Translate

Monday, April 4, 2011

მაია ჯალიაშვილი _ ლექსი „ოაზისი“ და ავტორეცენზია

პროექტი _ „ჩემი ერთი ლექსი“


ჩვეულებრივი მკითხველი, რომელსაც ლექსი ბავშვობის შემდეგ აღარ დაუწერია, შესაძლოა, ლექსის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდეს, თუ როგორ `მოუყვებოდა~ ავტორი ახლახან წაკითხულ ნაწარმოებს. უმრავლეს შემთხვევაში, ავტორები ამგვარი წაკითხვისაგან თავს იკავებენ. მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მკითხველის საქმეა. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. გასულ წლებში რამდენიმე პოეტს საკუთარი ლექსის `მკითხველის თვალით წაკითხვა შევთავაზეთ. პროექტს რამდენიმე პოეტი გამოეხმაურა. საკუთარი ლექსების მათეული წაკითხვა ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კრებულში `საუბრები ლიტერატურაზე 2009/10~ დაიბეჭდა. ეს `ავტორეცენზია~ ჩვენი თხოვნით დაიწერა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განხორციელებული ლიტერატურული პროექტები. პროექტი `ჩემი ერთი ლექსი~ შეეცდება, თავი მოუყაროს უკვე ცნობილ თუ ახალგაზრდა პოეტთა მიერ `წაკითხულ~ ლექსებს; ასევე, ამ ლექსებზე მკითხველთა მინაწერებსა და გამოხმაურებებს.




გიორგი კილაძე




მაია ჯალიაშვილი


ოაზისი


ეს ყვავილები კი არა,

მათი სუნთქვაა

ზეთისხილის ბაღებში გაფანტული...

ისინი სიტყვებს არ ამბობენ,

ისინი მღერიან

შედედებულ ტკივილზე

შეღამებისას.

იერუსალიმის ასულნი

მზეს მიჰყვებიან ფეხდაფეხ

ჩუმი ნაბიჯებით,

მაგრამ ექოები

სივრცეებს ათრთოლებენ...

ჩაეთვლიმებათ ნაცნობ მოლოდინში...

იქ, სადაც სურნელია იორდასალამის...

უდაბნო ნიღაბია _ წყაროს გასართობი...

მაგრამ ვინ მოძებნის

ყვითელი ბედუინი

გზაში დაიღუპა...

გაიღვიძეთ, ასულებო,

დილის ზანზალაკებს

გზა მოაწკრიალებს

და მოდის,

ვისაც ელით....


25. 02. 2011




ავტორეცენზია ლექსზე ``ოაზისი``



ეს ლექსი დღეს დავწერე, 2011 წლის 25 თებერვალს, `ქებათა ქების~ სტრიქონებით შთაგონებულმა: `გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს~... იერუსალიმის ასულებს ხშირად შეხვდებით ჩემს ლექსებში, იმიტომ, რომ ისინი ჩემთვის განასახიერებენ რაღაც შეურყვნელსა და ამაღლებულს. ლექსის რიტმი მიკარნახა შუადღემ, როდესაც დრო წამით ჩერდება და თავს შეათვალიერებს ზეცის სარკეში, ამ დროს დგება დიდი ჩაფიქრების ჟამი, რომელიც არ არსებობს... წარმოთქმისთანავე ქრება და იფანტება სამყაროს უსასრულობაში. რატომ მეწერება ასეთი უდროოო და უსივრცო ლექსები, რომლებშიც არაფერი არ ჩანს ყოფითი და წარმავალი... იქნებ ამან სისხლისაგან დაცალოს სტრიქონები, ხორცისაგან განძარცვოს მისი სხეული... მაგრამ მე ხომ ეს მინდა გაცნობიერებულად თუ ინტუიციურად, რაღაც ისეთის მოხელთება, რასაც მიწა ვერასოდეს მისწვდება და ვერ ჩაიკრავს გულში. ის მუდამ იქ ილივლივებს, ცათა მიღმა და ყოველთვის შეახსენებს წამკითხველს, რომ მხოლოდ იქაა, რასაც ასეთი ვნებითა და გატაცებით დაეძებს. ეს იცის სულმა და ამიტომაც მუდამ მისი ხილვის მოლოდინითა ასე უმიზეზოდ დამწუხრებული. 25/02/2011

No comments:

Post a Comment