Translate

Tuesday, February 14, 2023

ლავანდის სიზმრები (გაბრიელე დიხლერის რომანი)

 

მაია ჯალიაშვილი


სამყარო ხმების, ფერებისა და სურნელის ნაირგვარი ვარიაციითა და გრადაციებითაა სავსე.  „ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!“
_წერს სოლომონი „ქებათა-ქებაში“ (2, 13) და თითქოს შეიგრძნობ იმ იდუმალ, გამოუცნობსა და მიმზიდველ სურნელს, რომელიც მეტაფიზიკური განზომილებისაკენ მიგიძღვება. არის რაღაც ირაციონალური, მისტიკური, შეიძლება ვთქვათ, საბედისწეროც, როდესაც რომელიმე უცხო სურნელი ადამიანის გულს, სულსა და გონებას დაიპყრობს და  თავის ნებაზე ათამაშებს.  

თანამედროვე გერმანელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, გაბრიელე დიხლერის რომანში „ლავანდის სიზმრები“ მთავარი თემა სწორედ სურნელით განსაზღვრული ბედისწერაა, რომელიც პერსონაჟებს  როლებს ურჩევს  და  იმ ნაცნობსა და თანვე უცნობ უცნობ სპექტაკლში ათამაშებს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. მარსელ პრუსტის რომანში „სვანის მხარეს“თავბრუდამხვევი  სურნელით სავსე ეპიზოდებია, რომლებიც მთავარ გმირს საკუთარი თავისა თუ სამყაროს და, რაც მთავარია,  დაკარგული დროის პოვნაში   ეხმარება.

პატრიკ ზიუსკინდმა ჟან-ბატისტ გრენუილი (რომან „სუნამოს“ მთავარი გმირის) სახით, როგორც პიტერ აკროიდი შენიშნავს, „სურნელების ვამპირი“ შექმნა, რომელიც  ადამიანებს სურნელის სულს ართმევდა და ამ ეშმაკეული გზით მომაჯადოებელ სუნამოებს ქმნიდა.

„ლავანდის სიზმრები“ სურნელის თემაზე დაწერილი მელოდრამატული რომანია, რომელიც მკითხველს სიყვარულის გზებზე ამოგზაურებს. მწერალი დეტექტივის ფანდების გამოყენებით უცნობ ადამიანებს ერთმანეთს შეახვედრებს და ეჭვის, ვნების, სიხარულისა და ტკივილის თანხლებით ცხოვრებას შეამეცნებინებს. სუნამო, რომანის მთავარ პერსონაჟებთან ერთად, თხრობის ინტრიგას ქმნის. სწორედ ის ხდება იმპულსი იმისა, რომ იულია შინიდან გავიდეს და ამ ოდისეით, უპირველესად, დაკარგული თავი იპოვოს.

თხრობისას მწერალი გამუდმებით ქმნის დაძაბულობას, მოლოდინის ჰორიზონტს აფართოებს, რათა მკითხველი გამოცნობისა თუ შეცბუნების ელდით პერსონაჟთა მოქმედებისა თუ ფიქრების ნაკადებში აქტიურად ჩართოს და აღწერილი მოვლენების თანამონაწილედ აქციოს. იულია დედის ზარდახშაში ნაპოვნი წერილის ავტორის საძებნელად საფრანგეთში ჩადის, სადაც პროვანსის პატარა ქალაქში პარფიუმერიის საიდუმლოებებს ეზიარება. ცხოვრება მას ახალ გამოცანებს სთავაზობს, გამოცნობის პროცესში კი ის არ მხოლოდ დედის ყოფილ  საყვარელს, არამედ თავის ნამდვილ სიყვარულს, ნიკოლასსაც ხვდება. ნაირგვარი სურნელი კი, ყვავილებისა, ბალახებისა, ხეებისა, წვიმისა და მზისა, დღისა და ღამისა,  ცისა და მიწისა თხრობას შლეიფივით თან დაჰყვება.

ფრანგი პარფიუმერისა და ავტოკატასტროფაში დაღუპული დედის სასიყვარულო ამბების ძიებისას იულიას თვალწინ თვითონ ცხოვრება გადაიშლება აქამდე შეუმჩნეველი ნიუანსებით. მდიდარი წარმოსახვის იულია, რომელიც  მხატვარ-დიზაინერია, რეალობას ილუზიით ამრავალფეროვნებს, ეს ეხმარება მას დედის წარსული სასიყვარულო ლაბირინთის ხვეულებში თავისუფლად იაროს და არიადნეს ძაფად ის სურნელი გამოიყენოს, რომელიც  ბნელში ნათელივით მიუძღვება.

რომანში კინოკადრებივით ენაცვლება ეპიზოდები ერთმანეთს. მწერალი ცალკეულ დეტალებს ისე ამუშავებს და ამონტაჟებს, რომ მკითხველს არ უნელდება დაძაბული ცნობისმოყვარეობის განცდა. ახალგაზრდა გერმანელი ქალისთვის დედის ჩახლართული  ამბების  გამორკვევა მოულოდნელად სხვა, უფრო ღრმა მიმართულებას იძენს და იდენტობის ძიებად გადაიქცევა, რაც მსუბუქ თავგადასავალს ტრაგიკულ ნიუანსებს სძენს და ბედისწერის ძალასაც უფრო  გამოკვეთს.

დედის ავტოკატასტროფაში დაღუპვა იქცა მისთვის ერთგვარ ეგზისტენციალურ ინფორმაციად, რომელმაც მისი აზროვნება შეცვალა. მან თავის დალაგებულ, ერთი შეხედვით, ბედნიერ ცხოვრებას ეჭვის თვალით შეხედა. ოჯახი, მეგობარი, სამსახური, შეყვარებული _  ყოველივე ეს, რაც მას ცხოვრების მთავარ საყრდენებად მიაჩნდა, თითქოს შეირყა და  ფიქრის ახალი ჰორიზონტები გამოაჩინა.  ფრანკი, იულიას საქმრო, ამჩნევს იულიას მოულოდნელ მეტამორფოზას და ცდილობს სიტყვებით გამხნევებას, თუმცა ვერაფერს აღწევს, რადგან, ამ შემთხვევაში, ეს გარეგანი დახმარება ქალს მაშველ რგოლად ვერ ექცევა. მან თვითონ უნდა გაიკვლიოს გზა უცნაურად და საბედისწეროდ აბობოქრებულ ცხოვრების ზღვაში და ნაპირსაც დამოუკიდებლად მიაღწიოს. მხოლოდ ამგვარად გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც გარემოებებმა ჩააყენა.

იულია იცვლის თავის ყოველდღიურ სამოძრაო სივრცეს, თითქოს გადის  რუტინული ყოფის ჩარჩოებიდან. საფრანგეთში წასვლა მისთვის საკუთარი თავის ახალი რაკურსით შეხედვის შესაძლებლობას აჩენს. ეს განსხვავებული პეიზაჟები, ჰაერი მას გონების თვალს უხელს და ისეთ რაღაცებს დაანახვებს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა. ამგვარად, მწერალი ქალის სულის სიღრმეებსაც ფსიქოლოგიური ნიუანსებით დაგვანახვებს. ის ახერხებს, რომ მკითხველი მთავარი გმირების მღელვარების თანამონაწილედ აქციოს.  „შეყვარებულები და შეშლილები ზოგჯერ ირაციონალურად მოქმედებენ“, _ ეუბნება მეგობარი ქალი მარენი იულიას. მართლაც, იულია გულის კარნახს უფრო მიჰყვება, ვიდრე გონებისას, რადგან გრძნობს, რომ  შემთხვევითობად წოდებულ მოვლენებს უხილავი ძაფები აკავშირებთ ერთმანეთთან და ხანდახან სწორედ მისტიკური თამაშობს უდიდეს როლს ცხოვრებაში.

იულიას თვითჩაღრმავების გზაზე უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური დეტალია დედის სიკვდილში საკუთარი თავის დადანაშაულება. სინდისის ქენჯნა მას არ ტოვებს და ეს სულიერი ტკივილი მისი კათარსისის დასაწყისად იქცევა, სწორედ ეს შეგრძნება იქცევა მძლავრ იმპულსად, რომ მან გარეგანი მზერა შინაგან სამყაროში, სულისკენ  მიმართოს.

რომანში ორი ოჯახი პარალელურად იხატება, იულიასი და ნიკოლასისა. ამ ფონზე გერმანული და ფრანგული კულტურების განსხვავებულობისა და მსგავსების ურთიერთგადაკვეთის წერტილებიც წარმოჩნდება.  ძალიან საინტერესოა ფრანგი პარფიუმერის, ანტუან ლეფორის სახე, მის მიერ აღქმული სამყაროს ფერადოვნება. „გეგონება ვიღაცას ვედროებით ყვითელი საღებავი გადაუსხამს სამხრეთ საფრანგეთისთვის“, _ გაიფიქრებს აღტაცებული ანტუანი, როდესაც მიმოზებით გადაყვითლებულ ბორცვებს გახედავს. ამ მცენარეთა მოტკბო სურნელი და უდარდელად მოთამაშე ბეღურები მას ბავშვობას ახსენებენ. მწერლისთვის კი ეს ხერხია, კარგად დაგვანახვოს, როგორ იქცა ის  სურნელებათა ექსპერტად, სუნამოების შემქმნელად. სხვადასხვა სურნელით თრობა მას ენით გამოუთქმელ ნეტარებას ანიჭებდა და  ეს ნიჭი მან თავის ხელობად აქცია.  მკითხველიც ესწრება სხვადასხვა არომატის შერწყმით ახალი მომაჯადოებელი სურნელის შექმნის პროცესს.  აღწერილი პასაჟების სიღრმეებიდან ღვარად მოედინება ჟასმინისა თუ ლავანდის სურნელი.

საინტერესოა ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე მხატვარ ნიკოლასის სახე. მიუხედავად მამის დიდი სურვილისა, მან პარფიუმერობას მხატვრობა არჩია, თუმცა იულიასთან შეხვედრა, მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოთა ძიება და სხვა მოულოდნელი ამბები მასაც ბევრ რამეზე დააფიქრებს. იულიასა და ნიკოლასის სიყვარული კი სუნამოებთან დაკავშირებულ ახალ იდეებს ბადებს. ნიკოლასი მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და დახვეწილ, მდიდრულ, მაცდურ  სურნელს შექმნის, რომელიც  ნაზი სიყვარულისა და იმედის სასიამოვნო განცდებს აღძრავდა.  

რომანში სურნელი თითქოს ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების სურვილს, თანვე, პიროვნული   ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ მარტოობის წყურვილის გაღვიძებასაც. ის მედიტაციისთვის მშვენიერ მეტაფიზიკურ სივრცეს ქმნის. კამილე ეუბნება იულიას, რომ ლავანდის ლილისფერ ყვავილთა სურნელს  შეუძლია  არა  მხოლოდ სიმშვიდის, არამედ ჯადოსნურ სიზმართა გამოწვევაც.  ეს რომ მხოლოდ მითი და ლეგენდა არ არის, იულია თვითონაც გამოცდის, ლავანდის სიზმარს ნახავს, რომელიც ცხოვრებას გადაეწვნება, ყოველდღიურ ხიფათებს გადაალახვინებს და ბედნიერებასთან შეახვედრებს.

რომანის ბოლოს მწერალი თან დაურთავს „სამადლობელს“, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ის იმპულსები, რომლებმაც მას  „სურნელოვანი“ სასიყვარულო ამბების შეთხზვისკენ უბიძგა: „მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ბებიას ბაღი აღმოვაჩინე, სურნელის შეყნოსვა ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად იქცა: იასამნების და ვარდების, ახლად დაკრეფილი მარწყვის, თვით მიწის სუნისაც კი. მოგვიანებით კი, სუნამოებმა დამანახვა სამყარო თავისი მრავალფეროვნებით. სურნელების საოცარმა შეგრძნებამ და სიყვარულმა  შთამაგონა ამ რომანის დაწერა. ანტუან ლეფორსა და მის ვაჟ ნიკოლასზე საჭირო ინფორმაცია მოვიძიე ჟან-კლოდ ელენის წიგნში „სუნამო _ გზამკვლევი სურნელთა სამყაროში“. მართლაც, სასწაულია, იმდენი საინტერესო მასალის მოძიება შეიძლება არომატებზე“. „ლავანდის სიზმარი“  შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა.

რომანის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს მიხაკის, ვარდის, ვანილის, მიმოზას, ჟასმინის და სხვა ნაცნობ-უცნობ ყვავილთა სასიამოვნო  სურნელის  ნაკვალევი რჩება სულსა, გულსა და გონებაში.

-----------------

წყარო: დაიბეჭდება ელექტრონულ გამოცემაში  mastsavlebeli.ge

 


 #თანამედროვე#რომანი#გაბრიელე#დიხლერი#მაიაჯალიაშვილი#მაიამირიანაშვილი

 

Wednesday, February 1, 2023

ნესტან-დარეჯანის „გულის სამართალი“

 მაია ჯალიაშვილი 










 

„ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირები გულისა თუ გონების კარნახით თანაბრად მოქმედებენ. ეს პოემა თავისი ფაბულით, სიუჟეტით, პერსონაჟთა ხასიათებით, თემებით, სიმბოლო-ალეგორიებით, ქვეტექსტებით, ერთი სიტყვით, ფორმითა თუ შინაარსით, როგორც ნამდვილი კლასიკა, თანამედროვე მკითხველთანაც თავისუფლად მართავს დიალოგს.  მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ უამრავი გამოკვლევა, წერილი არსებობს, ასახსნელ-განსამარტავი კვლავ ბევრია, რადგან  თავისი საიდუმლოებებითაც გამოირჩევა. მისი საინტერპრეტაციო სივრცე კი უსაზღვროა. ისიც გასათვალისწინებელია, რო, როგორც ელიოტი წერს: „ახალი ნაწარმოები, იმავდროულად, გავლენას ახდენს ხელოვნების ყველა ადრინდელ ნიმუშზე: ახლის გამოჩენა (თუკი ეს ნამდვილი სიახლეა) არღვევს მანამდე არსებულ იდეალურ წესრიგს“. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების წაკითხვის შემდეგ მთავარ გმირთა ხასიათების ჩვენეულ აღქმაში რაღაც იცვლება.

პოემის იმ სტრიქონებს შორის, რომელთა შესახებ კიდევ ბევრი დაიწერება, არის ნესტანის ფრაზა: „სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ეს სიტყვები მან ქაჯეთის ციხიდან მოსწერა ტარიელს. ამ სტრიქონს განიხილავენ სხვა სტრიქონის: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“-კონტექსტში. ამ უკანასკნელზე ბევრია დაწერილი. გავიხსენოთ რამდენიმე. დავით წერედიანის  აზრით, „ეს არის არა კანონზე, არამედ სიმართლის შინაგან განცდაზე დამყარებული სამართალი, სუბიექტური სამართალი, მაგრამ იგი აუცილებლად ობიექტურ საყრდენსაც საჭიროებს, რადგან მაინც სამართალია და არა თვითნებობა. შეყვარებულებს კი სასწორის პინაზე არაფერი აქვთ დასადები, ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა. მათი სიმართლე პირწმინდად სუბიექტურია და მან გმირები სასჯელისაგან ვერ იხსნა“ („ესე ამბავი სპარსული“). 

საგულისხმოა ელგუჯა ხინთიბიძის მოსაზრებაც. იგი ითვალისწინებს ანტიკურ ფილოსოფიასა და შუა საუკუნეების იურისპრუდენციულ ლიტერატურას,   ბიზანტიურ ეპოქაში მართალი სამართლით განაჩენის გამოტანას, როგორც მართლმსაჯულების თავისებურ სახეობას,  XIII-XVII საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებს. მისი აზრით, „მართალი სამართალის“  მართლმსაჯულებაზე დაყრდნობა უპირისპირდებოდა გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციაში კანონის, ანუ მიღებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით განსჯას და უფლებას იძლეოდა, კონკრეტული შემთხვევის მიმართ განაჩენი გამოტანილიყო რეალური ფაქტებიდან გამომდინარე სიმართლეზე დაყრდნობით. „ვეფხისტყაოსნის“ სხვა პასაჟიც ადასტურებს მართალი სამართლის ამგვარ გააზრებას. ნესტანი ითხოვს, რომ ტარიელმა მართალი სამართლით განსაჯოს მისი პიროვნება, მისი მოქმედება, მისი გულისთქმა. ქაჯეთის ციხიდან იგი სატრფოს სწერს: „რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;/ ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“ („თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“).

ზურაბ კიკნაძის აზრით, „აქ გაცხადებულია „მართალი სამართლის“ არა მხოლოდ სამართლებრივიარამედ მისი ონტოლოგიური ღირებულებაცროგორც ისეთი სამართლისარომელიც არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებს აწესრიგებსარამედ ბუნებასაც მსჭვალავსმკვდარ ბუნებაშიც შეაღწევს და სიცოცხლე შეაქვს მასში.  ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი ერთხელ კიდევ ახსენებს თუ იხსენებს „მართალ სამართალს“აიეს სტრიქონი„ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ვერ ვიტყვითრომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებიაის კი ცხადიარომ ამ სიტყვებში მართალი სამართალი იურიდიული სფეროდან გულისგანცდის სფეროში ინაცვლებსის გაშინაგანებულია... პოემაში ნამდვილად არის სინანული იმ „მართალი სამართლის“ სახელით ჩადენილი აქტის გამოეს ნესტანის წერილში იგრძნობამსგავს წერილს ვერ დაწერდა ის ნესტანირომელიც „ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“ვერც ისრომელიც იმ რჩევას იძლეოდა“ ( ,,მართალი სამართალი“).

მოცემულ თვალსაზრისებში გამოიკვეთა  „სამართალი მართალი გულისა“.  ჩვენი აზრით, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრიქონის შინაარსის ამგვარ გაგებაზე:  გულის მართალ სამართალს (სამართალი მართალი გულისა)  ყველა ვერ გაიგებს (გულსა მივა რად). აქ ნესტანი გულის გონებაზე უპირატესობას წარმოაჩენს. მისი სამართალი გულიდან იბადება. სახარებისეული სწავლებით,   ღვთის სასუფეველი გულშია. ნესტანს  ამ გულის სამართალს ვერ მიუხვდა ვერც ფარსადანი, ვერც დავარი, რომელთაც მიჯნურები გასწირეს სატანჯველად. ასევე, ვერ გაიგო ალუდა ქეთელაურის „გულის სამართალი“ ვერც ბერდიამ და ვერც თემმა.  ალუდა ეუბნება უშიშას:

გული გამიწყრა, არა ჰქნა,

რაც საქნელია ძნელადა

„დაე დააკლდეს სახელსა,

მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ამიტომაც გააკრიტიკა არსებული სამართალი:

„ვაი, ეგეთას სამართალს

მონათლულს ცოდვა-ბრალითა“.

„გულის სამართალმა“ გამოიყვანა შინიდან დონ კიხოტი, რათა სამყაროდან გამქრალი რაინდული იდეალები დაებრუნებინა და  დაემკვიდრებინა. „გულის სამართალმა“ არ მისცა ნება ანტიგონეს მტრად გამოცხადებული ძმა უპატრონოდ მიეტოვებინა.   გულის სამართალი უკარნახებდა ჯოყოლას, ეთქვა:

„მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.

დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“,

გულის სამართალმა ჩაადენინა „უსამართლობა“ აღაზას და  უცხო ვაჟკაცი დაატირებინა. ამ გულის სამართალმა ათქმევინა ჯოყოლას:

„იტირე?! მადლი გიქნია,

მე რა გამგე ვარ მაგისა?“.

გულის სამართალი ღვთის „დაწერილია“ და არა ადამიანისა. ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში ბევრი მოქმედებს „გულის სამართლით“, დარწმუნებული, რომ ეს „ღვთის სამართალია“.

ნესტანი გულისხმობს, რომ მისი  „გულის სამართალი“ სხვებისთვის აუხსნელი დარჩა. ამ სხვებისთვის ნესტანიც უცხოა და „გაუგებარი“. სწორედ ამას შენიშნავს ზღვათა მეფე, როდესაც მასზე იტყვის:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი“.

რატომ არ ენდობიან გულს ადამიანები?

გული  პოემაში წარმოჩენილია, როგორც ვნებათა ჭიდილის ასპარეზი:

„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“

თანვე გულს ისეთი დიდი ძალა აქვს:

 გულიცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავაიგიცა წავლენ და მისკე მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობსკაცთაგან განაკიდიან.

ამგვარი გული მხოლოდ წუთისოფლისთვის ირჯება. გაღვიძებული, სულიერი განვითარების გზაზე დამდგარი  ადამიანის გულში კი ღმერთი შემოდის. ამიტომ გულის სამართალს რომ მიჰყვე, ისეთი ზნესრული უნდა იყო, როგორიც ნესტან-დარეჯანია. ის ხედავს, რომ  წუთისოფელი, ბედისწერა უპირისპირდება ღვთაებრივ კანონებს.

„ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა“. ის საკუთარ თავს კი არა, ბედისწერას ადანაშაულებს მომხდარში. ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი კიდევ უფრო გაძლიერებულია შინაგანად, კვლავაც „პირგამეხებული ვეფხვია“, რომელიც თავის დასაცავად  არაფერზე დაიხევს უკან:

“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,

ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.

არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“.

პოემაში ბრმა ბედისწერა, წუთისოფელი დაპირისპირებულია ღმერთთან:

“ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

„ნუ გეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია“.

ბედისწერის სამფლობელო წუთისოფელია. ისინი  სინონიმური შინაარსის მატარებელნი არიან. შეიძლება ვთქვათ, ორივე  წილნაყარია ბნელ  ძალასთან, რომელიც სინათლეს ხელს უშლის, მაგრამ ვერ აქრობს. ნესტანი სწორედ ასეთი სინათლეა (სიმბოლურ-ალეგორიულად, ღვთის ნაწილია. „ის, რაც ამქვეყნად არ არის“, როგორც არაერთგზის არის აღნიშნული ზვიად გამსახურდიასა და სხვათა ნაშრომებში). ამ „გულის სამართლის“ აღსრულების გზაზე გმირებს უწევთ ბნელეთის მოციქულების დახოცვა (ხვარაზმშა, ჭაშნაგირი).

ნესტანი ქაჯეთის ციხეში კიდევ უფრო დარწმუნებულია თავისი გულის სიმართლეში. იგი შინაგანად წუხს, რომ სხვებს არ ესმით მისი, მაგრამ დარწმუნებულია, ღმერთმა იცის, როგორც ბარათაშვილი ამბობს: „შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რა ვიზრახო მე“ („ჩემი ლოცვა“). „გულის სამართალს“ ბადებს ღვთის ხმა. ამ ხმას მისდევს ის, როგორც რჩეული ადამიანი.  როგორც ბეატრიჩეს მიჰყვება დანტე და გაივლის ჯოჯოხეთის სანახებს. ტარიელისთვის თავიდან გამოუკვეთელი იყო ეს ხმა, ამიტომ შეყოვნდა თითქოს, როცა ხვარაზმის უფლისწული უნდა მოეკლა  და ნესტანის „შეხსენება“ დასჭირდა. მერე „ჩაიცვა“ ნესტანით შთაგონებულმა ვეფხვის ტყავი  და გახდა „ვეფხისტყაოსანი“, რაც იყო მისი ხელახლა დაბადება, გაღვიძება, ინიციაციის გზაზე დადგომა (პოემის პერსონაჟთა, როგორც კაცობრიობის უნივერსალურ სახე-იდეათა გააზრებაში უპირველესად, ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“ გვეხმარება).  ავთანდილმა მალევე გაიაზრა, რომ ნესტანის გამოხსნა სამყაროს, სინათლის ბნელი ძალებისგან გამოხსნას ნიშნავდა (ამას ყველაზე ადრე თინათინი მიხვდა, რომელმაც იგრძნო, რომ უცხო მოყმის გამოცანა აუცილებლად უნდა ამოხსნილიყო, რომ ეს იყო ღვთაებრივი ნიშანი). ფრიდონი ეუბნება ტარიელს პირველი შეხვედრისას: „ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო“. შემდეგ კი ამ სანთლის კვლავ „ანთებისთვის“ თვითონაც  თავი არ დაზოგა.

წუთისოფლის მოყვარული ფატმანი, რომელიც თავის განსხვავებულობას დროდადრო უმიზეზო მოწყენილობითაც ამხელს, გაიგებს და დაინახავს ამ სინათლეს, ამიტომაც გამოეყოფა „ბრმებს“ და მათთან ერთად აღარ გადავარდება ამაოების უფსკრულში.  „თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე, 15, 14). იგი უყვება ტარიელს;

„რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა“.

ნესტანის დახმარებით იგი, უპირველესად, საკუთარ თავს ეხმარება, რომ  ჩაფერფლილი ღვთიურ  საწყისი კვლავ ააღორძინოს საკუთარ თავში. ამიტომაც  განიცდის სულიერ ფერისცვალებას. ავთანდილთან შეხვედრის შემდეგ იგი გაიაზრებს საკუთარი არსებობის აზრსა და მიზანს.

ზვიად გამსახურდიას აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ ნეგატიური ძალების პერსონიფიკაციაა ქაჯეთირომელთანაც არის დაკავშირებული დავარიშავი მაგიის ეს ადეპტი („ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი“). პოემაში არის მინიშნებებიც იმაზეცრომ ფარსადანის კარზე საიდუმლოდ მოქმედებენ ქაჯეთის ემისრებიშავი მაგებირომელთა მიზანიც არის ინდოეთის დამხობა და ნესტანის გატაცებაშავი მაგიის ეს ადეპტები „ღვთის მტრებად“ არიან მოხსენიებულნიდავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან“მართალია ტექსტში პირდაპირ ამაზე არსად არის საუბარიმაგრამ მსგავსი მინიშნებების საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათრომ ხვარაზმშას ძის სასიძოდ მოწვევა დავარისა და ამ „ღვთის მტრების“ იდუმალი შეთქმულების შედეგიარომელთაც შეძლეს გავლენის მოხდენა მეფეზე“ („ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“).

მართლაც, ნესტანი კარგად იცნობს დავარის სიბრძნეს, ამიტომ არა მხოლოდ გამოიცნობს, არამედ ჩაშლის კიდევაც მის გეგმას. სასიძოს მკვლელობა ფარსადანმა დავარს „ღალატად“ ჩაუთვალა და მოკვლით დაემუქრა. დავარი თვითმკვლელობით გადის დრამის სცენიდან, მაგრამ კვალს ტოვებს, ბნელი ძალების მოქმედება გრძელდება.

ნესტანის, როგორც ღვთაებრივი საწყისის,  სინათლის გამოსახსნელად თითქოს კოსმოსის ყველა კეთილი ძალა ერთიანდება (ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, ასმათი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები), რადგან ის „მართალია“. სწორედ მისი გამოხსნით კიდევ ერთხელ ზეიმობს სიცოცხლის კანონი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. სიყვარულის მისტერია კი გრძელდება. პოემის ფინალი დასტურია „გულის სამართლის“, ე.ი. „ღვთის სამართლის“ ყოველივეზე აღმატებულობისა. ამ „გულის სიმართლის“ უძლეველობა ჩანს ვაჟა-ფშაველას პოემებში, განსაკუთრებით კი, „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალში.

-----

წყარო: ნესტან-დარეჯანის გულის სამართალი, 5 აგვისტო, 2022, „მასწავლებელი“; http://mastsavlebeli.ge/?p=33861


#ვეფხისტყაოსანი#ნესტან-დარეჯანი#სამართალი#მაიაჯალიაშვილი


თანამედროვე ქართული რომანი _ მრავალხმიანი დისკურსი

 

მაია ჯალიაშვილი


 

 



 

1.           თქვენი აზრით, როგორ ასახავს ქართული რომანი თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს?

 

რომანი, მეტაფორულად თუ ვიტყვით, დიდი სარკეა, რომელშიც საზოგადოებრივი ცხოვრება ირეკლება. ოღონდ ეს სარკე დროის შესაბამისად იცვლება. რეალისტურ ლიტერატურის სარკე შეძლებისდაგვარად წმინდაა და პირდაპირ ირეკლავს, სხვადასხვა პრე თუ პოსტრეალისტური მიმდინარეობის სარკეები კი სხვადასხვანაირად არის დაბზარული, შესაბამისად, მათში რეალური ყოფაც არა პირდაპირ, არამედ დამსხვრეულად, მოზაიკურად წარმოჩნდება. ჯოისმა, მაგალითად, ირლანდიური ლიტერატურა მოახლის გაბზარულ სარკეს შეადარა. თანამედროვე ქართულ რომანში წარმოჩნდება ჩვენი დროის სხვადასხვაგვარი სატკივარი, ასევე უნივერსალური, მარადიული ღირებულებები. თანამედროვე ქართული რომანისთვის დამახასიათებელია იგივე ტენდენციები, რომლებიც ნიშნეულია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურისთვისაც: რეფლექსიები საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე მწვავე სოციალ-პოლიტიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებზე; ძველი და უახლესი ისტორიული გამოცდილებით მიღებული ტრავმების, განსაკუთრებით, საბჭოთა ეპოქის, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური გადააზრება; ადამიანის ბედის, მისი არჩევანის, ჰუმანიზმის კრიზისა და მისი გადალახვის თემები; ტექნოლოგიური პროგრესისა და კულტურის ურთიერთმიმართება; ეგზისტენციალურ და ონტოლოგიურ საკითხებზე აქცენტირება. თხრობის ტრადიციული და ნოვატორული ხერხების გამოყენება; ჟანრული ექსპერიმენტები; ორმაგი კოდირება, ირონიულ-პაროდიული ნაკადები, ინტერტექსტუალობა. რომანის შესახებ სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად, რომ მან ამოწურა თავისი შესაძლებლობანი და კვდება, იგი გამძლე და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამას მოწმობს ის, რომ დღესაც დიდი ინტერესით კითხულობენ დიდტანიან ტექსტებს. ჟანრების ერთგვარი აღრევა, მოზაიკურობა, ნარატივის მრავალფეროვნება ისედაც უცხო არ იყო მეოცე საუკუნის ლიტერატურისთვის, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ეს უფრო გაღრმავდა, თამაშის ელემენტების ფუნქციური მნიშვნელობები გაიზარდა და თანამედროვე კულტურის სანახაობრივ, კარნავალურ წარმოდგენაში, ფლეშმობების ხანაში, ვირტუალურ სივრცეთა იმპერიების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების ვითარებაში დამოუკიდებლობა არ დაუკაგავს. ბესიკ ხარანაული, მაგალითად, თავის ორიგინალურ რომანებს მეტაჟანრებად თუ რომან-კონცერტებად მიიჩნევს. იქმნება ახალი ლიტერატურული მოდელები იმის შესაბამისად, თუ როგორ იცვლება ეპოქა, სოციალ-პოლიტიკური და კულტურული გარემო.

 

2.           რამდენად არის გახსნილი რომანში ქართველი კაცის ფსიქოლოგია, მისი სულიერი სამყარო?

ეთნოგრაფიის და არა ლიტერატურის საქმეა პერსონაჟებში კონკრეტული ერისთვის დამახასიათებელი თვისებები დაძებნოს. როცა ამგვარ  კვლევას მიმართეს, მაგალითად, გურამ ასათიანმა და აკაკი ბაქრაძემ, მათ, უპირველესად, ზღაპრისა და მითის გმირებში დაინახეს ეროვნული ხასიათის შტრიხები. არავინ საუბრობს დონ კიხოტის ესპანელობაზე, ოდისევსის ბერძნობასა თუ მადამ ბოვარის ფრანგობაზე. ალუდა ქეთელაური, კვაჭი კვაჭანტირაძე, თარაშ ემხვარი, დათა თუთაშხია და სხვა პერსონაჟები, რომლებიც  უფრო ცოცხალნი არიან, ვიდრე რეალურად არსებული მოკვდავნი, ზოგადადამიანურ ხასიათებს  გამოხატავენ კონკრეტულ კონტექსტებში. შეიძლება ამ ლოკალური ეთნოფსიქოლოგიის კონტექსტებში (წეს-ჩვეულებების, ისტორიის, კულტურის, დროის, ტრადიციების გათვალისწინებით) ვიმსჯელოთ ქართულ ხასიათზე. ილია ჭავჭავაძემ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დახატა ლუარსაბ თათქარიძის სახით (ეს პერსონაჟი უნივერსალურიცაა და როგორც  ნებისმიერი ერის წარმომადგენელი, ასევე, თანამედროვე ქართველიც აღმოაჩენს მასთან მსგავსებას, მაგრამ მწერალმა ლუარსაბის ქართველობის ხაზგასმით მაშინდელი საზოგადოების უმოძრაობა, დაჭაობებულ, „მყრალ გუბედ“ გადაქცევის საშიშროება დაინახა. აკაკი ბაქრაძემ მინდიასა (ვაჟას „გველისმჭამელი“) და კვაჭი კვაჭანტირაძეში (მიხეილ ჯავახიშვილი) დაინახა ქართველი კაცის ბუნების ორი უკიდურესობა, ერთი მხრივ, სულიერები სიჭარბე, მეორე მხრივ-რაციონალიზმისა. მან ავთანდილი გამოარჩია, როგორც ხასიათში (ბუნებაში) სულისა და „ნივთიერების“ იდეალური შერწყმის მაგალითი. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ასე დაემსგავსნენ ადამიანები ერთმანეთს (რადგან  ქრება ეთნოლოგიურ-კულტურული განსხვავებულობა და ძალისხმევაა საჭირო უნიკალურობის შენარჩუნებისთვის), თანამედროვე რომანებშიც წარმოჩნდებიან ქართველები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის კონტექსტებში.

ქართველი კაცის ფსიქოლოგია და მისი სულიერი სამყარო პირობითი ცნებებია. თავის დროზე  აკაკიმ, კეთლშობილური განზრახვით, რომ დაესაბუთებინა „ვეფხისტყაოსნის“ ავთენტურობა, პოემის პერსონაჟებში ქართველების ეროვნული მახასიათებლები ამოიკითხა. მან ტარიელის  ბუნებაში აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრის ხასიათის თვისებები დაინახა, ავთანდილში-დასავლელისა, ხოლო ფრიდონი ზღვისპირელად გამოაცხადა. თავისთავად ძალიან საინტერესო დაკვირვებები წარმოაჩინა, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ დაუწუნა. მისი აზრით, ამგვარი განხილვით პოემის უნივერსალურობა და მასშტაბურობა კნინდებოდა: „ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი კაცადკაცნი არიან, ზოგად ადამიანის ბუნების მიხედვით აგებულნი და სულდგმულნი. არც ერთი მათი მოქმედება, არც ერთი ეპიზოდი მათის ცხოვრებისა ძალად და განგებ ჩართული არ არის და ყოველივე იგი

წარმომდგარია იმ კაცობრიულ ზოგად ბუნებისაგან, რომელიც მარტო თავის საკუთარს კანონს ექვემდებარება და არა სხვასა. ამაშია მთელი სიდიადე რუსთაველის გენიოსობისა“. რაც უფრო კარგად იქნება დახატული ქართველი, მით უფრო იქნება უნივერსალური.

 

3.           როგორ აისახა 90-იანი წლების მოვლენები რომანისტიკაში?

 მეოცე საუკუნის 90-იანი წლები პოლიტიკური კატაკლიზმებით იყო გამორჩეული. საბჭოთა სისტემის ნგრევას დიდი ცვლილებები მოჰყვა.  შეიძლება ითქვას, რომ დღემდე 90-იანი წლები ყველაზე უფრო ხშირად წარმოჩნდება, რადგან მდიდარ მასალას იძლევა დღევანდელობის გასააზრებლადაც. ერთ-ერთი პირველი ოთარ ჩხეიძე იყო, რომელმაც ეს მოვლენები ასახა შესანიშნავ   რომანში „არტისტული გადატრიალება“,  თანვე, თანამედროვე პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენელნი, რომლებიც ქმნიდნენ და გავლენას ახდენდნენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თავიანთი რეალური გვარ-სახელებით შემოიყვანა და გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად ჩართო მხატვრული ტექსტის მისტერიაში. მწერალმა 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ყველა მოვლენა წარმოაჩინა ამ დროს დაწერილ რომანებში . ოთარ ჭილაძემ „აველუმსა“ და „გოდორში“  გამოხატა 90-ანი წლების მოვლენებით გამოწვეული მორალურ-ზნეობრივი კრიზისი. ზოგადად, მწერალი  დგას ერთგვარი დილემის წინაშე-მაშინვე ასახოს ის, რაც პოლიტიკურ-კულტურულ ასპარეზზე ხდება, თუ დაელოდოს დროის გასვლას, ერთგვარად დისტანცირდეს. მიხეილ ჯავახიშვილმა 1924 წლის აჯანყების კვალდაკვალ დაწერა „ჯაყოს ხიზნები“, გრიგოლ რობაქიძემ _ „ლამარა“ და სხვ.  ეს ყოველივე მწერლის არჩევანზეა დამოკიდებული. დღეს  არაერთ რომანში ირეკლება ეს წლები, ზოგჯერ როგორც პერსონაჟის ბავშვობის, ახალგაზრდობისა თუ სიბერის ხანა- მოგონებების სახით. ხან თვითონ ეს დროა აქცენტირებული.  ამ თვალსაზრისით, გამოირჩევა გურამ ოდიშარიას რომანები (მაგალითად, „სოხუმში დაბრუნება“ და სხვ.), რომლებშიც კლასიკური და ნოვატორული თხრობითი სტრატეგიების გამოყენებით ავტორი კარგად წარმოაჩენს ადამიანის ბედს წარსულისა და აწმყოს მწვავე პოლიტიკურ-სოციალურსა და კულტურულ კონტექსტებში.   

 

4.           ვინ არის თანამედროვე ქართული რომანის მთავარი პერსონაჟი - გმირი თუ ანტიგმირი?

ორივეა- გმირიცა და ანტიგმირიც. საერთოდაც, ეს დაყოფა პირობითია, რაც უფრო ცოცხალია პერსონაჟი, მით უფრო ადამიანურია (ხან ზნეობრივია და ხან კონფორმისტი). ბესიკ ხარანაულის რომანის სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა მთავარი გმირი პოეტია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის საზრისს ძიებაში ხედავს. იგი ზღაპრის გმირივით გადის შინიდან და დაეხეტება უსასრულო დრო-სივრცეში მამის, ბავშვობის, სიყვარულის, სინათლის, ადამიანობის მოსაძებნად, ძველი ფასეულობების გასახსენებლად თუ ახლის აღმოსაჩენადძიება, როგორც რომანის ხერხემალი, განაპირობებს ტექსტის კომპოზიციურ ფრაგმენტულობას და აზრობრივ სიღრმეებს, მის ფილოსოფიურ-რელიგიურ შეფერილობას. არჩილ ქიქოძეს სჯერა ადამიანისა, ამიტომაცაა, რომ რომანში „სამხრეთული სპილო“ ერთნაირი შთამბეჭდაობით ხატავს დაცემულსაც და აღდგომილსაც. დემონური თუ ანგელოზური თანაბრად ნიშნეულია მისი პერსონაჟებისთვის, მაგრამ მაინც სიყვარული და თანაგანცდა ჭარბობს. რომანი სავსეა ადამიანური ამბებითა და ისტორიებით, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ მწერლისთვის ყოველი ადამიანი, რომელიც რაიმე შემთხვევითი, აბსურდული თუ კანონზომიერი მიზეზით შემოიჭრება მისი აღქმის ორბიტაზე, მნიშვნელობას იძენს. საინტერესო ანტიგმირები  იხატებიან   ლაშა იმედაშვილს  რომანში „პატრიარქის შემოდგომა“, რომელშიც წარმოჩენილია 1918 წლის ივნისში  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, კირიონ მეორის, საიდუმლოებით მოცული მკვლელობის ამბავი.  მწერალი ამ რომანში ქმნის ახალ მხატვრულ განზომილებას, რომელშიც „პეპლის ეფექტით“, პრინციპით, რა შეიძლება მომხდარიყო, დრო რომ უკან გადაგვეხვია, არკვევს მოვლენათა თანამიმდევრობის ლოგიკას. ცნობილ დეტექტიურ რომანთაგან განსხვავებით, როცა უკვე ჩადენილ დანაშაულს იკვლევს რომელიმე გონებამახვილი ადამიანი, ამ ნაწარმოებში თვითონ მოვლენები და ამბები იხატება, რომლებიც მკითხველს მკვლელობის თანადამსწრედ და მაყურებლად აქცევენ. მწერალი შესანიშნავად ხატავს ეპოქას. ახალი, როგორც რობაქიძე იტყოდა, „დემონოკრატიული“ (და არა დემოკრატიული) ბოლშევიკური, ტოტალიტარული იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში. ლიტერატურასა და ისტორიაში ცნობილია არაერთი ისეთი დანაშაული, როდესაც მკვლელობის შთამაგონებელნი დაუსჯელნი რჩებიან. მამისმკვლელობასაც მითოლოგიური ძირები აქვს. ერი თუ კერძო კაცი კლავს მამას, რათა მისი ადგილი დაიკავოს. ილია მოკლეს და საქართველოს „ასაოხრებლად მარქსიზმს გზა გაუხსნეს“ (სპირიდონ კედია). კირიონიც ერის მამა იყო, მისი მკვლელობით ერს თითქოს სულიერი განვითარების გზა გადაუკეტეს. ეს მკვლელობა რეალურად წინ უძღოდა საქართველოს მკვლელობასაც, ამგვარი მეტაფორით შეიძლება გავიაზროთ 1921 წელს საქართველოს ძალადობრივი ანექსია.

ზურაბ სამადაშვილი რომანში „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“, ერთი შეხედვით, მარტივი, სადა და „მოსალოდნელი“ ცხოვრებისეული სურათების დახატვით წარმოაჩენს უფრო ღრმა, ზედაპირული და დაუკვირვებელი მზერისთვის შეუნიშნავ ყოფიერების ფუნდამენტურ კანონზომიერებებს. ამ რომანში მთავარია ცოდვა-მადლის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების, რეალობისა და მისტიკურის უცნაური თანაარსებობა, ისევე როგორც ცხოვრებაში, რომელიც ასეთი ნაცნობი და უცნობია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ეგზისტენციალურ პრობლემებზე დაფიქრებულა.

მწერალი ხატავს საკუთარი ეგოს ჩარჩოებში ნებითა თუ ძალადობით დატყვევებულ ადამიანებს, რომელთაც არ ჰყოფნით ძალა სასიცოცხლო სივრცის გაფართოებისა და ჯანსაღი, გარდამქმნელი ჰაერის სუნთქვისა, რადგან „მეს“გარდა არ სჯერათ „სხვისი“ არსებობისა.

ზვიად კვარაცხელიას  რომანში „ფორმა #100“ მკითხველი ეზიარება ტკივილიან სამყაროს, რომელიც ადამიანური ყოფის ტრაგიკულობას გამოხატავს. „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს“, _ წერს პავლე მოციქული (I, კორინთელთა მიმართ), მაგრამ პავლეს „ავისა და კარგის არა მხოლოდ გარჩევა, არჩევა რომ შესძლებოდა“ (ჯემალ ქარჩხაძე), ამისთვის ღვთის დახმარება დასჭირდა, სულიერი ფერისცვალება, მეორედ დაბადება. ზვიად კვარაცხელიას რომანში წარმოჩენილია უნებლიე თუ წინასწარგანზრახული ცოდვები, რომლებიც ადამიანის ბუნებას, ხასიათს აყალიბებენ, მის შეხედულებებს, თვალსაზრისებს, გადაწყვეტილებებს აპირობებენ და სამყაროსა თუ ადამიანებთან ურთიერთობას განსაზღვრავენ. მწერალი წარმოაჩენს, ადამიანის გულში როგორ დევნის დემონური სწრაფვანი ანგელოზურს და ცხოვრება „ყრმათა ანგელოზურ სახეებზე სფინქსის ღიმილს“(დოსტოევსკი) როგორ აღბეჭდავს.

ზურაბ კანდელაკის რომანიუძრავი ქარი“  მეოცე საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურსა თუ კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ კატაკლიზმებს ირეკლავს. მწერლისთვის თავისუფლების წყურვილისთვის დახვრეტილი „თვითმფრინავის ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წამებულნი არიან, საზოგადოების მიერ პირველმოწამე სტეფანესავით ჩაქოლილნი. მას სურს, მკითხველმა ცოცხლად განიცადოს მომხდარი, ამიტომაც ლანდებად ქცეულ გარდაცვლილებს მისტიკურ შუაღამეს ერთმანეთს ახვედრებს და მკითხველს ტრაგიკული მოვლენების თანამონაწილედ აქცევს.

ზურაბ ლავრელაშვილის  რომანში „მღვიძარება“ ცივილიზაცია და რწმენა დახატულია როგორც ცეცხლი და ყინულივით შეუთავსებელი. ცხოვრება, ქვეყნიერება, მწერლისთვის მეტატექსტია_ რომელშიც ჩაწერილია სხვა ტექსტები. მწერალი თავის პერსონაჟებსაც სწორედ ამ მეტატექსტის კონტექსტში წარმოაჩენს. სიმბოლო ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს ირაციონალურ სამყაროსა და მისტიკურ სამყაროს შორის (იური ლოტმანი), ამიტომ მწერალი ხშირად მიმართავს სიმბოლოებს. რომანში გმირი მიატოვებს ყველაფერს და მთებისკენ გარბის. იგი ნაცნობ ადგილას საყდარს ვეღარ დაინახავს, ის მან ახლიდან უნდა ააგოს თავის სულში.   სიფხიზლე ტკივილთანაა დაკავშირებული. ცნობილ მითში პრომეთეს არწივი ღვიძლს უკორტნის, რომ მღვიძარე იყოს. ეს მისი სასჯელია. მწერალს სჯერა და მკითხველსაც არწმუნებს: “სიბნელეში სინათლე იმალება. სინათლე უნდა დაინახო. ამისთვის უნდა იფხიზლო”.

თემურ ბაბლუანის რომანში „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“  მთავარი გმირის ბედი შემთხვევით, მოულოდნელ თუ ლოგიკურ და კანონზომიერ მოვლენათა კვალდაკვალ იქმნება. მწერალი კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, მისი სულის უფსკრულებს, ამიტომაც მკითხველი რომანის გმირებთან ერთად იხეტიალებს ნათელი იდეალებისა და ბნელი ინსტინქტების საუფლოებში და შეშფოთების, გაოცების, აღტაცებისა და გაოგნების წყალობით კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდება ეგზისტენციალურ, „წყევლა-კრულვიან“ საკითხავებს.  ამ რომანის მთავარ გმირსაც (რომლის გზაც მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების კონტექსტში იხატება) წმინდა და შეუბღალავი სიყვარული  გადაარჩენს.

ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის („ზინკა ადამიანი“) კითხვისას მკითხველი რწმუნდება,  რომ მწერალს უყვარს ადამიანები, რომელთა უმრავლესობა არც კარგია და არც ცუდი, არამედ „ცუდ-კარგია“. ამ თვალსაზრისით, ეხმიანება გურამ დოჩანაშვილის   გრიშა კეჟერაძეს, რომელიც  იმასაც ამბობს, რომ „სადაც სიყვარული ურევია, ყველაფერი ლამაზდება“(„იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“). ამ რომანშიც  სიყვარულია ყველგან „გარეული“, თანაც, ისეთი დიდი დოზით, რომ პატარა, უმნიშვნელო ადამიანები, არანაირ კვალს რომ არ დატოვებენ რეალურ ცხოვრებაში, „ლამაზები“ არიან. ამიტომაც რჩებიან მკითხველის წარმოსახვაში.  

ასე რომ, თანამედროვე ქართულ რომანში პერსონაჟები იხატებიან ერთდროულად თავიანთი ანგელოზური და დემონური ბუნებით.

 

5.           ამდენად შეესაბამება ჟანრის მოთხოვნებს რომანის ენა?

 

ზოგადად, რომანის ჟანრი  ენასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. პროზის ნაირსახეობანი (რომანი, მოთხრობა, მინიატურა და სხვ.) ერთმანეთს ჰგავს ენობრივი თვალსაზრისით (ეს იქნება, ჩვეულებრივი სინტაქსით აწყობილი თხრობა თუ პოეზიისთვის დამახასიათებელი დარღვეული სინტაქსით, რიტმულობით, ლირიზმით, ასოციაციური ნაკადებით, ჭარბი ქვეტექსტურობით, ე.წ. პოეტური პროზით). მეოცე საუკუნის რომანებში, ძირითადად, დაცულია პროზის ის „კანონი“, რომ ის უნდა განსხვავდებოდეს ე.წ. „საგაზეთო“ ენისაგან. დღეს ხშირად იწერება რომანები, რომლებიც ლექსიკური სიმწირით გამოირჩევა,  ჟარგონით, ბარბარიზმებით, ვულგარიზმებით, ჟურნალისტური, მშრალი, საკანცელარიო ენისთვის დამახასიათებელი კლიშეებით დატვირთული. ეს, რა თქმა უნდა, ავტორის უნიჭობაზე მეტყველებს. ვფიქრობთ, რომანის ჟანრობრივი განსხვავებულობა მჟღავნდება  ტექსტის სტრუქტურაში, კომპოზიციაში. რომანს ბოდლერი მიიჩნევდა  „ნაბუშარ“ ჟანრად, რომელიც აქტიურად იყენებდა სხვა ჟანრის მახასიათებლებს. თვითონაც მიმართა ამგვარი  „აღრევის“ ხერხს  და წარმატებით განახორციელა ექსპერიმენტი, როდესაც რითმისა და რიტმის გარეშე შექმნა პოეზია _ „ლექსები პროზად“. დღეს რომანებსა და ვრცელ მოთხრობას შორის ზღვარიც წაშლილია. ავტორზეა დამოკიდებული, რომანს უწოდებს თავის ტექსტს თუ მოთხრობას. ამიტომ მეოცე საუკუნეში და დღესაც იწერება მცირეფორმიანი რომანები.

 

6.           რა მისცა რომანს 90-იანების დასაწყისში ცენზურის გაუქმებამ და სიტყვის თავისუფლებამ?

ცენზურის გაუქმებამ პოლიტიკურსა და სოციალურ თემებზე წერის მეტი თავისუფლება მისცა ავტორებს. მათ აღარ სჭირდებოდათ ქვეტექსტების, სიმბოლო-ალეგორიებისა და მეტაფორების მოხმობა იმისათვის, რომ კრიტიკული შეხედულება, მეამბოხური სულისკვეთება თუ საპროტესტო აზრი გამოეხატათ. თუმცა, ამან ერთგვარად გააღარიბა სათქმელის გამოხატვის ფორმა. აგრეთვე, იმძლავრა, უფუნქციოდ გამოყენებულმა ჟარგონმა. თუ ადრე მწერალი ევფემიზმების საშუალებითა და ოსტატობის მეშვეობით ხატავდა ინტიმურ სცენებს, ახლა ვულგარიზმებით და ნაკლები ოსტატობით წარმოჩნდება.

 

7.           რით განსხვავდება თანამედროვე ქართული რომანი მეოცე საუკუნის ქართული რომანისაგან?

მეოცე საუკუნის რომანები უფრო მასშტაბურია თავისი სათქმელით. იმდენი კარგი რომანია დაწერილი მეოცე საუკუნეში, ჯერჯერობით, თანამედროვეობაში შექმნილი ვერცერთი რომანი მეტოქეობას ვერ გაუწევს (ვგულისხმობთ, მიხელ ჯავახიშვილის, ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ჯემალ ქარჩხაძის, ოთარ ჭილაძის, ოთარ ჩხეიძის,   გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, თამაზ ბიბილურის, რეზო ჭეიშვილის, გურამ გეგეშიძის, მაკა ჯოხაძის და სხვათა რომანებს). ამ ავტორთაგან ზოგმა 21-ე საუკუნის პირველ ათეულშიც დაწერა საუკეთესო რომანები. დღეს სათქმელის მასშტაბურობით, გამოხატვის სიღრმითა და ექსპრესიით გამორჩეულია ნაირა გელაშვილის რომანები. ყურადღებას იქცევს ნინო ხარატიშვილი, რომელიც მეოცე საუკუნის რომანის ტრადიციას აგრძელებს.

მსგავსება არის ის, რომ დღესაც რომანის მთავარი გმირი გზაზე დამდგარი ადამიანია, რომელიც დაეძებს  საკუთარ თავს, დასაყრდენს, უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, ადგილს სამყაროში. განსხვავება არის ის, რომ  მეტი ქვეცნობიერი ნაკადებია, სუბიექტური აღქმის პრიზმაში წარმოჩნდება მოვლენები. თანამედროვე ყოფა ადამიანს უქმნის ახალ კონტექსტებს, რადგან ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით  შეცვლილია გარემო, ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ არ იცვლება ფუნდამენტური  ადამიანური ღირებულებები, თემების, პრობლემების თვალსაზრისით, დიდი განსხვავება არ არის. მაგალითად, ის გარემო ან ის გმირები, რომლებსაც  აღწერს, მაგალითად,  ლუკა ბაქანიძე რომანში „მესამე ნაპირი“ სრულიად განსხვავებულია, თანამედროვეა, მაგრამ „ძველია“ მარტოსულობის, დაკარგულობის, გაუცხოების განცდა, რომელსაც ისეთივე ინტენსივობით განიცდის მთავარი გმირი, როგორც წინა საუკუნის რომელიმე რომანის გმირი. გამოხატვის ძიებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აკა მორჩილაძის რომანები. რა თქმა უნდა, დღევანდელ სარომანო მოზაიკურ სივრცეში თავიანთი ადგილი უჭირავთ სხვა საინტერესო მწერლებსაც. ყურადღებას იქცევენ ახალგაზრდები, რომლებიც ერთი ან ორი რომანით  ადასტურებენ, რომ ამ ჟანრს საქართველოში პერსპექტივა არ დაუკარგავს.

 

8.           ხედავთ თუ არა მემკვიდრეობით კავშირს ძველ და თანამედროვე რომანებს შორის?

კი, ვხედავ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თვითონ ქართული ენა, სიტყვა განაპირობებს ამ კავშირს.  ეს ცხადად ბევრ მწერალთან წარმოჩნდება, სამაგალითოდ ზაირა არსენიშვილის რომანებს დავასახელებ. ძალიან ხშირად ძველი დროის რომანების კითხვისას გეუფლება განცდა, რომ ის ჩვენს დროშია დაწერილი, იმდენად აქტუალური და თანამედროვეა ადამიანური ტკივილების წარმოჩენით, თხრობის ტექნიკით თუ პერსონაჟთა მისწრაფებების გამოხატვით.  საზოგადოდ, სიახლის განცდა, ხშირ შემთხვევაში,  ილუზორულია, როდესაც  ლიტერატურასთან  გვაქვს საქმე.

 

 

    9. პოსტმოდერნისტულმა და დოკუმენტალისტურმა ტენდენციებმა უკანა პლანზე ხომ არ გადასწიეს მხატვრული გამონაგონი?

პერსპექტივის ცვლა მწერალზეა დამოკიდებული და რაიმე ტიპის ტენდენციები ნაკლებად მოქმედებს. მხატვრული გამონაგონი  რომანის ფუნდამენტია, ამის გარეშე ვერ შეიქმნება კარგი რომანი, პოსტმოდერნისტული იქნება თუ რეალისტური.  დოკუმენტალისტური ტენდენციები მხატვრულ გამონაგონს ვერ აუქმებს.  გამონაგონი კრავს და ამთლიანებს დოკუმენტურ მასალას. ამგვარი ტიპის ნაწარმოების წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თხრობის რა სტრუქტურას, კომპოზიციას შექმნის მწერალი, დოკუმენტურ მასალას როგორ ააწყობს, მოზაიკას როგორ შეადუღაბებს გამონაგონის წებოთი ისე, რომ მკითხველი არც ერთხელ არ დააეჭვოს მოთხრობილი ამბების დოკუმენტურობასა და ობიექტურობაში. ამიტომაც  არსებობს  მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, რომელიც ჩვენთანაც და უცხოეთშიც პოპულარულია.

 

    10. რამდენად მოქმედებს ბაზრის კანონები რომანის ხარისხზე?

რომანის ავტორები მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ თანამედროვე მკითხველის გემოვნებასა და ინტერესებს. მთელ მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკამ, ხელოვნების კომერციალიზაციამ ლიტერატურასაც ახალი ამოცანები დაუსახა, თუმცა მთავარი დარჩა, ადამიანის გულის ჭიდილის წარმოჩენა, როგორც ფოლკნერი იტყოდა. თანამედროვე ქართული რომანი მრავალმხრივ საგულისხმო ეკლექტური ფენომენია. ის შეიცვალა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების ანალოგიურად, ვგულისხმობთ პოსტმოდერნისტულ ძიებებს თხრობის სტრუქტურის, ამბების გადმოცემის, კომპოზიციის, პერსონაჟთა ხატვის თავისებურებებისა და, ზოგადად, სათქმელის გამოხატვის თვალსაზრისით.  

პოლ ვალერი ჩვეული მახვილგონივრულობით ასე მიმართავს მწერალს: „დაუფიქრდით, რაა საჭირო იმისთვის, რომ თავი მოაწონო სამ მილიონ მკითხველს. პარადოქსი:  საჭიროა გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმისთვის, რომ თავი მოაწონო მხოლოდ და მხოლოდ ასიოდე კაცს.   მაგრამ, ის, ვინც მილიონებს მოსწონს, ყოველთვის კმაყოფილია თავისი თავით, მაშინ, როდესაც ის, ვინც მხოლოდ ასიოდე კაცს მოსწონს, თავისი თავით მეტწილად  უკმაყოფილოა“.

ნიჭიერი მწერლები ცდილობენ თავიანთი მკითხველის შექმნას, ამიტომ არ ითვალისწინებენ ბაზრის მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბევრად იოლია წერო უკვე არსებული მკითხველის ნაცნობი გემოვნების მიხედვით, მაგრამ კარგი მწერალი სხვა გზას ირჩევს. სწორედ ამაზე მსჯელობს უმბერტო ეკო:  „ავტორი ბაზრის ერთგვარ კვლევას ატარებს და მას ერგება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მას ყველაფერი გათვლილი აქვს: ასეთი ავტორის სხვადასხვა რომანს თუ გავაანალიზებთ, შევამჩნევთ, რომ ისინი, სახელების, ადგილების, სახეების ცვლილებით, ერთსა და იმავე ამბავს გვიყვებიან, იმას, რასაც მკითხველი წინასწარვე ითხოვდა. მაგრამ, როცა მწერალი სიახლეს გეგმავს და განსხვავებული მკითხველის შექმნას აპირებს, სურს, ბაზრის ანალიტიკოსი კი არ იყოს, რომელიც წინასწარ ცნობილი მოთხოვნების ჩამონათვალს ადგენს, არამედ – იყოს ფილოსოფოსი, რომელიც ინტუიციით გრძნობს. სურს, თავის მკითხველს ის გაუმხილოს, რაც მკითხველს უნდა უნდოდეს, თუმცა თავადაც არ იცის ეს. ასეთ ავტორს სურს, საკუთარი თავი აღმოაჩენინოს მკითხველს“. მისი აზრით, „ავტორი უნდა მოკვდეს ნაწარმოების დასრულების შემდეგ. ტექსტის სვლა რომ არ დააბრკოლოს.“ დღესაც, როგორც ადრე, ე.წ. ბულვარულ რომანებს მეტი მკითხველი ჰყავს. საქართველოშიც ხშირია მცირეხნიანი „გაელვებისთვის“ შექმნილი რომანები.

 

    11. რომელი ქართული და საზღვარგარეთული რომანები წაიკითხეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

წელს წაკითხულთა შორის გამოვარჩევ გიორგი კაჭარავას რომან-აპოკრიფს „პილატე და კაიაფა“, რომელშიც ავტორმა ბიბლიური სახე-სიმბოლოებითა და პერსონაჟებით  არა მხოლოდ მარადიული, არამედ თანამედროვეობის პრობლემებიც გამოხატა. შვეიცარიელი მწერლის, პეტერ შტამის, რომანი „სამყაროს მშვიდი გულგრილობა“, რომელშიც ავტორი ცხოვრებას წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ არტისტულ თამაშს, რომლის მონაწილენი  ცდილობენ ამ გზით ჩასწვდნენ  სიცოცხლის საიდუმლოს, არსებობის აზრსა და მიზანს. თანამედროვე  ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, ლაურა ფროიდენთალერის,  ფსიქოლოგიური რომანი „მოჩვენებათა ამბავი“. ავტორი  ადამიანის სულის ურთულეს, ბნელსა და ამოუცნობ  ლაბირინთებში  მიგვიძღვება და  ცდილობს გაერკვეს, რა ემართება ადამიანს, როდესაც იდენტობის განმსაზღვრელ ღირებულებებში ეჭვი შეეპარება (ორივე რომანი მაია მირიანაშვილმა თარგმნა). აგრეთვე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“, რომელიც თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემებს გამოხატავს, თანვე გამოირჩევა პოეტური ენითა და გამოხატვის ფორმების სიმდიდრით (თარგმნა თამარ ლომიძემ)  და სხვ.

 

    12. დაასახელეთ თანამედროვე ქართველი რომანისტების სამეული.

დღეს საინტერესო რომანისტები გვყავს და, შესაბამისად, იწერება, განსხვავებული თემატიკის, სტილისა და ესთეტიკის ნაწარმოებები. სამი რჩეულის დასახელება რთულია, ძალიან სუბიექტური იქნება. ამიტომ დაველოდოთ დროს, რომელიც თვითონ გამოარჩევს.

 

 -------

ამ ინტერვიუს შედარებით მოკლე ვარიანტი დაბეჭდილია  გაზეთში: „ლიტერატურული საქართველო“,  #20, 7-20 ოქტომბერი, 2022 წელი („ლიერატურული საქართველოს“ ანკეტა).