Translate

Monday, September 26, 2011

„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“

ერთი ლექსის ნათელი ანუ                                  
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“
(ლია სტურუას ლექსზე „გარინდება“)              

სიტყვის ნათლის საიდუმლოზე ბევრი დაუწერიათ.
მე იმ ლაბირინთებს არ შევუყვები.
ლექსის სინათლეზე მინდა გითხრათ, ყოველდღიურობის სიბნელეში უეცრად რომ გამოანათებს ხოლმე. ისიც სათქმელია, რომ ეს ნათება პირობითია და ყველასთვის სხვადასხვაგვარად ჩნდება.
მე კი ლია სტურუას ერთმა ახალმა ლექსმა, „გარინდება“ („ჩვენი მწერლობა“, 2002, 9 აგვისტო) რომ დაურქმევია პოეტს, სინათლესავით შემომანათა, სიმშვიდე მომგვარა და სულში ჩამრჩა.
ახლა მინდა ჩემი შეგრძნებები სიტყვებით როგორმე გამოვხატო, რადგან ეს ლექსი შთაბეჭდილებაში ძვირფასი ტილოს ორიგინალის სიცინცხალით ჩაიწერა.
ლია სტურუას ამ ლექსში განცდები მხატვრულ სახეებში იმგვარადაა მოხელთებული, რაც ამხელს პოეტის სრულყოფილებამდე მისულ ოსტატობას. ასე მხოლოდ მაშინ შეგიძლია გადმოსცე სათქმელი, როდესაც სამყაროს მთლიანობაში აღიქვამ და ცალკე წუთისოფელი აღარაფრად გიღირს. ის მხოლოდ გზაა ზესთასოფლისკენ. არსებობის ჭეშმარიტი რაობა კი ხელისგულზე გიდევს. ეს იმგვარი ცოდნაა, რომელსაც არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ სიკვდილი გასწავლის. ბევრი სიცოცხლე და სიკვდილი უნდა გამოტანჯო შენს სულში, რომ მერე ამგვარი ლექსი დაწერო, თანაც იშვიათი სისადავითა და უბრალოებით. ეს უკვე სასწაულია, რომელიც ჭეშმარიტი შემოქმედების თანამდევ მოვლენად იქცევა.
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“ — ამბობს ბორხესი თავისი ნოველის „პარაცელსუსის ვარდის“ ბრძენკაცზე. ამ ლექსზე ეს სიტყვები მინდა გავიმეორო და თან ეს ნოველაც გავიხსენო.
ალქიმიკოს პარაცელსუსს ახალგაზრდა ესტუმრა და ჯადოსნური ქვის საიდუმლოს გზაზე ერთად სიარული სთხოვა დიდი გასამრჯელოს ფასად. ბრძენკაცმა დაარიგა: „ეს გზაა თვითონ გზა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ — ქვა არის თვითონ. ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე მიზანს წარმოადგენს“.
ახალგაზრდა ვერ მიუხვდება და კვლავ დაჟინებით სთხოვს, სასწაული მოახდინოს, თან მოტანილ წითელ ვარდს უწვდის, ჩააგდე ცეცხლში და როცა დაიფერფლება, აღადგინეო. განა შემიძლია ამ ვარდის მოსპობაო,— ჩაეკითხება ბრძენი. მოსპობა ყველას შეუძლიაო, — გაუკვირდება ამგვარი შეკითხვა ჭაბუკს. — ცდები, ნუთუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია არყოფნაში დაბრუნება, ნუთუ ფიქრობ, რომ სამოთხეში ადამს შეეძლო მოესპო ერთი ყვავილი ან ბალახის ერთი ღერიო? — კვლავ შეეკითხა პარაცელსუსი. ჩვენ სამოთხეში არა ვართო, — ჯიუტად შეეპასუხა ახალგაზრდა. ალქიმიკოსმა კი უთხრა: „შენ რა გგონია? მამაზეციერი სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ იმის ვერგაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით? ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი სახება იცვლება და სიტყვით შეიძლება მისი აღდგენა“.
სულსწრაფ ჭაბუკს სასწაულის ხილვა სურს, ბრძენი მის გადარწმუნებას ცდილობს, სასწაული არ მოგანიჭებს იმ რწმენას, რასაც ეძიებ, თვალთმაქცობად მიიჩნევო, მაგრამ ჭაბუკი არ უსმენს, ალისფერ ვარდს ბუხარში შეაგდებს და ამაოდ ელის ოსტატის სიტყვასა და სასწაულს. პარაცელსუსი მშვიდად შეჰყურებს ჩაფერფლილ ყვავილს. გულაცრუებული ჭაბუკი სიბრალულით მიატოვებს „ხელმოცარულ“ ბრძენს, მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. ბოლო, ფინალური პასაჟი ამგვარად ხმიანობს:
„პარაცელსუსი მარტო დარჩა. მანამდე, სანამ სასანთლეს ჩააქრობდა და მყუდროდ მოკალათდებოდა საკარცხულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“.
იქნებ ეს აღდგენილი ვარდი არც ჩაფერფლილა? იქნებ მართლაც სამოთხეში ვცხოვრობთ, მაგრამ ცოდვების სიბნელე ხელს გვიშლის მის დანახვას?
ლია სტურუას ლექსში სწორედ ასეთი მოხუცები სხედან, არა, ისინი ალქიმიკოსები არ არიან, მაგრამ სიბერე თავისთავად გულისხმობს იმ ცოდნის გაცნობიერებას, რაც შენშივეა და რასაც დიდი ძებნა სჭირდება მოსაპოვებლად. ხოლო როცა მოიპოვებ, მაშინ გეუფლება გარინდება, რადგან ხედავ სასწაულებს და აღარ გაოცებს, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევ.
ბავშვიც ხომ ასეა. მას არ უკვირს რეალობისა და წარმოსახულის საზღვრების დარღვევა, ვერ გაურჩევია ოცნება და ცხადი. უხილავი ძალდაუტანებლად მოჩანს.
ლია სტურუას ლექსში სწორედ ამგვარი განცდებია წარმოჩენილი. ტალღასავით მოირწევიან სტრიქონები. ჯერ სიმშვიდეა, ნაზი მელოდიის თანხლებით,მერე ოდნავ შეშფოთდება სიმშვიდის ზედაპირი, რადგან მარადიულს წარმავალი შეეპაექრება — პოეტის „მე“ ჯანყით შესცქერის სიბერეს, შემდეგ კი ყველაფერი კვლავ წყნარდება, რადგან სიბერის ჭეშმარიტი არსი ამოიცნობა.
აი, ლექსის პირველი სტრიქონების ნახატი:
მოხუცები სხედან,
ღეჭავენ ჰაერს,
ღრუბლიანი ურჩევნიათ,
რძეში ჩამბალი პურივითაა.
ლაჟვარდი მკვახე ვაშლს ჰგავს,
უძნელდებათ მისი მონელება.
აქ რომ დასრულებულიყო ლექსი, მაინც არაფერი მოაკლდებოდა, ისეა შეკრული. ეს ღრუბლიანი ჰაერი, რძეში ჩამბალ პურს რომ ჰგავს, ისეთი ხელშესახებია, გრძნობ რძის სუნსა და ჩამლბალი პურის გემოს. ეს ბავშვობის სურნელიცაა. მეხსიერების პალიმფსესტურობა ვლინდება სტრიქონებში. წლებწაფენილი სიღრმეებიდან უცებ ამოანათებს წარსული — ბავშვობის სამოთხით გაცისკროვნებული.
ისმის მშობლიური მელოდიაც, ნეტარების მომგვრელი, ალბათ, იავნანა — ტკბილი ძილის წინამძღოლი. და ყველაფერი ნისლში იძირება. ფერები ერთმანეთში გადადის და თანდათან მუქდება.
წინ რომ ჩაუვლი,
თითქოს ვერ გხედავენ,
მაგრამ ამჩნევენ, რომ
შავი კაბის ჩრდილში დადიხარ,
რომელმაც ყველა ყვავილი
დაგიჭკნო სახეზე.
უნებურად გრძნობენ ამას,
გულს და სისხლს უკვე აღარ
გაყოლებენ.
თითქოს თეატრში ხარ. სცენაზე ბაღის დეკორაციაა, წინა პლანზე ხის სკამზე მოხუცები ჩამომსხდარან — ჩვენთვის უკვე ნაცნობნი, ლექსის პირველი სტრიქონებიდან. ახლა პოეტიც უნდა გავიცნოთ. გამოჩნდა. მოხუცებს ჩაუარა და მათ თვალებში აირეკლა მისი სევდა და ტკივილი. მოხუცები არ „გაჰყვნენ“ მას შავი კაბის ჩრდილში, რადგან ამ ჩრდილმა ყველა ყვავილი დაუჭკნო სახეზე. ამგვარი განცდა დარდს აღრმავებს, გულიც უფრო მეტად იკუმშება, მაგრამ მგლოვიარე სული სულ სხვა სიღრმეებს წამოატივტივებს და ქალი ხვდება, მოხუცები არც თეთრი კაბის ჩრდილში აყვავებულ ყვავილებს გააყოლებდნენ თვალს.
მათთვის დამჭკნარი და აყვავებული მარადიულის მხოლოდ დროებითი სახეცვლილებაა და სხვა არაფერი.
თუმცა სილამაზის სიხარული ხავსს ეჭიდება („მან ყვავილი ჩემი დააჭკნო“, — ჩაგვესმის წმინდა შუშანიკის ცრემლიანი ხმაც), მაგრამ გულისწამღებ მწუხარებაში შავი ფერები იცრიცება. პიროვნული, კერძო ნაღველი ზოგადდება და ტკივილის ჭეშმარიტი ბუნება გამოჩნდება. ავტობიოგრაფიული, მეტისმეტად ავტობიოგრაფიული (ნაირა გელაშვილი) ირეკლება ლექსის სტრიქონებში.
მათი სიმარტოვე
ხალხით კი არ არის სავსე,
არამედ ვარსკვლავებით, ცით,
გემრიელი ჰაერით.
არ ლაპარაკობენ,
მშვიდად და უშფოთველად
იღიმებიან, თითქოს უკვე
სამოთხეში სხედან.
მოხუცები სხვა განზომილებას ჭვრეტენ. მათთვის წარმავალი მხოლოდ იაფფასიანი ფარდაა, რომლის იქით მოჩანს ნამდვილი სცენა. ამიტომაცაა, რომ აღარც ხორციელი საზრდო სჭირდებათ (გემრიელი ჰაერი საკმარისია). არც ლაპარაკობენ და აღარ ანაგვიანებენ გარემოს „ლაპარაკის ნაფცქვენებით“ (ესეც ლია სტურუას მიგნებული არაჩვეულებრივი სახეა, ოღონდ სხვა ლექსიდან). მათი უშფოთველი და მშვიდი ღიმილი არაამქვეყნიურია. ისინი არ არიან წმინდანები, მაგრამ მაინც ტაძრის კედელზე დახატულ ფრესკებს ჰგვანან ღრმა გარინდებულობით.
თითქოს სამოთხეში სხედან.
და ამ სამოთხის სინათლე ლექსიდან მოიღვრება.
როგორ იწერება ამგვარი სტრიქონები? ალბათ, ტკივილითა და ტანჯვით მოპოვებული „ცოდნით“, როცა ხვდები, რომ სასუფეველი აქაა, ადამიანთა გულებში, ოღონდ განწმენდილსა და სიყვარულით სავსეში. ასეთ გულში ძე კაცისას შეუძლია თავი მიიყუდნოს. და სიმარტოვეც აღარ არის ცივი და საშიში, რადგან იგი ხალხითა და ყოველდღიური ფაციფუცით კი არ არის სავსე, არამედ „ვარსკვლავებითა და ცით“.
რა ლამაზად არის ნათქვამი:
თითქოს სამოთხეში სხედან.
მართლაც, შემიძლია გავიმეორო:
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“.

დაიბეჭდა ჟურნ. „ჩვენს მწერლობაში“

Friday, July 1, 2011

ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანულზე“

მაია ჯალიაშვილი

იუპიტერი ფიქრობს...
(ჯემალ ქარჩხაძის რომანი “იუპიტერის სინანული”)

“სამყაროს შექმნა შეცდომა იყო”,_შეშფოთებული გაუმხელს თავის გულისწუხილს “თანამოღმერთეებს” “დროის საბძელში” ნანახით ზარდაცემული ბრძენი იუპიტერი. ასე იხატება ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის “იუპიტერის სინანულის” პირველი სურათები. აწეულია ფარდა, მაგრამ სანამ ტრაგედია დაიწყებოდეს, ღმერთების ქორო გამოჩნდება, მისი პირველივე სიტყვები ჟრჟოლას მოჰგვრის უჩვეულოს მოლოდინით დაყურსულ, ჯერ კიდევ გულგრილ მაყურებელს. “ძრწოდე, სამყაროვ! ძრწოდეთ, მოკვდავნო! ძრწოდეთ, საგნებო, სულიერნო და უსულონო”. დაღლილი, გულჩათხრობილი “ყოვლადძლიერი, იდეათდამბადებელი და მატერიათმოქმედი მეხთამტეხელი “ჩივის”. ამაოდ ცდილობს ქორო მისი ნაღველის შემსუბუქებას. “ადამიანი შხამიანი ყვავილია”, “მე მათ ზნეობის კანონები მივეცი, მათ კი გათელეს”, “მათი შემეცნება ძალზე პრიმიტიულია”, “მინიმალური დამოუკიდებლობა უკუღმართად გამოიყენეს”, “ეგებ პირველ უჯრედში გაგვეპარა შეცდომა”, “ეგებ მაიმუნის გზა არ იყო სწორი”... -ფიქრობს იუპიტერი. “მნათობთა მწყემსი” რისხვისა და სინანულის ჩაცხრომას ელის, რათა ყველაფერი განსაჯოს და ღვთაებრივი განაჩენი გამოიტანოს... იმავდროულად, რომის მბრძანებელს, ნერონს, სულაც არ აფრთხობს სინანული და გამოაქვს “დიადი განაჩენი”: დედის სიკვდილით დასჯა.
წარმოსახვაში ჟღერს მოცარტის ორმოცდამეერთე სიმფონია, იუპიტერი რომ უწოდებია ავტორს. “შექმნილი” ეცილება შემოქმედს ღვთაებრიობაში და გრძნობს უძლური “პლაზმათბატონი”, “ელემენტთა ჰარმონიის მიზეზთმიზეზი”, რომ შეცდა... თუ მოცარტთან იუპიტერის განრისხებას მღილის ამაღლება და მეტოქეობა ჰბადებს, ჯემალ ქარჩხაძესთან პირიქით, “გამოძერწილის” დამდაბლება, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ამ მოთხრობის კითხვისას, რომ ისევე როგორც არსად არ თავდება სულიერი სრულყოფილებისაკენ მარადმედინი ხაზი და უსაზღვროებისაკენ მიისწრაფვის ზემოთ, ასევე დაუსაზღვრავია სვლა ქვემოთ-უზნეობის უფსკრულებისკენ.
მწერლობას, და საერთოდ, ხელოვნებას, თანაბრად აინტერესებს ადამიანური სწრაფვის ეს ორივე “მიმართულება”. ჯემალ ქარჩხაძეს ამჯერად ეს ბნელი წიაღი უფრო იზიდავს. გამაოგნებელი სიშიშვლით ხატავს იგი ნერონის ხელოვნების რანგში აყვანილი უზნეობის ყოველ დეტალს. “რა ცარიელია ადამიანის გული და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში”,-მოთქვამდა პასკალი. სიბილწით სავსე სიცარიელე წარმოჩნდება როგორც მეტაფორა სულდაშრეტილი კაცისა.
ჯემალ ქარჩხაძის ნერონი სწორედ ასეთი, თითქოს გვალვისაგან გადახრუკული სულის ადამიანია. მწერალი, რა თქმა უნდა, ეყრდნობა ნერონის პიროვნების ისტორიულ ინტერპრეტაციას, მაგრამ მას არ აინტერესებს მისი ცხოვრება ზოგადად. მწერალს სურს ჩასწვდეს ცოდვითდაცემის “სიტკბოების” არსს,, როდესაც სისატიკე ქმნის პიროვნებას, როდესაც ცოდვა უფრო მაღლა დგება, ვიდრე ადამიანი. ცოდვა, როგორც ხელოვნება, რომლის “ბრწყინვალება” ჩრდილავს ყველაფერს. ნერონი აკვლევინებს მშობელ დედას_მოთხრობის ქარგა იქმნება სწორედ ამით. ეს არის მისი ხელოვნება, მისი გონების, გრძნობის, ინტუიციის, სიყვარულის, სიძულვილის ნაზავით შექმნილი “შედევრი”. იგი ბოლომდე იხარჯება. იმავდროულად, მწერალი ნერონის სახეში გამოკვეთს მის გაორებულობას_ერთი მხრივ, იმპერატორი, მეორე მხრივ, პოეტი. ორივე ტახტზე ჯდომა სურს მას, ორივე გვირგვინი, თუმცა სჯეროდა თავისი ნიჭიერებისა, ლექსების მთხზველად ვერ ივარგა, სურდა უსინათლო ჰომეროსივით უკვდავ ღმერთებს ლექსად გაბაასებოდა. სიკვდილის წინ იმასაც კი გაიფიქრებს, რომ პოეტობა იყო მისი მოწოდება და არა იმპერატორობა და დანანებით იტყვის: “რამხელა ხელოვანი ვიღუპები”, თუმცა, რაღაცნაირად შეაზავა ეს ორივე ერთმანეთს და მათგან თვითვე იშვა, როგორც საოცარი ურჩხული-მკვლელი, რომელიც დედის მოშთობას თუ სხვათა მკვლელობას აღიქვამდა, როგორც ხელოვნებას. აგრიპინა სწორედ ასე ეძახის მას: “ჩემი ლაშებიანი ურჩხული”. “შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ისა სჯობდა, ყველა დაეხოცა, მთელი სენატი, ყველა კონსული და კონსულარი, პროვინციათა ყველა გამგებელი, ყველა პროკურატორი, ყველა ლეგატი, ყველა ტრიბუნი”.
ადამიანური არამზადობის ბნელ ხვეულებს მოგვახილვინებს ჯემალ ქარჩხაძე ამ მოთხრობაში, სადაც ყოველი ეპიზოდი უზადოდაა შესრულებული.
ყველაგზამოჭრილი ნერონი ფიქრობს, ნუთუ ჩვენი წინაპრებიც ჩვენსავით გულბოღმიანები და დაუნდობლები იყვნენო და ბრაზი მოერევა: “რას ერჩით, უკვდავებო, საწყალ კაცს?” მას არ მოსწონს ის, რომ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერი მოეკითხება. ეს თითქოს ერთგვარად ზღუდავს სისასტიკეს. “როგორ აუფერულებს ჩვენს ნამოქმედართა სიდიადეს შურისძიების ეს მუდმივი შიში”. “რატომ გვადებთ ბორკილებს და რატომ არ გვაძლევთ გასაქანს, უკვდავებო? გშურთ ადამიანის თავისუფლება? თუ გეშინიათ ადამიანის თავისუფლების?”
თავისუფლება ნერონისთვის წარმოადგენს ერთგვარ თამაშს, რომლის წესებსაც თვითონ ქმნის_ეს არის ხელოვნება. ეს არის თეატრი, მაგრამ არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში. Nნერონი თვითონ არის ამ სპექტაკლის რეჟისორიცა და მთავარი გმირიც.
შემთხვევითი არ არის, რომ მწერალი პირველსავე ეპიზოდში ხატავს, როგორ შეჰყურებს ნერონი საკუთარ თავს ოქროსჩარჩოიან, ნატიფი მუზებით დამშვენებულ მაღალ ოვალურ სარკეში. იქ, იმ წყნარ ზედაპირზე ჩანს, ირეკლება იგი, არა ის, რაც არის თვითონ, სიღრმეში (ეს სიღრმე კარგად უწყიან მისმა დედამ, აგრიპინამ და მისმა არმზრდელმა სენეკამ) არამედ ის, რაც უნდა, რომ იყოს, რასაც თამაშობს. სარკეში საკუთარ თავს კი არა, ხელოვანს შესცქერის. ხშირად ელაპარაკება იგი ქვეშევრდომებს სარკეში, მაგრამ როცა მარტო რჩება, მან ხომ შესანიშნავად იცის, ვინც არის. ჯემალ ქარჩხაძე ამას ერთი არაჩვეულებრივად მეტყველი დეტალით ხატავს, რომელიც მის საოცარ მწერლურ გუმანზე მეტყველებს. მას შემდეგ, რაც “რომის სიბრძნეს” (სენეკას) და “რომის პატიოსნებას” (ბუროსს) აგრიპინას სიკვდილის აუცილებლობა “დასტყუა” და მარტო დარჩა, სარკეში დიდხანს უყურა თავის გამოსახულებას, “უყურა და უეცრად ენა გამოუყო”. ამ წამებში იგი თითქოს გათავისუფლდა ყოველგვარი ნიღბისაგან და მოსცილდა უზნეობის ჭუჭყი, ამიტომაც სარკეში წამოტივტივდა მოგონება_პატარა ნერონი დედასთან ერთად, მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ადამიანი ისევ “ნერონად” იქცა-მასში კვლავ “ხელოვანმა” იძლია. “სისხლის მაგივრად მჟღერი და ომახიანი ლათინური სიტყვების ფერადი ზვირთები დაიძრა, ეს უგვანი იმპერია ერთ კარგ სიმღერად არა ღირს”.
ნერონი გრძნობს, როგორ უსწრებს “ხელოვნებით” ყველა თავის პირფერ, გარყვნილ სასტიკ ქვეშევრდომებს. “ო, უკვდავო ღმერთებო, რა ბინძურ დროში მარგუნეთ ცხოვრება”,-წუხს კიდეც და ირონიით შესცქერის თანამზრახველებს, მარიონეტებივით რომ ათამაშებს. იგი საკუთარი “თამაშით” თვითვეა მოხიბლული და მოჯადოებული. “ძალიან ადარდებდა, რომ მშობელი დედა შეურაცხმყოფელი სიკვდილით უნდა მოეკლა, მაგრამ რა ექნა? სად ეპოვა ის ოქროს ხმალი, რომელიც აგრიპინას ნატიფ კისერს შეეფერებოდა”. სხვა დროს კი მადლობას ეტყვის ღმერთებს, რომლებმაც ისე გონივრულად მოაწყვეს ქვეყანა, რომ თითოეულ კაცს მხოლოდ ერთი დედა არგუნეს, თორემ თვით ნერონის ფანტაზიაც ვერ გასწვდებოდა ასეთ “ვრცელ სარბიელს”.
ნერონმა როცა საბოლოოდ მოიფიქრა დედის მკვლელობის გეგმა და თათბირი დაამთავრა სიტყვებით: “სამშობლო მძიმე მსხვერპლს მოითხოვს და, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს მსხვერპლი უნდა გავიღოთ”, ერთი ღრმად ამოიოხრა და დაუმატა,-ოჰ, დედა! მაგრამ იგრძნო, ოხვრა ცოტა მშრალი გამოუვიდა, ხოლო ამოძახილი-არასაკმაოდ ბუნებრივი, ამიტომ გადაწყვიტა, დრო გამოეძებნა და დამატებითი რეპეტიციები გაევლო. იგი ფიქრის დროსაც, როცა მაყურებელი არ ჰყავს, მაშინაც თამაშობს. “ცოდვაა ასეთი ლამაზი ქალის მოკვლა, თუნდაც დედა იყოს”. იგი უნაკლოდ ასრულებდა როლს, მაგრამ გრძნობდა, ბევრი რამ აკლდა დაოსტატებამდე. როცა ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მას სურდა და სასურველი ამბავი მოუტანეს, დედაშენი მკვდარიაო, ნერონს მრავალნავარჯიშევი “ოჰ, დედა!” აღმოხდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ხმას სულ სხვა ჟღერადობა ჰქონდა. “აი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ნიღაბი! რეპეტიციები უსარგებლო გამოდა. სრულყოფილება, სულ ახლო რომ ეგონა, ერთბაშად გაუფრინდა და ახლა მიუწვდომელი სიმაღლიდან გადმოჰყურებდა, “ნუთუ მართლა მაკლია ნიჭი?. გაიფიქრა მწარედ და ნაწლავები აეწვა,-ნუთუ ბუნებრიობის ასეთ ღვთაებრივ სიმაღლეს მივაღწევ?!”
უნაკლო ოსტატობით ხატავს ჯემალ ქარჩხაძე დედისა და შვილის ხილულსა თუ უჩინარ პაექრობას. ხელისუფლებისათვის ბრძოლა ამსხვრევს დედაშვილობის უწმინდეს გრძნობას. ისინი მეტოქეებად წარმოგვიდგებიან, რომელთაგან ორივეს უხვად აქვს მომადლებული ნიჭი მზაკვრობისა. მწერალმა იცის, “პოლიტიკის ყინული როგორ აციებს სისხლს”.
ნერონს სურს, თავი ღმერთთა შორი დაიმკვიდროს, ამას კი მხოლოდ ხელოვნებით შესძლებს-სრული ნეტარება ლექსების თხზვას მოაქვს, “მას, რომისა და მთელი ქვეყნიერების მპყრობელს, ეს ქვეყნიერება ხელახლა, ამჯერად თავისი ხელოვნებით უნდა დაეპყრო და ჭეშმარიტი დამპყრობელი შექმნილიყო, ვინაიდან ხმლის ძალა შიშს თესავს, ხელოვნების ძალა კი_სიყვარულს, ხოლო როცა ერთიც შენს ხელთაა და მეორეც, ისეთ სიმაღლეზე იმყოფები, საიდანაც უკვდავები უფრო ახლოს არიან, ვიდრე მოკვდავები”.
ნერონმა მოწამლა თავისი მამინაცვლის შვილი ბრიტანიკუსი. დედა სწორად მიუხვდა: “სიმღერა შეგშურდა მისი და ამ პატარა, წვრილმანი შურის გამო მოკალიო”, თან ირონიით დასძინა: “ახლა უნდა მიჰყვე და თუ ვინმემ სიმღერა იცის, ყველა დახოცო, მათ შორის, ისინი, ვინც ცოცხალი აღარაა”.
ჯემალ ქარჩხაძის ოსტატობა ყოველი ნიუანსის ხატვისას იკვეთება, ნერონი მის ხელში იძერწება, როგორც ადამიანი, რომელიც თავის თავში ჰკლავს ადამიანს, რათა ამ გზით გათავისუფლდეს. ხელოვნება მისი იარაღია. “ნერონი ზოგჯერ დაეჭვდებოდა ხოლმე საკუთარ ნიჭიერებაში და გონება უფუჭდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. საერთოდ კი, მტკიცედ სჯეროდა თავისი მაღალი დანიშნულებისა, ბეჯითად ვარჯიშობდა და სწამდა, რომ ღმერთებმა ისეთი ხვედრი გაუმზადეს, როგორიც მანამდე არავის ღირსებია”. თუ სხვა დაეჭვდებოდა მის ნიჭიერებაში, ცოფი ერეოდა. დედამ კი, არამცთუ დაეჭვება გაბედა, არამედ უარყო, როგორც ხელოვანი. სასახლიოდან განდევნილმა აგრიპინამ თხა შეიჩვია და ერთ რიტორს უთხრა: “ეს თხა არის ჩემი ერთადერთი შვება და ნუგეში. Aმის კიკინს რომ გავიგონებ, ასე მგონია საყვარელი შვილის ღვთაებრივ სიმღერას ვისმენ”. Eეს ვერ აპატია ნერონმა დედას. Kაბრა ბუციას კიკინი სიცოცხლეს უწამლავდა, ვერ მოისვენა, სანამ განაჩენი არ აღასრულა.
ნერონის ყველაზე საყვარელი სულიერი საკვები სიკვდილი იყო, რასაც მშიერივით აცხრებოდა და ვერ ნაყრდებოდა, როცა მისი უნაკლოდ მოფიქრებული გეგმის მიუხედავად, აგრიპინა მაინც გადარჩა, მას აღარ დაუწყია “ფანტაზიორობა” და მკვლელები პირდაპირ მიუგზავნა.
მოთხრობის მეორე ნაწილში მწერალი სიკვდილთან პირისპირშეყრილ ნერონს გვიხატავს. ნერონის დამოკიდებულება მოვლენებისადმი ამჯერადაც თეატრალურია, მწერალი საოცრად შეიგრძნობს სიჩუმეს, რომელსაც სიკვდილის სუნი ასდის. დაძაბულად, ნერვიულად, იმავდროულად, ლაღად, თავისუფლად წარმოჩნდება ადამიანის შიშველი სული. სქელ საბანში გახვეული მკვლელი კანკალებს, მისი წარმოსახვა ცდილობს, რეალობას ძვლებურად გაეჯიბროს, შექმნას ის, რაც არ არსებობს, მაგრამ ახლა მხოლოდ “ვიწრო საბნის პატარა იმპერიაღა” შერჩენია ხელთ. თავში გაუელვებს, რომ “ცხოვრების მთავარი სიბრძნე ისაა, შვილმა დედა არ მოკლას”, მაგრამ იქვე გაიფიქრებს; “ვისაც ვისზე ხელი მიუწვდება, ყველა ყველას კლავს, ვინც არა კლავს, ვერა კლავს”. შიშიც კი ვერ ჩაახშობს მასში ხელოვნების წყურვილს: “ნერონის უკანასკნელი ღამე”_ასე გაიფიქრებს თავის თავზე.
ნერონი იწყებს სიკვდილის “გაცნობას”. ბრიტანიკუსის მოკვლის შემდეგ ხშირად უფიქრია, ნეტავ თუ მიხვდა, რომ მოკვდაო. საწამლავი მისი ყველაზე საყვარელი იარაღი იყო. თავისთვისაც “იმ ავყია ლოკუსტას” გამოართვა. ნეტარება მოჰგვარა განცდამ, რომ საწამლავმა შეაერთა პირველი და ბოლო მკვლელობა. “ეს ხელოვნებას ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებას. ამის გაფიქრებაზე ნაწლავებზე რაღაცამ სევდიანად შეუღიტინა, ხოლო იმავ წამს ის ლექსები მოაგონდა, რომლებიც ჯერ არ შეეთხზა”. ნერონი იმდენად შეპყრობილია საკუთარი ღირსების შეგრძნებით, რომ სჯერა, “შურიანმა ღმერთებმა” დაუმალეს საწამლავი, რადგან შეეშინდათ, ამგვარ დასასრულს ღვთაებრივი ბუნება არ შეეძინა დიდი ხელოვნების წყალობით”. ნერონი ნანობს, რომ უამრავი “დიადი ლექსი” დაუწერელი რჩება.
გადიას საუბარში თითქოს “გაიხსნა” ნერონის ბუნება. ღმზრდელმა იცის მისი ვნებების ჭეშმარიტი არსი. “შენი სიძულვილი ხალისიანია, დაუდევარი, ღვთაებრივი”. “დედაშენი იოლად და არხეინად მოკალი, იმიტომ, რომ ადამიანებს ისეთი სიმაღლიდან უყურებდი, საიდანაც ძალიან პატარები და უმნიშვნელოები ჩანან, მაგრამ მთლად ღმერთი ვერ გახდი, რადგან შენი ჯერი რომ დადგა, ვეღარ შესძელი, შენი თავიც იმ სიმაღლიდან დაგენახა!”.
გადია წარმოგვიდგება დროის ერთგვარ სიმბოლოდ, რომელიც გულგრილად მიაცილებს ყოველივეს. “აი, თბილ-თბილი რძე დალიე, მოგიხდება. სიკვდილის წინ თხის რძეს არაფერი სჯობს”. აქ ეს სიტყვები თითქოს სიკვდილს აფერმკრთალებს, ამარცხებს.
შავ ცხენზე ამხედრებული ლტოლვილი ნერონი ფიქრებში მისწვდება მთავარს, რომელიც ყოველთვის მარადიული აწმყოა. რომაელებს ბრმა გულუბრყვილობით სჯეროდათ, რომ ნერონის განდევნით “ღვთაებრივი სამართლიანობის ნათელში შევიდოდნენ”. ნერონი მიხვდა, რომ ისე განზავდა ამაოებაში, ერთი ღირსეული ლექსიც კი ვერ შეთხზა და ამან ისევ გააბოროტა: “რამოდენა ნუგეში იქნებოდა, ყველაფერი ჩვენთან ერთად იღუპებოდეს”. მოთხრობის ბოლოს ისევ ღმერთების ქორო გამოჩნდება: “ძრწოდე, სამყაროვ! ძრწოდეთ, მოკვდავნო! ძრწოდეთ, საგნებო, სულიერნო და უსულონო! ბედი იწერება, განაჩენი ახლოვდება! იუპიტერი ფიქრობს.”
ჯემალ ქარჩხაძემ მიაგნო ჩვენი ეპოქის “იმ მთავარ ნერვებს, რომლებიც დროთა კავშირს ქმნიან” და ნაპოვნმა თვითვე შეაშფოთა და გააოგნა. სწორედ ამ ტკივილიანი ფიქრების ნაყოფია “იუპიტერის სინანული”.

1996 წ.

Thursday, June 16, 2011

სასიყვარულო ONLINE თამაში

მაია ჯალიაშვილი

სასიყვარულო ONLINE თამაში 



დანიელ გლათაუერის რომანი ორ ტომად: `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~

პლატონი თავის ერთ დიალოგში, `ნადიმის~ სახელწოდებით რომ ვიცნობთ, მოგვითხრობს უცნაური ორსქესიანი არსების, ანდროგინის შესახებ, რომელიც სრულყოფილებას განასახიერებდა არა მხოლოდ შინაგანი ჰარმონიულობის, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც. ანდროგინთა ბედნიერებას არ არღვევდა ხორციელი ლტოლვა თუ ვნება. ამიტომაც არაფერს სთხოვდნენ ღმერთებს, არ სწირავდნენ მსხვერპლს. ეს კი ოლიმპოს ბინადართ აშფოთებდა, რადგან მათ ძალაუფლებას ბზარი უჩნდებოდა. მათ აშფოთებდათ ანდროგინთა სიმტკიცე და ძლიერება, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს განრისხებულმა ზევსმა ცეცხლოვანი მახვილით ორად განკვეთა ანდროგინები. ცას სწვდებოდა გაჩეხილ ანდროგინთა მოთქმა-გოდება. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ერთი სხეულის იძულებით დაცილებულმა ნახევრებმა ერთმანეთს საოცარი ვნებითა და თავდავიწყებით დაუწყეს ძიება და იმ ნახევრებმა, რომლებმაც ერთმანეთი მოძებნეს, საოცარი ბედნიერება მოიპოვეს სულიერ-ხორციელი სიმრთელისა. ხოლო ვინც ვერ იპოვა, მან ეს ძიება აქცია სიხარულად. პოვნა დასასრულია, ძიება კი გამუდმებული განახლება. ამიტომაც ცდილობენ მეორე ნახევრის იდეალად დასახვას:
`რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი~ (გალაკტიონ ტაბიძე).
მითის სიბრძნე სამყაროს უზოგადეს კანონზომიერებას ირეკლავს. ის მოწმობს ადამიანის განუხორციელებელ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. სიყვარულს ძალა შესწევს ადამიანი `მე~ დამატყვევებელი სივრციდან გაათავისუფლოს.
სიყვარული, როგორც ხსნა – სწორედ ასე წარმოჩნდება ეს გრძნობა დანიელ გლათაუერის ორტომიან რომანში `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~, რომელიც გერმანული ენიდან ჩვეული ოსტატობით თარგმნა მაია მირიანაშვილმა, დღესდღეობით გამორჩეულმა მთარგმნელმა. ამას ადასტურებს მისი ბოლოდროინდელი თარგმანების სიმრავლე და ხარისხი.
დანიელ გლათაუერი ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი მწერალია. მკითხველმა იგი განსაკუთრებით შეიყვარა რომანით `საშობაო ძაღლი~, რომელიც 2004 წელს გამოვიდა. 2006 წელს მან დაწერა რომანი „უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც მიენიჭა გერმანული საუკეთესო წიგნის პრემია. რომანის პერსონაჟები მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს და მწერალს მათი ამბის გაგრძელება სთხოვეს. მწერალმა მკითხველის სურვილი გაითვალისწინა და 2009 წელს დაწერა გაგრძელება: „ყოველი მეშვიდე ტალღა“.
2010 წელს ორივე რომანი ერთ ტომად გამოიცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს წიგნი დღესაც ბესტსელერია.
ვფიქრობთ, ის ქართველი მკითხველის გულსაც იოლად მოინადირებს, რადგან მწერალი ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანთა ცხოვრებაზე გვიამბობს, რომელთა ყოველდღიურობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით ასე გაუცხოებული, გამოფიტული და დაცარიელებული, მაინც გასხივოსნდა სიყვარულით და ისევ ამ `დაწყევლილი~ ტექნოლოგიის წყალობით.
სიყვარულის ოცნებაზე ხელოვნების არაერთი ნაწარმოები შექმნილა, და ვერავინ იტყვის, რომ ეს თემა გაცვდა ან ამოიწურა. ის ყველაზე მეტად ჰგავს ფენიქსს, მარადის რომ განახლდება ჩაფერფლილი და დანაცრებული.
როგორც აღვნიშნეთ, უცნაური სიყვარულის ამბავია დანიელ გლათაუერის რომანში მოთხრობილი. მთავარი გმირები _ ემი და ლეო _ რაღაც გაუგებრობის წყალობით, ელექტრონული ფოსტით გაიცნობენ ერთმანეთს და დაუმეგობრდებიან. თავდაპირველად მათ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, სახელების გარდა. თანდათან მეტი ცნობისწადილი ჩნდება. ეს არის საოცრად უშუალო მიმოწერა ორ ადამიანს შორის, რომელთაც არანაირი მოვალეობა არ აკავშირებთ ერთმანეთთან, რაც მათ უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს. ვირტუალურ სივრცეში მირაჟებივით ჩნდებიან ისინი და ერთმანეთს თვითონვე ქმნიან. სწორედ ამიტომაც უჩნდებათ განცდა, რომ თავიანთ ოცნებას, იდეალს ესაუბრებიან. თუმცა სიტყვის მაგიური ძალის წყალობით ისინი ერთმანეთს ეჩვევიან და ეს მიმოწერა მათი სიცოვცლის ნაწილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რომანის სივრცე შეკუმშულია, რეალურად არც არსებობს, რადგან ეს სიყვარული კომპიუტერის მეშვეობით, მონიტორზე აციმციმებული სიტყვებით იქმნება, მაინც არ არის მონოტონური და მოსაწყენი. წერილებში დიდი ვნება და ურთიერთლტოლვა ირეკლება. მწერალი ახერხებს ქალისა და კაცის, სრულიად განსხვავებული ხასიათების დახატვას. მკითხველი ამ უცნაური რომანის თანამონაწილე ხდება და ამ მიმზიდველ ონლაინ სასიყვარულო თამაშში ერთვება.
ემი და ლეოს თავიანთი ცხოვრება აქვთ (ემის ქმარ-შვილი ჰყავს, ქმარი მასზე ბევრად უფროსია, ბავშვები კი გერები, ეს მაინც მისი ბედნიერი არჩევანია _ასე აღნიშნავს თვითონვე; ლეო კი მეგობარ ქალს ახლად გაშორებულია). ეს ორი უცხო სული საოცარ მიუსაფრობასა და მარტოობას ამჟღავნებს ამ მიმოწერისას. ნელ-ნელა ეს წერილები სასიცოცხლო სუფთა ჰაერს ემსგავსება. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან თავიანთ განცდებსა და ცხოვრებაზე. თუმცა წარმოსახულ სივრცეს დროდადრო არღვევს ერთმანეთის ნახვის წადილი, რაც პირველ ტომში ხორცს არ ისხამს. საინტერესო ფსიქოლოგიური დეტალია ემის მიერ ლეოსთვის თავისი გასათხოვარი მეგობრის, მიას, გაცნობა. ლეო და ის მეგობარი, მართლაც, ხვდებიან და მოეწონებათ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ ემის აჩრდილი მათ შორის აღიმართება და ეს ურთიერთობა დაწყებისთანავე სრულდება. მას არ ადუღაბებს ოცნება წარმოსახულ ქალზე, რომლის ფასიც ლეომ ახლა ისე ხელშესახებად იცის, როგორც არასდროს. ემი და ლეო, უნებურად, ერთმანეთის რეალურ ცხოვრებაში `ერევიან~ და მომავალს განსაზღვრავენ. `ლეო: ემი, ემი, ემი. მიყვარს, როცა ვწერ ამ სახელს: ემი. შემიძლია ათასჯერ მაინც დავწერო თქვენი სახელი. ემის მისწერო, ნიშნავს, ემის კოცნიდე. წავიდეთ, დავიძინოთ, ემი~... ემი: დღეს რაღაც ვერ ვიძინებ. მოგიყევით უკვე ჩრდილოეთის ქარის შესახებ? ვერ ვიტან ჩრდილოეთის ქარს, როცა ჩემი ფანჯარა ღიაა. კარგი იქნებოდა, თუ ახლა მომწერდით: შენც ადექი და დაკეტე ფანჯარაო. მე კი გიპასუხებდით: დახურულ ფანჯარაში ვერ ვიძინებ.
ერთი წუთის შემდეგ
მაშინ წაიკითხეთ, მერე შეტრიალდით და დაიძინეთ.
ერთი წუთის შემდეგ
გადაბრუნებისას, ისევ ვფხიზლდები და ისევ კითხვას ვიწყებ, რომ ჩამეძინოს. ასე რომ, ღამის ნათურა და ტუმბო მაკლია იმ მხარეს.
30 წამის შემდეგ
მგონი, ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ. მაშინ აიღეთ ტუმბო ნათურიანად და მეორე მხარეს დადგით.
35 წამის შემდეგ
არ გამოვა, ნათურის კაბელი არ მისწვდება.

40 წამის შემდეგ
მაშინ დამაგრძელებელი გჭირდებათ.

25 წამის შემდეგ
მაშინ გამომიგზავნეთ წერილით.

45 წამის შემდეგ
კარგი, გამოგიგზავნით, იხილე ბმული.

50 წამის შემდეგ
გმადლობთ, მივიღე, რა მშვენიერი დამაგრძელებლია. ახლა კი შევაერთებ.

40 წამის შემდეგ
იცოდეთ, ფრთხილად იყავით, ღამით ფეხი არ წამოჰკრათ.

35 წამის შემდეგ
აჰ, ახლა ისე ღრმად ჩამეძინება, მხოლოდ თქვენზე და თქვენს დამაგრძელებელზე ვიფიქრებ.

ერთი წუთის შემდეგ
დაე იქროლოს ჩრდილოეთის ქარმა, როგორც უნდა.

45 წამის შემდეგ
ლეო, მე თქვენ ძალიან, ძალიან მომწონხართ, უებარი ხართ ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ~.

ჩრდილოეთის ქარი ცხოვრების სიმბოლოა და მას წინააღმდეგობას მხოლოდ სიყვარული თუ გაუწევს, თანაც, უნაკლო სიყვარული, ასეთი კი არ შეიძლება რეალურ სამყაროში იყოს, მხოლოდ წარმოსახვაში, მხოლოდ ელექტრონული წერილებით შექმნილ სივრცეში, მხოლოდ ონლაინში.
ამ ერთგვარ იდილიურ მიმოწერას, რომელსაც ხშირად ამღვრევს ეჭვით გამოწვეული უმტკივნეულო უთანხმოება, მოულოდნელი ქარიშხალი დაატყდება თავს. ემის ქმარი სწერს ლეოს წერილს, რომელშიც ცდილობს აუხსნას, რა ბზარი გააჩინა მისმა შემოჭრამ მათ ოჯახში და ლეოს ემისთან შეხვედრას სთხოვს. ეს ყველაზე გამაოგნებელი დეტალია ამ სასიყვარულო ისტორიაში, მაგრამ ემის ქმარს ამ შეხვედრის წყალგაუვალი დასაბუთება აქვს: `თქვენთვის სასაყვედურო, სამწუხაროდ, არ მაქვს. მხოლოდ უხილავ არსებას, აბა, რა უნდა უსაყვედურო. Bბატონო ლეო ლაიკე, თქვენ არ ხართ რეალური, თქვენ ჩემი მეუღლის ფანტაზიის ნაყოფი ხართ, ილუზია, ბედნიერების გრძნობათა უსასრულობა, შორეული ოცნება, სიყვარულის უტოპია, ასოებისაგან აგებული სიყვარული. ამის წინააღმდეგ მე არანაირი ძალა არ შემწევს, მხოლოდ ის შემიძლია, დაველოდო, ვიდრე განგება ინებებს და თქვენგან, ბოლოს და ბოლოს, რეალური ხორცშესხმული ადამიანი გამოჩნდება, კაცი, თავისი სიძლიერითა თუ სისუსტეებით. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე თქვენც ისევე დაგინახავთ, როგორც მე, არც თუ უჩვეულო არსებას, ადამიანურ არსებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის პირისპირ ჩაგხედავთ თვალებში, გაუჩინარდება თქვენი უპირატესობა. მაშინ მომეცემა შანსი, ჩემი ემისთვის ვიბრძოლო.
ამ წერილით მკითხველის თვალწინ იხატება დაბეჩავებული, დამცირებული, შეურაცხყოფილი კაცი, რომელიც მზადაა, ახალგაზრდა მეუღლის შესანარჩუნებლად უფრო მეტად დამცირდეს და ცოლი სხვას შეახვედროს ერთი ღამით, რათა მერე სამუდამოდ, უღალატოდ მას ჰყავდეს. ამ წერილში ბერნჰარდი ლეოს ემის ასაკსა, გარეგნობასა და ცხოვრების სხვა წვრილმან თუ მსხვილმან დეტალებსაც აღუწერს. წარმოუდგენელია თავის ასე დამცირება, თუნდაც სიყვარულისთვის, ამიტომაც არის, რომ ემის ქმარი არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს, პირიქით, მის მიმართ ზიზღის გრძნობა გეუფლება: `ბატონო ლაიკე, გთხოვთ, შეხვდით ემას! დაწექით მასთან... დამიბრუნეთ ჩემი მეუღლე. გაათავისუფლეთ იგი. დააბრუნეთ იგი ისევ მიწაზე... მისი სიყვარულის გამო. გთხოვთ!~
ამას მოჰყვება ლეოს წერილი, რომელშიც ემის მათი მიმოწერის `ღირსეული დასარულისთვის~ შეხვედრას სთხოვს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგება. ლეო `ქრება~ და ემის სასოწარკვეთილ წერილებს ელექტრონული ფოსტა გამყინავი გულგრილობით ასე პასუხობს: `ყურადღება. ეს მისამართი აღარ არსებობს. მიმღები ამ წერილს ვერ მიიღებს, ამ მისამართზე მიღებული ყველა წერილი მექანიკურად წაიშლება. შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სისტემადმინისტრატორს~.
ასე მთავრდება I ტომი.
მეორე ტომში, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ემისა და ლეოს მიმოწერა კვლავ აღდგება. გმირებს ახალი ამბები და ისტორიები აქვთ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. განახლებული ურთიერთობა მეტი ურთიერთლტოლვით გამოირჩევა, თუმცა ლეოს სხვა ქალი ჰყავს უკვე. ემიც თითქოს ბედს შეგუებია. მაგრამ
რა ჩააქრობს სიყვარულს, რომელსაც ოცნება ასაზრდოებს?
და წერილებში, მიუხედავად იმისა, რომ ლეო სხვა ქალის, პამელას მგზნებარე სიყვარულზე უყვება, ემი კი ოჯახური იდილიის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, სტრიქონთა შორის იკითხება, მათ ამ მიმოწერის გარეშე სიცოცხლე აღარ შეუძლიათ. ამ მიმოწერის გარეშე თითქოს სამყარო ცარიელდება. სწორედ ამ დროს ჩნდება მეშვიდე ტალღის სიმბოლიკა ემის წერილში: `რატომ გწერ? იმიტომ, რომ მომესურვა, რადგან არ მინდოდა უსიტყვოდ დავლოდებოდი მეშვიდე ტალღას. ჰო, აქ უდრეკ მეშვიდე ტალღაზე ასეთ რამეს ჰყვებიან: პირველი ექვსის გათვლა შეიძლება, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ, არანაირ მოულოდნელობასა და სასწაულს არ მოავლენენ. Eპირველი ექვსი ტალღა ერთმანეთის მიყოლებით მოდის და მუდამ მსგავსი და უმიზნოა.
მეშვიდე ტალღა კი სახიფათოა. მისი გათვლა შეუძლებელია. დიდხანს შეუმჩნეველად გეთამაშება, მონოტონურად მღელვარებს, თავის წინა ტალღებს აყურადებს. Mმაგრამ ზოგჯერ ამობობოქრდება. მეშვიდე ტალღა სრულიად უზრუნველი, უდრტვინველი, მბრძანებლურია, ყველაფერი თან მიაქვს. ყველაფერს ახალ ფორმას აძლევს. მისთვის არანაირი წარსული არ არსებობს, მხოლოდ აწმყოა. მეშვიდე ტალღის ჩავლის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარადაა. კარგად თუ ცუდად? მისი განსჯა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ის შეეხება. ვისაც სითამამე ეყოფა, რომ მის მღელვარებას შერწყას~.
მეშვიდე ტალღა სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ცხოვრების მდინარებაში თავისი მოულოდნელი გამოჩენით ყველაფერს ცვლის, ის ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სიცოცხლის საზრისს შეამეცნებინებს. მაგრამ უნდა გეყოს გამბედაობა, შეხვდე ამ მეშვიდე ტალღას და მასთან ერთად შეცვალო ყოველივე შენ ირგვლივ.
რომანში მიმოწერა ისეთი პათოსით ჩაღდება, რომ გმირები ამ ვირტუალური სიყვარულის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას ესწრაფვიან, მკითხველსაც ერთი სული აქვს, მათი შეყრა იხილოს. მწერალი ამ მოლოდინს არ აწბილებს და გმირებს ერთმანეთს შეახვედრებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაწერილი რეალურს აღემატება. ამიტომაც ასე გაელვებასავითაა ეს ორიოდე შეხვედრა. რეალობა უძლურია წარმოსახვის წინააღმდეგ.
ემისა და ლეოს უცნაურ სიყვარულს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში შეუძლია გახარება. მათი შეხვედრა ამ სიყვარულის დასასრული იქნება მხოლოდ. არადა, ამ მიმოწერის გარეშე თითქოს ბნელი გადაეფარება ქვეყნიერებას, ამიტომაც მწერალი სწორ გადაწყვეტილებას იღებს: სიყვარულის გადასარჩენად გმირებს კვლავ ინტერნეტსივრცეში ტოვებს, მფეთქავ გულისცემას სიტყვებად რომ აქცევენ და სიყვარულის გადასარჩენად ონლაინში შეყვარებულებად რჩებიან: `საყვარელო, რა კარგია, რომ მომწერე, რა კარგია შენი წერილების კითხვა, მოდი, ხშირად მივწეროთ ხოლმე ერთმანეთს, ათასი კოცნა~.


16 ივნისი, 2011

Wednesday, June 15, 2011

მაია ჯალიაშვილი - ლაზიერის მონოლოგი

მაია ჯალიაშვილი                            


ლაზიერის მონოლოგი

მე ვარ ვეზირი
ჭადრაკის მეფისა
ამაყი ლაზიერი.
დროში დავსეირნობ
ლაღად და ნებისად,
ყოფის საიდუმლოს ვეზიარე.
დაჭკნება ყოველივე
და თუ არ მეღირსა
სატრფოსთან ალერსი
შროშანებს დავკოცნი ველისას
და ვნებას ალესილს
ვარსკვლავთა კოცონებს შევურევ...
ვიქნები მადლიერი
სიცოცხლის მეფისა,
ვეზირი რომლისაც
მე ვარ, ლაზიერი.

14. 01. 2011

Saturday, June 11, 2011

ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან

`მიწიდან ამოსული ხელი ბროწეულის ყვავილით~             




მაია ჯალიაშვილს ესაუბრება თამარ შაიშმელაშვილი


თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ მრავალმხრივი შემოქმედი ხართ - ლექსები, იგავ-არაკები, მოთხრობები, რადიოპიესები... რომელს ანიჭებს უპირატესობას თავად მაია ჯალიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი თუ შემოქმედი...

მაია ჯალიაშვილი _ უპირატესობას შემოქმედებას ვანიჭებ. ასე იყო ბავშვობიდანვე. ყოველთვის ყურადღებას ვიქცევდი, როგორც ბავშვი, რომელიც ლექსებს წერდა, მართალია, გამოვირჩეოდი სწავლითაც, მაგრამ ყველაზე მეტად ლექსის დაბეჭდვა მახარებდა. ასეა დღესაც. ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში საუკეთესოდ გამოვხატავ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამეცნიერო საქმიანობა, ლიტერატურული წერილები, გამოკვლევები თანამედროვე თუ კლასიკურ ლიტერატურაზე, მაგრამ... მხატვრული შემოქმედება უპირველესია. გამოცემული მაქვს ორი კრებული, ერთი მცირე: `დუმილის მიღმა~, მეორე `გულის ბარძიმი~, რომელშიც ლექსებთან ერთად, ჩემი მოთხრობები, რადიოპიესები, იგავ-არაკები და დღიურებია დაბეჭდილი.




თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ წერთ: `ნაცარექექიამ შემოუძახა ქართველს: რაღა ნაცრის ქექვაში მებაძებიო~. რას მიიჩნევთ ერის ყველაზე უღირს თვისებად?

მაია ჯალიაშვილი: _ თქვენ მოიხმეთ ჩემი ერთი ქარაგმული იგავ-არაკებისა და ქარაგმულების ციკლიდან, რომელიც დაბეჭდილია ჩემს წიგნში `გულის ბარძიმი~ (თბ. 2009). საზოგადოდ, სოციალურ-პოლიტიკური თემატიკა ჩემი შემოქმედებისთვის უცხოა. ჩემს ყურადღებას ყოველთვის მარადიული ღირებულებები იქცევს: სიკვდილი, სიცოცხლე, სიკეთე, სიყვარული, დროში არსებობის ტკვილი. სიძულვილსა და ბოროტებასა და სხვა ნაკლოვანებებზე თითქმის არაფერს ვწერ. ამ ქარაგმულში კი ქართველთა ნაკლზე გამახვილდა ყურადღება. ეს იუმორით შეზავებული კრიტიკაა. საზოგადოდ, იმ ჩემს იგავ-არაკთა ციკლს ეპიგრაფად წავუმძღვარე სულხან-საბას სიტყვები: `მეც სიცილს ძალა მივეც~ იგავ-არაკიდან `მოცინარი და მოტირალი~. ამ იგავ-არაკში ორი კაცი ერთსა და იმავე ამბავზე შეჭირვებულა: ხალხი არ ფიქრობს მარადიულ ცხოვრებაზე, მიწიერ სარუნავებსაა გადაყოლილი, ვუქადაგეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო. თუმცა ამან ერთი აატირა, მეორე _ გააცინა. რომელია მართალი? ალბათ, ორივე, მაგრამ ტირილი, ჩემი აზრით, მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ცრემლი ამხელს, რომ გულგრილი არა ხარ იმ ყოველივეს მიმართ, რაც შენ გარშემო ხდება. სიცილი კი ერთგვარად განზე გადგომაა, ტკივილის შემსუბუქებაა. მე სწორედ ეს გზა ავირჩიე: `სიცილს ძალა მივეც~. სხვათა შორის, ეს არ უნდა იყოს რიგიანი საქციელი. ქრისტე სახარებებში არც ერთხელ არ იცინის, იცინის კი არა, არც იღიმება, რადგან ცრემლითა და სულის ტკივილით ცდილობს ცოდვათა შემსუბუქებას. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ იგავ-არაკებს 2008 წლის ზაფხულში, აგვისტოს თვეში ვწერდი. გარეთ, როცა ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო შიშითა და გაურკვევლობით, ტელეეკრანიდან კი ტრაგიკომიკური ინფორმაციები გაისმოდა, მე ქართული ანდაზებისა და გამოთქმების ბრძნულ სივრცეს შევეხიზნე. სწორედ ამ ენითაა ნაკარნახევი ჩემი იგავ-არაკები და ქარაგმულები, რომლებშიც ირონიაა ადამიანური სისუსტეების მიმართ გამჟღავნებული. მათ შორის, ქართველთა მიმართაც, რომელნიც, საზოგადოდ, ხერხით ცნობილნი (ნაცარქექიამ ხომ ჭკუა-გონებითა და მოხერხებით აჯობა დევებს), ახლა მხოლოდ `ნაცრის~ ქექვას, ესე იგი, უაზრო ფუჭსიტყვაობას სჯერდებიან. ისე, ცნობილია, გურამ ასათიანის არაჩვეულებრივი დაკვირვებები ქართველთა ხასიათზე, მათ შორის, ნაცარქექიასთან პარალელი, მერე აკაკი ბაქრაძის შესანიშნავი განსჯა ამ თემაზე წერილში `მკვახე შეძახილი~. ამ უკანასკნელმა მიკარნახა ამგვარი ქარაგმული: `ნაყოფი მწიფეა კარგი, შეძახილი კი მკვახეო~.
რაც შეეხება ერის უღირს თვისებას. ერი ხომ ადამიანებისაგან შედგება, ამიტომ ჩვენი ერის უღირსი თვისებაც ისაა, რაც, საზოგადოდ, ქართველებში ჭარბობს. ისე, ადამიანი ყველგან ადამიანია, საქართველოში გააჩენს ღმერთი თუ აფრიკის ჯუნგლებში. ამიტომ ვფიქრობ, ქართველებს რაიმე განსაკუთრებული უღირსი თვისება არ გაგვაჩნია. სახარებისეულ მცნებათა დარღვევა (კაცის კვლა, ქურდობა, პატივმოყვარეობა, შური... და ამ რიგის უკეთურებანი) ამრავლებს ცოდვებს, ესე იგი, ერი ავლენს უღირსობას. ისე დიდი ნუგეშია პავლე მოციქულის სიტყვები, სადაც ცოდვა მრავლდება, იქ მადლი გარდაემეტებისო...



თამარ შაიშმელაშვილი _ თქვენ საინტერესო ნახატების ავტორიც ხართ. გამოვარჩევდი `დედის მონატრებას,~ კომპოზიციას ჯვარცმის თემაზე, `დაბადებას,~ რომელიც პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ნანახმა ბროწეულის ყვავილმა შთაგაგონათ. როდის ხატავთ?

მაია ჯალიაშვილი: _ ახლა, სამწუხაროდ, იშვიათად ვხატავ, მაგრამ ჩემი ნახატები ჩემი შემოქმედების ნაწილია. ისევე, როგორც ჩემს პოეზიაში, აქაც ჭარბობს რელიგიური თემატიკა თუ რელიგიური განცდა ყოველივესი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ტიციან ტაბიძეს უწერია, ჩვენ ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობამდეო. ამას ისე რეალურად და ცხადად განვიცდი. ქრისტიანი ვარ ბუნებით, შინაგანად. ჯვარცმის, შობის და სხვა ამგვარ თემაზე რამდენიმე ნახატი მაქვს. საერთოდ, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ფანქრით ხატვა მიყვარს. ადრე ხატვისას ზედ დამთენებია. ახლა – აღარ. სხვათა შორის, ჯვარცმის თემაზე ერთი კომპოზიციის ხატვისას ფანქრის გათლისას თითი გამეჭრა და ჩემი სისხლი საღებავად გამოვიყენე. შევურიე ქრისტეს ფეხში გაყრილ სამსჭვალის ადგილას გაჩენილ ალისფერ სისხლს. ნახატში ეს სამსჭვალი განედლდება და ყვავის. საერთოდ, ამ ნახატთა ხატვისას საოცარი გზნებით განვიცდიდი ქრისტეს სიყვარულს. ჩაფიქრებული მქონდა მოციქულთა პორტრეტები, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დავხატე: იოანესი და იუდასი. დახატული მყავს იოანე ნათლისმცემელი. კიდევ _ მოსე და ზარატუსტრა. უფრო სიმბოლურ სურათებს ვხატავდი. ვთქვათ, მიწიდან ამოსული ხელი ბროწეულის ყვავილით, ან გამჭვირვალე ლარნაკში ყვავილის ღეროებივით ჩაწყობილი ხელები, ან ლამფის შუშაში გამომწყვდეული სინათლის ჯინი და სხვ.

თამარ შაიშმელაშვილი: რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

მაია ჯალიაშვილი: ჩემი საყვარელი ფერია მწვანე, ხასხასა, ჯეჯილის ფერი, მაგნოლიის პრიალა ფოთლისფერი, ახლადგაფურჩქნილ კვირტებისფერი, ბალახისფერი, `აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს~, ან `ტყის იალქანი~ _ ვალერიან გაფრინდაშვილი ზუსტად გამოხატავს გაზაფხულის სიმწვანეს. ერთი ლექსი მაქვს, რომელიც მწვანე ფერის ქებათაქებაა. მდინარე _ მასში არეკლილი მწვანე მთებით... ნესტანი – სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლო _ ერთ ეპიზოდში არის `მწვანითა მოსილი~. მომწონს, როცა სიმწვანეა, როცა მწვანისკენ გადახრილ ფერშია ირგვლივ ყველაფერი. მწვანე სიცოცხლესთან, სიჯანსაღესთან, სიხარულთან ასოცირდება ჩემს წარმოსახვაში. ოღონდ ეს მწვანე ცოცხალი უნდა იყოს, უნდა სუნთქავდეს, როგორც იმპრესიონისტთა ნახატებზე, და ფერს იცვლიდეს, ლივლივებდეს. ამიტომ მხოლოდ ბუნებაში მხვდება ჩემი საყვარელი მწვანე – უთვალავი გრადაციით.

თამარ შაიშმელაშვილი: რა აქვს საერთო ლექსსა და მხატვრობას?

მაია ჯალიაშვილი: ორივესთვის მთავარია წარმოსახვა. ნახატი ფერით და ხაზით ქმნის პოეზიას, ლექსში კი სიტყვებით იქმნება. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტყვა აღემატება ფერსაც და ხმასაც (მინდა გითხრათ, რომ სტუდენტობისას ჩემს ორიოდე ლექსზე მელოდია დავწერე და მეგობრებთან ერთად ვმღეროდი გიტარის თანხლებით... `ეჰ, როგორ გაქრა ახალგაზრდობა, დაუნდობელი სურვილი ლომის და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა დრო შემოდგომის~,_ გალაკტიონი გამახსენდა). ზემოთ ნათქვამს დავუბრუნდები... სიტყვა ფერს, მუსიკას, სურნელს ერთდროულად გამოხატავს და ეს ყოველივე აზრით დაგვირგვინებული _ უმაღლესი პოეზიაა. ამიტომ მიყვარს სიმბოლისტები _ ცისფერყანწელები _ გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე, რომელთაც იცოდნენ სიტყვის ჯადოსნური ძალის საიდუმლო.
`მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი,
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით~,_ გიორგი ლეონიძის ეს სტრიქონები ჯერ მუსიკაა, მერე ფერები (ნახატი) და მერე მხოლოდ აზრი და განცდა.
ამიტომაც მიყვარს პოეზიაც და მხატვრობაც. ფიროსმანი _ საოცარი სახარებისეული სიწმინდით, გუდიაშვილი _ მისი მაღალყელიანი და ნუშისთვალებიანი ქალწულები ჩემს ნახატებშიც გადმოდიოდნენ... ვან გოგი უფრო შემაყვარა მისმა წერილებმა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ლონდონში ნაციონალურ გალერეაში ვნახე მისი ორიგინალები და `დამაბრმავა~ მზესუმზირების უღვთო სიკაშკაშემ... მიყვარს რენუარი, არ ვიცი რატომ... ამიტომ ერთი ჩემი წერილების წიგნის ყდა `სიცოცხლის საიდუმლო~ მისი ნახატით _ დები _ გავაფორმე. მეუბნებოდნენ, რომ მე თვითონ რენუარის ამ ნახატს ვგავდი, რაც ძალიან მახარებდა.


თამარ შაიშმელაშვილი: `სულს სინანულად შეენისლება ფიქრი შორეულ სასუფეველზე...~- რა არის თქვენთვის სასუფეველი?

მაია ჯალიაშვილი: სასუფეველი აქ სახარებისეულიც არის და პოეტურიც _ რწმენა და პოეზიაა, წარმოსახული სამყაროა. რაღაც მიუწვდომელი სიწმინდეა, იდეალია, რომლისკენაც მიისწრაფვის სული. ამ გზაზე ის ცდილობს სრულყოფას, განწმენდას, რაც ჩემს ყოველდღიურ ყოფაში იმით გამოიხატება, რომ მეტ სიყვარულს ვგრძნობ ყველას მიმართ, არავის განვსჯი, არ განვიკითხავ. უფალი ყველას თავისას მოჰკითხავს და სხვათა ცოდვების გამო მე არ დამსჯის. რომ ჩემი ტვირთი ჩემთვის ყველაზე მსუბუქია და ყველას თავისი ჯვარი აქვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჩემზე ნაკლებად სტკივა. სასუფეველი _ სიტყვაც ულამაზესია, სითბოს აფრქვევს, შეგიძლია ძნელბედობისას შეეფარო და შეეყუჟო.


თამარ შაიშმელაშვილი: თქვენს ლექსებში დიდი სულიერებაა განფენილი, ახალ წიგნს `გულის ბარძიმი~ ჰქვია. `გულის ბარძიმში ყვაოდა მადლი...~ _ ამბობთ ლექსშიც. როგორ ახსნით ამ პოეტურ სტრიქონს?

მაია ჯალიაშვილი: ზემოთაც ვთქვი, არ ვიცი, რატომ მეწერება ასეთი ლექსები. ალბათ იმიტომ, რომ სულთან დაკავშირებული თემები უფრო მაღელვებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ცხოვრება და მე პარალელური ხაზებივით ვართ. შინაგანი განცდა რელიგიურობისა საოცრად მძაფრი მაქვს. მე ბევრს ვწერ სხვების ლექსებზე, ვცდილობ ავხსნა და გავიაზრო ესა თუ ის მხატვრული სახე, ამიტომ ჩემს მეტაფორებზე ამჯერად მე არ ვისაუბრებ, თუმცა ამას წინათ ჩემს ერთ ახალ ლექსზე `ოაზისი~ დავწერე ავტორეცენზია (ეს იყო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი _ გიორგი კილაძისა). თავიდან ვფიქრობდი, რა დავწერო-მეთქი, მაგრამ როგორც კი დავიწყე წერა, სტრიქონები ლაღად და ბუნებრივად მიჰყვა ერთმანეთს. მგონი ეს ჩანაწერი მინიატურას დაემსგავსა. დაიბეჭდა ჟურნ. `ჩვენს მწერლობაში~ (რედაქტორი: როსტომ ჩხეიძე).


თამარ შაიშმელაშვილი: თქვენს ლექსს `შავი ირემი~ ჰქვია. რატომ? პოეტები ხომ უფრო ხშირად თეთრ ირემს - უფლის სიმბოლოს ელტვიან?

მაია ჯალიაშვილი: შავი ირემი ჩემს ლექსში სიკვდილის სიმბოლოა. ეს პატარა ლექსიც შავეთის იდუმალებაზეა:
`მითიური ღამიდან
მოდის შავი ირემი.
ჩემი სიზმრის კარიბჭე
წყვდიადებში ინთქმება.
შენ ნუ შემიშინდები,
ჩემო მზეო, სიცოცხლის,
შენ ნუ შემიშინდები,
თუ ეს ღამე წამიყვანს~.
მითიური ღამე მარადისობის სიმბოლოცაა, რატომ ღამე? იმიტომ, რომ გონებამიუწვდომელია. გალაკტიონი მახსენდება: `წმინდა ნათელში ამბობს ჰეგელი წმინდა სინათლის დიად ბადეში, ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყდიადეში~. წმინდა ნათელი და წმინდა წყვდიადი. ჩემი შავი ირემი ამ წმინდა წყვდიადიდანაა.


თამარ შაიშმელაშვილი: ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს - როგორ იწერება თქვენთვის ლექსი?

მაია ჯალიაშვილი: მუზა არ მინახავს, მაგრამ შთაგონება _ ერთგვარი ექსტაზის მდგომარეობა, გიბიძგებს ლექსის შექმნისკენ. ექსტაზი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა ან სიხარულმა, ან წიგნმა, ან მოგონებამ... მოკლედ ლექსს ვწერ მაშინ, როცა რაღაც შემძრავს და ყოფის მდინარებიდან ამომაგდებს. კი, ლექსს აქვს თავისი ისტორია, რომელსაც ხშირად ვერ მოჰყვები, რადგან შეიძლება ცხოვრებისეულმა მოვლენამ აღძრას, მაგრამ ისეთი ჯაჭვური რეაქციების შედეგია, რომ პირველწყაროსთან კავშირს კარგავს. თუმცა ხშირად ამ კავშირს ინარჩუნებს კიდეც.

თამარ შაიშმელაშვილი: `ხანძთა - ხერხემალგადამსხვრეული...~ სულის შემძვრელია `ტაო-კლარჯეთული დღიური...~ აკი, წერთ: `გეშინია, წარმავლობის მძლავრმა ტალღამ სამუდამოდ არ შთანთქას ის, რასაც შენი სამშობლო ჰქვია...~ როგორია ტაო-კლარჯეთიდან დანახული საქართველო?

მაია ჯალიაშვილი: ტაოკლარჯეთში მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წიგნის საუკეთესო ფურცლებია. ეს იყო 2008 წლის ოქტომბერი. საოცარი დღეები, ჩემი შთაბეჭდილებები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს წიგნში `გულის ბარძიმი~ და ჩემს ბლოგზე: http://maiajaliashvili.blogspot.com
ჩემზე ადრე ჩემმა მეგობარმა იმოგზაურა ტაოკლარჯეთში და იქ გადაღებული ფოტოები მაჩვენა. ხანძთის ნახვამ განსაკუთრებით იმოქმედა, თვალს ვერ ვაცილებდი, ისე მეცოდებოდა ეს მიტოვებული, დანგრეული განწირული ტაძარი. ამ განცდამ დამაწერინა ლექსი ხანძთა:
`ის მიტოვებულს ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა, ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა ხერხემალგადამსხვრეული...~
მერე, როცა მე ვნახე, გუმბათიც ჩამონგრეოდა... ახლა ამას რომ ვწერ, უჩვეულო სიცხადით წარმომიდგება მისი ხატი.
ტაოკლარჯეთიდან საქართველო გამოჩნდა ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. `საქართველო არის ესე~_ ხომ გახსოვთ მწყემსმა რომ უთხრა წმინდა ნინოს ანა კალანდაძის ლექსში `მოდიოდა ნინო მთებით~. და კიდევ `უფრო მაღალი რომ გინდა იყო, როდესაც `ასე ახლოა გრემი~ (ოთარ ჭილაძე). პატრიოტული განცდა გამიმძაფრდა.... და კიდევ: `ტაძარი იყოს, მლოცველები გამოჩნდებიან~ (ოთარ ჩხეიძე). ეს დიდი ტაძარი _ სამშობლო სხვანაირად დავინახე და მისი მოვლა-პატრონობის განცდა გამიჩნდა.

თამარ შაიშმელაშვილი: თქვენ საინტერესო ლიტერატურული წერილების ავტორი ხართ. როგორც ფილოლოგს მოგწონთ სასკოლო პროგრამები? რას შეცვლიდით?

მაია ჯალიაშვილი: მომწონს, რომ არის ალტერნატიული სახელმძღვანელოები და მასწავლებელს აქვს არჩევნის უფლება. არსებითად, მაღალი კლასის სახელმძღვანელოებს ვიცნობ და რამდენიმე მომწონს კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო დაიხვეწოს და გამდიდრდეს ღირებული მხატვრული ნაწარმოებებით. სხვათა შორის, ახლახან თვითონ მივიღე მონაწილეობა ამ საქმეში და დავრწმუნდი, რა რთულია. მომავალი თაობის წიგნიერებას ხომ, დიდწილად, კარგად შედგენილი სახელმძღვანელოები განსაზღვრავს, რომლებიც მოსწავლეებს მეგზურებად უნდა ექცნენ მხატვრულ სამყაროში და არა დამაბრკოლებლებად.

თამარ შაიშმელაშვილი: `გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული~ 31 წლის გიტა შტრახვიტცისა და 81 წლის გრიგოლ რობაქიძის დიდ სიყვარულზე მოგვითხრობს. რამ განაპირობა ამ თემით დაინტერესება? რა არის თქვენთვის სიყვარული?

მაია ჯალიაშვილი: გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე ბევრი მაქვს დაწერილი. ჩემს მონოგრაფიაში `ქართული მოდერნისტული რომანი~ დიდი ნაწილი სწორედ გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~ კვლევაა. აგრეთვე, სერიით `ქართველი მწერლები სკოლაში~ გამოცემულია გრიგოლ რობაქიძის `ჩაკლული სული~, რომელშიც მხატვრულ ნაწარმოებთან ერთად, ჩემი წერილებია ამ რომანზე. რაც შეეხება სიყვარულის ისტორიას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გრიგოლ რობაქიძის წერილებმა ახალგაზრდა გიტა შტრახვიტცისადმი. სულ მინდოდა დამეწერა და ბოლოს დავწერე. გიტას წერილიდან ციტატები იყო გრიგოლის ბარათებში ჩართული და ეს გამოვიყენე გიტას საპასუხო განცდის წარმოსადგენად. ეს ძალიან ადამიანური ისტორიაა. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ სწორედ ამ თემაზე ფიქრისასა აღმოვჩნდი რედაქტორი მარტინ ვალზერის წიგნისა `შეყვარებული კაცი~, რომელშიც ხანდაზმული გოეთესა და ახალგაზრდა ულრიკე ფონ ლევეტცოვის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. რომანი აგებულია გოეთეს სატრფიალო წერილებზე. ოღონდ საინტერესო ისაა, რომ გოეთეს ამგვარი წერილები არ დარჩენია და მწერალმა თვითონ შეთხზა, რომანში კი ჩართო ეპიზოდი _ ლეგენდა, ვითომ ლევეტცოვს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა, რომელშიც ეს ბარათები ეწყო და უთხოვია, დაეწვათ და ფერფლი საფლავში ჩაეყოლებინათ. ეს წიგნი გერმანულიდან შესანიშნავად თარგმნა მარიამ მირიანაშვილმა. ჩემი წერილი კი `ჩვენს მწერლობაში~ დაიბეჭდა.
სიყვარული ღმერთია, როგორც იოანე მოციქული წერს. ყოველგვარი სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს და ცასთან აახლოებს.

თამარ შაიშმელაშვილი: ბატონმა ზურაბ კანდელაკმა გრიგოლ რობაქიძის სიყვარულზე მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის რადიოპიესის დაწერაც შემოგთავაზათ და თქვენ დათანხმდით...თქვენი სამი რადიოპიესა რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა უკვე დადგა საქართველოს რადიოში. რატომ არის ახლობელი თქვენთვის ეს ჟანრი?

მაია ჯალიაშვილი: რადიოპიესებს ბავშვობიდან ვუსმენდი და მომწონდა. საერთოდ, კინოც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მეორად ფაკულტეტზე კინოსასცენაროზე ვსწავლობდი და ერლომ ახვლედიანი გვიკითხავდა ლექციებს. ჩემი რადიოპიესები ჩემი შემოქმედების ნაწილია, რომელიც ძალიან მეძვირფასება, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ზურაბს, არაჩვეულებრივ მწერალსა და რეჟისორს, რომელმაც ჩემი პიესები: `ფლამინგოები ჯოჯოხეთში~, `საუზმე ბეღურებისთვის~ და `პარალელური ხაზები~ დადგა. გრიგოლ რობაქიძის `უკანასკნელი სიყვარულის~ ამბავსაც, იმედია, მალე განვახორციელებთ.

თამარ შაიშმელაშვილი: თქვენ უამრავი ლიტერატურული წერილის ავტორი ხართ. მკითხველისთვის საინტერესოა თქვენი აზრი თანამედროვე მწერლობის ტენდენციებზე. რომელ ტენდენციებს გამოყოფდით? რა მოგწონთ და რა - არა?

მაია ჯალიაშვილი: თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციები დაახლოებით იგივეა, რაც, ვთქვათ, საუკუნის დასაწისში. ახალი თაობა ეძიებს, ენობრივსა თუ კომპოზიციურ ექსპერიმენტებს თამამად მიმართავს, ძველმა თაობამ უკვე გამოცდილებით იცის, რომ `არაფერია მზისქვეშეთში ახალი~. ორივე ერთად კი ადამიანსა და ცხოვრებას ასახავს, სიკვდილსა და სიცოცხლეს, სიძულვილსა და სიყვარულს... ლიტერატურაც ხომ ეს არის _ გულის ჭიდილი საკუთარ თავთან _ ფოლკნერის ეს სიტყვები გამახსენდა. ამიტომაც მწერალი ან კარგად ასახავს ან ცუდად, ან ნიჭიერია ან არა. მაგალითად, რა ტენდენციებს, ასახავენ ოთარ ჩხეიძის, ოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, რეზო ინანიშვილის, თამაზ ბიბილურის... ნაწარმოებები? ისინი ხატავენ როგორ წარმოჩნდება ადამიანი გარკვეულ დროსა და ვითარებაში, ახლოს არიან თუ შორს უფლისა და მოყვასისგან, როგორ უყვართ და სძულთ, როგორ ანგრევენ და აშენებენ... კი, იცვლება რაღაც _ უპირველესად, მატერიალური სამყარო, მაგრამ მწერლობა ხომ სულიერი სამყაროს ნაწილია, რომელიც მარადისობასთან არის წილნაყარი.

თამარ შაიშმელაშვილი: ამ ბოლო დროს მწერლობაში რატომღაც აუგად იხსენიებენ ძველ თაობას, ცნობილ სახელებს, რომ მათ თურმე ღირებული არაფერი შეუქმნიათ. რატომ?

მაია ჯალიაშვილი: ალბათ, უვიცობის გამო. რის `გემოც~ არ იცი, ის არც მოგწონს. მე მაგალითად, ერთხელ დაველაპარაკე ადამიანს, რომელსაც ლიტერატურაზე მიჰყავდა გადაცემა და რომელიც წაუკითხავად, ჯიუტად ამბობდა მწერალზე არ მომწონსო. თავისთვის ცნობილ ავტორიტეტს ეყრდნობოდა. ლიტერატურას, როგორც კულტურის ნაწილს, არ აქვს პროგრესი, იმ თვალსაზრისით, რომ რომელიმე ოცდამეერთე საუკუნის მწერალი სჯობდეს, მაგალითად, სერვანტესს. ჩემი აზრით, დღეს მწერლობა ბევრად `უკანაა~, ვიდრე გუშინ... ეს ჩემი აზრია, რადგან მე ძველი თაობის მწერალთა ნაწერების კითხვა მირჩევნია... თუმცა, ვისაც რა მოსწონს, ის იკითხოს და იმაზე წეროს... კითხვამ ხომ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს, სიამოვნება ფიქრისა, სიამოვნება წარმოსახულ დროსა და სივრცეში პერსონაჟებთან ურთიერთობისა. ვფიქრობ, მწერლობა სამყაროს მეოთხე (თუ მეხუთე?!) განზომილებაა და მასში მოგზაურობა ადამიანს ცვლის, ზრდის სულიერად.

თამარ შაიშმელაშვილი: რა არის თქვენთვის ბედნიერება?

მაია ჯალიაშვილი: ბედნიერება ჩემთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეა. საერთოდ, ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ხანდახან სრულიად უმნიშვნელოს გამო აღიძვრება. ვთქვათ, დიდი ხნის ახლობელთან შეხვედრისას, რაიმეში წარმატების მიღწევისას, სურვილის ახდენისას, სიმშვიდისას... სამწუხაროდ, ბედნიერება და უბედურება ერთმანეთს ჩრდილებივით დაყვებიან სიკვდილ-სიცოცხლესავით, სინათლე-სიბნელესავით... საერთოდ, ბედნიერება ცხოვრების თანამდევია და ის ყოველთვის იქ გვეგულება, სადაც ჩვენ არ ვართ და ან იმ საგანში, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ საკმარისია, ეს დაბრკოლებანი მოიხსნას, რომ ბედნიერება კვლავ ხელიდან გვისხლტება... ასე რომ ბედნიერების დევნაში ვართ.

თამარ შაიშმელაშვილი: რაზე მუშაობთ ამჟამად?

მაია ჯალიაშვილი: საერთოდ ძალიან მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი. ბავშვობაში ხარბად ვეწაფებოდი და ვნთქავდი ამ ჟანრის ნაწარმოებებს. მერე თითქოს ინტერესი ჩამიქრა. ახლა კი ჩაფერფლილმა გრძნობამ გაიღვიძა. ამჟამად ვწერ ამ ჟანრის მოთხრობას, რომლის მთავარი გმირი ხელოვანია. ამ წუთებში კი, ამ ინტერვიუს პარალელურად, ვწერ წინასიტყვაობას ნიკოლო მიწიშვილის `პუბლიცისტიკისთვის~, რომელსაც გამომცემლობა `ინტელექტი~ გამოსცემს.


დაიბეჭდა: ჟურნ. `ჩვენი მწერლობა~, #12, 2011, გვ. 32-35

Wednesday, June 8, 2011

რეზო გეთიაშვილის პოეზია

მაია ჯალიაშვილი

"მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით"


(რეზო გეთიაშვილის "Artყვავილები", თბ. 2007)

"მე თვით სიკვდილსაც გარდავმქნი ლექსად"_ამგვარი ლამაზი ჰიპერბოლით ლადო ასათიანმა ქართველი კაცის დამოკიდებულება პოეზიის მიმართ ფორმულასავით ჩამოქნა. ლექსი ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს სამყაროს ნებისმიერ მოვლენას, თვით სიკვდილსაც. ეს აზრი, რა თქმა უნდა ძველია, გამოხატვის ფორმაა შთამბეჭდავი.
პოეზიაზე საუბრისას, უმთავრესად, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ემოციურ მუხტზე, რომელიც მისგან გადმოგვეცემა. ლექსი, როგორც არტე_ფაქტი, იმით განსხვავდება სხვა ნიმუშებისგან, რომ მისგან ერთდროულად ვიღებთ იმ იმპულსებს, რომელთაც ცალ_ცალკე აღძვრიან მუსიკა, ფერწერა და ხელოვნების სხვა სფეროები. ლექსის კითხვისას წარმოქმნილ ახალ სამყაროში თანაბარი ინტენსივობით გვაქვს ფერის, მელოდიის, სურნელის შეგრძნება.
თანამედროვე მკითხველი, დატვირთული ტრადიციული გამოცდილებით, ნაცნობი ესთეტიკური მოლოდინით უახლოვდება ახალ ლექსს და უნებურად ძველ გამოცდილებასთან აკავშირებს. ძველი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეფუძნება ქართულ ენაზე შექმნილი შედევრების ცოდნას.
იცვლებიან ეპოქები, მაგრამ სურვილი რეალობიდან ლექსის გზით გაქცევისა, იგივეა. გამოსახვის ფორმებიც მრავალფეროვნდება, სხვაფერდება, მაგრამ არსებითად იგივე რჩება_ სიტყვათა ახალი, მოულოდნელი თამაშით, კომბინაციებით შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც სამყარო მოულოდნელი, აქამდე უხილავი რაკურსით წარმოჩნდება.
აღიარებული აზრია, რომ ყველა ქართველი პოეტი რუსთველიდან "მოდის":. იგი პოეზიის ერთგვარ სინონიმად იქცა. “ვეფხისტყაოსანში” ჩანასახის სახით მოჩანს ან პოტენციურად ნაგულისხმევია ყველა ის “მგრძნობელობა” რომელიც ყოველ დროში განსხვავებული სახელებით მჟღავნდებოდა. ჭეშმარიტი პოეზიის არსიც რუსთველმა ასე გამოხატა: “სიბრძნის დარგი”, “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი” და “მსმენელთათვის დიდად მარგი”. ამ თვალსაზრისით, იგი შეეხმიანა არისტოტელეს, რომელმაც ლიტერატურისა და პოეზიის შედარებისას აღიარა ამ უკანასკნელის მეტი ფილოსოფიურობა და სერიოზულობა, რადგან “პოეზიის საგანი უფრო ზოგადია, ისტორიისა კი ცალკეული”.
რუსთველის პოეზიაში წარმოჩნდა ყოველივე, რაც მანამადე არსებობდა პოეზიის სახით (ფოლკლორი და ჰიმნოგრაფია) და “ვეფხისტყაოსანში” იყო წინასწარმეტყველებაც მომავალი პოეზიისა. ამიტომაც ყველა აღიარებული პოეტი გენიოსი რუსთველს “მშობლად” მიიჩნევს. შეუძლებელია მის გავლენას ასცდე, თუნდაც არ წაიკითხო, რადგან ის არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილი. ლექსის წერა გარკვეულწილად გულისხმობს ათასგვარ გამეორებას, მაგრამ უპირველესად რუსთველისას, აზრისა და მუსიკალურობის თვალსაზრისით.
თანამედროვე კარგი პოეტი, პოსტმდერნისტული ეპოქის შვილი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ გალექსვის ნიჭი, არამედ ინტელექტუალური გამოცდილებაც, “ატმოსფერულად” განიცდის ყველა იმ სიახლეს, რომელიც ჰაერში ტრიალებს. მასში, გარკვეულწილად განხორციელებულია ტიციან ტაბიძის ოცნება, შეერთებულია “რუსთაველი და მალარმე”_ ტრადიციული და უცხოური. ლექსის შექმნის “ხელობით” (განსაკუთრებით თავისუფალი ლექსისა) დღეს ბევრი იქცევს თავს და, არსებითად, თანამედროვე ვერლიბრის ნიმუშები ერთმანეთს ჰგავს. მკითხველის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის გამოარჩევს. ხანდახან ამ გამორჩევისას ყური შეიძლება ამ საქმეში გაწაფულ პროფესიონალსაც მიუგდოს, რომელსაც უყვარს მოვლენათა კლასიფიცირება და პოეტების “დახარისხება”.
რეზო გეთიაშვილის ლექსებმა და მისმა კრებულმა “Artყვავილები” (თბ. 2007) უკვე მიიპყრო პროფესიონალ თუ რიგით მკითხველთა ყურადღება. ამ კრებულზე თანდართულ ზაზა შათირიშვილის მრავალმხრივ საგულისხმო წერილში გამორჩეული ეპითეტებით არის შეფასებული ეს ლექსები და ავტორის “დიდობა” იმგვარი დამაჯერებლობითაა დასაბუთებული, არის “საშიშროება” ამ თვალსაზრისთა გავლენის ტყვეობაში მოქცევისა, თუმცა კითხვისას, როცა ლექსთან პირისპირ რჩები, ყველანაირი ინტერპრეტაცია და შეფასება უკან იხევს და, პირველ რიგში, უსმენ და მიჰყვები საკუთარი გულის კარნახს.
კრებულის სათაური ორმაგად შეიძლება გავიაზროთ: თავმდაბლობადაც და ერთგვარ ეპატაჟადაც. თავმდაბლობად, რადგან შეიძლება იფიქრო, რომ ავტორი გალაკტიონის “არტისტული ყვავილების” ერთგვარ თანამედროვე გამოძახილს ქმნის. მხოლოდ გამმეორებელია, ორიგინალი უკვე შექმნილია, თვითონ მხოლოდ ასლს სჯერდება. არტისტული ხომ იდენტურია art_ისა. უბრალოდ, ვიზუალურად ჩაენაცვლა ლათინური სიტყვა (ესეც დღევანდელობის ხაზგასმული ბილინგვიზმის ანარეკლია). ეპატაჟად_რადგან შეიძლება მეტოქეობად გავიაზროთ, რაც თავისთავად დასაძრახი არ არის, მაგრამ მყვირალაა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი სათაურის შერჩევა ნიშნავს, რომ ავტორი აღიარებს, იცის, რა იყო ადრე და თვითონ არ არის “პირველი”. ამასთანავე, ამგვარი სათაურით, ხაზი ესმება შემოქმედებაში ესთეტიკის უპირველესობას, რეალობაზე ხელოვნების აღმატებულობის იდეას.
ერთ ინტერვიუში რეზო გეთიაშვილი საინტერესოდ საუბრობს ტრადიციასთან დამოკიდებულებაზე: “არსებობს სტერეოტიპი, რომ თანამედროვე მსოფლიოში ისევ “ვეფხისტყაოსნით”, წინწყაროთი, მედეათი და ოქრომრავალი კოლხეთით უნდა გავიდეთ და არა იმით, რაც ამ ყველაფრის შედეგად დღეს იქმნება. რაკი მცხეთა ააშენე, ღებვაზე ცოტა მეტი უნდა შეგეძლოს. იმის გამო, რომ მე-12 საუკუნეში დიდი ქვეყანა იყავი, დღეს თავი მის ნარჩენად არ უნდა წარმოიდგინო. ეს ისტორიაა და იმაზე მეტის საშუალებას გაძლევს, რასაც უამისოდ გააკეთებდი. ლექსი სწორედ იმიტომ უნდა დაწერო, რომ ვაჟა და გალაკტიონი გყავს”. “ჩვენში ახალი ხშირად არაფრიდან იწყება, ყოველ მომდევნო ავტორზე წყდება და ამ ავტორის სტილი თუ ინდივიდუალურობაც ეს არის. იმისთვის, რომ რაღაცა შექმნა, არ არის აუცილებელი, რომ მანამდე არსებულს ზურგი შეაქციო და ყოველ ჯერზე საწყის ეტაპზე დაბრუნდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ისიც არსებობდა, რასაც ინოვაცია დაარქვი. იდეა და ექსპერიმენტი ნებისმიერ აღმოჩენას და გამოგონებას სჭირდება, მაგრამ ეს იდეა ბოლომდე უნდა განხორციელდეს” (“ებლიტფოს” არქივიდან: რამდენიმე კითხვა რეზო გეთიაშვილს”).
“ინოვაცია” რომ ხშირად მოჩვენებითია, ამის შემჩნევასა და აღიარებას ინტელექტი და შენამდე შექმნილის მიმართ პატივისცემა სჭირდება:
“ვერ დაივიწყე
თოვლი ირიბია და ალმაცერი” (***შემოდი).
ეს “ვერდავიწყება” ამხელს პოეტის თამამ და გულისხმიერ დამოკიდებულებას კლასიკის და, უპირველესად, გალაკტიონის მიმართ, რომელიც მისთვის მშობლიური ენის გამოვლენის უმაღლესი ფორმაა. ეს პოეტური ენა მისი ერთგვარი შთამაგონებელია.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, იმ პოეტებთან დამოკიდებულებაც, რომლებიც ახალ ესთეტიკას ქმნიდნენ. ამის დასტურია ამ კრებულში ამოკითხული სტრიქონები:
"ჩამოვედი მატარებლიდან სადგურზე
რომელსაც ჰქვია ტირე
და ვდგავარ
რამდენიმე დღის წინანდელ თავსხმა წვიმაში
და ვალერიან გაფრინდაშვილის ზოგიერთ ლექსს
სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ინგლისურად
Charles Chendler"(“ტირე”)
რეზო გეთიაშვილი ამ კრებულის საერთო პათოსით გვაგონებს ჰერმან ჰესეს იგავური მოთხრობის “პოეტის” მთავარ გმირს, რომელმაც იგრძნო, რომ ამქვეყნიური ზეიმი და მხიარულება ვერ მიანიჭებდა სრულ ლხენასა და სილაღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარტოსული, მუდამ მოთვალყურე და უცხო დარჩებოდა, რომ “სხვა მრავალთა შორის მხოლოდ მისი სული იყო ისერიგად შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს ეგრძნო ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსულის იდუმალი სწრაფვანიც. ამის შეგრძნებამ იგი სევდით აღავსო, ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როცა ამ სამყაროს მშვენიერებას უზადოდ არეკლავდა თავის ლექსებში, როცა თვით სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყოფილს, დაეუფლებოდა თავის მიერ არეკლილ სახეებში” (ჰერმან ჰესე “პოეტი”).
რეზო გეთიაშვილი ცდილობს და ხშირ შემთხვევაში ახერხებს სამყაროს მშვენიერება არეკლოს ლექსებში და ამისთვის მას არ სჭირდება მშვენიერი სიტყვები. იგი ნებისმიერ სიტყვას აქცევს პოეტურ ღირებულებად, ამ თვალსაზრისითაც, ის აგრძელებს ნიჭიერ პოეტთა ტრადიციას:
“მაგრამ აქ უფრო იოლია სულით ობლობა,
დგას ფერებს შორის ინტერვალი, როგორც დებილი,
ჩემი ოთახიც იქირავა ორმა ობობამ
და უქმეებში შუადღემდე სძინავთ მკვდრებივით” (*** მრავალწერტილმა).
ბოლო ორ სტრიქონში მომთენთავი და გამთანგველი მარტოსულობა უჩვეულო რაკურსით წარმოჩნდება და ავლენს პოეტის ხელწერის ინდივიდუალობას.
“ამიხსენი რა არის პოეზია”, _მოვთხოვე ერთ ფილოლოგს ამას წინათ. “მაგაზე იოლი რა არისო”,_მითხრა და თავისი ბიბლიოთეკიდან დოქტორ ჯონსონის წიგნი მომიტანა. პოეზიის განმარტებამ განმაცვიფრა. ო, უკვდავო აჩრდილო შექსპირისა! წარმომიდგენია შენი გამწყრალი მზერა, ეს უწმაწური მკრეხელობა რომ გენახა!” პასუხით აღშფოთებული და უკმაყოფილო ედგარ პო თვითონ შეეცადა პოეზიის ფენომენის ახსნას, ჯერ განმარტა იგი, როგორც იდეა_გაერთიანებული მუსიკასთან. მერე საგანგებო წერილიც დაწერა “კომპოზიციის ფილოსოფია”, რომელშიც დეტალურად აღწერა, წინასწარ როგორ დაგეგმა “ყორანის” შექმნა, კომპოზიციის რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება: ეს იყო მათემატიკური სიზუსტით გათვლილი “ჩონჩხი” ლექსისა, რომლიდანაც შემდეგ მთელი XX საუკუნის პოეზია გამოვიდა. მაინც რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება? ესენია: მშვენიერზე აქცენტი, გამოთქმის სიცხადე, სევდა, კონტრასტები, რიტმულობა, მუსიკალურობა, ჩართვა რეფრენისა, რომელსაც უნდა გამოეხატა სიკვდილის გარდაუვალობა და სიტყვა- ნევერმორე, რომელსაც ლექსის კომპოზიციური საყრდენის ფუნქცია უნდა ეტვირთა. მიუხედავად ამისა, პოეზია მაინც ამ “ახსნის” მიღმა დარჩა.
პოს მერე დიდი დრო გავიდა, გაჩნდა და “გამეორდა” ცნებები “წმინდა” და “მოსამსახურე პოეზიისა”. ასე რომ, როგორც საზოგადოდ ყოფიერება, ხელოვნებაც სპირალურია, რაღაც ყოველთვის მეორდება (ხან “მაღალი” და ხან “დაბალი” ფორმების აქცენტით). დღეს არის განსაკუთრებული სწრაფვა მათი შერევისა. კიჩი იყენებს ამას, რათა მაღალი ღირებულებები ხელმისაწვდომი გახადოს ფართო მასებისთვის, ან ამის ილუზია მაინც შექმნას. ამიტომაც არის, რომ ბევრი თანამედროვე პოეტი, მათ შორის, რეზო გეთიაშვილი, გვერდიგვერ იყენებს დახვეწილს, მწიგნობრულსა და სასაუბრო ფორმებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას არ სჭირდება ჟარგონი თანამედროვეობის პულსაციის გადმოსაცემად.
რეზო გეთიაშვილის ამ კრებულში დაბეჭდილი ლექსები ყურადღებას იქცევს გამოთქმის დახვეწილობით. აქ არის მრავალფეროვანი თემები (უნივერსალურიც და კერძოც), რომლებიც ჩვენი მატერიალურ-სულიერი ყოფის განმსაზღვრელ_განმაპირობებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ის ვერ იქნება გამორჩეული, მთავარია, რომ ის აღქმულს ხშირად გამოთქვამს ორიგინალურად, ვირტუოზულად ფლობს გარითმვის ხელოვნებას (კრებულში წარმოდგენილი ათი ციკლიდან მხოლოდ ერთი_”მზესუმზირებია” დაწერილი თავისუფალი საზომით). რითმა_პარალელური, ჯვარედინი, თავკიდური, შიდა და სხვ._ მისი ლექსების მთავარი საყრდენია, ის კარნახობს ყველაფერს, რაც პოეზიისთვის მთავარია: აზრსა და მუსიკალურობას, მოულოდნელ მხატვრულ სახეებს. გვხვდება როგორც ასონანსური, ასევე კონსონანსური რითმები. თვითონ პოეტის აზრით, “ის, რომ კონვენციური ლექსი უკვე გადავლილი ეტაპია და სათქმელი მხოლოდ ვერლიბრის ფორმებით უნდა ვთქვათ, ქართული პოეზიის არასწორი შეფასებაა” ზემოთ ნახსენები ინტერვიუ). ამიტომაც თვითონ აგრძელებს ამ “ფორმაში” ძიებებს:
“დიდი წვიმაა. დიდზე დიდი. აწვიმს ასევე
წვეთებს. სახეა წითელი და შავზოლიანი.
მერე ამ წვეთებს. ალბათ აქეთ დამიფასებენ.
ყველა იმწუთის ერთიციდა მავზოლეუმებს” (წვიმების სეზონი”).
ხანდახან აშკარად გასარითმავად ასოციაციურად წამოტივტივებული რითმა თან თავის “ნაცნობ” კონტექსტს მოიყოლიებს და ლექსში ახალ აზრობრივ შრეებს აჩენს:
“უფრო გამხდარხარ,
თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა,
სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები,
მე შემიძლია “მენატრები” გითხრა ამჯერად,
თუნდაც რითმისთვის, ან “დიაცი ქსლისა მბეჭველი” (“მზერა-ჩახმახი, მარტოობაც”).
რითმასთან ერთად, მეტაფორულობა იქცევს ყურადღებას. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ “პოეტის პორტრეტის” წარმოსაჩენად კი არსებითია ამ მეტაფორათა რაგვარობა, მოტივირებულობა, ფუნქცია. ეს პოეზია ხაზგასმულად ხატოვანია (ამით, რა თქმა უნდა, ენათესავება, უპირველესად, გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს), ამიტომ გვხვდება ტროპის მთელი არსენალი. რიტმულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით დამახასიათებელია შთამბეჭდავი ანჟამბემანები, სტრიქონიდან შემდეგ სტრიქონში გადაედინება აზრი, ემოცია და იქნება საოცარი რიტმი, რომელიც მკითხველს აიძულებს სტროფები პაუზების გარეშე, მართლაც, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს. მაგალითად:
“ოცნებებს _ ნისლებს, ყელსა და ტუჩებს,
ნისლებში მხრების დაწყვეტილ კადრებს,
ან ნუშების და ტყემლების ქუჩა _
ქუჩა ხეტიალს და ცოტა ადრე
მისატოვებლად გადაშლილ ნოტებს _
გრძელი თითებით ფურცლავდა მშვიდად,
მინას შუამდე სწვდებოდა ტოტი
ჩრდილის და რხევით არაფერს შლიდა” (“ნინა”).
როცა კრებულს იღებ ხელში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი სტრუქტურა. აქ ცხრა რკალი, კონცეპტუალური სახელწოდებებით, მკითხველს აზრობრივ_ემოციური მრავალფეროვნების შთაბეჭდილების უქმნის: “ჩენდლერის არქივიდან”, “მკვდრების მანიფესტი”, “ბასენტგაუდის მთვარე”, “ბელა”, “მარგარიტა”, “ჰეთი”, “ბილიკი შენამდე”, “მზესუმზირები”, “Aირლიტე”.
რეზო ყარალაშვილმა მხატვრული ტექსტის სიღრმისეული ანალიზისთვის საჭიროდ მიიჩნია მხატვრულ სისტემაში დაფარული სხვადასხვა კოდის გაშიფვრა. მან უპირველესად გამოყო შემდეგი ოთხი კოდი: გამოსახვის საშუალებათა, ჟანრული, კულტურული და გამოცდილების, ანუ ფსიქოლოგიური კოდები. მისივე აზრით, შეიძლება სხვა ტიპის კოდებიც გამოგვეყო, თუმცა დეკოდირება, “კოდების გახსნა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მკითხველის მიერ მხატვრული ნაწარმოების გაგებას. ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მკითხველის ცნობერება დეკოდირებით მიღებულ ელემენტებს ისე დააკავშირებს ერთმანეთთან, რომ ამორფული ინფორმაციის ნაცვლად მოქმედი მოდელი წარმოიქმნას” (“მხატვრული ნაწარმოების აღქმა”).
რეზო გეთიაშვილის ლექსებში ცნობიერად თუ არაცნობიერად გამოყენებული სხვადასხვა ტიპის კოდის გაშიფვრა საინტერესო სურათს იძლევა. ეს პოეზია მდიდარია გამოსახვის ფორმებით, უპირველესად, როგორც აღვნიშნეთ, ყურადღებას იქცევენ მეტაფორები, რომლებიც მის ინდივიდუალობას ამხელენ. ეს მეტაფორები იბადებიან კონკრეტული ლექსის კონტექსტში და ხელს უწყობენ აზრობრივ_ემოციურ სიღრმეთა წარმოჩენას. მაგალითად, ავიღოთ, ისეთი გაცვეთილი პოეტური სახე, როგორიც მთვარეა. გალაკტიონმა და ლეონიძემ ამ სახის იმგვარი მეტაფორები შექმნეს, მოულოდნელობის მოლოდინი თითქმის გააქრეს, მაგრამ ეტყობა, მართლაც, ამოუწურავია საგანთა და მოვლენათა ურთიერთდაკავშირების კომბინაციები. მელანქოლიურ ლექსში “მზერა_ჩახმახი, მარტოობაც” გვხვდება ასეთი სახე:
“და მთვარე ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს შუაღამემდე”.
მარტოსულობით დაღლილი პოეტი ფიქრობს თვითმკვლელობაზე (ამ თემას აძლიერებს ინტერტექსტუალური კოდების შემცველი სიტყვები: “შუაღამე”, “ჩახმახი”, “ანანურთან”, “მომკალი”), რომელიც დაიძლევა ლექსის შექმნით.
ამგვარივე განწყობილება მოჩანს ლექსში “სათვალე”, რომელშიც ლირიკული გმირის უსაშველობას მთვარე (ზემოთნახსენები ლექსივით) კი არ ანელებს (გასანელებელია რგორც კერძო, ასევე სამოქალაქო ტკივილი), არამედ ამძაფრებს:
“მთვარე კი ბღავის, დაკარგული კრავივით ბღავის”.
სინტაგმა “დაკარგული კრავის” დეკოდირებას კი მოაქვს ახალი შინაარსი, რომელიც რწმენადაკრგული ადამიანის ტრაგედიას ამხელს.
ამათგან განსხვავებულია:
“მთვარეს. დაღლილი თვალების ვაგზალს” (გზა”).
არაპოეტური ვაგზლის პოეტურ მთვარესთან დაწყვილებით წარმოქმნილი მეტაფორა ზუსტად წარმოაჩენს ურბანისტული გარემოში მომწყვდეული კაცის სასოწარკვეთილებას.
საერთოდ, ამგვარი, პოეტურის (ტრადიციით) და პროზაულის შეჯვარება საინტერესო ჰიბრიდულ სახეებს აჩენს. “ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან” (ხოსე Oორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”). გეთიაშვილი მხატვრული სახეებიით ახერხებს სწორედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციას.
კულტურული და ისტორიული კოდებით უხვადაა დახუნძლული კრებულის გამორჩეული ლექსი “მკვდრების მანიფესტი” მრავალმნიშვნელოვანი ეპიგრაფით: “მიდით, დახოცეთ ერთმანეთი”. რელიგიური კოდები: “აკლდამა”, “შობა”, “სერაფიმი” “ცოდვა” ეწყვილება ლიტერატურულს: “ჩემი ხატია” , “ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!, “შენ, სისხლო ჩემო”. ლექსში ჩვენი დროის პულსაცია ძგერს და საოცრად მართალი არაპათეტიკური ტკივილი მოჩანს:
“მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას”.
ამ ტკივილს ეხმიანება საოცრად გულწრფელი აღიარება:
“მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები” (“დაკოჭლება”).
ეს არის პატრიოტიზმის ძალიან ჩუმი და სევდიანი გამოვლენა. ეს სტრიქონი აჯერებს მკითხველს.
რეზო გეთიაშვილის პოეზიაში საინტერესო შინაარსს ჰქმნიან ორიგინალური ეპითეტები: “უთუო სახლი”. აქ მოულოდნელი “უთუო” მეტოქეობს უწევს გაცვეთილ “მშობლიურს”. თანაც, ამავე ლექსში ეს სინტაგმა არის შედარების ნაწილი: “ეს დღე და ვნება. წვიმა და ნავლი მე მიყვარს, როგორც უთუო სახლი” (“გზა”).
მოულოდნელია ეპითეტად გამოყენებული “ხასხასა” ამ კონტექსტში: “ხასხასა ღმერთი”. ლექსი “ნამცეცი” ღვთისკენ სწრაფვას გამოხატავს, თანვე ადამიანის უძლურებას, გადაიხედოს მიღმა, “რადგან ვერ ცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს” (ბარათაშვილი), ან კიდევ “რა ხდება იქით! საიდან ისმის მგლოვიარეთა ქნართა “მშვიდობით?” (გალაკტიონი).
“ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე” (“ნამცეცი”).
ამ ლექსში ფილოსოფიური განსჯაა სამყაროში ღვთის ანაბეჭდების შემჩნევის აუცილებლობაზე, რომელთა საშუალებით შეიძლება დანახვა ფერებისა, რომელთაც “ბრმები ხედავენ” და მოხილვა იმ მხარისა, “სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები”.
რეზო გეთიაშვილის პოეზია აღბეჭდილია კულტურულ კოდთა სიმრავლით. კულტურული კოდი მოიცავს როგორც ქართული, ასევე უცხოური კულტურის კოდებს. ზოგადად, ამ ორივეს გამაერთიანებელ კოდში კი გამოიყოფა რელიგიური, მითოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული კოდები. ცალკეა გამოსაყოფი ლიტერატურული (მწერლები, ნაწარმოებები, პერსონაჟები), ტოპონიმიკის, მუსიკის, ფერწერის კოდები, რომლებიც ამრავალმფეროვნებენ და აღრმავებენ ლექსების შინაარსებს.
“სიტყვა თავისთავად ძალზე ცოტას ნიშნავს, მისი როლი ზემოქმედების მოხდენაა, როგორც უძლიერესი დეტონატორისა, რომელიც გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქებს ყველა დანარჩენის კვაზისიტყვიერ მუხტს.
მშობლიური ენა საუკუნოდ ტვიფრავს ადამიანს. და რადგანაც ყველა ენა გულისხმობს სამყაროს აბსოლუტურად თვითმყოფ სურათს, ის გარდუვალად აჯილდოებს ადამიანს რამდენიმე განსაზღვრული შესაძლებლობით, და ამასთან, არსებითად ზღუდავს კიდეც მას” (ხოსე ორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”).
რეზო გეთიაშვილის პოეზია ამჩნევია ეს მშობლიური ენის ტვიფრი, რომელიც ალამაზებს მის სტრიქონებს. ის ახერხებს ცალკეულ გამოთქმათა, ხატოვან თქმათა დაშლას და მათ ახლებურ რეკონსტრუქციას ახდენს, რასაც მოაქვს ახალი პოეტური გამოცდილება. მაგალითად, სინტაგმა “ჩადიხარ სინდისს” ნაცვლად “ჩადიხარ ცოდვას” (*** მხოლოდ და მხოლოდ):
რეზო გეთიაშვილის პოეზია არის ინტერტექსტუალური, რადგან მრავლადაა ციტატები და ალუზიები ნაცნობი ტექსტებიდან. მაგალითად, ლექსში “ჩემს ძმებს...#2” ვხვდებით სტრიქონებს: “აღარ მივტირი სასიმინდეს”; “რა მოხდა მერე თბილისივით გაჭუჭყიანდე”. პირველი ალუზია პაოლო იაშვილის ლექსისა “წერილი დედას” (“დავტოვე... სიმინდის ყანა”), რომელშიც ქალაქი და სოფელი კონტრასტულადაა წარმოჩენილი და ქალაქში დაკარგული პოეტის სევდას ამხელს. მეორე “ორიგინალურია”, მაგრამ პირველი სტრიქონი (ნაცნობი გამოცდილებით) აძლიერებს მეორე სტრიქონის შინაარსს.
“სხუად წასრულ ხარ” (“შუშანიკის წამება”). მისი გამოყენება ახალ კონტექსტში სჭირდება ავტორს, რომ ღალატის ირონიზება მოახდინოს, ე.ი. კი არ უღალატა, არმედ პათეტიკურად და ამაღლებულად “სხუად წავიდა”. თანაც, ამ სტრიქონს გონებამახვილურად გადაათამაშებს. ამგვარად გაცვეთილ ღალატს, ნაცნობი განცდებით, აქცევს ახალ ესთეტიკურ ფენომენად, განსხვავებული ინტონაციებით რომ წარმოჩნდება:
“სხუად წარსულ ხარ, წარსული ხარ, თუმცა სხვათათვის
მხოლოდ დააჩნდი გამთენიებს, მხოლოდ იწყები,
მოთიბულია ყველა მარტი, ყველა მკათათვე,
მოზომილია არც თუ ისე სხვისი მიწები” (“თეთრი ბერეტი”)
ამ კრებულში ალიტერაციულია ბევრი ლექსი. სიტყვები თითქოს მსგავსი ხმოვანების მიხედვით წყვილდებიან და ქმნიან მუსიკალურობის განცდას, მაგრამ მუსიკა არასოდეს ჩაგრავს აზრს. ამ შემთხვევაში მიღწეულია მათი თანხმიერება.
“აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ” (“ლი”)
ამ ლექსში ყურადღებას იქცევს ექსპერიმენტი: ყველა სიტყვას წერტილი უზის. ამგვარად, ყოველი სიტყვა თითქოს ჩაკეტილ სივრცეს ქმნის, არ ამჟღავნებს სხვებთან ურთიერთობის სურვილს, გაუცხოებულია. ეს ლექსი კარგად ამხელს ლირიკული გმირის გულდახურულობას, სასოწარკვეთილებას. ლი იქნებ ანაბელ ლის, ედგარ პოს უდროოდ გარდაცვალილი მშვენიერ სატრფოს გულისხმობდეს, ამჯერად საგანგებოდ გამოხმობილს სიკვდილის საუფლოდან სიცოცხლის ამაობის გასანდობად. ამ ლექსში თითოეული სიტყვა მკითხველს დეკოდირებისკენ უბიძგებს, რაც არაა გამართლებული, რადგან შეიძლება ამით ღრმავდება, მაგრამ თანვე მძიმდება კიდევაც ინტერპრეტაციებით, არადა, ამის გარეშეც იწვევს ემოციას, რადგან, როგორც ოდენი წერდა: პოეზია ლიტერატურის თეთრი მაგიაა” (იუსტან ჰიუ ოდენი, “ენის კულტურა”).
საზომისა და სიტყვათა თამაშით ყურადღებას იქცევს ლექსი “მეკუბოვე”, რომელშიც მეორდება სიტყვები, სინტაგმები. თითქოს ფრაზები ერთმანეთში ირეკლებიან, ექოებს გამოსცემენ და, საბოლოო ჯამში, ძველი სათქმელი (თვითშემეცნების წადილი, პოეტი შედარებულია მეკუბოვესთან, რომელიც “მარხავს”, ინახავს ნანახსა და განცდილს) ახლებურად ხმიანდება:
“ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე,
ვნხე, რომ სიტყვები წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე კარგია და წვენით სავსეა” (“მეკუბოვე”).
ეს სტრიქონები მოგვაგონებს “შესაქმეს” დასაწყისსაც, როდესაც შემოქმედი ქმნის და მოსწონს თავისი შექმნილი: “დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე” (დაბადება 1, 31)
ამ ლექსებში ყურადღებას იქცევს უცხო პერსონაჟთა სახელები, რომელთა შესახებ თვითონ ავტორი ამბობს: “ჩენდლერი და სატერზვეიტი, ბობის, ხუბჩევის და სხვების მსგავსად, პერსონაჟები უფროა, ვიდრე ფსევდონიმები. ახალ სახელს კი არ ირქმევ, შენს ყოფაში ახალი პერსონაჟი შემოგყავს და სინთეზი _ ცხოვრებასა და ფანტაზიას შორის თვითონ ხდება. ეს პერსონაჟები ჯერ არსებობას იწყებენ, მერე ცხოვრებას, მერე წერას და ამის მერე შეიძლება რაღაც ღირებულიც შექმნან. ბოლოს შეიძლება პოეზიის საღამოებიც ჩაატარონ და წიგნებიც გამოსცენ” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
რიტმულად საკმაოდ მრავალფეროვანია ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსები: აქ არის თოთხმეტ, ცამეტ, თორმეტ, ათ, რვა მარცვლიანი სტრიქონები.
კრებულში გამოგონილი ჭარბობს რეალურს. ამასთან დაკავშირებით აი, რას ამბობს ავტორი: “ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, მწერალს შეიძლება არაფრის დამატება აღარ დაგჭირდეს, საჭიროა მხოლოდ დაინახო, მოისმინო და გადაიტანო. თუმცა, გამოგონება ადამიანისთვის ისევე ძირითადია, როგორც დანახვა და მოსმენა. შემოქმედებითი აქტი თვითონ ცხოვრებაში ხორციელდება და თან ძალიან დიდი დოზებით. რაც ხდება, ვისთანაც ვართ, ნაწილობრივ ჩვენი, ნაწილობრივ მათი და კიდევ ვიღაცის გამოგონილია. ამიტომ ცხოვრებასა და ფანტაზიას, სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარის გავლება ადვილი არ არის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ხაზია და ვცდილობ, ამ ხაზზე გავიარო. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს სინამდვილისკენ უფრო ხშირად ვვარდები. რას იზამ, ჩენდლერის დრო წავიდა და ეს კანონზომიერიცაა” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
საგულისხმოა, რომ მას შეუძლია ლექსში გამოიყენოს სიტყვათა ამგვარი შემოკლებანი “ე. წ.”, “ა. შ”, “რნ” (რაიონი) და მათ რაღაც პოეტური ფუნქცია დააკისროს, ამგვარად, სასაუბრო და მწიგობრული მეტყველება ლამაზად მოარიგოს:
“კორიდორია
სითეთრე და სითეთრე და ა.
შ. მშვიდი
თანაც სხვანაირი გეაცინტები
არ გენატრება...”.
“აღარაფერი ეშველება წაგებულ დუელს
წაგებულ თამაშს
ლამაზ წარსულს
გულის ათიანს
არაფერია
სითეთრეთა ტანგოა და ე.
წ. მწველი
თანაც სხვანაირი ორშაბათია” (*** კორიდორია)
ეს ლექსი ხელოვნურად დავანაწევრეთ ფრაგმენტების ამოწერისას, რადგან მასში არანაირი სასვენი ნიშანი არ გვხვება, გარდა იმ ოთხი წერტილისა, რომლებიც შემოკლებულ სიტყვებს “ა.შ.” და “ე.წ” უზის. ამ ლექსს არც ბოლოს აქვს წერტილი, რაც ქმნის უსასრულობის განცდას, პოეტმა თითქოს ნიავის შემონაბერი ჩაწერა, რომელიც არავინ იცის, ან სად იწყება, ან სად მთავრდება.
“პრესტიჟულ რნ_ში მიგიგნია შენი გალია
და გაჩხირულა თებერვალი, როგორც პილატე” (“თეთრი ბერეტი”).
ამ პოეზიაში ყურადღებას იქცევს პოეტის შექმნილი ნეოლოგიზმები, რომლებიც ბუნებრივად ეწერებიან ლექსის კონტექსტში, მაგ. “იჩუმკისკისებ” (“დაკარგულ სულში შოფ-ტურებზე იჩუმკისკისებ”), “ესხვაფერები” (“ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს”), “შემომესოფლა” (“მე შუაში ვარ, შემომესოფლა წარსული თეთრი, მრუმე კვამლებით”).
“ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებ იას,
ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,
მოდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,
საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე” (*** ჯერ სიყვარული).
აქ ყურადღებას იქცევს “ნაიმწუთარი” და “ინაწვიმრე”, განსაკუთრებით საინტერესოა მეორე. ნაწვიმარიდან შექმნილი ორიგინალური ფორმა, რომელიც იდუმალებასა და სილამაზეს მატებს ლექსს.
“ახლა ნიჭიერი, გემოვნებიანი, ერის კულტურული ინფორმაციის მატარებელი, ფართო დიაპაზონის მქონე ავტორები უფრო გვჭირდება, ვიდრე კოლუმბები და აინშტაინები”, _ ამბობს რეზო გეთიაშვილი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში. ვფიქრობ, თვითონ სწორედ ასეთი ავტორია და ამ აზრს ეს შესანიშნავი კრებული ამტკიცებს.


დაიბეჭდა : ჟურნ. “კრიტიკა“, #4, 2009










Monday, April 4, 2011

მაია ჯალიაშვილი _ ლექსი „ოაზისი“ და ავტორეცენზია

პროექტი _ „ჩემი ერთი ლექსი“


ჩვეულებრივი მკითხველი, რომელსაც ლექსი ბავშვობის შემდეგ აღარ დაუწერია, შესაძლოა, ლექსის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდეს, თუ როგორ `მოუყვებოდა~ ავტორი ახლახან წაკითხულ ნაწარმოებს. უმრავლეს შემთხვევაში, ავტორები ამგვარი წაკითხვისაგან თავს იკავებენ. მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მკითხველის საქმეა. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. გასულ წლებში რამდენიმე პოეტს საკუთარი ლექსის `მკითხველის თვალით წაკითხვა შევთავაზეთ. პროექტს რამდენიმე პოეტი გამოეხმაურა. საკუთარი ლექსების მათეული წაკითხვა ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კრებულში `საუბრები ლიტერატურაზე 2009/10~ დაიბეჭდა. ეს `ავტორეცენზია~ ჩვენი თხოვნით დაიწერა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განხორციელებული ლიტერატურული პროექტები. პროექტი `ჩემი ერთი ლექსი~ შეეცდება, თავი მოუყაროს უკვე ცნობილ თუ ახალგაზრდა პოეტთა მიერ `წაკითხულ~ ლექსებს; ასევე, ამ ლექსებზე მკითხველთა მინაწერებსა და გამოხმაურებებს.




გიორგი კილაძე




მაია ჯალიაშვილი


ოაზისი


ეს ყვავილები კი არა,

მათი სუნთქვაა

ზეთისხილის ბაღებში გაფანტული...

ისინი სიტყვებს არ ამბობენ,

ისინი მღერიან

შედედებულ ტკივილზე

შეღამებისას.

იერუსალიმის ასულნი

მზეს მიჰყვებიან ფეხდაფეხ

ჩუმი ნაბიჯებით,

მაგრამ ექოები

სივრცეებს ათრთოლებენ...

ჩაეთვლიმებათ ნაცნობ მოლოდინში...

იქ, სადაც სურნელია იორდასალამის...

უდაბნო ნიღაბია _ წყაროს გასართობი...

მაგრამ ვინ მოძებნის

ყვითელი ბედუინი

გზაში დაიღუპა...

გაიღვიძეთ, ასულებო,

დილის ზანზალაკებს

გზა მოაწკრიალებს

და მოდის,

ვისაც ელით....


25. 02. 2011




ავტორეცენზია ლექსზე ``ოაზისი``



ეს ლექსი დღეს დავწერე, 2011 წლის 25 თებერვალს, `ქებათა ქების~ სტრიქონებით შთაგონებულმა: `გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს~... იერუსალიმის ასულებს ხშირად შეხვდებით ჩემს ლექსებში, იმიტომ, რომ ისინი ჩემთვის განასახიერებენ რაღაც შეურყვნელსა და ამაღლებულს. ლექსის რიტმი მიკარნახა შუადღემ, როდესაც დრო წამით ჩერდება და თავს შეათვალიერებს ზეცის სარკეში, ამ დროს დგება დიდი ჩაფიქრების ჟამი, რომელიც არ არსებობს... წარმოთქმისთანავე ქრება და იფანტება სამყაროს უსასრულობაში. რატომ მეწერება ასეთი უდროოო და უსივრცო ლექსები, რომლებშიც არაფერი არ ჩანს ყოფითი და წარმავალი... იქნებ ამან სისხლისაგან დაცალოს სტრიქონები, ხორცისაგან განძარცვოს მისი სხეული... მაგრამ მე ხომ ეს მინდა გაცნობიერებულად თუ ინტუიციურად, რაღაც ისეთის მოხელთება, რასაც მიწა ვერასოდეს მისწვდება და ვერ ჩაიკრავს გულში. ის მუდამ იქ ილივლივებს, ცათა მიღმა და ყოველთვის შეახსენებს წამკითხველს, რომ მხოლოდ იქაა, რასაც ასეთი ვნებითა და გატაცებით დაეძებს. ეს იცის სულმა და ამიტომაც მუდამ მისი ხილვის მოლოდინითა ასე უმიზეზოდ დამწუხრებული. 25/02/2011

Thursday, March 24, 2011

შეყვარებული გოეთე

მაია ჯალიაშვილი


დაფერფლილი ბარათების ექო


(მარტინ ვალზერის `შეყვარებული კაცი~)


`მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...~ _ გალაკტიონის ამ მშვენიერი სტრიქონის ერთი საუკეთესო დასტურია 74 წლის გოეთეს გამიჯნურება 19 წლის ქალწულთან, ულრიკე ფონ ლევეტცოვთან. წლების მდინარებაში ჩამყუდროვებულ პოეტს უცებ საოცარი ვნების ქარიშხალმა გადაუარა და მთლიანად შეძრა. გოეთეს ბიოგრაფოსებისთვის ეს შესანიშნავი მასალა აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ მარტინ ვალზერმა, თანამედროვე გერმანელმა მწერალმა, შეძლო, ახალი ელფერიით შეემოსა ამ უჩვეულო სიყვარულის ამბავი. მან რომანში `შეყვარებული კაცი~ გოეთეს პირადი მიმოწერა გააცოცხლა. არადა, რეალურად, ამ ტრფობის ამსახველი არც ერთი ბარათი არ შემორჩენილა. ერთი უჩვეულო ფაქტიც შეეშველა მწერალს. რომანის წერისას იგი საგანგებოდ ჩავიდა მარიენბადში, რათა საკუთარი თვალით ეხილა ის შთამბეჭდავი გარემო, რომელიც ამ უჩვეულო სიყვარულის სცენად იქცა, სადაც სწორედ ულრიკეს შთაგონებით პოეტმა შექმნა ლექსი-შედევრი `მარიენბადის ელეგია~. აქ მარტინ ვალზერს მეგობარმა პატარა წიგნაკი აჩუქა, რომელშიც მოთხრობილი იყო ულრიკეს შესახებ, სხვა ცნობებთან ერთად, ეწერა ასეთი გულისშემძვრელი ფაქტიც _ უკვე ხანდაზმულ ულრიკეს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა და უთხოვია, დაეწვათ იქ შენახული წერილები, ხოლო ფერფლი საფლავში ჩაეტანებინათ. ეს წერილები კი შეყვარებულ გოეთეს ეკუთვნოდა.
სტეფან ცვაიგმა ნოველაში `მარიენბადის ელეგია~ შთამბეჭდავად გააცოცხლა ის წუთები, როდესაც პოეტი ამ ელეგიას ქმნიდა. პოეტი ამ ლექსს ბედისწერის იდუმალ, იშვიათ წყალობად მიიჩნევდა: `მსგავსი რამ არასოდეს წამოსცდენია აქამდე ესოდენ თავშეკავებულს. ჭაბუკობაში გულჩახვეულმა, მოწიფულობის ჟამს მეტისმეტად თავშეკავებულმა, მხოლოდ ზმანებათა სახით, სიმბოლოებითა და სიტყვაშეფარვით რომ გამოთქვამდა ხოლმე თავის გულის საიდუმლოს, მოხუცებულობისას პირველად გამოამზეურა საქვეყნოდ თავისი გრძნობები. მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, რაც უდიდესი ლირიკოსის სახელი აქვს მოპოვებული ამ გულთამხილავ ადამიანს, ალბათ არასოდეს ყოფილა იგი ესოდენ ცხოველმყოფელი, როგორც ამ უჭკნობ ფურცელზე, მისი ცხოვრების ამ ღირსახსოვარ გზაჯვარედინზე~.
რა თქმა უნდა, არც კონსტანტინე გამსახურდიას აუვლია გვერდი გოეთეს ცხოვრების ამ შთამბეჭდავი ფურცლებისთვის და თავის `გოეტეს ცხოვრების რომანში~ ამ სიყვარულის ისტორიაც ჩართო, რომელშიც ვკითხულობთ: `საღამოჟამს ულრიკე გატვრინული იჯდა ხანდახან ვაიმარელი ბრძენის გვერდით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰხაროდა და გენიის სუნთქვა ახურებდა მის ახალგაზრდა გულს. წარმოსადგენია როგორი დიდის მწუხარებით შეიცნო გოეთემ ულრიკეს პირისპირ, რომ მისი წარმართული გული ვეღარ ფეთქდა ძველებურის ძლიერებით. მის მოგონებაში ირეოდნენ გადასულ მეგობრების, გულის მიჯნურების, განვლილი მწუხარების, შვების წუთები... როგორ უყვარდა მას: სიცოცხლე, სინათლე და პოეზია!... ეროსი ძალოვანი მონადირეა და გულებისადმი ამბოხის მომგვრელი. ულრიკემ შეაშფოთა უკანასკნელად შემოქმედების უხვი რთველით დახუნძლული გული მოხუცი პოეტისა... ო, რა სატიკად შეარყევდა ალბათ მის გულს ძალოვანი მშვილდოსან ეროსსა და სიბრძნეს შორის ატეხილი ბრძოლის ასპარეზად ქცევა!~
მარტინ ვალზერის რომანში აღწერილია გოეთეს ცხოვრების მხოლოდ ეს ეპიზოდი _ მოულოდნელი სიყვარულის აფეთქება და შემდეგ მინავლება. 74 წლის `მოხუცი~, ყველას გასაოცრად, შესანიშნავად გამოიყურება და სულაც არ გრძნობს ხანთა სიმრავლეს, როდესაც Uულრიკე ლევეტცოვის, მწვანეთვალებიანი ზეციური ანგელოზისა თუ ტყის ნიმფას გვერდითაა, მის წკრიალა ხმას უსმენს. ამ სიყვარულმა უფრო მეტად გაამხნევა, გაახალგაზრდავა, მეცხრე ცაზე აიყვანა, გააძლიერა, მაგრამ საკმარისი გახდა ულრიკეს ერთი გახედვა სხვისკენ, თანატოლთან ტკბილი გასაუბრება, ცეკვა, რომ პოეტის ოცნება ქვიშის კოშკივით ჩამოიშალა. გაჩნდა მტანჯველი წუთები.
რომანში გოეთე `შეყვარებული კაცია~. სწორედაც, უბრალოდ, კაცი და არა მხოლოდ სათაყვანებელი გოეთე, `მყინვარივით მიუკარებელი~ (ილია ჭავჭავაძე), ღმერთვივით შემოქმედი.
რომანში არაერთი დეტალია, რომლებიც ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენენ გოეთეს სულში მიმდინარე ბრძოლას: მას ერთი მხრივ, აღარ შეუძლია ამ სიყვარულის გარეშე, მეორე მხრივ კი აძრწუნებს ასაკობრივი განსხვავება, გამუდმებული ეჭვები სტანჯავს, ერთ მშვენიერ საღამოს ულრიკეს აღტაცებით ნათქვამმა სამმა სიტყვამ; დღეს ლამაზად გამოიყურებით, ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. იგი ფიქრობს, რომ სხვა დღეებში ალბათ არ იწვევდა ულრიკეს აღტაცებას. წარმოგიდგენიათ უმწეო, ატირებული გოეთე?! მწერალი საუკეთესოდ წარმოაჩენს მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მან პოეტი თითქოს ოლიმპოს თვალშეუწვდომელი მწვერვალიდან ძირს ჩამოივანა, მაგრამ არა დასამცირებლად, არამედ იმ სიცივის, ყინულის დამსხვრევად, რომელიც მის შარავანდედიან სახეს მიწას აშორებდა, შთამბეჭდავია სიყვარულის მზის სხივებით გამლღვარი სახე პოეტისა, ძარღვებში ცხელი სისხლით, სარკის წინ გაშიშვლებული, თავის მობერებულ სხეულს ვერშეგუებული. ასეთი გოეთე უცხოა მკითხველისთვის, ასეთი გოეთე კი არ კარგავს ბრწყინვალებას, არამედ უფრო ახლობელი, საყვარელი, სათუთი ხდება. მკითხველი მის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, ხელი გაიწოდო, ცრემლები მოსწმინდო, მიეფერო აცახცახებულ მხრებზე და დაამშვიდო ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვებით. მაგალითად, როცა გოეთე საკუთარ თავს ასე ელაპარაკება: `ტანჯვა ჭუჭყიანია. Dაბინძურებს ადამიანს. არანაირი გამწმენდი საშუალება არ არსებობს, სიკვდილის გარდა. შენ წერას აფარებ თავს... შენ ჯერ არასოდეს, არასოდეს გიტანჯია. Aაქამდე მუდამ სხვა იტანჯებოდა შენ გამო. ქალბატონი ბერლეფში. ოცგვერდიან წერილებს რომ გწერდა ოცი წლის განმავლობაში. და შენ არც კითხულობ მომაბეზრებელ, ტანჯვისგან განაწამები ქალის ამ წერილებს. მას კი მხოლოდ იმიტომ სურს სიცოცხლე, რომ შენ უყვარდე, და იმ წამს უცდის, რომ ერთხელ მაინც თანაუგრძნობ. თანაგრძნობა ზიზღის ტოლფასია. ახლა შეგიძლია ოცგვერდიანი წერილი მისწერო Uულრიკე ფონ ლევეტცოვს და შეგიძლია დაემუქრო, რომ კიდევ მოელის ასეთი ოცგვერდიანი წერილები. ნაცვლად იმისა, რომ თავი მოიკლა, წერ და წერ~.
მარტინ ვალზერმა ეს შესანიშნავდ შეძლო, გოეთე სხვანაირად შეგვაყვარა. იგი სულისშემძვრელად წარმოაჩენს მის სულიერ ობლობას, მარტოსულობას. ის ამ რომანში ყველაზე მეტად ჰგავს თავისსავე გმირს _ ვერთერს. აქ ლიტერატურა და ცხოვრება ერთმანეთს გადაეწნა, აქამდე პარალელურმა ხაზებმა ერთმანეთი სასწაულებრივად გადაკვეთეს და გოეთე გზაჯვარედინზე აღმოჩნდა.
გოეთე როკოკოა _ ასე შეაფასა შვილმა სახელგანთქმული მამის ყავლგასულობა და სულაც არ დაფიქრებულა, როგორ დაუსერა გული მშობელს. გოეთე კი, კვლავ მშვენიერებით შთაგონებული და აღტაცებული, იწყებს რომანის წერას სახელწოდებით `შეყვარებული კაცი~, რომელშიც ულრიკესადმი მისი პირადი წერილებია ჩართული: `დღემდე არ ვიცოდი, რა იყო მოწყენა, ახლა კი, როცა ულრიკეს ვერ ვხედავ, ლამის მოწყენილობისაგან გავცოფდე. სამყაროს სურს გადარჩეს, ულრიკესნაირის სიყვარული უნდა ებოძოს ყველას. დღეები აბრეშუმივით ფაქიზი გახდა, სამყარო კი _ თბილი ნიავივით. ჩიტებიც თითქოს მხოლოდ მის სახელს ჟრურტულებენ. იქნებ პლატონი მოგონებებს იმიტომ მიეცა, რომ მშვენიერი რამ დაკარგა ცხოვრებაში. მე კი მოგონებებს დავკარგავ, ალბათ, რადგან მშვენიერება ვიპოვე. როცა ულრიკეა ჩემ გვერდით, არც მომავალს აქვს მნიშვნელობა და აღარც წარსულს. ოცნებავ, დამიფარე უმწეობისაგან, დამიფარე. რა იოლია ყველაფერი, როცა მას ვხედავ. მისი მზერა მაძლევს გამძლეობას~.
საგულისხმოა, რომ რომანში არაჩვეულებრივად იხატება ახალგაზრდა ულრიკეს სახეც. იგი გოეთეზე შთაბეჭდილებას არა მხოლოდ სინორჩითა და სილამაზით ახდენს, არამედ რაღაც საოცარი ხიბლით, რომელიც მისი ჭკვიანი მზერიდან და საუბრიდან გამოსჭვივის. იგი სულაც არ უფრთხის გოეთეს წელთა სიმრავლეს და მზადაა ცოლად გაჰყვეს პოეტს, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლეგენდაა, არამედ მისი სულის მონათესავეა.
ულმობელი ცხოვრება კი პოეტს გამუდმებით შეახსენებს თავს. ერთ ეპიზოდში გოეთე ულრიკესთან ერთად მოსეირნობს ხეივანში, უცებ რაღაცას გამოედება და წაიქცევა, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდის. მწერალი კი გოეთეს ამ `უხერხული მდგომარეობიდან~ ძალიან ლამაზად, პოეტურად დააღწევინებს თავს, როცა ათქმევინებს: `გოეთე და Uულრიკე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ულრიკე ისევ მის ჭრილობებს უყურებდა. სამოთხიდან გამორკვეული, _ ჩაილაპარაკა გოეთემ, ჰო, სამოთხიდან გამოსვლისას დავვარდი. Uულრიკე დაბნეული შეჰყურებდა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა~ და მერე: `არც არაფერი მომხდარა, მშობლიურმა მიწამ მაკოცა~.
`ჩემი ცხოვრება უფრო თეატრს ჰგავს, ვიდრე ნამდვილს~_ დაიჩივლა ერთხელ ულრიკესთან საუბარში პოეტმა და ისიც გაუმხილა, რომ მასთან ერთად ნამდვილ ცხოვრებას განიცდიდა.
შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხო, როგორ ემზადება გოეთე საკარნავალო მეჯლისისთვის, ის და ულრიკე წინასწარ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ მოხდა საოცრება: ვერთერის სამოსში გამოწყობილმა გოეთემ უცებ: `ულრიკეს მოჰკრა თვალი. ჭექა-ქუხილის შემდეგ უცბად მზის მიერ მოფენილი ნათელი მის ნათელთან მოსატანიც არ იყო, ისე ასხივებდა თავის თეთრ კაბაში, მხრებზე ღია წითელი შარფი მოეხურა. Mმისი კაბის ჭრილი მოკრძალებული იყო, გვერდით მდგომი ქალბატონებისას სულ არ ჰგავდა. Eეს იყო Uულრიკე _ ლოტე~.D
შემოდგომის ფოთლების ჭკნობამ ამ მოულოდნელ სიყვარულსაც მოსტაცა ფერი. ლევეტცოვები მარიენბადიდან გაემგზავრნენ. ვალზერი ნიუანსურად აღწერს გოეთეს სასოწარკვეთილებას და საშინელი სიცივის შეგრძნებას, სწორედ ამ წუთებში მას გაუელვებს ფიქრი, რომ აუცილებელია მეათე მცნების დამატება: არ შეიყვარო! `უსიყვარულოდ, ე.ი. ტკივილის გარეშე!~ და უეცრად მან საოცარი სიმსუბუქე იგრძნო: `მთელი სამყარო მხოლოდ ის იყო თავად, სიმსუბუქით აღვსილი, ან იქნებ ღვთიურის შეგრძნებით. როგორც იქნა, დაიბრუნა დაკარგული წონასწორობა! ნუთუF ესაა სულ! _ გაიფიქრა გოეთემ Dდა ჩაეძინა~.
მკითხველი კი რომანს აღიქვამს, როგორც ულამაზეს სიზმარს.
ეს შესანიშნავი რომანი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადა ჩინებულმა მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა, რომელიც თავისი ახალი თარგმანებით კიდევ არა ერთხელ გაგვახარებს.

დაბეჭდილია : დაფერფლილი ბარათების ექო (გოეთეს უკანასკნელი სიყვარული), ჟურნ. ‘ჩვენი მწერლობა’’, #2, 2011









გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

მაია ჯალიაშვილი



გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

გრიგოლ რობაქიძემ თავის შემოქმედებაში მშვენიერი ქალის არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა. ჰყავდათ თუ არა პროტოტიპები ლონდას, ნატას, მატასის, ოლგას, ნორინას... რა თქმა უნდა, ეყოლებოდათ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. რეალურად კი როგორ წარიმართა მისი სასიყვარულო ისტორიები?
პირველი სიყვარული პოეტური ბუნების, რომანტიკული სულის გრიგოლ რობაქიძისთვის უიღბლო აღმოჩნდა, ქალის მშობლებმა სასიძოდ დაიწუნეს და გრიგოლს მისწერეს ქალის ტყუილი თვითმკვლელობის ამბავი, რამაც   ახალგაზრდა გრიგოლის სულზე ღრმა ტკივილიანი კვალი დატოვა. ასევე უიღბლო აღმოჩნდა მისი პირველი ქორწინებაც. ირანში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია და ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ბაქოში ქუნთრუშის ეპიდემიით დასნეულდა და გარდაიცვალა. გრიგოლ რობაქიძემ გარდაცვლილ ქალიშვილ ალკას მიუძღვნა დრამა `ლონდა~ და ლექსი `ალლას~ (`ყველაზე უფრო `ლირიული~ ჩემს შაირებში~ _ გრიგოლ რობაქიძე):
`ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.
ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.
მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით, ნეკივით მცირე
და ვიშრობ ცრემლებს საცოდავი, ვით ჭიქის თვალი~.
მწერალი მეორედ დაქორწინდა ელენე ფიალკინაზე, მსახიობსა და მწერალზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია, მაგრამ ზრდიდა მეუღლის ობოლ დისშვილს _ ალინკას (ელენე პოგორელოვას). ელენე ფიალკინას ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: `მწერლობა უფრო ადრე დავიწყე და გერმანიაშიც გავაგრძელე. ვწერდი გერმანულად გერმანულ ქალთა ჟურნალებისთვის და ფილმებისთვის, როგორც სცენარისტი. ამას გარდა, ბერლინში რუსულს ვასწავლიდი დოქტორ რაკოვის კომერციულ და უცხო ენების სასწავლებელში. როგორც ცალკე წიგნი, გერმანიაში გამოვეცი ჩემი რომანი `ნინა~. სიბერეში ნელი ფიალკინა დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. გრიგოლ რობაქიძე მეუღლეს თვითონ უვლიდა გარდაცვალებამდე.
სწორედ ამ მძიმე და უსიხარულო წლებში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, გიტა შტრახვიტცი. ეს იყო სასწაული. გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გაიცნო მხატვარი ქალი, სავარაუდოდ, ალბათ, რომელიმე მის გამოფენაზე, მოიხიბლა მისი ნახატებით, რომლებიც თავისებურად შეაფასა კიდეც ერთ წერილში: `მისი `თავისებური სტილი~ თავიდან მეჩვენებოდა: როგორც მანერა, სინამდვილე შეაცუროს ზმანების ნაცვლად. თუ ერთი ფრანგი ავტორის გამოთქმას მივმართავთ რილკეს შესახებ, შემდეგში გამოირკვევა საწინააღმდეგო, სახელდობრ: მანერა, რომ ზმანება შეაცუროს სინამდვილის ნაცვლად. მისი ნახატები ნათელია. მისი ხედვა წინ კი არაა მიმართული, არამედ უკან: მეტაფიზიკურში, აქედანაა მისი ვიზიონერობა, რომელიც მე, მრავალი საიდუმლოს მცოდნეს, მაკვირვებს~. ამ დროს მწერალი 81 წლის იყო, გიტა კი _ 31-ისა. წლებს ხელი არ შეუშლიათ, რომ მათ შორის საოცარ სიყვარულს ეფეთქა. მარტოსულმა გრიგოლმა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ღვთისგან გიტას სახით საჩუქარი მიიღო: `ჩემი სიყვარული ისე დიდია, რომ მან შეძლო ასაკობრივი განსხვავების დაძლევა. მით უფრო, რომ ჩვენი სიყვარული არაჩვეულებრივი ბუნებისაა~.
როგორ წარიმართა ეს სიყვარული?
ჩვენ გვაქვს გიტასადმი მიწერილი გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები, რომლებიც პირველად იზა ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ კრებულში `ლიტერატურის მატიანე~. წერილების ასლები გიტას მეგობარ ქალს, მხატვარ ვანდა ჰოლეის, შვეიცარიაში დაცულ გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია და შემდეგ გადაუცია დავით მაღრაძისთვის (წერილები თარგმნა ქეთევან შერვაშიძემ). გრიგოლ რობაქიძე გიტას წერდა 1961-62 წლებში. ამ ბარათების მიხედვით, კარგად ჩანს, როგორ იზრდებოდა ეს სიყვარული, რას განიცდიდა მწერალი: `შენმა სიყვარულის ძალამ გამაახალგაზრდავა. ამ ძალის მადლით ჩემი საშიში ნერვიული დეპრესია თითქმის ნულამდე დავიდა. შენი სიყვარულის წყალობით განვიცდი არსებობის სიხარულის მადლს და შემოქმედებით აღმაფრენას~.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის წერილები გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის ბარათები, რომელთაც ახალგაზრდა მხატვარი ქალი სწერდა მწერალს. თანაც, საგულისხმოა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ხშირად აქვს ჩართული ციტატები გიტას წერილებდანაც.
წერილების ციკლი გრძელდება 1961 წლის 27 აპრილიდან 1962 წლის 17 ნოემბრამდე. საგულისხმოა, რომ ბოლო წერილი მწერალმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაწერა (გარდაიცვალა 19 ნოემბერს). ამ ბოლო წერილის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ბედნიერების მწვერვალზე იდგა, მან და გიტამ ერთად ცხოვრება და დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ დღეებში მწერალმა, დის თხოვნით, სურათიც გადაიღო, რომელზეც ძალიან გაახალგაზრდავებული ჩანდა. ამას თვითონ გიტას სიყვარულით ხსნიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სურათის გადაღებისას შენზე ვფიქრობდიო.
როგორია შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე?
საოცრად ამაღელვებელია ეს წერილები. შეიძლება გოეთეს უკანასკნელი სიყვარული გაგვახსენდეს, როდესაც 74 წლის, ხანდაზმულ ვაიმარელ გენიოსს 19 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვი თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა გოეთეს პირადი წერილები არ დაუწერია. სხვათა შორის, ეს `ხარვეზი~ შეავსო გერმანელმა მწერალმა რობერტ ვალზერმა, რომელმაც დაწერა რომანი `შეყვარებული გოეთე~, რომელშიც ეს წერილები `გამოიგონა~. ეს წიგნი, მაია მირიანაშვილის თარგმნილი, წელს გამოიცა.
გრიგოლ რობაქიძე ამ წერილებში გიტას მიმართავდა, როგორც მზეს, ღვთიურ მეგობარს, ენგადს, წყაროს, წყაროსთვალს, შეუდარებელს, მისტიკურ მეუღლეს, ღვთიურ სატრფოსა და დას. ამ წერილებში კარგად ჩანს პლატონური სიყვარულის ფილოსოფია, აგრეთვე ისიც, როგორ სულიერ მდგომარეობაში იყო პოეტი, რა სტკიოდა, რა უხაროდა.
ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტა აღფრთოვანებული ყოფილა გრიგოლის გერმანულ ენაზე დაწერილი ლექსებით: `რომ ჩემს ლექსებს თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან~. გიტას რამდენადმე სცოდნია საქართველოს შესახებ, კერძოდ ის, რომ წმინდა გიორგი მფარველობდა და მისი ხატი უჩუქებია გრიგოლისთვის. ამით აღტაცებულ გრიგოლს კი მისთვის მიუწერია: `მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმ. გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემს შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული~ და ბოლოს: ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ. სულიერად მონათესავე თქვენი გრიგოლ რობაქიძე~. ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტას 12 წლით ადრე დასიზმრებია, რომ შეხვდებოდა გრიგოლს, რომელმაც ეს სიზმარი ხილვას შეადარა.
წერილებიდან ჩანს, რომ გიტას არა მხოლოდ ლექსები, გრიგოლ რობაქიძის რომანებიც მოსწონდა, მათ შორის `გრაალის მცველნი~, რომლის შესახებ წერდა: `ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?~.
რობაქიძეს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გიტას სიმბოლო იყო თასი, მის მარჯვენა ხელში ჩახატული ყოფილა ჯვრიანი თასი. მის მარჯვენაზე კი მზე იყო გამოსახული. იგი წერდა: `როცა ხელს გართმევთ _ ჩემი `მზის ხაზით~ ვეხები თქვენს `ფიალას~. ამით ჩვენი შინაგანი ერთობა სამუდამოდ დადასტურებულია.
ამ წერილებში ჩანს, რას წერდა რობაქიძე, რას კითხულობდა, სამომავლოდ რას გეგმავდა. რა თქმა უნდა, ამიერიდან ყველაფერი გიტასთან იყო დაკავშირებული. მისი მონატრებით სუნთქავდა, მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა, ყოველ კვირაში (ხანდახან რამდენჯერმეც) წერილებს სწერდა.
Gრიგოლ რობაქიძე შენიშნავდა, რომ ზღვა გერმანულ ენაში მდედრობითი სქესისაა, ტბა კი _ მამრობითისა და აქედან დაასკვნიდა: ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. იგი გიტას ადარებდა მარიამ მაგდალინელს, წმინდასა და `ქალწულებრივს~.
თვითონ გრიგოლ რობაქიძესაც ვერ აეხსნა ეს სიყვარული, წერდა: `ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში, უფრო ჰგავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი~ (`გრაალის მცველნი~). `შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად~.
გრიგოლი `ზებედნიერად~ გრძნობდა თავს. და წუხდა: `დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი: ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის~.
გიტა სწერდა გრიგოლს: `შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ _ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი~.
გრიგოლს ეშინოდა, რაიმე ბოროტი არ ჩარეულიყო მათ `საკრალურ ურთიერთობაში~. წუხდა, როცა გიტასგან პასუხი იგვიანებდა. გიტა ხშირად მოგზაურობდა, სხვადასხვა შეკვეთას ასრულებდა. როცა გრიგოლმა ნახა სურათი; `ფარაონი სეთი და ქალღმერთი ჰატჰორი~ გიტა ქალღმერთ ჰატჰორს შეადარა. თავის თავს კი ლაშარის რაინდს უწოდებდა, გიტასთვის რომ უნდა ემფარველა. ერთ წერილში კი გიტას სთხოვს, დიონისო დამიძახე, ტანჯული ღმერთის სახელიო.
1962 წლის 25 აპრილს გიტას ასეთი სიზმარი უნახავს; ის და გრიგოლი გადახვეულნი იყვნენ, გრიგოლს ორდენის მფლობელის ნაცრისფერი სამოსი ეცვა, მერე უდაბნოში საქარავნო გზაზე მიდიოდნენ. გრიგოლი უეცრად გაუჩინარდა, გიტამ კი მოულოდნელ ლანდშაფტში გადაინაცვალა, ეძახდა გრიგოლს, გაიქცა ხეებისკენ, უცებ ღობეშემოღობილ ადგილას აღმოჩნდა, ღობის იქით კი კბილევბდაღრჭენილი ურჩხულები იყვნენ. გიტამ მათ სიყვარული მიაფრქვია, რის შემდეგაც ცხოველები ხტუნვით გარს შემოეხვივნენ და ლოკვა დაუწყეს. გრიგოლმა კი ეს სიზმარი ასე ახსნა: ისინი მიწიერი სიყვარულით შეერთდებოდნენ, მაგრამ თვითონ მალე გარდაიცვლებოდა, დაემშვიდობებოდა და მარადისობიდან შეეხმიანებოდა.
გრიგოლი სწერდა გიტას: `ჩვენ ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. მტკივნეულია განშორება, მაგრამ მოვიგონით სტროფი ჩემი ლექსიდან: `სევდიანები~:
`როგორ შევძლებდი
თუ არ ვიქნებოდი ბედის რჩეული,
შენთან შეხვედრას!
განშორებაც კი ღვთიურია~.
გრიგოლი წერილებში გიტას საქართველოზეც სწერდა, მაგალითად, ერთგან აღტაცებული აღნიშნავს, რომ დაესწრო ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის კალათბურთში, რომელიც ქართველებმა მოიგეს: `საქართველო ცოცხლობს! საქართველოს გაუმარჯოს!~
განსაკუთრებული მღელვარებით მოელოდა ჟენევაში სუხიშვილების ანსამბლის ჩასვლას, რათა ერთად დასწრებოდნენ კონცერტს. თვითონ სამჯერ დაესწრო და აღფრთოვანება საგანგებო წერილით გამოხატა: `ქართული გენია როკვით განფენილი~. ერთ გაზეთს კი კრიტიკული სტატია დაუბეჭდავს: `ეს შავგვრემანი, მკვირცხლი, უქნარა და ტრაბახა სამხრეთელები _საბჭოთა კავშირის მარსელები _ უთუოდ უაღრესად სიმპათიურნი არიან~. აღშფოთებული გრიგოლი საგანგებოდ ამ სტატიასაც გამოეხმაურა წერილით `ქართველების სავიზიტო ბარათი~. მას სურდა ამ წერილით ევროპულ-ამერიკულ სამყაროს გაეგო საქართველოს შესახებ, რადგან დღემდე ამ ქვეყანას მხოლოდ `თავაზიან~ ეთნოგრაფიულ საკითხად განიხილავენო.
გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებით განიცდიდა, გიტასთვის მშობლებისთვის მისი ხელი რომ უნდა ეთხოვა. წინასწარ მათთვის დაწერილი წერილი ჯერ გიტას გაუგზავნა, რომ მასაც შეეფასებინა. აი, რას წერდა: `ჩვენი სიყვარული ისე განუზომლად ღრმაა, რომ ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეარყევს. თვით სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს, რადგანაც სამუდამოდ ვართ მისტიკურად დაქორწინებული, ამით აიხსნება, რომ არცთუ იშვიათად თავს და-ძმანივით ვგრძნობთ. ვაღიარებ, რომ ნებისმიერი მესამე ადამიანი _ რადგანაც გიტასთვის ძალიან ხნიერი ვარ_ჩვენს სიყვარულს არაბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ გიტასეული სიზმრით, მე მას, როგორც სიყვარულს, უძველეს დროში შევხვდი. მე კი ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში. ასე რომ, ჩვენი სიყვარული უფრო ზეგრძნობადზეა დამყარებული, ვიდრე გრძნობადზე. აქ კი ასაკობრივ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ახლა გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ქორწინებით დავაკანონოთ. ვიცი, თქვენთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იქნება ეს მოიწონოთ და ვერც გავბედავ, გთხოვოთ. ერთს კი მაინც მოველი თქვენგან, რომ საკუთარ გულებში ჩვენი ქორწინება არ `შეაჩვენოთ~.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: `ადამიანის სიყვარული ნიშნავს, დაინახო ის ისე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა~ _წერს რობაქიძე ერთ წერილში. მას სწორედ ამგვარი სიყვარულით უყვარდა გიტა: `ერთი რამ მცირედ მაღელვებს, ძალიან ხნიერი ვარ შენთვის. შესაძლოა ამის გამო შენი ქალურობა დაიჩაგროს, მაგრამ შენ სიყვარულის `ძებნისას~ უძველეს დროში შემხვდი~. `ჩვენი სიყვარული მისტერიაა. ეს არის ქმედებად ქცეული საიდუმლო, როგორც ბოძებული მაღალი წყალობა~.
როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ამ სიყვარულის `მოკლე ბიოგრაფიის~ დაწერასაც აპირებდა, შეიძლება მის არქივში ინახება კიდეც ეს ხელნაწერი.
გიტას არ აკლდა ხელის მთხოვნელები. ერთ წერილში გიტას მოუწერია, რომ ვიღაც 38 წლის, ექვსი ენის მცოდნეს, ბრწყინვალე მდგომარეობისა და კარგი გარეგნობის ამერიკელს უთხოვია ხელი, ივლისში კი _ 60 წლის დიპლომატს, არისტოკრატს: `განა ბედი უცნაური არაა? არჩევანის საშუალება მომცა~. გიტამ კი გრიგოლ რობაქიძე აირჩია და სულ არ აშინებდა არც საკობრივი სხვაობა და არც მომავალი ხელმოკლე ცხოვრება.
ამის თაობაზე გრიგოლ რობაქიძე ამშვიდებდა: რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდაო.
სიკვდილმა მოულოდნელად დაუსვა წერტილი ამ მისტერიას, თუმცა, ვინ იცის, როგორც პავლე მოციქული წერს, სიყვარული ხომ არასოდეს მთავრდება.

დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენი მწერლობა'',#6, 2011.