Translate

Sunday, February 14, 2016

დროისა და სივრცის გადალახვა

მაია ჯალიაშვილი
დიდებული პოეტების თარგმნა ყოველთვის ზეიმია ქართველი მკითხველისთვის.
ამგვარი ზეიმის მონაწილედ გვაქცია პოეტმა ბათუ დანელიამ, რომელმაც შესანიშნავად თარგმნა ბორის პასტერნაკისა და იოსიფ ბროდსკის ლექსები (ბორის პასტერნაკი "იური ჟივაგოს ლექსები", გამომც. "შემეცნება" თბ. 2009; იოსიფ ბროდსკი "ბროლის კუნძული", საგამომცემლო სახლი "ინოვაცია", თბ. 2011).
ეს პოეტები დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, რადგან მათი პოეტური სამყაროები, განსხვავებული და თავისთავდი, სავსეა სიცოცხლის მრავალფეროვნებით, თავისუფლების წყურვილითა და რწმენით. მათი პოეზია სუფთა ჰაერივითაა, რომლის ჩასუნთქვა გიადვილებს ჯანმრთელ სულიერ არსებობას. ეს პოეზია მკითხველს აღავსებს დიდი ენერგიით, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა გადასალახავად. გადამდებია ამ პოეზიის მეამბოხური სულისკვეთება ყოველივე ანტიჰუმანურის წინააღმდეგ, ეს პოეზია მკითხველს საკუთარი თავისა და ღვთის ძიებისაკენ უბიძგებს.
ამ ორი დევნილის, შეურაცხყოფილის, თანამემამულეთაგან უარყოფილი მწერლის შემოქმედება იქცა რუსული ლიტერატურის კლასიკად. თუ ვინმეს სურს, ჩასწვდეს რუსეთის სულს, მან სწორედ ამ შემოქმედთა ნაწარმოებები უნდა გაიცნოს უპირველესად.
დიდი განსხვავების მიუხედავად, ორივე პოეტისთვის საერთოა სიტყვის სიყვარული. სიტყვა ღმერთი და სიცოცხლეა, ამიტომაცაა მათი პოეზია შთამბეჭდავი. მათი ლექსები ირეკლავენ ადამიანურ სითბოსა და სინაზეს, სისასტიკესა და გულგრილობას, დემონურისა და ანგელოსურის ჭიდილს. ყოველივე ეს კი წარმოჩენილია საოცარი მხატვრული სახეებით, მუსიკალურობითა და ფერწერულობით.
ამიტომაც ბუნებრივია ეჭვი, რომელიც გასჩენია მთარგმნელს: "განა შეიძლება, სრულყოფილად თარგმნო ლირიკული პოეზია - სხვისი სუნთქვა და გულისცემა, სხვისი ალერსი და ტკბობა, სხვისი სიხარული და მწუხარება?!"
პოეტის წრფელი გულდაწყვეტა იგრძნობა ამ სტრიქონებში. მართლაც, შეუძლებელია სრულყოფილი თარგმნა. პოეზია ხომ მხოლოდ აზრი და ემოცია არ არის?!
პოეზია ის დილა თუ საღამოა, როცა ლექსი შეიქმნა, ის წვიმაა, პოეტის მზერას რომ ასველებდა წერისას, ის სიოა "სარკმლით მონაქროლი", იასამნის ნელსურნელებით გაჟღენთილი... სიტყვათა ექოებია, ერთმანეთთან დაწყვილებისას გამკრთალი.
პოეზია სრულყოფილად არ ითარგმნება, ამიტომაცაა, რომ იშვიათია დედნის შესატყვისი პოეტური თარგმანები. ტიციან ტაბიძისადმი მიწერილ ერთ წერილში ბორის პასტერნაკი წერდა: "მართლა მოგეწონათ? მე კი მეეჭვება: ყოველგვარი თარგმანი, უხეიროც და კარგიც, ერთგვარი ძალადობაა დედნის მიმართ. ჩემი თარგმანი პირველთა რიგს უფრო მიეკუთვნება. ალბათ, დაგიმახინჯეთ ლექსები".
მხოლოდ კარგ პოეტს შეუძლია შექმნას ილუზია, რომ მისი თარგმანი ზუსტად ირეკლავს დედნისეულ გულისცემას. მხოლოდ კარგ პოეტს აქვს განცდა, რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სრულყოფილებამდე შორია და მხოლოდ იდეალური თარგმანისკენ სწრაფვა შეგაქმნევინებს ღირებულს.
ასეთია ბათუ დანელიას თარგმანები. თვითონ მას საოცრად აქვს გამახვილებული სიტყვის არსში წვდომის უნარი, ამაზე მეტყველებს მისი პოეზია, მაგრამ ერთია, როდესაც მშობლიური ენის კარნახით ქმნი, საკუთარ წინაპრებსა და ფესვებს აყურადებ, მეორეა, როდესაც სხვის სამყაროს თარგმნი, სხვის გულისცემას "იმეორებ".
იოსიფ ბროდსკი და ბორის პასტერნაკი განსხვავებული სტილის შემოქმედნი არიან. სხვადასხვაგვარია მათი პოეტური აზროვნების სიმბოლიკა, მათი ლექსიკა, მათი დამოკიდებულება ენასთან, ლექსთწყობის ფორმები, რითმა და რიტმი.
რა თქმა უნდა, იყო საშიშროება, რომ ქართულ ენაზე ისინი ერთმანეთს დამსგავსებოდნენ, რადგან ერთი პოეტი თარგმნიდა (რაც ხშირად ხდება ხოლმე), მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება ბათუ დანელიასი, როგორც მთარგმნელისა, სწორედ ისაა, რომ მან შეძლო მათი სტილური თავისთავადობის შენარჩუნება.
იოსიფ ბროდსკის თარგმანებისთვის შერჩეულია მისი პოეზიისთვის დამახასიათებელი ხელწერა, ბორის პასტერნაკის პოეტური მეტყველებისთვის - განსხვავებული მანერა.
ვფიქრობთ, ბათუ დანელია ჩასწვდა ორივე მწერლის შინაგან სამყაროებს, გაითავისა მათ ლექსებში წარმოჩენილი ტკივილი თუ სიხარული და მოძებნა აზრისა და ემოციის გამოხატვის ფორმები.
ერთადერთი, რაც ძალიან ბათუ დანელიასეულია, ეს არის ანჟამბემანები. იგი ანჟამბემანის დიდოსტატია. სტრიქონიდან სტრიქონში ისე გადაედინება აზრი და ემოცია, ამოსუნთქვას ვერ ასწრებს მკითხველი.
"აქ შეიძლება შეურიგდე სიცოცხლეს ჯერაც
გასავლელს - წილადს და გავლილის ლტოლვასაც ზარით
დასასრულისკენ, რაც წააგავს მთელს, ხოლო ბგერა
ამოღებული ლანჩის წვერით - არია არი" (იოსიფ ბროდსკი, "რომაული ელეგიები", ქ||).
"ნაჩურჩულევი ძლივს ესმოდათ, მაგრამ ქარიანს
ვერ აბრალებდნენ ჟამს და უცებ სიამე მოგვრილ
ერთ მოგვს ვიღაცა შეეხო და მობრუნდა მოგვი
და ღია კარში დაინახა: ქალწულ მარიამს,
როგორც სტუმარი, ისე ჭვრეტთა ვარსკვლავი შობის" (ბორის პასტერნაკი, "ქრისტეშობის ვარსკვლავი").
ორივე პოეტი ნობელიანტია, თუმცა პასტერნაკს უარი ათქმევინეს პრემიის მიღებაზე (1958 წ.), ბროდსკის კი პრემია 1987 წ. გადასცეს. სანობელო ლექციაში წარმოჩნდა მისი რწმენა მხატვრული ლიტერატურის გარდამქმნელი და გამაკეთილშობილებელი ძალისა. იგი ფიქრობდა, რომ "პლატონური მნიშვნელობით უნდა აიხსნას დოსტოევსკის შენიშვნა, რომ "მშვენიერება იხსნის სამყაროს", ან მეთიუ არნოლდის გამოთქმა, რომ "ჩვენ პოეზია გადაგვარჩენს". "სამყაროს გადარჩენა ალბათ უკვე შეუძლებელია, მაგრამ ცალკეული ადამიანისა ყოველთვის შეიძლება". მისი აზრით: "ჩვენს ხელისუფალთ იმის გათვალისწინებით რომ ვირჩევდეთ, თუ რა წაიკითხეს და არა იმის მიხედვით, ვინ როგორი პოლიტიკური პროგრამა შემოგვთავაზა, ქვეყნად ნაკლები სადარდელი იქნებოდა", ან კიდევ: "დიკენსის წამკითხველს თავისივე მსგავსის მოკვლა უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე მას, დიკენსი რომ არც გაუგია". ამგვარი თვალსაზრისი კი ეფუძნებოდა მის მიერვე ფორმულასავით ჩამოქნილ რწმენას: "ესთეტიკა ეთიკის დედაა".
ბორის პასტერნაკის სახელი განსაკუთრებით ძვირფასია ქართველთათვის. ცისფერყანწელთა ერთგულმა მეგობარმა დიდი ღვაწლი დასდო ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. პოეტი რამდენჯერმე იყო საქართველოში, განსაკუთრებით დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძის ოჯახს და ხშირად წერდა წერილებს. ამ წერილების ნაწილი დაბეჭდილია ნინო ტაბიძის შესანიშნავი მოგონებების წიგნში "ტიციანი და მისი მეგობრები".
პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას "გველის მჭამელი", ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთლის პოეზია. ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოლაუ ნადირაძის და სხვათა ლექსები. საქართველოთია შთაგონებული მისი წიგნები: "მეორედ დაბადება", "ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები".
მის ლექსებს ქართველებიც თარგმნიდნენ: სიმონ ჩიქოვანი, თამაზ ჩხენკელი, მორის ფოცხიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სურგულაძე, თედო ბექიშვილი, ტარიელ ჭანტურია, ჯემალ აჯიაშვილი, ანდრო ბუაჩიძე...
მისი პროზაული შედევრი "ექიმი ჟივაგო" ორჯერ ითარგმნა (აკაკი ბრეგაძე, ნოდარ ნონიაშვილი).
ბორის პასტერნაკის "ექიმი ჟივაგოს ლექსების" ბათუ დანელიასეული თარგმანები გამოირჩევა აზრის გადმოცემის დახვეწილობითა და მუსიკალურობით.
ყველასთვის ცნობილია ბორის პასტერნაკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანის, "ექიმი ჟივაგოს", ბედი. საბჭოეთში ეს წიგნი დაბეჭდვამდე აკრძალეს, ამიტომაც პირველად იტალიაში გამოიცა და მალე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ექიმი ჟივაგო, პოეტი და ექიმი, პასტერნაკის ალტერ ეგო, უკეთილშობილესი ადამიანი, რომანტიკოსი, სიყვარულის მაღმერთებელი ბოლომდე პოეტად დარჩა. რომანის ბოლოს დართული მისი ლექსები წარმოაჩენენ იური ჟივაგოს სულიერ ცხოვრებას.
რომანში, როდესაც ქარტეხილებს გადარჩენილი ჟივაგო საყვარელ ლარასთან ერთად დროებით ვარიკინოში განმარტოვდება, რათა უკანასკნელი პაემანი მოეწყოთ, გამოთხოვებოდნენ ოცნებებს, ჟივაგო ლექსების წერას დაუბრუნდება. საოცარი გატაცებით წერდა. და "იგრძნო აღმაფრენა". ვფიქრობთ, იმ სულისკვეთების გახსენება, რომელიც ჟივაგოს ლექსების წერისას ჰქონდა, დაგვეხმარება ჩავწვდეთ მისი ლექსების არსს. იგი გრძნობდა, ლექსების წერისას შემოქმედების წარმმართველ ძალთა თანაფარდობა ირღვეოდა, ყირამალა დგებოდა. ამ შემთხვევაში, მთავარი ადამიანი და მისი სულის მდგომარეობა კი არ იყო, რომლის ასახვასაც აპირებდა, არამედ, უპირველესად, მშობლიური ენა, რომლითაც სურდა, "გულისნადები დაეგვირისტებინა". მისთვის ენა იყო "სილამაზისა და აზრის სასუფეველი". თუ მიენდობოდი ენას, ის თვითონ გადააქცევდა ყოველივეს მუსიკად. ამიტომაც იყო, რომ ჟივაგო ლექსების წერისას საოცარ ნეტარებას განიცდიდა. ამიტომაც მოჩქეფდა მძლავრ ნიაღვრებად ჟივაგოს ლექსებში ფერი და მუსიკა.
სწორედ ეს ფერადოვნება შეუნარჩუნა ბათუ დანელიამ ამ ლექსებს, რომლებიც გამსჭვალულია სიცოცხლის დაუშრეტელი ენერგიით. ეს ენერგია იბადება ღვთის "ხილვის" დიდი წყურვილიდან. ეს განწყობილება ირეკლება ლექსებში: "ვნების კვირას", "ქრისტეშობის ვარსკვლავი", "მაგდალინელი", "გეთსიმანიის ბაღი" და სხვ.
"გარშემო ჯერაც ღამე ხასხასებს,
ჯერაც ვერაფრით დათვლი ვარსკვლავებს,
ჯერაც დუმს ზეცის ყველა სართული,
ღამეს დრო კიდევ დარჩა წასვლამდე,
და ზოგჯერ რომ არ განზე მიხედვა,
მიწა ფსალმუნის კითხვით გართული,
აღდგომის მოსვლას ვერც გაიგებდა." ("ვნების კვირას").
ბათუ დანელიასთვის მთავარია, მოიხელთოს ლექსის სული და მერე შესატყვისი ფორმით გადმოსცეს, ამიტომაც ასე ცინცხლად აღწევს ჩვენამდე პასტერნაკის ხმა ქართული სიტყვებით. მას ხომ ასე ძალიან უყვარდა საქართველო.
იოსიფ ბროდსკის პოეტური ენა რუსული პოეზიისთვისაც სიახლე იყო, არატრადიციული სინტაქსი, მითოლოგიურ სახეთა სიჭარბე, ტეხილი რიტმი - ეს იყო ინტელექტუალური პოეზია, საოცრად დახვეწილი, თუმცა, პასტერნაკის პოეზიასავით გამჭვირვალე არა. თუ პასტერნაკთან შეხვედრა მაშინვე გაჯადოვებს თვალში საცემი პოეტურობით, მშვენიერების გულწრფელი თაყვანისცემით, ბროდსკის პოეზია ასეთი "სტუმართმოყვარე" არაა, აქ მეტი ძალისხმევა სჭირდება მკითხველს მასთან გასაშინაურებლად.
მიუხედავად ამისა, ბათუ დანელიამ შეძლო ბროდსკის სულიერი სამყაროს ქართულ ენაზე გადმოტანა. ამისი დასტურია ლექსები: "ძილისპირული", "რომაული ელეგიები", "ტემზა ჩელსიში", "ახალი ჟიულ ვერნი", "მეტყველების ნაწილი", "დიდი ელეგია ჯონ დონს", "ოდისევსი ტელემაქეს", "დეკემბერი ფლორენციაში" და სხვ.
"სძინავს ღმერთსაც და - დედამიწა სხვაფერობს ახლა...
ბრმაა ყველასი თვალი, ყურიც ვერაფერს ისმენს,
ეშმაც ძილშია, მასთან ერთად ომებით დაღლილ
მტრობასაც სძინავს თოვლის ველზე ინგლისურ ცისქვეშ.
მთავარანგელოზს სძინავს ბუკით, სძინავთ მხედრებსაც,
ცხენებიც ნარნარ რხევით გრძნობენ ძილისას გემოს,
ქერუბიმებიც, ჩახვეულნი, მძინარ ვედრებად
მოჩანან პავლეს ეკლესიის თაღების ქვემოთ.
ჩასძინებია ჯონ დონსა და ყველა ლექსს სძინავს,
ყველა ხატსახეს, ყველა რითმას - კარგსა და მდარეს
ვერც კი გაარჩევ... და ყველანი, ქცეულნი სპლინად,
სილაბურ ლექსში წვანან, როგორც ღრუბლებში მთვარე".
ეს არის ფრაგმენტი ლექსიდან "დიდი ელეგია ჯონ დონს", რომელშიც შესანიშნავად ირეკლება ბათუ დანელიას ოსტატობა, ზუსტად შეარჩიოს ლექსის რიტმი, რითმა და თითქმის უნაკლოდ გადმოსცეს დედნისეული სტრიქონების სული, აზრი, ფერი, მუსიკა და სურნელი. ჯონ დონი ბროდსკის საყვარელი მეტაფიზიკოსი პოეტი იყო, რომლის პოეზია თარგმნა კიდევაც.
ბროდსკისთვის ენა ამოუხსნელი მეტაფიზიკური ფენომენი იყო. ამაზე საუბრობს ის თავის შესანიშნავ ესეებში. მან გაიზიარა ოდენის ფრთიანი გამოთქმა: "დრო ენას აღმერთებს" და თვითონ უფრო გააღრმავა: "თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც - ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას?" ამ ღრმააზროვან კითხვებზე პასუხია ესეში "აჩრდილის თაყვანისცემა" (გია ჯოხაძის თარგმანი).
ნობელიანტი ჩესლავ მილოში ბროდსკიზე წერდა, რომ მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია "მეტაფორათა ქსელი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე სტროფში განიტოტება, ქმნის ისეთ სალექსო კონსტრუქციას, რომლისთვისაც საჭიროა დეკლამაცია, სიმღერაც კი... პოეტის ამოცანა, როგორც ეს ბროდსკის ესმის, მემკვიდრეობის შენარჩუნებაა სამყაროში, რომელიც სულ უფრო იხრება მეხსიერების დაკარგვისაკენ. ბროდსკის საწყის ტექსტად ბიბლია უნდა მივიჩნიოთ... ის თავისუფლად იყენებს ლიტერატურულ მოდელებსა და ადამიანური ქცევის არქეტიპებს".
1991 წელს ბროდსკი გამოეხმაურა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველ მწერალთა ჯგუფს. მის წერილში ვკითხულობთ; "ძვირფასო მეგობრებო! როგორც ქართული კულტურისგან ბევრი რამით დავალებული ადამიანი, თქვენ გვერდით ვარ".
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბროდსკის პოეზია შესანიშნავად აქვთ ნათარგმნი ვახუშტი კოტეტიშვილსა და გია ჯოხაძეს და ეს თარგმანებიც არაჩვეულებრივად გადმოსცემენ ამ პოეტის მხატვრული სამყაროს თავისთავადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გია ჯოხაძის წიგნი "მშვენიერი ეპოქის დასასრული" (ბროდსკის ლექსები, ესეები, ინტერვიუები, ლექციები).
ეს ორი დიდებული პოეტი თავისი შემოქმედებით გადალახავს დროისა და სივრცის საზღვრებს და უკვდავებას მოიპოვებს ენაში.
სწორედ ამ წყურვილს უკვდავებისას შეიგრძნობს მკითხველი მათი ლექსების ბათუ დანელიასეული თარგმანების კითხვისას.
დაბეჭდილია: გაზ. „რეზონანსი“, 09.04.2012

No comments:

Post a Comment