Translate

Thursday, June 16, 2011

სასიყვარულო ONLINE თამაში

მაია ჯალიაშვილი

სასიყვარულო ONLINE თამაში 



დანიელ გლათაუერის რომანი ორ ტომად: `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~

პლატონი თავის ერთ დიალოგში, `ნადიმის~ სახელწოდებით რომ ვიცნობთ, მოგვითხრობს უცნაური ორსქესიანი არსების, ანდროგინის შესახებ, რომელიც სრულყოფილებას განასახიერებდა არა მხოლოდ შინაგანი ჰარმონიულობის, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც. ანდროგინთა ბედნიერებას არ არღვევდა ხორციელი ლტოლვა თუ ვნება. ამიტომაც არაფერს სთხოვდნენ ღმერთებს, არ სწირავდნენ მსხვერპლს. ეს კი ოლიმპოს ბინადართ აშფოთებდა, რადგან მათ ძალაუფლებას ბზარი უჩნდებოდა. მათ აშფოთებდათ ანდროგინთა სიმტკიცე და ძლიერება, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს განრისხებულმა ზევსმა ცეცხლოვანი მახვილით ორად განკვეთა ანდროგინები. ცას სწვდებოდა გაჩეხილ ანდროგინთა მოთქმა-გოდება. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ერთი სხეულის იძულებით დაცილებულმა ნახევრებმა ერთმანეთს საოცარი ვნებითა და თავდავიწყებით დაუწყეს ძიება და იმ ნახევრებმა, რომლებმაც ერთმანეთი მოძებნეს, საოცარი ბედნიერება მოიპოვეს სულიერ-ხორციელი სიმრთელისა. ხოლო ვინც ვერ იპოვა, მან ეს ძიება აქცია სიხარულად. პოვნა დასასრულია, ძიება კი გამუდმებული განახლება. ამიტომაც ცდილობენ მეორე ნახევრის იდეალად დასახვას:
`რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი~ (გალაკტიონ ტაბიძე).
მითის სიბრძნე სამყაროს უზოგადეს კანონზომიერებას ირეკლავს. ის მოწმობს ადამიანის განუხორციელებელ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. სიყვარულს ძალა შესწევს ადამიანი `მე~ დამატყვევებელი სივრციდან გაათავისუფლოს.
სიყვარული, როგორც ხსნა – სწორედ ასე წარმოჩნდება ეს გრძნობა დანიელ გლათაუერის ორტომიან რომანში `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~, რომელიც გერმანული ენიდან ჩვეული ოსტატობით თარგმნა მაია მირიანაშვილმა, დღესდღეობით გამორჩეულმა მთარგმნელმა. ამას ადასტურებს მისი ბოლოდროინდელი თარგმანების სიმრავლე და ხარისხი.
დანიელ გლათაუერი ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი მწერალია. მკითხველმა იგი განსაკუთრებით შეიყვარა რომანით `საშობაო ძაღლი~, რომელიც 2004 წელს გამოვიდა. 2006 წელს მან დაწერა რომანი „უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც მიენიჭა გერმანული საუკეთესო წიგნის პრემია. რომანის პერსონაჟები მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს და მწერალს მათი ამბის გაგრძელება სთხოვეს. მწერალმა მკითხველის სურვილი გაითვალისწინა და 2009 წელს დაწერა გაგრძელება: „ყოველი მეშვიდე ტალღა“.
2010 წელს ორივე რომანი ერთ ტომად გამოიცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს წიგნი დღესაც ბესტსელერია.
ვფიქრობთ, ის ქართველი მკითხველის გულსაც იოლად მოინადირებს, რადგან მწერალი ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანთა ცხოვრებაზე გვიამბობს, რომელთა ყოველდღიურობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით ასე გაუცხოებული, გამოფიტული და დაცარიელებული, მაინც გასხივოსნდა სიყვარულით და ისევ ამ `დაწყევლილი~ ტექნოლოგიის წყალობით.
სიყვარულის ოცნებაზე ხელოვნების არაერთი ნაწარმოები შექმნილა, და ვერავინ იტყვის, რომ ეს თემა გაცვდა ან ამოიწურა. ის ყველაზე მეტად ჰგავს ფენიქსს, მარადის რომ განახლდება ჩაფერფლილი და დანაცრებული.
როგორც აღვნიშნეთ, უცნაური სიყვარულის ამბავია დანიელ გლათაუერის რომანში მოთხრობილი. მთავარი გმირები _ ემი და ლეო _ რაღაც გაუგებრობის წყალობით, ელექტრონული ფოსტით გაიცნობენ ერთმანეთს და დაუმეგობრდებიან. თავდაპირველად მათ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, სახელების გარდა. თანდათან მეტი ცნობისწადილი ჩნდება. ეს არის საოცრად უშუალო მიმოწერა ორ ადამიანს შორის, რომელთაც არანაირი მოვალეობა არ აკავშირებთ ერთმანეთთან, რაც მათ უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს. ვირტუალურ სივრცეში მირაჟებივით ჩნდებიან ისინი და ერთმანეთს თვითონვე ქმნიან. სწორედ ამიტომაც უჩნდებათ განცდა, რომ თავიანთ ოცნებას, იდეალს ესაუბრებიან. თუმცა სიტყვის მაგიური ძალის წყალობით ისინი ერთმანეთს ეჩვევიან და ეს მიმოწერა მათი სიცოვცლის ნაწილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რომანის სივრცე შეკუმშულია, რეალურად არც არსებობს, რადგან ეს სიყვარული კომპიუტერის მეშვეობით, მონიტორზე აციმციმებული სიტყვებით იქმნება, მაინც არ არის მონოტონური და მოსაწყენი. წერილებში დიდი ვნება და ურთიერთლტოლვა ირეკლება. მწერალი ახერხებს ქალისა და კაცის, სრულიად განსხვავებული ხასიათების დახატვას. მკითხველი ამ უცნაური რომანის თანამონაწილე ხდება და ამ მიმზიდველ ონლაინ სასიყვარულო თამაშში ერთვება.
ემი და ლეოს თავიანთი ცხოვრება აქვთ (ემის ქმარ-შვილი ჰყავს, ქმარი მასზე ბევრად უფროსია, ბავშვები კი გერები, ეს მაინც მისი ბედნიერი არჩევანია _ასე აღნიშნავს თვითონვე; ლეო კი მეგობარ ქალს ახლად გაშორებულია). ეს ორი უცხო სული საოცარ მიუსაფრობასა და მარტოობას ამჟღავნებს ამ მიმოწერისას. ნელ-ნელა ეს წერილები სასიცოცხლო სუფთა ჰაერს ემსგავსება. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან თავიანთ განცდებსა და ცხოვრებაზე. თუმცა წარმოსახულ სივრცეს დროდადრო არღვევს ერთმანეთის ნახვის წადილი, რაც პირველ ტომში ხორცს არ ისხამს. საინტერესო ფსიქოლოგიური დეტალია ემის მიერ ლეოსთვის თავისი გასათხოვარი მეგობრის, მიას, გაცნობა. ლეო და ის მეგობარი, მართლაც, ხვდებიან და მოეწონებათ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ ემის აჩრდილი მათ შორის აღიმართება და ეს ურთიერთობა დაწყებისთანავე სრულდება. მას არ ადუღაბებს ოცნება წარმოსახულ ქალზე, რომლის ფასიც ლეომ ახლა ისე ხელშესახებად იცის, როგორც არასდროს. ემი და ლეო, უნებურად, ერთმანეთის რეალურ ცხოვრებაში `ერევიან~ და მომავალს განსაზღვრავენ. `ლეო: ემი, ემი, ემი. მიყვარს, როცა ვწერ ამ სახელს: ემი. შემიძლია ათასჯერ მაინც დავწერო თქვენი სახელი. ემის მისწერო, ნიშნავს, ემის კოცნიდე. წავიდეთ, დავიძინოთ, ემი~... ემი: დღეს რაღაც ვერ ვიძინებ. მოგიყევით უკვე ჩრდილოეთის ქარის შესახებ? ვერ ვიტან ჩრდილოეთის ქარს, როცა ჩემი ფანჯარა ღიაა. კარგი იქნებოდა, თუ ახლა მომწერდით: შენც ადექი და დაკეტე ფანჯარაო. მე კი გიპასუხებდით: დახურულ ფანჯარაში ვერ ვიძინებ.
ერთი წუთის შემდეგ
მაშინ წაიკითხეთ, მერე შეტრიალდით და დაიძინეთ.
ერთი წუთის შემდეგ
გადაბრუნებისას, ისევ ვფხიზლდები და ისევ კითხვას ვიწყებ, რომ ჩამეძინოს. ასე რომ, ღამის ნათურა და ტუმბო მაკლია იმ მხარეს.
30 წამის შემდეგ
მგონი, ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ. მაშინ აიღეთ ტუმბო ნათურიანად და მეორე მხარეს დადგით.
35 წამის შემდეგ
არ გამოვა, ნათურის კაბელი არ მისწვდება.

40 წამის შემდეგ
მაშინ დამაგრძელებელი გჭირდებათ.

25 წამის შემდეგ
მაშინ გამომიგზავნეთ წერილით.

45 წამის შემდეგ
კარგი, გამოგიგზავნით, იხილე ბმული.

50 წამის შემდეგ
გმადლობთ, მივიღე, რა მშვენიერი დამაგრძელებლია. ახლა კი შევაერთებ.

40 წამის შემდეგ
იცოდეთ, ფრთხილად იყავით, ღამით ფეხი არ წამოჰკრათ.

35 წამის შემდეგ
აჰ, ახლა ისე ღრმად ჩამეძინება, მხოლოდ თქვენზე და თქვენს დამაგრძელებელზე ვიფიქრებ.

ერთი წუთის შემდეგ
დაე იქროლოს ჩრდილოეთის ქარმა, როგორც უნდა.

45 წამის შემდეგ
ლეო, მე თქვენ ძალიან, ძალიან მომწონხართ, უებარი ხართ ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ~.

ჩრდილოეთის ქარი ცხოვრების სიმბოლოა და მას წინააღმდეგობას მხოლოდ სიყვარული თუ გაუწევს, თანაც, უნაკლო სიყვარული, ასეთი კი არ შეიძლება რეალურ სამყაროში იყოს, მხოლოდ წარმოსახვაში, მხოლოდ ელექტრონული წერილებით შექმნილ სივრცეში, მხოლოდ ონლაინში.
ამ ერთგვარ იდილიურ მიმოწერას, რომელსაც ხშირად ამღვრევს ეჭვით გამოწვეული უმტკივნეულო უთანხმოება, მოულოდნელი ქარიშხალი დაატყდება თავს. ემის ქმარი სწერს ლეოს წერილს, რომელშიც ცდილობს აუხსნას, რა ბზარი გააჩინა მისმა შემოჭრამ მათ ოჯახში და ლეოს ემისთან შეხვედრას სთხოვს. ეს ყველაზე გამაოგნებელი დეტალია ამ სასიყვარულო ისტორიაში, მაგრამ ემის ქმარს ამ შეხვედრის წყალგაუვალი დასაბუთება აქვს: `თქვენთვის სასაყვედურო, სამწუხაროდ, არ მაქვს. მხოლოდ უხილავ არსებას, აბა, რა უნდა უსაყვედურო. Bბატონო ლეო ლაიკე, თქვენ არ ხართ რეალური, თქვენ ჩემი მეუღლის ფანტაზიის ნაყოფი ხართ, ილუზია, ბედნიერების გრძნობათა უსასრულობა, შორეული ოცნება, სიყვარულის უტოპია, ასოებისაგან აგებული სიყვარული. ამის წინააღმდეგ მე არანაირი ძალა არ შემწევს, მხოლოდ ის შემიძლია, დაველოდო, ვიდრე განგება ინებებს და თქვენგან, ბოლოს და ბოლოს, რეალური ხორცშესხმული ადამიანი გამოჩნდება, კაცი, თავისი სიძლიერითა თუ სისუსტეებით. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე თქვენც ისევე დაგინახავთ, როგორც მე, არც თუ უჩვეულო არსებას, ადამიანურ არსებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის პირისპირ ჩაგხედავთ თვალებში, გაუჩინარდება თქვენი უპირატესობა. მაშინ მომეცემა შანსი, ჩემი ემისთვის ვიბრძოლო.
ამ წერილით მკითხველის თვალწინ იხატება დაბეჩავებული, დამცირებული, შეურაცხყოფილი კაცი, რომელიც მზადაა, ახალგაზრდა მეუღლის შესანარჩუნებლად უფრო მეტად დამცირდეს და ცოლი სხვას შეახვედროს ერთი ღამით, რათა მერე სამუდამოდ, უღალატოდ მას ჰყავდეს. ამ წერილში ბერნჰარდი ლეოს ემის ასაკსა, გარეგნობასა და ცხოვრების სხვა წვრილმან თუ მსხვილმან დეტალებსაც აღუწერს. წარმოუდგენელია თავის ასე დამცირება, თუნდაც სიყვარულისთვის, ამიტომაც არის, რომ ემის ქმარი არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს, პირიქით, მის მიმართ ზიზღის გრძნობა გეუფლება: `ბატონო ლაიკე, გთხოვთ, შეხვდით ემას! დაწექით მასთან... დამიბრუნეთ ჩემი მეუღლე. გაათავისუფლეთ იგი. დააბრუნეთ იგი ისევ მიწაზე... მისი სიყვარულის გამო. გთხოვთ!~
ამას მოჰყვება ლეოს წერილი, რომელშიც ემის მათი მიმოწერის `ღირსეული დასარულისთვის~ შეხვედრას სთხოვს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგება. ლეო `ქრება~ და ემის სასოწარკვეთილ წერილებს ელექტრონული ფოსტა გამყინავი გულგრილობით ასე პასუხობს: `ყურადღება. ეს მისამართი აღარ არსებობს. მიმღები ამ წერილს ვერ მიიღებს, ამ მისამართზე მიღებული ყველა წერილი მექანიკურად წაიშლება. შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სისტემადმინისტრატორს~.
ასე მთავრდება I ტომი.
მეორე ტომში, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ემისა და ლეოს მიმოწერა კვლავ აღდგება. გმირებს ახალი ამბები და ისტორიები აქვთ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. განახლებული ურთიერთობა მეტი ურთიერთლტოლვით გამოირჩევა, თუმცა ლეოს სხვა ქალი ჰყავს უკვე. ემიც თითქოს ბედს შეგუებია. მაგრამ
რა ჩააქრობს სიყვარულს, რომელსაც ოცნება ასაზრდოებს?
და წერილებში, მიუხედავად იმისა, რომ ლეო სხვა ქალის, პამელას მგზნებარე სიყვარულზე უყვება, ემი კი ოჯახური იდილიის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, სტრიქონთა შორის იკითხება, მათ ამ მიმოწერის გარეშე სიცოცხლე აღარ შეუძლიათ. ამ მიმოწერის გარეშე თითქოს სამყარო ცარიელდება. სწორედ ამ დროს ჩნდება მეშვიდე ტალღის სიმბოლიკა ემის წერილში: `რატომ გწერ? იმიტომ, რომ მომესურვა, რადგან არ მინდოდა უსიტყვოდ დავლოდებოდი მეშვიდე ტალღას. ჰო, აქ უდრეკ მეშვიდე ტალღაზე ასეთ რამეს ჰყვებიან: პირველი ექვსის გათვლა შეიძლება, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ, არანაირ მოულოდნელობასა და სასწაულს არ მოავლენენ. Eპირველი ექვსი ტალღა ერთმანეთის მიყოლებით მოდის და მუდამ მსგავსი და უმიზნოა.
მეშვიდე ტალღა კი სახიფათოა. მისი გათვლა შეუძლებელია. დიდხანს შეუმჩნეველად გეთამაშება, მონოტონურად მღელვარებს, თავის წინა ტალღებს აყურადებს. Mმაგრამ ზოგჯერ ამობობოქრდება. მეშვიდე ტალღა სრულიად უზრუნველი, უდრტვინველი, მბრძანებლურია, ყველაფერი თან მიაქვს. ყველაფერს ახალ ფორმას აძლევს. მისთვის არანაირი წარსული არ არსებობს, მხოლოდ აწმყოა. მეშვიდე ტალღის ჩავლის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარადაა. კარგად თუ ცუდად? მისი განსჯა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ის შეეხება. ვისაც სითამამე ეყოფა, რომ მის მღელვარებას შერწყას~.
მეშვიდე ტალღა სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ცხოვრების მდინარებაში თავისი მოულოდნელი გამოჩენით ყველაფერს ცვლის, ის ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სიცოცხლის საზრისს შეამეცნებინებს. მაგრამ უნდა გეყოს გამბედაობა, შეხვდე ამ მეშვიდე ტალღას და მასთან ერთად შეცვალო ყოველივე შენ ირგვლივ.
რომანში მიმოწერა ისეთი პათოსით ჩაღდება, რომ გმირები ამ ვირტუალური სიყვარულის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას ესწრაფვიან, მკითხველსაც ერთი სული აქვს, მათი შეყრა იხილოს. მწერალი ამ მოლოდინს არ აწბილებს და გმირებს ერთმანეთს შეახვედრებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაწერილი რეალურს აღემატება. ამიტომაც ასე გაელვებასავითაა ეს ორიოდე შეხვედრა. რეალობა უძლურია წარმოსახვის წინააღმდეგ.
ემისა და ლეოს უცნაურ სიყვარულს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში შეუძლია გახარება. მათი შეხვედრა ამ სიყვარულის დასასრული იქნება მხოლოდ. არადა, ამ მიმოწერის გარეშე თითქოს ბნელი გადაეფარება ქვეყნიერებას, ამიტომაც მწერალი სწორ გადაწყვეტილებას იღებს: სიყვარულის გადასარჩენად გმირებს კვლავ ინტერნეტსივრცეში ტოვებს, მფეთქავ გულისცემას სიტყვებად რომ აქცევენ და სიყვარულის გადასარჩენად ონლაინში შეყვარებულებად რჩებიან: `საყვარელო, რა კარგია, რომ მომწერე, რა კარგია შენი წერილების კითხვა, მოდი, ხშირად მივწეროთ ხოლმე ერთმანეთს, ათასი კოცნა~.


16 ივნისი, 2011

Wednesday, June 15, 2011

მაია ჯალიაშვილი - ლაზიერის მონოლოგი

მაია ჯალიაშვილი                            


ლაზიერის მონოლოგი

მე ვარ ვეზირი
ჭადრაკის მეფისა
ამაყი ლაზიერი.
დროში დავსეირნობ
ლაღად და ნებისად,
ყოფის საიდუმლოს ვეზიარე.
დაჭკნება ყოველივე
და თუ არ მეღირსა
სატრფოსთან ალერსი
შროშანებს დავკოცნი ველისას
და ვნებას ალესილს
ვარსკვლავთა კოცონებს შევურევ...
ვიქნები მადლიერი
სიცოცხლის მეფისა,
ვეზირი რომლისაც
მე ვარ, ლაზიერი.

14. 01. 2011

Saturday, June 11, 2011

ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან

`მიწიდან ამოსული ხელი ბროწეულის ყვავილით~             




მაია ჯალიაშვილს ესაუბრება თამარ შაიშმელაშვილი


თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ მრავალმხრივი შემოქმედი ხართ - ლექსები, იგავ-არაკები, მოთხრობები, რადიოპიესები... რომელს ანიჭებს უპირატესობას თავად მაია ჯალიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი თუ შემოქმედი...

მაია ჯალიაშვილი _ უპირატესობას შემოქმედებას ვანიჭებ. ასე იყო ბავშვობიდანვე. ყოველთვის ყურადღებას ვიქცევდი, როგორც ბავშვი, რომელიც ლექსებს წერდა, მართალია, გამოვირჩეოდი სწავლითაც, მაგრამ ყველაზე მეტად ლექსის დაბეჭდვა მახარებდა. ასეა დღესაც. ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში საუკეთესოდ გამოვხატავ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამეცნიერო საქმიანობა, ლიტერატურული წერილები, გამოკვლევები თანამედროვე თუ კლასიკურ ლიტერატურაზე, მაგრამ... მხატვრული შემოქმედება უპირველესია. გამოცემული მაქვს ორი კრებული, ერთი მცირე: `დუმილის მიღმა~, მეორე `გულის ბარძიმი~, რომელშიც ლექსებთან ერთად, ჩემი მოთხრობები, რადიოპიესები, იგავ-არაკები და დღიურებია დაბეჭდილი.




თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ წერთ: `ნაცარექექიამ შემოუძახა ქართველს: რაღა ნაცრის ქექვაში მებაძებიო~. რას მიიჩნევთ ერის ყველაზე უღირს თვისებად?

მაია ჯალიაშვილი: _ თქვენ მოიხმეთ ჩემი ერთი ქარაგმული იგავ-არაკებისა და ქარაგმულების ციკლიდან, რომელიც დაბეჭდილია ჩემს წიგნში `გულის ბარძიმი~ (თბ. 2009). საზოგადოდ, სოციალურ-პოლიტიკური თემატიკა ჩემი შემოქმედებისთვის უცხოა. ჩემს ყურადღებას ყოველთვის მარადიული ღირებულებები იქცევს: სიკვდილი, სიცოცხლე, სიკეთე, სიყვარული, დროში არსებობის ტკვილი. სიძულვილსა და ბოროტებასა და სხვა ნაკლოვანებებზე თითქმის არაფერს ვწერ. ამ ქარაგმულში კი ქართველთა ნაკლზე გამახვილდა ყურადღება. ეს იუმორით შეზავებული კრიტიკაა. საზოგადოდ, იმ ჩემს იგავ-არაკთა ციკლს ეპიგრაფად წავუმძღვარე სულხან-საბას სიტყვები: `მეც სიცილს ძალა მივეც~ იგავ-არაკიდან `მოცინარი და მოტირალი~. ამ იგავ-არაკში ორი კაცი ერთსა და იმავე ამბავზე შეჭირვებულა: ხალხი არ ფიქრობს მარადიულ ცხოვრებაზე, მიწიერ სარუნავებსაა გადაყოლილი, ვუქადაგეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო. თუმცა ამან ერთი აატირა, მეორე _ გააცინა. რომელია მართალი? ალბათ, ორივე, მაგრამ ტირილი, ჩემი აზრით, მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ცრემლი ამხელს, რომ გულგრილი არა ხარ იმ ყოველივეს მიმართ, რაც შენ გარშემო ხდება. სიცილი კი ერთგვარად განზე გადგომაა, ტკივილის შემსუბუქებაა. მე სწორედ ეს გზა ავირჩიე: `სიცილს ძალა მივეც~. სხვათა შორის, ეს არ უნდა იყოს რიგიანი საქციელი. ქრისტე სახარებებში არც ერთხელ არ იცინის, იცინის კი არა, არც იღიმება, რადგან ცრემლითა და სულის ტკივილით ცდილობს ცოდვათა შემსუბუქებას. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ იგავ-არაკებს 2008 წლის ზაფხულში, აგვისტოს თვეში ვწერდი. გარეთ, როცა ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო შიშითა და გაურკვევლობით, ტელეეკრანიდან კი ტრაგიკომიკური ინფორმაციები გაისმოდა, მე ქართული ანდაზებისა და გამოთქმების ბრძნულ სივრცეს შევეხიზნე. სწორედ ამ ენითაა ნაკარნახევი ჩემი იგავ-არაკები და ქარაგმულები, რომლებშიც ირონიაა ადამიანური სისუსტეების მიმართ გამჟღავნებული. მათ შორის, ქართველთა მიმართაც, რომელნიც, საზოგადოდ, ხერხით ცნობილნი (ნაცარქექიამ ხომ ჭკუა-გონებითა და მოხერხებით აჯობა დევებს), ახლა მხოლოდ `ნაცრის~ ქექვას, ესე იგი, უაზრო ფუჭსიტყვაობას სჯერდებიან. ისე, ცნობილია, გურამ ასათიანის არაჩვეულებრივი დაკვირვებები ქართველთა ხასიათზე, მათ შორის, ნაცარქექიასთან პარალელი, მერე აკაკი ბაქრაძის შესანიშნავი განსჯა ამ თემაზე წერილში `მკვახე შეძახილი~. ამ უკანასკნელმა მიკარნახა ამგვარი ქარაგმული: `ნაყოფი მწიფეა კარგი, შეძახილი კი მკვახეო~.
რაც შეეხება ერის უღირს თვისებას. ერი ხომ ადამიანებისაგან შედგება, ამიტომ ჩვენი ერის უღირსი თვისებაც ისაა, რაც, საზოგადოდ, ქართველებში ჭარბობს. ისე, ადამიანი ყველგან ადამიანია, საქართველოში გააჩენს ღმერთი თუ აფრიკის ჯუნგლებში. ამიტომ ვფიქრობ, ქართველებს რაიმე განსაკუთრებული უღირსი თვისება არ გაგვაჩნია. სახარებისეულ მცნებათა დარღვევა (კაცის კვლა, ქურდობა, პატივმოყვარეობა, შური... და ამ რიგის უკეთურებანი) ამრავლებს ცოდვებს, ესე იგი, ერი ავლენს უღირსობას. ისე დიდი ნუგეშია პავლე მოციქულის სიტყვები, სადაც ცოდვა მრავლდება, იქ მადლი გარდაემეტებისო...



თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ საინტერესო ნახატების ავტორიც ხართ. გამოვარჩევდი `დედის მონატრებას,~ კომპოზიციას ჯვარცმის თემაზე, `დაბადებას,~ რომელიც პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ნანახმა ბროწეულის ყვავილმა შთაგაგონათ. როდის ხატავთ?

მაია ჯალიაშვილი: _ ახლა, სამწუხაროდ, იშვიათად ვხატავ, მაგრამ ჩემი ნახატები ჩემი შემოქმედების ნაწილია. ისევე, როგორც ჩემს პოეზიაში, აქაც ჭარბობს რელიგიური თემატიკა თუ რელიგიური განცდა ყოველივესი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ტიციან ტაბიძეს უწერია, ჩვენ ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობამდეო. ამას ისე რეალურად და ცხადად განვიცდი. ქრისტიანი ვარ ბუნებით, შინაგანად. ჯვარცმის, შობის და სხვა ამგვარ თემაზე რამდენიმე ნახატი მაქვს. საერთოდ, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ფანქრით ხატვა მიყვარს. ადრე ხატვისას ზედ დამთენებია. ახლა – აღარ. სხვათა შორის, ჯვარცმის თემაზე ერთი კომპოზიციის ხატვისას ფანქრის გათლისას თითი გამეჭრა და ჩემი სისხლი საღებავად გამოვიყენე. შევურიე ქრისტეს ფეხში გაყრილ სამსჭვალის ადგილას გაჩენილ ალისფერ სისხლს. ნახატში ეს სამსჭვალი განედლდება და ყვავის. საერთოდ, ამ ნახატთა ხატვისას საოცარი გზნებით განვიცდიდი ქრისტეს სიყვარულს. ჩაფიქრებული მქონდა მოციქულთა პორტრეტები, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დავხატე: იოანესი და იუდასი. დახატული მყავს იოანე ნათლისმცემელი. კიდევ _ მოსე და ზარატუსტრა. უფრო სიმბოლურ სურათებს ვხატავდი. ვთქვათ, მიწიდან ამოსული ხელი ბროწეულის ყვავილით, ან გამჭვირვალე ლარნაკში ყვავილის ღეროებივით ჩაწყობილი ხელები, ან ლამფის შუშაში გამომწყვდეული სინათლის ჯინი და სხვ.

თამარ შაიშმელაშვილი: რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

მაია ჯალიაშვილი: ჩემი საყვარელი ფერია მწვანე, ხასხასა, ჯეჯილის ფერი, მაგნოლიის პრიალა ფოთლისფერი, ახლადგაფურჩქნილ კვირტებისფერი, ბალახისფერი, `აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს~, ან `ტყის იალქანი~ _ ვალერიან გაფრინდაშვილი ზუსტად გამოხატავს გაზაფხულის სიმწვანეს. ერთი ლექსი მაქვს, რომელიც მწვანე ფერის ქებათაქებაა. მდინარე _ მასში არეკლილი მწვანე მთებით... ნესტანი – სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლო _ ერთ ეპიზოდში არის `მწვანითა მოსილი~. მომწონს, როცა სიმწვანეა, როცა მწვანისკენ გადახრილ ფერშია ირგვლივ ყველაფერი. მწვანე სიცოცხლესთან, სიჯანსაღესთან, სიხარულთან ასოცირდება ჩემს წარმოსახვაში. ოღონდ ეს მწვანე ცოცხალი უნდა იყოს, უნდა სუნთქავდეს, როგორც იმპრესიონისტთა ნახატებზე, და ფერს იცვლიდეს, ლივლივებდეს. ამიტომ მხოლოდ ბუნებაში მხვდება ჩემი საყვარელი მწვანე – უთვალავი გრადაციით.

თამარ შაიშმელაშვილი: რა აქვს საერთო ლექსსა და მხატვრობას?

მაია ჯალიაშვილი: ორივესთვის მთავარია წარმოსახვა. ნახატი ფერით და ხაზით ქმნის პოეზიას, ლექსში კი სიტყვებით იქმნება. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტყვა აღემატება ფერსაც და ხმასაც (მინდა გითხრათ, რომ სტუდენტობისას ჩემს ორიოდე ლექსზე მელოდია დავწერე და მეგობრებთან ერთად ვმღეროდი გიტარის თანხლებით... `ეჰ, როგორ გაქრა ახალგაზრდობა, დაუნდობელი სურვილი ლომის და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა დრო შემოდგომის~,_ გალაკტიონი გამახსენდა). ზემოთ ნათქვამს დავუბრუნდები... სიტყვა ფერს, მუსიკას, სურნელს ერთდროულად გამოხატავს და ეს ყოველივე აზრით დაგვირგვინებული _ უმაღლესი პოეზიაა. ამიტომ მიყვარს სიმბოლისტები _ ცისფერყანწელები _ გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე, რომელთაც იცოდნენ სიტყვის ჯადოსნური ძალის საიდუმლო.
`მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი,
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით~,_ გიორგი ლეონიძის ეს სტრიქონები ჯერ მუსიკაა, მერე ფერები (ნახატი) და მერე მხოლოდ აზრი და განცდა.
ამიტომაც მიყვარს პოეზიაც და მხატვრობაც. ფიროსმანი _ საოცარი სახარებისეული სიწმინდით, გუდიაშვილი _ მისი მაღალყელიანი და ნუშისთვალებიანი ქალწულები ჩემს ნახატებშიც გადმოდიოდნენ... ვან გოგი უფრო შემაყვარა მისმა წერილებმა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ლონდონში ნაციონალურ გალერეაში ვნახე მისი ორიგინალები და `დამაბრმავა~ მზესუმზირების უღვთო სიკაშკაშემ... მიყვარს რენუარი, არ ვიცი რატომ... ამიტომ ერთი ჩემი წერილების წიგნის ყდა `სიცოცხლის საიდუმლო~ მისი ნახატით _ დები _ გავაფორმე. მეუბნებოდნენ, რომ მე თვითონ რენუარის ამ ნახატს ვგავდი, რაც ძალიან მახარებდა.


თამარ შაიშმელაშვილი: `სულს სინანულად შეენისლება ფიქრი შორეულ სასუფეველზე...~- რა არის თქვენთვის სასუფეველი?

მაია ჯალიაშვილი: სასუფეველი აქ სახარებისეულიც არის და პოეტურიც _ რწმენა და პოეზიაა, წარმოსახული სამყაროა. რაღაც მიუწვდომელი სიწმინდეა, იდეალია, რომლისკენაც მიისწრაფვის სული. ამ გზაზე ის ცდილობს სრულყოფას, განწმენდას, რაც ჩემს ყოველდღიურ ყოფაში იმით გამოიხატება, რომ მეტ სიყვარულს ვგრძნობ ყველას მიმართ, არავის განვსჯი, არ განვიკითხავ. უფალი ყველას თავისას მოჰკითხავს და სხვათა ცოდვების გამო მე არ დამსჯის. რომ ჩემი ტვირთი ჩემთვის ყველაზე მსუბუქია და ყველას თავისი ჯვარი აქვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჩემზე ნაკლებად სტკივა. სასუფეველი _ სიტყვაც ულამაზესია, სითბოს აფრქვევს, შეგიძლია ძნელბედობისას შეეფარო და შეეყუჟო.


თამარ შაიშმელაშვილი: თქვენს ლექსებში დიდი სულიერებაა განფენილი, ახალ წიგნს `გულის ბარძიმი~ ჰქვია. `გულის ბარძიმში ყვაოდა მადლი...~ _ ამბობთ ლექსშიც. როგორ ახსნით ამ პოეტურ სტრიქონს?

მაია ჯალიაშვილი: ზემოთაც ვთქვი, არ ვიცი, რატომ მეწერება ასეთი ლექსები. ალბათ იმიტომ, რომ სულთან დაკავშირებული თემები უფრო მაღელვებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ცხოვრება და მე პარალელური ხაზებივით ვართ. შინაგანი განცდა რელიგიურობისა საოცრად მძაფრი მაქვს. მე ბევრს ვწერ სხვების ლექსებზე, ვცდილობ ავხსნა და გავიაზრო ესა თუ ის მხატვრული სახე, ამიტომ ჩემს მეტაფორებზე ამჯერად მე არ ვისაუბრებ, თუმცა ამას წინათ ჩემს ერთ ახალ ლექსზე `ოაზისი~ დავწერე ავტორეცენზია (ეს იყო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი _ გიორგი კილაძისა). თავიდან ვფიქრობდი, რა დავწერო-მეთქი, მაგრამ როგორც კი დავიწყე წერა, სტრიქონები ლაღად და ბუნებრივად მიჰყვა ერთმანეთს. მგონი ეს ჩანაწერი მინიატურას დაემსგავსა. დაიბეჭდა ჟურნ. `ჩვენს მწერლობაში~ (რედაქტორი: როსტომ ჩხეიძე).


თამარ შაიშმელაშვილი: თქვენს ლექსს `შავი ირემი~ ჰქვია. რატომ? პოეტები ხომ უფრო ხშირად თეთრ ირემს - უფლის სიმბოლოს ელტვიან?

მაია ჯალიაშვილი: შავი ირემი ჩემს ლექსში სიკვდილის სიმბოლოა. ეს პატარა ლექსიც შავეთის იდუმალებაზეა:
`მითიური ღამიდან
მოდის შავი ირემი.
ჩემი სიზმრის კარიბჭე
წყვდიადებში ინთქმება.
შენ ნუ შემიშინდები,
ჩემო მზეო, სიცოცხლის,
შენ ნუ შემიშინდები,
თუ ეს ღამე წამიყვანს~.
მითიური ღამე მარადისობის სიმბოლოცაა, რატომ ღამე? იმიტომ, რომ გონებამიუწვდომელია. გალაკტიონი მახსენდება: `წმინდა ნათელში ამბობს ჰეგელი წმინდა სინათლის დიად ბადეში, ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყდიადეში~. წმინდა ნათელი და წმინდა წყვდიადი. ჩემი შავი ირემი ამ წმინდა წყვდიადიდანაა.


თამარ შაიშმელაშვილი: ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს - როგორ იწერება თქვენთვის ლექსი?

მაია ჯალიაშვილი: მუზა არ მინახავს, მაგრამ შთაგონება _ ერთგვარი ექსტაზის მდგომარეობა, გიბიძგებს ლექსის შექმნისკენ. ექსტაზი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა ან სიხარულმა, ან წიგნმა, ან მოგონებამ... მოკლედ ლექსს ვწერ მაშინ, როცა რაღაც შემძრავს და ყოფის მდინარებიდან ამომაგდებს. კი, ლექსს აქვს თავისი ისტორია, რომელსაც ხშირად ვერ მოჰყვები, რადგან შეიძლება ცხოვრებისეულმა მოვლენამ აღძრას, მაგრამ ისეთი ჯაჭვური რეაქციების შედეგია, რომ პირველწყაროსთან კავშირს კარგავს. თუმცა ხშირად ამ კავშირს ინარჩუნებს კიდეც.

თამარ შაიშმელაშვილი: `ხანძთა - ხერხემალგადამსხვრეული...~ სულის შემძვრელია `ტაო-კლარჯეთული დღიური...~ აკი, წერთ: `გეშინია, წარმავლობის მძლავრმა ტალღამ სამუდამოდ არ შთანთქას ის, რასაც შენი სამშობლო ჰქვია...~ როგორია ტაო-კლარჯეთიდან დანახული საქართველო?

მაია ჯალიაშვილი: ტაოკლარჯეთში მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წიგნის საუკეთესო ფურცლებია. ეს იყო 2008 წლის ოქტომბერი. საოცარი დღეები, ჩემი შთაბეჭდილებები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს წიგნში `გულის ბარძიმი~ და ჩემს ბლოგზე: http://maiajaliashvili.blogspot.com
ჩემზე ადრე ჩემმა მეგობარმა იმოგზაურა ტაოკლარჯეთში და იქ გადაღებული ფოტოები მაჩვენა. ხანძთის ნახვამ განსაკუთრებით იმოქმედა, თვალს ვერ ვაცილებდი, ისე მეცოდებოდა ეს მიტოვებული, დანგრეული განწირული ტაძარი. ამ განცდამ დამაწერინა ლექსი ხანძთა:
`ის მიტოვებულს ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა, ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა ხერხემალგადამსხვრეული...~
მერე, როცა მე ვნახე, გუმბათიც ჩამონგრეოდა... ახლა ამას რომ ვწერ, უჩვეულო სიცხადით წარმომიდგება მისი ხატი.
ტაოკლარჯეთიდან საქართველო გამოჩნდა ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. `საქართველო არის ესე~_ ხომ გახსოვთ მწყემსმა რომ უთხრა წმინდა ნინოს ანა კალანდაძის ლექსში `მოდიოდა ნინო მთებით~. და კიდევ `უფრო მაღალი რომ გინდა იყო, როდესაც `ასე ახლოა გრემი~ (ოთარ ჭილაძე). პატრიოტული განცდა გამიმძაფრდა.... და კიდევ: `ტაძარი იყოს, მლოცველები გამოჩნდებიან~ (ოთარ ჩხეიძე). ეს დიდი ტაძარი _ სამშობლო სხვანაირად დავინახე და მისი მოვლა-პატრონობის განცდა გამიჩნდა.

თამარ შაიშმელაშვილი: თქვენ საინტერესო ლიტერატურული წერილების ავტორი ხართ. როგორც ფილოლოგს მოგწონთ სასკოლო პროგრამები? რას შეცვლიდით?

მაია ჯალიაშვილი: მომწონს, რომ არის ალტერნატიული სახელმძღვანელოები და მასწავლებელს აქვს არჩევნის უფლება. არსებითად, მაღალი კლასის სახელმძღვანელოებს ვიცნობ და რამდენიმე მომწონს კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო დაიხვეწოს და გამდიდრდეს ღირებული მხატვრული ნაწარმოებებით. სხვათა შორის, ახლახან თვითონ მივიღე მონაწილეობა ამ საქმეში და დავრწმუნდი, რა რთულია. მომავალი თაობის წიგნიერებას ხომ, დიდწილად, კარგად შედგენილი სახელმძღვანელოები განსაზღვრავს, რომლებიც მოსწავლეებს მეგზურებად უნდა ექცნენ მხატვრულ სამყაროში და არა დამაბრკოლებლებად.

თამარ შაიშმელაშვილი: `გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული~ 31 წლის გიტა შტრახვიტცისა და 81 წლის გრიგოლ რობაქიძის დიდ სიყვარულზე მოგვითხრობს. რამ განაპირობა ამ თემით დაინტერესება? რა არის თქვენთვის სიყვარული?

მაია ჯალიაშვილი: გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე ბევრი მაქვს დაწერილი. ჩემს მონოგრაფიაში `ქართული მოდერნისტული რომანი~ დიდი ნაწილი სწორედ გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~ კვლევაა. აგრეთვე, სერიით `ქართველი მწერლები სკოლაში~ გამოცემულია გრიგოლ რობაქიძის `ჩაკლული სული~, რომელშიც მხატვრულ ნაწარმოებთან ერთად, ჩემი წერილებია ამ რომანზე. რაც შეეხება სიყვარულის ისტორიას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გრიგოლ რობაქიძის წერილებმა ახალგაზრდა გიტა შტრახვიტცისადმი. სულ მინდოდა დამეწერა და ბოლოს დავწერე. გიტას წერილიდან ციტატები იყო გრიგოლის ბარათებში ჩართული და ეს გამოვიყენე გიტას საპასუხო განცდის წარმოსადგენად. ეს ძალიან ადამიანური ისტორიაა. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ სწორედ ამ თემაზე ფიქრისასა აღმოვჩნდი რედაქტორი მარტინ ვალზერის წიგნისა `შეყვარებული კაცი~, რომელშიც ხანდაზმული გოეთესა და ახალგაზრდა ულრიკე ფონ ლევეტცოვის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. რომანი აგებულია გოეთეს სატრფიალო წერილებზე. ოღონდ საინტერესო ისაა, რომ გოეთეს ამგვარი წერილები არ დარჩენია და მწერალმა თვითონ შეთხზა, რომანში კი ჩართო ეპიზოდი _ ლეგენდა, ვითომ ლევეტცოვს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა, რომელშიც ეს ბარათები ეწყო და უთხოვია, დაეწვათ და ფერფლი საფლავში ჩაეყოლებინათ. ეს წიგნი გერმანულიდან შესანიშნავად თარგმნა მარიამ მირიანაშვილმა. ჩემი წერილი კი `ჩვენს მწერლობაში~ დაიბეჭდა.
სიყვარული ღმერთია, როგორც იოანე მოციქული წერს. ყოველგვარი სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს და ცასთან აახლოებს.

თამარ შაიშმელაშვილი: ბატონმა ზურაბ კანდელაკმა გრიგოლ რობაქიძის სიყვარულზე მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის რადიოპიესის დაწერაც შემოგთავაზათ და თქვენ დათანხმდით...თქვენი სამი რადიოპიესა რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა უკვე დადგა საქართველოს რადიოში. რატომ არის ახლობელი თქვენთვის ეს ჟანრი?

მაია ჯალიაშვილი: რადიოპიესებს ბავშვობიდან ვუსმენდი და მომწონდა. საერთოდ, კინოც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მეორად ფაკულტეტზე კინოსასცენაროზე ვსწავლობდი და ერლომ ახვლედიანი გვიკითხავდა ლექციებს. ჩემი რადიოპიესები ჩემი შემოქმედების ნაწილია, რომელიც ძალიან მეძვირფასება, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ზურაბს, არაჩვეულებრივ მწერალსა და რეჟისორს, რომელმაც ჩემი პიესები: `ფლამინგოები ჯოჯოხეთში~, `საუზმე ბეღურებისთვის~ და `პარალელური ხაზები~ დადგა. გრიგოლ რობაქიძის `უკანასკნელი სიყვარულის~ ამბავსაც, იმედია, მალე განვახორციელებთ.

თამარ შაიშმელაშვილი: თქვენ უამრავი ლიტერატურული წერილის ავტორი ხართ. მკითხველისთვის საინტერესოა თქვენი აზრი თანამედროვე მწერლობის ტენდენციებზე. რომელ ტენდენციებს გამოყოფდით? რა მოგწონთ და რა - არა?

მაია ჯალიაშვილი: თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციები დაახლოებით იგივეა, რაც, ვთქვათ, საუკუნის დასაწისში. ახალი თაობა ეძიებს, ენობრივსა თუ კომპოზიციურ ექსპერიმენტებს თამამად მიმართავს, ძველმა თაობამ უკვე გამოცდილებით იცის, რომ `არაფერია მზისქვეშეთში ახალი~. ორივე ერთად კი ადამიანსა და ცხოვრებას ასახავს, სიკვდილსა და სიცოცხლეს, სიძულვილსა და სიყვარულს... ლიტერატურაც ხომ ეს არის _ გულის ჭიდილი საკუთარ თავთან _ ფოლკნერის ეს სიტყვები გამახსენდა. ამიტომაც მწერალი ან კარგად ასახავს ან ცუდად, ან ნიჭიერია ან არა. მაგალითად, რა ტენდენციებს, ასახავენ ოთარ ჩხეიძის, ოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, რეზო ინანიშვილის, თამაზ ბიბილურის... ნაწარმოებები? ისინი ხატავენ როგორ წარმოჩნდება ადამიანი გარკვეულ დროსა და ვითარებაში, ახლოს არიან თუ შორს უფლისა და მოყვასისგან, როგორ უყვართ და სძულთ, როგორ ანგრევენ და აშენებენ... კი, იცვლება რაღაც _ უპირველესად, მატერიალური სამყარო, მაგრამ მწერლობა ხომ სულიერი სამყაროს ნაწილია, რომელიც მარადისობასთან არის წილნაყარი.

თამარ შაიშმელაშვილი: ამ ბოლო დროს მწერლობაში რატომღაც აუგად იხსენიებენ ძველ თაობას, ცნობილ სახელებს, რომ მათ თურმე ღირებული არაფერი შეუქმნიათ. რატომ?

მაია ჯალიაშვილი: ალბათ, უვიცობის გამო. რის `გემოც~ არ იცი, ის არც მოგწონს. მე მაგალითად, ერთხელ დაველაპარაკე ადამიანს, რომელსაც ლიტერატურაზე მიჰყავდა გადაცემა და რომელიც წაუკითხავად, ჯიუტად ამბობდა მწერალზე არ მომწონსო. თავისთვის ცნობილ ავტორიტეტს ეყრდნობოდა. ლიტერატურას, როგორც კულტურის ნაწილს, არ აქვს პროგრესი, იმ თვალსაზრისით, რომ რომელიმე ოცდამეერთე საუკუნის მწერალი სჯობდეს, მაგალითად, სერვანტესს. ჩემი აზრით, დღეს მწერლობა ბევრად `უკანაა~, ვიდრე გუშინ... ეს ჩემი აზრია, რადგან მე ძველი თაობის მწერალთა ნაწერების კითხვა მირჩევნია... თუმცა, ვისაც რა მოსწონს, ის იკითხოს და იმაზე წეროს... კითხვამ ხომ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს, სიამოვნება ფიქრისა, სიამოვნება წარმოსახულ დროსა და სივრცეში პერსონაჟებთან ურთიერთობისა. ვფიქრობ, მწერლობა სამყაროს მეოთხე (თუ მეხუთე?!) განზომილებაა და მასში მოგზაურობა ადამიანს ცვლის, ზრდის სულიერად.

თამარ შაიშმელაშვილი: რა არის თქვენთვის ბედნიერება?

მაია ჯალიაშვილი: ბედნიერება ჩემთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეა. საერთოდ, ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ხანდახან სრულიად უმნიშვნელოს გამო აღიძვრება. ვთქვათ, დიდი ხნის ახლობელთან შეხვედრისას, რაიმეში წარმატების მიღწევისას, სურვილის ახდენისას, სიმშვიდისას... სამწუხაროდ, ბედნიერება და უბედურება ერთმანეთს ჩრდილებივით დაყვებიან სიკვდილ-სიცოცხლესავით, სინათლე-სიბნელესავით... საერთოდ, ბედნიერება ცხოვრების თანამდევია და ის ყოველთვის იქ გვეგულება, სადაც ჩვენ არ ვართ და ან იმ საგანში, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ საკმარისია, ეს დაბრკოლებანი მოიხსნას, რომ ბედნიერება კვლავ ხელიდან გვისხლტება... ასე რომ ბედნიერების დევნაში ვართ.

თამარ შაიშმელაშვილი: რაზე მუშაობთ ამჟამად?

მაია ჯალიაშვილი: საერთოდ ძალიან მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი. ბავშვობაში ხარბად ვეწაფებოდი და ვნთქავდი ამ ჟანრის ნაწარმოებებს. მერე თითქოს ინტერესი ჩამიქრა. ახლა კი ჩაფერფლილმა გრძნობამ გაიღვიძა. ამჟამად ვწერ ამ ჟანრის მოთხრობას, რომლის მთავარი გმირი ხელოვანია. ამ წუთებში კი, ამ ინტერვიუს პარალელურად, ვწერ წინასიტყვაობას ნიკოლო მიწიშვილის `პუბლიცისტიკისთვის~, რომელსაც გამომცემლობა `ინტელექტი~ გამოსცემს.


დაიბეჭდა: ჟურნ. `ჩვენი მწერლობა~, #12, 2011, გვ. 32-35

Wednesday, June 8, 2011

რეზო გეთიაშვილის პოეზია

მაია ჯალიაშვილი

"მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით"


(რეზო გეთიაშვილის "Artყვავილები", თბ. 2007)

"მე თვით სიკვდილსაც გარდავმქნი ლექსად"_ამგვარი ლამაზი ჰიპერბოლით ლადო ასათიანმა ქართველი კაცის დამოკიდებულება პოეზიის მიმართ ფორმულასავით ჩამოქნა. ლექსი ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს სამყაროს ნებისმიერ მოვლენას, თვით სიკვდილსაც. ეს აზრი, რა თქმა უნდა ძველია, გამოხატვის ფორმაა შთამბეჭდავი.
პოეზიაზე საუბრისას, უმთავრესად, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ემოციურ მუხტზე, რომელიც მისგან გადმოგვეცემა. ლექსი, როგორც არტე_ფაქტი, იმით განსხვავდება სხვა ნიმუშებისგან, რომ მისგან ერთდროულად ვიღებთ იმ იმპულსებს, რომელთაც ცალ_ცალკე აღძვრიან მუსიკა, ფერწერა და ხელოვნების სხვა სფეროები. ლექსის კითხვისას წარმოქმნილ ახალ სამყაროში თანაბარი ინტენსივობით გვაქვს ფერის, მელოდიის, სურნელის შეგრძნება.
თანამედროვე მკითხველი, დატვირთული ტრადიციული გამოცდილებით, ნაცნობი ესთეტიკური მოლოდინით უახლოვდება ახალ ლექსს და უნებურად ძველ გამოცდილებასთან აკავშირებს. ძველი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეფუძნება ქართულ ენაზე შექმნილი შედევრების ცოდნას.
იცვლებიან ეპოქები, მაგრამ სურვილი რეალობიდან ლექსის გზით გაქცევისა, იგივეა. გამოსახვის ფორმებიც მრავალფეროვნდება, სხვაფერდება, მაგრამ არსებითად იგივე რჩება_ სიტყვათა ახალი, მოულოდნელი თამაშით, კომბინაციებით შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც სამყარო მოულოდნელი, აქამდე უხილავი რაკურსით წარმოჩნდება.
აღიარებული აზრია, რომ ყველა ქართველი პოეტი რუსთველიდან "მოდის":. იგი პოეზიის ერთგვარ სინონიმად იქცა. “ვეფხისტყაოსანში” ჩანასახის სახით მოჩანს ან პოტენციურად ნაგულისხმევია ყველა ის “მგრძნობელობა” რომელიც ყოველ დროში განსხვავებული სახელებით მჟღავნდებოდა. ჭეშმარიტი პოეზიის არსიც რუსთველმა ასე გამოხატა: “სიბრძნის დარგი”, “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი” და “მსმენელთათვის დიდად მარგი”. ამ თვალსაზრისით, იგი შეეხმიანა არისტოტელეს, რომელმაც ლიტერატურისა და პოეზიის შედარებისას აღიარა ამ უკანასკნელის მეტი ფილოსოფიურობა და სერიოზულობა, რადგან “პოეზიის საგანი უფრო ზოგადია, ისტორიისა კი ცალკეული”.
რუსთველის პოეზიაში წარმოჩნდა ყოველივე, რაც მანამადე არსებობდა პოეზიის სახით (ფოლკლორი და ჰიმნოგრაფია) და “ვეფხისტყაოსანში” იყო წინასწარმეტყველებაც მომავალი პოეზიისა. ამიტომაც ყველა აღიარებული პოეტი გენიოსი რუსთველს “მშობლად” მიიჩნევს. შეუძლებელია მის გავლენას ასცდე, თუნდაც არ წაიკითხო, რადგან ის არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილი. ლექსის წერა გარკვეულწილად გულისხმობს ათასგვარ გამეორებას, მაგრამ უპირველესად რუსთველისას, აზრისა და მუსიკალურობის თვალსაზრისით.
თანამედროვე კარგი პოეტი, პოსტმდერნისტული ეპოქის შვილი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ გალექსვის ნიჭი, არამედ ინტელექტუალური გამოცდილებაც, “ატმოსფერულად” განიცდის ყველა იმ სიახლეს, რომელიც ჰაერში ტრიალებს. მასში, გარკვეულწილად განხორციელებულია ტიციან ტაბიძის ოცნება, შეერთებულია “რუსთაველი და მალარმე”_ ტრადიციული და უცხოური. ლექსის შექმნის “ხელობით” (განსაკუთრებით თავისუფალი ლექსისა) დღეს ბევრი იქცევს თავს და, არსებითად, თანამედროვე ვერლიბრის ნიმუშები ერთმანეთს ჰგავს. მკითხველის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის გამოარჩევს. ხანდახან ამ გამორჩევისას ყური შეიძლება ამ საქმეში გაწაფულ პროფესიონალსაც მიუგდოს, რომელსაც უყვარს მოვლენათა კლასიფიცირება და პოეტების “დახარისხება”.
რეზო გეთიაშვილის ლექსებმა და მისმა კრებულმა “Artყვავილები” (თბ. 2007) უკვე მიიპყრო პროფესიონალ თუ რიგით მკითხველთა ყურადღება. ამ კრებულზე თანდართულ ზაზა შათირიშვილის მრავალმხრივ საგულისხმო წერილში გამორჩეული ეპითეტებით არის შეფასებული ეს ლექსები და ავტორის “დიდობა” იმგვარი დამაჯერებლობითაა დასაბუთებული, არის “საშიშროება” ამ თვალსაზრისთა გავლენის ტყვეობაში მოქცევისა, თუმცა კითხვისას, როცა ლექსთან პირისპირ რჩები, ყველანაირი ინტერპრეტაცია და შეფასება უკან იხევს და, პირველ რიგში, უსმენ და მიჰყვები საკუთარი გულის კარნახს.
კრებულის სათაური ორმაგად შეიძლება გავიაზროთ: თავმდაბლობადაც და ერთგვარ ეპატაჟადაც. თავმდაბლობად, რადგან შეიძლება იფიქრო, რომ ავტორი გალაკტიონის “არტისტული ყვავილების” ერთგვარ თანამედროვე გამოძახილს ქმნის. მხოლოდ გამმეორებელია, ორიგინალი უკვე შექმნილია, თვითონ მხოლოდ ასლს სჯერდება. არტისტული ხომ იდენტურია art_ისა. უბრალოდ, ვიზუალურად ჩაენაცვლა ლათინური სიტყვა (ესეც დღევანდელობის ხაზგასმული ბილინგვიზმის ანარეკლია). ეპატაჟად_რადგან შეიძლება მეტოქეობად გავიაზროთ, რაც თავისთავად დასაძრახი არ არის, მაგრამ მყვირალაა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი სათაურის შერჩევა ნიშნავს, რომ ავტორი აღიარებს, იცის, რა იყო ადრე და თვითონ არ არის “პირველი”. ამასთანავე, ამგვარი სათაურით, ხაზი ესმება შემოქმედებაში ესთეტიკის უპირველესობას, რეალობაზე ხელოვნების აღმატებულობის იდეას.
ერთ ინტერვიუში რეზო გეთიაშვილი საინტერესოდ საუბრობს ტრადიციასთან დამოკიდებულებაზე: “არსებობს სტერეოტიპი, რომ თანამედროვე მსოფლიოში ისევ “ვეფხისტყაოსნით”, წინწყაროთი, მედეათი და ოქრომრავალი კოლხეთით უნდა გავიდეთ და არა იმით, რაც ამ ყველაფრის შედეგად დღეს იქმნება. რაკი მცხეთა ააშენე, ღებვაზე ცოტა მეტი უნდა შეგეძლოს. იმის გამო, რომ მე-12 საუკუნეში დიდი ქვეყანა იყავი, დღეს თავი მის ნარჩენად არ უნდა წარმოიდგინო. ეს ისტორიაა და იმაზე მეტის საშუალებას გაძლევს, რასაც უამისოდ გააკეთებდი. ლექსი სწორედ იმიტომ უნდა დაწერო, რომ ვაჟა და გალაკტიონი გყავს”. “ჩვენში ახალი ხშირად არაფრიდან იწყება, ყოველ მომდევნო ავტორზე წყდება და ამ ავტორის სტილი თუ ინდივიდუალურობაც ეს არის. იმისთვის, რომ რაღაცა შექმნა, არ არის აუცილებელი, რომ მანამდე არსებულს ზურგი შეაქციო და ყოველ ჯერზე საწყის ეტაპზე დაბრუნდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ისიც არსებობდა, რასაც ინოვაცია დაარქვი. იდეა და ექსპერიმენტი ნებისმიერ აღმოჩენას და გამოგონებას სჭირდება, მაგრამ ეს იდეა ბოლომდე უნდა განხორციელდეს” (“ებლიტფოს” არქივიდან: რამდენიმე კითხვა რეზო გეთიაშვილს”).
“ინოვაცია” რომ ხშირად მოჩვენებითია, ამის შემჩნევასა და აღიარებას ინტელექტი და შენამდე შექმნილის მიმართ პატივისცემა სჭირდება:
“ვერ დაივიწყე
თოვლი ირიბია და ალმაცერი” (***შემოდი).
ეს “ვერდავიწყება” ამხელს პოეტის თამამ და გულისხმიერ დამოკიდებულებას კლასიკის და, უპირველესად, გალაკტიონის მიმართ, რომელიც მისთვის მშობლიური ენის გამოვლენის უმაღლესი ფორმაა. ეს პოეტური ენა მისი ერთგვარი შთამაგონებელია.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, იმ პოეტებთან დამოკიდებულებაც, რომლებიც ახალ ესთეტიკას ქმნიდნენ. ამის დასტურია ამ კრებულში ამოკითხული სტრიქონები:
"ჩამოვედი მატარებლიდან სადგურზე
რომელსაც ჰქვია ტირე
და ვდგავარ
რამდენიმე დღის წინანდელ თავსხმა წვიმაში
და ვალერიან გაფრინდაშვილის ზოგიერთ ლექსს
სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ინგლისურად
Charles Chendler"(“ტირე”)
რეზო გეთიაშვილი ამ კრებულის საერთო პათოსით გვაგონებს ჰერმან ჰესეს იგავური მოთხრობის “პოეტის” მთავარ გმირს, რომელმაც იგრძნო, რომ ამქვეყნიური ზეიმი და მხიარულება ვერ მიანიჭებდა სრულ ლხენასა და სილაღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარტოსული, მუდამ მოთვალყურე და უცხო დარჩებოდა, რომ “სხვა მრავალთა შორის მხოლოდ მისი სული იყო ისერიგად შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს ეგრძნო ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსულის იდუმალი სწრაფვანიც. ამის შეგრძნებამ იგი სევდით აღავსო, ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როცა ამ სამყაროს მშვენიერებას უზადოდ არეკლავდა თავის ლექსებში, როცა თვით სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყოფილს, დაეუფლებოდა თავის მიერ არეკლილ სახეებში” (ჰერმან ჰესე “პოეტი”).
რეზო გეთიაშვილი ცდილობს და ხშირ შემთხვევაში ახერხებს სამყაროს მშვენიერება არეკლოს ლექსებში და ამისთვის მას არ სჭირდება მშვენიერი სიტყვები. იგი ნებისმიერ სიტყვას აქცევს პოეტურ ღირებულებად, ამ თვალსაზრისითაც, ის აგრძელებს ნიჭიერ პოეტთა ტრადიციას:
“მაგრამ აქ უფრო იოლია სულით ობლობა,
დგას ფერებს შორის ინტერვალი, როგორც დებილი,
ჩემი ოთახიც იქირავა ორმა ობობამ
და უქმეებში შუადღემდე სძინავთ მკვდრებივით” (*** მრავალწერტილმა).
ბოლო ორ სტრიქონში მომთენთავი და გამთანგველი მარტოსულობა უჩვეულო რაკურსით წარმოჩნდება და ავლენს პოეტის ხელწერის ინდივიდუალობას.
“ამიხსენი რა არის პოეზია”, _მოვთხოვე ერთ ფილოლოგს ამას წინათ. “მაგაზე იოლი რა არისო”,_მითხრა და თავისი ბიბლიოთეკიდან დოქტორ ჯონსონის წიგნი მომიტანა. პოეზიის განმარტებამ განმაცვიფრა. ო, უკვდავო აჩრდილო შექსპირისა! წარმომიდგენია შენი გამწყრალი მზერა, ეს უწმაწური მკრეხელობა რომ გენახა!” პასუხით აღშფოთებული და უკმაყოფილო ედგარ პო თვითონ შეეცადა პოეზიის ფენომენის ახსნას, ჯერ განმარტა იგი, როგორც იდეა_გაერთიანებული მუსიკასთან. მერე საგანგებო წერილიც დაწერა “კომპოზიციის ფილოსოფია”, რომელშიც დეტალურად აღწერა, წინასწარ როგორ დაგეგმა “ყორანის” შექმნა, კომპოზიციის რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება: ეს იყო მათემატიკური სიზუსტით გათვლილი “ჩონჩხი” ლექსისა, რომლიდანაც შემდეგ მთელი XX საუკუნის პოეზია გამოვიდა. მაინც რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება? ესენია: მშვენიერზე აქცენტი, გამოთქმის სიცხადე, სევდა, კონტრასტები, რიტმულობა, მუსიკალურობა, ჩართვა რეფრენისა, რომელსაც უნდა გამოეხატა სიკვდილის გარდაუვალობა და სიტყვა- ნევერმორე, რომელსაც ლექსის კომპოზიციური საყრდენის ფუნქცია უნდა ეტვირთა. მიუხედავად ამისა, პოეზია მაინც ამ “ახსნის” მიღმა დარჩა.
პოს მერე დიდი დრო გავიდა, გაჩნდა და “გამეორდა” ცნებები “წმინდა” და “მოსამსახურე პოეზიისა”. ასე რომ, როგორც საზოგადოდ ყოფიერება, ხელოვნებაც სპირალურია, რაღაც ყოველთვის მეორდება (ხან “მაღალი” და ხან “დაბალი” ფორმების აქცენტით). დღეს არის განსაკუთრებული სწრაფვა მათი შერევისა. კიჩი იყენებს ამას, რათა მაღალი ღირებულებები ხელმისაწვდომი გახადოს ფართო მასებისთვის, ან ამის ილუზია მაინც შექმნას. ამიტომაც არის, რომ ბევრი თანამედროვე პოეტი, მათ შორის, რეზო გეთიაშვილი, გვერდიგვერ იყენებს დახვეწილს, მწიგნობრულსა და სასაუბრო ფორმებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას არ სჭირდება ჟარგონი თანამედროვეობის პულსაციის გადმოსაცემად.
რეზო გეთიაშვილის ამ კრებულში დაბეჭდილი ლექსები ყურადღებას იქცევს გამოთქმის დახვეწილობით. აქ არის მრავალფეროვანი თემები (უნივერსალურიც და კერძოც), რომლებიც ჩვენი მატერიალურ-სულიერი ყოფის განმსაზღვრელ_განმაპირობებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ის ვერ იქნება გამორჩეული, მთავარია, რომ ის აღქმულს ხშირად გამოთქვამს ორიგინალურად, ვირტუოზულად ფლობს გარითმვის ხელოვნებას (კრებულში წარმოდგენილი ათი ციკლიდან მხოლოდ ერთი_”მზესუმზირებია” დაწერილი თავისუფალი საზომით). რითმა_პარალელური, ჯვარედინი, თავკიდური, შიდა და სხვ._ მისი ლექსების მთავარი საყრდენია, ის კარნახობს ყველაფერს, რაც პოეზიისთვის მთავარია: აზრსა და მუსიკალურობას, მოულოდნელ მხატვრულ სახეებს. გვხვდება როგორც ასონანსური, ასევე კონსონანსური რითმები. თვითონ პოეტის აზრით, “ის, რომ კონვენციური ლექსი უკვე გადავლილი ეტაპია და სათქმელი მხოლოდ ვერლიბრის ფორმებით უნდა ვთქვათ, ქართული პოეზიის არასწორი შეფასებაა” ზემოთ ნახსენები ინტერვიუ). ამიტომაც თვითონ აგრძელებს ამ “ფორმაში” ძიებებს:
“დიდი წვიმაა. დიდზე დიდი. აწვიმს ასევე
წვეთებს. სახეა წითელი და შავზოლიანი.
მერე ამ წვეთებს. ალბათ აქეთ დამიფასებენ.
ყველა იმწუთის ერთიციდა მავზოლეუმებს” (წვიმების სეზონი”).
ხანდახან აშკარად გასარითმავად ასოციაციურად წამოტივტივებული რითმა თან თავის “ნაცნობ” კონტექსტს მოიყოლიებს და ლექსში ახალ აზრობრივ შრეებს აჩენს:
“უფრო გამხდარხარ,
თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა,
სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები,
მე შემიძლია “მენატრები” გითხრა ამჯერად,
თუნდაც რითმისთვის, ან “დიაცი ქსლისა მბეჭველი” (“მზერა-ჩახმახი, მარტოობაც”).
რითმასთან ერთად, მეტაფორულობა იქცევს ყურადღებას. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ “პოეტის პორტრეტის” წარმოსაჩენად კი არსებითია ამ მეტაფორათა რაგვარობა, მოტივირებულობა, ფუნქცია. ეს პოეზია ხაზგასმულად ხატოვანია (ამით, რა თქმა უნდა, ენათესავება, უპირველესად, გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს), ამიტომ გვხვდება ტროპის მთელი არსენალი. რიტმულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით დამახასიათებელია შთამბეჭდავი ანჟამბემანები, სტრიქონიდან შემდეგ სტრიქონში გადაედინება აზრი, ემოცია და იქნება საოცარი რიტმი, რომელიც მკითხველს აიძულებს სტროფები პაუზების გარეშე, მართლაც, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს. მაგალითად:
“ოცნებებს _ ნისლებს, ყელსა და ტუჩებს,
ნისლებში მხრების დაწყვეტილ კადრებს,
ან ნუშების და ტყემლების ქუჩა _
ქუჩა ხეტიალს და ცოტა ადრე
მისატოვებლად გადაშლილ ნოტებს _
გრძელი თითებით ფურცლავდა მშვიდად,
მინას შუამდე სწვდებოდა ტოტი
ჩრდილის და რხევით არაფერს შლიდა” (“ნინა”).
როცა კრებულს იღებ ხელში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი სტრუქტურა. აქ ცხრა რკალი, კონცეპტუალური სახელწოდებებით, მკითხველს აზრობრივ_ემოციური მრავალფეროვნების შთაბეჭდილების უქმნის: “ჩენდლერის არქივიდან”, “მკვდრების მანიფესტი”, “ბასენტგაუდის მთვარე”, “ბელა”, “მარგარიტა”, “ჰეთი”, “ბილიკი შენამდე”, “მზესუმზირები”, “Aირლიტე”.
რეზო ყარალაშვილმა მხატვრული ტექსტის სიღრმისეული ანალიზისთვის საჭიროდ მიიჩნია მხატვრულ სისტემაში დაფარული სხვადასხვა კოდის გაშიფვრა. მან უპირველესად გამოყო შემდეგი ოთხი კოდი: გამოსახვის საშუალებათა, ჟანრული, კულტურული და გამოცდილების, ანუ ფსიქოლოგიური კოდები. მისივე აზრით, შეიძლება სხვა ტიპის კოდებიც გამოგვეყო, თუმცა დეკოდირება, “კოდების გახსნა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მკითხველის მიერ მხატვრული ნაწარმოების გაგებას. ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მკითხველის ცნობერება დეკოდირებით მიღებულ ელემენტებს ისე დააკავშირებს ერთმანეთთან, რომ ამორფული ინფორმაციის ნაცვლად მოქმედი მოდელი წარმოიქმნას” (“მხატვრული ნაწარმოების აღქმა”).
რეზო გეთიაშვილის ლექსებში ცნობიერად თუ არაცნობიერად გამოყენებული სხვადასხვა ტიპის კოდის გაშიფვრა საინტერესო სურათს იძლევა. ეს პოეზია მდიდარია გამოსახვის ფორმებით, უპირველესად, როგორც აღვნიშნეთ, ყურადღებას იქცევენ მეტაფორები, რომლებიც მის ინდივიდუალობას ამხელენ. ეს მეტაფორები იბადებიან კონკრეტული ლექსის კონტექსტში და ხელს უწყობენ აზრობრივ_ემოციურ სიღრმეთა წარმოჩენას. მაგალითად, ავიღოთ, ისეთი გაცვეთილი პოეტური სახე, როგორიც მთვარეა. გალაკტიონმა და ლეონიძემ ამ სახის იმგვარი მეტაფორები შექმნეს, მოულოდნელობის მოლოდინი თითქმის გააქრეს, მაგრამ ეტყობა, მართლაც, ამოუწურავია საგანთა და მოვლენათა ურთიერთდაკავშირების კომბინაციები. მელანქოლიურ ლექსში “მზერა_ჩახმახი, მარტოობაც” გვხვდება ასეთი სახე:
“და მთვარე ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს შუაღამემდე”.
მარტოსულობით დაღლილი პოეტი ფიქრობს თვითმკვლელობაზე (ამ თემას აძლიერებს ინტერტექსტუალური კოდების შემცველი სიტყვები: “შუაღამე”, “ჩახმახი”, “ანანურთან”, “მომკალი”), რომელიც დაიძლევა ლექსის შექმნით.
ამგვარივე განწყობილება მოჩანს ლექსში “სათვალე”, რომელშიც ლირიკული გმირის უსაშველობას მთვარე (ზემოთნახსენები ლექსივით) კი არ ანელებს (გასანელებელია რგორც კერძო, ასევე სამოქალაქო ტკივილი), არამედ ამძაფრებს:
“მთვარე კი ბღავის, დაკარგული კრავივით ბღავის”.
სინტაგმა “დაკარგული კრავის” დეკოდირებას კი მოაქვს ახალი შინაარსი, რომელიც რწმენადაკრგული ადამიანის ტრაგედიას ამხელს.
ამათგან განსხვავებულია:
“მთვარეს. დაღლილი თვალების ვაგზალს” (გზა”).
არაპოეტური ვაგზლის პოეტურ მთვარესთან დაწყვილებით წარმოქმნილი მეტაფორა ზუსტად წარმოაჩენს ურბანისტული გარემოში მომწყვდეული კაცის სასოწარკვეთილებას.
საერთოდ, ამგვარი, პოეტურის (ტრადიციით) და პროზაულის შეჯვარება საინტერესო ჰიბრიდულ სახეებს აჩენს. “ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან” (ხოსე Oორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”). გეთიაშვილი მხატვრული სახეებიით ახერხებს სწორედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციას.
კულტურული და ისტორიული კოდებით უხვადაა დახუნძლული კრებულის გამორჩეული ლექსი “მკვდრების მანიფესტი” მრავალმნიშვნელოვანი ეპიგრაფით: “მიდით, დახოცეთ ერთმანეთი”. რელიგიური კოდები: “აკლდამა”, “შობა”, “სერაფიმი” “ცოდვა” ეწყვილება ლიტერატურულს: “ჩემი ხატია” , “ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!, “შენ, სისხლო ჩემო”. ლექსში ჩვენი დროის პულსაცია ძგერს და საოცრად მართალი არაპათეტიკური ტკივილი მოჩანს:
“მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას”.
ამ ტკივილს ეხმიანება საოცრად გულწრფელი აღიარება:
“მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები” (“დაკოჭლება”).
ეს არის პატრიოტიზმის ძალიან ჩუმი და სევდიანი გამოვლენა. ეს სტრიქონი აჯერებს მკითხველს.
რეზო გეთიაშვილის პოეზიაში საინტერესო შინაარსს ჰქმნიან ორიგინალური ეპითეტები: “უთუო სახლი”. აქ მოულოდნელი “უთუო” მეტოქეობს უწევს გაცვეთილ “მშობლიურს”. თანაც, ამავე ლექსში ეს სინტაგმა არის შედარების ნაწილი: “ეს დღე და ვნება. წვიმა და ნავლი მე მიყვარს, როგორც უთუო სახლი” (“გზა”).
მოულოდნელია ეპითეტად გამოყენებული “ხასხასა” ამ კონტექსტში: “ხასხასა ღმერთი”. ლექსი “ნამცეცი” ღვთისკენ სწრაფვას გამოხატავს, თანვე ადამიანის უძლურებას, გადაიხედოს მიღმა, “რადგან ვერ ცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს” (ბარათაშვილი), ან კიდევ “რა ხდება იქით! საიდან ისმის მგლოვიარეთა ქნართა “მშვიდობით?” (გალაკტიონი).
“ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე” (“ნამცეცი”).
ამ ლექსში ფილოსოფიური განსჯაა სამყაროში ღვთის ანაბეჭდების შემჩნევის აუცილებლობაზე, რომელთა საშუალებით შეიძლება დანახვა ფერებისა, რომელთაც “ბრმები ხედავენ” და მოხილვა იმ მხარისა, “სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები”.
რეზო გეთიაშვილის პოეზია აღბეჭდილია კულტურულ კოდთა სიმრავლით. კულტურული კოდი მოიცავს როგორც ქართული, ასევე უცხოური კულტურის კოდებს. ზოგადად, ამ ორივეს გამაერთიანებელ კოდში კი გამოიყოფა რელიგიური, მითოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული კოდები. ცალკეა გამოსაყოფი ლიტერატურული (მწერლები, ნაწარმოებები, პერსონაჟები), ტოპონიმიკის, მუსიკის, ფერწერის კოდები, რომლებიც ამრავალმფეროვნებენ და აღრმავებენ ლექსების შინაარსებს.
“სიტყვა თავისთავად ძალზე ცოტას ნიშნავს, მისი როლი ზემოქმედების მოხდენაა, როგორც უძლიერესი დეტონატორისა, რომელიც გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქებს ყველა დანარჩენის კვაზისიტყვიერ მუხტს.
მშობლიური ენა საუკუნოდ ტვიფრავს ადამიანს. და რადგანაც ყველა ენა გულისხმობს სამყაროს აბსოლუტურად თვითმყოფ სურათს, ის გარდუვალად აჯილდოებს ადამიანს რამდენიმე განსაზღვრული შესაძლებლობით, და ამასთან, არსებითად ზღუდავს კიდეც მას” (ხოსე ორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”).
რეზო გეთიაშვილის პოეზია ამჩნევია ეს მშობლიური ენის ტვიფრი, რომელიც ალამაზებს მის სტრიქონებს. ის ახერხებს ცალკეულ გამოთქმათა, ხატოვან თქმათა დაშლას და მათ ახლებურ რეკონსტრუქციას ახდენს, რასაც მოაქვს ახალი პოეტური გამოცდილება. მაგალითად, სინტაგმა “ჩადიხარ სინდისს” ნაცვლად “ჩადიხარ ცოდვას” (*** მხოლოდ და მხოლოდ):
რეზო გეთიაშვილის პოეზია არის ინტერტექსტუალური, რადგან მრავლადაა ციტატები და ალუზიები ნაცნობი ტექსტებიდან. მაგალითად, ლექსში “ჩემს ძმებს...#2” ვხვდებით სტრიქონებს: “აღარ მივტირი სასიმინდეს”; “რა მოხდა მერე თბილისივით გაჭუჭყიანდე”. პირველი ალუზია პაოლო იაშვილის ლექსისა “წერილი დედას” (“დავტოვე... სიმინდის ყანა”), რომელშიც ქალაქი და სოფელი კონტრასტულადაა წარმოჩენილი და ქალაქში დაკარგული პოეტის სევდას ამხელს. მეორე “ორიგინალურია”, მაგრამ პირველი სტრიქონი (ნაცნობი გამოცდილებით) აძლიერებს მეორე სტრიქონის შინაარსს.
“სხუად წასრულ ხარ” (“შუშანიკის წამება”). მისი გამოყენება ახალ კონტექსტში სჭირდება ავტორს, რომ ღალატის ირონიზება მოახდინოს, ე.ი. კი არ უღალატა, არმედ პათეტიკურად და ამაღლებულად “სხუად წავიდა”. თანაც, ამ სტრიქონს გონებამახვილურად გადაათამაშებს. ამგვარად გაცვეთილ ღალატს, ნაცნობი განცდებით, აქცევს ახალ ესთეტიკურ ფენომენად, განსხვავებული ინტონაციებით რომ წარმოჩნდება:
“სხუად წარსულ ხარ, წარსული ხარ, თუმცა სხვათათვის
მხოლოდ დააჩნდი გამთენიებს, მხოლოდ იწყები,
მოთიბულია ყველა მარტი, ყველა მკათათვე,
მოზომილია არც თუ ისე სხვისი მიწები” (“თეთრი ბერეტი”)
ამ კრებულში ალიტერაციულია ბევრი ლექსი. სიტყვები თითქოს მსგავსი ხმოვანების მიხედვით წყვილდებიან და ქმნიან მუსიკალურობის განცდას, მაგრამ მუსიკა არასოდეს ჩაგრავს აზრს. ამ შემთხვევაში მიღწეულია მათი თანხმიერება.
“აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ” (“ლი”)
ამ ლექსში ყურადღებას იქცევს ექსპერიმენტი: ყველა სიტყვას წერტილი უზის. ამგვარად, ყოველი სიტყვა თითქოს ჩაკეტილ სივრცეს ქმნის, არ ამჟღავნებს სხვებთან ურთიერთობის სურვილს, გაუცხოებულია. ეს ლექსი კარგად ამხელს ლირიკული გმირის გულდახურულობას, სასოწარკვეთილებას. ლი იქნებ ანაბელ ლის, ედგარ პოს უდროოდ გარდაცვალილი მშვენიერ სატრფოს გულისხმობდეს, ამჯერად საგანგებოდ გამოხმობილს სიკვდილის საუფლოდან სიცოცხლის ამაობის გასანდობად. ამ ლექსში თითოეული სიტყვა მკითხველს დეკოდირებისკენ უბიძგებს, რაც არაა გამართლებული, რადგან შეიძლება ამით ღრმავდება, მაგრამ თანვე მძიმდება კიდევაც ინტერპრეტაციებით, არადა, ამის გარეშეც იწვევს ემოციას, რადგან, როგორც ოდენი წერდა: პოეზია ლიტერატურის თეთრი მაგიაა” (იუსტან ჰიუ ოდენი, “ენის კულტურა”).
საზომისა და სიტყვათა თამაშით ყურადღებას იქცევს ლექსი “მეკუბოვე”, რომელშიც მეორდება სიტყვები, სინტაგმები. თითქოს ფრაზები ერთმანეთში ირეკლებიან, ექოებს გამოსცემენ და, საბოლოო ჯამში, ძველი სათქმელი (თვითშემეცნების წადილი, პოეტი შედარებულია მეკუბოვესთან, რომელიც “მარხავს”, ინახავს ნანახსა და განცდილს) ახლებურად ხმიანდება:
“ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე,
ვნხე, რომ სიტყვები წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე კარგია და წვენით სავსეა” (“მეკუბოვე”).
ეს სტრიქონები მოგვაგონებს “შესაქმეს” დასაწყისსაც, როდესაც შემოქმედი ქმნის და მოსწონს თავისი შექმნილი: “დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე” (დაბადება 1, 31)
ამ ლექსებში ყურადღებას იქცევს უცხო პერსონაჟთა სახელები, რომელთა შესახებ თვითონ ავტორი ამბობს: “ჩენდლერი და სატერზვეიტი, ბობის, ხუბჩევის და სხვების მსგავსად, პერსონაჟები უფროა, ვიდრე ფსევდონიმები. ახალ სახელს კი არ ირქმევ, შენს ყოფაში ახალი პერსონაჟი შემოგყავს და სინთეზი _ ცხოვრებასა და ფანტაზიას შორის თვითონ ხდება. ეს პერსონაჟები ჯერ არსებობას იწყებენ, მერე ცხოვრებას, მერე წერას და ამის მერე შეიძლება რაღაც ღირებულიც შექმნან. ბოლოს შეიძლება პოეზიის საღამოებიც ჩაატარონ და წიგნებიც გამოსცენ” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
რიტმულად საკმაოდ მრავალფეროვანია ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსები: აქ არის თოთხმეტ, ცამეტ, თორმეტ, ათ, რვა მარცვლიანი სტრიქონები.
კრებულში გამოგონილი ჭარბობს რეალურს. ამასთან დაკავშირებით აი, რას ამბობს ავტორი: “ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, მწერალს შეიძლება არაფრის დამატება აღარ დაგჭირდეს, საჭიროა მხოლოდ დაინახო, მოისმინო და გადაიტანო. თუმცა, გამოგონება ადამიანისთვის ისევე ძირითადია, როგორც დანახვა და მოსმენა. შემოქმედებითი აქტი თვითონ ცხოვრებაში ხორციელდება და თან ძალიან დიდი დოზებით. რაც ხდება, ვისთანაც ვართ, ნაწილობრივ ჩვენი, ნაწილობრივ მათი და კიდევ ვიღაცის გამოგონილია. ამიტომ ცხოვრებასა და ფანტაზიას, სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარის გავლება ადვილი არ არის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ხაზია და ვცდილობ, ამ ხაზზე გავიარო. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს სინამდვილისკენ უფრო ხშირად ვვარდები. რას იზამ, ჩენდლერის დრო წავიდა და ეს კანონზომიერიცაა” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
საგულისხმოა, რომ მას შეუძლია ლექსში გამოიყენოს სიტყვათა ამგვარი შემოკლებანი “ე. წ.”, “ა. შ”, “რნ” (რაიონი) და მათ რაღაც პოეტური ფუნქცია დააკისროს, ამგვარად, სასაუბრო და მწიგობრული მეტყველება ლამაზად მოარიგოს:
“კორიდორია
სითეთრე და სითეთრე და ა.
შ. მშვიდი
თანაც სხვანაირი გეაცინტები
არ გენატრება...”.
“აღარაფერი ეშველება წაგებულ დუელს
წაგებულ თამაშს
ლამაზ წარსულს
გულის ათიანს
არაფერია
სითეთრეთა ტანგოა და ე.
წ. მწველი
თანაც სხვანაირი ორშაბათია” (*** კორიდორია)
ეს ლექსი ხელოვნურად დავანაწევრეთ ფრაგმენტების ამოწერისას, რადგან მასში არანაირი სასვენი ნიშანი არ გვხვება, გარდა იმ ოთხი წერტილისა, რომლებიც შემოკლებულ სიტყვებს “ა.შ.” და “ე.წ” უზის. ამ ლექსს არც ბოლოს აქვს წერტილი, რაც ქმნის უსასრულობის განცდას, პოეტმა თითქოს ნიავის შემონაბერი ჩაწერა, რომელიც არავინ იცის, ან სად იწყება, ან სად მთავრდება.
“პრესტიჟულ რნ_ში მიგიგნია შენი გალია
და გაჩხირულა თებერვალი, როგორც პილატე” (“თეთრი ბერეტი”).
ამ პოეზიაში ყურადღებას იქცევს პოეტის შექმნილი ნეოლოგიზმები, რომლებიც ბუნებრივად ეწერებიან ლექსის კონტექსტში, მაგ. “იჩუმკისკისებ” (“დაკარგულ სულში შოფ-ტურებზე იჩუმკისკისებ”), “ესხვაფერები” (“ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს”), “შემომესოფლა” (“მე შუაში ვარ, შემომესოფლა წარსული თეთრი, მრუმე კვამლებით”).
“ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებ იას,
ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,
მოდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,
საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე” (*** ჯერ სიყვარული).
აქ ყურადღებას იქცევს “ნაიმწუთარი” და “ინაწვიმრე”, განსაკუთრებით საინტერესოა მეორე. ნაწვიმარიდან შექმნილი ორიგინალური ფორმა, რომელიც იდუმალებასა და სილამაზეს მატებს ლექსს.
“ახლა ნიჭიერი, გემოვნებიანი, ერის კულტურული ინფორმაციის მატარებელი, ფართო დიაპაზონის მქონე ავტორები უფრო გვჭირდება, ვიდრე კოლუმბები და აინშტაინები”, _ ამბობს რეზო გეთიაშვილი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში. ვფიქრობ, თვითონ სწორედ ასეთი ავტორია და ამ აზრს ეს შესანიშნავი კრებული ამტკიცებს.


დაიბეჭდა : ჟურნ. “კრიტიკა“, #4, 2009