Translate

Friday, March 1, 2024

„მერცხლების ჩამოფრენის დღე“ (ჯემალ ინჯიას კრებულზე „ხელწერა ხომ არ წამიხდა?!, 2023 წ.) .

 



  
არტურ შოპენჰაუერი „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმებში“ ერთ ასეთ თვალსაზრისსაც გვთავაზობს: „ჩვენი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი ტექსტია, მომდევნო ოცდაათი წელი კი _ ამ ტექსტის კომენტარი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მის ჭეშმარიტ აზრს... სიცოცხლის დასასრული მასკარადის დასასრულს მოგვაგონებს, როცა ყველანი იხსნიან ნიღბებს... ჩვენ შევიცნობთ, ვის რა ფასი აქვს“. ჯემალ ინჯიას ეს კრებულიც საკუთარი ცხოვრების ერთგვარი პოეტური კომენტარებია, რომლებიც ყურადღებას იქცევენ არა მხოლოდ აზრის სიღრმითა და სიმდიდრით, არამედ გამოთქმის ხელოვნებითაც. იგი მაღალი რანგის  ოსტატია, როგორც პოეტი, რადგან კარგად ფლობს  მხატვრულ ხერხთა, რითმისა და რიტმის  შექმნის ტექნიკას. როგორც ცნობილია, მხოლოდ შთაგონება არ არის საკმარისი ნაგრძნობის გადმოსაცემად.  სიტყვის არსში წვდომა, ენის ნიუანსების ცოდნა, ძიება ნაცნობ სიტყვათა უცნობ ელფერთა აღმოსაჩენად პოეტის მთავარი საფიქრალია. ეს შესანიშნავად წარმოჩნდება ამ ლექსებში. ავტორის წუხილი და ეჭვი, წაუხდა თუ არა ამ ასაკში „ხელნაწერი“, რა თქმა უნდა, ერთგვარი თავმდაბლობის გამოხატულებაა. ფიზიკურ ასაკს ხომ არაფერი   ესაქმება სულთან, რომელიც უასაკოა. თუ სული შემოქმედებითი აღმაფრენის უნარითა დაჯილდოებული, მაშინ ის არასოდეს დაკარგავს იმ ცეცხლს, რომელიც პოეზიის დასანთებადაა საჭირო. ამაზე მეტყველებს ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის არაერთი ნიმუში. გრიგოლ აბაშიძემ შედევრი „არყოფნისაკენ“ 80- გადაცილებულმა დაწერა, ასევე, გოეთემაც „ფაუსტის“ მეორე ნაწილი, ჟოზე სარამაგომ რომანი „კაენი“ 86 წლისამ გამოსცა, ხოლო მარიო ვარგას ლიოსა ახლა  87 წლისაა და შარშან გამოსცა ახალი რომანი „ხუთი კუთხე“. ასე რომ, ჯემალ ინჯიას კრებულის წაკითხვისას, რა თქმა უნდა, არ შეიგრძნობა, რომ პოეტი „დაიღალა“. გალაკტიონ ტაბიძე  ერთ ლექსში „სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე“,  წერს:

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე“ (1930 წ.).

აქ შეიძლება ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის ემოციური, მისივე შესრულებული გალობაც გაგვახსენდეს: „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი განცდაა, რომელიც ახალგაზრდობისასაც შეიძლება წამოსცდეს ადამიანს. მაგალითად, ბარათაშვილს, ნოვალისსა თუ ქითსს, ან ახალგაზრდა შექსპირს: „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა“ (66-ე სონეტი).

ჯემალ ინჯიას ამ კრებულში  „ცხოვრების მასკარადი“  თავისი უცნაური ნიღბებით კვლავინდებურად მისთვის დამახასიათებელი ინტენსივობით, ფერადოვნებით, ენერგეტიკით წარმოჩნდება. ისევ გვაოცებს მოულოდნელი მხატვრული სახეებით, მაგალითად:

 „მივატანე რა სულეთის პარმაღს

ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე მდგარმა

სხეულს გავაძრე კეთილი კარმა.

შემოვიძარცვე სახელი, გვარი,

ჩავიწვი ნაძვის გიზგიზა კვარი

და ხელი ჩემ წილ სამყაროს ვკარი“.

ამ კრებულის ლექსებშიც გვხვდება სამყაროს მისეული ორიგინალური მხატვრული აღქმისა და გამოსახვის მაგალითები. „ველ-მინდვრების გვირილა ცდილობს, რომ სამშობლო გაგვაცნოს“, წერს იგი ერთ ლექსში.  ვფიქრობ, იშვიათია პატრიოტიზმის ამგვარი რაკურსით წარმოჩენა. სწორედ ეს არის პოეტური  სიტყვის საიდუმლო, რომლის არსში ჩაწვდომასაც კვლავ ისეთივე გატაცებით, ვნებით ცდილობს პოეტი, როგორც ახალგაზრდობაში. ამავე დროს, კრებულში არის ნიღბების ჩამოხსნის სურვილით გამსჭვალული ლექსები, რომლებშიც პოეტი მარადიულ ღირებულებათა დაკნინების წუხილს გამოხატავს და ამგვარი პათოსით მსჭვალავს სათქმელს.  ამ თვალსაზრისით, შთამბეჭდავია ლექსი „მთაწმინდა“, რომელშიც ერთი ასეთი ექსპრესიული სტრიქონია: „ზოგჯერ როგორც ბუმერანგი უკან ისვრი მკვდრებს“. ამ სტრიქონის ქვეტექსტი გამჭვირვალეა და მრავლისმთქმელი.  

საგულისხმოა, რომ მისთვის პოეზია ყოველდღიური რიტუალების ნაწილია, დღის დამაგვირგვინებელი, ეს კარგად წარმოჩნდება სტრიქონებში:

„საღამოს კი დღის ფორიაქს

ლექსით დაესმის წერტილი“.

ორი მთავარი გამჭოლი თემაა კრებულში: ეროსი და თანატოსი, სიყვარული, როგორც სიცოცხლის მამოძრავებელი და სიკვდილი, როგორც უცილობელი თანმდევი და ჩრდილი ყოველივე არსებულისა.  ლექსში „ვსვამთ ბერიკაცები“, რომელსაც  სახარებისეული ეპიგრაფი აქვს („ღვინო სისხლია ჩემი“) ვკითხულობთ:

„აჰა, გავშალეთ სუფრა უცები:

ცეცხლი ბუხარში, კვამლი- ჰაერში.

ვიგონებთ განვლილ წლებს მოხუცები

სევდა-კაეშნით.

უფალი გვიხმობს. სვენებ-სვენებით

ვცლით რამდენიმე ჭიქა საფერავს

მზადა ვართ ქრისტეს სისხლის მსმელები

იქ ასაფრენად“.

ქრისტეს „სისხლის სმა“ ღვინოსაც გულისხმობს და სიცოცხლესაც, ამიტომაც მზად არიან მოხუცები არა წასასვლელად, არამედ გასაფრენად.  მოფრენა და გაფრენა ამ წუთისოფელში სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის დამადასტურებელია.

მრავალთაგან საინტერესოა ერთი უსათაურო ლექსიც, რომელშიც წარმავლობის  სევდას გაზაფხულისა და მერცხლების მოფრენის იმედი და სიხარული გადაეწვნება:

„დრო მოუფონებს სუსტსა და გულდიდს,

მასაც, წაწალთან ვინც უღვთოდ შეცდა,

მალე ჩამოვა მერცხლების გუნდი

და ჭიანჭველაც მალე იჩენს თავს.

ნეტავ რა ჰქვია ამას ნიცშესთან?“

აქ, ერთი შეხედვით, მოულოდნელია ნიცშეს ხსენება და ის რითმის ასოციაციით გაჩენილს ჰგავს, მაგრამ თანვე სიცოცხლის ფილოსოფიური გააზრებაც მოაქვს. სწორედ ეს არის რითმის ირაციონალურობის საიდუმლო. ამას ნიცშე უწოდებს მარადიულ დაბრუნებას: „ყოველი მიდის, ყოველი ბრუნდება; მარად ბრუნავს ბორბალი ყოფისა. ყოველი კვდება, ყოველი კვლავ ყვავის, მარად რბის წელი ყოფისა“, ვკითხულობთ ნიცშეს პოეტურ ფილოსოფიურ ნაწარმოებში: „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. თავის მხრივ, ეს თვალსაზრისი ეხმიანება „ეკლესიასტეს“: „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“. ნიცშე საუბრობს, აგრეთვე,  „სულის სამ ცვალებაზე“, როგორ გარდაიქმნება ადამიანის სული ჯერ აქლემად: „შენ მოვალე ხარ, შემდეგ ლომად „მსურს“ და შემდეგ ბავშვად, რომელიც სულის უმაღლეს განვითარებას მოასწავებს: „ბავშვი უმანკოებაა და დავიწყება, ახალი დასაბამი, ლაღობა (თამაში),  თვითძრული ბორბალი, პირველი ძვრა, თქმა ღვთაებრივი დასტურისა“. ამ კრებულშიც შეიგრძნობა, რომ ავტორს გამოვლილი აქვს სულის ცვალების სამივე ეტაპი არ დაუკარგავს სულის სილაღე, თავისუფლება და იგი ბავშვური გულწრფელობით, სილაღით, არტისტული თამაშით დასტურს აძლევს ყოველივეს, რაც სიცოცხლის თანმდევია.

ბავშვობის მოგონებები ამ კრებულშიც ასოციაციურ ნაკადებად მოედინება და ფერწერულ-მუსიკალური ფონის თანხლებით მკითხველის თვალწინ იფურცლება განვლილი ცხოვრების წიგნის ფურცლები: მეგრელის ქართლელობა, გორის პეიზაჟები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი, ერთი სიტყვით, ყოველივე, რაც მისი პოეტურ წარმოსახვას შეუნახავს და ლექსებად უქცევია. მისი მეხსიერება ინახავს ადამიანებს და სტრიქონებში  ამარადიულებს მათს ხსოვნას.

სიყვარულის თემაზე დაწერილ ლექსთაგან გამორჩეულია  „ბიბლიური გზა“, რომელშიც „ქებათა ქების“ ალუზიებია:

„წავედით ნინოწმინდიდან,

და მოვილოცეთ თხოთი,

შენი გულისთვის ვწვიმდი და

შენი გულისთვის ვთოვდი“ .

ვფიქრობთ, ორიგინალური პოეტური ნეოლოგიზმებია „ვწვიმდი“ და „ვთოვდი“, სიყვარულის ყოვლისმომცველობის დამტევი.

ამ კრებულშიც წარმოჩნდება, რომ ავტორი რითმიანი ლექსის ერთგული, მეტრული ვარიაციების მაძიებელია.  ნათქვამია, მეტაფორა ენის სიზმარიაო. ასეთი სიზმრებით სავსეა ეს კრებული.  მაგალითად, ლექსში „კვლავ“ პოეტი საკუთარ თავს ამხნევებს, რომ  „თამამი ძიებები არ შეწყვიტოს“:

„შენ და მუზა რამ დაგაბერათო?!

კვლავჭაბუკურად ამუსიკდი, რომ

მეტაფორებით აგაფერადო.,

წუთისოფელო, ანუ სიკვდილო“

ლექსში „წუთისოფლისადმი“ გურამიშვილისეული ნოტები გვეცნო. ჩანს, მისი საყვარელი პოეტი და მონათესავე სულია:

„ჰაერის ერთი ჩასუნთქვის ხელავ,

მკვდრის მზემ ყვითელი ქარვა მაგემა,

ალბათ ჩემსავით განიცდის ყველა,

ათი წლის სწრაფად გარვამაგებას“.

სტრუქტურის თვალსაზრისით, საინტერესოა ლექსი „ვაბრუნოთ გორი“, რომელშიც პოეტი გორს სიყვარულს ეფიცება.

ლექსში „ორნი მიდიან უკვდავების გზით“ ჩანს, რომ საკუთარ სულშივე შეიგრძნობს ლირიკული გმირი დონ კიხოტსაც და სანჩო პანსასაც, როგორც მატერიალურ-სულიერის დიქოტომიას. მათს წონასწორობაზეა დამოკიდებული ადამიანის  მორალურ-ზნეობრივი ხერხემლის სიმტკიცე.

ენის სისადავე  და უბრალოება  სათქმელის სინათლეს უფრო გამოკვეთს:

„იყო ქოხი მიწურივით

და ფერდობი მოგორმახო,

რა შორს იყო სიძულვილი,

სიყვარული როგორ ახლო“.

ყურადღება მიიქცია ერთგვარმა სხარტულამაც, მახვილგონივრულმა სტრიქონმა:

„მამულს თუ სინდისის სიმბოლო ჰყავს,

უთუოდ პავლეა, ინგოროყვა“.

კრებულს ამრავალფეროვნებს ირონიულ-პაროდიული ნაკადებიც. ადამიანთა უნიჭობის, ფარისევლობის მამხილებელი ერთი ლექსი ასეთი ღიმილისმომგვრელი ბოლო აკორდით სრულდება: „ძაღლი ზრდილობის გულისთვის ყეფდა“ („გინახავთ ასეთი ქალაქი?“). ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ლექსი „ლექტორები რკინიგზის სადგურში“, რომელშიც ქალი მწერალს ეუბნება, თქვენს ნაჩუქარ წიგნს მატარებელში წავიკითხავო, ამასთან დაკავშირებით შემოიჭრება ირონიული კომენტარი:

 „არა აქვს წიგნი ოთარ ჩხეიძეს.

მატარებელში წასაკითხავი“.

ამ კრებულს, ჩემი აზრით, მოუხდებოდა ლამაზი სტრიქონი მისივე ლექსიდან „დღესასწაული, რომელსაც კალენდარი არ სცნობს“: „მერცხლების მოფრენის დღე“.  ზოგადად, როგორ ჩანს მერცხალი პოეტის საყვარელი ფრინველია, მისი ერთგვარი ემბლემა, რადგან ხშირად ახსენებს სხვადასხვა რაკურსით და ყოველთვის იგრძნობა აღტაცება: „შეხე, მერცხალი მოფრინდა“. ეს ნიშნავს, რომ დრომ ისევ თავიდან დაიწყო ტრიალი და არასოდეს დასრულდება. მერცხალი მისთვის სიცოცხლის მარადიული განახლების სიმბოლოა:

„გეტყვი, ძვირფასო, რომ ზეიმი დგება თამაშით,

ის ერთვის ზეფირს, მოშრიალო ტყეს, მოგრილო ცას,

გიპოვი სადმე, გადაგკოცნი და ქვეყანაში

ჩვენი მერცხლების ჩამოფრენის დღეს მოგილოცავ“.

მეტაფორული თვალსაზრისით, ეს გულისხმობს შემოქმედებითი აღმაფრენის, შთაგონების წამების მარადიულ გამეორებასაც. ეს კრებული მოწმობს, რომ ჯემალ ინჯიას შემოქმედებითი გაზაფხული გრძელდება.

-----

დაბეჭდილია: გაზ. „ლიტერატურული გაზეთი“, 1-14 მარტი,  1-14  მარტი,  #4 (356), გვ. 11. 2024 წელი.