Translate

Saturday, January 15, 2011

მაია ჯალიაშვილი მამა არჩილის ლექსებზე

საავტორო უფლება დაცულია

მაია ჯალიაშვილი


`ჩვენ ვიბადებით, რათა მიწყივ ზეცას ვესწრაფდეთ~მამა არჩილის ლექსები _ ლოცვები
`

სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ,
სულ არიან და ცხორება~
(იოანე, 6, 63).
`და ზეცა გულში კვლავ იხედება~
გალაკტიონი


"როცა მიმწუხრი ფრთებს შემოახვევს მოციქულების ძველებურ ტაძარს", მაშინ მამა არჩილი `წმინდა ტრაპეზთან ქედდადრეკილი~, `სამგალობლოდ ხმადაწმენდილი~ შეუდგება `სერაბინთ მსგავსად~ ღვთის დიდებას და აგიზგიზდება `ტაძარში ცეცხლი საღმრთო ლოცვების~. ამგვარად წარმოგვიდგება მამა არჩილის (მინდიაშვილის) სულიერი პორტრეტი, მისივე ლექსის სტრიქონებით დახატული, პეტრე-პავლეს ტაძრის ფონზე, იასამნისფერი ცის სილაჟვარდეში.
ღვთის მიმართ აღვლენილი მისი ლოცვები ხშირად პოეტურ სტრიქონებად იქცევიან და იძენენ ლექსის ფორმას, გულში ვერდატეული `უფლის უკიდეგანო სიყვარული~ რითმებითა და რიტმების თანხლებით გადმოედინებიან `ღელვა-გვემული ფრთებდამსხვრეული მწირობის მწარე წუთისოფელში~ (`ქმნილებაა შენი~).
მისი ლექსები _ `ზესთასოფლის ნატვრით~ ნასაზრდოები ლოცვებია. მას ცხოვრება წარმოუდგება, როგორც მარადიული `გზაჯვარედინი~ _ `მივმართავთ ზესკნელს _გზას ჯვარის მკიდველს ანუ თუ ეშმას ჩვენს დამაქცევარს~.
მამა არჩილი ჰიმნოგრაფების უძველეს ტრადიციას მისდევს და ღვთის დიდებას პოეტური ენით აღავლენს. დავითის ფსალმუნები ხომ უმაღლესი პოეზიაა. ყოველი ჭეშმარიტი პოეტი მიესწრაფვის იმ საიდუმლოს გამოსახვას, ხილული სამყაროს მიღმა რომაა. მისი გულისთქმა `ცის იქით ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება~ (ბარათაშვილი).
მისი ლექსები ლოცვებია არა მხოლოდ სათქმელის თვალსაზრისით, არამედ სტრუქტურითაც, მის ყოველ ლექსში, პირდაპირ თუ შეფარულად, ყოველთვისაა დაცული: უფლისადმი მიმართვა, თხოვნა და დიდება.
მამა არჩილის პოეზიას ორი წყარო ასაზრდოებს, პირველი: ბიბლია და მეორე: ქართული პოეზია, უპირველესად _ გალაკტიონი. ორივე წყაროს მწყურვალივით არის დაწაფებული და ამიტომაც მისი სტრიქონებიც `მშობელივით~ სადა და წმინდაა, შეურყვნელი, პირველშობილი ფერებით მოქარგული.
ამ პოეზიის კითხვისას იღვიძებენ სახარებისეული პასაჟები. განა პოეზიასავით არ აღიქმება იოანე ღვთისმეტყველის სახარების დასაწყისი: `პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი~. ამ სიტყვის ერთგული, უღალატო და ღირსეული რაინდია მამა არჩილი. იგი ცდილობს გამოთქვას ის ერთი მიჯნურობა `რომელსა ტრფიალნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან~ (რუსთაველი).
იგი ნამდვილი პოეტია, რუსთველისეული გაგებით, რადგან მისი პოეზია სიბრძნის შემცველია, `საღმრთო საღმრთოდ~ გასაგონი და `მსმენელთათვის დიდი მარგი~.
თვითონ იესო ქრისტე, შროშანებზე მოსაუბრე ღმერთი, განა სწორედ სიტყვის იდუმალ ძალას არ აზიარებდა მსმენელს, როდესაც საოცარი გზნებით მსჭავალავდა მათ გულებს, მადლითა და სინათლით ავსებდა: `თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა~ (მათე, 5, 14). ამიტომაც წარმოუდგებოდა იგი ქრისტიან არაბ მწერალს ჯიბრან ხალილ ჯიბრანს პოეტად: `მის დუმილში ველური უდაბნო იმზირებოდა, საუბარში კი მოხასხასე წალკოტი ყვაოდა... ერთხანს მეჩვენებოდა, რომ პოეტი ვიყავი, მაგრამ ერთხელ, როცა ბეთანიაში მას გადავეყარე, ვიგრძენი, რა დღეშია ერთადერთსიმიანი საკრავის პატრონი იმის წინაშე, ვისაც მორჩილებენ სამყაროს ორკესტრები. მის ხმაში იყო ყველაფერი: ელვის სიცილი, წვიმის ცრემლი და ხეთა მხიარული სიმღერა ქარში~ ( `იესო ძე კაცისა~).
მამა არჩილი თავისი პოეზით ეხმიანება დავით წინასწარმეტყველს, ყოველ სულს ღვთის ქების წყურვილით რომ აღავსებდა, დავით აღმაშენებელს, `გალობანი სინანულით~ რომ გამოიგლოვა ადამიანური ცოდვები, დავით გურამიშვილს, ამქვეყნიური ცოდვის ჯურღმულიდან რომ ივედრებოდა გადარჩენას.
ამ `შეხმიანებასთან~ ერთად, მამა არჩილი ცდილობს თავისი საკუთარი ხმა მიაწვდინოს უფალს, მისკენ მიმავალ საღვთო ბილიკებს თავისი ნატერფალიც დაამჩნიოს. ამის დასტურია მისი ლექსების ახლახან გამოცემული კრებული, ~შეტირილი~ (2010 წ.) რომ ჰქვია. ავტორი ახალ ორიგინალურ ფორმაში მოაქცევს ზემიმართულ ტირილს. თითქოს შეტირილი ერთი გაბმული და დაუსრულებელი ტირილია, მიწიდან, კაცთა ცოდვილი ბაგეებიდან გადმომსკდარი და ღვთისკენ მიმავალი. მდინარეები თავდაღმა ეშვებიან, ცრემლიც ქვემოთ მოისწრაფვის, აქ კი პირიქითაა: მონანული გულიდან აღმომსკდარი გოდება ღვთისკენ მიიმართება, ეს ტირილი ამხელს დაცემული ადამიანის სასოწარკვეთასაც და ხსნის იმედსაც.
ასე შესტირის მამა არჩილის ლექსთა ლირიკული გმირიც (ავტორის ალტერ ეგო) ზეცას და იქიდან მოელის შველას:
`მომგონებელი
სასუფევლისა
დაკარგულ ედემს
გული სტიროდა~.
იქნებ ეს `შეტირილი~ შთაგონებული იყოს `ვეფხისტყაოსნის~ სტრიქონებითაც. გვახსენდება ნესტანის საძებრად მიმავალი ავთანდილი, მარტოსული და დაღლილი, უფალს, ერთადერთ პატრონს მინდობილი: `მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: აჰა, მზეო, გეაჯები, შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესსა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა~.
ეს `მზეა~ მამა არჩილის პოეზიაში, რომელსაც შესტირის და ევედრება. მზე ხან უფალია, ხან _ ღვთისმშობელი.
ამ კრებულის ყველა ლექსი ერთი `შეტირილის~ მცირე ნაკადებია, სწორედაც რომ ნაკადები, ამიტომაც არის, რომ სტრიქონები და სიტყვები ერთმანეთს ისე მიჰყვებიან, არ აბრკოლებთ სასვენი ნიშნები. ამ შემთხვევაში, ავტორისთვის სწორედ ეს მნიშვნელობა ენიჭება პუნქტუაციაზე უარის თქმას. ერთი ამოსუნთქვით მიედინება ლექსი, როგორც ტირილისას, ძალიან რომ გაგიჭირდება, იქ ამოისუნთქავ, უფრო ზუსტად, ამოიკვნესებ და ეს შეყოვნება, ჩასუნთქვა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ამოაყოლო ნაგვემი გულის ტკივილები. მას სჯერა: `ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით~ (ლუკა, 6, 21).
ერთ ლექსს სწორედ `შეტირილი~ ჰქვია, რომელიც აღსარებაა ღვთის წინაშე. მასში თავმოყრილია ყველა ის ტკივილი, რომლებიც სხვა ლექსებშია განფენილ-განტოტვილი.
`დღეს ქარი ჰქროდა
ისე სასტიკად...~.
ქარი ვნებებისა და ცოდვების სიმბოლოა, ასე ევედრებოდა ბარათაშვილიც `არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა, არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა...~ (`ლოცვა~).
ეს ის ქარია, სახარებაში მოციქულებს რომ შეაშფოთებთ, ხოლო უფალი დააწყნარებს და ეტყვის: `და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.~ (მათე, 8, 26).
ლირიკულ გმირს აშფოთებს, ერთი მხრივ, დროის წარმავლობა, წლების ქარით გამქრალი, მეორე მხრივ, ამაოების ქარი, სასუფეველს რომ განაქარვებს. ლექსში მოთქმა-გოდებაა დაკარგული მამულისა; რეალურისა და ზესთასოფლიურისაც. საზოგადოდ, ამ პოეზიაში რელიგიური სახე-სიმბოლოები ორმაგადაა კოდირებული და მათში ირეკლება ეს ქვეყანაცა და საიქიოც.
ავტორის წარმოსახვა არღვევს დროის სამანებს და განიცდის ცხოვრებას, როგორც ზღვას, რომელიც დანთქმით ემუქრება, ისიც ხომ იმ ნავშია, მოციქულნი რომ ისხდნენ, მასაც შეაკრთობს და შეაცახცახებს მძლავრი, დაუნდობელი და ყოვლისწარმხოცი ტალღები:
`უფალო ჩემო მეც დავინთქმები
უფსკრულთა ჩემთა ცხოვრებისათა
ვით ძველოდესმე პეტრე დაინდე
დაინდე ჩემი სიჭარმაგეცა
ამაოების ამის სოფლისგან
გამომიხსენ მე~.
პეტრეს სახეს მოჰყვება გახსენება იმ ეპიზოდებისა, რომლებიც სახარებაში პეტრეს შესახებ მოგვითხრობენ. სწორედ პეტრე იყო ის მოციქული, რომელმაც პირველმა აღიარა იესო, როგორც ღმერთი. მას უცვალა სახელი რაბიმ და სიმონის ნაცვლად უწოდა პეტრე-კლდე. სწორედ პეტრესეულ აღმსარებლობას დაეფუძნა ეკლესია. მაგრამ სწორედ ამ პეტრემ სამგზის უარყო მოძღვარი, სანამ მამალი იყივლებდა. ლექსთა ავტორსაც აკრთობს `სახეში შეყრილი ფოთლები~, ძლიერი წვიმისგან დასველებული, თითქოს საკუთარი დაფლეთილი სულის ნაკუწები და მოუხმობს მშველელს:
`გამომიხსენ მე
და გამიყვანე
უვნებობის მშვიდ უდაბნოში~.
`უვნებობის უდაბნო~ ორიგინალური ხატია და სიმბოლურად სასუფეველს განასახიერებს. უვნებობა ხომ უსურვილობაა; სწორედ ამას სთხოვდა ავთანდილი უფალს: `მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო~.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე მიმართავდა საკუთარ გვემულ სულს: `ჯერეც გარჯა მოგიწევს, განვლი ცხოვრებას - ამ შენთვის სავსებით უცხო დინებას, ველურ ნაღვარევს, აბობოქრებულ ოკეანეს, განუწყვეტელი ქარებისაგან ხან აქ, ხან იქ ყალყზე რომ დგება. ხშირად ვყოფილვარ საკუთარი განუსჯელობით ღელვა-გვემული, ზოგჯერ კი ჩვენი ცხოვრების მტერს - დემონს მოუგვრია შფოთი~ (`გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე~).
ამ პატარა კრებულში თავმოყრილი ლექსების უმეტესობა გაზაფხულზეა დაწერილი, მაშინ როცა სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ურიგდებიან, როცა თან ჯვარს ეცმება და თანვე აღდგება უფალი. მისთვის მარტი
`გიჟმაჟი თვეა
ამღვრეული
და ფათერაკი
ამადაც აცვეს ჯვარს
უფალი
ჩვენი
იესო
სწორედ ამ თვეში
აღბორგებულთ
და ჭკვა-გადასულთ~ (`ალუბლის სიბრძნე~).
ჯვარცმის მისტერიის იდუმალებითა და გზნებით არის გამსჭვალული მამა არჩილის პოეზია. გაზაფხული მისთვის სიმბოლოა თვით უფლისა, რომელიც მარადის, ყოველწამიერად ევნება ადამიანთა გულში. თვითონაც, როცა სულში ზამთარს შეიგრძნობს, სიმბოლურად, ცოდვას ემონება, როგორც დავით აღმაშენებელი აღიარებდა: `მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი~ (`გალობანი სინანულისანი~). მასაც ყინვა სუსხავს, ხოლო სინანული ისევე აატირებს, როგორც ვაზს _ აპრილის ბოლო დღეები. თვითონ მას კი `გაზაფხული~ სინანულის ცრემლებს ჰგვრის და თანვე სიხარულსაც, რადგან ეს მაცოცხლებელი ცრემლები `დაბერებულ~ გულს გაანედლებს და ააყვავებს, ამიტომაც წერს:
`ვტირი
მერამდენე განახლებაზე~ (`სიკვდილი სიცოცხლისთვის~).
ეს მარადიული განახლება, რაც პოეტის გულში ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას გულისხმობს, აძლევს სიცოცხლეს აზრს და გულს კი წყაროს უშრეტი სიყვარულისთვის.
უფლის მუდმივი ხსოვნის მანიშნებელია სტრიქონი: `გული გაზაფხულს ატარებდა ყინვა და ქარში~. სწორედ ეს `გაზაფხული~ აძლებინებს მას ცხოვრების `სიცარიელეში~. უკვე მერამდენედ, ზამთრის, ე.ი. ცოდვების სუსხს გადარჩენილი კვლავ და კვლავ ახლად აღმოაჩენს ჭეშმარიტებას:
`სიკვდილი მხოლოდ სიცოცხლისთვის
ჰგიეს
და
არის~.
ეს სტრიქონები ეხმიანება პავლეს სტრიქონებს: `მარადღე მოვკუდები~ (I კორ,15, 31), `ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა~ (რომ, 6,11), ხოლო სიკვდილის აუცილებლობა _ იოანე ღვთისმეტყველის სტრიქონებს: ` ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს~ (იოანე, 12, 24). თუმცა ლექსებში ხანდახან მაინც გაკრთება ეჭვი, რომელიც დიდი რწმენის თანმხლებია:
`რად დამეხურა გული ამგვარად
გაზაფხულიც კი აღარ მახარებს
განსაცდელებმა პირად-პირადმა
კატაკლიზმებმა ამა სოფლისა
პირქვე დამამხეს
და ამატირეს~.
გვახსენდება ჯვარზე გაკრული უფლის სიტყვები: `ელი! ელი! ლამა საბაქთანი~, რაც ნიშნავს: `ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე~ (მათე, 27, 46), გალაკტიონი რომ ამგვარად გამოთქვამდა `რომ დავიღალე მე ამ კუბოში~.
თუმცა სულს ახსოვს და ენატრება სამშობლო _ სამოთხე:
`ამ მთათა მიღმა
ცთომილთა მიღმა
რომ დააფუძნა
ღმერთმა მაღალმა~ (`აწ და მარადის~).
ამიტომაც კვლავაც მორჩილად იღებს ჯვარს და წამიერ შედრეკას `თავის უარყოფით~ და უფლის დიდებით დაამარცხებს. ისევ იესო გვახსენდება, გეთსიმანიის ბაღში განმარტოებული, მოსალოდნელი საფრთხის წინაშე ადამიანურად შემკრთალი და სისხლის ცრემლებით მოტირალი: `მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; და თითქოს თავისივე სიტყვებით `გამოფხიზლებული~ მოაყოლებს ამოკვნესას: `ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ~ (მათე, 26, 39).
მამა არჩილის ერთ უსათაურო ლექსში, რომელსაც მთლიანად მოვიყვანთ, შთამბეჭდავი სისადავით არის წარმოჩენილი ჯვარცმის ტრაგედიის ძალმოსილება. მკითხველი შეიგრძნობს იმ ტკივილს, რომლითაც მთელი სამყარო იმსჭვალება. `ლურჯი იასამანი~ გულისშემძვრელი სიმბოლოა ყოველი ცოცხალი არსისა, რომელიც ღვთის სიყვარულით ხარობს:
`წითელ პარასკევს
ვკითხულობდი
`ღვთისმშობლის ტირილს~
გადავსებული იყო მრევლით
წმინდა ტაძარი
მოულოდნელად
თვალი ვკიდე
ლურჯ იასამანს
მწუხარებით რომ მომდგარიყო
საკურთხეველთან
თითქოს ცრემლებით დასიებულ
მის ლურჯ ყვავილებს
როგორაც თვალებს
ემჩნეოდათ
დიდი წუხილი
ღვთისმშობლის თანა
დასტიროდნენ
მაცხოვარს
ჯვარცმულს
გარდამოხსნიდან
სამარემდის
მიაცილებდნენ~.
`მიამბე რაიმე ღმერთზე, დაო ნუშის ხეო~, _ ასე მიმართა ცხოვრებისა და ზამთრის ყინვისაგან გათოშილმა ფრანცის ასიზელმა გაშიშვლებულ ხეს და პასუხად: ნუშის ხე აყვავდა. ამ ლეგენდას ლამაზ ამბად ჩართავს ნიკოს კაზანცაკისი წიგნში `აღსარება გრეკოსთან~.
მამა არჩილიც თავისი ლექსებით ისევე უშუალოდ, სადად გვიამბობს ღმერთზე, როგორც ის ნუშის ხე, რომელიც ღმერთზე ფიქრმა და ოცნებამ ააყვავა.
`მე მენატრება ბეთანიაში
მახლობლად წმინდა მონასტერისა
მედგას სენაკი~, _ვკითხულობთ ლექსში `ზრახვა მარტისა~. საოცარი სიმშვიდე იღვრება ამ სტრიქონებიდან. ერთი შეხედვით, თითქოს ასე იოლად განსახორციელებელი `ზრახვა~ აქ მიუწვდომელი, სანატრელი გამხდარა პოეტისთვის. იქნებ იმიტომაც, რომ ეს, უბრალოდ, ფიზიკურ სივრცეში მონიშნული ადგილი კი არაა, არამედ ზეციური სამყაროს ანარეკლია, მისი ჩრდილია. როგორც პავლე წერდა: `რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე~ (Iკორინთ, 13, 12). ბეთანიის მონასტერთან სიახლოვეს სენაკის დადგმა მიანიშნებს ღვთის სიახლოვისკენ, სასუფეველისკენ სწრაფვას.
იესო ქრისტემ სწორედ ბეთანიაში, რომელიც იერუსალიმთან ახლოს იყო, ნახა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, აქ მიეგება მას ლაზარეს დამწუხრებული და მართა, რომელმაც მდუღარე ცრემლებით აუწყა, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდაო. იგივე გაუმეორა მწუხარებისაგან სასოწარკვეთილმა მარიამმაც. მაშინ `აცრემლდა იესოც~ _ და მკვდრეთით აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე (იოანე, 11, 17-45).
სწორედ ბეთანიაში, სიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობისას სცხო დედაკაცმა იესო ქრისტეს ძვირფასი ნელსაცხებელი და როგორც უფალმა მოწაფეებს აუწყა, ამგვარად, ამ უცხო, უბრალო დედაკაცმა დიდი სიყვარულით `მოამზადა~ `ხორცნი მისნი დასაფლველად~ (მათე, 26, 6-13).
პასექამდე ექვსი დღით ადრე კი, როგორც მოგვითხრობს იოანე, იესო ბეთანიაში ლაზარეს ოჯახს ესტუმრა სერობად, აქ მარიამმა სცხო ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი (იოანე, 12, 1-11).
ამიტომაც ოცნებობდა გალაკტიონი: `წამყე ბეთანიისაკენ... მე აქ უნდა დავესახლო~ (`წამყე ბეთანიისკენ~), ხოლო უფრო ადრე, ბედისაგან დაჩაგრული გრიგოლ ორბელიანი სწორედ ამ მონასტერში, თამარის გაცრეცილი ფრესკის წინ მუხლმოყრილი იგლოვდა შავი ყორნის კლანჭებით დაფლეთილ საქართველოს და წუხდა: `ნუთუ ესღა გვაქვს, ვხედავთ რასაცა?... ტაძარს დარღვეულს~. დარღვეული ტაძარი, სიმბოლურად, ურწმუნოების გამომხატველიცაა.
ლაზარესთან სულიერი ნათესაობა იგრძნობა მამა არჩილის უსათაურო ლექსში, (კრებულიდან `უფალი მოვალს~, 2008). იგი ემსგავსება `მართალ ლაზარეს~, მასავით სიკვდილით ევნება, საიქიოში დემონები ცოდვებს შავ წიგნებად გადაუშლიან, მიმოიხილავს საზვერეებს, ჭვრეტს ქერაბინთა ფრთებზე აღმართულ უფლის საყდარს და სასწაულებრივი `სასოებით, რწმენითა და სიყვარულით~ აღვსილი, სააქაოში მრევლს მოუთხრობს ნანახ-განცდილის შესახებ (***`გზაგასაყარზე ვდგავარ მდუმარედ~).
მამა არჩილი, თავისი პოეზიით, გამოხატავს სწრაფვას ზესთასოფლისკენ. იგი ცდილობს, ნიუანსობრივად წარმოაჩინოს, როგორ მიისწრაფვიან ფიქრები ზეცისკენ, როგორ მიარღვევენ `სამზღვარს~, რათა შეიგრძნოს წარუვალის სიდიადე: `ცისა ფერს
ლურჯსა ფერს
ახუნებს სამოთხე
იქ რაც არს
იმის მსგავსს
ენა ვერ გამოთქვამს~ (`ზე ცაზე~). რა თქმა უნდა, გვახსენდება ბარათაშვილის `ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს~. ბარათაშვილისთვის ეს პირველქმნილი ფერია, ესე იგი, მისთვის ამ არაამქვეყნიური ფერისაა სამოთხე. იგი ამ ფერს ემიჯნურება და ერთგულებს. მამა არჩილისთვის კი ცისა ფერი, ლურჯი ფერი ხუნდება სამოთხის წარმოდგენაზე, სამოთხის `ფერადოვნების~ გამოთქმა კი ენას არ ძალუძს. წმინდა პავლეს `წერილები~ თუ შეგვაგრძნობინებენ მხოლოდ. ცის ფერი მამა არჩილისთვის მხოლოდ ხილული თვალისთვის სახილველი ფერია, რომელიც `ზესთასოფლის კარიბჭეს~ ფარავს. წუთისოფელი მისთვისაც პლატონისეული გამოქვაბულია, რომლის `ტყვეობაში~ მყოფნი კედლებზე აჩრდილებს უყურებენ და არაფერი უწყიან სრულყოფილი, ნამდვილი სამყაროს შესახებ. თვითონ კი რწმენის გზით თავს აღწევს ამ ტყვეობას და `სამოთხეს~ ჭვრეტს წარმოსახვით.
ამ ლექსებში, ერთი მხრივ, მოჩანს დაღლილობა, `ადამიანური ურთიერთობებით~, ამ დაღლილობას ამძაფრებს მიწიერი ტვირთი _ გარდაუვალი სიბერე, ხორცის დაუძლურების ( `ამ ასაკის ძონძი და ფლასი~) თანხლებით:
`ერთხელ როგორღაც გადაღლილმა
წიგნზე დახრილმა
სარკმელს მივხედე საკუთარი თავი შევიცან
მინამ არეკლა ჰაბიტუსი ძალზედ ნაცნობი
მობერებული მთლად ჭაღარა
თვალებჩამქრალი
თვალთა უპეებს რომ მივსებდა მიმწუხრის ბნელი~ (***`ერთხელ...~)
თუმცა ხორციელი დაუძლურებისა თუ დაქანცულობის პარალელურად საოცარ ენერგიას იკრებს სული, რომელსაც სტანჯავს: `ვერ გავამართლე მოვლინება ჩემი ამქვეყნად~. წლებით ნაგროვი გამოცდილება, ტანჯვით ავლილი აღმართები აჩენენ მწვერვალზე ასვლის განცდას, საიდანაც იოლად აიტყორცნება სული ზეციური სანახებისაკენ.
მამა არჩილი ახერხებს სიტყვიერ ქსოვილში მოიხელთოს ის ღვთაებრივი განცდა, რამელიც მხურვალე ლოცვის ჟამს ღმერთთან წამიერი მიახლებისას იბადება და ამგვარად გამოთქვამს:
`ღმერთს ვუერთდები თუმც კი ვრჩები ადამიანად
ღმერთი კი ღმერთად
საოცარი არის შეგრძნება
ჩვენ ვიბადებით რათა მიწყივ ზეცას ვესწრაფდეთ
ნაპერწკალივით~ (`ზრახვა მარტისა~).
ამგვარი ფიქრებისას ბუნებრივად ჩნდება სახე იობისა, რომელმაც უკიდეგანო მოთმინებით და ღვთის უღალატო სიყვარულით ეშმაკი დაამარცხა.
ამ ლექსებში ხდება ავტორის ერთგვარი ფერისცვალება, მის გულში აღდგება წუთისოფლის ამაოებათა სისასტიკით `დაგლეჯილი ღმერთი~ (გრიგოლ რობაქიძე). წმინდანთა ხატებანი მას, როგორც პიროვნებასა და შემოქმედს, სრულყოფენ. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ, `სახისმეტყველებით თანახატქმნაზე~, როდესაც ადამიანი ემსგავსება რომელიმე წმინდანს, ან ცდილობს მიემსგავსოს, როგორც იდეალურ ხატს, ასევე ცდილობს მამა არჩილი მიჰყვეს წმინდანთა კვალს, ფიზიკურსა თუ სულიერს და თანახატიქმნება იდეალთან:
`წმინდა უქმობა~ ნაზიანზელის
შემაძლებინე უფალო ჩემო
მისებრი ჭვრეტა ღვთიურ აზრების
ზესთა ცათასა ხილვების მჩენო~ (***)
ნატვრა, რომ შეძლოს `მისებრი ჭვრეტა~, ხორციელი ცხოვრების ერთგვარი მწვერვალია, რომლისკენაც სიზიფესავით მძიმედ და ტანჯვით მიემართება, რათა მწვერვალზე ასულმა წამიერად იგრძნოს `მზის~ სიახლოვის უნეტარესი წამი და შემდეგ კვლავ დაღმართზე დაუგორდეს ლოდი _ სიმბოლურად _ ხორციელი ცხოვრება. `ღმერთთან შეხვედრის~ ხსოვნა და მოლოდინი კვლავ ფეხზე წამოაყენებს, სასწაულებრივ ძალას შთაბერავს და კიდევ ერთხელ შეავლებინებს თვალს მწვერვალისთვის, საიდანაც უმზერენ წმინდანთა სულები და თავისკენ მიიხმობენ, სწორედ ეს `მიხმობა~ აიძულებს კვლავ ზე აღმართოს მზერა, ზურგზე მოიგდოს უმძიმესი ლოდი ყოველდღიური საზრუნავებისა (რეალურად _ სულიერი მოძღვრისა, მასზე მინდობილი მრევლის `ცოდვათა~ კურნების ტვირთი) და კვლავ შეუყვეს აღმართს, `ჭმუნვის ალის~ (აკაკი) გასანელებლად, რათა სიცოცხლე იგრძნოს და სიკვდილმა ვეღარ შეაშინოს.
ამ შემოქმედებას მსჭვალავს წყურვილი; `ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ~. ამიტომაც არის, რომ ამ ლექსთა კითხვისას გვახსენდება ეფრემ ასურის `აღსარება~: `გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს~ და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: `გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე~ (`სინანულის საგალობელი ცხოვრების მიმწუხრზე~). იოანე ოქროპირი: `ნუ დაუბრუნდებით ამქვეყნიურ ამაო გარჯას. გეშინოდეთ ღვთისა და იცოდეთ, რომ სიმდიდრე წარმავალია, დიდება - ფუჭი, სილამაზე - ცვალებადი, მშვენიერება - განქარვებადი, ყოველივე ამა სოფლის დიდება ამაო, რომელიც სიზმარივით დავიწყებას მიეცემა, კვამლის მსგავსად გაიფანტება და აჩრდილივით გაქრება. ამისთვის თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს“ (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ამად არს ყოველი კაცი ხორციელი“ (ფსალმ. 38, 6) (`სოფლის წარმავლობისათვის, სიკვდილისა და სასჯელისათვის~).
ამ ლექსების ერთი შთამბეჭდავი სახე-სიმბოლოა აყვავებული ალუბალი, იგი არაერთ ლექსში გაკრთება და ამხელს პოეტის სწრაფვას იდეალისკენ. `ლურჯ აპრილში~ სარკმელთან აფეთქებული ალუბალი თითქოს მთლიანად ავსებს სივრცეს, ასე რომ, ქალაქი, თავისი ურბანისტული ლანდშაფტებით, სადღაც ქრება და სამყაროში რჩებიან ორნი; ის და გადაპენტილი ალუბალი _ მისი ერთადერთი სულიერი მეგობარი. მას იზიდავს მისი უმანკო სითეთრე, რომელიც დასტურია უცოდველობისა. მისი ცქერა ახსენებს სამოთხეს, სადაც შემოსილი იყო სწორედ ამგვარი უმანკოებით, ამიტომაც გრძნობს თანაზიარობას მასთან, ის მისი სულის ტოლია, რომელიც გაზაფხულობით ეწვევა ხოლმე დროებით, რათა შეაგრძნობინოს სხვა ფერთა სიკაშკაშისა თუ ელვარების მოჩვენებითობა. ის ახსენებს მას იდუმალ ჟამს, როდესაც უფალმა ხორცი შეიმოსა, ამიტომაც სურს დაიმახსოვროს მასთან შეხვედრის ყოველი წამი და აღბეჭდოს მშვენიერ სტრიქონებად:
`შევუერთდე
უმანკო მდუმარებას
მიუწვდომელ მხარეში~.
როგორც აკაკი ეძიებდა `საყვარლის საფლავს~ ვარდის კოკორში, ბულბულსა თუ ვარსკვლავში, ასე დაეძებს ისიც გულამოსკვნილი და აღმოაჩენს უპირველესად აყვავებული ალუბლის სიქათქათეში:
`გარეთ კი გარეთ ჩაბნელებულ
სარკმლის გადაღმა
თეთრად ჰყვაოდა ალუბალი
ჰგავდა პატარძალს~ (*** `ერთხელ როგორღაც~).
აქ ალუბალი, სიმბოლურად, ქრისტეს სასძლოა, პატარძალია, გონიერი ქალწული, რომელიც სიბნელეშიც თეთრად ანთია, ფხიზლობს და მოელის შუაღამის სიძეს, მაცხოვარს, რათა ღირს იქმნეს ზეციურ ქორწილში, სამოთხეში შესვლისა. ამიტომაც ასეთი ვნებითა და გატაცებით წერს მამა არჩილი ალუბლის ყვავილზე, ასე იზიდავს მისი შეურყვნელი სითეთრე, თითქოს მასთან სიახლოვე მასაც გადაჰფენს ამ უჩრდილო ნათელს, ეს არის, როგორც გოეთე იტყოდა, `არჩევითი ნათესაობა~. ამიტომაც ჩნდება ერთ ლექსში ასეთი შთამბეჭდავი სახე:
`აქათქათდა თეთრად მიდამო
როგორც წმინდანი
თეთრად ჰყვავის
ხე ალუბალის~ (`ალუბლის სიბრძნე~).
ალუბლის წმინდანთან შედარება ცხადყოფს ამ ყვავილის მისიას, იტვირთოს `ღვთის სიტყვის~ შეხსენება მოკვდავთათვის, გაბედოს და აყვავდეს არეულ, გიჟ მარტში, თავი გაწიროს, გადალახოს ამ თვის სიავე, ამღვრეულობა და ღვთის კურთხევა გაამართლოს, თეთრად გადაპენტილმა ჩასახოს იმედი აღდგომისა და ხსნისა. ამიტომაც გაჩნდა ასეთი ამაღელვებელი სტრიქონები:
`რასაც
ვერ ვჰპოვებ
ადამიანში
აღმოვაჩინე
მე
ალუბალში~. (*** `აქ ჩემს სარკმელთან~).
პოეტი ხედავს ღვთაებრივ სულს ალუბალში, ამიტომაც სარკმელთან მომდგარ ალუბალს ეალერსება, ტკბება მისი სიახლოვით, აკვირდება დაბერილი კვირტებიდან სიცოცხლის დაბადებას და მკითხველსაც გადასდებს ამ შეხვედრის სიხარულს... და მამა არჩილის სიცოცხლე თითქოს ამ ორ მოვლენას _ ალუბლის აყვავებით ტკბობასა და მისი აყვავების სევდიან მოლოდინს შორის მოექცევა.
ყვავილი უფლის სიმბოლოა, `ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა~ (იოანე საბანისძე).
მამა არჩილის პოეზიაშიც ყვავილი უფალზე მიანიშნებს. ყვავილები სამოთხის სიმბოლოცაა, ამიტომაც გაკრთებიან ხშირად ამ პოეზიაში იის, ზამბახისა თუ იასამნის სახებანი. მამა არჩილის პოეზიის უპირველესი ფერებიც ესაა: იისფერი და თეთრი. თეთრი ღვთაებრივ უმანკოებას განასახიერებს და მის უპირველეს მოციქულად აყვავებული ალუბალი ევლინება პოეტს, იისფერიც სამყაროს იდუმალებაზე, სამოთხეზე მიანიშნებს.
`იის უფაქიზეს სურნელს
ვერ ივიწყებს სული~ (*** `იის უფაქიზეს სურნელს~).
ეს სურნელი სამოთხისეულია, ამას ვერ ივიწყებს სული და ცდილობს ამქვეყნიური ამაოების შერყვნილ, დაბინძურებულ ჰაერში ის უნაზესი სურნელი გამოარჩიოს და მოჰყვეს, როგორც სოლომონი `ქებათა ქებაში~: `სულნელებელსა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით~. (სოლომონი, 1,4).
იესო ქრისტემაც ქადაგებისას არაერთხელ `მიახედა~ მოციქულები შროშანისკენ და მაგალითად დაუსახა: `და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი~ (მათე, 6, 28-29).
ამ ლექსებში მძაფრი დაპირისპირებაა წარმავალისა და წარუვალისა. ლექსში `ტაძარში ცეცხლი, გარეთ სიბნელე~ კონტრასტულადაა წარმოჩენილი, თუ როგორ აღევლინება მორჩილი მრევლის მიერ მხურვალე ლოცვები, გარეთ კი სიბნელეა:
`ტაძარში ცეცხლი საღმრთო ლოცვების
გარეთ სიბნელე ამ დაღლილ სოფლის~.
ეს ლექსები გულიდან ამოსული წრფელი აღსარებებია, მხურვალე ლოცვებია. ოსიფ ბროდსკი წერდა: “ბახს საოცრად გაუმართლა. ღმერთის შესაქებად ქორალებს ან კანტატას წერდა და უშუალოდ უზენაესს მიმართავდა. დღეს, როცა პოეტი იმავეს მოინდომებს, იძულებულია, ირიბ მეტყველებას მიმართოს”.
`ნისლი მატებდა ბებერ სივრცეს იდუმალებას
და მხარს უბამდა დაღლილ სულის ჩუმ მდუმარებას~_წერს მამა არჩილი და ხატავს, როგორ ამოიზრდება ცოდვების ნისლში ყოვლის მიმტევებელი `უხილავი ღმერთის~, ხატი, როგორ შეიგრძნობს `მადლის შეხებას~ და თვალწინ ჩაუქროლებენ სამყაროს შექმნისა და სამოთხიდან ადამ და ევას გამოდევნის სურათები (*** `ნისლი მატებდა~).
ლექსში `წერილი უფალს~ `ზეცით ნასაზრდოები~ სწრაფვაა `ტკბილი იესოსკენ~. ეს სწრაფვა მას სიკვდილის წყურვილით განმსჭვალავს, მაგრამ `ნუგეშისცემული კვლავ მხნევდება~ და ამშვიდებს განცდა: `ჯერ მანდ დარჩი და მემსახურეო~.
მიწიერი მამულის სიყვარულითა და მისი ხსნის იმედითაა გამსჭვალული ლექსი `ქართველთა მისია~. ავტორი იხსენებს `მანდილის ქრისტიანებად~ წოდებულ, `მაცხოვრის კვართის მცველი~ ქართველი ერის ორიათასწლიან ისტორიას, ხატავს აწმყოს და წინასწარმეტყველებს კიდეც: `ლაზარე-საქართველო~ აღსდგება მკვდრეთით და
`ქართველი ერი დაიმწყემსება
და სიცოცხლის წყლებთან საბოლოოდ
და მოუბრუნებლად მიიყვანება ამენ ამენ ამენ~.
ყურადღებას იქცევს პოემა `უფალი მოვალს~ (დაბეჭდილია 2008 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების პატარა კრებულში), რომელიც ეხმიანება იოანე მოციქულის სიტყვებს: `რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს~ (იოანე, 5, 25). ეს არის ლექსად დაწერილი ქადაგება. მასში გულისშემძვრელად არის გადმოცემული ღვთისმშობლის შობის ამბავი. მისი მართალი მშობლების, სიბერწის გამო დაღონებული იოაკიმესა და ანას განცდები, მათი ღვთისმოსაობა. მთხრობელის ტონი მშვიდი და ამაღლებულია, მკითხველსაც გადაედება იერუსალიმის მკაცრ უდაბნოში მდუღარე ცრემლებით მლოცველი იოაკიმის გულისწუხილი და სასოება. ნიუანსობრივად არის წარმოჩენილი და დახატული სულის უფაქიზესი მოძრაობები. მაგალითად:
`შორის დაფნათა იჯდა მოწყენით მართალი ანა,
მან თვალი ჰკიდა, ჩიტი დაფრინდა,
თავის ბარტყებთან და გადეფარა~, _ზუსტად და ნათლად წარმოაჩენს თბილი ცრემლებით თვალდანამული ანას გულისცემას.
ავტორი ამაღელვებლად ჰყვება ღვთისმშობლის ბავშვობაზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა დახატული ის ეპიზოდი, როდესაც ოთხი წლის მარიამი (რომელსაც, აღთქმისამებრ, აქამდე მიწაზე ფეხი არ დაუდგამს) მშობლებს ტაძარში მიჰყავთ, ფსალმუნთა გალობით როგორ აივლიან კიბის საფეხურებს და როგორ გასხლტება გოგონა წმიდათაწმიდისკენ.
ავტორს არ გამორჩება არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ექსპრესიული თხრობა კულმინაციას აღწევს, როდესაც წმინდა ქალწულის უბიწო წიაღით ქვეყნიერებას მხსნელი მოევლინება. პოეტი ზედმიწევნით მიჰყვება ოთხთავს და ემოციური დეტალებით ოდესღაც მომხდარ სასწაულებს ახლაც განაცდევინებს მკითხველს. როდესაც ჯვარცმის ამბავს გადმოგვცემს, ეხმიანება დავით გურამიშვილს, რომელმაც `დავითიანში~ გააცოცხლა ეს ეპიზოდი (`ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო~...). ამბის დასასრულს კი თავის დამოკიდებულებას ამაღლებული სტრიქონებით გამოხატავს:
`მიდღეინდლამდე დგანან ტაძრები_
ღმერთს ადიდებენ და ჩვენ განგვწმედენ
ისინი სჩანან, როგორც ანძები
დაუმსხვრეველი ხომალდებისა~.
პეტრე და პავლე მამა არჩილის გამორჩეულად საყვარელი მოციქულნი არიან. ღვთის განგებითაა, რომ სწორედ პეტრე-პავლეს ტაძარში მოღვაწეობს, აქვე, ამ ეზოშივე ააგებინა ახალი ტაძრები, მყუდრო და საამო, ცოდვილთა შემწედ და საოხად. ამ ტაძრებში სწირავს მსხვერპლს და უფლის სიტყვას ქადაგებს მოუღლელად.
მისი ქადაგებები ცალკე საუბრის თემაა, მას აქვს მგზნებარება და ხატოვანება იოანე ოქროპირისა, სიღრმე გრიგოლ ღვთისმეტყველისა, სიყვარული პავლესი, გულისშემუსვრილობა იობისა. და კიდევ: პოეტურობა, რაც ხან ზედაპირზეა და ხან კიდევ შეფარულად. მაგალითად, აი, ერთი ქადაგების დასაწყისი: `როგორ ემთხვევა ერთმანეთს ეს მოწყენილი ამინდი გვიანი ზამთრისა, მდუმარება ტაძარში, სინანულის საგალობლები და სახარების დღევანდელი საკითხავი წმ. ლუკასაგან~ (`უძღები შვილის კვირიაკე~).
Aაღსანიშნავია, რომ მამა არჩილს არაერთი წმინდა მამის ქადაგებანი და სწავლანი აქვს ნათარგმნი შესანიშნავი ქართულით, მათ შორის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა.
რა გზა გაიარა მამა არჩილმა, როგორც შემოქმედმა?
1997 წელს აგნისანის (ა. რატიშვილის) ფსევდონიმით გამოსცა წიგნი, რომელშიც გააერთიანა ლექსების ციკლი _ `თანააზრი~ და ოთხი ნოველა. წიგნს დართულ წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძემ შესანიშნავად წარმოაჩინა მამა არჩილის პოეტური ხელწერის ძირითადი თავისებურებანი.
ეს იყო პოეტურ სამყაროში მგზავრობის დასაწყისი, ერთგვარი გზაჯვარედინი, რომელზე შეყოვნებულსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი, თუ რა გზას გაჰყვებოდა. სწორედ ამ ფიქრიანი შეყოვნების ანაბეჭდია ეს წიგნი, რომელშიც ჩანს გაორებული კაცი, ხორცსა და სულს შორის გახლეჩილი, ღვთაებრივ ჰარმონიას მონატრებული და მისი მაძიებელი. ახალგაზრდა კაცი ირგებს სხვადასხვა ნიღაბს და ცდილობს ამგვარად ჩასწვდეს ცხოვრების აზრს, საკუთარი მოვლინების მიზანს. ყურადღებას იქცევს ავტორის ენობრივი სამყარო, სათქმელის გამოხატვის ხაზგასმულად მეტაფორული ენა, სხვადასხვა კოდის _ ლიტერატურული, რელიგიური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური _ სიუხვე. მხატვრულ სახეთა რაგვარობით ენათესავება ცისფერყანწელების პოეზიას. იგრძნობა ქედმოხრა ფრანგი სიმბოლისტების წინაშე. მათი სახელები არაერთგზის გაიელვებენ და ხელს უწყობენ ავტორს, წარმოაჩინოს თავისი წუხილი თუ სიხარული. ამ ლექსებში მოჩანს არჩილ მინდიაშვილი, როგორც ესთეტი, მას თანაბრად აქვს გამახვილებული თვალი (ამის დასტურია ფერწერული სახეები) და ყური (საინტერესო რითმები, რიტმები, სხვადასხვა ფორმა (ყურადღებას იქცევს რამდენიმე სონეტი).
აღსანიშნავია ოთხი ნოველაც, რომლებმაც წარმოაჩინეს არჩილ მინდიაშვილი, როგორც პროზაიკოსი. იგი შესანიშნავი მთხრობელია და დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნის. მას, აგრეთვე, ეხერხება ოსტატური აღწერა საგანთა თუ მოვლენათა, ღრმა და საგულისხმო მსჯელობა ეგზისტენციალურ საკითხებზე. მის თხრობას თავისებურ სიმსუბუქესა და სილაღეს მატებს მახვილგონივრული დაკვირვებანი, მოსწრებული ირონიის თანხლებით. ამ წიგნში ხშირად გაიელვებენ ლიტერატურის, ფერწერის, ფილოსოფიის კორიფეთა სახელები, რაც ამხელს, ერთი მხრივ, ავტორის, განსწავლულობას, სიყვარულს მეტაფიზიკისადმი და, რაც მთავარია, მის არტისტულობას, სიტყვიერი თამაშის ხელოვნებას. საგულისხმოა, რომ წიგნის ბოლოს ამ ლექსებისა და მოთხრობების შემქმნელი (მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თემატურად მრავალფეროვანია, ლირიკული გმირი ერთია, სხვადასხვა ლექსსა თუ მოთხრობაში განსხვავებული ნიღბით წარმოჩენილი), ამ შემთხვევაში, ნოველა `განშორების~ გმირი თომა ბრონტინი თავს იკლავს. ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ამ წიგნმა წარმოაჩინა მტანჯველი და სულისშემხუთველი, სასოწარმკვეთი გზაჯვარედინიდან გასვლა, გათავისუფლება და კონკრეტული გზის არჩევა. `ცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ~ _ არჩილ მინდიაშვილმა `სცნო~ ეს ჭეშმარიტება, ღრმა ინტელექტისა და გამორჩეული ესთეტიკური იდეალების მატარებელმა, არჩევანი გააკეთა, მეორედ იშვა, როგორც მამა არჩილი. წარსული კი ცხოვრების წიგნში ჩაიწერა და დარჩა, როგორც ლამაზი ნაკვალევი.
სწორედ ამის განცდამ დამაწერინა წლების წინათ ეს ლექსი ~და მოუღლელად იქადაგებ~, რომელიც მამა არჩილს მივუძღვენი:
`ოდეს ვერარა ჰპოვე ქვეყნად
ღირსი ქებისა,
თუმც მოიწვართე მზისა ქვეშე
სიბრძნე მრავალი.
გულისხმა ჰყავი სიბრძნე ერთი
ზეაღმავალი
და მეყვსეულად შეიმოსე
კვართი ზეცისა.
გვემული ფრიად
ბნელ ძალთაგან ბოროტებისა.
ვედრებითა და სიყვარულით
გაალღობ რისხვას.
სინათლის რტოებს გამოსტაცებ
ტალღას ვნებისას
და მოუღლელად იქადაგებ
სიმართლეს ღვთისას.
მიაყურადებ ბნელ ღამეში
ღვთისმშობლის ლოცვას,
თვალთ გაგიცრიცავს
მოვარდნილი ცრემლების შხეფი.
ზეციურ მამულს სასოებით
აღაპყრობ მზერას
და მიწიერი საქართველოს
შეგაკრთობს ბედი~.
ხიდი კი, რომელიც ძველსა და ახალს შორის არის გადებული, გალაკტიონის ხატითაა გაცოცხლებული, ეს ერთადერთი სიმბოლოა, რომელიც მას `ახალ ცხოვრებაში~ ისეთივე მგზნებარებით ენუგეშება, როგორც წინათ.
გალაკტიონი მისი თანმდევია, შთამაგონებელი, ამიტომაც ხშირად მის ლექსებს სწორედ მისი სტრიქონები აქვს ეპიგრაფად, იქნებ იმიტომ, რომ გალაკტიონის თვალით დანახული მშვენიერება აღელვებს, რადგან გრძნობს უფლის ხელს მის სტრიქონებში, მხოლოდ `სულისა წმიდისა მიერ~ კარნახით დაწერილს შეიძლება ჰქონდეს ასეთი ძალა, მოასმენინოს მკითხველს იდუმალი ხმებით ავსებული სამყაროს ჰარმონია, დაანახვოს იისფერი, ვარდისფერი თოვლი და ივლისისფერი ყინვა. შაგრძნობინოს, რომ `შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო~ (`ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა~).
`აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები, კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით, დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი~ _წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (`გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე~), ამ სიტყვებს ეხმიანება მამა არჩილი თავისი გულისთქმით.
ერთ ბოლო ლექსში, `თანამედროვეობის კალეიდოსკოპი~ რომ ჰქვია, მამა არჩილი შთამბეჭდავად ხატავს დროის მაჯისცემას, კატაკლიზმებს, მსოფლიო რომ შეარყია:
`მე ესრედ ვგონებ
მისწვდა კრავი
ბეჭედს მეექვსეს~.
ლექსს აზრობრივ სიღრმეს ანიჭებს აპოკალიფსის რემინისცენციები. პატმოსის ჭალაში განმარტოებულ, ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეს, ღვთისმშობლის შვილობილს ალბათ თავადვე აძრწუნებდა წინასწარმეტყველური ხილვები: `და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს~ (გამოცხადება, 6, 12-14).
თუმცა სიცოცხლის გაქრობის `მრუმე ფიქრებს~ აქარწყლებს ლექსის ბოლოს აელვარებული ხატება ლურჯად აყვავებული იასამნისა, უფლის მწყალობელი თვალებით რომ იმზირება და გულში მინავლებულ ხსნის ნაპერწკალს აღვივებს.
გარდაუვალ სიკვდილზე ფიქრმა დაბადა `ანდერძი შვილებს~ _ ამ ლექსში მამა არჩილი ანდერძს უბარებს ხორციელსა და სულიერ შვილებს, სთხოვს, რომ არ დაივიწყონ `ტკბილი იესო~, ერთმანეთი უყვარდეთ და მათი ფიქრის საგანი უკვდავება იყოს. თვითონ კი ერთი ნატვრა აქვს, ტაძრის მახლობლად მიებაროს მიწას, საფლავის ქვაზე სადა წარწერით:
`წირვა უყვარდა
ქადაგებდა
ჟამით-ჟამამდე~.
ამ ლექსშიც, სხვათა მსგავსად, მოჩანს უსაზღვრო სიყვარული მასზე მინდობილ `შვილთა~ მიმართ.
მამა არჩილის ლექსები _ ლოცვების კითხვისას მკითხველი შეიგრძნობს, როგორ განიძარცვება მიწიერი საზრუნავებისაგან, როგორ მაღლდება და განიწმინდება სული, როგორ ეუფლება სიმშვიდის ნეტარი განცდა, როგორ ურიგდება სიკვდილს, რადგან იგი წარმოუდგება ჭეშმარიტი, მარადიული სახლის კარად, რომლის მიღმა ბედნიერი მამა მიელის უძღებ შვილს, და ეს მოლოდინი ისეთი წარმტაცი და ყოვლისმომცველია, რომ გამოუთქმელი სიხარულით აღავსებს მისკენ მიმავალს.

აპრილი, 2010
დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენს მწერლობაში'',#10, გვ. 35-41; 2010
საავტორო უფლება დაცულია

No comments:

Post a Comment