იული ცეს რომანი "თამაში"
რა მოხდება, თუ ადამიანები ზნეობას უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე მოისვრიან?
რა მოხდება, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ?
რა მოხდება, თუ ადამიანები ცხოვრებას გასართობად, თამაშად აქცევენ, ყოველივეს, ღირებულსა და ფასეულს აბუჩად აიგდებენ, დაამცირებენ, შეურაცხყოფენ?
ამ კითხვებზე პასუხი დღეს ყველა გონიერს შეუძლია, მაგრამ მაინც არავის სურს დაიჯეროს კაცობრიობის იმგვარი მომავალი, როდესაც სიყვარულის უნარს დაკარგავს ადამიანი, ადამიანობის განმსაზღვრელ იდეალებს ფეხქვეშ გათელავს და დაივიწყებს. ნამდვილი მწერალი კი ყოველ დროში წინასწარმეტყველივით მოთქვამს და აფრთხილებს ადამიანებს გარდაუვალი კატასტროფის მოახლოებაზე. სწორედ ამგვარი ტკივილიანი კითხვებითაა სავსე თანამედროვე გერმანელი ახალგაზრდა მწერლის, იული ცეს რომანი `თამაში~. მწერალი ცდილობს, თანამედროვე ცხოვრების ლაბირინთში გზის გაკვლევას და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. ის წარმოაჩენს ახალგაზრდა თაობას, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული გაუფასურებული იდეალების ამარაა. რას იზამს ეს თაობა? შეეჭიდება განსაცდელს და შეეცდება შეაჩეროს კაცობრიობის დაცემის პროცესი, თუ გააგრძელებს სახიფათო დაღმასვლას უფსკრულისკენ, რომელსაც თავს ვეღარ დააღწევს. ამიტომაც რომანში, უპირველესად, თანამედროვეობის ერთი ყველაზე გამოკვეთილი სატკივარი, ახალგაზრდობის ბედია წარმოჩენილი, განსაკუთრებით, ყმაწვილებისა, რომელთაც წინა თაობებისაგან გადმოეცათ ათასგვარი შიში, დედამიწის აპოკალიფსური განადგურებისა თუ ზნეობრივი გადაგვარებისა.
ადამიანს ღვთისგან მიეცა უნარი გადარჩენისა. ეს უნარი განსაკუთრებით მძლავრობს მოზარდებში, რომლებიც გამოდიან ბავშვობის სამოთხიდან და პირდაპირ ცხოვრების ჯოჯოხეთის ხახაში ცვივდებიან, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ასე რომ, სიცოცხლე ემსგავსება `გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას~. ყველა გონიერმა იცის, რომ მადლისაგან დაცლილ დედამიწას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს, მაგრამ არსად ჩანს სიყვარულისთვის თავგანწირვა, ან ისე ცოტაა მისი მაგალითი, რომ აღარავის სჯერა.
უმანკოების დაღუპვა – ასე შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე გერმანელი მწერლის იული ცეს რომანის, `თამაშის~, მთავარ პრობლემას. იული ცე 10 – მდე რომანის ავტორია. მისი პირველი რომანი `არწივი და ანგელოზი~” (2001 წელი) მაია მირიანაშვილმა თარგმნა (2006) და ჩვენ გამოვეხმაურეთ ლიტერატურულ გაზ. `კალმასობაში~. იმ რომანში ჩანდა მწერლის თვალთახედვის ფართო დიაპაზონი. ნაწარმოებში ნარკომანიის პრობლემა ისე იყო გააანალიზებული, როგორც საერთაშორისო მასშტაბის `შეთქმულება~ კაცობრიობის წინააღმდეგ.
იული ცე გერმანიაში დღეს თანამედროვე მწერალთა შორის ყველაზე პოპულარულია, მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია, მათ შორის: ჰუმბოლდის, შლეგელის, კარლ ამერის სახელობისა.
მისი რომანი `თამაში~ 2004 წელს დაიწერა და უკვე 16 ენაზე ითარგმნა. ამ ნაწარმოებმა გამოსვლისთანავე მკითხველთა და კრიტიკოსთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ახლა კი ხელთ გვაქვს ამ რომანის ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოში გერმანული ლიტერატურის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა პოპულარიზატორმა შესანიშნავად თარგმნა.
რომანის მთავარი პერსონაჟი 15 წლის გოგონა, ადა, და მისი მეგობრები არიან, რომლებიც ერნსტ-ბლოხის გიმნაზიაში სწავლობენ. ასე რომ, მკითხველის თვალწინ იხატება თანამედროვე აღზრდის სისტემაც და მისი ნაყოფიც _ თაობა, რომელსაც, მიუხედავად წიგნიერებისა, არავითარი ღირებული ინტერესი არ გააჩნია.
საკმაოდ სქელტანიანი რომანი ზედმიწევნით აღწერს თინეიჯერთა ყოფას, მშობლებისა და შვილების, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთობას. მწერალი საოცრად სიღრმისეულად წარმოაჩენს თანამედროვეობას, რომელიც ადამიანს წირავს გაუცხოებისა და მარტოსულობისთვის.
მწერალი შესანიშნავად იცნობს მოზარდთა ფსიქოლოგიას, ამიტომაც დამაჯერებლად ხატავს მათი ფიქრის, განსჯისა და ქცევის მოტივაციებს. თანვე, არსობრივად ერკვევა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების გლობალურ პროცესებში. ეს მას საშუალებას აძლევს მასშტაბურად წარმოაჩინოს Dდღევანდელობის პრობლემები.
დანგრეული ოჯახის შვილია ადა, რომლის ფსიქიკაზეც სარკესავით აირეკლება არა მხოლოდ მის ოჯახსა და ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მომდინარე მოვლენები, სავსე ტერორისტული თავდასხმებითა და ეკოლოგიური კატასტროფებით.
ადას სულიერ-ზნეობრივ სახეს აყალიბებენ, ერთი მხრივ, წიგნები, განსაკუთრებით ისეთნი, რომლებიც მსოფლიო ნგრევასა და საყოველთაო გაუცხოებას წინასწარმეტყველებდნენ, უპირველესად, ნიცშე, თავისი ნიჰილიზმითა და ზეადამიანზე ქადაგებით, მეორე მხრივ, საზოგადოება, ტექნიკურ პროგრესსა და მატერიალურ კეთილდღეობას გამოკიდებული, სხეულისა და ხორციელი ლტოლვების მაღმერთებელი და სულიერ მისწრაფებათა დამვიწყებელი.
საგულისხმოა, რომ გიმნაზიაში ადას მასწავლებელი, კომუნისტური პოლონეთიდან დევნილი სმუტეკი, მოსწავლეებს მუზილის `უთვისებო კაცს~ ასწავლის, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის შინაგან სიცარიელეს. ადასთვის სწორედ ეს უთვისებობა იქცევა ერთგვარ იდეალად. უთვისებობა მას წარმოუდგება, როგორც გადარჩენის გზა. უთვისებობა, რომელიც შეაძლებინებს წაშალოს ზღვარი ტანჯვასა და ბედნიერების განცდას შორის, ყველაფერი სულერთი იყოს. `ადა უთვისებოა და ამგვარად უდანაშაულო~.
ადა არ არის ჩვეულებრივი გოგონა, ის სულით მაძიებელია, ცდილობს ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა ანალიზს, საკუთარი სივრცის პოვნას, სადაც ის იქნება თავისუფალი, მაგრამ ყველგან სიცარიელეს, უმიზნობას, უფუნქციობას აწყდება:
რომანში არის შეხმიანება არა მხოლოდ ნიცშესა და ეგზისტენციალისტებთან, აგრეთვე კაფკასთანაც, რომელმაც ადამიანური გაუცხოება და უფუნქციობა მთელი თავისი ტრაგიზმით გამოხატა.
ადას თაობა (განსაკუთრებით, ადა და მისი მეგობარი ალეფი, ნახევრად ეგვიპტური წარმოშობის ყმაწვილი) უფროსებს დაკარგულებად მიიჩნევენ, რომელთაც ილუზიური შეგრძნება აქვთ, რომ აქ, ამ დროში, არსებობენ, საკუთარი ადგილი აქვთ.
ეს თაობა არ არის რომანტიკულობას მოკლებული. მაგალითად, ადა ეუბნება მეგობარს, მინდოდა შენთვის და გაზაფხულისთვის მეყურებინაო. გაზაფხულისთვის ყურება _ მისი სულის ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ნაწილის წყურვილია მატერიალურ სამყაროში რაღაც სილამაზეს ჩაეჭიდოს თვალი, რომელიც გააწონასწორებს და სიცოცხლის მშვენიერებას შეაგრძნობინებს, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი გამონათებაა იმ სიბნელეში, რომელშიც ამ ყმაწვილი თაობის გონებაა ჩაძირული.
ადას სჯერა, რომ სამყაროდან დაიკარგა სიწმინდე, შესაბამისად, აღარც უმანკო გოგოებისთვისაა ადგილი. თუ გინდა გადარჩე, უმანკოება აბუჩად უნდა აიგდო, მოიშორო, უსარგებლო ნივთივით. მისი დაკვირვებით, ადამიანები მხოლოდ იმას აფასებენ, რაც გამორჩენას ჰპირდება. ამიტომაც ცდილობს, თვითონაც ასე მოიქცეს. სამყაროში, სადაც ატომური ბომბები ცვივა, ადასთვის ზნეობა ზედმეტი ბარგია.
ადასთვის ადამიანები ასე ხარისხდებიან: ისინი, რომლებიც ამ სამყაროს ეკუთვნიან, ე.ი. ცხოვრობენ თანამედროვეობის ღირებულებებით და გადარჩებიან და ისინი, რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნიან, რადგან ვერ აღიარებენ ამ ღირებულებებს. ისინი პირველთა სათამაშოების როლებისთვის არიან განწირულნი. თავიანთ `ფუნქციას~ მხოლოდ პირველთა ხელში იძენენ, რომლებიც მათ ბედს განაგებენ. ეს არის ადას აღმოჩენილი კანონზომიერება.
ადას სჭირდება საყრდენი და პოულობს თავისზე რამდენიმე წლით უფროს მოსწავლეში, ალეფის სახით, რომელსაც ადასავით სჯერა, რომ ცხოვრება თამაშია, რომლის კანონებს ადგენს ვიღაც, არა უზენაესი, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველგვარ კანონებზე მაღლა დგას, რადგან მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ შემთხვევაში, ამგვარ მბრძანებლად ადასთვის ალეფი იქცევა. იგი ნებით ემორჩილება მას, რათა გათავისუფლდეს არჩევნის გაკეთების ფიქრისაგან: `ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩა, რისიც შეიძლება გვწამდეს, გვჯეროდეს.ßყველაფერი სულერთია~.
მათი აზრით, მხოლოდ თამაშშია შესაძლებელი იგრძნონ ადამიანებმა ჭეშმარიტი თავისუფლება. თამაში თანასწორუფლებიანობას ჰპირდება ყველა თანამონაწილეს და ასევე სამართლიანობას, რადგან თამაში საკუთარი წესებით ტარდება: `თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, სამართლიანობა, _ ბლუკუნებდა ალეფი, თამაში დემოკრატიული ცხოვრების წესია. Eესაა ყოფიერების უკანასკნელი დარჩენილი ფორმა. თამაში ცვლის რელიგიურობას, ფლობს დიდ არეალს, ბირჟას, პოლიტიკას, სასამართლო დარბაზებს, ესაა ის, რაც ჩვენ ღმერთის სიკვდილის შემდეგ მენტალურად გვაცოცხლებს~.
ალეფისა და ადას წამოწყებული თამაში სახიფათოა არა მხოლოდ ორივესთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, მაგრამ მათ ეს არ აღელვებთ.
მამა _ მამინაცვალი _ სმუტეკი _ ადასთვის ამგვარად ჩანაცვლდა მფარველისა თუ პატრონის სიმბოლო. მამა ღმერთი – შობიდანვე არ ჰყავდა, დაიბადა უღმერთო სამყაროში, მამამ მიატოვა, მამინაცვალი სუროგატია. სმუტეკი –მასწავლებელია, აღმზრდელი, სწორედ მასზე იძიებს შურს. მისთვის ის საერთოდ, ძველი, მის შობამდე არსებული, სამყაროს სიმბოლოა, რომელიც მისთვის არარაობაა, რადგან მისი ცხოვრებისეული მიზანი სრულიად მიუღებელია მისთვის.
საგულისხმოა ადას და მამინაცვლის ერთი დიალოგი, რომელშიც ჩანს ორმხრივი ცინიზმი. მამინაცვალი ეუბნება: `მე შენ არასოდეს მიგატოვებ გასაჭირში. Mმე კედელი ვარ, რომელსაც შეგიძლია მთელი ძალით მიეყრდნო~. ადა კი პასუხობს: `დახვრეტის ბრძანების გაცემის წინ?~. ამგვარად, აღარანაირი მისაყრდნობი კედელი აღარ არსებობს მშობელთა სახით. `ადას გაუმყარდა ეჭვი, რომ მშობლებს შენს ასაკთან ერთად თან ვერ გაიყოლებ. ისინი ისევ იმ სიტუაციაში რჩებიან, საიდანაც მან მათი შეცნობა, აღქმა დაიწყო. ისინი სულ უფრო და უფრო პატარავდებიან, გეგონება დაძრულ მატარებელს გაჰყურებენ ხელებჩამოყრილნი, და ამ ცქერაში საკუთარი სიხარული, ტკივილი, ტვირთად დასწოლიათ~.
ადას თავისუფლება სწყურია, გათავისუფლება ყველაფრისგან, მათ შორის, მშობელთა სიყვარულისაგან თუ სხვა მორალური ვალდებულებებისაგან. ცხოვრება თამაშია, მხოლოდ გარკვეულ ეპიზოდებში წარმოიქმნება მოჩვენებითი მოვალეობები და თამაშის დამთავრებისთანავე ქრება.
ცხოვრების, როგორც თამაშის აღქმაზე, არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები შექმნილი, როდესაც ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის ირღვევა. თამაში წარმოსახვაა, ცხოვრებაც წარმოსახვაა.
ეს არის ადასა და ალეფის (მათი თაობის) გამოცხადებული ბრძოლა სმუტეკის, იგივე მშობლების თაობის წინააღმდეგ. ბრძოლა – თამაში, ოღონდ სასტიკი და დაუნდობელი, უშეღავათო. ბრძოლა ადამიანში პიროვნულობის განადგურების მიზნით. ეს არის თაობა, რომელსაც არ სურს პიროვნულობა, არჩევნის უფლება. მას სურს ღვთის ნაცვალი, ვისაც დაემორჩილება, ვისაც აღიარებს, ერთგვარი ზეადამიანად, ამ შემთხვევაში, ადასთვის და მისი თანატოლებისთვის ეს ალეფია, მათივე თანატოლი, აღმოსავლური ირაციონალური `ძალის~ გამომხატველი. ძალისა, რომელიც, მათი აზრით, იდევნება ამერიკული და დასავლური რაციონალიზმის მიერ და რასაც შედეგად ტერორიზმი მოაქვს.
რომანში არის ეპიზოდები, რომლებიც პერსონაჟთა ეგზისტენციალურ შიშს წარმოაჩენენ. მაგალითად, სმუტეკს, `ძველმოდურ იდეალისტს~, ვეღარ გაურჩევია ძველი და ახალი, ადრინდელი მიზნები გაუფასურებული ეჩვენება. რა უნდოდა, რისკენ მიისწრაფვოდა: ოჯახური ბედნიერებისა და ღვთის რწმენისკენ? იყო კი ეს ჭეშმარიტი იდეალები? სჯეროდა კი ღვთისა? ჰქონდა კი მიზანი: `ვიყურები მაღლა, მაგრამ იქ ვარსკვლავებიც გამქრალა, მათი დიდი ნაწილი უკვე მოკვდა, ხოლო გადარჩენილის შუქი სივრცეში უაზრო მგზავრობას ჰგავს~.
ადას მორალით, ადამიანს თანამედროვე სამყაროში გაძლებისთვის სპეციფიკური იმუნური სისტემა სჭირდება და აცრები, რაც გულისხმობს სწორედ ცინიზმს, შეურაცხყოფას, მორალის გაუქმებას.
სმუტეკს ჰყოფნის ვაჟკაცობა, ადას პიროვნული სიცარიელე ამხილოს, მაგრამ ეს გოგონასთვის მხოლოდ მსხვერპლის ფართხალია და სიცილის მიზეზი.
როგორი შეიძლება იყოს მამის თაობის დამოკიდებულება ამ უადამიანო პატარა ადამიანების, დედამიწის მომავალი მცხოვრებლებისადმი? ზიზღი თუ სიბრალული? თუ ორივე ერთად? სად აღიზარდნენ ამგვარნი? თითქოს რაღაც ვირუსი შემოიჭრა დედამიწაზე `თანამედროვეობის~ სახელით და დაიწყო ადამიანური გენეტიკური კოდების დაშლა. იმ მატრიცის შეცვლა, რომელიც ღვთისგან შექმნილ საიდუმლოდ იწოდებოდა. თაობა - `უგრძნობი~, დაღლილი სულით _ თითქოს მამათა ცოდვების გამო დასჯილი, სხვათა უმადლობის გამომსყიდველი. თვითონ სიცოცხლის წინააღმდეგ ამხედრებული: `სმუტეკი ხედავდა პატარა, ცხოვრებისაგან სასიკვდილო განაჩენგამოტანილ 15 წლის გოგონას მოხუცის, უკვე დაბერებული სულით~. მათ მიწასთან აღარანაირი ფესვი აღარ აკავშირებთ _ ისინი მხოლოდ `მფრინავ მასალად~ (ხანმოკლე საჭიროებისთვის რომ აწყობ და შლი) ქცეულან და თუ გინდა გაუგო მათ, ან თანამედროვე ლიტერატურას, შენც ამგვარ `მასალად~ უნდა იქცე.
რომანში კარგად არის გამოკვეთილი, რომ ამ თაობას მშობლებისგან, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ მაღალი იდეალებისა, აინტერესებთ პასუხები კითხვებზე: `სად იყო სულიერება, როცა გერმანელები სამყაროს ყველა მიმართულებით მარშირებდნენ, რომ ნახევარი დედამიწა სიკვდილითა და განადგურებით მოერწყათ? სად იყო სულიერება, როცა ბავშვები სხვების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ?~ ამაზე პასუხებს არავინ სცემს და გამოიკვეთება მხოლოდ ეს მიზნები: საკუთარი თავის სიყვარული, ჟინი, ძალაუფლება და ფული. ამიტომაც დასკვნსაც ამგვარს აკეთებენ: `ვინ ვართ ჩვენ? ბავშვები არარაობის~.
ერთ ეპიზოდში ალეფი უზიარებს ადას თავის გამოცდილებას: `შენთვის ნაცნობია ეს გრძნობა? როცა უცბად ადამიანი დაასკვნის, რომ სრულიად უაზრობაა, რომელიმე ადამიანისთვის რაღაც აკეთო, რადგან თავად ადამიანი ხარ და იცი, რომ ნაკლებ იმსახურებს ამას? Aამას რომ შეიცნობ ადამიანი, ყოველდღიურობის აზრიც იკარგება და ყველაფერი, რაც მანამ უკეთებია, მხოლოდ თამაშის ნაწილად იქცევა. ქრისტიანები, უბრალოდ, პრაგმატიკოსები იყვნენ, თავიანთი მტკიცებით: გიყვარდეს მოყვასი შენი. მარტო ეს უნდა გამოეტოვებინათ: ისევე როგორც თავი შენი~.
ამგვარ საზოგადოებაში სულიერი სამყაროსთვის ადგილი აღარაა. ფიქრს ზნეობრიობად აღარც მიიჩნევენ, არამედ დროის დაკარგვად.
ეს არის თაობა, მამების გარეშე, მისაბაძი იდეალის გარეშე, მეფეების და ღმერთების გარეშე, ყოველგვარი სურვილებისა და მომავლისადმი რწმენის გარეშე, ყოველგვარი სამაგალითო წარსულისა და მოგონებების გარეშე.
A`ადა თავის მისიაზე დაფიქრდა, შემდეგ თავისი დედისა და უცბად შეშფოთდა. Aარც არანაირი მისია არ ჰქონდათ. ისინი თითქოს გასროლილ ისრებს ჰგავდნენ, რომლებიც თავიანთ სამიზნეს ასცდნენ და დაბლა დაცვენილნი დარჩნენ. იქნებ ვინმემ ჩაიარა და ადა შემთხვევით აღმოაჩინა, ხელახლა აიღო და კაპარჭში შეაცურა. ის ესწრაფვოდა, რომ სამშვილდე დაეჭიმათ და გაესროლათ მიზნისკენ, გაფრენილიყო მიზნისკენ~.
Aამ თაობამ შეწყვიტა ინტერესი გმირთა ცხოვრების მიმართ, მათ აღარც მტერი აინტერესებდათ. შეიძლება ითქვას, როგორც ასეთი, მათ არანაირი თაობა არ ეთქმოდა. Uუბრალოდ იყვნენ აქ, მხოლოდ როგორც რომელიღაც თაობის შვილები. ეს თაობა ვეღარ ასხვავებს ღვთისა და ეშმაკის ხმებს, მისთვის ყველაფერი სულერთია. თუმცა იციან, რომ სული გამუდმებით ისწრაფვის ღვთის რწმენისაკენ.
რა არის კეთილი და ბოროტი? ამაზე ყველას თავისი პასუხი აქვს: მსგავსი თუ განსხვავებული. `შეგიძლია წაიკითხო ბიბლია, გრიმის ზღაპრები, ზიგმუნდ ფროიდი, ნაციონალურ-სოციალიზმი, ადორნო, პოსტმოდერნიზმი... და ბოლოს იმის გააზრებამდე მიხვალ, რომ ყველაფერი იცვლება, მაგრამ ადამიანი აწყმოს ვერ შეიცნობს~, აწმყოს, რომელიც გამუდმებული არჩევნის წინაშე გაყენებს. კაცობრიობა კი თითქოს გაშმაგებული მზად არის დედამიწაზე არსებული დედა ბუნების უკანასკნელი წესრიგიც დაარღვიოს.
მათი აზრით, ერთადერთი, რაც ადამიანს გააჩნია და რაც მუდამ აკლია, ესაა დრო: `არაფერი აკეთო და არაფერი ისურვო, ერთადერთი ღირსეული საქმეა. დროის ღმერთს უნდა სცე პატივი~.
ეს თაობა საინტერესოდ განსჯის თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებსაც: `ნერვიულობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელ მსოფლიოში ხმამაღალი ყვირილი გამოწვეულია იმით, რომ თავდამსხმელ უძლეველ ძალას შიში აქვს, თანაც, მალულად სჯერა, რომ არაა მართალი. Hჰოლივუდი და ბიბლია განასახიერებენ ამერიკის კულტურას, ეს ორივე წყარო კი გვეუბნება, რომ დავითმა უნდა გაიმარჯვოს და ყაჩაღი კი დამარცხდეს. ვინც თავს მართლად არ გრძნობს, ის საფრთხეშია, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროს ამტკიცებს, მაინც საფრთხეშია~.
ადა ფიქრობს, რომ ცხოვრება განუწყვეტელი მოძრაობაა უსკრულის თავზე გამავალ ვიწრო ზოლზე. ვიდრე ადამიანს სჯერა, რომ ესაა ორ გზას შორის ფერადი ზოლი, მშვიდად და თავდაჯერებულად მიაბიჯებს, მაგრამ როგორც კი მიხვდება, რომ მის ქვეშ ხრამია, მაშინვე ეჭვი ეუფლება და სასიცოცხლო ძალებს კარგავს.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ახალი თაობის შემაშფოთებელ უზნეობას ზედმიწევნით წარმოაჩენს, მას მაინც სჯერა, რომ ხსნა არსებობს. ძველსა და ახალ თაობას შორის მრავალგზის ნატანჯმა სიყვარულმა უნდა გადოს ხიდი. ამიტომაც არის, რომ რომანში ადასა და სმუტეკის გზები ერთმანეთს უერთდებიან და პერსპექტივაში ჩანს მათი თანხმიერება.
`ღმერთო ჩემო, დამაყენე ხსნის გზაზე~,- სიმღერის ეს ფრაზა რომანში პერსონაჟთა მიერ რამდენჯერმე თითქოს უფუნქციოდ მეორდება, მაგრამ მთელი რომანის მთავარ სათქმელს გამოხატავს.
თამაში კი, დაე, წიგნებში დარჩეს, მაგრამ ყოველდღიურობა ამტკიცებს, რომ ათასი ჯურის იდეოლოგიით შეპყრობილი ფანატიკოსები, რომანის უთვისებო გმირები წიგნიდან რეალობაში გადმოდიან და სიცოცხლის წინააღმდეგ სახიფათო თამაშს აგრძელებენ.
დაბეჭდილია ჟურნ. `ჩვენი მწერლობა~, #21, 2011
No comments:
Post a Comment