Translate

Wednesday, May 15, 2013

ნუციკო დეკანოზიშვილის პოეზია

მაია ჯალიაშვილი

      

         `ვივლი მზესავით გამხელილი"

                          

რა საიდუმლოს გამხელა სურს პოეტს
იქნებ  იმისა, სუფთა ფურცელთან, როგორც დანისლულ უნაპირობასთან, მარტო დარჩენილი, ან უბრალოდ, ღრუბელთა მოლივლივე ბაღებში განმარტოებული საკუთარ თავს რომ ხვდება და შეიგრძნობს სიცოცხლის მისტერიას. მერე ცდილობს სიტყვებში როგორმე მოიხელთოს ის ექსტაზი, რომელიც უხილავთან შეხვედრისას იბადება და შეფეთებული სევდა თუ სიხარული  ლექსის სტრიქონებში ფერადოვან, მუსიკალურ ნაკადებად იღვრება. შთაგონებული პოეტი ფერშეცვლილსა და ფორმაშეცვლილ საგნებს რეალურ დრო-სივრცეში ურთიერთგამომრიცხავ მოვლენებს ერთმანეთს უწყვილებს  და ქმნის ერთგვარ ელდას, რომელიც მკითხველსაც დაანახვებს უცხო მხარეს და მოასმენინებს იდუმალ ხმებს.
`ალუბლისფერი კარის მიღმა ნუციკო ცხოვრობს~ _ თელავში, მტრედებიან ქალაქშირომელიც `ფიქრის ხიდზე, როგორც ბეწვზე, ისე მიდის~, სადაც `სწორხაზოვნად არავინ დადის~, სადაც `ვერხვებს ალაზნის ველის პეიზაჟზე უწყვიათ ტოტები...~, სადაც `სევდის ბაღების ნატირალი... ღვინო... სე ლა ვია~, სადაც ხანდახან `ლამისაა მიცვალება ინატროს კაცმა, /ან სული აქვე გაატანოს ზღაპრულ გუგულებს~, სადაც `დგახარ ღმერთთან მონანიე-სრულიად მარტო~ (`დილის თელავი~).
თელავის რძისფერი სისხამი დილიდან ყოველ დღე იბადება ნუციკო დეკანოზიშვილი, როგორც პოეტი. მერე ირღვევა ქალაქის მოჩვენებითი საზღვრები და პოეტი მთელ საყაროში მოგზაურობს, საკუთარი სულის ბნელი თუ ნათელი  სანახების ანაბეჭდები დააქვს  წარმოსახვის დაუსრულებელ გზებზე მოხეტიალეს. ეს ანაბეჭდები მისი პოეზიის სტრიქონებია.
ნუციკოს ლექსები სიცოცხლის ჟინითა და  ვნებით არის დამუხტული. ის `ცხოვრებიდან~ მოდის და ამიტომაც სავსეა ტკივილით, ტანჯვით, სიყვარულით... მთავარია, რომ მის ბევრ სტრიქონზე შეიძლება ვთქვათ, `ნატიფად წნული ფანტაზიაა~ (ბოდლერი), რომ ხშირად ატირებს თუ ამღერებს დილასა თუ საღამოს, ხეებსა თუ ადამიანებს  და ყოველთვის ახერხებს ისე მიბაძოს ცხოვრების `მისტერიულ მოდელებს~, რომ მკითხველამდე მოიტანოს სევდისმომგვრელი სურნელი შორეთისა, ყოველთვის ჩვენ მიღმა რომაა და მარადიული მეოცნებეობისკენ გვიბიძგებს.
როგორ გამოვიცნოთ  ნამდვილი პოეტი?
პოლ ვალერის აზრით, პოეტის დანიშნულება ის კი არ არის, რომ განიცდიდეს პოეტურ მდგომარეობას: ეს მისი პირადი საქმეა, არამედ ის, რომ სხვებსაც განაცდევინოს იგივე მდგომარეობა. პოეტი ამ მარტივი ფაქტით იცნობა (ყოველ შემთხვევაში, ყველა სცნობს თავის პოეტს), რომ მკითხველი `შთაგონებული~ ხდება მის მიერ. შთაგონება  ის მომხიბლავი თვისებაა, რომელსაც მკითხველი ანიჭებს პოეტს. მკითხველი პოეტს მიაწერს იმ მომხიბლველ ძალმოსილებას, რასაც მასში პოეტურ ქმნილებათა კითხვა იწვევს. ის ლექსში  ეძებს და პოულობს თავისი განცვიფრების განსაცვიფრებელ მიზეზს (პოლ ვალერი `პოეზია და აბსტრაქტული აზრი~).
ვფიქრობთ, ნუციკო ნამდვილი პოეტია, რადგან მისი ბევრი ლექსის კითხვისას გრძნობ, როგორ სხვანაირად იმუხტები, როგორ იბადება შენში შენ გარშემო არსებული სამყაროს ახლებურად წვდომის წყურვილი.
ნუციკოს პოეზიის მხატვრულ სახეთა ფერწერულობა და მუსიკალურობა, რიტმული მონახაზის დახვეწილობა, რიტმების მრავალფეროვნება მკითხველს თითქმის უდანაკარგოდ შეაგრძნობინებს პოეტის სათქმელს.
ეს სათქმელი დროსა და სივრცეში უცვლელია, პოეტთა იდუმალი ორდენის კანონია _ სამყაროს  სიბრძნესა და მშვენიერებას აზიაროს მკითხველი.
საიდან მოდის ის იმპულსი, რომელიც გაიძულებს ნაცნობსა და ჩვეულს სხვანაირად შეხედო. მუზა, სულიწმინდა... რაც გინდა დაარქვი ამ მადლიან წუთებს, როცა შენვე გაკრთობს და გაღელვებს არსაიდან (ან ყოველივედან) ამხსლტარი შთაგონება _  `ლექსის~ შექმნა _ მატერიალური არსებობის  დრო-სივრცეს რომ აუქმებს და უამრავგანზომილებიან უცხო სამყაროებს მოგახილვინებს.
ნუციკო დეკანოზიშვილი მკითხველს არა მხოლოდ გაუმხელს უცნაურად, სხვანაირი რაკურსით აღქმულ ჩვეულ სამყაროს, არამედ თანაზიარობის განცდას უჩენს.
პოეტი თითქოს ემუდარება მკითხველს, ხელი ჩასჭიდოს, გაჰყვესრადგან ხანდახან სწორედ იგია ის `შენ~, რომელსაც ასეთი თრთოლითა და გულწრფელი  სიყვარულით მიმართავს.
`პოეტმა ყველაფერი, რაც კი შეძრავს, ხელახლა უნდა მოხარშოს საკუთარ სულში. ყველა ჭეშმარიტი პოეტი თავისი ეპოქის ღვიძლი შვილია და გულუხვად და პატიოსნად უბრუნებს ხალხს, რაც უნახავს და განუცდია. მის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი და საინტერესოა, რადგან მისივე ვნებებითაა გამდიდრებული. მის ხმას თაობები ისევე შეეჩვევიან ხოლმე, როგორც მდინარის პირას მცხოვრებნიმდინარის განუწყვეტელ ხმაურს და წარმოიდგინეთ, რა შემზარავი იქნება მათთვის ცხოვრება, მდინარე თუ დაიშრიტა მოულოდნელად, რა აუტანელი იქნება უცებ ჩამოვარდნილი დუმილი. მაგრამ, საბედნიეროდ, პოეზია დაუშრეტელი მდინარეახალხია მისი სათავეცა და შესართავიც. ..... პოეტი იცავს საერთოდ პოეზიის პრესტიჟს. ამიტომ მკითხველის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ნაწარმოები უნდა იდგეს და არა თავად პოეტი. პოეტმა მკითხველის ყურადღება პოეზიისკენ უნდა შეაბრუნოს და არა თავისკენ~ (ოთარ ჭილაძე).
ნუციკოს პოეზიაში გაიგონებთ ნაცნობი `მდინარეების~ _ კლასიკოს ქართველ პოეტთა ხმებს. ქართული კულტურის სიღრმისაკენ აქვს გაწვდილი ფესვები და ამიტომაც ასე ლაღად და თამამად ხარობს თანამედროვე პოეტურ სივრცეში. ამ თვალსაზრისით, მისი ლექსები ყველა იმ ძირითად ტენდენციას ირეკლავენ, რომლებითაც გამსჭვალულია დღევანდელობა, აბსურდული ყოფა, აპოკალიფსური სასოწარკვეთილება და გადარჩენის რწმენა რომ ასაზრდოებს.
ასოციაციური მეტაფორული ნაკადების სიუხვე ნუციკო დეკანოზიშვილის ლექსების მთავარი სტილური მახასიათებელია.
პოეტი მტკივნეულად აღიქვამს გაუცხოებულ ურთიერთობას სამყაროსთან. ეს ყოველი `მოაზროვნე ლერწამის~ (პასკალი) თანამდევი ტკივილია. უცხოსთან შეხება მრავალფეროვანი შეგრძნების წყაროა. პოეტი იტანჯება გარესამყაროსთან იმ ჰარმონიული შეთანხმებულობის რღვევით, რომელიც მხოლოდ ბავშვობის `ოქროს ხანისთვის~ (ნოვალისი) არის დამახასიათებელი.
როგორ შეიძლება გაექცე უფერულ, მონოტონურ, ავტომატურ, გაუხეშებულ, გაუცხოებულ  რეალობას?
პოეტისთვის ეს გაქცევაა სიტყვებში, გამოგონილ სამყაროში, სადაც არანაკლები ტანჯვაა, ვიდრე რეალობაში, მაგრამ აქ ეს ტკივილები მშვენიერი და ამაღლებულია.
ნუციკოს ყოველი ლექსი სულის თავგადასავალია _ თავბრუდახვეული სულისა, რომელიც გამუდმებით აწყდება კედლებს, ჩარჩოებს და მუდმივად ფორმას იცვლის, გარდაისახება, რათა როგორმე გააღწიოს ჩაკეტილი, გულისმომკვლელი სივრციდან.
 მე და შენ _ ეს ნუციკოს ლექსების თანმდევი ოპოზიციაა.
შენ _ ყველაფერი შეიძლება  იყოს _ ადამიანები, საგნები, მოვლენები. შენ _ ნიშნავს, რომ `მეს~ შემჩნეული, აღქმული, მზერის ტყვეობაში ჰყავს მოქცეული სხვა, რომელიც იქცა `შენად~, რადგან მას პოეტის მზერის რკალი შემოევლო. ამ `შენთან~ მას შეიძლება აკავშირებდეს წარსული.... აწმყო.... მომავალი... ეს ურთიერთობა შეიძლება გულისხმობდეს დროის ვრცელ ან მცირე მონაკვეთებს, ან კიდევ წამებს, იმგვარად დამუხტულს სიხარულით ან ტკივილით, რომ აქრობდეს წარმავალი  დროის შეგრძნებას.
მაგრამ ხანდახან ეს `შენ~ ისე უცხოვდება, რომ   სხვად იქცევაეს იმას ნიშნავს, რომ `შენ~ გასაქრობად იწირება, მაშინ პოეტის მე იშლება და მზერა საკუთარ უფსკრულებში იძირება.
როგორმე სიტყვებად უნდა გამოიტანო შენი სულის ხვეულების მტანჯველი ტკივილები, რომ გათავისუფლდე და სიცოცხლის მისტერიაში  კვლავაც ჩაერთო მობორიალე ატომივით, საკუთარ ორბიტას მოწყვეტილი.
როგორია ნუციკო დეკანოზიშვილის პოეტური მე? მისი პორტრეტია ყოველი ლექსი.
ცხოვრება ერთგვარი `შაგრენის ტყავია~, რომელსაც ყოველი ახდენილი ოცნება ამოკლებს.
პოეტი სამსხვერპლოდ არის მზად:
`აი, ეს დილაც...
თუ გააღწევ ღამიდან, წადი!
მოიშველიე ჩემი სველი, მლაშე ლოყები
და თავს უშველე! (`ნამსხვრევები~)
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანური გრძნობა აღწერილია, პოეზიას არ ელევა სათქმელი, რადგან ყოველი ადამიანი განუმეორებელია და თუ მას პოეზიის შექმნის ნიჭიც აქვს, მაშინ ის ახლიდან გამოიგონებს სამყაროს, რომელსაც სულ სხვა ელფერი ექნება. ასეთია ნუციკო დეკანოზიშვილის პოეზია. მის ლექსებში მოჩანს განცვიფრებული ლირიკული გმირი, რომელიც ცხადი, ხილული ქვეყნიერების მიღმა დაფარულს ეძიებს და აღმოაჩენს ახალ-ახალ დრო-სივრცეებს.
ლექსში, `ნამსხვრევები~ რომ ჰქვია, დაშლილ-დაქუცმაცებული სულის შეგრძნებებია გადმოცემული. `კვამლთ გავსებული~ ქალაქიდან გაქცევას ლამობს სული და თავს შეაფარებს ზღაპარს. მაგრამ ის ზღაპარიც უცხოვდება. პოეტური ხილვების ნაკადები ენაცვლება ლექსში ერთმანეთს, მაღალი კოშკიდან ოქროსფერ ნაწნავს გადმოუშვებს სიყვარულის მომლოდინე ლირიკული გმირი, მაგრამ მხსნელი არა ჩანს. სული მიმოიქცევა სხეულის სისხლით ახმაურებულ ჭურჭელში. ასე თენდება და ღამდება. სულის ნაღველი გარეთ გამოედინება და ყოველივეს მოიცავს. ყველგან ნამსხვრევია _ არსად სიმრთელე და სისრულე, არსად თანხმობა და ჰარმონია. აქ მხოლოდ `ფეხს თუ გაიჭრი ლურჯი სასანთლის ნამსხვრევებზე~.
მას ნამსხვრევებად აქცევს სიძულვილი, სიყვარული კი აშენებს. სხეულებრივად დაშლილს სული ყოველ ნატეხში გაჰყვება და ყოველი ნაწილი ისევ ცოცხლად განიცდის გარესამყაროს. ნამსხვრევი გამთლიანებას ესწრაფვის და ახერხებს კიდევაც სიტყვის საშუალებით.
მთელი ლექსი სწორედ ეს ნამსხვრევებია, მკითხველმა უნდა აკრიფოს და გაამთლიანოს და თვალწინ დაუდგება სიურრეალისტური ნახატი, რომელიც კვლავ გამოცანასავით იქნება.
ნუციკოს  ლექსებში `საიდუმლოს წვეთებია~ (გალაკტიონი) ჩაღვრილი, პოეტი გვიამბობს, გვესაუბრება საკუთარ თავზე, მაგრამ თითქოს სიზმრებს გვიყვება და იბურდება ფიქრის ძაფი ისევე, როგორც ცხოვრებაში.
მთავარი კი სწორედ ამ შეგრძნებათა ასეთი მეტაფორული გადმოცემაა:      `ჩემი ალისფერი კაბის ქობაა
მზე - ჰორიზონტზე~.
ეს ლექსი სავსეა ალუზიებით, რომლებსაც მკითხველი გადაჰყავს ხან ზღაპარში, ხან ლიტერატურულ ნაწარმოებში. სტრიქონი `როდესაც შენ დამემართე~ (სიყვარული ხომ ერთგვარი `ავადმყოფობაა~), მარინა ცვეტაევას გვახსენებს: `მადლობა... რომ არ შეგყრივარ, სამწუხაროდ, მე როგორც სენი _ და რომ არც მე ვარ, სამწუხაროდ, თქვენით სნეული~ (ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი). ლექსს ასოციაციურად გადავყავართ ხან კინოში (მაგალითად, მდუმარე ოქროს თევზი, ოთახიდან ოთახში რომ დაცურავს სრული სვლით ზამთრისკენ, ემირ კუსტურიცას ფილმის `არიზონა-ოცნების~ ალუზიაა.
ნუციკოს შეუძლია საოცარი ვიზუალური ხატების შექმნა:
`მუჭები, ჯიბეები, პირი, თვალები
სავსე მაქვს ზღვით -
ჩამოგიტანე~ `(წყლიანი ლექსი)~.
ლექსი სავსეა ზღვის სურნელით, ტალღების ხმაურით, თითქოს ხელშესახებად გრძნობ სიტყვები როგორ ავსებულან წყლითწყლით გაჟღენთილა ჰაერი, ტალღები, მზე, `არ დამიღვარო~ _ ეს სიყვარულის უჩვეულო გამხელაა, სტრიქონები ნთქავენ ზღვის სანაპიროს, აქოჩრილ ტალღებს, გარუჯულ სხეულს და ყოველივეს ინახავენ მანამ, სანამ მკითხველის მზერა შეეხება და მაშინვე დაიწყება საოცარი ხმაური:
`გადმოგეღვარე მუჭებიდან აივანზე,
ჯიბეებიდან ზღვა ზედ თავზე გადმოგაღვარე.
პირამდე სავსე მედუზების სველი შეხებით,
მუცელზე შენი უთავბოლო ნათითურებით,
დამშვიდობებით, მოსვლით, შეხვედრით,
გაცემული ზღვებით წყალსავსე,
აფხაზეთივით გამდინარე,
სამშობლოსავით დაგუბებული,
შენსავით მღვრიე,
ბნელი,
მკვლელი
ზღვა მოგიტანე -
არ დამიღვარო`.
ამ უჩვეულო ინტიმს არღვევს ორი სიტყვა: `აფხაზეთი~ და `სამშობლო~ და სხვა ტკივილი და მოგონება შემოაქვს ლექსშიუცნაურადაა  ყოველივე ერთმანეთზე გადაჭავული. პოეტს ზღვა სისავსის შეგრძნებას უჩენს და იბადება წყურვილი დიდი სიყვარულისა, მაგრამ ამ სისავსეს არღვევს ფიქრი, რომ ზღვას რაღაც აკლია: და ამ ორ სიტყვას შემოაქვს ისეთი გაუსაძლისი ტანჯვა, რომ ვერ იქნები სრულყოფილად  ბედნიერი, ვერასოდეს მოსწყდები  შენს მიწასა თუ ეპოქას.
ჩანს, რომ წყალი ნუციკოს საყვარელი სტიქიაა, წყალი _ გამწმენდი და ახლად დამბადებელი. სწორედ ახლად შობის წყურვილითაა სავსე ლექსი `თევზაობიდან~, რომელიც ამხელს, როგორ ბზარავს ურთიერთობებს სიცრუე და როგორ აუცხოებს საყვარელ ადამიანებს:
`შენს ტალახიან ფეხებს
მხოლოდ ჩემი წყალი გარეცხავს,
და ჩემი სველი თმა
შენს გამხმარ გულს დაალბობს~. 
ამგვარი მიმტევებლობის გრძნობით არის სავსე ეს პოეზია, რომლის გმირი მზადაა მარცხენა ლოყის მისაშვერად, ოღონდაც ადამიანმა სახე არ დაკარგოს, ცისკენ ახედვა არ დაივიწყოს.
`არსად დაგირგივარ-
ეს მე აგიყვავდი მიწაზე ვენახად,
მსვამდი და თვრებოდი.
და წვიმებს ნავსივით წვიმები მოება,
იებით, ბიბინა მოლებით~ (`დელგმაში გაშვება~).
`უსაყურო ქალის ლექსი~ _ გადაძახილი ბარათაშვილის `საყურესთან~_ ჰოი, საყურეო, გრძნობის ამრეო _ ეს წარსულის რომანტიკაააქ ქალი `ალუბლის კუნწულის ამარაა~, მაგრამ თამამია და უსაყუროდაც  შეუძლია მოხიბლოს და მიიზიდოს, ვისაც თვალს დაადგამს. ამ ქალს დაატყვევებს მხოლოდ ყველაფერი ნაღდი, გულწრფელი, ამიტომაც არ აღელვებს უსაყურეობაქალური სინაზისა და ჰაეროვნების გამომხატველი.
`რა იცი?
რომ მინდა შერბური,
თავსხმა და...
ეგ შენი თვალები
წაიღე!
იყავი მარტივი...
მე უკვე დაგარქვი სახელი:
ცა-ჰალოგენების ვარსკვლავით,
მოდერნიზებული ვერსალი...
შენამდე გრძნობები-სატირა,
წვიმის ბრალია ან მარტინის~
`ვნების კვირის ხილვები~ გამოირჩევა უსაშველობით. ნუციკოს აქვს ნიჭი ხელშესახებად შეაგრძნობინოს მკითხველს,  `სეტყვის სიტყვები~ შიშველ თავზე როგორ არაკუნებენ, ცაში ღრუბლებზე შებმულ ეტლით როგორ დადის ელია:
`მოაგელვებენ ხმები ჰუნებით,
გადამელია
მე გული, რაბი!~
რაბი _ ღვთისთვის ამ სახელით მოხმობა ისეთ განცდას აჩენს, თითქოს უფლის სიახლოვეს იჯდეს და გასაჭირზე უამბობდეს.
ნაირა გელაშვილის ლექსი `ნუგეშის~ შესახებ გვახსენდება:
ჰა, ხელებს გიწვდი და თვალებს ვხუჭავ
დავიცი ვიცი ვიცი აქა ხარ
, შენი სუნთქვის ტალღებია
ირგვლივ ვრცელდება
და მსჭვალავს ჩემს სულს
თრთიან რტონი, ხენი, ლოდები
აქ ხარ, რაბი
გისმენ
მჯერა
გხედავ
მოგყვები~.
ნუციკო დეკანოზიშვილის ლექსების ლირიკულ გმირს ღმერთთან სიახლოვე მარტოობას დააძლევინებს, მაგრამ ეს თითქოს არა არის საკმარისი მოძალადე სევდის განსადევნად, მხოლოდ საყვარელ ადამიანთა სიახლოვემ უნდა შეაგრძნობინოს სიცოცხლის აზრი. რადგან: `კენტია ვნება. ღმერთი ლუწია~. ერთი შეხედვით, უცნაურია `ღვთის ლუწობა~. ამაზე დაფიქრებამ გრიგოლ რობაქიძის საგულისხმო თვალსაზრისი (წერილში: `თაურშიში და მითოსი~) გაგვახსენა. მწერალი ბიბლიაში ეძებს მეს საიდუმლოს გასაღებს და პოულობს კიდეცმისი აზრით, მე არა მხოლოდ წყევლა, არამედ ყოფიერების უმაღლესი საჩუქარია. იგი ყურადღება მიაქცევს იმას, რომ  `შესაქმეში~ ღმერთს `ელოჰიმი~ ეწოდება, რაც ძველებრაულად `ღმერთებს~ ნიშნავს. იგი ცდილობს ამ უცნაურობის ახსნას და მახვილგონივრულ მსჯელობას ამგვარ დასკვნას მოაყოლებს: `ღმერთი `მეა~, უზენაესი და ყველაზე სიღრმისეული, მაგრამ ამავე დროს, `სხვაცაა~, იგი საკუთარ თავს თავისივე თავისგან წარმოქმნის, და როდესაც მისგან შექმნილი მისი `მესგან~ გამოცალკევებულია, ის თითქმის `სხვაა~, თითქმის უცხო~.
რობაქიძე სამოთხისეულ ადამს ბავშვს ადარებს, რომელსაც არა აქვს სივრცის აღქმა. მისი `მე~ არ იცნობს საზღვარს და უსასრულობის ნაწილია. მხოლოდ აკრძალული ნაყოფის გემოსხილვის შემდეგ (რობაქიძე იმასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ ქართველთა ტრადიციით, ადამმა ვაშლი კი არა, ლეღვი იგემა), ღვთაებრივთან განშორებისას, შეიგრძნო სიშიშვლე, მეტაფიზიკურ საზღვრებთან შეხებამ მას შიში გაუჩინა `მეს~ გაქრობისა.
ნუციკოს პოეზიაშიც იგრძნობა ეს  ტკიილი ღვთაებრივთან განშორებისა და წყურვილი ამაღორძინებელი რწმენისა:
`შენ რაც მომეცი შენი ციდან, შენი სუნთქვიდან,
ღმერთო, მაღალო,
ათივე თითზე ჩამოვიცვი ბეჭდებად, თვლებად,
და მორჩილ თმაზე დავიბნიე მთელი სამყარო,
თავი ავიღე, ან არადა, დავდე, თუ გინდა,
დაარქვი ასე. და ჩავისხი თვალებში ტბები,
რომ მეხილა ჩემი საღამო.
და შენი ღამე.
ღმერთო, მაღალო! (`ალილო~)
საოცარი ლექსია `დაბადების დღისთვის~ _ ღმერთი განსხეულდება იმაში, ვინც უყვარს, ვინც მისი გადამრჩენია:
`მერე, თოთო ბავშვი იყავი, ღმერთო-
ჩემი სისხლი და ხორცი, და
ჩემს კერტებს წოვდი-
თეკლა დაგარქვი,
ახლა, შენ ამეკარი, და
ჩიტმა კიდევ ერთხელ ამოუსტვინა ივნისის საღამო,
აი, მაშინ შეგპირდი-
არასოდეს დაგტოვებ-მეთქი,
რა უმწეო იყავი, ღმერთოო...~
ამგვარი სიახლოვის განცდა უფალთან თუ ღვთისმშობელთან, და რაც მთავარია, ასე შთამბეჭდავად წარმოჩენა ნიკო სამადაშვილის პოეზიში გვხვდება: `შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა~.
მის პოეზიაში პოეტურ ნეოლოგიზმებსაც შეხვდებით, ახალი შინაარსობრივი ნიუანსებით გამდიდრებულს, მაგალითად, `გზადიდობა~ –წყალდიდობის ანალოგიით.
`ახლა რაღავ ქნა, რა ვიღონო, _ რომელ სიტყვას ვახალო თავი?
გზადიდობები-დიდი, დიდი, დასასრული-გვალვა და ჩიხი,
რამდენჯერ ფრენა მოვინდომე, უცნობები დღეებში მრგავენ,
რომ ვუმკურნალო დედამიწის ჭლექიანი ფილტვების ხიხინს,
არადა, ისე მინდოდა, რომ დამეჭექა სიკვდილი რიხით!~
საზოგადოდ, ნუციკოს პოეზიაში ცოცხალი, ფერადოვანი ვიზუალური ხატებია, ისეთი დეტალებია გამოკვეთილი, რომლებიც წარმოსახვაში იოლად იჭრებიან, თანვე თითქოს ჩაგესმის ყოველი ნაბიჯისა და ჩქამის ხმა, გრძნობ სიჩუმეში ასხლეტილ მოძრაობას, ყოველივეს ხომ, სულიერსა და უსულოს, მთელ კოსმოსს, თავისი ხმოვანი კვალი აქვს, უბრალოდ, ხმაურით სავსე ჩვენს ყოფაში აღარ გვესმის, მაგრამ ამ ლექსების კითხვისას, თითქოს ყურსაც ეხსნება სიძნელე `გაგებისა~ და მოულოდნელად, ლექსის გაღებული კარიდან შემოიჭრება უმცირესი გაფაჩუნებაც კი.
სწორედ ასე გადმოედინება მკითხველის წარმოსახვაში ყვითელი ფოთლების ჩამქრალი სინათლე და მათი ჰაერში მოფარფატე სილუეტების სევდა. სული თითქოს ამ დაცვენილი, განწირული შემოდგომის დაჭორფლილ ფოთლებში განსხეულდება:
`მანამდე დაგვცვივა ფრთები და ხელები, -
ბოლომდე გაშლამდე~ (`ფოთლები~). 
ადამიანი ვერ ასწრებს მოხედვას და ყველაფერი სრულდება, თუმცა ეს წუთის სოფელი მარადისობად გადაიქცევა ლექსებში და არასოდეს დასრულდება. ამღვრეულ დღღეებში ჩაცვენილი ფოთლები ლექსის ყოველი ახალი წაკითხვისას ისევ თავიდან შეგვაგრძნობინებენ ყვითელ ფერში ჩატეულ ცხოვრებას _ ტანჯვა და ლხინი თანაბრად რომ ავსებს.
როცა ლექსს გაზაფხული ჰქვია და სტრიქონებში კი სიკვდილი ილანდება _ ეს თავზარდამცემი ელდით ავსებს მკითხველს, ჩვეულ მოლოდინს უცრუებს. ეს გამოცდილი ხერხია, ყველაზე გამოკვეთილად ტომას ელიოტთან რომ წარმოჩნდა. ამას ეხმიანება ვალერიან გაფრინდაშვილის `პროვინციალური გაზაფხული~...
გაზაფხულია და გმირი თვითმკვლელობაზე ფიქრობს. იქნებ, ეს სულია, რომელიც  ხრწნად სხეულს გაურბის, რათა თავისუფლად ინავარდოს შორეულ სივრცეებში:
`ხეები აყვავდნენ და
თოკები გამოისხეს.
ქარში ფრიალებენ
დაზავების თეთრი დროშებივით, -
"დაუთმე უფალსა"...
ვან გოგი უყვარს_ ცხელი ფერები-
"ჩემო!"-
მინდა გითხრათ და,
თქვენს ყანებში მზისგულზე გავშრე,
რადგან წვიმები...
წვიმებია მუდმივი, რუხი...
თქვენს იაპონურ ოცნებაში ციმციმებს არლი.
კვიპაროსები.
ვარსკვლავები.
სახლები  (`სინათლე~)
საერთოდ, ამგვარი თამაში მკითხველთან მის სულიერ შეძვრას იწვევს. ყოველივე ნაცნობი შაბლონურდება და ფასს კარგავს, ამიტომ პოეტები იგონებენ ახალ ემოციურ თუ აზრობრივ წყვილებს. მოულოდნელი შედარებები და მეტაფორები ხშირად გხვდება ნუციკოს პოეზიაში, რომლებიც ახალ ესთეტიკურ განცდებს აღძრავენ მკითხველში: მარტოობა `ღაწვზე გაზრდილი ხალია~, დეპრესია _ ყვითელი ქარვა (`ღაწვზე ხალივით~).
   როგორ შეიძლება გადარჩენასიყვარულით. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს საკუთარი მეს ჩარჩოებიდან გაღწევას, გულის გაღებას სიცოცხლის ყოველი ჩქამისათვის. იმას, რომ მოიპოვო ძალა გამოგონილ, წარმოსახულ სამყაროში ცხოვრებისა, სადაც შეიძლება თოვლთან და ხეებთან ლაპარაკი:
`აქვე,
სასწრაფოდ,
მზისთვალები გამომიგონე,
მიწაში ჩაქცეული ბალახები ამომიზარდე,
ტყვიისფერ თოვლს უთხარი რამე, -
შენ ხომ გიყვარვარ~.
მკითხველს გადაედება ეს ნერვული პულსაცია, აჩქარებული რიტმი, სულმოუთქმელობა: გესმის თუ არა?
აუშვი დაბმული საათები, წუთები, ბგერები, ეს გათავისუფლება მიწაზე მიჯაჭვებულობისაგან წარმოშობს მხურვალე მეტაფორებს და მკითხველიც შეიგრძნობს უცნაურ ცეცხლს, რომელიც კი არ ფერფლავს, მხოლოდ განწმენდს, რათა ნაცრიდან ახალად წამოიმართოს ფენიქსივით. ღვარად მოდიან წითელი ოცნებები და
`გზადაგზა ლექსებს აყვავებენ.
სახელდახელო მზე მომეცი -
ბუხრისცეცხლისფერი.
გამომიგაზაფხულე.
გადამიწიე ხეების უზარმაზარი სიმარტოვე და
გამიშვი თეთრ მოსახვევში (შემატოვე),
რომელიც გაქრობას ან
არყოფნას ნიშნავს.
სიყვარულის სახელით, -
უთხარი რამე ამ პირგამეხებულ ზამთარს -
ყინულის ელვით~.
ხანდახან მონატრება მსუბუქ მელოდიად გადმოდინდება გულის სიღრმიდან: სადა, უსამკაულო ფრაზები ამხელენ სევდას, რომ აღარსოდეს განმეორდება ჩავლილი, თუმცა წარმოსახვაში აღდგენილი კვლავ იმავე გულისძგერასა დაემოციას ბადებს:
მოვდიოდეთ და,
თოვდეს.
კავკასიონის ქედი
ჰგავდეს
მოვერცხლილ ედემს.
შენ ისევ გვერდით
მედგე.
შენ -
გამურული მზერით
ჩემ სუფთა ჰაერს
სვამდე (`ზამთრის სიმღერა~) ეს ლექსი ინტონაციურად ეხმიანება გალაკტიონის სტრიქონებს: `გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები...~.
`კლავიშები უფრო სველია,
ვიდრე ქუჩები.
ერთი სული მაქვს, ფეხი დამისხლტეს,
და ჩემი ბნელი, მკრთალი სისხლით შენში დავწერო -
მიყვარხარ... უშენობის დასასრულისას~
სიყვარულისთვის მსხვერპლად შეწირვის ვნებითაა სავსე ლექსი `ძირები მაინც (`ადელის სინდრომი~). ადელ ჰიუგო _ გიჟური სიყვარულით თავბრუდახვეული გმირი ქალი ახსენდება პოეტს, როცა ცდილობს სიტყვებში მოაქციოს, რას განიცდის, რომ ძვირფას კარგავს. იგი საოცარ სიმბოლოს ქმნის _ფეხებმოკვეთილი ყვავილისას, ფესვებმოჭრილია სიყვარულის გარეშე:
`ვიგონებ მიზეზს (დამიჯერე),
რომ მოგიგონო;
ალილუია მოგაძახო,-
ქრისტეს აღდგომა
მოგახარო და, მოგეფერო,-
რამე ვიღონო.
მონატრებიდან.
ქალაქებზე გავლით.
შეხებით.
სიტყვებით.
თავის დაკარგვამდე.
ადელ ჰიუგოს
გაფრენილ სულზე შეახოცეს
ერთხელ ფეხები...~
მუსიკალურ-ფერწერული სახეების ფეიერვერკია ლექსში `დილის სიმღერა~: და ყველაფერი იმიტომაა ლამაზი, რომ სიყვარულით სავსეა:
`ჰოდა, ღმერთი თუ მაღირსებს,
შენს თავსაც თუ მაღირსებს, -
წითელ გორგალს ააგორებს დილა ცაზე ჭირხლიანი,
მოცახცახე ღერებით
ბალახების. განახევრდა,
ხედავ,
დღეთა ბალდახინებს
ხევენ
გადამღერებით~.
გამოუსავლობისა და უსაშველობის ტკივილი მგრძნობიარე ადამიანის თანმდევია: ან ჰაერში უნდა ახვიდე, ან კიდევ სხვებს დაემსგავსო, რაც დაღუპვის ტოლფასია. ამიტომაც სთხოვს გამჩენს:
`გადამდე, დამდე,
ადე, ადე-ცამდე და ტალღებს
მიანდე მიწა-
ათი,
ასი,
ათასი ადლი,
მოისხი მზე და მადლი-
გალღვეს,
და "აბლი-ბაბლი"-
იმეორე და
უსახელოდ ჰაერში ადი~.
ერთადერთი გადამრჩენი `თხელი, ცისფერი მუზაა~ _ რომელიც საკუთარი ტყავიდან გამოიყვანს და დააფიქრებს: რას აკეთებენ, როცა გემებს უწყდებათ ღუზა?
ნუციკოსთვისაც  სამშობლოს სიყვარულია იმგვარი რამაა, დაფარვა რომ სჭირდება, ამიტომაც მოჟონავს მოურჩენელი ტკივილივით ეს სიყვარული ლექსის სტრიქონებიდან (......რომ გვერდით გედგე ). `ხელუხლებელი მეტაფორით ვრთავდი ფრაზებს - სისხლში გაყინულს.~ საქართველო _ მისი ედემიცაა და მისი სასჯელიც. მას საერთოდ ნაკლებ იზიდავს პატრიოტული თუ სოციალური თემატიკამაგრამ ამ ლექსში ქარიშხალივით გრგვინავს პროტესტის გრძნობა ფსევდოღირებულებების წინააღმდეგ:
"ელია, ბიჭო"! - გეკითხები: რას ელიან აქ სულელები?
ქველმოქმედები, მასხარები, სწავლულები და ასე შემდეგ,
და ასე შემდეგ, ასე, შემდეგ, - დაკრეფილი გულზე ხელები,
რომ მახელებენ და რომ მინდა, ყველა ლაჩარს სიტყვებით შევდგე!
რომ აქ ვიყო და, რომ გვერდით გედგე~.
გრძნობს, როგორი უძლური და უსუსურია თვისი `ჩაკრულოთი~ და ტატოს საყურეთი, შინაგანად იბზარება, მაგრამ მაინც გვერდით უდგას სიტყვებით და მზადაა: `მერე შეგცივდება, მე გავიხდიჩაგაცვამ ტანზე~.
ნუციკოს ლექსებში ხშირად იჭრებიან ფერგადასული ჩრდილები მისი პაპებისა, რომლებიც მფარველი ანგელოზებივით დასტრიალებენ და მისთვის ლოცულობენ. ასეთი ხელშესახები შეგრძნება რომ აქვს წარსულთან, ამიტომაც აირჩია ფსევდონიმად დეკანოზიშვილი. დეკანოზობა, ღვთისმსახურება სისხლით ნატარები მემკვიდრეობაა, რომელსაც უფრთხილდება. თვითონ სიტყვებით ემსახურება ყოველივე იმას, ამაღლებულსა და წმინდას, ამიტომაც მტკივნეულად განიცდის ყოველ ლაქასა თუ ბზარს, სულზე დაჩნეულს, მაგრამ `არ არის კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდოს~. ეს შეცოდებები ხშირად სტრიქონებად იქცევიან. ამ სტრიქონებშივეა სინანული და შენდობა.
`ღმერთო,
შეუნდე ამ ჩვენს წერაატანილ ბალღს!
ალილუია!
ღმერთო, შეუნდე:
ღამღამობით კი არ ლოცულობს, -
რაღაცას ჯღაბნის.(*** ამ ძველ კედლებში)
`მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი ქალაქის ჰოსპიტალში ერთი ახალგაზრდა ექიმიღა  უვლიდა ტიფით დაავადებულ გერმანელ ტყვეებს. ტიფი გადაედო, როგორც მოსალოდნელი იყო, და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს კაცი გახლდათ შალვა დეკანოზიშვილი-ჩემი დიდი პაპა~ _ ეს ეპიგრაფია ლექსისა `წერილი კლარას, 1944~, რომელშიც ხილვაა მომაკვდავი პაპის უანასკნელი წუთებისა, ახლა, ამ ლექსის წყალობით, მარადისობას რომ შეერწყნენ:
`... ყველანი დაიფანტნენ, და ჭერს შევყურებ,
ასეთ ამინდში ნატყვიარი ბარძაყთან მწიწკნის.
ვინც გაფრინდნენ და, ხო გაფრინდნენ,
ტოტზე ბეღურას
ნისკარტით მწვანე ჩიბუხივით უჭირავს წიწვი~.
ნუციკო წერს ვერლიბრსაც, ვერბლანსაც, სხვადასხვა რიტმისა და საზომის რითმიან ლექსებსაც. ყოველივე კარგად გამოსდის, რადგან ნიჭთან ერთად, ოსტატობასაც დაუფლებია, რაც გამოცდილებას მოაქვს. რაც მთავარია, იგი მკითხველს იმ სასწაულის მონაწილედ ხდის, რასაც ჩვეულებრივი სიტყვებიდან უჩვეულო, მოულოდნელი აზრის, ემოციის, მუსიკის, ფერის დაბადება ჰქვია
ლექსი `წერილი X-~ ყურადღებას იქცევს საინტერესო ჯვარედინი რითმებით და ანჟამბემანებით. აქაც გაუცხოებაა მთავარი ღერძი ფიქრისა. ლირიკული გმირი სიყვარულზე წერს, მაგრამ გამგები არავინ ჰყავს. ყველგან _ ქონდრისკაცები და ქოსები არიან:
`ისინი ისხდნენ ხელში - გაზეთით
და ყველაზე მეტად მოჰგავდნენ
ნარცისებს~. 
პოეტს ებრალება საწყალია ადამიანი, ედემის მიღმა დარჩენილი.
მაგრამ
`ჩემი ღმერთი ხომ მოწყალეა -
შენს უსაშველო უღმერთობაში ისე სეირნობს -
რჩება.
გიხდება.
მერე კი, ჩვენი თიხებისგან ვინმე ბიჭუნა
აივსებს მუჭებს, ხორბლისფერი მომცრო ხელებით,
ერთმანეთს მკვიდრად გადაგვაზელს
და ჩვენი კვნესა
მარადისობის დაგუბებულ წამებს
გაარღვევს~ („უშენობის დასასრულისას~).
ნუციკოს პოეზიაც იმისთვის იქმნება, რომ მკითხველს `მარადისობის დაგუბებული წამების გარღვევაში~ დაეხმაროს და სიყვარულით მოპოვებული თავისუფლების გემო და სურნელი შეაგრძნობინოს.