Translate

Friday, July 3, 2015

გურამ რჩეულიშვილის ნარატივი

მაია ჯალიაშვილი

გურამ რჩეულიშვილის ნარატივი

რა გამოარჩევს გურამ რჩეულიშვილის პროზას? უმთავრესად, მისი წერის სტილი, თხრობის მანერა, რომელიც საოცარი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის ხან მთლიანად უჩინარდება თხრობისას, ხან რომელიმე ნიღბით შემოიჭრება და ყოველთვის პოულობს მკითხველის გულამდე პირდაპირ მისასვლელ გზას, რაც მხოლოდ დიდოსტატ მწერლებთან გვხვდება. მასაც შეიძლება ეთქვა მარკესივით, „იცხოვრო, რათა მოჰყვე“. ამ მოყოლის გარეშე მას არ შეეძლო. ეს იყო მისი ბედისწერა. სწორედ ამ ბედისწერამ შეაქმნევინა `ალავერდობა~, `დევების ცეკვა~, `ბათარეკა ჭინჭარაული~, `სიკვდილი მთებში~, `მუნჯი ახმედი და სიცოცხლე~, `თვირთვილა~ და სხვა მოთხრობები, პიესები, ლექსები.  წერის ვნებაზე, როგორც დემონურ ძალაზე, რომელიც ჩრდილივით დაჰყვებოდა და მოსვენებას უკარგავდა, ხშირად მსჯელობდა ჩანაწერებში: „მე მინდა ვიყო მწერალი, თანაც დიდი, მერე რა, მე ჩემი ფიქრებისა არ მეშინია“.
მრავალმხრივობა _ განფენა სამყაროში და ამგვარად უსასრულო დრო-სივრცის აღქმა და გადმოცემა, ადამიანის, როგორც მარადისობის ნაწილის შეგრძნება, სურვილი საკუთარი არსებიდან გასვლისა, მისი მთავარი საფიქრალი იყო. ეს კარგად ჩანს ამ ჩანაწერში: „მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე“ არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს-მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ _ დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ _ ფული არა მაქვს _ ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ _ საყვარელი არა მყავს“.
ეს ერთდროულობა, მთელი სისავსით განცდა სიცოცხლის მრავალგვარობისა, რომელიც ირეკლება მის მოთხრობებში, ქმნის კიდევაც მისი ნარატივის თავისებურებას. მას სურს იყოს აქ და სხვაგან: აქ _ ეს ყოფიერი, მატერიალური დრო-სივრცეა, აწმყოა, ერთგვარი ჩარჩო, რომელსაც გაარღვევს სიტყვის საშუალებით. სწორედ სიტყვა, თხრობა აძლევს მას ძალას იყოს სხვაგან _ წარსულის, ლეგენდის, ზღაპრის, მითის არამატერიალურ დრო-სივრცეში. ამგვარად აბამს ის ინტერტექსტუალურ კავშირებს დაყოფილ და დაფანტულ დრო-სივრცეებს შორის  და მოჩვენებითი, ყოფიერების ზედაპირული საფარველის მიღმა არსებულ ერთიანი სამყაროს მხატვრულ მოდელს ქმნის. ამგვარი სისავსისა და მთლიანობის განცდა ხშირად უჩნდებათ მის პერსონაჟებს, მის ალტერ-ეგოებს: `როცა საგნები კარგავენ წონას და კაცს შეუძლია ჰაერთან შეერთება~ (`ნათელა~). აქ მეტაფორულად გამოთქმულია წყურვილი სამყაროს პირველსაწყის სტიქიებთან (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) შეერთებისა. ამ  `შეერთებას~ (ამ სიტყვის ქარაგმული მნიშვნელობით) ის ახორციელებს სხვადასხვა გზით: ან ლიტერატურისთვის ცნობილი პარადიგმების, ან ახალი მხატვრული სახეების, ან აბსტრაქტული მუსიკალური ვარიაციებით, რომლებიც ლირიკულ ნაკადებად შემოიჭრებიან თხრობაში. შემეცნების ამ გზაზე მისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, ადამიანთა მიერ წვრილმანად თუ მსხვილმანად დახარისხებული. მისთვის არ არსებობს საგანთა და მოვლენათა ამგვარი კლასიფიკაციები, მისთვის ყოველივეს ახსნილი თუ აუხსნელი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისთვის ყოველი შთაბეჭდილება, მზის ცქერითა თუ ქოშის ცქერით აღბეჭდილი. ის მხატვრულ ღირებულებად აქცევს ნებისმიერ რამეს, რაც მისი გონების, სულის, შეგრძნების სივრცეში შემოიჭრება. ამიტომაც მისი თხრობის სტრუქტურის მატრიცად შეიძლება მივიჩნიოთ `მე~, სამყაროს აღმქმელი თუ შემმეცნებელი. ეს `მე~ ტრანსფორმირდება ყოველწამიერად და განეფინება რეალურსა თუ წარმოსახულ სივრცეში. თუ არსებობს `მე~ _ არსებობს სამყარო.
მისი ნოველები, მინიატურები გვაოცებენ თხრობის ხვადასხვა რაკურსის მონაცვლეობით ისე, რომ მკითხველი ვერც კი ამჩნევს, როგორ გადაინაცვლებს მისი მზერა მატერიალურიდან წარმოსახულისკენ ან პირიქით. თხრობის ერთგვარი ჯვარსახოვნება, რევაზ სირაძეს თუ დავესესხებით, ხშირად მისი მოთხრობების მთავარი საყრდენია, სტრუქტურის მოქნილი ხერხემალი. მისი თხრობა ხანდახან მოგვაგონებს ფიროსმანისა თუ ვან გოგის ნახატებს, რომლებზეც აღბეჭდილია, წითელპერანგა მეთევზე, ლანჩამძვრალი ფეხსაცმელი თუ კარტოფილით სავსე კალათა. ისე დაწმენდილად და ნაივურად გადმოგვცემს შეგრძნებებს, თვალის პირველახელისას რომ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ერთადერთი დაბრკოლება მხოლოდ სიტყვიერად გამოთქმაა, სწორედ ეს დაბრკოლება იყო მძლავრი იმპულსი ყველგან და ყოველთვის ეწერა. მის ჩანაწერებსა და მოთხრობებში ჩანს, როგორ დაეძებდა ინდივიდუალურ სტილს, რათა ეს მტანჯველი განცდა, ადამიანის დროში არსებობის ტკივილისა, გადმოეცა: „ჯერ ყაზბეგს ვბაძავდი, მერე ვინ იცის, ვის~. „ღმერთო, რა დავაშავე, რომ წერა დამაწყებინე! ვერ გამიფიქრია რამე, რომ ჩაწერა არ მომინდეს ან უბრალოდ, ან ლექსად, ან მოთხრობად _ ნამდვილი ტანჯვაა, _ რომელსაც თავს ვერ ვაღწევ, როგორც ჰერაკლე თავის თორმეტ დავალებას“.
ის, ამ შემთხვევაში, მიემსგავსება სიზიფესაც, რომელსაც მისჯილი აქვს ლოდის ატანა მწვერვალზე, გურამ რჩეულიშვილისთვის ეს ლოდია წერა, ხოლო მწვერვალი _ რაიმეს შექმნა, მერე ისევ დაუგორდება ლოდი და თავიდან ეზიდება. ყოველი ასვლა მწვერვალზე _  ბედნიერებაა, რომელიც იკარგება და თავიდან უნდა ეძიო. „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო“, _ ეს წუხილი ვაჟასთვისაც გაიგივებული  იყო შემოქმედებასთან,  როგორც თვითონ ამბობდა, „წმინდა ხელობის“ მსახურებასთან („ჩემი ვედრება“).
წერა იყო გურამ რჩეულიშვილისთვის `გიჟური სიამოვნება~ და ის თანდათან დამოკიდებული ხდებოდა მასზე, რომელიც თან ტანჯავდა და თან აბედნიერებდა. წერის სურვილს აღძრავდა ყოველივე, რასაც ხედავდა, განიცდიდა თუ წარმოიდგენდა. ეს იყო ფარული ნაღმები, რომელსაც წერით ანეიტრალებდა. სჯეროდა, რომ ეს ნაღმები მკითხველთა გულსა, სულსა თუ გონებაში აფეთქდებოდნენ და შეცვლიდნენ მასაც და სამყაროსაც. ნორმა, საშუალობა მას აღიზიანებდა, ამიტომაც რეალურ ყოფაშიც გაურბოდა და მხატვრულ სამყაროში პერსონაჟთა ნიღაბს ამოფარებული სხვანაირი, მარგინალი ხდებოდა.
თანამედროვე ლიტერატორის, ვიკი მეჰეფის ერთი საინტერესო დაკვირვებით,  `ხელოვნება და ცხოვრება ერთმანეთის შეტრიალებული სარკისებრი გამოსახულებებია. სწორედ ამიტომ ჯოისი არ ცდილობს, რომ მისმა გმირებმა იოლად მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. თუკი მკითხველსა და ტექსტს აკავშირებს შებრუნებული მიმართებები, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ გმირების წარმატებები აზარალებს მკითხველებს? და იქნებ გმირების მარცხმა მკითხველებს სულიერი სიმხნევე მიანიჭოს? ჯოისის წარმოსახულ სამყაროში ტექსტი წარმოგვიდგება როგორც ეკალი ან ჯვარი, რომელზეც აღმოცენდება და იფურჩქნება ახალი რეალობები. შემეცნების ან გარდასახვის მიზნით ავტორიცა და მკითხველებიც "უნდა მიელურსმონ უმოწყალო წარმოსახვის ჯვარს", (თამარ ლომიძის თარგმანი, ჰტტპ://ლიბ.გე/ბოოკ.პჰპ?აუტჰორ=803&ბოოკ=6118).
გურამ რჩეულიშვილის წარმოსახულ სამყაროშიც მხატვრული ტექსტი ერთგვარი ეკალი ან ჯვარია, რომელზეც აღმოცენდება ახალი რეალობები. ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ მას მოსწონდა ჯოისის დუბლინელების ციკლის მოთხრობა `მკვდრები~. ამან უფრო გაგვიმძაფრა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდა ამ მოთხრობებს  მასზე, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერი ფრაგმენტი, ერთგვარი ღია დასასრულებით, ცხოვრების მდინარის ნებისმიერი ტალღის მოხელთება და აღწერა.
მოსკოვის ქუჩებში უპასპორტოდ მოხეტიალეს მილიციელი რომ გააჩერებს ვინაობის  გასარკვევად, ეუბნება, მწერალი ვარო. მისთვის მწერლობა განიცდებოდა, როგორც სამყაროს მოქალაქეობა. მხოლოდ ამგვარად ამართლებდა საკუთარ არსებობას.
მის მონათხრობში ოსტატურად სინთეზირდება ისტორიული თუ გამოგონილი ამბები. ავტორის საინტერესოდ მიგნებული ნიღბები მკითხველს მოთხრობილი ამბების შუაგულში მოაქცევენ და ფიქციური თამაშების აქტიურ მონაწილედ აქცევენ. მის შემოქმედებაში გამოიკვეთება თხრობითი დისკურსის სხვადასხვა სახე. მას აინტერესებს ყოველწამიერი ადამიანური დრამები, ოცნებისა და რეალობის შეჯახებისას წარმოქმნილი, რომელიც ნებისმიერ დრო-სივრცულ არეალში, ნებისმიერ სცენაზე შეიძლება გადამაშდეს. მის მოთხრობებში ადამიანური ვნება-განცდანი იმდენად მატერიალიზებულია, ხელშესახებია, რომ იოლად გარადაიქმნებიან კინოსთვის დამახასიათებელ ვიზუალურ ხატებად.
მწერალი იყენებს კლასიკური ყაიდის თხრობით სტრატეგიებს, მაგრამ თავისებური, განუმეორებელი ელფერით მოსავს. მათ შორის, შეიძლება გამოვყოთ: 1. სადა, მაგრამ საინტერესო სიუჟეტები; 2. ზომიერად ჩართული დეტექტიური ელემენტები, რომლებიც  ამაღლებენ მკითხველის მოლოდინის დაძაბულობის ხარისხს; 4. მარადიულად აქტუალური პრობლემები, სულისა და ხორცის ჭიდილი; 5. მონოლოგები და დიალოგები, რომელთაც, ერთი მხრივ, ახალი თვალსაზრისის შექმნა და, მეორე მხრივ, ამბის განვითარება მოსდევს. 6. ბუნებრივად, არათვალშისაცემად მოხმობილი ტროპები. 7. ლაღი, გაშლილი, ექსპრესიული, მსუბუქი თხრობა. 8. ინტელექტუალიზმის ნიშნით აღბეჭდილი მსჯელობანი.
მწერალი ინტუიციისა და ალღოს წყალობით შესანიშნავად ახერხებს თხრობის `ოქროს შუალედის~ მოძებნას და ქმნის თხრობის მწყობრ სისტემას.
წერა იყო მისთვის ერთგვარი თამაში _ ნიღბების  ცვლა. ამას ხედავდა მსოფლიოს საუკეთესო მწერლებთან, ამიტომ ხშირად ფიქრობდა მათზე. მოსწონდა ტოლსტოის `ომი და მშვიდობა“_  „ყველა ხაზი უზარმაზარი, მსუყე, ცოდნა ცხოვრების და ყველა დეტალი ერთად, რაც კი ოდესმე შეუმჩნევიათ სხვა მწერლებს. მე მგონია, ტოლსტოის შემდეგ ყველა მწერალი იყო უდიდესი თავხედი, რომ საერთოდ კალამს მოკიდა ხელი. თუ ასეა, ჩემისთანა თავხედი ჯერ არ დაბადებულა“.
ხშირად წუხდა: „ღმერთო ჩემო, როგორ ძნელად ხდება ჩემში ყველაფერი, რამდენი უნდა ვეწამო, რამდენი დღეები უნდა ვიშფოთო, ვერსად ვერა ვგრძნობ თვით ყველაზე მხიარულ დროსაც თავს კარგად, რაღაც ცოდვა მაწვალებს და ეს ცოდვა მაწერინებს და წერა  მაძლევს ზურგს, რომ ჩემს თავში გავერკვე, როგორსაც მომცემდა ათი კაცის მოკვლა. მე წერას უდიდესი მკვლელობის ნიშნად მივიჩნევ, თუ უფრო მეტად არა. ჩემთვის ეს საშინელი წამებაა _ ყველა დაჯდომა, ყველა სიმართლე... მაგრამ მე ეს მჭიდება იმისთვის, რომ ჩემს თავთან მართლის თქმის უფლება მოვიპოვო. რად მინდა ეს? ეს მე არ მინდა. ეს უნდათ ჩემს დემონებს, რომლებიც არ მასვენებენ ერთი წამითაც“ 
მოთხრობა `ბათარეკა ჭინჭარაულში~ წერს კიდეც: `ყველაზე კარგს კი მათგან იგი დაწერს, ვინც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი~.
მისი წერის სურვილი ინსპირირებულია სხვადასხვა წყაროთი, რომელთა გაცნობიერებასაც ის მოთხრობების წერით ცდილობდა. სწორედ ეს გაცნობიერება, გარკვევა საკუთარსა თუ სამყაროს არსში არის მისი მთავარი ამბავი, რომელიც ყველა მოთხრობაში ვარიაციებით წარმოჩნდება.
,,მეტერლინკი ამბობს – თუ სოკრატე დღეს სახლიდან გავა, ნახავს თავისი კარის დირესთან მჯდომ ბრძენს. თუ იუდა ამაღამ გაუდგა გზას, იგი მას იუდასთან მიიყვანს. ყოველი სიცოცხლე ბევრი დღეა. საკუთარ არსებაში დავიარებით და ვხვდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს, ყმაწვილებს, ცოლებს, ქვრივებს, რაყიფ ძმებს, მაგრამ ისევ და ისევ მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით“, _წერს ჯოისი `ულისეში~. სწორედ ეს ჩანს გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში, საკუთარ არსებაში ხეტიალი.
მთავარი არის სიცოცხლის ნარატივი, ყოფიერების ეგზისტენციის მხატვრული წარმოჩენა. ის ყოველმხრივ უტრიალებს სიცოცხლეს, მის ფარულსა და ხილულ გამოვლინებას.
ამასთანაა დაკავშირებული სიკვდილის ნარატივი, როგორც სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი. ამიტომაც არ აღიქმება სიკვდილი, როგორც დასასრული, არამედ ახლის დასაწყისი, სხვა ფორმითა და სხვაგვარ განზომილებაში. „ხშირად მინატრია ხოლმე ჩემთვის: ნეტავი მომკლა და ჩემს დაკრძალვას შორიდან მაყურებინა-მეთქი“. საკუთარ თავსაც დასცინის თითქოს ამგვარი ფიქრისთვის:  „მაინც რა სულელია კაცი: ერთი  ბედნიერება აქვს, რომ თავის სიკვდილს ვერა ნახავს და მაზეც კი დარდობს“.
თხრობის სტიქია მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარმოჩნდება სიყვარულის ნარატივში: „არა, მე მწერალი არა ვარ! მე შეყვარებული ვარ! ოღონდ ახლა არ ვიცი ვისზე! წერა მხოლოდ ნაწილობრივ მინაცვლებს ამ სიყვარულს... რაც ირინასთან ვიყავი, არაფერი კარგი არ დამიწერია, ვმუშაობდი ინერციით, ახლა არ შემიძლია, რომ არ ვწერო“, „არ მწამს მუდმივად ერთის სიყვარული, მაგრამ საერთოდ მწამს სიყვარული, თუმცა, ერთი რომ იყოს, მინდა, საშინლად ვიღლები“.
სიკეთისა და ბოროტების, სიწმინდისა და ცოდვის ნარატივებიც მძლავრ ენერგეტიკულ ველებს ქმნიან მის თხრობაში.
ყოველივეს კი გამსჭვალავს თავისუფლების ნარატივი.
მწერლისთვის უმთავრესი ღირებულება თავისუფლება. ამიტომაცაა, რომ თავს იკლავს მზია ჭინჭარაული, რომელსაც უკრძალავენ საკუთარი თავიდან, რეალური სამყაროდან სხვა განზომილებაში გასვლას. საზოგადოება, წეს-კანონი, ჩვეულება თუ ყოველგვარი ჩარჩო და ნორმა მას მამის სახით ევლინება. Mმამა, ამ შემთხვევაში, გნასახიერებს სამყაროს, დამკვიდრებულსა და სწორხაზოვანს, შვილი კი გადახვევას, სხვა გზის არჩევას. Aამ `გზიდან ცდომას~, რაც სხვათაგან განსხვავებულობაში მჟღავნდება. ეს შეჯახება ტრაგედიით სრულდება, თუმცა თვითმკვლელობა აქ უფრო საზეიმო ელფერს იძენს, ის სულის გამარჯვებას წარმოაჩენს, რომელმაც მოიშორა სხეული, როგორც ბარიერი უცხო სამყაროებში სამოგზაუროდ (`ბათარეკა ჭინჭარაული~).
`დევების ცეკვა~ ერთგვარი გასაღებია მისი მხატვრული სამყაროსი, რომელშიც ჩანს ინტერტექსტუალური კავშირები ზღაპარსა და მითთან. მწერალი აქტიურად იყენებს  სხვადასხვა კოდს, ამ შემთხვევაში, ქართული კულტურული და კოლექტიური მეხსიერების საცავიდან და მრავალშრიან მხატვრულ სახეებს ქმნის. ამგვარი კოდები მყარ სტრუქრურებს ქმნიან მის თხრობაში, რომელთა ცალკეული ელემენტი  აღქმისა და გააზრების სხვადასხვა დონეს შეიცავს. მხატვრული სისტემის ეს კოდირებული ელემენტები ქმნიან სწორედ გურამ რჩეულიშვილის თხრობის ინდივიდუალურობას. ადამიანური გონების წადილი შეიმეცნოს დაფარული, ფარდა ახადოს საიდუმლოს, სამყაროსავით ძველია, მაგრამ ახალია მისი გამოხატვის ფორმა, რომელიც გურამ რჩეულიშვილის ამ მოთხრობაში გვხვდება. მეორდება ადამიანური მისტერია, გადალახოს `ბედის საზღვარი~.  გურამ რჩეულიშვილისთვის სიცოცხლის, სიწმინდის, სიკეთის, ღვთის საიდუმლო ხელშეუხებელია, ისევე, როგორც შეულახავია თეთნულდის, მარადიული ქალწულის უმანკოება.
ერთი მხრივ, დაუოკებელი სწრაფვა შემეცნებისკენ, მეორე მხრივ, ამ სწრაფვის დემონურობა, რადგან შემეცნება დასრულებას გულისხმობს, რაც წარმოუდგენელია სიცოცხლის მარადიული არსებობის განზომილებაში, ამიტომაც იფერფლებიან ძმები ცეცხლში, მათი როკვა წარმოაჩენს ადამიანურ დრტვინვას საზღვრების გადასალახავად. აქ შიძლება ინტერტექსტუალური კავშირი ფაუსტთანაც გავაბათ. მეორე მხრივ, ძმები ხორჯოლანები, დევები, ხტონური, ბნელი ძალის განმასახიერებელნი არიან, რომლებიც მიისწრაფიან თეთნულდის, ღვთაებრივის მოსაპოვებლად.
მწერალი იყენებს მითოლოგიისა და ზღაპრის პარადიგმებს, რათა ადამიანური არსებობისთვის დამახასიათებელი ეს ჭიდილი გულსა და გონებას შორის  შთამბეჭდავად წარმოაჩინოს. მას ერთგვარი მითისმქმნელის ხედვა აქვს და ეს კარგად ჩანს ამ ჩანაწერში: „მე მგონი, დიალექტიკა აბსურდია, მოჩვენებითობა, არაფერი არ იცვლება და არ ვითარდება. ყველაფერი ციალსა ჰგავს და ჩვენს სუსტ გონებას ეჩვენება ხან ისე, ხან ასე. იმდენად პატარაა მისი ჰორიზონტი“.
თანამედროვე ცივილიზაცია, ბუნებას მოწყვეტილი, ირეკლება მინიატურაში `მუსტანგები~ – აქ სრული გაუცხოება ადამიანისა ბუნებასთან. მას მხოლოდ ფოტოსთვს აინტერესებს, გადაიღებს, მერე გამოფენს და პრემიასაც მიიღებს, მაგრამ მუსტანგების ბედი არავის აინტერსებს. ეს საოცარი სევდა ჩანს ამ ნოველაში. `ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა. სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი~. ფიროსმანის ნახატს ჰგავს. ერთი მხრივ, ფერწერულობა აღწერილი სურათისა, ყვითელი სტეპი და მუსტანგები, მეორე მხრივ, მუსიკალურობა. ფრაზების გამეორებით მიღწეული. მწერალი ახერხებს გადმოსცეს ადამიანის გულრილობით გამოწვეული ტკივილი. ეს გაკვირვებული სახე მუსტანგისა შთაბეჭდლებაში რჩება.  აზრი და ემოცია ერთად იბადება და მეხსიერებაში აღიბეჭდება.
რაც გინდა, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბავს ჰყვებოდეს მწერალი, მასში ყოველთვის იგრძნობა, რომ ეს გაცვეთილი ყოფითობა მხოლოდ ზედაპირია, საბურველია, რაღაც არსებითისა და განუმეორებლისა. ამიტომაც არის, რომ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში არ ირეკლება რეალური დრო-სივრცის წარმავალი კონფლიქტები, არამედ უფრო მეტად იმგვარი ჭიდილი, რომელიც, ზოგადად, ადამიანური არსებობისთვსაა დამახასიათებელი.
ამ თვალსაზრისით, მისი ჩანაწერები შეიძლება მისი მხატვრული შემოქმედების ერთგვარ გზის მაჩვენებლებადაც გამოდგნენ, რადგან მათში კარგად იგრძნობა მწერლის მთავარი წადილი მკითხველი გაიტაცოს უღიმღამო ცხოვრებიდან ფარული `ფესვებისაკენ~, რომლებიც ავლენენ ნამდვილ ადამიანურ ვნებებს. 
მწერლის ძიების სურვილს წარმოაჩენს სხვადასხვა ჟანრში წერა: მოთხრობა, პიესა. ლექსები, სცენარები. იგი ერთგან შენიშნავს:  „ჩემი აზრით, პიესა არ არის სავალდებულო, რომ დაიდგას, უნდა იკითხონ, როგორც რომანი, ამიტომ ისევე უნდა წერო“. თვითონ სწორედაც ასე წერს. ხანდახან შთაბეჭდილება რჩება მისი სტილური უწესრიგობისა, თუმცა ეს ზედაპირულია. როგორც თვითონ ამბობს: „მხატვრულ უწესრიგობაში არის რაღაც ნორმა, თუნდაც ის, რომ ის მხატვრული უწესრიგობაა“.
ყურადღებას იქცევს მისი სცენარი `ფიროსმანი~. აქ ნახატები მეტყველებენ. ეს არ არის უბრალო აღწერა, არამედ ცოცხალი ურთიერთობა ხელოვნების ნიმუშთან, რომელიც ადამიანმა შექმნა და შიგ თავისი სული და გული ჩააქსოვა, თავისი დამოკიდებულება სამყაროს, სიცოცხლის, სიკვდილის, ჭირისა თუ სიხარულის მიმართ ამგვარად გამოხატა, რათა მეორე დამიანისათვის გაემხილა, რას განიცდიდა. ამ შემთხვევაში, გურამ რჩეულიშვილი აღმოჩნდა იმ საიდუმლოს დამნახავი და მერე სიტყვიერად გადმომცემი, ერთგვარი მედიუმი.
ლიტერატურაში ცნობილია, როცა ერთი დიდი მწერალი მეორის ნაწარმოებს პიესად გადააკეთებს, მაგალითად, ალბერ კამიუს `რეკვიემი მონაზონისთვის~ _ პიესა ფოლკნერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
გურამ რჩეულიშვილის დაწერილი სცენარი `ალუდა ქეთელაური~ (ოცდახთწუთიანი  კინოსთვის).  საოცრად დამუხტული თხრობაა, გამოკვეთილი დეტალებით, თითქოს ცალკეულ კადრს აღწერს, როგორც ცალკე ფოტოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადრება მიიქცია ყოველივეს მამოძრავებელმა მუსიკამ, რომელიც ამ კადრებს მიჰყვება, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილისა და ბუნებრივი ხმების საოცარი მრავალფეროვნება: ბეთჰოვენი, ბლუზი და აფრიკული `ბუგები~ თანაბარი ინტესივობით შემოიჭრებიან.  მუსიკა იცვლება აღწერილი კადრების კვალდაკვალ: `ჭიხვინი მეორდება~, `მხოლოდ ცხენის ფლოქვების ხმა ისმის~. ისმის მელოდია `შამილი შევა ციხეში~. `ბლუზში ყორნის ხმა იპარება~. `მელოდია ლოცვაა, დინჯი, აუჩქარებელი~.`ლოცვის ტემპი იზრდება. ჯერ ბუნდოვნად შედის მუსიკაში ფლოქვების ხმა.~`მელოდია ხელდება, მუსიკის რიტმი იზრდება~, შიგ კიდევ სხვა ხმები შედიან; `მელოდია ბეთჰოვენის სიმფონიაში გადადის~. `სიმფონია უფრო ხელდება და ეცემა.~`ნაშალის ხმა გრძელდება. აქ ეს ხმა უფრო ხშირია და არამკვეთრი. ~, `ამ სიჩუმეში უეცრად იჭრება თოფის ხმა. ხმა იზრდება, მთებს აწყდება, გრიალებს და ათას თოფის ხმად იშლება. შორს სულ ბუნდოვნად ისმის წყნარი მელოდია. ~ `მელოდია შორს ისმის, ის ნერვიულია, ნაწყვეტებით. `შეუმჩნევლად იპარება ბლუზის ხმები. ხეობაში გაურკვეველი ფერია. ბლუზის რიტმით ალუდა ეშვება ხეობისაკენ. ~`ცხენის ფლოქვები ბლუზის ტაქტს ურევენ~. `ერთად ჰაერში აფრიკული ბუგების ხმები დარბიან~. `ბუგები წყდება და ისევ ბლუზი იწყება~.   `ბლუზი რიტმულ ჯაზში გადადის~. `საქსაფონებს ცვლის მარტო ბარაბანი, ან მარტო ნერვიული ვიოლინო~. `ღამეა. ისმის მელოდია დაისიდან `მაროს ტირილი~, ასრულებს ორკესტრი~, ~ალუდას მოკვეთის ეპიზოდში `იწყება ოპერა `დაისის~ უვერტიურა~.
მას სჯეროდა, რომ `ლიტერატურის აზრი, იდეა, ადამიანთა ვნებების, მოქმედებების, ყველაზე მძაფრი სიცოცხლისმიერი სიტუაციების ასახვა იყო, გამოწვეული როგორც სულიერი, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებითაც, დაახლოებით ისეთივე, როგორიც არის ლომისთვის ღმუილი და მისი მსხვერპლისთვის დაწკნავლება. ხოლო ნაწარმოების ენა, სტილი _ეს არის ლიტერატურის გარეგნული მხარე, ზუსტად ისეთი, როგორიც არის ტანსაცმელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი~.
ის მუდმივად სტილის ძიებაში იყო და წერდა: `არის სტილი, სოფლელი ინტელიგენტი, ან, უფრო მეტი, ქალაქელი ფიტულა, ამიტომ მე ვარჩევ, ვიყო ხულიგანი~. როგორ შეიძლებოდა ყოფის სიმდორის დარღვევა? მხოლოდ ტანჯვის გზით. ის ხედავდა, რომ  ადამიანებს მხოლოდ უდიდესი ტანჯვის გამცდელნი აღელვებდათ: გილგამეში, პრომეთე, ამირანი, ჰერაკლე, იესო ქრისტე.
ის სულიერ, ფიზიკურად გამოუხატველ ტანჯვას უფრო ღირებულად მიიჩნევდა მხატვრული ლიტერატურისთვის და თვითონ სწორედ ამის გამოხატვას ცდილობდა. მისი აზრით, შინაგანად ტანჯული `ადამიანების უდიდეს ღირსებას წარმოადგენს უდახვეწილესი არტისტულობა~. ამგვარ გმირებად დონ-კიხოტი და ბაირონი მიაჩნდა. ბალზაკის სიტყვებს მოიხმობდა ბაირონზე: `ის იტანჯებოდა მხეცივით უხმოდ~. მაშინ როგორ ესმოდათ მისი ეს განცდა სხვებს? აქ არის ბაირონის საიდუმლო, საიდუმლო მისთანა ხალხისა _ არტისტულობა მთელი თავისი გაშლილი გაგებით _ აჩვენო უნაკლოდ ყველაფერი და არ ჩანდეს ის წვალება, რასაც განიცდი~.  მკითხველი უნდა შეიგრძნობდეს ტანჯვის სიდიდეს და  ვერ ხედავდეს პირდაპირ. სწორედ ამას ახერხებს თვითონ თავის მოთხრობებში (`მუნჯი ახმედი და ზღვა~, `სიკვდილი მთებში~ და სხვ).
ის ფიქრობდა მკითხველზე: თანამედროვესა და მომავლისაზე, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა ყველაზე დიდი წამკითხველ-შემფასებლის მზერას: `მე ხომ დღეს კალამი მხოლოდ იმიტომ ავიღე, რომ ღმერთისთვის შემეჩივლა ჩემი საკუთარი ტანჯვები და დაუსრულებლად დამეწყო ყველა აბზაცი `მე~-თი, მიმემართ მხოლოდ ღმერთისთვის, ე.ი. იმ არსებისთვის, რომელიც გამიგებს თუ არა, თავის აზრს არც ერთ შემთხვევაში არ გამოთქვამს~ (284.
`რადგან ღმერთს მხოლოდ აზრი ესმის, ხოლო ადამიანებს –სიტყვები, მე ვიმოქმედებ ელასტიური კაცის ენით, რაც შეიძლება მომხიბლავად, ხოლო აზრი, რომელიც ჩემდაუნებურად დაგუბდება სიტყვების უკან, მხოლოდ კედლად გამოადგებათ ჩემს წინადადებებს, რომ მყარად დაებჯინონ მათ და არ გაფანტონ უაზროდ სივრცეში~.
`უცნაურ გალესილ სამართებლის წვერზე მივდივარ მე სიგიჟესა და  უდიდეს ნორმალურობას შორის~. მეოცე საუკუნეში დაბადებული გრძნობდა, რომ ჰქონდა შუა საუკუნეების მოქალაქის `სულელური თვისებები~.  ერთი მხრივ, რიტუალურობა, მეორე მხრივ უგულებელყოფა ყოველგვარი რიტუალისა. თამაში და სისადავე (`ალავერდობა~).
როგორი ლიტერატურული სივრცე დახვდა გურამ რჩეულიშვილს, როდესაც წერა დაიწყო? ერთი მხრივ, საბჭოეთი, თავისი ერთსახოვანი სოცრეალიზმით, მეორე მხრივ_ დასავლურამერიკული ლიტერატურა თავისი ეკლექტურობით.
არაჩვეულებრივად აანალიზებს იგი ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ სივრცეს და ცდილობს თავისი გზის პოვნას.
 იგი ფილოსოფიურად აზოგადებს თანამედროვე ადამიანის მთავარ სატკივარს, რომელიც დღესაც აქტუალურია: მისი აზრით, `ადამიანმა გაცილებით გაუსწრო თავისსავე თავს. ადამიანმა, რომელმაც შექმნა ტექნიკა, ვერ შეძლო გარდაექმნა თავისი თავი მის შესაფერად, აქედან გამომდინარე, კაცობრიობა დაეკიდა ორ უკიდურესობას შორის – უკიდურესად მარტივსა და უკიდურესად რთულ განცდებს შორის~. ეს იწვევს სწორედ გაორებულობას, სიგიჟეს. მისი აზრით, ნორმალური ხალხი ამის გამო მელანქოლიაში ვარდება. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ მელანქოლიურობას მიიჩნევს იგი მეოცე საუკუნის ლიტერატურის დამახასიათებლად და გამოყოფს მის ორგვარ ტიპს: დასავლურ-ევროპულსა და ამერიკულს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, საბჭოურს. `იქით სატირა შეცვალა უაზრო ანგლობამ. უშტრიხო ხუმრობამ და უგრძნობო აზრმა, სადაც ყოველ ნაბიჯზე სრულიად დაუფარავად იპარება საშინელი სიცარიელე, დაღლილობა, უმწეობა,  (აქ შესანიშნავადაა შეფასებული აბსურდის ესთეტიკის ადამიანი). მისი აზრით, უღონო ცდებია გქონდეს  კიდევ რაიმე ნიშანი ეგზოტიკისა, ძველი საუკუნეების მოქალაქისა, როდესაც პიროვნება იკვეთებოდა სივრცეში, თავისთავად, ხოლო ახლა სივრცეში მხოლოდ კოლექტიური შრომის ნაყოფი –ტექნიკა იკვეთება, ტექნიკის ასე ფართო პროგრესთან ერთად მოხდა ერთი ადამიანის როლის აშკარა დაცემა~. მას  კი სწორედ ეს ერთი ადამიანი აინტერესებს, თავისი განუმეორებელი სამყაროთი, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად  კვდება.  285 ტექნიკურმა პროგრესმა დასავლელი ადამიანი თითქოს გააბრუა, დააცარელა~. (`საქართველოს ისტორიის მუზეუმში შემორჩენილი ბლოკნოტიდან~, წიგნში: `ჩანაწერები~, ინტელექტი, 2011).
რას ხედავს საბჭოეთში?  `აქ ძირითადი მასა აღტაცებულია ყველაფრით. ეს აღტაცება უცნაური ბანგია მათთვის. ეს არგამოფხიზლება გამოიხატება სიგიჟემდე სწრაფად აალებად სიხარულში ყველაფრის გამო... ყველანი სხედან და უყურებენ უცნაურ სპექტაკლს, სადაც წამდაუწუმ გამოაქვთ დროშები და ვაშას იძახიან... ვინც არ იძახის, სპობენ, როგორც საერთო განწყობილების ხელოვნურად ჩამგდებს... უჩვეულო ტუტუცური აღტაცებაა ყველას სახეზე გამოხატული~ (ეხმიანება ჯორჯ ორუელის `1984~ თუ `ცხოველების ფერმას~). ამგვარ საზოგადოებაში მოაზროვნე ირიყება _ თუ დასავლურ სამყაროში ზიზღით უკუაგდებენ, საბჭოეთში სარეველასავით სპობენ. ადამიანურის განადგურება _ ეს არის მწერლის მთავარი სატკივარი და თავისი შემოქმედებით გამოხატავს ამ ადამიანურის გამოვლინების ვარიაციებს.
იგი წუხდა, რომ სამყაროდან გაქრა ყველაზე ძლიერი ადამიანური, დრამატული, არტისტული ელემენტი _ ღრმა უკმაყოფილების გამომხატველი ტანჯვა _ დიდი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი.
მისი აზრით, სიგიჟე მხატვრული გმირისა (ჰამლეტი, დონ-კიხოტი, მიშკინი) მხოლოდ ხაზს უსვამდა მის უკიდურესად მაღალ ნორმალურობასა და მორალს, ახლა კი, პირიქით, ნორმალური მდგომარეობა იქცა სრულ საბაბად გაგიჟებისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, ტრაგიკულობის ყოველგვარი ელფერი დაკარგა... დაიშალა, დაწვრილმანდა და სასაცილომდე დაპატარავდა.
იგი წუხდა: საზოგადოების დიდი ნაწილი მე მხვდება როგორც გადმომმღერებელს ევროპული თუ ამერიკული “დაკარგული თაობის” მოტივებისა. სასურველი იქნებოდა, რომ ჩემმა თეორიულმა ნაწილმა მხატვრულთან კავშირში გააქარწყლოს ეს შეხედულება და ჩვენ (საზოგადოებამ, თქვენ და მე) ერთმანეთს პირდაპირ, გულწრფელად დავუწყოთ თვალებში ყურება...”
მხოლოდ ამგვარი გზით, მწერლისთვის თვალებში  გულწრფელი ჩახედვით, შეიძლება გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების არა მხოლოდ გაგება, არამედ თხრობის საიდუმლოსთან ზიარება, რომელიც გიბიძგებს კვლავ და კვლავ მიუბრუნდე მის ნაწერებს და თავიდან აღმოაჩინო სამყარო და საკუთარი თავი.













No comments:

Post a Comment