Translate

Sunday, December 19, 2010

მიხეილ ჯავახიშვილის ნეორეალიზმი, როგორც მოდერნიზმის ალტერნატივა (შტრიხები)

მაია ჯალიაშვილი  



"ჩვენთვის ლიტერატურა არც თვითგართობაა, არც სხვისი გასართობი. იგი არც პარნასია განდეგილებისთვის, არც გახსნილი სანავარდოა უსაქმურებისთვის. იგი თავდაპირველად სოციალური საქმიანობაა, ხოლო მწერალი _ პირუთვნელი და ბეჯითი მოსამსახურეა ერისა. ამიტომ დავადექით ახალს _ ნეორეალისტურ გზას და ამიტომ დავსწერეთ ჩვენს დროშაზე: `ახალი გზით, ერთგულებით, იმედით, შრომით და სიყვარულით~ (ჯავახიშვილი 1980: 48). ასე გამოაცხადა მიხეილ ჯავახიშვილმა ნეორეალიზმი, როგორც თავისი შემოქმედების განმსაზღვრელი. XX საუკუნის I ნახევარში ქართულ ლიტერატურას ორი მძლავრი ნაკადი მსჭვალავდა, ერთი მხრივ, მოდერნიზმი, თავისი სხვადასხვა განშტოებით (სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი) და, მეორე მხრივ, ნეორეალიზმი_ჯავახიშვილის პროზით. ეს ორი ნაკადი ერთმანეთს ავსებდა და წარმოაჩენდა ეპოქის მაჯისცემას. მოდერნიზმი იყო ერთგვარი პროტესტი რეალიზმის წინააღმდეგ. ერთგვარი, რადგან ეს იყო ლიტერატურული ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც იმეორებდა წარსულის გამოცდილებას და ახალი კუთხით ავითარებდა. გამეორებაში ვგულისხმობთ, იმას, რომ მოდერნიზმი ითვალისწინებდა წინაპართა გარკვეულ გამოცდილებას. მაგალითად, ცნობილია, რომ მოდერნიზმის ესთეტიკამ გარკვეულწილად ააღორძინა ბაროკოს იდეალები, შუასაუკუნეობრივი დუალიზმი, სახეთა ალეგორიულობა და სხვა. მაგალითად, ცისფერყანწელები თავიანთ `წინაპრად~ ბესიკის შემოქმედებას ასახელებდნენ, აღიარებდნენ, რომ მის შემოქმედებაში იყო მუსიკის აზრზე უპირატესობა, ხაზგასმული მეტაფორულობა. ტიციან ტაბიძე წერდა: `მომავალ დიდ ქართველ მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე~ (ტაბიძე 2002: 91). რუსთაველი_ როგორც ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიცია და მალარმე _ თანამედროვე დასავლური კულტურის სიმბოლო. მოდერნიზმის ესთეტიკას საქართველოში ქმნიდნენ გამორჩეული მწერლები: მათ შორის: გრიგოლ რობაქიძე, ცისფერყანწელები, ნიკო ლორთქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ვასილ ბარნოვი, დემნა შენგელაია, ლეო ქიაჩელი. მიხეილ ჯავახიშვილი თავიდანვე გამოირჩეოდა ყველასგან. მისი პირველი მოთხრობები ამხელდნენ სრულიად სხვაგვარ ინტერესს თემისა თუ სტილის თვალსაზრისით. ამიტომაც შეიძლება ვილაპარაკოთ მის რეალიზმზე, როგორც მოდერნიზმის ერთგვარ ალტერნატივაზე. შემდეგ, მოგვიანებით, 1926 წელს მიხეილ ჯავახიშვილმა ის ნაკადი, რომელიც მის სახელს უკავშირდებოდა, უპირველესად, შეაფასა, როგორც ნეორეალიზმი, რომლის ცალკეული პრინციპი ჩამოაყალიბა კიდეც წერილში `ჩვენი მიწა~ (ლიტერატურული განცხადება). მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, მხატვრული სიტყვა მისი ჩასახვის პირველივე დღიდან უმთავრესად რეალისტური იყო _ ამ ცნების უღრმესი და უფართოესი მნიშვნელობით. ასეთია იგი დღესაც და ასეთივე დარჩება მომავალშიც. ყოველივე დანარჩენი ან მისი ნაკადებია, ან შენაკადები: `რეალიზმი დედახეა მხატვრული ლიტერატურისა. იგი მიწაზე დგას და მიწიდანვე ამოდის. ორივენი ერთმანეთს ჰკვებავენ, ზრდიან და ამაგრებენ~ (ჯავახიშვილი 1980: 44). მწერალი მიწისაგან მოწყვეტას ერის სულიერი ძალების მოდუნებისა და შემოქმედების დაქვეითების საფუძვლად მიიჩნევდა. იგი ფიქრობდა, რომ `ვისაც მიწის ალღო დაუჩლუნგდა და რეალობის გრძნობა დაეკარგა, იმას ხერხემალიც მოერღვა და კუნთებიც მოეშალა. ხოლო უძვლო და უსისხლო სხეული უეჭველად განწირულია. რეალობის მძლავრი გრძნობა და მიწის გაბასრული ალღო ხელოვნებისთვის და ხალხისათვისაც უებარი დუღაბია _ მათი სულისა და სხეულის გამფოლადებელი~. მწერალი, ამგვარად, ნათლად გამოკვეთდა ძირითად დებულებას: ხელოვნება მიწისთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის! ეს იყო ერთგვარი მიბრუნება ილიასეულ და აკაკისეულ პრინციპთან (`ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა~ (ილია), `მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ, რასაც შიგ ჩაუხედია~ (აკაკი) . მიხეილ ჯავახიშვილი რეალიზმს გამიჯნავდა ნატურალიზმისგან: `მხატვრული ლიტერატურა არც მშრალი საგაზეთო ამბავია, არც ფოტოგრაფიული სურათია. მხატვარი მეცნიერი არ არის, ხოლო მისი თავი ფაქტების ცივ საწყობად ან ქიმიურ ლაბორატორიად ვერ გადაიქცევა. მშრალმა და უსულო ნატურალიზმმა თვისი სათქმელი სთქვა და წავიდა. იგი იმგვარ რეალიზმსაც უარყოფდა, რომელიც უნდა დამორჩილებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ-სოციალურ იდეოლოგიას. `მხატვრისთვის ეს გზა, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი, მეტად მოლიპულია. ჩვენთვის მისაღებია იდეიური, უტილიტარული ხელოვნება, მოსათმენია დიდაქტიურიც, ხოლო მესამე საფეხური _ უაღრესი ტენდენცია _ მხატვრისთვის მეტად სახიფათოდ მიგვაჩნია~ (ჯავახიშვილი 1980: 48). `არიფიონის~ ლიტერატურულ სკოლასაც, რომელშიც ერთი თვალთახედვის მწერლები გაერთიანდნენ (1927 - 1928). `არიფიონის~ წევრები იყვნენ: ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ს. შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მ. ჯავახიშვილი. გაერთიანებამ გამოსცა ალმანახი `არიფიონი~ (1928), რომელსაც ნეორეალიზმის პრინციპები დაედო საფუძვლად. მწერლისთვის რას ნიშნავდა ნეორეალიზმი და რით განსხვავდებოდა იგი რეალიზმისგან? `ნეორეალიზმს საფუძვლად უდევს იგივე კლასიკური რეალიზმი შემდეგი განმეორებით, დამატებითა და განმარტებებით; შესწავლა მახლობელ და შორეულ კულტურათა წარსულისა და მისი მხატვრული გამოყენება დღევანდელი ადამიანის გემოვნების მიხედვით. განუკვეთელი კულტურული მთლიანობა წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა. შენახვა ჯანსაღი ტრადიციებისა... კულტურა ადამიანისა და ადამიანებისა. შედუღებული მართალი მშვენიერება და მშვენიერი სიმართლე (ორივე ერთია, ფორმა და შინაარსი (განუყრელია). `ვიცი~! და `არ ვიცი~, ნამდვილი და უჩინარი (პირველი მრავალჯერ სჭარბობს მეორეს)... მკაცრი დაცვა ქართული ენის ბუნებისა და ლექსიკონისა გადაგვარებისა და ამღვრევისაგან. ბეჯითი შრომა ენის გამდიდრებისათვის და გახალისებისათვის არსებულის სრული გამოყენებით და ახალის ფრთხილი შემოშვებით~ (ჯავახიშვილი 1980: 46). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ ლიტერატურაში ნეორეალიზმი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან გამოჩნდა (ნეორეალისტ მწერლებად მიიჩნევიან; ელიო ვიტორინი, ჩეზარე პავეზე, ბეპე ფონოლიო, იტალო კალვინო, ალბერტო მორავია, ვასკო პრატოლინი, ფრანჩესკო ჯოვინე, დომენიკო რეა, კარლო ლევი, მარიო ტობინო, კარლო კასოლა), ხოლო როგორც კინემატოგრაფიული მიმდინარეობა, იტალიაში 1940-1950-იან წლებში განვითარდა. თუმცა ტერმინი ჯერ კინემატოგრაფიაში გაჩნდა (ნეორეალისტური კინოს ყველაზე ცნობილი რეჟისორები არიან: რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი). როგორ გაიაზრებდა მიხეილ ჯავახიშვილი რეალიზმის გზას საქართველოში? `როცა მხატვრული პროზის საკითხი ირჩეოდა, ტიც. ტაბიძემ ყველაფერი ის, რაც არა გალექსით ჩვენში დაწერილა, მხატვრული პროზის ნიმუშად ჩათვალა. მის კვალს რომ გავყვეთ, ყველა საგაზეთო წერილი მხატვრულ პროზაში უნდა შევიტანოთ. ნამდვილათ მხატვრული პროზა იწყება იქ, სადაც იწყება რაიმე ფაქტიური ამბის მხატვრული გარდაქმნა, ანუ მოგონილი ამბის შეთხზვა. ევროპიული ბელეტრისტიკის დამწყები ილია ჭავჭავაძე გახლავთ და სხვა არავინ. საბა-სულხან ორბელიანის პროზას დღეს ვერ გავყვებით. იგავ-არაკების ჟანრი მოკვდა და მის გამოცოცხლებას არავინ აპირებს... მიხეილ ჯავახიშვილი დიდად აფასებდა თავისი დროის შემოქმედთა ნაღვაწს (მათ შორის, გრიგოლ რობაქიძესა, კონსტანტინე გამსახურდის, ვასილ ბარნოვს (ამ უკანასკნელის შემოქმედებაში ის რომანტიზმისა და რეალიზმის ნაზავს ხედავდა) (იხ. წერილი `ბარნოვის დაკრძალვაზე~), თუმცა არ ერიდებოდა მკვეთრად გამოეთქვა თავისი თვალსაზრისი მოდერნიზმის შესახებაც: `მხატვრულ ლიტერატურაში მძლავრად შემოიჭრა სნეული დადაიზმი და სულის მომდუნებელი დეკადანსი. ამ მოვლენას თავისთავად მოჰყვა პარნასელობა _ განდეგილობა. მწერალი მოსწყდა მიწას და ხალხს. ცხოვრების დაკვირვების ნაცვლად სიმბოლისტებმა განყენებული აზროვნება შემოიტანეს და ცხადი ქვეყანა ბუნდოვანი ნისლით დაჩრდილეს~ (ჯავახიშვილი 1980: 45). საგულისხმოა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არ უარყოფდა მითს, ზღაპარს, მისტიკას, მაგრამ განსხვავებულ ფუნქციას აკისრებდა: `ჯანმრთელი რეალისტის თვალში გარკვეული ღირებულება აქვს ზღაპარს, მითს, ალეგორიას და სიმბოლოსაც, თუ მათ აქვთ ნათელობა, სიცხადე და მჭიდრო კავშირი მიწასთან ე. ი. თუ სიმბოლო ნათლად და მკაფიოდ არის აშენებული ამ ქვეყნის ნიადაგზე და ამავე ქვეყანას არა სწყდება~ (ჯავახიშვილი 1980: 46). მის შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, არის ზღაპარიც, მითიცა და ალეგორიაც. იგი ფიქრობდა, რომ მწერალი არ უნდა დამონებოდა არც თემას და არც ფორმას: `ზოგნი მხოლოდ შინაარსს ეძებენ, ზოგნი დროგადასულ ფორმებში გაიყინნენ, ზოგიერთებმა ახალი ფორმა თვითმიზნად დაისახეს, სხვებმა კი სიტყვისა და ბგერის კულტი შემოიღეს და აზრი სიტყვას დაუმორჩილეს. ჩვენ ხელოვნებად ვერ ჩავთვლით მარტოოდენ შინაარსს, თუნდაც მეტად ჯანსაღიც რომ იყოს იგი~ ჯავახიშვილი 1980: 47). მიხეილ ჯავახიშვილი დროის მაჯისცემას მიყურადებული მწერალი იყო, ამიტომაც ფიქრობდა, რომ `დღეს აღარც დრომოჭმულ ფორმაზე შეიძლება დასვენება. ვერც ახალი ფორმა დაგვაკმაყოფილებს, თუ მასში შესაფერი შინაარსი _ ფაბულა, სიუჟეტი არ არის ჩაქსოვილი. მართალია, ფორმისა და შინაარსის განკვეთა ზედმიწევნითი სისწორით შეუძლებელია, მაგრამ ორივენი მაინც ცალ-ცალკე არსებობენ. მხოლოდ ფორმა ან მარტო შინაარსი ნამდვილ ხელოვნურ ნაწარმოებს ვერ შეჰქმნიან. ჭეშმარიტი ხელოვნება მოითხოვს ორივეს შეზავებას და შედუღებას. თუ პირველს მეორე აკლია, უსისხლო და უხერხემლო ხორცი გამოვა. თუ მეორეს პირველიც თან არ ახლავს, შეუმოსელი ჩონჩხი დარჩება. ამიტომ ჩვენ პირველობას ვერც ფორმას მივაკუთვნებთ, ვერც შინაარსს. ნამდვილი ღირებულება ცალ-ცალკე არც ერთს აქვს, არც მეორეს. ხოლო ორივენი ერთად, თანაბრად შეზავებულნი, მთლიანსა და განუკვეთელ მხატვრულ ერთეულს ჰქმნიან~ (ჯავახიშვილი 1980: 46). იგი აკრიტიკებდა ფუტურისტებს: `სიტყვისა და რიტმის გამოცალკევებას უაზრო და ცარიელი ბგერების ვარჯიშობა მოჰყვა. თუ ფორმა მხოლოდ გარეგანია მთლიანი მხატვრული სხეულის, მარტო ბგერა ცარიელი და უსხეულო სამოსელია, რომელშიც არც ხორცია, არც ძვალი, არც სული~. მისი აზრით, `მხატვრული ნაწარმოები კი უნდა სავსე იყოს ერთიანი და მთლიანი რიტმით. მისი განვითარება დამოკიდებულია შინაარსის განვითარებისაგან მთლიან მხატვრულ სახეში, რომელიც, მხატვრულ სიმართლესთან ერთად, შემოქმედების დედაბოძად უნდა ჩაითვალოს~ (ჯავახიშვილი 1980: 46). მიხეილ ჯავახიშვილს მხატვრული სახის თვითმიზნად გადაქცევის პრინციპიც არ მოსწონდა: `შემოქმედმა მარტო მხატვრულ ორნამენტზე არ უნდა დაახურდაოს თვისი ნიჭი. ზომიერად ნახმარი ორნამენტი მხოლოდ შესამკობი მასალაა მხატვრული სინთეზის დას მთლიანი დინამიური სახის, რომელიც დედაღერძივით უნდა იყოს შედგმული და განვითარებული მხატვრულ ნაწარმოებში~ (ჯავახიშვილი 1980: 47). ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, რას ფიქრობდა იგი გამსახურდიას შემოქმედებაზე (`კონსტანტინე გამსახურდიას `მთვარის მოტაცება~): კ. გამსახურდია ფრესკების მაგვარი სახეების მხატვარია... პეიზაჟის დიდი ოსტატია, მაგრამ ალაგ-ალაგ პეიზაჟი მოქმედებასთან არ არის დაკავშირებული, თავისთავადია. ზოგჯერ პეიზაჟი გეოგრაფიაში გადადის. ზოგიერთი ადგილის აღწერილობა ვნებს სიუჟეტის განვითარებას~ (ჯავახიშვილი 1980: 47). ქართული ლიტერატურის მოდერნისტული ესთეტიკით განახლებას იგი `სახიფათო ცალმხრივობად~ მიიჩნევდა: `ლირიკამ თითქმის სავსებით დაიუფლა სამწერლო არე. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია წონასწორობის აღდგენა: მხატვრულ მასალის დამუშავებას საფუძვლად უნდა დაედოს როგორც ლირიკული, აგრეთვე ეპიური და დრამატიული მისვლა საგნებთან და მოვლენებთან~(ჯავახიშვილი 1980: 46). ნეორეალიზმი არ ზღუდავდა მხატვრის ალღოსა და თვალის თავისუფლებას, `მაგრამ ჩვენ მაინც თანადროულობა გვირჩევნია _ ამ ცნების ფართო მნიშვნელობით. გულწრფელობის შენარჩუნებისათვის შემოქმედი მოვალეც არის ისე დაინახოს და იგრძნოს საგნები და მოვლენები, როგორც შეუძლიან და მოეჩვენება. მაგრამ ჩვენც მაინც გვირჩევნია ისეთი მასალის შერჩევა, შეგრძნობა და თვალი, რომელნიც გაამხნევებენ ხალხს და გაუღვივებენ იმედს, ენერგიას და ზნეობას~ (ჯავახიშვილი 1980: 47). მოდერნიზმმა, როგორც ცნობილია განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალ ენობრივ კონსტრუქციებს. ამის თაობაზეც გამოთქვამდა მიხეილ ჯავახიშვილი აზრს: `ორი უკიდურესობა სწეწავს ქართულს: ერთი რვალივით ამაგრებს სიტყვას (მოჰხკალ!), მეორე კი ბამბასავით არბილებს (მოკალ!). აქაც ზომიერება გვირჩევნია (მოჰკალ!). მაინც ერთი რამ უნდა გვახსოვდეს მუდამ: ქართული მაგარ ენების ჯგუფს ეკუთვნის და არ იგუებს ფრანგულ-სპარსულის სიტკბოსა და სირბილეს~ (ჯავახიშვილი 1980: 129). მას არ მოსწონდა მოდერნისტულ ნაწარმოებებში გამოყენებული ამგვარი სინტაქსური კონსტრუქცია: `კაცი მოდის მაღალი~. იგი, ამ თვალსაზრისით, ყურადღებას ამახვილებდა ვასილ ბარნოვის პროზაზე და შენიშნავდა: `ვასილ ბარნოვის სინტაქსური წყობა - `სახლები ეთამაშებოდნენ მაღალნი~ _ მხოლოდ საინტერესო ცდა იყო ახალი სინტაქსური ფორმების შემოღებისა და ისევ ცდად დარჩა. ასე დალაგებულს ოციოდე სტრიქონს კიდევ გაუძლებს მკითხველი, მთელი წიგნის წაკითხვა კი მეტისმეტად ძნელია~ (ჯავახიშვილი 1980: 107). ოთარ ჩხეიძემ შენიშნა და გამოკვეთა მიხეილ ჯავახიშვილის ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელი ერთი მნიშვნელოვანი თვისება: `ამ რეალისტურ ნაწარმოებში (იგულისხმება `ჯაყოს ხიზნები~), ამ ყოვლად რეალურ, ყოვლად ყოფითსა თუ ჩვეულებრივ სიტუაციებში, თუ გნებავთ, ყოვლად ბანალურ სიტუაციებში, ბევრი რამ უფრო სიმბოლურია, სიმბოლური და მეტაფორულია, გაზღაპრებულობაზე თუ მითოლოგიზირებაზე რო არაფერი ითქვას; როგორღაც უცნაურად აქ თითქოს პირიქითაა ყველაფერი: თუ სხვაგან მეტაფორებსა და სიმბოლოებში, ალეგორიებსა და მითოსურ სიტუაციებში კითხულობენ რეალურ სახეებსა, აქ რეალურში, რეალურსა და შიშველ სახეებში, ნატურალისტურობამდე გაშიშვლებულ სახეებში, ამოიკითხება პირიქითა ანთუ გაიაზრება პირიქითა, მეტაფორული და სიმბოლური სურათები გაიაზრება, – ასე პირიქითაამეთქი ყველაფერი; ეს არაა პატარა ხელოვნება, ეს დიდი ხელოვნებაა, დიდოსტატობა სწორედაც ესაა რეალისტურ რომანში~ (ჩხეიძე 2009: 1). ოთარ ჩხეიძის აზრითვე, და რაც უნდა იყოს, თუ როგორც უნდა იყოს, ჩვენი დროის მხატვრული პროზა, ქართული ცხადია და, რაღა თქმა უნდა, განისაზღვრება ძირითადად ორი თავთავისებური მხატვრული სტილითა, ორი მხატვრული კონცეპციითა: ერთი ვასილ ბარნოვია, ერთიცა მიხეილ ჯავახიშვილი; თუ შეიმჩნევა კიდევ სხვა რამეცა, უფრო მოდაა, ლიტერატურული მოდაა, უფრო, სწრაფწარმავალი და უკვალო (ჩხეიძე 2009: 1). საგულისხმოა, რომ XX საუკუნის დასაწყისში ორივე ნაკადმა _ მოდერნისტულმაც და ნეორეალისტურმაც, მნიშვნელოვანი ნაწარმოებების შექმნას შეუწყო ხელი. დაიწერა მოდერნისტული რომანები: გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~, კონსტანტინე გამსახურდიას `დიონისოს ღიმილის~, დემნა შენგელაიას `სანავარდოს~ სახით, მეორე მხრივ ნეორეალისტური რომანები: `ჯაყოს ხიზნების~, `კვაჭი კვაჭანტირაძის~, `გივი შადურის~, `თეთრი საყელოს~, `არსენა მარაბდელის~ სახით. დამოწმებული ლიტერატურა ტაბიძე 2002: ტაბიძე ტიციან, ცისფერი ყანწებით, წიგნში: `ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი~. გამომცემლობა `დია~, თბილისი, 2002 ჩხეიძე 2009: ჩხეიძე ოთარ, ისევ `ჯაყოს ხიზნები~, ჰტტპ://ბურუსი.წორდპრესს.ცომ/2009/07/04/ოტარ-ცკჰეიდზე/ ჯავახიშვილი 1980: ჯავახიშვილი მიხეილ, წერილები, თხზულებანი, ტ. VI, თბილისი, გამომცემლობა `საბჭოთა საქართველო~, 1980

No comments:

Post a Comment