Translate

Thursday, February 3, 2011

მაია ჯალიაშვილი დავით ქართველიშვილის რომანზე ''იყო საღამო, იყო დილა''

მაია ჯალიაშვილი
''ოდესმე ცაში ვიცხოვრებ''


(დავით ქართველიშვილის რომანი ''იყო საღამო, იყო დილა'', თბ. 2006 )

დავით ქართველიშვილის პერსონაჟებს უყვართ ფიქრი, ამ გზით ისინი რეალობის მიღმა გადიან, თუმცა ყველა ერთნაირად როდი ახერხებს ამას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რომანი `იყო საღამო, იყო დილა~, კლასიკური ყაიდის მხატვრული ტექსტი, რომელიც მკითხველს იოლად უშინაურდება, თავს წააკითხებს. ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული, არც ამბავი, არც თხრობის მანერა, მაგრამ მთლიანობაში რაღაც ხიბლი აქვს, ამას გრძნობ კითხვისას, პერსონაჟები თითქოს გიზიდავენ, საკუთარი ცხოვრების წიგნში გახედებენ არა თანაგრძნობის წყალობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ერთხელ კიდევ დაგარწმუნონ, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრება წასაკითხად არ ღირდეს. უფერულობა მოჩვენებითია, ზედაპირულია, სიღრმეში კი ფერადოვანია, სხვადასხვა ფიქრის ნაკადებით სავსე და მღელვარე. დავით ქართველიშვილს, როგორც მწერალს, უყვარს უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანები, მათი საშუალებით გამოთქვამს თავის შეხედულებებს წარმავალ თუ წარუვალ ღირებულებებზე. სიყვარულის, რწმენის, მარადისობისა და სხვა გაცვეთილი, მაგრამ მაინც მარად ახალი `მოტივები~ ამ რომანში პათეტიკის გარეშე შემოიჭრება.
მწერალი ოსტატურად წარმოაჩენს პერსონაჟთა ხორციელსა და სულიერ ცხოვრებას, ხშირად ერთმანეთისგან მოწყვეტილს. ამიტომაც არიან ეს გმირები გზადაბნეულნი, საყრდენების გარეშე. ისინი ვერ პოულობენ საკუთარ ხმას, რათა სამყაროს ჰარმონიულ ჟღერადობაში ჩაერთონ. ეს კი იწვევს სიცოცხლის უაზრობისა და ერთფეროვნების განცდას და მისგან გაქცევის წადილს. თუმცა გაქცევა ხსნა რომ არაა, იციან და საკუთარი გამოცდილებით რწუნდებიან.
რომანის სათაურად ბიბლიის ციტატაა შერჩეული. `დაბადების~ მიხედვით, ღმერთმა ერთმანეთისგან გაჰყარა ნათელი და ბნელი. ნათელს უწოდა დღე და ბნელს_ღამე და დაიწყო DDდღეების ათვლაც. იყო საღამო, იყო დილა_სამყაროს შექმნის ყოველი დღე ამ სტრიქონით სრულდება და იგი სიცოცხლის დაუსრულებელ რიტმს გამოხატავს. ამ რიტმშია ჩართული ყოველივე, რაც დედამიწაზეა და მათ შორის, უპირველესად, ადამიანი. ამ რიტმითაა მოცული დავით ქართველიშვილის რომანის მხატვრული სამყაროც. ასე რომ, ყოველი კერძო კაცის, ამ შემთხვევაში, რომანის პერსონაჟის, ცხოვრებაც უნივერსალურ კანონზომიერებას ემორჩილება. თუმცა, ამ დილა_საღამოს მონაცვლეობაში გამოვლინდება ადამიანის თავისუფალი ნებაც_აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება, სიყვარული ან სიძულვილი და ამ არჩევანით განსაზღვროს თავისი ცხოვრებაც. ეს არჩევანი ერთგვარად იძულებითია, ვერავინ განუდგება მას, გვერდს ვერ აუვლის, რადგან სწორედ ეს `ან~ წარმოადგენს სიცოცხლის საზრისს.
საგულისხმოა, რომ რომანის ეპიგრაფებადაც ბიბლიის ციტატებია მოყვანილი: ერთი ძველი აღთქმიდან: 138_ე ფსალმუნის სტრიქონებია: `საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და_იქაც ხარ!~ მეორე ახალი აღთქმიდან: მოციქულ პავლეს პირველი წერილიდან კორინთელთა მიმართ: `და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ~ (Iკორინ, 15,19). ამგვარად, მწერალი თვის პერსონაჟთა ცხოვრებას ბიბლიური პარადიგმების კონტექსტში მოიაზრებს, მათ ცხოვრებას ღვთის გადასახედიდან აფასებს. თუმცა, ეს არ არის ზედაპირული და მანერული. რომანის პერსონაჟები არ გამოირჩევიან ღვთისმოსაობით, განსაკუთრებული რწმენით და მასზე დაფუძნებული ზნეობით, თუმცა ღმერთზე ფიქრი მათი ცხოვრების თანმდევია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, გამუდმებული დაცემითა და შეცდომებით რომ მიიწევენ სინათლისაკენ. სინათლისკენ სწრაფვა შეიძლება პათეტიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ რომანში მართლაც იგრძნობა ნაცრისფერი ყოფიდან თავდაღწევის სურვილი. ზნეობრივ წყვდიადში მაინც იბადება სისუფთავის წადილი.
რომანში თანამედროვეობაა ასახული, მაგრამ ისე, რომ დრო პირობითია, ყველაფერი, უპირველესად კი, პერსონაჟთა ცხოვრება მაინც მარადიულობის გადასახედიდან ფასდება. დრო ერთგვარი დეკორაციაა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მოთამაშე პერსონაჟები კი არსებითად იგივენი დარჩებიან. ერთადერთი, რაც უცვლელია, არის განმეორადობა დღე_ღამისა, წარმავლობა. ეს პერსონაჟები მონაწილეობენ ცხოვრებისეულ დრამებში, რომლებიც სიყვარულის, სიძულვილის, ღალატის, რწმენის, სიკეთისა და ბოროტების მარადცოცხალი გრძნობების ჭიდილისგან წარმოიქმნება.
რომანის სივრცული არეალი საკმაოდ ფართოა, გმირები `მოძრაობენ~_საქართველოში, ამერიკასა და კანადაში. თუმცა მწერალს თვითონ სხვა ქვეყნები თუ ქალაქები არ აინტერესებს, არამედ ადამიანები, რომლებიც გარბიან საქართველოდან (ქართველები) და ამერიკელები, რომლებიც მოისწრაფვიან საქართველოსკენ. ორივეს (ქართველსაც და ამერიკელსაც) სხვაგან ხსნა ეგულება. ქართველს_უკეთესი ცხოვრება და ფიზიკური გადარჩენა, ამერიკელს_ახალი სანახავი, ეგზოტიკა და უცხო გამოცდილება.
რომანის 27 უსათაურო თავში თუ ეპიზოდში სხვადასხვა ამბავია მოთხრობილი თითზე ჩამოსათვლელ გმირთა ცხოვრებიდან. მთხრობელი ხან პირველ პირში გვიყვება ამბავს და ის თვითონ მონაწილე პერსონაჟია, ხან მთხრობელი_დამკვირვებელი მესამე პირში მოგვითხრობს. ეს კი თხრობის საინტერესო ვარიაციებს ქმნის. დრამატულობის თვალსაზრისით, მწერალი საკმაოდ ექსპრესიულად ჰყვება. საბოლოოდ, ყველა პერსონაჟის ბედს ერთმანეთს გადააჯაჭვავს და ამგვარად კომპოზიციურად ამთლიანებს. დასაწყისში თხრობის რიტმი ზომიერია, შემდეგ უფრო ჩქარდება `კადრების~ მონაცვლეობა. მწერალი პარალელური თხრობით, მონტაჟის ტექნიკით განგვაცდევინებს სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთ დროში მიმდინარე ამბების ერთობლიობას. მწერალი ცდილობს, მკითხველმაც შეიგრძნოს ეს ერთიანობა, სამყაროში არსებული უხილავი თუ ხილული მიზეზშედეგობრიობა. მან იცის, რომ ადამიანის ნებისმიერი კერძო `ცოდვა~ ზოგადდთან, უნივერსალურთან, კოსმიურთან დაკავშირდება. ერთი იწვევს მეორეს, ან პირიქით. მაგალითად, რომანის ამერიკელი გმირი მილინდა აბორტს 2001 წლის 11 სექტემბერს გაიკეთებს. მწერლის აზრით, მკვლელობა ერთისა თუ ასი ათასობით ადამიანისა_ღვთის გადასახედიდან_ორივე თანაბრად დიდი ცოდვაა. ამას გრძნობს ქალი, ამიტომაც `მილინდა ატირდა, ყველაფერს ერთდროულად დასტიროდა: გაწყალებულ შვილს, დანგრეულ შენობაში მოყოლილ ადამიანებს~. რატომ? ერთი შეხედვით, უპასუხოა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ ორი კითხვიდან მილინდას შეუძლია ერთზე, მასთან დაკავშირებულზე, ნათელი პასუხი გასცეს, მაგრამ გაურბის. ეს კითხვისგაუცემლობა ნიშნავს ჩადენილ ცოდვაზე პასუხისმგებლობის მოხსნას. ეს კი ჯაჭვური რეაქციით იწვევს სხვა შეცდომებსა და ცოდვებს.
მწერალი ერთგვარად ძუნწი მთხრობელია, ლაკონური, შეკუმშული, ხატოვანებისგან თითქმის გაძარცული ფრაზებით გვიამბობს, ეს ქმნის რომანის ლექსიკური სიმწირის შთაბეჭდილებას, რაც ერთგვარად აუფერულებს მხატვრულ სამყაროს. თუმცა, მწერალი თითქოს საგანგებოდ ჰყვება ასე, რათა უფრო მეტად გაუსვას ხაზი პერსონაჟთა სულიერ სიცარიელეს. ყურადღებას იქცევს პერსონაჟთა სახელების კნინობითი ფორმები. ამ გზითაც, ალბათ, ხაზს უსვამს მათ ინფანტილურობას. მათ ბევრი უკლიათ სისრულემდე, კაცობამდე, ამიტომაც მოიხსენებიან, როგორც თაზო, ლევანიკო და სხვა. თუმცა, მაგალთად, თაზო, სულაც არ არის ერთუჯრედიანი, პირიქით, ფიქრობს, აზროვნებს და საინტერესო თვალსაზრისებსაც გამოთქვამს. საგულისხმოც ესაა, რა ემართება ამგვარი რომანტიკული ბუნების კაცს ჩვენს `კანცელარიულ~ სამყაროში, სადაც ყველაფერი უნდა გათვალო, მათ შორის, გრძნობებიც.
მწერალმა პერსონაჟებად მძიმე და არეული დროის შვილები აირჩია. თაზოს, ბექას, ნათიას, ლევანიკოს ყმაწვილობა XX საუკუნის 90_იან წლებს დაემთხვა, დრომ კი მათ სული დაუმახინჯა. ზოგი მკვლელია, ზოგი მკვლელობის უნებური მონაწილე, ზოგი გულგრილი მაყურებელი. მაგალითად, `ლევანიკოსთვის მთელი კაცობრიობა ერთი ნაგავია~ და ამგვარი დასკვნა საკუთარ თავსა თუ მეგობარ_ახლობლებთან ურთიერთობის გამოცდილებამ გამოატანინა. `კარგი ჭამა და კარგი სექსი~, და, რა თქმა უნდა, კარგი სამსახური (მაგალითად, ბანკში მუშაობა) თითქოს სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის. არადა, ბანკს ერთი პერსონაჟი `ჯოჯოხეთად~ აღიქვამს_ერთფეროვნებისა და ყალბი ურთიერთობების გამო.
ავტორი საკუთარ გამოცდილებას, თვალსაზრისებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პერსონაჟზე გადაანაწილებს, მაგრამ, უპირველესად, თაზოს გამოათქმევინებს, ასე რომ, ,იგი მწერლის ერთგვარი ალტერ_ეგოა, 28 წლის თაზო ბერიძე, რომელსაც ბაბუის სახელი და გვარი აქვს. მწერალი ამ დეტალზე ყურადღებას ამახვილებს და მიანიშნებს სამყაროში ყველაფრის გამეორებაზე. არსებითად, იმასვე, რაც სათაურშია და რაც ეკლესიასტეშია ყველაზე ხატოვნად და შთამბეჭდავად გამოთქმული. თამაზი შეყვარებულ მაკასთან ერთად სოფელში, ბაბუის სახლში ერთი თვით განაპირდება და საშუალება მიეცემა თვითჩაღმავებისთვის. ეს ერთი თვეა რომანის ძირითადი დროული არეალი, რომელიც `ფართოვდება~ პერსონაჟთა მოგონებებით. საგულისხმოა, როგორ ცდილობენ ისინი დროისგან თავდაღწევას, მაკა და თაზო უსაათებოდ ცხოვრობენ, მაგრამ ამას მაინც ვერ ახერხებენ, რადგან ცხოვრებაში საყრდენი წერტილი ვერ მოუძებნიათ.
თაზოსთვის დრო ხშირად ვერტიკალურად ჩაღრმავდება და წარსულზე ფიქრებით ივსება. მაკასთან მას მხოლოდ სხეულებრივი ურთიერთობა აქვს, სულიერად კი უკავშირდება აწმყოს, წარსულს, მომავალს და ყველაფერს, რაც მის გარშემოა, უპირველესად, საკუთარ თავს. იგი, როგორც აღვნიშნეთ, პოეტური ბუნებისაა. ცა მისთვის ღმერთის, ანგელოზების, მეგობრებისა და უთვალავი უცნობის სამყოფელია. იგი გრძნობს მათ მზერას. ხშირად უყურებს ცას და ტკბება ღრუბლების ცქერით, მას სულიერი თვალი აქვს ახელილი და ცდილობს არსობრივად ჩასწვდეს სიცოცხლეს. იგი ფიქრობს: `ბალახის ენა მე არ ვიცი. ოდესმე ცაში ვიცხოვრებ და ყველა ენა მეცოდინება, ყველა საიდუმლო ამოცნობილი მექნება~. მწერალი ახერხებს პერსონაჟის ფიქრებით მისი ბუნება დაგვიხატოს. თაზო ფილოსოფიურად უღრმავდება ცხოვრებას. აწუხებს, რომ აწმყოში ყველაფერს (მუშაობს, ლოცულობს, სწავლობს) მომავლისთვის აკეთებს, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.
თაზოს უყვარს მზე და ფიქრობს, რომ `მზე არის ღმერთის ღიმილი, ხოლო მთვარე ღმერთის ცრემლია~. ულამაზესი პოეტური სახეა, გამოდის, რომ ღმერთი ღამ_ღამობით ტირის. ერთადერთხელ ტირის იესო სახარებაში, ლაზარეს სიკვდილის ჟამს, `და ცრემლოოდა იესოცა~. მეგობარს გლოვობს იესო, ე.ი. არც დღეს ჰყავს მეგობარი, ამიტომაც აღიქვამს გმირი მას აცრემლებულად. ცხოვრების `გაუგებრობა! გმირებს მეტ ინტერესს უჩენს. მაგალითად, მილინდა ფიქრობს,: `გიზიდავს ის, რაც არ გესმის, რაც გაუგებარია, ცხოვრებაც ამიტომ გიზიდავს_არ გესმის, როდის რა მოხდება, არ იცი~. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პერსონაჟები წიგნიერებითა და განათლებულობით არ გამოირჩევიან, მათ გამახვილებული აქვთ გარესამყაროს ინტუიტური წვდომის უნარი. რაღაც შინაგანი ინტელექტის მსგავსი გააჩნიათ. მაგალითად, ლევანიკო ფიქრობს: `რა არის ჩემთვის სამყარო?~ რთული კითხვაა, მაგრამ პერსონაჟი მარტივ და დამაჯერებელ პასუხს პოულობს: `აი, ეს ცის ნაგლეჯი, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან მოჩანს... კიდევ, აი, ეს სახლი და ოფისი, მაგრამ ადამიანების გარეშე მკვდარია ყველაფერი~. მკვლელი ლევანიკოსთვისაც ცხადია ჭეშმარიტება, რომ ადამიანის გარეშე სამყარო მკვდარია. ეს, რა თქმა უნდა, მწერლისეული თვალსაზრისია, რომელიც ამ `დაცემულ~ პერსონაჟს გამოათქმევინა და ამით კიდევ ერთხელ დაგვაჯერა, რომ მას ადამიანი, დაცემულიც და ამაღლებულიც, უყვარს. ამიტომაცაა, რომ მკითხველი თანაუგრძნობს ამ პერსონაჟებს. მაგალითად, ბექა ფიქრობს: `არ მინდა, არ მინდა ესეთი ცხოვრება. მწარეა ცხოვრება, უგემურია ცხოვრება, მაგრამ ცხოვრება სიგარეტი არ არის, ვერ გადააგდებ, ფეხით ვერ გასრეს, ვერ მიაფურთხებ. ყველაფერი პირიქით ხდება, ცხოვრება გაგდებს, ცხოვრება გსრესს, ცხოვრება გაფურთხებს~. ამგვარად მოფიქრალი გმირი მკითხველის სულში პოულობს გამოძახილს, რადგან ყველასთვის ნაცნობია გამოუსავლობის დამთრგუნველი შეგრძნება.
`არეული ვარ~,_ამ ერთი სიტყვით გამოხატავს მწერალი გმირის სულიერ ქაოსს, მას ხან სჯერა ღვთისა, ხან არა, და ეს რწმენა შეიძლება ხუწუთიანი ინტერვალით ეცვლებოდეს. `მგონია, რომ გამუდმებით მითვალთვალებენ. ვინ? ღმერთი? არა, ღმერთი ჩემშია. ეშმაკი? არა, ეშმაკიც ჩემშია~. მწერალი პერსონაჟთა შინაგანი სამყაროდან ხან ღმერთს `ათავისუფლებს~ და ხან ეშმაკს. ამის მიხედვით ხატავს მათ ხასიათებს. მთხრობელი საკმაოდ მშრალად, ძუნწად ჰყვება ამბავს. როგორც აღვნიშნე, ენობრივი ქსოვილი თითქმის განძარცულია ყოველგვარი ხატოვანებისაგან, მაგრამ თვითონ ნაფიქრს მოაქვს სილამაზის განცდა.
რომანში ბანკი თანამედროვე საზოგადოების მიკრომოდელია, აქ ფულია უპირველესი სალოცავი. `მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და ცეცხლთან ერთად, ფული მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, სტიქიად, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად უწევს ანგარიშს~, _წერს იოსიფ ბროდსკი. ბანკის ყოფა, რა თქმა უნდა, ირონიზებულია. საინტერესოა ახალი, საბანკო `სიბრძნეები~, რომელთა ათვისება ამ საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის აუცილებელია. მაგალითად, ბანკის სიბრძნეთაგან ერთ_ერთია: `დასვენება სიკვდილის შემდეგაა, ძმაო~. დასვენება, როგორც საკუთარ თავთან განმარტოების საშუალება, უარყოფილია. თაზოს კი მოსწონს ბაკის გადასახედიდან `სიკვდილი~_მისთვის კი სიცოცხლე. შესაძლებლობა აქვს ნაკითხ_ნაფიქრთან ურთიერთობისა.
მწერალი ერთმანეთს უპირისპირებს თავისუფლებას (როცა გიყვარს ლიტერატურა) და ბანკს (ბანკში მუშაობას), რომელიც კრძალავს ყველანაირ სიყვარულს, მათ შორის, ლიტერატურისას. აქ არის გადაძახილი გურამ დოჩანაშვილის ცნობილ ნაწარმოებთან `კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ ძლიერ უყვარდა~.
`არადა, ოდესღაც მეგონა, რომ მწერალი გამოვიდოდიო~, ფიქრობს თაზო. ამგვარად, მწერალი ხატავს, რა ემართება მეოცნებე ადამიანს ოცნებადაკარგულ (თუ ოცნებააკრძალულ) საზოგადოებაში. ბანკს დროებით მოაშორებს პერსონაჟს, რათა შორიდან შეაფასებინოს თავისი ცხოვრება და ის, თუ რის საფასური უჯდება გმირს თავისუფლების დაკარგვა, პრაგმატიზმის ჭაობში ჩაფლობა.
`ღმერთო, რატომ გამომრიყე ამ ბუღალტრების საუკუნეშიო~_ კონსტანტინე გამსახურდიას `დიონისოს ღიმილის~ მთავარი პერსონაჟი კონტანტინე სავარსამიძე ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში მოთქვამდა ასე. რაღა ითქმის დღეს. თაზოს მუდმივად თან სდევს წიგნზე ფიქრი. ბანკი და წიგნი ერთმანეთს უპირისპირდება, როგორც ჩაკეტილი და ღია სამყაროები. ბანკის სივრცეში ახალი ტიპის, რობოტის მსგავსი ადამიანი ყალიბდება, წიგნის სივრცეში კი_ მეამბოხე. თუმცა, წიგნის გავლენა საზოგადოებაზე შემცირებულია, იქნებ `საბანკო სიბრძნეების~ შეკრება და გამოცემა ღირდესო. თაზომ იცის, რომ მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით გამართლებული წიგნის გამოცემა ღირს, მაგალითად, ამგვარი მყვირალა სათაურით `მათთვის, ვისაც უნდა, რომ მილიონერი გახდეს~.
რაც მთავარია, მწერალი გრძნობს ერთგვარ ენობრივ კრიზისს: `ჩემის სიტყვის კონა წაბილწულია მასმედიით, ინტერნეტით. ენობრივი კათარზისი მჭირდება~.
ენობრივი კათარზისი მთელ ერს სჭირდება და საგულისხმოა, რომ გმირი გამოუვალი გზაზაბნეულობიდან თვადასაღწევად, ფიქრობს, რომ ენობრივი კათარზისი უშველის. ეს არაცნობიერი წადილია, ლოგოსის, ღვთის ძიებისაც.
როგორც აღვნიშნე, მწერალი კარგად ხატავს დეტალებს, რაც მეტყველებს მის მწერლურ ოსტატობაზე. მაგალითად, თაზო გაიცნობს მაკას და მათ შორის სიყვარული იბადება. ეს ამგვარადაა დახატული: `ჩვენ პირველად გავუღიმეთ ერთმანეთს. მე კარის ერთ მხარეს ვიდექი, მაკა_მეორე მხარეს. ჩვენ შორის იყო სქელი ვარდისფერი მინა. ჩვენ ამ ფერში ვხედავდით ერთმანეთს~. აქ სრულიად შემთხვევით ჩნდება ეს მინა, რომელიც კაფეს კარია და ამ შემთხვევითი დეტალით მწერალმა წარმოაჩინა, როგორ გადაასხვაფერა სიყვარულის ილუზიამ მათი ურთიერთობა.
რომანში, საზოგადოდ, ერთმანეთთანაა დაპირისპირებული ადამიანთა ბუნებრივი და ყალბი ურთიერთობები. მაგალითად ბანკში ჩაუტარეს `ღიმილის ტრეინინგები~, `ვისაც უშნო ღიმილი აქვს, მხოლოდ ბანკი კი არა, ცხოვრებაც არ იღებს~ (ესეც მწერლისეული მოსწრებული აფორიზმი ბანკური `სიბრძნის კონიდან~).
`მიწაზე ვწევარ და ცას ვუყურებ. მიწა თბილია, ცა_შორი. ცაში ღმერთია, ანგელოზები, ბაბუაჩემი,. ჩემი რამდენიმე მეგობარი და უთვალავი უცნობი. რა თქმა უნდა, მე მათ ვერ ვხედავ (რა თქმა უნდა, ისინი მხედავენ). მე ვხედავ ღრუბლებს. ცა არ არის ყოველთვის ცისფერი~,_ასე ფიქრობს ერთ ეპიზოდში თაზო ბერიძე და ამ ფიქრით იგი ბავშვობას გვახსენებს, პატარა უფლისწულსა თუ პეპი მაღალიწინდას და კიდევ მრავალ სხვას. ასე წარმოჩნდება მკითხველის წარმოსახვაში ცაში ცხოვრების მოიმედე თაზოს ფაქიზი სული, მაგრამ ცხოვრებასთან, მიწასთან შეხებისას ეს სული `ფორმას იცვლის~. მთელი რომანი მიწისა და ცის, სულისა და ხორცის, მარადიულისა და წარუვალის კონტრასტებზეა აგებული, როგორც ცხოვრება.
მწერალს რომანში თანდათან შემოჰყავს ახალი პერსონაჟები, ერთი მხრივ_მაკასთან, მეორე მხრივ_თაზოსთან დაკავშირებულნი. მალე ყველანი ერთ წრეზე შემოკრებილნი აღმოჩნდებიან, ეს პირობითი წრიულობაც განმეორებაზე მიანიშნებს. მაკას ცხოვრებაში ვერტიკალურ ჩაღრმავებას რომანში შემოჰყავს ბექა_ძველი შეყვარებული. ერთი შეხედვით, ყველასგან დამოუკიდებლად ჩნდება რომანში ალექსი, მაგრამ შემდეგ ის ნათიას შეიყვარებს, რომელსაც ქმარი ჰყავს_ლევანიკო. ეს ლევანიკო კი ბექას ძმაკაცი და სამოქალაქო ომის დროინდელი შავბნელი საქმეების მონაწილეა. მილინდა ამერიკელი სატრფოა თაზოსი, რომელმაც ფეხმძიმე ქალი მიატოვა და საქართველოში გამოიქცა. მილინდამ ვერ დაივიწყა მიჯნური, ამერიკას თავშეფარებული ბექა გაიცნო და თაზოს მოძებნა სთხოვა და ასე შემდეგ... რომანის სიუჟეტი საკმაოდ მიმზიდველია, ზომიერად ჩახლართული და მკითხველს მუდმივად დაძაბულს ამყოფებს, თავს აკითხებს, ცნობისმოყვარეობას უღვიძებს. რა მოხდება? ეს კითხვა არ დუნდება, რადგან მთელი რომანის განმავლობაში საინტერესო, მოულოდნელი ამბები ხდება. ასე რომ, იყო საღამო, იყო დილა_რიტმულად მრავალფეროვანი მისტერიაა.
შავბნელ ფონზე იხატება სიყვარული, ერთი შეხედვით დაუჯერებელი. საერთოდ, მწერალი ახერხებს თავი დააღწიოს გაცვეთილობასა და შაბლონურობას და სიყვარულის სიცინცხლე შეგვაგრძნობინოს. მაგალითად, ავადმყოფი ბექა მასთან საავადმყოფოში სანახავად მისულ ბავშვთაგან მხოლოდ მაკას არ აკოცნინებს და საბანს წაიხურებს, მოგვიანებით კი ეტყვის, ასე რომ არ გამეკეთებინა, გული გამისკდებოდაო. ამ დეტალით მწერალმა ზუსტად მოიხელთა პირველი სიყვარულის თანმხლები მთრთოლვარება. თუმცა, სწორედ ამ ცისფერთვალება ბიჭუნასგან რამდენიმე წელში შეიქმნება მონსტრი, თვალდაუხამხებლად რომ შეუძლია კაცის მოკვლა.
მწერალი საგანგებოდ ხატავს სურათებს პერსონაჟთა ბავშვობიდან, რათა კონტრასტულად წარმოაჩინოს სხვაობა, თუ როგორ იქცევიან ანგელოზები ეშმაკებად. მხოლოდ დროა დამნაშავე? მიუხედავად პირქუში გარემოსი, სიყვარული მაინც არ ქრება, ამერიკელი მილინდა საყვარელი თაზოსთვის საქართველოში ჩამოდის. საერთოდ, ეს დაკარგული პერსონაჟები არიან, საკუთარი არარაობით დათრგუნულნი.
`მთავარი ემოცია, რასაც თანამედროვე პროზაში შეხვდებით, არის გრძნობა არარეალობისა, რუხი და ბანალური გარემო, მნიშვნელობის გაქრობის განცდა. ადამიანებს შორის ურთიერთობა მდუმარების, მიუხვედრელობის, უპიროვნო სქესობრივი შეხვედრების ფორმას იღებს~_წერს უოლკერ პერსი. ეს საგულისხმო თვალსაზრისი ამ რომანითაც დასტურდება.
რომანის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია ამერიკელი ტობიას ჰილი, თბილისში დაფუძნებული ბანკის სამოცდაოთხი პროცენტის მფლობელი, რომლისთისაც უცხოა ყოველგვარ რომანტიკა, არადა ქართველები, მწერლის მოსწრებული თქმით, მაინც `ამერიკით არიან დასიცხულნი~ და იგი სამოთხე ჰგონიათ, ამერიკელები კი სხვაგან დაეძებენ `სამოთხეებს~. ამერიკასა და საქართველს ბექა აღიქვამს, როგორც პარალელურ სამყაროებს, რომელთაც არაფერი შეიძლება ჰქონდეთ საერთო, გარდა ბიზნესპარტნიორობისა. `ისინი საერთო დროში არსებობენ და საერთო სიცოცხლე_სიკვდილ_მარადიული სიცოცხლის პრინციპს ემორჩილებიან, მაგრამ...~ და სწორედ ეს `მაგრამ~ იტევს იმ მთავარს, რომ ეს ორი სამყარო ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდება. მაინც რა შეიგრძნო ბექამ ამერიკაში? `ცათამბჯენები გიხარია, ფული ჯიბეში გიხარია, საკუთარი არსებობა გიხარია და ფიქრობ, რომ არავინ, სულ არავინ გჭირდება~, მათ შორის, რა თქმა უნდა, ღმერთიც. `აი, ნიუ იორკში თუ გრძნობს ადამიანი, რომ ღმერთი არსებობს?_ეკითხება ნათია ბექას. `ღმერთი თვითონ ხარ~_გაისმის პასუხად. ეს კი თვითნებობას ნიშნავს, რასაც დაღუპვისკენ მიჰყავს ადამიანი. ყბადაღებული ამერიკული დემოკრატია რაღაა? ამერიკელი მილინდა ფიქრობს: `თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატია ნებისმიერ პროდუქტზე პოპულარულია. იყო თავის დროზე კომუნიზმი და ფაშიზმი. დემოკრატიამ კომუნიზმი და ფაშიზმი ჩაანაცვლა. დღეს დემოკრატიისთვის იმასვე აკეთებენ ადამიანები, რასაც ადრე მათი მამები და ბაბუები აკეთებდნენ კომუნიზმისა და ფაშიზმისთვის_ომობენ, იხოცებიან, ხოცავენ სხვებს~. ასე რომ, მწერალი `აშიშვლებს~ დემოკრატიას და მას თამამად ჩამოაგდებს კვარცხლბეკიდან. იგი არსებითად, სიღრმისეულად წარმოაჩენს ამერიკაში, სიმბოლურად, მიწიერი ცივილიზაციის ერთგვარ ედემში მცხოვრებთა ტრაგედიას. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბანკირი ტობიას ჰილი, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ყველაფერი გამოსცადოს. თანამედროვეობა მას ამის საშუალებას აძლევს: იგი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, ქალადაც `გადაკეთებული~ რამდენიმე წელს იცხოვრებს, ბოლოს საქართველოში ჩამოდის, რათა სწორედ აქ მიიღოს საბედისწერო გამოცდილება_ იქცეს მკვლელად და თვითმკვლელად.
ვფიქრობ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ტობიას ჰილი გამორჩეული პერსონაჟია და ამგვარი ტიპი პირველად დაიხატა. თავისი დამთრგუნველობით შთამბეჭდავია, რომანის ის ეპიზოდი, როდესაც ტობიასი უდანაშაულო კოპანიონს კლავს და მერე თავსაც იკლავს.
საინტერესო პერსონაჟია ვარლამი, რომელსაც ლექსო დაიქირავებს მამამისის მკვლელზე შურისსაძიებლად. `ვარლამი ერთი არ არის, ვარლამი ბევრია~_წერია რომანში. აქ არის გადაძახილი სახარებასთან, ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრი ვართ. `ვარლამი, რომელსაც ძალაუფლება და ფული უყვარს; ვარლამი, რომელიც მარად ბავშვია, ვარლამი, რომელიც ჯარისკაცია.. ვარლამი, რომელიც ბანკის მმართველია...~ ვარლამს ომი აქვს გამოვლილი და ცოდვათა მონანიებას ცდილობს. საინტერესოა ეპიზოდი, როდესაც იგი უდაბნოში მამა დავითს ხვდება, მკითხველს რჩება ერთგვარი გაურკვევლობის განცდა: რეალურ სივრცეში მოხდა ეს შეხვედრა თუ წარმოსახულში? მაგრამ მთავარია, რომ შეხვდა.
წმინდა მამასა და ცოდვილს შორის ერთგვარი იგავური ბაასი გაიმართება.
`_ვარლამ, რა გჭირს?
_ცხოვრება~.
`_ახლა მე ღმერთი მისმენს?
_ღმერთი ყოველთვის გისმენს.
_და სად არის ღმერთი?
_ყველგან~.
ვარლამის ოცნება არაჩვეულებრივი სისადავითა და სიზუსტით აქვს მწერალს მოხელთებული: `მე მინდა, კარგად ვიცხოვრო და თან სამოთხეშიც მოვხვდე~. წაიკითხავს ამას ნებისმიერი მკითხველი და ჩაეღიმება ამ `თავის~ ოცნებაზე. ვარლამს სასწაული სჭირდება, ისევე როგორც მცირედმორწმუნეებს, რომელნიც თვით მაცხოვრის მოვლინების ჟამსაც ზეციური ნიშნებს მოითხოვდნენ და დაეძებდნენ. `ღარიბი ვარ და სულ სიმდიდრეზე ვფიქრობ~_ამგვარად ცდილობს ვარლამი თავისი სულმოკლეობის გამართლებას. იგი, როგორც მწერალმა მიანიშნა, ყველაზე კრებითი სახეა რომანში. ამიტომაც არის მისი მწირი, მარტივი, მაგრამ გასაგები ფიქრები ასეთი მახლობელი: `ხომ შეიძლება ერთხელ, ერთადერთხელ მაინც ცხოვრება ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, როგორც საჭიროა ან როგორც უკეთესია. ხომ შეიძლება წარმოსახვებმა მომაყენონ ტკივილები და არა ორშაბათებმა, სამშაბათებმა, ოთხშაბათებმა, ხუთშაბათებმა, პარასკევებმა, შაბათებმა, კვირებმა~. მამა დავითი ამ გულწრფელ აღსარებას ასე პასუხობს: `პირადად მე ვეღარ ვარჩევ, რაა წარმოსახვა და რა რეალობა. ან რა მნიშვნელობა აქვს, რა მოგაყენებს ტკივილს, წარმოსახვა თუ ყოველდღიურობა... ოცნება და ახდენილი ოცნება, დამიჯერე, ძალიან განსხვავდება ერმანეთისაგან... ~. მწერლისთვის ახდენილი ოცნება, თუნდაც ჰაერში სიარული, აღარ არის ოცნების ტოლფასი, ამიტომაც სინანული გაისმის მამა დავითის სიტყვებში: `ოდესღაც მეც ვოცნებობდი ცაში შემძლებოდა სიარული. ვფიქრობდი, როგორც კი შევძლებდი ამას, გავხდებოდი თავისუფალი, ბედნიერი, ნეტარი~. საერთოდ, რომანის ეს მეჩვიდმეტე თავის ყველაზე ფილოსოფიურია, ერთგვარი მისტიკური იერი გადაჰკრავს. მამა დავითი თითქოს შუასაუკუნებიდან მოვლენილი წმინდანია, რომლის პირით ჭეშმარიტება ღაღადებს. ამ დიალოგისას მოულოდნელად მამა დავითი ცაში აიწია, გაიარ_გამოიარა და გაჩერდა. მწერალს ეს სასწაული სჭირდება შემდეგი ჭეშმარიტების გასამხელად: `ადამიანებს გვინდა ფრენა, ცაში სიარული, ორი ჩემოდანი ფული, გარანტიები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვინდა ერთმანეთი ვმართოთ, რეალურად კი მხოლოდ შვილები ვართ გზაზე, შვილები გზაზე~. კარგად მიგნებული სახეა-ადამიანები, როგორც `შვილები გზაზე~_ემოციურად და აზრობრივად მრავალმნიშვნელოვნებით არის დატვირთული და მკითხველს თვითჩაღრმავებისკენ უბიძგებს.
`ღმერთთან იქნება ის, ვისაც ღმერთთან ყოფნა უნდა~_ამას მილინდა ამბობს. ეს კი გულისხმობს სურვილის გაცნობიერების აუცილებლობას, რაც რთულია და მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ. ბექა კი ფიქრობს: `ვისაც არსად ყოფნა არ უნდა, სად იქნება ის? არსად? შეუძლებელი რამ მინდა~. ამგვარად გამოხატავს მწერალი თანამედროვე ახალგაზრდის იმგვარ სულიერ მდგომარეობას, როდესაც ყველაფერი სულ ერთია და აღარც სურვილებისთვის რჩება ადგილი. სურვილებისთვის, რომლებიც ფიქრთან, გულთან, სულთან არის დაკავშირებული და არა სხეულთან. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პერსონაჟები ნიჰილისტურად არიან განწყობილნი, `ტრადიციულ~ მოვალეობებსა და ღირებულებებს აღარ სცნობენ და აღარც აღიარებენ, მათ მაინც არა აქვთ მთლიანად გამქრალი ღვთის არსებობის რწმენა. ვიქტორიას ახსოვს და სჯერა ქადაგებისას გაგონილისა: `ღმერთი ყოველთვის ყველაფერს გვაძლევს, უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ ხშირად უარს ღმერთის ბოძებულზე და აქედან გამომდინარეობას ჩვენი უბედურება. ჩვენი უბედურება ჩვენს მცდარ არჩევანშია~. ბექა წარმოიდგენს, როგორ აყროლდება ცხედარი მიწაში და `კიდევ უფრო აყროლდება მიწა და, მერე ამ აყროლებული მიწიდან ამოვა კეთილსურნელოვანი ყვავილები. არსებობს, არსებობს რა ღმერთი...~ ასე მარტივად, უბრალოდ, მაგრამ შთამბეჭდავად ასაბუთებინებს მწერალი ღვთის არსებობას თავის პერსონაჟს, რომელიც თუნდაც ამ მსჯელობით სხვანაირად რჩება მკითხველის წარმოსახვაში, კვალს ტოვებს. ეს კი მწერლის ღირსებაა.
ლექსომ ვარლამს ბიბლიის წაკითხვა დაავალა. საგულისხმოა, რომ ვარლამს ბიბლია მოეწონა, მაგრამ მიხვდა, ისეთი რამ წაიკითხა, რასაც ცხოვრებაში ვერ გამოიყენებდა. როდესაც ვარლამი ლექსოს ჩაეკითხება, ბიბლიის წაკითხვა რატომ მთხოვეო, ასეთ პასუხს მოისმენს: `მე ბიბლია წავიკითხე, მაგრამ რა ნაგავიც ვიყავი, იგივე დავრჩი. შენც იგივე დაგემართა, ესე იგი, ჩემიანი ხარ. ჩემი პრინციპი ასეთია: არასდროს გარიო საქმეში ის, ვისაც ბიბლია არა აქვს წაკითხული, ასეთი ადამიანი ნედლია, ჯერ სიარული არ იცის~. ადამიანთა გამოცდის საინტერესო მეთოდია. თუ კაცს ეს წიგნი სულის სიმებს არ შეურხევს, მაშინ ვერანაირი სხვა ძალა ვერ იმოქმედებს სასიკეთოდ.
მწერალი ამჩნევს, რომ ქართველთათვის რწმენაც `საჭიროების~ ნიშნით ხასიათდება. შეუფარავია მისი ირონია: `ადამიანს ცხოვრებაში გჭირდება ღმერთის რწმენა, საჭმელი, სასმელი, ქალი და კარგი სამშობლო, წარსული და აწმყო რომ აქვს, მომავალი კიდევ მხოლოდ თავში არსებობს~_ასე ფიქრობს თაზო. მწერალი საქართველოს ისევ იმ წერტილში ხედავს, სადაც ილიამ შენიშნა და დახატა `მგზავრის წერილებში~_აშმორებულ_დაჭაობებულს, რომელშიც მხოლოდ ბაყაყები ცხოვრობენ და არა კალმახები. `ხანდახან მგონია, რომ ჭაობის ამოშრობას მოვესწრები, ხანდახან მგონია, რომ ვერ მოვესწრები~. ამ შემთვევაშიც, დავით ქართველიშვილი მიჰყვება იმ გზას, რომელსაც ქარველი მწერლები საზოგადოდ, ადგნენ. თამამად, ხშირად ირონიითა თუ სარკაზმითაც ამხელს ერის ნაკლს. ესეც შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა.
საგულიხმოა თამაზის მსჯელობა პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. იგი იმ თვალსაზრისს იზიარებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ყოველთვის ძალადობს პიროვნებაზე და ზღუდავს მის თავისულებას. დიდი სახელმწიფოს შვილები, საქართველოში სამოგზაუროდ წამოსულნი, აღტაცებულნი რჩებოდნენ სწორედ იმით, რომ აქ ხედავდნენ ადამიანთა პირად ცხოვრებას, პიროვნებებს, რომელნიც მხოლოდ არასახელმწიფოებრიობის პირობებში წარმოიქმნებიან. მწერლის დაკვირვებით, პირადი ცხოვრება გამოიხატება ფულისა და დროის ერდროულად ფლობაში. მაკა და თაზო, მართალია თბილისს გაექცევიან, მაგრამ პირად ცხოვრებას მაინც ვერ ახერხებენ, რადგან: `ჩვენ ჩანასახოვანი სახელმწიფოს ჩანასახოვანი მოქალაქეები ვართ და რეალურად პირადი ცხოვრება არ გვჭირდება. თავისუფლება გვაშინებს. ჩვენი საქმე არის პირად ცხოვრებაზე ოცნება, თავისუფლებაზე ოცნება~. მწერალი ზუსტად განსაზღვრავს ამ სიტყვებით ქართველთა ბუნებას_მეოცნებეობას. ერთი მხრივ, უნიათობას, ოცნების გასახორციელებლად, მეორე მხრივ, თუ კი შესრულდება ოცნება, ქრთველი ცხოვრების აზს კარგავს თითქოს.
მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციამ ყირამალა დააყენა კულტურის ღირებულებები, ხელმისაწვდომ იაფ ნიღბებად აქცია მითოსური და ისტორიული გმირები, მაინც დარჩნენ ადამიანები, რომელთათვისაც შინაგანად მიუღებელია ყველაფრის გათახსირება. ეს აზრი კარგად წარმოჩნდება ერთ ეპიზოდში, როდესაც თაზო ვარსკვლავებს შეჰყურებს. `ვარსკვლავებით ცდილობს გართობას თაზო, მაგრამ ვერ ერთობა. ორი რამ ვერ ართობს თაზოს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი საკუთარ თავში~. მართალია, აქ კანტისეული `გაოცება~ `გართობით~ ჩანაცვლდა, მაგრამ მთავარია, რომ თაზო არ იღებს მონაწილეობას ამგვარ სიმბოლოთა გამასხარავება_გათამაშებაში. სწორედ ამიტომაც არის, რომანის ბოლოს, თვითმფრინავიდან მილინდასთან ერთად გადმოგდებულ თაზოს მწერალი იმედს გააყოლებს: `მიყვარხარ!-ამბობს თაზო _მეც მიყვარხარ!_ამბობს მილინდა... იქნებ სიყვარულმა იხსნას თაზო და მილინდა? იქნებ სიყვარულმა შეასხას მათ ფრთები? ჯერჯერობით იმედი არის, რომ ეს ასე მოხდება. ჯერჯერობით ცაში არიან, ჯერჯერობით მიწამდე შორია...~ ასე რომ, მწერალმა პერსონაჟთა ციდან მიწისკენ ქროლვის წამი შეაჩერა, გაყინა სიტყვით `ჯერჯერობით~. მიუხედავად იმისა, რომ ეს პასაჟი თავისი რომანტიკულობით უპირისპირდება Mმთელ კონტექსტს, ლირიკულია და ლექსის დასასრულს უფრო ჰგავს, არ ტოვებს ირონიის ან შაბლონურობის შთაბეჭდილებას. მკითხველს ეჭვი არ ეპარება მწერლის გულწრფელობაში. ამ ეპიზოდში პერსონაჟებიდან თითქოს მთლიანად გამოთავსუფლდა მათშივე დატყვევებული სინათლე. `ჯერჯერობით~ ჰაერში ტრიალებს სიყვარული. ჯერჯერობით თანაბრად იძლევა იმედისა თუ უიმედობის განცდას, მაგრამ, მაინც უფრო გადარჩენის რწმენას ჩააგონებს მკითხველს, რომელსაც შეუძლია რომანის ბოლოს დასმული მრავალწერტილის ნაცვლად თავისი ფიქრი `ჩაწეროს~, ეი. გადაარჩინოს ეს პერსონაჟები. მილინდასა და თაზოს გადარჩენა სასწაულს შეუძლია მხოლოდ, ე. ი. მკითხველმა სასწაულის უნდა დაიჯეროს. მწერალს, ვფიქრობ, სჯერა, ასეთი მკითხველები ჯერჯერობით არსებობენ.
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''შეხვედრა წიგნში'', 2009

No comments:

Post a Comment