Translate

Thursday, March 17, 2011

ფიქრები ირაკლი სამსონაძის ნოველებზე

მარადიული ოცნებისთვის განწირულნი


ფიქრები ირაკლი სამსონაძის ნოველებზე

„თვით საგნები გვკარნახობენ სიტყვებს“ (ციცერონი) და ალბათ, რიტმსაც, განწყობილებასა და ფიქრებსაც. ყველაზე დიდი „საგანი“ კი ცხოვრებაა, რომელიც გვკარნახობს არა მხოლოდ სიცოცხლის წესს, არამედ ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ნახატებსა თუ მუსიკას. მთავარია, ყურის მიგდება შეგეძლოს. ყურის მიგდება იმ ადამიანებისა თუ გარემოსთვის, რომელიც ბედმა შემოგიხაზა „მისაქცევ-მოსაქცევად“ (ილია).
გოეთე არ თაკილობდა, ეღიარებინა: „ჩემს შემოქმედებას მე ვუმადლი არა ჩემს საკუთარ სიბრძნეს, არამედ ათასობით საგანს, ათასობით ადამიანს, რომლებიც მასალით მამდიდრებდნენ. მათ შორის იყვნენ ბრძენნიც და სულელნიც, ნათელი და შეზღუდული გონების ადამიანები, ბავშვები, ყმაწვილები, მამაკაცები, ყველანი მომითხრობდნენ, რაც გულში ჰქონდათ, რასაც ფიქრობდნენ… მე ისღა მრჩებოდა, დავმჯდარიყავი და მომემკო ის, რაც სხვებმა დათესეს“.
ჭეშმარიტად გულუბრყვილო თავმდაბლობაა, მაცდური უბრალოებით თანაბრად რომ მიესალბუნება ნიჭიერებსა თუ… უნიჭოებს.
გაბრიელ გარსია მარკესიც გაგვახსენდა, ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში რომ აღნიშნა: „თქვენი მონა-მორჩილი ნოსტალგიით შეპყრობილი მოხეტიალე კოლუმბიელია, რომელსაც ბედმა გაუღიმა. პოეტებსა და მათხოვრებს, მუსიკოსებსა და მქადაგებლებს, მებრძოლებსა და ჩხუბისთავებს, ამ დაუოკებელი სინამდვილის ყველა შემქმნელსა და მონაწილეს ჩამოვთხოვეთ რაღაც და ცოტა წარმოსახვაც დავამატეთ, რადგან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ის იყო, რომ არ გაგვაჩნდა არაფერი, რაც დასაჯერებელს გახდიდა ჩვენს ცხოვრებას“.
ამ აზრს ვარიაციებით იმეორებს მრავალი მწერალი, და მაინც, ჩნდებიან გამორჩეულნი, რომელნიც ერთსა და იმავე მოკარნახისგან განსხვავებულ „ტექსტებს“ იწერენ, რადგან ნაკარნახევს ხელშეუხებლად კი არ ითვისებენ, საკუთარ გულსა, სულსა და გონებაში გამოტანჯავენ.
ასეთი მწერალია ირაკლი სამსონაძე, რომელსაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში თავისი ხმა აქვს, თავისი რიტმი. ამ რიტმზე აგებს ნოველებს, რომლებიც მკითხველს ხიბლავენ დახვეწილი სიზუსტით. ეს სიზუსტე მჟღავნდება პროზაული ტექსტების შინაგან სიმწყობრეში. თითქოს მწერალიც, როგორც მისი ერთი ნოველის პერსონაჟი, ვიღაცისგანაა „მართული“ და მის კარნახს მიჰყვება. „ვინ ვიღაცა? ვინ არის ის ვიღაცა?“ „იმან იცის და ის კარნახობს. ვინ იმან? ვინ არის ის?“ („ბედისწერის იმედიანი უღონობა“).
ეს არც პერსონაჟმა იცის და არც ავტორმა და, რაც მთავარია, ეს არცოდნა სამყაროს ინტუიციურ წვდომას გულისხმობს, როცა სანამ გონება გაიაზრებს, მანამ გული გრძნობს. რუსთველი როგორც იტყოდა: „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია, რა გული წავა, ისიცა წავლენ და მისკენ მიდიან“.
„ერთ რიტმში ვართ მე და ადრეული შემოდგომის დღე“, — წერს ერთ ნოველაში („ბებო, ეჰ, ბებო“) ირაკლი სამსონაძე. ეს რიტმი კი ხშირად ისე გამოკვეთილია, ლამის თეთრ ლექსად იქცეს ხოლმე პროზად ჩაფიქრებული თემა („ხმა მიწიდან“, „შვება“, „ბებო, ეჰ, ბებო“ და სხვა).
ირაკლი სამსონაძე როგორც მწერალი, უპირველესად გულით ხედავს და გულის კანონებს მიჰყვება, ამიტომაც ხატავს პერსონაჟებს ასეთი გულიანი ტკივილითა თუ შვებით. მას ებრალება ბედისწერის „იმედიანი უღონობით“ გათანგული ადამიანები, რომლებიც მიუხედავად შეცდომებისა, უმწეობისა და დაცემისა, მაინც ზეცისკენ იხედებიან და ამჩნევენ: „მაღალ კორპუსებს შორის ცის იასამნისფერი ნაგლეჯი მომწყვდეულა, რომელზეც ორიოდე ვარსკვლავი იცრიცება“ („შვება“).
მწერალი განიცდის სამყაროს მთლიანობას მოწყვეტილი ადამიანის სულიერ ტკივილს და მას შესაბამის სიტყვიერ სამოსში წარმოაჩენს. მისი ნიჭიერება, როგორც მწერლისა, სწორედ ისაა, რომ შეუძლია სათქმელის მოწესრიგება.
ამჯერად, გვინდა გამოვეხმაუროთ ირაკლი სამსონაძის იმ სამ ნოველას, რომლებიც ჟურნალ „ომეგასა“ (10, 2002) და გაზეთ „ჩვენს მწერლობაში“ (13-19 დეკემბერი, 2002) დაიბეჭდა: „სარკიდან დანახული სარკესთან მდგომი“, „ბედისწერის იმედიანი უღონობა“ და „ის მზერა“.
ამ ნოველებს ახასიათებს თავისებური მხატვრული მთლიანობა. თხრობის დასაწყისი და დასასრული იმგვარად უკავშირდება ერთმანეთს, რომ თითქოს იკვრება წრე. თხრობა კი წარმოადგენს ამ წრის შემოვლას. ნოველა რითიც იწყება, იმით მთავრდება. იქმნება მხატვრული სისტემის გარკვეული საწყისი წერტილი, შეიძლება ითქვას, ფიქრის ათვლის წერტილი, საიდანაც იგება მსჯელობა და საიდანაც გამოიკვეთებიან როგორც პერსონაჟები, ასევე, მწერლის დამოკიდებულება მათდამი და ბოლოს, თხრობა მართალია უბრუნდება საწყის წერტილს, ოღონდ ამ დაბრუნებას თან ახლავს უკვე სხვანაირი გასხივოსნება როგორც პერსონაჟის, ასევე მკითხველისთვის.
ამ სამი მოთხრობიდან განსაკუთრებით ორში წარმოჩნდება ბედისწერის თემა. ერთში იხატება პერსონაჟის ჭიდილი ბედთან („ის მზერა“), მეორეში კი შეგუება ბედთან („ბედისწერის იმედიანი უღონობა“).
მწერალი არ ცდილობს ამ თემისათვის ჩვეული დრამატიზმის „გარეგან“ გართულებას და ტრაგიკული ამბის შექმნას. მას უფრო ის ჩუმი, გარედან დაუნახავი, ადამიანის შინაგანი, სულიერი ტანჯვა-წამება აინტერესებს და შესანიშნავადაც ხატავს.
ირაკლი სამსონაძე უბრალო, ერთი შეხედვით უფერული, „ადამიანი-მასის“ ცხოვრებას ხატავს ასევე უბრალო ყოფით გარემოში. იგი არ ეძებს და არ ქმნის პერსონაჟისა თუ მკითხველისთვის უცნაურსა და უცხო ვითარებას. მწერალი, ამ შემთხვევაში, ე.წ. ტრადიციულ გზას მოჰყვება და სიყვარულით ხატავს ხშირად ცხოვრებისგან გალახულ, დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებიც გაოცებენ დიდი გულითა და დაულაქავი გულწრფელობით.
ნოველაში „ის მზერა“ ამოსავალი წერტილია პერსონაჟის მზერა, რომელშიც მწერალი მის მთელ ცხოვრებას დაინახავს. დაინახავს და მერე მკითხველისთვის ამოწერს ამ მზერაში დანახულ პატარა ადამიანის დიდ, აუსრულებელ ოცნებებს.
მწერალი უღრმავდება მზერას „ორმოცს გადაცილებული, ნაადრევად თმაგათეთრებული, თუმცა ჯერ კიდევ ბიჭური იერის მქონე, ტანმორჩილი და ხმამჭექარა მწვრთნელისას“, რომელმაც, როდესაც მისმა ათი წლის აღსაზრდელებმა საფეხბურთო მატჩი მოიგეს, უცნაური სიამაყე იგრძნო და ამ მზერაში გამოხატა ოცნებასთან მიახლოების სიხარული: „ის მზერა აღებეჭდა — ნიშნისმოგებითა და ზეიმურობით შეზავებული, ასევე გულისმომკვლელი უსუსურობითაც“.
პერსონაჟი მთელი სისავსითა და სიხარულით ცხოვრობს მხოლოდ ოცნებაში. გეგონება, ადამიანი კი არ ირჩევს ოცნებას, არამედ, პირიქით, ოცნება ირჩევს ადამიანს, თანაც სასტიკი განურჩევლობითა და გულგრილობით, რათა დატკბეს პატარა ადამიანის უსუსურობით, დიდ ოცნებას რომ გამოდევნებია უიმედოდ და სასაცილოდ. მწერალს კი მოსწონს, ებრალება და უყვარს ასეთი უსახური, მაგრამ მოულოდნელად ასეთი მიუწვდომელი ოცნებით შეპყრობილი ადამიანი. ამ სიყვარულს და თანაგრძნობას ამჩნევს მკითხველიც და ენდობა მწერალს, რომელსაც სჯერა, რომ ჭუჭყსა და ნაგავშიც შეიძლება გაიხაროს ყველაზე ნატიფმა და დახვეწილმა ყვავილმა.
ნოველაში არ არის დახატული ლიტერატურაში ცნობილი ჭიდილი სინამდვილესთან, როდესაც გარემო ახშობს პიროვნულ მისწრაფებას. პერსონაჟი უნიჭო, თავის „ოცნებასთან ოდნავადაც ვერმიახლოებული კაცია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, დროდადრო თავი წარმოიდგინოს საფეხბურთო კარიერის მწვერვალზე, დატკბეს გამარჯვების ყიჟინითა და თაყვანისმცემელთა აღტაცებული შეძახილებით. „თვითგაცხადების ჟინი“ მასში ვულკანივით იფეთქებდა და მაშინ მორჩილად მიენდობოდა ოცნებას, რომლის გზითაც ბედისწერა ათამაშებდა სასაცილო და უმწეო კაცუნასავით.
მწერალი ხატავს, როგორ იტანჯება ადამიანი „ოცნების გამო, გამო თუ მიერ, თუ წყალობით, თუ შეუთავსებლობით იმ სინამდვილესთან, რაშიც არსებობდა ასეთი ტანმორჩილი, ასეთი დაკარგული, ასე ოცნების ამარა დარჩენილი“.
ცხოვრებამ ისე ჩაიარა, რომ დარჩა კაცი ასე, „ნაოცნებართან ვერშეხებული“. ბავშვობიდან დასცინოდა ბედი და ხშირად იყო შეურაცხყოფილი „სინამდვილის მწველი შეხებით, ჩვეულებრიობის გულგრილობით“. ბედი თითქოს საგანგებოდ სცდიდა, გაუძლებდა თუ არა ტკივილსა და დამცირებას, ბოლომდე უერთგულებდა თუ არა ოცნებას. გაუძლო გამოცდას. მწერალსაც იქნებ სწორედ ეს უღალატო თავგანწირვა ხიბლავს. ამიტომაცაა, რომ მისთვის იმეტებს იმგვარ დახასიათებას, როგორიცაა „უცხო ფიქრით აფორიაქებული“ (ეს პერსონაჟი „ნატვრის ხის“ ელიოზს მოგვაგონებს).
ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც მისმა გუნდმა მოიგო, ოცნებასთან მიახლოების სიხარული აღებეჭდა მზერაში, მაგრამ მწერალი სიხარულთან ერთად სხვა რამესაც ხედავს: „რაღაც მნიშვნელოვანი უსუსურობითაც იყო აღბეჭდილი, რომელიც წონით ვერ აიწონება და ჭეშმარიტებასავით ბოლომდე არასოდეს გაცხადდება, რადგან ჯერ კიდევ დაბადებამდე, წარსულიდან იღებს სათავეს და ბედისწერის დამღითაა დადაღული“.
მკითხველიც მწერალთან ერთად განიცდის პერსონაჟის იმედგაცრუებასა და დამცირებას. „სინამდვილეს ყველაზე უხამსად შეუძლია ადამიანს დასცინოს“, — რამხელა ტკივილია ამ სიტყვებში. ბედისწერა ზეიმობს, რადგან „ბედისწერაც სინამდვილეა“, კაცი კი რჩება „მარადიული ოცნებისა და მარადიული სიპატარავისთვის განწირული“.
მწერალი კი ცდილობს, თვითონაც დაინახოს და მკითხველსაც შეაგრძნობინოს მზერაში დალანდული ჭეშმარიტება, რომელიც „ბოლომდე არასოდეს გაცხადდება და რაც ჩუმი სიუცხოვით ბრჭყვიალებს რაღაც სიღრმიდან“.
ნოველაში კი „ბედისწერის იმედიანი უღონობა“ მწერალი ხატავს ბედისწერასთან შეგუებულ, ბუნებრივად ჰარმონიაში მყოფ პერსონაჟს, ნინოს, რომელიც მუდმივად გრძნობს, რომ ვიღაც მართავს და ამ უცხო ძალას ერთგვარი „იმედიანი უღონობით“ ემორჩილება.
„რატომ გაჩნდება ლეგა? უცნაურია, მაგრამ ნინომ ეს არ იცის. მეტიც, ნინოს ნამდვილად არ უნდოდა მესამე შვილი. ახლა კი უკვე დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში ვაჟი შეეძინება და მას ლეგას დაარქმევს“. ასე იწყება მოთხრობა და ასევე მთავრდება, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასაწყისსა და დასასრულს შორის იშლება პერსონაჟის სულიერი სამყარო, ფიქრებითა და ოცნებებით, წინააღმდეგობებით აღსავსე.
მწერალი ხაზს უსვამს ნინოს ბუნებრიობას. იგი ჩუმია და იშვიათად საუბრობს და „თუ სიტყვა ჩაურთო ქალების მიეთმოეთს, გეგონება ხეხილიანი ბაღი ააშრიალა ქარმა, მერე თავი ანება და ისევ მიაჩუმათაო“. ასეთი ლამაზი შედარებით წარმოაჩენს მწერალი ნინოს ქალურობას. 127-ე ფსალმუნი გვახსენდება: „ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისა, შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისნი გარემოის ტაბლისა შენისა“.
ამ უბრალო ქალში წარმოჩენილია მადლიანობა, დალოცვილობა, ამიტომაც არ შეუძლია მას ღვთის ნების წინააღმდეგობა, ჩასახული ბავშვი (ოჯახისთვის არასასურველი, რადგან ნინო აფხაზეთიდან ლტოლვილია და ხელმოკლედ ცხოვრობენ) უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას. ნინოს ბედისწერა ასეთია და დაე, ასეთი იყოს. ნებისმიერ დაბრკოლებასთან შეგუება ნინოსთვის ბუნებრივია. მას ისევე არ აღელვებს განსაცდელი, როგორც ხეს მეხთატეხა. მცენარესავით უზაკველად ხარობს და ნაყოფსაც თავის უნებურად ისხამს. თუმცა,იძულებულია, ყოფით ფართიფურთში ჩაერთოს, იყიდოს, გაყიდოს, ქმარს სიმართლე დაუმალოს, მაინც სუფთა გამოდის ცხოვრების ჭუჭყიდან. ის უბრალოდ ასეთია და სხვანაირად არ შეუძლია. მისი ბედსშეგუებულობა „თავსაფრიან დედაკაცს“ მოგვაგონებს.
მწერლის აზრით, ნინოს ნებისმიერ ფიქრსა თუ მოქმედებას წარმართავს ვიღაც სხვა, ბედისწერა, რომელსაც ემორჩილება არა ტანჯვა-წამებით (როგორც ნოველაში „ის მზერა“), არამედ უღონო გათანგულობით, ერთგვარი ნდობითაც კი. გულს მიჰყვება და არა გონებას, ინტუიციას ირჩევს და არა ლოგიკას. „ნინოს იმედიანი უღონობა დაეუფლა. რომ გეკითხათ, რისი იმედი ჰქონდა, ვერაფერს უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას, რაღაცის იმედი, ზოგადად იმედი. იმედი და მორჩა. ეს სხვანაირი იმედია. თითქოს დაბანგული და ამ დაბანგულობით თითქოს საგრძნობიც კი. იქნებ ფიქრით გატანჯულ ადამიანთან მოდის ასეთი იმედი. შესაძლოა ასეც იყოს“. და აქ გამჭვირვალედ შემოდის თემა რწმენისა. ყველგან იგრძნობა ღვთის ხელი, თუმცა ნინო არასოდეს ახსენებს. იგი მთელი თავისი არსებით, გაუცნობიერებლად, მთელი სისავსით მორწმუნეა, რადგან სიკეთითა და სიყვარულით აქვს სავსე გული. ნინო თავისი გარეგნული უნებობითა და შინაგანი უმწეობით თითქოს სამყაროს ერწყმის, სიცოცხლის საერთო, კოსმიურ ჰარმონიაშია ჩართული. და ასევე, არ შეუძლია ბავშვის მოშორება, როგორც ხეს ნაყოფისა.
ნინომ იცის, რომ ბავშვი გაჩნდება და ლეგას დაარქმევს, თუმცა, რატომ მაინცდამაინც ამ სახელს, არ იცის. მწერალი კი დასძენს: „საიდან უნდა იცოდეს ან კი უნდა იცოდეს კი საერთოდ რამე? იმან იცის და ის კარნახობს. ვინ იმან? ვინ არის ის? ნინომ ესეც არ იცის. არც აინტერესებს. მხოლოდ ესაა, როდესაც ლეგას წარმოთქვამს ხოლმე, კიდევ უფრო ემსგავსება ხეხილიან ბაღს, რომელშიც ახლა სიმშვიდე სუფევს“.
ამგვარი სიმშვიდე მოაქვს სამყაროსთან შეთანხმებულობას, შესაბამისობას იმასთან, რაც ხდება მიწასა თუ ცაში.
და როცა ამგვარი ჰარმონიულობა მიუღწეველია, მაშინ წარმოიქმნება კრიზისი, სული ივსება სიცარიელით.
სწორედ ამ სიცარიელეს ხატავს მწერალი მესამე ნოველაში „სარკიდან დანახული სარკესთან მდგომი“.
ნოველის პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი, ე.წ. თავისუფალი რეჟისორი (რაც მწერლის ირონიული შენიშვნით, უმუშევარ რეჟისორს გულისხმობს და სხვას არაფერს), იმდენ ხანს თამაშობდა ნიჭიერ კაცს, რომ ეს ნიჭიერება ნიღბად ექცა, თუმცა, ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან „ღმერთმა არ აპატია საკუთარი თავის ასე უმოწყალოდ ფლანგვა, არ აპატია და ზურგი შეაქცია კიდეც“. ხოლო როდესაც ღმერთი ზურგს შეგაქცევს, მაშინ ბედისწერა სათამაშოდ გაქცევს და საკუთარ თავთან ისე დაგაპირისპირებს, სიცოცხლეს მოგაძულებს. უპირველესად კი, ადამიანი ღალატობს თავისთავს, ამიტომაც მისი ნებისმიერი ჩანაფიქრი განუხორციელებლობისთვის იწირება.
საინტერესო სიმბოლიკას ქმნის მწერალი. მთავარი პერსონაჟი ზის მეგობრის მისაღებში ტახტზე და კომოდზე შემოდგმულ მოვარაყებულ სარკეში იყურება. სარკეში კი ჩანს შემოსასვლელში დაკიდული სარკე, რომელშიც მისი მეგობარი გულმოდგინედ ივარცხნის თმას. ეს რთული სარკისებური ასახვა წარმოაჩენს პერსონაჟის გაუცხოებას სინამდვილესთან, რეალობისგან გაქცევას, რაც ნიშნავს იმ პრობლემათა თავის არიდებას, რასაც ცხოვრება გამუდმებით უქმნის ადამიანს. ამავე დროს, პერსონაჟი სარკეში „ყურებით“ საკუთარ სიცარიელესაც შეხვდება და გააცნობიერებს, რომ ხელოვნება ვერ ჩაენაცვლება ცხოვრებას. შეიძლება იონესკომ დაწეროს ისეთი პიესა, რომ შიგ ანტი-იონესკო ჩანდეს, მაგრამ ცხოვრება არასოდეს შეიცვლის გეზს. ის ყოველთვის აბსურდულია და ლაბირინთებით სავსე.
ნოველის გმირი მეგობარს ესტუმრება დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მისგან მოჩვენებითი კეთილგანწყობისა და შემაძრწუნებელი გულგრილობის გარდა ვერაფერს მიიღებს. მისი ცარიელი თვალები კი, რომლებიც დაცლილ ბოთლებს, უჩარჩო სურათებსა და უთევზო აკვარიუმს მოაგონებენ, თითქოს ყველფერს აშეშებენ გორგონასებური მზერით. ამ თვალებში თვითონ სამყაროც კი კვდება, რადგან არ არის საყრდენი სიკეთისა თუ სიყვარულის სახით. თუ ცხოვრება აწყობილი გაქვს, მაშინ სხვისი უბედურება რაღა სახსენებელია! მაგრამ ის სხვა, რომელიც ასეთი სასტიკი და უსულგულო გეჩვენება, იქნებ ისე სულაც არ განსხვავდება შენგან, როგორიც გგონია? იქნებ სარკეში მაცქერალი ცხოვრების ნებიერა შენი ანარეკლია მხოლოდ სხვა სიბრტყეში? ეს მსგავსება იმასთან, ვინც არ მოგწონს და გეუცხოება თვითჩაღრმავებასა და თვითგანწმენდას იწვევს.
ამთავრებ მოთხრობას და შენც სარკეში მაცქერალ სხვებით უკმაყოფილო პერსონაჟს ემსგავსები, თანაც გრძნობ ერთგვარ სიმსუბუქეს, რომ ეს მწერალმა შენს ნაცვლად შესანიშნავად გამოხატა.
მე, როგორც „ჩემი გემოვნების მონამ“, ის მოგახსენეთ, რაც ირაკლი სამსონაძის მოთხრობებში დავინახე და მომეწონა. სხვა სხვანაირად წაიკითხავს და გამოხატავს, მთავარია, რომ მოთხრობები ნამდვილად აღძრავენ ფიქრისა და განსჯის წადილს.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006

No comments:

Post a Comment