Translate

Saturday, April 30, 2016

მზეო, ამოდი, ამოდი _როსტომ ჩხეიძის წიგნზე „მზის შვილები“

მაია ჯალიაშვილი


მზეო, ამოდი, ამოდი _ ეს სიტყვები რეფრენივით მიჰყვება და პოეტურ ელფერს მატებს  როსტომ ჩხეიძის ახალ მონოგრაფიას, `მზის შვილები~ რომ უწოდებია მწერალს, რომლის სტილი საზოგადოდპოეტურია. იგი  ნებისმიერ თემატიკას განსჯის არა მშრალად, გულგრილად, არამედ ექსპრესიულად, თითქოს საკუთარ სულში გამოტანჯავს სათქმელს, თვალსაზრისებს განცდითა და ემოციით მუხტავს, ალბათ ამიტომაცაა, რომ მკითხველის გულისკენ იოლად და მსუბუქად იკვალავს გზას. ფრაზების მოხდენილობა და რიტმი მის ნებისმიერ მსჯელობას სიცხადესა და გამჭვირვალებას მატებს  და დაუფარავი სუბიექტურობით აღბეჭდილ თვალთახედვას  ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს.
ეს ტექსტიც ლიტერატურული ცდაა, რაც ხაზს უსვამს ავტორის დამოკიდებულებას საკუთარი ნაღვაწის მიმართ. ცდა დიალექტიკაა, პროცესია, რომელიც დრო-სივრცულ დასაზღვრულობას ვერ ეგუება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ავტორი უპრეტენზიოდ აღიარებს ამ თემაზე ინტერპრეტაციათა მრავალგვარობას, არამედ იმასაც, რომ უპირველესად კითხვის პროცესი, მკითხველთან დიალოგი უნდა იყოს ცოცხალი. მან უნდა გააღვიძოს ახალი მცდელობანი შემოთავაზებული თემატიკის გასამრავალფეროვნებლად და, ერთი შეხედვით, საიდუმლოებაახდილ სიმბოლოთა  ახალ  მნიშვნელობათა მოსაძიებლად.
რა მნიშვნელობა ენიჭება ქართველთა მითოპოეტურ ქრონოტოპში მზეს? რამ განაპირობა ჩვენთვის ამ უპირველესი მნათობის სიმბოლოდ ქცევა ან როგორ აამეტყველა ქართველმა ეს სახე თავის რელიგიურ-ფილოსოფიურ წარმოდგენებში _ ამ და მსგავსი თემატიკის საკითხებს იკვლევს ავტორი ამ საგულისხმო წიგნში.
`მზის მოტრფიალედ ვივლიდიო~, _ იოცნებებდა ვაჟა-ფშაველა და მზის მარადიული მიჯნურობის სანუკვარ ნატვრას ადამიანად ყოფნა-არყოფნის მტანჯველ კითხვას დაუკავშირებდა.
მზე პირს იბანს _ ამ მშვენიერი მეტაფორით გამოხატავდა ქართველი სიცოცხლის სიხარულს. ვინმეს მზის ჩასვენებაში კი სიკვდილს იგულისხმებდა, ჩასვენებას `ფერადების მორევში~ (გალაკტიონი), სადაც სული განიბანებოდა ახალი შობისათვის.
`მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო~... `მზე დედაა ჩემიო~... ამ და სხვა მითოპოეტური სტრიქონებით ქართველი მზესთან ნათესაობის სწრაფვას, მასთან `წილნაყარობის~ სურვილს ამხელდა.
ქართულ მითსა, ზღაპარსა თუ ლეგენდებში მზის სიმბოლიკა მრავალგვარი ვარიაციით გვხვდება. შთამბეჭდავი და დაუვიწყარია ფარნავაზ მეფის ცხოვრებასთან დაკავშირებული ერთი მზისეული ხილვა. ქართველთა სამეფოს პირველ გამაერთიანებელსა და `მწიგნობრობის~ შემქმნელს ზეციური ძალა უდიდეს საქმეთა აღსასრულებლად სწორედ მას შემდეგ მიენიჭა, რაც მზის სხივმა სარკმლიდან  გარეთ გაიყვანა და მეფემ   პირს მზის ცვარი იცხო. იგი პირველი მზიანი მეფეცაა ქართველთათვის ახალი მზის, ქრისტეს გამობრწყინებამდე.
წარმართ ქართველებს ოჯახის მთლიანობის გამომხატველ დედაბოძზე, რომელიც ცხოვრების ხესაც განასახიერებდაბორჯღალი, მზის სიმბოლური გამოსახულება ჰქონდათ.
`უძველესი კულტი მზისა, `მზეშინა~, `ლილე~, `რიჰა~, დედოფლის მინდვრისა და ლევკოთეას, ანუ თეთრი ქალღმერთის (სტრაბონი) ტაძრები, სვანური ლემი და ზოგადქართული ბორჯღალი, დალის თმების ნათელი, მითოსური მზის თვალი ვაზის მტევანში, ყამარქალი და, უფრო მეტად, მზექალები და მზეჭაბუკები, თუშური მილივნები და დასავლური ჩიჩილაკი, კოლხური მითოსური რელიქტები მეგრულ ენასა და ეთნოგრაფიაში... `მონათვლის~ ქართული გააზრება, უძველესი სახე ქართული ჯვრებისა, ჯვარი ვაზისა და `სვეტიცხოველი~, ქართველ აგიოგრაფთა ანტისოლარული პოლემიკა, `შენ ხარ ვენახი~, `ამირანდარეჯანიანის~ `მზის ჭაბუკები~, თამარ-მეოთხე ჰიპოსტასის მზიური სახება, `ვეფხისტყაოსნის~ მხატვრული მზე, დავით გურამიშვილის `მზეთა-მზე~, ნიკოლოზ ბარათაშვილის `მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული~, მზისა და ნათლის ტროპიკა გალაკტიონის პოეზიაში _ აი, ზოგადად ის თვალსაწიერი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ქართული სახისმეტყველების საფუძველთა საფუძველია მზისა და ნათლის ესთეტიკა,~ _ წერს რევაზ სირაძე თავის შესანიშნავ წიგნში `ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები~ (1987).
იგი  საგანგებოდ წარმოაჩენს ქართულ კულტურაში მზის ესთეტიკის  ღირებულებას. მისი აზრით, მითოსშიც და ქრისტიანულ ხანაშიც ორი მზეა: ხილული და უხილავი, ანუ სულიერი მზე. მზის სახება საუკუნეთა განმავლობაში გასდევდა ქართულ სახისმეტყველებას და მზის ესთეტიკამ განსახოვნების მრავალი ფორმა გამოკვეთა, რომელთა საფუძველზე პარადიგმული მნიშვნელობის არაერთი  სახე ჩამოყალიბდა. ქართულ ჩუქურთმაში ვაზია ჩაწნული და აქვე იგულისხმება მზეც. `ვაზი ყველაზე მეტად განიცდის და შეიწოვს მზეს. მზის ძალა ვაზიდან ღვინოში გადადის. მტევანი და ტანი ვაზისა მზის ძალას ქალური სიყვარულით განიცდიან, ამიტომ ვაზი ქალურ საწყისს გამოხატავს, მზე კი ვაჟურს. მზიური სიყვარულის ძალითაა დაგრეხილი ვაზის  ტანი და ამავე ძალით ეწმასნება იგი ჭიგოს. ამიტომაც იყო მიმზიდველი ვაზის მიმოხრა და ამიტომაც დაამსაგავსეს მას ქართული ჩუქურთმა. ჩუქურთმაში ვაზის სილამაზე ჩააწნეს~.
როგორ წარმოჩნდა მზის ესთეტიკა XX საუკუნის ქართველ მწერალთა შემოქმედებაში? სწორედ ამ საკითხს გულმოდგინედ ჩხრეკს და აანალიზებს როსტომ ჩხეიძე, რომელიც ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს ახალი რაკურსით შეგვახედებს და მრავალ ისეთ დეტალს გამოკვეთს, რომელიც აქამდე არ იყო გამოკვლეული, ან სულაც ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამ თვალსაზრისით, მისი მიგნებები საინტერესოა და გასათვალისწინებელი, ისინი ახალი ძიებებისკენ უბიძგებენ მკვლევარებს, მკითხველებს კი მხატვრულ სახეთა სიღრმისეული გაგებისთვის `უხელენ~ სულის, გულისა და გონების თვალს.
`მზეო, ამოდი, ამოდი~_ეს ფრაზა როსტომ ჩხეიძეს მზის საგალობლად მიაჩნია, მითოსური დრო-ჟამის ჰიმნად, ხოლო სტრიქონები `ნუ ეფარები გორასაო~ _ შემდგომი დროის  დამატებად, დესაკრალიზებულად, გამიწიერებულად. არადა, ენანება `სხვა დროის მსოფლგანცდაში~ შესარჩევად და დასაკარგავად `მზის მისტერიის ეს უშორესი გაელვება, საგალობლის ნამსხვრევი~.
ამიტომაც მითოლოგიური `მზეო, ამოდი, ამოდი~, ამ წიგნში ერთგვარ ჯადოსნურ შეძახილადაც ჟღერს, რომელსაც ამოჰყვება ქართულ სიტყვიერებაში მხატვრულ სახეებად ჩაწნულ-ჩაკარგული მზეები. უფრო ზუსტად, როსტომ ჩხეიძე ამოჰკრებს ტექსტებში გაბნეულ მზეებს, რათა შეკრას წრე და დამსხვრეული გაამთელოს არა კონკრეტული სახით, არამედ საზოგადო მსოფლგანცდით. როსტომ ჩხეიძე ამ წიგნით თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ქართულმა ლიტერატურამ შემოინახა ის მითოსური განცდა მზისა, რომელიც ამგვარი სადა და უკვდავი სტრიქონით გამოიხატა: `მზეო, ამოდი, ამოდი~.
წიგნი  ხუთ თავადაა დაყოფილი (`მზის მისტერია~, `მზე მტევანში~, `უდარდელობა _ მზიური ჯიში~, `რიჰა _ რწმენა, სწრაფვა მარადიული~, `მზის სამლოცველო ან შუადღის მზის საგალობელი~, `მზიანი ღამე... შუადღის ღამე~) და თითოეულში მზის ესთეტიკასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემაა გაანალიზებული.
ავტორი დინჯი, თანმიმდევრული, თანვე ემოციურად დამუხტული სტრიქონებით წარმოაჩენს, თუ როგორ დამუშავდა მზის სახე გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში. ამ თვალსაზრისით, აქ საგულისხმო დაკვირვებებია `გველის პერანგის~, `ლონდას~ `ფალესტრას~, `ლამარას~ შესახებ. მწერალი გულდასმით აკვირდება რობაქიძის მხატვრულსა და ესეისტურ ნააზრევს და აღმოაჩენს, რომ `ქართული მოდგმის უშორესი ფესვების ძიება ქვაკუთხედია მისი მსოფლმხედველობის, გასიმბოლოებული კარდუს ხატში და გათანგული მწველი, მცხუნვარე მზით~.
იგი თვალს მიადევნებს, მზის ხატებას რობაქიძის შემოქმედებაში მისი პირველი გამოჩენიდან ბოლომდე და აანალიზებს, როგორ ტრანსფორმაციას განიცდის, რა ვარიაცებით წარმოჩნდება, რა მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობები ენიჭება და  როგორი რელიგიურ-ფილოსოფიური ქვეტექსტებით იტვირთება.
ერეკლე ტატიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის შეხედულებებთან შეხმიანებით, როსტომ ჩხეიძე წარმოაჩენს, თუ რა ძალა მიანიჭა მზის სახემ `ლონდას~ მხატვრულ-ესთეტიკურ სათქმელს. საინტერესოა `ლონდას~ ანალიზი `თინგ თეატრის~ ესთეტიკის კონტექსტში. თვითონ თეატრის თავისებურებათა წარმოჩენა მიხეილ კვესელავას სახელს უკავშირდებაპარალელი კი `ლონდასა~ და ამ გერმანულ თეატრთან პირველად  სოსო სიგუამ  გაავლო.
როსტომ ჩხეიძის ღირსებად უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი ყოველთვის ასახელებს ამა თუ იმ საკითხის `პირველაღმომჩენებს~ და არავის უკარგავს ღვაწლს. ამგვარი  კეთილსინდისიერება მის ნაშრომებს მეცნიერულ წონას მატებს.
ავტორის აზრით, იმას, ვისაც არ ადარდებდა საკუთარი თუ ერის მეობა, წარმომავლობა, წარსული, აწმყო და მომავალი, მზის მცხუნვარება ვერაფრის ხსოვნას ვერ აგრძნობინებდა და ვერც ფესვების საჩხრეკად აიყოლიებდა. გრიგოლ რობაქიძე და მიხეილ ჯავახიშვილი კი ირან-მესოპოტამიის მიწაზე, მზის ალმურში ეძებდნენ და პოულობდნენ  დრო-ჟამის ნისლში ერის ისტორიას
წიგნის ძიებათა რკალში გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებთა გარდა მოქცეულია მიხეილ ჯავახიშვილის `ლამბალო და ყაშა~, დანიელ ჭონქაძის `სურამის ციხე~ და სვანური საგალობელი `ლილე~.
მწერალი თვალს მიადევნებს გრიგოლ რობაქიძისეულ გააზრებას ფრაზისას `თვალი ჩასულა მტევანში~. `თვალი~ აქ მზეს გულისხმობს და `გრიგოლ რობაქიძის წარმოსახვაში გაიგივებულან პლოტინი, გოეთე და ქართველი მევენახე _ სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებს~; `ქრისტე მითიურად არის მზე და მის მიმართ მევენახის ნათქვამი ასე გამოდის: ძე ღვთისა ჩასულა ვაზის ნასხლევში, ჩასულა, ვითარ ვნებული. მითოლოგიაში აკი `ვნებული მზეც~ არსებობდა. ხოლო ვნება ქრისტესი `ვაზის ჯვარში~ თითქოს ლერწად იქცეოდა, რომელსაც მოჰქონდა `შვება~, ჯვარცმა იესოსი ხომ `ხსნას~ გულისხმობდა~.
როსტომ ჩხეიძის ფიქრი თავს დასტრიალებს გრიგოლ რობაქიძის  ორიგინალურ ნააზრევს და მკითხველს თვალს მიადევნებინებს, როგორ აესხმის მძივივით ერთმანეთს ცალკეული დაკვირვება `ცეცხლისა~ და `სიცოცხლის~,  ურმის თვლისა და ბორბლის, `ყველაფრისა~ და `არაფრის~, ბაგრატიონთა დროშისა და სხვათა შესახებ, რომლებიც ქართველთა მსოფლმხედველობის საძირკვლებს ქმნიან და სამყაროსთან ქართველის დამოკიდებულების გასაღებს წარმოადგენენ.
მსჯელობის ამ წრეში ერთიანდება გრიგოლ რობაქიძის XX საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში დაწერილი წიგნაკები: `ადოლფ ჰიტლერი. უცხოელი მწერლის თვალით~ და `ბენიტო მუსოლინი~. ამ ტექსტებს  როსტომ ჩხეიძე   ჟანრობრივად, ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ქმნილებებად მიიჩნევს, ხოლო სულისკვეთებით-პოლიტიკურ პამფლეტებად.
ავტორის აზრით, ერთ შემთხვევაში, `იმედი, რომელიც საბჭოთა იმპერიის დამხობასა და კომუნისტური იდეალის დასამარებას ანიშნებდა, ასე გადაეჯაჭვებოდა ჰიტლერის _ როგორც ამ იმედოვნების ყველაზე რეალური აღმსრულებლის _ სახელს, და მის პიროვნებას მითოსურ შარავანდში რომ გახვევდა, ქართველი ხალხის ტკივილებსაც ძალდაუტანებლად შეურევდა. თუმცა შეურევდა კი არა, სულაც ეს ტკივილები გამსჭვალავდა წიგნაკის შინაარსს~.
მეორე შემთხვევაში კი მწერლის `მოხიბვლის~ ერთ-ერთი მიზეზი იყო მუსოლინის მოსწრებული გამონათქვამი იტალიაზე: ქვეყანაში, სადაც ასე უხვად იფრქვევა მზე, ბოლშევიზმი ვერ შემოაღწევსო. როსტომ ჩხეიძის დასკვნით: `თუკი მზე უნდა გადაღობებოდა ბოლშევიკურ ტალღას, ყველასა და ყველაფერს შთანთქმით რომ ემუქრებოდა, მაშ საქართველოც აუცილებლად დააღწევდა თავს ამ ულმობელსა და დამთრგუნველ რეალობას~.
ვფიქრობთ, ამგვარი შეფასებები უკუაგდებს ამ საკითხზე გამოთქმულ ეჭვებს გრიგოლ რობაქიძის კავშირზე ფაშიზმთან და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მწერლის   დაშიფრულ პატრიოტიზმს.
ავტორი წიგნში ქართველთა ეროვნული ხასიათის თავისებურებებს იკვლევს  და წარმოაჩენს. გრიგოლ რობაქიძის მსჯელობაზე დაყრდნობით, იგი ავითარებს თვალსაზრისს, რომ გულმავიწყობა და მასზე დაფუძნებული უდარდელობა მზიური ჯიშის მაჩვენებელია. `გულმავიწყობა~ არც ისე დასაძრახია. ეს რომ არ გვქონოდა, შესაძლოა, ვერც გადაგვეტანა ამდენი უბედობა, საუკუნოებში თავსდატეხილი~. უდარდელობის პოეტური ფენომენის წარმოსაჩენად  მწერალი საუბრობს რობაქიძის დაუმთავრებელ რომან `ფალესტრას~ მზიურ ელემენტებზე, ცისფერყანწელთა შემოქმედების პრინციპებზე.
ავტორი წარმოაჩენს, თუ როგორ აღმოაჩინა და შეაფასა ოთარ ჩხეიძემ გიორგი შატბერაშვილის შემოქმედებაში  `ჰელიოცენტრული სამყარო~. ეს `აღმოჩენა~ შემდეგ ოტია პაჭკორიამ სამაგალითოდ გაიხადა და  და თვითონაც ამ კუთხით შეეცადა შატბერაშვილის მხატვრული წარმოსახვების ახსნას ესეიში `ფიქრი მზისა და სიტყვის გამო~. როსტომ ჩხეიძე შატბერაშვილისეულ კატაულას სერს გრიგოლ რობაქიძისეულ მიუსელლაჰის სერთან აკავშირებს. ეს სერები კი ბედნიერი ხილვის ადგილებია, უძველესი ფესვებისკენ რომ მიჰკვალავდნენ გზებს.
მწერალი მიმოიხილავს ქართულ ლიტერატურას და მზის სახის ნაირგვარ მხატვრულ ინტერპრეტაციას აანალიზებს; საუბრობს, თუ როგორ წარმოჩნდა მზის სიმბოლიკა შიო არაგვისპირელის, რევაზ მარგიანის, ოთარ ჩხეიძის, ნოდარ დუმბაძის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში; ვალერიან გაფრინდაშვილის, პავლე ინგოროყვას, ვიქტორ ნოზაძისა და ბაჩანა ბრეგვაძის წერილებსა თუ ნააზრევში.
საგულისხმოა მწერლის მსჯელობა: `დიდი შუადღის მეტაფორა სულაც  რომ არ შექმნილიყო, არც ნიცშეს მოფიქრებოდა, აღარც გრიგოლ რობაქიძე დასესხებოდა, პავლე ინგოროყვა მაინც ზენიტში მდგარი მზის სიმბოლიკით დაუსვამდა საბოლოო წერტილს უჯიათ ძიებებს `ვეფხისტყაოსნის~ პოეზიისა და სინამდვილის შესაცნობად, და ეს სიმბოლო მარტოდენ რუსთველური `მზიანი ღამის~ მეტაფორით იქნებოდა ნაკარნახევი~.
ავტორი ვიკტორ ნოზაძის `მზისმეტყველებიდან~ საგანგებოდ გამოარჩევს ერთ პასაჟს, რომელიც მას მზის საგალობელს მოაგონებს, პირველყოფილი განცდით შთაგონებულს, პოემის მზური სულისკვეთებით გათანგულს და მოღაღადეს სალოცავისა თუ საურთხევლის წინაშე:
`ღმერთმა დაბადა მზე.
მზე არის ხატი მზიანი ღამისა.
მზე არის ხატი ღმრთისა.
მზე არის ხატი ერთარსებისა.
მზე არის ხატი ერთისა.
მზე არის ხატი უჟამოსა ჟამისა, ღმრთისა.
მზე არის უმძლესთა მძლეთა მძლე.
მზე არის უფალი ციურთა, ვარსკვლავთა.
მზე არის თავმდაბალი მეფის ამამაღლებელი.
მზე არის მეფისთვის სვის მიმნიჭებელი.
მზე არის ბედის შემცვლელი.
მზე არის სამართლიანი და უხვი~.
წიგნში მრავლადაა მითოლოგიურ-რელიგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, ამ გზით კი საკითხი სიღრმისეულადაა წარმოჩენილი, ფიქრისა თუ წარმოსახვის სხვადასხვა განზომილებაში განფენილი.
მთავარი  მაინც ის მთლიანობაა, რომელიც ქართულ კულტურას ახასიათებს. ცალკეულ მწერალთა შემოქმედება ამ დაურღვეველი მთლიანობის დეტალებია. მწერალი საინტერესო და საგულისხმო დასკვნებს  ერთი ჯაჭვის რგოლებად აასხამს:
`გრიგოლ რობაქიძე დაჭრილ მზესთან გააიგივებდა საქართველოს.
ოთარ ჩხეიძე _ მტვრის ბორიაყით შემოგლესილ მზესთან.
ნოდარ დუმბაძისთვის სნეული მზეადა ასე შემდეგ.
მზე გააგრძელებს სიცოცხლეს ქართულ ლიტერატურაში და მკითხველს  მცხუნვარე სხივებით გათანგავს, რათა მუდამ სწყუროდეს თავისუფლება.
წიგნში ჩართულია ეპიზოდი სოფიო ჩიჯავაძის მემუარული წიგნიდან `ნასმენ-ნახული~, სადაც მოთხრობილია ერთი მეგობრული სერობის შესახებ. ამ შეხვედრაზე სოფიოს სადღეგრძელოს წარმოთქმისას გრიგოლ რობაქიძისთვის ასე მიუმართავს: `მზის შვილო~. მართლაც, მზის შვილი იყო რობაქიძე (ისევე, როგორც ყოველი ქართველი, ღვთისა და მამულის მოყვარული) და თავისი შემოქმედებით გამუდმებით ცდილობდა ამის წარმოჩენას. `მზის შვილობა~ მისთვის  არა მხოლოდ უძველეს კულტურას, არამედ `მზის ერის~ სამომავლო გამარჯვებებსაც გულისხმობდა.

ეს წიგნიც ისევეა გაჯერებული ოპტიმიზმით, როგორც როსტომ ჩხეიძის სხვა წიგნები, რადგან მასშიც მძლავრია ფესვების განცდა და წვდომის წყურვილი; მიუხედავად იმისა, რომ `წმინდა ნათელი~ `წმინდა სიწყვდიადესავით~ `გაუგებელია~ (გალაკტიონის ეს სტრიქონები აქვს წამძღვარებული წიგნს ეპიგრაფად), სიცოცხლე მაინც მათი გაგების მოუღალავი ცდა უნდა იყოს; ავტორს სჯერა, რომ ვერც ავი ბედისწერა და ვერც ვერავითარი საფრთხე ვერ წარხოცავს ქართველთა მზიურ ბუნებას, ვერ ჩააქრობს მათ სულში ნათლის სიყვარულს და ისინი კვლავაც მზის შვილები, ერთგულნი მზისა, დილას ამ ღაღადისით შეეგებებიან: `მზეო, ამოდი, ამოდი~.

დაბეჭდილია წიგნში: როსტომ ჩხეიძე „მზის შვილები“, თბ. 2010