Translate

Wednesday, December 25, 2013

ქვებზე დაწერილი ლექსები _ ეთერ თათარაიძის წიგნზე

                 მაია ჯალიაშვილი

                     ქვებზე დაწერილი ლექსები
                                                                                  
   გულქან რაზიკაშვილი, ‘’მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი’’
                  ნაამბობი ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ

                                      ‘’სიტყვა სიტყვას უნდა დაატოლო, რო გულს მოგხვდეს’’
                                                                                                          გულქან რაზიკაშვილი

 ეთერ თათარაიძემ ვაჟა ფშაველას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი ერთ მშვენიერ წიგნად ჩამოქნა და სახელწოდებად გულქანის ნათქვამი შეურჩია: ‘’მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი’’ . წიგნის პირველივე სტრიქონებიდან იკვალება ბილიკი, რომელსაც უცხო სანახებისკენ მივყავართ. ეს ფშავია, თავისი მთებითა და  მინდვრებით, მდინარეებითა და ყვავილებით. იმავდროულად, ეს  მიბრუნებაა რაღაც ნაცნობისა და მძაფრისაკენ, რომელიც ჩვენში აღვიძებს უშორეს წარსულს, ჩვენი გონების ბნელ წიაღში მიჩქმალულს. ეს ის სამყაროა, რომელსაც ოდესღაც მოსწყდა ცოდვით დაცემული ჩვენი წინაპარი.
   აქ ყველაფერი ცინცხალია და პირველყოფილი სინორჩით აღბეჭდილი, ყველაფერი უმანკოა და ამ ‘’დაკარგულ ედემში’’  ტყის დედოფალივით ტრიალებს გულქანი, რომელზედაც ზედგამოჭრილია გიორგი ლეონიძის სიტყვები: ‘’პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე’’  (‘’ნატვრის ხე’’). გულქანი ისეთივე დაულაქავია, როგორც კრიალა ლაჟვარდი, ისეთი თამამი, როგორც მთის ნიავი, ისეთი უბრალო, როგორც ველის შროშანი და ისეთი მიმზიდველი, როგორც ღიღილო შებინდებისას, როცა ღამე ფერებს ურევს და იზმორება მიწის ხავერდზე.
  ჩვენ წინაშეა  სულისა და გულის თვალით მხედველი გულქანი _ თავისი სიცხადითა და სიზმრებით, ფიქრით, ოცნებით, სიხარულითა და ტკივილით. ‘’ და მისი სული, ვარსკვლავებზე სულზე უვრცესი’’­ _ როგორც გალაკტიონი  იტყოდა.  დაიკარგებოდა და განქარდებოდა გულქანთან ერთად ეს მშვენიერი ნაამბობი, ეთერ თათარაიძეს რომ არ ჩაეწერა. გულქანი რომ არ განდობოდა მრავალთა შორის მას ერთადერთს, როგორც სულით მონათესავეს. სწორედ ეთერ თათარაიძემ აღმოგვიჩინა ჩვენ გულქანი, როგორც ‘’დიდი ოცნებით გასხივოსნებული’’.   გულქანი ჰყვება... ბევრს არ მოავლენს დამბადებელი ამგვარად მთხრობელს, ასე გულიანად რომ აბრუნებს სიტყვას, ჯერ გული გააშალაშინებს, გაზომავს, გაჭრის, გამოკვეთს და შემდგომ გამოაჩენს ბაგიდან როგორღაც აფართქალებულს, უცნაური გზნებით დატენილს, თან ისე ზუსტად გამიზნულს, რომ თითქმის არც ერთხელ არ სცდება მიზანს, შიგ შუაგულში ხვდება, ადამიანის არსების ყველაზე ნოყიერ ხნულში  მარცვალივით ჩაიმალება, ჩაინთქმება და მალევე აღმოცენდება ფიქრით დახუნძლულ ნაყოფსავსე მცენარესავით, რათა გაიშალოს და გამრავლდეს.
 გულქანი არ აქებს ცისა და მიწის შემოქმედს, მაგრამ მაინც ისმის შინაგან მის მიერ დიდება ღვთის ყოველი ქმნილისა. იგი ერთგვარად ხელშეუხებელსა და შეუბღალავს ჭვრეტს ყოველს, რადგან თვითონაც ასეთია უნიღბო და წრფელი.
   ჩემი ლამაზი მამის სულს გეფიცებიო, _ იტყვის გულქანი და ეს სტრიქონი მაშინვე წამოატივტივებს ვაჟას ასე ნაცნობსა და ნათელ სახეს. ჩემი ლამაზი ძმისთვის ვწირავ საკლავსო, _ ალუდა შესთხოვდა ბერდიას. ლამაზსო, .. გამორჩეულსო, ამაღლებულსო, განწმენდილსო.
    წიგნში გულქანი ცისარტყელასავით ფერადოვანია და ყოველთვის სადა და რომანტიკული _ ხან მოცქრიალე გოგონაა, ღამეს ჭრაქით რომ უნათებს მამას, ფიქრმრავალსა და დაღონებულს, მერე კი გაყუჩებული, კუთხეში მიმჯდარი შესცქერის მას, ‘’რომელსაც სახეზე ნათელი გადასდის’’ .
    ‘’ბეჩავი მამაი’’,_ იტყვის გულქანი და იტევს ეს ორი სიტყვა, ფშაურ კილოზე გაწყობილი, ტანჯვის მწვერვალებს, უთქმელსა და დაუწერელს.
    ჯერ გაუბედავია გულქანის თხრობა _ იგი მხოლოდ მამაზე ჰყვება, თვითონ ჩრდილშია, შემდეგ კი ნელა, ფრთხილად შემოდის და შემოაქვს თავისი ფერადოვანი სამყარო. აქ უკვე მნიშვნელობა ეკარგება იმას, თუ ვისი შვილია. ეს გულქანია _ სიკეთითა და სინათლით აღვსილი.  
‘’ისე დავბერდი, სიხარული რას ჰქვიან, არ ვიცი,’’ _ გულიდან ამოხეთქილი ტკივილი ისეთი ხელშესახებია და მოცახცახე, უნებურად თანალმობის განცდით იმსჭვალები. ‘’რო წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა, რა მოგივა’’,_ ეს უკვე პოეზიაა, ჩუმი და ისეთი გამჭვირვალე, ისეთი ფაქიზი, რომელიც დაბადებისთანავე იკარგება, ინთქმება, იბნევა ჰაერის ზვირთებში. ამგვარი პოეზია ბუნებისგან განუყოფელია, მისი მოუცილებელი ნაწილია. ‘’დავწერდი, იავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკდებოდნენ, დავედევნებოდი, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი’’, ‘’მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო’’. ქვებზე დაწერილი ლექსები, რომელსაც წვიმა კითხულობს და შლის _ ეს პოეზიის პირველყოფილებაა, როგორც იტყვიან, პოეზია თავისთავად, რომელსაც არ სჭირდება წამკითხველი თუ მსმენელი. ქარი, მზე, წვიმა და ვარსკვლავები ხომ კითხულობენ. გულქანის გულში დაიბადა სწორედ ის სტრიქონებიც, რომელიც აღტაცებულმა ვაჟამ შემდგომ ჩამოქნა და გამოაქანდაკა თავბრუდამხვევი სიმაღლის პოეზიად: ‘’რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა’’ .   ‘’მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ესეთი. მე და მამამ ხომ წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ’’ . მე და მამამო, და ამ შემთხვევაში მჟღავნდება არა მხოლოდ ხორციელი, არამედ, უპირველესად, სულიერი სიახლოვისა და ერთიანობის წადილი.
    ჩვეულებრივი სიტყვები გულქანთან უცნაურად თრთიან და კანკალებენ. რაღაცას ისეთს აჩენენ, რასაც სახელი არ ჰქვია, მაგრამ რასაც განცდის აზვირთება ძალუძს. ‘’თუ ნიჭიერი კაცი მამწონავფორთქილდები, როგორც წყალი დავცე და დაიწიოს, აი, ესე ვარ, დავრჩები მარტო და დავისვენებ, გავეხვევი საფიქრალის ნისლშია’’ . გულქანი პოეტია, თორემ ამგვარად  ვერ იტყოდა: ‘’ვერთობი თავისთვისა, გაღმა-გამოღმა რასამ შავდგები სალექსოდა, სამღერლადა’’ . ლექსი შველის, თითქოს მარტო აღარ არის, ‘’სული რომ ამამდიოდეს, ისრივ ლექსებს ვამბობ’’ . ეს სისხლით მოსდგამდა, მის და-ძმებსაც ხომ უხვად ჰქონდათ მომადლებული ლექსის თქმის ნიჭი, მამისგან გამოყოლლი.
     ‘’მეორე წინდაზე გადავე. მასაც ჩაუთავე ნაჭრელაი, ფოთოლანი ჩავაშიბე’’, _ აბა, რომელი პოეტი იტყოდა უარს, მუზებს ამგვარი სტრიქონი რომ შთაეგონებინათ.
   არ ვიცი, თვითონ ფშაური კილოა ასი ტკბილხმოვანი, თუ გულქანის სტრიქონებია პოეტური. ‘’ვაი, აგე ეხლაც ჩამივარდა თოლი, წავაჩხვლიტე წინდის ჩხირი და ამოვაბძანე’’ . დააკვირდით, როგორ ეფერება საქმეს, ჩავარდნილი თვალი კი არ ამოვიღე, ამოვაბრძანეო. ‘’ ზოგ დღესა კამკამა მოჩანს საქსოვი, ზოგ დღესა დამიბრუნდდება ეს ოხერი თვალები რადამი... რაღა კი რადამა, ასსღა ვარ მიტანებული და მითა’’ . ნახეთ, სიტყვები როგორ მისდევენ ერთმანეთს, თითქოს გვერდიგვერდ ყოფნა უხარიათ, არადა, წინდებზეა მხოლოდ საუბარი. ‘’ წიკწიკებენ და ლიკლიკებენ  მშვენივრადა’’ .
    გულქანმა მშვენივრად იცოდა იმ ძვირფას მასალაზე მუშაობა, რასაც სიტყვა ჰქვია, ხომ ამბობს კიდეც: ‘’ როგორც ფერადი უნადა შეუხამო ფერადსა, ისე სიტყვას უნად სცნობდე. სიტყვა სიტყვას უნდა დაატოლო, რო გულს მოგხვდეს აზრიანი გამოვიდეს ნათქვამი’’ .
   ნახეთ, რა საოცარი გზნება აქვს სხვისი პოეზიისაც. ეთერ თათარაიძეს ეუბნება ერთ ლექსზე, კიდევ წამიკითხე, ‘’მამწონს, ვშეშდები... მშვენიერია, ლამაზად არის გამოყვანილი’’ . მის მონათხრობში კი არა ერთი დეტალია ძვირფას სირმასავით ჩაქსოვილი, ჭეშმარიტი პოეზიის მადლს რომ აფრქვევს. თუნდაც ეს: ‘’როგორ შევალ საიქიოსა? მძიმე_მძიმედა, ვკითხავ ამბავს მამასა, მოუსაუბრებ მძიმედა, რო რა თვალთმაქცი და მოკლე ყოფილა, მამაო, ჩვენი წუთისოფელიო. რა უნდო ყოფილა სამზეო, რა მოკლე ხნისაო, რა მალე კეტილა სამზეო კარიო’’ .
    ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ დროს  გულქანი 90 წლისაა, როგორც თვითონ შენიშნავს ირონიულად: ‘’მზომელას დამაფერა სამზეომ, ხან მოვიკუნჭები, ხან გავიშლები, ტყუილად იტყვის, ტყუილად კაცი, მე ვერ მომერევაო’’ , მაგრამ ისიც ხომ ცხადია, ჟამი მხოლოდ მის სხეულს ერეოდა, სულს კი ვერა. სული კვლავ ისეთივე გზნებით ტკბებოდა სიცოცხლის მშვენიერებით, როგორც მაშინ, როცა პატარა გოგო გადარბოდა ქვიდან ქვაზე წვიმისაგან გადაშლილი ლექსების ხელახლა დასაწერად.
   ეს არის ხელისგულზე გადაშლილი ცხოვრების სურათები, თავისი ავითა და კარგით, ამაღლებულითა და დაცემულით, სინათლითა და სიბნელით.
‘’მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი’’, _ იტყვის გულქანი და  ვაჟაზე აქამდე ნათქვამსა და მისი პოეზიის შემამკობელ ყოველგვარ ეპითეტსა თუ მეტაფორას დაეკარგება ფერი. აქ ისე ცხადად არის შეგრძნობილი ღვთიური და უხილავი, ისეთი კაშკაშაა უბრალოება, რომ უნებურად დაიწუხებ მზერას, რომელიც გარეთ გახედებს და ჩაღრმავდები უსასრულოსა და ნამდვილის შესამეცნებლად.
    გულქანის დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი დამტევია იმგვარი უბრალოებისა, რომელიც ყველას ეძლევა შობისას, მაგრამ მერე შემოეძარცვება ხოლმე. ეს არის მეტაფიზიკა, რომელიც სავსეა ადამიანისა და სამყაროს შეხვედრის მდიდარი ნიუანსებით.
   გვატყვევებს და გვიზიდავს ამ ჩვეულებრივი, მაგრამ, იმავე დროს, არაჩვეულებრივად ფაქიზი სულის ადამიანის განცდები. ზღაპრის ობოლივით წარიმართა გულქანის ცხოვრებაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ გამოჩენილა უფლისწული, რომლის მოლოდინით დაასრულა სიცოცხლე. მისმა ბედნიერებამაც რეალური განზომილებიდან წარმოსახულში გადაინაცვლა_მისი სხეული ზედმეტად მსუბუქი იყო მიწისთვის და ამიტომაც ოცნებაში დაივანა. ‘’უბედური ობოლი დავრჩი, ღილებიც არ მეკერა კაბისა გულზედა’’ .
    გულქანი დაწვრილებით ჰყვება თავისი და-ძმებისა და მამა-პაპის  შესახებ; ‘’ეჰ, რა ეშხიანები და იმედიანები იყვნენ, ღმერთო, ჩემი მამა-პაპის ძმანი’’ .
    ხანდახან გამოურევს სამდურავსაც, გულისშემძვრელსა და ტკივილიანს: ‘’რა დავუშავე ამ წუთისოფლის მწერელსა ნეტარა’’ .
    ვერ დაუვიწყებია ბავშვობისდროინდელი ცოდვა, მამა რომ მოატყუა ძალუას შეპირებული კენჭიანი ქადისთვის: ‘’ეს ამბავი სულ ტვირთად მაქვს, საიქიოს რომ შევხვდები მამასა, სულ პირველად ამაზე ვთხოვ პატიებასა, სხვა არა დამიმალნია მისთვის".
    უდედობას განიცდიდა, როგორც ყველა ბავშვი. ხელისგულისოდენა გამხმარი პურის ამარა მირეკავდა ძროხებს დილაუთენია საძოვარზე და საღამომდე  მთებთან და მინდვრის ბალახებთან ერთად იყო. მამის მოტანილ ძვირფას  ‘’ტერნოს’’  კაბაში პატარძალივით გამოწყობილი გარბოდა მინდორში და ხეებსა და ყვავილებს ეკეკლუცებოდა.
     ნახეთ, როგორ ჰყვება მამის მოყვანილ ფრინველებზე. ‘’გავზარდე, შავიჩვიე, სუ ჩემი ტახტის თავზე ისხდნენ, ქედნები გამოვიდნენ. თენებისთვი დაიწყებდნენ ღუღუნსა’’. როგორ ეფერება: ‘’კუჭუნჭია, გენაცვალე თირკუმელებშიო’’ . ‘’მოვეფერებოდი, გამოგოგდებოდნენ, თუ ვინმე შემოვიდოდა, დახრიდნენ თავებსა და შაძვრებოდნენ’’, _ იშვიათია სიტყვიერ ქსოვილში გამჟღავნებული ამგვარი პლასტიკა.
    მწყერი დაჰკარგა და მოიწყინა. ‘’ის კიდე ბუხარში შამძვრალიყო, ნაცარში ფუტკალაობდა რა ლამაზადა. ერთი მხარე ნაცარში ჰქონდა, მეორეთი ნაცარს ზედ გადმაიყრიდა’’. სილამაზე იქმნება ისეთი უბრალო მასალისგან, როგორიცაა ნაცარი. მაშ, რატომ იტაცებს თვალს? აი, ესეც ერთი უპასუხო შეკითხვა.
    როგორ ნაღვლობს, როჭო რო გაუფრინდა ბაწრიანად. ‘’იმისი დარდი ეხლაც შემომვარდება, ვინ იცის, სად რა გაიხლართ-მოიხლართა’’ .
     მამის სიკვდილი როცა გაიგო, მაშინაც ბუნებას მიმართა, როგორც ყველაზე ერთგულ მეგობარსა და მანუგეშებელს. ერთი იფნის ქვეშ ტყე ‘’თვალთვალობდა’’ , მაგრამ იმ დღეს კი ‘’ტყემ ფერი იცვალა და ჩამეხოცა მუხლები, დავიწყე ტირილი, ჩამოვიყვირნე, გადავიქე იქა და ვტიროდი’’.
ვის შეეძლო ეგრძნო და ეთქვა ასეთი ტკივილით: ‘’ბარემ იკვეთეს მამაჩემი, მაგრამ ღმერთმა და ქვეყანამ არ მოიკვეთა’’. გული მოგიკვდება და ყურების დაცობა მოგინდება, რომ არ გაიგონო ტყვიებივით მძიმე სიტყვები: ‘’ უპატრონობით მოკვდა, უპატრონობითა’’ .
  მის მონაყოლში ხშირად გამოერევა მოკვეთილი და ჩამოქნილი ფრაზები: ‘’ზოგჯერ ისეთ სიტყვას ვიტყვი, თვითონვე გამიკვირდება’’ .
   მამის შესახებ გახსენებული ყოველი დეტალი ამხელს ჩვენთვის უკვე ნაცნობს, მაგრამ, ამასთან, რაღაცნაირ ცინცხალ განცდას. ეს უშუალო შეხვედრაა აქამდე შორეულსა და საოცნებოსთან.
   უკვირდა გულქანს, მრავლისმომსწრესა და ცხოვრებისგან დაბრძენებულს, მაინც უკვირდა, ღარიბსა და წვრილშვილიანს, ‘’ის ფიქრი საიდანღა ჰქონდა მამასა, შვლის ნუკრზე საფიქრალად, ნეტა, როდის დაჯდა ჩემი მამაი, სუ აღელვებული, სუ დაღალული’’ .
    გულქანი ცდილობს, გაიხსენოს, რა უყვარდა მამას, რა სძულდა. თან გრძნობს, რომ მთავარს მაინც ვერ იტყვის, იმიტომ, რომ სიტყვა ვერ დაიტევს. ეტლით იყო სავსეო, _ ასე თუ გაამართლებს მის გამორჩეულობას.
  ვაჟა-ფშაველა მისთვის, უპირველესად, უბრალოდ, მამაა, რომლის კალთას ებღაუჭებოდა ოდესღაც შეშინებული, მაგრამ თანაც ‘’ბუნების მგოსანი’’ , რომელსაც მთელი ქვეყანა ეთაყვანება.
  გულქანი თხრობისას ხანდახან იუმორსაც გამოურევს, აქაც თავისებურად _ ლაღად, უხინჯოდ ჰყვება, ცუდსა და უიღბლოსაც ისევე იღებს, როგორც სასიხარულოსგულქანი მეკვლედ წავიდა მეზობელთან და იმათმა ძაღლმა დააფანტინა ყველაფერი. ნახეთ, როგორ აღწერს ამ ეპიზოდს, რა ხელშესახებად: ‘’მემრე ხინკლიანი ჯამი ვესროლე, მგლის გასაგლეჯავმა არც კი მიხედა ხინკლებსა, დაგორდნენ გაყინულზე მამაის ნახვევი ხინკლები’’ .
 გულქანს სხვანაირი ხედვა აქვს, მამასავით განიცდის გარემოს. ‘’ვაჟაობა რომ იყო, თვალს ვავლებდი არე-მარესა, მამეჩვენა, გალაღებული ჩამახედავდა ახუნის გორი’’ .
   რა უბრალო ნატვრა ჰქონდა, მაგრამ აუსრულებელი: ‘’მე მინდა, რომ დავიმარხო მამაის გვერდით, მამასავით ამ სამზეოში არავინ მიყვარს’’ .
  ამ წიგნის არაჩვეულებრივად ლამაზი და ფერადი სამყარო თვალშეუვლები დარჩებოდა, რომ არა ეთერ თათარაიძის გუმანი. პოეტმა მიაგნო გულქანის ჩაკეტილი გულის გასაღებს და ჭეშმარიტ უბრალოებასა და მშვენიერებას გვაზიარა: ‘’რაც გონი მაქვ, ქვეყანა მეხვევა და ამბავს მკითხვენ მამისას, მაგრამ, ჩემო ქალო, შენ რომ მკითხავ, მამას სიზმარში არა ხედავო, დავბერდი და, ჩემს ლამაზ მამის სულს გეფიცები, შენს მეტს არავის უკითხავს’’, _ ეუბნება გულქანი ეთერს. ამასაც დასძენს: ეხლა ისე შემიყვარდები, რომ დავწუხდები შენკენაო. სითბოსა და სიყვარულს დანატრებული გულქანი უცებ მოექცა ეთერ თათარაიძის არაჩვეულებრივად მგრძნობიარე სამყაროში და გაულღვა წლობით დაგროვილი ნაღველი. მისმა სულმა  სიხარულისაგან თითქოს გაიწკრიალა და გაიშალა.
ეთერ თათარაიძე რომ არაჩაკეტილი და უცნობი დარჩებოდა ჩვენთვის გულქანის არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი სამყარო. სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა პოეტს, მხოლოდ ეს ერთი წიგნიც იკმარებდა ღვთის სამსჯავროზე ღირსეულად წარსადგომად. ეთერ თათარაიძემ მიაგნო გულქანის გულისკენ სავალ ბილიკს და ვაჟას ქალიშვილის ზღაპრულად მრავალფეროვანი სამყარო  მკითხველისთვისაც ასეთი ნაცნობი და მშობლიური გახადა.
ამ წიგნში ყველაფერი ისეა, როგორც ბუნებაში, შემოქმედისგან უცნაური განგებით შეთხზული, ერთხელ და სამუდამოდ ამგვარად შექმნილი და განწესებული, ხშირად გონებისთვის მიუწვდომელი ჰარმონიითა და მშვენიერებით აღვსილი.

დაბეჭდილია:  1. მაია ჯალიაშვილის წიგნში „სიცოცხლის საიდუმლო“, თბილისი, 2006,
                           2. ჟ. ‘’ცისკარი’’ . #4, 1997; გვ.108_114