მაია ჯალიაშვილი
აბსურდის ტყვეობაში
(ზაზა თვარაძის რომანი`სიტყვები~)
თანამედროვე ქართული რომანი გამოირჩევა რეალობის რეპრეზენტაციის საინტერესო ვარიაციებით. საყოველთაო პოსტმოდერნისტული ტენდენციები ქართულ პროზაშიც გამოვლინდება და, ამ თვალსაზრისით, ამ რომანშიც აირეკლება ნონსელექციის, ინტერტექსტუალობის, ირონიული მოდუსის და სხვა ნიშნები, მაგრამ, ეს რომანი ტიპოლოგიურად ენათესავება `ახალ რომანს~ (`ანტი-რომანის~ სახელწოდებით რომაა ცნობილი დასავლეთ ევროპაში). ზაზა თვარაძე ამ რომანით ჩამოჰგავს ფრანგ ნატალი საროტს, რომელიც ცდილობდა ხელუხლებლად შეენარჩუნებინა ის საიდუმლოება, რომლითაც ადამიანი და მისი ქცევა იყო განპირობებული.
ზაზა თვარაძის რომანში მთავარია არა ამბავი, პერსონაჟები, ხასიათები, არამედ ერთგვარი მეტაფიზიკური რეალობა, რომელსაც ის სიტყვების `ხორცშესხმით~ ქმნის. რომანში სიტყვები დამოუკიდებელ ცოცხალ პერსონაჟებად შემოიჭრებიან, მთლიანად ცვლიან რეალობაზე ჩვეულებრივ წარმოდგენას და სამყაროს ერთგვარ `მეოთხე~, სიტყვიერ განზომილებას ქმნიან. ამ განზომილებაში ადამიანი სიტყვასთან, როგორც ცოცხალ ორგანიზმთან ერთად თანაარსებობს და თავის ქვეცნობიერ იმპულსებს ავლენს.
სიტყვა ამ რომანში აღარ არის მხოლოდ პროზის შენობის ასაგები `მასალა~, არამედ ის თვითონ არის ახალი რეალობა, რომელიც ჩაენაცვლება ჩვეულებრივს, ადამიანური გრძნობის ორგანოებით აღსაქმელს.
ზაზა თვარაძე ამ რომანში არ ქმნის ხაზგასმული მისტიკისა თუ ფანტასტიკის განცდას. მისი `ახალი რეალობა~ აქვე, ჩვენ გვერდით, ხელის გაწვდენაზეა, როგორც სიზმარი, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ეს სიზმარი გამოდის წინა რიგში და იქმნება განცდა მისი ფიზიკურ რეალობაზე უპირატესობისა. ე. ი. გაღვიძებული ადამიანი სინამდვილეში მძინარეა, რადგან დაჩლუნგებული აქვს უხილავი სამყაროს შეცნობის უნარი, მწერალი ცდილობს ჩასწვდეს და დახატოს საუბრების, ჟესტების, განცდების, ერთი სიტყვით, გარეგნულად გამოხატულის მიღმა დაფარული, არაცნობიერში ღრმად დამალული რეალობა.
ზაზა თვარაძის რომანისეული ალტერ_ეგო, ფსიქოლოგი მთხრობელი, ირონიულად უყურებს ფსიქოლოგიას და მის მცდელობას ახსნას ადამიანური არსებობის აზრი თუ სიცოცხლის მოტივაციები. ამიტომაც ის ხატავს არცნობიერის უმცირეს, შეუმჩნეველ მოძრაობებს, რათა დაინახოს გარეგნულად გამოვლენილი დრამის ფარული იმპულსები.
რომანის ცენტრალური სახე არის `სანეტარო კანტორა~_ამ სინტაგმაში მწერალი ქმნის სიტყვების თამაშის ილუზიას, თანვე ერთმანეთს აპირისპირებს ნატიფ ზერეალობასა და უხეშ სინამდვილეს. კანტორა_პრაგმატული თანამედროვეობის ანაბეჭდია, რომელიც რომანში გარკვეული ხნით, სამწუხაროდ, მხოლოდ დროებით, წაიშლება, რათა ტრაგიკულად წარმოჩნდეს რომანტიკულისა და ყოფითის `შეჯახებაში~ ამ უკანასკნელის დამარცხება. მკითხველი იცხოვრებს სიტყვების მშვენიერ სამყაროში, როგორც თავისუფალი, ლაღი შემოქმედი, მსგავსად ადამისა, რომელიც სამოთხეში თვითონ ქმნიდა სიტყვებს და ყოველივეს სახელდებდა. ეს გახსენება თუ მიბრუნება `სამოთხესთან~ მწერალს სჭირდება იმისთვის, რათა უფრო მძაფრად წარმოაჩინოს თანამედროვე, ტექნიკური ცივილიზაციის სამყაროში ადამიანის მარტოსულობის, გაუცხოებისა და დაკარგულობის ტკივილი.
რომანის გმირები აბსურდული ცნობიერების ადამიანები არიან. რა იწვევს აბსურდულობის განცდას? რეალობის შეცვლის შეუძლებლობა და მასთან შეუგუებლობის ტკივილი იწვევს გაქცევის წადილს. პროტესტის რაიმე ფიზიკური ფორმით გამოვლენა პერსონაჟთა სულიერ ძალებს აღემატება, თანაც ისინი ვერ ხედავენ ამ პროტესტის აზრს, ამიტომ მათ ბრძოლა მატერიალური სამყაროდან გადააქვთ ახალ, წარმოსახულ, სიზმრისეულ განზომილებაში. აქ ისინი თავისუფლდებიან ყოფიერებაზე მიჯაჭვულობისაგან, წარმავლობისაგან, ამაოებისაგან, რადგან ახალ განზომილებაში აღარ არის საჭირო ცხოვრების საზრისის ძიება. აქ ყველაფერი თავის ადგილასაა.
რას წარმოადგენს აბსურდული ადამიანი?_სვამს კითხვას ალბერ კამიუ და თვითონვე ასე პასუხობს: `ის არფერს აკეთებს მარადისობისთვის~...ამ თეზისს ვრცელ მსჯელობას მოაყოლებს და დაასკვნის: `ერთადერთი აზრი, რომელიც არ ცრუობს, უნაყოფო ფიქრია. აბსურდულ სამყაროში ცნების ან ცხოვრების ღირებულება უნაყოფობით იზომება~ (კამიუ 1996: 67). მთავარი გმირი შემოქმედია, მაგრამ მას აღარ აკმაყოფილებს ტრადიციული ღირებულებები, მას აღარ შეუძლია მათზე დაყრდნობით გაამართლოს თავისი არსებობა. ამიტომაც არის, რომ მჟღავნდება ერთგვარი ირონია კლასიკური ყაიდის მხატვრული ტექსტების მიმართ. იმ დროში, როცა ისინი იქმნებოდნენ, შეეფერებოდენ იმ დროის ადამიანთა სულისკვეთებას, მაგრამ თანამედროვეობაში შეუძლებელია მწერალმა თხრობა დაიწყოს, მაგალითად, გმირთა ჩვეულებრივი აღწერით, რაღაც ამბავი შეთხზას და გულდაგულ მიჰყვეს სიუჟეტის განვითარებას გულუბრყვილო მკითხველის მისატყუებლად. ამიტომაც ზაზა თვარაძე ამ რომანს იწყებს სწორედ კლასიკური ტექსტების ერთგვარი პაროდირებით, აღწერს, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სოფელ N-ს მოჩარდახული ურემი მიადგება და ა.შ. მაგრამ მალე წყვეტს ამ ერთგვარ იდილიურ თხრობას და უნაცვლებს დღევანდელობას. ახლა მოქუფრული ცივი დილაა, ე. ი. სრული კონტრასტია იმ იდილიასთან, ეს კი თავის მოტყუებას ჰგავს. ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც მთლიანად შეძრავს გმირის ცხოვრებას. რეალური და წარმოსახული სივრცეები ერთმანეთს ჩაენაცვლება. პერსონაჟები იწყებენ საგნებისა და მოვლენებისთვის სახელების გადარქმევას. მაგ. ჩვეულებრივი სანოტარიუსო კანტორა გადაიქცევა სანეტარო კანტორად. ეს, ერთი შეხედვით, აბსურდული წარმოდგენა გმირებს შეაძლებინებს ახალი ცხოვრების დაწყებას, რაც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, განსხვავებულ ვნებათა ჭიდილით.
მწერალი გმირებს `სანეტარო კანტორაში~ შეაძენინებს ზარდახშებს, რომლებშიც ხორცშესხმული სიტყვებია. მთელი რომანი სწორედ ამ სიტყვებით თამაშია, ე. ი. სიტყვებით იქმნება ახალი რეალობები, თუმცა აბსურდულობის განცდა ბოლომდე მაინც ვერ დაიძლევა, რადგან სადღაც, მეხსიერების კუნჭულში ფუთფუთებს ეჭვი, რაც მატერიალურად ხელშესახებს წონასწორობას უკარგავს. ნატალი საროტმა რომანით `ეჭვის ეპოქა~ ზუსტად გამოხატა თანამედროვეობის არსი. თანამედროვე ადამიანისთვის ეჭვი აზრის მამოძრავებელი ძალა კი აღარ არის, არამედ ყოველივესთვის აზრის გამომცლელი, დამთრგუნველი. სწორედ რეალობისგან დათრგუნული ადამიანები არიან ზაზა თვარაძის რომანში დახატული.
მწერალი ამ რომანით გამოხატავს შემოქმედი ადამიანის დაუმორჩილებლობასაც, აქ არის სიზიფესეული მძიმე, მტანჯველი სვლა მწვერვალისკენ, რომელიც მის გულს სიცოცხლის ძალით ავსებს. გმირს არ სურს გარშემომყოფთა მსგავსად, შეეგუოს არსებულ ვითარებას. მთავრი გმირი სანეტარო კანტორის აღმოჩენამდე გარბოდა მისთვის სასურველ ტექსტებში, უპირველესად `ვეფხისტყაოსანში~, გალაკტიონის `პოეზიაში~, მაგრამ ახლა სურს, რომ ეს ტექსტები იყოს არა რაღაც მეორეული, არამედ პირველადი, ე.ი. სიტყვების სამყარო ჩაენაცვლოს რეალობას. ამიტომაც არის, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ რუსთველის, გალაკტიონის სიტყვებით თამაშობს. მათი სტრიქონებისგან მატერიალურ `საგნებს~ ქმნის. რომანში ამ სიტყვებს ფერიც აქვთ და სუნიც. მათი შეხება, ყნოსვა შეიძლება.
რეალობიდან ორიგინალური გაქცევის გზა დახატა ირაკლი ლომოურმა 80-იან წლებში გამოქვეყნებულ მოთხრობაში `შემთხვევა~, რომელშიც გმირი აბსურდულ სიტუაციაში, მეტროს გვირაბში გამოჩენილ აქლემთა ქარავანს მიჰყვება, აბსურდულობას ისიც აძლიერებს, რომ მოვლენის შემსწრე 19 მოქალაქიდან ამ გაქცევას მხოლოდ ერთი ადასტურებს. ამის სემდეგ ისიც ყოველდღე იწყებს მეტროში ჩასვლას იმავე სადგურზე (სხვათაგან განსხვავებით, რომლებიც ამ შემთხვევის შემდეგ მეტროს აღარ ეკარებიან) და ელის, რას ან ვის, მწერალი ღიად ტოვებს ამ კითხვას, თუმცა მკითხველი თვითონვე ხვდება, ელის აქლემთა ქარავანს, რომ ისიც გაჰყვეს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გაქცევის რეალური გზა, მაგრამ მწერალი ხატავს აბსურდის გარემოში შესაფერის აბსურდულ გამოსავალს, ისე რომ, მკითხველსაც გაუჩინოს ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის, თანვე უსაშველობის განცდა.
შესაძლებელია თუ არა, ე. ი. ადამიანს აქვს თუ არა უნარი ამგვარი მდგომარეობიდან თავდახსნისა, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და აქლემთა ქარავანს გაყოლა თუ ზარდახშიდან ამოსული სიტყვებით თამაში მხოლოდ თავის მოტყუებაა და რეალურად არ შეუძლია ადამიანს თავის დააღწიოს ამ აბსურდს. გამოსავალი მხოლოდ ამ აბსურდის წესების აყოლაა, ე. ი. სიცოცხლის უსაზრისობის აღიარება. რაც, რა თქმა უნდა, მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელია. სწორედ ამიტომაც იგიჟიანებს თავს ჰამლეტი, როცა მამის აჩრდილი მკვლელობის ამბავს, დედის ღალატს შეატყობინებს და შურისძიებისკენ მოუწოდებს. მისთვის ცხოვრება თავდაყირა დგება, რადგან არჩევანის წინაშე აყენებეს მამა: ან შური იძიოს, ე.ი. მკვლელად იქცეს, ან მამისმკვლელთან ერთად იცხოვროს. ამიტომაც როცა პოლონიუსი ეკითხება ბიბლიოთეკაში (წიგნების, ე. ეი. არარეალურ სამყაროში) განმარტოებულს თუ შეხიზნულს, რას კითხულობო: ეუბნება: სიტყვებს, სიტყვებს. ე.ი. არც ამ ირეალურ სამყაროშია ხსნა. ადამიანს სანამ ხორცი ასხია, მუდმივად აბსურდულ სიტუაციებში გახლართვისთვის, უსაშველო გარემოებათა ტყვეობისთვისაა განწირული. ერთადერთი გზა თვითირონიაა ან თავის მოგიჟიანება. ამგვარი ტიპის გმირებისთვის სიბრძნე, კითხვა, აღარ არის ხსნა, რადგან ცხოვრების აბსურდს წიგნიერი სიბრძნე, გონიერება ვეღარ უპირისპირდება. ცოდნა ცალკე რჩება, სიტყვები ცარიელდებიან, რადგან უძლურები არიან, რომ რამე შეცვალონ. ზაზა თვარაძის რომანის გმირებისთვისაც, ცალკე რჩება `ვეფხისტყაოსანი~ თავისი სიბრძნით და ცალკე ამავე ტექსტის სიტყვები, რომლებიც მის ხელში აზრს კი ინარჩუნებენ, მაგრამ ცხოვრებასთან აღარ არიან დაკავშირებული, არამედ უტკივილო თამაშთან.
გაქცევის სურვილი ყველა დროის ლიტერატურაში სხვადასხვაგვარადაა ასახული, შეიძლება ითქვას, თვითონ მხატვრული ტექსტის შექმნა გულისხმობს გაქცევას, მაგრამ იცვლება და ვარიაციებით მეორდება მისი ფორმები. მაგ. 1922 წელს გამოცემული ტომას ელიოტის `უნაყოფო მიწა~ თანამედროვეთაგან შეფასდა, როგორც `პირველი ომის შემდგომ ქაოსის დიაგნოზი~ და, იმავდროულად, როგორც ამ ქაოსის ალტერნატივა. სწორედ ამან განაპირობა ელიოტისეული `მითოლოგიური მეთოდი~, რომლის საშუალებითაც ქაოსის ალტერნატივის ძიება ხდება რელიგიასა და მითოლოგიაში.
საინტერესო `გაქცევით~ ხასიათდება გიორგი მარგველაშვილის ალტერ-ეგო, მინიატურების მთხრობელი კრებულში `მე წიგნის გმირი ვარ~.
არის თუ არა ამგვარი გაქცევა სრული გულგრილობის გამოვლენა რეალობის მიმართ, რაც დამახასიათებელია აბსურდული ცნობიერებს ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის აპათიური მდგომარობა, რადგან ამ ტიპის ადამიანებს და ამ რომანის გმირებსაც აღარ აინტერესებთ ის ღირებულებები (ჭეშმარიტი თუ ყალბი), რომლებითაც ცხოვრობს და საზრდოობს საზოგადოების უმეტესი ნაწილი. ისინი გამოეყოფიან ამ ნაცრისფერ მასას და თავიანთ გამოგონილ სამყაროში იკეტებიან. ზაზა თვარაძე სწორედ ამ რეალობას ჩანაცვლებულ ორიგინალურ სამყაროს ხატავს, რომელშიც ადამიანები არ სვამენ კითხვებს, რისთვის ვარსებობ? რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? თუკი ეს სიტყვები იწვევენ ტკივილს, უსაშველობის განცდას, მაშინ უნდა შეიქმნას ახალი სიტყვათკავშირები, რომლებიც ადამიანს მტანჯველი ფიქრებისგან გაათავისუფლებენ.
რომანის მთავარ გმირ ზაზასთვის უცნაური ზარდახშა მეგობარ ლევანს მოაქვს. მწერალი, რა თქმა უნდა, საგანგებოდ მოიხმობს ზღაპრისეულ სახე-სიმბოლოს, რათა გაამძაფროს საიდუმლოს შთაბეჭდილება. გმირები თითქოს ამ ზარდახშაში უჩინარდებიან და ახალ განზომილებაში გადიან, სადაც ყველაფერი თავდაყირაა, ეს არის, შეიძლება ითქვას, სარკის მეორე მხარე, რომლის მიღმა პერსონაჟები სრულიად ახალ განცდებს ეზიარებიან, უჩვეულოსა და დაუჯერებელს.
რომანში შთამბეჭდავად არის დახატული ზარდახშიდან (დამაჯერებლობისთვის მწერალი დეტალურად აღწერს მის შიდა თუ გარე ზედაპირებს) სხეულებრივი ფორმის სიტყვების ამოსვლა.
აქამდე ქართული ლიტერატურიდან ცნობილი იყო სიტყვებთან ამგვარი დამოკიდებულება. სიტყვებს ასე ხორციელად განსაკუთრებით მოდერნისტები განიცდიდნენ. დემნა შენგელაია წერდა: `სტყვები ჩემი საყვარლებიაო~. ეს იყო, რა თქმა უნდა, ფრანგ სიმბოლისტთა გამოძახილი. გურამ დოჩანაშვილის უცნაური ფოტოგრაფი (`კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა~) სწორედაც სიტყვებით: `მაშასადამე~, `იისფერი~, `გავძეხი~_აღიქვამს სხვებს.
`სიტყვების~ მთავარი გმირი ამ მოულოდნელ შემთხვევამდეც აცნობიერებდა, რომ ეჭვი ჰქონდა, სიტყვები ზღვის ფსკერზე იბადებოდნენ. ყოველი სიტყვა ეგონა რაღაც არსება, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა, ყოველი მათგანი გამოირჩეოდა განუმეორებელი თვისებებით. ამიტომაც არ გაჰკვირვებია ზარდახშის ხავერდოვან-მწვანე ფსკერიდან სიტყვა ჯერ `ნუგეშის~ და მერე სხვა სიტყვების ლორწოვანი სხეულების ამოსვლა.
ლევანს და ზაზას ერთგვარი ექსტაზი ეუფლებათ, ისინი ნეტარებენ, რადგან სადღაც ქრება ყოველდღიური ერთფეროვნება და სიტყვებით ახალ სხეულებს ქმნიან, ამ წუთებში ისინი, მართლაც, აღიდგენენ `ხატებასა და მსგავსებას~ ღმერთთან, შემოქმედნი ხდებიან, შინაგანად კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, უხარიათ, სიამოვნებას განიცდიან, რადგან ნამდვილ ღვთის შვილებად იქცევიან, ღვთის მიერ დასრულებულ შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებენ. უფალს ხომ ადამიანის შემდეგ აღარაფერი შეუქმნია. ახლა `მათი~ ჯერია, მათ ამ შექმნით ეუფლებათ განცდა საკუთარი პიროვნების ღირებულებისა. რომანში აშკარად არის ხაზგასმა, რომ ეს ადამიანები (და ზოგადად, სხვა ადამიანებიც) არავის სჭირდება, მათ ფუნქცია აქვთ დაკარგული, ამიტომაც უბედურები და ათასგვარ ნეტარებას დანატრებულნი არიან. ეს კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, როდესაც ზაზა მეგობრის ოჯახში ახალგაცნობილ სტუმრებთან ერთ სუფრაზე აღმოჩნდება.
იგრძნობა თუ არა რომანში კონკრეტული ეპოქის ხაზგასმა? რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დროა, XX საუკუნის ბოლო წლების საქართველო, გაურკვევლობისა და სასოწარკეთილების ბურუსით, მაგრამ, რომანი არღვევს კონკრეტულ დრო-სივრცის ჩარჩოებს. მასში ზოგადად, ადამიანის სევდაა გამოხატული, სევდა, რომელსაც წარმოშობს მოკვდავობისა და ამის გამო წარმოშობილი დროსთან შეჭიდების წინასწარგადაწყვეტილი დამარცხების განცდა. `სამუდამო სიკვდილმისჯილობით~ დადაღულია ყოველი მოკვდავი, ეს სასჯელი არანაირად არ არის გამართლებული რწმენაგამოცლილი კაცისთვის და ეს იწვევს მიუსაფრობისა და ტრაგიკულობის განცდას. ამ გაუცნობიერებელ-გაურკვეველი დანაშაულის გამო გამართული აბსურდული სასამართლო პროცესის მომსწრე ვხდებით კაფკას `პროცესშიც~, სადაც განაჩენსაც აღასრულებენ და გმირს სადღაც, ნანგრევებში ძაღლივით დაკლავენ. მთელი სამყარო თითქოს გულგრილობით შესცქერის ამ დასჯას.
რომანში გმირთა მიერ თავდაპირველად სიტყვებთან თამაში უაზროა, ზარდახშიდან ამოსული სიტყვები უფრო ამძაფრებენ აბსურდულობის განცდას. `სოსო მუდმივად ივლის რეგისტრატურაში~ ამგვარი წინადადება გმირთა სულიერ სიცარიელეს ავლენს, ან კიდევ შემდეგი ირონიულ-პაროდიული მსჯელობა, რომელიც ფიქრის აბსურდულობას წარმოაჩენს: `აშხაბადი, ვითარცა ჭუპრი~ _ `ეს სიტყვები დაახლოებით ისე უნდა იქნას წაკითხული, როგორც `აქროლადი, ვითარცა ჭუპრი~, ან `ჩახშობადი ვითარცა ჭუპრი~. რაც შემეხება მე, პირადად `აქროლადის~ მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ საკმაოდ აქროლადი ბუნების ადამიანი გახლავართ, თუმცა... არც ჩახშობადობა მაკლია, კერძოდ, ჩემი ჩახშობა არც ისე ძნელია, თუმცაღა მალე ისევ იოლად ავქროლდები ხოლმე. ერთი კია _ აშხაბადში არასოდეს ვყოფილვარ დ არც არავითარი სურვილი მაქვს იქ მოხვედრისა, თუკი, რა თქმა უნდა, აშხაბადი არ მოვა ჩემთან, როგორც მთა _ მუჰამედთან. როგორც უნდა იყოს, იმ დღეს, აქროლად გუნებაზე მყოფმა მე შევქმენი ჩემი პირველი შედევრი, და იგი ასე გამოიყურებოდა: `აშხაბადი, ვითარცა ჭუპრი~. აბსურდული მსჯელობა აქ არ მთავრდება და მწერალი ამავე სტილში განაგრძობს: `ეს სიტყვები ვინმეს შეიძლება არაესთეტიკურად მოეჩვენოს, ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს სტრიქონი რაღაცნაირად მილევადი ან უხეშად მოჭრილია, მაგრამ ვინ რა იცის რა არის ესთეტიკური? ვინ იტყვის რა არის მშვენიერება? განა შეიძლება უშვერად გამოვაცხადოთ სტრიქონი მხოლოდ იმის გამო, რომ შიგ `შხ~ და `პრ~ დიფთონგები ურევია?! თუკი მხოლოდ ბგერაზე მიდგა საქმე და აზრს სრულიად არა აქვს მნიშვნელობა, მაშინ რატომ ჟღერს ჩემს ქმნილებაზე გაცილებით უფრო უშვერად მისი სარკისებრი ანარეკლი: `ირპუჭ აცრათივ იდაბახშა?!~ (თვარაძე 2008: 30). მაგრამ თანდათან ყოველივეს აზრი ენიჭება და ამ აზრს არა დამოუკიდებლად, არამედ ისევ კლასიკოსთა დახმარებით მოიხელთებს, თუმცა, ეს `მოხელთებაც~ ილუზიურია. სიტყვებით თამაშს ამოჰყვება ლევანის მეგობარი _ მაია, რომელიც ზარდახშასთან ერთად გაქრება, სწორედ ამიტომაც ჰქვია ეს სახელი, რომელიც ეტიმოლოგიურად მოჩვენებითობას უკავშირდება.
საგულისხმოა, რომ ზაზა უამრავ სიტყვებში ვერ პოულობს პირის ნაცვალსახელ `მეს~ და ამიტომაც ყველაფერი მესამე პირში გამოჰყავს. ეს დეტალიც კარგად ამხელს გმირის გაუცხოებას, მას ვერ უპოვია იდენტობა, ის დაკარგულია და განწირული. ამიტომაც ღრმავდება ქვეცნობიერში და იქიდან `ამოაქვს~ სიურრეალისტური სხეულები სიტყვებისა. რომანი პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ მეტატექსტის ელემენტებსაც შეიცავს. ავტორი ირონიულ მინიშნებებსა და ახსნა-განმარტებებს სთავაზობს მკითხველს, რაც რომანისეული თამაშის გაგრძელებაა. ავტორი მკითხველს სწორედ მაშინ `ჩასჭიდებს~, როცა ის საღრმისეული სერიოზული დასკვნების გასაკეთებლად ემზადება. ამგვარად გამოვლენილი ირონიაც წარმოიშობა ყოველივეს აზრდაკარგულობის განცდიდან.
აბსურდულია რომანის დასასრულიც: გმირს სანეტარო კანტორის ადგილას კვლავაც ჩვეულებრივი ნოტარიუსის კანტორა ხვდება და ეს ხდება სრულ სიცხადეში, ხაზგასმულ მღვიძარებაში. ასე რომ, მწერლის დასკვნით, ამგვარი `მოჩვენებები~ სწორედაც რომ რეალური ცხოვრების თანმდევია. მრავალმნიშვნელოვანია რომანის ბოლოს გაოგნებული პერსონაჟის სიტყვები: `როგორც ჩანს, ეზო შემეშალა... ეზოც შემეშალა, ქუჩაც და ქალაქიც~.
დამოწმებანი
თვარაძე 2008: თვარაძე ზაზა. სიტყვები, გამომცემლობა `ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა~. თბ. 2008
კამიუ 1996: კამიუ ალბერ. სიზიფეს მითი, გამოცემლობა `ლომისი~, თბ. 1996
დაიბეჭდა ჟურნ ''ჩვენს მწერლობაში'' , #19, 2009

საავტორო უფლება დაცულია
No comments:
Post a Comment