Translate

Thursday, January 13, 2022

ახალი დიალოგი დანტესთან

 მაია ჯალიაშვილი

                                                                   

შედევრების ხელახალი თარგმნა, ინტერპრეტაცია აცოცხლებს თანამედროვე ქართულ სალიტერატურო პროცესს. რეალური სამეტყველო სივრცის გათვალისწინებით თარგმნილი ტექსტი უფრო იოლად იკვლევს გზას მკითხველისაკენ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და  საგულისხმოა  დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ახალი პროზაული თარგმანი („ჯოჯოხეთი“), რომლის ავტორები ნიჭიერი  სტუდენტი და გამოცდილი მეცნიერი არიან: სანდრო ჩემინავა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი,  გიორგი ბუხნიკაშვილი _ მონრეალის სიკულო-ნორმანული აკადემიის კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო აკადემიკოსი.  

ავტორებმა მოახერხეს და დანტესეული მეტაფიზიკური, ირაციონალური, მისტიკური სამყაროს მხატვრული ექსპრესია, ტროპებში დაქარაგმებული ეგზისტენციალური თემები მკითხველს დახვეწილი, თანამედროვე სალიტერატურო ლექსიკით შესთავაზეს. ისინი შეეცადნენ პროზაულ სიტყვიერ ქსოვილში არ გაფერმკრთალებულიყო ის ნიუანსობრივი ინტონაციები, რომლებიც გამოთქმულ აზრს ნაირგვარ ელფერს სძენენ და პალიმფსესტურობას მატებენ. მართალია, პოეტური ტექსტის ძალმოსილება მაინც სხვაა და კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ისეთი კონგენიალური თარგმანი გვექნება, როგორიცაა, მაგალითად, დავით წერედიანის  მიერ თარგმნილი გოეთეს „ფაუსტი“, მაგრამ ამჯერად ესეც მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია დანტეს ღვთაებრივი სამყაროს შესამეცნებლად.

ქართველი მკითხველი აქამდე  კონსტანტინე გამსახურდიასა და კონსტანტინე ჭიჭინაძის პოეტური თარგმანით ეცნობოდა  მსოფლიო ლიტერატურის ამ გამორჩეულ ნიმუშს. ახლა კი მკვლევრებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იტალიურიდან, უშუალოდ დედნიდან ზედმიწევნით ნათარგმნი ტექსტი, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს დეტალურად გაიაზროს ყოველი სტრიქონი, რომელიც მაქსიმალურად  ინახავს ავტორისეულ ჩანაფიქრს.  ამგვარად, თანამედროვე მკითხველს საშუალება აქვს, ცოცხალი დიალოგი გამართოს მწერალთან, რომელიც დაეხმარება გაიკვალოს გზა  საკუთარი თავისა თუ სამყაროს შესამეცნებლად.  დანტეს ურთულესი ტექსტი, დატვირთული კულტურული კოდებით, თანამედროვე მკითხველისთვის დაშიფრული პოემაა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის  კომენტარები, რომლებიც ტექსტს ახლავს თან. ეს შენიშვნები ხელს უწყობენ მკითხველს, თავისი ინტელექტის, გამოცდილების შესაბამისად, გაერკვეს ისტორიულ, თეოლოგიურ, ფილოსოფიურ საკითხებში. ახალბედა, შედარებით გამოუცდელ მკითხველებს კი დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, ხოლო თუ ვინმე ბორხესივით გურმანი მკითხველია, კიდევ ერთხელ დაიგემოვნოს შედევრი და ახალი ნიუანსების აღმოჩენით დატკბეს. ბორხესი წერს: „იდეა ტექსტისა, რომელიც მრავალგვარი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა, დამახასიათებელია წინააღმდეგობრივი და რთული შუა საუკუნეებისთვის. ამ ეპოქის დანატოვარია გოტიკური არქიტექტურა, ირლანდიური საგები და სქოლასტიკური ფილოსოფია, სადაც ყველაფერი კამათის საგანი იყო. გარდა ამისა, ამ საუკუნეებმა გვიბოძა კომედია, რომელსაც გამუდმებით ვუბრუნდებით და გამუდმებით გვაოცებს; იგი ჩვენს ცხოვრებას გასდევს და სცილდებაუფრო გრძელია. მკითხველის ყოველ თაობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მდიდრდება“ (ბორხესი, „ღვთაერივი კომედია“, წიგნში: „შვიდი საღამო“).

ტექსტის წინათქმაში გიორგი ბუხნიკაშვილი  წარმოაჩენს პოემის  პოლიტიკურსა და კულტურულ კონტექსტებს, დანტეს ენობრივ სტრატეგიებს, ამგვარად, ნათელი ხდება მკითხველისთვის, როგორ მატერიალურ-სულიერ  გარემოში იქმნებოდა პოემა. სანდრო ჩემინავა კი წერილში „მიღმიერი სამყაროს კარიბჭე“   იმ ძირითად საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მკითხველს დაეხმარება გაერკვეს დანტეს შექმნილი წარმოსახული განზომილების  მრავალფეროვნებაში,  ტექსტის სტრუქტურასა და კომპოზიციაში, მთლიანად  მხატვრული სამყაროს  თავისებურებებში.  იგი იმოწმებს ჯაკომო ლეოპარდის თვალსაზრისს: „ეს კლასიკური ქმნილება მხოლოდ პოეზია როდია; ის ჰომეროსის პოემებივით მოიცავს იმ ეპოქის ცოდნას _ თეოლოგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, ისტორიასა და მითოლოგიას.“ ახალი თარგმანის მიზანდასახულებაც ესაა, ტექსტისთვის დართული უმნიშვნელოვანესი კომენტარებით მკითხველმა გზა გაიკვლიოს სიმბოლოებით, ალუზიებით, ინტერტექსტუალური გადაძახილებით დატვირთულ სამყაროში. ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დიდი შრომა გასწიეს, რათა ცხადად, ზუსტად, ნათლად გამოეკვეთათ ურთულესი თეოლოგიური, ფილოსოფიური თუ ისტორიული საკითხები.

დანტეს ეს ახალი თარგმანი დაეხმარება მკითხველს, აღიქვას პოემა, როგორც სამყაროს მწერლისეული მოდელი. თანვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექსტის ზედაპირზე კი არ იტივტივოს, არამედ ღრმად ჩაყვინთოს,   გაიაზროს არა მხოლოდ ფაქტებითა და მოვლენები, იმოგზაუროს ტექსტის ვერტიკალურ ხაზზე, რომელიც თავისთავად დრამატული და შთამბეჭდავია, რადგან ჯოჯოხეთის სანახებს მიმოიხილავს, ცოდვების უფსკრულებს ჩასწვდება, არამედ ჯვარსახოვნების პრინციპის გამოყენებით, შეძლებს ფიქრით მოძრაობას ვერტიკალურ ხაზზე, ქვეტექსტებში ჩაღრმავებას, ამგვარად, სულიერი გზის გაკვალვასაც  მოახერხებს. ის საბედისწერო  ცხოველები, დაწინწკლულქათიბიანი ჯიქი, მძვინვარე  ლომი, გაძვალტყავებული, ხარბი მგელი, ადამიანის ცოდვებისაკენ მიდრეკილებებს რომ განასახიერებენ, განცხრომის, ძალაუფლების, ანგარების ჟინითა და ვნებით რომ აბრმავებენ კაცის გულს, სულსა და გონებას, დღესაც თანამედროვე ადამიანსაც ასეთივე გამძვინვარებით ეღობებიან წინ, სიმშვიდეს უკარგავენ, შიშით თრგუნავენ  და ღვთისკენ გზას უხერგავენ. თუ დანტეს ვერგილიუსი მოევლინა უღრან ტყეში მხსნელად, თანამედროვე მკითხველს, უფრო მეტად გაუცხოებულსა და იდენტობის საყრდენების ძიებაში თავგზააბნეულს,  თვითონ წიგნი  ევლინება მეგზურად. ამიტომ სასიხარულოა, რომ ამ ახალი თარგმანით კიდევ უფრო ახლოს მივა მკითხველი წიგნთან და მასთან ურთიერთობაც უფრო ცოცხალი და სულისმარგებელი იქნება.

ჯემალ ქარჩხაძის აზრით, ნამდვილი კლასიკა ყოველთვის იძლევა დიალოგის საშუალებას, ყოველი თაობა მასში რაღაც ახალსა და თავისთვის მნიშვნელოვანს პოულობს. ამ თვალსაზრისს ეხმიანება სანდრო ჩემინავა, როდესაც აღნიშნავს, რომ დანტე ინდივიდუალურად, ყოველ მკითხველთან მართავს დიალოგს: „პოემის პერსონაჟები მუდმივი თანამედროვენი, თანამგზავრნი, თანამოსაქმენი და თანამოფიქრალნი არიან. ნაწარმოებში არაერთგზის დასტურდება ისეთი ეპიზოდები, როცა გვგონია, რომ რომელიმე მოქმედი პირი „ჩვენ“ ვართ და ყველაფერი, რაც მასში არსებობს, „ჩვენშიც“ არის“.

ამას პოემის დასაწყისიც მოწმობს: „ჩვენი ცხოვრების შუაგზაზე, სწორ გზას აცდენილი, ერთ დაბურულ ტყეში  აღმოვჩნდი. ო, როგორ მიჭირს აღვწერო ის ველური და მიუვალი უღრანი, რომლის გახსენებაც იმ თავზარს მიახლებს... იმდენად მწარეს, რომ მასზე საშინელი სიკვდილი თუ იქნებოდა... და ისიც _ ოდნავ. სჯობს უკეთესზე მოგითხროთ“. გამსახურდიასა და ჭიჭინაძის თარგმანში კი „ჩვენ“ არ ჩანს და თითქოს ეს კონტაქტი მკითხველთან უფრო გაფერმკრთალებულია: „უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე/ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული./ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი“.

ვფიქრობთ, თარგმანის ღირსებაა ისიც, რომ ავტორები საჭიროებისამებრ მხატვრული ფუნქციით იყენებენ არქაიზებულ მეტყველებასაც, მაგალითად, როცა თარგმნიან ჯოჯოხეთის კარიბჭის წარწერას: „ჩემით შეისვლების ტანჯვის ქალაქსა შინა, ჩემით შეისვლების მარადიულს საწამებელსა შინა, ჩემით შეისვლების დაკარგულს ხალხსა შინა. სამართალმან მოქმედ-ყო უზენაესი მომვლინებელი ჩემი, მქმნა მეუფებამან ღვთიურმან, სიბრძნემან უზენაესმან და სიყვარულმან პირველმან. არაფერი ყოფილ არს ქმნილი ჩემადმდე, თუ არა _ ოდენ მარადისობა... და მეც ვარსებობ მარადისსა შინა. მომსვლელნო, აქა დაუტევეთ იმედნი ყოველნი თქუენნი.“

ეს ადგილი შთამბეჭდავად აქვთ ნათარგმნი კონსტანტინე გამსახურდიასა და კონსტანტინე  ჭიჭინაძესაც:

„ჩემს უკან სუფევს ტანჯვისა და ცრემლთა ქალაქი,

„ჩემს უკან სუფევს უნაპირო, უსაზღვრო სევდა,

„ჩემს უკან შავი სამყაროა სულთ წარწყმედილთა.

„მართლმსაჯულება ფუძედ ჰქონდა ჩემს დიად შემქმნელს*,

„მე ვარ ნაყოფი ღვთაებრივი ძალმორჭმულების,

„უმაღლეს სიბრძნის და პირველი სიყვარულისა.

„ჩემს გაჩენამდე წარმავალი არ არსებობდა,

„მარადიული ყოფნა არის ჩემივე ხვედრი.

„თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!“

ახალი პროზაული თარგმანი გამოირჩევა ლექსიკური სიმდიდრითა და დახვეწილობით. იმედია, ავტორები შემდეგ ნაწილებსაც, სალხინებელსა და სამოთხეს“, ასეთივე წარმატებით გადათარგმნია. ვფიქრობთ, კარგი გადაწყვეტილებაა, ძველი ტექსტებისთვის დამახასიათებელი ლაკონიური „ანოტაცია“  თავის დასაწყისში, თუ რას უნდა მოელოდეს, ეს მის ცნობისწადილს გაზრდის, დაძაბულობის ველს შექმნის. მაგალითად, „გალობა I- ) ღამით უღრან ტყეში მყოფ დანტეს გზა აერევა და ალიონზე მზით გაბრწყინებული მთის ძირას აღმოჩნდება; ) სამი ნადირის გამოჩენა; ) დანტეს ვირჯილიო მოევლინება, რომელიც სამოგზაუროდ იწვევს“ და სხვა.

მკითხველს  შეიძლება ეუცხოვოს მთარგმნელთა არჩევანი, ქება, როგორც ეს გამსახურდია-ჭიჭინაძეს ჰქონდათ, გალობად  რომ  თარგმნეს, ან ვერგილიუსი- ვირჯილიოდ. ხოლო „ოსტატი“, რომელსაც დანტე ვერგილიუსს უწოდებს, გადმოაქართულეს, როგორც “მწვრთელი“. მათ რუსთველის ცნობილი აფორიზმი (ტარიელი რომ ეუბნება ავთანდილს)  გაითვალისწინეს: „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“. ვფიქრობთ, ეს სიტყვა თარგმანის საერთო ლექსიკური სივრციდან არ არის „ამოვარდნილი“, რადგან ავტორები ხანდახან ფუნქციურად  იყენებენ სხვა ძველ ფორმებსაც, რათა პერსონაჟთა მეტყველება განსხვავებული იყოს არა  მხოლოდ ზოგადად, არამედ იმის გათვალისწინებითაც, თუ რა თემაზე საუბრობენ.

კარგი არჩევანია, აგრეთვე, წიგნის გაფორმება შესანიშნავი მხატვრის, გუსტავ დორეს, ილუსტრაციებით.  წიგნი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადგომით გამოიცა (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2021 წ.).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ ლადარიამ, დანტეს შემოქმედების მკვლევარმა, დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ამოსცა პროზაული თარგმანი დანტეს „ჯოჯოხეთისა“, რომელიც გამოირჩევა თარგმანის მაღალი ხარისხით.

ამგვარად, ქართველ მკითხველს, დიდი არჩევანი აქვს, რომ დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მარადიულ მხატვრულ სამყაროს ეზიაროს, თანამონაწილე გახდეს კითხვის მისტიკური  რიტუალისა, რომელშიც დრო და სივრცე ქრება, წინაპარი და შთამომავალი  ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ძიების ტკბილ-მწარე ბედნიერება განიცადონ.


დაბეჭდილია „მასწავლებელში“, წყარო:  http://mastsavlebeli.ge/?p=31631&fbclid=IwAR2COcyUsR-QMMQ5cJAAA5zwA-OTSbXZkV4fYLfg3vnYP3Gs7wzlWgtljhs