Translate

Friday, February 11, 2011

მიხო მოსულიშვილის მოთხრობები წიგნი ''სივრცე ვერტიკალში''

ნისლის ადამიანები

ფიქრები მიხო მოსულიშვილის მოთხრობების წიგნზე „სივრცე ვერტიკალში“

ასე ჰქვია მიხო მოსულიშვილის ერთ მოთხრობას და განა მართლა ნისლივით არ არის მხატვრული სამყარო? მკითხველის წარმოსახვის, გზნების, გამოცდილების, განწყობილების დარად რომ იცვლის ფორმებს და ხან რეალურის, ხან კი ფანტასტიკური ჩვენების სახით წარმოჩნდება.
ეს ნისლი „ატორტმანებს“ ყოველდღიურობის მოსაწყენ, მომაბეზრებელ საგნებსა და მოვლენებს, ეფარება, ბინდავს ყველაფერს, რომ „გარეს“ დაბინდვით „შიგნით“ გაანათოს. თავისი არსებიდან გამოქცეული და უგზოდ მოხეტიალე კაცი კვალად თავის ტყავში ჩააბრუნოს და აჩვენოს ისეთი სანახები, რომელსაც გარეთ ვერასოდეს იხილავდა.
ეს პეიზაჟები, ოსტატური ფოკუსით აღბეჭდილი, არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, რომ არა მწერლის მზერა, დაკვირვებული და შიგნით ჩაბრუნებული, რომელიც ლამაზი პირბადის მიღმა უფრო მშვენიერს ხედავს და მკითხველისთვისაც ზუსტი ნიუანსებით ფაქიზად ამოწერს.
ყოველი მოთხრობა მწერლისთვის იმგვარი „ფათერაკია“, საკუთარ თავს რომ გააცნობს და შეამეცნებინებს უპირველესად, რათა მერე სხვათა გაგება და შეცნობაც შესძლოს. „მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, თუ მე ჩავუარე... მერმე ეს ვარდისფერი სივრცე დამთავრდა და ლურჯად კამკამა ცაში გავედი. შვებით ვსუნთქავდი, სადღაც გაქრა ჩემი მტანჯველი დრო. რომელიც ერთმანეთისაგან აშორებდა გილგამეშსა და ავთანდილს, ურუქსა და თბილისს, დინოზავრსა და ძროხას, და ლოგიკურად, დროს თან მოჰყვა სივრცეც — სადაც უდროობაა, იქ არც სივრცე უნდა ყოფილიყო. ეს ჯერ ძალიან მესიამოვნა და შემდეგ რაღაცამ შემძრა, თეთრი, გაკაშკაშებული ღრუბელი მოცურავდა ჩემკენ ცის დასალიერიდან, მოდიოდა, მიახლოვდებოდა, თვალისმომჭრელად ჩამომყურებდა“.
ასე გადადის მოთხრობიდან მოთხრობაში მწერლის „მე“... მეორე... მესამე... და მეასე „მე“... ყველა სხვადასხვა, მაგრამ ერთი წიაღიდან, მწერლის სულიდან აღმოცენებული, როგორ ერთი ხის ტანზე ამოსული რტოები, ერთი ფესვიდან ამოქაჩული მიწის წვენით რომ საზრდოობენ და ცოცხლობენ.
ნაირგვარ ნიღბებს ირგებს მწერალი (ზოგიერთ მოთხრობაში ნიღაბთა სიუხვე კომედია დელ-არტესაც მოგვაგონებს, მაგალითად, „სამყაროს ჯარისკაცში“) და ისეთი აზარტით გარდაისახება სხვად, რომ ხშირად უჭირს უკან გამობრუნება და იმ ერთადერთ ნიღაბში ჩაბრუნება, მხოლოდ მისთვის რომ მიუცია გამჩენს. ეს საკუთარი თავიდან მარადიულად გასვლა და და დაბრუნება თუ ჰბადებს მწერლობის წყურვილსაც. ერთგან ამ წყურვილს ასე „გაამხელს“: ბევრი ვიტანჯე, ღამეები თეთრად გავათენე, წლები ვიფიქრე, აგრამ „ბოლოს მივხვდი, ვერასოდეს დავწერდი ისე, როგორც მინდოდა. ამას ადრეც ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, რადგან არ მინდოდა დამარცხება. ახლა კი ვიცი, თუ მწერალი არ დაიტანჯა, არ იწვალა და ბოლოს ჩემსავით არ დამარცხდა, თუ ის დაწერა, რაც უნდოდა, თუ გაიმარჯვა, იგი მკვდარია, როგორც მწერალი... მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერ მწერალს სიკვდილის შესაძლებლობა ყოველი მომდევნო ნაწარმოების დამთავრებისას აქვს, მაგრამ ალბათ სჯობს ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენოს...“ მწერალი არც იმას „მალავს“, რომ ის უხილავი „სუფლიორი“, ხშირად მეტად „ხმადაბლა“ კარნახობს მორიგი როლის სათანადო სტრიქონებს. ისიც „თავსატეხად“ გახდომია მწერალს, მასზე ადრე რომ უღვაწიათ კეთილშობილ სულებს,“ სხვა კალმოსნებს და მათგან თავდასაღწევად, ვფიქრობთ, მშვენიერი ხერხიც მოუგონებია, „ერთგვარი თამაშით“ ქმნის ორიგინალურ მოთხრობებს, ერთროულად, ფოლკნერის, აკუტაგავა რიუნოსკეს, ჰემინგუეის სტილში... მიხო მოსულიშვილის ამგვარი „ხრიკები“ საგანგებოდ მრავალნაკითხ კაცზე გათვლილი, შესანიშნავად ამართლებს. მკითხველს მოსწონს მხატვრული ტექსტის მოჩვენებითი სიმარტივე და სისადავე. მოჩვენებითი იმიტომ, რომ რაც უფრო ჩაუღრმავდები, მეტად აღმოაჩენ სიტყვიერი ნახატის სირთულეს და მოგხიბლავს მოზაიკის ტექნიკით შესრულებული „სიტყვათნახატების“ სერიის მინიატურების, საშობაო ოფორტების დახვეწილი ხელწერა. ყოველი დეტალი კომპოზიციურ მთლიანობში იმგვარადაა ჩამონაკვთული, რომ ნაწილის თავისთავადობაც აღიქმება და „მთლიანში“ მისი ადგილის ზუსტი შესატყვისობაც.
ამ წიგნში მწერლის დიდი გამოცდილებაა თავმოყრილი — პირადი, სხვათა თუ ლიტერატურულ პერსონაჟთა „ცოდნა“ ჯერ გადადნა, შეზავდა ერთმანეთში მწერლის სულსა, გულსა და გონებაში და მერე ცალკეულ მოთხრობათა ცოცხალ დრო-სივრცედ ჩამოიქნა. ამ წიგნში ავტორი ერთდრიულად წარმოგვიდგება რომანტიკოსადაც და რეალისტადაც, იმის მიხედვით, თუ ვის შესახებ მოგვითხრობს, რას აღგვიწერს. როცა მთაში გვამოგზაურებს, ცინცხალი და გამჭვირვალე უხდება მზერა, ცდილობს, დაიტიოს მთელი მთა თავისი სიმაღლთ, სიჯიუტით, სიმკაცრით, ღმერთთან სიახლოვით: „და უცებ ვიგრძენი, თვალები რომ დავხუჭე — მე თვითონ ვიყავი ბორბალო. ჩემს კალთებზე იღებდა სათავეს ორი ალაზანი, ერთი არაგვი და ერთი იორი. ხან ნისლით ვიბურებოდა, ხანაც კარგად ვჩანდი, რაკი მთა ვიყავი და არც არაფერი მტკიოდა, მაწუხებდა და მახარებდა…“
მთას მოაქვს ლეგენდათა სურნელი. იდუმალება, ზღაპრის სითბო, სამყაროს პირველყოფილი სინედლის შეგრძნება. მწერალთან ერთად გელამუნებათ გრილი სიო, ჩასცქერით საშიშ ხევებს, ნაწვიმარ მოცვს ჰკრეფთ, კოცონთან მიმსხდარნი ბერდედოს გამხმარ ხაჭოს შეექცევით ცეცხლისთმიანი მკვდარი მზექალას ხელს ითხოვთ საბედისწეროდ. ყველგან იგრძნობა მწერლის სურვილი, მკითხველიც აიყოლიოს, გაიყოლოს, აიყვანოს მაღალ მწვერვალზე, იქიდან დაანახოს მიტოვებული სოფლები, მოხუცი ქალის გულში ჩამწვდომი ნატირლები მოასმენინოს, ამომავალი თუ ჩამავალი მზის ენით აღუწერელი ფერებით დაატკბოს, ბნელთვალებიან ღამეს შეაფეთოს. ერთი სიტყვით, სიცოცხლის მშვენიერება შეაგრძნობნოს. „რა დამავიწყებს ფშავის ულამაზეს, ტყე-მდელოიან, დეკა-ღვიიან მთებს, პატარ-პატარა სოფლებს, ლეგა ღრუბლებს, არაგვის შხუილს, საძოვრებზე გაშლილ ფარებს“.
მწერალმა სიცოცხლის „სიმახინჯეც“ იცის და იმასაც მრავლად გამოჰფენს, ხანდახან შემაშფოთებლად სასტიკი გულგრილობითა და სიცივით. იგი ხშირად პოეტურს, ამაღლებულს, რომანტიკულს, წარმოსახვაში განწმენდილს უპირისპირებს რეალურსა და პროზაულს. ბიბო ვარაზაშვილის „წერილებით შეთხზული მოთხრობა“ უდარდელი, გულუბრყვილო წერილებით აღძრულ მსუბუქ განწყობილებას უცებ შეეჯახება მოთხრობის „მინაწერი“ და მკითხველი გრძნობს ციდან მიწაზე დაცემის მარადიულად განმეორებად სასტიკ მისტერიას.
რომელი უფრო შთამბეჭდავია, ცხადი თუ გამოგონილი? თუნდაც რეალურიდან ამოზრდილი. ამ კითხვამ „გააწვალა“ მწერალი და დაიბადა ექსპერიმენტი, დილოგია: 1. „არღარა ეყივლოს ქათამსა“; 2. „მშობლიური სიტყვების ფერხთით დაცემული ჯარისკაცები“. დოკუმენტურმა და გამოგონილმა ერთმანეთი შეავსო და დიდ შთამბეჭდავ ტილოდ წარმოჩნდა. (90-იანი წლების ტრაგიკული ამბები იმგვარადაა მხატვრულად ტრანსფორმირებული, რომ მკითხველს შესძრავს და შესზარავს. ამ წიგნში არიან ნამუსგარეცხილნი, სასტიკნი, სისხლისმსმელნი, ბინძურ სალუდეებში გალეშილნი, ვენებდაჩეხილნი... „პოეტური შრავანდედით“ მოსილნი ამ უსახო ხროვაში არ შეგხვდებიან, ისინი უკვე „ფიქრად არიან ქცეულნი“ — ასეთი მშვენიერი სახე გამოუძებნა მიხო მოსულიშვილმა თავის სათაყვანებელ რეზო ინანიშვილს, თან მის „ჩრდილში ყოფნა“ და და თან მისგან გაქცევა რომ უნდა ერთდროულად. მაინც „გადარჩენის“ ალღო სჭარბობს, ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა მიხო მოსულიშვილის მწერლურ ოსტატობაზე ლაპარაკი. თუმცა არასოდეს ივიწყებს, ვისმა მადლიანმა გულმაც „გამოკვება“ და სწორ გზაზე დააყენა. „რაღაც ახალს რომ მიაგნო, სულ მუდამ ეკალ-ბარდებით ვერ ივლი, ხანდახან გაკვალული ბილიკიც უნდა აიარო“. სწორედ ამგვარ გაკვალულ ბილიკად უხვდება მიხო მოსულიშვილს უპირველესად რეზო ინანიშვილისა და მერე სხვათა შემოქმედება.
უნდა ითქვას, რომ მიხო მოსულიშვილის „ლიტერატურული ჭირნახული“ ალაგ-ალაგ გავლენების შეუმჩნეველი ჩრდილებით, საგულისხმოა და საინტერესო. ამ ჩრდილებს არაფერი დაუკლიათ არც ერთი დიდი მწერლისათვის, პირიქით, ხელი შეწყვიათ კიდეც მათი შემდგომი დახვეწისათვის. მიხო მოსულიშვილის პროზაში ბევრი რამ არის გასაჩხრეკი და საანალიზო. მწერალი ორიგინალურად უხამებს ერთმანეთს ტრადიციულ თხრობასა და ამბის ერთგვარი ექსპერიმენტულობით გადმოცემას, მასალა თითქოს თვითონვე სთვაზობს სასურველ ფორმასა და რიტმს. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აღსაწერი საგნისა თუ მოვლენის გულისგულს ჩასწვდები, გემოსა და სურნელს გაუგებ, იგზნებ მის დაფარულ ცოცხალ მაჯისცემას.
მწერალს ხშირად ხიბლავს ზებუნებრივი, სასწაულებრივი, სიზმარეული. მისთვის ეს ერთგვარ ფრთებს ედარება, თამამად რომ მიაქროლებენ ყოვლად ბრძენი სიცხადიდან გაურკვევლობისა და ბურუსისაკენ, სადაც, მართალია, ვერაფერს იგებს, ვერაფერს სწვდება, ამიტომაც ვერ განსჯის, ვერ მოიხელთებს გონების ყველგანმხედველი თვალებითა და ყოვლის გამჩხრეკი ცივი ხელებით, მაგრამ სამაგიეროდ, იგზნებს იმ უხილავით, სული რომ ჰქვია და არად დაგიდევთ ლოგიკის დაურღვეველ კანონებს, ფილოსოფოსთა მიხვედრილობას.… „პაპა ელია ჰყვებოდა, რომ ეს მუხა ოდითგან მდგარა აქ.… ხე ჯადოსნური ყოფილა, თურმე ცას უერთდებოდა ოქროს ჯაჭვით. აქვე უცხოვრია ბერ გიორგის, რომელიც ხალხის სატკივარს მოუსმენდა, ოქროს შიბს მაღლა აუყვებოდა და ღმერთთან აჰქონდა მათი სურვილები. ერთ ერისთავს მუხის მოჭრა მოუნდომებია. ზროს ცული არ მიუკარებია. საგონებელში ჩავარდნილა წადილაუსრულებელი ერისთავი. მერმე ერთი მოღალატე გამოჩენილა, უსწავლებია, კატის სისხლი წასცხე და მოიჭრებაო. ასეც მოქცეულან, ხე მოუჭრიათ... ოქროს შიბი ცაში აკეცილა. მერე ბერი გიორგი დაპატარავებულა და ფესვებში ჩაუბუდია“ („დიდი ძუ დათვი“).
მკითხველის წარმოსახვაში მტკიცე ნაბიჯებით შემოდიან გონიერი ჯავრია დათვი, ტკბილსიტყვიანი ბერდედო, წყლიანთვალებიანი სახედარი, მაცხოვრის შობას რომ დაესწრო... და შთაბეჭდილებაში რჩებიან, რგორც ნაცნობნი და მშობლიურნი.
წიგნის სახელწოდებად გამოტანილია ერთი მოთხრობის სათაური „სივრცე ვერტიკალში“—მწერლისეული ახსნითა და განზოგადებით, რომელიც ხერხემალივით ამაგრებს მწერლის მთავარ სათქმელს: „სიკვდილისწინ, დიდი მიძინების ჟამს, ჰორიზონტალურად კი ვხედავთ ჩვენს ნაცხოვრებ, საგნებით, მოვლენებითა და ადამიანებით დასახლებულ ჩვენს წილ სივრცეს, ოღონდ ვერტიკალურ ჭრილში და ვიგებთ, რომ ან სატანისკენ, ან ღმერთისკენ გვივლია. მერმე სივრცე, ჩვენი წილი სივრცე ვერტიკალში დაიწყებს ბრუნვას და ჩვენ უცებ ვხვდებით, რომ ჰორიზონტალისა და ვერტიკალის გადაკვეთით იქმნება ჯვარი, რომელიც სამარადჟამოდ უნდა ვზიდოთ“.… წიგნის ყოველი მოთხრობა განიცდება, როგორც „სიკვდილის წინ დანახული სივრცე ვერტიკალში“. აქ ადამიანები, მართლაც, ან ღმერთისკენ, ან სატანისკენ მიდიან. მათ ნაბიჯებს დადარაჯებული მზერით მიჰყვება მწერალი და მკითხველში ჰბადებს ფრთხილი მოლოდინის განცდას: სიკვდილის წინ ვერტიკალურ ჭრილში ალანდულ სივრცეში მხოლოდ ნათელის აღმოჩენისთვის გამუდმებული ბრძოლა და ტანჯვაა საჭირო.
ამ მოთხრობებში იგრძნობა, რომ მწერალმა იცის სიტყვის ფასი, ამიტომ ფიქრობს იმ სიტყვებზე „ყველაფერი რომ დაიწყეს და დაამთავრეს კიდეც“. ხშირად ორიოდე შტრიხით მოხაზავს ხასიათს, გამოკვეთს ნახატს... მკითხველის შთაბეჭდილებაში კი რჩება თხილის წნელებისაგან მოწნული გოდრის ნასვრეტებიდან დანახული სამყარო, ფაფარგაშლილი მზე — ციურ ლომს რომ ჰგავს, შავ ყვავილებად გადაშლილი შიში, ოქროებად გადაქცეული თივა...
მწერალთან ერთად ივსება მკითხველი იმ „მაცოცხლებელი შუქისა თუ ნათლის ჭავლებით“, უხად რომ გადმოდის პირნათელი ბიჭების თვალებიდან. ამ წიგნის პერსონაჟებს ფეხები კი არ უბუჟდებათ, ,არამედ „წვიმა მოსდით ფეხებში“, ბაბუა კი არ კვდება, არამედ მას „მიწაში რგავენ“, რომ ბიჭი გაზაფხულზე ისევე დაელოდოს მის ამოსვლას, ოღონდ ის კი დაურჩეს საფიქრალად: პაპა ერთ ადგილას იდგება თუ ივლის კიდეც.
ამ ჩინებულ მოთხრობათა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავია „დიდი ძუ დათვი“. ჩალისფერი, შუბლზე თეთრლაქიანი დათვის თავგადასავალი სიმბოლურ მრავალმნიშვნელოვნებას იძენს. ერთბაშად იფეთქებს მწერლის წარმოსახვაში ფანტაზია, გაიშლება, გაიტოტება და მოთხრობის ირეალურ სივრცეში მოაზვავებს თქმულების, ლეგენდის, სასწაულისა და ბედისწერის იდუმალ ხლართებსა და სურნელს. ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინებს მიწისა და ზეცის უხილავ კავშირს, სამყაროს გაუბზარავ მთლიანობას და ადამიანის წყურვილს, თვითონაც იგრძნოს თავი ამ დაურღვეველი მთლიანობის ნაწილად. თითქოს ჩაგვესმის გლოვა დედაბუნებისა, თავისი წიაღიდან უგუნურად გაქცეულ შვილს რომ მოუხმობს თავგანწირვით. მკითხველი მოთხრობის გმირ პატარა ბიჭ ვაჩესავით იჯერებს, რომ დიდი დათვი ყველა ადამიანის მშობელია. მწერალი ამიტომაც დაიცავს და არავის მოაკვლევინებს დათვს: ვიღაც „კუდში ჩასჭიდებს გარეთ გამოვარდნილ ოქროსფერ დათვს ძლიერ, დაძარღვულ მარჯვენას, ზემოთ აიტაცებს და იქ ციცხვისებურ თანავარსკვლავედად აქცევს“.
ხანდახან ზოგიერთ ოფორტში შემოგვეფეთება ნაცნობი პოეტური ხატი, მაგრამ იმგვარი ინტერპრეტაციით, რომ სინედლე უბრუნდება გაცვეთილსა და გარდასულს. დაჭრილი არწივის ვაჟასეულ ნახატს ორიგინალურად აცოცხლებს მწერალი და ლექსში შეფარულად ნაგულისხმევს სამზეოზე გამოჰფენს: „მებრალებოდა არწივი, არა და არ მთავრდებოდა იმისი ტანჯვა და მეც იმასავით მტეხდა დაკორტნილი ძვლები. ისე მტეხდა, რომ ტკივილი ელვასავით გაკაშკაშდებოდა ხოლმე დაწყვეტამდე მისულ ნერვებში...
არც დღე იყო, არც ღამე
არც სინათლე იყო, არც ბნელოდა,
არც მზე იყო, არც მთვარე და ვარსკვლავები,
არსად იყო და მაინც ყველგან ხდებოდა“.
არსად რომ არ იყო და მაინც ყველგან ხდებოდა, უპირველესად კი ადამიანის სულში, სწორედ ეს აქცევს დროულსა და წარმვალს ზედროულად და წარუვალად, ჩვეულებრივს კი იდუმალ მისტერიად.
მწერალი ახერხებს ამ მოთხრობებში ზუსტი, ძლიერი სიტყვების პოვნას და „ქაღალდზე მიჯაჭვულ კეთილ სულს ათავისუფლებს“ — მერე მკითხველის წარმოსახვაში განავარდებისთვის დაულოცავს გზას… და მკითხველსაც ათავისუფლებს დიდი, ძლიერი და ნათელი სიყვარულისთვის.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', თბილისი, 2006

No comments:

Post a Comment