Translate

Monday, February 14, 2011

ნესტან კვინიკაძის რომანზე ''ისპაჰანის ბულბულები''

როცა დასასრული დასაწყისია


ღირს კი, რომ დაარღვიო დუმილი და სიტყვებად აქციო განცდილი და გადატანილი? „კალმით ატეხო ქაოსი“, როგორც ნესტან კვინიკაძე წერს რომანში „ისპაჰანის ბულბულები“ და ისედაც არეულ სამყაროს შენი ნათქვამ-ნაწერიც შეურიო, რეალურ-ხორციელ ადამიანებს ქაღალდის ვირტუალური მოძმენი შემატო და ფიქრი დაამძიმო. ბიბლიური სოლომონს თუ დავუჯერებთ, წმინდა ვერცხლს, ანუ ბრძნად მეტყველებას, დუმილი — რჩეული ოქრო — უნდა ვარჩიოთ, მაგრამ ამ სიბრძნის ცხოვრებაში გატარება მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. ცხოვრების უდაბნოში კი ძნელია ამგვარი აღთქმის დადება. თანაც, „გამოთქმა“ ხომ ღვთაებრივი უნარია, რომელიც ადამიანს უზენაესისგან ებოძა ძვირფასი საჩუქარივით. თვითონ უპირველესი „სიტყვაც“ ხომ გამოითქვა და შეიცვალა სამყარო.
ვინ იცის, „კალმით ატეხილი“ რამდენი ქაოსი უნახავს კაცობრიობას. სამყარო კი ისევ მხსნელი „სიტყვის“ მოლოდინშია. ნესტან კვინიკაძისთვისაც ხსნის გზად გამოთქმული სიტყვა ქცეულა, თუმცა თანმდევი ეჭვი თვისი ნათქვამის ღირებულებისა, როგორც თავმდაბალსა და ნიჭიერ მწერალს, არ ასვენებს და რომანში ამას ამგვარად გამოხატავს: „არაფერი გვსმენია იმ მოთმინების უნარზე, რითაც ღმერთმა დააჯილდოვა ჩვენი ავტორები. და ალბათ ამიტომაც გამუდმებით ერთია განწყობა, თითქოს ღვთის სიტყვას იუწყებოდნენ — „ეს ჩემგან იყო“. მთელი სხეული კი მაინც ემოციით ლავირებს. ხან ძველირლანდიურ საგას გადასწვდება, ხანაც უცხოურ ლეგენდას აიკვიატებს“. თვითონ ამის („ჩემგან იყო“) გულუბრყვილო პრეტენზია არა აქვს, ამიტომაც არის მისი რომანი გულწრფელი და მიმზიდველი. მისი აზრით, ხომ ნებისმიერი დაკვირვება შეიძლება „განივრცოს უფრო დიდი ტკივილისაკენ“, მაგრამ „რატომღაც ჩვენი მწერლები აქ ჩერდებოდნენ და შემდეგ ამ თმენის უნარს ლოცავდნენ“.
მწერალს უჩნდება ეჭვი, მოახერხებს კი თვითონ სათანადო ადგილას გაჩერებას, რათა ტკივილი მკითხველის წარმოსახვაში განივრცოს? ჩვენი აზრით, ამას ნამდვილად ახერხებს. ნესტან კვინიკაძემ იცის სიტყვის ფასი, იცის, რომ „სიტყვას თავისი ზუსტი დრო აქვს. ადრე თქმული სასწაულმოქმედ ძალას კარგავს. დაგვიანებული სიტყვა კი დაგვიანებული წერილივით უსუსურია“.
დუმილის დარღვევისთვის კი ორი რამ არის აუცილებელი: სათქმელის ქონება და გამოთქმის ხელოვნება. ნესტან კვინიკაძეს მწერლისთვის აუცილებელი ორივე „ღირსება“ გააჩნია.
„შემოქმედი მკაცრ არსს ერკინება, უხილავს, აღმატებულს მასზე და ყველაზე დიდი გამარჯვებული დამარცხებული გამოდის, რადგანაც ჩვენი ყველაზე დიდი საიდუმლო, ერთადერთი რამ, რომელიც ღირსია ითქვას, უთქმელი რჩება. არასოდეს არ ემორჩილება იგი ხელოვნების მატერიალურ გარშემოწერილობას“ — ნიკოს კაზანძაკისის ეს სიტყვები რომანიდან „აღსარება გრეკოსთან“ დასტურია იმ სიძნელისა, რომელსაც მწერლები სიტყვასთან ჭიდილისას აწყდებიან, თუმცა ეს სიძნელე საიდუმლოს გამოთქმისა კი არ ადუმებს, არამედ უბიძგებს მწერალს მისი მოხელთების გზების საძიებლად. ამიტომაც წამაქეზებლად ჟღერს ფოლკნერის სიტყვები: „ხელოვნად მიმაჩნია ყველა, ვინც შეეცადა შეექმნა ის, რაც მანამდე არ არსებობდა... ვინც შეეცადა, საბოლოო დავიწყების კედელზე, რასაც უნდა ჩაუაროს, თუნდაც დაუხვეწავად ამოეტვიფრა: „აქ კილროი იყოო“ .... მარცხიც კი რამედ ღირს და მშვენიერია, თუკი ბრწყინვალე მარცხია, თუკი ბრწყინვალე ოცნებაა, მიუღწეველი და უძვირფასესი, რადგან ეს არის ოცნება სრულყოფილებაზე.... თუკი არსებობს ღმერთი და ჩვენში სურს დაინახოს ის, რაც ჩვენს არსებობას ამტკიცებს, წიგნებსა და ნახატებს ვუჩვენებთ“.
ნესტან კვინიკაძემ თავისი რომანით ჩვენს შთაბეჭდილებაში ამოტვიფრა, რომ „აქ ისპაჰანის ბულბულებმა გადაიფრინეს“ და ამგვარად სევდიანი, ადამიანური ისტორიები რაღაც მშვენიერისა და ამაღლებულის მოლოდინით დამუხტა.
ამ რომანში (გამომც. „არეტე“, თბ. 2004) თანამედროვეობაა დახატული, მისი რიტმი და პულსაციაა გადმოცემული. ავტორი რომანში მთხრობელის ნიღაბს გამუდმებით იცვლის. ხან მესამე პირში, გარედან მაყურებლის პოზიციიდან აღწერს ამბებს, ხან რომელიმე პერსონაჟი გვიყვება საკუთარ თავსა თუ სხვებზე, ხან წერილია ჩართული, ასე რომ, ნაცადი ლიტერატურული ხერხებით, მწერალი მკითხველს შთამბეჭდავად წარმოუჩენს იმ სამყაროს, რომელიც ამ რომანის პირობით დრო-სივრცულ ჩარჩოშია მოქცეული. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ წიგნში შესულია გაგა ლომიძის შესანიშნავი ესსე ამ რომანზე „როცა გმირები შინ ბრუნდებიან...“
ნესტან კვინიკაძის ერთი შეხედვით სადა რომანში (სისადავეს ქმნის სიუჟეტის გამჭვირვალება და უბრალოება, ენის სასაუბრო მეტყველებასთან მაქსიმალური სიახლოვე, ნაკლები ხატოვანება, ავტორი იშვიათად მიმართავს ტროპულ მეტყველებას) ბევრი მინიშნება და ქვეტექსტია. ეს მინიშნებანი რომანის გმირებს და მოთხრობილ ამბებს სიმბოლურ მრავალმნიშვნელოვნებას ანიჭებენ და კაცობრიობისა თუ ქართველი ერის კულტურული გამოცდილების კონტექსტში მოაქცევენ. ამას მწერალი ახერხებს ისე, რომ ფაბულას არც „ობობას ქსელივით ხლართავს“ და არც ფსევდო ინტელექტუალური მსჯელობებით ტვირთავს.
რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ასტამური, 5 წლის რომ იყო, სოფელში მიაბარეს ბებიას. ეს სოფელი კი ჭყვიშია. ქართველი მკითხველისთვის გასაგებია ორმაგი კოდირების შიფრი. სოფელი „სავსე იყო შეუცნობელი მოვლენებით, სახლ-მუზეუმებით“. ჭყვიშის ხსენებამ მკითხველის ცნობიერებაში გამოიწვია ფიქრების ახალი ნაკადის შემოტანა, გალაკტიონისა თუ ტიციან ტაბიძის პოეტური სახეები, არნახსენები, მაგრამ ნაგულისხმევი, ეპიზოდს მეტ სიღრმესა და ემოციას ანიჭებენ. „შეუცნობელი მოვლენა“ კი პოეზიაა, რომელიც ამ მითიურ-მისტიკურად ქცეულ სივრცეში შემოჭრილს თავისებურად დადაღავს. ამიტომაც უფრო ლამაზად და შთამბეჭდავად გამოიკვეთება ამ ფონზე ისეთი ამაღელვებელი და პოეტური სურათი, როგორიცაა პატარა ბიჭისა და რუხი ბატების მეგობრობა. ბატების გაფრენით გამოწვეულმა დარდმა კი ასტამური ავად გახადა და ბატონები შეჰყარა. ბავშვობაში გაუცნობიერებელი ტკივილი სიჭაბუკეში ამგვარ კითხვად გამოიკვეთა: „სად ან რატომ მიფრინავენ ფრინველები?“ ამრიგად, მწერალმა ამ გზით ორმაგი მინიშნება მისცა მკითხველს ასტამურის ბუნებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ. ბიჭი ორნითოლოგი გახდა და ფრენის წყურვილი მოგზაურობებით დაიკმაყოფილა. ამ მოგზაურობებს ჰოლანდიაში და სხვაგან, რა თქმა უნდა, თან ახლავს რელიგიურ-ლიტერატურული პარადიგმები (უძღები შვილი, ოდისევსი, დონ კიხოტი...).
ასტამური უძღები შვილია, როდესაც „ბაბუს სახლის საფასურად მიღებული მწვანე კუპიურებს ხან პიცერიაში, ხან ჯაზკაფეში, ხანაც კოფეშოპ—ში ხარჯავს. ვან გოგის მუზეუმის ნახვით გამოწვეული „შეშლილობა“ აღარ აკმაყოფილებს და ნეპალური ჰაშიშით ბრუვდება. მართალია, ასტამურს არც ჰოლანდიაში მოუშლია „ზემოთ ყურება“, მაგრამ იქ არც კაკაჩებია და არც წითელფეხება შევარდნები. ცივილიზაციამ ბუნებას მხოლოდ დეკორაციული ფუნქცია დაუტოვა. თუმცა „ხელოვნური სამოთხეების“ ნაცვლად ევროპის ჩახუთული სივრცის განზომილებაში შემოიჭრება მოგონება საქართველოს ბუნებრივი სამოთხეებისა. სნო და ხევის პატარძალი — მყინვარი, სტეფანწმინდა. „არც ევროპა, არც აზია“, პირველყოფილი, შეურყვნელი სივრცე, სადაც ლეგენდა სინამდვილედ იქცევა და დასაჯერებელი ხდება „თამარ მეფის გაცოცხლება“.
საზოგადოდ, ამ რომანში რაღაცის დაკარგვის, მერე მისი გააზრების, შეფასების, აღიარებისა და შემდეგ მოპოვების (რეალურსა თუ მისტიკურ პლანში) მოტივები ერთმანეთს გადაკვეთენ. ასე წარმოჩნდება მთავარი პერსონაჟების მიერ საკუთარი თავის შეცნობის რთული და წინააღმდეგობრივი გზები.
სხვაგან წასვლა, „დამპალი“ გარემოსგან (90-იანი წლების საქართველო) თავდაღწევის წყურვილი, თავისუფლების ძიება რომანის მთავარი მოტივებია. ჰამლეტის პარადიგმაზე მინიშნება მწერალს საშუალებას აძლევს რამდენიმე სიტყვაში მოაქციოს და გადმოსცეს ასტამურის შინაგან საყაროში ატეხილი ქაოსი და ამაზე აღარ დაიხარჯოს. კლასიკური ტექსტები მწერალს ხელს კი არ უშლიან, არამედ ეხმარებიან, ამიტომაც ხან შეფარულად, ხან ციტატებით, ხან მინიშნებით (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი...) მწერალი ახერხებს საკუთარი სათქმელის ლაკონურად, ზუსტად და ნათლად გამოხატვას და მას აქვს, როგორც თვითონ იტყოდა „წერის ჩინებული მანერა“.
გმირები ევროპიდან შინ ბრუნდებიან. როგორც გალაკტიონი იტყოდა: „ნახე პარიზი და დაგმე“. რომანის გმირებიც ნახავენ და გემოს გაუსინაჯვენ ევროპულ სიამეებს, რომელიც სულს მხოლოდ ამძიმებს და ასნეულებს. ამსტერდამში ჩასულ ასტამურსა და ნატაშას პირველი, ვინც დაელაპარაკა, იყო „გაურკევევლი ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდა“. ქართველები ცხოვრობენ ქალაქში, „რომელიც მათ წინაპრებს საერთოდ არ უნახავთ“. დღეს კი ნახვა, სანახაობა, ადამიანს თავის უპირველეს საზრუნავად მიუჩნევია. მთელი ყურადღება გარეგან მზერაზეა გადატანილი. თუმცა ამგვარი ხედვა მათ შინაგან მზერას უხშობთ. „ამსტერდამი... მომაჯადოებელი, მოვლენათა ცენტრი, სადაც ევროპის ყველა კუთხიდან მოდიან და ჩერდებიან“.
მწერლის დამოკიდებულება ევროპელთა მიმართ თანაგრძნობით არის გამსჭვალული. ის მათ აღიქვამს, როგორც „მგლოვიარე გედებს“, რომელთაც ნამდვილი სიხარულისა აღარაფერი გაეგებათ, რადგან ყალბ სამყაროში ცხოვრობენ. ევროპული ცხოვრების ღიაობა (უფარდებო სახლები — ასტამური და ნატაშა მეზობლის ტელევიზორს საკუთარი ფანჯრებიდან უყურებენ) სულაც არ გულისხმობს ადამიანურ ურთიერთობათა ღიაობასაც. პირიქით, ეს ადამიანები შინაგანად ჩაკეტილნი და მარტოსულები არიან.
მწერლის აზრით, ადამიანისთვის სხვა ადამიანი არასოდეს არ უნდა იქცეს წერტილად, თუ ეს გარდაუვალია, მაშინ ის უნდა იყოს მხოლოდ „ათვლის წერტილი“, ე.ი. გაუცხოება და გაუფასურება ადამიანის ღირებულებისა მწერლისთვის მტკივნეულია. ამით ის მიანიშნებს იმ მწერლებზე, რომლებიც ადამიანს, როგორც არარაობას, ისე წარმოაჩენენ. „მე-19 საუკუნემ თურმე მშვენივრად უწყოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი, მეოცემ არ იცოდა. 21-ე სავარაუდოდ ყველაზე სასტიკი უნდა ყოფილიყო, რომელსაც არამცთუ გადაფასებული და განადგურებული ჰქონდა ფასეულობები, არამედ უფრო მეტიც, სანაცვლოდ კატეგორიულად ახალ კომპლექსებს და ახალ კომპლიმენტებს მოითხოვდა“.
რომანში რამდენიმე პერსონაჟის ცხოვრება ისე ენაცვლება ერთმანეთს, როგორც კინოს კადრები. მწერლისთვის თვითონ ცხოვრებაა ასეთი მონტაჟური და რომანსაც ამ პრინციპზე აგებს. ასე რომ, რომანში „აქ“ და „იქ“, „მაშინ“ და „ახლა“ ერთმანეთს ენაცვლება, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, რადგან ადამიანი ხომ ყველაფერი იმის ჯამია, რასაც ხედავს, იხსენებს და რის მოლოდინიც აქვს. თანაც, მოსწონს კადრებად აღქმული ცხოვრებისეული დეტალები და ეპიზოდები. რომანში, ამ თვალსაზრისით რამდენიმე ფერწერულად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი კადრია. მაგალითად, ეს: „დიდებული შადრევნის ქვეშ ახალ, კოპლებიან კაბებში სველდებოდნენ და პატარა ბავშვებივით კიოდნენ ნატაშა და ტატა. ასტამურს ხელს უქნევდნენ, იხმობდნენ და ფეხებს ატყაპუნებდნენ წყალში. ოქროფერ შადრევანში... ნელსაცხებელივით მიჰკრობოდათ კაბები, აშკარა იყო ძვლებიც და მკერდიც“.
მწერალი რომანში რამდენიმე დამოუკიდებელ სიუჟეტს ერთმანეთში ოსტატურად გადააწნავს და ამ გზაჯვარედინებზე იხატება გმირთა ბუნება, მათი ტკივილი და სიხარული. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში უკვე ბევრი ტატა, ნატა, ნიკა თუ ირაკლია დახატული, ნესტან კვინიკაძის გმირები მაინც გამორჩეულად გამახსოვრდება. განსაკუთრებით, ასტამური და ფარვიზი. რა თქმა უნდა, აქ თვითონ ამ იშვიათ სახელებსაც აქვს მნიშვნელობა. ამავე დროს, ეს ერთგვარი მხატვრულ-პოეტური კოდებია, მწერლისეული მსოფლმხედველობის ასახსნელად და გასააზრებლად. ფარვიზი კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილში“ ერთ-ერთი ნიღაბია დიონისოსი, რომელიც იღუპება, რდგან თანამედროვე ცივილიზაციიდან დიონისური, მისტერიული განდევნილია და მოკვეთილი.
დიონისეს „მოსვლას“ გამსახურდია აზიიდან მოელოდა. ამ რომანშიც არის ამის გამოძახილი. „აზიიდან აშკარად იწყება რაღაც“. ჯერ ერთი, საგულისხმოა, რომ ტყუპი ძმებიდან სინამდვილეში ასტამური დაღუპულა ბავშვობაში, ფარვიზი კი გადარჩენილა, ოღონდ ეს არავინ იცის. ამას ტატა გაიგებს, გარდაცვალების შემდეგ. შეიძლება ეს იყოს მწერლის მინიშნება იმაზე, რომ სამყაროში გადარჩენილია დიონისური, საიდუმლო, რომელსაც დანახვა სჭირდება. ამისთვის საჭიროა თვითჩაღრმავება, საკუთარი თავის შეცნობა, გაუცხოების დაძლევა. ასტამური უნდა მიხვდეს, რომ ფარვიზია, მაგრამ როგორ? რომანში ამის პასუხი შინ დაბრუნება, გარეთ მაცქერალი თვალის სულის სიღრმებიისაკენ მიმართვაა. ეს რთული, მტკივნეული და ხანგრძლივი გზაა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაადგეს ადამიანი, თუ გადარჩენა უნდა. როგორ წარმოუდგება ავტორს სოდომ — გომორისეული ევროპის მომავალი? „ყველა საუკუნის დასაწყისს თავისი ქვეცნობიერი ცენტრი გააჩნია, უწინ ასეთი ადგილი იყო პარიზი. სორბონაში ლექციების მოსმენა ერთგვარ არტთერაპიას უდრიდა. დღეს მცოცავი ცენტრი სულ სხვა მხარეს გამოჩნდა: ეს იყო ნიუიორკი, სადაც ყველანაირი ალბათობა დაშვებულია....
რა იქნება მერე?
იდუმალი სტეპის, ან ნახევარი უდაბნოს შუაგულში ყვითელწარბიანი ქორი დაჯდება. და ასე იქნება იქამდე, სანამ ნამდვილი საიდუმლოს ღირსი არ გახდება სათითაოდ ყველა“.
ასე წარმოუდგება მწერალს ცივილიზებული, ჰაშიშით გაბრუებული კაცობრიობის მომავალი გაუდაბურება. თუმცა ამგვარი პესიმიზმი ვერ გადასძალავს ხსნის იმ იმედს, რომელიც მტრისაგან აჩეხილი გლეხის საფლავზე ამოსული ვაზივით ხარობს მაინც. აქაც და იქაც, სააქაოშიც და სააქაოშიც ერთნაირი გზნებით ელიან ისპაჰანის ბულბულების გადაფრენას, ეს სიკვდილ-სიცოცხლის შერიგებაა, რადგან ისინი ხომ ისედაც განუყრელნი არიან ტყუპებივით, როგორც რომანშია: ფარვიზი და ასტამური. და არც აქვს მნიშვნელობა, რომელი რომელია, რადგან ერთი მეორეს გულისხმობს და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.
რომანში სიყვარულიც არის, იმედგაცრუებაც, ურწმუნებაც, მაგრამ სიძულვილი, ძალადობა და ბოროტება არ არის. ეს მეტად საგულისხმოა, მწერალი კი არ თრგუნავს, არამედ მშვენიერების დასანახავად აღვიძებს რეკლამებითა და გარეგანი სანახაობებით გადაღლილსა და გამოფიტულ მკითხველს. ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტატას, სიკვდილიც გულისამაჩუყებელი პათეტიკის გარეშეა დახატული, ისე, რომ მკითხველი სიკვდილს სიცოცხლის ლამაზ გაგრძელებად აღიქვამს. რომანში მოკვდავობის ტკივილი გადალახულია უკვდავების რწმენის სიხარულით.
რომანმა თემურ ბაბლუანის ფილმი „ბეღურების გადაფრენა“ გამახსენა. იქაც გმირი სამშობლოში ბრუნდება, ოღონდ ხელოვანის ნიღბით. იქაც სწრაფვაა, სხვად იქცეს, მაგრამ სამშობლო ნიღაბს ხდის.
მწერალი წუხს, რომ ჩვენს დროში ვერ აღწევს ვერც „ქრისტიანული სიბრძნე და ვერც კარეტების ჭრიალი“. ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესები აუხეშებს ადამიანის სულს. თანამედროვე ცივილიზაცია დევნის ოცნებას, რაც მწერალს ადამიანისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიაჩნია, ალბათ, ამიტომაც ადარებს თავის გმირებს „მოხეტიალე მტრედებს“, რომელთა უკანასკნელი ინდივიდი 1914 წელს გადაშენებულა: „მოხეტიალე მტრედების ასეთმა უეცარმა გაქრობამ დაუჯერებელი თეორიები წარმოშვა. ვარაუდობდნენ, რომ თითქოს შევიწროებული მტრედები ავსტრალიისკენ გაფრინდნენ და დიდ მანძილზე ფრენას მიუჩვეველნი, ატლანტიკის წყლებში დაიღუპნენ. ისიც იფიქრეს, ჩრდილო პოლუსისკენ გაფრინდნენ და გაიყინენო“. ადამიანის ხსნა არ არის არც სამხრეთში და არც ჩრდილოეთში, არამედ იმ ქვეყანაში, სადაც მისი ფესვებია.
მწერალს სჯერა, რომ სამყაროს და ჩვეულებრივ ადამიანსაც პოეზია, მშვენიერება გადაარჩენს. ამაზე მეტყველებს რომანში ჩართული ლირიკული გადახვევა სიყვარულზე. „მერე მიიწურება ივნისი, ცოტა ხნით მიიმალები, მაგრამ ვეღარ გაძლებ მარტო, უჩემოდ, ასე რომ არ იყოს... ასე რომ არ იყოს!!!“ რომანს პოეტურობას ჰმატებს უცებ გამკრთალი ულამაზესი ფერწერული სურათები, მაგალითად, ალაზნის ველი ასეა დახატული: „კავკასიონი, ალაზნის ველი და წნორი, თივაში გაწოლილი ქალიშვილივით“
რომანის გმირები რომანტიკოსები არიან, უყვართ ხელოვნება და ლიტერატურა, კითხულობენ „პატარა უფლისწულს“, ნიცშეს, შექსპირს, კორტასარს, ბეკეტს, დოსტოევსკის, კობო აბეს... ერთი სიტყვით, ნამდვილი თავისუფლების ფასი იციან. ესმით ზე-კაცობის არსი და ცდილობენ საკუთარი სულის სიღრმეებში ჩაწვდომას. აღშფოთება იპყრობთ, როდესაც ეკლესიაში გამართულ დისკოთეკას ნახავენ. უტკივილო კომფორტს „არტისტული ნევროზით“ შეპყრობილ ჰოლანდიაში ისევ ტკივილი ურჩევნიათ, ამიტომაც თამაშობენ ოთახში უცნაურ თამაშს — თოკზე ჩამოკიდულ ქოთანს ატრიალებენ, თანაც ისე, რომ საფრთხეს იქმნიან, ე.ი. ტკივილს ეთამაშებიან, რადგან სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“ (ვაჟა). და ისევ მეორდება პარადიგმა: სხვაგან წასვლა გახდა საჭირო, რომ შეეგრძნოთ „მათი ერთი ბეწო კულტურის“ ფასი და მნიშვნელობა.
„კავკასიელმა ალქიმიკოსებმა“ იცოდნენ სიცოცხლის საიდუმლო, ქვეშეცნეულად ასტამურიც გრძნობს იმ შორეულ წინაპრებთან ნათესაობას, ამიტომაც დაეძებს კავშირს არამიწიერთან. სიმბოლურად ამაზე მეტყველებს მისი გამუდმებული „ზეცაში ყურება“. მან სწორედ იმიტომაც არ შეირთო ტატა, რომ შეეშინდა „საიდუმლის ამოწურვისა“.
ასტამურის სამშობლოში დაბრუნება განახლებას ედარება. ევროპაში მოგზაურობა იყო ერთგვარი გამოცდა, „ორმოში დაფლვა“, რათა იქიდან ამოსულს, მზერაგანწმენდილს უკეთ შესძლებოდა „ახალი ცხოვრების“ დაწყება. ეს არის სიმბოლური სიკვდილი და გამოღვიძება. რომანის ბოლოს შელოცვაც ამის დასტურია. იგი საბოლოოდ იწმინდება იმ სენისაგან, რასაც სხვაგან ხსნის ძიება ჰქვია. ამაზე მეტყველებს სიზმარი თუ ხილვა, სადაც ის თავის „წინაპრებს“ ხვდება: „მე ვარ, მე, ვერ მცნობ — კავკასიელი ალქიმიკოსების შთამომავალი!.. ჩამო... ჩამოდი... ღობეებით მოწნულ მიწაზე!“ ასტამურს ეყო ვაჟკაცობა „სხვა ენაზე ცხოვრებისთვის“ უარი ეთქვა, გაეძლო, რადგან მიხვდა: „ყოველი დღე ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც მე მსურდა, რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას. არ იქნებოდა ბრძოლა“. „ფუძის ანგელოზი“ თავზე კოცნის ასტამურს და გზას ულოცავს, რათა მან ისევ შეძლოს ოცნება ისპაჰანის ბულბულების გადაფრენაზე.
2006

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006

No comments:

Post a Comment