Translate

Wednesday, February 2, 2011

ტაოკლარჯეთული დღიური

ტაოკლარჯეთული დღიური


2008 წლის ოქტომბერი

ზოგჯერ წამი გადასწონის საათს.
ზოგჯერ საათი დღეს ეთანაბრება.
ზოგჯერ დღე ერთი, ვითარცა მთელი ცხოვრება.
ასეთი დღეების მხურვალებით დაიფერფლა სული ტაო-კლარჯეთის სანახებში.
''გურჯისტანის ვილაიეთში'' ჩავდივართ გურჯები, როგორც უცხოები. მაგრამ რატომ ღელავს და შფოთავს გული ასეთი ნეტარებით, თითქოს დიდი ხნის უნახავ სახლში ბრუნდება?!

იონამ სამი დღე დაჰყო გველეშაპის მუცელში და იქიდან განწმენდილი გამოვიდა.
სამი დღე იყო დაფლული მაცხოვარი აკლდამაში, შემდეგ აღსდგა და კაცობრიობას მხსნელად მოევლინა.
სამი დღე. ცხოვრება სავსეა სიმბოლოებით.
სამი დღე დავდიოდით ტაო_კლარჯეთის მიდამოებში, როგორც დაკარგული ედემის მაძიებლები. სამი დღის შემდეგ ქალაქის ბუღსა და ხვატში შევიგრძენი, რომ ჯოჯოხეთში დავბრუნდი, რიტმულ ერთფეროვნებაში.
ის სამი დღე კი დავყავი სხვა განზომილებაში, მარადისობაში, ან უკეთ, მარადისობის მიწიერ გამვლინებაში. ამიტომაც,
ხორცით განვეშორე ტაო_კლარჯეთს, მაგრამ სულით მარადის მივეჯაჭვე.
ახლა შევიგრძენი დაკარგული სამშობლოს ტკივილი.
თითქოს მახვილით მომაკვეთეს სხეულიდან ხორცი და ყორნებს მიუგდეს საჯიჯგნად.

ტაო_კლარჯეთი. რას ნიშნავს მშრალი რიცხვების უდაბნო სულისთვის?! საქართველოს მესამედი შთანთქმულა საუკუნეთა უფსკრულში.
ეს უტყვი რიცხვები ღრღნის გონებას: XVI საუკუნეში თურქებმა მიიტაცეს მშიერი მგლებივით. მერე დათვივით დააცხრა რუსეთი. მერე.. ახლა... `მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი~.
ახლა ოქტომბერია, 2008 წლის მწიფე ოქტომბრის შუაგული. როცა ფერებს ეტყობათ ღვთის ხელი. თითქოს ახლახან დაუსვა მხატვარმა ფუნჯი ტილოზე და სისველე არ შეშრობია ნახატს, ამიტომაც ასეთი ნოყიერი და სავსეა ყოველი ზურმუხტი და ლაჟვარდი, ჩალა და ბროწეული...

ბანა
ბანა უნდა ნახო, რომ მიხვდე მარტოსულობის ტკივილს.
მთებითა და კლდეებით შემოსალტულ სცენაზე დგას ხანმრავალი განდეგილივით და სამოსის ნაფლეთებს დროის ნიავი უფრიალებს.
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას.
ნუ ვინ დაიჩივლებს უთვისტომობას.
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი_ბანა.
დანგრეული და გაცვეთილი, დრო კვლავაც ეხლება მძლავრი ტალღებივით. ის კი ანძებდამსხვრეული და აფრებდახეული ხომალდივით დგას ოკეანის შუაგულში და დამორჩილებას არ აპირებს. სანამ ერთი ქვა თუ ლოდი დარჩება მის საძირკველს, მანამ არ დახუჭავს ლაჟვარდისფერ თვალებს, მანამ გააცილებს დღისით მზესა და ღამის მთვარეს ერთგული რაინდივით.
ოქტომბრის ამ ჯადოსნურ პალიტრაზე ყველა ფერი შემოუკრებია შემოქმედს. მწიფე ქლიავი და ყვითელი ქარვა, გაცრეცილი სადაფი და ბრდღვიალა შვინდი, ბროწეული და მბჟუტავი ნაკვერჩხლები, მელნისფერი მაყვალი და მოლისფერი.
სურნელოვანი და გემრიელი ფერებით პურდება თვალი

გაშლილ ვაკეზე, ოდნავ შემაღლებული გორაკიდან სევდიანი მზერით გვეგებება ბანა. ის არ ითხოვს მოწყალებას. ამაყი და შეუდრეკელია მისი დანგრეული სხეული, რადგან სულით მტკიცეა და შეურყეველი.
ტაოს დიდი ხუთეულის ერთი რაინდი. XI საუკუნის ამაყი მოციქული. თავის ძმებს: ოშკს, ხახულს, იშხანსა და ოთხთა ეკლესიებს დროდადრო ფიქრით ეხმიანება. დაუზარებელი ქარები დააფრიალებენ ძველი მეგობრების გაცრეცილ და დაცრემლილ ბარათებს.
ბანაში დაუწერიათ ჯვარი ბაგრატ მეოთხესა და ბიზანტიელ ელენეს.
ამ სისხლით გაპოხილ მიწაში დღესაც ყრია ბაგრატიონთა ძვლები.
ბანა გაჯერებს დარდის სიდიადეში.

ხახული

ის ქალწულივით მიიტაცეს. უცხო სამოსით შემოსეს და ფეხქვეშ გაუშალეს შირაზისა და ქაშანის ხალიჩები. იმზირება ახლა ცხრათავიანი დევის კოშკში დამწვდეული ქალწულივით და მოელის მხსნელს, რომელიც არა ჩანს.
მაგრამ
ვერაფერი დაადნობს ამ გასალკლდევებულ მოლოდინს.
მოლების ხმამაღალი რიტმული ღაღადი დაურღვევს გაყუჩებულ მყუდროებას.
ერთგული ქარი შორიდან მოუტანს საგალობლის ნაფლეთებს
და ილოცებს ხახული
უღარღილოდ წარმოთქვამს ფსალმუნებს და დაელოდება
უსაზღვროებას შერწყმია მისი მოლოდინი.
მაინც დგას ქალწული ხახული_დაწინდული ამაყ საქმროს ელის.
მანუგეშებელ მზერას მოგვაპყრობს დაფეთებული მზერით.
რაა, ჩვენ რაა, თვალებდახრილნი გვერდით ჩავუვლით, სამოსის კალთებს ვემთხვევით და მის დაჭრილ გულში ჩავიხედავთ.
გულზე დაუფენიათ ჭრელი ხალიჩები, მაგრამ ჭრილობიდან დადენილ სისხლს მხოლოდ მშობლიური ცრემლის მალამო შეაჩერებს.
ის კი ჯერ არ ჩანს.
ხახულის მეჩეთში ახლა მოლები ლოცულობენ.
აქ წერდნენ თავდახრილი ბერები პერგამენტზე ღვთის დიდებას.
ნათელ თამარს ხახულისთვის შეუწირავს შამქორის ბრძოლიდან ჩამოტანილი მტრის დროშა.
ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი რელიეფი_ მუსლიმთა მორიდებასა და პატივისცემას იწვევდა. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, სოფლის მკვიდრნი მას მარიამს უწოდებდნენ და შვილიერებას, სნეულთა განკურნებას შესთხოვდნენ.
არწივი მკერდზე გამორჩეულობის ნიშანი.
ხახულის არწივი, ტაძარზე თითქოს დასასვენებლად ჩამომჯდარი, ნაბრძოლი და დაღლილი, ბრჭყალებში მონადირებული კურდღლით. ქრისტიანული სიმბოლიკით: არწივი ძლიერებასა და ძალაუფლებას განასახიერებს, თანვე ამაღლებასა და აღდგომას. კურდღელი კი მორწმუნის სიმბოლოა
არწივი ზეცაში აიტაცებს ღმერთს მინდობილ სულს.
არწივის თავზე სხივებად გაშლილი შარავანდედი და მის ფეხთქვეშ ულამაზესი წნული ორნამენტები სამოთხის მონატრებაა.
ამ არწივის დინჯი მზერა მოგვაცილებს, გვამუნათებს და გვამხნევებს.
ის არის ერთადერთი დარაჯი დატყვევებული ხახულის სულისა, რომელიც ოსტატმა ხახულის ღვთისმშობლის ხატში მოამინანქრა.


ოშკი

გაცვეთილ ყავარჯენზე ჩამოუყრდნია ერთი მხარი.
შენგრევია მკერდი. X საუკუნეში მეფე დავით მესამე კურაპალატისა და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის ძალისხმევით ნაგები.
დასცვენია ხორცი,
მაგრამ თვალებს ელვარება არ დაუკარგავთ და როცა შორეულ ნათესავი მოინახულებს, ძველებურად წამოიმართება შესაგეგებლად
და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს, რომ ქარს მიუმსხვრევია დუღაბით შეკრული მკლავები.
დროს ჩამოუშლია გაშლილი მხრები.
მაგრამ სხეული, ნატიფი და აღნაგი მაინც დგას.
გამთენიისას მოჟივჟივე ჩიტების გუნდად მოევლინებიან ანგელოზები და ცისკრის ლოცვას იგალობებენ.
გუგუნით აჰყვება ტაძარი.
ხმაც დასჟანგებია, მაგრამ
ხანდახან
თუ მოადგება შორეული მგზავრი სამშობლოდან და მოიკითხავს
შემცივნებულ გვერდებს დანთებული სანთლით შეუთბობს,
კვლავაც დაახვევს თავბრუს მნახველს მცენარეული ორნმენტებით, ფრინველთა და ცხოველთა დახვეწილი გამოსახულებებით, ნატიფი რელიეფებით, დეკორატიული ცუქურთმებით.
ოშკის ლავრაში მორვაწეობდა იოვანე-თორნიკე.
აქ გადაიწერა `ოშკის ბილია~ დასხვა მრავალი სულის საოხი ხელნაწერი.
მაშინ კასაც დაეწმინდებ ხმა და
აღარ შეაშინებს შორეთის მდუმარება.
სალ კლდეებში გაისმება მის დაწმენდილი და წკრიალა ხმა.
გაიღვიძებენ კედლებში ჩაკირულ წმინდანთა აჩრდილები
და მთელ სამყაროს გაათბობს მათი ლოცვა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.



ხანძთა

წარსულს ქარებივით გავედევნებით.
გზა, რომელიც საკუთარ თავს შეგამეცნებინებს.
გზაში წყაროა, ორიოოდე ნაბიჯიღა რჩება ხანძთამდე.
სურნელოვანი ქონდრის აყვავებული ბუჩქები მიუყვება ვიწრო გზას. აქ მხოლოდ ფეხით უნდა ახვიდე,
ტერფებზე აიკრა აქაური მტვერი და მერე იმ წყალთან შესვენებულმა იგრძნო,
ვიღაც გაწვდის წყალს ზემოდან, რომელიც წარსულია.
წყალი ანკარაა და მაცოცხლბელი...
ვეწაფებით და კვლავ გვწყურია.
შემოდგომაა. ოქტომბრის თვრამეტი.
აფერადებულან ხეები.
წითლად ბრდღვაილებს ნეკერჩხალი.
ხანძთა თავმოკვეთილია პავლე მოციქულივით, გული კი კვლავ უფეთქავს.
ნეტარ არის სულით გლახაკი.
ეს არ არის ლეგენდა.
გიორგი მერჩულეს ნაამბობი, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთა და მის მოწაფეთაგან.
დედაენასავით წასაკითხი ''ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა''.
საქორწინე კრებული შორეთს იკარგება.
''ზეცისა კაცი და ქვეყნის ანგელოზი''_ფსალმუნის გალობასავით ღრმა და ტბილი წარმოსათქმელი.
''უადბნოთა ქალაქმყოფელი''-ორსიტყვიანი პოეზია... ფილოსოფიურ_რელიგიური ლირიკა. მირონის ნაკვალევი ატყვია ლოდებს. IX საუკუნეში ბერების ხელით რუდუნებით აშენებულს. ერისკაცთა დახმარებით განმტკიცებულს.

კვლავაც მოისმის გრიგოლ ხანთელის მოუღლელი ლოცვა საუკუნეთა წიაღიდან.
ღამღამობით ცის კაბადონზე ვარსკვლავთა შორის ერთის ბრწყინვალება იტაცებს თვალს. ახლა ვიცი, ის ''უდაბნოს ვარსკვლავია''. ცაში გაფრენილი გრიგოლ ხანძთელის სული.
ღამღამობით დაფლეთილი სხეული შეჰყურებს ამ ვარსკვლავს და ჩვენი მზერა ერთდება.

ეს ლექსი კი ხანთის ნახვამდე დავწერე:

ხანძთა

ის მიტოვებულს
ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის
ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა,
ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა_
ხერხემალგადამსხვრეული.
სველ ქუთუთოებს
ძლივს ასწევს მაღლა
ფსალმუნთა სითბოს
მონატრებული.
და დახავსებულ
ხმით ღმერთს ადიდებს
ლოცვებში
ჩამდნარ_ჩანაცრებული.




დოლისყანა


მზეზე დაჭორფლილა მისი სხეული. ფერადი ქვებით შეკრული მისი სხეული კვლავაც იზიდავს მნახველს.
განა რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?!
შენიანის მზრუნველი და მოსიყვარულე მზერა_ასე იაფი და იოლად მოსაპოვებელი.
დოლისყანისთვის გაძვირებული.
უბედური?!
არ დაიჩივლებს, წამითაც არ დასცდება საყვედური.
ეგ არის, ცრემლი უნებართვოდ დაუგორდება ღაწვებზე,
ვარსკვლავები ხმამაღლა წაიკითხავენ მის გულის ფიქრებს და
ბნელ ღამეს გაბზარავს სასოწარმკვეთი კვნესა
დილით ცრემლის ნაკვალევს ამოაშრობენ თბილი და ტკბილი მზის სხივები.
გათამამდებიან ბალახები და ტანის ხვრას დაუწყებენ, თავიანთი ფესვების საბუდრად გაიხდიან ანგელოზების სამყოფელს,
სად გაფრენილან ანგელოზები?!
იქნებ არსად.
არსად...

***
ღამით ძილგატეხილს თუ უცნაური ხმა შემოგესმება,
იცოდე, ეს ტაო_კლარჯეთში მიტოვებული ტაძრები გიხმობენ...
ეს მათი ვედრება არღვევს მყუდროებას...
იფხიზლე- ქარსა და ღრუბლებს მოციქულებად გიგზავნიან...
შენ კი მათი ენა დაგვიწყებია და
გაურკვევლობა გაშფოთებს...
ახლა ხომ იცი, რატომ ირღვევა სიმშვიდის გალავნები შუაღამისას...
იცი და გეშინია, წარმავლობის მძლავრმა ტალღამ სამუდამოდ არ შთანთქას ის, რასაც შენი საშობლო ჰქვია...


დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''გულის ბარძიმი'', 2009

1 comment:

  1. ძალიან კარგია...მომეწონა.დიდი სიამოვნებით გავეცნობი ახალ ბლოგებს...წარმატებებს გისურვებ

    ReplyDelete