Translate

Thursday, December 16, 2010

ავტორის ნიღაბი (დემნა შენგელაიას 'სანავარდოს'მიხედვით)

მაია ჯალიაშვილი


ავტორის ნიღაბი

(დემნა შენგელაიას 'სანავარდოს'მიხედვით)


დემნა შენგელაია ყურადღებას იქცევს, როგორც მეტად თავისებური მთხრობელი. ეს თავისებურება მჟღავნდება `სანავარდოს~ ერთიან კომპოზიციურ სტრუქტურასა თუ ცალკეულ ფრაგმენტებში.
მწერლის, როგორც მთხრობელის ნიღაბი რომანში რამდენჯერმე იცვლება და ეს ქმნის ფანტასმაგორიულობის განცდას. თავდაპირველად ეს ნიღაბი რეალისტი მთხრობელისაა, შემდეგ მეზღაპრის ნიღაბს ირგებს (განსაკუთრებით თავში, რომელსაც ჰქვია `ქვა უშვილობისა_სულეიმანი~), თითქოს მწერალიც იქცევს თავს ნიღბების ამ თამაშით და მკითხველსაც აიძულებს, გამუდმებული ყურადღებითა და დაძაბულობით მიადევნოს თვალი ამ ცვალებადობას.
საგულისხმოა, რომ ის ხშირად თავის პერსონაჟებთან დიალოგში შედის არა როგორც მთხრობელი (ამის სახელდახელო მაგალითად შეიძლება `კაცია_ადამიანი?!~ გავიხსენოთ, სადაც მწერალი ხშირად ესაუბრება, ერთი მხრივ, ლუარსაბს, მეორე მხრივ, მკითხველს), არამედ როგორც მეორე პერსონაჟი. მაგალითად, რომანში მომაკვდავ ციცინოს ჭინკის ნიღბით ევლინება მთხრობელი და ეუბნება: `ხედავ, თქვენი სოფელი წყდება! თქვენც გაწყდებით, გაპარტახდება ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერია, სამაგიეროდ მოვა წვივმაგარი ხალხი და ახლა ისინი დაწერენ ახალ მატიანეს.~
რომანში წარმოჩენილი აპოკალიფსური სურათების დასახატავად მწერალი იყენებს, როგორც სურათოვან, ასევე დრამატულ თხრობას. გვხვდება პანორამული მიმოხილვებიც. ზოგიერთი ეპიზოდი წმინდა დრამაა. ძირითაად კი მთხრობელის ნიღაბი გულისხმობს ყოვლისმცოდნე, ყველგანმხედ კაცს, რომელმაც იცის თავისი პერსონაჟების წარსული, აწმყო და მომავალი.
ნიღაბთა ცვალებადობა და თხრობის მრავალსახეობა მწერალს სჭირდება იმისთვის, რომ რომანში წარმოჩენილ ამბებს სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭოს. ეს ხომ უპირველესად სიბოლისტური დრამაა, დრო_სივრცის მოდერნისტული აღქმითა და `გადალაგებით~. ყარამან ჭილაძის ოჯახის ტრაგიკული გადაშენების საფრთხით, ბონდო ჭილაძის უნაყოფობით მწერალი ხომ ღვთისაგან მიტოვებული სამყაროს დაშლა_რღვევას წარმოაჩენს. მითოსური სიბრტყეები თუ ზღაპრის განზომილებანი იმისთვის სჭირდება მწერალს, რომ კონკრეტული მოვლენის საზღვრები გააფართოვოს. სიზმრისა და სიცხადის მონაცვლეობა კი თითქოს თავისთავად იწვევს თხრობის სასურველ ფორმას.
ერთი შეხედვით,მწერალი გვევლნება ე.წ. ოლიმპიელ მთხრობელად. რომელიც მესამე პირში აღგვიწერს მოვლენებს და თვითონ არ მონაწილეობს, როგორც პერსონაჟი. მიუხედავად ამ მოჩვენებითი `მესამე პირობისა~ და გულგრილობისა, მკითხველი გრძნობს, რომ მთხრობელი თითქოს რიგ_რიგობით ირგებს ყოველი პერსონაჟის ნიღაბს. აქ მისი თვალებით დანახული სამყაროა, რომლის ხმასაც ვისმენთ, რომლის თვალებით აღქმულ ფერებსაც ვხედავთ და სუნსაც შევიგრძნობთ.
`სანავარდოს~ მთხრობელი საერთოდ ძალიან ახლოს მიდის საგნებთან. ამ თვალსაზრისით, მას უყვარს ახლო ხედები, როცა წვრილმანები აღარ არსებობენ. ასე რომ, ხშირად ირღვევა რეალისტური პერსპექტივა, თუმცა ამით ამბის გადმოცემა არ ბუნდოვანდება და ნებისმიერი ეპიზოდი გასაგებია.
ხანდახან რომანის მთხრობელი მხოლოდ მხატვრის ნიღბით რჩება და ქმნის ფერწერულ ტილოებს. ასე იხატება შთამბეჭდავი პეიზაჟები საავარდოსი თუ ცალკეულ პერსონაჟთა პოტრეტები. მაგალითად: `ცა ლურჯ კათხასავით ახურავს სერებს და ზედ გადმოკიდებული მწიფე ბროწეულივით გადაფატრული მზე ფანტავს სისხლისფერ ლალებს.
იისფერი ვენახი ეტმასნება პიტალო კლდეებს და ქარვის ტკბილი მტევნებითაა დატვირთული მისი ლერწები.
ყურის სიღრმესავით არის გარინდებული ყველაფერი.
დაყურსულა ჰაერი და დრო წუთით შეისვენებს ოქროს სერებზე.
ივსება ყველაფერი...
გველთა ზმორებით იტვირთება მიდამოები~.
ეს მსუყე, ჭახჭახა ფერები თრგუნავენ წარმოსახვას და იწვევენ საფრთხის შეგრძნების გამძაფრებას. რაღაც უნდა მოხდეს სასტიკი და შემზარავი. `ბნედაშეპყრობილი მზე ცოფს აყრის დედამიწას~. `დიდი გველი სანავარდოზე და მისი ჩრდილი გადააწვება ყარამანის ოდას~. ყველგან გველის სუნი დგება.
რომანში ამგვარად წარმოჩნდება სამყაროს, სულიერების კრიზისი. ეს არის `ჟამი ზაფხულისა~, რომელსაც მოჰყვება ზამთარი. `ჟამსა ზაფხულისასა...~_ვიცით, რაც მოხდა საუკუნეთა წინათ ქვემო ქართლის საპიტიახშოში. იაკობ ცურტაველმა მოგვითხრო ბოროტების შემოტევის შესახებ, მაგრამ მაშინ ყოველივე სინათლის გამარჯვებით დასრულდა. XX საუკუნის ოციანი წლებისთვის სინათლის რწმენა ჩაფერფლილია, ამიტომაცაა, რომ რომანი ნგრევითა და რღვევით მთავრდება. მალარია, როგორც დამღუპველი სენი კაცობრიობის სულიერი ავადობის გამომხატველი, ყოველივეს მოსდებია_ადამიანსაც, მიწასაც და ზეცასაც. ამიტომაცაა მწერლის თხრობა ასეთი დრამატული, აძაგძაგებული, ნერვიული, ამიტომ არის რომანი სავსე ათასგავარი ხმებითა და რიტმებით. ასე რომ, მთხრობელი ხან მუსიკოსის ნიღბით გვევლინება და გვთავაზობს სიტყვებით შექმნილ ჯაზურ კომპოზიციებს. როგორც გრიგოლ რობაქიძე წერს `ფალესტრაში~: `ორკესტრში თითქო ხან მხეცი ბღაოდა დაკოდილი, ხან კი პირველი კაცის ხმა ისმოდა, რომელმაც ცეცხლი აღმოაჩინა. შეამჩნია ხაზები: პოლიტონალური და ატონალური, ერთდროული ხმიერება მინორული და მაჟორული აკკორდებისა მეოთხედ ტონებთან~. `მიწის სიხალისე და ავხორცობა. ხანდახან ამ სიხარულში სევდა შემოიჭრებოდა: სიმღერა `ბლიუზ~_მელანქოლიური სუნთქვა დიდი ქალაქების, იშვიათი, მაგრამ ფიცხელი და ბასრი. აქ მელოდია გატიტვლებული გამოდიოდა, რომელსაც არხევდა თუ არწევდა უცნობი რიტმიული ხაზი, ოდნავ კვეთილი და წამახული... დისონანსები პასაჟებში, ორნამენტაციები, ასხვავებანი, დანელებანი, დასქელებანი, ტემბრები, თამაში კონტრასტების და იმავე დროს: მელოდიური სურათის საოცარი რელიეფი, სასტიკი რკვეულობა და კვეთილობა, დაძაბული და დაოკილი კლაკნილი და ხვეული, ლითონური მთლიანობა~.
მთხრობელი იშვიათად, მაგრამ მაინც აკეთებს კომენტარებს აღწერილ ამბებზე და უფრო იშვიათად ამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას მოვლენებისადმი. მაგ. როცა ჰყვება, რომ ყარამანის ერთადერთი ვაჟი ბონდო წამოიზარდა, იქვე დასძენს: `მეტი არ აჩუქა ღმერთმა, მისი სახელის ჭირიმე!~.
მთხრობელი ხანდახან მიენდობა ხოლმე პერსონაჟებს, რომელთა დიალოგებითაც ვითარდება და წარმოჩნდება მოვლენები, მაგრამ უფრო ხშირად წინა რიგში მაინც მთხრობელია და ჰყვება იმას, რაც კვლავ შეიძლებოდა დიალოგთ გადმოცემულიყო.
`მას უხაროდა მოსკოვზე ლაპარაკი.
იგი თვითონ იქიდანა რის.
მის წინ ნათლად გამოიხატა: კიტაი_გოროდი, კრემლი, ტალკუჩკა, ორმოცთა_ორმოცი
აიდგა სკაპეცმა ენა და გაიბა ხელჩართული ბაასი~
რომანის მთხრობელი ხშირად იფარებს მოთამაშის ნიღაბს და ასე აგებს კომპოზიციას. საგულისხმოა, რომ მთელი რომანი ზღაპრის სქემით არის შეკრული. პირველ კარს ეწოდება `უბედურად დაწყებული ამბავი~, სადაც ვეცნობით ჭილაძეთა გვარის ისტორიას, საგვარეულო სენსა და დახაშმულ სანავარდოს, ბოლო კარს კი ჰქვია `ფეფელო ქადაგი და აქა დასასრული უბედურად დაწყებული ამბისა~. ამგვარი დასაწყის_დასასრული კი მხატვრული ქსოვილის სიმტკიცეს განაპირობებს.
საგულისხმოა, რომ მთხრობელი ამბის შესაკრავად იყენებს წვიმასაც. მეორე კარი `ზამთრის წილადობილა~ იწყება წვიმიანი სურათით: `წვიმები... წვიმები... წვიმები...~, მერე მთელი რომანის განმავლობაში წვიმს ძალიან ხშირად, რაც ამძაფრებს სიცარიელისა და სიცივის შეგრძნებას, გაუცხოებას და მარტოობას. ეს წვიმა შეიძლება გლოვად, განწმენდისაკენ მისწრაფებადაც აღვიქვათ. ზეცა თითქო მზად არის მიწის, ადამიანების საშველად, მაგრამ, სამწუხაროდ, სინანული შორსაა და სანავარდოს გადარჩენის გზა არ მოჩანს.
მთხრობელი ხანდახან მემეატიანის ნიღაბსაც ირგებს და ისტორიაში ჩაღრმავებით წამოშლის სურათებს, რომელთაც თან ახლავთ, ერთი მხრივ, წუხილი გარდასულის გამო და, მეორე მხრივ კი, პათოსი გადარჩენისა: `არ გადავშენდებით~.
მთხრობელი ხანდახან რომანის რომელიმე ფრაზას ტვირთავს განსაკუთრებული მნიშვნელობით. მაგალითად, პირველ კარში გვხვდება ასეთი ფრაზა: `ეძება, ეძება, მაგრამ ვერ იპოვნა~. ეს ზღაპრისეული ინტონაცია არა მხოლოდ ცალკეულ პერსონაჟთა ცხოვრებისეულ უკმარისობას გამოხატავს, არამედ, უპირველესად, თვითონ ავტორისას. ეს ფრაზა თავის `თამაშს~ წამოიწყებს რომანში და მთელ ტექსტს ჩაითრევს და საბოლოოდ გაიშლება, როგორც დაკარგული `ღვთაებრივი სამოსელის~ვერ პოვნით გამოწვეული ტრაგედია. ეს ვერპოვნა (რეალურ პლანში ბონდო ჭილაძე ვერ პოულობს სიყვარულს, საყრდენს, საშველს, ცხოვრების საზრისს...) ერთგვარ კონტრასტს ქმნის იმასთან, რაც მოიპოვება ტანჯვისა და მსხვერპლის ფასად (მწერალი ამ შემთხვევაში მოიხმობს მითოსს იშთარისა და თამუზის მიჯნურობის შესახებ).
საგულისხმოა, რომ რომანის მთხრობელის სტილი ხაზგასმულად მეტაფორულია, ხატოვანი და რიტმული, იმპრესიონისტული მანერისა. ექსპრესიონიზმი აქ უფრო შინაგანია და სულში გადატეხილი და ამგვარად `ტრანსფორმირებული~ სამყაროს ასახვით მჟღავნდება. მწერალი ხშირად ძუნწად, ერთი_ორი შტრიხით მოხაზავს სათქმელს და მაქსიმალურად კუმშავს და წნეხს ამბებს. თითქოს სურს შექმნას უჰაერობის, სუნთქვა შეკრულობის განცდა, რასაც აღწევს კიდეც. რომანის მეთოთხმეტე კარი, რომელსაც `შეცხადება ~ ჰქვია, სულ ათი სტრიქონისაგან შედგება_ასე რომ, ხშირად მკითხველს ექმნება განცდა, თითქოს კითხულობდეს არა რომანს, არამედ ერთგვარ ლირიკულ პოემას.
რომანის მთხრობელის ტონი ხშირად ირონიულია და მსუბუქი. ერთგან, როდესაც აღწერს პროფესორს, უცებ მას წარმოაჩენს, როგორც თუთიყუშს, რომელიც `მსჯელობდა მეტაფიზიკურ სამყაროზე, ამბობდა ემპირიაზე. დიალექტიკა, საგანი თავისთავად, მერე ჩვენთვის, მერე კიდევ ვიღაცისთვის, ღმერთი და ასე... განა ცოტა რამაა სალაპარაკო~. მეტაფიზიკა ფსევდოსწავლულებმა აქციეს უბრალო სალაყბო თემად და დროის უაზრო ფანტვის საშუალებად.
მთხრობელს უყვარს კონტრასტები, არა მხოლოდ მუსიკალური და ფერწერული, არამედ აზრობრივი. ხანდახან ისე რთულდება ჩანაცვლებანი სხვადასხვა პერსონაჟთა, მითიური, რეალური, ზღაპრული სიბრტყები ისე ეხლართება ერთმანეთს, რომ წმინდა გომბეშო ერთდროულად ფრეილინაც არის, მზეთუნახავიც, იშთარიცა და ხათუნაც. ეს კი ფანტასმაგორიულობის განცდას ამძაფრებს.
`მატირლები გადასარევად ტიროდნენ~,-მთხრობელ აქ თვითონაც ვერ იკავებს არამცთუ ღიმილს, არამედ სიცილს და ყოფის ტრაგიკულობაც წამიერად დაიძლევა. მწერალი სიცილისა და ტირილის საზღვრებს ერთმანეთში `ურევს~ და ამგვარად ინარჩუნებს თხრობის მთელ მანძილზე მაღალ ემოციურ განწყობილებას.
დემნა შენგელაიას რომანის მთხრობელს უყვარს მკითხველის ერთგავრი დაინტრიგებაც, როდესაც მოსალოდნელ აზრობრივ განვითარებას მოულოდნელი კუთხით აბრუნებს. მაგალითად, ერთგან კნიაჟნაზე წერს: `მას უყვარდა ყველაფერი ნათელი~ და მოსალოდნელი ამაღლებულობის ნაცვლად ყოველივეს ამიწებს და ავულგარულებს. ეს `ნათელი~ ამ შემთხვევაში მხოლოდ ირონიის საგანია, რადგან კნიაჟნას უყვარს, მაგალითად `ვერსალის ბროლის გრაფინები, კარგად დაუთოვებული და გახამებული საცვლები, თეთრი კედლები, ფრაჟეს სამოვარი, მელქიორისა და სევრის ჭურჭელი და ლაპარაკი იმაზე, რაც ყველასთვის ნათელი იყო და ნაცნობი~.
მთხრობელის ნიღბის თავისებურებანი დემნა შენგელაიას `სანავარდოს~ მიხედვით, რასაკვირველია, ამით არ ამოიწურება. რაც ახლა მოგახსენეთ. ვფიქრობთ, მხოლოდ შტრიხებია ჩვენთვის მეტად საინტერესო და საგულისხმო თემისა.




Mაყა ჟალიასჰვილი

Aუტჰორ`ს მასკ

(Eცცორდინგ ტო Dემნა შჰენგელაია`ს `შანავარდო~)

Dემნა შჰენგელაია ის ა ვერყ ინტერესტინგ ნარრატორ. Iნ ტჰის რესპეცტ ტჰერე არე დიფფერენტ აუტჰორ`ს მასკ ინ ჰის ნოველ `შანავარდო~. თჰე წრიტერ ის ცჰანგინგ სტილე ოფ ნარრატიონ ინ ტჰე ტეხსტ ანდ რეადერ ჰას ა სენსე ოფ ფანტასმაგორია.


No comments:

Post a Comment