Translate

Wednesday, March 24, 2021

გურამ რჩეულიშვილი




მაია ჯალიაშვილი საუბრობს გურამ რჩეულიშვილის პროზაზე


https://www.youtube.com/watch?v=8GDGrn8sBMU




 



Thursday, March 4, 2021

ოთარ ჭილაძის სიცოცხლის ფირფიტები

 

მაია ჯალიაშვილი

 


 

უკვდავების წყურვილი ასაზრდოებს ხელოვნებას. ოთარ ჭილაძის შემოქმედებაშიც ხშირად წარმოჩნდება სწრაფვა იმ ხსნის გზის პოვნისკენ, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიემართება. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია მისი „თიხის სამი ფირფიტა“, რომელშიც შუამდინარული ეპოსის, „გილგამეშიანის“, პერსონაჟები ცოცხლდებიან, რათა კიდევ ერთხელ იგემონ სიცოცხლის სიტკბოცა და სიმწარეც. პოეზიის გზით ლიტერატურულ სამოთხეში მოხვედრილთა შორის გილგამეშიცაა, რომლის ფათერაკებიანი ცხოვრების  შესახებ თიხის ფირფიტები მოგვითხრობენ. ოთარ ჭილაძემ ალუზიებით, ინტერტექსტუალური გადაძახილებით შექმნა ახალი ფერადოვანი პოეტური სივრცე, რომელშიც  მარადიული უპასუხო კითხვები კვლავაც მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიით წარმოჩნდა.

რას შეიძლება ჩაეჭიდოს კაცი ცხოვრების მღელვარე ტალღებზე აქანავებული, ნავდამსხვრეული და დასაღუპავად განწირული. მაგალითები ხომ უამრავია ისტორიასა  თუ ლიტერატურაში. ვისი ცხოვრება შეიძლება იქცეს ნუგეშად და ერთგვარ მეგზურად არარაობის წყვდიადიდან თავდასაღწევად? ოთარ ჭილაძისთვის, ამ შემთხვევაში, მხსნელად გილგამეში იქცა, რომელიც თავისი ცხოვრების კიდევ ერთხელ გახსენებით „პოეტად“ აქცია, თავის ალტერ ეგოდ და მისი სახელით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მრავალგზის გამეორებული, მაგრამ მაინც გაუცვეთელი ჭეშმარიტებანი, რადგან, როგორც იესო ქრისტე ამბობს: ჭეშმარიტება გზაა. სიცოცხლეც გზაა, თან ციკლური, თან სპირალური და თან დაუსრულებელი, მატერიალურსა თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში მიმავალი.

„თიხის სამი ფირფიტა“ მცირე ლირიკული პოემაა, რომელიც სიტყვის, ლოგოსის ძალას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გილგამეში   ვერ ძლებს დავიწყების ბნელ წიაღში, ამიტომაც „მოარღვევს“ მიწას გიორგი ლეონიძის ყივჩაღივით, დროდადრო რომ აფრთხობს სივრცეს შეძახილით: „ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს“.  თიხა არა მხოლოდ საწერი საგანია, არამედ ალუზიაა ბიბლიური შესაქმისა. ღმერთმა თიხისგან გამოძერწა კაცი, პოეტიც, მაგრამ ეს თიხის კაცი, შემოქმედების ცეცხლით გარდაქმნილი, სიტყვით, ფიქრით, წარმოსახვით ქმნის სხვა ადამიანებს, რომელთაც არა ხანმოკლე, არამედ მარადიულ სიცოცხლეს ჩუქნის.

ოთარ ჭილაძის გილგამეში კიდევ ერთხელ გვიყვება თავის ამბავს, ფათერაკით, ბრძოლით, გამარჯვებით, სიყვარულით, იმედგაცრუებით, ტკივილითა და სიხარულით აღსავსეს:

 მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში.

„დაუსრულებელი სიცოცხლის წყურვილი“ აქმნევინებს ადამიანს ხელოვნების ნიმუშებს, არქიტექტურულ შედევრებს, მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, რათა თავისი „ყოფნა“ რაიმე სახით აღბეჭდოს. „ღმერთებთან ჭიდილს“ აგრძელებენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, ცაში ეგულებათ თუ არა ისინი.  პოეტი კი „ხმელ ფირფიტას“ მთრთოლვარე ხელად აქცევს, რომელიც სიცოცხლეს მკითხველის სახით კიდევ ერთხელ ეწაფება. ეს არაჩვეულებრივი შედარება უიტმენის  სტრიქონებს ეხმიანება:

მეგობარო, ეს არ არის წიგნი,

ხელი ახლე და კაცს შეეხები,

(ნუთუ ღამეა და მე და შენ მარტოკა დავრჩით)

ეს მე ვარ - შენ რომ გიჭირავს ხელში

და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ,

გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,

მოვედი შენთან

და სიკვდილმა ვერ დამაკავა.

, როგორ მარწევს და ძილსა მგვრის შენი თითები,

გულზე მეცემა შენი სუნთქვა ციურ ნამივით

და შენი მშვიდი გულისცემა მესალბუნება,

მე ვგრძნობ ვინთქმები,

ვიძირები თხემით ტერფამდე“ („მეგობარო, ეს არ არის წიგნი“, თამაზ ჩხენკელის თარგმანი).

ასე გადმოდის  გმირი უძველესი თიხის  ფირფიტებზე ამოტვიფრული აქადელი პოეტის ტექსტიდან (რომლის მხოლოდ ორი მესამედია ჩვენამდე მოღწეული,). „გილგამეშიანი“  კაცობრიობამ საკმაოდ გვიან გაიცნო (ძვ. . XVIII-XVII საუკუნეებში შექმნილი წარწერიანი თიხის ფირფიტები 1872 წ. აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმში, შემდეგ სხვაგანაც მოიძიეს ფრაგმენტები. 1900 წელს გამოიცა პირველად და დღემდე გრძელდება მისი კვლევა. სხვადასხვა გამოცემაში განსხვავებული რაოდენობის  ტექსტი, „დაფა“თუ  „კარია“). ქართულად პირველად მიხაკო წერეთელმა თარგმნა და გამოსცა 1924 წელს და გამოკვლევაც დაურთო: „რომელშიც გამოვლენილია პარალელები ჰომეროსის პოემებთან, დანტეს „ჯოჯოხეთთან“, მსოფლიო ფოლკლორულ ნიმუშებთან და, რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანთან“ (ზურაბ კიკნაძე). შემდეგ ზურაბ კიკნაძემ თარგმნა, გამოიკვლია და გამოსცა 1963, 1984 და 2009 წლებში. ეს არის უმაღლესი რანგის პოეტური თარგმანი. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძიის „სამი ფირფიტის“ სრულყოფილად გასააზრებელ კონტექსტად  ზურაბ კიკნაძის სწორედ ეს  არაჩვეულებრივად ნათარგმნი და კომენტირებული „გილგამეშიანი“ უნდა იქცეს, რომელშიც ამ მრავალშრიანი, მითოლოგიური, პალიმფსესტური პოეტური ტექსტის საიდუმლოებებია გაჩრეკილი და გამომზეურებული. მისი კითხვისას შეიგრძნობ, მაგრამ ვერ ხვდები, რა მაგიით გარდაიქმნებიან ჩვეულებრივი სიტყვები თუ ფრაზები მაღალ პოეზიად.  ზურაბ კიკნაძე ამ ეპოსს „ფაუსტური ყაიდის“, „ინიციაციურ თხზულებად“ მიიჩნევს, რადგან „საგმირო ეპიზოდები არ არის თვითმიზანი, არამედ თითოეული მათგანი ემსახურება გმირის პიროვნების სრულყოფას“, „მასში ზნეობრივი კაცის დაბადებით იწყება ახალი ცხოვრება; იგი პირისპირ დგება სიკვდილის წინაშე, რომელიც შეძრავს მის არსებას და გააღვიძებს მასში მოაზროვნე ადამიანს“. ეპოსის პირველივე სტრიქონებში გაცხადებულია გზა  „ჭეშმარიტებას“ ზიარებული გილგამეშისა, რომელსაც ტანში ღმერთების ხორცი ჩადგმია, /ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კაცი“:

„რომელმან სიღრმე იხილა, ქვეყნის საფუძველი,

ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,

იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, –

სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,

საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,

მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა“.

ოთარ ჭილაძისთვის ეგზისტენციის ძიების გზაზე შთამაგონებლად იქცა ეს ეპოსი. ის თავის ლირიკულ გმირს, ხან გილგამეშისა და ხან თანამედროვე ავტორის ნიღბით, ზედმიწევნით, სახელთა და ტოპონიმთა ოდნავი სახეცვლილებით, თავს გადამხდადრ  ზოგიერთ ამბავთა ზედმიწევნით ზუსტად „გახსენებით“ კვლავ აამბობინებს საკუთარ თავგადასავალს. მაგრამ მკითხველმა ხომ იცის, მთავარი ამბავი არ არის, არამედ ის ემოციურ-ინტელექტუალური შეგრძნებებია, რომლებითაც პოეტი ადამიანური არსებობის გამართლებას დაეძებს, სიცოცხლის ეფემერულობასა და მტკივნეულ წარმავლობაში საყრდენებს ქმნის,  სიცარიელისა და გაუცხოების კრიზისის დაძლევასა და გადალახვას ცდილობს.

ოთარ ჭილაძის კომპოზიციურად სამ ნაწილად, „ფირფიტად“ გაყოფილ პოემის პოეტურ სივრცეს სამი ქრონოტოპი გამსჭვალავს: წარსული, აწმყო და მომავალი. სამივე დროს თვითონ პოეტი აერთიანებს. თბილისი,  ურუქი და ზეციური უცნობი ქალაქი  ის ტოპოსებია, რომლებშიც ფიქრის მდინარე მიედინება და ასოციაციური შენაკადებით უსაზღვროდ განიტოტება. ამ ფიქრის ძაფებით იქსელება უსაზღვროდ გაფართოებული სააზროვნო სივრცე. პირველ ნაწილში  ყოფნა-არყოფნის ჰამლეტისეული კითხვა  მთავარ საფიქრალად გამოიკვეთება ეკლესიასტეს  კონტექსტში: „თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე“, „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი:

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ.

ოთარ ჭილაძე პოემაში დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბავთაგან ყველაზე უძველესს ირჩევს. კვლავ აღდგება გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ახლადგაღვიძებული ძველებურად ტკბება ევფრატის წყლი, რომელიც „ქალურად უხვი და იდუმალია“.  მკითხველი კიდევ ერთხელ შეიგრძნობს ენქიდუსთან დამეგობრების შთამბეჭდავ ამბავს, წმინდა ხარის მოკვლას, მეგობართა მიერ ხუმბამბას დამარცხებას. მათი ძმობა „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ამბებსაც გაგვახსენებს. გილგამეში კაცთაგან აღმატებულ საქმეებს აკეთებს, მით უფრო ძლევამოსილი ხდება, როცა ენქიდუც გვერდში ამოუდგება, მაგრამ „ამაო იყო ყოველი“: „მაგრამ ვერც ერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს. დავიწყებული სიკვდილის არსებობა გილგამეშს მეგობრის „მიწად“ ქცევამ კვლავ გაახსენა და უსაშველოდ დაამწუხრა.  თავის დროზე ღმერთების მიერ მის მეტოქედ გაჩენილი მხეცის მსგავსი ველური ენქიდუ ქალმა, შამხათმა, მოათვინიერა და კაცად აქცია: და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი.

რაც ურუქში ხდებოდა, იგივე მეორდება თანამედროვე ქალაქშიც. აქაც ყოველდღიურ საზრუნავებს, ამაღლებულსა თუ მდაბალს, ჩაუნთქავს ადამიანი. აქაც დროდადრო მდორე რიტმს არღვევენ  და თვალს იტაცებენ  შამხათის მსგავსი ცეცხლოვანი ქალები:

დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს.

შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი.

და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს,

სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.

თბილისიც ურუქივით იღვიძებს, იძინებს და,  მიუხედავად მომქანცველი რუტინისა, ყველა თავის გზას  მიუყვება:

რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად.

და რა უმწეო ხმებით შრიალებს,

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.

და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

ქალაქის მღელვარე დღიურ ხმაურსა თუ სიზმრებით დამძიმებულ პირქუშ ღამეულ საყოველთაო სიჩუმეში არ სძინავს პოეტს და წარმოსახვაში შემოჭრილ გილგამეშის აჩრდილს ესაუბრება.  მასაც სტანჯავს შუამდინარელი მონათესავე სულის უპასუხო კითხვები, მასაც სურს სიკვდილის მიღმა გახედვა.

პოემის მეორე ფირფიტაში ავტორი „გილგამეშიანის“ კიდევ ერთ პერსონაჟს, უთანაფიშთს აცოცხლებს, რომელიც „ნაზი ეას“ დახმარებით გადაურჩა ღმერთების მიერ ცოდვებისთვის კაცთა დასასჯელად მოვლენილ რისხვას, დაღუპვას  ბიბლიურ  ნოესავით კიდობნით გადაურჩა და იმავე ღმერთების დალოცვით უკვდავებით დაჯილდოვდა. ეს იცის გილგამეშმა და უძველეს ეპოსში ნაამბობია, როგორ მოძებნის მას, შემდეგ როგორ იპოვის მისი რჩევით უკვდავების ბალახს, თუმცა ჩაძინებულს გველი მოჰპარავს (ისევ ბიბლიური ალუზია ჩნდება).

ოთარ ჭილაძის პოემაში გილგამეშისა და ავტორის ნიღბები ერთმანეთს ერწყმის და გაისმის  უარი უკვდავებისთვის, თუკი ის ყოველივე, რასაც ქმნიდა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა: „თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით.

თიხა, სიმბოლურად, ნაწერი, შემოქმედება ადამიანზე გამძლეა („ხელნაწერები არ იწვიან“, - იტყვის ვოლანდი და ცეცხლს გამოსტაცებს ოსტატის რომანს. ეშმაკიც კი მხატვრული ტექსტის გადარჩენის სამსახურში დგება, რადგან მხატვრული სიტყვა ყველას მიმართ გულმოწყალეა, ერთნაირი წყურვილით აცოცხლებს სიკეთესაც და ბოროტებასაც (მიხაილ ბულგაკოვი, „ოსტატი და მარგარიტა“).

ადამიანზე გამძლეა თიხა,

მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,

ის, შეიძლება, უბრალოც იყოს.

და აუტანელ ტკივილით ითქვას.

რამ შეიძლება სიკვდილის შიშით გამოწვეული შიში შეამსუბუქოს? ისევ შამხათმა,  ყოვლისდამვიწყებელმა და გარდამქმნელმა სიყვარულის სიმბოლომ:

შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს.

უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს.

ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს,

როცა შამხატის თვალებში ჩანხარ.

პლატონისეული ანდროგინოსივით დაძებს ლირიკული გმირი თავის დაკარგულ მეორე  ნახევარს გამრთელებისა და სისრულისათვის.

ამიტომაცაა, რომ მუზეუმში, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, „უშველებელ სასაფლაოზე, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასსა თავის გრძნობებს მარხავს“ („პორცელანი“)  ოთარ ჭილაძის ლირიკული გმირი ამჩნევს:

საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით.

და ისევ ასდის ნაზი სურნელი,

თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები.

თითქოს არაფერს არ ცვლის...

სრულებით.

რა თქმა უნდა, ეს ბარათაშვილის პეპელასავით მოცახცახე, „გრძნობის ამრევი“ , „სპეტაკ შროშანასავით“ საყურის ალუზიაცაა, ეკატერინე ჭავჭავაძის ნაზი ყურის ჩრდილში რომ იწვევდა პოეტს „სასუფევლისეული ნეტარების“ შესაგრძნობად და „უკვდავების შარბათის“  შესასმელად.

მესამე ფირფიტა ისევ გილგამეშის აღსარება-მონოლოგია, რომელსაც მსჭვალავს დამთრგუნველი მარტოობის შეგრძნება, თანმდევი ყოველი მშვენიერი პოეტური მაძიებელი სულისა. იგი თავის გამოცდილებას უზიარებს მკითხველს:

არც მოწყალება და არც საშველი /არ ღირსებია ციდან არავის“, ამიტომ  კიდევ ერთხელ აღდგება იმისთვის, სიტყვაში კვლავ განიცადოს სიცოცხლე, ფაუსტივით მშვენიერი წამის შეჩერებაზე იოცნებოს და მკითხველს უანდერძოს:

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის.

და შენც გახსენი შენი ფიქრები,

რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ.

იცხოვრო, როცა აღარ იქნები.

„ფიქრების გახსნა“ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმას, აღიარებასა და მიღებას გულისხმობს, იმგვარ არსებობას, რომელიც ადამიანს ხილულ თუ უხილავ მატერიალურ-სულიერ სივრცეთა ნაწილად შეაგრძნობინებს თავს და მტვრის ნაწილაკივით გაქრობის შიშისაგან იხსნის.

ასე ეუბნება უკვდავი უთანაფიშთი გილგამეშს:

„აუცდენელია უწყალო სიკვდილი:

ვინ არის, ვისაც არ უხილავს სიკვდილი?

ვინ არის, ვისაც სახე სიკვდილისა არ უხილავს?

ვინ არის, ვისაც ხმა სიკვდილისა არ სმენია?

განა სამუდამოდ ვაშენებთ სახლებს?

განა სამუდამოდ ირტყმის ბეჭედი?

განა სამუდამოდ იყრებიან ძმები?

განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?

განა სამუდამოდ დიდდება წყალი,

წყალი ყანებზე ნიაღვრის მიმღვრელი?

განა სამუდამოდ პარკშია ჭუპრი?

მზის თვალის მარად მჭვრეტელი თვალი

განა არსებულა დასაბამიდან?

ერთნი არიან მძინარე და მკვდარი,

განა არ ხატავენ სახეს სიკვდილისას?

განა თავს ეყუდნის მოკვდავი კაცი,

ოდეს ბედისწერის ჟამი მოაწევს?“ (ზურაბ კიკნაძის თარგმანი).

„გილგამეშიანისა“ და ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტის“ მრავალფეროვანი სამყაროები დიალოგისთვის კვლაც იწვევენ მკითხველს, რათა გაუკვალონ გზა საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების ლაბირინთებში.

 

 

 

 წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=28728