Translate

Wednesday, June 8, 2011

რეზო გეთიაშვილის პოეზია

მაია ჯალიაშვილი

"მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით"


(რეზო გეთიაშვილის "Artყვავილები", თბ. 2007)

"მე თვით სიკვდილსაც გარდავმქნი ლექსად"_ამგვარი ლამაზი ჰიპერბოლით ლადო ასათიანმა ქართველი კაცის დამოკიდებულება პოეზიის მიმართ ფორმულასავით ჩამოქნა. ლექსი ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს სამყაროს ნებისმიერ მოვლენას, თვით სიკვდილსაც. ეს აზრი, რა თქმა უნდა ძველია, გამოხატვის ფორმაა შთამბეჭდავი.
პოეზიაზე საუბრისას, უმთავრესად, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ემოციურ მუხტზე, რომელიც მისგან გადმოგვეცემა. ლექსი, როგორც არტე_ფაქტი, იმით განსხვავდება სხვა ნიმუშებისგან, რომ მისგან ერთდროულად ვიღებთ იმ იმპულსებს, რომელთაც ცალ_ცალკე აღძვრიან მუსიკა, ფერწერა და ხელოვნების სხვა სფეროები. ლექსის კითხვისას წარმოქმნილ ახალ სამყაროში თანაბარი ინტენსივობით გვაქვს ფერის, მელოდიის, სურნელის შეგრძნება.
თანამედროვე მკითხველი, დატვირთული ტრადიციული გამოცდილებით, ნაცნობი ესთეტიკური მოლოდინით უახლოვდება ახალ ლექსს და უნებურად ძველ გამოცდილებასთან აკავშირებს. ძველი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეფუძნება ქართულ ენაზე შექმნილი შედევრების ცოდნას.
იცვლებიან ეპოქები, მაგრამ სურვილი რეალობიდან ლექსის გზით გაქცევისა, იგივეა. გამოსახვის ფორმებიც მრავალფეროვნდება, სხვაფერდება, მაგრამ არსებითად იგივე რჩება_ სიტყვათა ახალი, მოულოდნელი თამაშით, კომბინაციებით შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც სამყარო მოულოდნელი, აქამდე უხილავი რაკურსით წარმოჩნდება.
აღიარებული აზრია, რომ ყველა ქართველი პოეტი რუსთველიდან "მოდის":. იგი პოეზიის ერთგვარ სინონიმად იქცა. “ვეფხისტყაოსანში” ჩანასახის სახით მოჩანს ან პოტენციურად ნაგულისხმევია ყველა ის “მგრძნობელობა” რომელიც ყოველ დროში განსხვავებული სახელებით მჟღავნდებოდა. ჭეშმარიტი პოეზიის არსიც რუსთველმა ასე გამოხატა: “სიბრძნის დარგი”, “საღმრთო საღმრთოდ გასაგონი” და “მსმენელთათვის დიდად მარგი”. ამ თვალსაზრისით, იგი შეეხმიანა არისტოტელეს, რომელმაც ლიტერატურისა და პოეზიის შედარებისას აღიარა ამ უკანასკნელის მეტი ფილოსოფიურობა და სერიოზულობა, რადგან “პოეზიის საგანი უფრო ზოგადია, ისტორიისა კი ცალკეული”.
რუსთველის პოეზიაში წარმოჩნდა ყოველივე, რაც მანამადე არსებობდა პოეზიის სახით (ფოლკლორი და ჰიმნოგრაფია) და “ვეფხისტყაოსანში” იყო წინასწარმეტყველებაც მომავალი პოეზიისა. ამიტომაც ყველა აღიარებული პოეტი გენიოსი რუსთველს “მშობლად” მიიჩნევს. შეუძლებელია მის გავლენას ასცდე, თუნდაც არ წაიკითხო, რადგან ის არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილი. ლექსის წერა გარკვეულწილად გულისხმობს ათასგვარ გამეორებას, მაგრამ უპირველესად რუსთველისას, აზრისა და მუსიკალურობის თვალსაზრისით.
თანამედროვე კარგი პოეტი, პოსტმდერნისტული ეპოქის შვილი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ გალექსვის ნიჭი, არამედ ინტელექტუალური გამოცდილებაც, “ატმოსფერულად” განიცდის ყველა იმ სიახლეს, რომელიც ჰაერში ტრიალებს. მასში, გარკვეულწილად განხორციელებულია ტიციან ტაბიძის ოცნება, შეერთებულია “რუსთაველი და მალარმე”_ ტრადიციული და უცხოური. ლექსის შექმნის “ხელობით” (განსაკუთრებით თავისუფალი ლექსისა) დღეს ბევრი იქცევს თავს და, არსებითად, თანამედროვე ვერლიბრის ნიმუშები ერთმანეთს ჰგავს. მკითხველის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის გამოარჩევს. ხანდახან ამ გამორჩევისას ყური შეიძლება ამ საქმეში გაწაფულ პროფესიონალსაც მიუგდოს, რომელსაც უყვარს მოვლენათა კლასიფიცირება და პოეტების “დახარისხება”.
რეზო გეთიაშვილის ლექსებმა და მისმა კრებულმა “Artყვავილები” (თბ. 2007) უკვე მიიპყრო პროფესიონალ თუ რიგით მკითხველთა ყურადღება. ამ კრებულზე თანდართულ ზაზა შათირიშვილის მრავალმხრივ საგულისხმო წერილში გამორჩეული ეპითეტებით არის შეფასებული ეს ლექსები და ავტორის “დიდობა” იმგვარი დამაჯერებლობითაა დასაბუთებული, არის “საშიშროება” ამ თვალსაზრისთა გავლენის ტყვეობაში მოქცევისა, თუმცა კითხვისას, როცა ლექსთან პირისპირ რჩები, ყველანაირი ინტერპრეტაცია და შეფასება უკან იხევს და, პირველ რიგში, უსმენ და მიჰყვები საკუთარი გულის კარნახს.
კრებულის სათაური ორმაგად შეიძლება გავიაზროთ: თავმდაბლობადაც და ერთგვარ ეპატაჟადაც. თავმდაბლობად, რადგან შეიძლება იფიქრო, რომ ავტორი გალაკტიონის “არტისტული ყვავილების” ერთგვარ თანამედროვე გამოძახილს ქმნის. მხოლოდ გამმეორებელია, ორიგინალი უკვე შექმნილია, თვითონ მხოლოდ ასლს სჯერდება. არტისტული ხომ იდენტურია art_ისა. უბრალოდ, ვიზუალურად ჩაენაცვლა ლათინური სიტყვა (ესეც დღევანდელობის ხაზგასმული ბილინგვიზმის ანარეკლია). ეპატაჟად_რადგან შეიძლება მეტოქეობად გავიაზროთ, რაც თავისთავად დასაძრახი არ არის, მაგრამ მყვირალაა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი სათაურის შერჩევა ნიშნავს, რომ ავტორი აღიარებს, იცის, რა იყო ადრე და თვითონ არ არის “პირველი”. ამასთანავე, ამგვარი სათაურით, ხაზი ესმება შემოქმედებაში ესთეტიკის უპირველესობას, რეალობაზე ხელოვნების აღმატებულობის იდეას.
ერთ ინტერვიუში რეზო გეთიაშვილი საინტერესოდ საუბრობს ტრადიციასთან დამოკიდებულებაზე: “არსებობს სტერეოტიპი, რომ თანამედროვე მსოფლიოში ისევ “ვეფხისტყაოსნით”, წინწყაროთი, მედეათი და ოქრომრავალი კოლხეთით უნდა გავიდეთ და არა იმით, რაც ამ ყველაფრის შედეგად დღეს იქმნება. რაკი მცხეთა ააშენე, ღებვაზე ცოტა მეტი უნდა შეგეძლოს. იმის გამო, რომ მე-12 საუკუნეში დიდი ქვეყანა იყავი, დღეს თავი მის ნარჩენად არ უნდა წარმოიდგინო. ეს ისტორიაა და იმაზე მეტის საშუალებას გაძლევს, რასაც უამისოდ გააკეთებდი. ლექსი სწორედ იმიტომ უნდა დაწერო, რომ ვაჟა და გალაკტიონი გყავს”. “ჩვენში ახალი ხშირად არაფრიდან იწყება, ყოველ მომდევნო ავტორზე წყდება და ამ ავტორის სტილი თუ ინდივიდუალურობაც ეს არის. იმისთვის, რომ რაღაცა შექმნა, არ არის აუცილებელი, რომ მანამდე არსებულს ზურგი შეაქციო და ყოველ ჯერზე საწყის ეტაპზე დაბრუნდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ისიც არსებობდა, რასაც ინოვაცია დაარქვი. იდეა და ექსპერიმენტი ნებისმიერ აღმოჩენას და გამოგონებას სჭირდება, მაგრამ ეს იდეა ბოლომდე უნდა განხორციელდეს” (“ებლიტფოს” არქივიდან: რამდენიმე კითხვა რეზო გეთიაშვილს”).
“ინოვაცია” რომ ხშირად მოჩვენებითია, ამის შემჩნევასა და აღიარებას ინტელექტი და შენამდე შექმნილის მიმართ პატივისცემა სჭირდება:
“ვერ დაივიწყე
თოვლი ირიბია და ალმაცერი” (***შემოდი).
ეს “ვერდავიწყება” ამხელს პოეტის თამამ და გულისხმიერ დამოკიდებულებას კლასიკის და, უპირველესად, გალაკტიონის მიმართ, რომელიც მისთვის მშობლიური ენის გამოვლენის უმაღლესი ფორმაა. ეს პოეტური ენა მისი ერთგვარი შთამაგონებელია.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, იმ პოეტებთან დამოკიდებულებაც, რომლებიც ახალ ესთეტიკას ქმნიდნენ. ამის დასტურია ამ კრებულში ამოკითხული სტრიქონები:
"ჩამოვედი მატარებლიდან სადგურზე
რომელსაც ჰქვია ტირე
და ვდგავარ
რამდენიმე დღის წინანდელ თავსხმა წვიმაში
და ვალერიან გაფრინდაშვილის ზოგიერთ ლექსს
სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ინგლისურად
Charles Chendler"(“ტირე”)
რეზო გეთიაშვილი ამ კრებულის საერთო პათოსით გვაგონებს ჰერმან ჰესეს იგავური მოთხრობის “პოეტის” მთავარ გმირს, რომელმაც იგრძნო, რომ ამქვეყნიური ზეიმი და მხიარულება ვერ მიანიჭებდა სრულ ლხენასა და სილაღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარტოსული, მუდამ მოთვალყურე და უცხო დარჩებოდა, რომ “სხვა მრავალთა შორის მხოლოდ მისი სული იყო ისერიგად შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს ეგრძნო ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსულის იდუმალი სწრაფვანიც. ამის შეგრძნებამ იგი სევდით აღავსო, ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როცა ამ სამყაროს მშვენიერებას უზადოდ არეკლავდა თავის ლექსებში, როცა თვით სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყოფილს, დაეუფლებოდა თავის მიერ არეკლილ სახეებში” (ჰერმან ჰესე “პოეტი”).
რეზო გეთიაშვილი ცდილობს და ხშირ შემთხვევაში ახერხებს სამყაროს მშვენიერება არეკლოს ლექსებში და ამისთვის მას არ სჭირდება მშვენიერი სიტყვები. იგი ნებისმიერ სიტყვას აქცევს პოეტურ ღირებულებად, ამ თვალსაზრისითაც, ის აგრძელებს ნიჭიერ პოეტთა ტრადიციას:
“მაგრამ აქ უფრო იოლია სულით ობლობა,
დგას ფერებს შორის ინტერვალი, როგორც დებილი,
ჩემი ოთახიც იქირავა ორმა ობობამ
და უქმეებში შუადღემდე სძინავთ მკვდრებივით” (*** მრავალწერტილმა).
ბოლო ორ სტრიქონში მომთენთავი და გამთანგველი მარტოსულობა უჩვეულო რაკურსით წარმოჩნდება და ავლენს პოეტის ხელწერის ინდივიდუალობას.
“ამიხსენი რა არის პოეზია”, _მოვთხოვე ერთ ფილოლოგს ამას წინათ. “მაგაზე იოლი რა არისო”,_მითხრა და თავისი ბიბლიოთეკიდან დოქტორ ჯონსონის წიგნი მომიტანა. პოეზიის განმარტებამ განმაცვიფრა. ო, უკვდავო აჩრდილო შექსპირისა! წარმომიდგენია შენი გამწყრალი მზერა, ეს უწმაწური მკრეხელობა რომ გენახა!” პასუხით აღშფოთებული და უკმაყოფილო ედგარ პო თვითონ შეეცადა პოეზიის ფენომენის ახსნას, ჯერ განმარტა იგი, როგორც იდეა_გაერთიანებული მუსიკასთან. მერე საგანგებო წერილიც დაწერა “კომპოზიციის ფილოსოფია”, რომელშიც დეტალურად აღწერა, წინასწარ როგორ დაგეგმა “ყორანის” შექმნა, კომპოზიციის რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება: ეს იყო მათემატიკური სიზუსტით გათვლილი “ჩონჩხი” ლექსისა, რომლიდანაც შემდეგ მთელი XX საუკუნის პოეზია გამოვიდა. მაინც რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება? ესენია: მშვენიერზე აქცენტი, გამოთქმის სიცხადე, სევდა, კონტრასტები, რიტმულობა, მუსიკალურობა, ჩართვა რეფრენისა, რომელსაც უნდა გამოეხატა სიკვდილის გარდაუვალობა და სიტყვა- ნევერმორე, რომელსაც ლექსის კომპოზიციური საყრდენის ფუნქცია უნდა ეტვირთა. მიუხედავად ამისა, პოეზია მაინც ამ “ახსნის” მიღმა დარჩა.
პოს მერე დიდი დრო გავიდა, გაჩნდა და “გამეორდა” ცნებები “წმინდა” და “მოსამსახურე პოეზიისა”. ასე რომ, როგორც საზოგადოდ ყოფიერება, ხელოვნებაც სპირალურია, რაღაც ყოველთვის მეორდება (ხან “მაღალი” და ხან “დაბალი” ფორმების აქცენტით). დღეს არის განსაკუთრებული სწრაფვა მათი შერევისა. კიჩი იყენებს ამას, რათა მაღალი ღირებულებები ხელმისაწვდომი გახადოს ფართო მასებისთვის, ან ამის ილუზია მაინც შექმნას. ამიტომაც არის, რომ ბევრი თანამედროვე პოეტი, მათ შორის, რეზო გეთიაშვილი, გვერდიგვერ იყენებს დახვეწილს, მწიგნობრულსა და სასაუბრო ფორმებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას არ სჭირდება ჟარგონი თანამედროვეობის პულსაციის გადმოსაცემად.
რეზო გეთიაშვილის ამ კრებულში დაბეჭდილი ლექსები ყურადღებას იქცევს გამოთქმის დახვეწილობით. აქ არის მრავალფეროვანი თემები (უნივერსალურიც და კერძოც), რომლებიც ჩვენი მატერიალურ-სულიერი ყოფის განმსაზღვრელ_განმაპირობებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ის ვერ იქნება გამორჩეული, მთავარია, რომ ის აღქმულს ხშირად გამოთქვამს ორიგინალურად, ვირტუოზულად ფლობს გარითმვის ხელოვნებას (კრებულში წარმოდგენილი ათი ციკლიდან მხოლოდ ერთი_”მზესუმზირებია” დაწერილი თავისუფალი საზომით). რითმა_პარალელური, ჯვარედინი, თავკიდური, შიდა და სხვ._ მისი ლექსების მთავარი საყრდენია, ის კარნახობს ყველაფერს, რაც პოეზიისთვის მთავარია: აზრსა და მუსიკალურობას, მოულოდნელ მხატვრულ სახეებს. გვხვდება როგორც ასონანსური, ასევე კონსონანსური რითმები. თვითონ პოეტის აზრით, “ის, რომ კონვენციური ლექსი უკვე გადავლილი ეტაპია და სათქმელი მხოლოდ ვერლიბრის ფორმებით უნდა ვთქვათ, ქართული პოეზიის არასწორი შეფასებაა” ზემოთ ნახსენები ინტერვიუ). ამიტომაც თვითონ აგრძელებს ამ “ფორმაში” ძიებებს:
“დიდი წვიმაა. დიდზე დიდი. აწვიმს ასევე
წვეთებს. სახეა წითელი და შავზოლიანი.
მერე ამ წვეთებს. ალბათ აქეთ დამიფასებენ.
ყველა იმწუთის ერთიციდა მავზოლეუმებს” (წვიმების სეზონი”).
ხანდახან აშკარად გასარითმავად ასოციაციურად წამოტივტივებული რითმა თან თავის “ნაცნობ” კონტექსტს მოიყოლიებს და ლექსში ახალ აზრობრივ შრეებს აჩენს:
“უფრო გამხდარხარ,
თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა,
სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები,
მე შემიძლია “მენატრები” გითხრა ამჯერად,
თუნდაც რითმისთვის, ან “დიაცი ქსლისა მბეჭველი” (“მზერა-ჩახმახი, მარტოობაც”).
რითმასთან ერთად, მეტაფორულობა იქცევს ყურადღებას. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ “პოეტის პორტრეტის” წარმოსაჩენად კი არსებითია ამ მეტაფორათა რაგვარობა, მოტივირებულობა, ფუნქცია. ეს პოეზია ხაზგასმულად ხატოვანია (ამით, რა თქმა უნდა, ენათესავება, უპირველესად, გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს), ამიტომ გვხვდება ტროპის მთელი არსენალი. რიტმულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით დამახასიათებელია შთამბეჭდავი ანჟამბემანები, სტრიქონიდან შემდეგ სტრიქონში გადაედინება აზრი, ემოცია და იქნება საოცარი რიტმი, რომელიც მკითხველს აიძულებს სტროფები პაუზების გარეშე, მართლაც, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს. მაგალითად:
“ოცნებებს _ ნისლებს, ყელსა და ტუჩებს,
ნისლებში მხრების დაწყვეტილ კადრებს,
ან ნუშების და ტყემლების ქუჩა _
ქუჩა ხეტიალს და ცოტა ადრე
მისატოვებლად გადაშლილ ნოტებს _
გრძელი თითებით ფურცლავდა მშვიდად,
მინას შუამდე სწვდებოდა ტოტი
ჩრდილის და რხევით არაფერს შლიდა” (“ნინა”).
როცა კრებულს იღებ ხელში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი სტრუქტურა. აქ ცხრა რკალი, კონცეპტუალური სახელწოდებებით, მკითხველს აზრობრივ_ემოციური მრავალფეროვნების შთაბეჭდილების უქმნის: “ჩენდლერის არქივიდან”, “მკვდრების მანიფესტი”, “ბასენტგაუდის მთვარე”, “ბელა”, “მარგარიტა”, “ჰეთი”, “ბილიკი შენამდე”, “მზესუმზირები”, “Aირლიტე”.
რეზო ყარალაშვილმა მხატვრული ტექსტის სიღრმისეული ანალიზისთვის საჭიროდ მიიჩნია მხატვრულ სისტემაში დაფარული სხვადასხვა კოდის გაშიფვრა. მან უპირველესად გამოყო შემდეგი ოთხი კოდი: გამოსახვის საშუალებათა, ჟანრული, კულტურული და გამოცდილების, ანუ ფსიქოლოგიური კოდები. მისივე აზრით, შეიძლება სხვა ტიპის კოდებიც გამოგვეყო, თუმცა დეკოდირება, “კოდების გახსნა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მკითხველის მიერ მხატვრული ნაწარმოების გაგებას. ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მკითხველის ცნობერება დეკოდირებით მიღებულ ელემენტებს ისე დააკავშირებს ერთმანეთთან, რომ ამორფული ინფორმაციის ნაცვლად მოქმედი მოდელი წარმოიქმნას” (“მხატვრული ნაწარმოების აღქმა”).
რეზო გეთიაშვილის ლექსებში ცნობიერად თუ არაცნობიერად გამოყენებული სხვადასხვა ტიპის კოდის გაშიფვრა საინტერესო სურათს იძლევა. ეს პოეზია მდიდარია გამოსახვის ფორმებით, უპირველესად, როგორც აღვნიშნეთ, ყურადღებას იქცევენ მეტაფორები, რომლებიც მის ინდივიდუალობას ამხელენ. ეს მეტაფორები იბადებიან კონკრეტული ლექსის კონტექსტში და ხელს უწყობენ აზრობრივ_ემოციურ სიღრმეთა წარმოჩენას. მაგალითად, ავიღოთ, ისეთი გაცვეთილი პოეტური სახე, როგორიც მთვარეა. გალაკტიონმა და ლეონიძემ ამ სახის იმგვარი მეტაფორები შექმნეს, მოულოდნელობის მოლოდინი თითქმის გააქრეს, მაგრამ ეტყობა, მართლაც, ამოუწურავია საგანთა და მოვლენათა ურთიერთდაკავშირების კომბინაციები. მელანქოლიურ ლექსში “მზერა_ჩახმახი, მარტოობაც” გვხვდება ასეთი სახე:
“და მთვარე ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს შუაღამემდე”.
მარტოსულობით დაღლილი პოეტი ფიქრობს თვითმკვლელობაზე (ამ თემას აძლიერებს ინტერტექსტუალური კოდების შემცველი სიტყვები: “შუაღამე”, “ჩახმახი”, “ანანურთან”, “მომკალი”), რომელიც დაიძლევა ლექსის შექმნით.
ამგვარივე განწყობილება მოჩანს ლექსში “სათვალე”, რომელშიც ლირიკული გმირის უსაშველობას მთვარე (ზემოთნახსენები ლექსივით) კი არ ანელებს (გასანელებელია რგორც კერძო, ასევე სამოქალაქო ტკივილი), არამედ ამძაფრებს:
“მთვარე კი ბღავის, დაკარგული კრავივით ბღავის”.
სინტაგმა “დაკარგული კრავის” დეკოდირებას კი მოაქვს ახალი შინაარსი, რომელიც რწმენადაკრგული ადამიანის ტრაგედიას ამხელს.
ამათგან განსხვავებულია:
“მთვარეს. დაღლილი თვალების ვაგზალს” (გზა”).
არაპოეტური ვაგზლის პოეტურ მთვარესთან დაწყვილებით წარმოქმნილი მეტაფორა ზუსტად წარმოაჩენს ურბანისტული გარემოში მომწყვდეული კაცის სასოწარკვეთილებას.
საერთოდ, ამგვარი, პოეტურის (ტრადიციით) და პროზაულის შეჯვარება საინტერესო ჰიბრიდულ სახეებს აჩენს. “ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან” (ხოსე Oორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”). გეთიაშვილი მხატვრული სახეებიით ახერხებს სწორედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციას.
კულტურული და ისტორიული კოდებით უხვადაა დახუნძლული კრებულის გამორჩეული ლექსი “მკვდრების მანიფესტი” მრავალმნიშვნელოვანი ეპიგრაფით: “მიდით, დახოცეთ ერთმანეთი”. რელიგიური კოდები: “აკლდამა”, “შობა”, “სერაფიმი” “ცოდვა” ეწყვილება ლიტერატურულს: “ჩემი ხატია” , “ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!, “შენ, სისხლო ჩემო”. ლექსში ჩვენი დროის პულსაცია ძგერს და საოცრად მართალი არაპათეტიკური ტკივილი მოჩანს:
“მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას”.
ამ ტკივილს ეხმიანება საოცრად გულწრფელი აღიარება:
“მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები” (“დაკოჭლება”).
ეს არის პატრიოტიზმის ძალიან ჩუმი და სევდიანი გამოვლენა. ეს სტრიქონი აჯერებს მკითხველს.
რეზო გეთიაშვილის პოეზიაში საინტერესო შინაარსს ჰქმნიან ორიგინალური ეპითეტები: “უთუო სახლი”. აქ მოულოდნელი “უთუო” მეტოქეობს უწევს გაცვეთილ “მშობლიურს”. თანაც, ამავე ლექსში ეს სინტაგმა არის შედარების ნაწილი: “ეს დღე და ვნება. წვიმა და ნავლი მე მიყვარს, როგორც უთუო სახლი” (“გზა”).
მოულოდნელია ეპითეტად გამოყენებული “ხასხასა” ამ კონტექსტში: “ხასხასა ღმერთი”. ლექსი “ნამცეცი” ღვთისკენ სწრაფვას გამოხატავს, თანვე ადამიანის უძლურებას, გადაიხედოს მიღმა, “რადგან ვერ ცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს” (ბარათაშვილი), ან კიდევ “რა ხდება იქით! საიდან ისმის მგლოვიარეთა ქნართა “მშვიდობით?” (გალაკტიონი).
“ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე” (“ნამცეცი”).
ამ ლექსში ფილოსოფიური განსჯაა სამყაროში ღვთის ანაბეჭდების შემჩნევის აუცილებლობაზე, რომელთა საშუალებით შეიძლება დანახვა ფერებისა, რომელთაც “ბრმები ხედავენ” და მოხილვა იმ მხარისა, “სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები”.
რეზო გეთიაშვილის პოეზია აღბეჭდილია კულტურულ კოდთა სიმრავლით. კულტურული კოდი მოიცავს როგორც ქართული, ასევე უცხოური კულტურის კოდებს. ზოგადად, ამ ორივეს გამაერთიანებელ კოდში კი გამოიყოფა რელიგიური, მითოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული კოდები. ცალკეა გამოსაყოფი ლიტერატურული (მწერლები, ნაწარმოებები, პერსონაჟები), ტოპონიმიკის, მუსიკის, ფერწერის კოდები, რომლებიც ამრავალმფეროვნებენ და აღრმავებენ ლექსების შინაარსებს.
“სიტყვა თავისთავად ძალზე ცოტას ნიშნავს, მისი როლი ზემოქმედების მოხდენაა, როგორც უძლიერესი დეტონატორისა, რომელიც გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქებს ყველა დანარჩენის კვაზისიტყვიერ მუხტს.
მშობლიური ენა საუკუნოდ ტვიფრავს ადამიანს. და რადგანაც ყველა ენა გულისხმობს სამყაროს აბსოლუტურად თვითმყოფ სურათს, ის გარდუვალად აჯილდოებს ადამიანს რამდენიმე განსაზღვრული შესაძლებლობით, და ამასთან, არსებითად ზღუდავს კიდეც მას” (ხოსე ორტეგა-ი-გასეტი “ადამიანთა გამოთქმანი: ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში”).
რეზო გეთიაშვილის პოეზია ამჩნევია ეს მშობლიური ენის ტვიფრი, რომელიც ალამაზებს მის სტრიქონებს. ის ახერხებს ცალკეულ გამოთქმათა, ხატოვან თქმათა დაშლას და მათ ახლებურ რეკონსტრუქციას ახდენს, რასაც მოაქვს ახალი პოეტური გამოცდილება. მაგალითად, სინტაგმა “ჩადიხარ სინდისს” ნაცვლად “ჩადიხარ ცოდვას” (*** მხოლოდ და მხოლოდ):
რეზო გეთიაშვილის პოეზია არის ინტერტექსტუალური, რადგან მრავლადაა ციტატები და ალუზიები ნაცნობი ტექსტებიდან. მაგალითად, ლექსში “ჩემს ძმებს...#2” ვხვდებით სტრიქონებს: “აღარ მივტირი სასიმინდეს”; “რა მოხდა მერე თბილისივით გაჭუჭყიანდე”. პირველი ალუზია პაოლო იაშვილის ლექსისა “წერილი დედას” (“დავტოვე... სიმინდის ყანა”), რომელშიც ქალაქი და სოფელი კონტრასტულადაა წარმოჩენილი და ქალაქში დაკარგული პოეტის სევდას ამხელს. მეორე “ორიგინალურია”, მაგრამ პირველი სტრიქონი (ნაცნობი გამოცდილებით) აძლიერებს მეორე სტრიქონის შინაარსს.
“სხუად წასრულ ხარ” (“შუშანიკის წამება”). მისი გამოყენება ახალ კონტექსტში სჭირდება ავტორს, რომ ღალატის ირონიზება მოახდინოს, ე.ი. კი არ უღალატა, არმედ პათეტიკურად და ამაღლებულად “სხუად წავიდა”. თანაც, ამ სტრიქონს გონებამახვილურად გადაათამაშებს. ამგვარად გაცვეთილ ღალატს, ნაცნობი განცდებით, აქცევს ახალ ესთეტიკურ ფენომენად, განსხვავებული ინტონაციებით რომ წარმოჩნდება:
“სხუად წარსულ ხარ, წარსული ხარ, თუმცა სხვათათვის
მხოლოდ დააჩნდი გამთენიებს, მხოლოდ იწყები,
მოთიბულია ყველა მარტი, ყველა მკათათვე,
მოზომილია არც თუ ისე სხვისი მიწები” (“თეთრი ბერეტი”)
ამ კრებულში ალიტერაციულია ბევრი ლექსი. სიტყვები თითქოს მსგავსი ხმოვანების მიხედვით წყვილდებიან და ქმნიან მუსიკალურობის განცდას, მაგრამ მუსიკა არასოდეს ჩაგრავს აზრს. ამ შემთხვევაში მიღწეულია მათი თანხმიერება.
“აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ” (“ლი”)
ამ ლექსში ყურადღებას იქცევს ექსპერიმენტი: ყველა სიტყვას წერტილი უზის. ამგვარად, ყოველი სიტყვა თითქოს ჩაკეტილ სივრცეს ქმნის, არ ამჟღავნებს სხვებთან ურთიერთობის სურვილს, გაუცხოებულია. ეს ლექსი კარგად ამხელს ლირიკული გმირის გულდახურულობას, სასოწარკვეთილებას. ლი იქნებ ანაბელ ლის, ედგარ პოს უდროოდ გარდაცვალილი მშვენიერ სატრფოს გულისხმობდეს, ამჯერად საგანგებოდ გამოხმობილს სიკვდილის საუფლოდან სიცოცხლის ამაობის გასანდობად. ამ ლექსში თითოეული სიტყვა მკითხველს დეკოდირებისკენ უბიძგებს, რაც არაა გამართლებული, რადგან შეიძლება ამით ღრმავდება, მაგრამ თანვე მძიმდება კიდევაც ინტერპრეტაციებით, არადა, ამის გარეშეც იწვევს ემოციას, რადგან, როგორც ოდენი წერდა: პოეზია ლიტერატურის თეთრი მაგიაა” (იუსტან ჰიუ ოდენი, “ენის კულტურა”).
საზომისა და სიტყვათა თამაშით ყურადღებას იქცევს ლექსი “მეკუბოვე”, რომელშიც მეორდება სიტყვები, სინტაგმები. თითქოს ფრაზები ერთმანეთში ირეკლებიან, ექოებს გამოსცემენ და, საბოლოო ჯამში, ძველი სათქმელი (თვითშემეცნების წადილი, პოეტი შედარებულია მეკუბოვესთან, რომელიც “მარხავს”, ინახავს ნანახსა და განცდილს) ახლებურად ხმიანდება:
“ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე,
ვნხე, რომ სიტყვები წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე კარგია და წვენით სავსეა” (“მეკუბოვე”).
ეს სტრიქონები მოგვაგონებს “შესაქმეს” დასაწყისსაც, როდესაც შემოქმედი ქმნის და მოსწონს თავისი შექმნილი: “დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე” (დაბადება 1, 31)
ამ ლექსებში ყურადღებას იქცევს უცხო პერსონაჟთა სახელები, რომელთა შესახებ თვითონ ავტორი ამბობს: “ჩენდლერი და სატერზვეიტი, ბობის, ხუბჩევის და სხვების მსგავსად, პერსონაჟები უფროა, ვიდრე ფსევდონიმები. ახალ სახელს კი არ ირქმევ, შენს ყოფაში ახალი პერსონაჟი შემოგყავს და სინთეზი _ ცხოვრებასა და ფანტაზიას შორის თვითონ ხდება. ეს პერსონაჟები ჯერ არსებობას იწყებენ, მერე ცხოვრებას, მერე წერას და ამის მერე შეიძლება რაღაც ღირებულიც შექმნან. ბოლოს შეიძლება პოეზიის საღამოებიც ჩაატარონ და წიგნებიც გამოსცენ” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
რიტმულად საკმაოდ მრავალფეროვანია ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსები: აქ არის თოთხმეტ, ცამეტ, თორმეტ, ათ, რვა მარცვლიანი სტრიქონები.
კრებულში გამოგონილი ჭარბობს რეალურს. ამასთან დაკავშირებით აი, რას ამბობს ავტორი: “ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, მწერალს შეიძლება არაფრის დამატება აღარ დაგჭირდეს, საჭიროა მხოლოდ დაინახო, მოისმინო და გადაიტანო. თუმცა, გამოგონება ადამიანისთვის ისევე ძირითადია, როგორც დანახვა და მოსმენა. შემოქმედებითი აქტი თვითონ ცხოვრებაში ხორციელდება და თან ძალიან დიდი დოზებით. რაც ხდება, ვისთანაც ვართ, ნაწილობრივ ჩვენი, ნაწილობრივ მათი და კიდევ ვიღაცის გამოგონილია. ამიტომ ცხოვრებასა და ფანტაზიას, სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარის გავლება ადვილი არ არის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ხაზია და ვცდილობ, ამ ხაზზე გავიარო. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს სინამდვილისკენ უფრო ხშირად ვვარდები. რას იზამ, ჩენდლერის დრო წავიდა და ეს კანონზომიერიცაა” (ზემოთ ნახსენები ინტერვიუ).
საგულისხმოა, რომ მას შეუძლია ლექსში გამოიყენოს სიტყვათა ამგვარი შემოკლებანი “ე. წ.”, “ა. შ”, “რნ” (რაიონი) და მათ რაღაც პოეტური ფუნქცია დააკისროს, ამგვარად, სასაუბრო და მწიგობრული მეტყველება ლამაზად მოარიგოს:
“კორიდორია
სითეთრე და სითეთრე და ა.
შ. მშვიდი
თანაც სხვანაირი გეაცინტები
არ გენატრება...”.
“აღარაფერი ეშველება წაგებულ დუელს
წაგებულ თამაშს
ლამაზ წარსულს
გულის ათიანს
არაფერია
სითეთრეთა ტანგოა და ე.
წ. მწველი
თანაც სხვანაირი ორშაბათია” (*** კორიდორია)
ეს ლექსი ხელოვნურად დავანაწევრეთ ფრაგმენტების ამოწერისას, რადგან მასში არანაირი სასვენი ნიშანი არ გვხვება, გარდა იმ ოთხი წერტილისა, რომლებიც შემოკლებულ სიტყვებს “ა.შ.” და “ე.წ” უზის. ამ ლექსს არც ბოლოს აქვს წერტილი, რაც ქმნის უსასრულობის განცდას, პოეტმა თითქოს ნიავის შემონაბერი ჩაწერა, რომელიც არავინ იცის, ან სად იწყება, ან სად მთავრდება.
“პრესტიჟულ რნ_ში მიგიგნია შენი გალია
და გაჩხირულა თებერვალი, როგორც პილატე” (“თეთრი ბერეტი”).
ამ პოეზიაში ყურადღებას იქცევს პოეტის შექმნილი ნეოლოგიზმები, რომლებიც ბუნებრივად ეწერებიან ლექსის კონტექსტში, მაგ. “იჩუმკისკისებ” (“დაკარგულ სულში შოფ-ტურებზე იჩუმკისკისებ”), “ესხვაფერები” (“ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს”), “შემომესოფლა” (“მე შუაში ვარ, შემომესოფლა წარსული თეთრი, მრუმე კვამლებით”).
“ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებ იას,
ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,
მოდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,
საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე” (*** ჯერ სიყვარული).
აქ ყურადღებას იქცევს “ნაიმწუთარი” და “ინაწვიმრე”, განსაკუთრებით საინტერესოა მეორე. ნაწვიმარიდან შექმნილი ორიგინალური ფორმა, რომელიც იდუმალებასა და სილამაზეს მატებს ლექსს.
“ახლა ნიჭიერი, გემოვნებიანი, ერის კულტურული ინფორმაციის მატარებელი, ფართო დიაპაზონის მქონე ავტორები უფრო გვჭირდება, ვიდრე კოლუმბები და აინშტაინები”, _ ამბობს რეზო გეთიაშვილი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში. ვფიქრობ, თვითონ სწორედ ასეთი ავტორია და ამ აზრს ეს შესანიშნავი კრებული ამტკიცებს.


დაიბეჭდა : ჟურნ. “კრიტიკა“, #4, 2009










No comments:

Post a Comment