Translate

Sunday, December 26, 2010

ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან
დაიბეჭდა:http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1900#more-1900
დეკემბერი 1, 2010 on 11:02

გიორგი კილაძე: ქალბატონო მაია, თქვენი ლიტერატურული და არა მარტო ლიტერატურული CV
მაია ჯალიაშვილის CV: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. გამოცემული აქვს მონოგრაფიები: სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი (1994), ქართული მოდერნისტული რომანი (2006), წიგნები: ”სიცოცხლის საიდუმლო” (ლიტერატურული წერილები) (2006), შეხვედრა წიგნში (ლიტერატურული წერილები) (2009). სერიიდან: ”ქართველი მწერლები სკოლაში: მიხეილ ჯავახიშვილი (ორ ნაწილად) (2000, 2008), გიორგი ლეონიძე (2001), ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი (2002), ალექსანდრე ყაზბეგი (ორ ნაწილად) (2004),ილია ჭავჭავაძე(ორ ნაწილად); (2007), გრიგოლ რობაქიძე (2009).
ავტორია ორი პოეტური კრებულისა: ,,დუმილის’ მიღმა’’ (1996); ,,გულის ბარძიმი’’ (ამ კრებულში, პოეზიასთან ერთად დაბეჭდილია მოთხრობები, რადიოპიესები, იგავ-არაკები, დღიურები (2009).
რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა მაია ჯალიაშვილის სამი რადიოპიესა დადგა საქართველოს რადიოში: 1. ,,ფლამინგოები ჯოჯოხეთში’’, 2. ,,საუზმე ბეღურებისთვის’’, 3. ,,პარალელური ხაზები’’.
გიორგი კილაძე: რას ფიქრობთ ზოგადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე: პოეზია, პროზა, თარგმანი, ესე… რომელი მწერლების ნაწარმოებები დაგამახსოვრდათ ყველაზე უფრო და რატომ?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიან საინტერესოა. ის ისეთივე ეკლექტური და მრავალსახოვანია, როგორც ცხოვრება. ‘იცხოვრო, რათა მოჰყვე’’ _ ასე უწოდა მარკესმა თავის ბოლო წლებში შექმნილ რომანს. ჩვენშიც ბევრია ისეთი, ‘მოყოლა~ რომ უყვარს, თუმცა ზოგს გამოსდის, ზოგს _ არა. ამ საქმეში გამოცდილი და დაოსტატებული, რასაკვირველია, ძველი თაობაა. თუმცა მწერლობაზე საუბრისას ძველი და ახალი თაობა რა სახსენებელია. მხოლოდ ძლიერსა და სუსტზე შეიძლება ილაპარაკო. ‘თანამედროვეობის’’ ცნებაც პირობითია, ჩემი აზრით, მინიმუმ ათი წლის ხანა მაინც უნდა იგულისხმო, რომ რაღაც ტენდენციები გამოკვეთო. ბოლო ათწლეულში, ან, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებულ ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშებს შორის დავასახელებ ოთარ ჩხეიძის რომანებს: ‘2001 წელი’’, ,,მორჩილი’’, ,,ლაზერშოუ’’, ოთარ ჭილაძის ,,გოდორს’’, გურამ დოჩანაშვილის ,,ლოდი ნასაყდრალს’’, ნაირა გელაშვილის ,,პირველი ორი წრე’’, ზაზა თვარაძის ‘სიტყვებს’’, ლაშა იმედაშვილის ‘ბოგრაფიებს~, ზურაბ კანდელაკის ,,უძრავ ქარს’’, ზურაბ ლავრელაშვილის ‘მღვიძარებას’’, ნინო სადღობელაშვილის ‘ორსულს’’, დავით ქართველიშვილის ,,იყო საღამო, იყო დილა’’ …. ვხედავ, ჩამოთვლა შორს წამიყვანს, ამიტომ მაპატიონ იმ მწერლებმა, რომლებიც ვერ დავასახელე. საგანგებოდ გამოვყოფ 2010 წელს გამოცემულ ბესიკ ხარანაულის ,,ეთნოფილურ’’ რომანს ,,სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა’’ (იწერებოდა სამი წლის განმავლობაში). ეს არის 500-ზე მეტ გვერდიანი საგა კავკასიაზე, ეს არის დიდი პოეტური წიგნი, რომელშიც ყველაფერია _ სიცოცხლიდან სიკვდილამდე, წუთისოფლიდან ზესთასოფლამდე. ის ზუსტად ასახავს დროის მაჯისცემას თავისი ეკლექტურობით, ფრაგმენტულობით. მთავარი გმირი ნაგავსაყრელზეა (რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის სიმბოლოა) დაკარგული და მას მამა აღარ დაეძებს, ის ,,უძებნია’’, ბიბლიური ,,უძღები შვილი’’ მწერალმა გადააქცია ,,უძებნად’’ და ამგვარად ადამიანის ღვთისგანმიტოვებულობის ტრაგედია შთამბეჭდავად დახატა. ეს წიგნი არის საქართველოს მთის გენიალური ფოკლორის თავისებური საგალობელი.
ოთარ ჭილაძე წერდა: ,,მწერლობის დონე, შეიძლება ერთმა მწერალმა ასწიოს, მაგრამ უწიგნურსა და უკულტურო მასას საუკუნეები სჭირდება, ხელახლა რომ შეისწავლოს ანბანი’’. ასეთი კარგი ,,ერთი’’ მწერალი კი ჩვენ დღეს რამდენიმე გვყავს.
ყურადღება მიიქცია როსტომ ჩხეიძის ამ ბოლო წლებში შექმნილმა ბიოგრაფიულმა რომანებმა: ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ,,შავი ჩოხა’’, ოთარ ჩხეიძეზე ,,აგვისტოს შვილები’’, არჩილ ჯორჯაძეზე ,,წერილები იტრიის წისქვილიდან’’, ელიზბარ ერისთავზე ,,მდინარესა ზედა ქსნისასა’’… გივი ალხაზიშვილის მხატვრულ-დოკუმენტურმა პროზამ ,,მომავალი წარსული’’.
ლექსის მწერლები ყოველთვის მრავლად იყვნენ საქართველოში. არც ჩვენი დროა გამონაკლისი, თუმცა, აქ უფრო ძნელია საუკეთესოს გამორჩევა, თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საკუთარი ხმით კვლავაც გვაღელვებენ ლია სტურუა, გივი ალხაზიშვილი, ბესიკ ხარანაული, ვაჟა ხორნაული, ტარიელ ხარხელაური. ახალთაგან: გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, დალილა ბედიანიძე, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, გიორგი კეკელიძე… აქაც გრძელი სია გამომივა სახელებისა, ამიტომ მაპატიონ მრავალწერტილში ნაგულისხმევმა პოეტებმა, რომელთა შემოქმედება აძლიერებს თანამედროვე ქართული პოეზიის სასიცოცხლო მაჯისცემას.
ესეს ჟანრში გამოვყოფ მაკა ჯოხაძის წიგნს ,,სამოთხე უსიყვარულოდ’’. მისი ესეისტიკა საოცრად დახვეწილი და ნატიფია. მისი სტილი ხაზგასმულად პოეტურია. ის არის სიტყვის პატივისმცემელი. ის პოეტივით არჩევს გამოხატვის ფორმას, ნებისმიერ თემაზე წერისას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ფიქრები ლიტერატურაზე, მისი ინტერპრეტაციები. თუ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე მეთოდზე, რომელიც მას მომარჯვებული აქვს ამა თუ ნაწარმოების ანალიზისას, ეს არის სიყვარულის მეთოდი და ესთეტიზმი. ის ოსკარ უალდივით კითხვას განიცდის, როგორც ერთგვარ ,,ინიციაციას’’, როდესაც ეზიარები ამაღლებულსა და ღვთაებრივს. ამ წიგნს აღვიქვამ როგორც დილის სუფთა, ჟასმინისა თუ იასამნის სურნელით გაჟღენთილ მათრობელა ჰაერს, რომელიც გიბიძგებს ღრმად ისუნთქო, ფილტვები დაბერო ნაძვის ტოტებიდან მოქროლილი ჟანგბადით და იცოცხლო, იცოცხლო და მტკიცედ, იმედით შეხვდე ცხოვრების ზღვის დამაქცევარ ტალღებს, იმიტომ, რომ თუ ფიქრობ სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულზე _ აუცილებლად გადარჩები.
მაკა ჯოხაძე მაგონებს სახარების პერსონაჟს მარიამს, ლაზარეს დას, ტკბილ იესოს ყურმიგდებულს, თავმდაბალსა და სიკეთით სავსეს. ლაზარე ხომ ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციით, საქართველო, ან ქართული ენაა, იოანე ზოსიმე რომ ბრძანებდა, `დამარხული~, მაგრამ მოელის აღდგომას, ამისთვის კი მას გვერდით უნდა ჰყავდეს ისეთი და, შემწე და მშველელი, როგორიც მარიამია. ასე უფრთხილდება თავის ცხოვრებითა და წიგნებით მაკა ჯოხაძე საქართველოს.
ქართველები ყოველთვის გატაცებითა და ჟინით თარგმნიდნენ. თანამედროვე ქართველ მთარგმნელთაგან გამოვარჩევ გიორგი ლობჟანიძეს, რომლის ყოველი თარგმანი დიდი შენაძენია ქართული ლიტერატურისთვის. შარშან გამოვიდა ირმა რატიანის მიერ შესანიშნავად თარგმნილი იაპონური პოეზია. ამჯერად, მინდა გამოვყო გია ჯოხაძე, რომელმაც თარგმნა იოსიფ ბროცკის ლექსები და ესეები და ერთ წიგნად გამოსცა ,,მშვენიერი ეპოქის დასასრული’’. მან, თავიდანვე სკეპტიკურად განწყობილმა თხზულების ერთი ენიდან მეორეზე გარდასახვის შესაძლებლობაში, გადაწყვიტა ქართული ენით ბროდსკის პოეზიის ,,ანექსია’’ და ნებისმიერ ფასად გამარჯვება, რადგან ,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენ’’. ამ მიზანს ამაგრებდა რწმენა, რომ ყოველი ახალი წაკითხვა დაწერილს ამრავალფეროვნებს, ამიტომაც არ დაემონა ზუსტ თარგმანს, ,,ახალს რომ არ ჰბადებს’’ და გადაწყვიტა ერთგვარი თანაავტორობა და ეს გამოხატა ამგვარი მახვილგონივრული მსჯელობით: `ჩვენ არ ვიცით, როგორ დაწერდა `რომაულ ელეგიებს~ ბროდსკი ქართულად, მაგრამ ქართულმა ენამ იცის, როგორ უნდა ითქვას მისი რომელიმე სტროფი ქართულად. მთარგმნელი უნდა მიჰყვეს ენას _ დანარჩენს თვით ენა იზამს’’. ამგვარი მინდობა ენაზე ბროცკისეულია, რომელიც ენას ,,აღმერთებდა’’. წერილში `აჩრდილის თაყვანისცემა’’ ის საოცარი გატაცებით საუბრობს ენის მეტაფიზიკურ ფენომენზე. მან გაიზიარა ოდენის ფრთიანი გამოთქმა: `დრო ენას აღმერთებს~ და თვითონ უფრო გააღრმავა: `თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც _ ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას?’’ ამ ღრმააზროვან კითვებზე პასუხი ამავე ესეშია.
გია ჯოხაძის ,,შერკინებამ’’ ბროცკისთან ნაყოფი გამოიღო. ეს თარგმანები ძალდაუტანებლად იკითხება, ქართული ენა ლაღად და თავისუფლად მიედინება და მას არ ბორკავს სათარგმნი ტექსტის სიზუსტით გამოწვეული ხელოვნურ ფორმათა ჯებირები. ასე რომ, მკითხველი დატკბება ბროცკის ლექსების აზრის სიღრმითა და მრავალმნიშვნელოვნებით, გამოთქმის უჩვეულობითა და სილამაზით. თვითონ ბროდსკის სჯეროდა: ,,ლექსს იმიტომ წერენ, რომ ენა კარნახობს’’, მთავარია, ამ მარადიულ და უშურველ მოკარნახეს კარგი გამგონი შეხვდეს. ენა კარნახობდა გია ჯოხაძესაც, როცა ამ თარგმანებს წერდა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი რამ. ამ წიგნში არის ბროცკის საუბარი ჩესლავ მილოშთან სხვადასხვა თემაზე. უცხოელ პოეტებზე საუბრისას მილოში თავის დარცხვენას ამგვარად გამოხატავს: ,,როცა უცხო ენაზე ვკითხულობ ლექსებს, თითქოს მათგან მინის კედლით ვიყო გამიჯნული, ამიტომ ზოგ მათგანს პოლონურად ვკითხულობ, რათა მათ ემოციურად მივუახლოვდე’’. ამგვარმა გულწრფელობამ მომხიბლა, რადგან მეც მსგავსი განცდა მეუფლება ხოლმე. გია ჯოხაძემ კი თავისი თარგმანებით ეს ,,მინის კედელი’’ კი არ დაამსხვრია, ფაქიზად ჩამოხსნა და ხედვასა და სმენას დაწმენდის შესაძლებლობა მისცა.
რუსულ ენაზე წაკითხული ბროდსკი სხვაა, მთავარია, რომ ქართულ ენაზეც გვაჯერებს სიდიადესა და გამორჩეულობაში. და ჩვენ აღარ გვიჭირს გავიზიაროთ მისი პოეზიით აღტაცება არა მხოლოდ მთარგმნელისა, არამედ მსოფლიოში აღიარებული პოეტებისა: დერექ უოლქოთისა, შეიმას ჰინისა, ჩესლავ მილოშისა, ოქტავიო პასისა, ბელა ახმადულინასი და სხვათა.
ყურადღება მიიქცია, აგრეთვე, მაია მირიანაშვილის (ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და თარგმნის) თარგმანებმა: მარტინ ვალზერის ,,შეყვარებული კაცმა’’ (გოეთეს უკანასკნელ სიყვარულზეა) და ფრიდრიხ და დოროთეა შლეგელების მისტიკური ზღაპარი ,,ამბავი სასწაულთმოქმედი მერლინისა’’.
გიორგი კილაძე: „მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანისთვის წარსული ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს“ – ბრძანა ერთ–ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმებით? რატომ?

მაია ჯალიაშვილი: მე სხვაგვარად ვფიქრობ. მწერალი მანქურთი ხომ არ არის (ჩინგიზ აიტმატოვის ცნობილი რომანის ,,და დღე იყო წუთისოფელზე გრძელი’’ გმირია), რომ მისთვის წარსული არაფერს ნიშნავდეს. ასეთ მწერალს, ალბათ, ილუზია უნდა, რომ შეიქმნას, თითქოს თვითონ ,,იწყებს’’ ყველაფერს. წარსულის ხსოვნა ტვირთია, პასუხისმგებლობაა, მოვალეობაა. როცა იცი, ვინ რას წერდა შენამდე, შეიძლება საერთოდ გაგიქრეს წერის სურვილი. მწერალმა უნდა იცოდეს, ,,ვინ არის, სიდამ მოსულა’’, თორემ ისე ვერ გაარკვევს ‘სად არის, წავა სადაო~. შეიძლება ამ ახალგაზრდა ავტორის ეს ნათქვამი ერთგვარი პოზააა, თუმცა მომაგონა ცისფერყანწელი პაოლო იაშვილის თავის დროზე ეპატაჟური სტრიქონები:
,,პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,
რა ვქნა, თუ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი’’.
ამგვარი ,,უარყოფით’’ ცდილობდნენ ,,წმინდა პოეზიის’’ რაინდები თავიანთ მიერ ნაქადაგევი ახალი ესთეტიკური იდეალების დამკვიდრებას, დრომ გაამართლა მათი ასეთი სითამამე. პაოლო იაშვილიც მისმა სხვა ლექსებმა გააუკვდავეს და არა ამ მყვირალა ,,მანიფესტმა’’, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქცია ჰქონდა_უნდა გამოეფხიზლებინა მიძინებული საზოგადოება, რომელსაც აღარაფერი ესმოდა მაღალი პოეზიისა, რომელიც ბატონი ცხოვრების საწყალ მსახურად ექციათ მეცხრამეტე საუკუნის მადლიანი პოეტების უნიჭო ეპიგონებს. ეს იყო სილის გაწვნა ,,შაბლონისთვის’’, რომელიც ,,მალაყს გადადიოდა’’ ქართულ პოეზიაში.
სხვა რომ არაფერი, ენა ინახავს წარსულს, მწერალიც სწორედ ენიდან, ე.ი. წარსულიდან ამოიზრდება და რამდენადაც დიდი აქვს სიტყვის ძირა ფენებში წვდომის უნარი, როგორც რობაქიძე იტყოდა, იმდენად ძლიერად აესხმება ფრთები ასაფრენად, იმდენად თავის-უფალი იქნება.

გიორგი კილაძე: დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველ ქალ მწერალთა რაოდენობა. არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ქართველ ქალ პროზაიკოსებს გამოარჩევს მამაკაცი პროზაიკოსებისგან?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, ეს ყოველთვის ძნელი გასარჩევი იყო. რაოდენობრივად დღეს მართლაც უფრო მეტად ჩანს ქალი_მწერალი, ალბათ, თანამედროვეობამ მისცა შესაძლებლობა, მეტი დრო დაუთმოს შმოქმედებით შრომას. ადრეც და დღესაც, ხანდახან ქალი მწერალი მამაკაცის ფსევდონიმით წერს, ან პირიქით. ვთქვათ, ნაირა გელაშვილმა კაცის სახელით გამოაქვეყნა რომანი. პაოლო იაშვილმა ქალი ‘შემოიყვანა ,,ცისფერი ყანწების’’ ორდენში _ელენე დარიანის ფსევდონიმით. ეს იყო პოეტური მისტიფიკაცია, რომელიც მკითხველმა დაიჯერა. ვფიქრობ, ქალები ჟარგონს, სკაბრეზს ნაკლებად მიმართავენ. ამ თვალსაზრისით უფრო მოკრძალებულნი არიან , თუმცა სითამამე ინტიმური განცდების აღსაწერად არ აკლიათ.
გიორგი კილაძე: ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, “იხსნის თუ არა ლიტერატურული კრიტიკა პოეზიას უნიჭობის სენისაგან”? კითხვა ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს. 2007 წელს “ებლიტფოზე” მომზადებული სტატიის სათაურია. სტატია კი პოეტ გიორგი საჯაიას ინიციატივით წამოწყებული დისკუსიის შედეგად დაიწერა. ზოგადად, კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, უნიჭობის სენისგან კრიტიკა ვერ იხსნის ლიტერატურას. მე ასეთი ,,მკურნალი’’ არ მეგულება, რადგან ყველაზე მეტად უნიჭოს სჯერა, რომ ’’ჯანმრთელია’’.უნიჭობა იოლად ხარობს, ვრცელდება, მაგრამ უფესვებოც არის და ასევე იოლად ქრება. უნიჭოები მიდიან და მოდიან, ნიჭიერები კი რჩებიან. ზოგ შემოქმედს არა თუ კრიტიკის შეფასება, არამედ თავისი შექმნილი დაბეჭდილიც არ უნახავს, მაგ, ბარათაშვილს, მაგრამ დრო გავიდა და გამოუჩნდა პატრონი ილიას სახით. ჭოლა ლომთათიძე ნატრობდა, ნეტავ ვინმემ რამე დაწეროს ჩემზე, თუნდაც მაძაგოსო. ვერ ეღირსა, მაგრამ დრომ შეაფასა, ოღონდ ადამიანები სულსწრაფები არიან, ყველაფერი ახლავე სურთ. თანაც, ყველანი ვერ შეთანხმდებიან, რომ რაიმე ’’უნიჭობაა’’, რადგან ყველაზე კარგად დღეს სწორედ ეს ’’უნიჭობა’’ იყიდება, ე.ი. უფრო მეტი წამკითხველ-შემფასებელი ჰყავს, მართალია ეს შეფასებები ზედაპირული, ფრაგმენტულია, მაგრამ მაინც. თანამედროვე საზოგადოებას (ალბათ ასე იყო ყოველთვის) ხელოვნება მაინც თავშესაქცევი ჰგონია და ასეთი ლიტერატურა უნდა, იოლად ხელმისაწვდომი. თანამედროვე ლიტერატურაც მუხლს იყრის მისი უდიდებულესობა ’’მასობრივი მკითხველის’’ წინაშე და ყველანაირი გზით (მაგალითად, ორმაგი კოდირებით) ცდილობს მისთვის თავმოწონებას.
კრიტიკოსი უნდა იყოს შუამავალი მწერალსა და მკითხველს შორის. თავისი დაკვირვებებით, ინტერპრეტაციებით გზა გაუხსნას მკითხველს ნაწარმოებოს სიღრმეთა შესამეცნებლად. კარგი კრიტიკა ხელოვნებაა. კრიტიკა მესმის, როგორც ’’გამოთარგმანება’’, ე.ი. განმარტება, ხანდახან თვითონ მწერლები აკეთებებ ხოლმე ამას შესანიშნავად. ასე რომ, მე ცალმხრივად ვიაზრებ კრიტიკას. მაქებარი ყველას გამოუჩნდება _ კარგსაც და მდარესაც _ რის მაგალითიც ჩვენს სინამდვილეში არაერთია. ამიტომ გულგრილი ვარ იმ , ჩემი აზრით, არასწორი შეფასების მიმართ, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოებს მოჰყვება ხოლმე. ვფიქრობც, დრო ყველაზე სამართლიანი მსაჯულია. რადგან შეფასება მაინც სუბიექტურია და განსაზღვრულია შემფასებლის გემოვნებით, ინტელექტით, ინტუიციით, გამოცდილებით… ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ რაიმე სწორად შეაფასა, აღარაფერს ვამბობ ’’დახარისხების’’ მცდელობაზე, რომელიც მარცხისთვის არის განწირული. თავდაჯერებული კრიტიკოსი მაგონებს პილატეს, რომელმაც თქვა: ’’რაც დავწერე, დავწერე’’, _ ამით მან გაიზიარა იესო ქრისტეს ის შეფასება, რომელიც მასას ჰქონდა და გახდა ჯვარცმის მონაწილე.

გიორგი კილაძე: დღეს ბევრს საუბრობენ ქართული სალიტერატურო ენის პრობლემებზე… ლიტერატურულ ნაწარმოებებში გაჩნდა «ჟარგონიც… – ‘ჟარგონი’ ენისთვის ერთგვარი შემოლაწუნებასავითაა…’ – ბრძანა ბატონმა ბესო ხვედელიძემ. თქვენთვის რა არის იგი?
მაია ჯალიაშვილი: ’’ენა საღვთო რამ არის’’. სამწუხაროდ, არ არის ამ ფრაზის ცოცხალი შეგრძნება. ეს მხოლოდ მშვენიერ ციტატად შეიძლება დაიმოწმო, არადა, ენა, მართლაც, ჩვენი კურთხევის გარეშე არის ჩვენი ’’უფალი’’, რომლის ნებით ვიშვით. მწერალს ვერ ვუწოდებ იმას, რომელსაც ენა არ უვარგა, დღეს ბევრია ასეთი. ისინი ვერ დამკვიდრდებიან ენის ’’სამოთხეში’’, ე.ი. იქ, სადაც ნამდვილი მწერლები განისვენებენ. ჟარგონი არსებობს სასაუბრო ენაში და რადგან ლიტერატურა ცხოვრებას ’’ბაძავს’’, ირეკლავს ამ ჟარგონსაც. ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ლევან ბრეგაძის ’’ჟარგონის ლექსიკონი’’, რომელიც ჟარგონმა თავის ნებისმიერ ’’სასამართლოზე’’ შეიძლება ადვოკატად დაიყენოს. არავინ, მათ შორის, არც ქუჩის ბიჭი, ყოველთვის არ საუბრობს ჟარგონით, ასე რომ, მწერალმაც მხოლოდ გარკვეული მიზანდასახულობით უნდა გამოიყენოს ის (ჟარგონის კარგი გამოყენების მაგალითად დავასახელებ ენტონი ბერჯესის ’’მექანიკურ ფორთოხალს’’, ან ჯერომ სელინჯერის ’’თამაში ჭვავის ყანაში’’). ჩემი სათაყვანო მწერლები მისი დახმარების გარეშე ეზიარნენ უკვდავებას. მოკლედ, ჟარგონი გინდ ყოფილა და გინდ_არა. ჯერ არ მსმენია, მის გამო რაიმე ღირსება შემატებოდეს ნაწარმოებს, აი, დაკლებული კი ბევრი მინახავს.
ჟარგონი ისეთი თავხედია, შეიძლება, მართლაც, შემოულაწუნოს ენას, მაგრამ ენა მას თვინიერად მიუშვერს მარჯვენა ლოყას, რათა აგრძნობინოს ამ აგრესიის უბადრუკობა. ენას ჰყავს შვილები, მათ შორის, ჟარგონი, რომელიც ავადმყოფი შვილივით უყვარს და მისი გამოჯანმრთელების მოლოდინშია.
ჯემალ ქარჩხაძე წერდა: ’’ენას ურიცხვი სახე აქვს. ეს ურიცხვი სახე ურიცხი ნიუანსებით იქსოვება _ ურიცხვი ფერებით, ურიცხვი ხაზებით, ურიცხვი ინტონაციებით, ურიცხვი შეხამებებით… მეორე მხრივ, ჩვენც, ყოველ ჩვენგანს, ჩვენი ხასიათი გვაქვს, ჩვენი სტილი, ჩვენი ფერი, ჩვენი მიდრეკილებანი და თუ ზუსტად არ შეირჩა შესაბამისობა, თუ ჰარმონია არ დამყარდა ენასთან, თუ ზომა ზომას ვერ დავამთხვიეთ, ფერი ფერს და მნიშვნელობა მნიშვნელობას… ჩვენ ყალბი ვიქნებით’’. მთავარი ეს არის და თუ ვინმეს ნაწარმოების ’’გაფერადებისთვის’’ ჟარგონი დასჭირდება, ვინ რას იტყვის.
გიორგი კილაძე: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? კარცერ ლუქსის, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?
მაია ჯალიაშვილი: იყო მკითხველი, ეს სასწაულია… ვასიკო კეჟერაძე მკითხველის იდეალია. ასეთ მკითხველზე იოცნებებდა ნებისმიერი მწერალი. ყველა ლიტერატურისმოყვარული ჰგავს მას იმით, რომ ლიტერატურა ახარებს, ზრდის. იდეალი იმისაა, რომ იშვიათი იყოს. დღესაც ასეა. ვასიკო კეჟერაძეები არც წერილებს წერენ და არც აკომენტარებენ, მათ მხოლოდ ცოცხალი საუბარი შეუძლიათ. აბა, დღეს სადღა შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეებს. ინტერნეტის ფორუმებზე გამართული დისკუსიები მაინც კეკლუცობაა. ე.ი. ამას ის თავისუფლება და სილაღე არ ახლავს, რაც კეჟერაძის საუბარს, რომელიც მესმის, როცა ვკითხულობ. ოთარ ჩხეიძე აქვს წერილი ,,მკითხველი’’, რომელშიც წერს: ,,მწერალი მკითხველი გახლავთ, ანუ მკითხველი განსაზღვრავს მწერლობის დონესა, მკითხველის მოთხოვნილება, მკითხველის გემოვნება, მკითხველის ერუდიცია განსაზღვრავს, ან თუ ასეც რო შეიძლება ითქვას, რის ღირსიცაა ხალხი, მწერლობაც ისეთი გააჩნია’’. მისივე აზრით, მკითხველს, ძალიან ბევრი დროის გარდა, უნდა გააჩნდეს ,,ღვთაებრივი მადლი პირველყოვლისა, ღვთაებრივი მირონი, ნიჭი უნდა ერთისიტყვითა, ნიჭი განსაკუთრებული, გამორჩეული, როგორც თუ გნებავთ, მწერლისა საერთოდ თუ ფერმწერისა, როგორც მუსიკოსისა თუ მსახიობისა, როგორც მომღერლისა თუ მოქანაკისა, გამორჩეული და თავისებური ნიჭი, მწერლობის დონეს რო განსაზღვრავს, თავისი ხალხის მწერლობისას’’. მოკლედ, ,,ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მკითხველთ ზნეობა’’.
ასე რომ, ვერანაირი იძულება, ადამიანს მკითხველად ვერ აქცევს, თუმცა იძულებით წერა-კითხვას რომ შეასწავლი, ესეც დიდი საქმეა. არადა, ოთარ ჩხეიძისვე აზრით, ნიჭიერი მკითხველის გარეშე ,,მწერალი ცოდოა, დაეკარგება თვალსაწიერი და მოგვიანებით თუ გაიმეორებს სიახლეებსა ლიტერატურაში, სადღაც უკვე რო გაცვეთილა’’. აი, ჩვენი ლიტერატურის ნაკლის მიზეზი_ ნიჭიერი მკითხველის გარეშე დარჩენილი, ,,სადღაც უკვე გაცვეთილ სიახლეებს’’ ბეჯითად რომ იმეორებს და თავი ,,კარგთა სწორი’’ ჰგონია. და მაინც ოთარ ჩხეიძეს ენუგეშებოდა, რომ ,,მცირედი ნაწილი, თან რომ მიჰყვება ფეხდაფეხა ჩვენს მწერლობასა, მიუძღვის და თანაც მიჰყვება, ბრძანებს და მოითხოვს, ინებებს და განიცდის და კიდევ უფრო ამაღლებული ქმნილებანი სჭირდება, მართალი და ამაღლებული’’.
გიორგი კილაძე: რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ…
მაია ჯალიაშვილი: პირველად იყო სიტყვა… მერე ბიბლია, ჰომეროსი, რუსთაველი, შექსპირი, სერვანტესი…გალაკტიონი… და ადამიანი ისევ სცოდავს, ისევ მოთქვამს უსიყვარულობასა და გაუცხოებაზე, უთვისტომობასა და განწირულებაზე… ბრმასავით დაეხეტება საკუთარი სულის უფსკრულებში და ისევ წერს, იმეორებს, იმეორებს, იმეორებს… არადა, ყველა გზა გადარჩენისა ახსნილია და განათებულია…რატომ?
გიორგი კილაძე: კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცი…
მაია ჯალიაშვილი: კითხვა: ხანდახან შემაშფოთებს ხოლმე ათასჯერ ნაწინასწარმეტყველები მოახლოებული აღსასრულის შიში. რა გვიხსნის საწყალ ადამიანებს სამყაროს უძირო წყვდიადში შთანთქმისაგან?
პასუხი: ,,დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისთვის ეკითხათ: ,,აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო’’,_ ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა ,,დონ კიხოტი’’: ,,აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ’’(დოსტოევსკი).
ორშაბათი, ნოემბერი, 29, 2010

No comments:

Post a Comment