Translate

Saturday, April 2, 2016

„მე მინდა სიცოცხლე“ _ შოთა ჩანტლაძე

                
                


_ქალბატონო მაია, შოთა ჩანტლაძის სახელი დღეს ისე ხშირად არ გაისმის, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ გავეცანით მის პოეზიას და დავრწმუნდით, რომ ის უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

_შოთა ჩანტლაძე, მართლაც, ღირსია, რომ უფრო ხშირად იხსენიებოდეს. მისი პოეზია გამორჩეულია და თავისთავადი. პოეტმა, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული პოეზიის შესანიშნავი ტრადიციები და, მეორე მხრივ, სიახლეებიც შემოიტანა, ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია მისი ვერლიბრი. პოეტი შესანიშნავად ფლობდა ვერსიფიკაციის კლასიკურ ფორმებს, ამაზე მეტყველებს მისი რითმიანი ლექსები, მაგრამ, ამავე დროს, ძიებას წარმართავდა თავისუფალი ლექსის რიტმის გასამრავალფეროვნებლად და წარმატებასაც აღწევდა. მან გაამდიდრა ქართული პოეზია  და თავისი კვალი დატოვა. XX საუკუნის 60_იან წლებში დაწერილი მისი ლექსები მოწმობენ, როგორ ღრმად განიცდიდა პოეტი სიტყვას. მას ჰქონდა, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, სიტყვის გზნების უნარი, ამიტომაც შეიგრძნობდა სიტყვას არა მხოლოდ ზედაპირულად, როგორც რაღაცის აღმნიშვნელს, არამედ როგორც თავისთავადს, განუმეორებელი სურნელითა და მელოდიურობით.

_როგორც ვიცით, შოთა ჩანტლაძე მხოლოდ ლექსებს არ წერდა.

_დიახ. იგი შესანიშნავ მოთხრობებსა და მინიატურებს წერდა. აქვს ძალიან საინტერესო ჩანაწერები, დღიურები და პირადი წერილები. მის პროზაში ლირიკა მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოეტი ამბის თხრობას, სიუჟეტის ხლართებს უფრო სუბიექტური განცდების აღწერას და გადმოცემას არჩევდა. ეს პროზა პოეტურია, თუმცა, ერთ მოთხრობაში არის მინიშნება, რომ იგი ვრცელი პროზაული ტექსტის, კერძოდ, რომანის დაწერას აპირებდა. სამწუხაროდ, არ დასცალდა. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ერთი ორიგინალური მოთხრობა სქოლიო, სადაც კარგად ჩანს ავტორის ადმოკიდებულება სამყაროს, სიცოცხლისა თუ სიკვდილის მიმართ. იგი სქოლიოს ადარებდა თავის პატარა ოთახს. აი, ფრაგმენტი ამ მოთხრობიდან: `არა, არ მინდა სახელი, არ მინდა დაფნის გვირგვინები! არა, არ მინდა დაიწეროს ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი ტომებს! არ მინდა დაიწეროს ჩემი ვრცელი ბიოგრაფია: არა, არ მინდა სახელი და დიდება! მე მინდა სქოლიო!~ აქ ჩანს პოეტის თავმდაბლობა. აქ პირველად სქოლიო აღიარებულია, როგორც არანაკლებ საინტერესო, ვიდრე ძირითადი ტექსტი. სიმბოლურად  ადამიანის რეალური ცხოვრება შეიძლება არც ასახავდეს მის ნამდვილ განცდებსა და მისწრაფებებს, მაგრამ თუ ჩაიხედები სქოლიოში, იმაში, რაც ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვანი ჩანს, შეიძლება ადამიანის სული უფრო სახიერად დაინახო.
_რას გვეტყოდით მისი ბიოგრაფიის შესახებ?
_მისი ბიოგრაფია საკმაოდ მშრალია. პოეტისთვის მთავარი მაინც მისი სულიერი ცხოვრებაა, რომელიც აღბეჭდილია მის ნაწერებში. შალვა ჩანტლაძის შემოქმედება, ამ თვალსაზრისით, მართლაც, მდიდარია. სწორედ აქ ირეკლება მისი მისწრაფებები, სხვადასხვა ლირიკულ `მედ~ გარდასახული პოეტი შემოქმედებაში თავს აღწევს ნაცრისფერ, ერთფეროვან რეალობას და ხანმოკლე წუთისოფლის ყოველ წამს ავსებს საოცარი ენერგიით, რომელიც ხან წუხილად, ტკივილად, ხან კი სიხარულად თუ ბედნიერებად იფრქვევა. იგი 1928 წლის 13 ივნისს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში. 1934 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 25_ სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. მეგობრები ბევრი ჰყავდა, უყვარდა მათთან ერთად უნივერსიტეტის ბაღში სეირნობა და გაუთავებელი ლაპარაკი ხელოვნებაზე. ახალგაზრდობიდანვე ბეჭებში მოხრილი ყოფილა და ამის თაობაზე ერთხელ უკითხავთ, ასე წახრილი რატომ დადიხარო? `ბეჭებზე მთელი ცის სიმძიმე მაწევსო~,_ღიმილით უპასუხია. ემზარ კვიტაიშვილი იგონებს: `შოთა ჩანტლაძეზე ბევრი (ვინც ახლოს არ იცნობდა) ფიქრობდა, რომ იგი ირონიით იყო აღსავსე, სარკასტული პიროვნება იყო, მაგრამ შოთაზე კეთილ, ერთგულ და პატიოსან კაცს ძნელად თუ ვინმე მოძებნიდა. ეს კია, მისი ამპარტავნობა უფრო ნიღაბს ჰგავდა_რომელიმე აღზევებული ბრიყვის მოსაგერიებლად და საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა~. თავის ლექსებს ხშირად ხმამაღლა კითხულობდა. 1954 წელს ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგაში. უჭირდა იქ სიარული, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა მსიამოვნებსო, ხშირად იტყოდა_ხოლმე. მოწაფეებს ემეგობრებოდა, წერილებს წერდა. პოეტი მოულოდნელად გარდაიცვალა 1968 წლის  29 ნოემბერს ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად. დაკრძალულია ვაკის საასფლაოზე.
შოთა ჩანტლაძე ინტენსიურად თარგმნიდა კიდევაც. მას ნათარგმნი აქვს `ირლანდიური საგები~, მუხრან მაჭავარიანსა და გივი ძნელაძესთან ერთად კი თარგმნა ფინური ეპოსი `კალევალა~ და სხვ.

_რა თემებზე წერდა და როგორ?

_მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. წერდა სიცოცხლეზე, მეგობრობაზე, წუთისოფელზე, სიყვარულზე, სიკვდილზე. მის პოეზიაში ირეკლება მისი მარტოობა, სლიერი ობლობა, ამ მხრივ, ყველაზე უფრო  ის ნიკოლოზ ბარათაშვილს ენათესავება:
`რადგან ეს სული, ასე ობოლი
არ იყო მათი სულების მსგავსი...
არსად ძმობილი, არსად დობილი,
მე მარტოხელა ვიყავი კაცი~.
თუმცა, ის არ გაურბოდა ცხოვრებას. პოეტს გარკვეულ საზოგადოებრივ აქტივობასაც ურჩევდა, ის უნდა ყოფილიყო ზნეობრივი ორიენტირი. ამ მხრივ, ილიასა და აკაკის იდეალებს ეხმიანებოდა:
`დედამიწაზე იმისთვის არსებობს პოეტი,
რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს~.
მისთვის უცხო იყო `სპილოს ძვლის კოშკში~ გამოკეტვა, რაც გულისხმობდა ხელოვნებას ხელოვნებისთვის, მაგრამ გამოთქმის, გამოსახვის ფორმას უდიდეს ყურადღებას ანიჭებდა. მთელ სამყაროს აღიქვამდა, როგოც უზარმაზარ წიგნს, რომელსაც გამუდმებით ჩხრეკდა, აანალიზებდა: `ქალაქი ჩემთვის წიგნია_
სქელტანიანი,
ეპოქალური და მოსაწყენი,
ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე.
ამ წიგნის უხილავი ავტორი
ყოველდღე შლის სტრიქონებს,
მთელ თავებს, ქვეთავებს,
ეპიგრაფებს და წერს ახალს,
იგი წერს ძალიან ძნელად და ნერვების მომშლელად.
ადამიანები სტრიქონებია ამ წიგნის~.
მისი შემოქმედების სახისმეტყველება მდიდარია, სავსე სიმბოლოებით, მეტაფორებით, თუმცა მისი მხატვრული სახეები არასოდეს არ არის ბუნდოვანი, განყენებული და გაუგებარი. პოეტი არ ქმნიდა მკითხველთან დისტანციას, პირიქით, ცდილობდა სათქმელი ზუსტად, ნათლად და უბრალოდ გამოეხატა, რათა მკითხველს შეეგრძნო მისი პოეზიის აზრი, მუსიკალობა და სურნელი.

_რას გვირჩევდითრა წავიკითხოთ შოთა ჩანტლაძის შესახებ?

_გირჩევდით, უპირველეს ყოვლისა, წაიკითხოთ 1984 წელს გამოცემული შოთა ჩანტლაძის კრებული, სახელწოდებით `თენდება, ღამდება...~, სადაც შესულია მისი ლექსები, მოთხრობები, მინიატურები. წიგნს თან ახლავს ემზარ კვიტაიშვილის წინასიტყვაობა `მე მარტოხელა ვიყავი კაცი~, სადაც წარმოჩენილია შოთა ჩანტლაძის ცხოვრება და შემოქმედება.
                                                                 


მაია ჯალიაშვილი,

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ_თანამშრომელი

No comments:

Post a Comment