Translate

Thursday, January 6, 2011

მაია ჯალიაშვილი გივი მარგველაშვილის მინიატურებზე

საავტორო უფლება დაცულია
მაია ჯალიაშვილი

ლიტერატურული სივრცე_თავშესაფარი

(გივი მარგველაშვილის მინიატურების მიხედვით)

თუ ბორხესი ეჭვობდა, რომ ადამიანები პერსონაჟთა მსგავსად, შეიძლება გამოგონილნი ყოფილიყვნენ, გივი მარგველაშვილი ამ ეჭვს რეალობად აქცევს და წერს: `მე წიგნის გმირი ვარ.
ჩემს წიგნში_
მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ,
ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.
იქ მატარებელივით მივიწევ წინ.
ჩემი ცხოვრების ხაზი
ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.
დღე, როდესაც მავანი მკითხველი
ამ მარშრუტს აირჩევს,
ჩემი დაბადების დღეა~.
ასე რომ, მწერალი თვითონვე აქცევს თავს წიგნის გმირად და ამგვარად თავს დააღწევს მოკვდავობას, სიცოცხლის ერთჯერადობას. წიგნის ყოველი წაკითხვისას ის ხელახლა აღდგება და ასე, მკითხვლთან ყოველი ახალი შეხვედრისას ისევ იგრძნობს ცხოვრების სიტკბოსა და სიმწარეს და გაიმეორებს ცხოვრების მისტერიას.
ხორხე ლუის ბორხესს წერილში `დონ კიხოტში~ დაფარული მაგია~ მოჰყავს მაგალითები მსოფლიო ლიტერატურიდან, როდესაც პერსონაჟები და რეალური პიროვნებები ერთ დრო_სივრცულ არეალში მოაზრებიან. მაგალითად, `დონ კიხოტში~ მღვდელი და დალაქი ათვალიერებენ დონ კიხოტის ბიბლიოთეკას, სადაც ერთ_ერთი წიგნი თვითონ სერვანტესის `გალათეაა~. უფრო მეტიც, დალაქი მაინცდამაინც არ არის აღფრთოვანებული ამ წიგნით და მიაჩნია, რომ ავტორი უფრო ძლიერი ფათერაკების აღწერაშია. `ასე რომ, სერვანტესის გამონაგონი, ან სერვანტესის სიზმრის ნაშიერი ეს დალაქი თვით სერვანტესზე მსჯელობს~ ამავე რომანის მეორე ნაწილში კი პერსონაჟებს უკვე წაკითხული აქვთ `დონ კიხოტის~ პირველი ნაწილი. ამ და სხვა მსგავსი მაგალითების მოხმობით ბორხესი დაასკვნის: `კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ღვთაებრივი წიგნი, რომელსაც მსოფლიონნი წერენ და კითხულობენ (და ცდილობენ შეიმეცნონ) და რომელშიც თვითონ მათაც ამგვარადვე წერენ~. ბორხესისთვის `წიგნი, ყოველგვარი წიგნი წმინდა რამ არის~. იგი ლეონ ბლუას მოიხმობს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები; და წიგნი, რომელიც მარადჟამს იწერება_ერთადერთია, რაც არის მსოფლიოში, უფრო სწორად, იგი თვითონ არის მსოფლიო~. ბორხესი ჰომეროსისეულ რწმენას, ღმერთები ადამიანებს იმიტომ შეამთხვევენ ფათერაკებს, რომ მომავალ თაობებს სიმღერების შეთხზვის საგანი ჰქონდეთ და მალარმესეულ გამონათქვამს, მსოფლიო იმისთვის არსებობს, რომ ერთ წიგნში აღიბეჭდოს, ერთმანეთთან აკავშირებს და ორივეს ტანჯვის ესთეტიკურ გამართლებად მიიჩნევს.
გივი მარგველაშვილის ესთეტიკაც წიგნის კულტს ეფუძნება. XX საუკუნეში განსაკუთრებულად გამძაფრებული შეგრძნება, რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, მან გადალახა ამ დაწერილთან ურთიერთობის გამონახვის ფორმების ძიებით. სწორედ ეს ძიებებია ასახული მისი მინიატურებისა და ლექსების წიგნში `მე წიგნის გმირი ვარ~ (გერმანულიდან თარგმნა და წინათქმა დაურთო ნაირა გელაშვილმა, თბ. 2006).
გივი მარგველაშვილი ტრაგიკული ბედის წყალობით გერმანულენოვან მწერლად იქცა, თუმცა მისი მრავალფეროვან შემოქმედებაში საქართველოს თემატიკა გამორჩეულია და მნიშვნელოვანი. ამჯერად იმას წარმოვაჩენთ, თუ როგორ აირჩია მან საუკეთესო თავშესაფრად დაწერილი ტექსტი. `რა სახის ლიტერატურას ვეკუთვნით ჩვენ_მე, ლექტორი და თქვენ, ჩემი მსმენელები: რეალისტურ რომანს თუ ფანტასტიკას~_არაორაზროვნად კითხულობდა ბორხესი და ამით აუდიტორიის დაბნევას კი არა, მის სწორ გზაზე დაყენებას ისახავდა მიზნად. გივი მარგველაშვილისთვის ეს კითხვაც გარკვეულია. მკითხველზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს მას `დაწერილ~ (ცხოვრებისეულ) ტექსტში_ფანტასტიკური თუ რეალისტური ნაწარმოების გმირად. ასე რომ, გივი მარგველაშვილი მკითხველის კულტსაც ქმნის. ადამიანი, ერთი მხრივ, კითხულობს სხვათა დაწერილ ტექსტებს, მეორე მხრივ, საკუთარ თავსაც ამოიკითხავს (შეიმეცნებს) ცხოვრების წიგნში. ამ შემთხვევაში, მთავარია, ერთგვარი მეორეული ცხოვრება, რომელიც იქმნება კითხვის პროცესში. ამ დროს ადამიანი (მკითხველი) იქცევა სხვად და ერთგვარ კიბერსივრცეში (წარმოსახვით სივრცეში) იწყებს მოგზაურობას და ურთიერთობას ტექსტისმიერ სამყაროსთან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის ეხმიანება ოსკარ უაილდს, ჰერმან ჰესესა თუ მარსელ პრუსტს, რომლებიც წიგნის, გამოგონილი და წარმოსახული სამყაროს რეალობაზე უპირატესობას აღიარებდნენ.
ჟერარ ჟენეტი იხსენებს მიგელ დე უნამუნოს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ `მხოლოდ პერსონაჟები ცხოვრობენ ჭეშმარიტი ცხოვრებით და იყენებენ იმას, ვინც ჩვენ ცოცხლად წარმოგვიდგება, იყენებენ იმისთვის, რათა მკითხველის თვალში თავიანთი სახე მოიპოვონ~ და დაასკვნის: `უნამუნოსა და ბორხესის მითები სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს თავიანთი მკაცრი, შესაძლოა უმკაცრესი, `მორალით~: `თუკი სერვანტესს სერიოზულად აღვიქვამთ, დონ კიხოტის არსებობაც უნდა გვჯეროდეს; მაგრამ თუკი დონ კიხოტი არსებობს, მაშინ უკვე სერვანტესი და ჩვენ_მისი მკითხველები_ვიქცევით აჩრდილებად, ანუ გვრჩება არსებობის ერთადერთი ხერხი_გავუჩინარდეთ და თავად ვიქცეთ ლიტერატურად~ (`ლიტერატურის უტოპია~)
გივი მარგველაშვილი სწორედ ასე უჩინარდება შექმნილ ტექსტებში, რათა პერსონაჟთა რეალურობაში უფრო მეტად დაგვარწმუნოს.
ნაირა გელაშვილი ამავე წიგნის თანდართულ წერილში `გივი მარგველაშვილის მინიატურისთვის `ისააკის გაქცევა ბეთლემში~ აღნიშნავს: `წიგნის გრანდიოზული ქვეყნიერება თავისი უთვალავი ავტორით, პერსონაჟითა და მკითხველით, დაწერილი ტექსტის თვალუწვდენელი სივრცე_თვითონ იწყებს ადამიანთა სამყაროს შექმნას, გარდაქმნას, განსაზღვრავს მათ ცნობიერებასა და ბედისწერას. წიგნის სამყაროს თავისი საკუთარი, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებული კანონები აქვს. ამ კანონებს სკრუპულოზურად იკვლევს მწერალი გივი მარგველაშვილი და აქ მისი იარაღია როგორც შემოქმედებითი ფანტაზია, ასევე, ფილოსოფიური სიზუსტე და თანმიმდევრობა~.
უპირველესი წიგნი, რომელთანაც ურთიერთობით ახალ სიცოცხლეს შეიძენს ადამიანი, არის ბიბლია. გივი მარგველაშვილის დამოკიდებულება ამ წიგნის და იქ აღწერილი მოვლენების მიმართ ორიგინალურია. იგი ქმნის მისტიფიკაციას ერთგვარი რაინდული ორდენისა, რომელსაც ჩვენს დროში სიკეთის დაცვა აურჩევია თავის მოვალეობად. ამ ორდენს შეიძლება შეუერთდეს ნებისმიერი მკითხველი, რომელიც გივი მარგველაშვილის მინიატურების კითხვას შეუდგება. მწერალი ერევა უკვე დაწერილი ტექსტის ისტორიაში და ცვლის, მართალია ეს ცვლილება წარმოსახულია და მხოლოდ კითხვის პროცესში ხორციელდება, მაგრამ მკითხველს პასიური დამკვირვებლიდან აღწერილი ამბების აქტიურ მონაწილედ აქცევს, მას უქმნის ილუზიას, რომ Eშეუძლია ჩაერიოს უკვე დაწერილში და პერსონაჟთა ბედი შეცვალოს. მინიატურაში `ისააკის გაქცევა ბეთლემში~ მწერალი მკითხველთან ერთად ცვლის ცნობილ ისტორიას. ის მამის წინ სამსხვერპლოდ მორჩილად მიმავალ ისაკს მოულოდნელად შეშინებულ ბავშვად აქცევს, ჯიუტად რომ გაურბის დანამოღერებულ მამას. მწერალი მკითხველთან ერთად მფრინავი თეფშით მიუძღვება ისააკს ახალი აღთქმის ტექსტისაკენ, სადაც `ძველტექსტისმიერ არსებას თემატიურად ეკრძალება აქ შემოსვლა. პატარა ისააკისთვის კი გამონაკლისს ვუშვებთ~. ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურული თამაშის ნაირსახეობაა, მაგრამ ძალიან ორიგინალური და საინტერესო. მკითხველი თავისუფლდება ტექსტზე მიჯაჭვულობისაგან, ის შედის ტექსტში და მონაწილეობას იღებს პერსონაჟთა ბედის გადაწყვეტაში. მსოფლიო ლიტერატურაში ამგვარი `თამაშების~ გამოცდილება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ გივი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებული ამ თამაშის ფორმები განსხვავებულია, მომნუსხველი და შთამბეჭდავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ბიბლიურ პერსონაჟებს ეხებათ. აქ უკვე აღარ მოჩანს საბედისწეროდ და გარდუვალად: `რომ დაწერილი სიტყვა უნდა აღსრულდეს~.
აქ მჟღავნდება მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული თვალთახედვა, მისთვის აღარ არსებობს ტექსტი, როგორც ავტორიტეტი, ხელშეუხებელი. ის დაწერილს ცვლის, მართალია, მას არა აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების ჩანაცვლებისა, ან რაიმე აღიარებული ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებისა, ის, უბრალოდ, წაკითხვის ახალ გზას იგონებს ძველი ტექსტების ახალი გაცოცხლებისთვის და მათთან ახალი და ორიგინალური დიალოგის გასამართავად. ამ შემთხვევაში, ბიბლიური ამბავი, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს მის თვალში ავტორიტეტულობას, მაგრამ ის არ კითხულობს მას ისე, როგორც აქამდე სხვები კითხულობდნენ, ის ეძებს და პოულობს კიდევაც ახალ გზებსა და ბილიკებს ცნობილი მხატვრული ტექსტების ახალი აღქმისათვის, რათა ძველ ტექსტთან ურთიერთობის ნაცნობი განცდა გადაახალოსოს და გაამრავალფეროვნოს. ძველი ტექსტი მისთვის ხომ რეალობიდან გაქცევის გზაა, ის მისი თავშესაფარია, ამიტომ ცდილობს იქ ყველაფერი ისე გადაალაგოს, როგორც თვითონ სურს. თანაც, ეს საქმე არც ისე ძნელი ეჩვენება. რადგან, ყოველივე მხოლოდ მის წარმოსახვაში ხორციელდება. წარმოსახვის ერთპიროვნული განმგებელი კი თვითონაა.
ჟერარ ჟენეტის აზრით, ყოველი წიგნი წაკითხვისას ახლიდან იბადება და ლიტერატურის ისტორიაც, ასევე, კითხვის ხერხებისა ისტორიაა. ამ აზრის დასტურად მოიხმობს ჟენეტი ბორხესის ციტატას: `ესა თუ ის ლიტერატურა წინამორბედისგან ტექსტების შემადგენლობით კი არ განსხვავდება, არამედ მათი წაკითხვის ხერხებით~.
სწორედ წაკითხვის ამ ახალ ხერხებს ამრავალფეროვნებს გივი მარგველაშვილი, როდესაც მკითხველთან ერთად მოგზაურობს სხვადასხვა ტექსტში და ერევა სიუჟეტის მდინარებაში. ამგვარი წაკითხვა ტექსტის სიღრმისეულ აღქმას უწყობს ხელს, რადგან მკითხველი მთლიანად იმსჭვალება აღწერილი ამბების დრამატიზმით. მას მწერალი უქმნის ილუზიას, რომ სწორედ მან შეიძლება შეცვალოს ამა თუ იმ პერსონაჟის ტრაგიკული ბედი. ასე რომ, გივი მარგველაშვილი, როგორც ნაირა გელაშვილი შენიშნავს ხატოვნად, მართლაც, `პერსონაჟების მესიად~ გვევლინება. `აი, ძვირფასო მკითხველო,_აი, მცირეოდენი ოქრო, გუნდრუკი და მური. აიღეE და შეიურთდი იმ ქარავანს! ესენი აღმოსავლელი ბრძენები არიან.… ჰო, მართლა, სად მიდიან? შეგიძლია მიპასუხო? არა? ო_ო_ო... დაგვიწყებია. დიდხანს, ძალზე დიდხანს მიედინებოდა შენი უაზრო კითხვა_ყოფნა უბადრუკ წიგნთა საუფლოში~.
ასე და ამგვარად, მწერლის კეთილშობილური განზრახვით, მკითხველი მასთან ერთად ბიბლიაში მიემგზავრება, თავისსავე წარსულში, რათა გაიგოს: `ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო~ (გურამიშვილი).
მკითხველი კითხვის ახალი სასწაულის მოწმე და მონაწილე ხდება მინიატურაში ~წიგნის გმირების დროული გადასახლება~. უჩვეულო შთაბეჭდილებას იწვევს ამბავი, რომლის მიხედვითაც, `წიგნის სამყაროს მმართველობის მიერ წარგზავნილ წინამძღოლებს~ მშობლიური კუთხიდან აყრილი მშობლები და ყრმანი მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, `რადგან აქ არ ხდება ყრმათა გაჟლეტა და უასაკო ლტოლვილებს წიგნის სამყაროს ამ მხარის ისტორია ხიფათს არ უქადის~. ის, რაც რეალურ დროში განხორციელდა და ამგვარადვე აღიბეჭდა დაწერილში, კითხვის პროცესში შეიცვალა. უდანაშაულო ყრმები ჰეროდეს რისხვას და გაჟლეტას გადაურჩნენ. რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა, მაგრამ მკითხველი გრძნობს, რომ დაწერილი არ ნიშნავს შეუცვლელს, ყოველ შემთხვევაში კითხვის პროცესში ყველაფერი შეიძლება მკითხველის სურვილისამებრ გარდაიქმნას. ეს არის არა განსხვავებული ინტერპრეტაცია ტექსტისა, არამედ მისი სრულიად ახალი ვერსია.
მწერალი ამგვარად ახალ ქრონოტოპსაც ქმნის და სამყაროს ახალ მოდელირებას გვთავაზობს. ეს მოდელები ჰგვანან და იმეორებენ რეალური სამყაროს კანონებს, მხოლოდ ერთი განსხვავებით, აქ ზღვარი წაშლილია რეალურსა და გამონაგონს შორის, ლიტერატურულსა და დოკუმენტურს შორის. ამოსავალი მწერლისთვის არის ცნობილი პოსტმოდერნისტული ფორმულა: `სამყარო ტექსტია~. ამ სივრცეში ის თავისუფლად მოძრაობს, შლის და გადაადგილებს ამ დაწერილის ცალკეულ ფრაგმენტებს. ლექსში `ორი მკითხველი~ გივი მარგველაშვილი სწორედ ამ ტექსტზე საუბრობს:
`ო, შე საბრალო სამყაროს ტექსტო!
უფალი ღმერთი ასე გკითხულობს,
ეშმაკი ისე.
შენ ხარ საგანი
მათი კონტრასტული შტუდიების.
უიმათოდ ვერ იარსებებ.
შენ გაარსებებს შენი ორი
ერთმანეთის მოპირისპირე
მკითხველის კითხვა~.
ასე რომ, სამყაროს ტექსტს ორი უმთავრესი და უპირველესი მკითხველი ჰყავს. მათი `წაკითხვა~ განაპირობებს რეალობაში სიკეთე_ბოროტების წონასწორობას ან ერთის გადაწონვას. რუსთველისეული `ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია~ წაითხვის ერთი ვარიანტია და მეტყველებს `ისტორიის ღვთაებრივ პერიოდზე~ (მარგველაშვილი). შესაძლებელია თუ არა, ამ ტექსტს მუდმივად მხოლოდ ერთი მკითხველი ჰყავდეს? მწერალს ეს დასაშვებად მიაჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი: `შენივ საშოდან წარმოგეშვა ლიტერატურა, აი, მას კი ეყოლებოდა მუდამ მხოლოდ ერთი მკითხველი~.
საზოგადოდ, გივი მარგველაშვილი მკითხველთა შორის, რა თქმა უნდა გამოარჩევს, ღმერთს, როგორც სამყაროს ტექსტის შემქმნელსა და მის მარადიულ მკითხველს. ეს არის დაუღლელი მკითხველი, ასე რომ, სამყაროც მუდმივად ცოცხლობს, რადგან მას მუდმივად კითხულობენ. ვგულისხმობთ იმას, რომ ტექსტს მხოლოდ წაკითხვა აცოცხლებს. საინტერესო და ორიგინალურია, ამ თვალსაზრისით, მინიატურა `სასიკვდილო სპექტრი~, სადაც წიგნის გმირები წუხან იმის თაობაზე, რომ დაწერილ ბედისწერას ვერ გაურბიან და ცოცხლობენ მხოლოდ იმ წუთებში, როცა მოწყალე მკითხველები წიგნზე თავდახრილნი კითხულობენ. არადა, ისინი ოცნებობენ ისეთ ცნობიერებაზე, რომელსაც მარადიული საკითხავი დრო ექნება. სასოწარკვეთილი პერსონაჟი ეკითხება მწერალს: `ასეთი არავინ არსებობს თქვენთან? როგორ არა, ყოვლისმცოდნეა ასეთი... _მივუგე ყოყმანით, მაგრამ ის, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ რეალური სამყაროთი და რეალური პირებითაა დაკავებული~.
ჯობდა, ეს არ მეთქვა, რადგან მას შემდეგ მოდიან და მოდიან წიგნის გმირები, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობ (რომლებიც მიყვარს და ვკითხულობ) და მეკითხებიან: როგორ გავხდეთ უფალი ღმერთის საკითხავი მასალა?~ აქ უკვე ოცნებაა გამოგონილის რეალურთან გათანაბრებისა. მწერალი ქმნის უტოპიას, რომლის მიხედვითაც, თუ ღმერთის სურვილი იქნება, შეიძლება ადამიანის შექმნილი ტექსტი ღვთის შექმნილს გაუთანაბრდეს, ე.ი. რეალურ დრო_სივრცეში დაიწყოს არსებობა. პერსონაჟებს აღარ აკმაყოფილებთ ადამიანი_მკითხველი, მათ სურთ არა ხანმოკლე, არამედ მარადიული სიცოცხლე და გათავისუფლება ქაღალდზე მიჯაჭვულობისაგან.
გივი მარგველაშვილის სტილი, პოსტმოდერნისტული ესთეტიკის შესაბამისად, განსჯით_მედიტაციურია, ფილოსოფიური წიაღსვლებით. ამ შემთხვევაში, ის მხოლოდ მწერალი კი არ არის, არამედ კომენტატორიც. დაწერილი ტექსტის ამხსნელ_განმმარტებელი, თვითონვე რომ შუამავლობს მკითხველთან. მხატვრული გამონაგონი მის ნაწერებში შერწყმულია ლიტერატურათმცოდნის დაკვირვებებთან. განსჯის ესეისტური მანერა, ამ შემთხვევაში, გამართლებულია, რადგან ის თავისი ტექსტებით გამოდის, როგორც პერსონაჟთა `უფლებების დამცველი~. ერთ მინიატურაში `ესთეტიკური დაუნდობლობის შესახებ~ მწერალი აღწერს, როგორ ევედრება გათოშილი ლირიკული მე მკითხველებს, რომ წაიკითხონ და შეიყვარონ. ისინი კი გულგრილად უვლიან გვერდს. `შეგიყვარო? თან წაგიკითხო კიდეც? ერთი ამას დამიხედეთ! კიდევ რა გნებავს?~ `კი, მაგრამ, მაშინ ხომ მოვკვდები~_ქვითინებს ლირიკული მე. `მერე, მოკვდი!~_გესლიანად ამბობენ გულქვა გამვლელნი, _ყველასთვის ასე აჯობებს!~
საშინელებაა, არა! მაგრამ ვის შეუძლია ამ ამბავში ჩარევა! ესთეტიკა არ არის ეთიკა~. ის პირველად საუბრობს ასე `ხმამაღლა~ ამ უფლებების არსებობაზე. თანამედროვე ეპოქაში, პოსტმოდერნიზმის ხანაში, რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება, არავის ეუცხოება, მაგრამ აქ საუბარია მწერლის აქტიურ პოზიციაზე. ის ამ თემას თავისი წიგნის უმთავრეს საფიქრალად და განსასჯელად აქცევს. ხანდახან პერსონაჟთა სამყაროში ხდება რეალობაში არსებულ ეგზისტენციალურ საკითხთა გადაწყვეტა. უპასუხო კითხვებზე პასუხების მოძებნა. ამგვარად, წიგნის სამყარო რეალურზე მაღლა დგება. იქ მეტი სიცხადე და თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი გარკვეულია და ცხადი.
მინიატურაში `წიგნის სამყაროს ოთხი გამოცანის ამოხსნა~ მწერალი საუბრობს ოთხ თავსატეხ კითხვაზე. ესენია: ვინ არის ადამიანი და საიდან მოდის? საით მიდის? და ვინ ცხოვრობს იქ, მაღლა ოქროსფერ ვარსკვლავებზე? ამ კითხვებზე პერსონაჟებს აქვთ თავიანთი პასუხები: `წიგნის (ლექსის) სამყაროში თითოეული ადამიანი ყოველთვის ერთი განსაზღვრული ტექსტის ანუ კითხვა_ყოფნის მასალაა. იგი მოდის (წარმოიშობა) მუდამ თავისი წიგნის (ლექსის) შემოქმედის თავიდან. წიგნის ან ლექსის სამყაროს ადამიანი მიდის (ვითარდება) მუდამ თავისი საბოლოო თემატური აზრისაკენ. ხოლო ოქროს ვარსკვლავებზე, რომლებიც ციმციმებენ ყოველი ღამეული წიგნის (ლექსის) ცაზე, ცხოვრობენ ისინი, წიგნის თემატურ მასალას კითხვით რომ შთაბერენ სიცოცხლეს_რეალურ მკითხველთა თავები~.
ზემოთ ვახსენეთ, რომ გივი მარგველაშვილი წაკითხვის ახალ ფორმებს ეძიებს, რათა პერსონაჟებთან ახლებური დიალოგი გამართოს., მათთან ურთიერთობის ახალი გზა გამოძებნოს. ამას ერთ მინიატურაში `კითხვა დინების წინააღმდეგ~ ასე ახერხებს: ერთ ლექსში მოულოდნელად ლირიკული გმირი გადაეყრება ტექსტში შეჭრილ მკითხველს, რომელიც მას ფეხდაფეხ კი არ მიჰყვება გულისსწორამდე, არამედ წინ გადაეღობება და თავხედურად აუხსნის, რომ თვითონ სწორედ მის გულისწორთან იყო, წაიკითხა იგი და ახლა მისგან ბრუნდება. `კი მაგრამ, როგორ წაგაკითხა თავი?_კივის ლირიკული გმირი ისტერიულად_ეს ხომ დაუშვებელია: რადგან არსად წერია, ტექსტუალურად არ არის ბეჭედდასმული!~ ამ მრისხანე და, ერთი შეხედვით, წყალგაუვალ არგუმენტირებულ აღშფოთებას მკითხველი დამაჯერებელი გულგრილობით პასუხობს: `მე ვკითხულობ სადაც, როდესაც, როგორც და ვისაც მინდა!_ამაყად აცხადებს მკითხველი_აქ კი, ჩემო კარგო, თემატური დინების წინააღმდეგ ვკითხულობ, შეუშვი თავში?~
ამ შემთხვევაში, მკითხველი აღემატება ნებისმიერ დაწერილს, ყოველივეს, როგორც უნდა, ისე წაიკითხავს, თანაც ერთხელ დაწერილს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად წაიკითხავს. ლირიკულ გმირს, როგორც უნდა, ისე აურევ_დაურევს ცხოვრებას. სწორედ ეს არის წაკითხვის ახალი ფორმა. ეს თამაში ტექსტთან არაფერს ვნებს თვითონ ტექსტს, რადგან კითხვის დამთავრებისთანავე, წიგნი დაიხურება თუ არა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ კითხვის პროცესი კი იქცევა გრანდიოზულ თამაშად, სადაც მკითხველი ლირიკულ გმირთან ერთად ურთიერთობის უსასრულო ვარიაციებს მოიფიქრებს და ამით დაძლევს ყოფით ერთფეროვნებას. წიგნთან, დაწერილ ტექსთთან ამგვარი ურთიერთობა ხომ, რა თქმა უნდა, თანამედროვე აუტანელი ყოფის დაძლევის კიდევ ერთი საშუალებაა. ეს არის ინტელექტუალური, წიგნისმიერი ადამიანისთვის კიდევ ერთი საინტერესო ხსნის გზის შეთავაზება.
თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში, რა თქმა უნდა, არის პერსონაჟებთან ურთიერთობის საინტერესო მაგალითები, მათ შორის, ვუდი ალენის მოთხრობა `კუგელმასის შემთხვევა~. მოთხრობის გმირი, სიტი_კოლეჯის ლიტერატურის პროფესორი, ყოველდღიურობით გაბეზრებული, შემთხვევით გაიცნობს ადამიანს, რომელიც მისთვის სასურველ წიგნში მოხვედრას სთავაზობს. კუგელმასი გუსტავ ფლობერის `მადამ ბოვარის~ ირჩევს. სასწაული ხდება და კუგელმასი წიგნში მოხვდება, მადამ ბოვარის გაეცნობა და მასთან ერთად ატარებს დროს. საგულისხმოა, რომ არც ემას უკვირს უცხოსთან შეხვედრა, პირიქით, გახარებულია: `მუდამ ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა იდუმალი უცნობი და მიხსნიდა უხეში პროვინციული ცხოვრების მონოტონურობისგან~. საინტერესო ის არის, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც კუგელმასი წიგნში შედის, კოლეჯებში, სადაც `ემა ბოვარის~ კითხულობენ, ამჩნევენ მოულოდნელად გამოჩენილ უცხო პერსონაჟს: `ქვეყნის კლასებსა და აუდიტორიებში, მოსწავლეები თუ სტუდენტები თავის მასწავლებლებს ეკითხებოდნენ: `ვინ არის ეს პერსონაჟი მეასე გვერდზე? მელოტი ებრაელი მადამ ბოვარის კოცნის?~ ასე რომ, ტექსტში შეჭრა აქ ტოტალურად ხორციელდება, წარმოსახვა შეიჭრება რეალობაში. გივი მარგველაშვილთან, ეს მხოლოდ მკითხველისა და ტექსტის პირადი ურთიერთობისას ხდება და სხვები ვერაფერს ამჩნევენ. ვუდი ალენი კი ამ შეჭრას ერთგვარად აფართოებს. თუმცა, მისი სტილი უფრო პაროდიულ_ირონიულია. მოთხრობაში ისე ხდება, რომ შემდეგ მადამ ბოვარი შემოდის რეალურ ცხოვრებაში და ახლ დროს თავისებურად ერგება, მაგრამ მკითხველისა და პერსონაჟის იდილია დიდხანს არ გრძელდება, კუგელმასს ბეზრდება ორმაგი ცხოვრება, რეალურ ცოლთან და პერსონაჟ_საყვარელთან და ემას ისევ წიგნში დააბრუნებს. თვითონ კი ახლა სხვა წიგნში მოგზაურობას მოისურვებს, მაგრამ გაფუჭებული მოწყობილობა მას შეცდომით ესპანური ენის ინტენსიური კურსის ძველ სახელმძღვანელოში მოახვედრებს, სადაც `ბოლო წუთამდე უნაყოფო, კლდოვან ადგილას დარბოდა, რადგან დიდი და ბანჯგვლიანი უწესო ზმნა `ტენერ~ (ყოლა, ქონა) გაწვრილებული, გრძელი ფეხებით გამოეკიდებოდა ხოლმე და დასაჭერად დასდევდა~.
საგულისხმოა, რომ გივი მარგველაშვილი `იჭრება~ არა მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ ფერწერულ ტილოებშიც. ასე რომ, შეჭრა ხორციელდება, საზოგადოდ, ხელოვნებაში, ყოველივე იმაში, რასაც ადამიანი ქმნის.
გივი მარგველაშვილი, ამგვარად:
ა) წიგნისა და მკითხველის ერთგვარ კულტს ქმნის. იგი ამრავალფეროვნებს წაკითხვის ფორმებს და პოსმოდერნისტი მკითხველის ხატსაც ქმნის.
ბ) იგი სამყაროს გაიაზრებს, როორც ღმერთის მიერ შექმნილ ტექსტს, რომელსაც მთავარი მკითხველი თვითონ შემოქმედი ჰყავს.
ც) მწერალთა მიერ შექმნილი ტექსტებისთვის კი იგონებს კითხვის პროცესში ტექსტში შეჭრის სტრატეგიებს:
1. მკითხველი უბრალოდ შეიჭრება ტექსტში და `შიგნიდან~ აკვირდება ყოველივეს;
2. მკითხველი არღვევს ტექტის დრო_სივრცულ მოდელს;
3. მკითხველი ცვლის სიუჟეტს და ფაბულას;
4. მკითხველი დიალოგს მართავს პერსონაჟთან;
5. მკითხველს სხვა ტექსტში გადაჰყავს პერსონაჟი;
6. მკითხველი იქცევა ტექსტის `ღმერთად~, რადგან წაკითხვით სულს შთაბერავს და აცოცხლებს:
7. მკითხველი ჩაენაცვლება ტექსტის რეალურ შემქმნელს, რადგან ის ახლიდან ქმნის უკვე შექმნილს;
8. მკითხველი რეალობაში უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს ხსნის ტექსტში შეჭრისას.


საავტორო უფლება დაცულია

No comments:

Post a Comment