Translate

Thursday, March 24, 2011

გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

მაია ჯალიაშვილი



გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული

გრიგოლ რობაქიძემ თავის შემოქმედებაში მშვენიერი ქალის არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა. ჰყავდათ თუ არა პროტოტიპები ლონდას, ნატას, მატასის, ოლგას, ნორინას... რა თქმა უნდა, ეყოლებოდათ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. რეალურად კი როგორ წარიმართა მისი სასიყვარულო ისტორიები?
პირველი სიყვარული პოეტური ბუნების, რომანტიკული სულის გრიგოლ რობაქიძისთვის უიღბლო აღმოჩნდა, ქალის მშობლებმა სასიძოდ დაიწუნეს და გრიგოლს მისწერეს ქალის ტყუილი თვითმკვლელობის ამბავი, რამაც   ახალგაზრდა გრიგოლის სულზე ღრმა ტკივილიანი კვალი დატოვა. ასევე უიღბლო აღმოჩნდა მისი პირველი ქორწინებაც. ირანში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია და ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ბაქოში ქუნთრუშის ეპიდემიით დასნეულდა და გარდაიცვალა. გრიგოლ რობაქიძემ გარდაცვლილ ქალიშვილ ალკას მიუძღვნა დრამა `ლონდა~ და ლექსი `ალლას~ (`ყველაზე უფრო `ლირიული~ ჩემს შაირებში~ _ გრიგოლ რობაქიძე):
`ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.
ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.
მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით, ნეკივით მცირე
და ვიშრობ ცრემლებს საცოდავი, ვით ჭიქის თვალი~.
მწერალი მეორედ დაქორწინდა ელენე ფიალკინაზე, მსახიობსა და მწერალზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია, მაგრამ ზრდიდა მეუღლის ობოლ დისშვილს _ ალინკას (ელენე პოგორელოვას). ელენე ფიალკინას ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: `მწერლობა უფრო ადრე დავიწყე და გერმანიაშიც გავაგრძელე. ვწერდი გერმანულად გერმანულ ქალთა ჟურნალებისთვის და ფილმებისთვის, როგორც სცენარისტი. ამას გარდა, ბერლინში რუსულს ვასწავლიდი დოქტორ რაკოვის კომერციულ და უცხო ენების სასწავლებელში. როგორც ცალკე წიგნი, გერმანიაში გამოვეცი ჩემი რომანი `ნინა~. სიბერეში ნელი ფიალკინა დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. გრიგოლ რობაქიძე მეუღლეს თვითონ უვლიდა გარდაცვალებამდე.
სწორედ ამ მძიმე და უსიხარულო წლებში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, გიტა შტრახვიტცი. ეს იყო სასწაული. გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გაიცნო მხატვარი ქალი, სავარაუდოდ, ალბათ, რომელიმე მის გამოფენაზე, მოიხიბლა მისი ნახატებით, რომლებიც თავისებურად შეაფასა კიდეც ერთ წერილში: `მისი `თავისებური სტილი~ თავიდან მეჩვენებოდა: როგორც მანერა, სინამდვილე შეაცუროს ზმანების ნაცვლად. თუ ერთი ფრანგი ავტორის გამოთქმას მივმართავთ რილკეს შესახებ, შემდეგში გამოირკვევა საწინააღმდეგო, სახელდობრ: მანერა, რომ ზმანება შეაცუროს სინამდვილის ნაცვლად. მისი ნახატები ნათელია. მისი ხედვა წინ კი არაა მიმართული, არამედ უკან: მეტაფიზიკურში, აქედანაა მისი ვიზიონერობა, რომელიც მე, მრავალი საიდუმლოს მცოდნეს, მაკვირვებს~. ამ დროს მწერალი 81 წლის იყო, გიტა კი _ 31-ისა. წლებს ხელი არ შეუშლიათ, რომ მათ შორის საოცარ სიყვარულს ეფეთქა. მარტოსულმა გრიგოლმა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ღვთისგან გიტას სახით საჩუქარი მიიღო: `ჩემი სიყვარული ისე დიდია, რომ მან შეძლო ასაკობრივი განსხვავების დაძლევა. მით უფრო, რომ ჩვენი სიყვარული არაჩვეულებრივი ბუნებისაა~.
როგორ წარიმართა ეს სიყვარული?
ჩვენ გვაქვს გიტასადმი მიწერილი გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები, რომლებიც პირველად იზა ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ კრებულში `ლიტერატურის მატიანე~. წერილების ასლები გიტას მეგობარ ქალს, მხატვარ ვანდა ჰოლეის, შვეიცარიაში დაცულ გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია და შემდეგ გადაუცია დავით მაღრაძისთვის (წერილები თარგმნა ქეთევან შერვაშიძემ). გრიგოლ რობაქიძე გიტას წერდა 1961-62 წლებში. ამ ბარათების მიხედვით, კარგად ჩანს, როგორ იზრდებოდა ეს სიყვარული, რას განიცდიდა მწერალი: `შენმა სიყვარულის ძალამ გამაახალგაზრდავა. ამ ძალის მადლით ჩემი საშიში ნერვიული დეპრესია თითქმის ნულამდე დავიდა. შენი სიყვარულის წყალობით განვიცდი არსებობის სიხარულის მადლს და შემოქმედებით აღმაფრენას~.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის წერილები გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის ბარათები, რომელთაც ახალგაზრდა მხატვარი ქალი სწერდა მწერალს. თანაც, საგულისხმოა, რომ გრიგოლ რობაქიძეს ხშირად აქვს ჩართული ციტატები გიტას წერილებდანაც.
წერილების ციკლი გრძელდება 1961 წლის 27 აპრილიდან 1962 წლის 17 ნოემბრამდე. საგულისხმოა, რომ ბოლო წერილი მწერალმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაწერა (გარდაიცვალა 19 ნოემბერს). ამ ბოლო წერილის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ბედნიერების მწვერვალზე იდგა, მან და გიტამ ერთად ცხოვრება და დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ დღეებში მწერალმა, დის თხოვნით, სურათიც გადაიღო, რომელზეც ძალიან გაახალგაზრდავებული ჩანდა. ამას თვითონ გიტას სიყვარულით ხსნიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სურათის გადაღებისას შენზე ვფიქრობდიო.
როგორია შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე?
საოცრად ამაღელვებელია ეს წერილები. შეიძლება გოეთეს უკანასკნელი სიყვარული გაგვახსენდეს, როდესაც 74 წლის, ხანდაზმულ ვაიმარელ გენიოსს 19 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვი თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა გოეთეს პირადი წერილები არ დაუწერია. სხვათა შორის, ეს `ხარვეზი~ შეავსო გერმანელმა მწერალმა რობერტ ვალზერმა, რომელმაც დაწერა რომანი `შეყვარებული გოეთე~, რომელშიც ეს წერილები `გამოიგონა~. ეს წიგნი, მაია მირიანაშვილის თარგმნილი, წელს გამოიცა.
გრიგოლ რობაქიძე ამ წერილებში გიტას მიმართავდა, როგორც მზეს, ღვთიურ მეგობარს, ენგადს, წყაროს, წყაროსთვალს, შეუდარებელს, მისტიკურ მეუღლეს, ღვთიურ სატრფოსა და დას. ამ წერილებში კარგად ჩანს პლატონური სიყვარულის ფილოსოფია, აგრეთვე ისიც, როგორ სულიერ მდგომარეობაში იყო პოეტი, რა სტკიოდა, რა უხაროდა.
ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტა აღფრთოვანებული ყოფილა გრიგოლის გერმანულ ენაზე დაწერილი ლექსებით: `რომ ჩემს ლექსებს თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან~. გიტას რამდენადმე სცოდნია საქართველოს შესახებ, კერძოდ ის, რომ წმინდა გიორგი მფარველობდა და მისი ხატი უჩუქებია გრიგოლისთვის. ამით აღტაცებულ გრიგოლს კი მისთვის მიუწერია: `მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმ. გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემს შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული~ და ბოლოს: ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ. სულიერად მონათესავე თქვენი გრიგოლ რობაქიძე~. ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ გიტას 12 წლით ადრე დასიზმრებია, რომ შეხვდებოდა გრიგოლს, რომელმაც ეს სიზმარი ხილვას შეადარა.
წერილებიდან ჩანს, რომ გიტას არა მხოლოდ ლექსები, გრიგოლ რობაქიძის რომანებიც მოსწონდა, მათ შორის `გრაალის მცველნი~, რომლის შესახებ წერდა: `ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?~.
რობაქიძეს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გიტას სიმბოლო იყო თასი, მის მარჯვენა ხელში ჩახატული ყოფილა ჯვრიანი თასი. მის მარჯვენაზე კი მზე იყო გამოსახული. იგი წერდა: `როცა ხელს გართმევთ _ ჩემი `მზის ხაზით~ ვეხები თქვენს `ფიალას~. ამით ჩვენი შინაგანი ერთობა სამუდამოდ დადასტურებულია.
ამ წერილებში ჩანს, რას წერდა რობაქიძე, რას კითხულობდა, სამომავლოდ რას გეგმავდა. რა თქმა უნდა, ამიერიდან ყველაფერი გიტასთან იყო დაკავშირებული. მისი მონატრებით სუნთქავდა, მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა, ყოველ კვირაში (ხანდახან რამდენჯერმეც) წერილებს სწერდა.
Gრიგოლ რობაქიძე შენიშნავდა, რომ ზღვა გერმანულ ენაში მდედრობითი სქესისაა, ტბა კი _ მამრობითისა და აქედან დაასკვნიდა: ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. იგი გიტას ადარებდა მარიამ მაგდალინელს, წმინდასა და `ქალწულებრივს~.
თვითონ გრიგოლ რობაქიძესაც ვერ აეხსნა ეს სიყვარული, წერდა: `ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში, უფრო ჰგავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი~ (`გრაალის მცველნი~). `შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად~.
გრიგოლი `ზებედნიერად~ გრძნობდა თავს. და წუხდა: `დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი: ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის~.
გიტა სწერდა გრიგოლს: `შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ _ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი~.
გრიგოლს ეშინოდა, რაიმე ბოროტი არ ჩარეულიყო მათ `საკრალურ ურთიერთობაში~. წუხდა, როცა გიტასგან პასუხი იგვიანებდა. გიტა ხშირად მოგზაურობდა, სხვადასხვა შეკვეთას ასრულებდა. როცა გრიგოლმა ნახა სურათი; `ფარაონი სეთი და ქალღმერთი ჰატჰორი~ გიტა ქალღმერთ ჰატჰორს შეადარა. თავის თავს კი ლაშარის რაინდს უწოდებდა, გიტასთვის რომ უნდა ემფარველა. ერთ წერილში კი გიტას სთხოვს, დიონისო დამიძახე, ტანჯული ღმერთის სახელიო.
1962 წლის 25 აპრილს გიტას ასეთი სიზმარი უნახავს; ის და გრიგოლი გადახვეულნი იყვნენ, გრიგოლს ორდენის მფლობელის ნაცრისფერი სამოსი ეცვა, მერე უდაბნოში საქარავნო გზაზე მიდიოდნენ. გრიგოლი უეცრად გაუჩინარდა, გიტამ კი მოულოდნელ ლანდშაფტში გადაინაცვალა, ეძახდა გრიგოლს, გაიქცა ხეებისკენ, უცებ ღობეშემოღობილ ადგილას აღმოჩნდა, ღობის იქით კი კბილევბდაღრჭენილი ურჩხულები იყვნენ. გიტამ მათ სიყვარული მიაფრქვია, რის შემდეგაც ცხოველები ხტუნვით გარს შემოეხვივნენ და ლოკვა დაუწყეს. გრიგოლმა კი ეს სიზმარი ასე ახსნა: ისინი მიწიერი სიყვარულით შეერთდებოდნენ, მაგრამ თვითონ მალე გარდაიცვლებოდა, დაემშვიდობებოდა და მარადისობიდან შეეხმიანებოდა.
გრიგოლი სწერდა გიტას: `ჩვენ ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. მტკივნეულია განშორება, მაგრამ მოვიგონით სტროფი ჩემი ლექსიდან: `სევდიანები~:
`როგორ შევძლებდი
თუ არ ვიქნებოდი ბედის რჩეული,
შენთან შეხვედრას!
განშორებაც კი ღვთიურია~.
გრიგოლი წერილებში გიტას საქართველოზეც სწერდა, მაგალითად, ერთგან აღტაცებული აღნიშნავს, რომ დაესწრო ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის კალათბურთში, რომელიც ქართველებმა მოიგეს: `საქართველო ცოცხლობს! საქართველოს გაუმარჯოს!~
განსაკუთრებული მღელვარებით მოელოდა ჟენევაში სუხიშვილების ანსამბლის ჩასვლას, რათა ერთად დასწრებოდნენ კონცერტს. თვითონ სამჯერ დაესწრო და აღფრთოვანება საგანგებო წერილით გამოხატა: `ქართული გენია როკვით განფენილი~. ერთ გაზეთს კი კრიტიკული სტატია დაუბეჭდავს: `ეს შავგვრემანი, მკვირცხლი, უქნარა და ტრაბახა სამხრეთელები _საბჭოთა კავშირის მარსელები _ უთუოდ უაღრესად სიმპათიურნი არიან~. აღშფოთებული გრიგოლი საგანგებოდ ამ სტატიასაც გამოეხმაურა წერილით `ქართველების სავიზიტო ბარათი~. მას სურდა ამ წერილით ევროპულ-ამერიკულ სამყაროს გაეგო საქართველოს შესახებ, რადგან დღემდე ამ ქვეყანას მხოლოდ `თავაზიან~ ეთნოგრაფიულ საკითხად განიხილავენო.
გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებით განიცდიდა, გიტასთვის მშობლებისთვის მისი ხელი რომ უნდა ეთხოვა. წინასწარ მათთვის დაწერილი წერილი ჯერ გიტას გაუგზავნა, რომ მასაც შეეფასებინა. აი, რას წერდა: `ჩვენი სიყვარული ისე განუზომლად ღრმაა, რომ ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეარყევს. თვით სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს, რადგანაც სამუდამოდ ვართ მისტიკურად დაქორწინებული, ამით აიხსნება, რომ არცთუ იშვიათად თავს და-ძმანივით ვგრძნობთ. ვაღიარებ, რომ ნებისმიერი მესამე ადამიანი _ რადგანაც გიტასთვის ძალიან ხნიერი ვარ_ჩვენს სიყვარულს არაბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ გიტასეული სიზმრით, მე მას, როგორც სიყვარულს, უძველეს დროში შევხვდი. მე კი ჩემი თავი სამუდამოდ ვპოვე მის სიყვარულში. ასე რომ, ჩვენი სიყვარული უფრო ზეგრძნობადზეა დამყარებული, ვიდრე გრძნობადზე. აქ კი ასაკობრივ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ახლა გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ქორწინებით დავაკანონოთ. ვიცი, თქვენთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იქნება ეს მოიწონოთ და ვერც გავბედავ, გთხოვოთ. ერთს კი მაინც მოველი თქვენგან, რომ საკუთარ გულებში ჩვენი ქორწინება არ `შეაჩვენოთ~.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: `ადამიანის სიყვარული ნიშნავს, დაინახო ის ისე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა~ _წერს რობაქიძე ერთ წერილში. მას სწორედ ამგვარი სიყვარულით უყვარდა გიტა: `ერთი რამ მცირედ მაღელვებს, ძალიან ხნიერი ვარ შენთვის. შესაძლოა ამის გამო შენი ქალურობა დაიჩაგროს, მაგრამ შენ სიყვარულის `ძებნისას~ უძველეს დროში შემხვდი~. `ჩვენი სიყვარული მისტერიაა. ეს არის ქმედებად ქცეული საიდუმლო, როგორც ბოძებული მაღალი წყალობა~.
როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ამ სიყვარულის `მოკლე ბიოგრაფიის~ დაწერასაც აპირებდა, შეიძლება მის არქივში ინახება კიდეც ეს ხელნაწერი.
გიტას არ აკლდა ხელის მთხოვნელები. ერთ წერილში გიტას მოუწერია, რომ ვიღაც 38 წლის, ექვსი ენის მცოდნეს, ბრწყინვალე მდგომარეობისა და კარგი გარეგნობის ამერიკელს უთხოვია ხელი, ივლისში კი _ 60 წლის დიპლომატს, არისტოკრატს: `განა ბედი უცნაური არაა? არჩევანის საშუალება მომცა~. გიტამ კი გრიგოლ რობაქიძე აირჩია და სულ არ აშინებდა არც საკობრივი სხვაობა და არც მომავალი ხელმოკლე ცხოვრება.
ამის თაობაზე გრიგოლ რობაქიძე ამშვიდებდა: რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდაო.
სიკვდილმა მოულოდნელად დაუსვა წერტილი ამ მისტერიას, თუმცა, ვინ იცის, როგორც პავლე მოციქული წერს, სიყვარული ხომ არასოდეს მთავრდება.

დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენი მწერლობა'',#6, 2011.


























No comments:

Post a Comment