Translate

Saturday, December 18, 2010

დაკარგული ქვეყნის ძიება- ოთარ ჭილაძის `გოდორის~ მიხედვით

მაია ჯალიაშვილი

დაკარგული ქვეყნის ძიება

ოთარ ჭილაძის `გოდორის~ მიხედვით

ოთარ ჭილაძე რომანს ბიბლიურ `ნოეს კიდობანს~ ადარებდა, `რამდენადაც იმასაც სიცოცხლის, თუნდაც სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილის გადასარჩენად აგებს მწერალი, იგივე ნოე, რომლის თავგამოდებისა და, ზოგჯერ, თავგანწირვის ფასად, ვინ იცის, რამდენი ადამიანური სახე, ხასიათი, რამდენი ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ ადათ-წესი გადარჩენია სამუდამო გაქრობას, დავიწყების გათოშილ ზვირთებს, მხოლოდ იმიტომ, რომანში, იმავე ნოეს კიდობანში, ადგილი რომ მიუჩინა მათ მწერალმა, ანუ მიწიერმა განსახიერებამ ბიბლიური ნოესი, რამდენადაც მწერლის მოწოდებაც სიცოცხლის გადარჩენაა~ (ჭილაძე 2003ბ: 66), თანვე `მწერლისთვის ცხოვრებისეულ შლამსა და ოქროს ერთი ფასი აქვს, რადგან სახლმა (კიდობანმა), რომელსაც ის აშენებს, გარეგნული ბრწყინვალებით კი არ უნდა გააოგნოს ამ სახლში მოხვედრილი კაცი, არამედ სულის სიღრმემდე უნდა შეძრას სახლში გამეფებული სიმდიდრისა და სიღარიბის, სინათლისა და სიბნელის, სისუფთავისა და სიბინძურის განუწყვეტელი მონაცვლეობით, ანდა სულაც თანაარსებობით~ (ჭილაძე 2003ბ: 66).
სწორედ ასეთი ნოეს კიდობანია რომანი `გოდორი~, რომელიც სულის სიღრმემდე შესძრავს მკითხველს. აქ, მართლაც, განუწყვეტელია მონაცვლეობაა სინათლისა და სიბნელისა, სიკეთისა და ბოროტებისა.
`მითხარი, როგორი წარსული გქონდა და გეტყვი, რა გელოდება წინ~ (ჭილაძე 2003ბ: 255), ასე მახვილგონივრულად წარმოაჩინა მწერალმა თავისი დამოკიდებულება დროის მიმართ. იგი მიიჩნევდა, რომ მწერლისთვის `სართოდ არ არსებობს წარსულად, აწმყოდ და მომავლად დაყოფილი დრო~ (ჭილაძე 2003ბ: 253). სწორედ ამგვარადაა წარმოჩენილი დროის მეტაფიზიკა ამ რომანში. თავისი მწერლობით მან მიზნად დაისახა `ქართული სულის თავგადასავლის `აღნუსხვა~ უხსოვარი დროიდან დღემდე _ მითიდან ფაქტამდე~ (ჭილაძე 2003ბ: 253). `გოდორში~ აღარ არის მითი, აქ მხოლოდ ფაქტებია.
`მე ადამიანი მაინტერესებს დროისა და სივრცის უსასრულობაში~ (ჭილაძე 2003ბ: 30). ოთარ ჭილაძეს აინტერესებდა `მარადიულობა ვნებებისა, გრძნობებისა, მისწრაფებებისა~ (ჭილაძე 2003ბ: 257). ამას წარმოაჩენდა თავის შემოქმედებაში, მას საქართველო წარმოუდგებოდა `მარადიული ბრძოლის ველად~ (ჭილაძე 2003ბ: 262) და `გოდორშიც~ ეს ასახა.
იგი მწერლობას `ყველაზე ეროვნულ ფენომენად~ (ჭილაძე 2003ბ: 282) მიიჩნევდა. მისი აზრით, `მწერლის მშობლიური სახლი რეალობაა~ (ჭილაძე 2003ბ: 314). რეალობა, `გოდორის~ მთავარი პერსონაჟია.
`ყველა მწერლის ფარული ოცნებაა, შექმნას საკუთარი მითოლოგია, ანუ თავისი `ადამიანური კომედია~ (ჭილაძე 2003ბ: 63) ოთარ ჭილაძემ შეძლო თავისი რომანებით ამ ოცნების განხორციელება, `გოდორი~ ამ `მითოლოგიის~ ერთი ფრაგმენტია.
`ცრემლის წვეთია საერთო ყველა ეპოქის რომანისთვის, ადამიანის ცრემლის წვეთი~, _ წერდა ოთარ ჭილაძე (ჭილაძე 2003ბ: 49) და ასე მეტაფორულად გამოხატავდა მწერლობის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებას, როგორც ადამიანის შემწეობას.
რომან `გოდორის~ ცენტრალური თემა მამისმკვლელობა, მამისა, როგორც გარკვეული ეპოქის, დროის შემაფერხებელი ფენომენის, ღვთისა და ადამიანობის უარმყოფელი სისტემის განადგურება, კაშელობის დასასრული, როგორც ისტორიული კანონზომიერება, ისეთივე ბუნებრივი, როგორც ფოთოლში ზაფხულის დასასრული (ჭილაძე 2003ა: 184).
საზოგადოდ, ოთარ ჭილაძის პროზა გამორჩეულია ნარატივის მრავალფეროვნებით. მისი რომანის `გოდორის~ ნარატივიც იქმნება სხვადასხვა თხრობითი სტრატეგიის ოსტატური მონაცვლეობით.
ამ რომანის მთავარი თავისებურება მწერლის დამოკიდებულებაა დროის მიმართ, Mთხრობაც ამას ემყარება. რომანში დრო გაჩერებულია. მან მაშინ შეწყვიტა მდინარება, როდესაც საქართველო, როგორც ერთიანი ქვეყანა, მოკვდა. ასე რომ, XV საუკუნეში რომის პაპისგან საგანგებო მისიით გამოგზავნილ ელჩს ლუდოვიკო ბოლონიელს საქართველოდ წოდებული ქვეყანა აღარ დახვდა. დროის გაქრობამ სივრცე დააჭაობა და რომანში სწორედ ეს ჭაობია აღწერილი, სიმბოლურად, გოდრის დინასტიის აღზევება და დაცემა. მწერალი ერთგვარი პალიმფესტური მეთოდით წარმოაჩენს დროის სხვადასხვა შრეებს, ერთმანეთზე წაფენილს და მთხრობელისა თუ პერსონაჟთა მეხსიერების საცავიდან მკითხველს გადმოუშლის.
რომანის ერთგვარი კამერტონია ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები მათეს სახარებიდან: `და აღდგნენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ~ (მათე, 10,20). მამა-დედა არა მხოლოდ მშობლებია, არამედ, დრო, ტრადიცია, წარსული, ზნეობა, რწმენა, სიცოცხლე. მწერალი ფიქრობდა, რომ `წამითაც არ უნდა დავივიწყოთ კოლოფში ჩაკეტილი ის სამი ჩიტი, ანუ იგივე ჩვენი მშობლიური ენა, ფსიქიკა და ტრადიცია – ის წმინდა სამება, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება მხოლოდ პიროვნების საფუძველთა საფუძველი, მრწამსთა მრწამსი და აზრთა აზრი, რასაც, უბრალოდ, ეროვნება და ეროვნული თვითშეგნება ჰქვია~ (ჭილაძე 2003ბ: 86) მისი აზრით, `სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია და, ამავე დროს, ის მარტო ჩვენი საკუთრება არ არის, ის უკვე გარდაცვლილთა და ჯერ დასაბადებელთა საკუთრებაცაა და ოლიმპიური ჩირაღდანივით გადადის თაობიდან თაობაში, რათა ყველა ადამიანის სულზე გავლით მარადისობაში გაიტანოს ადამიანური ტკივილი და სიხარული~ (ჭილაძე 2003ბ: 87) `სიცოცხლე როგორიცაა, ისეთი უნდა ჩაიხუტო გულში: არც იმისმა სიმახინჯემ უნდა შეგაწუხოს და არც იმისმა სიბინძურემ, რადგან მხოლოდ სიმახინჯისა და სიბინძურის დაძლევით მივეახლებით მშვენიერებასა და სიწმინდეს~ (ჭილაძე 2003ბ: 86)
ეს არის უმთავრესი ოთარ ჭილაძისთვის _ სიცოცხლის დაცვა, მისი რომანები განაწყობენ და უბიძგებენ მკითხველს მოძრაობისკენ, აზროვნებისკენ, რათა მათაც არ შეეყაროთ კაცობრიობის ყველაზე დიდი სენი `სულის ეროზია~. `საკმარისია, ერთი წამით მოუხუჭოს ადამიანმა თვალი საკუთარი არსებობის აზრსა და დანიშნულებას, პანდორაც მაშინვე თავზე დააბერტყავს ათასნაირი სენითა და უბედურებით სავსე ყუთს~ (ჭილაძე 2003ბ: 88)
ეს რომანი თითქოს აგრძელებს `აველუმის~ (1995) თემატიკასა და ნარატიულადაც მას უფრო ემსგავსება, ორივეგან დიდი ადგილი ეთმობა მთხრობელის მეტანარატივს _ რომელიც გამოხატულია ვრცელი ასოციაციური მსჯელობით თანამედროვეობის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. ხშირად ძნელიც კია საზღვრის გავლება, სად მთავრდება პერსონაჟის ნარატივი და სად იწყება მთხრობელისა. არსებითი განსხვავება ისაა, რომ `გოდორში~ (2003) მითოლოგიური პლანი აღარაა თხრობის წარმმართველი.
ეპოქის მაჯისცემას მწერალი დროის ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურ ჭრილებში გამოხატავს. ჰორიზონტალური დრო მოიცავს XV _ XX საუკუნეებს, თუმცა აქ ყურადღება არათანაბრადაა განაწილებული, კერძოდ, უმთავრესი აქცენტი გადატანილია XX საუკუნის ბოლო ათწლეულზე. რომანი მოგვითხრობს დამონებულ ქართველ ერზე, მის ფიზიკურსა და უმთავრესად მაინც სულიერ ტყვეობაზე. ერთი გვარის, კაშელების აღზევების მაგალითზე ის ხატავს ტოტალიტარული რეჟიმის ჩასახვის, აღმოცენების, ზრდისა და განვითარების პროცესს. მწერალი ქმნის ჩაკეტილი, დახშული სივრცის მოდელებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან ქართველის სახეცვლილ ბუნებაზე. ჩაკეტილი სივრცე გამორიცხავს თავისუფლებას, ღვთის უპირველეს საჩუქარს, ე. ი. რწმენასაც, არადა, როგორც მწერალი წერს; `რწმენა არა მხოლოდ არსებობას უადვილებს ადამიანს, არამედ არსებობას ავალდებულებს კიდეც~ (ჭილაძე 2003ბ: 86).
რომანის ცენტრში ორი ოჯახია _ ისინი ერის ორ ძალას განასახიერებენ_ ინტელექტუალურსა და ძალაუფლებრივს. ერთი მხრივ, მწერალი ელიზბარს წარმოაჩენს, თავისი მაღალი იდეალებით, მეორე მხრივ _ რაჟდენ კაშელს, თავისი თავგადასავლით. ორივე საქართველოს სახეა. ელიზბარის უკან ქართული მწერლობა, მისი კულტურა დგას. მის ფესვებზეა ამოზრდილი, ე.ი. ის ერის სულიერი კულტურის მატარებელია, რაჟდენის უკან `ხელოვნურად~ გამოყვანილი წინაპრების თაობაა, მწერალი პირობითად მას `გოდრის~ თაობას უწოდებს. გოდორი ჩაკეტილი სივრცის სიმბოლოა. ამ თვალსაზრისით, რომანში სხვა დახშული სივრცეებიც გვხვდება, რომელთა გარღვევასაც ლამობს ახალი თაობა, ელიზბარისა და რაჟდენის შთამომავლები. მწერალი ამ ორ ოჯახს დაანათესავებს, რათა სრულყოფილად წარმოაჩინოს ერის ღირსება-ნაკლოვანება. რაჟდენის, რომელიც ხელისუფლებას სახეა, წინაპარი-გოდორში გაიზარდა (ის არის ერთგვარი ჰომუნკულუსი, ხელოვნურად გამოყვანილი ადამიანი), ობოლი და მიუსაფარი, რომელმაც გოდრიდან დაინახა და შეისისხლხორცა დედის გარყვნილება და მამის დამცირება, ჩამოყალიბდა ყაჩაღად და სწორედ მისი შთამომავალი მოევლინა საქართველოს 1921 წელს `პატივისამხდელად~. შემდეგ უკვე ბუნებრივად გაჩნდა ჩეკისტი ანტონი, შემდეგ რაჟდენი. მწერალს `გოდრის~ მეოთხე თაობა- რაჟდენის შვილი _ ანტონი აინტერესებს, რომელსაც მწერლის ქალიშვილი ლიზიკო მოჰყავს ცოლად. ანტონი თავისი სიცოცხლის 23-ე წლისთავზე გაიაზრებს, რომ მთელი სიცოცხლე ციხეში ცხოვრობდა, ეს ციხეა მისი ოჯახი, მისი სამშობლო და გადადწყვეტს გაქცევას. მწერალი გახრწნილობის, ზნედაცემულობის მწვერვალს ხატავს _ შვილი, ანტონი მამას ცოლთან შეუსწრებს და თავზარდაცემული კლავს, ოღონდ როგორც აღმოჩნდება არა ფიზიკურად, არამედ წარმოსახვით. `გოდორს~, როგორც საგვარეულო, დამღას, გენეტიკურ დაავადებას, დიდი ძალისხმევით თავს დააღწევს ანტონი, რომლის სულიერ აღზრდაზე გავლენა მოახდინა, ერთი მხრივ, ქვიშხეთელმა ბიბლიოთეკარმა, ნიკოლოზმა, აკრძალულ წიგნებს რომ აკითხებდა, მეორე მხრივ, ელიზბარმა, მაღალ იდეალებზე რომ ესაუბრებოდა. ამაში მას ბუნებაც ეხმარება. მწერალი ამის გამოსაკვეთად ჭუპრიდან პეპლის დაბადების სიმბოლოს მოიხმობს, ამ პროცესს, მატლის პეპლად გადაქცევას _ ოთხი სტადია სჭირდება, პეპელა, რა თქმა უნდა, მატლია, მაგრამ წინამორბედის სიკვდილით გაკეთილშობილებული. მართალია პეპლობა ხანმოკლე სიცოცხლეს გულისხმობს, მაგრამ მას ამშვენებს ფრენა და თავისუფალი ნავარდი. ორი მატლი - უკვე გაესრისა განგებას. პირველი –რაჟდენი _ მასავით გალეშილმა ავაზაკებმა მოკლეს, მეორე მატლი – ანტონ კაშელი იმავე მანქანამ გასრისა, რომლითაც 1924 წელს დახვრეტილთა გვამებს ეზიდებოდა. მესამე მატლი _ რომანის მთავარი გმირი, რძლის გაბახებაზე მეოცნებე რაჟდენია, ხოლო _ პეპელა ანტონი, იგი სწორედ მეოთხე თაობაა, მართალია თვითონაც იღუპება, მაგრამ გაფრენილი, გოდორს თავდაღწეული, მამის მოწინააღმდეგე და მისი სიკვდილის მოსურნე, რაც იგივე მამისმკვლელობაა. იგი სიმამრ, მწერალ ელიზბართან ერთად მიდის აფხაზეთის ომში და ელიზბარის, როგორც სულიერი მამის მკლავებში იღუპება მტრის სნაიპერის ტყვიას შეწირული, იღუპება უცოდველი, რადგან ომში კი წავიდა, მაგრამ ვერ მოასწრო ომი. ასე დამთავრდა მატლიდან პეპლის დაბადების გზა. რომანის ბოლოს ანტონისა და ლიზიკოს, მწერლის ქალიშვილის (ე,ი. გენეტიკურად ქრთული კულტურის, მართალია, შერყვნილისა და დამცირებულის) შვილი დაიბადება. ე. ი. საქართველო თავს აღწევს გოდრის თაობას. ეს ოპტიმისტური დასასრულია.
რომანი წრიული სტრუქტურისაა: იტალიიდან საქართველოში ჩამოდის ლუდოვიკო ბოლონიელი მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში და საქართველოს ვეღარ ნახულობს (რომანის ერთ სხვა ეპიზოდშიც, ელიზბარი `ევროპელებს~ ეუბნება, რომ საქართველო არსებობს, მაგრამ არ ჩანს). მწერალი იყენებს ისტორიულ ფაქტს, მართლაც, XV საუკუნეში 1459 წელს საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II-ის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან ქართველ მეფე-მთავრებს იმ ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის შექმნასაც ცდილობდა რომის პაპი. გადის ოთხი საუკუნე და XX საუკუნის ბოლოს ლუდოვიკოს კვლავ საქართველოში ვხედავთ, ოღონდ საგიჟეთში, რომელიც ქვეყნის ერთგვარი მიკრომოდელია. მისი სიგიჟე ზემხედველობას ეფუძნება, მას სჯერა, რომ დაკარგულს იპოვის. იგი კვლავ ოდესღაც დიდებული და სახელოვანი ქვეყნის მაძიებელია. რომანის მთელი სივრცე ამ ორ პირობოთ ფაქტს შორის არის გადაჭიმული. ბოლოს ლუდოვიკო სათქმელს პათოსით, ამაღლებულად, ლექსის ფორმით ამბობს:
`და შეიძლება, ვერასოდეს მივაგნო მართლა,
რისი მიგნებაც ასე მსურდა, ასე მეწადა....
საგნის დაკარგვა როდი ნიშნავს საგნის გაქრობას!
სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,
რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრძნობთ,
რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,
ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,
და ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი,
პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება~ (ჭილაძე 2003ა: 326)
მთელი რომანი კი თხრობაა იმის თაობაზე, თუ სად დაიკარგა საქართველო, რა იყო მისი გაქრობის მიზეზები. მწერალს კორექტივი შეაქვს გამოთქმაში: `ქართველთა ორასწლიანი მონობა~. მისი აზრით, ერის დამონება, დადამბლავება დაიწყო XV საუკუნიდან, როდესაც საქართველო საბოლოოდ ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ასე რომ, ის საუბრობს ქართველთა ექვსასწლიან მონობაზე.
`არსად არ აისახება ისე მძაფრად და შთამბეჭდავად ეპოქის სული, ხასიათი, ყველა მისი დამახასიათებელი ნიშანი თუ თვისება, როგორც მწერლის შემოქმედებაში. მწერლის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი და საინტერესოა, რამდენადაც მისივე გულწრფელი განცდებით, თანაგრძნობით, თანადგომითა და ტკივილად ქცეული სიყვარულითაა გაკეთილშობილებული~ ჭილაძე 2003ბ: 89).
სწორედ ეს, ტკივილად ქცეული სიყვარულია `გოდორის~ ნარატივის წარმმართველი.
`თუ კაცობრიობას დაღუპვა უწერია, ეს კაცის ხელით მოხდება და არა ბუნებისა~ (ჭილაძე 2003ა: 84). `სინამდვილე გაცილებით შემზარავი და შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის კალამს ძალუძს დახატოს~ (ჭილაძე 2003ა: 193). თუმცა, ოთარ ჭილაძის კალამმა შეძლო ეს.
რომანში თხრობა არ არის გაბმული, სწორხაზობრივი, ძირითადად ხდება ჩაღრმავება პერსონაჟთა სულში და მათი ფიქრის ნაკადების გადმოცემა.
რომანის დასაწყისში აზიის მეტაფორაა `ჩვილი ურჩხული~, რომელსაც, როგორც მომავალ საფრთხეს, `ნადიმებსა და ნადირობას გადაყოლილი ევროპა ვერ შეიგრძნობს. აქ თხრობაში იჭრება ე. წ. `ტექსტუალური წინასწარმეტყველებები~. ამ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ მომავალში აზიიდან კვლავ ახალი საფრთხე რუსეთიდან წამოვა. ამგვარი `წინასწარმეტყველებაა~ ელიზბარის სიზმარში ნანახი: ლიზიკო მაჯებს ისერავს, რაც რეალურად ასრულდება.
რომანში თხრობის სხვადასხვა პლანი მწერალს სჭირდება იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველო აღარ არსებობს. არის გეორაფიული სივრცე, მაგრამ როგორც სახელმწიფო, როგორც სულიერი ფენომენი-დაშლილ-დაქუცმაცებულია. მწერალს ამ პროცესის დასაწყისად მეთხუთმეტე საუკუნე მიაჩნია. ქართველები დასანახავადაც ვეღარ იტანდნენ ერთმანეთს, უკვე მოურიდებლად და გარკვეული სიამოვნებითაც გლეჯდნენ და აჩანაგებდნენ საერთო სამშობლოს, როგორც სვავები _ უპატრონო ვირის ლეშს: `მას მერე ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის,ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი...~ (ჭილაძე 2003ა: 8). მწერალი ვრცლად მოგვითხრობს ქართველთა მიერ საქართველოს გავერანება-გაჩანაგების ამბავს. მოგვითხრობს, ყველა როგორ იბრმავებდა თვალს, ანუ, თვალთმაქცობდა, სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც, რის გამოც, კიდევ უფრო კნინდებოდნენ, ირყვნებოდნენ, იხრწნებოდნენ ყველანი, დიდიან-პატარიანად, კიდევ უფრო მახინჯდებოდნენ სულიან-ხორციანად... ორ მეფეთაგან ერთი გაიძახოდა: მონა ღვთისა_ ყმა ხონთქრისაო, მეორს კი ერთი ხელი ირანის შაჰისთვის გაეშვირა, მეორე _რუსთ ხელმწიფისთვის და ერთნაირად მადლიერი იყო ორივესთვის, რამეს დაუგდებდნენ ზედ თუ დააფურთხებდნენ (ჭილაძე 2003ა: 9). მწერალი ილიასეული `მოყვარეს პირში უძრახეს~ პრინციპით, ტკივილით წერს, რომ ქართველი ალექსანდრე პირველის დაშლილსა და დაქუცმაცებულ ქვეყანას რუსმა ალექსანდრე პირველმა მოუყარა თავი იმპერიის ფაშვში, რათა მომავალში მხოლოდ იმპერიის უკანა ხვრელიდან მოვლენოდა საქართველო ქვეყანას... თავისთავად ცხადია, უკვე სხვა ნივთიერებად გარდაქმნილი~ (ჭილაძე 2003ა: 9).
მწერალი აღგვიწერს გარუსებულ ქართველობას, `რაზ, დვა, ტრის~ რიტმში ჩამდგარს. ასე რომ, ამ ნაწილში რომანის ნარატივი პუბლიცისტურია, ჯერ არ ჩანან კონკრეტული პერსონაჟები, საქართველოს ისტორიის ბედუკუღმართი ისტორიაა წარმოჩენილი. ამ შავბნელ ფურცლებზე ხანდახან გამოანათებს რომელიმე `შეშლილი~, მაგალთად დოსითეოზ ნეკრესელი, რომელსაც პერგამენტის ფურცელზე `მსხვილი, აცაბაცა ასოებით გამოჰყავს: `არა არს ტკბილი, ვით მამულის სიყვარულიო~ (ჭილაძე 2003ა: 11)
მწერალი საქართველოს წარმოაჩენს, როგორც შარაგზას, ათასი რჯულის ხალხი რომ ეტანება, მათ შორის, სამხედროები, პოეტები, დიპლომატები, ვაჭრები, ცნობისმოყვარენი, ფულისა და ხიფათის მაძიებლები მოგზაურები. და აქედანაც გაჰქონდათ თავიანი გონებისა და სულის შესაბამისად ლეგენდა, ჭორი, საქონელი., `ყველა თავისი ჭოგრიტითა და მონოკლით ათვალიერებდა ამ ახალ მიწას, `ველურ მხარეს~, ფინჩხივით გადაბერტყილს ღმერთის კალთიდან~ (12), ერთ-ერთი იყო თბილისში განწესებული საფრანგეთის კონსული შევალიე ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელიც თავის დღიურში იმ საქონელს აღნუსხავდა, რომლის გატანა დიდ მოგებას მისცემდა მასაც და მის ქვეყანასაც. მწერალი ამ დროისთვის საქართველოს მიიჩნევს მკვდრად, რომლის ქონებასაც კეთილსინდისიერად ინაწილებენ მტრებიცა და მოყვრებიც. კეთილად განწყობილი მოგზაურნი კი ამტკიცებდნენ, რომ `ქართველი ტომი უმშვენიერესი რომ იყო არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ მთელ ქვეყანაზეც~ (ჭილაძე 2003ა: 12).
ბატონი დიუმა კი მოეხიბლა მთის ფერდობზე გარინდული, კომბალს დაბჯენილი და ჩოხაშემოფლეთილი მწყემსის `ღთაებრივ გარეგნობას~, რომელსაც `დაგვიანებოდა ოლიმპზე ასვლა~ და თავის მწყემსურ ფიქრებში დანთქმულიყო. მწერალი სრულიად მოულოდნელად, არ აცდის მკითხველს ~აღტაცებას~ და მას `დაამიწებს~, მწყრალად გახლდათ ჭკუასთან და ბევრი არაფერი გაეგებოდა ქვეყნისო. სწორედ ამ მწყემსიდან იწყება რომანის მთავარი ოჯახის დაწყევლილი ისტორია. იგი ერთგვარი სახეა დაბეჩავებული საქართველოსი, რუსთხელმწიფის სამართლიანობისა რომ სჯერა, ვერ ირწმუნებს ცოლის ღალატს რუს ურიადნიკთან. არ არის გამორიცხული, თავს შეგნებულად ისულელებდაო, აღნიშნავს მწერალი და დაძენს: `თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია~ (ჭილაძე 2003ა: 15) მისი საეჭვო ნაშიერი კი გოდრიდან უცქერდა დედის გარყვნილებას. ერთ დღესაც მწყემსმა გაბედა და ჯერ მოღალატე ცოლი და ურიადნიკი დახოცა, მერე კი თავი მოიკლა. მისმა ნაშიერმა კი `სათავე დაუდო სრულიად ახალ მოდგმას, რომელიც თვითონვე თუ ამოჭამდა საკუთარ თავს, თორემ სხვა არავითარი ძალა არ მოიძებნებოდა მისი მომრევი~ (ჭილაძე 2003ა: 16). ეს იყო გოდრის კაცი –რაჟდენ კაშელი, რომელმაც ჯერ დედობილის გაუპატიურება სცადა და შემდეგ ავაზაკობა, გარყვნილება ხელობად გაიხადა. მადლიერმა ხელისუფლებამ მერე თაბაშირის ბიუსტიც კი დაუდგა სოფელში. ბოლოს ისე გაითქვა სახელი შეუპოვრობითა და დაუნდობლობით, სოციალ-დემოკრატებმა დაიამხანაგეს და პარტიულ Eღონისძებებშიც მიაღებინეს მონაწილეობა. ერთი დავალება ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობა იყო, ამგვარადაც ხაზი ესმებს მამის მკვლელობას. რუსეთში გადახვეწილმა მასავით თავზეხელაღებული კაზაკი ქალი შეირთო ცოლად. ამასობაში რუსეთში რევოლუციის სახელით სამეფო ოჯახი ამოხოცეს, იმპერია დაიშალა და გუბერნიებად დაყოფილი საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა, `ხოლო, ქართველთ ნოე პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაესვენა~ (ჭილაძე 2003ა: 20)A
მწერალი კვლავ პუბლიცისტური ნარატივით წარმოაჩენს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ნოე ჟორდანიას მიმართ,, რომელსაც აბრუებდა ძალაუფლება, `კეისრობა~ და ვერ იაზრებდა, რომ `მიმდინარეობდა იმპერიის საუკუნოვანი ექსკრემენტის ექსტრემალური ექსპერტიზა~ (21), მთავარია იცოდა, როგორი `საქართველოც რუსეთს უნდა, ისეთი უნდა მსოფლიოსაც~ (22). სხვები კი, მათ შორის ილია და მისი გვარისანი, `პატრიოტები არიან არარსებული ქვეყნისა~ (ჭილაძე 2003ა: 22), `სამშობლო დედის ძუძუი~ გაუგებარ სისულელედ მიაჩნია. მისი ფიქრი ამგვარად წარიმართება: `ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდსო...როცა გვეყუდნოდა, რატომ ავუტალახეთ კარი, არიქა, მიშველეო... ჩვენს ენაზე უნდა ვწიროთ და ვიგალობოთო... როცა წირავდნენ, შეისმინა უფალმა? როცა გალობდნენ, გაუგოთ ვინმემ?~. პრემიერ-მინისტრი ჟორდანია ახლა უფრო `ნათლად განუმარტავს ყველას, რატომ აღმერთებს გოეთეს და რატომ ემართება ალეგორიული კრუნჩხვები თავდი ჭავჭავაძის წიგნის დანახვაზე...~ (24 მწერლის ირონიული შენშვნით არა მხოლოდ მშობლიური ლანჩხუთი, არამედ მთელი საქართველო ჟორდანიამ საკუთარ მამულად აქცია..). და როცა ორჯონიკიძემ თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალა, პარიზში გაიქცა, რადგან `დაგვიანებული პატრიოტიზმის გამომჟღავნება იქ ნაკლებად სახიფათო იქნებოდა~ (ჭილაძე 2003ა: 27). ამასობაში კი რკინის კომისარს ერგო პატივი, საქართველოს სამწლიანი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაეკეთებინა განუსაზღვრელი ვადით და ამ ბინძურსა და სახიფათო ოპერაციაში მონაწილეობა მიაღებინა ჯიბიდან გავარდნილ მაწანწალებს, ბაზრის თაღლითებს, სადგურის ჯიბგირებს, გენეტიკურ ლოთებსა და მკველელებს (ჭილაძე 2003ა: 27).
აი, ამგვარი პრელუდია წაუმძღვარა მწერალმა რომანს, რათა მკითხველი შეემზადებინა შესახვედრად კაციჭამია ანტონთან, რომელიც 1921 წელს, თებერვალში, თბილისის დაცემის დღეს, მეთერთმეტე არმიის მებრძოლებს, რაჟდენსა და კლავას შეეძინათ. ანტონმა დაუდო სათავე კაშელების სისხლიან დინასტიას. შარაგზაზე გაჩენილმა ვაჟმა ეშმაკის ყველა ხელობა ზედმიწევნით შეისწავლა. ზღაპრებს ყვებოდნენ მისი სისასტიკის შესახებ, `ხალხის მტრებს~, კულაკებს, `ქართველ ნაციონალისტებს~ დაუზოგავად აწამებდა, ხოცავდა. სახელოვნად აგრძელებდა მამის საქმეს. მამამ კი ბავშვობაში, ვაგონში ჩახოცილ გვამებზე ახტუნავა `შიშის დასაძლევად~. `ეშშმაკი მამალი~ (როგორც შეარქვეს პირტიტველა ჯალათს) გაუგონარი სისასტიკით აწამებდა მოწინააღმდეგეებს. ცოლად თავადის ქალი შეირთო, ოღონდ ჯერ ქმარი და მამა დაუხოცა. ქეთუსია ძველი, კეთილშობილი საქართველოს სახეა, იგი ჯავახიშვილის მარგოს წააგავს `ჯაყოს ხიზნებიდან~, რიმელსაც ჯაყო, იგივე ანტონ კაშელი ეპატრონება. ეს რომანი, პირობითად, შეიძლება `ჯაყოს ხიზნების~ გაგრძელებად გავიაზროთ. რომ წარმოვიდგინოთ ჯაყოსა და მარგოს შვილის მომავალი ცხოვრება. რა მონსტრი შეიძლება გაზრდილიყო საქართველოზე ბოლშევიზმის ძალადობის შედეგად, ეს ჯავახიშვილმა 1924 წელს ამ რომანით იწინასწარმეტყველა. ოთარ ჭილაძემ კი ამ ურჩხულის ცხოვრება აღგვიწერა. ქეთუსიასა და ანტონის შვილი, რაჟდენი სწორედ ისაა, სწორედ რაჟდენმა უნდა შეურაცხყოს ოჯახის ღირსება და საკუთარი ვაჟის ცოლი, ლიზიკო, გაიხადოს საყვარლად. საგულისხმოა, რომ ქეთუსია არც ერთხელ არ არის ქეთევანი, ის ქართველი ქალის კნინობითი სახეა, ისევე, როგორც ლიზიკო, ფეფე... ქეთუსია მთელი სიცოცხლე სიკვდილს ეთამაშება, ყოველ წვეულებაზე თავზე მორჩილად იდგამს ღვინით სავსე ჭიქას, რომელსაც მთვრალი რაჟდენი ტყვის გასროლით ამსხვრევს.
რაჟდენ კაშელმა წინაპრების ნამუშაკევი ქონებით იოლად მოიპოვა სახელიცა და ძალაუფლებაც, შესაბამისად, შემოეხვია ფარისეველთა არმია, მისი ნასუფრალს დახარბებული. ქვიშხეთის აგარაკი, მისი მიწიერი სამოთხეა. სწორედ აქ გადაიკვეთება მისი და ელიზბარის გზები. მისი პრინციპია: `სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს~ (ჭილაძე 2003ა: 40). მას, რაც თავი ახსოვს, სულ თანამდებობის პირია, უნივერსიტეტში სწავლისასაც პარტიულ დავალებებს ასრულებდა, ამიტომაც, როგორც ირონიულად შენიშნავს მწერალი: `ბევრი ნაფტალინწაყრილი პროფესორ-მასწავლებელი მოწიწებით უხდიდა გაზინთულ შლიაპას~ (ჭილაძე 2003ა: 40). მწერლის აზრით, სწორედ კაშელებმა დაასამარეს საქართველო, `უფროსმა კაშელმა ერთხელ და სამუდამოდ აიღო თბილისი~(ჭილაძე 2003ა: 8643). `კაშელობა არა მარტო ყველაფრის ატანას, ყველაფრის ჩადენასაც გულისხმობს~ (ჭილაძე 2003ა: 57). კაშელობა, როგორც ჯაყოობა, გულიხმობს გამეორებას ოცდაერთისაც, ოცდაოთხისაც, ოცდაჩვიდმეტისას, ორმოცდათერთმეტისას, ორმოცდათექვსმეტისას და ასე შემდეგ... (ჭილაძე 2003ა: 58). რაჟდენმა 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანაში, უნივერსიტეტის ეზოში, მთელი ქვეყნის დასანახად დაწვა პარტბილეთი და მოინათლა. `ამ ორი უწმინდესი აქტით, კრემაციითა და ნათლობით, საკუთარი ხელისუფლება განიმტკიცა მხოლოდ~. ანტონი და ლიზიკო ახალ თაობას განასახიერებენ სიმბოლურად, ამიტომაც ორივე რაჟდენის ტყვეა. რაჟდენის მთავარი იარაღი კი ყოველგვარი ხერხით მათი დაშინებაა. რომანში არის რამდენიმე სიმბოლური ეპიზოდი, რომლებიც მიანიშნებენ ამ ტყვეობიდან თავდაღწევისაკენ გმირების სწრაფვაზე. მაგალითად, როდესაც ლიზიკო გადახტება მამამთილის მანქანიდან და უკანმოუხედავად გარბის გაუაზრებლად, მაგრამ მაყვლის ბუჩქებში გაიხლართება. აქ შეიძლება სხვა მინიშნებაცაა, თავის დროზე წმინდა ნინო მაყვლიანმა იხსნა, მაგრამ ლიზიკოს არ აქვს არც ღვთის რწმენა და არც ნებისყოფა, თუმცა თანდათან მაინც გადააბიჯებს ამ წინააღმდეგობებს და ჯანყს თვითმკვლელობის მცდელობით გამოხატავს. `ლიზიკოცა და ანტონიც თავისებური ჰომუნკულუსები არიან, პირველები, პიონერები, ხელოვნურად, ლაბორატორიული მეთოდით შექმნილნი საბჭოელი ალქიმიკოსების მიერ, იდეოლოგიის წითელი კვერცხიდან გამოჩეკილნი, რასაკვირველია, არც მთლად პატიოსანი მიზნითა და განზრახვით, თუმცა, მიზანი და განზრახვა უკვე ყველასთვის ნათელია: მათ უნდა მოუვლინონ ქვეყანას ახალი სახეობა კაშელისა, წინაპარზე საშინელი და უშთამომავლო _ ერთჯერადი ურჩხული _ არა მარტო ქვეყნის ამომჭამი, არამედ საკუთარი თავისაც. ანტონი ძმაც იქნება და ბიზაც საკუთარი შვილისა, ლიზიკო – დაც და მამიდაც... მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე~. (ჭილაძე 2003ა: 201)
ელიზბარი მწერალია, `აწ უკვე გადაშენებული მწერლების იმ სახეობას ეკუთვნის, რომლისთვისაც პროფესია განაპირობებს ცხოვრების წესს და პირიქით...~ (ჭილაძე 2003ა: 118). ყველაზე თავზარდამცემი მისთვის ეროვნული ღირებულებების გაუფასურებაა. მასა მის შვილს (თაობას) შორის უფსკრულია, აქეთ თვითონაა წარსულის სალოცავი ხატებითა და `ცა-ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტოთი~, იქით ახალი თაობა- სხვათა ფირუზებსა და ზურმუხტებს მიშტერებული. კოდალასავით აკაკუნებს მთელი დღე საბეჭდ მანქანაზე და არ ერევა ქვეყნის ცოდო-მადლში, ისიც იკეტება საკუთარ ნიჟარაში, არადა, შვილებს სწორედ ჩაკეტილი, დახშული სივრცეების დაძლევაზე ესაუბრებოდა, მაგრამ ეს მოჩვენებითი განდგომაა. ცხოვრება მიდის და მასაც ქარბორბალასავით დაატრიალებს, თან მოვლენათა ცენტრში მოაქცევს. ოთარ ჭილაძის აზრით, მწერალი ქვეყნის მარილია. შეიძლება მისი გავლენა საზოგადოებაზე პირდაპირ არ ჩანდეს, მაგრამ ის მაინც ღრმა კვალს ტოვებს. მწერალი ერთ წრილში ხატოვნად შენიშნავს, ყაზბეგის ფოთლისხელა მოთხრობიდან გამოვიდა მთელი ეროვნული მოძრაობაო (ჭილაძე 2003ბ:ბ). რომანში კაშელების, იგივე გოდრის, იგივე დემონური დინასტიის დამარცხებაში მას მიუძღვის ლომის წილი. მისი გავლენით გაუჩნდა ანტონს თავისუფლების წყურვილი. არც ის არის შემთხვევითი, რომ ყმაწვილობაში ანტონიც წერდა ლექსებს, სანამ მამა, სახე საბჭოური ყოფიერებისა, დაუმახინჯებდა და ჩაუკლავდა სულს. ასე რომ, მისი გული, დემონური და ღვთაებრივი ძალების შერკინების ასპარეზია, მართალია, ის ფიზიკურად იღუპება, მაგრამ მისი თესლი გადარჩება. ელიზბარს არაერთხელ გაუვლის ფიქრი ემიგრაციაში წასვლისა, გაქცევისა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადასადგმელად გაბედულება არ ჰყოფნის და არც გარემოება უწყობს ხელს, ამიტომაც მისი გაქცევა სიზმარში ტრანსფორმირდება სიმბოლოებად: სადღაც დასავლეთში, ხალხით სავსე მოედანზე იგი საშინელ ტახის სახით მოვლენილ რაჟდენს შეერკინება და დაამარცხებს. მაგრამ `კაშელი პიროვნება კი არა, სისტემაა, გნებავთ ზღაპრული დევის თავი _რამდენჯერაც უნდა მოკვეთო, მაინც ამოვა, ზუსტად ისეთივე და თანაც ახალი~ (ჭილაძე 2003ა: 187). ელიზბარს სიზმარში ცოლი მიმართავს, როგორც ელიას. აქ მწერლის მინიშნებაა, მწერალი წინასწარმეტყველია, რომელიც ერის გადაგვარების საფრთხეზე მიანიშნებს...
ამავე სიზმარში არის მინიშნება ანტონის `გაფრენაზე~ ცისკენ, რაც მამის, ე.ი. ცოდვის ტყვეობიდან თავდახსნასა და ხორციელ სიკვდილზე მიანიშნებს.
რომანში აქცენტირებულია რამდენიმე გმირის სულიერი სამყარო, მაგრამ ისინი ირეკლავენ და გამოხატავენ ეპოქის სულს, ქვეყნის ბედს და, საზოგადოდ, ცხოვრების კანონზომიერებებს.
ცხოვრებას მწერალი წარმოაჩენს, როგორც გზაზე მიმავალ მარადიულ ჭრელ ძროხას: `მისთვის დრო არ არსებობს. ხამურაბისა და ასურბანიფალის ბოსლებშიც უცოხნია გულგამომპალი ჩალა, ტუტანხამონის ქელეხშიც დაუკლავთ. მისი ყვითელი, ქაფიანი ნერწყვითაა მორწყული ევრაზიის, ამერიკის, აფრიკისა თუ ავსტრალიის თალუწვდენელი ველ-მინდვრები... მისი რძით გამოზრდილი თაობები, უკვე ათასნარ მინერალად გარდაქმნილნი, ფენა-ფენა წვანან დედამიწის წიაღში...~ (ჭილაძე 2003ა: 151) თუმცა, აფხაზეთის ომის დროს, ეს ძროხა კვდება. მარადმედინი ცხოვრებისთვის სულერთია საქართველოს ბედი. ქვეყანა კი `მოკლული~ და არა ჩანს მისი აყროლებული ცხედრის აღმდგენი. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მიხვდა ანტონი, რომ `მისი სამშობლო კი არ მოკვდა, ნაადრევად და უდროოდ, არამედ მოკლეს და კვალის მოსასპობად, წიგნის შახტში ჩააგდეს. იქ გდია, ფსკერზე, დასახიჩრებული, მრავალგზის ნაღალატევი და ყველასგან ერთნაირად განწირული~ (ჭილაძე 2003ა: 163).
ანტონი მხოლოდ მამის მკვლელობის (რეალურად თუ წარმოსახვით, ამას მნიშვნელობა არა აქვს), მიხვდა, თუ რატომ ვერ იტანს მონა თავისუფლებას `თავისუფლება მონობას ართმევს, მონობა კი საშუალებას აძლევს, რამდენიც უნდა, იმდენი იოცნებოს თავისუფლებაზე~ (ჭილაძე 2003ა: 171).
რაჟდენის მოკვლა ნიშნავს მისი დროის ამოწურვას, მის მიერვე საკუთარი თავის ამოჭმას. მისი მკვლელობით უნდა დამთავრდეს საუკუნოვანი გზა გოდრიდან გამოჩეკილი მატლისა, ამდენად ეს კანონზომიერია. (ჭილაძე 2003ა: 184.)
რომანის ნარატივის თავისებურებაა სიმბოლოები. უცნაური მუმლით არის სავსე გარემო. ყველანი მუმლის მტვერში არიან ამოგანგლული. ეს მუმლი ერის დაცემულ ზნეობას მატერიალურად გამოხატავს. ცნობილი ხალხური ლექსის სტრიქონებს ანტონი ხშირად უკუღმა იმეორებს: ამის ნაცვლად `მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა:O`ილმუმ ასახუმ სრაგ ადოევხე~, ეს კი ზუსტად გამოხატავს ქვეყნის აბსურდულ მდგომარეობას. გამოუვალობისა და უსაშველობის შეგრძნებას, ყველაფერი გაუფასურებელია და, მათ შორის, უპირველესად სიტყვა, ეს კი ქვეტექსტით ღვთის უარყოფას გულისხმობს.
ადამიანთა ყოფას უპირისპირდება ბუნება (გვ. 296), სანგარში ზის ელიზბარი, კოდალას არ აინტერესებს, რა ხდება: არაფერიც არ ხდება, რაც უკვე არ მომხდარა და რაც კიდევ არ მოხდება.
ერთ ეპიზოდში ელიზბარს კალთაში მკვდარი ანტონი უწევს. მწერალი მას რეპინის ივანე მრისხანეს ადარებს, ესეც ~შვილისმკვლელია~, მასავით თვალებგაშტერებული ზის `სამარესავით დადუმებულ სანგარში ცოცხლად დამარხული. სანგარიც ჩაკეტილი სივრცის სიმბოლოა.
ადამიანი არ უნდა შეეგუოს თავისუფლების დაკარგვას, ამიტომაც რომანის ბოლო ფრაზა იმედითაა გამსჭვალული: `ლიზიკომ თვალი გაახილა~. ლიზიკო ერთ-ერთი `მამის მკვლელი~ პერსონაჟია, მაგრამ მხსნელის პოტენციური მომავლინებელიც. ამიტომაც გადაარჩენს მას ავტორი, როგორც სამყაროს, Mმშობლის სიმბოლოს, ევას, იგივე ცხოვრების, მარადქალურობის პარადიგმას. თვალის ახელა ნიშნავს, ტანჯვის გზით სულიერი ჭვრეტის უნარის მოპოვებას. მწერლის აზრით, სწორედ ქალია სიცოცხლის საყრდენი: `ვიდრე ქალი მშობიარობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალის წინაშე წყალბადის ბომბიც უძლურია~ (სიცოცხლისთვის). (ჭილაძე 2003ბ: )
`მე პროფესიით მწერალი ვარ და, ამდენად, ოპტიმისტიც. უფრო სწორად, არც კი წარმომიდგენია უადამიანოდ დარჩენილი სამყარო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, მოდით, დროულად შევუდგეთ (ვისაც როგორ შეგვიძლია), ადამიანის სულის ხელახლა განაშენიანებას, ხელახლა ჩავყაროთ სიკეთის, სიყვარულის, სათნოების ტყეები, რათა ხვალ და ზეგ სულის აღდგენილ ქანებს კვლავ დაუბრუნდეთ თესლის მიღებისა და აღმოცენების უნარი~ (ჭილაძე 2003ბ:)
ოთარ ჭილაძის მთელი შემოქმედება `ადამიანის სულის ხელახლა განაშენიანების~ დასტურია.


დამოწმებული ლიტერატურა

ჭილაძე 2003ა: ჭილაძე ოთარ, `გოდორი~, გამომცემლობა: `რუსთავი 2 პრინტი~, თბ. 2003
ჭილაძე 2003ბ: ჭილაძე ოთარ, ბედნიერი ტანჯული (ესე, პუბლიცისტიკა, ინტერვიუ), გამომცელობა `ლოგოს პრესი~, თბ. 2003


დაბეჭდილია ჟურნ. „კრიტიკაში“, #5, 2010 წელი

1 comment: