Translate

Tuesday, November 8, 2016

პრემია „საგურამო“ კრიტიკის ნომინაციაში _ მაია ჯალიაშვილს _ 2016 წლის 8 ნოემბერი

2016 წლის 9 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, კრიტიკის ნომინაციაში გავხდი „საგურამოს“ პრემიის ლაურეატი. დიდი მადლობა ყველას, ვინც  ამ საქმეში იღებს მონაწილეობას. მაია ჯალიაშვილი








ფატი ფირუაშვილი (მარცხნივ); მაია ჯალიაშვილი (შუაში), მარინა კუჭუხიძე (მარჯვნივ)


პრემია "საგურამოს" და ილიას მედლის 2016 წლის ლაურეატები გამოვლინდნენ.
პრემია "საგურამო 7 ნომინაციაში მიენიჭათ:
~ პოეზია - ჯარჯი ფხოველ;
~ პროზა - არჩილ ქიქოძე;
~ თარგმანი - ლერი ალიმონაკი;
~ კრიტიკა - მაია ჯალიაშვილი;
~ ხელოვნება - თეიმურაზ მურვანიძე;
~ ჰუმანიტარული მეციერებები - ომარ გოგიაშვილი;
~ საბავშვო ლიტერატურა - თეა ლომაძე.
ილიას მედალი "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა" ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა გურამ გეგეშიძეს.




Monday, October 31, 2016

მაია ჯალიაშვილი-ფოტოები

2016 წლის 24 ოქტომბერი, რუსთაველის თეატრი. გოდერძი ჩოხელის  სახელობის კონკურსის ჟიური: მარცხნიდან მარჯვნივ: მაია ჯალიაშვილი, შარლოტა კვანტალიანი, ამირან არაბული



2016 წლის 25 ოქტომბერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „უსადაურობა“ განხილვა. 
მარცხნიდან მარჯვნივ: როსტომ ჩხეიძე, მაია ჯალიაშვილი, დავით მაღრაძე, გიორგი შერვაშიძეე









Monday, August 1, 2016

ტიციან ტაბიძის „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“_ სწავლებისთვის


მაია ჯალიაშვილი

ტიციან ტაბიძის ამ ლექსში წარმოჩენილია ხელოვანის ტრაგიკული ხვედრი  ტოტალიტარულ, დიქტატორულ სახელმწიფოში. სათაურიდანვე მკითხველი განეწყობა უარყოფითის მოლოდინით, რადგან ნახსენებია მკვლელობა. ლექსი გამოირჩევა ტიციან ტაბიძისთვის დამახასიათებელი ელვარე, შთამბეჭდავი მეტაფორებით, გამოთქმის ექსპრესიულობით. ლექსი 1926 წელს დაიწერა. ეს იყო დრო, როდესაც პოეტს გამოთხოვება მოუხდა ესთეტიკურ იდეალებთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, რომელსაც ერთგულებდნენ ცისფერყანწლები _ „სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმული“ პოეტები, როგორც ნიკოლო მიწიშვილი წერდა, წარსულს ჩაბარდა,   ახალი სახელმწიფო პოეტთაგან ითხოვდა კომუნისტური იდეოლოგიის სამსახურში ჩადგომას.
1926 წელს ჩატარდა მწერალთა ყრილობა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მწერლობა  რევოლუციის ნიადაგზე უნდა იდგესო. სხვათა შორის, აქ გამოვიდა კონსტანტინე გამსახურდია და თამამად განაცხადა: „ჩვენ გვეკითხებიან, მოგწონთ თუ არა წითელყაბალახიანი საქართველოვო. საქართველო რა ფერისაც უნდა იყოს, ჩვენ გვიყვარს. მას ვერ გავექცევით…“ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო 1924 წელს სისხლში ჩახშობილი აჯანყების ტკივილები, ბოლო გაბრძოლება ერისა. ქვეყანა იყო დაბეჩავებული, ბედს შეგუებული.
ამ ლექსში არის წინათგრძნობა დიდი ტრაგედიისა, რომელიც პოეტებს, და საერთოდ, ქართველ ხალხს თავს დაატყდებოდა 1937 წელს, სასტიკი რეპრესიების სახით.
ამ ლექსიდან საოცარი ენერგია მოიფრქვევა. მართლაც, „მოვარდნილი მეწყერივით“ მოდიან სტრიქონები:
„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ („ლექსი მეწყერი“).
ამ ლექსშიც  ნიაღვარივით მოდის გრძნობები:
„ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს“.
პოეტს სურს პოეზიის საშუალებით მკითხველს აგრძნობინოს რაღაც ძალიან ღრმა და სათუთი, რაც თვითონ მას აფორიაქებს, სულს უშფოთებს. რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა მონატრებული მშობლიური სანახების ხილვით მოგვრილი აღტაცება, ნაცნობი გადარეული თერგის ხმაურიანი მუსიკის მოსმენა თუ საყვარელ ქალთან შეხვედრის მოლოდინი.  თერგი დამშრალია რუსეთის ტერიტორიაზე, „მიმხრჩვალ, დამარცხებულ და ნათრევ ლომს არის მიმსგავსებული“, როგორც ილია იტყოდა. საქართველოში კი თითქოს იღვიძებს, ხმაურობს და ღელავს. თუმცა „ის ერთი წვეთიც“ თერგისა მშობლიურია და ამიტომაც გულს შეუძრავს. ამას კი ამ ამ შედარებით გამოხატავს: „მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს“. გადიარს _ დიალექტური ფორმაა და მას იმიტომ იყენებს პოეტი, რომ მშობლიურის მონატრება გამოხატოს.
თერგი და დარიალი თავისუფლების სიმბოლოებია. დარიალის ხეობაში თავისუფალი, მონობასვერშეგუებული ხალხი ცხოვრობს. ეს მოხევეების  მხარეა, დარიალია ყაზბეგის მშობელი, ყაზბეგისა, რომელიც წერდა: „მე ვარ მთიელი, შობილი იქ, სადაც ყმა და მონება ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა ხალხში“. ყველაზე ცნობილი მოხევე კი ლელთ ღუნიაა, რომელმაც ეპოქის ტკივილი ასე გამოთქვა: „ჩვენ თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკეთ“. წინათ თავისუფლები ვიყავით, იმიტომ იყო ძველი დრო უკეთესიო.
თერგის სახე, როგორც თავისუფლებისა, პირველად  გრიგოლ ორბელიანთან წარმოჩნდა: „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“, ილიამ კი „მგზავრის წერილებში“ თერგი მოძრაობის,  თავისუფლებისთვის მებრძოლის სიმბოლოდ აქცია: „ნეტავი შენ, თერგო, იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა, პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
ამიტომაც არის, რომ სიხარულს ვეღარ იტევს პოეტი. მისი აღტაცება თითქოს მთელ კოსმოსს გადაედება და აღარაფერი აღარ შეიძლება იყოს მის გარშემო მშვიდი და მყუდრო. პირიქით, უნდა ამოძრავდეს და აიშალოს ყოველივე, რომ შეეფარდოს პოეტის აბორგებულ გულს.
სამშობლო პოეტში ტკბილ-მწარე განცდებს აღძრავს. ილია რომ წერდა: „მაგრამ რაც უფრო მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გულიო“, ან კიდევ ტიციან ტაბიძე სხვა ლექსში: „სჯობს რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი“. ეს სილამაზე და მშვენიერება თითქოს უფრო გამოკვეთდა მის ტრაგედიას, თავისუფლების დაკარგვას.  ამიტომაც ამგვარი მეტაფორებით გამოხატავს შინაგან მღელვარებას პოეტი:
„წამექცა თავზე ცა გარღვეული
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს“.
მყინვარი სიწმინდისა და რწმენის სიმბოლოა პოეტისთვის. ერის უკვდავი სული, ილიას პოემა „აჩრდილში“ ამგვარად რომ ამჟღავნებს თავს: „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“  _  სწორედ მყინვარზეა გადმომდგარი და იქიდან ესაუბრება ლირიკულ გმირს.
დარიალით გადარეული _ ალიტერაციაა, რომელიც საოცარ მუსიკალურ განცდას ქმნის. ხოლო მეტაფორა „თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს“ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს პოეტის მღელვარე სულიერ მდგომარეობას. ეს სიხარულისა და ტკივილის ცრემლებია ერთდროულად.
ამგვარი გულისშემძვრელი განცდებია შემოქმედების მასაზრდოებელი. ადამიანი ამგვარი აღტაცების წამებში თითქოს საკუთარ თავზე მაღლდება და მთლიანად მიეცემა სიცოცხლის სიხარულს. ამიტომაცაა, რომ პოეტი ასეთი სითამამით წერს:
„და გადავყურებ ალმას უფსკრულებს“.
ალმასი უფსკრულები აქ რეალური პეიზაჟებია საქართველოსი, აქ დაბადებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მონა. „თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა, მონურ ღიმილს მე ვინ გადამაბრალებსო“, _ წერდა გიორგი ლეონიძე.
და ამ დროს ჩნდება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი სახე დემონისა:
„კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს“.
დემონის სახეს ხშირად მიმართავდნენ შემოქმედნი. ტიციანის პოეზიაშიც არაერთხელ გაიელვებს დემონის შესაზარი სახება. გავიხსენოთ მისი სხვა ლექსიდანაც სტრიქონები:
„ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება“ („ანანურთან“).
დემონის შეხება სიკვდილს იწვევს. იგი სატანური, ბნელი, ბოროტი ძალაა, მაგრამ შემოქმედებაში იგი ხშირად წარმოდგენილია, როგორც იდუმალი, ამოუხსნელი, მისტიკური ფენომენი, რომელიც აღვიძებს ადამიანში თავისუფლებისკენ სწრაფვას.
ტიციან ტაბიძის საყვარელ რუს ფერმწერს, ვრუბელს, ჰქონდა დემონის ციკლი დახატული, რომელსაც კარგად იცნობდა პოეტი და მოსწონდა. დემონს სხვა პოეტებიც ხშირად მიმართავდნენ, განსაკუთრებით, ცისფერყანწელები, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი. გავიხსენოთ ტერენტი გრანელის სტრიქონები:
„გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოსია“.
ტიციანის ამ ლექსის „დემონში“, უპირველესად, დაუმორჩილებელი, მეამბოხე, ჩარჩოს ვერ შეგუებელი სული იგულისხმება. აქ იგი  სასტიკი ბედისწერაცაა,  ბარათაშვილი რომ წერდა: „უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“, ამავე დროს, ეპოქის სიმბოლოა. მის სიმკაცრესა და ულმობელობასთან არის გაიგივებული.
გალაკტიონსაც „სდევნიდა“ დემონი:
„სასტიკი იყო ჩემი დემონი, არ ითვისებდა ჩვეულ გალობას,
ანგელოსები უედემონი ტიროდნენ გზათა მიუვალობას“.
ძალიან ძნელია გადაურჩე ასეთ სისხლიან ეპოქას.  ეს არის დრო ღვთის მკვლელობისა, ანგელოზთა განდევნისა: „იგი ტრიალებს, ვით თვალი ქორის, ეს საუკუნე _ მეფისტოფელი“ (გალაკტიონი). მეფისტოფელი იგივე ეშმაკია. მართლაც, იდგა „დემონების კორიანტელი“ და „სისხლიანი ანგელოზები“ მოჩანდნენ ციდან.
ტიციანის ამ ლექსში, დემონი, როგორც აღვნიშნეთ,  ბარათაშვილის „თვალბედითი, შავი ყორანივით“ მოსვენებას უკარგავს პოეტს, კვალდაკვალ მისდევს და შეპყრობით ემუქრება. ამ დემონს სახიერებისთვის ასეთი შემზარავი ფორმით წარმოაჩენს პოეტი:
„ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს“.
ეს მეტაფორა, რკინის ბაწარი, გიგანტს პოეტის ყელზე მოსაჭერად რომ აქვს გამზადებული, შესანიშნავად წარმოაჩენს ეპოქას.  როგორც აღვნიშნეთ,  ეს ლექსი 1926 წელს დაიწერა. ამ დროს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობდა შემოქმედთა იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევას, რეჟიმისათვის შესაფერისი ნაწარმოებების შეკვეთას. იკრძალებოდა ყველაფერი, რაშიც მჟღავნდებოდა თავისუფალი სული.
ეს ყოველივე შესანიშნავად აისახა გრიგოლ რობაქიძის რომანში „ჩაკლული სული“. გრიგოლ რობაქიძე სწორედ ამ ეპოქამ აქცია ემიგრანტად. მან მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გერმანულ ენაზე დაწერა და გერმანიაშივე გამოაქვეყნა ეს რომანი, რომელშიც წარმოაჩინა ბოლშევიკური რეჟიმის სისხლიანი სახე.  „ჩაკლული სული“ საბჭოთა ხელოვანის ბედის ასახვაა. აქ „ციცერონმა მარქსისტულად უნდა ილაპარაკოს, კოპერნიკმა მატერიალისტურად ჭვრიტოს სამყარო, ხოლო შექსპირმა პროლეტარულად თხზას“. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს, მაშასადამე, ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური ხალხოკრატია“. უფრო მართალი იქნებოდა, ეთქვათ „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია _ ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ჩახშულია… ხალხს, როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან, ხალხის ალაგას მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უღვთიერესი მოვლენა, სრლიად ითქვიფება. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში“.  არადა, ამ ეპოქაში მწერალს შემოქმედებაში უნდა დაეცვა მთავარი ხაზი, მომსახურებოდა ბოლშევიკურ რეჟიმს: „მთავარი ხაზის მიყოლის მზადყოფნა დროდადრო ფანტასტიკურ ზომებს აღწევდა. ერთმა ფიზიკოსმა განუცხადა კოლეგას: „მას შემდეგ, რაც ამხანაგ სტალინის ბოლო თეზისები მივუყენე ფიზიკას, ჩემთვის ბევრი რამ საოცრად ნათელი შეიქმნა“. კოლეგამ გაოგნებულმა შეხედა, მაგრამ თვითონაც დაფიქრდა, მართლაც ნაყოფიერი ხომ არ იქნებოდა ამ თეზისების გამოყენება და მხოლოდ გაურკვეველი „ჰმ“ ჩაიბურდღუნა. საკვირველი ეს იყო: ფიზიკოსს, მართლაც, სჯეროდა თავისი სიტყვებისა. შეკითხვაზე, თუ რომელ წიგნებს კითხულობდა უპირატესად, ერთმა პოეტმა დამცინავად მიუგო: „წიგნებს? წიგნებს საერთოდ არ ვკითხულობ, განა უკეთესი საკითხავი არ მოიპოვება?! ცენტრალური კომიტეტის ნებისმიერი სხდომის სტენოგრამასავით წარმტაც და საინტერესო რასმე ვერც შეჰერაზადას ზღაპრებში პოვებთ, ვერც რობინზონის დღიურებში“… ხსენებულ სხდომებზე მართლაც შეუდარებელი ფანტასტიკა მეფობდა. ერთმა მკვლევარმა „ფეოდალური ჟღერადობები“ აღმოაჩინა ბახისა და ბეთჰოვენის მუსიკაში. მეორემ „ბურჟუაზიულ პასაჟებს“ მიაგნო ვაგნერის ოპერებში. მესამემ საკითხი დასვა, გოგენის ფერებში საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა ხომ არ ცნაურდებაო. მეოთხე, თავის მხრივ, მძიმე ინდუსტრიის ეპოქას ჭვრეტდა სეზანის ტილოებში. მეხუთე პროლეტარულ მეტაფორებს აგროვებდა. ხუთივე ბეჯითად იწვალებდა თავს უზარმაზარი დიაგრამების ხატვით და იაჰვეს სიტყვებს ადასტურებდა: „ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი“.
ხელოვნება ნელ-ნელა გაწვრთნილ-გახედნილ, მორჩილ მონასავით ჩააყენეს ხელისუფლების სამსახურში, მაგრამ ადამიანის თავისუფალ სულს თვით ისეთმა ჯალათებმაც ვერაფერი დააკლეს, როგორებიც საბჭოთა საიდუმლო სამსახურის აგენტები იყვნენ. მწერლობის მაშინდელი მდგომარეობა შესანიშნავად წარმოაჩინა აკაკი ბაქრაძემ წიგნში: „მწერლობის მოთვინიერება“, რომელშიც წერს: „კომპარტიამ ბეჯითად და მტკიცედ დაამკვიდრა ინტელექტუალური ექსპლუატაცია, როცა ადამიანს აიძულებენ ის ილაპარაკოს და წეროს, რაც მას არ სწამს და არ სჯერა“ .
ამ ეპოქის სულისკვეთება კარგად ჩანს პაოლო იაშვილის ლექსში „მეღორის ლოცვა“:
„უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად…..
უფალო! მომეცი სამხარი
ძაღლივით ამოსულს ცაზე,
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე“.
ქრისტეს ნახმარი პერანგის ჩაცმის წყურვილი _ ნიშნავს ჯვარცმის, სიკვდილის წყურვილს. აკაკი ბაქრაძე საბჭოთა მწერლის ბედის წარმოსაჩენად ასეთ შედარებას მიმართავდა: წარმოიდგინეთ კაცი, პური რომ მიაქვს დამშეული ოჯახისთვის, მაგრამ იძულებულია, გზაში ადევნებულ ავ ძაღლებს პური მოუტეხოს და გადაუგდოს, რათა გადარჩესო. ეს ნიშნავდა იმ დათმობებს, რომლებიც ღირსეულ მწერლებს შინაგანი გაორებისა და ტანჯვის ფასად უჯდებოდათ.
ტიციან ტაბიძეც ხომ კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა. პოეტს ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობაში და 1937 წელს დახვრიტეს. ამიტომაც ლექსის ეს სტრიქონები წინასწარმეტყველურად გაისმოდა:
„ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი, ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია?“
თვითმკვლელობა გაქცევის ტოლფასია. ცხოვრება ხშირად ისეთ საშინელ მარწუხებში აქცევდა პოეტს, სიკვდილს მოანატრებდა, მაინც არ გაურბოდა შემოქმედი განსაცდელს, პირიქით, მიისწრაფოდა უფსკრულისკენ, რადგან სწორედ ამგვარი დაბრკოლებები აწრთობდნენ მას, როგორც ადამიანს, პიროვნებას, ვაჟკაცს: „ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი…“. ტიციან ტაბიძეს უკვე ჰქონდა ერთი საზარელი მკვლელობის მაგალითი _ წიწამურის ტრაგედია_ ილიას მკვლელობა.  პოეტი იტანჯებოდა, სუნთქვა უჭირდა:
„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩებიო“ („ანანურთან“).
ისიც იცოდა, თვითმკვლელობა ხშირად ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა, ამიტომ წერდა: „ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანურიო“. ამ ლექსში კი ვკითხულობთ:
„მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით,
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი“.
ლექსის რიტმი აჩქარებულია და დაძაბული. შეიძლება ვთქვათ, სიმივით ისე დაჭიმული, რომ გეშინია, არ გაწყდეს. ერთბაშად მოზღვავებული დიდი სიყვარული პოეტს თითქოს განწმენდს და აამაღლებს, სამამაცო და საგმირო საქმეებს მოასურვებს:
„მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა“.
გულადი მწირი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „მწირის“ პერსონაჟია, რომელმაც ვერ გაუძლო მშობლიურ კუთხეს მოწყვეტას და გაიქცა, გზაში კი ვეფხვს გადაეყარა და შეებრძოლა. „ვეფხვის დაბდღვნა“ _ რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელსაც გაგვახსენებს, სიყვარულისთვის ვეფხვებთან მებრძოლს.
ისეთი დიდი ენერგია ახლავს ტიციანის ამ ლექსის სტრიქონებს, გგონია, სტროფს ჩაათავებ, ამოისუნთქავ და სიცოცხლესაც თან ამოაყოლებ: „ვარ ავსებული შენით ყელამდე / და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა“.
პოეტს სურს, მკითხველი პოეზიით აზიაროს იმგვარ თავისუფლებას, რომელიც ადამიანს სიკვდილის შიშს დააძლევინებს და სრულყოფილად განაცდევინებს სიცოცხლის მშვენიერებას:
„მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
 მინდა გავიხსნა გული ალალი,
 მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი“.
ახლა უკვე ცხადია, ვინ იგულისხმება ამ ყაჩაღებში. რა თქმა უნდა ისინი, რომლებმაც ძალადობრივად გაასაბჭოეს  ქვეყანა, თავისუფლება წაართვეს, ღირსება აყარეს. ასე იწინასწარმეტყველა პოეტმა თავისი და მთელი თაობის ბედი. პაოლომ 1937 წელს არსებული ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად მწერალთა სასახლეში მოიკლა თავი. ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და სხვა მრავალი 1937 წელს დახვრიტეს… მაგრამ დარჩა მათი შემოქმედება, რომელიც მკითხველს თავისუფლების სულს უღვიძებს და არწმუნებს ნებისმიერ წინააღმდეგობასთან ბრძოლის აუცილებლობაში.



წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=10947



Friday, July 1, 2016

გიორგი ლეონიძის ხსოვნის საღამო მწიგნობართა ასოციაციაში

2016 წლის 1 ივლისს მწიგნობართა ასოციაციაში გაიმართა  გიორგი ლეონიძის ხსოვნის საღამო, სადაც მე  წავიკითხე მოხსენება, სიტყვით გამოვიდნენ: ემზარ კვიტაიშვილი, გიორგი ქავთარაძე, გიორგი გვინჩიძე. საღამოს უძღვებოდა ნელი გურგენიძე.

კარგი შეხვედრა გამოვიდა!
ფოტოები გადაიღო ხათუნა პატაშურმა.



















ბედისწერის სათამაშოები _ ჯავახიშვილისა და კამიუს მოთხრობების მიხედვით

მაია ჯალიაშვილი



ერთი ყველაზე ძველი და მაინც უცვეთელი თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა დღემდე ერთგულებს, ბედისწერის თემაა. უძველესი დროიდან დღემდე მწერლები ჩხრეკენ და ეძიებენ ამ ამოუხსნელი ფენომენის რაობას. მიხეილ ჯავახიშვილმა თავის მოთხრობებსა და რომანებში ადამიანისა და ბედისწერის რთული ურთიერთდამოკიდებულება წარმოაჩინა.
ჰენრიკ იბსენისადმი მიძღვნილ წერილში ჯავახიშვილი საგანგებოდ ჩაუღრმავდება ამ საკითხს. იგი იხსენებს კლასიკური ხანის ბერძნულ მწერლობას, როდესაც ადამიანი ყველა მოვლენას უცნობ, უხილავ, ყოვლისშემძლე ფატუმს მიაწერდა, რომელიც წინდაწინვე უნიშნავდა ადამიანებს ბედსა და უბედობას, სახელ-დიდებას, სიმდიდრესა და სიღატაკეს, ბედნიერებისა და სიკვდილის დღეს. მწერლის დაკვირვებით, ბერძნული ტრაგედიის შინაარსს შეადგენდა ადამიანის ბრძოლა ბედისწერასთან. ამ ბრძოლაზე იყო აგებული ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები.
ამ წერილში მიხეილ ჯავახიშვილი გამოწვლილვით წარმოაჩენს, თუ რა ცვლილება განიცადა ბედისწერის თემამ ლიტერატურაში. მისი აზრით, აღორძინებისა და რეფორმაციის ხანამ შექსპირის წყალობით ახალ ტრაგედიას ფატუმის საძირკველი გამოაცალა და მის მაგივრად რეალური ნიადაგი მიუსადაგა. წინათ თუ ფატუმი ციდან იძლეოდა ბრძანებას, ახლა მბრძანებლად იქცაადამიანის სურვილი, მისწრაფება და ქრისტიანული ელფერით შეღებილი სინდისი, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ადამიანის ცხოვრებისა.
შექსპირის გმირებს ამოძრავებთ მხოლოდ სინდისი და თუმცა ისინი ებრძვიან ამ ძალას, მაგრამ ბოლოს მაინც იღუპებიან თავიანთი სურვილებისგან, როგორც იღუპებოდნენ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმისაგან” (ჯავახიშვილი 1980: 11).
მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, შემდეგი დროის მწერლობამ, განსაკუთრებით, გოეთემ და შილერმა, მოიწადინეს ფატუმის იდეის გაცოცხლება, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს: “გოეთემ ბუნების მეტყველებაში შეტოპა და იქ დაიწყო ახალი იდეის ძებნა, ხოლო შილერმა თავის გმირებს ბერძნული ტრაგედიის ქურქი წამოასხა და ამით დაკმაყოფილდა” (ჯავახიშვილი 1980: 12). ჯავახიშვილი თვალს მიადევნებს ამ თემის შემდგომ განვითარებას. მისი აზრით, მეცნიერებამ ახალი სული შთაბერა ბედისწერის იდეას: “კანტმა, ლაპლასმა, ლამარკმა და ჰეგელმა მოამზადეს ის საძირკველი, რომელზეც დარვინმა ააშენა თავისი დიდებული კანონები შთამომავლობისა. შთამომავლობის თეორიას კი მხატვრულად ხორცი შეასხა ემილ ზოლამ, თუმცა ვერ გასცდა თეორიულ ქადაგებას” (ჯავახიშვილი 1980: 14). ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ყველასგან გამოირჩა ჰენრიკ იბსენი, რომელმაც ბედისწერის თემა ახალი კუთხით წარმოაჩინა: “თუ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმის მსხვერპლნი იყვნენ, შექსპირის გმირები თავიანთი ვნებათაღელვითა და სინდისით მარცხდებოდნენ. იბსენის აზრით, უფრო რეალური, სასტიკი, საშინელი და უსამართლო მიზეზი გვმუსრავს, ეს არის შთამომავლობითი სენი” (ჯავახიშვილი 1980: 15).
ამჯერად. ბედისწერის თემა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაორი შვილისადა კამიუს პიესაგაუგებრობისმიხედვით გვინდა წარმოვაჩინოთ.
კამიუმ ეს ნაწარმოები, მისივე თქმით, “პირქუში პიესა”, 1943 წელს დაწერა დაპყრობილ საფრანგეთში. მწერალი ცდილობდა, როგორც თვითონ წერსთანამედროვე ფაბულაში მოექცია ფატალურობის Uუძველესი თემატიკა” (კამიუ 1992: 51). პიესის წინასიტყვაობაში მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომუბედურებას ერთადერთი საშუალებით ძალუძს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე _ ამაღლდეს ტრაგიკულობამდე” (კამიუ 1992: 50).
მიხეილ ჯავახიშვილმაორი შვილი” 1928 წელს დაწერა საქართველოში, აგრეთვე, ოკუპირებულ ქვეყანაში. ფაბულის ერთგვარმა მსგავსებამ გადაგვაწყვეტინა ეს ორი მხატვრული ტექსტი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.
ჯავახიშვილისა და კამიუს ხსენებული ნაწარმოებების მსგავსება თემის ერთნაირ განვითარებაში მჟღავნდება. 1. ადამიანი ბედისწერას ვერსად გაექცევა; 2. ბედისწერა სათამაშოებივით ეპყრობა ადამიანებს; 3. ცოდვა უწევს ადამიანს; 4. ადამიანი თან მიტევებას სთხოვს ღმერთს და თან ბოროტებას სჩადის _ პირჯვარს გადაიწერს და ადამიანს კლავს.
ორივე ნაწარმოებში მშობელი კლავს შვილს. საგულისხმოა, რომ არც ზაქრომ (“ორი შვილი”) და არც დედამ (“გაუგებრობა”) არ იციან, რომ საკუთარ შვილებს უღებენ ბოლოს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოს კლავენ და სხვისი მკვლელობა თითქოს უმსუბუქებთ ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს. მათ არ სტანჯავთ არც სინდისი და არც ტკივილი, თუმცა როგორც კი გაიგებენ, რომ საკუთარი შვილები მოუკლავთ, თავზარი ეცემათ. ზაქრო (“ორი შვილი”) ჭკუიდან იშლება, ხოლო დედა (“გაუგებრობა”) თავს იკლავს.
ორივე ნაწარმოებში მკვლელებს ჰყავთ თანამზრახველები. ზაქროს ეხმარება ცოლი ნატო, ხოლო დედას _ ქალიშვილი მარტა. ორივე ნაწარმოებში პერსონაჟები ცდილობენ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას სხვისი უბედურების ხარჯზე. ზაქროს თავისი პატარა ბიჭის მომავალი აღელვებს: “ზურაბს შველა უნდა, თუ მამამ საძირკველი არ შეუმზადა, თუ ათასი თუმანი მაინც არ შეუგროვა, მისი შვილი კაცებში ვერ გაერევა, ადრევე დაიჩაგრება და ჩამორჩება, ამიტომ...” (ჯავახიშვილი 1980: 373). ამიტომ კლავს ადამიანებს და ძარცვავს. თევდორესგან ცხენი იყიდა, შემდეგ უკან დაედევნა, მაგრამ ბიჭი გაუსხლტა და ზაქროს სახლს შეაფარა თავი. იქ კიგაუგებრობამოხდა. სიბნელეში მამამ შვილი ვერ იცნო და მოკლა. დედა და ქალიშვილი მარტაც სხვა ცხოვრებაზე ოცნებობენ: “აჰ! დედა! ბევრ ფულს რომ მოვაგროვებთ და შევძლებთ გავეცალოთ ამ უკიდეგანო მხარეს, უკან რომ მოვიტოვებთ ამ სასტუმროსაც და ამ წვიმიან ქალაქსაც, როცა დავივიწყებთ ამ ბნელ ქვეყანას, ერთ დღესაც, როცა ბოლოს და ბოლოს, აღმოვჩნდებით ზღვის პირას, რაზეც ამდენი მიოცნებია, მაშინ დამინახავთ გაღიმებულს. ამიტომ არა ღირს ყოყმანი. სწორედ ამიტომ უნდა მოვიცალოთ იმისთვის, ვინც ახლა მოვა. თუ ის საკმარისად მდიდარია, ჩემი თავისუფლება, ალბათ, ამით დაიწყება” (კამიუ 1992: 57)
ორივე ნაწარმოებში შინიდან წასული და გადაკარგული შვილები ბრუნდებიან. მაშინვე არ ამხელენ ვინაობას, მშობლის მოულოდნელი გახარება და გაბედნიერება სურთ, მაგრამ ბედისწერა ულმობლად დასცინით, მშობელთა ხელით იღუპებიან.
ზაქროს ცოლი ნატო თავის უფროს ვაჟს, ანტონს, ვერ იცნობს, უცხო სირაჯად მიიღებს და ქმრის მოულოდნელი მოდუნების გამო თვითონ მოუღებს შვილს ბოლოს. ზაქროს კი განგება თითქოს რაღაცა ნიშანს აძლევს, რომ განზრახვა გადაიფიქროს, მაგრამ ვერ ხვდება. მკვლელებს ცოდვის ჩადენისას ღმერთიც ახსოვთ და მისი სასჯელიც, მაგრამ ეს არ აბრკოლებთ, თავს იმართლებენ კიდევაც: “ღმერთო, აპატიე ზაქროს, ნატოსაც! შენცა ხედავ, რომ გულში ბოროტი არა უდევთ რა. სტუმარი ღვთისაა მაგრამ... მაგრამ რა ჰქნან. ეს კაცი უდროოდ შეეჩეხათ შუა გზაზე, ისე მოეწყო თავისთავად, რომ ვიღაც უნდა გადავარდეს ხრამში ¬_ ან ეს კაცი, ან ზაქრო და მისი ოჯახი” (ჯავახიშვილი 1980: 375).
ზაქრო არჩევანს თავის სასარგებლოდ აკეთებს, თან იმშვიდებს კიდევაც გულს: “უეჭველად უკანასკნელი იქნება, უეჭველად! ღმერთი შეეწევა და ფიცს შეასრულებს. ცოდვილია ზაქრო, ცოდვილი! მაგრამ ამასაც მოინანიებს, მოირეცხავს: შუამთაში წავა, შავნაბადას მოივლის, ალავერდსაც ეწვევა, მცხეთასაც _ ყველას თითო საკლავს მიუტანს, სანთელს დაუნთებს და შენდობას მიიღებს” (ჯავახიშვილი 1980: 377) და სანამ ბავშვს მოკლავს, კვლავ ღმერთს შეევედრება: “ღმერთო, უშველე ზაქროს და შეიწყალე ცოდვილი” (ჯავახიშვილი 1980: 377).
კამიუს პიესაში ვაჟი ბრუნდება შინ, სადაც დედა და და ეგულება. მათ სასტუმრო გაუხსნიათ. დროდადრო მგზავრს, რომელსაც ფულს დაუგულებენ, აძინებენ და მდინარეში აგდებენ. ასე გააქვთ თავი და თან სხვაგან წასვლაზე ოცნებობენ. სხვაგან წასვლით თითქოს ჩადენილ ცოდვებს ჩამოირეცხავენ. დედას რელიგიურობა არ აკლია, ქალიშვილი მარტა კი ყველაფრის, მათ შორის, რწმენის მიმართაც გულგრილია და აი, უცნობი მგზავრი, ეტყობა, რომ ფულიანი, კვლავ ეწვიათ. დედას მის დანახვაზე უცნაური შეგრძნება აქვს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. თითქოს რაღაც აკავებს, რომ მორიგი დანაშაული აღარ ჩაიდინოს, მაგრამ თანვე ხედავს: უცნობსმსხვერპლის სახე აქვსდა თავსაც იმართლებს: “ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო ულმობელია, ვიდრე ჩვენ. იქნებ ამიტომაცაა, რომ მიჭირს, თავი დამნაშავედ ვიგრძნო” (კამიუ 1992: 53). მარტას კი აქედან წასვლა სურს და ყველაფრის დავიწყება: “მეჩქარება იმ ქვეყანაში მოხვედრა, სადაც მზე არ გიტოვებს ფიქრის საშუალებას” (კამიუ 1992: 54).
კამიუსთვის გაუგებრობა თუ შემთხვევითობა არის ცხოვრების აბსურდულობის გამოხატულება, ადამიანი კი გარემოებათა ტყვეა. “უბედურება აღმემატებოდა მე” (კამიუ 1992: 55), _ იტყვის პიესის გმირი და ამით წარმოაჩენს ადამიანებს, როგორც ბედისწერის სათამაშოებს.
მიხეილ ჯავახიშვილი კი ბედისწერას გაიაზრებს, როგორც ადამიანის ცხოვრების, ფიქრის, განცდისა თუ განზრახვის გამოძახილს. ცოდვა აუცილებლად უწევს ადამიანს. ცოდვა იქცევა ბედისწერად, ცოდვას კი ადამიანი სჩადის, .. ბედისწერა ადამიანის ხელითვე მოქმედებს. ჯავახიშვილს ებრალება ბედისწერისა თუ საკუთარი თავის მსხვერპლნი, ამიტომაცაა, რომ შვილის მკვლელ მშობლებს ხალხი რისხვის ნაცვლად სიბრალულითა და ლმობიერებით შესცქერის. კამიუს პიესაშიც გაიხმოვანებს შებრალების პათოსი.
ბედისწერა ორივე ნაწარმოებში გაუგებრობაზე აგებს თავის თამაშს, სინამდვილეში კი ეს გაუგებრობა კანონზომიერებაა, რომელიც შემთხვევითობათა ლოგიკურ ჯაჭვს ეფუძნება. ორივე ნაწარმოების გმირები ცოდვის ქმნით თვითონვეწერენსაკუთარ ბედისწერას. მსხვერპლი კი ყოველთვის უდანაშაულოა, რათა უფრო ცხადად წარმოჩნდეს ცხოვრების აბსურდულობა და სისასტიკე.
მიხეილ ჯავახიშვილმა და ალბერ კამიუმ ცხოვრება. როგორც ტექსტი, თავისებურად წაიკითხეს და ბედისწერის საინტერესო მხატვრული ინტერპრეტაციები შემოგვთავაზეს.

დამოწმებული ლიტერატურა
კამიუ 1992: კამიუ ალბერ, გაუგებრობა, წიგნში: ახალი თარგმანები, თბილისი, 1992
ჯავახიშვილი 1973: ჯავახიშვილი მიხეილ, მოთხრობები, თბილისი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1973
ჯავახიშვილი 1980: ჯავახიშვილი მიხეილ, წერილები, თბილისი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1980