„მწვანე მინდორს გვირილა უჭირავს ხელში“
ლია სტურუას პოეზია
სახელი ლია სტურუასი თანამედროვე პოეზიის სინონიმად წარმომიდგება, და არა მხოლოდ ქართული პოეზიისა, რადგან მის შემოქმედებაში წარმოჩენილია ყველა ის ნიშანი, რომლებიც თანამედროვე პოეზიას ახასიათებს.
ლია სტურუა თანამედროვეა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ, აგრეთვე, ელიოტისეული თვალსაზრისითაც. იგი ფიქრობდა, რომ თანამედროვეობა გულისხმობდა წარსულის გამოცდილების ათვისებას და მასზე ახლის დაფუძნებას. ლია სტურუას პოეზიაში ირეკლება წარსულის მემკვიდრეობა, ტრადიცია. ძველის ცოდნა და გადააზრება. ეს მისი ღრმა ფესვებია, ამიტომაც არის მის მიერ წარმოჩენილი სიახლეები მტკიცე. ავანგარდისტები, ამ აზრით, არ არიან თანამედროვენი, რადგან ისინი ხშირად სიახლედ დავიწყებულ წარსულს გვთავაზობენ.
ლია სტურუა ლექსის დიდოსტატია — ვერლიბრისა თუ კონვენციური ლექსისა. ამაზე მეტყველებს მისი თავისუფალი ლექსები და სონეტები. სონეტი ხომ პოეტისგან განსაკუთრებულ სმენას, დახვეწილობასა და ელეგანტურობას მოითხოვს. სხვაგვარად სონეტი გარკვეულ ჩარჩოში მოქცეულ სტრიქონთა გარითმულ რიგს დაემსგავსება.
ლია სტურუას პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. იგი მეტაფორაში მოაქცევს ყველა სასიცოცხლო ძალას და მეტაფორითვე ავლენს თავის დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. მისი დიალოგის ენა მეტაფორულია და მკითხველისგან გარკვეულ მზაობას მოითხოვს, რომ სრულყოფილად მიუხვდეს და ჩასწვდეს მისი ლექსის ემოციასა და აზრს.
მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია ორიგინალური მეტაფორების ფეიერვერკები, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ლექსის დრო-სივრცეში მოულოდნელად შემოჭრილი ელვარე მეტაფორა თითქოს ჯაჭვური რეაქციით იწვევს მეორეს, მეორე მესამეს და წარმოიქმნება ფერადოვანი ქსოვილი მხატვრული სახეებისა, რაღაც აბსტრაქტული და სიურრეალისტური სურათი იხატება, ერთმანეთში გადახლართული სიმბოლოებით. აი, ერთი მაგალითი:
„ზაფხული მიდის, ოქროს ძაფები ისე წყდება,
თითქოს დღე გაიხია და არავის არ სცალია,
გვირისტი დაადოს, ჭრილობა შეუხვიოს,
მე იმით ვარ დაკავებული,
რომ ფრთხილად მომაქვს ჩემი ჩამავალი მზისფერი თმა,
იოანე ნათლისმცემლის თავივით
(ნუთუ შეიძლება კაცი გიყვარდეს
და მის სისხლში ამოივლო გარეგნობა?)
ზაფხული ილევა, მაგრამ ოთახები,
ჯერ კიდევ გარეთ გადიან
ყველა ფანჯრიდან, გასაღებების აცმა
კითხვის ნიშნებივით კიდია კედელზე.
თავი ფიქრობს სისხლზე, რომელიც აღარ მიეწოდება,
რადგან ძარღვებში შედედებული დარდი ჩადგა...
ზაფხული მიდის, ვიღა გვასწავლის
ჩამავალი მზის ანატომიას?“
მისი ლექსების რთული და მრავალწახნაგოვანი სახეები ერთმანეთს იწვევენ, ეწყვილებიან და ახალ პოეტურ გამოცდილებას აზიარებენ მკითხველს. თანვე, ამგვარი წარმოჩენა სამყაროსი ერთიანობაში განაცდევინებს მკითხველს ხილულსა და უხილავს. ასე ვლინდება ზოგადი უნივერსალური კანონზომიერებანი, უპირველესად კი სიკვდილი და სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება, რწმენა და ურწმუნოება, სიყვარული და სიძულვილი.
როგორც აღვნიშნეთ, მისი პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. მის სულში სამყარო მეტაფორებით ირეკლება და ამ გზითვე გამოათარგმანებს მკთხველისთვის.
ლია სტურუა ბუნებით ესთეტია. ის მშვენიერებად აქცევს ყოველივეს, რისკენაც ფიქრს წარმართავს და რასაც მხატვრული სახეებით მოიხელთებს. იგი წერს კიდეც ერთგან, „სინატიფე მომისაჯესო“. ამ თვალსაზრისით, მოდერნისტებს წააგავს, მისთვის ახლობელია უაილდისეული ესთეტიზმი. ის არ ცნობს სიმახინჯეს, მისთვის ყოველივე და, მათ შორის, უსახურებაც, არტე-ფაქტად იქცევა და კეთილშობილდება.
ლია სტურუა მეტაფიზიკოსია. პოეზიით ცდილობს და ახერხებს კიდეც სიტყვათა მიღმა გასვლას, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, სიტყვათა ასტრალურ სხეულებს მოიხელთებს, ემოციასა და ინტელექტს ისე შეაზავებს, რომ ზღვრის დადგენა ჭირს.
სიტყვა მის პოეზიაში სუნთქავს, ფეთქავს, იზრდება და ფერად, მუსიკად თუ სურნელად გარდაიცვლება, რათა კვლავ ახლიდან იშვას და ლექსების პოეტურ განზომილებაში გააგრძელოს მარადიული და უსასრულო ცვალება.
სიტყვა ლია სტურუას პოეზიაში ღმერთია, პირველითგან რომ იშვა. სიტყვა მისთვის ხსნაა. ამ გზით აღწევს იგი თავს მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობას. ის ინტელექტუალი პოეტია, ჯონ დონისეული მეტაფიზიკური მედიტაციებით რომ ცდილობს სამყაროს მთლიანობაში გააზრებას, დაფარული კანონზომიერებების მოხელთებასა და აღბეჭდვას.
ლექსი მისთვის თვითონვეა ერთგვარი შემოქმედი, რომელიც შექმნის პროცესშივე იძენს დამოუკიდებლობას და თვითონ კარნახობს პოეტს ცხოვრებას. რემბო წერდა: „შეცდომაა თქვა: მე ვფიქრობ, უნდა ითქვას: მე მფიქრობენ“. რაღაც ამდაგვარი შეიგრძნობა ლია სტურუას პოეზიაში, იგი გადმოგვცემს, რას ფიქრობს მასზე ჰაერი, ღრუბელი, წიგნი თუ ხე... თვითონ გამტარივითაა, მედიუმივით, ჩვენამდე მოაქვს “უსულოთა და უასაკოთა“ ვნებანი (გალაკტიონი: „ყვავილებს მე ვესიზმრებოდი“, ტიციანი: „ლექსი თვითონ მწერს“...).
პოეტი გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში წერს:
„მზესუმზირების კაშკაშა თავებს
დღე შემოჰყავთ ქვეცნობიერის უკუნეთში,
რომელიც არის ღმერთი“.
ამ სტრიქონების მიხედვით, დღე ღვთის სიმბოლოა, რომელიც უკუნეთს, გონებისმიერსა თუ სამყაროულს, „განანათლებს“. ე. .ი. ლექსი სიცოცხლეა, მეორედ შობაა ახალ სამყაროში. თვითონ სამყაროც ხომ მეტაფორაა, ამიტომ მასზე შექმნილ წიგნთაწიგნში „ბიბლიაში“ სწორედ იგავურ-მეტაფორულად არის გადმოცემული არსებობის აზრი.
ღვთის თანაზიართაგან ლია სტურუასთვის გალაკტიონია სამყაროს უპირველესი მესაიდუმლე, ამიტომაც სწორედ მისმა პოეზიამ შეაგრძნობინა ჭეშმარიტება:
„მან იცის პასუხი უპასუხო შეკითხვაზე:
როგორ შეიძლება ერთი ლექსით,
ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით
ათასობით კაცი გააძღო“.
ველის შროშანებზე მოსაუბრე მარადი ბავშვი — უფალი — რჩეულებს აზიარებს ამ „ცოდნას“, რომელიც სასწაულივით იფეთქებს ხოლმე ასწლეულებში ერთხელ რომელიმე შემოქმედში. ამ სასწაულს დამნახავიც რჩეული ჰყავს — ამჯერად ლია სტურუა, რომელიც არა პურითა ხოლო, არამედ პოეზიით საზრდოობს, უპირველესად, და თვითონვე „მოიმკის ამგვარ მოსავალს“ სხვათათვის.
პავლე მოციქული ერთგან ამბობს: „ის აღტაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (კორინთელთა მიმართ, მეორე წერილი). ვფიქრობ, ლია სტურუასთვის პოეზიის სივრცე ერთგვარი სამოთხეა, რომელშიც ღვთის ძალითა და ნებით აღიტაცება და ისმენს „გამოუთქმელ სიტყვებს“, მერე კი მკითხველთათვის „ათარგმანებს“, ეს არის მისი ჯილდოცა და სასჯელიც. ჯილდო, რადგან შეუძლია საიდუმლოს მოსმენა და სასჯელი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი ტანჯვა, რასაც პოეტი „გამოთქმის“ სრულყოფაზე ფიქრისას განიცდის, თანაც „აკრძალულს“ ეხება.
„დაო ნუშის ხეო, მიამბე რაიმე ღმერთზე“. ასე მიმართა ფრანციზ ასიზელმა, მეცამეტე საუკუნის მისტიკოსმა და პოეტმა ბერმა დამზრალ ხეს და „ნუშის ხე აყვავდა“. ეს იყო მშვენიერი და გულშიჩამწვდომი, სასწაულებრივი პასუხი გულის სიღრმიდან ამომსკდარ შეკითხვაზე.
ასე პასუხობს პოეტი მშვენიერი ლექსებით მკითხველს, რომელიც მას სწორედ ამგვარად მიმართავს და მზადაა ყურის დასაგდებად, ოღონდ გულისყურითა და გულის თვალებით მოსასმენ-დასანახად.
ლია სტურუას პოეზიაში ყველა ის გამოცდილებაა, რომელიც პოეტურ ტრადიციაში არსებობს. მის შექმნაში წვლილი აქვთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სხვადასხვა დროის პოეტებს.
მას აქვს ექსპრესიონისტული მსოფლგანცდა, რადგან ყოველივეს სულის პრიზმაში გარდატეხს. აბსტრაქტული სახეებით არის გაჯერებული მისი ლექსები. ერთ ლექსში „ქართულის გაკვეთილები“ რომ ჰქვია, წერს, როგორ აღელვებდა „შუშანიკის წამებიდან“ ზაფხულის აღწერის ეპიზოდი და როცა კითხულობდა; „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“ — იხიბლებოდა არა აზრით, არმედ ფერითა და მუსიკით. მასწავლებელი კი გულგრილად დაეძებდა დედააზრს და გრამატიკულ ფორმებს არჩევდა, ე.ი. სულსა და ხორცს აცლიდა სიტყვებს. პოეტი წერს:
„მათ მეხუთე საუკუნისგან უპიროვნო
და უხორცო სივრცე აშორებდათ,
მე კი ვგრძნობდი, რომ
სივრცესაც აქვს სისხლი“. და ამ შეგრძნებას ამგვარი არჩვეულებრივი მეტაფორით „აღრმავებს“ ზემოთ ნახსენები ფეიერვერკულობით;
„ყაყაჩოებიანი მინდორი რომ წარმოიდგინო თოვლზე,
ოღონდ მინდორი რომ გამოაცალო
და ყაყაჩოები დატოვო“.
და თუ მკითხველი დაუჯერებს და მიჰყვება პოეტს, აუყვება წარმოსახვის აღმართს, სვენებ-სვენებით, მაგრამ ჯიუტად, მალე პოეტთან ერთად აღმოჩნდება ულამაზეს მწვერვალზე, ხელით შეეხება აბრეშუმის ლაჟვარდს და შეიგრძნობს რაღაც არაჩვეულებრივს და გამოუთქმელს. ეს სიზმრისეული სიმსუბუქე და განცდილ სახეთა მრავალმნიშვნელოვნება ცოტა ხნით „სხვად აქცევს“ მკითხველს და პოეზიის ტკბობის ნეტარებას განაცდევინებს.
ლია სტურუას პოეზია გაჯერებულია იმპრესიონისტული სახეებით. ფერი მის სტრიქონებში ლაპარაკობს, ფერმწერისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალურობით არის აღბეჭდილი ყოველი ფერადოვანი მონასმი. ერთ ლექსში „გარდაცვალება“ ასეთი სახეა: ‘
„მოულოდნელად გამოეღვიძა:
შავ და უაზრო უკუნეთში თეთრი პეპელა შემოიჭრა —
მუსიკის ხელი,
ჩაძირული ბატისტის რუშებში...
ცაზე გაფატრული ორღანი ეკიდა
და მარმარილოს მკვეთრი თითები
მუსიკის წრეს აქუცმაცებდნენ,
ხოლო მაჯიდან ბატისტის თეთრი პეპლები ცვიოდა“.
აქ მეტაფორები ისე ხმაურობენ, თითქოს ჩანჩქერის შუაგულში იდგე და ერთად გრძნობდე ყველა იმ ხმას, რომლებიც სიცოცხლეში მოგისმენია. წყლის შხეფებზე მოთამაშე მზის სხივების ცისარტყელებმა კი ერთად მოაზღვავონ ყველა ფერი. ეს არის გამოღვიძება: ფერების, ხმებისა და სურნელის წიაღში შეჭრა, სამყაროსთან შერწყმა, მის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად თავის შეგრძნება, აქ აღარც სიხარულია და აღარც ტკივილი და საერთოდ აღარავითარი გრძნობა, მხოლოდ ნეტარება, რომელსაც სიყვარული ჰქვია ადამიანურ ენაზე.
ვინ ასწავლა პოეტს ამგვარი ფიქრი? ვინ მიუძღვება სიტყვაში დაფარული სამოთხისა და ჯოჯოხეთისაკენ? ხან ვინ და ხან ვინ — რუსთაველი და ვაჟა ფშაველა... ვაგნერი და მოცარტი... ფიროსმანი და ვან გოგი... რემბო და ბოდლერი... და აღარ გვიკვირს ლია სტურუას „ნათესაობა“ სიმბოლისტებთან და ისე გადაეწვნება ერთმანეთს სიმბოლო და მეტაფორა, ვეღარ არჩევ, სად ერთია და სად მეორე. როგორც ცნობილია, რემბო პოეტს ნათელმხილველად მიიჩნევდა და წერდა: „პოეტი შედის შეუცნობელში და თუ საკუთარი ხილვებისა თავადაც აღარ გაეგება, დაინახა მაინც უხილავი. დაე, დაიღუპოს გაუგონარ და სახელდაურქმეველ საგნებში თავისი უზარმაზარი ნახტომისაგან“.
ლია სტურუას პოეზიაში იგრძნობა ამგვარი „ნახტომებით“ მოგვრილი ერთგვარი ექსტაზი, როდესაც პოეტი მეტაფორათა უწყვეტ ნაკადში ჩაიკარგება და მერე სადმე მოულოდნელად ამოყვინთავს „განახლებული“ და თვითონვე გაოცებული, თითქოს სიზმრიდან ახლად გამოღვიძებული და ცდილობს მოუყვეს მკითხველს განცდილ-ნანახის შესახებ. ამ „გადმოცემისას“ კი ქმნის სრულიად ახალ წყვილებს აქამდე დაუკავშირებელ საგანთა და მოვლენათაგან.
ერთ ლექსში, „ქალაქის მსხვერპლი“ რომ ჰქვია, პოეტი ხატავს გულგრილ, ფუტურო ადამიანებს, რომელთაც დაჩლუნგებიათ სილამაზის შემჩნევისა და აღქმის უნარი. მათ აღარ ახსოვთ ნეტარება გაოცებისა:
„მაგრამ რომელიმე მათგანს რომ დაესიზმროს
ისეთი მკაფიო წერო,
თითქოს მწვანე მინდორს გვირილა უჭირავს ხელში
და ერთი წუთით შეაჩეროს
ნაჯახივით წინ გაშვერილი შუბლი,
მერე ვეღარასოდეს უცხოსავით ვეღარ ჩაივლის...“
ლია სტურუას ლექსების კითხვა ნიშნავს, რომ ისწავლო პოეზიის ენა, გაიწაფო პოეტურ აზროვნებაში, განსხვავებულად აღიქვა სამყარო. იგი სიტყვის ჯადოქარს ჰგავს, სიტყვისგან მეტაფორის სასწაულებს ქმნის და პოეტის „უკუღმართი ტვინით“ გვაჯერებს, რომ
„ბულბულმა მოკლა ეკალი,
ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა“.
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ნეტარ იყვნენ ტანჯულნი მხატვრული სიტყვისთვის, რამეთუ მათი არს გული ყოველთა მკითხველთა“.
ლია სტურუა ჩვენი დროის ამგვარი „ტანჯულია“, რომლის პოეზიას მკითხველი მწყურვალივით დაეწაფება.
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''შეხვედრა წიგნში'', 2009
ძალიან საინტერესო იყო , მადლობა !
ReplyDelete