Translate

Thursday, March 24, 2011

შეყვარებული გოეთე

მაია ჯალიაშვილი


დაფერფლილი ბარათების ექო


(მარტინ ვალზერის `შეყვარებული კაცი~)


`მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...~ _ გალაკტიონის ამ მშვენიერი სტრიქონის ერთი საუკეთესო დასტურია 74 წლის გოეთეს გამიჯნურება 19 წლის ქალწულთან, ულრიკე ფონ ლევეტცოვთან. წლების მდინარებაში ჩამყუდროვებულ პოეტს უცებ საოცარი ვნების ქარიშხალმა გადაუარა და მთლიანად შეძრა. გოეთეს ბიოგრაფოსებისთვის ეს შესანიშნავი მასალა აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ მარტინ ვალზერმა, თანამედროვე გერმანელმა მწერალმა, შეძლო, ახალი ელფერიით შეემოსა ამ უჩვეულო სიყვარულის ამბავი. მან რომანში `შეყვარებული კაცი~ გოეთეს პირადი მიმოწერა გააცოცხლა. არადა, რეალურად, ამ ტრფობის ამსახველი არც ერთი ბარათი არ შემორჩენილა. ერთი უჩვეულო ფაქტიც შეეშველა მწერალს. რომანის წერისას იგი საგანგებოდ ჩავიდა მარიენბადში, რათა საკუთარი თვალით ეხილა ის შთამბეჭდავი გარემო, რომელიც ამ უჩვეულო სიყვარულის სცენად იქცა, სადაც სწორედ ულრიკეს შთაგონებით პოეტმა შექმნა ლექსი-შედევრი `მარიენბადის ელეგია~. აქ მარტინ ვალზერს მეგობარმა პატარა წიგნაკი აჩუქა, რომელშიც მოთხრობილი იყო ულრიკეს შესახებ, სხვა ცნობებთან ერთად, ეწერა ასეთი გულისშემძვრელი ფაქტიც _ უკვე ხანდაზმულ ულრიკეს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა და უთხოვია, დაეწვათ იქ შენახული წერილები, ხოლო ფერფლი საფლავში ჩაეტანებინათ. ეს წერილები კი შეყვარებულ გოეთეს ეკუთვნოდა.
სტეფან ცვაიგმა ნოველაში `მარიენბადის ელეგია~ შთამბეჭდავად გააცოცხლა ის წუთები, როდესაც პოეტი ამ ელეგიას ქმნიდა. პოეტი ამ ლექსს ბედისწერის იდუმალ, იშვიათ წყალობად მიიჩნევდა: `მსგავსი რამ არასოდეს წამოსცდენია აქამდე ესოდენ თავშეკავებულს. ჭაბუკობაში გულჩახვეულმა, მოწიფულობის ჟამს მეტისმეტად თავშეკავებულმა, მხოლოდ ზმანებათა სახით, სიმბოლოებითა და სიტყვაშეფარვით რომ გამოთქვამდა ხოლმე თავის გულის საიდუმლოს, მოხუცებულობისას პირველად გამოამზეურა საქვეყნოდ თავისი გრძნობები. მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, რაც უდიდესი ლირიკოსის სახელი აქვს მოპოვებული ამ გულთამხილავ ადამიანს, ალბათ არასოდეს ყოფილა იგი ესოდენ ცხოველმყოფელი, როგორც ამ უჭკნობ ფურცელზე, მისი ცხოვრების ამ ღირსახსოვარ გზაჯვარედინზე~.
რა თქმა უნდა, არც კონსტანტინე გამსახურდიას აუვლია გვერდი გოეთეს ცხოვრების ამ შთამბეჭდავი ფურცლებისთვის და თავის `გოეტეს ცხოვრების რომანში~ ამ სიყვარულის ისტორიაც ჩართო, რომელშიც ვკითხულობთ: `საღამოჟამს ულრიკე გატვრინული იჯდა ხანდახან ვაიმარელი ბრძენის გვერდით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰხაროდა და გენიის სუნთქვა ახურებდა მის ახალგაზრდა გულს. წარმოსადგენია როგორი დიდის მწუხარებით შეიცნო გოეთემ ულრიკეს პირისპირ, რომ მისი წარმართული გული ვეღარ ფეთქდა ძველებურის ძლიერებით. მის მოგონებაში ირეოდნენ გადასულ მეგობრების, გულის მიჯნურების, განვლილი მწუხარების, შვების წუთები... როგორ უყვარდა მას: სიცოცხლე, სინათლე და პოეზია!... ეროსი ძალოვანი მონადირეა და გულებისადმი ამბოხის მომგვრელი. ულრიკემ შეაშფოთა უკანასკნელად შემოქმედების უხვი რთველით დახუნძლული გული მოხუცი პოეტისა... ო, რა სატიკად შეარყევდა ალბათ მის გულს ძალოვანი მშვილდოსან ეროსსა და სიბრძნეს შორის ატეხილი ბრძოლის ასპარეზად ქცევა!~
მარტინ ვალზერის რომანში აღწერილია გოეთეს ცხოვრების მხოლოდ ეს ეპიზოდი _ მოულოდნელი სიყვარულის აფეთქება და შემდეგ მინავლება. 74 წლის `მოხუცი~, ყველას გასაოცრად, შესანიშნავად გამოიყურება და სულაც არ გრძნობს ხანთა სიმრავლეს, როდესაც Uულრიკე ლევეტცოვის, მწვანეთვალებიანი ზეციური ანგელოზისა თუ ტყის ნიმფას გვერდითაა, მის წკრიალა ხმას უსმენს. ამ სიყვარულმა უფრო მეტად გაამხნევა, გაახალგაზრდავა, მეცხრე ცაზე აიყვანა, გააძლიერა, მაგრამ საკმარისი გახდა ულრიკეს ერთი გახედვა სხვისკენ, თანატოლთან ტკბილი გასაუბრება, ცეკვა, რომ პოეტის ოცნება ქვიშის კოშკივით ჩამოიშალა. გაჩნდა მტანჯველი წუთები.
რომანში გოეთე `შეყვარებული კაცია~. სწორედაც, უბრალოდ, კაცი და არა მხოლოდ სათაყვანებელი გოეთე, `მყინვარივით მიუკარებელი~ (ილია ჭავჭავაძე), ღმერთვივით შემოქმედი.
რომანში არაერთი დეტალია, რომლებიც ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენენ გოეთეს სულში მიმდინარე ბრძოლას: მას ერთი მხრივ, აღარ შეუძლია ამ სიყვარულის გარეშე, მეორე მხრივ კი აძრწუნებს ასაკობრივი განსხვავება, გამუდმებული ეჭვები სტანჯავს, ერთ მშვენიერ საღამოს ულრიკეს აღტაცებით ნათქვამმა სამმა სიტყვამ; დღეს ლამაზად გამოიყურებით, ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. იგი ფიქრობს, რომ სხვა დღეებში ალბათ არ იწვევდა ულრიკეს აღტაცებას. წარმოგიდგენიათ უმწეო, ატირებული გოეთე?! მწერალი საუკეთესოდ წარმოაჩენს მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მან პოეტი თითქოს ოლიმპოს თვალშეუწვდომელი მწვერვალიდან ძირს ჩამოივანა, მაგრამ არა დასამცირებლად, არამედ იმ სიცივის, ყინულის დამსხვრევად, რომელიც მის შარავანდედიან სახეს მიწას აშორებდა, შთამბეჭდავია სიყვარულის მზის სხივებით გამლღვარი სახე პოეტისა, ძარღვებში ცხელი სისხლით, სარკის წინ გაშიშვლებული, თავის მობერებულ სხეულს ვერშეგუებული. ასეთი გოეთე უცხოა მკითხველისთვის, ასეთი გოეთე კი არ კარგავს ბრწყინვალებას, არამედ უფრო ახლობელი, საყვარელი, სათუთი ხდება. მკითხველი მის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, ხელი გაიწოდო, ცრემლები მოსწმინდო, მიეფერო აცახცახებულ მხრებზე და დაამშვიდო ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვებით. მაგალითად, როცა გოეთე საკუთარ თავს ასე ელაპარაკება: `ტანჯვა ჭუჭყიანია. Dაბინძურებს ადამიანს. არანაირი გამწმენდი საშუალება არ არსებობს, სიკვდილის გარდა. შენ წერას აფარებ თავს... შენ ჯერ არასოდეს, არასოდეს გიტანჯია. Aაქამდე მუდამ სხვა იტანჯებოდა შენ გამო. ქალბატონი ბერლეფში. ოცგვერდიან წერილებს რომ გწერდა ოცი წლის განმავლობაში. და შენ არც კითხულობ მომაბეზრებელ, ტანჯვისგან განაწამები ქალის ამ წერილებს. მას კი მხოლოდ იმიტომ სურს სიცოცხლე, რომ შენ უყვარდე, და იმ წამს უცდის, რომ ერთხელ მაინც თანაუგრძნობ. თანაგრძნობა ზიზღის ტოლფასია. ახლა შეგიძლია ოცგვერდიანი წერილი მისწერო Uულრიკე ფონ ლევეტცოვს და შეგიძლია დაემუქრო, რომ კიდევ მოელის ასეთი ოცგვერდიანი წერილები. ნაცვლად იმისა, რომ თავი მოიკლა, წერ და წერ~.
მარტინ ვალზერმა ეს შესანიშნავდ შეძლო, გოეთე სხვანაირად შეგვაყვარა. იგი სულისშემძვრელად წარმოაჩენს მის სულიერ ობლობას, მარტოსულობას. ის ამ რომანში ყველაზე მეტად ჰგავს თავისსავე გმირს _ ვერთერს. აქ ლიტერატურა და ცხოვრება ერთმანეთს გადაეწნა, აქამდე პარალელურმა ხაზებმა ერთმანეთი სასწაულებრივად გადაკვეთეს და გოეთე გზაჯვარედინზე აღმოჩნდა.
გოეთე როკოკოა _ ასე შეაფასა შვილმა სახელგანთქმული მამის ყავლგასულობა და სულაც არ დაფიქრებულა, როგორ დაუსერა გული მშობელს. გოეთე კი, კვლავ მშვენიერებით შთაგონებული და აღტაცებული, იწყებს რომანის წერას სახელწოდებით `შეყვარებული კაცი~, რომელშიც ულრიკესადმი მისი პირადი წერილებია ჩართული: `დღემდე არ ვიცოდი, რა იყო მოწყენა, ახლა კი, როცა ულრიკეს ვერ ვხედავ, ლამის მოწყენილობისაგან გავცოფდე. სამყაროს სურს გადარჩეს, ულრიკესნაირის სიყვარული უნდა ებოძოს ყველას. დღეები აბრეშუმივით ფაქიზი გახდა, სამყარო კი _ თბილი ნიავივით. ჩიტებიც თითქოს მხოლოდ მის სახელს ჟრურტულებენ. იქნებ პლატონი მოგონებებს იმიტომ მიეცა, რომ მშვენიერი რამ დაკარგა ცხოვრებაში. მე კი მოგონებებს დავკარგავ, ალბათ, რადგან მშვენიერება ვიპოვე. როცა ულრიკეა ჩემ გვერდით, არც მომავალს აქვს მნიშვნელობა და აღარც წარსულს. ოცნებავ, დამიფარე უმწეობისაგან, დამიფარე. რა იოლია ყველაფერი, როცა მას ვხედავ. მისი მზერა მაძლევს გამძლეობას~.
საგულისხმოა, რომ რომანში არაჩვეულებრივად იხატება ახალგაზრდა ულრიკეს სახეც. იგი გოეთეზე შთაბეჭდილებას არა მხოლოდ სინორჩითა და სილამაზით ახდენს, არამედ რაღაც საოცარი ხიბლით, რომელიც მისი ჭკვიანი მზერიდან და საუბრიდან გამოსჭვივის. იგი სულაც არ უფრთხის გოეთეს წელთა სიმრავლეს და მზადაა ცოლად გაჰყვეს პოეტს, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლეგენდაა, არამედ მისი სულის მონათესავეა.
ულმობელი ცხოვრება კი პოეტს გამუდმებით შეახსენებს თავს. ერთ ეპიზოდში გოეთე ულრიკესთან ერთად მოსეირნობს ხეივანში, უცებ რაღაცას გამოედება და წაიქცევა, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდის. მწერალი კი გოეთეს ამ `უხერხული მდგომარეობიდან~ ძალიან ლამაზად, პოეტურად დააღწევინებს თავს, როცა ათქმევინებს: `გოეთე და Uულრიკე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ულრიკე ისევ მის ჭრილობებს უყურებდა. სამოთხიდან გამორკვეული, _ ჩაილაპარაკა გოეთემ, ჰო, სამოთხიდან გამოსვლისას დავვარდი. Uულრიკე დაბნეული შეჰყურებდა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა~ და მერე: `არც არაფერი მომხდარა, მშობლიურმა მიწამ მაკოცა~.
`ჩემი ცხოვრება უფრო თეატრს ჰგავს, ვიდრე ნამდვილს~_ დაიჩივლა ერთხელ ულრიკესთან საუბარში პოეტმა და ისიც გაუმხილა, რომ მასთან ერთად ნამდვილ ცხოვრებას განიცდიდა.
შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხო, როგორ ემზადება გოეთე საკარნავალო მეჯლისისთვის, ის და ულრიკე წინასწარ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ მოხდა საოცრება: ვერთერის სამოსში გამოწყობილმა გოეთემ უცებ: `ულრიკეს მოჰკრა თვალი. ჭექა-ქუხილის შემდეგ უცბად მზის მიერ მოფენილი ნათელი მის ნათელთან მოსატანიც არ იყო, ისე ასხივებდა თავის თეთრ კაბაში, მხრებზე ღია წითელი შარფი მოეხურა. Mმისი კაბის ჭრილი მოკრძალებული იყო, გვერდით მდგომი ქალბატონებისას სულ არ ჰგავდა. Eეს იყო Uულრიკე _ ლოტე~.D
შემოდგომის ფოთლების ჭკნობამ ამ მოულოდნელ სიყვარულსაც მოსტაცა ფერი. ლევეტცოვები მარიენბადიდან გაემგზავრნენ. ვალზერი ნიუანსურად აღწერს გოეთეს სასოწარკვეთილებას და საშინელი სიცივის შეგრძნებას, სწორედ ამ წუთებში მას გაუელვებს ფიქრი, რომ აუცილებელია მეათე მცნების დამატება: არ შეიყვარო! `უსიყვარულოდ, ე.ი. ტკივილის გარეშე!~ და უეცრად მან საოცარი სიმსუბუქე იგრძნო: `მთელი სამყარო მხოლოდ ის იყო თავად, სიმსუბუქით აღვსილი, ან იქნებ ღვთიურის შეგრძნებით. როგორც იქნა, დაიბრუნა დაკარგული წონასწორობა! ნუთუF ესაა სულ! _ გაიფიქრა გოეთემ Dდა ჩაეძინა~.
მკითხველი კი რომანს აღიქვამს, როგორც ულამაზეს სიზმარს.
ეს შესანიშნავი რომანი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადა ჩინებულმა მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა, რომელიც თავისი ახალი თარგმანებით კიდევ არა ერთხელ გაგვახარებს.

დაბეჭდილია : დაფერფლილი ბარათების ექო (გოეთეს უკანასკნელი სიყვარული), ჟურნ. ‘ჩვენი მწერლობა’’, #2, 2011









გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

მაია ჯალიაშვილი



გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

გრიგოლ რობაქიძემ თავის შემოქმედებაში მშვენიერი ქალის არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა. ჰყავდათ თუ არა პროტოტიპები ლონდას, ნატას, მატასის, ოლგას, ნორინას... რა თქმა უნდა, ეყოლებოდათ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. რეალურად კი როგორ წარიმართა მისი სასიყვარულო ისტორიები?
პირველი სიყვარული პოეტური ბუნების, რომანტიკული სულის გრიგოლ რობაქიძისთვის უიღბლო აღმოჩნდა, ქალის მშობლებმა სასიძოდ დაიწუნეს და გრიგოლს მისწერეს ქალის ტყუილი თვითმკვლელობის ამბავი, რამაც   ახალგაზრდა გრიგოლის სულზე ღრმა ტკივილიანი კვალი დატოვა. ასევე უიღბლო აღმოჩნდა მისი პირველი ქორწინებაც. ირანში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია და ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ბაქოში ქუნთრუშის ეპიდემიით დასნეულდა და გარდაიცვალა. გრიგოლ რობაქიძემ გარდაცვლილ ქალიშვილ ალკას მიუძღვნა დრამა `ლონდა~ და ლექსი `ალლას~ (`ყველაზე უფრო `ლირიული~ ჩემს შაირებში~ _ გრიგოლ რობაქიძე):
`ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.
ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.
მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით, ნეკივით მცირე
და ვიშრობ ცრემლებს საცოდავი, ვით ჭიქის თვალი~.
მწერალი მეორედ დაქორწინდა ელენე ფიალკინაზე, მსახიობსა და მწერალზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია, მაგრამ ზრდიდა მეუღლის ობოლ დისშვილს _ ალინკას (ელენე პოგორელოვას). ელენე ფიალკინას ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: `მწერლობა უფრო ადრე დავიწყე და გერმანიაშიც გავაგრძელე. ვწერდი გერმანულად გერმანულ ქალთა ჟურნალებისთვის და ფილმებისთვის, როგორც სცენარისტი. ამას გარდა, ბერლინში რუსულს ვასწავლიდი დოქტორ რაკოვის კომერციულ და უცხო ენების სასწავლებელში. როგორც ცალკე წიგნი, გერმანიაში გამოვეცი ჩემი რომანი `ნინა~. სიბერეში ნელი ფიალკინა დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. გრიგოლ რობაქიძე მეუღლეს თვითონ უვლიდა გარდაცვალებამდე.
სწორედ ამ მძიმე და უსიხარულო წლებში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, გიტა შტრახვიტცი. ეს იყო სასწაული. გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გაიცნო მხატვარი ქალი, სავარაუდოდ, ალბათ, რომელიმე მის გამოფენაზე, მოიხიბლა მისი ნახატებით, რომლებიც თავისებურად შეაფასა კიდეც ერთ წერილში: `მისი `თავისებური სტილი~ თავიდან მეჩვენებოდა: როგორც მანერა, სინამდვილე შეაცუროს ზმანების ნაცვლად. თუ ერთი ფრანგი ავტორის გამოთქმას მივმართავთ რილკეს შესახებ, შემდეგში გამოირკვევა საწინააღმდეგო, სახელდობრ: მანერა, რომ ზმანება შეაცუროს სინამდვილის ნაცვლად. მისი ნახატები ნათელია. მისი ხედვა წინ კი არაა მიმართული, არამედ უკან: მეტაფიზიკურში, აქედანაა მისი ვიზიონერობა, რომელიც მე, მრავალი საიდუმლოს მცოდნეს, მაკვირვებს~. ამ დროს მწერალი 81 წლის იყო, გიტა კი _ 31-ისა. წლებს ხელი არ შეუშლიათ, რომ მათ შორის საოცარ სიყვარულს ეფეთქა. მარტოსულმა გრიგოლმა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ღვთისგან გიტას სახით საჩუქარი მიიღო: `ჩემი სიყვარული ისე დიდია, რომ მან შეძლო ასაკობრივი განსხვავების დაძლევა. მით უფრო, რომ ჩვენი სიყვარული არაჩვეულებრივი ბუნებისაა~.
როგორ წარიმართა ეს სიყვარული?
ჩვენ გვაქვს გიტასადმი მიწერილი გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები, რომლებიც პირველად იზა ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ კრებულში `ლიტერატურის მატიანე~. წერილების ასლები გიტას მეგობარ ქალს, მხატვარ ვანდა ჰოლეის, შვეიცარიაში დაცულ გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია და შემდეგ გადაუცია დავით მაღრაძისთვის (წერილები თარგმნა ქეთევან შერვაშიძემ). გრიგოლ რობაქიძე გიტას წერდა 1961-62 წლებში. ამ ბარათების მიხედვით, კარგად ჩანს, როგორ იზრდებოდა ეს სიყვარული, რას განიცდიდა მწერალი: `შენმა სიყვარულის ძალამ გამაახალგაზრდავა. ამ ძალის მადლით ჩემი საშიში ნერვიული დეპრესია თითქმის ნულამდე დავიდა. შენი სიყვარულის წყალობით განვიცდი არსებობის სიხარულის მადლს და შემოქმედებით აღმაფრენას~.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის წერილები გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის ბარათები, რომელთაც ახალგაზრდა მხატვარი ქალი სწერდა მწერალს. თანაც, საგულისხმოა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ხშირად აქვს ჩართული ციტატები გიტას წერილებდანაც.
წერილების ციკლი გრძელდება 1961 წლის 27 აპრილიდან 1962 წლის 17 ნოემბრამდე. საგულისხმოა, რომ ბოლო წერილი მწერალმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაწერა (გარდაიცვალა 19 ნოემბერს). ამ ბოლო წერილის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ბედნიერების მწვერვალზე იდგა, მან და გიტამ ერთად ცხოვრება და დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ დღეებში მწერალმა, დის თხოვნით, სურათიც გადაიღო, რომელზეც ძალიან გაახალგაზრდავებული ჩანდა. ამას თვითონ გიტას სიყვარულით ხსნიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სურათის გადაღებისას შენზე ვფიქრობდიო.
როგორია შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე?
საოცრად ამაღელვებელია ეს წერილები. შეიძლება გოეთეს უკანასკნელი სიყვარული გაგვახსენდეს, როდესაც 74 წლის, ხანდაზმულ ვაიმარელ გენიოსს 19 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვი თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა გოეთეს პირადი წერილები არ დაუწერია. სხვათა შორის, ეს `ხარვეზი~ შეავსო გერმანელმა მწერალმა რობერტ ვალზერმა, რომელმაც დაწერა რომანი `შეყვარებული გოეთე~, რომელშიც ეს წერილები `გამოიგონა~. ეს წიგნი, მაია მირიანაშვილის თარგმნილი, წელს გამოიცა.
გრიგოლ რობაქიძე ამ წერილებში გიტას მიმართავდა, როგორც მზეს, ღვთიურ მეგობარს, ენგადს, წყაროს, წყაროსთვალს, შეუდარებელს, მისტიკურ მეუღლეს, ღვთიურ სატრფოსა და დას. ამ წერილებში კარგად ჩანს პლატონური სიყვარულის ფილოსოფია, აგრეთვე ისიც, როგორ სულიერ მდგომარეობაში იყო პოეტი, რა სტკიოდა, რა უხაროდა.
ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტა აღფრთოვანებული ყოფილა გრიგოლის გერმანულ ენაზე დაწერილი ლექსებით: `რომ ჩემს ლექსებს თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან~. გიტას რამდენადმე სცოდნია საქართველოს შესახებ, კერძოდ ის, რომ წმინდა გიორგი მფარველობდა და მისი ხატი უჩუქებია გრიგოლისთვის. ამით აღტაცებულ გრიგოლს კი მისთვის მიუწერია: `მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმ. გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემს შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული~ და ბოლოს: ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ. სულიერად მონათესავე თქვენი გრიგოლ რობაქიძე~. ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტას 12 წლით ადრე დასიზმრებია, რომ შეხვდებოდა გრიგოლს, რომელმაც ეს სიზმარი ხილვას შეადარა.
წერილებიდან ჩანს, რომ გიტას არა მხოლოდ ლექსები, გრიგოლ რობაქიძის რომანებიც მოსწონდა, მათ შორის `გრაალის მცველნი~, რომლის შესახებ წერდა: `ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?~.
რობაქიძეს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გიტას სიმბოლო იყო თასი, მის მარჯვენა ხელში ჩახატული ყოფილა ჯვრიანი თასი. მის მარჯვენაზე კი მზე იყო გამოსახული. იგი წერდა: `როცა ხელს გართმევთ _ ჩემი `მზის ხაზით~ ვეხები თქვენს `ფიალას~. ამით ჩვენი შინაგანი ერთობა სამუდამოდ დადასტურებულია.
ამ წერილებში ჩანს, რას წერდა რობაქიძე, რას კითხულობდა, სამომავლოდ რას გეგმავდა. რა თქმა უნდა, ამიერიდან ყველაფერი გიტასთან იყო დაკავშირებული. მისი მონატრებით სუნთქავდა, მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა, ყოველ კვირაში (ხანდახან რამდენჯერმეც) წერილებს სწერდა.
Gრიგოლ რობაქიძე შენიშნავდა, რომ ზღვა გერმანულ ენაში მდედრობითი სქესისაა, ტბა კი _ მამრობითისა და აქედან დაასკვნიდა: ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. იგი გიტას ადარებდა მარიამ მაგდალინელს, წმინდასა და `ქალწულებრივს~.
თვითონ გრიგოლ რობაქიძესაც ვერ აეხსნა ეს სიყვარული, წერდა: `ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში, უფრო ჰგავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი~ (`გრაალის მცველნი~). `შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად~.
გრიგოლი `ზებედნიერად~ გრძნობდა თავს. და წუხდა: `დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი: ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის~.
გიტა სწერდა გრიგოლს: `შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ _ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი~.
გრიგოლს ეშინოდა, რაიმე ბოროტი არ ჩარეულიყო მათ `საკრალურ ურთიერთობაში~. წუხდა, როცა გიტასგან პასუხი იგვიანებდა. გიტა ხშირად მოგზაურობდა, სხვადასხვა შეკვეთას ასრულებდა. როცა გრიგოლმა ნახა სურათი; `ფარაონი სეთი და ქალღმერთი ჰატჰორი~ გიტა ქალღმერთ ჰატჰორს შეადარა. თავის თავს კი ლაშარის რაინდს უწოდებდა, გიტასთვის რომ უნდა ემფარველა. ერთ წერილში კი გიტას სთხოვს, დიონისო დამიძახე, ტანჯული ღმერთის სახელიო.
1962 წლის 25 აპრილს გიტას ასეთი სიზმარი უნახავს; ის და გრიგოლი გადახვეულნი იყვნენ, გრიგოლს ორდენის მფლობელის ნაცრისფერი სამოსი ეცვა, მერე უდაბნოში საქარავნო გზაზე მიდიოდნენ. გრიგოლი უეცრად გაუჩინარდა, გიტამ კი მოულოდნელ ლანდშაფტში გადაინაცვალა, ეძახდა გრიგოლს, გაიქცა ხეებისკენ, უცებ ღობეშემოღობილ ადგილას აღმოჩნდა, ღობის იქით კი კბილევბდაღრჭენილი ურჩხულები იყვნენ. გიტამ მათ სიყვარული მიაფრქვია, რის შემდეგაც ცხოველები ხტუნვით გარს შემოეხვივნენ და ლოკვა დაუწყეს. გრიგოლმა კი ეს სიზმარი ასე ახსნა: ისინი მიწიერი სიყვარულით შეერთდებოდნენ, მაგრამ თვითონ მალე გარდაიცვლებოდა, დაემშვიდობებოდა და მარადისობიდან შეეხმიანებოდა.
გრიგოლი სწერდა გიტას: `ჩვენ ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. მტკივნეულია განშორება, მაგრამ მოვიგონით სტროფი ჩემი ლექსიდან: `სევდიანები~:
`როგორ შევძლებდი
თუ არ ვიქნებოდი ბედის რჩეული,
შენთან შეხვედრას!
განშორებაც კი ღვთიურია~.
გრიგოლი წერილებში გიტას საქართველოზეც სწერდა, მაგალითად, ერთგან აღტაცებული აღნიშნავს, რომ დაესწრო ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის კალათბურთში, რომელიც ქართველებმა მოიგეს: `საქართველო ცოცხლობს! საქართველოს გაუმარჯოს!~
განსაკუთრებული მღელვარებით მოელოდა ჟენევაში სუხიშვილების ანსამბლის ჩასვლას, რათა ერთად დასწრებოდნენ კონცერტს. თვითონ სამჯერ დაესწრო და აღფრთოვანება საგანგებო წერილით გამოხატა: `ქართული გენია როკვით განფენილი~. ერთ გაზეთს კი კრიტიკული სტატია დაუბეჭდავს: `ეს შავგვრემანი, მკვირცხლი, უქნარა და ტრაბახა სამხრეთელები _საბჭოთა კავშირის მარსელები _ უთუოდ უაღრესად სიმპათიურნი არიან~. აღშფოთებული გრიგოლი საგანგებოდ ამ სტატიასაც გამოეხმაურა წერილით `ქართველების სავიზიტო ბარათი~. მას სურდა ამ წერილით ევროპულ-ამერიკულ სამყაროს გაეგო საქართველოს შესახებ, რადგან დღემდე ამ ქვეყანას მხოლოდ `თავაზიან~ ეთნოგრაფიულ საკითხად განიხილავენო.
გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებით განიცდიდა, გიტასთვის მშობლებისთვის მისი ხელი რომ უნდა ეთხოვა. წინასწარ მათთვის დაწერილი წერილი ჯერ გიტას გაუგზავნა, რომ მასაც შეეფასებინა. აი, რას წერდა: `ჩვენი სიყვარული ისე განუზომლად ღრმაა, რომ ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეარყევს. თვით სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს, რადგანაც სამუდამოდ ვართ მისტიკურად დაქორწინებული, ამით აიხსნება, რომ არცთუ იშვიათად თავს და-ძმანივით ვგრძნობთ. ვაღიარებ, რომ ნებისმიერი მესამე ადამიანი _ რადგანაც გიტასთვის ძალიან ხნიერი ვარ_ჩვენს სიყვარულს არაბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ გიტასეული სიზმრით, მე მას, როგორც სიყვარულს, უძველეს დროში შევხვდი. მე კი ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში. ასე რომ, ჩვენი სიყვარული უფრო ზეგრძნობადზეა დამყარებული, ვიდრე გრძნობადზე. აქ კი ასაკობრივ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ახლა გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ქორწინებით დავაკანონოთ. ვიცი, თქვენთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იქნება ეს მოიწონოთ და ვერც გავბედავ, გთხოვოთ. ერთს კი მაინც მოველი თქვენგან, რომ საკუთარ გულებში ჩვენი ქორწინება არ `შეაჩვენოთ~.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: `ადამიანის სიყვარული ნიშნავს, დაინახო ის ისე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა~ _წერს რობაქიძე ერთ წერილში. მას სწორედ ამგვარი სიყვარულით უყვარდა გიტა: `ერთი რამ მცირედ მაღელვებს, ძალიან ხნიერი ვარ შენთვის. შესაძლოა ამის გამო შენი ქალურობა დაიჩაგროს, მაგრამ შენ სიყვარულის `ძებნისას~ უძველეს დროში შემხვდი~. `ჩვენი სიყვარული მისტერიაა. ეს არის ქმედებად ქცეული საიდუმლო, როგორც ბოძებული მაღალი წყალობა~.
როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ამ სიყვარულის `მოკლე ბიოგრაფიის~ დაწერასაც აპირებდა, შეიძლება მის არქივში ინახება კიდეც ეს ხელნაწერი.
გიტას არ აკლდა ხელის მთხოვნელები. ერთ წერილში გიტას მოუწერია, რომ ვიღაც 38 წლის, ექვსი ენის მცოდნეს, ბრწყინვალე მდგომარეობისა და კარგი გარეგნობის ამერიკელს უთხოვია ხელი, ივლისში კი _ 60 წლის დიპლომატს, არისტოკრატს: `განა ბედი უცნაური არაა? არჩევანის საშუალება მომცა~. გიტამ კი გრიგოლ რობაქიძე აირჩია და სულ არ აშინებდა არც საკობრივი სხვაობა და არც მომავალი ხელმოკლე ცხოვრება.
ამის თაობაზე გრიგოლ რობაქიძე ამშვიდებდა: რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდაო.
სიკვდილმა მოულოდნელად დაუსვა წერტილი ამ მისტერიას, თუმცა, ვინ იცის, როგორც პავლე მოციქული წერს, სიყვარული ხომ არასოდეს მთავრდება.

დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენი მწერლობა'',#6, 2011.


























Friday, March 18, 2011

მაია ჯალიაშვილი, დაბადება


მაია ჯალიაშვილი, დაბადება
ეს ნახატი დავხატე ბროწეულის ყვავილის შთაგონებით, რომელიც პეტრე-პავლეს სასაფლაზე ვნახე.

Thursday, March 17, 2011

ფიქრები ირაკლი სამსონაძის ნოველებზე

მარადიული ოცნებისთვის განწირულნი


ფიქრები ირაკლი სამსონაძის ნოველებზე

„თვით საგნები გვკარნახობენ სიტყვებს“ (ციცერონი) და ალბათ, რიტმსაც, განწყობილებასა და ფიქრებსაც. ყველაზე დიდი „საგანი“ კი ცხოვრებაა, რომელიც გვკარნახობს არა მხოლოდ სიცოცხლის წესს, არამედ ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ნახატებსა თუ მუსიკას. მთავარია, ყურის მიგდება შეგეძლოს. ყურის მიგდება იმ ადამიანებისა თუ გარემოსთვის, რომელიც ბედმა შემოგიხაზა „მისაქცევ-მოსაქცევად“ (ილია).
გოეთე არ თაკილობდა, ეღიარებინა: „ჩემს შემოქმედებას მე ვუმადლი არა ჩემს საკუთარ სიბრძნეს, არამედ ათასობით საგანს, ათასობით ადამიანს, რომლებიც მასალით მამდიდრებდნენ. მათ შორის იყვნენ ბრძენნიც და სულელნიც, ნათელი და შეზღუდული გონების ადამიანები, ბავშვები, ყმაწვილები, მამაკაცები, ყველანი მომითხრობდნენ, რაც გულში ჰქონდათ, რასაც ფიქრობდნენ… მე ისღა მრჩებოდა, დავმჯდარიყავი და მომემკო ის, რაც სხვებმა დათესეს“.
ჭეშმარიტად გულუბრყვილო თავმდაბლობაა, მაცდური უბრალოებით თანაბრად რომ მიესალბუნება ნიჭიერებსა თუ… უნიჭოებს.
გაბრიელ გარსია მარკესიც გაგვახსენდა, ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში რომ აღნიშნა: „თქვენი მონა-მორჩილი ნოსტალგიით შეპყრობილი მოხეტიალე კოლუმბიელია, რომელსაც ბედმა გაუღიმა. პოეტებსა და მათხოვრებს, მუსიკოსებსა და მქადაგებლებს, მებრძოლებსა და ჩხუბისთავებს, ამ დაუოკებელი სინამდვილის ყველა შემქმნელსა და მონაწილეს ჩამოვთხოვეთ რაღაც და ცოტა წარმოსახვაც დავამატეთ, რადგან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ის იყო, რომ არ გაგვაჩნდა არაფერი, რაც დასაჯერებელს გახდიდა ჩვენს ცხოვრებას“.
ამ აზრს ვარიაციებით იმეორებს მრავალი მწერალი, და მაინც, ჩნდებიან გამორჩეულნი, რომელნიც ერთსა და იმავე მოკარნახისგან განსხვავებულ „ტექსტებს“ იწერენ, რადგან ნაკარნახევს ხელშეუხებლად კი არ ითვისებენ, საკუთარ გულსა, სულსა და გონებაში გამოტანჯავენ.
ასეთი მწერალია ირაკლი სამსონაძე, რომელსაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში თავისი ხმა აქვს, თავისი რიტმი. ამ რიტმზე აგებს ნოველებს, რომლებიც მკითხველს ხიბლავენ დახვეწილი სიზუსტით. ეს სიზუსტე მჟღავნდება პროზაული ტექსტების შინაგან სიმწყობრეში. თითქოს მწერალიც, როგორც მისი ერთი ნოველის პერსონაჟი, ვიღაცისგანაა „მართული“ და მის კარნახს მიჰყვება. „ვინ ვიღაცა? ვინ არის ის ვიღაცა?“ „იმან იცის და ის კარნახობს. ვინ იმან? ვინ არის ის?“ („ბედისწერის იმედიანი უღონობა“).
ეს არც პერსონაჟმა იცის და არც ავტორმა და, რაც მთავარია, ეს არცოდნა სამყაროს ინტუიციურ წვდომას გულისხმობს, როცა სანამ გონება გაიაზრებს, მანამ გული გრძნობს. რუსთველი როგორც იტყოდა: „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია, რა გული წავა, ისიცა წავლენ და მისკენ მიდიან“.
„ერთ რიტმში ვართ მე და ადრეული შემოდგომის დღე“, — წერს ერთ ნოველაში („ბებო, ეჰ, ბებო“) ირაკლი სამსონაძე. ეს რიტმი კი ხშირად ისე გამოკვეთილია, ლამის თეთრ ლექსად იქცეს ხოლმე პროზად ჩაფიქრებული თემა („ხმა მიწიდან“, „შვება“, „ბებო, ეჰ, ბებო“ და სხვა).
ირაკლი სამსონაძე როგორც მწერალი, უპირველესად გულით ხედავს და გულის კანონებს მიჰყვება, ამიტომაც ხატავს პერსონაჟებს ასეთი გულიანი ტკივილითა თუ შვებით. მას ებრალება ბედისწერის „იმედიანი უღონობით“ გათანგული ადამიანები, რომლებიც მიუხედავად შეცდომებისა, უმწეობისა და დაცემისა, მაინც ზეცისკენ იხედებიან და ამჩნევენ: „მაღალ კორპუსებს შორის ცის იასამნისფერი ნაგლეჯი მომწყვდეულა, რომელზეც ორიოდე ვარსკვლავი იცრიცება“ („შვება“).
მწერალი განიცდის სამყაროს მთლიანობას მოწყვეტილი ადამიანის სულიერ ტკივილს და მას შესაბამის სიტყვიერ სამოსში წარმოაჩენს. მისი ნიჭიერება, როგორც მწერლისა, სწორედ ისაა, რომ შეუძლია სათქმელის მოწესრიგება.
ამჯერად, გვინდა გამოვეხმაუროთ ირაკლი სამსონაძის იმ სამ ნოველას, რომლებიც ჟურნალ „ომეგასა“ (10, 2002) და გაზეთ „ჩვენს მწერლობაში“ (13-19 დეკემბერი, 2002) დაიბეჭდა: „სარკიდან დანახული სარკესთან მდგომი“, „ბედისწერის იმედიანი უღონობა“ და „ის მზერა“.
ამ ნოველებს ახასიათებს თავისებური მხატვრული მთლიანობა. თხრობის დასაწყისი და დასასრული იმგვარად უკავშირდება ერთმანეთს, რომ თითქოს იკვრება წრე. თხრობა კი წარმოადგენს ამ წრის შემოვლას. ნოველა რითიც იწყება, იმით მთავრდება. იქმნება მხატვრული სისტემის გარკვეული საწყისი წერტილი, შეიძლება ითქვას, ფიქრის ათვლის წერტილი, საიდანაც იგება მსჯელობა და საიდანაც გამოიკვეთებიან როგორც პერსონაჟები, ასევე, მწერლის დამოკიდებულება მათდამი და ბოლოს, თხრობა მართალია უბრუნდება საწყის წერტილს, ოღონდ ამ დაბრუნებას თან ახლავს უკვე სხვანაირი გასხივოსნება როგორც პერსონაჟის, ასევე მკითხველისთვის.
ამ სამი მოთხრობიდან განსაკუთრებით ორში წარმოჩნდება ბედისწერის თემა. ერთში იხატება პერსონაჟის ჭიდილი ბედთან („ის მზერა“), მეორეში კი შეგუება ბედთან („ბედისწერის იმედიანი უღონობა“).
მწერალი არ ცდილობს ამ თემისათვის ჩვეული დრამატიზმის „გარეგან“ გართულებას და ტრაგიკული ამბის შექმნას. მას უფრო ის ჩუმი, გარედან დაუნახავი, ადამიანის შინაგანი, სულიერი ტანჯვა-წამება აინტერესებს და შესანიშნავადაც ხატავს.
ირაკლი სამსონაძე უბრალო, ერთი შეხედვით უფერული, „ადამიანი-მასის“ ცხოვრებას ხატავს ასევე უბრალო ყოფით გარემოში. იგი არ ეძებს და არ ქმნის პერსონაჟისა თუ მკითხველისთვის უცნაურსა და უცხო ვითარებას. მწერალი, ამ შემთხვევაში, ე.წ. ტრადიციულ გზას მოჰყვება და სიყვარულით ხატავს ხშირად ცხოვრებისგან გალახულ, დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებიც გაოცებენ დიდი გულითა და დაულაქავი გულწრფელობით.
ნოველაში „ის მზერა“ ამოსავალი წერტილია პერსონაჟის მზერა, რომელშიც მწერალი მის მთელ ცხოვრებას დაინახავს. დაინახავს და მერე მკითხველისთვის ამოწერს ამ მზერაში დანახულ პატარა ადამიანის დიდ, აუსრულებელ ოცნებებს.
მწერალი უღრმავდება მზერას „ორმოცს გადაცილებული, ნაადრევად თმაგათეთრებული, თუმცა ჯერ კიდევ ბიჭური იერის მქონე, ტანმორჩილი და ხმამჭექარა მწვრთნელისას“, რომელმაც, როდესაც მისმა ათი წლის აღსაზრდელებმა საფეხბურთო მატჩი მოიგეს, უცნაური სიამაყე იგრძნო და ამ მზერაში გამოხატა ოცნებასთან მიახლოების სიხარული: „ის მზერა აღებეჭდა — ნიშნისმოგებითა და ზეიმურობით შეზავებული, ასევე გულისმომკვლელი უსუსურობითაც“.
პერსონაჟი მთელი სისავსითა და სიხარულით ცხოვრობს მხოლოდ ოცნებაში. გეგონება, ადამიანი კი არ ირჩევს ოცნებას, არამედ, პირიქით, ოცნება ირჩევს ადამიანს, თანაც სასტიკი განურჩევლობითა და გულგრილობით, რათა დატკბეს პატარა ადამიანის უსუსურობით, დიდ ოცნებას რომ გამოდევნებია უიმედოდ და სასაცილოდ. მწერალს კი მოსწონს, ებრალება და უყვარს ასეთი უსახური, მაგრამ მოულოდნელად ასეთი მიუწვდომელი ოცნებით შეპყრობილი ადამიანი. ამ სიყვარულს და თანაგრძნობას ამჩნევს მკითხველიც და ენდობა მწერალს, რომელსაც სჯერა, რომ ჭუჭყსა და ნაგავშიც შეიძლება გაიხაროს ყველაზე ნატიფმა და დახვეწილმა ყვავილმა.
ნოველაში არ არის დახატული ლიტერატურაში ცნობილი ჭიდილი სინამდვილესთან, როდესაც გარემო ახშობს პიროვნულ მისწრაფებას. პერსონაჟი უნიჭო, თავის „ოცნებასთან ოდნავადაც ვერმიახლოებული კაცია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, დროდადრო თავი წარმოიდგინოს საფეხბურთო კარიერის მწვერვალზე, დატკბეს გამარჯვების ყიჟინითა და თაყვანისმცემელთა აღტაცებული შეძახილებით. „თვითგაცხადების ჟინი“ მასში ვულკანივით იფეთქებდა და მაშინ მორჩილად მიენდობოდა ოცნებას, რომლის გზითაც ბედისწერა ათამაშებდა სასაცილო და უმწეო კაცუნასავით.
მწერალი ხატავს, როგორ იტანჯება ადამიანი „ოცნების გამო, გამო თუ მიერ, თუ წყალობით, თუ შეუთავსებლობით იმ სინამდვილესთან, რაშიც არსებობდა ასეთი ტანმორჩილი, ასეთი დაკარგული, ასე ოცნების ამარა დარჩენილი“.
ცხოვრებამ ისე ჩაიარა, რომ დარჩა კაცი ასე, „ნაოცნებართან ვერშეხებული“. ბავშვობიდან დასცინოდა ბედი და ხშირად იყო შეურაცხყოფილი „სინამდვილის მწველი შეხებით, ჩვეულებრიობის გულგრილობით“. ბედი თითქოს საგანგებოდ სცდიდა, გაუძლებდა თუ არა ტკივილსა და დამცირებას, ბოლომდე უერთგულებდა თუ არა ოცნებას. გაუძლო გამოცდას. მწერალსაც იქნებ სწორედ ეს უღალატო თავგანწირვა ხიბლავს. ამიტომაცაა, რომ მისთვის იმეტებს იმგვარ დახასიათებას, როგორიცაა „უცხო ფიქრით აფორიაქებული“ (ეს პერსონაჟი „ნატვრის ხის“ ელიოზს მოგვაგონებს).
ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც მისმა გუნდმა მოიგო, ოცნებასთან მიახლოების სიხარული აღებეჭდა მზერაში, მაგრამ მწერალი სიხარულთან ერთად სხვა რამესაც ხედავს: „რაღაც მნიშვნელოვანი უსუსურობითაც იყო აღბეჭდილი, რომელიც წონით ვერ აიწონება და ჭეშმარიტებასავით ბოლომდე არასოდეს გაცხადდება, რადგან ჯერ კიდევ დაბადებამდე, წარსულიდან იღებს სათავეს და ბედისწერის დამღითაა დადაღული“.
მკითხველიც მწერალთან ერთად განიცდის პერსონაჟის იმედგაცრუებასა და დამცირებას. „სინამდვილეს ყველაზე უხამსად შეუძლია ადამიანს დასცინოს“, — რამხელა ტკივილია ამ სიტყვებში. ბედისწერა ზეიმობს, რადგან „ბედისწერაც სინამდვილეა“, კაცი კი რჩება „მარადიული ოცნებისა და მარადიული სიპატარავისთვის განწირული“.
მწერალი კი ცდილობს, თვითონაც დაინახოს და მკითხველსაც შეაგრძნობინოს მზერაში დალანდული ჭეშმარიტება, რომელიც „ბოლომდე არასოდეს გაცხადდება და რაც ჩუმი სიუცხოვით ბრჭყვიალებს რაღაც სიღრმიდან“.
ნოველაში კი „ბედისწერის იმედიანი უღონობა“ მწერალი ხატავს ბედისწერასთან შეგუებულ, ბუნებრივად ჰარმონიაში მყოფ პერსონაჟს, ნინოს, რომელიც მუდმივად გრძნობს, რომ ვიღაც მართავს და ამ უცხო ძალას ერთგვარი „იმედიანი უღონობით“ ემორჩილება.
„რატომ გაჩნდება ლეგა? უცნაურია, მაგრამ ნინომ ეს არ იცის. მეტიც, ნინოს ნამდვილად არ უნდოდა მესამე შვილი. ახლა კი უკვე დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში ვაჟი შეეძინება და მას ლეგას დაარქმევს“. ასე იწყება მოთხრობა და ასევე მთავრდება, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასაწყისსა და დასასრულს შორის იშლება პერსონაჟის სულიერი სამყარო, ფიქრებითა და ოცნებებით, წინააღმდეგობებით აღსავსე.
მწერალი ხაზს უსვამს ნინოს ბუნებრიობას. იგი ჩუმია და იშვიათად საუბრობს და „თუ სიტყვა ჩაურთო ქალების მიეთმოეთს, გეგონება ხეხილიანი ბაღი ააშრიალა ქარმა, მერე თავი ანება და ისევ მიაჩუმათაო“. ასეთი ლამაზი შედარებით წარმოაჩენს მწერალი ნინოს ქალურობას. 127-ე ფსალმუნი გვახსენდება: „ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისა, შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისნი გარემოის ტაბლისა შენისა“.
ამ უბრალო ქალში წარმოჩენილია მადლიანობა, დალოცვილობა, ამიტომაც არ შეუძლია მას ღვთის ნების წინააღმდეგობა, ჩასახული ბავშვი (ოჯახისთვის არასასურველი, რადგან ნინო აფხაზეთიდან ლტოლვილია და ხელმოკლედ ცხოვრობენ) უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას. ნინოს ბედისწერა ასეთია და დაე, ასეთი იყოს. ნებისმიერ დაბრკოლებასთან შეგუება ნინოსთვის ბუნებრივია. მას ისევე არ აღელვებს განსაცდელი, როგორც ხეს მეხთატეხა. მცენარესავით უზაკველად ხარობს და ნაყოფსაც თავის უნებურად ისხამს. თუმცა,იძულებულია, ყოფით ფართიფურთში ჩაერთოს, იყიდოს, გაყიდოს, ქმარს სიმართლე დაუმალოს, მაინც სუფთა გამოდის ცხოვრების ჭუჭყიდან. ის უბრალოდ ასეთია და სხვანაირად არ შეუძლია. მისი ბედსშეგუებულობა „თავსაფრიან დედაკაცს“ მოგვაგონებს.
მწერლის აზრით, ნინოს ნებისმიერ ფიქრსა თუ მოქმედებას წარმართავს ვიღაც სხვა, ბედისწერა, რომელსაც ემორჩილება არა ტანჯვა-წამებით (როგორც ნოველაში „ის მზერა“), არამედ უღონო გათანგულობით, ერთგვარი ნდობითაც კი. გულს მიჰყვება და არა გონებას, ინტუიციას ირჩევს და არა ლოგიკას. „ნინოს იმედიანი უღონობა დაეუფლა. რომ გეკითხათ, რისი იმედი ჰქონდა, ვერაფერს უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას, რაღაცის იმედი, ზოგადად იმედი. იმედი და მორჩა. ეს სხვანაირი იმედია. თითქოს დაბანგული და ამ დაბანგულობით თითქოს საგრძნობიც კი. იქნებ ფიქრით გატანჯულ ადამიანთან მოდის ასეთი იმედი. შესაძლოა ასეც იყოს“. და აქ გამჭვირვალედ შემოდის თემა რწმენისა. ყველგან იგრძნობა ღვთის ხელი, თუმცა ნინო არასოდეს ახსენებს. იგი მთელი თავისი არსებით, გაუცნობიერებლად, მთელი სისავსით მორწმუნეა, რადგან სიკეთითა და სიყვარულით აქვს სავსე გული. ნინო თავისი გარეგნული უნებობითა და შინაგანი უმწეობით თითქოს სამყაროს ერწყმის, სიცოცხლის საერთო, კოსმიურ ჰარმონიაშია ჩართული. და ასევე, არ შეუძლია ბავშვის მოშორება, როგორც ხეს ნაყოფისა.
ნინომ იცის, რომ ბავშვი გაჩნდება და ლეგას დაარქმევს, თუმცა, რატომ მაინცდამაინც ამ სახელს, არ იცის. მწერალი კი დასძენს: „საიდან უნდა იცოდეს ან კი უნდა იცოდეს კი საერთოდ რამე? იმან იცის და ის კარნახობს. ვინ იმან? ვინ არის ის? ნინომ ესეც არ იცის. არც აინტერესებს. მხოლოდ ესაა, როდესაც ლეგას წარმოთქვამს ხოლმე, კიდევ უფრო ემსგავსება ხეხილიან ბაღს, რომელშიც ახლა სიმშვიდე სუფევს“.
ამგვარი სიმშვიდე მოაქვს სამყაროსთან შეთანხმებულობას, შესაბამისობას იმასთან, რაც ხდება მიწასა თუ ცაში.
და როცა ამგვარი ჰარმონიულობა მიუღწეველია, მაშინ წარმოიქმნება კრიზისი, სული ივსება სიცარიელით.
სწორედ ამ სიცარიელეს ხატავს მწერალი მესამე ნოველაში „სარკიდან დანახული სარკესთან მდგომი“.
ნოველის პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი, ე.წ. თავისუფალი რეჟისორი (რაც მწერლის ირონიული შენიშვნით, უმუშევარ რეჟისორს გულისხმობს და სხვას არაფერს), იმდენ ხანს თამაშობდა ნიჭიერ კაცს, რომ ეს ნიჭიერება ნიღბად ექცა, თუმცა, ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან „ღმერთმა არ აპატია საკუთარი თავის ასე უმოწყალოდ ფლანგვა, არ აპატია და ზურგი შეაქცია კიდეც“. ხოლო როდესაც ღმერთი ზურგს შეგაქცევს, მაშინ ბედისწერა სათამაშოდ გაქცევს და საკუთარ თავთან ისე დაგაპირისპირებს, სიცოცხლეს მოგაძულებს. უპირველესად კი, ადამიანი ღალატობს თავისთავს, ამიტომაც მისი ნებისმიერი ჩანაფიქრი განუხორციელებლობისთვის იწირება.
საინტერესო სიმბოლიკას ქმნის მწერალი. მთავარი პერსონაჟი ზის მეგობრის მისაღებში ტახტზე და კომოდზე შემოდგმულ მოვარაყებულ სარკეში იყურება. სარკეში კი ჩანს შემოსასვლელში დაკიდული სარკე, რომელშიც მისი მეგობარი გულმოდგინედ ივარცხნის თმას. ეს რთული სარკისებური ასახვა წარმოაჩენს პერსონაჟის გაუცხოებას სინამდვილესთან, რეალობისგან გაქცევას, რაც ნიშნავს იმ პრობლემათა თავის არიდებას, რასაც ცხოვრება გამუდმებით უქმნის ადამიანს. ამავე დროს, პერსონაჟი სარკეში „ყურებით“ საკუთარ სიცარიელესაც შეხვდება და გააცნობიერებს, რომ ხელოვნება ვერ ჩაენაცვლება ცხოვრებას. შეიძლება იონესკომ დაწეროს ისეთი პიესა, რომ შიგ ანტი-იონესკო ჩანდეს, მაგრამ ცხოვრება არასოდეს შეიცვლის გეზს. ის ყოველთვის აბსურდულია და ლაბირინთებით სავსე.
ნოველის გმირი მეგობარს ესტუმრება დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მისგან მოჩვენებითი კეთილგანწყობისა და შემაძრწუნებელი გულგრილობის გარდა ვერაფერს მიიღებს. მისი ცარიელი თვალები კი, რომლებიც დაცლილ ბოთლებს, უჩარჩო სურათებსა და უთევზო აკვარიუმს მოაგონებენ, თითქოს ყველფერს აშეშებენ გორგონასებური მზერით. ამ თვალებში თვითონ სამყაროც კი კვდება, რადგან არ არის საყრდენი სიკეთისა თუ სიყვარულის სახით. თუ ცხოვრება აწყობილი გაქვს, მაშინ სხვისი უბედურება რაღა სახსენებელია! მაგრამ ის სხვა, რომელიც ასეთი სასტიკი და უსულგულო გეჩვენება, იქნებ ისე სულაც არ განსხვავდება შენგან, როგორიც გგონია? იქნებ სარკეში მაცქერალი ცხოვრების ნებიერა შენი ანარეკლია მხოლოდ სხვა სიბრტყეში? ეს მსგავსება იმასთან, ვინც არ მოგწონს და გეუცხოება თვითჩაღრმავებასა და თვითგანწმენდას იწვევს.
ამთავრებ მოთხრობას და შენც სარკეში მაცქერალ სხვებით უკმაყოფილო პერსონაჟს ემსგავსები, თანაც გრძნობ ერთგვარ სიმსუბუქეს, რომ ეს მწერალმა შენს ნაცვლად შესანიშნავად გამოხატა.
მე, როგორც „ჩემი გემოვნების მონამ“, ის მოგახსენეთ, რაც ირაკლი სამსონაძის მოთხრობებში დავინახე და მომეწონა. სხვა სხვანაირად წაიკითხავს და გამოხატავს, მთავარია, რომ მოთხრობები ნამდვილად აღძრავენ ფიქრისა და განსჯის წადილს.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006

Thursday, March 3, 2011

სიცოცხლის საიდუმლო

სიცოცხლის საიდუმლო



გველი და ლოცვა, ალბათ, ყველაზე ძნელად წარმოსადგენია ერთად, თუმცა პოეზიამ არ იცის საზღვრები და ეს ორი ერთმანეთთან ცასა და მიწასავით დაშორებული სიტყვა წარმოსახვის მშვენიერ სივრცეში ერთმანეთს ლაღად და თავისუფლად დაუწყვილა. ასე მოხდა ანა კალანდაძის პოეტურ სამყაროში და შეიქმნა ლექსი „ლოცულობს გველი“.
პოეტი, ერთი შეხედვით ცხად, გამჭვირვალე სურათ-ხატებს ქმნის. სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება მხოლოდ მერე, წარმოდგენილი სახეების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთება. ასოციაციური ნაკადი გაარღვევს ზედაპირს, თავისთავად ღირებულს და გამოაჩენს სულ სხვა სიღრმეს. ეს სიღრმე მოიცავს შესაქმესაც, ძველეგვიპტურსა თუ ძველბერძნულ წარმოდგენებსაც, ერთი სიტყვით, ცალკეული კონკრეტული სახე თითქოს ნიღაბს იხდის და მითოსური თუ ბიბლიური არქეტიპების სიბრტყეზე პროეცირდება.
პირველი, რასაც მკითხველი შეიგრძნობს ლექსის დასაწყის სტრიქონებიდან, არის ელდა გველის გამოჩენისა:
გასრიალდება ხევში ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით.
მუხლებს მოიყრის და შიშისმგვრელი
ლოცულობს გველი.
თავისთავად იბადება მუსიკაც, რომელსაც წარმოქმნის ხევში ჩაფენილ ფოთლებზე გველის გასრიალება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ეს არის გასრიალება „ზმორებით“, ე.ი. ახლადგამოღვიძებული, ჯერ კიდევ რომ არ გამოუღწევია სრულად ძილის სამეფოდან, ქვეწარმავალი გათენებისთანავე მისრიალებს ხევში ლოცვის სათქმელად. ჩვეულებისამებრ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ დროს აღვლენილ დილის ლოცვაში ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელოებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემისათა…“ ადამიანი მადლობს უფალს, რომ მიუხედავად ცოდვათა და უსჯულოებათა სიმრავლისა, მაინც გახდა ღირსი სიცოცხლისა. ღვთის მადლობამ ისეთ დაცემულ ჭურჭელშიც კი შეაღწია, როგორიც გველია და იგი შემოქმედის სადიდებლად ზეწამომართა.
მთელი სამყარო, განწმენდილი და უცოდველი, ყოველ დილას ღვთისგან შენდობილი, თითქოს ხელახლა იბადება თავიდან. ყოველი დილა ღვთის „შესაქმით“ იწყება. შენდობა დილას ამოსულ მზის სხივებივით უშურველად მიენიჭება ყოველს, მადლი დაეფინება სამყაროს და განიწმინდება. ამიტომაცაა, რომ „შიშისმგვრელი“ გველი ლამაზია — „ტანმოხატული უცხო ზოლებით“. პოეტისა და მკითხველის მზერა მის ტანს გარსშემოევლება როგორც რაღაცას, თავისთავადს, დამოუკიდებელს, რომელიც აღძრავს სილამაზით მოგვრილი აღტაცების განცდას.
წარმოდგენილი სურათის სრულყოფილებისათვის და ლოცვის გასამძაფრებლად პოეტი გველს მუხლმოყრილს ხატავს. ამგვარ მდგომარეობაში ლოცვა თითქოს უფრო მხურვალეა. ამიტომაც ლექსის პირველი სტრიქონებით მოგვრილ ელდას ემატება ჯერ გაოცება, მერე თანაგრძნობა.
„ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა“, — ეს სტრიქონი თითქოს ერთ სიბრტყეში მოაქცევს მკითხველსა და უხსენებელს. ისიც მასავით ცოდვილია. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება. რადგან ცოდვილი სული აწუხებს გველს და ამიტომ ევედრება შემოქმედს. ეს თითქოს შიგნიდან დაგვანახებს მის არსებას.
გველთან მადლის დაკავშირების თემამ უპირველესად, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სახე ამოატივტივა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“. სიკეთესთან, სინათლესთან, სიმართლესთან, სიბრძნესთან, თავგანწირულობასთან (ლუხუმის სახე ხომ ასე განზოგადდება) შეხვედრისას გველი იცვლება:
დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გონება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება.
ამ ლექსში არ ჩანს ამგვარი შეხვედრა ვინმესთან, ან რაიმესთან.
შესაძლოა და, ალბათ, სწორედაც რომ პოეზიასთან შეხვედრამ გამოიწვია მისი ამგვარი ტრანსფორმაცია. ამიტომაც პოეტის მზერაში მისი „შიშისმგვრელობა“ ასეთ „სანდომიან“ სახედ გარდაისახება:
როს იდუმალებს,
სევდიან თვალებს,
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს
გესლიან ენით.
მართალია, „გესლიანი ენა“ მკითხველს ისევ აბრუნებს ადრინდელ ელდასთან, მაგრამ ჩუმი ჩურჩული ამ გესლს თითქოს ძალას აცლის.
საზოგადოდ, სამყაროს ზედაპირით (ის, რაც ადამიანური გრძნობის ორგანოებით აღიქმება) დაუკმაყოფილებლობა პოეტთა გამორჩეულობის უპირველესი დასტურია. თვითონ ანა კალანდაძეს ეს ერთ ლექსში ამგვარი „ფორმულით“ აქვს გადმოცემული:
და ჩურჩულებენ, ჩურჩულებენ
შემოგარენი…
ეს ჩურჩულიც ისმის მკაფიოდ…
და ლურჯ ბალახებს
ნამისგან სველებს
თვის გულის ნადებს გაანდობს ღალღაც…
ო, არის რაღაც
უსაზომოდ დამაფიქვრელი.
სწორედ ეს „რაღაც“, რაც უსაზომოდ დამაფიქვრელია, არ ასვენებს პოეტს და მისი ამოხსნისკენ უბიძგებს. ჩურჩული, ამჯერად მხოლოდ შრიალი, მხოლოდ ნელი ხმოვანება, მაგრამ შინაარსი? ენა? სიტყვები? აი, ეს არის უმთავრესი. პოეტს ამის გაგება სურს, მაგრამ ხშირად თვითონ კი გაიგებს და ეზიარება უხილავს, მაგრამ როგორ გადმოსცეს, აქ ჩნდება სიტყვათა უძლურების დაბრკოლება, ძებნა, ძიება და ასე იქმნება პოეტური სახეები, თუ სიმბოლოთა ლაბირინთები.
თავიდან „სრიალით“ მოგვრილი მუსიკა იცვლება და ახალი ხმოვანება იქმნება:
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი.
ირგვლივ ხავერდოვანი, რბილი სიმშვიდე ისადგურებს. მრავალფეროვანი სამყაროს დილის მზით მადლსხურებული იშვებს. ამიტომაც ამ გადასახედიდან ახლა დაუჯერებელი ჩანს: „ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა“.
გველი ახლა უკვე მხოლოდ ნიღაბია, საფარველია, მახინჯი ზედაპირია, რომლის გადახდით, იქით, მიღმა, გამოჩნდება იდუმალი. ასე იბადებიან ზღაპრებში გველის ტყავიდან მზეთუნახავნი. ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება „ტყის ბანოვანთან“ შედარება. მისი ამგვარი სახელდება წარმოაჩენს „სხვას“, რომელიც ყველაფერია და ყველგანაა, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ სივრცეში და რომელიც ყველაზე ახლოა უზენაესთან. სწორედ ამ დროს ის „სხვა“ ასე მჟღავნდება:
ნაიდუმალევს,
როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს
და სევდიან თვალებს.
მაგრამ ამგვარი „გახსნა“ და ზიარება სინათლესთან დროებითია და წარმავალი. სულის დღესასწაულს (რაც ლოცვისას ხდებოდა), შეენაცვლება ხორცის ზეიმი.
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი.
ლოცვით შენდობილი გველი ისევ „ეცემა“, რათა კვლავ ცოდვებით გაივსოს, მაგრამ დილას, ღამის კოშმარებს თავდაღწეული კვლავ დაელოდება მზის ამოსვლას და ყოვლის მიმტევებელთან შეხვედრას ცოდვათა შენდობის იმედით.
ხელში დაირით, უზუნდარას რომ ცეკვავს, — არანაკლებ შთამბეჭდავი სახეა, ვიდრე მლოცველი გველი. ეს უკვე დილიდან გამოსული სამყაროა, სინათლიდან სიჭრელეში და აქედან სიბნელეში გარდამავალი. ეს მარადიული დაცემა-აღდგომაა, შეკრული ჯადოსნური წრეა, რომელსაც ვერასოდეს დააღწევს თავს ვერც გველი და, სამწუხაროდ, ვერც ადამიანი. ეს თვითონ სიცოცხლეა, თავისი ცრემლითა და სიხარულით, სინათლითა და სიბნელით. სიცოცხლის საიდუმლოც ესაა. ცოდვა სიკვდილია, სულის მოშთობა, ლოცვა კი — აღდგომაა სიკვდილიდან, ცოდვიდან. იქნებ პოეზიის მადლი ისიც იყოს, რომ ამ გზით ადამიანი ეზიარება დაფარულს, იდუმალს, იმას, რაც სიღრმეშია. რადგან ხშირად სინათლე შეიძლება ზედაპირზე სიბნელედ ჩანდეს, ანდა — პირიქით პოეზია კი ამ უხილავ სიღრმეთა მიმოხილვაა, შთასვლაა ჯოჯოხეთში სამოთხეში „ამოსასვლელად“. ამგვარი განცდები კი ამდიდრებს ყოფიერებას, თორემ ისე, სიცოცხლე, მართლაც, უსახო, პლატონისეულ მღვიმის კედლებს დაემსგავსებოდა, სადაც უსისხლო ჩრდილები ჩანს მხოლოდ და სხვა არაფერი, მაგრამ სიცოცხლე ფერადი „ხევია“, სადაც დილ-დილობით სალოცავად მისრიალებს უხსენებელი.
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006

Wednesday, March 2, 2011

ოთარ ჩხეიძის პროზაზე

წმინდა წყლის მთხრობელი, ეპოქის მხატვარი

ოთარ ჩხეიძე

„მწერალი მხატვარია პირველყოვლისა,
ოღონდ მემატიანეცაა ეპოქისა იმავე დროსა“.
ოთარ ჩხეიძე

„იყო მწერალი, აუცილებლად ნიშნავს,
იყო პროტესტანტი“
იოსიფ ბროდსკი

„სტუმრობა მაგონდება ჰაინრიხ ბიოლისა. მწერალთა კავშირში. გრიგოლ აბაშიძის კაბინეტში. იმ წინა ხანებში რაღაც ჩვეულებრივი შფოთი ატყდა მწერალთა კავშირში. გრიგოლმა გამოსძებნა საშუალებაი შფოთისთავების დაშოშმინებისა: თვითონ — თავმჯდომარე ერქვა მწერალთა კავშირისა — პირველი მდივანი დაირქვა, თორმეტ სხვას სათითაოდ დაარქვა — მდივანი. ალბათ მოციქულების რაოდენობის მიხედვითა. რაცთუ რა იყო, შევაღე კარები გრიგოლის კაბინეტისა. უცხო ვინმე რომ მომხვდა თვალში, გამოვტრიალდი. გრიგოლმა შემაბრუნა: მოდიო დარჩიო, გაიცანიო, ჰაინრიხ ბიოლი ბრძანდებაო. მეც წარმადგინა: ჩვენი მწერალი გახლავთო. და შემოლაგდნენ რო ის მდივნებიცა, წარუდგინა და წარუდგინა: მდივანი... მდივანი... მდივანი... მდივანი... მდივანი... მდივანი... მდივანი... ჰაინრიხ ბიოლმა სიცილი მორთო: ეს ერთი მწერალი გყოლიათ და ეს ამდენი მდივანი რაში სჭირდებაო“ (ჟ. „აფრა“, #6, 1998, გვ. 226)
მოგონების ამ უბრალო ეპიზოდში კარგად ჩანს ოთარ ჩხეიძის შთამბეჭდავი თხრობის სტილი, ირონიის თანხლებით. თან ეპოქა, პიროვნებები იხატებიან. წინასწარგანუზრახველი თვითშეფასებაც გამჭვირვალედ იკითხება. ის, მართლაც, ჩვენი დროის ერთი-ერთი რჩეული მწერალი გახლდათ, XX საუკუნის პირუთვნელ მემატიანედ აღიარებული, ბალზაკის დარად სიუხვითა და თანმიმდევრულობით გამორჩეული.
ოთარ ჩხეიძეს შეეძლო გაემეორებინა Gგაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: „მე მოწოდებითაც და უნარითაც წმინდა წყლის მთხრობელი ვარ, ზუსტად ისეთივე, როგორიც სოფლის მთხრობელები, რომელთაც არ შეუძლიათ იარსებონ, თუკი რამეს არა ჰყვებიან, განურჩევლად იმისა, რეალურია ეს ამბავი თუ გამოგონილი. ჩვენთვის რეალურობა არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა. რეალურობა ისაა, რაც არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მოყვა“ (გაბრიელ გარსია მარკესი, „გასართობი სოფიზმები“ ჟ. „ჩვენი მწერლობა“, #12, 2006, გვ. 22)
ოთარ ჩხეიძე თავის უზარმაზარ მხატვრულ სამყაროში ჰყვება ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ, ჰყვება დინჯად, გულდასმით, დეტალურად, აუჩქარებლად, ყოველი სიტყვის დაგემოვნებით, რიტმულად, გაბმულად. ჰყვება სიცოცხლის მრავალფეროვნებაზე, სიკვდილზე, მშვენიერებასა და სიმახინჯეზე, ადამიანის დაცემასა და ამაღლებაზე, მიტევებასა და შურისძიებაზე. ეს თხრობა სავსეა სამყაროს ათასგვარი ხმითა და ფერით, გემოთი და სურნელით.
მთელი მეოცე საუკუნე და XXI საუკუნის პირველი ხუთეული დაიხატა მის 22 რომანში, მოთხრობებში, დრამებში, ესეებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში. ის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ცხოვრებას და ეპოქის რიტმსა და სუნთქვას მხატვრულ სიტყვაში შეუდარებელი ოსტატობით აღბეჭდავდა. მისი რომანები — „ბორიაყი“, „ტინის ხიდი“, „ცხრაწყარო“, „ჯებირი“, „ბურუსი“, „ცთომილნი“, „მეჩეჩი“, „აღმართ-დაღმართი“, „კვერნაქი“, „ნაკრძალი“, „ლანდები“, „გამოცხადებაი“, „ვენეციური ჭაღი“, „ჩემი სავანე“, „მთაგრეხილი“, „ამაღლება“, „არტისტული გადატრიალება“, „თეთრი დათვი“, „2001 წელი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „მორჩილი“, „ლაზერშოუ“ — ამისი დასტურია.
მის შემოქმედებაში იკითხება არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ კაცობრიობის წარსული და მომავალი, ადამიანის მისწრფებები.
ის იყო შესანიშნავი მთარგმნელიც. მის ნაწარმოებებში არა მხოლოდ თანამედროვეობა, არამედ წარსულიც წარმოჩნდება („აშოტ დიდი“ და “თედორე“, „ქეთევანი“, „გიორგი“ და სხვა... )
განსაკუთრებული და ორიგინალურია მისი სტილი, თხრობის მანერა, ენა. „სწორედ ენის საშუალებით გადაარჩინა ოთარ ჩხეიძემ თავისი დიდი მხატვრული სამყარო იმ სავალდებულო კომპრომისებისაგან, რასაც ბევრი მისი თანამედროვე მწერალი ვერ აცდა“ (ტარიელ ჭანტურია, „ტრაგიკული ონომასტიკონი“ წიგნში: „ლაზერშოუ“, თბ. 2005, გვ. 406)
ოთარ ჩხეიძის სამწერლო ლექსიკა გამდიდრებულია ხალხური თქმებით, ანდაზებით, ლეგენდებით, ერთი სიტყვით, მისი ენობრივი სისავსის წყაროა ქართული ფოლკლორი, ძველი ქართული მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ისტორიული ძეგლები, ბიბლიის თარგმანები). ამ თვალსაზრისით, ყველაზე სუფთა მწერალია, შეურყვნელი. რომანებსა თუ სხვა ჟანრის თხზულებებში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სიტყვას. საგანსა თუ მოვლენას არა მხოლოდ „გამოთქვამს“, არამედ აანალიზებს, აფასებს, უღრმავდება თვით გამოთქმული სიტყვის აზრობრივსა თუ ფილოსოფიურ-რელიგიურ ასპექტებს. მისთვის სიტყვა მისტიკური ფენომენია, საიდუმლოს დამტევიც და განმცხადებელიც, ამიტომაც რომან „მორჩილის“ დასაწყისში სწორედ სიტყვას სთხოვს შემწეობას: „სიტყვა ჩვენთან არს. სიტყვაო შეგვეწიე, სიტყვაო წმინდაო, უგვანთაგან მიუკარებო. სიტყვაო ემბაზისა. სიტყვაო ღმრთისა!“ („მორჩილი“, გვ.5)
მწერალს სჯეროდა, „სიტყვა იყო ღმრთისა და არც რა უჭირდა ქვეყანასა... სიტყვა იქცა საქვეყნოდა და ღმერთსაც გაუჭირდა... ვეღარც ქვეყანა შეელევა ღვთით კურთხეულ სიტყვასა და აღარც ღმერთი ინებებს დაიბრუნოს სიტყვაი იგი გალიზღებული, გაამქვეყნიურებული, გამოვლებული დორბლიან ყბებში, დაცურებული ენაზედა“ („მორჩილი“, გვ.4)
მის სტილს ასაზრდოებს ქართლური კილო. მაგ. „მზეი“ „გაწითლებაცა“, „რო“ და სხვა. სიტყვის ბოლოში ა — ხმოვანი, რომელიც მუსიკალურ ჟღერადობას მატებს სტრიქონებს. უყვარს წერტილი, მძიმეს იშვიათად იყენებს (განსაკუთრებით, 90-იანი წლების რომანებში). სახელდებითი წინადადებები (გრიგოლ რობაქიძესა და ნიკო ლორთქიფანიძის ენაშიც შეინიშნება სახელდებით წინადადებათა სიმრავლე, მაგრამ სრულიად განსხვავდება ამ სამი მწერლის ხელწერა ერთმანეთისაგან).
ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას თვალს ვერ გადაავლებ, ვერ გადაიკითხავ, უნდა დაბეჯითებით შეუყვე, არც ერთი სტრიქონი არ გამოტოვო, თუ გემოს გაუგებ, თუ შეყვები, მორევივით ჩაგითრევს და გატრიალებს ენის თავბრუდამხვევ წიაღში.
ოთარ ჩხეიძის ენა მუსიკალურია. როგორ იქმნება ამგვარი მუსიკალურობის განცდა?
უპირველესად, სიტყვათა ან წინადადებათა გამეორებით, ალიტერაციებით, ასოციაციებით (მონათესავე სიტყვებისა და აზრების ხშირი გადაძახილით). მაგ. სანიმუშოდ დავაკვირდეთ Eერთ მცირე, სახელდახელოდ მონიშნულ ფრაგმენტს მისი შედევრად აღიარებული მოთხრობიდან „ოდოჟღერი“: „თქვეს უფროსმა გოგონებმა. ერთადა თქვეს. ერთადვე წამოჰკრიფეს ცერცვის ბუჩქები. შემოიწყვეს ირგვლივა. ერთნაირადვე. ეგრე აუქციეს ნაკოშკარსაცა. გადავლეს ბოგირიცა ეგრევე. ორღობეცა. ორღობეცაო. ოღონდ ისიცაა — მტვერი იდგა ორღობეში ისევა. მტვერი. მტვერი. ნახირის მტვერი. მტვერი გადასდიოდა იქაცა ოდოჟღერსა. აქაც მტვერში გაეხვია ოდოჟღერი. ოდოში. ოდოშღერი. ოდოჟღერი — გვიანობამდე შემორჩა სიტყვარსა. ქართულსა. გვიანობამდისა. წინა საუკუნის შუახანებამდე. ყანას შემორჩა“.
ამ პატარა ფრაგმენტში ზღვის წვეთივით ირეკლება მწერლის თხრობის მანერა, თავისებურება, უჩვეულობა, ორიგინალობა. მთავარი მუსიკაა. ყოველი სიტყვა გამოირჩევა აზრითა და მუსიკით (სხვაგან ფერსა და სურნელსაც გამოჰკვეთს). ყოველი სიტყვა აქცენტირებულია, გამოკვეთილია, ამიტომაც ხშირად სვამს წერტილს. გამოაცალკევებს, თუმცა, ერთი შეხედვით, შეიძლებოდა მძიმეც დასმულიყო. აზრიც შეიძლებოდა სხვანაირად დალაგებულიყო, მაგალითად, ჯავახიშვილისებურად, გამსახურდიასებურად, რობაქიძისებურად, ლორთქიფანიძისებურად, მაგრამ აქ სულ სხვანაირი წყობაა თხრობისა, ეს არის ოთარ ჩხეიძისებური. ამას ვერ მიბაძავ, იმდენად განსაკუთრებულია. მიბაძვა განა არ შეიძლება, მაგრამ მაშინვე თვალში გეცემა, სხვისი, ჩხეიძისა იქნება, რადგან ძალიან განსხვავებულია, მისი მიგნებულია და ეს არის მართლაც აღმოჩენა თხრობაში, სადაც ძნელია რაიმე ახალს მიაგნო, სწორედაც რომ თხრობის თვალსაზრისით. აზრის გადმოცემის ორიგინალურობაზე, წინადადებაში სიტყვათა წყობის თავისებურებაზე გვაქვს საუბარი. მწერალი არ არღვევს გრამატიკის აღიარებულ წესებს, იცავს სინტაქსს, მაგრამ რაღაცას ცვლის ისე, რომ აბსოლუტურად ახალ ფორმას ქმნის. როგორც ზემოთ გითხარით, დავაკვირდეთ არა საგანგებოდ, არამედ უბრალოდ შერჩეულ ფრაგმენტს, რადგან მისი ნაწარმოებები მთლიანად ამ სტილითაა დაწერილი, გამონაკლისის გარეშე. ის კი არა და, ესეებსა თუ პუბლიცისტურ წერილებსაც ასე წერდა, ამავე რიტმით პასუხობდა შეკითხვებსაც.
მივუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტს. პირველ წინადადებაში უბრალო მხატვრული ინფორმაციაა გადმოცემული, აღწერილია ვითარება.: „თქვეს უფროსმა გოგონებმა“. შემდეგ წინადადებაში იმავე აზრს იმეორებს, მაგრამ აზუსტებს, ამისთვის ახალ წინადადებს ქმნის: „ერთადა თქვეს“. მეორე სიტყვა პირველი წინადადებიდან უცვლელადაა გადმოტანილი: „თქვეს“. აქ ახალია „ერთადა“, ამას უსვამს ხაზს. მისთვის მნიშვნლოვანია სწორედ ეს ერთად თქმა, იმიტომ, რომ ამას სხვა ჟღერადობა აქვს. თუ წინა ორ წინადადებაში გამეორდა სიტყვა „თქვეს“. შემდეგ წინადადებაში იმეორებს მეორე წინადადების ახალ სიტყვას „ერთადვე“, რადგან აქცენტი კვლავ ამ სიტყვაზეა. „ერთადვე წამოჰკრიფეს ცერცვის ბუჩქები“. შემდეგ აღწერაში ახალი დეტალი შემოიჭრება, მაგრამ ის სიტყვა, რომელმაც ერთიანობა გამოხატა, კვლავ განმეორდა. ეს არის საოცარი გრძნობა რიტმისა, შინაგანი რიტმისა, რომელსაც ქმნის სიტყვათა, ბგერათა, აზრთა გამეორება თუ ემოციური და აზრობრივი ურთიერგადაძახილი. სიტყვები თითქოს ექოებს გამოსცემენ. შემდეგი წინადადებაა: „შემოიწყვეს ირგვლივა“. აქ ახალი აზრია, მაგრამ შემდეგ ისევ ერთსიტყვიანი წინადადება მოდის „ერთნაირადვე“. რაღაც მათემატიკური სიზუსტით არის ეს რიტმი აწყობილი, ხან შენელდება, ხან აჩქარდება, თანაც მუდმივად ცვალებადობს. „ეგრე აუქციეს ნაკოშკარსაცა. გადავლეს ბოგირიცა ეგრევე.“ აქ ყურადღებას იქცევს შ—ს გამეორებაც „შემოიწყვეს“ და „ნაკოშკარსაცა“. ამ ორ წინადადებაში თავსა და ბოლოში მეორდება თითქმის ერთნაირი სიტყვები: „ეგრე“ და „ეგრევე.“ შემდეგ კვლავ იმეორებს სიტყვას, ოღონდ უფრო მეტი გამოკვეთით. „ორღობეცა“. ეს წერტილით გამოყოფილი ცალკე წინადადებაა, ოღონდ ამ სიტყვის გასაგები ზმნა წინა წინადადებაშია, ასე რომ, ეს წინადადება თან დამოუკიდებელია, თან არა. თანაც, რაღაც თითქოს ზღაპარივით გვიამბობს ამბავს. სიტყვას ეჭიდება, რომ ამ სიტყვამ თვითონ მოიყოლოს სხვა სიტყვა, შესაფერისი თუ შესაბამისი და ასეც ხდება. შემდეგ მოდის კვლავ ერთსიტყვიანი: „ორღობეცაო“. აქ განსხვავება მხოლოდ სხვათა სიტყვის ო—შია, თითქოს „დაამაგრა“ ეს სიტყვა შთაბეჭდილებაში. და მოაყოლა წინადადება: „ოღონდ ისიცაა — მტვერი იდგა ორღობეში ისევა“. აქ ორღობეს „ერითმება“ „ოღონდ“. ისევ მუსიკისთვის მსხვერპლშეწირვა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც არაფერს სწირავს, არაფერს არღვევს, უბრალოდ იმეორებს, რომ მკითხველი დაატკბოს სიტყვათა მუსიკით. არა განსაკუთრებული, არამედ ჩვეულებრივი, გაცვეთილი, უბრალო, ყოველდღიური, შეუმჩნეველი, სიტყვათა დაფარული მუსიკით. სხვა დროს ძველ სიტყვებს აცოცხლებს ამავე მიზნით, ან ნეოლოგიზმებს ქმნის. შემდეგ წინადადებაში მეორდება წინა წინადადების ახალი დეტალი, თანაც ორჯერ: „მტვერი. მტვერი“. სხვა დაწერდა: დიდი მტვერიო, ან ყველაფერი მტვერს დაეფარაო, არა, ის ორჯერ იმეორებს და ეს სიტყვა სხვათა დაუხმარებლად წარმოგადგენინებს გარემოს. შემდეგ წინადადებაში კვლავ იმეორებს მტვერს ოღონდ მის წყაროს აზუსტებს: „ნახირის მტვერი“. და კვლავ იმეორებს: „მტვერი გადასდიოდა იქაცა ოდოჟღერსა. აქაც მტვერში გაეხვია ოდოჟღერი“. დამატებით: „ნახირი“ „გაეხვიას“ ერითმება. ამ წინადადებებში ჩნდება ახალი სიტყვა — ოდოჟღერი, რომელიც დამწიფებულ ყანას ნიშნავს თურმე. ეს სიტყვა თავისთავად ლამაზიაა, მუსიკალურია, ამიტომაც გააცოცხლა მწერალმა. თვითონაც ტკბება მისი წარმოთქმით და მკითხველსაც უბიძგებს, რომ კი არ გადაურბინოს, არამედ, შეჩერდეს, გაიმეოროს, დატკბეს და მერე ჩასწვდეს კიდევაც ამ თავანკარა ქართულს, „ღმერთების ენას“, მრავალ საიდუმლოს რომ ინახავს. ნახეთ, როგორ უვლის გარშემო ამ სიტყვას, ეფერება, ეალერსება და თვითონაც ტკბება და თბება, ნეტარებს: „ოდოში. ოდოშღერი. ოდოჟღერი — გვიანობამდე შემორჩა სიტყვარსა. ქართულსა. გვიანობამდისა. წინა საუკუნის შუახანებამდე. ყანას შემორჩა“. ნახეთ, ნამდვილი პოეზიაა. სიტყვა „გვიანობამდე“ მეორდება, მაგრამ წინადადებაში ადგილს იცვლის, რაც რიტმსაც ცვლის. მეორდება „შემორჩა“. თანაც ორში მეორდება, შუა წინადადებაში კი იგულისხმება. დამატებით: „მტვერი“ „სიტყვარს“ ერითმება. და ბოლოს, ზემოთაც ვახსენე, სიტყვების ბოლოს ხშირად ურთავს ა—ს, ალბათ, ყველაზე მუსიკალურს ხმოვანთა შორის. ეს არის მისი თხრობის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი. ასეთი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ ქართულ პროზაში ნამდვილად გასაოცარია, ასე მხოლოდ გალაკტიონი „უსმენდა“ სიტყვებს. ასე რომ, ოთარ ჩხეიძისთვისაც, თხრობაში მთავარია მუსიკა და მასაც შეეძლო ვერლენივით ეთქვა „მუსიკა, უპირველეს ყოვლისა“. თანაც, ამ გამეორებულ სიტყვათა მნიშვნელობები ნიუანსობრივად იცვლება. აქ არა მარტო მუსიკალური სმენაა, არამედ მხატვრის თვალიცაა, რადგან ფერიც ეცვლებათ სიტყვებს სხვა სიტყვათა ჩრდილის მიფენისას. ეს არის სიტყვის ესთეტიზმი. მწერალი სიტყვისა და სიტყვების საშუალებით თხრობის მშვენიერებას შეგვაგრძნობინებს. იგი ფერ-მწერიცაა. ეს არის შთამბეჭდავი, თავბრუდამხვევი თხრობა. ოღონდ უნდა მიჰყვე, შეჰყვე, შეიგრძნო, „იგემო“, „მოისმინო“, მერე „ძნელად დააღწევ“ თავს. ამიტომაც ხშირად შეხვდებით მის შემოქმედებაში ფიქრს სიტყვაზე, ქართული ენის თავისებურებებზე, ტკივილსა და წუხილს სიტყვისა და გამოთქმის გადაგვარებაზე. მის ნაწარმოებებში ხშირად თვითონ „სიტყვაა“ ავტორი: მას უსმენს, მას მიჰყვება მწერალი. სიტყვას მიაქვს და მოაქვს მუსიკაც, ფერიც, სურნელიც და, რაც მთავარია, აზრიცა და ამბავიც. სიუჟეტს აწყობს სიტყვა, კომპოზიციას ჰკრავს, ერთი სიტყვით, როგორც ბიბლიაშია, ოთარ ჩხეიძის რომანებშიც თვითონ სიტყვაა „შემოქმედი“. და ამ მხატვრული სამყაროს შემქმნელი კი (სადაც „სიტყვაა“ მთავარი შემოქმედი) ოთარ ჩხეიძეა, ასე რომ, მის შემოქმედებაში სამყაროს, სიცოცხლის შექმნის მისტერია მეორდება. ერთი საიდუმლო გაცხადდება, იმავდროულად, სხვა საიდუმლო იქმნება. სიტყვა მისთვის, რა თქმა უნდა, ღმერთია და ასევე ეპყრობა კიდევაც, სიფრთხილით, თაყვანისცემით, მოწიწებით, სასოებით, სიტყვისგან მოელის შეწყალებას, მადლს, სასოებას, სიყვარულს. სიტყვას მიიჩნევს ამქვენიური არსებობის გამართლებად, ამაოების დამძლევად. სიტყვა შეაგრძნობინებს სამყაროს მშვენიერებას, უთვალავფეროვნებას, სიხარულსა და ტანჯვასაც.
მაკა ჯოხაძემ ჩვეული ალღოთი შენიშნა მისი სტილის ბოლოდროინდელი ცვალებადობა: „ურთულესი, ვრცელი თანწყობილი წინადადებებიდან, რომელთა განმეორებადი წრებრუნვაც თავის წიაღში ატმოსფერული ძაბრივით თითქოს საგანგებოდ ითრევდა მხატვრული სივრცის ნაკადებით ამოძრავებულ ეპოქალურ პროცესებსა და მოვლენებს, რომლის წყალობით ერთდროულად ინიღბებოდა და იშიფრებოდა კიდეც მწერლის მიერ დასმული აქცენტები და „თავგზააბნეულ ცენზურასთან ერთად დიდი პოეტის მიერ „გადამკითხველებად“ მონათლულ მკითხველებსაც აღიზიანებდა, დღეს თითქოს აღარაფერი დარჩათ სასაყვედურო.
თითქოს ყველაფერი დაიშალა, გასწორდა, გამარტივდა. მთაგორიანი რელიეფივით ჩვენ თვალწინ გადაჭიმული პასაჟები, აბზაცები ორსიტყვიან, ხშირ შემთხვევაში ერთსიტყვიან წინადადებებად იქცა. მხატვრულ ტექსტში ზმნის წყალობით ისეთივე თავბრუდამხვევი დინამიკა შეიქმნა, როგორიც თავის დროზე „ტრაგედია უგმიროთ“ და „თავსაფრიანი დედაკაცის“ ავტორმა შექმნა“ (მაკა ჯოხაძე, „ოდოჟღერი“ — წარმავლობის საკმეველი“, ჟ. „ჩვენი მწერლობა“, #1, 2006, გვ11)
„მკვდარია ერი, თუ არ იბრძვის თავისუფლებისთვის“, -წერს ოთარ ჩხეიძე რომან „ბორიაყში“. ეს არის მისი შემოქმედების მთავარი სულისკვეთება. ასე ყოფილა ოდითგანვე, პიროვნული და ქვეყნის თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით მიიღწევა.
მისი ბრძოლის ასპარეზი შემოქმედებაა. კალამი მასთანაც „წმინდა სიტყვის“ დასაცავი იარაღი, „ბოროტთ საკლავი“ და ერის სასიცოცხლო იდეალების დამამკვიდრებელია.
დრო მის შემოქმედებაში ერთიანია, იცვლებიან თაობები, მოვლენები, მაგრამ ერის უკვდავი სული მარადიულია, ცვალებადია მხოლოდ მისი გამოვლენის ფორმები. სწორედ ამ ცვალებადობას, უკვდავი სულის ჩაქრობას, მინავლებას, გაუჩინარებასა თუ აღორძინებას, გამონათებას, გაღვიძებას... გვიხატავს მწერალი.
დრო მისი შემოქმედების მთავარი გმირია. პერსონაჟები, რომლებიც ერის უკვდავ სულს გამოავლენენ საკუთარ არსებაში (მეტად ან ნაკლებად) დროს ეჭიდებიან, ეპაექრებიან, ეთანხმებიან, ემორჩილებიან... და ამ დიალოგურ ურთიერთობაში წარმოჩნდება კონკრეტული ეპოქის სატკივარი.
სივრცე მის შემოქმედებაში ძირითადად არ იცვლება — ეს არის საქართველო. მართალია, მისი პერსონაჟები მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მთავარი მაინც ისტორიულად მოხაზული ის გეოგრაფიული სივრცეა, რომელშიც საქართველოს უკვდავი სული „მოძრაობს“. ეს სივრცე დროის განმავლობაში შეიცვალა. მწერლის ბოლო დროინდელ რომანებში დაკარგული ტერიტორიების ტკივილიც აისახა. ასე რომ, სულიერ-ზნეობრივ სივრცესთან ერთად შემოიჭრა ფიზიკური სივრცის დაცვის, აღორძინების, პატრონობის საკითხი.
ოთარ ჩხეიძე ერთგულია სიუჟეტისა, ოღონდ ცხოვრებაში მძლავრად ჩახლართული სიუჟეტისა.
მის ნაწარმოებებს გამსჭვალავს დაუყუჩებელი ტკივილი სულისა და სამშობლოსი, რწმენისა და ენისა.
მან შექმნა მითოპოეტური სამშობლო, ქვეყნიერება, კალმით მოხაზა მის უკიდეგანო უხილავი საზღვრები.
მის წიგნებში ნაყოფგამომცემელი სიბრძნეა განფენილი.
ის არის რეალისტი, ამ თვალსაზრისით, ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის მემკვიდრე და მათი გზის გამგრძელებელი. ოღონდ განსხვავებულია მისი რეალისტური მეთოდი. ის (განსაკუთრებით, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული) რეალიზმს ამდიდრებს იმით, რომ რომანში დოკუმენტურს ჭარბად ჩართავს. ცხოვრებიდან კი პირდაპირ შეჰყავს რეალური ადამიანები და გვარ-სახელთა და საქმეების შენარჩუნებით მათგან სრულიად ახალი ტიპის მხატვრულ პერსონაჟებს ქმნის. ეს მნიშვნელოვანია თანადროულობის თვალსაზრისით, თორემ წლების მერე, ისინიც ჩვეულებრივ გამოგონილ პერსონაჟებად აღიქმებიან და მხოლოდ სქოლიოები თუ შენიშვნები გაამხელენ მათ ისტორიულად არსებობას.
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“,—კი მოიმარჯვებდა გონიერ ანდაზას ილია, მაგრამ სიფრთხილისთვის „შეკაზმულ ცხენსაც“ გვერდით ამოიყენებდა: „ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზდა ვწერთო“, თუმცა კარგად მოეხსენებოდა, პიროვნული და საზოგადო რომ არ გაეყო ერთმანეთისაგან არაფერს. ოთარ ჩხეიძე უკან აღარ იხევს და სწორედაც რომ „პირთან აქვს საქმე“. პირები კი, რეალურნი და თანამედროვენი, მრავლად არიან დახატული რომანში. თავის თავსაც, რა თქმა უნდა, იოლად იცნობენ და „ლაფის სროლასაც“ არ დაიზარებენ. ასე მოხდა, როდესაც 1994 წელს გამოვიდა ოთარ ჩხეიძის რომანი „არტისტული გადატრალება“ — 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ამსახველი გრანდიოზული ტილო. მოვუსმინოთ თვითონ მწერალს: „შეშფოთდა მწერალთა კავშირი. გულმოდგინედ ნამზადი ყრილობა მოიწვია და ორი ბრალდება წაუყენა „არტისტულ გადატრიალებასა“: 1. მოვლენის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და არ შეიძლება რომანის დაწერა ასე მოკლე დროშიო და 2. წიგნი კერძო გამომცემლობამ გამოსცაო. აი, მწერალთა კავშირი, აი, ყრილობა აი, პრობლემები. მე იმ ყრილობას არ დავსწრებივარ, ყურადაც არ ვიღე რჩევანი იმისი თუ თეორიული წიაღსვლები, მოვადევნე „თეთრი დათვიცა“, „ბერმუდის სამკუთხედიცა“, „2001 წელიცა“. მოგერიებაც რო მიხდებოდა უმართებულო თავდასხმებისა“.
მისი ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელია ყოვლისმომცველობა. ამ თვალსაზრისით, ტოლსტოისებური მწერალია. მის ნაწარმოებებში წარმოჩენილია ცხოვრების ყოფითი, სულიერი, სოციალური, ფსიქოლოგიური, რელიგიური, პოლიტიკური ასპექტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ლექი და ნაკლი ჭარბად წარმოჩნდება. „იგი ქმნის ქართველთა დაცემის შთამბეჭდავ პანორამას და დაცემის ამ გულისშემძვრელ სურათში ვჭვრეტთ ამაღლების დვრიტასა და ნიშანს“ (ტარიელ ჭანტურია, ზემოთ დასახელებული წერილი).
მისი სულიერი ბიოგრაფია მისსავე შემოქმედებაშია განფენილი. ეს არის, მართლაც, შთამბეჭდავი, გრანდიოზული ტილო მწერლის მოღვაწეობისა. ამ თვალსაზრისით, ის სრულიად გამორჩეულია XX საუკუნის ქართულ მწერლობაში.
მაინც რით გამოირჩეევა ოთარ ჩხეიძის შემოქმედება ქართულ ლიტერატურაში?
1. უპირველესად, თხრობის სტილით, ნარატიული სიახლეებით, რაზედაც ზემოთ დაწვრილებით გესაუბრეთ.
2. ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგულებით:
1. ერის ისტორია, ტრადიცია, გვარი, ეროვნული თავისებურებები.
2. ჰუმანიზმი. ზოგადსაკაცობრიო იდეალები.
3. „მართლის თქმის“ პრინციპი — მისეული ვარიაციებით.
ოთარ ჩხეიძე გამოჩნდა თუ არა სამწერლო ასპარეზზე, მაშინვე გამოირჩეოდა სათქმელის სიმძაფრითა და ორიგინალური სტილით. ტაბუდადებულ თემებზე დაიწყო წერა და თავიდანვე დაისახა მიზნად XX საუკუნის მატიანე შეექმნა, მხატვრულ სახეებში აღბეჭდილი ისტორია კი 20-იანი წლებიდან დაეწყო.
ეს იყო „სოციალისტური რეალიზმის“ ზეობის ხანა, ოთარ ჩხეიძისთვის უცხო და მიუღებელი. ამიტომაც გაირიყა. მისთვის ჩაიკეტა ჟურნალებისა და გამომცემლობების კარები.
„ბორიაყს“ (დაწერა 1967 წელს და გამოქვეყნდა 1984 წელს) მწერალი „ქართლის მატიანის“ სათაო რომანად მიიჩნევდა, თუმცა პირველად სხვა რომანები გამოაქვეყნა.
XX საუკუნის 50-იან წლებში გამოქვეყნდა ოთარ ჩხეიძის რომანები: „ბურუსი“ (დაიწერა 1954წ, დაიბეჭდა 1955 წელს) და „მეჩეჩი“ (დაიწერა 1956წ, დაიბეჭდა 1957 წელს). „მწერალს აქამდეც არაერთხელ მოუგერიებია კრიტიკოსთა თავდასხმები ნოველების კრებულისა და რომანების „ტინის ხიდისა“ და „ჯებირის“ გამო, მაგრამ ნამდვილი „ქარიშხალი“ სწორედ „ბურუსის“ გამოჩენამ გამოიწვია და არც იყო გასაკვირი. ამ რომანში ხომ სატირულად გამოიხატა საბჭოთა ყოფის მთელი სიმახინჯე, ის უმძაფრესი იდეოლოგიური ბრძოლა, რაც ხელისუფლების წაქეზებით გაუმართეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას. როცა ფსიქოლოგია არამატერიალისტურ, არამარქსისტულ, ბურჟუაზიულ მოვლენად შერაცხეს, მართლაც, ნათელია, როგორი დაუნდობლობით ეკვეთებოდნენ მასაც და მის ყოველ დამცველსაც“ (ხათუნა კაშია, „მძიმე წლები ქართულ ლიტერატურაში“. ჟ. აფრა“. #VI, 1998, გვ. 240). რომანი გააკრიტიკა ბესარიონ ჟღენტმა, რომლის შეფასებასაც დიდი წონა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფალთა თვალში. პარტიის ცეკას პირველმა მდივანმაც თავის მოხსენებაში საგანგებოდ მოიხსენია, როგორც „გამზვიადებელი ჩვენი ცხოვრების უარყოფითი და არატიპიური მხარეებისა“.
კრიტიკული პათოსის ლიტერატურით დიდად გაითქვა სახელი სოცრეალიზმმა. მწერალი ერთგან აღნიშნავს: „კრიტიკული პათოსი ეწოდებოდა წვრილბურჟუაზიული გადმონაშთებითა და დრომოჭმული ადათ-წესებით დასნებოვანებული ადამიანების მხილებასა პოეზიაში. პროზაში. დრამატურგიაში. კრიტიკასა და პუბლიცისტიკაში. ამან მაინც ყველას წააჭარბა — კრიტიკამა და პუბლიცისტიკამა“. ერთხელ გაზეთ „კომუნისტს“ სრული სია დაუბეჭდავს ამგვარი მწრლებისა. ოთარ ჩხეიძე არ იყო დასახელებული მათ შორის. „ეგენი სად იყვნენ, შენ რო კრიტიკული პათოსი დაიწყეო. მეუბნებოდა ზოგი თანაგრძნობითა. ზოგი ნიშნისმოგებითა. ზოგი დაცინვითა. მე მივუგებდი ერთნაირადა. მშვიდადა და აუმღვრევლადა. „კომუნისტმა“ იცის რასაც რო წერს. მე არაფერი არ მესაქმება კრიტიკულ პათოსთანამეთქი. რაღა თქმა უნდა. არ მესაქმებოდა?! კრიტიკული პათოსი ჰო გამოჰხატავდა დამნაშავე ადამიანებსა სოციალისტური კანონმდებლობის მიხედვითა — მე სხვებსა ვხატავდი: დაჩაგრულ, დაბეჩავებულ, უმწეობამდე დატანილ ადამიანებსა — იმავე კანონმდებლობის გამო“ (ნონა კუპრეიშვილითან ინტერვიუ, ჟ. „ჩვენი მწერლობა“,#2, 2006, გვ. 40).
აკაკი ბაქრაძემ ზუსტად შეაფასა ეს ყოველივე, როცა დაწერა: „ოთარ ჩხეიძემ იცოდა, რა ღირდა „ბურუსის“ სიმართლე, მაგრამ აქაც პატიოსნება განსაზღვრავდა მწერლის სიმართლეს“ (ჟ. „აფრა“. დასახ. ნომერი, გვ. 242).
მწერალი ცდილობდა როგორმე თავი დაეღწია ცერბერი ცენზორის თვალისაგან: „თუმცა აგნებდნენ დაგეშილი კრიტიკოსები, მანამდე აგნებდნენ რედაქტორები, ცენზორებიცა რაღა თქმა უნდა, მაინც ვახერხებდი, ზოგი რამ მეთქვა, მაშინ უთქმელი, ანთუ გამოუთქმელი, მეთქვა, გამომეხვია მხატვრულ სახეებში, სტილისტურ ხვეულებში, ხალხურ თქმებში, იგავურ გადაკვრებში, ქვეტექსტებში, ქვეტექსტების ქვეტექსტებშია, ვახერხებდი როგორც რო იყო“ („ამ წიგნისათვისა“. „ბორიაყის“ ბოლოსიტყვაობა,გვ. 367)
ბოლო დროს გამოქვეყნებულ შესანიშნავ მოთხრობაში „ისევ დადიანი“ (ჩემის სოფლის ეტიუდებიდან) მწერალმა გაიხსენა გორის ინსტიტუტში შეხვედრა ნოდარ ნათაძესთან: „ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით: „ბურუსის“ ავტორი და „ბურუსის“ პერსონაჟი. ხელის ჩამორთმევა თავაზიანი გახლდა. ღიმილი წრფელი. ახალგაცნობისა. არ შეუმჩნევია მეტი არაფერი. რევაზსა. მეთუ ვიგრძენი — ჩემთვის ვიგრძენი“. შემდეგ მწერალი იხსენებს იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ფსიქოლოგები აიძულეს მასწავლებლის, დიმიტრი უზნაძის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. „იმას ფსიქოლოგია სულაც არ უნდოდა. პარტიასა. რის სული. რა სულის მოძღვრებაო. სწორედაც რო სული უშლიდა ხელსა კომუნიზმის მშენებლობაში. სოციალიზმი ჰო აეშენებინა სწორედაც რო გმობითა. დევნითა. სულიერებისა. კომუნიზმსაც ისევე ააშენებდა. ცხადია და რაღა თქმა უნდა. შენ წახვიდოდი დიადი კომუნიზმის წინააღმდეგა?!...“ ...„მთავარი სახე ფერმკრთალია „ბურუსში“. იქ პარტიაა უზნაძის წინააღმდეგა. ფსიქოლოგიის წინააღმდეგა. ასეც იყო და ასედაცა ჯობდა. არ ვტყუოდი. ერთისიტყვითა. არც სახელით არ მომიხსენიებია. არც გვარითა. რევაზი. „ბურუსში“ ცხადია“.
90-იანი წლების რომანებში უკვე გადალახა ეს მოუხსენებლობის „ბარიერი“ — პროტოტიპი აღარ გადააქცია პერსონაჟად — პირდაპირ შემოიყვანა — გვარ-სახელითა და გარეგნობითაც. საქმეებითაც, ცხადია. არც “ნათაძე“ დაინდო. „არტისტულ გადატრიალებაში“ პირდაპირ გვარ-სახელით მოიხსენია: „ცოტას მოითმენს დეპუტატი ნათაძეი, ცოტასა, ცოტასა. და დგას მაინცა. სკამზე ვერ ითმენს. დუმილს ვერ ითმენს. ვერაფერს ვერ ითმენს“.
1980 წელს დაწერა რომანი „ჩემი სავანე“ (ხასიათები და პორტრეტები) ფრენსის ბეკონის ეპიგრაფით: „აქ არაფერია სხვაგან ნათქვამი, გამოგონილიც არაფერია“. მართლაც, ეს არის თავისებურად დაწერილი მემუარები. ძირითადად გახსენებულია გორის პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც მწერალმა ოცდაათ წელზე მეტ ხანს იმუშავა. აქ არის დახატულია ინსტიტუტის თანამშრომელთა ცოცხალი ხასიათები. ფონად ინსტიტუტის ცხოვრებაა, თანვე, როგორც მწერალი ბრძანებს, დახატულია სრული სურათი საზოგადოდ ერთი საქმიანობის გარშემო თავმოყრილი ადამიანებისა. რომანი 1984 წელს გამოვიდა. მწერლისვე აღნიშვნით, რომანი ცოტა ირონიულია, რაც დამახასიათებელია მისი სტილისთვის, ოღონდ აქ „იმედგაცრუებასაც უნდა გამოჰხატავდეს, თვითირონიასაც უნდა გამოჰხატავდეს“. ამ რომანში მწერალი იხსენებს, როგორ არბევდნენ მის რომანებს. არბევდნენო — სწორედ ამ სიტყვას მოიხმობს ვითარების წარმოსაჩენად. „მნათობი“ ბეჭდავდა და მასაც არბევდნენ. რა იყო მიზეზი? „უიდეოაო, დამახინჯებით გადმოსცემს საბჭოთა ცხოვრებასა, ვერა ჰხედავს სოციალიზმის მონაპოვართაო და სხვა და სხვაო, ხოლო „მნათობს“ იმიტომაო — ამგვარი თხზულებებისათვის რო გაეღო კარი. ორ კურდღელს იჭერდა ერთდროულადა მწერალთა კავშირი. მწერალთა კავშირს ირაკლი აბაშიძე თავმჯდომარეობდა. ორ კურდღელს იჭერდა. ვინა თქვა, ორ კურდღელს ერთდროულად ვერ დაიჭერო?! ვინა თქვა? სიმარჯვე თქვი, თორემ მეტიც დაუჭერიათ. მეტი. საქმე ეს გახლდა მწერალთა კავშირისა: ვიღაც უნდა ამოეჩემებინა, გამოემჟღავნებინა უიდეობაი მისი, გამოემჟღავნებინა და აღმოეფხვრა, გაენადგურებინა, უნდა გაემართლებინა არსებობაი თავისი და წარჩინებაზედაც უნდა ეფიქრათ მოღვაწეთა მწერალთა კავშირისა. აღწევდნენ კიდეცა“ („ჩემი სავანე“, გვ. 32). მორე კურდღელი ის იყო, რომ სიმონ ჩიქოვანი იყო მანამდე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გადააყენეს და ჟ. „მნათობის“რედაქტორად დანიშნეს. „სულერთია: სადაც სიმონ ჩიქოვანი იყო, ლიტერატურაც იქ იყო, მწერლობა იქ იყო“; „აიწყვიტეს ნაფიცმა კრიტიკოსებმა, აქაოდა სოციალისტური რეალიზმი არ შეგვერყესო. შემდგნენ ზედა და ღმერთი აღარ მოიგონეს. შემდგნენ. ცულიანი და უცულოო. შემდგნენ. მე მესხმოდნენ და ცეცხლი გადადიოდა „მნათობის“ თავზედა. პირდაპირ შებმა ადვილი არ იყოვო: „ციხე-ციმბირის სუნი ტრიალებდა“. ერთადერთ გზად განს გადგომა მოჩანდა: „განს გავდგომოდი. გავდგომოდი კიდეცა: გამოსახლებულსა ვგავდი, ანთუ გამოქცეულსა გორში“ („ჩემი სავანე“,გვ.33)
რომან „მეჩეჩსაც“ ათვალწუნებით შეხვდა კომუნისტური საზოგადოება. საჯაროდაც განიხილეს (ამგვარი განხილვების ტრადიცია არსებობდა საქართველოში. „ჯაყოს ხიზნების“ განხილვის გახსენება ღირს, რადგან პათოსით სწორედ მას მიემსგავსა). გამომსვლელებმა (რევაზ ჯაფარიძემ, შოთა ძიძიგურმა, შალვა აფხაიძემ, აკაკი ბელიაშვილმა, კარლო კალაძემ, დემნა შენგელაიამ, გრიგოლ აბაშიძემ, სერგი ჭილაიამ) სხვადასხვა კუთხით დაიწუნეს რომანი. სიმონ ჩიქოვანი შეეცადა, დაეცვა და ქართული მწერლობის მნიშვნელოვან მოვლენად გამოაცხადა, მაგრამ ბესარიონ ჟღენტი შეეწინააღმდეგა, საბჭოთა ცხოვრება უარყოფითად წარმოაჩინა, გაპარტახებული და გადაგვარებული კოლმეურნეობა, გონებაშეზღღუდული რაიკომის მდივანი, ბეცი მოსამართლე, გაქნილი და გაიძვერა ფინაგენტი, უსუგულო მწყემსები დახატაო. ოთარ ჩხეიძე კი ერთხელ არჩეულ გზას არ ცვლიდა. მალე „ცთომილნი“ დაწერა. „მნათობის“ აწყობილი ნომერი, რომელშიც ეს რომანი უნდა დაბეჭდილიყო, დაშალეს და სიმონ ჩიქოვანიც მოხსნეს რედაქტორობიდან. საქართველოდან ამბები ქართული ემიგრაციის ყურამდეც აღწევდა. თვალსაჩინო მკვლევარმა და პოლიტიკოსმა ალექსანდრე მანველიშვილმა 50-იანი წლების ბოლოს რადიოსადგურ“ „კავკასიონში“ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა ოთარ ჩხეიძის ამ რომანს და მწერალს „ქართველი პასტერნაკი“ უწოდა.
ოთარ ჩხეიძემ გაუძლო ამ შემოტევებს და 1967 წელს „ბორიაყი“ დაწერა. ერთი შეხედვით, არ ჩანდა, რომელ ეპოქას აღწერდა, თუმცა ბევრი მინიშნება იყო, მეთერთმეტე კანტატა, მაისის მთავრობა, დამოუკიდებლობის სიხარული
მწერალს დიდ ხანს უფიქრია, ისე დაეწერა, რომ გამოქვეყნებაზე არ ეფიქრა, თუ ისე, რომ როგორმე გამოექვეყნებინა. ბოლოს, გადაწყვიტა, ისე დაეწერა, ცენზურას რომც დაეჩეხა, მთავარი სათქმელი მაინც დარჩენილიყო. მთავარი კი ის იყო, რომ იღუპებოდა ყველაფერი, უპირველესად, მცირე ხნით მოპოვებული დამოუკიდებლობის განცდა და დამოუკიდებლობის წყურვილი. და რადგან „ლაგამი ჰქონდა ამოდებული მხატვრულ სიტყვას, როგორც ყველაფერს იმჟამად, რაღაც უნდა მოეფიქრებინა. მოიფიქრა კიდევაც.
„ბორიაყი“ სათქმელით და გამოხატვის სიმძაფრით ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიხნებს“ ენათესავება, თითქოს აგრძელებს. შემდეგი წლები გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლულ სულში“ აისახა.
რომანის სიუჟეტი აგებულია მოგზაურობაზე (ამ თვალსაზრისით, ეხმიანება კლასიკურ ტექსტებს „კალმასობას“, „დონ კიხოტს“, „მგზავრის წერილებს“...).
ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე ქართლში სიმღერების შესაგროვებლად ჩადის, წინასწარ რუკა აქვს შედგენილი, რომელ სოფლებს და ოჯახებს უნდა ესტუმროს. მასწავლებელმა ყანჩაველმა წერილები გამოატანა დიდგვაროვან ოჯახებთან, დახმარებოდნენ, თან გააფრთხილა, საშიში დროაო. მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ მეგზურობას გაუწევს ლეკო თათაშელი. ეს არის უჩვეულო, შთამბეჭდავი სახე ბედს ვერშეგუებული დარდიმანდი პატრიოტისა, საიდუმლო გმირად რომ მიიჩნევს ნიკუშას და ცდილობს სხვებიც დაარწმუნოს. ოჯახიდან ოჯახში თუ სოფლიდან სოფელში ამ მოგზაურობისას იხატება 1924 წლის ჩახშობილი აჯანყების გამოძახილი, გრძელდება არისტოკრატთა და სხვა მოწინააღმდეგეთა ამოხოცვა. დიდგვაროვნების დასასჯელად საბუთი არ არის საჭირო. გვარი უკვე საფრთხეა. „საქართველოს კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ამხ. ლ. ღოღობერიძე — წამდგარიყო საინფორმაციო მოხსენებითა: ...„ჩვენთან საქართველოში, ექვსი პროცენტი იყო თავადაზნაურობაო, ...და უნდა გაუწყოთო, საზეიმოდ უნდა გაუწყოთ: უკვე ერთ პროცენტზე დავიყვანეთ, ერთზე, ერთადერთზე, და შემდეგ სხდომაზე ბედნიერება მექნება მოგახსენოთ: ნოლი იქნებაო: ნოლიო. ოოოოოოო, რა ყოჩაღები ხართო, შეუძახიათ სომეხ ამხანაგებსა, ჩვენ ვერაო, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ თქვენდენსაო. ოოოოოოო, ვერც ჩვენაო, — თავი გაუქნევიათ აზერბაიჯანელ ამხანაგებსა, ჩვენც ვერ შევძლებთო, თქვენ სხვანი ხართო, სხვანი ხართო. და სხვანი ვართო, ცერებზე იწევდნენ ქართველი ამხანაგები“.
რომანში ბოლშევიკები ახალმოწესეებადაა მოხსენებული. ახალმოწესეობა მუდმივი საფრთხეა ქვეყნისთვის. როდესაც უკუღმართი იდეით შეპყრობილნი ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ძალადობა მეფდება. ეს არის ჩავლილი დროც და მომავლის წინასწარმეტყველებაც.
ნახეთ, როგორ აღწერს ფანიელების ამოხოცვას. ფანიელები, რწმენით გამორჩეული სოფელი, ჯერ გადაბუგეს და გაქცეულებს, ჩაძინებულებს დაესხნენ თავს: „მკვდრულ ძილში დაესხნენ თავს ხანჯლებითა, ხმლებითა, სამთითებითა, ნაჯახებითა, კეტებითა თუ რითი აღარაო, ვისაც რა მოჰხვდა, დაესხნენ და რაც ნახეს, აკუწეს, წამოაგეს სამთითებზედა ორსული ქალებიცა, აკვნიანი ბავშვებიცა; სარებზე ჩამოაგეს ორსული ქალები და მზე რო ამოვიდა, ეგრე შეაგებეს, ეგრე შეაგებეს, გამოღვიძებაც რო ვერ მოასწრო ვერავინა“. („ბორიაყი“, გვ. 325)
რომანში მოლოდინი გმირისა შთამბეჭდავადაა დახატული. ყველა ელის. და გრძელდება გმირის ძიების შემწყდარი მოტივიც (ორბელიანი, ილია,აკაკი, ვაჟა).
რომანის სხვადასხვა ეპიზოდში პერსონაჟთა მიერ გამოითქმის წარუვალი სიბრძნე: 1. „ქედის მოხრა და დამორჩილება შემაძრწუნებელი სიმდაბლეა, ავადმყოფობაზე ავადმყოფობაა, დაცემულობაა სულისა“; 2. „გმირები უნდა ქვეყანასა და ჭიაღუებს შესჩეჩებიათ ხელში ბედი ერისა“; 3. „ის იარსებებს, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა“; 4. „დრო ყოველთვისაა, ოღონდ გმირები არ არიან ყოველთვისა“
გიორგი შენგელაიამ „ბორიაყის“ მიხედვით გადაიღო „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა.
ოთარ ჩხეიძის ყველა რომანს წამძღვარებული აქვს ეპიგრაფი, რომელთაგან ზოგიერთი ცენზურას არაერთხელ საფრთხედ მიუჩნევია და წაუშლია. მაგალითად, „ვენეციური ჭაღი“ ჟ. „მნათობში“ ეპიგრაფის გარეშე დაიბეჭდა. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში აქტიური ბრძოლა გამოუცხადეს ეროვნულ ადათ-წესებს, ბევრი აჰყვა ფეხის ხმას და ცკ-ს ბრძანებათა მიხედვით შეუდგა მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციებში ქართული ჭირისა და ლხინის განქიქებას, კრიტიკას, აბუჩად აგდებას (ეს მოვლენა კარგად აქვს აღწერილ-გაანალიზებული როსტომ ჩხეიძეს წიგნში: „ადათები ეშაფოტზე, ენა გილიოტინაზე“. თბ 2006). ოთარ ჩხეიძე ამ შემთხვევაშიც განზე გადგა, არ მიჰყვა საერთო დინებას და „ვენეციურ ჭაღში“ საუკუნოვანი, ქართველთა სულიერებისა და ზნეობის განმსაზღვრელ-მასაზრდოებელი ადათ-წესები დაიცვა. ეს რომანი 1980 წელს დაწერა და 1981 წელს ჟ.„მნათობში“ (რედ. გიორგი ნატროშვილი) დაიბეჭდა. მაინც რა ეპიგრაფმა დააფრთხო ცენზურა? საბედნიეროდ, 1995 წელს რომანი სრული სახით გამოქვეყნდა. აი, ფრანგი განმანათლებლის შარლ ლუი მონტესკის ეპიგრაფად გამოტანილი თვალსაზრისი: „რო იყოს ქვეყნად ერი ზნეკეთილი, გულღია, მხიარული, დაჯილდოებული დიდი გემოვნებითა და უნარითა იმისა, სხვებსაც ადვილად რო შთააგონოს აზრები თავისი; რო იყოს ეს ერი ცოცხალი, ლაღი, საამური, ხანაც თუნდაც თავქარიანი, თავშეუკავებელი თუნდაც ხშირადა, — გულღია თუა, ვაჟკაცური, დიდსულოვანი, პატიოსანი თავისებურადა, არ უნდა შეავიწროო ზნეჩვეულებანი იმისი რაიმე კანონებითა, თუ არ გინდა, რომ ჩაახშო სიკეთე მისი, კეთილზნეობა მისი“.
როგორც აღვნიშნეთ, XX საუკუნის 90-იანი წლებში ოთარ ჩხეიძემ ლიტერატურაში მთელი ეპოქა შექმნა. მან ზედმიწევნით ასახა XX საუკუნის ბოლო ათწლეული და XXI საუკუნის პირველი ხუთი წელი. ამ რომანთა მიხედვით ძნელი არ არის საქართველოს მომავლის „წონასწარმეტყველებაც“, რადგან აწმყოა მშობელი მომავლისა.
ეს დიდტანიანი რომანებია: „არტისტული გადატრიალება“, „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“„მორჩილი“, „ლაზერშოუ“.
უახლესი ეპოქის მაინც რა ტკივილები წარმოჩნდა მის რომანებში?
1. „არტისტული გადატრიალება“
1. 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის დრამატული მოვლენები დახატულია ირონიულ-სატირულად. სამხედრო გადატრიალება წარმოჩენილია, როგოც არტისტული გადატრიალება. ცხოვრება დახატულია, როგორც ეშმაკის რეჟისორობით დადგმული უზარმაზარი შოუ: „ხალხი ქცეულიყო თეატრადა, თეატრი — ქუჩადა“; „რეჟისორად ეშმაკი ჰყავს გამწესებული, სანახაობა ესმაკისაა, — ეშმაკისა, იმისი დადგმულია“.
2. სამოქალაქო ომის პერიპეტიები. „გამოჭედილან ერთ გამზირზედა, ერთი დროშით იმუქრებიან. „დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია!..“ სად გინდა დადგე, — დროშა ერთია, ქარიშხალი ორი. ერთ გამზირზედა. ერთ გამზირზედა. ანთუ: აქაა რო ქარბორბალა დატრიალებულა, ხოლო ქარიშხალი მოსდებია მთელ საქართველოსა; ერთი დროსა ჩაუხუტებიათ, ერთი დროშით ჰგმირავენ ერთმანეთსა მრგვალმაგიდელები და ვერავაკელები, მთლად საქართველო რო აულაშქრებიათ.“
3. დროის მეტაფიზიკა. „დროს არც ნამყო აქვს, არც მყობადი, დრო მხოლოდ აწმყოა. დრო არის, არის, არის. ადამიანები იყვნენ, არიან, იქნებიან, რანიცა ყოფილან, იქნებიან იგივენი. მოდიან, მიდიან, მიედინებიან“. მწერალი დროის ბიბლიურ მოდელს მისდევს, რომლის მიხედვითაც, უსაწყისო დრო მარადისობისკენ მიედინება.
4. ხელოვნების იდეალების მსხვრევა: „რაინდობამ იცოდა ლირიკული ჟანრები, პრაგმატიზმმა — არა. პრაგმატიზმმა გამორჩენა იცოდა. ლირიკა, რომანტიკა, იდეალი, სამშობლო, სათნოება, სიკეთე ყოველი ტაძარშივე რჩებოდა, ხატებთანა რჩებოდა, გარეთა ჰქრებოდა ქარიშხალში სიტყვათა, მრისხანე სიტყვათა, ულმობელ სიტყვათა, წყურვილში ჰქრებოდა, სისხლის წყურვილში“.
5. „ნანობს ღმერთი: ადამიანი რად გავაჩინე, გამინადგურებს დედამიწასა, სამყაროს მშვენებას გამინადგურებსო. ნანობს. ნანობს. გვიანღა თითზე კბენანი“ („არტისტული გადატრიალება“, გვ.54).
6. 9 აპრილის მოვლენები. „სიმღერაზე გადადიოდა ტანკები. ჩეხავდა სიმღერასა გააფთრებული ჯარი. ჰხუთავდა სიმღერასა თავმოხდილი ბალონები გაზისა. მაღლა გუგუნებდა რეაქტიული თვითმფრინავები, ბარემ სულაც რომ ჩაექციათ ქალაქ-თბილისი. ბარემ სულაცა. მთლიანდა. ერთიანადა. და სდიოდა სისხლი სიმღერასა, ღვართქაფადა სდიოდა“. ასეთივე გულისშემძვრელად იხატება 9 აპრილი ოთარ ჭილაძის „აველუმში“, ოღონდ იქ მწერალი მითოლოგიურ პარალელებს მიმართავს.
7. ერის დაშლა: დავა — ჭეშმარიტება და სამშობლო. „როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“. არ ედავებოდნენ რაფიელ ერისთავსა. ჭეშმარიტება უფრო მაღლა არის, ვიდრე სამშობლო,—ბრძანებდა ბ-ნი მამარდაშვილი. ედავებოდნენ ბ-ნ მამარდაშვილსა. მრგვალები ედავებოდნენ: ჭეშმარიტება სამშობლო არისო. ასსამოცი პარტია აბურთავებდა სამშობლოსა. ერთი მოედანი. ერთი ბურთი და ასსამოცი გუნდი. ღმერთო დაგვიფარე!.. „როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“!.. ღმერთო დაგვიფარე!.. და მატულობდა და მატულობდა გუნდები. სამშობლო არა. ფლეთდნენ სამშობლოსა და აბურთავებდნენ ნაფლეთებსა“.
„კიდევ თურამეს განიზრახავდნენ ურჩი ქართველები. ურჩი. მორჩილი. ურჩი-დაბნეული, მორჩილი-ცდუნებული. ერი საცოდავი: ხან რო ხალხს დაარქმევენ, ხან რო — ბრბოსა. გამოიყენებენ, — ხალხიაო, გაუჯიქდებიან, — ბრბოაო. არა და: ერია, ძლიერი, მტკიცე, გაუტეხელი, ძენი დაბნეულნი რო ჰყიდიან, დაბნეულნიცა და დაუბნეველნიცა“. „ერი ერია თუ ერთიანია. გახლეჩილი ერთი ერთი აღარ არის. გახლეჩილი ერიც აღარ არის ერიო“.
8. ქართველთა ბუნება: „სპარსეთში ამხობდნენ ერთიმეორესა, ათენში ამხობდნენ, რომში ამხობდნენ, ბიზანტიაში ამხობდნენ, ამხობდნენ არაბთა კარზედა, მონგოლთა კარზედა, ეგვიპტეში ამხობდნენ ერთმანეთსა, ერთიმეორესა, უბედური შვილები უბედური საქართველოსი, ანთუ ძენი საცოდავი საქართველოსი. ამხობდნენ, ლეწავდნენ, ანადგურებდნენ. და. აღზევდებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რო: დამხობილიყვნენ ისევ თავიანთ მოძმეთაგანა“.
9. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები. ეს არის ცოცხალი შთამბეჭდავი ქრონიკა, რეალური პერსონაჟებით, რეალური განცხადებებით. რეპლიკებითა და ჟესტებით, მოძრაობებით, დიალოგებით იხატება ხასიათები. „აქარდებოდა მიკროფონი. წერეთელი სტაცებდა ხელსა. ჩასძახებდა ქარიშხალთან ერთადა: „ჩვენ დავანგრიეთ კერპები. ჩვენ მოვსპეთ კულტი. ახალი კულტი ახალი უბედურებაა!..“ „მაგან ჯერ „სამი მუშკეტერი წაიკითხოს, „ბაკულას ღორებიც“ არ აწყენს. დააბარებდა ქარსა პრეზიდენტი. იფშხვნებოდა ბარელიეფები „იმელისა“. ნაფშხვენი, მტვერი, გოროხები გადასდიოდა წერეთელსა თავზედა. მხრებზედა....“ “მე ვასწავლე მაგათ ყველაფერი, მიტინგობანა მე ვასწავლე, გაფიცვები მე ვასწავლე, პიკეტები მე ვასწავლე, შიმშილობა მე ვასწავლე და ახლა მევე შემომიბრუნეს...“—ირწმუნებოდა პრეზიდენტი“. „ზვი-ა-დი!.. ზვი-ა-დი!.. ზვი-ა-დი!..“ „აიმართებოდა აჩონჩხილი ხელები უნივერსიტეტის წინა, კიბეზედა. ჩაიმსხვრეოდა. აღიმართებოდა. მიტინგობდნენ ჰო იქაცა. ისხდნენ თუ არა მიტინგობდნენ. ისხდნენ პროფესორები. სხვანი ყველა ხარისხისანი. სტუდენტები. ვერა-ვაკე-ხელოვნებისანი....“ „მსახიობები აქა ბრძანდებოდნენ. რეჟისორები აქა, პოეტები, მჭევრმეტყველი ფილოლოგები, სახელდახელოდ გამომცხვარი პოლიტიკოსები, გადაკეთებული ისტორიკოსები, გადაკეთებული ეკონომისტები, ყველას რო მოერგო ახალი როლი, ახალ ტყავში რო ჩამძვრალიყო. ყველა სახიობდა“... „„მე არ ვიცხოვრებ გამსახურდიას საქართველოში,—აცხადებდა მოპოეტო ჯანი. მიბრძანდეს, საითაცა ნებავს, — წყალობას მოიღებდა პრეზიდენტი. პოეტს აძევებენ საქართველოდან!..—გაჰკივლებდნენ საფეხურები თავზარდაცემული. პოეტს აძევებენ!.. პოეტს აძევებენ!.. პოეტს აძევებენ!.. ექო გამოსცემდა მთაწმინდიდან მახათამდისა, მერე პირუკუ. მერე მოსკოვი ესარჩლებოდა...“ „ყველას საქმე მიეტოვებინა, ყველა დემონსტრანტობდა, მიტინგობდა, პიკეტობდა, კარებსა ჭედავდა, კარვებში იწვა, კიბეებზე იჯდა, ყველა, ყველაი. პრეზიდენტი იმუქრებოდა. შეუტევდა. დაიხევდა. ქვეყანა უკან მიდიოდა. უკან, უკან, უკან, უკან, შარა, შარა, შარა, შარა. “ „ღმერთო გვიშველე! მიეცი ამათ დამოუკიდებლობა, რაც გინდა, მიეცი, — ვერ შეიშნოვებენ... ვერა. ვერა. მონობისათვის დაბადებულან, გემოს ვერ გაუგებენ თვაისუფლებასა“.
10. რეალურ პერსონაჟთა პორტრეტები.
ოთარ ჩხეიძე სულის მხატვარია უპირველესად. უსაზღვრო და უკიდეგანოა მისი ხედვის თვალსაწიერი, მთელ ცხოვრებას მოიცავს, წვრილმანსა და მსხვილმანს, მატერიალურსა და სულიერს, ხილულსა და უხილავს.
1992 —2003 წლის მოვლენები აისახა რომანებში: „თეთრი დათვი“,„ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“; „მორჩილი“.
2005 წელს ოთარ ჩხეიძემ თავისი ბოლო რომანი „ლაზერშოუ“ გამოსცა: რომანს იეთიმ გურჯის სიტყვები აქვს ეპიგრაფად: „წინათ ვიყავ დაჩაგრული, ახლაც ცეცხლი მიკიდია“. ეს აზრი აქვს გაშლილი მთელ რომანში.
რომანის მთავარი გმირი შუახნის არქიტექტორი ვარაზ კარგარეთელია. ბოლო დროინდელი მოვლენების მონაწილე. ის ცდილობს განზე გადგომას, მაგრამ მეამბოხე, უსამართლობას ვერ შეგუებელი გული არ აყენებს და მალულად ჩადის სამაჩაბლოში და იქ მრამდენიმე ადგილობრივ პატრიოტთან ერთად იარაღით დაიცავს ქართულ სოფელს სეპარატისტთა თავდასხმებისაგან. ეს, ალბათ, მწერლის რომანტიკული იდეალის ხორცესხმა იყო. მას ფიზიკურადაც რომ შეძლებოდა, შეიძლება რეალურადაც ებრძოლა და არა მხოლოდ სიტყვით. ეს წადილი ჩანს რომანში. ვარაზ კარგარეთელი კვდება და ეს სიმბოლურად აღიქმება ახლა. რომანის ფონი კი მღელვარეა და აქ იხატება თანამედროვეობა:
1. გლობალიზმის არსი.
2. ევროკავშირისკენ დაუოკებელი სწრაფვის კრიტიკა. „რა სიკეთეა შეგყარა საბჭოთა კავშირმა, ევროკავშირში რას ელოდები?!“
2. ცხოვრება იქცა შოუდ. ყველაფერი სანახაობაა.
3. გვარის, ინდივიდუალობის გაქრობა.
4. ქართველთა ემიგრაცია ლუკმაპურის საშოვნელად.
5. რევოლუცია, როგორც უბედურება;
6. სხვადასხვა რეფორმის არსი და კრიტიკა.
7. პრეზიდენტი — „ყველაფერს იკადრებს. რევოლუციის პრეზიდენტი. მითუფრო ვარდების რევოლუციისა. ვარდებიც უნდა ამოსდიოდეს პირიდანა“.
8. უკანონო თუ კანონონიერი დაპატიმრებები.
9. უთავმოყვარეო ქართველობა.
10. ათასგვარი საპროტესტო აქციები.: „ჩვენ მოგიყვანეთ და ჩვენვე გაგრეკავთო. ბრანწი გვიჩვენეს და გამოგვრეკეს“.
11. ურწმუნოება. „ცვალე მინისტრები. დაამხე მთავრობები. დაირქვი რვოლუციები. თუნდაც ვარდებისა. ზამბახებისა თუნდაცაო. დაჭკნობა ელის შენს მამულში ყველაფერსა თუ აღარა ტრიალებს თვალი ღვთისაო“.
12. „ახლა ფული იყო მხოლოდღა საშიში. სხვა შიში გამქრალიყო. ყველანაირი. ყველაფრისაი. გამეხებულიყო გული ბედკრულთა. მშიერთა. მწყურვალთა. ჯერ ეს წყალობა მოეტანა დემოკრატიზმსა.“
13. „იყიდება საქართველო“. მწერალი რომანში მთლიანად ჩართავს ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილ მინიატურას და იმავე ტონითა და პათოსით, იმავე გულისტკივილით აგრძელებს მოთქმას: „იყიდება ქართული სული და გული. ამტანობაი ქართული. გამტანობაი ქართული. ქართული. ქართული. ყველაფერი ქართული. სინდისი. ნამუსი. პატიოსნებაი. თანაგრძნობაი. პატივისცემაი. სიბრალული. ერთგულებაი. უღალატობაი. თავმოყვარებაი. სიამაყეი. ალალმართლობაი. სიწმინდე. სიფაქიზეი. თანაზიარობაი ჭირსა თუ ლხინში. გულოვნებაი და თავდადებაი. სიმტკიცეი და შეუვალობაი. სიბრძნეი და გონიერებაი. იყიდება. იყიდეთ. იყიდეთ. იყიდეთ. შეგარგოთ ღმერთმა!..“ „როდის იყო რო არ იყიდებოდა?! როდისა?!. როდისა?!.“ „ბაზარია საქართველოცა“. რომანის ერთ ეპიზოდში სოროსი ეუბნება ქართველ ქალს: „ჰო კარგად იყიდება საქართველოო. თქვენის წყალობითამეთქი“.
14. დემოკრატია. „აქციები მცირემცირედი კიდევაცა ნებავთ —დემოკრატიაც ესა ყოფილა. მეტი არაფერი. ჩვენ თუ არ გავალთ. ძალით თვითონვე გაგვიყვანენ. აგვატარებენ და ჩაგვატარებენ. გვაყვირებენ და გვაბღავლებენ. ისე და იმსიმაღლეზე ისეოდენზე, რაოდენი დემოკრატიაცა თვითონა ნებავთ“.
თანამედროვე ამერიკელი რომანისტის, უოლკერ პერსის აზრით, რომანისტი ჰგავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს, რომელიც უსიამოვნო მოვალეობას კისრულობს, აცნობოს თავის მოქალაქეებს, საქმე ცუდად არის, ცუდ გზაზე დგახართო (უოლკერ პერსი, „რომანის მდგომარეობა: მომაკვდავ ხელოვნება თუ ახალი მეცნიერება“. ჟ. „ჩვენი მწერლობა, #16, 2006, გვ. 27)
ამგვარი წინასწარმეტყველება ჩანს ოთარ ჩხეიძის მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ წერილებში.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''შეხვედრს წიგნში'', 2009