Translate

Thursday, June 16, 2011

სასიყვარულო ONLINE თამაში

მაია ჯალიაშვილი

სასიყვარულო ONLINE თამაში 



დანიელ გლათაუერის რომანი ორ ტომად: `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~

პლატონი თავის ერთ დიალოგში, `ნადიმის~ სახელწოდებით რომ ვიცნობთ, მოგვითხრობს უცნაური ორსქესიანი არსების, ანდროგინის შესახებ, რომელიც სრულყოფილებას განასახიერებდა არა მხოლოდ შინაგანი ჰარმონიულობის, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც. ანდროგინთა ბედნიერებას არ არღვევდა ხორციელი ლტოლვა თუ ვნება. ამიტომაც არაფერს სთხოვდნენ ღმერთებს, არ სწირავდნენ მსხვერპლს. ეს კი ოლიმპოს ბინადართ აშფოთებდა, რადგან მათ ძალაუფლებას ბზარი უჩნდებოდა. მათ აშფოთებდათ ანდროგინთა სიმტკიცე და ძლიერება, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს განრისხებულმა ზევსმა ცეცხლოვანი მახვილით ორად განკვეთა ანდროგინები. ცას სწვდებოდა გაჩეხილ ანდროგინთა მოთქმა-გოდება. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ერთი სხეულის იძულებით დაცილებულმა ნახევრებმა ერთმანეთს საოცარი ვნებითა და თავდავიწყებით დაუწყეს ძიება და იმ ნახევრებმა, რომლებმაც ერთმანეთი მოძებნეს, საოცარი ბედნიერება მოიპოვეს სულიერ-ხორციელი სიმრთელისა. ხოლო ვინც ვერ იპოვა, მან ეს ძიება აქცია სიხარულად. პოვნა დასასრულია, ძიება კი გამუდმებული განახლება. ამიტომაც ცდილობენ მეორე ნახევრის იდეალად დასახვას:
`რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი~ (გალაკტიონ ტაბიძე).
მითის სიბრძნე სამყაროს უზოგადეს კანონზომიერებას ირეკლავს. ის მოწმობს ადამიანის განუხორციელებელ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. სიყვარულს ძალა შესწევს ადამიანი `მე~ დამატყვევებელი სივრციდან გაათავისუფლოს.
სიყვარული, როგორც ხსნა – სწორედ ასე წარმოჩნდება ეს გრძნობა დანიელ გლათაუერის ორტომიან რომანში `უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა~, რომელიც გერმანული ენიდან ჩვეული ოსტატობით თარგმნა მაია მირიანაშვილმა, დღესდღეობით გამორჩეულმა მთარგმნელმა. ამას ადასტურებს მისი ბოლოდროინდელი თარგმანების სიმრავლე და ხარისხი.
დანიელ გლათაუერი ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი მწერალია. მკითხველმა იგი განსაკუთრებით შეიყვარა რომანით `საშობაო ძაღლი~, რომელიც 2004 წელს გამოვიდა. 2006 წელს მან დაწერა რომანი „უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც მიენიჭა გერმანული საუკეთესო წიგნის პრემია. რომანის პერსონაჟები მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს და მწერალს მათი ამბის გაგრძელება სთხოვეს. მწერალმა მკითხველის სურვილი გაითვალისწინა და 2009 წელს დაწერა გაგრძელება: „ყოველი მეშვიდე ტალღა“.
2010 წელს ორივე რომანი ერთ ტომად გამოიცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს წიგნი დღესაც ბესტსელერია.
ვფიქრობთ, ის ქართველი მკითხველის გულსაც იოლად მოინადირებს, რადგან მწერალი ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანთა ცხოვრებაზე გვიამბობს, რომელთა ყოველდღიურობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით ასე გაუცხოებული, გამოფიტული და დაცარიელებული, მაინც გასხივოსნდა სიყვარულით და ისევ ამ `დაწყევლილი~ ტექნოლოგიის წყალობით.
სიყვარულის ოცნებაზე ხელოვნების არაერთი ნაწარმოები შექმნილა, და ვერავინ იტყვის, რომ ეს თემა გაცვდა ან ამოიწურა. ის ყველაზე მეტად ჰგავს ფენიქსს, მარადის რომ განახლდება ჩაფერფლილი და დანაცრებული.
როგორც აღვნიშნეთ, უცნაური სიყვარულის ამბავია დანიელ გლათაუერის რომანში მოთხრობილი. მთავარი გმირები _ ემი და ლეო _ რაღაც გაუგებრობის წყალობით, ელექტრონული ფოსტით გაიცნობენ ერთმანეთს და დაუმეგობრდებიან. თავდაპირველად მათ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, სახელების გარდა. თანდათან მეტი ცნობისწადილი ჩნდება. ეს არის საოცრად უშუალო მიმოწერა ორ ადამიანს შორის, რომელთაც არანაირი მოვალეობა არ აკავშირებთ ერთმანეთთან, რაც მათ უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს. ვირტუალურ სივრცეში მირაჟებივით ჩნდებიან ისინი და ერთმანეთს თვითონვე ქმნიან. სწორედ ამიტომაც უჩნდებათ განცდა, რომ თავიანთ ოცნებას, იდეალს ესაუბრებიან. თუმცა სიტყვის მაგიური ძალის წყალობით ისინი ერთმანეთს ეჩვევიან და ეს მიმოწერა მათი სიცოვცლის ნაწილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რომანის სივრცე შეკუმშულია, რეალურად არც არსებობს, რადგან ეს სიყვარული კომპიუტერის მეშვეობით, მონიტორზე აციმციმებული სიტყვებით იქმნება, მაინც არ არის მონოტონური და მოსაწყენი. წერილებში დიდი ვნება და ურთიერთლტოლვა ირეკლება. მწერალი ახერხებს ქალისა და კაცის, სრულიად განსხვავებული ხასიათების დახატვას. მკითხველი ამ უცნაური რომანის თანამონაწილე ხდება და ამ მიმზიდველ ონლაინ სასიყვარულო თამაშში ერთვება.
ემი და ლეოს თავიანთი ცხოვრება აქვთ (ემის ქმარ-შვილი ჰყავს, ქმარი მასზე ბევრად უფროსია, ბავშვები კი გერები, ეს მაინც მისი ბედნიერი არჩევანია _ასე აღნიშნავს თვითონვე; ლეო კი მეგობარ ქალს ახლად გაშორებულია). ეს ორი უცხო სული საოცარ მიუსაფრობასა და მარტოობას ამჟღავნებს ამ მიმოწერისას. ნელ-ნელა ეს წერილები სასიცოცხლო სუფთა ჰაერს ემსგავსება. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან თავიანთ განცდებსა და ცხოვრებაზე. თუმცა წარმოსახულ სივრცეს დროდადრო არღვევს ერთმანეთის ნახვის წადილი, რაც პირველ ტომში ხორცს არ ისხამს. საინტერესო ფსიქოლოგიური დეტალია ემის მიერ ლეოსთვის თავისი გასათხოვარი მეგობრის, მიას, გაცნობა. ლეო და ის მეგობარი, მართლაც, ხვდებიან და მოეწონებათ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ ემის აჩრდილი მათ შორის აღიმართება და ეს ურთიერთობა დაწყებისთანავე სრულდება. მას არ ადუღაბებს ოცნება წარმოსახულ ქალზე, რომლის ფასიც ლეომ ახლა ისე ხელშესახებად იცის, როგორც არასდროს. ემი და ლეო, უნებურად, ერთმანეთის რეალურ ცხოვრებაში `ერევიან~ და მომავალს განსაზღვრავენ. `ლეო: ემი, ემი, ემი. მიყვარს, როცა ვწერ ამ სახელს: ემი. შემიძლია ათასჯერ მაინც დავწერო თქვენი სახელი. ემის მისწერო, ნიშნავს, ემის კოცნიდე. წავიდეთ, დავიძინოთ, ემი~... ემი: დღეს რაღაც ვერ ვიძინებ. მოგიყევით უკვე ჩრდილოეთის ქარის შესახებ? ვერ ვიტან ჩრდილოეთის ქარს, როცა ჩემი ფანჯარა ღიაა. კარგი იქნებოდა, თუ ახლა მომწერდით: შენც ადექი და დაკეტე ფანჯარაო. მე კი გიპასუხებდით: დახურულ ფანჯარაში ვერ ვიძინებ.
ერთი წუთის შემდეგ
მაშინ წაიკითხეთ, მერე შეტრიალდით და დაიძინეთ.
ერთი წუთის შემდეგ
გადაბრუნებისას, ისევ ვფხიზლდები და ისევ კითხვას ვიწყებ, რომ ჩამეძინოს. ასე რომ, ღამის ნათურა და ტუმბო მაკლია იმ მხარეს.
30 წამის შემდეგ
მგონი, ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ. მაშინ აიღეთ ტუმბო ნათურიანად და მეორე მხარეს დადგით.
35 წამის შემდეგ
არ გამოვა, ნათურის კაბელი არ მისწვდება.

40 წამის შემდეგ
მაშინ დამაგრძელებელი გჭირდებათ.

25 წამის შემდეგ
მაშინ გამომიგზავნეთ წერილით.

45 წამის შემდეგ
კარგი, გამოგიგზავნით, იხილე ბმული.

50 წამის შემდეგ
გმადლობთ, მივიღე, რა მშვენიერი დამაგრძელებლია. ახლა კი შევაერთებ.

40 წამის შემდეგ
იცოდეთ, ფრთხილად იყავით, ღამით ფეხი არ წამოჰკრათ.

35 წამის შემდეგ
აჰ, ახლა ისე ღრმად ჩამეძინება, მხოლოდ თქვენზე და თქვენს დამაგრძელებელზე ვიფიქრებ.

ერთი წუთის შემდეგ
დაე იქროლოს ჩრდილოეთის ქარმა, როგორც უნდა.

45 წამის შემდეგ
ლეო, მე თქვენ ძალიან, ძალიან მომწონხართ, უებარი ხართ ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ~.

ჩრდილოეთის ქარი ცხოვრების სიმბოლოა და მას წინააღმდეგობას მხოლოდ სიყვარული თუ გაუწევს, თანაც, უნაკლო სიყვარული, ასეთი კი არ შეიძლება რეალურ სამყაროში იყოს, მხოლოდ წარმოსახვაში, მხოლოდ ელექტრონული წერილებით შექმნილ სივრცეში, მხოლოდ ონლაინში.
ამ ერთგვარ იდილიურ მიმოწერას, რომელსაც ხშირად ამღვრევს ეჭვით გამოწვეული უმტკივნეულო უთანხმოება, მოულოდნელი ქარიშხალი დაატყდება თავს. ემის ქმარი სწერს ლეოს წერილს, რომელშიც ცდილობს აუხსნას, რა ბზარი გააჩინა მისმა შემოჭრამ მათ ოჯახში და ლეოს ემისთან შეხვედრას სთხოვს. ეს ყველაზე გამაოგნებელი დეტალია ამ სასიყვარულო ისტორიაში, მაგრამ ემის ქმარს ამ შეხვედრის წყალგაუვალი დასაბუთება აქვს: `თქვენთვის სასაყვედურო, სამწუხაროდ, არ მაქვს. მხოლოდ უხილავ არსებას, აბა, რა უნდა უსაყვედურო. Bბატონო ლეო ლაიკე, თქვენ არ ხართ რეალური, თქვენ ჩემი მეუღლის ფანტაზიის ნაყოფი ხართ, ილუზია, ბედნიერების გრძნობათა უსასრულობა, შორეული ოცნება, სიყვარულის უტოპია, ასოებისაგან აგებული სიყვარული. ამის წინააღმდეგ მე არანაირი ძალა არ შემწევს, მხოლოდ ის შემიძლია, დაველოდო, ვიდრე განგება ინებებს და თქვენგან, ბოლოს და ბოლოს, რეალური ხორცშესხმული ადამიანი გამოჩნდება, კაცი, თავისი სიძლიერითა თუ სისუსტეებით. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე თქვენც ისევე დაგინახავთ, როგორც მე, არც თუ უჩვეულო არსებას, ადამიანურ არსებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის პირისპირ ჩაგხედავთ თვალებში, გაუჩინარდება თქვენი უპირატესობა. მაშინ მომეცემა შანსი, ჩემი ემისთვის ვიბრძოლო.
ამ წერილით მკითხველის თვალწინ იხატება დაბეჩავებული, დამცირებული, შეურაცხყოფილი კაცი, რომელიც მზადაა, ახალგაზრდა მეუღლის შესანარჩუნებლად უფრო მეტად დამცირდეს და ცოლი სხვას შეახვედროს ერთი ღამით, რათა მერე სამუდამოდ, უღალატოდ მას ჰყავდეს. ამ წერილში ბერნჰარდი ლეოს ემის ასაკსა, გარეგნობასა და ცხოვრების სხვა წვრილმან თუ მსხვილმან დეტალებსაც აღუწერს. წარმოუდგენელია თავის ასე დამცირება, თუნდაც სიყვარულისთვის, ამიტომაც არის, რომ ემის ქმარი არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს, პირიქით, მის მიმართ ზიზღის გრძნობა გეუფლება: `ბატონო ლაიკე, გთხოვთ, შეხვდით ემას! დაწექით მასთან... დამიბრუნეთ ჩემი მეუღლე. გაათავისუფლეთ იგი. დააბრუნეთ იგი ისევ მიწაზე... მისი სიყვარულის გამო. გთხოვთ!~
ამას მოჰყვება ლეოს წერილი, რომელშიც ემის მათი მიმოწერის `ღირსეული დასარულისთვის~ შეხვედრას სთხოვს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგება. ლეო `ქრება~ და ემის სასოწარკვეთილ წერილებს ელექტრონული ფოსტა გამყინავი გულგრილობით ასე პასუხობს: `ყურადღება. ეს მისამართი აღარ არსებობს. მიმღები ამ წერილს ვერ მიიღებს, ამ მისამართზე მიღებული ყველა წერილი მექანიკურად წაიშლება. შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სისტემადმინისტრატორს~.
ასე მთავრდება I ტომი.
მეორე ტომში, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ემისა და ლეოს მიმოწერა კვლავ აღდგება. გმირებს ახალი ამბები და ისტორიები აქვთ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. განახლებული ურთიერთობა მეტი ურთიერთლტოლვით გამოირჩევა, თუმცა ლეოს სხვა ქალი ჰყავს უკვე. ემიც თითქოს ბედს შეგუებია. მაგრამ
რა ჩააქრობს სიყვარულს, რომელსაც ოცნება ასაზრდოებს?
და წერილებში, მიუხედავად იმისა, რომ ლეო სხვა ქალის, პამელას მგზნებარე სიყვარულზე უყვება, ემი კი ოჯახური იდილიის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, სტრიქონთა შორის იკითხება, მათ ამ მიმოწერის გარეშე სიცოცხლე აღარ შეუძლიათ. ამ მიმოწერის გარეშე თითქოს სამყარო ცარიელდება. სწორედ ამ დროს ჩნდება მეშვიდე ტალღის სიმბოლიკა ემის წერილში: `რატომ გწერ? იმიტომ, რომ მომესურვა, რადგან არ მინდოდა უსიტყვოდ დავლოდებოდი მეშვიდე ტალღას. ჰო, აქ უდრეკ მეშვიდე ტალღაზე ასეთ რამეს ჰყვებიან: პირველი ექვსის გათვლა შეიძლება, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ, არანაირ მოულოდნელობასა და სასწაულს არ მოავლენენ. Eპირველი ექვსი ტალღა ერთმანეთის მიყოლებით მოდის და მუდამ მსგავსი და უმიზნოა.
მეშვიდე ტალღა კი სახიფათოა. მისი გათვლა შეუძლებელია. დიდხანს შეუმჩნეველად გეთამაშება, მონოტონურად მღელვარებს, თავის წინა ტალღებს აყურადებს. Mმაგრამ ზოგჯერ ამობობოქრდება. მეშვიდე ტალღა სრულიად უზრუნველი, უდრტვინველი, მბრძანებლურია, ყველაფერი თან მიაქვს. ყველაფერს ახალ ფორმას აძლევს. მისთვის არანაირი წარსული არ არსებობს, მხოლოდ აწმყოა. მეშვიდე ტალღის ჩავლის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარადაა. კარგად თუ ცუდად? მისი განსჯა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ის შეეხება. ვისაც სითამამე ეყოფა, რომ მის მღელვარებას შერწყას~.
მეშვიდე ტალღა სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ცხოვრების მდინარებაში თავისი მოულოდნელი გამოჩენით ყველაფერს ცვლის, ის ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სიცოცხლის საზრისს შეამეცნებინებს. მაგრამ უნდა გეყოს გამბედაობა, შეხვდე ამ მეშვიდე ტალღას და მასთან ერთად შეცვალო ყოველივე შენ ირგვლივ.
რომანში მიმოწერა ისეთი პათოსით ჩაღდება, რომ გმირები ამ ვირტუალური სიყვარულის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას ესწრაფვიან, მკითხველსაც ერთი სული აქვს, მათი შეყრა იხილოს. მწერალი ამ მოლოდინს არ აწბილებს და გმირებს ერთმანეთს შეახვედრებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაწერილი რეალურს აღემატება. ამიტომაც ასე გაელვებასავითაა ეს ორიოდე შეხვედრა. რეალობა უძლურია წარმოსახვის წინააღმდეგ.
ემისა და ლეოს უცნაურ სიყვარულს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში შეუძლია გახარება. მათი შეხვედრა ამ სიყვარულის დასასრული იქნება მხოლოდ. არადა, ამ მიმოწერის გარეშე თითქოს ბნელი გადაეფარება ქვეყნიერებას, ამიტომაც მწერალი სწორ გადაწყვეტილებას იღებს: სიყვარულის გადასარჩენად გმირებს კვლავ ინტერნეტსივრცეში ტოვებს, მფეთქავ გულისცემას სიტყვებად რომ აქცევენ და სიყვარულის გადასარჩენად ონლაინში შეყვარებულებად რჩებიან: `საყვარელო, რა კარგია, რომ მომწერე, რა კარგია შენი წერილების კითხვა, მოდი, ხშირად მივწეროთ ხოლმე ერთმანეთს, ათასი კოცნა~.


16 ივნისი, 2011

No comments:

Post a Comment