაუოკები,
მიხვალ ხატებთან
დაქანცული და მოწყენილი
და აყვავდება ჩამომჭკნარი
რწმენის რტოები.






ხანძთა

ის მიტოვებულს ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა, ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა -
ხერხემალგადამსხვრეული.
სველ ქუთუთოებს ძლივს ასწევს მაღლა
ფსალმუნთა სითბოს მონატრებული.
და დახავსებულ ხმით ღმერთს ადიდებს
ლოცვებში ჩამდნარ - ჩანაცრებული.




შატბერდი

შატბერდო, შავი გეხვევა ნისლი,
შავი ბალახიც მიმოდის შენთან,
ვერ მოვაღწიე, ვერ გეთაყვანე,
ვერ ვეამბორე შენს ნატკენ ფერდებს.
შემინდე, შევცდი და შორეული
გამიხდი ღვიძლო, მშობელო ჩემო,
უნდა გაუძლო, არ დამიბერდე,
არ ჩაგეშალოს მოწყალე მკერდი.
მოვალ, მიშველი, მაპკურებ ნათელს
და შენდობილი ახლად ვიშვები.





* * *
გაუსაძლისად ბერწდება ღამე,
სიზმრის სირინოზს უკვე მოვბეზრდი.
მანთხევენ თავზე ლანკანს მეშვიდეს
განრისხებული ანგელოზები.
აქ არც ჯვარია და არც გოლგოთა,
არარაობის ქაოსს ვაწყდები,
იხრწნება ხსოვნის სასაფლაოზე
გარდაცვლილ წელთა სარკოფაგები.
მეწამულ ცხენებს მოაჭენებენ
იდუმალ მხარის უცხო მხედრები.
მე წამოვდგები, როგორც ლაზარე
და ჩემს მაცხოვარს დავედევნები.





ჰორიზონტის შადრევნები


მთვარის სიმღერები

მე შენ მოგისმენ, ასე ღამით
ზღვა აყურადებს მთვარის სიმღერებს...
მერე როდესაც გაიჟღინთება,
გაითანგება ხმების ალერსით,
მიიზიდება შორეული სივრცისაკენ
გახელებული, მირიადი
ლურჯი მკლავებით
და სვამს სიმღერებს მოწყურებული,
ჰორიზონტის ფიალებიდან.
და ლიცლიცებენ მირაჟები...
მთვარე კი მღერის,
ვარსკვლავების ვიოლინოებს
უცახცახებთ ნატიფი მხრები...
და ტოკავს, როკავს ცისკიდეთის ყოველი ასო,
იღვენთება მუსიკა მწველი
და სასურველი,
და ისე ახლოს, რომ ვერასდროს ვერ შეატოლოს
ზღვამ გულისთქმა მთვარის ბაგეებს...
და შეშლილივით ჩაიკარგოს თავის წიაღში.
მერე კი კვალად,
როცა მთვარე ბროლის ტახტზე
გაშლის სხეულს ამორძალივით,
ზღვა აიმღვრევა, დაიმსხვრევა სარკის
სასახლე, და ისეთივე მგზნებარებით,
თითქოს პირველად,
კვლავ მოუსმენს მთვარის სიმღერებს.




მეგონა

მეგონა, წვიმას ვუყვარდი მხოლოდ.
დამფრთხალი დარდით და ბედის რწევით.
მას ჩემში მიწა უყვარდა მხოლოდ
და ხელდებოდა საშიში გზნებით,
ელვის დაწყვეტილ ვიოლინოებს
ციდან ისროდა თავდავიწყებით.
და როცა ჟინით კულულს მიხვევდა
უხვი წვეთების უვნებო ცეცხლით,
მიწას დახეთქილ ტერფებს უზელდა
ცაცხვების ნაზი ნელსაცხებელით.



არ მომწყინდები

იყავი შორს და არ მომწყინდები
მიწა ხარ, წყალი, ჰაერი, ცეცხლი.
მე სულ სხვა სიძეს დავეწინდები.
და არ დამცვივა ცრემლების ვერცხლი.
იყავი შორს და არ მომწყინდები...
და არ შემომხვდე გზაჯვარედინზე,
რომ უტკივილო-უსიხარულო
თამაშ-თამაშით ვიფიქრო შენზე.




დაგეძებ

შენ რომელ ბაღში იშვებ დაღლილი,
ვის დააწაფებ ბაგეს მწყურვალი,
რომელ სტრიქონებს დაწერ ცახცახით,
როდესაც დარდი შემოგერევა.
მე და შენ ეჭვის უსახო ბლანდით,
ვით აუხსნელი იეროგლიფი,
გაკრთება ცაზე უცნობი ლანდი
და უცხო ჩრდილი დაგვედევნება.
მერე ჩვენ წავალთ და ბილიკები
სხვადასხვა მხარეს გამოგვრიყავენ.
მე ვეწაფები ილუზიის შხამის ფიალას,
ეს ყვავილები, ვიცი, მხოლოდ
უშნო მტვერია. მაინც ვენთები
გადარჩენილ ნაპერწკალივით,
დაგეძებ, იქნებ
კვალად სადმე გადაგეყარო.



დამშვიდობება

იქ, სადაც ფიქრის ჯოჯოხეთია,
გაძარცულ ფერებით,
დემონის დადევნებით.
დამშრალი შადრევანი შემოგებება
დამსხვრეულ მარჯანთა
უმწეო გაღიმებით.
უხვია სიკვდილი და თანაც - თამამი,
თამაშით მიდიან მიწისკენ ფოთლები,
ილევა სურნელი იელების.
და გარდაცვალება იღვრება მუსიკად.
ჩუმი სინანული იელვებს.
გზაჯვარედინზე კუბოა ცარიელი,
ცივია ობლობა. ვერ დაგემონები.
მშვიდობით, მაპატიე,
აქ უნდა ჩაგასვენო,
ჩემო ძვირფასო მოგონებავ.






ფიქრი ანაზდეული

მე ახლა ეჭვის უებრო რაინდის
სატრფო ვარ რჩეული და გამომწყვდეული
მაღალი კოშკის ეულ ოთახში,
სადაც ვერ აღწევს იელების ჩუმი სურნელი
და შენზე ფიქრი მეკრძალება ანაზდეული.
ო, რა ულევად მილივლივებს ცაში ღრუბელი,
რომელმან არაფერი უწყის ვრცელი მოლოდინისა.
ნეტავი იქაც, იქ, ლაჟვარდის
წმინდა მინდორში,
თუ დააგელვებს თავის ულაყს ეჭვი თამამი,
ნეტავი იქაც თუ აკრთობს ცისფერს
გიშრის უხეში შემოფეთება.



თებერვლის თოვლი

დიდხანს მიხმობდი ხარბი ბარათებით,
ხატავდი სივრცეში ხავერდის ქარავანს
მერე სველ დუმილში გახსენი გასამხელი,
მოხვედი თებერვლის უმტვერო თოვლი.
მახსოვს აკლდამაში ფარული ჯვრისწერა,
სამარადისო ფიცი და ბროლი დამსხვრეული
ქათქათა ფიქრებად.
გაცრეცილ ბაგეზე ენძელებს ვკოცნიდი,
თებერვლის თოვლი...
დაფანტული ფორთოხლები თეთრ სარეცელზე
ცხელი ტბორი ნარინჯისა,
ყვითელი ღამე, მზე დატეხილი,
ოქროს თითებით დაეძებდა დაკარგულ სარკეს
და დნებოდა ფიქრის სტრიქონი.
თავს არ განებებს უცხო ხილვა
და დავიწყების ნეტარებიდან გამოხმობილს
შეგაფეთებს სიზმარს იმავეს,
მღვრიე ბურუსში მოჩანს ტილო,
ნატურმორტი: ლურჯი ცხედარი
თოვლის მკლავებში და ფორთოხლები.




სითბოს ნასხლევით

ვეღარ გამჩხიბეს ეჭვებმა სევდით,
ვერ აიქოჩრა გესლის ავსული,
წადილს უელავს ზარნიში ვერცხლის,
ნედლი სურნელით სუნთქავს წარსული.
ჭაღარა ღამე თვალებში მიმზერს,
თქრიალით მოდის მთვარიდან ლექსი,
ჩემი ხელები სავსეა ისევ
შენი სხეულის სითბოს ნასხლევით.
მოდგა სიმშვიდის უსაზღვრო ჯერი,
ურჩი წამები დრომ მიჯრით მოსრა.
გასცქერენ მკვდრები საფლავის ჯვრებით
ზეცაში ჩამდნარ მარადისობას.




ჩემო დარდო

ისევ შენთან ვარ, დარდო ჩემო,
დაქანცული ქალაქის ტრფობით.
ვნების ყვავილთა უცხო ბაღში
ვიშვებდი კვალად და მწველ ჩურჩულში
გაშლილ მიმოზებს ვკონავდი გზნებით.
მივდევდი ლანდებს, დაირებით რომ როკავდნენ
მაცდურ სივრცეში.
და იღვრებოდა ცაზე ქაფქაფა
რძე ხალებიან ირმის ცურიდან.
გვეგონა, ცეცხლი სიხარულის იყო სულ ახლოს,
მაგრამ ჩამქრალი ნაკვერჩხლები
ვიხილე ოდენ.
ისევ დავბრუნდი
შენი მკლავების ეკლიან ტევრში.
მივხვდი, თუ გინდა ჭვრიტო შორეთის
კამკამა სული და ჰორიზონტის შმაგ
შადრევნებთან ილაღო, იშვა.
ტანჯვის მწვერვალზე
უნდა შედგა კანკალით ფეხი
და ჩუმ სამყაროს, უბეში რომ მალავს მუსიკას,
ჯიუტსა და ავად მომზირალს,
ჭმუნვით დალაქულ სარკმლით გახედო.
ამიტომ აქ ვარ, ჩემო დარდო, ჩემო წუხილო.




სიხარულის კარავი

ხელებს ახსოვთ ფერები,დახუჭული თვალების,
წამწამებზე ჩავლილისიყვარულის წვალება.
ბაგეებზე სიტყვები,როგორც ამორძალები,
როგორ უხვად როკავდნენ.
და თითები უცნობიბილიკებით მავალი,
ყუჩდებოდნენ დაღლილი სიხარულის კარავთან.
მერე თოვლი მოვიდა ჩუმი გარდაცვალების,
ბარათებში ულევი კოცონები ჩათავდა.
ხელებს სტკივათ ფერები დახუჭული თვალების.




სიმღერა

ატირდები, გულო,
როგორც თოვლი დამდნარი.
უნდა მიერთგულოთ
უდარობის ამინდებო.
მოგინდება დარდიანი,
დაცრემლილი ჰანგები,
ვით ტაძარში დაყუდება
და ლოცვის ჟრუანტელი.
წახვალ მზესთან, სადაც მიწყივ
ანთია კელაპტრები.
მერე მოვა მარტოობა,
ჩემთა ვნებათ დამტევი.
მერე. ფოთლის დაირები.
ფიქრის კორიანტელი.
აღარც გამახსენდები და
აღარც მომენატრები.



შავი ირემი

მითიური ღამიდან
მოდის შავი ირემი.
ჩემი სიზმრის კარიბჭე
წყვდიადებში ინთქმება.
შენ ნუ შემიშინდები,
ჩემო მზეო, სიცოცხლის,
შენ ნუ შემიშინდები,
თუ ეს ღამე წამიყვანს.



ფიქრის კვიცები

შენ კართან დგახარ
და ელოდები, როდის გინატრებ.
მე ახლა სხვა ვარ,
გაკვირტული ახალ სხივებით,
და შიში შენი - სიყვარულად მოლანდებული,
დამჭკნარ რტოებთან ერთად
ნიავს გადავუყარე.
უკან გაბრუნდი, თან წაიღე ბნელი სარკენი,
სადაც უკუნის სასახლენი ირეკლებიან.
მე სინათლესთან ვრჩები,
როგორც ობოლი ცვარი,
მზის თამამ მზერას შეწყვილებული.
და ჩემი შუბლის მცირე ტალანი
სავსეა ფიქრის უაღვირო თამამ კვიცებით,
რომელნიც უდრეკ ქარაფისკენ მიისწრაფვიან.




* * *

წყვდიადის არწივებით ილაქება
ფიქრების ლაჟვარდი.
ჰოი, უფსკრულის ღამეებო,
ჟამით ჟამამდე მე თქვენს ქარაფებს
ვეწვეოდი იდუმალ გზნებით
ვაბრიალებდი შავ კოცონებს ქარაგმის ბაღში
და აჟღერებულ ქაოსების შორ ორქიდეებს
ვკოცნიდი მძაფრი თავდავიწყებით.
შეშლილი ვკრეფდი
ამღვრეული სურვილის ჩქერებს.
ვიჟღინთებოდი ილუზიის მოლიზღარ წვიმით.
მენანებოდა აღარ მწარედ წამთა წრიალი
და დამსხვრეული საფეთქლების ნაზი ფიქალი.
ჰოი, უფსკრულის ღამეებო,
ნუთუ ოდესმე მართლა მიყვარდით?




ბოლერო

ბოლერო. მარმარილოს
შემკრთალი გარინდება,
როცა აკლდამაში შემორბის სინათლე.
დუმილის ყვავილებს დანამავს ფლეიტა
და აკანკალებულ გამათა ბეღურებს
დააფრქვევს ალერსისმოთენთილ ნარინჯებს.
მობრძანდება სიყვარული
ხავერდის ნაბიჯებით,
სიფრიფანა სიხარული
ვიოლინოს სიზმრებად
იღვენთება აჟღერებული სულის
ღია სარკმლიდან.
სფინქსის გაღვიძება ჟამის წყვდიადიდან,
ფრთებით შეხეთქება სივრცეთა თაღებში.
დაღვრემილ ჰორიზონტის ელვარე გაღიმება.
იმსხვრევა მოლოდინის მაღალი კედელი.
ზათქით და ზრიალით, მზეებით, ქარებით,
კივილით, ტკივილით, ტანჯვით და წვალებით,
ზმანებით, წვიმებით, ცვალებით, ზარებით,
წყალობით, ხიფათით, ბედით და ზვავებით
და ფარშევანგების ფერადი ფაეტონით
უზადო ზეიმით მობრძანდება,
მობრძანდება, მობრძანდება
სიყვარული.





შენი დუმილი


სიჩუმის ტბორში იშლებიან
გიშრის ლანდები.
შენი დუმილი, როგორც მზერა
ოლეანდრების.
აღარც ქარია,
არც სურვილთა ხარბი ხლართები.
დრო გაიხიზნა მიტოვებულ სარკოფაგებში.
დგას სურნელება ნაძვის რტოების.
ჰანგები სწყდება გულის კლავიშებს.
ვმშვიდდები, როგორც დაფნის ფოთოლი,
როცა ნიავი ემარტოება.
და ვიკარგები ვარსკვლავჩამდგარი
ღამის მკლავებში.



ნეტავი იმ ჩიტს

ნეტავი იმ ჩიტს თუ გავახსენდებით,
მე და შენ, ის დღე, ის მზე,
ის შაბათი.
იანვარს სტკიოდა დამზრალი გვერდები,
ვისხედით, ვიშვებდით
ლექსების შარბათით.
იმ ჩიტმა თუ იცის,
იყო თუ არ იყო,
ის დღე, მე და შენ,
ის მზე, ის ქალაქი.
თუ ვესიზმრებოდით გრილ სანაპიროს,
ხიდქვეშ ჩაფენილი
ფერადი ბარათით.
თუ იცის, ნეტავი, თუ გავახსენდებით,
იმ ჩიტს მე და შენ,
ის მზე, ის შაბათი.



შენც აქ ჩამოიარე


სად იყო და სად არა,
სიყვარული გამოჩნდა.
სად იყო და სად არა,
ღალატიც არ ჩამორჩა.
სად იყო და სად არა,
სინანულმა იელვა.
სხვებიც უხვად გამოჩნდნენ,
სიცოცხლე და სიკვდილი,
დროის ხარბი ჩარჩები.
ნიღბებით თუ უნიღბოდ,
ჩამოლალეს ნაჩვევი,
სიჩუმე და ხმაური,
საიდუმლო ლაჩრული.
უყურებდი, გეგონა,
ჟამი შენთვის გაჩერდა.
შეცდი, იყავ სად არა,
შენც აქ ჩამოიარე.





უშენობა

მზეს ჩამოცვივდა ლურჯი ფოთლები,
თითქო დედოფალს ფარჩა გახადეს
და დარჩა ხილვით განაოცები,
უცხო სიზმარით, როგორც სასახლე.
ბროლი უებრო, მოდის სიცივე
და უშენობა შემაცახცახებს.
მოკვდა ლოდინი, მოხდეს რაც არი,
შემომაბერებს რიცხვი სანამდე.
მე მარტოდმარტო გავყვები ბილიკს
და ჯერ უნახავს ვნახავ სანახებს.



შემოდგომა

ცეცხლი ელავს შემოდგომის,
ბორგავს ვნება მოწეული,
და ქალები ჰგვანან მზეზე
გადახლეჩილ ბროწეულებს.
წველის მტევანს, როგორც ჯიქანს,
შავი გოგო თეთრ კბილს აჩენს,
ვაზის ჩრდილში ოხრავს პაპა,
ითვლის წლების გადანარჩენს.



ფარშევანგთა ქარები

გზაში შევხვდი ფარშევანგთა ქარებს,
უცხო წალკოტს ცახცახებდა თარი.
ქალი - ვაზზე გადაწნული მოლანდება,
ირწეოდა ქალი.
ქანაობდა ლერწმის რტოზე ცვარი.
გზაში შევხვდი ფარშევანგთა ქარებს,
თუ ანანომ დაარხია მარაო.
გზაში შევხვდი ფარშევანგთა ქარებს,
ვაზზე მტევნად გადმოჩქეფდა ქალი.
დალალებში დაცურავდა მზე და.
ვინ ნატრობდა, ვისი იყო ნება,
სიკვდილია, ბარემ შენ მომკალი,
გზაში შევხვდი ფარშევანგთა ქარებს.





მაპატიე

მაპატიე, ვერ მოგიძღვენ გვირილები,
თეთრპერანგა,
ნისლისქუდა ქალწულნი,
ბნელ ბურანში
შემიტყუეს ავსულებმა,
თორიანი მთების ხილვით გამთანგეს.
დათალხული დარდი
მიწევს კალთაზე
და მოწყვეტილ იასავით ვიღიმები.
მაპატიე, რგორც ცივი მოგონება,
დაივიწყე და მდუმარედ გაჰფანტე
დარდი ადრე დაწყებული ფოთოლცვენის.
ვერმოძღვნილი
გვირილები ნისლისქუდა,
ჩემს შფოთიან ოცნებაში დავხატე.




ბაღი სიხარულისა

დღე ოქრო-ვერცხლით ისეა სავსე,
თითქოს არ იყო ბრძოლა წუხელი.
მზე ფაშასავით ზის ხალიჩაზე
და მუხამბაზებს მღერის ღრუბელი.

ტაძარს მიდიან თეთრი ქალები,
თეთრი ვარდების თაიგულებით.
მოიტაცებენ ფიცხი ქარები,
თუ სადმე მარტოს დაიგულებენ.

და გვერდს აფიცხებს ცეცხლს დედამიწა,
მარადიული და შვილუძღები,
ბაღი შენდება სიხარულისა,
ნუთუ აქ ბრძოლა იყო წუხელი.



მთვარე _ მიჯნური

გამომაცილა მთვარემ
სახლამდე
და რაინდული
რიდით დამცილდა.
ვიყავი მშვიდი
და ბაგეს მორცხვი
ყვაოდა ღიმი.
მერე სარკმლიდან
დავლანდე ისევ,
მიაცილებდა უცხო გოგონას,
დავღონდი, შევკრთი,
დამემსხვრა ფიქრი
და გულში ჩუმად
რაღაც მეტკინა.




დამარცხება

ქუხილმა სივრცე დალეწა
ღრუბელი დაფრთხა ბღავილით,
ზეცაზე გადაიშალა
ელვის წითელი ყვავილი.

შენ მეძახოდი, მოვრბოდი,
ქარმა შემოჰკრა დაფდაფებს,
სხეული შემომეფლითა,
ყიოდა შავი ღვართქაფი.

ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს მიწა,
როგორც ველური წარმართი,
დამასწრო, მეც შემიწირა,
შენკენ ბილიკი წამართვა.






გაზაფხული

ხარი რომ გუთანს გაიტანს,
იმ გუთნისდედის ჭირიმე,
ხნული რომ სურნელს დააფრქვეს,
ეშმაკს ფეხს გააჭიმინებს.
დიკა, მახა რომ ამოვა,
წვერით ცას შეუღიტინებს,
საღამოს ქურდი ბორიო
მიწას უწამლებს ტკივილებს.
ხმას ამოიღებს საფლავი
და არყოფნაზე იტირებს.



ავყვავილდები

ყომრალ ღამეს
ჩუმად გაასვენებენ,
დილა მოვა,
როგორც თეთრი ირემი.
სველ ბალახში მზე რომ აიბურდება,
მე სიცოცხლით ისევ გადავირევი.
გადაშლიან ბოღმას,
როგორც ნაკვალევს,
სიყვარულით დატენილი ფიქრები,
თუნდ მომკალით,
მოტეხილი ტოტივით,
ამ გაზაფხულს
მაინც ავყვავილდები.




* * *
შენ ელოდები ნაბიჯებს კართან
და ზამბახებით გევსება სული,
მოვა თუ არა, მოვა თუ არა,
მჩხიბაობს ფიქრი გადაბანგული.

საღამო მოდის, ნიავი როკავს
და ლივლივებენ ლექსის ძეწნები,
მოვა თუ არა, მოვა თუ არა,
და ეჭვი რბილად შემოგეწნება.

არა, ჯერ არა, ჯერ კიდევ დროა,
იმედის რტოებს ებღაუჭები.
და როგორც სასტიკ, უნდო ჯალათებს
წუთებს დარდები მოაქვთ მუჭებით.

ცხადია... ღია ჭრილობასავით,
აგიზგიზდება, რომ აღარ მოვა,
ამ ღამის ბრჭყალებს თუ გადაურჩი
დილას შეხვდები, როგორც წყალობას.

და მობიბინე საღამოს ბინდში
ხვალის იდუმალ ლაბირინთიდან,
ნაბიჯებს, როგორც იების კონებს
ნუთუ კვლავ კრთომით დაელოდები...



წავლენ დღეები

წავლენ დღეები და ფარშევანგებს
დაემსგავსება მათი გაფრენა.
მზეებით სავსე ჩემი ოცნებაც
განიძარცვება და ჩანავლდება.
მაგრამ ვუცადო ცვალებას რაით,
მოწვეთავს ზეცით რძე - განთიადი,
დღე დაწინწკლული ისე ბრიალებს,
მიხმობს, გამირბის, როგორც ციცარი.
ამ ალიონზე ყველაზე ფრთამალ
უცხო გვირილას გავეკიდები,
დაიჭიხვინებს შორით ღრუბელი
და სიყვარული წამეკიდება.
და აღარ წავლენ კვალად დღეები,
აღარც წუხილი ჩამეწვიმება,
ფარშევანგები, ფარშევანგები
ჩემს სიჭაბუკეს დაემძივება.



წამო ჩემთან

ცათა ტევრში მზე ამაყობს,
და დუმს ქვეყნის გამჩენივით.
მიყვარს ეს დღე, ვით ნადავლი,
დრო-ჟამს ლექსით ახლეჩილი.
დავიტბორე ღვთიურ მადლით,
მინდა ნათლად ჩამოვჩქერდე.
და ვხალისობ სხივებივით.
ჰეი, სად ხარ, წამო ჩემთან.
ვიცი, ბოლოს სიკვდილს შემყრის
ბედის მოთარეშე ეტლი.
ვინ გადურჩა დავიწყებას,
წლების რისხვით დანასეტყვი.
ვეურჩები მაინც ბედს და,
წამო ჩემთან, გავშლი კარავს.
სიყვარულის და მზის ლექსი
ყველაფრისგან დაგვიფარავს.



სიტყვის ჩანჩქერები

ჯერ ნუ წახვალ, გარეთ ცივა
და ღამეა სველი.
მთვარე, როგორც მათხოვარი,
დაძრწის ფეხშიშველი.
გამიგრძელე ის ზღაპარი,
სიცოცხლეზე ძველი.
შენი სიტყვის ჩანჩქერები
ჩემს იარებს შველის.
ნუ გარბიხარ, ჯერ დილამდე
დროა კიდევ გრძელი.
შესუდრულან ვარსკვლავები,
როგორც ქვრივი დები.
დაჩეხილ მთებს შეაჟრჟოლათ,
გესმის ნაბიჯები?
ვერ გავექეც, არ მაცალა,
შენ ნუ შეშინდები,
სიკვდილია, ვერ წაუვალ,
გავალ, შევეყრები.




როცა დილა ახლოა

ქარებს გადაუყარე
გამომხრჩვალი დარდები,
მგოსნებით და ხოხბებით
დილა გამოიდარებს,
მზეს დააყრის ყაყაჩო
და ცა მოვარაყდება,
დამწიფდება ყანა და
აყვავდება ბაღები.
ყარამფილი გაცვდება,
ყანდსაც მორთავს სიმწარე,
და დათვლილი დღეები
სიკვდილს შემოიწნავენ.
მაინც არ ღირს ნაღველი,
როცა დილა ახლოა,
როცა სულში სიცოცხლის
ფოცხვერები სახლობენ.



კარი გამიღე

ადგაფუნდება ცაში ღრუბელი,
ჩინჩხლებს ჩამოჰყრის მთვარე,
დამფრთხალი,
მწიფე ვარსკვლავებს ქარი დაბერტყავს
და სველ ხნულებში
დაჰყრის ტყაპანით.
ეჰა, მოვდივარ, მეყო ლოდინი,
ჟამი მომდგარა ჩვენი შეყრისა,
იყოს ეს ღამე მოწმე-ნაწილი
ჩვენი შერისხვა-შეჯახებისა.
შემოვიფლითე ზღაპარ-სიზმრები,
და შენს პირისპირ დავრჩი სამიზნე,
ეჰა, მოვედი, შენთან, ცხოვრებავ,
გამო გარეთ და კარი გამიღე.




სიზმარი მოვა

გიშრის თვალები - კოშკები ქაჯთა,
შიგ დამწყვდეული ვნება ფოცხვერი,
დაიწყებს როცა როკვას მთოვარი,
ბაგე ლოცვებით დაიკოცნება.
თეთრი ტაიჭი ადგილს მოსწყდება,
სიზმარი მოვა, როგორც მსტოვარი,
ვერ დააოკებს ჰანგი ქარიშხალს,
სურვილი სხეულს შეატორტმანებს.
დაფლეთილ რტოებს ზღვა გამორიყავს,
დაუსხლტებიან ღამეს მგოსნები,
გზის გასაყართან შეიყრებიან
და მრუმე ნათლით შეიმოსება.



რას დავეძებდი

საწუთროს ვჭვრეტდი დაღრეჯით,
გულს შემომეგზნო სახმილი,
შორად მოთქვამდნენ დიაცნი,
ცაზე მზე რბოდა დაღლილი.
მერე გავექეც კაეშანს,
სვეს ვეწეოდი, მეგონა,
ტურფა ბაღნარი ვიპოვე,
გავმართე ლაღმა სერობა.
მალე მომწყინდნენ მუტრიბნი,
ყანდი მემწარა ანაზდად,
რა მსურდა, რას დავეძებდი,
ან ბედი რას მიმალავდა....


ნავსაყუდელი

ვიცი, ოდესღაც ცეცხლს
ვცემდი თაყვანს,
სისხლიან მსხვერპლით
კერპებს ვწირავდი.
ცაზე კვირტებად
გამოყრილ ვარსკვლავს
ეწერა ჩემი სვე და ყისმათი.
რაყიფს მივდევდი
ველურ ყიჟინით,
სატრფოსთვის ყანას
ყაყაჩოს ვკრეფდი,
მიყვარდა ისე ნაზად და ჟინით,
ვით ვეფხვს ზმორება თაკარა მზეში.
მერე მრავალჯერ
გარდავისახე,
წლები გაცვივდნენ,
როგორც ქურდები,
და სიყვარული შემომრჩა მხოლოდ,
ვით ყოფნის ბოლო ნავსაყუდელი.


ნუ გეშინია

ქარები მოვლენ, ქარები წავლენ,
წლებს დაიცვლიან, როგორც ქალამანს,
ნუ გეშინია, გზის გასაყარზე,
მე შემოვხვდები
შენს თეთრ ქარავანს.
სალამურებში ჭინკები ჩასხდნენ,
და მე იარაღს ვფერავ ალმასით.
ვფიცულობ მზეს და
თაყვანს ვცემ მთვარეს
და შენ გაღმერთებ, როგორც წარმართი.




* * *
კვლავ უსისხლოდ დავიჭერი,
ღალატს არ ჰყავს ღმერთი,
სულში ყრია დალეწილი
ნამსხვრევები ლექსის,
გახელებით მებრძვის ბედი,
როგორც თემურ-ლენგი,
წუთისოფლის გოლგოთაზე,
მიმაქვს ჩემი ჯვარი, დამეხილი შეჭირვება-
ცხოვრება ეს არი.
შემომკარით მათრახები,
ჯერ არა ვარ მკვდარი.



იებით ივსება

იებით ივსება საღამო, მელი,
ამაო მტვერია ყოველი, ამაო,
ვიცი და მაინც მთვარის თავლიდან
გამომყავს ცხენი.
ტკივილი ძველი, დარდები ძველი,
ხილვაში კვდება დანგრეულ ტაძრის
უკანასკნელი, ერთგული მცველი.
ცრემლები ძველი, ეჭვები ძველი,
მე ვიცი, მელი, მოვალ ამაოდ,
მტვერია ქვეყნად, მტვერი ყოველი,
და მაინც მთვარის ლურჯი თავლიდან,
როგორც გზნება, როგორც განგება,
და ბედისწერა, გამომყავს ცხენი.



რატომ დაგედევნე

მზერა ისხამს დარდის მტევნებს,
და ჩუმდება ხმაში ჩიტი,
ნეტა რატომ დაგედევნე,
როგორც ქარი მეამიტი.
დადნა გზნების ბილიკები,
დაიმტვერა სივრცის ფარდა.
ცრემლი ღაწვზე დაგექარგა
და გედებსაც აღარ ხატავ.
როგორ უღვთოდ გაიცრიცა
მოგონების ხალიჩები,
ჟამი მხოლოდ დილამდეა,
იყუჩე, ნუ გაირჯები.




ქარები იცდიან

არაბული ტაიჭები
გამორეკეთ ბაგიდან.
აქ ქარები იცდიან,
ჯიბრი აქვთ ულაყების.
საწუთროში განა ბევრს
წააწყდები საღირალს,
საალაფოდ ღრუბლებთან
ამ ფრთამალებს გავყვები.





შენმა ღიმილმა

შენი ბაგიდან გადმოდის ღიმი,
როგორც ქალწული ტალღათ ქაფიდან.
მე ავყვავილდი, როგორც აპრილი
და შემიძლია მზისკენ გავფრინდე.
შეხე, ბილიკი როგორ გარინდდა,
გადაირბინეს, ალბათ, ირმებმა.
შენმა ღიმილმა გამათავხედა
და იდუმალის ხილვა ვინებე.





* * *

და შენი მზერის უტყვი ღიმილი
მიმოდიოდა ჰაერში უბრად,
ასე ლივლივებს ცაში ღუბელი
და თვით არ უწყის, რატომ მიდის დასავლეთისკენ.
მოუსავლეთი არ არის შორი
და არც წიაღი შავეთისა მოგიცდის დიდ ხანს.
შეხვალ მაღალი კარიბჭიდან
იქ, სადაც სველი სერაფიმები
ცრემლებს წმენდენ დაცემულ სულებს.
და არ არსებობს იმაზე უფრო ვარდისფერი,
ვიდრე დილით გამოღვიძება,
როდესაც ელი, რომ მზე ისევ ამოვა ცაზე
და ღრუბელიც ისევ წავა დასავლეთისკენ,
მაგრამ იქ სადღაც მოუსავლეთი არის ბინდბუნდში
და არ მიდიან ნებით იქითკენ.


* * *
მოდიხარ ჩემთან, ვით ჯვაროსანი
უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი,
მეწყერის ელდა შეაკრთობს სოსანს,
გრძნობა რითმებად დაიწეწება.
და მსხვერპლს, განწირულს საიქიოსთვის
მოიტაცებენ ნათლის მერცხლები.
მონასტერივით მაღალ ფიქრებში
გაიწკრიალებს სული ვერცხლივით.



* * *

ყაყაჩოს ფარა რომ შეჰყვება თავთუხის ყანას,
და მზის წითელი ხარები რომ
გასძოვენ ზეცას.
მაშინ ყვირილით მოდის ხოლმე მიწაზე ვიღაც
და სიცოცხლისთვის დასარწყლული
ჩანჩქერი მოაქვს.




სად ხარ

ჰაუ, სად ხარ, აგურგურდა ზეცა,
ქარი არ ქრის ადარბადაგანით,
საცა არის, ამოსკდება მზე და
გაიხსნება ცის შვიდივე კარი.
ჰაუ, სად ხარ, რა დროს დარდებია,
როცა იცი, მეორედ არ მოხვალ,
მზე ამოდის, და სიცოცხლის წვეთი
ემატება ჩვენს ამქვეყნად ყოფნას.
ჰაუ, სად ხარ...




ტყის სიმღერა

ყვაოდა შვინდი,
მოუხმობდა დალი სულკალმახს.
ჯიხვნი დიოდნენ მწვერვალებზე,
როგორც ქარები.
ოქროს დალალი გაიშალა კლდეზე ბილიკად,
თქვა მონადირემ: ბედიაო შენათვალები.
და ადუღებულ მაჭარივით წამოიქაფა
გულში ფარული სიყვარულის ნაიარევი.
წამოჭარხლებულ ცის კიდეზე მზე ჩამორბოდა,
ქნარებს უკრავდნენ ვნებიანი ჭინკა ქალები,
და იღვრებოდა ტყის სიმღერა ისე იდუმალ,
თითქოს ვიღაცის ლექსი იყო ეს ყველაფერი.



მზის ტაძარი

მთვარის ნავით

ქარი მიხვეტს ბზას და ფოთლებს,
დამჭკნარს, გამხმარს, დარდიანებს,
როცა გიხმეს, როცა გიხმეს,
დაზარდი, დაიგვიანე.
ახლა ცოდვის სუსხი ბაგეს
მიგაყინავს ლოცვის კვირტებს.
ავყიათა ბნელი გუნდი
გაგრიყავს და გაგიმეტებს.
მზერაში აღარ ჩანს მეტად
შორი სინათლის სვეტი.
სულერთია, სულერთია,
ცას გაკრულა წერო კენტი.
სიმშვიდე შემოგხვევს მკლავებს,
მოგერევა თბილი რული...
გული მზეა, გული-მიწა,
გული ზღვაა, მრთელი, სრული.
ეს შენი გზა არის თვითონ
დასაწყისიც, დასასრულიც.
ღრუბელს აევსება უბე
მეწამული დაისებით,
მთვარის ნავით გაარწევენ
დანისლულებს, დაისრულებს.



განწყობილება

სცვივათ ალვის ხეებს ფოთლები გაცრეცილი.
მკრთალდება რტოების ლურჯი მონახაზი.
განწყობა:
წვიმაში მოდის მელოდია-
ტილოდან გადმოსული ასული მონა ლიზა.
ამრეზილ დღეებში შენ არსად გამოჩნდები.
არც ჯვარცმა, არც ცრემლი, არც რამით შველა.
განწყობა:
ქუჩაში ჩაივლი ჰამლეტივით
და მერე დამტვერილ ჩარჩოში შეხვალ.


ტკივილი

მოცელეს ბალახი.
არავის ახსოვდა.
ყაყაჩო უებრო.
და ახლა ტკივილი…
კივილი მოკანკალე
მოაქვს ქარს
ყვავილის მოკვეთილ ტანიდან.
უასაკოს და უსულოს…
მას უსმენს სამყარო და
კიდევ მარტოსული.
ველზე გამოსული
თავის მოსაკლავად.
მაგრამ მზე ზურმუხტის
დარბაზში ზეიმით
დაბინდულ მზერაში
სიმშვიდეს შეგაგებებს…
ლანდები მხიარული
წამოვლენ თვალებიდან…
და მერე მზერაში,
ოქროსფერ ზვინებში,
იგზნებენ სიცოცხლეს
გამხმარი ზიზილები.
დავსხდეთ და ვიგლოვოთ
დაზაფრული
სიზმარი, ამრეზით
წასული მოუსავლეთში.




ზეცის ჩეროში

წუხელ იწვიმა, სველი წამები
ჩემს წამწამებზე ბრწყინავდნენ უხვად.
წუხელ ვიღაცა ჩემგან წავიდა,
თუმცა წვალებით, მაინც წავიდა,
ჩუმად და უბრად.
მე კი ვეება ვეშაპმა მშთანთქა,
ღამის წყვდიადის მუცელში ჩავრჩი,
დილა მოვა და მზით გამოფატრავს
ამ ბნელ ქვაბულებს და გადამარჩენს.
რად ამირჩია მწერალმა ბედის
სწორედ აქ, ამ დროს
და ამ სივრცეში.
ვიღაცა ჩემში ყოველ ღამ კვნესის,
ვიღაც ჩემიდან ყოველ ღამ მიდის...
და ერთ ღამესაც.
როდესაც იგი უკანასკნელი
წავა ჩემიდან.
დავნაწილდები, გავიფანტები
და დავისვენებ ზეცის ჩეროში.



გაქცევა

დუმილი დალეწა
ჭიხვინმა კვიცისამ,
გარბოდა კვიცი და
მისდევდნენ ქარები,
მალები, ჩქარები.
არ ჰქონდა ფრთები და
ქარს მაინც უსწრებდა
უდრეკი წვალებით.
არ სურდა მათრახი,
გარბოდა კვიცი და
სწყუროდა ქარაფი.
ქარაფი... სად იყო კარავი.
სიკვდილის კარავი,
ყოველთა ტანჯულთა
თავშესაფარავი.
გარბოდა კვიცი და გარბოდა ქარაფიც.
არ სურდა ეხილა სხეული ამაყი
დაჩეხილ კვიცისა... და საით გარბოდნენ
კვიცი და ქარაფი. იცოდა არავინ...
არც თვითონ იცოდნენ.
არ სურდა მათრახი, ეს იყო მთავარი.
და არა სიკვდილი და არა სიცოცხლე.




მზის ტაძარში

მარტოობის მღვრიე ტალღებს
მივარღვევ,
უკუნს მივკვეთ დამაშვრალი გულით.
ბედკეთილად მოდი,
დღეო ხვალისა, განმინათლე სული.
აღმავლინე, მზის ტაძარში დამანთე,
ვით სანთელი ობლად მოძერწილი.
დე, სამყაროს სიცოცხლისთვის ლოცვაში
მეცა მქონდეს წილი.



* * *
ქანაობს ქარი
ნაძვის მწვანე საქანელაზე.
ქაცვისფერია
მზის წაშლილი ნაფეხურები.



თეთრი და შავი

ბოსხი, ბრეიგელი,
ელ გრეკო, ტინტორეტო.
შეშლილი ვრუბელი. სახელები უცხო,
როგორც სიზმარში ზმანებული იადონები.
მზერა გაზნექილი და ბურანით გადაშლილი.
ფერები, როგორც მეძავი ქალები,
ვნებიანი და მიმზიდველი.
მწიფე მტევანთა გახლეჩილი ბაგეებიდან
მოლისფერი ღიმილი წვეთავს.
ფიქრები სადავე დაწყვეტილი
ცხენებია, ველური ჭიხვინით რომ
აკრთობენ ბებერ სიმშვიდეს.
სინათლის ნაზი ქალწული
ცისფერი მაჩიტაა,მოწყვეტილი და დამჭკნარი.
ყველაფერი, თითქმის, არაფერი, თითქმის.
შიში სიკვდილია და სიკვდილი შიში -
იტყოდა ოდესმე ბრძენკაცი.
ფუთფუთებს ჭაობი გონებისა-
ხრწნადი წიაღი მარადი ეჭვების.
ფორმები უნაკლო, წარმტაცი, ზესრული.
დაისრულ სებასტიანესავით
უტეხია ნება.სელენეს ფერმკრთალი
ხელების ჩურჩული, ვაზის ლერწივით
მსუბუქი და ჰაეროვანი
შეაკრთობს განდეგილს.
დაჩეხილი გრძნობების
სასაფლაოზე დავეხეტები და
მიტოვებულ ედემსა ვგლოვობ.



* * *
თოვლია თითქო შორი ვარსკვლავი,
ხელშეუხები და მოცახცახე.
დაითრთვილება ბაგენი ღიმით
და ხატი ღვთისა,
ბრმა და ცოდვილი,
ამ უსპეტაკეს სითეთრის ხილვით
ლოცვას აღავლენს.



გარეთ ქარია

დამწყვდეული ვარ, როგორც მიმინო,
ჩემი ოთახი არის გალია,
მინდა ავფეთქდე და ავიწყვიტო,
გარეთ ქარია.
ცეცხლებს ანთებენ ცაში ღმერთები,
თუ ჩემი სულის ნიაღვარია.
ტვინს მიწეწავენ ეჭვის ჭინკები,
გარეთ ქარია.
მე ჩამსხვრეული მაქვს ხერხემალი
და იარები მტკივა ძალიან.
შემეხიზნება დარდი - მეძავი,
გარეთ ქარია.
ვიღაც მიხმობს და ვიღაც მეძახის,
ჩემი აქ ყოფნა შესაზარია.
უნდა გავფრინდე, უნდა გავფრინდე,
გარეთ ქარია.


წადი

წადი, აღარ მსურს დავანება
შენს რბილ ჩეროში.
ნუ - ასე მშვიდი, ასე ჩუმი-
მიმზერ, ჭადარო.
ჰოი, როდიდან ფრთებდაკეცილი
დუმ და მდარაჯობ,
მე მოვილტვოდი და ვიშვებდი
შენს საუფლოში,
დღეს კი ჩემს ქოხში
ეშმაკებმა შემოალაჯეს.
შენ აქ იდექი მოწყენილი,
რამ გაგარინდა,
რატომ არ შეჰკარ, არ შერისხე,
თუ შეგეშინდა?!
წადი.





შიშის აფთრები

შუაღამისას მოვლენ აფთრები
და დაგიფლეთენ
სიზმრის ქარავანს.
გულაფეთქილი ყვირილს დაანთხევ
და შიშის ქარაფს წაიჩეხები.
ჩამოგემხობა მეხად ტკივილი
და ჩუმი ძრწოლით გარდაიცვლები.
იქნები მარტო წუხილსა შიგან,
არ შეგიბრალებს არცა მთოვარი,
გადმოგიქროლებს ჯოჯოხეთიდან
და წარგიტაცებს მყრალი ყორანი.
შუაღამისას მოვლენ აფთრები.




* * *
ყანას შეველ, შევენისლე,
ქარ-ღრუბელი გავლალე,
ყაყაჩოსთან წავიჩოქე,
ლალი რძეში დავნამე.
შევაწყვიტე ბაგეს კოცნა,
მზე-საყვარელს გავყარე,
ჩამობურდულ ნაწნავებში
ვარსკვლავები ჩავყარე.
გავთავხედდი, ვნება-ცეცხლით
სიყვარული ჩავხლართე.
გადაწითლდა მზე - მეტოქე
ჯავრიანად დამტორა.
მარტო ვარ!



* * *
“გუშინ“ - უკვე აღარ არის,
მოკვდა უზიარები.
მოთქმით არვინ შეაწყვიტა
სამრეკლოებს ზარები.
იღვენთება დაისი და
ეს დღეც მალე გაქრება,
გულისთქმანი არ ცხრებიან,
როგორც ხარბი ნოქრები.
გაქონილი მზერა რტოებს
დააბინდებს, დალაქავს,
სალახანას ვგავარ ახლა
შემოხიზნულს ქალაქად.
დამისხლტება ოხვრა ბაგით
როგორც ბავშვი თავნება,
ჰაერს შანთავს ათაშანგი
და სუნთქვა მეთანგება.
ტაძრის ბილიკს შევუყვები,
დარდის მძიმე ბორკილით,
გამომიწვდის ვიღაც ხელებს
გადასარჩენ თოკივით.



ტკივილი

არ იცი, სად ჩამოაყრდნო
სველი, დაღლილი თვალები,
კვდება მზე ხანჯალგაყრილი,
იშლება დღის ნაკვალევი.
სულში თარეშობს ტკივილი,
დამფრთხალი წარსულს აწყდები.
იქაც - გამქრალი კერპები
და დარღვეული ტაძრები.
ირყევა რწმენის გუმბათი
და სიყვარულის თაღები,
გეწვევა ჯოჯოხეთური
სურვილი გარდაცვალების.
ცამდე აიწევს ნაღველი,
მაინც სიცოცხლეს შერჩები,
როგორც არჩივი სოფლისა...
და ცრემლს ვერ გადაეჩვევი.






გავალ ბილიკზე

მზე გაიღიმებს, როგორც მარიამ...
დაელმდებიან ბაღში ვარდები.
გავალ ბილიკზე, როგორც განგება
და ვინმე ყარიბს დავემგზავრები,
უცხო მხარეში სახეტიალოდ.



* * *
ამოისუნთქეს მთებმა ნისლები
მზეს გაითქვიფა ღრუბლის სილაში,
მიმოზისფერი სევდით ვივსები.




მარტის პირველი

ამორძალივით შემორბის მარტი
და მოაქვს ცათა ლურჯი ჩქერები,
დარდის ბორკილებს ხელდახელ ამყრის
და დამაფეთებს ველურ შვენებით.
ცხენები მოვლენ გაზაფხულიდან,
მზის მოციქული თეთრი ცხენები
და ავსებული სიცოცხლის მადლით,
ზეცას ღიმილად შევეშენები.



მზეო, მიხსენი

ჩაემხო, ჩაინთქა ღამეში
ჩემი დაჩეხილი სიზმარი.
წავიდნენ ქარები თარეშით,
როგორც ურდოები ყივჩაღის,
დახიეს იმედის წიგნები,
დახოცეს ოცნების ირმები.
მარტო ვარ, დარდები მიწყვია
და ტკივილს ვერ დავევიწყები.
გათენდი. სინათლე მომწყურდა,
სულს ახსოვს სიცოცხლის მითები,
გათენდი, ჰე, მზეო, სადა ხარ,
გათენდი, მიხსენი.




ცისარტყელა

დააწერს შუბლზე სველი თითებით
ცას ცისარტყელას უფალი გზნებით,
წაიკითხავენ ველის შროშანნი ბაგეთა რხევით
და სიხარული მოშარიშურე
დაეფინებათ ლამაზ ღაწვებზე.
პირდაბანილი მზე გამოჩნდება,
ხალებიანი ტანის დარწევით.
დაწურულ ღრუბელს წაიღებს ქარი,
ჟამი მოხდენით ჩაიივლისებს...
დღე იხასხასებს, ნაზი და მშვიდი,
როგორც რძიანი სუნთქვა ჩვილისა.





ვარსკვლავთა წვიმა


პასტორალი

აქ გუთანმა გაიარა გუშინ,
ვნების ცახცახს ვერ იოკებს ხნული,
მწყემსი ბიჭი შემოდენის ძროხებს,
რძე მოწვეთავს გატიკნული ცურით.
და ნისლები, დედამიწის ბუშნი,
შებინდავენ მოარშიყე მწვერვალს.
მწიფე ვაშლებს ტკრციალი აქვთ მოლზე,
რქაწითელი ბებერ ქვევრებს ხეთქავს.
იდღვიბება ჩამოვარდნილ მზეში
მადლიანი, მკერდბარაქა მიწა.
დაეკარგა კამეჩს ლურჯი ზაქი,
ქართლის ქარი კახეთს გადაირწა.
იზნიქება ბროწეულის ტოტი,
საკოცნელად იწევს სველი ბაგე.
ლექსებსა წერს ორღობეში შვინდი
და საღამო ჰგავს ვარდისფერ ნაღებს.
და კაკალი - სოფლის ბრძენი მოგვი,
ისევ ბედის ტრიალს უთვალთვალებს.
აყეფდება შარიანი ძაღლი,
არ მიუხტეს ქვრივს ეშმაკი მთვარე.





საღამო მოდის

საღამო მოდის გზაზე, ვით უდარდელი დენდი,
დასრიალებენ ცაზე ღრუბელნი გაუხედნი.
მე კი გაჩენას ვწყევლი,
ვეძებ, ვაწყდები ხიფათს,
ხან შეშლილვით ყოფნის ამაოება მხიბლავს.
მოგვივით მივდევ ვარსკვლავს,
მიმიყვანს მაცხოვრისას,
გავიგებ, რატომ მოველ, გავიგებ, საით მივალ.




მზეში

მზე მიმზერს, მზეშია ყვითელი ზვინები.
ვინებე. მინება. და ვიგზნე ზეიმი
მინდვრის ზიზილების.
იელვა ველიდან უზომო ალმურმა.
დაელმდა ღრუბელი ულევი დარდითა.
ვილევი ნამივით.
მზე მიმზერს. ვილევი.
მზე დამლევს, მზე მიგზნებს.
მზე ზეცას წამიყვანს.
მზე მიმზერს. მზეს ვუმზერ.
მზეში ვარ. ვილევი.


რად დაიგვიანე

ო, იდუმალებავ, მოსულხარ კანკალით
დასავლის კიდედან, ვით ნაზი ქალწული.
ეს კიბე, გგონია, მიგიყვანს კოშკამდე,
სად შენი სნეული მიჯნური მიგელის.
რად დაიგვიანე, უშენო დღეებმა
ნაცრისფერ ფიქრებად აქციეს ყოველი
და ისიც ცრემლებად დადინდა მიწაზე.
დატოვა ბარათი-დამჭკნარი იები.
რად დაიგვიანე.


მარტი

მარადისობავ, არ გიცნობ
და რად მენატრები
მარტის თვალებში ირეკლება შენი პროფილი,
უარყოფილი სულებისგან ვგავარ მათხოვარს,
ქარს ვევედრები, მიწყალობოს ფრთების ბუმბული.
უიღბლო დღეებს თალხი ფერის თავშლები უჩანთ.
სახეს მალავენ აზიელი დიაცებივით.
წვიმს, ღრუბლის ვარცლებს
ვერცხლისფერი წვეთები გასდით.
შორს ლურჯ მდელოზე გაიშლება მალე სუმბული.


უცხო სამოსით

ოაზისები მომელანდება
და მანდილები სირინოზების.
გადახაზული ლურჯი ბლანდებით,
ცა ქალწულივით გაინაზება.
ჩემი სიზმარი ვის დაბრალდება,
თითქო მზე ზღვაა წითელ ვარდების,
უცხო სამოსით გავლამაზდები
და ზარზეიმით მოსვლას გავბედავ.


შუადღე

გზის პირს მიჰყვება ბალბა ბარბაცით,
და შებოლილი მიაქვს შუადღე,
გაბერილია ბოღმით ღრუბელი
და ყველაფერი არის შუამდე.
მზეა პირთამდე სავსე შარბათით
და იბადრება წამი უამე.
ბილიკი ლურჯად გამებლანდება
და ყველაფერი არის შუამდე
და დასასრული არ ილანდება.




შენ მოდიოდი

შენ ფერი გქონდა მზისებრ მჭვირვალი,
და ცანარევი გეცვა ფარჩები,
შემოდიოდა სახლში ღიმილი
და გადაშლილი ჩქეფდნენ ვარდები.
და აფეთქებულ გაზაფხულს ბაღში
ძირებით გლეჯდნენ დარდიმანდები.
შენ მოდიოდი, შენ მოდიოდი
ჯერ დაუტორავ იალაღებით.





ცას დააჩნდება

მთვარეში თოვლი დაეფინება,
ვით ფიანდაზი ბროლით ნაფერი.
დაფერდდებიან ძველი დარდები
და შებინდებულ ბილიკს გავყვები.
ოცნება ჩემი - მართვეს გაფრენა,
იქნება წრფელი და აღმაფრენი,
ცას დააჩნდება ვარსკვლავ-ლაქებად
ჩემი მსუბუქი ნატერფალები.



ღამე

გადაიბინდა საღამო ნელი
და ვარსკვლავები წამოწვნენ ცაზე,
როგორც ქალწულნი მოლზე ხავერდის.
როგორ მინდოდა, მომევლო შენი
დღე აშოლტილი და მობარბაცე,
მიმოქარგული ღრუბლის ხალებით.
მაგრამ ვიეჭვე და ვივაგლახე
და შევრჩი ღამეს ქარებრ შიშველი
და კვლავ ქარივით მივყვები ღამეს.




ვარსკვლავთა წვიმით

ახლა იწვიმებს,
ვარსკვლავებით გავიჟღინთები,
სიზმრის გარეშე მე ხელაწვდილი
გათენებამდე ასე ვიდგები
და მზეს შევხვდები,
როგორც ცვარი და დავინთქმები.
ამიტაცებენ სხივნი მაღლად,
სამყაროს ზედა,
და გაჟღენთილი სული ჩემი
ვარსკვლავთა წვიმით
მზეს ეახლება.



მე არაფერი მაბადია

მე არაფერი მაბადია ღიმილის მეტი.
დარდი - ნაბადი, გაზაფხულმა შემომახია,
შემკრთალ სხეულში გასაფრენი შებუდა ჩიტი
და მზის ხარხარში ფოთოლივით ჩამომარხია.
მე არაფერი მაბადია ღიმილის მეტი.



შენი ღიმილი

შენი ღიმილი მაგონებს დედას,
ამოიწვერე, მზეო, გადაღმით
და ჩემი სულის მრუდე დაღმართებს
შენ აღმართივით შეუდექი
და მიმაახლე გადანახულ
დარდსა თუ შვებას,
ძველ ფოტოსურათს
ლაქასავით რომ შერჩენია,
დამხსენ ამ ღამის
დუმილსა და უსაზღვროებას
და განმაახლე.



წითელი წვიმა

გაშმაგებული, როგორც ულაყი,
ყელყელაობდა ყაყაჩო,
გადახვითქული ყანა მუდარით
ვერ აოკებდა ყაჩაღს.
ეს ალია თუ სისხლის ტბორები,
ვინ გადათელა მიწა ტორებით,
გიჟურად ვინ წყვეტს ლაგამს.
ჰეი, ნუ დასდევთ ულაყს ყვირილით,
მოჰქრის წითელი ტალღა.
ჩამოზვავდება ყაყაჩოები, მზეს დაადნება კაბა,
და ვნებით მოჰხვევს ყანას ლურჯ მკლავებს
თავდავიწყების ეშხით,
მერე წამოვა წვიმაც წითელი,
და სიხარულის თქეში.




ლხინი ჰქონდათ

შემოკრბა ზეცად
მნათობთა ჯარი საღამოისას.
შეოცდნენ მოგვნი, ენახათ არ სით
ერთად შეყრილიკრონოს და მარიხ
არა დროისას.
აღაპყრნეს თვალნი,
შეთრთოლდა ბაგე,
მიაგეს წყრომა ცოდვიან კაცთა,
უწინარსიტყვეს რისხვა მრავალი,
და იდუმალ ყვეს ხილვა საზარი.
მაღლით კი ნათელს ათოვდა დასი,
ერთად დარობდნენ ასპიროზ, მუშთარ
და ლხინი ჰქონდათ.



ღამის სტუმარი

სული შთამბერა ვინაც უკვდავი,
მოკვდავობისთვის რად გამიმეტა.
ვწერ აღსარებას ღამის სტუმარი
ფოთოლთა დამჭკნარ პერგამენტებზე.



სიზმარი

მზე დამხრჩვალი ზღვაში ეგდო.
სველ დალალებს წნავდა ტალღა,
და უშობელ სხივს ღრიალით
თოთო გულმკერდს უფატრავდა.
გაწეწილი ჰყეფდა ნისლი
და მოწოლილ დარდებს ხრავდა.
ცა ჩამოტყდა და ტკივილში
ჩაიჩეხა, ჩაიმარხა.
იდგა თეთრი სიცივე და
სიმარტოვეს ფიქრს აკლავდა.
უპატრონოდ ეგდო მზეი,
სახეს არვინ იკაწრავდა.
შორეთს ვიღაც ვინ ტიროდა,
ცრემლებს წვიმად რად ასხამდა.




ზეცისკენ მიდიან

ეს ბილიკი ცისარტყელას ბაღებამდე
თითქო ბეწვის ხიდია.
დღეები, ვით ქაშანურის ხალიჩები
გასაყიდად ჰკიდია.
მშვიდად მარცვლავს
კრიალოსანს ბერიკაცი,
იცის, ჟამი ფლიდია.
ყაჩაღ ნისლებს უკარება მწვერვალები
მრუმედ შეუბინდიათ.
ეჭვი ჩნდება, ვით ტკივილი ნატყვიარის,
ნდომა ისე დიდია,
საიდუმლოს მიელტვიან,ვით თაფლს ველურს
და ზეცისკენ მიდიან.



შემოდგომა

ცეცხლი ელავს შემოდგომის,
ბორგავს ვნება მოწეული,
და ქალები ჰგვანან მზეზე
გადახლეჩილ ბროწეულებს.
წველის მტევანს, როგორც ჯიქანს,
შავი გოგო თეთრ კბილს აჩენს,
ვაზის ჩრდილში ოხრავს პაპა,
ითვლის წლების გადანარჩენს.



დილის დალოცვა

მზემ დაივანა ველზე ალაზნის,
ვაზების მადლი იცხო,
გადასდიოდა მირონი ზეცას
და ლოცულობდა ცაცხვი.
ირმებს მოჰქონდათ რქებით დაფნები,
წყალზე ნათელი დადგა,
მზემ აიწია კვართის კალთები
შეეხო ცისფერ ტალღებს,
ალაზნის ძალით განახლებული,
მერე წავიდა ცაზე.




ისიც შეიწყალე

კაბის კალთებს დაგიკოცნი, დედილა,
მზე მოდენის იალაღზე ხარებს.
ეს რამხელა დარდი შემოგკედლია,
მშიერ აფთარს საით შეეყარე.
შეკრთებიან საფლავებში ბიჭები,
როს დააწვიმთ შენი ცრემლი მწარე,
გაიწევენ, ვეღარ წამოდგებიან
და შენს გულში შემოწვება ღამე.
ეს რამხელა მოლოდინი გცოდნია,
სიზმრებად ქსოვ აუხდენელ წამებს.
ქოხის კართან წაიჩოქა სიკვდილმა,
გამოხველ და ისიც შეიწყალე.
ეს რამხელა სიყვარული გქონია,
რა სინათლე შეგდგომია თვალებს.
რა ვიცოდი, ღვთისმშობელი ყოფილხარ,
მზე კი არა, შენ მოდენი ხარებს.


მიგელიან

გახედნილი ბილიკივით
მორჩილია ბილიკი,
მიხვალ, მიგაქვს მუნჯი სევდა
და განგების ქილიკი.
ქარი ეკვრის დაფნის ფოთლებს,
ვით დაღლილი ყარიბი,
სულს ღიმილი შეაშფოთებს
მოცელილი ყვავილის.
ჰორიზონტი ურევს ლანდებს,
ცვივა სხივი დაისის.
ვიღაც სიზმრის ვარდებს დაკრეფს
და კალთაზე დაგიყრის.
მიგელიან ალბათ სადმე,
დარდი ფიქრებს აობლებს.
დაგიქარგავს ბაგეებზე
ჟამი ცის საგალობელს.


ერთი გზაა

მიღალატეს ციურ ძალთა,
მზე მარიდებს პირშავ სახეს,
ღამეს ჩამნთქავს გველეშაპი,
დილით ისევ წამომანთხევს.
კვდება გზაზე უპატრონოდ
ჭლექიანი ძველი სახლი,
მოზიარე არ ჩანს ახლო,
გაბერწებულ ჭადრის გარდა.
შხამის ისრებს მესვრის წუთი,
მოლოდინი დამეჟანგა.
ნუ შეშინდი, სული ყვირის,
სისხლისფერი მოქრის რაში,
ერთი გზაა, ბრძოლა, თორემ
განგება ჩემს ყოფნას წაშლის.


სადღეგრძელო

ჯამში ბობოქრობს რქაწითელი,
ბუბუნებს თორღვა,
მორღვევიაო ბებერ ციხეს
ძველი კარიბჭე.
ეს გაუმარჯოს იმ ვაჟკაცს, ვინაც
სამშობლოს ზეცას ბეჭით დაიჭერს.
თეთრი ტაიჭით ავა ღმერთებთან,
ცეცხლს მოსტაცებს და მოვა დაღლილი.
შეაქებენ და ხელებს ჩაიქნევს
და სოფლის გზაზე უხმოდ ჩაივლის.


ღამე

მოვიდა ღამე
ვარსკვლავების ბრჭყვიალა მძივით
მოცისფრო მკერდზე.
მოვიდა ღამე ბოშა ქალივით
მოქნილი და ცეცხლისთვალება,
უჭრელეს ფარჩის ღრმა ნაოჭით
იშიშვლა კარტი -
ნაირნაირი სიზმრების დასტა,
დაუკითხავად მომიჯდა გვერდით
და მიმკითხავა.



შლეგი რაშები

ისევ ეჭვი შემომიჩნდა,
წავალ, გავიხიზნები,
წამიყვანენ, სადაც მინდა
ჩემი შლეგი სიზმრები.
დამეხოცნენ წეროები,
დაწყევლილი ისრებით,
მერამდენედ ვმეორდები,
მერამდენედ ვგიჟდები.
შუაღამის ჯურღმულიდან
მოჩანს ვარსკვლავ_ნიშები,
რას ლოცულობს ბერი მთვარე,
ბედს რას ევიშვიშება.
მე ტყვია ვარ, ასხლეტილი,
ცდაზე მოთამაშენის,
წამიყვანენ, სადაც მინდა,
ჩემი შლეგი რაშები.




ცოდვების მორევიდან

ჯერ იყო დაცემა,
სურვილის მარმარილოს
შეერია მეწამული ვნება.
მერე ამაღლება,
“განამზადეთ გზანი უფლისანი“.
სხეულით შემოსვა _
უწმინდესი პოეზია.
ქვესკნელიდან ზესკნელამდე
მღვრიე შუასკნელი.
ცოდვების მორევიდან -
“გალობანი სინანულისანი“.




ფოთლის პერგამენტი


სიტყვათა ჩრდილებში

ჰე შენ, წარმავალო,
ნოემბრის ფოთლებით
ყვითელ მზერას რომ მაფეთებ ხარხარით,
შენც ჭკნები,
ჭადრების ხერხემალს მიყრდნობილს,
მოგიჩანს ჟამისგან დამდნარი ნეკნები.
ჰოი, წარმავალო, მიდიხარ,
მე ვრჩები,
ჩემიდან ამოსულს
გზას გაძლევ სილაღით,
გეჩვევი, მეჩვევი
და მაინც გშორდები,
შენ წარმავალი ხარ,
მე წარუვალი.
სიტყვებით, ჯადოსნური, უკვდავი
სიტყვებით, რომლებიც რჩებიან
ყოველთვის ნაპირზე.
ვმშვიდდები, ვიძინებ
სიტყვათა ჩრდილებში,
მზე ამოვა და გამომაღვიძებს.



ვან გოგის ცხადში დასიზმრება

ავტოპორტრეტში შენ ალმაცერი
მზერით შემხვდები.
სარკეში არავინ იქნება ალანდული..
მიწა მზის ჩენჩოა მზერაში ჩარჩენილი.
ცრემლების მდინარეც ვერ ააღორძინებს.
ჩვეული ბილიკი ჩუმი და მორჩილი
მინდორში წაგიყვანს და ყაყაჩოებით
დასიცხულ თვალებში შეგირევს ცისკიდეს,
ლურჯსა და უცოდველს.
ალმური გრილდება ფერების ლანდებში...
მუჭაში ღვივდება მარცვალი ხორბლისა
და გადახლეჩილი ყვითელი მუცლიდან
იელვებს ყანა _ უკვე სამკალი.
ცალკეა იფქლი და ცალკე ღვარძლი,
თავხედი ქარი, მარად აშარი,
მოვა და ყველას ერთად აურევს.
ივსები ხილვებით, ვით კიპარისები სასაფლაოზე.
სინათლე უხრწნელი ტილოდან ამსხლტარი,
გალობს და მიაცილებს მხატვარს ზეცისკენ.


ფიროსმანი

ფართხალებდნენ დამწყვდეული ფასკუნჯები,
რეტდასხმული ტორტმანებდა ჯებირი.
ფუნჯი მისწვდა იდუმალ მზეს დაუნჯებულს
და ეწვია სირინოზთა მეჯლისებს.
რას ეძებდი, ლაჟვარდებში
რას ეძებდი,
შემთხვევით შემოხეტებულს
ჰგავდი საიქიოდან.
ყალამს გვერდზე გადადებდი დანანებით,
სული, ღმერთო, ოო, როგორ გტკიოდა.
მიწყალეო, გულს ფსალმუნით იამებდი,
დაინდობდნენ ნამქერები დამფრთხალ ირმებს,
აგამღვრევდა მარგარიტას დალალები,
შმაგი მზერა დაგესლავდა დანაპირებს.
სველ თვალებში შველს
ჩავცქერ და მელანდები.
ქარი დაქრის გარითმული მაჯამებით.
ბროლის მთვარეს ყომრალ ღამეს აჯახებდი.
იღიმოდი მისტიკური ფერადებით.
დაინთქმება უდაბნოში დროის ვრცელი ქარავანი,
გზის ბოლოში შემოგხვდები,
მწყურვალი და დამაშვრალი.
მოდრეკილი, მოთენთილი გარიყული წამავალი.
შემოგვედრებ, შემიფარე,
ნახატის ოაზისიდან
მიწყალობე წმინდა წყალი.



დაუწერელი ლექსი

ახლა მე შეშლილს ვგავარ,
სულში უცნაურ გზნებით.
მირღვევს სიცოცხლის სამანს
დაუწერელი ლექსი.
გზები არა ჩანს ცისკენ
მზეს უკიდია ცეცხლი.
არ ვიცი, საით ვიწევ,
მომდევს დაჭრილი ვეფხვი.




ლექსი ამოვა

სიზმრებმა შხამით
ისე დამგესლეს,
მორიელებმა ვით
კოშკი ძველი.
დღე გავასვენე ჩუმად,
ქურდულად,
კვლავ შერცხვენილი
და უბრძოლველი.
გაცვდა ლოდინი,
როგორც ძველმანი
და ჩონჩხის დარად
დავრჩი შიშველი.
ვბერდები მეც და
ჩემი ოცნებაც,
ვფართხალებ მსხვერპლი,
შეუწირველი.
ხვალე თავიდან!
ჯიუტად ვბედავ და უცნაურად
ბედს ვეჯიბრები.
გამოჰკრავს ღამე
ალმასის ბრჭყალებს
და ვარსკვლავს სიმწრის
დასცვივა ცრემლი.
ლექსი ამოვა ჩემს სასთუმალთან
და ერთადერთი ის თუ მიშველის.



* * *
რთველი მქონდა
კანდამსკდარი ფიქრის,
სიტყვის გორა ყურძენივით დავწურე,
ღვინოსავით ჩამოვასხი ლექსები,
დიონისემ ვერ დაუდოს რამ წუნი.
ხოხბისყელა, გამომწყვდეულ სურვილებს,
ძაფებივით დავაწყვიტე მარწუხი.
ოცნების და სიხარულის ხატი ვარ,
გაზაფხულზე ვაზის წნელით დაწნული,
მოდით, ყველამ დამილოცეთ ბარაქა,
აგრემც თქვენვე დაგელოცოთ რძალ-წული.






ღვთაებრივი ლექსები

თეთრი ეტლით მოვა მთვარე
და სულს შემოეგზნება,
ვარსკვლავები, როგორც ღამის
ღვთაებრივი ლექსები.
ამ იდუმალ სამყაროში
ფიქრებს ვერ დავეხსნები,
სული გალობს სიყვარულზე
და ტკივილით ბერდება.
წამო, გარეთ რაში იცდის,
შორს ბილიკი ქაფდება,
სიცოცხლეს და სიკვდილს იქით
ყვავის ჩვენი ვარდები.









სანამ ლექსი ცხელია

დამახალე დატენილი ლექსები,
გული მოკვდეს, გრძნობა სისხლად დაიქცეს.
დამიშანთე გაცვეთილი ეშვები,
შემახვედრე, შემაერთე ქარიშხლებს.
თბილისს დარჩეს მოლოდინი ბებერი,
და დაღრღნილი, უხერხემლო ქუჩები.
ვერ მოდრიკეს უხედნავი კვიცები,
აცეცხლილი ვნება ბედს ეურჩება.
სად წავიდნენ ის ყელყელა ქალები,
და სიზმრებით დაქსოვილი ნისლები,
არ მოდიან მაშრიყით და მაღრიბით
რაინდები შუბით და ფარ-შიმშერით.
შიშველი ვარ, როგორც ქარი ნოემბრის,
მზე ნელდება, ვით ჩამქრალი ბუხარი.
გამათავე, სანამ დამენანება,
სანამ ლექსი ცხელია და მქუხარე.



* * *
ქარიშხალი ჩადგება, მჯერა,
და მოდგება დავანების ჯერი.
ჩაისუნთქავს
ვიღაც მძლავრად სამყაროს
და ყველაფრის მქმნელი
მზიდან სიტყვა გამოვა.




წამო ჩემთან

ცათა ტევრში მზე ამაყობს
და დუმს ქვეყნის გამჩენივით.
მიყვარს ეს დღე, ვით ნადავლი,
დრო-ჟამს ლექსით ახლეჩილი.
დავიტბორე ღვთიურ მადლით,
მინდა ნათლად ჩამოვჩქერდე,
და ვხალისობ სხივებივით,
ჰაუ, სად ხარ, წამო ჩემთან.
ვიცი, ბოლოს სიკვდილს შემყრის
ბედის მოთარეშე ეტლი,
ვინ გადურჩა დავიწყებას
წლების რისხვით დანასეტყვი.
ეურჩები მაინც ყოველს,
წამო ჩემთან, გავშლი კარავს,
სიყვარულის და მზის ლექსი
ყველაფრისგან დაგვიფარავს.



* * *
ასე მგონია, გავექეც ჯალათს
და მივემთხვიე დილის სალოცავს.
როცა ფიქრების ზღვა ამიჯანყდა
და დარდის მხსნელი
ლექსი წამომცდა.
ვარ ავსებული წკრიალა ვნებით,
და სულს ვირწყლულებ ზეცის წყაროდან,
მოარღვევს მიწას იების ჩქერი,
ვით გაზაფხულის წმინდა წყალობა.






ლექსის ქნარები

სულს შემისახლდნენ ქარები,
დაშალეს ფიქრის ზვინები,
წავალ და ლექსის ქნარებით
მზის ტაძარს შევეხიზნები.
გათავდნენ ძველი ზღაპრები,
ბედი არ ფანტავს თილისმებს,
დავრჩები ცათა გადაღმა,
მომენატრება თბილისი.
და ვით დაკლული ხარები,
ყრია ნასისხლი ღრუბლები,
წავალ და ლექსის ქნარებით
მზის ტაძარს დავეყუდები.

მეწამული ხმები

პროლოგი ლიმონიანი ჩაისთვის

იმ გოგოს ვარდისფერი კიმანო ეცვა.
ამოქარგული თეთრი წეროებით,
ათასფრთიანი ქათქათა წეროებით,
ფრთებს რომ ამრავლებდა
ქარი მწვერვალების.
მიფრინავდნენ წეროები ლაჟვარდებისკენ
და მაინც იმ გოგოს ვარდისფერ მდელოში,
ვარდისფერი რტოების
ჩრდილებში რჩებოდნენ.
გოგო კი სიფრიფანა, ატლასის პირისკანით.
სახელად იოკო, ან თუნდაც აკიმურა
ან იქნებ, მაიკო...
ვარდისფერ ხალიჩაზე, მუხლებს მინდობილი,
უებრო პორცელანში ჩაის ასხამდა
და სურნელს აფრქვევდა ჩაი უჩვეულო.
სურნელი მზისა და ხოდაბუნების ჰაერს აბრუებდა.
ეს გოგო კი ვარდისფერი,
როგორც თვითონ სიცოცხლე,
ახლად მოვლენილი, თოთო და ცინცხალი,
იმეორებდა რაღაც იდუმალს,
კრძალვით და რიდით იმეორებდა.
ფინჯანს კი ახსოვდა ბაგენი მრავალთა,
მათ შორის დედოფლების.
კედელზე გოგრის უბრალო ვაზაში იდო ამ დილას
მოწყვეტილი ყვავილი, ისიც ვარდისფერი.
და სიმშვიდეც ვარდისფერი.
იყო და არ იყო. ახლა მე აქ და არა იქ.
აქ, სადაც ნაცრისფერი უფრო მრავალია.
ბრდღვიალა ლიმონით, ყვითლად რომ მოწვეთავს.
ვაპირებ დავარღვიო ზღუდე დროისა.
ის გოგო ვერ მხედავს, ვარდისფერი და სიფრიფანა.
მე კი მის გვერდით ვზივარ გატრუნული
და ჩაის გეახლებით,
რომელსაც გემო აქვს უცხო სიხარულის.
ყველაფერი მშვიდია და ვარდისფერი,
სარკმლიდან ბეღურა გვიმზერს დაბნეული.



გიხსენებ, მამალო

გიხსენებ, მამალო, მაღალი ყელითა,
ფერადი ბუმბულით, ოქროსფერ დეზებით.
ამ ქალაქს ახსოვხარ შენ მხოლოდ ზღაპარში.
ყიოდი, თენდებოდა, დანგრეული შენდებოდა.
ყიოდი და შენი ვარვარა მკერდიდან
ცხელ გულს მზესავით ამოისროდი.
ყიყლიყო, ჯერ ერთი, მერე სხვა, მეორე,
მესამე, მეოთხე და ასე მრავალი.
აისის ორკესტრი, მჟღერი და ხმოვანი
და ვაშლის ყვავილებში ჩამდნარი მუსიკა.
გელოდი, გელოდი, შენ რომ იყივლებდი,
ეშმაკი გარბოდა წყეული სიზმრიდან.
შენ ისე ერთგულად, ბეჯითად ყიოდი,
რომ არ დაგავიწყდა, არც მაშინ, არც მაშინ,
როდესაც მესამედ, მესამედ იყივლე,
თავზარდამცემად, საბედისწეროდ.
დაწერენ ოდესმე შენზე პოემას,
რომ როცა ყიოდი, მზე სულ სხვაგვარად ამოდიოდა.
დუმს ჩემი საათი,დაღლილი მაღვიძარა,
ნეტავი რა დროა, თუ დროა, დრო როა.




მეწამული ხმები

დრო დადგა. მე განა მინდოდა.
დუმილის მდინარე მდორეა,
მდინარესავით. დო დო დო.
ვინ მოვა, საიდან, გროვდება
გორებად დამჭკნარი ფოთლები.
აქ ვინმე გაივლის, ფერები
დარჩება უნდო და უცვლელი.
სველია წარსული წვიმებით.
ეწამა, იდარდა, დაეცა
რბილად და უნაზეს გამებად.
წავიდა. ეს იყო ნამდვილი
მზის ჩასვლის მეწამულ ხმებივით.
ცვალება მის გარდა
შეიტყო ვერავინ, მის გარდა
ეს ჩუმი გარდაცვალება.




ფიროსმანი და ტიციანი

ჯერ ძროხა დახატა,
წითელი და თვინიერი,
მერე დედაკაცი,
ჯიქანს რომ წველის.
ქაფქაფა რძეს მიელიან
ქოხში ობლები.
ფიროსმანის ამ ნახატს მოუხდება
სტრიქონები ტიციან ტაბიძისა:
”ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია,
ან თვითონ საქართველო,
დედაჩემს რომ უყვარს
მეწველი ძროხა”.



დო. რე. მი.

მდინარე. დამდნარი
დარდებით ადიდებული და მდორე.
დო. რე. მი. მოვდივარ,
ვარ და არა ვარ. ვარდები მარადისობისა.
ვვარდები. არ მინდა. დროა
და არ არის დრო. არა, არასდროს.
მერე რა.… ოდესმე ალმასთა არილი.
მთვარეში თოვლია.შორია. მდინარე.
შევდივარ. მეორედ, მესამედ.
რუხია მდინარე და მდორედ მდინარებს.
შევდივარ მეშვიდედ და მერვედ შევდივარ
ერთსა და იმავე მდინარის დარდებში.
სიმშვიდე, ვიშვი მე. ოდესმე.
ვერ მშველის. ვერ ვიშვებ.…
შიშველი თვალები და შიში.
დრო არის.…დრო შენში.…დროს გაედევნები.
დრო მადევარი.… შენ დროში.
ოდესმე დაიშლები დამაშვრალი, თიხაში
და მერე. არასდროს... ოდესმე თიხიდან
თბილი თითები, თოთო თიხიდან.
და ისევ თავიდან. და მერე
მდინარე. დო. რე. მი. დო. რე. დო.




მახსენდება

არხეინად თვლემს
წირპლიანი მთვარე,
ღამე არის უსაშველო, ვით დედაბრის დარდი.
ვიღაც ლექსებს წერს და უნაზეს გამებს.
ხეტიალობს მარტოდმარტო
ბნელ ქუჩებში მარტი.
მახსენდება, თითქოს ასე იყო მაშინ,
ამ ქვეყანას როცა მოვევლინე მე.



რა დროა თუ დროა

დადუმდა საათი, წითელი და სათნო,
ჩემი მაღვიძარა. ისრები შავი,
დაკეცილი ფრთებივით
უწყვია მხრებზე და აღარ უხარია.
ახსოვს კი, ნეტავი,
დროს როგორ მისდევდა, ჯიბრით და თამამად.
ეგონა, მიჰყავდა დრო, როგორც ულაყი
და მკაცრი მათრახით მის ჟინს აოკებდა.
ახლა კი დუმილის ტბორშია ჩამცხრალი
და აღარ ტიკტიკებს.
რა დროა, თუ დროა, უდროო დრო როა.



მეგობრებს

დავალთ, როგორც ბაღდადელი ვაჭრები
და თან დარდის ხალიჩები დაგვაქვს.
დავდუღდებით, მალე დავიმაჭრებით,
სხვანაირი გზები ალბათ არ გვაქვს.
მახლას, ჩვენკენ მობარბაცე სიბერე,
და სიკვდილით საბოლოო მარცხი.
ერთმანეთის სიყვარული გაგვიტანს,
ერთმანეთის ჭირს თასივით დავცლით.
ეს დღე ერთი იებით და ვარდებით,
მზით შეკრული აინთება ხვალაც.
ვიყოთ ერთად, სანამ არ გავთავდებით,
სანამ ცაში ლექსებად არ ავალთ.




ელენეს ცეკვა
ჩემს ნათლულს, ელენეს

ცეკვავდა ელენე,
უვნებო ცეცხლით,
წკრიალი ვერცხლის
ზანზალაკების.
სხეული თოთო თრთოდა
დამფრთხალი ველის შველივით...
ეული მაჩიტა ნამდაფრქვეული
მზის ხელისგულზე
და მონანავე ნიავის სუნთქვა...
სულ ოთხი წელი, ისე მსუბუქი,
რომ თითქმის ფრთები
პაწაწა მხრებზე.
ცეკვავდა ელენე, სოფელი
მომღერალი ჯერ არ იცოდა.
იქ კი წარსულში
დიდ ქალაქში შეჰყავდათ ცხენი,
დაეცემოდა მალე ქალაქი,
სისხლსა და ცრემლში ჩაიქცეოდა
სასახლეები.
აქ კი ცეკვავდა შავთვალა ელენე.
ნორჩი და ხასხასა.
უმანკო, ცინცხალი.…
იმასაც, იმ სხვასაც
ელენე ერქვა... ჩამქრალი
ნაკვერჩხალი... ნაცარი...
დაჭკნა და ფოთოლივით
მიწაში ჩავიდა.
ნაცარი, რომელიც ცეცხლმა
მიატოვა.
ცეკვავდა ელენე, როგორც თვით
სიხარული.
სევდა კი გარიყული იჯდა
მოთმინებით, ურჩი და უდრეკი.
თავის ჟამს ელოდა.




გონების უდაბნო

ის მითვალთვალებს, მწიფე თავთავებს
როდი კრეფს მხოლოდ ლაღი ფერებით.
უცხო მოხიბვლას არ გაათავებს,
ზღაპრებს დამირგავს გულის მინდორში.
და ფიქრის ძაფი, როგორც ქეძაფი.
შხამის ნაქარგებს სულში გამიშლის.
და უდაბნოში ჩემივ გონების
გავეშურები, როგორც დერვიში.



გახსენება

ყარაჩოხელებს მიჰქონდათ ღამე
მტკვარზე ტივებით,
მეტეხს დაეცა ბებერი მთვარე ანატირები.
იყო დარდები, იმედები გასაკვირები.
გახელებული გული იყო, გრძნობა მიჯნურთა
და კალმახივით სხმარტალებდა ღამე თბილისში,
ლოთი კაცივით ისევ მთვრალი
ჟამთა თილისმით.
ცას მოუჩანდა ვარსკვლავების თეთრი წვივები,
მიირწეოდნენ ქარავნები გასაწირები
დავიწყებათა სასაფლაოსკენ.




ზეცისკენ მიდიან

ეს ბილიკი ცისარტყელას ბაღებამდე
თითქო ბეწვის ხიდია.
დღეები, ვით ქაშანურის ხალიჩები
გასაყიდად ჰკიდია.
მშვიდად მარცვლავს კრიალოსანს ბერიკაცი,
იცის, ჟამი ფლიდია.
ყაჩაღ ნისლებს უკარება მწვერვალები
მრუმედ შეუბინდიათ.
ეჭვი ჩნდება, ვით ტკივილი ნატყვიარის,
ნდომა ისე დიდია,
საიდუმლოს მიელტვიან, ვით თაფლს ველურს
და ზეცისკენ მიდიან.





ვიყავით ერთად და გვიხაროდა
ლალის

გახსოვს რუსთველის ლურჯი გამზირი,
როგორც სიზმარი, როგორც ამბორი,
როგორ ჩაეხვა წლები ვაზივით,
მივსეირნობდით ქუჩაში ორნი.

იყო საღამო სავსე ფოთლებით
და შემოდგომის ჩუმი ალერსით.
იკრიბებოდნენ სარდაფს ლოთები,
სიყვარულით და ეჭვით ნალესნი.

და ხერხემალი სტკიოდა ქუჩას,
ქარი უკუღმა ქროდა აშარი,
და გვისხლტებოდა ხელიდან ურჩად
წიგნი ჯოისის და კორტასარის.

კაფეში, როგორც სამკითხაოში,
იწერებოდა წიგნი ბედისა,
და ინთქმებოდა ხმათა ქაოსში
მაღალი ლოცვა ქაშუეთისა.

მიიჩქაროდა თბილისი სადღაც,
შეყვარებული ურჩი ბიჭივით,
ვნებადაუმცხრალ კახპას მოჰგავდა
აალებული ტანი ვიტრინის.

ლაღობდა გული, სული დარობდა,
ვით სამყაროის ბატონ-პატრონნი,
მივსეირნობდით ქუჩაში ორნი,
ვიყავით ერთად და გვიხაროდა.




* * *

სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა
და ალავერდი _ ჩემი ჩინები.
თუ არ ქართული ბებერი მიწა,
არყოფნას არც კი დავიჩივლებდი.
ჟამი საითკენ გარბის ფეთებით,
თეთრი რაშები ქრიან უბელო.
ამქვეყნად მისთვის დავეხეტები,
ვაზების ზეცას რამე ვუმღერო.





ბებერი მსახიობი

გასწით ფარდები! ძველი რამპები
რა უცნაური შუქით ბრწყინავენ.
აქ ჯადოქრების არის ლანდები.
სცენა ცახცახებს და მოლოდინით
გული უსკდება ბებერ მსახიობს.
ახლა დახევენ ჰაერს ლექსები
და წვიმასავით მოვა ვარდები,
გულს კარიბჭენი გადაეხსნება,
დასამარდება ძველი დარდები...
გასწით ფარდები!



მთვარემ ღუზა ჩაუშვა

მთვარემ ღუზა ჩაუშვა
ორთაჭალის ბაღებში,
ჩამოკეცა აფრები
გაფხორილმა ქარმა.
შეიბრაწა ვარსკვლავი,
როგორც მწვადი შამფურზე.
ჰეი, ყარაჩოხელო,
ჟამი ჭკნება, სად ხარ?



მენატრები

შენს კალთაში
კარვებს შლიდნენ ანგელოზნი,
შენი ბაგით იფრქვეოდა ზღაპრები,
მზეთა ბაღში ვყუჩდებოდი გალურსული,
შენთან ვარ და მაინც შენ მენატრები.
მახსოვს, ერთხელ გადავიცვით სამოსელი,
სავსე გვქონდა ჯადოსნური ჭურჭელი,
ქუჩა-ქუჩა და კარდაკარ დავდიოდით
და სიხარულს ვარიგებდით მუჭებით.
ბაბო, მითხარ, ის საღამო სად წავიდა,
რომელ მხარეს გაითხარა სამარე,
და ბავშვობა დარჩა სადღაც გარიყული,
გაცვეთილი მოგონების ამარა.





გახსოვს
ლიას

წვიმამ გაწუწა ბაღი ზამბახის,
ამ დღეს ტკივილით ტკბობა უხდება.
გახსოვს დურუჯი, მთების მაზანდა
და ბოჰემური თავისუფლება.
დააწყვე ერთად, მერე გადასწვი
ის ბარათები, გიჟურ ოცნების.
ბაგე ლოცვებით არ იკოცნება
და დახოცილი ყრია ხოხბები.
წინ მწვერვალები აიტყორცნება,
ცას ააქაფებს ღრუბელთა ჯოგი.
ჯოჯოხეთშიაც შემოგეყრები,
ამოინატრე შენ ოღონდ, მოდი.






ბაბოს

ამ შემოდგომას შევხვდი უშენოდ,
გარეთ ქარია და მენატრები.
არ ვიცი, სულს რა შემოვუშენო,
გაძრცვნილან ზეცის ლურჯი ხატები.
შარშანდელივით მოდგა საღამო,
შარშანდელივით დაჭკნა ვარდები.
არ ვიცი, სულს რა შემოვუშენო,
არ ვიცი, ტკივილს როგორ ვუშველო,
როცა მარტო ვარ და მენატრები.









ოც წელთან დამშვიდობება

ნუთუ აქედან იწყება დაღმართი,
როდესაც მწვერვალი ახლოა ასე.
ეს ოცი ბილიკი რა სწრაფად ვიარე,
მიმყავდა დღეები, და როგორც ტყვეები
ჩემს ფერხთით ეყარნენ
მშფოთვარე დევები.
და თვლემდა უბეში შიში, ჯერ უსახო.
ო, როგორ ვიალე!
ვილხინე, ვილაღე და ვიწკრიალე.
მოჰგავდა ყოველი
ნათელს და უმტვეროს,
ეს ოცი ბილიკი რა სწრაფად ვიარე,
ლაღი და თამამი მივქროდი უბელო,
და ზედ ცის კიდურთან
გავთავდი.



შემკრთალი მინაქარი


წაკითხვა

ვკითხულობ კიბეს და მის თავთან
გატრუნულ კატას
ობობას ფარჩას საცეცების ყაისნაღებით
უხვად დაქსელილს,
ქუჩები ურითმო ლექსებია...
წვიმის წაკითხვა მაისმა მასწავლა.
შარშან შენც ერთხელ გადაგიკითხე...
ვკითხულობ მთვარეს ყდაშემოფლეთილს,
უიღბლოდ გადაფურცლულს თბილისურ ღამეებში.
ვკითხულობ მიტოვებულ ბავშვებს და
დაღლილ მათხოვრებს
ავლილ და ჩავლილ ფერად_
ფერად კაცებს და ქალებს.
ბომონებს ახალს, ჩამოტანილს შორი ქვეყნიდან.
ვკითხულობ უპატრონო სასაფლაოს.
უვნებო ფრესკის ცხელ ცრემლს ვკითხულობ...
ხანდახან თავსაც გადავიკითხავ,
თუმც დაწერილი ვარ მოსაწყენად.



ის გზა

საიქიო ღამიდან სააქაო დღემდე
არის ერთი წამი თუ უთვალავი წლები.
ვინც აქედან წავიდა,
ის ჯერ დუმილს არჩევს,
ვინც იქიდან მოვიდა,
ის ვერარას გვეტყვის.
ვეტრფით ლაღი სიცოცხლის
უხვფერიან ტევრებს,
ცასაც ვეჩურჩულებით...
გვყოფნის მზის და იმედის,
სიყვარულის სითბო,
საიდანაც მოვედით, საითკენაც მივდივართ,
ის გზა ჩვენ ვართ თვითონ.




უარი
დედას

დაივიწყეს გზებმა და ჩრდილებმა
მელნისფერმა ეზომ, თანატოლმა ხეებმა,
მიწაში ჩახატულმა სახლებმა,
მეზობელმა ღრუბლებმაც
უცხოებივით ჩაიარეს.
მერე სხეულსაც ჩამოსცილდნენ
ხელები, სითბოს ოქროები აღარ სცვივა.
წყალობას რაღა შეუშვიროს,
მუჭები დაეკარგა,
თვალები გაჯიუტდნენ,
კარიბჭე გადარაზეს.
სადა მაქვს პირი, რომ შევჭამო...
თბილ ლავაშში ყინულია გახვეული.
სიცარიელის თქეშში უცებ დაიქუხებს
და ელვა გაკრთება: ჯერ ბავშვებს აჭამეთ.
რა უმზეო ღამეა,წყვდიადით მოთენთილი.
სიტყვებიდან პატარა დედაჩემი მითენდება.




თავბრუსხვევა
მამას
რატომ აღარ ცეკვავს ჭინკა,
ფანჯრის რაფაზე მთვარემ უკვე გაფინა
გაცვეთილი ხალიჩა.
ბზრიალებენ ვარსკვლავები, ბახი აურ-დაურიეს.
ტვინის ნამსხვრევებზე
ფეხშიშველა ფიქრმა გაიარა და
დასერილი ტერფებიდან მტევნები გადმოცვივდა.
ღვინოში გაშენებულ ბაღში შროშანების სუნი იდგა.
სიზმარს ყვითელი კუდი ჰქონდა და
ხავერდის ქუთუთოები.
თვალებიდან გადმოდინდა ჩავლილი დღეები
თავის ქალა დაიბზარა და
ლოცვის ნაკუწებით შეუხვიეს.
თავბრუსხვევა შესავალია ჯოჯოხეთისა.
სიჩუმის წაკითხვა ისწავლა მამაჩემმა.




წავლენ დღეები

წავლენ დღეები და ფარშევანგებს
დაემსგავსება მათი გაფრენა.
მზეებით სავსე ჩემი ოცნებაც
განიძარცვება და ჩანავლდება.
მაგრამ ვუცადო ცვალებას რაით,
მოწვეთავს ზეცით რძე - განთიადი,
დღე დაწინწკლული ისე ბრიალებს,
მიხმობს, გამირბის, როგორც ციცარი.
ამ ალიონზე ყველაზე ფრთამალ
უცხო გვირილას გავეკიდები,
დაიჭიხვინებს შორით ღრუბელი
და სიყვარული წამეკიდება.
და აღარ წავლენ კვალად დღეები,
აღარც წუხილი ჩამეწვიმება,
ფარშევანგები, ფარშევანგები
ჩემს სიჭაბუკეს დაემძივება.




მონატრება
ბაბოს
ფოტოს ხეს წყალი დავუსხი,
ეს ბუმბული ბაბოჩემია.
ალუბლებმა გაიხსენეს
დაუვარცხნელი დილა და რძე
მკვახე ლეღვიდან გადმოსული.
კალთის სამოთხეში თაფლის მდელოები.
ანგელოზებს თმაში გვირილებს ვუწნავდი.
ვიცი, გენატრები. ძვლების ნამუსრევისგან
გამომიძერწე სანთლები.
დროის ძველმანს დაერღვა ნაკერები.
ფიქრი აგვირისტებს.
ტოტში შეყუჟული კვირტი
უარს ამბობს გაზაფხულზე.
ეკალი კი ნაადრევად
ყვავის გულმოსული.




ნაცნობი მაწანწალა

სისხამ დილას სიტყვებიც იღვიძებენ
ბნელ სიზმრებს
ფარჩას და ატლასებს აცმევენ.
ოქრომკედის მდელოებზე
ძოწის ფარშევანგთან
მისეირნობს ზურმუხტის ნიამორი.
ჩრდილებად დაეფინებიან ავსულები.
ნუ შეგეშინდება სარკეების...
ის მხოლოდ აწმყოს მოიხელთებს.
შენ კი სიტყვებმა გამოგიხსნეს,
დროის ტყვეობაში აღარა ხარ.
სარკის ანრეკლი ჩრდილივით გასხლტება
და გამოჩნდება არაფერი _
კარდაკარ მოწანწალე მათხოვარი.




მუსიკის ჩრდილში

გრილ ხელისგულებს
მივანდე შუბლი.
შუბიანი ანგელოსები,
ზეციური მხედრობა...
შუბერტი... ავე მარია...
შუაში შეწყვეტილი აღსარება...
ამ მღვიმეში აღესრულა ის,
თითქმის შიშველი.
რიჟრაჟი იყო და სისხამ დილის
მოსასხამზე ამოქარგულ მზეს
ცვილისფერი სცვიოდა ცრემლი.





დასასრულისკენ

ცა ფითრდება და თვალს ვერ აცილებს
მიწის მკერდს - გაშლილს მზესუმზირებად.
მერე უგზავნის ნაზირ-ვაზირებს
ჰორიზონტების ლურჯი ეტრატით
და გახელებით ემიჯნურება.
ღრუბლები ჰგვანან
დაღლილ კენტავრებს,
დავიწყებაში განმარტოებულთ,
დაბრუნება რომ მონატრებიათ.
ყვითელ სურნელში დნება შუადღე,
და იტოტება გულში ტკივილი,
მელანქოლიურ ფერთა ჩრდილებით,
დასასრულისკენ მიდის ბილიკი.



ვიგალობებ

რა გაადნობს ამ ყინულის ლოდინს.
მოგძახიან მკვდრები, მოდი, მოდი.
გაზაფხულდა და ამოსვლა გვინდა.
აქ ჩემ ახლო ფესვებია შვინდის,
შემიწოვა და შემმოსა კვირტით,
ახლა მზე რომ დამიკოცნის ღაწვებს,
ავინთები, ვიგალობებ ყვითლად.





მოლანდება

მოჩვენებას ვერ ეურჩა
და ყოფნა არჩია.
გზა შურისგების.
მომქანცველი და
ჭკუის შემშლელი.
ხშირად მელანდება
წამებულ თვალებით,
ჩემი ძმა _ შორეული,
პრინცი დანიისა.



დილა მშვიდობისა

გათენებულა, სხივთა ბულულებს
ბღუჯებად მაყრის
აბეზარი მზე,
მე კი გაცოცხლება მეზარება.
გადავბრუნდები და
ისევ მოვკვდები.
სიცოცხლე სიზმარში მირჩევნია.
ისინი კი, გაღვიძებულნი,
დიადი მიზნებით, ქვეყანას ამტვერებენ
და ობის თაიგულებს ჩუქნიან ერთმანეთს.
დილა მშვიდობისა, მკვდრებო,
ახლებო და ძველებო.
ურჩი სიჯიუტით რომ
დასდევთ აჩრდილებს.
თქვენ დარჩით, მე წავალ
და უცხო ლანდებს შევერევი.



დამარცხება

ლაჟვარდის ნატიფ,
შემკრთალ მინანქარს
ხორკლიან ჟინით
და ეკლიანი თავგამეტებით
ამსხვრევდა ღრუბლის
ჯოჯო ჯალათი
სტკიოდა სივრცეს,
სცვიოდა ცრემლი ბინდის დედაბერს.
იდრიკებოდა შიშისაგან თოთო ყაყაჩო.
და უსასობით დაბზარულ სულში,
ვით აოხრებულ, მიტოვებულ საწყალ ციხეში,
თბილ ცხედრებსა და ნანგრევებს შორის
დაძრწოდა შმაგად და უკანასკნელ
სხივებს ძარცვავდა ვნების ყაჩაღი.





* * *

ჭაღს დასტრიალებს პეპელა,
თავბრუდამხვევი თამაშით
და ჰაერს ისე ატალღებს,
როგორც ნიავი მარმაშებს.
არ გეშინია, სულელო,
სინათლის ჯინი აშარი
მიგინდობს, მერე გაგწირავს,
ამოგდებს გიშრის ავშარას.
შორს, აქედან შორს გაფრინდი,
მიენდე ველურ თემშარას,
ჩამოშლილ ქვებთან დაეშვი,
სიბნელე შესვი პეშვებით.




გელიან

დღე გაეხვია ღამეში,
როგორც მეცხვარე ნაბადში,
მიწყდა სიმღერა ნათლისა,
შაბაში!
სიზმრები პირქვე დაეშვნენ,
მთვარემ ღრუბლები დახია,
თავი მოიკლა ოცნებამ,
ახია!
ვერსად წაუხვალ ბედის ეტლს,
ყველა ზღაპარი ძველია,
გათავდი თუ გათავდები,
გელიან.






იქითკენ

გაქცეულ ბედაურს
მისდევენ კივილით
შხამში ალესილი მახინჯი ისრები.
მოსირმულ ზეცაზე
კვეცავენ დალალებს
სხივთა ნაზ ასულებს.
შფოთავენ მისნები -
იხიზნებიან შორეულ მიწაზე.
იქითკენ, იქითკენ...
თეთრი ბედაური და შავი ისრები...
შორია იდუმალ თავანის კარიბჭე,
ვიღაცა ტალახის ვეება ტერფებით
ახლახან გაფეთქილ შროშანებს აბიჯებს.
ანკარა წყაროში ბავშვია დამხრჩვალი.
შიშის და სიკვდილის უფერო წიაღში
სინათლის გედები ცოცხლადვე დახლიჩეს.
სუნთქვაა მაღალი, ცხელი ქარბუქები,
სურნელოვანი ყანის ლამუნი.
ძგერს გულის ებანი,
დაჭიმულ სიმებზე ურჩობით თვრებიან
უდრეკი ჰანგები.
ფიქრების ჩოჩქოლი -
გაუძლებს? გაუძლებს?
გზნება იზნიქება
უკანასკნელი უფსკრულის
კლანჭებში.
იქითკენ, იქითკენ, იქითკენ...
ისრები. იმედის სასახლეს
შეაკრთობს უჟმური,
ხარხარებს ისრის
ქაჯი სურვილი
და გესლავს მიჯრით.
რძისფერ ქედიდან
დაღონებული და შებღალული
ჩამორბის ქაფქაფა
და მღვრიე სისხლი.



სასაფლაოზე

I

სიმშვიდე - სინათლე თუ სიბნელე?
როგორც მზიანი ღამის ქარაგმა.
შემკრთალი ლანდი
ლეღვის დაღლილ ვეება ჩრდილში
და გაცვეთილი დავიწყების უნდო ბილიკი,
რომელიც ვიცი, რომ შენკენ მოდის,
ვით დაისის წყარო მეწამული.
მაგრამ... ზღვა ჩამცხრალია,
როგორც ვნება დაოკებული
და ცარიელი. და ერთი ფერის
მტანჯველი განცდა.
ცივი ფიქრების მზერაში
ჩაგატარებენ უპატრონო ცხედარივით
და ტკივილებით დაცხრილულ სხეულს
მიწა ბალახით ამოგილესავს.

II

ოდესმე დნებოდი უნაზეს კანკალით,
ვით თაფლის სანთელი,
გიყვარდა. სიმშვიდე.
ჰაერში აიჭრება ვიღაცის ვედრება
და ეცემა მოკლული ჩიტივით.
ერთი გაზაფხული საკმარისია,
რომ გაიშალო,
როგორც შოპენის სიბემოლი.
მთრთოლვარე ბაგეზე
უბრწყინავს გვირილას
წვეთები სითბოსი.
შენი სხეულის მღვრიე ტბორიდან
ამოქაჩული ურჩი ფესვებით.
როგორც თავდასხმა_
შმაგი რიტმების კორიანტელში
როკავს სამყარო. წამით გახსნილი
გამთენიისას. და მერე... სიმშვიდე_
სიბნელე თუ სინათლე?



შიში

თავს ვერ მოვიკლავ ახლა,
მე მეშინია სისხლის,
და ეს სიშიშვლე მზარავს
ამ მოუქანცავ შიშის.
მერე დაუთვლელ წამებს
თითებზე მიჯრით ვითვლი
და მოლოდინით დაღლა
მიჭირს, ო, როგორ მიჭირს.
ღამეებს სიზმრებს ვართავ,
დილა მეხრჩობა ფიქრში
და სულში კვდება მდაბლად,
რაღაც ჩუმი და დიდი.



უდაბნო

მზის ნაფეხურებს
დაჟანგებული ღრუბლების ველზე
მიჰყვება ქარი.
და ჟამს ერევა მიცვალებულთა გრილი სიფითრე.
რა შორი არი ახლა, რასაც ელტვოდი კრძალვით
და მერე ვნების სიშლეგეში გადაიფიქრე.
და შტოებდაჭრილ ხის ტანივით
გითრთის სხეული.
დაეძებს სხივი განწირული
დაისის კალთას.
გხიბლავს დრო - ჟამის უცხო ხვეული,
შიშის მკლავები გადარეული.
გარბიხარ სველი ლაჟვარდის ტევრში.
მაგრამ უდაბნო მოგდევს ფეხდაფეხ.
და ისევ იქ ხარ, საიდანაც გამოიქეცი.
ძელიდან გიმზერს შენი სულის
შიშველი ლანდი და ცხელი სისხლი
გაწვიმს სახეზე.
და ქარსაც სტკივა, როცა მზეს მისდევს
დაჟანგებული ღრუბლების ველზე
და გახელებით თვრება ტანჯვის იდუმალებით.





თოვა

ზეცის დაბინდულ ულევ ზვრებიდან,
ნებითა თქვენით თუ კრავებივით
შესაწირავად ვიღაც მოგდენით...
გოდებით დრკება სივრცე დაცლილი.
თქვენ კი ლაღები, თმაგაშლილები,
თეთრ სარეცლიდან, თეთრ პერანგებით,
გაბრუებულნი შორი ხილვებით
მიწისკენ მოხვალთ, მოეზიდებით,
რომელიც გელით ხარბი ხნულებით
და ტალახების შავ კუბოებით.
მიჯნურის ნაცვლად შეგეგებებათ
შემოქუფრული ვნება ცერბერის.
გაბრუნდით უკან, გაბრუნდით უკან...
მშვენიერებავ, ო, უმეცრების.
ცხელ ხელისგულზე მომეცელება
დაულაქავი თქვენი ცხედრები.




* * *
დაუნდობელი იყო ბედი,
როგორც ნაჯახი ჯალათის ხელში.
იდგა საღამო და მოდიოდა
ვარსკვლავთა თქეში.
კვდებოდა მარტო,
უსასრულობის უცნობ წიაღში
ის ერთადერთი იყო მოკვდავი უკვდავთა ტევრში.
და დაწყევლილი სიზმარივით
სასტიკი იყო ეტლი ბედისა,
შეჩერებული სიკვდილის ფერხთით.


* * *
ჰორიზონტს ძოწი წაეცხო, მზე გადაიქცა გადაღმა.
ჭმუნვამ შემიპყრო ოხერმა და მონასავით დამდაღა.
ქარი მოვარდა ჩაუქი, უღირსი რამე მაკადრა,
შენი ნახოცი კანჯარი დარბისო უკუღმა - წაღმა.
თავი ჩავკიდე, დავდუმდი,ან კი მეთქმოდა განა რა,
მიქელ გაბრიელ დავლანდე, მომსვლოდა წასაყვანადა.


დუმილის მიღმა
(გამომც. „ლომისი“, 1996)

* * *
მზე დასალიერს დაეწინდა,
წავიდა ისიც... შენ მარტო დარჩი,
ორხიდეებთან შეკრული ფიცით,
რომ ნათლის წიაღს მიაღწევდი ოცნების ჩქერით.
და ახლა მიხვდი,უსიყვარულოდ
უნდოა ხიდი და უამური სიზმრის ახდენა.
ეს არის კუბო ყვითელ იმედის
ახლახან დღემ რომ შემოასვენა.
ნუ გაიქცევი, ყველა მარტოა,
და მუდამ, მუდამ არის გვიანი,
მოაქვთ ღამეში თეთრ ქერუბიმებს
გალობა სველი და ნისლიანი.
დარჩი... სიჩუმეს ბზარავს ფლეიტა,
სამყარო უსმენს იდუმალ ჰანგებს.
მიაყურადე, გეძახის ვიღაც
და შენს მოლოდინს სინათლით ავსებს.


შენ და მარტი

ქუშად მოჩანს დღის დაღმართი,
ფიქრი გტკივა ნაწამები,
შორეთს მთები იხაზება,
როგორც სივრცის წამწამები.
მიირწევა ლოცვა ცისკენ_
წყნარი გუნდი წეროების.
ბინდი აფენს ფიანდაზებს
სულის ფერმკრთალ მდელოებზე.
აქეთ წახვალ... სევდის ბაღი,
იქით... იქაც ჭმუნვის ტევრი,
არსაითკენ მიდის გზები,
ცივი დარდით შენამტვერი.
მოინატრებ გზნებას ჩავლილს,
სასოების მწიფე მტევნებს.
ქარი წარსულს შემოგაყრის
უცნაური გამეტებით...
მერე მოვა შენთან მარტი
და ორივე ატირდებით.


წვიმს...

წვიმს და... სველი ციცრებია გარეთ,
ბნელ ღამეში
დარდებს ფქვავენ ლანდები.
ახლა უცნობ მიცვალებულს სადმე
დაჰფარფატებს ანთებული სანთელი.
დამელოდე,
ვიოლინოს ხმაზე
მოვალ რძისფერ ლოცვებით და ხატებით.
ცრის და...
სველი ციცრებია გარეთ…
და ბარათებს უცახცახებთ ბაგენი.
მახსენდები...
ვევედრები უფალს,
მოგივლინოს სასოების ნათელი.
სივრცეები გარინდული დუმან
გაცრეცილი და დამცხრალი აფრებით.
წვიმს და...
სველი ციცრებია გარეთ...



* * *
ეს დღეც დაგორდა ცრემლივით,
დაცხრა მირკანის ზმანება,
და გზნება გადაცელილი
წაიღეს უცხო ზარებმა.
ფიქრის გეხვევა მკლავები,
როგორც ველური იელი,
საღამო მოდის წვალებით,
უსახო გადამთიელი.
ლანდებით შეიფოთლება
დაღლილ თვალების სარკმელი,
და როგორც კათაკმეველი
სიზმრის ტაძარში სახლდები.




სული სინათლით დაიკვირტება

დამჭკნარ ყვავილებს ფერხთით დაგიყრი,
ჰოდა, ეგ არის ჩემი წარსული.
ზმანებას შანთავს ვნება ჯვარცმულის,
იერიქონის მაკრთობს საყვირი.

განვყრი სურვილებს ნაფოტებივით,
შეშლილ ღამეებს გამოქცეული,
ფეთქავს დაფლეთილ ოცნების ხატი,
ვით ოზირისის ცხელ სხეული.

მონანიების მზისფერ ყანაში
სული სინთლით დაიკვირტება,
და სიყვარულის უტყვი მაყრები_
ცრემლები ცისკენ წავლენ ჩიტებად.




შენ სერაფიტი გერქვა...

შენ სერაფიტი გერქვა და გიყვარდა
ჭორფლიანი გაზაფხული.
სიზმრებიდან იღვიძებენ
ყვითელი დღეები,
მზეებით სავსე,
როგორც ფიჭები კრიალა თაფლით.
სიამაყის ბროლის ჩარჩოდან
ორი ცისფერი გრძნეული კრთოდა_
ხან ჯალათებად, ხან ნამიან იის კონებად
გარდასახული.
როკვა ცეცხლთან ერთად
გზნების გარიჟრაჟზე...
სამსხვერპლოს ცხელი
სისხლია თასში,
ციმციმ რომ მიაქვთ სნეულ მისანთან.
სიხარული _ თეთრი ირმები
სველი დრუნჩებით
შენს მარილიან ღაწვებს ლოკავენ.
დარდი _ მშიერი აფთრის კლანჭებით
გამოფატრული თოთო ბატკანი.
საღამოები _ ქვრივი ქალებივით
თალხ მდუმარებაში გახიზნული.
სურვილთა ბნელი ჭაობიდან
მოგესმა უცნობი სინანული.
ძვირფასი კოშკები და ღატაკი ნიავი,
ღვთაებრივ ჰანგებს რომ
გალობდა გროშებად.
აისი_ვარდისფერი გედების სილაღე,
ღამე_ქიმერების უსიერი სამეფო.
ქარი მარხავდა უდაბნოში
გარიყულ ტრფობას...
თენდებოდა და ღამდებოდა...
იყო თუ არა (იყო და რა იყო რა),
შენ სერაფიტი გერქვა...



* * *
ღამდება…
ქვრივი ქალები
მოდიან სასაფლაოდან.
კეცავენ ცრემლის კიბეებს
და თალხ თავშალში მალავენ.
დაობდა დარდი, იმედი,
ჩაქრა კოცონი დალალის.
დღეს ვისთან მიხვალ, სიკვდილო,
ვის უნდა მიემალამო.



ნახვამდის...

ნახვამდის... მიგიხმობს
უცნობი ხატება,
სივრცეთა ფერადი ხილვებით ნაზავი.
გაბზარულ ღამეში მზე მოგელანდება,
როს ჩრდილებს დააფრქვევს
ცა ჩაურაზავი.
შორი გზა იდუმალ ქარაგმებს გადაშლის,
ფიქრებში გაჩნდება სამყაროს პროფილი,
ზეცათა უზადო ლალი და ბადახში
იელვებს დამჭკნარ და გაცრეცილ ლოდინში.
ნახვამდის,…
ჩათავდა ამაო ყოველი
და აღარ დაათოვს სიზმრები სარეცელს.
მოცელილ თავთუხებს მოჰგვანან დღეები
და ცრემლი ჩაგირბის დანისლულ სახეზე.
ნახვამდის,… ჩვენ იქით
შევხვდებით ერთმანეთს,
იყუჩე... ის მერე ისეთი ვრცელია.
მიამბობ,… სიტყვები
იქნება ჩიტები...
და დაუსრულებლად ვიქნებით მარტონი...



შენკენ

მოვქრივარ შენკენ,
ატაცებული ქარით ფოთოლი,
ფიქრები რეკენ
და ცახცახებს გულის გოდოლი.
სული სავსეა
შროშანების თეთრი ყვავილით.
მზე ილანდება შორ ბილიკზე,
როგორც ყარიბი.
დღე მაღალია...
მოვქრივარ შენკენ,
დანგრეული ტაძრის კედლიდან
გამოქცეული ფრესკის ქალივით.


ტაძარში…

თითქო გალობენ საკმევლის ჩიტები,
სურნელი ისეთი ხმოვანია.
ოსანა! ოსანა! დიდ არს უფალი!
სიმშვიდე იდუმალი მგოსანია.
სოსნები ყვავიან
ღვთისმშობლის მზერაში,
სულში იფინება ხავერდები,
იღვრება მაღალი ფიქრების ზედაშე.
ფრესკათა ნაცრისფერი გარინდება...
და მოცახცახე ლოცვა გადრეკილი,
ცოდვილ ბაგეთაგან გადმომსხლტარი,
მდუღარე ცრემლებით ალეწილი.
ნაღველით გათანგული სინანული.
განამზადეთ გზანი უფლისანი _
მთრთოლვარე სულებზე წაწერილი.
ოსანა! ოსანა! დიდ არს უფალი!
იონა გველეშაპის ბნელ წიაღს გამოაღწევს,
ისევ აღმოხდება მზე უცოდველი.
შენს გრილ სავანეში მოვდივარ დაღლილი
და როგორც იობი შენდობას გევედრები.




მოფრინავს ცრემლის ქათქათა გედი

ხმელ ფოთოლივით გეფშხვნება ფიქრი,
როს მოგეხლება ჟამის შხეფები,
უსურვაზივით გატყვევებს ხიბლი,
ღამეში სიზმრის შემოჩეხების.
გზებით სავსეა სამყაროს ტევრი,
ყაყაჩოები გარბიან ქარში,
მთვარის გაცრეცილ სილუეტს ეტრფი
და არ გბეზრდება სხივთან თამაში.
ბოლოს წერტილი. ბოლოს წერტილი.
სულში გაყრილი ცხელი სამსჭვალი,
მზე თვალებიდან ამოშრეტილი
და სურვლების ბაღი დამჭკნარი.
სად დაიკარგნენ დღეები ვერცხლის,
მარტოდ შთენილი ციალებ ობლად,
მოფრინავს ცრემლის ქათქათა გედი
და სინანულის იები მოაქვს.





გამიყოლებენ სულ სხვა ქარები
ლალის

მე წავალ ახლა,
და მონატრებას შენსას
ფოთლის დარად მოვწყდები,
ნუ გამომიწვდი ხელებს დაცრემლილს,
ნუ გამომიწვდი, ვეღარ მომწვდები.
ნუ დააბრალებ გატაცებას ვარდებს
მთვარიანს,
გამიტაცებენ სულ სხვა ქარები,
და მთათა მიღმა, და ზღვათა მიღმა,
და სამყაროის მიღმა დარჩენილს,
დამიფარავენ შენი თვალები.




მიწის ძახილი

როცა ზეცა მზეში არის აჭრილი
და მკათათვეს სურნელი აქვს თივის,
მიგიზიდავს მაცხოვარის ხატივით
მიწა, ჟამის უძველესი მითი.
და მძფრდება ჟინი ანდამატივით,
რომ შეერწყა, შეეხვიო მიწას.
შეეყუდო, ვით სანუკველ ტაძარში
და ლოცვები იგალობო წმინდა.
შემოიწნა ტანზე მიწის სიგრილე,
მიწა ხარ და მიწად ყოფნა გინდა.
სადაც შენი წინაპრები წასულან,
იდუმალი ძალა გიხმობს იქითკენ,
სადაც შენი ტაძრები ჩამარხულა,
სად მარადი ღამეა და სიმშვიდე.
დაგიკაწრავს ხილვას უცხო ზმანება,
ჯალათივით გამოგიყვანს წირვას,
ის გიშველის, ცოდვებსაც ის შეგინდობს,
მიწა, ყოვლის მიმტევები მიწა.







ნუღა დამიძახებ...

ნუღა დამიძახებ, ცივი რტოები
აღარ აყვავდება ცვრიან შროშანებით.
ღამე მოშავდება,
როგორც ანათემა,
მოლასლასდებიან
სნეული სიზმრები.
აღარ გათავდება?
აღარ გათავდება...
და ცისკრის შესახვედრად
ნუღა მოირთვები.
ლა-მი-სოლ, მი-რე-ლა,
სოლ-ლა-რე, ლა-რე-სი.
როიალს ადარდებს
რაღაც იდუმალი
და უცხო ქალწულის
თითებით ივედრება.
უშველეთ! ქარებმა წაიღეს ფოთოლი
და მთვრალი ღრუბლები
ნაცრისფრად ოხრავენ.
დაუშვით ფარდები, მზე დარჩა შიშველი,
ფარჩები ატლასის ცხელ ტანზე შემოადნა.
ფიქრებით დახრული გონების ფიქალი
წამისწამ უცნაურს წამოშლის ნახატებს
ირევა სამყარო და ფლამინგოები
თვალების თაფლისფერ
ტბორებში როკავენ.
როცა შენ მეძახი,
მთავრდება აღმართი,
სიზიფეს ღიმილი ჰკიდია მწევერვალთან,
იხსნება ლაბირინთი... მაგრამ დავიღალე...
და საცაა ღმეც მოშავდება.





მოვალ დაღლილი

შენი აჩრდილის ლურჯი სავანის
კვლავ ვარ სტუმარი,
გრილ სამარიდან მოდის ვედრება
გაუხუნარი.
წამების ცვლაში არ დადნება
თოვლი ლოცვისა,
მოდრეკილ ფიქრებს დაჰკრავთ ფერი
შემოდგომისა.
შორია ახლა ცეცხლი ვნების
სურვილთ ზვავები.
მოვალ დაღლილი,
როგორც ტალღა ზღვათა ქცევისა,
და შენს დაბინდულ მარტოობას შევეფარები.



სად იკარგება ჩუმი შორეთი

მას მზის უდაბნოს ოაზისში გახიზვნა სურდა,
ხატავდა სინათლის ქარვისფერ რაშებს,
ლურჯ სივრცეებში ცხელი სუნთქვით
გამდნარ სამანებს.
ყვითელ ბაღებში ნებივრობდნენ ფარშევანგები.
და მიჰყვებოდა ამაყ ფუნჯის
ველურ ფანტასმებს და მუნჯ ჰორიზონტს
ფერთა ხმებით აგალობებდა...
წახდა სიზმარი, გადაიქცა სიცხადის ხევში,
დაეჩეხა ლამაზი ფრთები...
ის აღარ ხატავს მაღალ კოშკიდან
ვრცელ მინდვრებისკენ გატყორცნილ მზერას,
ის ახლა ფიქრობს და აყურადებს
ვიღაცის ფრთხილ და საშიშ ნაბიჯებს,
და ელოდება.…
მაგრამ ხანდახან იელვებს მძაფრად,
დაფეთდებიან მწყობრი წამები,
და შეაწუხებს ტკივილიანი
ასე უცხო და ნაცნობი კითხვა:
სად იკარგება იდუმალი, ჩუმი შორეთი,
როდესაც ღამე შავ ყვავილებსგზაზე დააფენს,
ვით უკანასკნელ ნატერფალებს მიცვალებულთა.





ჩუმად მოგეფერები ბაბოს

ახლა გაკოცებ,
და ჩუმად, ჩუმად მოგეფერები,
და ისე ნაზად აგაცოცებ ხელებს სახეზე,
თითქოსდა ვიყო ჭიამარია,
მზის სხივს რომ მოჰყვა ღრუბლის კოშკიდან,
და პაწაწინა სითბოს ნამცეცებს,
მაგ უსასრულო ნაოჭებში რომ ჩაგბნევია,
ავკრეფ საუთად.
ახლა გაკოცებ,
და ჩუმად, ჩუმად მოგეფერები...




ფიქრის საკანი

უღრანი სიღრმე შეშფოთების ბნელი სარკმლიდან
გიმზერს დაგეშილ ავაზასავით.
მზე ჩაესვენა დიდი ხანია
მკვდართა მეწამულ ტბის ფიალაში.
ღამეს ზმანების ზამბახები მოაქვს ნუგეშად...
ო, ვინ უშველის, ვინ აუშვებს ჩამცხრალ იალქნებს.
სულს გააჟრჟოლებს დასიცხული ჟამიანივით.
დაჟანგულ წარსულს ცვივა ფერფლი
ძველი ტკივილის.
ოცნება გდია ბნელ დილეგში,
ჟინჟღლავს უამოდ.
ვიღაცის კართან უკვე მოდგა მწუხარე ეტლი,
ვერვინ ეტყვის უარს ბინდის ამაყ მოციქულს.
შიში უხეშად გიტყლაშუნებს
სახეში შოლტებს,
თვალში ჩარჩენილ ნაპერწკლებს აშთობს.
ვერ გამოარღვევს ბაგეს
ურჩი ბგერები: რატომ?
ირღვევა გულის ცხელი გუმბათი.
მუხლმოდრეკილი ევედრები
მოლოდინის დაღლილ ლანდებს,
არ მიგატოვონ.




* * *
ფიქრი აბორგდა წყეული,
გამისხლტა გრძნობის რიყედან,
სიზმრიდან ამორწეული
ყივჩაღი მეარშიყება.
რა ვუყო დარდის დარბაზებს,
მზე ზღვაა ყოჩივარდების,
შემიყვარდება სიცოცხლე,
მარტის მაყრიონს გავყვები.
სხეულს მოსირმავს წყურვილი,
მაგრამ ამაოდ დავშვრები,
გაქრება ეს გაზაფხული,
როგორც ზმანების რაშები.



თუ შენ ხატავდი

ბინდში დაშვებულ სხივთა კონებში
გაცრეცილ ფრესკის იელვებს ლანდი,
აბარბაცდება ჩუმი შორეთი,
წამოიშლება ფოთლები ცაცხვის.
შენ რომ ხატავდი...
იყო თუ არა დილის დალალები
და მზე, ბროწეულის წვენით გალეშილი,
ქოხი ფარღალალა, მზერა გაღეღილი
და დაუსაზღვრავი ფერების ბაღები.
და გზნება, ცახცახით სულში რომ ატანდა.
იყო თუ არა... თუ შენ ხატავდი...
მწიფე ალუბლებს წვიმა სწყუროდათ,
შენ _ ხეტიალი უცხო მხარეში.
ვერცხლში ურევდი ნარინჯს ულევად,
მტვრიან სარკეში სატრფოს ლანდავდი.
იყო თუ არა, თუ შენ ხატავდი...
იმ ძოწისფერი ფიალით ბანგი
მართლა მიგქონდა ნდომით ბაგესთან,
თუ იგონებდი სნეულ ფანტასმებს
და ყალბი თვლებითY რთავდი დარბაზებს.
იყო თუ არა, თუ შენ ხატავდი...
და ხატავ კვლავაც,…
და მეც... მეც, როგორც შენი ნახატი.




როცა ყვავიან აკაციები
ნაირას
ღამემ შეგაკრთო,
თუ შოპენის შორმა შრიალმა,
თითქო ფოთლებად დაგეშალა სული ეული,
მეწამულისფრად ალივლივებს შხამის ფიალას,
მთვარე_ფიქრებში შემოლეული.
დრომ ჩაირა... ისე ამრეზით,
წამებს არ ითვლი_უშნო იარებს,
აღარ გართობენ სირინოზები,
გეალერსება დარდის ხვიარა.
და ყვითლად გათოვს ყოფის ზღაპარი
იყო და არა, არა იყო რა.
მოგბეზრდა ტანჯვის თავშესაფარი,
და ჩამოლეწილ რტოზე ტირილი...
დაჭკნენ ლოცვები, როგორც იები,
შემკრთალ ბაგეზე ყრია ნაცარი,
აღარც ციცარი, სველი ყაყაჩო,
და იდუმალი დევნა ირმების.
გწყურია... თვალში ცა გენისლება
და მარადისი შვების აჩრდილი
შემოგეხიზნა, როგორც აფთარი
და სიმშვიდეზე გეჩურჩულება.
მაგრამ აღმართი უკვე თავდება,
ახლოა ჟამი დასალიერის...
ხელს გაიწვდი და რაღაც ჩაგწყდება,
მოდრკება გული შენაციები...
ვერ შეეყრები იმას, რაც გინდა,
როცა ყვავიან აკაციები.


ამაოება

მახსოვდა შენი მზერის ცინცხალი გვირილები...
ქათქათა ფიქრები გონების ბუდიდან
მტრედის თოთო ხუნდებივით უცოდველნი
შენკენ მოიწევდნენ.…
აი, მოვედი... ეს არის შენი ღიმილის ბაღი,
ჭაობისფერი მდუმარება
მათხოვარი ბერიკაცივით თვლემს...
მწუხარება, როგორც ბნელი გვირაბი,
საიდანაც მახინჯ ჩრდილებს ელი...
ყველგან მტვერის ჟანგიანი ყვავილები,
უნუგეშო და არაფრის მთქმელი.
მარტოობა მოთმინებით მიცდის,
იისფერი გზნება სადღაც ქრება...
და ჩემი სიხარულის მეწამულ დარბაზში
მიცვალებულივით
შენი გაყინული სევდა ასვენია.




ძოწისაა ღამე

დარდის ურდოები
სულში შემეხიზნა,
გული ბილიკია _
სავსე ყარიბებით.
მოაქვთ კუბოები
ჩემი სიზმრებიდან,
როგორც უფსკრულეთის
შავი ყვავილები.
ქანაობს ქარში
ქოხი ლერწმისა,
ძოწისაა ღამე,
სიზმრით გამოძერწილი.
ფრთებს ამაოდ გაშლი,
სული ტყვეა ეჭვისა,
იდუმალი ხვალე
შეგაშინებს შეშლილი.





* * *
ცაზე გაჩნდება ღამის მხევალი,
მთოვარის ფერხთით წამოშლის კარავს,
და ყვავილივით ნაზად შემკრთალი
გამანდობს არაკს.
ღამე _ ოცნების ლურჯი მწვერვალი,
თავმიდრეკილი სამოთხის კარად.
სულს ამიღელვებს, როგორც მდევარი
მომდგარი კვალად.
სხივს ჩამომიწნავს კიბედ ვარსკვლავი,
მე მასთან ავალ...





* * *
გამხმარი ჭადრები გაყინულ ხელებით
მზეს ევედრებიან კვირტებით შემოსვას.
შემოვა აპრილი ყვავილთა ფეთებით,
შემოვა...
შენ კი მწუხარე ხარ, რადგან დაშრეტილი
მზერა აღრ ქარგავს ფერად ფლამინგოებს,
ვეღარ გაიგონებ ძახილს ქარებისას,
ვეღარ გაიგონებ...
ცრემლის სარეცელზე გული იბინდება,
სული ისვეტება ზეციურ თაღამდე,
აღავლენ შუაღამეს ლოცვას სინათლისას,
აღავლენ...



შუადღის ბაღში

შუადღის მღვრიე, ყვითელ ტბორში
გდია ნაღველი.
დონდლო ფიქრების ბორიალში დრო იღვენთება.
მიუკარებელ ზამბახივით გიმზერს შორეთი,
სად დაშრეტილი, მოთენთილი თვლემენ მითები.
ლივლივებს ლანდთა მიეთ_მოეთი.
დიდი შუადღე... მზე წაიქცა შუა ბილიკზე,
შეგუბდა სუნთქვის ოხშივარი უდაბნოს ქვიშად.
სხეული ნელი შარიშურით იშლება შვებით,
ხშირი ხაზებით ინისლებათვალთა სარკმელი,
ტკივილი ჩუმი, როგორც ფოთლების ნაზი კანკალი.
ნუღა შეგაკრთობს ლაჟვარდიდან
დამფრთხალი შველი. დაიხშა კარი... შენთვის,
შენთვის... დაიხშა კარი.
შუადღის ბაღში ფერმკრთალდება ძველი სამანი...
გელამუნება ჰანგის ალმური,
როგორც ვივალდის უცნობი ვალსი,
ამაო არის სევდის მორევა.
შუადღის ბაღში სხედან ლექსები
და რითმებს აკრთობთ ასონანსები.



* * *
სიჩუმის ტბორში
იშლებიან გიშრის ლანდები,
შენი დუმილი_
როგორც მზერა ოლეანდრების,
აღარც ქარია,
არც სურვილთა ხარბი ხლართები,
დრო გაიხიზნა
მიტოვებულ სარკოფაგებში.
დგას სურნელება ნაძვის რტოების.
ჰანგები სწყდება გულის კლავიშებს.
ვმშვიდდები, როგორც დაფნის ფოთოლი,
როცა ნიავი ემარტოვება.
და ვიკარგები
ვარსკვლავჩამდანარი ღამის მკლავებში.




* * *
კრთებიან ზამბახის მოლურჯო თვალები
მდინარის სარკეში,
იანვრის სიზმარი წყალში იფინება.
სივრცეა ნაწამები ფიქრების თარეშით
და მაინც ცივია და მაინც უკარება.
ორნი ვართ... მზერაში ზეიმი ლანდების
და ჩუმი სტუმრობა ვიღაცის პროფილის.
ჟამი კი ყოვნდება, რომ იშვას წამიდან
ყვავილი სუნნელი... და ჯერ არს ყოფილი.
არ ვიცით, მირიად გზნებათა წყებაში,
რომელ მეტრფეთა ნაბიჯს ვიმეორებთ.
ან რატომ მივდივართ იმ უცნობ ღამისკენ,
სადაც სინათლის ვრცელი ბაღებია,
და ქალწულები კრეფენ ბილილებს.
არავინ გაგვიღებს ჩვენ მაღალ კარიბჭეს.
ამ დღემ უდაბურმა
იქამდე სავალი ბილიკი არ იცის.




* * *
მზერა გამექცა ჟამის სარკმლიდან,
ილანდებოდა ღრუბლის ფაფარი,
იდგა ყვითელი ტბორი მთვარისა_
თავისმკვლელების თავშესაფარი.
გაზნექილ სივრცეს სტკიოდა გვერდი,
ეყარა დღეთა უცხო გვამები.
ვიღაც გარბოდა ჩემი სევდიდან
იისფრად მხნე და განაწამები.
წადი, ჰკიოდნენ წვეთები სისხლის,
უნაყოფობა აბერებს ფერთა,
დაწყევლილია სიმღერა მისნის,
სენი შეჰყრიათ შროშანებს ველთა.
ღამემ დალაშქრა ჩემი სავანე,
მზით მოსირმული მოსრა კოშკები.
ვეღარ მიცვნია, მე ვარ თუ სხვაა,
უარაფრობით რომ ითოშება.



* * *
ლექსი მოვა ასხლეტილი ტყვიასავით,
სიკვდილია, ბარემ მაგან მომკლას.
მოიმკება მოწეული თავთუხები,
მზე მოჰყვება როკვას.
უკანასკნელ სხივის კონებს გადმოგიყრი,
წავალ, როგორც ენკენისთვე მიდის.
ცას გახედე, ცეცხლი რომ წაეკიდება,
მე ვიქნები იქით...


მოდი

მოდი, მომეგაზაფხულე,
მოდი, მომედარდიანე,
ქარი ვარ და ვგიჟიანობ,
ქარი ვარ და დავდევ ქალებს.
მზე რომ ჩავა, მეც ვილევი,
შუაღამეს მთვარეს დავლევ,
მერე შეშლილ მოკვდავივით
კიდევ ერთხანს ვიფართხალებ.
მანამდე კი დროა დიდი,
მზე მიელტვის შუა მხარეს,
მოდი, მომეგაზაფხულე,
მოდი, მომედარდიანე.




* * *

როკავს დრო, როკავს, იშვებს, ქილიკობს,
თითქო შეჰყრია ზეცას ზარხოში,
მზე დაუდგრომლად მიჰყვება ბილიკს
ზოდიაქოდან ზოდიაქოში.
მე გახლეჩილი ვდგავარ სივრცეში,
არარაობის მტკივა ნარქენი.
მიწაზე ყრია ბროწეულები_
ჩემთა ვნებათა საქულბაქენი.
სხეულს სასტიკი ჟამი გაცოხნის,
ცოდვა ულაყს ჰგავს, ლაგამაწყვეტილს,
სულს ელანდება ხატი მაცხოვრის
და სისხლიანი ცრემლის ნასხლეტი.



გამახსენდები...

გამახსენდები... როს შემოდგომა,
როგორც მოკლული ფარშევანგი
იცლება ფერით.
დაეყუდება მზე ცის კიდესთან, ვითარცა ბერი,
და გრილი სევდა დაეფრქვევა ღიმილის ბაღებს.
შემკრთალ ჰორიზონტს დააჩნდება დარდის პროფილი.
ვიღაცა კვნესის: „როგორ მიყვარდით“.
მოჩანს ღრუბელი ლურჯი ქოხივით.
და ქარი ქარგავს გზნებით ქარაგმებს.
მიქრის უხილავ წამების ეტლი
და გაფითრებულ დღეს მიაქანებს.




სიმშვიდეა დასასრული

შორეთს შროშანები ილანდება,
შავეთს იკარგება ლაჟვარდის კონები.
მზის კუბოს მისდევენ სევდის ქალწულები,
აცვიათ კაბები მეწამული.
წუხან ღრუბელთა შიშველი რტოები...
ჰანგი შეგაკრთობს იდუმალი.
შენ მოგიგონებს დაღლილი მზერა,
მე _ არა,
შეუთრთოლდება ბაგე გულისთქმას,
მე _ არა.
გაუფითრდება ლოდინს საფეთქლები,
მე _ არა,
შემოგაგებებს გზნება ბარათებს,
მე _ არა.
ბნელ ფონს გაბზარავს თეთრი წუხილი,
მშვენიერ იშთარზე შფოთავს შეშლილი,
ტკივილი ნაღველად შეტბორდება.
ფიქრებს ააღელვებთ აღვირები.
ოტარიდ გაიელვებს ღამის აღმართიდან,
ცბიერი გაღიმებით.
სული ლაბირინთია, გიყვარს ხეტიალი,
ტანჯვის მწვერვალები, წამთა წარმავლობა.
მიიქცევა ვნება ოტებული.
შეხვედრაა _ დასასრული,
სიმშვიდეა _ დასასრული,
გეშინოდეს...
ჩუმი გარინდებით ჟღერენ ფაგოტები...





* * *
წვიმს თუ გლოვობს ანგელოსი,
ცრემლი ფიქრებს მისველებს.
დღე, ვარდებით შენალოცი,
ქარის ფრთებზე ისვენებს.
აღარასდროს დაბრუნდები,
ქარს ჩაეწან ტალღებად,
დასისხლული ალუბლები აღარ მოგენატრება.
მიუყვები ბილიკს მარტო, დაწყევლილი მარტვილი,
სულში გდია მოგონება გაძარცული ხატივით.




მე და ქალაქი

სარკმლის გადაღმა შფოთავს ქალაქი
ეპილეფსიით გამოშანთული,
გულგახეთქილი გარბის ბალახი,
ზეცა დაუხრავთ მშიერ სართულებს.

სარკმლის აქეთკენ_ჩემი სანახი,
სახარებით და ლექსით ნაშენი,
მოთარეშობენ, ზღუდეს მირღვევნ
ქალაქის რკინის ყიზილბაშები.
დუღს და ბუყბუყებს შავი ასფალტი,
ნთქავს ბებერ ძაღლებს, ბავშვებს, მათხოვრებს,
ქუჩა მჭახედ რომ ამოახველებს,
შეუწუხდება გული მაცხოვარს.
მზეს ებზარება კაშკაშა შუბლი,
ტალახის მგელი ფლეთს ქარვის ტატნობს.
და მატორტმანებს მკვდარს ფიქრის შუბი,
დამენანოს თუ არ დამენანოს.




სიმარტოვე

დგას ნაცრისფერი დღეების ბუქი
და არ მოჩანან სხივის გედები,
მიდიხარ, მიგაქვს სველი სიზმრები
და უცხო გზაზე მიეხეტები.
დაღლილი თვალი ყვავილებს ნატრობს,
ხელებს მოსწყინდათ სივრცის ბლანდები,
გულში შეტბორდა სნეული ფიქრი,
რომ აღარავინ შეგიყვარდება.
და გვიმრისფერი შემოდის სულში,
მოაქვს სიმშვიდის გრილი რტოები,
და ფოთლებივით იშლები ქარში
და საკუთარ თავს ემარტოები.
ღაწვებზე ცრემლი დაგექარგება,
ვთ ნაწვიმარზე ქორფა იები,
შეგებრალება მთელი სამყარო,
გარდაცვლილი და დაუტირები.




* * *

ზეცაზე დაფრთხნენ სიზმრის ირმები
და წამოყარეს წითელი მტვერი.
საგანთიადო მზე არ გეგონოს,
აქ ფარშევანგებს გამოსჭრეს ყელი.
უკანასკნელი იყო შეხვედრა,
ლექსით ამაოდ დაშვრა ყალამი,
სულში დარდები შემომეწყერდა,
ნათელი ჩაქრა, დარჩა წკვარამი.
მე გაძარცული ვდგავარ წარსულთან,
აღარ ყირმიზობს ფიქრი ფარჩებად.
შენ რომ გიყვარდა, ის დრო წასულა,
მარადისობის გადასარჩენად.






* * *

ჩუმია სივრცე, როგორც დაღლილი ბაგე ქადაგის.
გარინდებული გიცდის უდაბნო.
არ გაიხედო. ჩასაფრებული მზაკვრულ ფანდებით
აიშლებიან ოაზისები.
ნუ დახანდებიუცხო სასახლის ლამაზ ჭიშკართან,
თუმცა მიგიხმობს ვიღაც მზისებრი.
ნუ მოირთვები ჟინით და ვნებით
და მოვარდნილი თავდავიწყებით.
არ გაიხედო,და შენს სხეულს არ გაედევნო,
მიიზიდება ოდეს იქითკენ.
აქ, მარტოობის ნაცნობ მინდორში,
მოდის ქალწული ცინცხალ ბილიკზე,
მოაქვს ფერმკრთალი, ქორფა იები.
მის მოსასხამზე არ ნებივრობენ
მაცდური ქვები ზურმუხტ-ბივრილის.
ჩიტნი გალობენ უხვად: მარიამ,…
იღვრება სევდა და სასოება,
თვეა მირკანის.
ღელავს და სუნთქავს უსაზღვროება...
მიეგებე და თაყვანი ეცი
ეს დღეც არ ჩაქრეს, არ ჩაიქცეს უკუნს უკვალოდ.
თორე ღამდება,ჩანავლებული გზნება ფითრდება,
და გაცრეცილი მიცვალებულნი
მილივლვებენ ზეცად და მთვარეს
ეფერებიან ლურჯი თითებით.





იქნება გვიან

მე რა ვუშველო შენს დაღლილ დალალს,
საყვარელ ქარებს თრთოლით რომ ელის.
მოგიხტებიან მზიანი დღიდან
დარდები, როგორც მშიერი მგლები.
მე რა ვუშველო შენს გიშრის თვალებს,
სადაც ოცნება ბერდება მწველი,
ვიოლინოზე დაუკრავს ვიღაც
და გადატყდება ლერწამის წელი.
და გაცვეთილი კაბების დარად,
წლები დარჩება ფერხთით დაყრილი.
იქნება გვიან, ძალიან გვიან,
როცა ეტლებით მოვა აპრილი.




უშენოდ

ქარი შლის რიტმებად სივრცეთა დარბაზებს.
ბინდდება, ფითრდება დაღლილი ცისფერი.
ირევა ფოთოლთა ფერადი ზვირთები.
ამაოა ყოველი, როდესაც შორიდან
მიგიხმობს არავინ...
და ბილიკს გაუყვები დაზაფრული.
სული ღრუბლის ზვინებს შეერევა.
წამები წაიღებენ შენს ცხედარს გაწამებულს,
ვერ იხილავ, რასაც მიელტვოდი აგრერიგად.
და მოლოდინით გათანგულ ღამეში
უშენოდ... უშენოდ... უშენოდ...
გაიშლება წარმტაცი ვიქტორია რეგია.



* * *
ისე სავსე ვარ ახლა სიმშვიდით,
თავზე მევლება რკალი მთიების,
მოვლენ შორეთით სირინოზები
და მიმწუხრისას იგალობებენ,
და კვირტებს გაშლის ცაზე მთოვარი.
ისე სავსე ვარ ახლა სიმშვიდით,
ისე სავსე ვარ, მე შენზე ვფიქრობ.




სიკვდილის ვედრება

რატომ კანკალებ, სულო შემდრკალო,
და იზნიქები ჩემი მწველი სუნთქვის შეხებით.
მოვალ უნიღბოდ, ფერით არ ვიმკობ
კვართს და ხამლიც მაცვია ძველი.
და არც ვნებიან გრძნობათ ფრქვევა არ მეხერხება,
მაგრამ მე ის ვარ, ვისაც სიზმრებში
მუდამ ეძებდი და მიელოდი
მაცდურ სიცოცხლის ილუზიურ ლამაზ ტევრიდან.
ო, მე ვარ იგი, იდუმალი შენი მიჯნური.
ჰო. არაფერი. ნუ შეშინდები. ჰო. ყველაფერი.
ჩემი სამშვენი არის სიმშვიდე
და უშფოთველი ზმორება ოდეს,
სხეული იშვებს გამთენიისას.
ჩემი მკლავები, როგორც ჩრდილი
თაკარა მზეში _ სურნელოვანი ცაცხვის კარავი,
ჩემი თვალები ჰანგთა ზღაპრებით
ამოვსებული გიშრის ტბორები,
და ჩემი გული _ აღელვებული,
მღვრიე ყოფას განრიდებული _
ლაღი კუნძული. ოაზისებით სავსე სავანე,
შენ რომ იგზნებდი ღამეული ხილვის ბაღიდან.
მე ვარ ნაყოფი_უპირველესი,
შენი სნეული შიმშილობის დასაოკებლად.
რომელსაც იწვევს მარადიული შემოხედვა ამაოების.
შენ ხომ მიწვევდი და მომელტვოდი
შფოთიანი თავდავიწყებით,
გსურდა ხავერდთა ნაზი სიგრილე
და მოლივლივე ნიავის ფრთებზე გულის გაფენა.
ფიქრს აყოლებდი ღრუბლის ქარავანს,
აყურადებდი შორეულ ძახილს
გამოუცნობი ქაოსებიდან.
აჰა, მოვედი, შენ კი გაშინებს
ჩემი არსების უნათლო ხატი,
და ჩემს სიყვარულს უკუაგდებ, ვითარცა ეკლებს.
მე კი მოგვგვარე ჩქარი ეტლები,
ცეცხლოვანი, ფეხმარდი რაშნი,
ვრცელ სამყაროში გრიგალივით გადაივლიან.
ნუღარ აყოვნებ, ვერ გამიგია,
რატომ ცახცახებ, ვით თოთო ღერო.
შენი გულისთქმა ააყოლე ჩემს ძლიერ აფრებს,
ნუ დახანდები, განიძარცვე ცისკრის ლანდებით.
თორე ინანებ, დაჭკნებიან ცის ყვავილები,
და კვლავ უწყალო მარტოობითდაიზაფრები,
თუმცა, ვინ იცის...




სარკეში

სულში ქაოსის ბნელი ტალანია,
ძრწის და კანკალებს კვიპაროსი ალანდული.
ბალახის ღეროებია შენი ამოსუნთქვა,
მქრქალი ამოოხვრის ნაცრისფერ არშიებით.
გეშინია დაშლილი ჰორიზონტის,
შეშლილ ფიქრებად რომ შეგეყრება.
ნისლში იძირება ბეატრიჩე...
მღვრიე სარკეებში იმზირები,
ეგება მზის თვალებს გადააწყდე.
წვიმებს არ მოჰყვება წითელი ბაღები,
ნაღველი მარადისი.
მთვარით გაფატრული ბაცი ღამის ფერი.
ბნელი, რომელიც სავსეა სინათლით,
მწიფე მსხლების სიყვითლით ანთებული...
ღმერთო, მაპოვნინე სიხარული.
დაღლილი ვედრება და ჩურჩული,
დაბრუნდი, საიდანაც წამოხვედი...



* * *
სევდის ღიღილო თვალებში გიკრთის
გლახაკი გიხმობს მარად დედოფალს
შენი მზერიდან ამსხლტარი სხივი
მას დღეს საგზლადაც უხვად ეყოფა.
უსჯულო კაცსაც შვილად მიითვლი
და უწყალობებ მზისფერ შენდობას.




წამოვალ...

შევიმოსები ჩამავალ მზის სხივთა სამოსით
ფიქრთა ბნელსა და ცივ წიაღებს
დავაღწევ მზერას.
ავედევნები ლურჯ ქარავანს ფოთლებისას
ცის უდაბნოში
და სნეულ გრძნობებს თავდაღწეული,
შემოდგომავ, წამოვალ შენთან.
დამედევნება გააფთრებით შმაგი სიცხადე,
ფეხქვეშ ჩამიშლის ნაპრალებად შემკრთალ ბილიკებს.
შემომაფეთებს ბალღამიან, გამხდარ მათხოვრებს,
ცოფიან ძაღლებს, მახინჯ ბავშვებს
და ჩამომხრჩვალ თავისმკვლელთა
მიტოვებულ, ნაცრისფერ ცხედრებს.
თავზე დამანთხევს უზნეო სიზმრებს.
მერე ჩამსხვრეულ საფეთქლიდან
იელვებს სისხლი და ცივ ჰორიზონტს
მეწამულად შეაცახცახებს.
მე კი მიტაცებს შორეული მთის სილუეტი,
მინდა შევიქმნა სილამაზის ჩუმი მსახური.
განვაგდებ ყოველს _ გაფითრებულ განცდათა კონებს
და დამჭკნარ სევდას გადავუყრი
ველურ ფრინველებს. და დავივიწყებ,
რაც მაღელვებდა ამ ხილვების უსაგნო ზღვაში
და განძარცული, მარდოდმარტო,
შემოდგომავ, წამოვალ შენთან.
შემოვივლი ყვითელ დარბაზებს
და გადარჩენილ თოთო სიხარულს _
უცოდველი ცრემლების რტოებს
დაგიფენ ფერხთით.


* * *

ჩუმად, მოდიან ქალწულები
ფრთხილი ნაბიჯით.
ახლა იდუმალ
ტახტრევანებს
ჩამოქსოვს მთვარე
და ციმციმ, ციმციმ
წავლენ ქალწულნი
მრუმე ღამეში
და იმ შორეულ ნათლის სვეტებს
შეერევიან.

დაბეჭდილია წიგნში ''გულის ბარძიმი'', 2009

No comments:

Post a Comment