Translate

Tuesday, February 1, 2011

მარიამ წიკლაურის ლექსებზე

მაია ჯალიაშვილი
''პოეზია – სამყაროს სიზმრის ახსნა''

მარიამ წიკლაურის ლექსების კრებულზე ''თეთრი ხბორები''
''მე მახსოვს პირველი სიტყვების წვიმაში
რომ იდგა ღმერთი და
სამყაროს ნათლავდა'', _ წერს ერთ ლექსში მარიამ წიკლაური და გრძნობთ, როგორ გეხსნებათ დახშული მზერა, სმენა და რაღაც უჩვეულოსა და უცხოს განიცდით. ეს სტრიქონები ხილვის დარად შესაქმის საიდუმლოს აზიარებენ მკითხველს. ღვთის მიერ სიტყვების წვიმაში სამყაროს მონათვლა იმგვარი პოეტური ხატია, რომელიც ამხელს სამოთხიდან დევნილი ადამიანის მწუხარებასა და შინ დაბრუნების მარადიულ წყურვილს.
მარიამ წიკლაურის ლექსი ცინცხალი მზერით შემოიჭრება შენს გაუფერულებულ ნაცნობ გარემოშიც და გულგრილობის გამოქვაბულიდან გამოგიყვანს, რათა დაგანახვოს ცაზე აკიაფებული ახალი ვარსკვლავი, აქამდე რომ ვერ ხედავდი. ეს ვარსკვლავი სიტყვაა, მხატვრული სახეა, სიმბოლოა, რომელიც აღმოგაჩენინებს, რომ ფენიქსივით აღდგება ყოველივე, უპირველესად, სიყვარული, თუკი მას პოეზიის ჯადოსნურ მალამოს წაუსვამ.
`სიყვარული ღმერთია~ _ ეს არის ამ პოეზიის მძლავრი მუხტი, რომელიც გიბიძგებს გასცდე მატერიალური ყოფის სამანებს და იქცე ერთიანი, ჰარმონიული მთელის ნაწილად, სამყარო რომ ჰქვია.
ახალი კრებული `თეთრი ხბორები~ (გამოცემლობა `პეგასი~, 2010) მარიამ წიკლაურის პორტრეტია. ამ წიგნში წარმოჩნდება მისი სულიერი მისწრაფებანი, სამყაროსთან ურთიერთობის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გამოცდილებანი. ამ პოეზიაში თანაბრად ირეკლებიან ხილულნი და უხილავნი, სულიერნი და უსულონი, ერთი სიტყვით, ყოველივე ის, რაც ადამიანს სულს, გულსა და გონებას უშფოთებს, ამოძრავებს და აღძრავს სიცოცხლის მისტერიის შესაცნობად.
მარიამი ქართული პოეზიის შვილია, ეს იგრძნობა მისი ლექსების ინტონაციაში, იმ მხატვრულ სახეებში, რომლებიც ნასაზრდოებია ტრადიციით, ფოლკლორით, მშობლიური კულტურის გამოცდილებით, თანვე, როგორც იტყვიან, არც მას `უსეირნია პალმების ჩრდილში ამაოდ~ და ამ ლექსებში ჩანს `სხვათა~ ნაყოფიერი გამოძახილებიც _ თანამედროვე თუ კლასიკური პოეზიის ტენდენციები. ეს არის, მართლაც, მშვენიერი პოეზია, უჩვეულო პოეტური სახეებით, განცდების სიღრმით, `გაცვეთილ~ თემათა განედლებითა და საგულისხმო ვარიაციებით.
კრებულის ერთ-ერთი გამორჩეული ლექსი `თეთრი ხბორები~ ბიბლიური დროის სურნელს მოიყოლებს. მისი პირველივე სტრიქონი გაგახსენებთ `ქებათა ქების~ რიტმსა და ინტონაციას:
`სასუფევლის წნული ღობეა შენი წამწამები,
მოვადგები დაღლილი და ვიყურები გადაღმიდან,
აყვავებული ვაშლის ხესავით~.
აქ არის პოეტის სწრაფვა, სიტყვის ბილიკებით მკითხველი გადაიყვანოს უშორეს წარსულში, განაშოროს ყოველდღიურობის ლექსა და ხინჯს და აზიაროს სანეტარო სიტკბოსა და სურნელს. ლექსის მიძღვნაც ისეა დაქარაგმებული, რომ რაღაც საიდუმლოს განცდა გაგიჩინოს. სადი ნიმარი: მიმზიდველი და შორეული, მაგრამ თანვე ახლობელი. სადი ნიმარი ნინო სადღობელაშვილზე მიგვანიშნებს, მშვენიერი სულის პოეტზე, რომელთან მეგობრობა მარიამისთვის შემოქმედებითი ენერგიით ავსებაა, რათა შემდგომ სიყვარულით დამუხტულმა უხვად გასცეს უშურველად მიღებული სითბო და სიკეთე.
პოეტმა ამ ლექსში გამოხატა სწრაფვა უმანკოსა და შეურყვნელისკენ. რამ შეიძლება მოჰგვაროს შვება სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელსაც მზერაც დალაქავებია და ვეღარ ხედავს საგნის მიღმა ვერაფერს, ვეღარც შორეულ ექოებს მიაყურადებს. პოეტი ჯადოსანივით გამოიწვევს წაშლილი და გაპარტახებული ხსოვნის უფსკრულებიდან სახეებს, კაცთგან განდევნილს და თეთრი ხბორებივით შემოდენის ჩვენი წარმოსახვის მინდვრებზე, რათა გაღატაკებულ ჩვენს სულიერებას მუჭაში ჩაუდოს ლექსები, როგორც სულიერი საზრდო.
მარიამისთვის პოეტი ღვთით შთაგონებულია, რომლის გულში `ცეცხლი ღვივის~ (ილია). იგი სასუფევლის კარის მაძიებელი, `მარტოობის ფსალმუნთა~ მგალობელია, რომლისთვისაც ზეციური და მიწიური ¬_ `ისე მშობლიურია, როგორც ფურცლის ორივე გვერდი~. ამიტომაც ჰგავს მისი ნაფეხურები ედელვაისებს, თეთრვარსკვლავა ყვავილებს _ ედელ-გერმანულად კეთილშობილს ნიშნავს, ვაისი კი თეთრს _ ასეთი უმწიკვლო და კეთილშობილია პოეტის სული, რომელსაც მოაქვს განცდა გადარჩენისა: `ყველა სტიქია მოვიმზისნამეთ, მოვიქარიშხლეთ~. ეს პოეტური კომპოზიტები ათასგვარი ყოფითი ხიფათის გადალახვას საოცარი ტევადობით მოიხელთებენ.
მეგობარი იწვევს ყველაზე დიდი მეგობრის – უფლის გახსენებას: `თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ (იოანე, 15, 14). ხოლო ლექსის `შენ~ თანაბრად აღიქმება მიწიერადც და ანგელოსურადაც:
`მოვალ და გკითხავ, როგორ მენდე და დამემგზავრე?
შენ კი თეთრ ხბორებს ხელს აუქნევ და ჩაიცინებ
_ ღმერთით, ღმერთითო~...
`ერთმანეთის თვალებიდან გვიყურებს ღმერთი~ _ ამ სტრიქონში საოცარი სისავსით შეიგრძნობა სიყვარულის უზენაესობა. ამ პოეზიის კითხვისას გაქვს განცდა, რომ ავტორს სულ ახსოვს: `სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება~ (იოანე, 6, 63).
ღვთის თვალს გამუდმებით გრძნობს პოეტი, ალბათ, ამ შეგრძნებამ დაბადა მშვენიერი ლექსი `დამიმახსოვრე მარიამი~. ამ ლექსში არის განდობაც, ვედრებაც, აღსარებაც, შიშიც, `სიყვარულს რომ წავაწყდე გზაზე~, `ვეცოტავო და ახლოსაც არ გამიკაროს~, თანაც ხომ ახსოვს უფლის წუხილი, რომ `ძესა კაცისასა არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნეს~ (მათე,8,20). ამ სტრიქონებში გამოსჭვივის შეუბღალავი რწმენა იმისა, რომ `ვკვდებოდი და სიცოცხლეს შენში ვახელდი~. `ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე (იოანე, 11, 25). ქარი ამ პოეზიაში `ნისლისფრთიანი ანგელოზია~, რომელიც ზეცისკენ წაიღებს სიმღერას:
`ამ უდაბნოში უთვალავი ბილილა ყვავის,
ვკრეფ და როდესაც ყვავილებით მოვდივარ შენთან,
რაღატომ მხვდები ერთი კოცნით წინასწარ მკვდარი
და ერთი ღერი ყვავილისთვის წასული ღმერთთან.
აბა, რით ვეღარ დამიმახსოვრე,
მარიამი მქვია სახელად~.
აქ სახელი წარმოჩნდება, როგორც ბედისწერა, რომელიც დაუკითხავად `გიწერს~ ცხოვრებას და შენ ისღა დაგრჩენია, `საუფლო ხსოვნას~ არ უღალატო, უერთგულო ყოვლდწმინდა ღვთისმშობლისა თუ ლაზარეს უნაზესი დის, ჯვარცმული იესოს პირველად ხილვის პატივით დაჯილდოებული მაგდალინელისა თუ კიდევ სხვათა სახეებს, რომლებიც სხვანაირ ცხოვრებას `გავალდებულებენ~.
ამ ლექსმა მოგვაგონა მარიამ მაგდალინელის ორი ნაამბობი ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიდან `იესო ძე კაცისა~. პირველი შეხვედრისთანავე იგრძნო მარიამმა, იესო ისე ელაპარაკებოდა, როგორც სიცოცხლე სიკვდილს და ისე შეხედა, `როგორც წელიწადის დრონი უმზერენ მინდვრებს~. მეორე ნაამბობის მიხედვით კი: `მახსოვს, როგორ წყალივით რაკრაკებდნენ მისი ნაბიჯები, თითქოს კი არ დადის, თვითონ გზაა _ გზაზე დაფენილიო~ და
`მკითხა: _ რა გსურს, მარიამო?
ვერაფერი ვუპასუხე. დაფარული ჭრილობები გადამეხსნა და მთელ სხეულში სითბომ დამიარა. მისი სინათლის კაშკაშს ვეღარ გავუძელი და გზა გავაგრძელე; თუმცა სირცხვილი განმეშორა და აღარაფერი დარჩა ჩემგან, გარდა სიცოცხლისა და წადილისა, რომ მარტო დავრჩენილიყავ, რათა მისი თითები ჩემი გულის სიმებს შეხებოდნენ~ (გიორგი ლობჟანიძის არაჩვეულებრივი თარგმანი).
სიტყვის სინედლის, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, გრძნობაა ამ ლექსებში _ პოეტი იყნოსავს მის სურნელს, მის მუსიკას ისმენს, მის ფერადოვნებას ჭვრეტს და პოეტური სახეებით მოიხელთებს მის `ასტრალურ სხეულს~. ხანდახან, სიტყვებზე ასე შეყვარებული და გატაცებული, თვითონაც ქმნის ახალ სიტყვებს, მაგალითად, `მედარდე~, `მესევდე~, `მეხსოვნე~ _ ეს ნეოლოგიზმები საოცარი სისავსით წარმოაჩენენ მის შინაგან სამყაროს. ამიტომაც მოულოდნელი არ არის ამგვარი ფილოსოფიურ-პოეტური განზოგადება:
`ლექსებისთვის შექმნილა ენაც~.
მარიამი სიტყვათა ჩრდილებს დადევნებული პოეტია, როგორც თვითონ ამბობს ხატოვნად, მეფარნე, რომელსაც შეუძლია შენი დარდის მღვიმეში დაყუდებულს და მოწყურებულს ლექსი წყალივით მოგაწოდოს, გიწყალობოს სიტყვა, როგორც ყვავილი და შეგეწიოს იმ გზაზე, რომელსაც ტანჯვის მწვერვალისკენ მიჰყავხარ, რათა სწორედ მწვერვალზე ის ტანჯვა სიხარულად გადაიქცეს და იგრძნო: `ღმერთამდე იმდენად, იმდენად ახლოა...~ (`გვისმენე~). მთავარია არ შეწყვიტო ძიება და როგორც ბესიკ ხარანაული წერს: `ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს~ (ბესიკ ხარანაული).
ძველად, ელექტრონის გამოგონებამდე, იყვნენ ასეთი ხელობის კაცები _ მეფარნეები, რომლებიც სიბნელეშეპარულ ქუჩებში დადიოდნენ და ფარნებს ანთებდნენ. მარიამის `მეფარნის~ კითხვისას სწორედ ასეთი მეფარნე გამახსენდა გურამ დოჩანაშვილის რომანიდან `სამოსელი პირველი~: ლამაზ-ქალაქში ღამ-ღამობით კაცი დადიოდა, სახელად ლეპოლდინო და ფარნებს ანთებდა. თან დროს ამცნობდა ჩაძინებულ ქალაქს და შედედებულ სიბნელეს გაჰკვეთდა მისი ცოცხალი შეძახილი: ღამის ორი საათია და ყველაფერი რიგზეაო. ამგვარად, ის თანამოქალაქეთა მშვიდ ძილს დარაჯობდა და ამას იმეორებდა ყოველი ახალი გამოცხადებისას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ავიც იყო და კარგიც, ის მაინც ჯიუტად, დილის 6 საათზეც იმეორებდა, ყველაფერი კარგადააო.
რა საერთო აქვს მარიამ წიკლაურის ლექსის მეფარნეს ლამაზ-ქალაქის მეფარნესთან? არის თუ არა ის `სამოსელი პირველის~ ალუზია? ალბათ, არის, თუმცა ახალი ნიუანსებითაა დატვირთული.
მეფარნე აქ სამი განსხვავებული მნიშვნელობით შეიძლება მოვიაზროთ:
1. როგორც პოეზია, რომელსაც განათება, ხსნა შეუძლია.
2. თვითონ პოეტი, რომელსაც ადამიანისთვის იმედის მიცემა ევალება.
3. როგორც ღვთის სიმბოლო, `შუაღამის მზე~, რომლის მოლოდინშია ცოდვის წყვდიადით დათრგუნული ადამიანი.
მხატვრული სახე-სიმბოლოების ამგვარი მრავალმნიშვნელოვნება ქმნის მარიამ წიკლაურის შემოქმედების ესთეტიკას, რომელიც ნასაზრდოებია კლასიკური და ხალხური პოეზიის გამოცდილებით.
`მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!
ღამეს სიბნელის ფრთა მოჰკვეთო იქნებ~.
ამ სტრიქონებში იმედი და სასოწარკვეთილება თანაბრად გაისმის. მეფარნე, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ხავსია, რომელსაც მთელი არსებით ებღაუჭება ლირიკული გმირი. მის გულში რწმენა გადარჩენისა და ეჭვი დაღუპვისა ერთმანეთს ებრძვის და სწორედ ეს ბრძოლა გადაიშლება მკითხველის თვალწინ.
რა არის წყარო ამგვარი სასოწარკვეთილებისა, რომელიც ამ და სხვა ლექსებშიც მოჟონავს და მზერას ნისლავს? უპირველესად, ის სევდა, რომელსაც ბადებს შეგრძნება წარმავლობისა, ყოველივე ჟამიერის გაქრობისა, ეს კი ბედნიერებას ლაქავს და სწორედ მაშინ იწერება, ალბათ:
`ზამთარიც მომაჩეჩებს მოწყენას, დაღლას,
სიმარტოვეთა მონასტრების
ტროპარებს, ლოცვებს~ (`დარდიანია ხშირად ჩემი ბედნიერება~). თუმცა ქარი `მარადი მეხსოვნე ჩვენი, მოჩითულ ქვებზე ხავსის საკურთხებს ჩამოგვირიგებს უჩინარ ხელით~ (`მარადი მეხსოვნე~). ქარი სულია, რომელსაც `ვიდრეცა უნებნ, ქრინ~ (იოანე, 3, 8).
პოეტი ფიქრობს, რომ `უღმერთოდ სიცოცხლე
კაცზე წინ ჩიტებს და ყვავილებს მოსწყინდათ~.
ეს ეხმიანება უილიამ ბატლერ იეტსის სტრიქონს: `ღმერთი არ მომკვდარა თეთრი ყანჩასთვის~ (პოემიდან `გოლგოთა~). მთელი სამყარო გაჟღენთილია უზენაესის რწმენის წყურვილით:
`ბებერ ბაობაბს ღმერთი ეგონა ჩამავალი მზე,
წითლად მოღლილი~.
ამ ლექსებით პოეტი ესაუბრება მთელ სამყაროს, სულიერსაც და უსულოსაც, ხილულსაც და უხილავსაც და ცდილობს მკითხველსაც განაცდევინოს ის საოცარი სევდა და სიხარული, რომელიც ამ იდუმალი ურთერთობიდან იბადება, ხანდახან ამიტომაც ამოინატრებს ასე ლამაზად:
`ვიყო ყვავილი ველისა _
არაგვთან უფლის დარგული~.
უფლის მოლოდინი საოცარი სისავსით იხატება ლექსში `ელი~, რომელშიც ჯვარზე გაკრული უფლის ტკივილიანი შეძახილით არის დამუხტული: ელი, ელი, ლამა საბაქთანი _ უფალო, უფალო, რაისთვის დამიტევებ მე?~
`შენც სულ რომ ელი,
ხმა ი-ცანი იმ წამებისა,
წა-მე-ბი-სა, წა-მე-ბი-სა-
მარადისობის ნამცეცებად რომ აპნევს ქარი~.
არ შეიძლება გულგრილად წაიკითხო სტრიქონი: `ჩემი სევდიანი მაცხოვარი~, საიდანაც სითბო იღვრება. ეს ეხმიანება სახარებისეულ: `და ცრემლოოდა იესუცა~ (იოანე, 11, 35). ამ ბუნებრიობითა და უშუალობით არის გასხივოსნებული ეს პოეზია, ამიტომაც ასეთი გასაგებია ლექსად ამოთქმული ვედრება:
`ოღონდ მადროვე,
თუნდ ერთი ღამე,
ქრისტეს ლოდინში,
შენს ხელისგულზე
მაძინე ტკბილად~ (`ჭიამაია~).
ეს პოეზია სავსე ალუზიებით, რომლებიც მკითხველს სტრიქონთა მიღმა ნაგულისხმევ დრო-სივრცეში მიუძღვებიან. ამ თვალსაზრისით, გამოირჩევა ლექსი `შენ მაინც წერე~, რომელშიც გრძელდება პოეტის, როგორც მხსნელის გააზრება. `უჟამო ჟამი~ აქაც უფალია, რომლის ყანაში მკის პოეტი, რათა მოსავლის აღებისა და შეკრებისას `იფქლს~ შეერიოს და არა `ბზეს~.
`მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი~.
ლექსში სულიერი განვითარების მისტიკური გზაა ნაგულვები. `ვერ მივაკვლიე წყაროს სათავე~ ეხმიანება გურამიშვილს: `ვამე, ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო~.
`ჩემმა ფასკუნჯმაც მკორტნა და მკორტნა~. ფასკუნჯი სიმბოლოა სულისა, რომელიც გამუდმებით უნდა ჰკვებო საკუთარი ხორცით, ე.ი. მუდმივად შესწირო სხეული, რათა ცოდვების ქვესკნელიდან ამოაღწიო, მაგრამ `საზღვარი აღარ ემჩნევათ სკნელებს~. სტრიქონში: `მზე ფრთებს გიდნობდა~ მკითხველს იკაროსის სახესაც წამოუტივტივებს, რომელმაც მზესთან მიახლოება და თავისუფლად ნავარდი გაბედა. ასე რომ, მარიამის პოეზიაში ლაღად შემოიჭრებიან მითოსურ-რელიგიური თუ ზღაპრის სახე-სიმბოლოები, ერთგვარი კულტურული კოდები, რომელთა გაშიფრა მკითხველის ინტელექტზეა დამოკიდებული, თუმცა ეს ყოველივე იმგვარადაა ლექსის მხატვრულ სისტემაში მოქცეული, რომ კი არ ამძიმებს, არ აუცხოებს, პირიქით, მეტი იდუმალების განცდას ბადებს და სტრიქონებს სასიცოცხლო ენერგიით მუხტავს.
ტანჯვა სულიერად სრულყოფს ადამიანს და გამოარჩევს სხვათაგან, როგორც მარიამის ნატვრის ხე დგას მარტოდმარტო `ტანმოხატული ვედრებების ჭრელი კაბებით~. ამ ლექსში ოლეს (ლეონიძისა) ალუზია ამდიდრებს წარმოსახვას და მკითხველს შეაგრძნობინებს მარტოსულობის ტკბილ-მწარე სევდას:
`რომ მოვიდნენ და შემოგახსნან ტანჯვები უცებ,
რა ჩვეულებრივ ხედ იქცევი, ჩემო ნატვრისავ~ (`ნატვრის ხე~).
პოეტს ვალად ადევს `წარმავლობასა და არავისობას~ გამოსტაცოს სული და `იმედის თეთრი ირემი~ გაათავისუფლოს და სჯერა ლირიკულ გმირს:
`ახერხებ, ჩვენს სიმწირეში მარადისობის ჩატიო ღმერთი~.
მისთვის პოეტი `კაცობრიობის ძველი მეხამრიდია~, თან მარადიული ბავშვი, რომელიც დედასამყაროს სიყვარულს ევედრება, რათა არ დაემსგავსოს `წვიმის მერე ჭიანჭველების ძველ ქალაქს~ (`ირგვლივ~). პოეტს შეუძლია `წარმავლობა უკვდავების მარილით დააგემოვნოს~ (`მერგო წვიმის წვეთის ბედი~).
თეთრი ირემი, როგორც სიმბოლო ამაღლებულობისა, სხვა ლექსებშიც გაიელვებს. იგი ზემოთ ნახსენები თეთრი ხბორების ვარიაციული სახეა. ორივე მიმანიშნებელია სიწმინდეზე, ამაღლებულზე, ყოველივე იმ ზესთასოფლურზე, რომელიც მატერიალურ სამყაროს იდუმალ მსჭვალავს. ლექსში კი `თეთრი ირემი~ იგი წმ. ილიას სულს წარმოაჩენს და აცოცხლებს წიწამურის თეთრი ირმის ლეგენდას, პირველად აკაკი ბაქრაძის მიერ საოცრად მოთხრობილს და სიმბბოლურად ახსნილს. ლექსში გაკრთება რემინისცენციები, რომლებიც ილიას შემოქმედებას გააცოცხლებენ და მკითხველსაც უჩვეულო ენერგიით ავსებენ.
ლექსი ასოციაციური ნაკადებითაა სავსე, რომლებიც ერთიანობაში წარმოაჩენენ საქართველოს წარსულს, აწმყოსა, მომავალს:
`წინაპრის ლანდი ცხად-სიზმრის დარდებს
აცლის ლაზარეს, როგორც სახვევებს,
დგას წიწამურთან თეთრი ირემი
და დღესაც მგელთა ხროვას ახელებს~.
თეთრი ირმები მოჰყვებიან ღვთისმშობელს ლექსში `თოვლი მოდიოდა~ და ეს ფერწერული ნახატი შთამბეჭდავად წარმოაჩენს პოეტის სწრაფვას, წარმავალის მიღმა მარადიულის ნაკვალევი დაინახოს და მხატვრულ სახეებში დააქარაგმოს.
თანამედროვეობის მაჯისცემა ჩანს სხვა ლექსებშიც, მაგალითად, `ომის ვერლიბრი~ თუ `სადილი ყველას~, მაგრამ ამ პოეზიაში უპირველესი არის სწრაფვა დარღვეული დროის გამთლიანებისკენ. ეს ძნელი საქმე კი პოეტს აქვს მინდობილი, რომელიც გვარწმუნებს, რომ შესაქმის გვირგვინი _ ადამიანი თანაბრად არის მიდრეკილი ანგელოზურისა და დემონურისკენ, მთავარია, შენ რას გააღვიძებ მასში, როცა ის `ერთი ღამის თავშესაფარს მოითხოვს შენს თვალებში~ (`პატიების დღე~).
ამ პოეზიაში არის ცდა მკითხველს სრულიად ახალი კუთხით დაანახვოს ნაცნობი და გაცვეთილი, განაცდევინოს ყოველი დილისა თუ საღამოს განუმეორებლობა, რადგან სასწაულია ყოველი გათენება, რომელსაც ასეთი შთამბეჭდავი მეტაფორებით ხატავს:
`მოაგორებენ სინათლის ზვინებს
ჭიკჭიკშებმული ჩიტის ურმები~, ან
`ხეებზე გაკრულ შიშს ფერდიდან
დასდინდება ციცინათელა~ (`აივსე კალთა, დედაკაცო~).
ყოველდღე იბადება პოეტიც და `თავის თავს იწყებს~ და მასაც სურს `სინათლეს ხელი წაავლოს~.
ყურადღებას იქცევს ამ ლექსებში გამოხატული დედობრივი სითათუთე სინაზე:
`ია, გამხმარი ფოთლების ჩვრებში,
უშვილო მდიდრის კარზე მიგდებულ
ჩვილივით მოგთხოვს აყვანას ხელში (`ჯერ გაზაფხული არც შემოსულა~.
დედაციცინათელა კი მარიამის აღმოჩენილი მხატვრული სახეა. იგი სიმბოლოა ნაყოფიერებისა, სიმშვიდისა და რწმენისა, რომ სამყაროში სიცოცხლე არასოდეს ჩაქრება. მან ასე თუ განიცადა, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია და `რომელი ყოველგან ხარ და ყოველსა აღავსებ მადლითა შენითა~.
`ბალახის ნიკბზე მიცდება ფეხი,
ბალახიც სინას მთა არის ჩემთვის
მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს,
ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი~ (`დედაციცინათელა~).
ასევეთივე უცხო და მშვენიერი სახეებია თოვლდედოსი, ძუძუს რომ აწოვებს თოვლის ყრმას (`ნეპალი~), დედონაძვებისა, რომლებიც `კენწეროებით არწევენ ღრუბლის ფუმფულა აკვნებს~ (`თებერვლისპირი~).
თვითონაც სიტყვებს შვილებივით ეპყრობა, მოავლენს თავისი სულის წიაღიდან, ზრდის და ქვეყანაზე უშვებს ლექსებად:
`თითქოს წუხელის
მომაძიძა ელიამ შვილი
და ჩვილ სინათლეს ვარწევ ხელებით~ (`სიზმარი~). სამყაროს მიმართ ასეთმა მზრუნველმა დამოკიდებულებამ დაბადა, ალბათ, ასეთი კითხვაც; `შიოდა ნეტა ძუძუ მაცხოვარს?~
პოეტი ერთ ლექსში კითხულობს; `ხომ არის ის სამყარო, რაც არ იხილვის?~ (`ვერაფერი ვნახე~). სწორედ ამ სამყაროს ხილვისკენ მიისწრაფვის და აღმოაჩენს კიდეც, მაგრამ ყოველი აღმოჩენა თან ახალ კითხვებს მოიყოლებს:
`რა ხდება მიწის გადაღმა ისეთი კარგი,
რომ იქიდან ასე ლამაზად და ნაირფერად ამოდიან დალოცვილები~. პოეტი ბალახების `გამონაშუქ მშვენიერებას~ გაუოცებია და დაასკვნის:
`კაციც ხომ ასე –
რაც სულში უდგას, იმას ასხივებს~.
პოეზია მისთვის `სამყაროს სიზმრის ახსნაა~. პოეტი მისანია, მოგვი და მისტიფიკატორი (სანდრო ცირეკიძე), ის საგანთა და მოვლენათა მიღმა იხედება.
მარიამი ძირითადად ვერლიბრით წერს, მაგრამ ოსტატურად ფლობს ვერსიფიკაციის სხვა ფორმებსაც. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ლექსი `საარაგვოზე~.
`ვიღაცა ეტყვის დედაჩემს,
პოეტის დედას გავხარო~.
რა უბრალოდ და ლამაზად არის დიდი სათქმელი გამოთქმული. აქ პოეტის დედა უცნაური სინათლის გასხივოსნდება და სხვათაგან გამორჩეული ხდება.
ამ ლექსებში საოცარი შეგრძნებაა ხეებისა _ ასეთი ნაცნობებისა, სრულიად ახლებურად რომ შეგვახვედრებს პოეტი. `ხე გალობდა, ფრთოსნები კი ანგელოზები იყვნენ ამ ხისა~ (`თეთრი ხბორები~). გვახსენდება დავით მეფსალმუნის `ყოველი სული აქებდით უფალსა~.
აქ ხე `მწვანე მამალია~, გალაკტიონის `მუხასავით~ პირველი რომ ეგებება ალიონს. ღამის ხეები კი `ჩიტის აკვნებად არიან ჩამწკრივებულნი~ (`ღამის ხეები~). ეს პოეზია შეგახვედრებს საგნებსა და მოვლენებს ამოფარებულ წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან.
პოეტმა იცის `სიჩუმის ანბანი~: `ტკივილებს უხდება ამ ენით შელოცვა~. ეს გვახსენებს ბარათაშვილის სტრიქონს: `მაშა დუმილიც მიმითვალენ შენდამი ლოცვად~. დუმილში აღსრულდება უდიდესი საიდუმლოებანი, რადგან დუმილი `ოქროა რჩეული~ (სოლომონი):
`ამ სიჩუმის უკანა მხრიდან
გეძახის ვიღაც~ (`უცხოს~).
`მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა~ _ 142-ე ფსალმუნს ეხმიანება მარიამის სტრიქონები:
`სულს ვერ ვპოულობ,
ხორბლის მარცვალს დამსგავსებია~
და ხორბალი უნდა მოკვდეს, `მიწაში იქორწინოს~: `უკეთუ არა მარცვალი იფქლისაჲ დავარდეს ქვეყანასა და არა მოკვდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკეთუ მოკვდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 12, 24). ამ ლექსებში არის დიდი მოლოდინი `მისი მოსვლისა~.
სიკვდილის სახე ქართულ მწერლობაში მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი, მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ გურამიშვილის `კაცისა და სიკვდილის გაბაასება~ ან ყმაწვილი სიკვდილი გოდერძი ჩოხელის `ადამიანთა სევდიდან~. მაგრამ მარიამი მაინც ახერხებს მის რაღაც ახალი ნიუანსებით წარმოჩენას:
`სადა მთავრდები, სიკვდილო,
სად არის შენი სამარე,
მოვიდე, გულით გიტირო,
მერე დავძახო ჰარალე~.
ამ პოეზიაში წარმოჩნდება ქართველთა სიწმინდეები: ხილულ ტაძრებად აღმართული თუ ხატებში მომინაქრებული. პოეტისთვის მშობელი მიწა ფიქრის უპირველესი საგანია, ამიტომაც მუდმივად დასტრიალებს და ეფერება ლექსებით მის ყოველ კუთხე-კუნჭულს. `სააკვნე~ _ ამ ლექსში სიტყვის, უფლის რწმენის გაუფასურების ტკივილია, აქვეა მოლოდინი გმირისა _ გადაძახილი `ბაზალეთის ტბასთან~ თუ გრიგოლ ორბელიანის `იარალისთან~. `ეგებ ერთხელ დაიბადოს, ყრმა გაივსოს, გაიბადროს~.
არაჩვეულებრივი ფერწერული სახეებია ამ პოეზიაში. ლექსი `სამი ლიმონი~ იმპრესიონისტულ, სინათლით გაჯერებულ ნახატს მოგაგონებთ, აქ მეფობს ლიმონთა ყვითელი სიჩუმე, რომელიც იწვევს პოეტს და `სიტყვის აკვანში~ იბადება ლექსი.
ყურადღებას იქცევს კრებულის ბოლოს დაბეჭდილი ციკლი _ მოზაიკური ვარიაციები სიტყვისა `ერთხელ~ _ რომელშიც ადამიანის ცხოვრება, სამყაროსთან მისი ურთიერთობა, ტკივილი და სიხარული წარმოჩენილია ამ სიტყვის კონტექსტში. აქ არის ორიგინალური განცდა ძველი და გაცვეთილი თემებისა, მაგალითად:
`ქალაქები იზრდებიან და იზრდებიან
სოფლები კი,
როგორც პატარა ფეხსაცმელები,
ძველ ჩემოდნებში
ნაფტალინიან კაბების გვერდით,
ისე აწყვია, მეშინია,
ვინმემ ერთხელაც არ გადაყაროს,
რადგან არავინ აღარაა სამყაროში
მაგ ასაკისა და მაგ ზომით მოსიარულე~.
მარიამის პოეზია სითბოთი და სიყვარულითაა სავსე, რაღაცნაირად ჩამყუდროვებული, თანვე `ყოველი კედელი კარია~ (რალფ ემერსონი), რომლებსაც მკითხველი უსაზღვრო და ნათელი გულისა თუ სულის სივრცეში გაჰყავს სახეტიალოდ.
`პოეზია სამყაროს სიზმრის ახსნაა _ ხსოვნისა და წინასწარმეტყველების უძველესი ენა, მარადიული განახლების ენერგიით სავსე~, _ წერს მარიამი და ლექსებით მკითხველს თავისებურად გამოუთარგმანებს განცდილსა და განჭვრეტილს.
და გრძელდება პოეზიის მისტერიაც, რადგან კიდევ უამრავი `სიზმარია ჯერ სანახავი~ და თანაც `ხელახლაა ამოსათქმელი მთელი სამყარო~.

იანვარი, 2011 წ.

No comments:

Post a Comment