პოეტი, ერთი შეხედვით ცხად, გამჭვირვალე სურათ-ხატებს ქმნის. სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება მხოლოდ მერე, წარმოდგენილი სახეების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთება. ასოციაციური ნაკადი გაარღვევს ზედაპირს, თავისთავად ღირებულს და გამოაჩენს სულ სხვა სიღრმეს. ეს სიღრმე მოიცავს შესაქმესაც, ძველეგვიპტურსა თუ ძველბერძნულ წარმოდგენებსაც, ერთი სიტყვით, ცალკეული კონკრეტული სახე თითქოს ნიღაბს იხდის და მითოსური თუ ბიბლიური არქეტიპების სიბრტყეზე პროეცირდება.
პირველი, რასაც მკითხველი შეიგრძნობს ლექსის დასაწყის სტრიქონებიდან, არის ელდა გველის გამოჩენისა:
გასრიალდება ხევში ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით.
მუხლებს მოიყრის და შიშისმგვრელი
ლოცულობს გველი.
თავისთავად იბადება მუსიკაც, რომელსაც წარმოქმნის ხევში ჩაფენილ ფოთლებზე გველის გასრიალება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ეს არის გასრიალება „ზმორებით“, ე.ი. ახლადგამოღვიძებული, ჯერ კიდევ რომ არ გამოუღწევია სრულად ძილის სამეფოდან, ქვეწარმავალი გათენებისთანავე მისრიალებს ხევში ლოცვის სათქმელად. ჩვეულებისამებრ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ დროს აღვლენილ დილის ლოცვაში ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელოებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემისათა…“ ადამიანი მადლობს უფალს, რომ მიუხედავად ცოდვათა და უსჯულოებათა სიმრავლისა, მაინც გახდა ღირსი სიცოცხლისა. ღვთის მადლობამ ისეთ დაცემულ ჭურჭელშიც კი შეაღწია, როგორიც გველია და იგი შემოქმედის სადიდებლად ზეწამომართა.
მთელი სამყარო, განწმენდილი და უცოდველი, ყოველ დილას ღვთისგან შენდობილი, თითქოს ხელახლა იბადება თავიდან. ყოველი დილა ღვთის „შესაქმით“ იწყება. შენდობა დილას ამოსულ მზის სხივებივით უშურველად მიენიჭება ყოველს, მადლი დაეფინება სამყაროს და განიწმინდება. ამიტომაცაა, რომ „შიშისმგვრელი“ გველი ლამაზია — „ტანმოხატული უცხო ზოლებით“. პოეტისა და მკითხველის მზერა მის ტანს გარსშემოევლება როგორც რაღაცას, თავისთავადს, დამოუკიდებელს, რომელიც აღძრავს სილამაზით მოგვრილი აღტაცების განცდას.
წარმოდგენილი სურათის სრულყოფილებისათვის და ლოცვის გასამძაფრებლად პოეტი გველს მუხლმოყრილს ხატავს. ამგვარ მდგომარეობაში ლოცვა თითქოს უფრო მხურვალეა. ამიტომაც ლექსის პირველი სტრიქონებით მოგვრილ ელდას ემატება ჯერ გაოცება, მერე თანაგრძნობა.
„ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა“, — ეს სტრიქონი თითქოს ერთ სიბრტყეში მოაქცევს მკითხველსა და უხსენებელს. ისიც მასავით ცოდვილია. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება. რადგან ცოდვილი სული აწუხებს გველს და ამიტომ ევედრება შემოქმედს. ეს თითქოს შიგნიდან დაგვანახებს მის არსებას.
გველთან მადლის დაკავშირების თემამ უპირველესად, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სახე ამოატივტივა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“. სიკეთესთან, სინათლესთან, სიმართლესთან, სიბრძნესთან, თავგანწირულობასთან (ლუხუმის სახე ხომ ასე განზოგადდება) შეხვედრისას გველი იცვლება:
დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გონება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება.
ამ ლექსში არ ჩანს ამგვარი შეხვედრა ვინმესთან, ან რაიმესთან.
შესაძლოა და, ალბათ, სწორედაც რომ პოეზიასთან შეხვედრამ გამოიწვია მისი ამგვარი ტრანსფორმაცია. ამიტომაც პოეტის მზერაში მისი „შიშისმგვრელობა“ ასეთ „სანდომიან“ სახედ გარდაისახება:
როს იდუმალებს,
სევდიან თვალებს,
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს
გესლიან ენით.
მართალია, „გესლიანი ენა“ მკითხველს ისევ აბრუნებს ადრინდელ ელდასთან, მაგრამ ჩუმი ჩურჩული ამ გესლს თითქოს ძალას აცლის.
საზოგადოდ, სამყაროს ზედაპირით (ის, რაც ადამიანური გრძნობის ორგანოებით აღიქმება) დაუკმაყოფილებლობა პოეტთა გამორჩეულობის უპირველესი დასტურია. თვითონ ანა კალანდაძეს ეს ერთ ლექსში ამგვარი „ფორმულით“ აქვს გადმოცემული:
და ჩურჩულებენ, ჩურჩულებენ
შემოგარენი…
ეს ჩურჩულიც ისმის მკაფიოდ…
და ლურჯ ბალახებს
ნამისგან სველებს
თვის გულის ნადებს გაანდობს ღალღაც…
ო, არის რაღაც
უსაზომოდ დამაფიქვრელი.
სწორედ ეს „რაღაც“, რაც უსაზომოდ დამაფიქვრელია, არ ასვენებს პოეტს და მისი ამოხსნისკენ უბიძგებს. ჩურჩული, ამჯერად მხოლოდ შრიალი, მხოლოდ ნელი ხმოვანება, მაგრამ შინაარსი? ენა? სიტყვები? აი, ეს არის უმთავრესი. პოეტს ამის გაგება სურს, მაგრამ ხშირად თვითონ კი გაიგებს და ეზიარება უხილავს, მაგრამ როგორ გადმოსცეს, აქ ჩნდება სიტყვათა უძლურების დაბრკოლება, ძებნა, ძიება და ასე იქმნება პოეტური სახეები, თუ სიმბოლოთა ლაბირინთები.
თავიდან „სრიალით“ მოგვრილი მუსიკა იცვლება და ახალი ხმოვანება იქმნება:
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი.
ირგვლივ ხავერდოვანი, რბილი სიმშვიდე ისადგურებს. მრავალფეროვანი სამყაროს დილის მზით მადლსხურებული იშვებს. ამიტომაც ამ გადასახედიდან ახლა დაუჯერებელი ჩანს: „ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა“.
გველი ახლა უკვე მხოლოდ ნიღაბია, საფარველია, მახინჯი ზედაპირია, რომლის გადახდით, იქით, მიღმა, გამოჩნდება იდუმალი. ასე იბადებიან ზღაპრებში გველის ტყავიდან მზეთუნახავნი. ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება „ტყის ბანოვანთან“ შედარება. მისი ამგვარი სახელდება წარმოაჩენს „სხვას“, რომელიც ყველაფერია და ყველგანაა, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ სივრცეში და რომელიც ყველაზე ახლოა უზენაესთან. სწორედ ამ დროს ის „სხვა“ ასე მჟღავნდება:
ნაიდუმალევს,
როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს
და სევდიან თვალებს.
მაგრამ ამგვარი „გახსნა“ და ზიარება სინათლესთან დროებითია და წარმავალი. სულის დღესასწაულს (რაც ლოცვისას ხდებოდა), შეენაცვლება ხორცის ზეიმი.
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი.
ლოცვით შენდობილი გველი ისევ „ეცემა“, რათა კვლავ ცოდვებით გაივსოს, მაგრამ დილას, ღამის კოშმარებს თავდაღწეული კვლავ დაელოდება მზის ამოსვლას და ყოვლის მიმტევებელთან შეხვედრას ცოდვათა შენდობის იმედით.
ხელში დაირით, უზუნდარას რომ ცეკვავს, — არანაკლებ შთამბეჭდავი სახეა, ვიდრე მლოცველი გველი. ეს უკვე დილიდან გამოსული სამყაროა, სინათლიდან სიჭრელეში და აქედან სიბნელეში გარდამავალი. ეს მარადიული დაცემა-აღდგომაა, შეკრული ჯადოსნური წრეა, რომელსაც ვერასოდეს დააღწევს თავს ვერც გველი და, სამწუხაროდ, ვერც ადამიანი. ეს თვითონ სიცოცხლეა, თავისი ცრემლითა და სიხარულით, სინათლითა და სიბნელით. სიცოცხლის საიდუმლოც ესაა. ცოდვა სიკვდილია, სულის მოშთობა, ლოცვა კი — აღდგომაა სიკვდილიდან, ცოდვიდან. იქნებ პოეზიის მადლი ისიც იყოს, რომ ამ გზით ადამიანი ეზიარება დაფარულს, იდუმალს, იმას, რაც სიღრმეშია. რადგან ხშირად სინათლე შეიძლება ზედაპირზე სიბნელედ ჩანდეს, ანდა — პირიქით პოეზია კი ამ უხილავ სიღრმეთა მიმოხილვაა, შთასვლაა ჯოჯოხეთში სამოთხეში „ამოსასვლელად“. ამგვარი განცდები კი ამდიდრებს ყოფიერებას, თორემ ისე, სიცოცხლე, მართლაც, უსახო, პლატონისეულ მღვიმის კედლებს დაემსგავსებოდა, სადაც უსისხლო ჩრდილები ჩანს მხოლოდ და სხვა არაფერი, მაგრამ სიცოცხლე ფერადი „ხევია“, სადაც დილ-დილობით სალოცავად მისრიალებს უხსენებელი.
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006
No comments:
Post a Comment