Translate

Thursday, January 6, 2011

მაია ჯალიაშვილი- მშვენიერების ჯვარცმა _ გიორგი ლეონიძის „მარიტა“


მაია ჯალიაშვილი 


 მშვენიერების ჯვარცმა _ გიორგი ლეონიძის `მარიტა~


`მარიტა - თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა!~
მარიტა სახე-სიმბოლოა მშვენიერებისა, რომელიც ღვთაებრივთან არის წილნაყარი. დროდადრო სამყაროს მოევლინება ხოლმე ხორცშესხმული მშვენიერება იმისათვის, რომ ის წყვდიადი, რომელიც წუთისოფლისეულია, გაარღვიოს და ზესთასოფლისეული რწმენითა და სიკეთით აღავსოს. მარიტა სახის სიმბოლურობა სიღრმისეულად გაიაზრა  და შთამბეჭდავად წარმოაჩინა ცნობილმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, რომელმაც გიორგი ლეონიძის ნატვრის ხის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწდების ფილმი. თითქოს მოთხრობიდან არის გადმოსული ლიკა ქავჟარაძისეული სადა, გულწრფელი გოგონა, არაამქვეყნიური სილამაზითა და ღიმილით გამორჩეული.
ვის არ უყვარს მზე?~ ამგვარი რიტორიკული შეკითხვით იწყებს მწერალი მოთხრობას. მართლაც, წარმოუდგენელია მზის უსიყვარულობა, რადგან იგი სამყაროს მაცოცხლებელი წყაროა, სიცოცხლის დამბადებელი და მისი შემწეა. მზე ნათელია. ღმერთმა სამყაროს შექმნა სიბნელისა და სინათლის განყოფით დაიწყო და პირველი სიტყვები წარმოთქვა: იქმენინ ნათელი~. მას შემდეგ სამყაროს ღვთაებრივ საჩუქრად ებოძა სინათლე. მზის სიყვარული ამხელს ადამიანთა სწრაფვას სიკეთისა და მშვენიერებისაკენ. მზისკენ მიისწრაფვის ყველა: ადამიანები, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, მთელი სულიერი თუ უსულო სამყარო. გიორგი ლეონიძეც მზისკენ ვნებიანად მსწრაფველთა შორის გამოარჩევს ბროწეულის ყვავილს და განსაკუთრებული სიყვარულით ხატავს. მისთვის ბროწეული მზის თვალსაჩინო სიმბოლოა.
`ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეულის ნაყოფი, რომელიც მარცვლების სიმრავლით გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო მარცვლები ერთ, უნივერსალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ანტიკურ მითოლოგიაში ბროწეული პროზერპინას ატრიბუტი იყო და ყოველ გაზაფხულზე მის დედამიწაზე დაბრუნებას გამოხატავდა. ქრისტიანულ ხელოვნებაში გაზაფხულის დადგომისა და მიწის განახლების ანტიკურმა მნიშვნელობამ ახალი აზრი შეიძინა და აღდგომის იმედისა და უკვდავების სიმბოლო გახდა. ბროწეულის ნაყოფი იმდენად დაფასებული იყო სილამაზისა და გემოს გამო, რომ მღვდელმთავრების ცისფერ სამოსს ან ეფოდს ბროწეულის ნაყოფის გამოსახულებით ამკობდნენ: და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსის კალთებზე, ირგვლივ“ (გამ 28:33-34) (ციტატა გიორგი კენჭოშვილის წიგნიდან სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში). ბერძნულ მითოლოგიაში  ბროწეული სიყვარულის სიმბოლოა.
გიორგი ლეონიძემ ახალი პოეტური ხატი შექმნა ბროწეულისა. პოეტური პროზით დაწერილი სტრიქონები ფერადოვანი და მუსიკალურია: როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!  მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო. არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე, ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!  მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში. ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!
მწერლის წარმოსახვაში ბროწეულის ყვავილი და მარიტა ერთმანეთს ერწყმის, თითქოს მარიტას სული განფენილია ბროწეულის ყვავილში _ ისინი ერთმანეთს საიდუმლოდ გამსჭვალავენ და იქმნება პოეტური სამება მზე-ბროწეულის ყვავილი - მარიტაამიტომაც არის, რომ მარიტასნაირნი დროდადრო ჩნდებიან სამყაროში და მერე ისევ იკარგებიან. ისინი მარადისობის მოციქულნი არან თითქოს და ადამიანებთან მოაქვთ განცდა სამოთხისეული მშვენიერებისა. ხალხი სწორედ ასე აღიქვამს მარიტას: პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!
მარიტა ამაღლებულობის, სიწმინდის, შორეულის განსახიერებაა. მოთხრობაში მწერალმა პირდაპირ კი არ შემოიყვანა თავისი რჩეული პერსონაჟი, არამედ მკითხველი თითქოს მოამზადა მასთან შესახვედრად, ერგვარი ხიდი გასდო მისკენ  ზეციდან მიწისკენ: მზე-ბროწეულის ხე- მარიტა_თითქოს ამ გზით მოევლინა იგი დედამიწას, მზის სხივს ჩამოჰყვა, მოთხრობის ბოლოს კი იგი ისევ ამავე გზას გაივლის _ მის ნასახლარზე ბროწეულის ხე ამოვა, ისევ _ მიწა _ ბროწეულის ყვავილი _ მზე. მარადიულის, ზეციურის ნაწილი ისევ მარადიულობას, წარუვალს, ღვთაებრივს უბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა იგი საგანგებოდ მოავლინა ადამიანთა თვალის ასახელად, გულისხმისყოფად, ზეცისკენ ასახედად, სინანულის განსაცდელად. სამწუხაროდმეორდება მისტერია მშვენიერის ჯვარცმისა და ამაღლებისა. ადამიანებს სინანული მხოლოდ ცოდვის ჩადენის შემდეგ ეუფლებათ.  მარიტა სინათლის, თავისუფლების სიმბოლოა. მარიტა მზის, ესე იგი, ღვთის ნაწილია და მასვე უბრუნდება. გავიხსენოთ ნესტანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან. ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ასე მიმართავს ტარიელს: მზე შენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, /განაღამცა მას ეახლო...
ხალხი ეუბნებოდა მარიტას: `შენ მზევარ უნდა გერქვას, მზევინარა.
მარიტას გამორჩეულობისა და ღვთაებრიობის ხაზგასასმელად გიორგი ლეონიძე სხვა სიმბოლოებსაც მიმართავს. ის ახსენებს ყინწვისის ანგელოზს და არმაზის სერაფიტას: `მარიტას მერე  მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა. ყინწვისის ფრესკაზე გამოსახულია ლურჯსამოსიანი საოცრად მეტყველი სახის ანგელოზიყინწვისის ანგელოზს შეადარა კონსტანტინე გამსახურდიამ პერსონაჟი შორენა (დიდოსტატის მარჯვენა), რათა მისი სილამაზე წარმოეჩინა. სერაფიტაც მსვენიერების სიმბოლოა. ვინ არის სერაფიტაარმაზში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს უძველესი საფლავის ქვა (..აღ.მდე მეორე საუკუნისა), რომელზეც არის წარწერა: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა... უდროოდ გარდაცვლილი ახლგაზრდა სერაფიტის სახე  იქცა პოეტთა შთამაგონებლად. ლეონიძემაც სწორედ სერაფიტი გაიხსენა, რათა  მარიტას სილამაზე შეეგრძნობინებინა მკითხველისთვის.
გიორგი ლეონიძე მარიტას სახის წარმოსაჩენად კიდევ ერთ პერსონაჟს მოიხმობს _ ეს არის ეთერი _ ზღაპრის გმირი. ხალხი ხშირდ გაიოცებდა ხოლმე: _გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი? მაგრამ  მაშინვე უპასუხებდა ვიღაც: „_განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა? მზეთუნახავ ეთერთან შედარება მკითხველისთვის თვალნათლივს ხდის მარიტას ზღაპრულ სილამაზეს.
მარიტას პროტოტიპი იყო  ლეონიძის ბავშვობის მეგობარი გოგონა _ მარიტა. შემკული ყოველგვარი ღირსებით; გამრჯე, კეთილი, სანდო. თავის მოთხრობაში მწერალმა მონატრებული გოგონა გააცოცხლა, პერსონაჟად აქცია. მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება! მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა. მარიტას შედარება ცისარტყელასთან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის არამიწიერობას, გამორჩეულობას. ხალხს აქვს მშვენიერების აღქმისა და განცდის უნარი: - ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ: - რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ. მართლაც, ხეობის თვალი იყო მარიტა. მით უფრო გასაოცარია მათი დაუნდობლობა და სისატიკე მარიტას მიმართ. დოსტოევსკი წერდა: სილამაზე იხსნის კაცობრიობას. ამ შემთხვევაში, ის სილამაზეში მაცხოვარს გულისხმობდა. მარიტაც იმ მშვენიერებასთან არის წილნაყარი, ამიტომაც იწირება, ჯვარს ეცმება, რათა ხალხში ჩადენილი ცოდვის შეგრძნება და სინანული გააჩინოსამიტომაცაა, რომ: იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო! მტრედი ხომ სულიწმინდის სიმბოლოა. სახარების მიხედვით, მტრედი დაფრინდა იესოს მხარზე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იორდანეში და ზეციდან გაისმა ხმა: `ესე არს ჩემი ძე, საყვარელი~.
მარიტაც ღვთის შვილია: საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო. ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ! იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო...~ თითქოს მთელი კოსმოსი გლოვობს მარიტას დაღუპვას: მთელი წელიწადი უწვიმარი იყო... ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა! ეს არის ღვთისგან მოვლენილი სასჯელი მათი ცოდვებისათვის.
სილამაზითა და ზნეობით გამორჩეული მარიტა ნიჭიერიცაა. ის საოცრად ქარგავს. გიორგი ლეონიძე კი ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს. თანაც, მარიტა დედამისის ნათლული იყო. ასე რომ, ისინი ბავშვობაშივე დაუახლოვდნენ ერთმანეთს _ ისინი უბრალო მეგობრებად კი არა, სულიერ თანატოლებად უფრო გრძნობდნენ თავს. გავიხსენოთ, როგორ აღწერს მწერალი მარიტას გამოჩენას თავის ცხოვრებაშიგიორგი ლეონიძის სოფელში ცხოვრობდა დედით ობოლი მარიტას ბებია _ სათნოებით გამორჩეული დიდედა ლელაურიყვითელი აბრეშუმივით თმა-კულული... ლურჯი თვალები.... ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა... მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე, მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და... მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა! ეს შთაბეჭდილება მის ხსოვნაში დრომ ვერ გააქარვა, ამიტომაც გააცოცხლა მარიტას სახე მოთხრობაში.
საგულისხმოა ერთი ეპიზოდი, როდესაც მარიტა სთხოვდა ლეონიძეს, დამიწერე ერთი ლექსი, რომ ფარდაგზე ამოვქარგოო. პოეტი კი მარიტას იმდენად აღმატებულად მიიჩნევდა, რომ თავი ამგვარი პატივის ღირსად არ მიაჩნდა: სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა? ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას, რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი იყო გიორგი ლეონიძის ცხოვრებაში, რომელიც მარიტასნაირი გატაცებით სთხოვდა ლექსს: ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა: _ჩქარა საქართველოს ჰიმნისათვის ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო! ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასავით სჯეროდა ჩემი ნიჭისა!  ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა. პოეტს ასეთი სიყვარული შემდეგ აღარავისგან უგრძნია: საოცარია, როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!მართალია, ხალხი აღტაცებული იყო მარიტათი, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიცვალა, როგორც კი გადაწყვეტილების მიღების არჩევნის წინაშე დადგა, თითქოს გონება დაებინდა და თვალთ დაუბრმავდა. ხალხმა უკან დაიხია ბნელი ძალის წინაშე და მშვენიერება ვერ გადაარჩინა, პირიქით, თვითონ მიიღო მონაწილეობა მის განადგურებაში.
მოთხრობაში აღწერილია მარიტასა და გედიას ლამაზი სიყვარულის ამბავი. გედია ნათელიძეა. რა თქმა უნდა, მწერალმა გმირს საგანგებოდ შეურჩია ამგვარი სახელი, რომ მკითხველს ეგრძნო, როგორი ნათელი სულის ადამიანი იყო იგი. მეძროხე გედიასადმი ტრფობა მარიტასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მარიტა ძალად მიათხოვეს ბნელსა და  ყომრალ შეთეს, იგი გედიას ანტიპოდია. მარიტას ოჯახმა უპირატესობა მიანიჭა არა სიყვარულს, არამედ ქონებას. სულიერს მატერალური ამჯობინა და მარიტა ბნელი ძალის ტყვეობისთვის გასწირა. თუმცა მარიტას მამა, ჩაჩიკა, გრძნობდა და ამბობდა: -რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას! შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე _ მლაშე,ზვიადი, ყომრალი კაცი, მგლისფერი!
 ერთგვარ სულიერ ტყვეობად აღიქვამდა მარიტა შეთეს ოჯახში ცხოვრებას. ერთადერთი სიხარული მისთვის გედიასთან შეხვედრა იყო. ეს იყო დღესასწაული. თითქოს სამყაროს ჰარონიულობისა და მთლიანობისთვის იყო საჭირო გედიასა და მარიტას ერთად ყოფნა, ამიტომ უხაროდა ბუნებას, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ: --გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება!-- კისკისებდა სიო. ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა... .
იმისთვის, რომ მათ დიდ სიყვარულს მგზნებარება მიანიჭოს, მწერალი მათ ახალ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს უწოდებს. ბუნების ამ დღესასწაულს შლის და ანადგურებს ადამიანი, შეიძლება ითქვას, ბნელეთის მოციქული, ენაჭარტალა ბალბალუკა,--ნემსისპირა, კივკივით მოსიარულე. მას არ გამორჩა გედიას სტუმრობა. `კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე. სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კლდამამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.
სოფლის მეუფროსე ციციკორემ მარიტა ზნეობის შემლახველად გამოაცხადა, სიწმინდეს ჩირქი მოსცხო და უმანკო მარიტას სახელი ლაფში ამოსვარა. მოთხრობაში იხატება საშინელი რიტუალი დასჯისა: ხალხმა მარიტა ვირზე უკუღმაშესმული სოფელში ჩამოატარა, თან ტალახს ესროდა. საოცარ სიჩუმეში მიმდინარეობდა ეს პროცესია, მაგრამ თითქოს დიდი ხმაურით ინგრეოდა კოსმოსი, რომელსაც გონებადახშული ხალხი ვერ ამჩნევდა: „ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!
ბრბომ გაანადგურა თავისი სასიცოცხლო ენერგია _ მშვენიერება, მარიტა ხომ მიწაზე მოვლენილი ღვთის საჩუქარი იყო. ღმერთმა კვლავ შესწირა შვილი ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. კვლავ გამეორდა ჯვარცმის მისტერია. ამიტომაც არის, რომ მწერალი მარიტას წამებულს ადარებს: მოჰყავდათ სოფლის წამებული. საოცრად შთამბეჭდავადაა აღწერილი მარიტას გარდაცვალება, რომელმაც ხალხის კათარზისი გამოიწვია. ადამიანები გამოფხიზლდნენ და სინანული იგრძნეს. მარიტა ფიზიკურად გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილს მასთან რა ხელი აქვს. მარიტას სიკვდილი სამყარომ  იგლოვა. ეს ეხმიანება ხალხური ლექსის გმირის, ხოგაის მინდის გარდაცვალებას:
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ჩამოდიოდა ვარსკვლავი,
მთვარე უკუღმა დგებოდა.
იმას, რომ ვერანაირი ბნელი ძალა ვერ მოსპობს მშვენიერების იდეას, წარმოჩენილია  მარიტას ნასახლარზე ამოსული ბროწეულით. მწერლისთვის კი გამოცანად რჩება მშვენიერების მოვლენისა და გაქრობის მისტერია: მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
ვინ იცის?!
სამწუხაროდ, ადამიანები ღვთიურ კვალს ხშირად ვერ ამჩნევენ და მშვენიერებას უსულგულოდ თელავენ. მარიტა ნესტანისეულ-თინათისეული რანგის გმირია, სინათლესთან კავშირითა და იდუმალებით. ბარათაშვილისეული `ნათელია, ზეცით მოსული, / რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული~ (`რად ჰყვედრი კაცსა~).



საავტორო უფლება დაცულია

No comments:

Post a Comment