Translate

Monday, February 1, 2016

გოდერძი ჩოხელის ცხოვრების წიგნი სცენაზე

მაია ჯალიაშვილი

                    

შთაბეჭდილებები გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით შექმნილ სპექტაკლზე  “ბედისწერის თეატრი


ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ“, _ წერს გოდერძი ჩოხელი მოთხრობაშიჩემი წიგნი“. მიუხედავად ამგვარი ეგზისტენციალური შიშისა, ის თავისი სცენარების მიხედვით იღებდა ფილმებს და უჩვეულო პერსონაჟებს განუმეორებელ კინოსახეებად აქცევდა, ასე რომ ატყვევებდა უცნაური მაგიურ-იგავური სტილისტიკით ქართველსა  თუ უცხოელ მაყურებელს (“სამოთხის გვრიტები”, “ლუკას სახარება”, “მიჯაჭვული რაინდები”, “ცოდვის შვილები”, “წერილი ნაძვებს”, “ადამიანთა სევდა”, “სიყვარულის ცეცხლი”, “უცხო”, “ადგილის დედა”, “ბაკურხეველი ხევსური”, “აღდგომის ბატკანი”, “თეთრი დროშა”). 

ახლა კი გოდერძი ჩოხელის მოთხრობათა პერსონაჟები სცენაზეც გაცოცხლდნენ. ეს ქართველი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის დიდი საჩუქარია.
საზოგადოდ, მისი პროზისთვის დამახასიათებელია ერთგვარი მონტაჟურობა, რაც მათი პიესებად გადაკეთების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ეს ძნელი საქმეა, როდესაც ამას თვითონ ავტორი კი არა, არამედ სხვა ასრულებს, რა თქმა უნდა, შემოქმედებით ნიჭით დაჯილდოვებული. ასე რომ, განსაკუთრებით რთული ამოცანის წინაშე იდგა საბა მეტრეველი, დახვეწილი ლიტერატორი, მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა და აქტუალურ საგანმანათლებლო თემებზე დაწერილი მწვავე პუბლიცისტური სტატიების ავტორი. მან ჩაიფიქრა სცენაზე ერთ პიესაში შემოეყვანა გოდერძი ჩოხელის სხვადასხვა მოთხრობის პერსონაჟები, რათა მაყურებლის წინაშე წარმდგარიყო მწერლის სამყარო, სავსე სიცოცხლის ყველა ხმით: სიყვარულითა და სიძულვილით, ანგელოსურითა და დემონურით, სიკეთითა და ბოროტებით. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო იმ სიუჟეტური ძაფის შექმნა, რომელზეც შემდეგ ძვირფასი მარგალიტებივით აასხა მოთხრობებში გაბნეული ამბები. მოიფიქრა დამოუკიდებელი ნაწილებისგან შექმნილი ერთი მთლიანი მოდელითავისი სათქმელით, რიტმით, ენერგით, თანვე არ დაუკარგა იმ ნაწილებსაც თავიანთი სული და სიცოცხლე. საბა მეტრეველმა ოსტატურად გადალახა ამგვარი საქმისას თანმდევი დაბრკოლებები და მაყურებელმა იხილა სრულიად ახალი პიესა, რომელმაც გოდერძი ჩოხელის მოთხრობათა თემატური მრავალფეროვნება, მისი ესთეტიკა უდანაკარგოდ გარდასახა პიესის სივრცეში, მცირე დრო-სივრცულ მონაკვეთში შემოკრიბა, არ დაუკარგა სიცოცხლე არცერთ იდეურსა თუ მხატვრულ შენაკადს და შექმნა ერთიანი, ძლიერი, სახიერი, გამოკვეთილი სტრუქტურა, რომლის ცალკეულ ელემენტს დამოუკიდებელი მიზანდასახულება მიანიჭა.
ბედისწერის თეატრიდაარქვა ავტორმა პიესას და ამგვარად გამოკვეთა მთავარი სათქმელი. მან გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის პერსონაჟი, თეატრის ყოფილი მოკარნახე ოფელია შემოიყვანა მთავარ სტრუქტურულ ღერძად. თეატრალურ, შექსპირის ოფელიას სამოსში გამოწყობილ გმირს გუდამაყრელი მართა ანგელოზად მიიღებს და სასწაულებრივად გამოჯანმრთელდება. აქედან იწყება ახალი პერსონაჟებისშემოსვლაპიესაში. ისინი თავიანთი სატკივრით მოდიან მიწაზე ჩამოსულ ფეხმოტეხილ ანგელოზთან საშველის სათხოვნელად.

პიესაში იხატებიან ბედისწერას შეჭიდებული ადამიანები. ავტორი შეეცადა, იმგვარად შეერჩია მოთხროობის პერსონაჟები, რომ გამოკვეთილიყო მათი ინდივიდუალურობა, თავგადასავლების შთამბეჭდაობა და თემათა მარადიულობა, ჩვენს დროშიც აქტუალურობა. მათ შორის გამოკვეთილია ბედისწერის თემა, რომელიც უძველესია და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულადაა წარმოჩენილი. ძველი ბერძნული თეატრი ბედისწერასთან ჭიდილში დამარცხებულ გმირებს აცოცხლებდა, რომელთაც ძალა არ შესწევდათ მასთან გამკლავებისა. რა იყო ბედისწერა? ძველ ბერძენთა მიხედვით, ეს იყო ღმერთების მიერ ადამიანისთვის წინასწარ გამოტანილი ერთგვარი განაჩენი, წინასწარ დაგეგმილი გზა, რომელსაც გმირი ვერ შეცვლიდა.
შექსპირის შემოქმედებაში გმირებს ბედისწერად ექცათ თავიანთი ვნებები და სურვილები, ხოლო იბსენთან ბედისწერად გააზრებულ იქნა წინაპართა ცოდვები, ეს ერთგვარად შეეხმიანა ქრისტიანულ წარმოდგენას, ხოლო კამიუსთან ის ყოფის  აბსურდულობის გამომხატველად იქცა, მიხეილ ჯავახიშვილთან კი ის წარმოჩნდა, როგორც საკუთარი შეცდომების გამოძახილი.
მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, როგორ გაიაზრებს გოდერძი ჩოხელი ბედისწერას და, მეორე მხრივ, როგორ ახერხებს საბა მეტრეველი მოთხრობებში გაბნეული მწერლისეული ფილოსოფიის  სრულად შემოკრებას ერთ პიესაში? გოდერძი ჩოხელისთვის ბედისწერა ნაზავია ზემოთ სხვადასხვა მწერალთან ნახსენები მნიშვნელობებისა. მის შემოქმედებაშიც გმირები იტანჯებიან ბრმა ბედისწერის, ადამიანთა გაუტანლობის, დროის უკუღმართობის, ურწმუნოების, უიმედობის, უსამართლობის, საკუთარი თუ წინაპართა ცოდვებისა და სხვა ათასგვარი ბოროტების გამო. თუმცა ბოროტებასაც და სიკეთესაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში აქვს კონკრეტული პერსონაჟის სახე.
საბა მეტრეველმა, როგორც თეატრალური სამყაროს ზედმიწევნით მცოდნემ, გაითვალისწინა სცენისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი. გოდერძი ჩოხელის მოთხრობების წარმოსახვითი სივრცე უსაზღვროა, მის წიგნთან დარჩენილი მკითხველი მაგიურ და ჯადოსნურ სანახებში ისე მოგზაურობს, ვერანაირ ბარიერს ვერ ხედავს მატერიალური და ირაციონალური, მისტიკური სამყაროების თავისებურ შერწყმაში. საბა მეტრეველს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ პიესაში არ დაკარგულიყო სამყაროს გოდერძი ჩოხელისეული აღქმის ორიგინალობა. სიძნელეს ქმნიდა ისიც, რომ, მართალია, მკითხველის წარმოსახვაში ყველა პერსონაჟი გამოიკვეთებოდა, მაგრამ საჭირო იყო მეტი მონოლოგი თუ დიალოგი, მეტი  მოქმედება, რაც სცენას გააცოცხლებდა.
ვინ ვართ ჩვენ ამ სამყაროში? უბრალო მტვრის ნაწილაკებიპასკალისეული მოაზროვნე ლერწამნი თუ ღვთის მიერ მის სახედ და ხატად ჩაფიქრებულიშემოქმედების გვირგვინნი”? ამ საფიქრალს უტრიალებს გოდერძი ჩოხელი. ზნეობრივი ღირებულებების გადარჩენა მას ადამიანური სახის  შენარჩუნების აუცილებელ პირობად მიაჩნდა. ის ადამიანს ხატავდა  პატარა სოფლების ერთგვარ ჩაკეტილ სივრცეებში, თანვე ეს მიკროსამყაროები _ სავსე მთის ჯანსაღი ჰაერით, მითიური წარმოდგენებით, ზღაპრებითა და ლეგენდებით _ ახალ განზომილებებს წარმოშობდა და მიკროკოსმოსის მოდელირებას ახდენდა.
ცნობილია, როგორ იცვლება პიესა სცენაზე განხორციელებისას. რეჟისორი და მსახიობები მას ახალ სიცოცხლეს სძენენ. ტექსტი თავიდან იბადება და იცვლება გარემოს შესაბამისად. ამ გარემოს კი მსახიობები, რეჟისორი და მაყურებელი ერთად ქმნიან.
საგულისხმოა ის მღელვარება და მოკრძალება, რასაც ავტორი მასალაზე მუშაობისას განიცდიდა. საბა მეტრეველი ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: “მთელი ექვსი თვე თითქოს მწერლის ხმა დამდევდა: ამას როგორ ბედავ, რამ გაგაკადნიერაო. პიესაში სპეციალურად არ შევიტანე ის ნაწარმოებები, რომლებიც თავადვე აქცია კინოდ, მოვერიდე იმათაც, რასაც სკოლებში ასწავლიან. ხელოვნებაში ჩემთვის მთავარია განსაკუთრებული ფორმა და ამაღელვებელი შინაარსი. სწორედ ასეთ ქარგაზე ავაგე სცენარი გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედების გათვალისწინებით”. მან ამ პიესაში  გააცოცხლა  სხვადასხვა მოთხრობის (“ჩემი წიგნი”, “ადამიანთ სევდა”, “ბედისწერის თეატრი”, “მართა”, “ღმერთის შვილები”, “მოხევის სადღეგრძელოდა სხვ.) პერსონაჟები და სცენის ერთ სადა და ტევად მიკროსამყაროში შემოიყვანა მთელი სოფელი, თავისი წარმავალი თუ მარადიული სატკივრით. სწორედ ეს სოფელი, როგორც, ზოგადად, წუთისოფელი, თითქოს არღვევს სცენასა და მაყურებელს შორის არსებულ   საზღვარს და შემოიჭრება რეალურ ყოფაში. ეს სცენა კი, ერთი მხრივ, სარკისებურად ირეკლავს ყოფას, მეორე მხრივ, ყოველივეს გარდაქმნის და მხატვრულ სიმბოლოებად აქცევს.
საბა მეტრეველისთვის ლიტერატურული მასალის გასცენიურება პირველი არ არის, მას ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება აქვს (პეტრე კოლხის ლირიკის მიხედვით მან შექმნა სცენარიმოძღვრის აღსარება”).
სპექტაკლის რეჟისორები არიან ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი. მათი ეს ერთობლივი ნამუშევარი მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების წარმოჩენა სცენაზე. თანამედროვე ქართული თეატრი მსოფლიო თეატრალურ ტენდენციებს მისდევს და სრულიად განსხვავებულ, ორიგინალურ, ეპოქის შესაბამისი სულისკვეთების წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს. ახმეტელის თეატრი ყველაგან გამორჩეულია თავისი ტრადიციით, ესთეტიკითა და სტილისტიკით, ინოვაციური ძიებებით. რა თქმა უნდა, ამ თეატრში სხვადასხვა დროს განსხვავებული მსოფლმხედვისა და შეხედულებების რეჟისორები მუშაობდნენ, მაგრამ მაინც მისი სახე ასოცირდება თამამ ექსპერიმენტებთან.
თბილისის გარეუბანში არსებული ახმეტელის თეატრი მაცოცხლებელი შენაკადია დედაქალაქის კულტურული ცხოვრებისა. თეატრს ხელმძღვანელობს დღეს გამორჩეული ხელწერის ხელოვანი ირაკლი გოგია, რომელსაც მიაჩნია, რომთეატრი სულით მკურნალობაა”. ახმეტელის თეატრამდე ოთხი წელი ზუგდიდის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, შემდეგ მცირე ხანს მოზარდმაყურებელთა თეატრში იმუშავა, პარალელურად, ილიას უნივერსიტეტში რეჟისორებს ასწავლიდა და ხელოვნების ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა. მიზანდასახული, ენერგიული და შემოქმედებითი ძიებებით აღსავსე ირაკლი გოგია სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში (რუსთაველში, მარჯანიშვილში) დგამდა. ახალგაზრდა რეჟისორს უკვე აქვს წარმატებით დადგმული სპექტაკლები, მათ შორის, გამოვარჩევთ 2013 წელს ჯონ მარელის პიესისლანგუსტის სიცილისმიხედვით მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლსმემუარები”, რომელშიც სცენის დიდოსტატები: ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია მონაწილეობდნენ. აგრეთვე, ილიაუნის თეატრში დადგმულ სპექტაკლსლიფტი” (პიესის ავტორები: ისმაილ იმანოვი, ნათელა ოსმანლი), ახალგაზრდა მსახიობთა მონაწილეობით, “პილონი” (ფოთის თეატრში დაიდგა რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით). ერთგვარი სკანდალი გამოიწვია მისმარომეო და ჯულიეტამ”, მაყურებელთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია პიესის ორიგანულმა გათანამედროვებამ, კერძოდ, მსახიობთაგაშიშვლებამ”, თუმცა თეატრს სწორედ ამგვარი თამამი ექსპერიმენტები აცოცხლებს, რეჟისორის ნიჭზე მეტყველებს ის, რომ მას შეუძლია კლასიკის ახლებური წაკითხვა და თანამედროვედროვეობის სულისკვეთების გამოხატვა. ამიტომაცაა, რომ მის სპექტაკლებს არ აკლია მაყურებელი. ჯერ კიდევ დოქტორანტი იყო ირაკლი გოგია, როდესაც მისმა სპექტაკლმაფერფლის პლანეტამ” (დევიდ ზან მაიროვიცის რადიოპიესის მიხედვით) 2012 წელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, კერძოდ, მინსკში გამართულ თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კონგრესისა და  საუნივერსიტეტო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.
მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი გოგია დაინტერესებულია კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურითაც. მისი ბოლო დროის სპექტაკლებიდან  გამორჩეულია ლაშა გოგნიაშვილთან ერთად გოდერძი  ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლიბედისწერის თეატრი”. ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლებსაც კარგად იცნობს თანამედროვე თეატრალური სამყარო: განსაკუთრებით გამოვარჩევთ 2014 წელს ცხინვალის თეატრში დადგმულ ევგენი შვარცის პიესასკონკია”, ათენში დადგმულ სპექტაკლს _ “ფიროსმანს”. მისმა  სპექტაკლმა ,,ბესლანმაუკრაინის ფესტივალ ,,მანდრივი ვიშაკზემეორე ადგილი დაიკავა, აგრეთვე, “წითელ ზოლს”. მის სპექტაკლებს გამოარჩევს თანამედროვე აქტუალურ თემებთან მძაფრი და კრიტიკული შეხმიანება, ჰუმანიზმისა და ზნეობრივი იდეალებისთვის ბრძოლისა და სიფხიზლის პათოსი
ლაშა გოგნიაშვილმა ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “ნებისმიერი ჩვენგანისათვის ძალიან ახლობელია გოდერძი ჩოხელი, მაგრამ როცა მისი შემოქმედება სცენაზე გადაგაქვს და ცდილობ, პერსონაჟები გააცოცხლო, სირთულეებს აწყდები. არ გინდა, დაკარგო ის სიბრძნე, რომელიც მის ნაწარმოებებშია. თან ეს ყველაფერი მოქმედებას მოარგო, რომ მხოლოდ მონოლოგი არ გამოვიდეს. ძალიან ბევრი ხერხის მოფიქრება დაგვჭირდა, რომ მწერლის ხელწერა მაყურებლამდე არა განსხვავებული, არამედ პირველყოფილი სახით მოგვეტანა”.
რეჟისორებმა და სცენარისტმა შესანიშნავად ითანამშრომლეს და წარმატებასაც მიაღწიეს. საგულისხმო რეჟისორული მიგნებაა ბორჯღალით გამოხატული კერიის დადგმა სცენაზე, სწორედ ეს კერია, როგორც ოჯახის, სოფლის, ქვეყნისა თუ მთელი სამყაროს მაცოცხლებელი სიმბოლო, შემოიკრებს გარშემო ყველა პერსონაჟს. ამ კერიის გარშემო თამაშდება დრამატული ისტორიები, რომელთაც ყოველი პერსონაჟი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მეტყველების, ჟესტების მანერით აცოცხლებს.
სპექტაკლის დასაწყისშივე გაისმის ყოფის ფუნდამეტური კითხვები: რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? გოდერძი ჩოხელის მეტაფორული პასუხები: “სიცოცხლე ადამიანად არსებობის ტკბილი სევდაა”, ხოლოსიკვდილი _ ადამიანად არყოფნის სევდათავიდანვე შესძრავს მაყურებელს და  ჩართავს სცენაზე მიმდინარე ადამიანურ კომედიასა თუ ტრაგედიაში.
მშვენიერი რეჟისორული გადაწყვეტაა, როცა თავიდან, პირველსავე ეპიზოდში მაყურებელი ყველა პერსონაჟს ერთად ხედავს სტატიკურ მდგომარეობაში. ისინი უცხონი არიან, მაგრამ შემდეგ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე შემოდის სცენაზე, თავის სიხარულსა თუ ტკივილს, თავის დარდსა და ოცნებას უზიარებს მაყურებელს და სპექტაკლის ბოლოს, როცა ისინი ისევ ერთად გამოჩნდებიან ყველანი სცენაზე, მაყურებელი უკვე აღარ არის მათ მიმართ გულგრილი. რეჟისორებმაც შეძლეს და ისინი გააცნეს მაყურებელს, სული, გული და გონება შეუძრეს მას, კათარზისი გამოიწვიეს და შინ წასულებს გააყოლეს ადამიანად ყოფნისთვის აუცილებელი ფიქრი სიყვარულსა, სიკეთესა, სამშობლოს ერთგულებასა და რწმენაზე.
გამოკვეთილ სახასიათო როლებს ქმნიან მსახიობები, მათ შორის გამორჩეულია ოფელია, შექსპირის ოფელიასებური არაამქვეყნიური უმანკოებით, გულუბრყვილობითა და თანვე ერთგვარი ამქვეყნიური, გარემოებებით განპირობებული ეშმაკობით, მოირგოს ის როლი, რომელსაც სოფელიმოითხოვსმისგან. მსახიობი გვანცა კანდელაკი შესანიშნავად გადმოსცემს პერსონაჟის სულში დატრიალებულ დრამას, რომელიც გულისხმობს ყოფით პრობლემებთან გამკლავების სიძნელესგოდერძი ჩოხელს პერსონაჟი მონასტერში მიჰყავს, ამ პიესაშიც ასეა. ბოლოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ამქვეყნიურ როლს, დაეხმარა სოფლელებს თავისი მოულოდნელი ანგელოზობით, ისიც მონასტრისკენ მიდის, თუმცა მანამდე   ის სოფელს გაუმხელს თავის მიწიერობას.

საინტერესო სახეა სცენაზე მუდმივად მყოფი მეფანდურე ყმაწვილი, რომლის როლს ასრულებს გიორგი ცხადაძე. იგი თითქოს დროის სიმბოლოა. ყმაწვილი მთელი სპექტაკლის განმავლობაში უკრავს ფანდურზე მოქმედების შესაფერის სხვადასხვა მელოდიას და მღერის ისევე რიტმულად და ბუნებრივად, როგორც დროის მდინარებაა, მარად თანმდევი და შეუმჩნეველი.
დაუვიწყარია გია ჯაფარიძის ბათარეკა, რომლის მიერ წარმოთქმული ყოველი ფრაზა თითქოს საბრძოლო იარაღია ბოროტებასთან საბრძოლველად. მსახიობი ახერხებს პერსონაჟის სამყაროს უდანაკარგოდ მოტანას მაყურებლამდე, მასში აღძრავს ვაჟკაცური სულისკვეთებასა და ჩაგრულის თანადგომის, მოყვასისთვის თავგანწირვის სურვილს.
მზია ტალიაშვილის მართას სახე მოგვაგონებს ოთარაანთ ქვრივისებურ შეუდრეკლობას, რომელსაც მხოლოდ შვილის ტრაგიკული აღსასრული ბზარავს. მსახიობს ზუსტად, ყოველგვარი ხელოვნური დრამატულობის გარეშე მოაქვს მაყურებელთან ანგელოსურისა და დემონურის შეხვედრისას წარმოქმნილი ელდის არსი. მართას გულში ჩვილივივით  ჩახუტებულივეფხისტყაოსანიმაყურებელს იმედს აღუძრავს, რომ მშვენიერება, საბოლოოდ, არსად იკარგება, ის დაძლევს სიკვდილის ბორკილებსაც და გათავისუფლებული მარადიულად მოევლინება წუთისოფელს.
მაყურებელი სულშეძრული ისმენდა მტრედისა და კაცის მეგობრობის შთამბეჭდავ ისტორიას. მსახიობ მამუკა მაზავრიშვილის აპარეკა ნამდვილად ამხელს მსახიობის ოსტატობას. მან შეძლო მთელი სხეული იმგვარად გარდაექმნა, რომ მისი მზერისას მაყურებელს ჰქონოდა მისი სულის გაჩხრეკის განცდა. უბედურებისა და ბედნიერების საოცარი ნაზავის განცდის გამოხატვა შეძლო მსახიობმა და მაყურებელს ფიქრის ნაკადები აღუძრა.

საინტერესო იყო ბექნუ ქაფიანიძის მწერალი, რომლის სახეში გამოიკვეთებოდა ერთგვარი თავდაჯერებულობაცა და დაბნეულობაც. მაყურებელი ხედავდა, როგორ ეჭიდებოდა მის სულში ერთმანეთს წარმავალ, მატერიალური სამყაროსთან მიჯაჭვულობის განცდა და უკვდავებასთან ზიარების წყურვილი.
სპექტაკლში არის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, როგორც ცხოვრებაში, მაგრამ ყველა როლს შესანიშნავად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მსახიობები. მაყურებელს შესძრავს მათი თამაში, ნელი ბადალაშვილის სოფიო, ლიკა ქუთათელაძის ნინუა, ნინო ციმაკურიძის სალომე, ჯაბა ჯაფარიძის ჯღუნა, ვაჟა ციცილოშვილის გაგილა, თამარ ბეჟუაშვილისა და  თამთა პატაშურის _ პოლიტიკოსები, ერთგვარი პაროდირებული სახეებიიუკა ვასაძის მეჯვარე, ვასილ შიხაშვილის, ანდრეა გველესიანის, მაიკო ვაწაძის, შორენა ზუბიაშვილსა და ვალერი ტორონჯაძის შესრულებული მეზობელთა სახეები.
მსახიობები ახერხებენ ხმის ინტონაციური მიმოხვრით, ჟესტ-მიმიკითა და მოძრაობითმაყურებელს უჩვენონ, რა სულიერი ძვრები ხდება ადამიანში, როგორ იცვლებიან, გარდაიქმნებიან. პიესის მატერიალურ სივრცეში ხილვად ჰორიზონტალზე განვითარებული ამბები გამოძახილს პოულობენ უხილავ სულიერ ვერტიკალზე, რომელიც ხშირად მსახიობთა მრავლისმთქმელ მზერასა და გამომეტყველებაში მჟღავნდება. მსახიობთა შორის იყვნენ, როგორც გამოცდილნი, ასევე გამოუცდელნი, მაგრამ ისინი ერთ ანსამბლს, ერთგვარ ორკესტრს ქმნიდნენ, ყველა თავისი ენერგეტიკული ველით იყო ჩართული ამ მაგურ დრო-სივრცეში, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა მაყურებელს, ამიტომაც იგრძნობოდა დარბაზის რეაქცია მიმდინარე ამბებზე, ტაშით, დუმილითა თუ თვალს მომდგარი ცრემლებით.

რეჟისორებთან ერთად სპექტაკლის ერთიანობას ქმნიან  მხატვარი: მარიკა კვაჭაძე, ქორეოგრაფი: გიორგი რაზმაძე, რეჟისორის თანაშემწე: რუსუდან შოშიტაშვილი. ყოველი მათგანის ღვაწლი თვალსაჩინოა.
ერთ ინტერვიუში შესანიშნავი პოეტი, გოდერძი ჩოხელის მეგობარი  ტარიელ ხარხელაური აღნიშნავს: “სულ ახლახან ახმეტელის თეატრში ვიყავი, სადაც გოდერძის ნაწარმოებების მიხედვით, პირველად საქართველოში დაიდგა სპექტაკლი. პირველივე წუთიდან შიშმა ამიტაცა, როგორ შეიძლება გოდერძი ჩოხელი აიყვანო აი, ასეთ პატარა სცენაზე, თან ამდენი მსახიობებით. ოცი კაცი მაინც იდგა სცენაზე. მაგრამ სპეკტაკლის დამთავრების შემდეგ გაკვირვებული დავრჩი. როგორ შეძლო რეჟისომა, რომ გოდერძის ხასიათი არ დაკარგვოდა სპექტაკლს, ის დიდი ტკივილი, რომელმაც გოდერძი ჩოხელის გული ასე დაფლითა. აი, ამ სპექტაკლში დავინახე, როგორ იდგა ის მწერვალზე”.
ერთ მოთხრობაში გოდერძი ჩოხელი წერს: „მგონია, რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის. გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ“ („ჩემი წიგნი“).
სპექტალის შემქმნელებმა, მთელმა სამსახიობო დასმა, ამ ჯადოსნური წიგნი-სპექტაკლის წამკითხველად თეატრში მისული მაყურებელიც აქცია და ის ბედნიერება მიანიჭა, რომელიც გარწმუნებს სიკეთისა და სიყვარულის მარადიულობაში.

დაიბეჭდილია: ჟურნ. „კრიტიკა“, #10, 2015, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა

No comments:

Post a Comment