Translate

Tuesday, December 21, 2010

მაია ჯალიაშვილი ნიკოს კაზანძაკისის რომანზე

საავტორო უფლება დაცულია
მაია ჯალიაშვილი

``მიამბე რაიმე ღმერთზე, დაო ნუშის ხეო...``

ფიქრები ნიკოს კაზანძაკისის რომანზე `აღსარება გრეკოსთან~


ნიკოს კაზანძაკისის სახელი პირველად გრიგოლ რობაქიძესთან დაკავშირებით გავიგონე და ამ ბერძენი მწერლის სახელი მაშინვე ლეგენდარული ბურუსით შეიმოსა. ვიცოდი, რომ მას ჰქონდა რომანი `ტოდა_რაბა~, რომელშიც აღწერდა ქართულ ლხინს, უწოდებდა მას დიონისურს და, კერძოდ, წერდა: `ამ დიონისურ გარემოში პირველად ვნახე გრიგოლ რობაქიძე. ახლა იგი წარმოდგენილი მყავს, ,ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი... გრიგოლი შეზრდილია მითოსის მქმნელ ძალთა არეში რასებისა და ხალხებისა. იგი ცდილობს გახსნას პირველი საიდუმლოებანი, რომელნიც ათას წელთა მანძილზე საერთოდ ხელუხლებელი იყვნენ, ან მხოლოდ ზერელედ ხელნახლები და გამოაქვს დღის სინათლეზე დასაბამის სიბრძნე, რომელიც გადმოცემულია ზეპიროვნული მეხსიერებით. იგი საქართველოს ათი ათას წლებში გადასულ და დაკარგულ `ატლანტიდაში~ ეძებს~. ბოლო დროს კი მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი ნიკოს კაზანძაკისის რომანსაც, თამარ მესხის მშვენიერი თარგმანის წყალობით. რომანით აღტაცებული დავრჩი და ახლა ჩემს შთაბეჭდილებებზე გესაუბრებით.
მწერალს რომანში `აღსარება გრეკოსთან~ მთელი ცხოვრება წარმოჩენილი აქვს, როგორც ერთი დიდი მოგზაურობა საკუთარი თავისა და ღმერთის შეცნობის გზაზე. ამ შემთხვევაში იგი დონ კიხოტსაც ედარება, რომელიც, მწერლისავე სიტყვით, დაიძრა, რომ მარტივ ყოველდღიურობაში, სტვენასა და სიცილში, მოვლენათა მიღმა არსებული არსი ეპოვნა~. ნიკოს კაზანძაკისი ერთგან წერს: `სამყარო ჰარმონიას ნიშნავს~. სწორედ ამ ჰარმონიის ძიების რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაა წარმოჩენილი რომანში. საგულისხმოა, რომ ეს ძიება იწყება არა გონების გახსნის ასაკიდან, არმედ თვალის პირველივე ახელიდან. მწერლის აზრით, საბერძნეთმა, ერთადერთმა, შეძლო ქაოსში წესრიგის დამყარება და მას ამ საქმეში შუქი დაეხმარა, რომელიც თურმე `იტალიაში რბილია, ქალური, იონიაში_ძალიან ნაზი, სავსე აღმოსავლური მოულოდნელობებით, ეგვიპტეში სქელი და ავხორცი, ხოლო საბერძნეთში_მთლიანად სულით არის გამსჭვალული. ამ შუქში ადამიანმა შეძლო, სუფთად დაენახა, წესრიგი დაემყარებინა ქაოსში და მისგან სამყარო შეექმნა~.
შუქზე მწერლის დაკვირვებები ფერწერულია და ახლოსაა იმპრესიონისტების აღქმასთან. `აღმოსავლეთის ბუნდოვანი, დაუხვეწავი ღაღადისი, საბერძნეთის სინათლესთან შეხვედრისას იწმინდება, ადამიანური ხდება, სიტყვად იქცევა~.
მწერალს ეამაყება, რომ ბერძენია, თანაც კრეტელი და ამიტომაც საგანგებოდ ამზეურებს თვის ფესვებს, წყალს უსხამს, მიწას უფხვიერებს, ელოლიავება, რათა მასზე ამოსული სიცოცხლის ხე მძლავრტოტებიანი, ნაყოფსავსე და შეუდრკელი იყოს. საკუთარი ეროვნებით სიამაყე დიდ პასუხისმგებლობასთანაა გადაჯაჭვული, დიდი ტვირთია, რომლის ზიდვა დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს.
მწერალი თვალს გაადევნებს ქვეყნის ისტორიასაც, რომელიც ბნელ სიღრმეებში იკარგება და საკუთარ თავგადასავალს მას გადააწნავს. ერთი მეორეს ხსნის, რადგან მხოლოდ ის ცოცხლობს, რასაც იხსენებენ. საგულისხმოა, რომ ძველი ბერძნული კულტურის დაცემას მწერალი რეალიზმის `მეფობას~ უკავშირებს, რომლის შედეგადაც გაჩნდა ურწმუნო, რეალისტური, პიროვნული იდეალებისაგან დაცლილი ელინისტური ეპოქა. რაც მთავარია, დაიკარგა რწმენა სამშობლოს მიმართ. პიროვნულმა ეგოიზმმა იზეიმა. `მოქმედების გმირი ღმერთი ან იდეალად ქცეული ჭაბუკი კი აღარ არის, არამედ_მდიდარი მოქალაქე თავისი ჰედონიზმით და ვნებებით, მატერიალისტი, სკეპტიკოსი და მოქეიფე. ნიჭს გენიალურობის ადგილი ეკავა, ახლა კი კარგი გემოვნება ცვლის ნიჭს და ივსება ხელოვნება კეკლუცი ბავშვებითა და ქალებით, რეალისტური სცენებით, ცხოველური ადამიანებით და ინტელიგენტებით~. თუ ამ კრიტერიუმებით შევხედავთ დღევანდელ ქართულ კულტურას, ვფიქრობთ, უნუგეშოდ ამოვიოხრებთ, რადგან თანამედროვე ხელოვნებაშიც `თავდაჭერილობას კარგავს თავისუფალი ადამიანი, ხელიდან უსხლტება აღვირი, რომლითაც მკაცრ წონასწორობაში თოკავდა ინსტიქტებს~.
მწერლის აზრით, `დიდი ხელოვანი ყოველდღიური ცვალებადი სინამდვილის მიღმა მარადიულ, ურყევ სიმბოლოებს ხედავს~. თვითონაც ასეთი ხელოვანია, მაგარამ ამ სიმბოლოთა დასანახად და შემდეგ გადმოსაცემად დიდი სულიერი გამოცდილებაა საჭირო. მწერალი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ მთავარი მაინც მისი `სულიერი ლაშქრობები~ იყო_იტალიაში, ათონზე, ესპანეთში, იერუსალიმში, პარიზში, ბერლინში, რუსეთსა თუ საქართველოში.
ძიების გზაზე მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე, სადაც შედგა თუ არა ფეხი მეგობარ პოეტთან ერთად, თითქოს სამყარო შეიცვალა, გაიგო, რომ ჩიტებსაც ჰყავთ თავიანთი ბერები_შაშვები, რომ ყველა ვარსკვლავი ბერი იყო, ქრისტესთვის ეწამნენ დედამიწაზე და მერე აბრაამის წიაღში ავიდნენ_ზეცაში, ცისარტყელა_დედა უფლის სარტყელია. მწერალი დაწვრილებით აღწერს მონასტრებში მოლოცვას. ივერიის კარის ღვთისმშობელზე შენიშნავს, რომ `ადამიანის მთელი სიხარული და მთელი ტკივილი აღბეჭდილა მის სახეზე~.
მთელი ეს მომლოცველობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან აქ არის სულის ამაღლებისა და დაცემის გულწრფელი აღსარებები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი რწმენის გამომხატველი საოცარი სტრიქონებია, ფრანჩესკო ასიზელს რომ მიაწერს მწერალი: `ვუთხარი ნუშს ხეს, დაო, მიამბე რაიმე ღმერთზე და ნუშის ხე აყვავდა~.
თუმცა სულიერი ძიება არ არის სწორხაზოვანი და არის წუთები, როდესაც ძიება თვითმიზნად იქცევა და არა ღვთის სახლში დაბრუნების წყურვილად. ამ დროს ჩნდება `უძღები შვილის~ ამგვარი ინტერპრეტაცია: შინ დაბრუნებულ უძღებ შვილთან ღამით ძმა შევიდა და გაუმხილა, გაქცევა მინდა მამისეული სახლიდანო. უძღებ შვილს ამის გაგება გაუხარდა, გულში ჩაიკრა ძმა და ურჩია, სად და როგორ წასულიყო, თან აქეზებდა, რომ მასზე უფრო ვაჟკაცი და ამაყი ყოფილიყო და არ ეკადრა შინ დაბრუნება, მერე ძმა გააცილა და გაიფიქრა, იქნებ ეს ჩემზე ძლიერი გამოდგეს და არ დაბრუნდესო.
მწერალს ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად ქრისტეს სისხლიან ნაკვალევზე სიარული მიაჩნია. ეს არის, მისი აზრით, ადამიანის უმაღლესი მოვალეობა. იერუსალიმში, ათონსა თუ სინას უდაბნოში მოგზაურობა სწორედ ამის წარმოჩენას ემსახურება.
მწერლის უსაყვარლესი წმინდანი ფრანჩესკო ასიზელია (რომლის შესახებ რომანიც აქვს დაწერილი). აქაც გაიელვებს მისი სახე. ფრანჩესკო ღმერთს ასე მიმართავდა ლოცვაში: `როგორ შემიძლია, უფალო, გავიხარო სამოთხით, რაკი ვიცი, რომ ჯოჯოხეთიც არსებობს? ან შეიბრალე ჯოჯოხეთმისჯილნი და ისინიც სამოთხეში მოახვედრე, ან მეც ჯოჯოხეთში განმაწესე, რომ ნუგეში ვცე მათო~. მაგრამ უპირველესი და უმთავრესი მწერლისთვის ელ გრეკოა, დიდი კრეტელი წინაპარი, რომელმაც ტოლედოში ფერწერის შედევრები შექმნა და ადამიანის სულს შესაძლებლობა მისცა, რწმენის ცეცხლით აბრიალებულიყო.
საოცარია ნიკოს კაზანძაკისის ფიქრები ელ გრეკოზე, რომელმაც `ანგელოზებს ისეთი დიდი ფრთები დაუხატა, რომ ეკლესიას კანკალი დააწყებინა~. მის ტილოს `ამაღლებას~ კი ასე აღწერს: `ქვემოთ მცველებია_ მოყვითალო, მომწვანო, მოცისფრო ფერებში. პირაღმა ამოტრიალებულან. ხოლო ამ ჭრელა_ჭრულა, შეპყრობილი მასიდან, გამართული, ვითარცა გრძელღეროიანი შროშანი, თეთრად აღიმართება ქრისტე_ღვთაებრივი ისარი, ზეცისკენ მიმსწრაფი, რომელმაც დაამარცხა მატერიის სიმძიმე და სიკვდილი~.
მწერალი რომანში ხატავს, თუ როგორ დაიძრა მისი ყველა მოგზაურობა ადამიანისგან და აუყვა აღმართს ღმერთის, უმაღლესი მწვერვალის მისაღწევად.
წიგნი დახუნძლულია უმშვენიერესი ამბებით, პოეტურ_ფილოსოფიური განსჯანი მკითხველს ადამიანის სულის ლაბირინთებში დაატარებენ.
მწერალი ერთგან იხსენებს ასკეტს, წმინდა მთაზე რომ შეხვდა. მას არყის ფოთოლი ეჭირა ხელში, უცქერდა დღის შუქზე და თვალთაგან ცრემლები სდიოდა. შევჩერდი გაოცებული. ვკითხე: `რას ხედავ, წმინდა მამაო, ამ ფოთოლში და ტირი?~ `ქრისტეს ვხედავ ჯვარცმულს~,_მიპასუხა. შემოაბრუნა ფოთოლი და უეცრად სახე სიხარულისაგან გაუბრწყინდა: `რას ხედავ ახლა ამ ფოთოლში და ასე გიხარია?_ვკითხე ისევ. `ქრისტეს აღდგომილს ვხედავ, შვილო ჩემო~.
მწერალი ოცნებობს, რომ შემოქმედსაც შეეძლოს დედამიწის ყველაზე უმნიშვნელო ელემენტში, მწერში, ლოკოკინაში ერთ წვეთ წყალში, მთელი თავისი მღელვარებანი და მთელი თავისი იმედები დაინახოს და არა მარტო თავისი, არამედ მთელი სამყაროსი! დაინახოს ადამიანი ჯვარცმული, ადამიანი აღდგომილი, ყოველი თავისი გულისცემისას იგრძნოს, რომ ჭიანჭველები, ვარსვლავები, მოჩვენებანი, იმედები_ყველანი ერთი დედის მიერ ვართ შობილნი, ყველანი ვიტანჯებით და ვიმედონებთ, რომ ერთი დღეც დადგება, როცა თვალებს გავახელთ და დავინახავთ, რომ ყველანი ერთნი ვართ და ვცხონდებით~.
ნიკოს კაზანძაკისი თვითონ არის ასეთი სულის შემოქმედი და სამყაროს გადამრჩენად იმ მშვენიერებას მიიჩნევს, რომელიც ადამიანურ ენაზე ღმერთად იწოდება.
წიგნი ბერძნული ენიდან, როგორც ზემოთ ვახსენე, შესანიშნავად თარგმნა თამარ მესხმა, რომელიც ზედმიწევნით იცნობს ნიკოს კაზანძაკისის შემოქმედებას და მისი სხვა რომანებიც აქვს თარგმნილი. იმედი გვაქვს, ქალბატონი თამარი ამ საქმეს წარმატებით გააგრძელებს და კიდევ არა ერთი თარგმანით გაგვახარებს.

საავტორო უფლება დაცულია

No comments:

Post a Comment