Translate

Friday, July 3, 2015

მაია ჯალიაშვილი
                      თამაზ ბაძაღუას პიესების პოეტიკა
                                            „ჩემი აზრით, პიესა     არ არის სავალდებულო,

                       რომ         დაიდგას,     უნდა იკითხონ, როგორც რომანი,
                        ამიტომ ისევე უნდა წერო“.
                                                                                გურამ რჩეულიშვილი „ჩანაწერები“
             

თამაზ ბაძაღუას შემოქმედება სამყაროს შემეცნების წყურვილითაა სავსე. მისი ძიება თანაბრად მიიმართება მატერიალური და სულიერი დრო-სივრცეებისაკენ. მხატვრული სამყაროს სხვადასხვა განზომილების შექმნა და  სიტყვის სიღრმეებში მოგზაურობა მას წარმოგვიდგენს შემოქმედად, რომელსაც შეუძლია ნაგრძნობ-განცდილის ემოციურ-ინტელექტუალური გამოხატვა. ამის დასტურია მისი ლექსები, მოთხრობები, პიესები,  თარგმანები. ეს არის ერთი მთლიანობა,  რომელიც წარმოაჩენს ავტორის  ფილოსოფიურ-ესთეტიკურ შეხედულებებს. მისი მთავარი საფიქრალი ადამიანის ბედია ამ სამყაროში. მას აღელვებს ისეთი ეგზისტენციალური საკითხები, როგორებიცაა: მარტოსულობა, სიცარიელე, მიტოვებულობა, რწმენაში დაეჭვება, რომლებმაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურა მოიცვა. 
მისი პიესების სააზროვნო სივრცე ამგვარი კითხვებითაა სავსე: რა არის თავისუფლება? რატომ გაუუცხოვდნენ ადამიანები ერთმანეთს? სად გაქრა სიყვარული? რატომ არ ესმით თაობებს ერთმანეთისა? ამ სამყაროში რატომ არის მატერიალური ღირებულებები სულიერზე აღმატებული? რა ხდება ადამიანის სულში _ უძირო უფსკრულში ¬_ საიდანაც ანგელოზები და ეშმაკები თანაბარი ინტენსივობით იბადებიან? რატომ აბრმავებს ძალაუფლება ადამიანებს? რატომ სწირავენ ყველას და ყოველივეს კარიერისა და განდიდებისთვის? ვინ და რატომ ირჩევს ჯალათისა თუ მსხვერპლის, როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, `მოსათიბი ბალახისა~ და შესაწირი ცხვრის ან ცელისა თუ  მგლის `როლს~? რა კავშირია აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის? რა არღვევს თუ ამტკიცებს დროის მთლიანობას? რა ზღვარია წარმოსახვასა და რეალობას შორის?
მეოცე საუკუნის 80-იანელების თაობას წარმოადგენდა თამაზ ბაძაღუა და მის შემოქმედებაში  სიღრმისეულად წარმოჩნდა ის პრობლემები, რომლებიც ამ დროის საქართველოს სულიერ-მატერიალურ ვითარებას ქმნიდა. მწერალს, ტოტალიტარული რეჟიმის ფსევდოღირებულებების გარემოში აღზრდილს, არ გასჭირვებია დაენახა საბჭოეთის მოჩვენებითი, ფასადური კეთილდღეობის მიღმა კომუნიზმის მაშენებელი ადამიანის ზნეობრივი გადაგვარება და, ზოგადადა, ადამიანურობის დაღუპვის საფრთხე. 
მისი პიესების თემატიკა, ძირითადად, ორ განზომილებაში მოიაზრება _ მატერიალურსა და სულიერში. ეს ორი სამყარო გამუდმებით გადაკვეთს ერთმანეთს. მწერალს აინტერესებს ადამიანი როგორც კონკრეტულ დრო-სივრცეში, ასევე ზედროულსა და ზესივრცულ, მარადისობის კონტექსტში.
როგორია მისი პიესების პოეტიკა?
იგი კარგად იცნობს მსოფლიო და ქართული დრამატურგიის გამოცდილებას, ეს კარგად ჩანს მისი პიესების მხატვრულ-გამომსახველობით სტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით, ის ეხმიანება, ერთი მხრივ, ჩეხოვისეულ რეალისტურ-რომანტიკულ ტრადიციას, მეორე მხრივ, მეოცე საუკუნის აბსურდის დრამის ესთეტიკას.
პიესა, თავისი ჟანრობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, თეატრალურ სცენაზე განხორციელებული, განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე. შურისძიებით აღვსილი ჰამლეტი მამინაცვლის ცოდვაში დასარწმუნებლად სწორედ ამ ჟანრს მიმართავს, რათა საბუთი ჰქონდეს. იგი საგანგებოდ შეთხზავს სინამდვილეს მიმსგავსებულ პიესას და მოხეტიალე დასს შეასრულებინებს. სწორედ მაშინ ამბობს:
`გამიგონია, რომ როდესაც ცოდვიანები
თავიანთ ცოდვის მსგავსსა რასმე თეატრში ნახვენ,
გულდაკოდილნი მყის ამ ცოდვას თვითვე ამხელენ.
კაცის მოკვლასთან თუმც ისპობა მეტყველებაცა,
მაგრამ თვით ცოდვა სასწაულად შექმნის ღაღადსა.~,
`ეს წარმოდგენა მე გამიმხელს მეფის სინიდისს~ (შექსპირი 2004: 85).
თამაზ ბაძაღუას სჯეროდა, რომ მისი პიესების მაყურებელთაც გაუმახვილდებოდათ სინდისის გრძნობა, საკუთარ თავში ჩაიხედავდნენ და ნანახ-განცდილის გამოძახილის შესაბამისად გაუჩნდებოდათ განწმენდის, ათასგვარ ცოდვათაგან განრიდების სურვილი. სწორედ ამას გულისხმობს კათარზისიც, რომელსაც, არისტოტელეს აზრით, სცენაზე ნანახით აღძრული შიში და თანაგრძნობა იწვევს (არისტოტელე 2009: 45).
„ღამე და თუთიყუში“  ერთი ადამიანის სულიერ დრამას წარმოაჩენს. მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავსა და სამყაროსთან გაუცხოებული ადამიანია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია და ვერ გაუმართლებია თავისი არსებობა. ეს არის მონოპიესა, მხოლოდ ერთი გმირით, მაგრამ მასში მთელი სისავსით ირეკლება ადამიანის წინააღმდეგობრივი და მრავალფეროვანი ცხოვრება.
საჭიროა დიდი ხელოვნება, რომ ერთი პერსონაჟის საშუალებით ყოფიერების მთელი  სისასტიკე, ადამიანთა გაუტანლობა, სიხარბე, ურწმუნოება და ზნეობრივი დაცემა აჩვენო. თამაზ ბაძაღუა ამას შესანიშნავად ახერხებს.
მას ორი მონოპიესა აქვს: „ღამე და თუთიყუში“ და „ფანჯრებს იქით“. პირველის გმირი კაცია, მეორისა _ ქალი. ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო აქვთ ერთი მნიშვნელოვანი _ სიყვარულის დაკარგვით ისინი ცხოვრების აზრს, სიცოცხლის საყრდენს კარგავენ.
ავტორი, ზოგადად,  უდიდეს ყურადღებას ანიჭებს მკითხველის წინასწარ ფსიქოლოგიურ მომზადებას და ამას ახერხებს საოცრად ლაკონური ფრაზებით, რომლებიც მიანიშნებენ მოსალოდნელ პერსონაჟებსა და მოვლენებთან შეხვედრაზე.
მაგალითად, სანამ დაიწყება მოქმედება პიესისა „ღამე და თუთიყუში“, ავტორი შესავალში აღწერს გმირის საცხოვრისს. ეს არის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც იწვევს მარტოობის, დათრგუნულობის, სიცარიელის, გაუცხოების განცდას: „ძველი, დაულაგებელი ოთახი, კედელთან ტახტი, მაგიდა და რამდენიმე მორყეული სკამი. ტახტის ქვეშ ცარიელი, დამტვერილი ბოთლები, კუთხეში პატარა მაცივარი, ოთახს ერთადერთი ნათურა ანათებს, ნათურის სუსტ შუქზე ბუნდოვნად მოჩანს გაფხეკილი შპალერი, მარჯვნივ, პატარა მაგიდაზე დგას გალია, გალიაში თუთიყუშია“  (ბაძაღუა 2013: 17).  მწერალი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ოთახი  ძველი და  დაულაგებელია, სკამები მორყეულია, ბოთლები ცარიელი და დამტვერილია, შპალერი გაფხეკილია, ნათურა სუსტად ანათებს, ირგვლივ ბუნდოვანებაა. ამ გაყინულ, გაუბედურებულ, მიტოვებულ სივრცეში ერთადერთი სულიერი არსება თუთიყუშია, რომელმაც უნდა გამოაცოცხლოს ეს გარემო, მაგრამ თუთიყუში გალიაშია. გალია გამჭვირვალე სიმბოლოა უსაშველობისა, ტყვეობისა. ეს გვაგონებს დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ გმირის ვიწრო, კუბოსავით ოთახს, რომელმაც ხელი შეუწყო გმირის სულში აქედან ნებისმიერი გზით თავდაღწევის დაბადების აზრს და გააჩინა საბედისწერო ბზარი მის სულში, შინაგანად გახლიჩა და საკუთარ თავს დაუპირისპირა.
ეს ჩაკეტილი სივრცეები, რომლებიც აჩენენ სულისშეხუთულობის განცდას, ზოგადად, დამახასიათებელია ამ პიესებისათვის. ასევეა პიესაში „ფანჯრებს იქით“. ფანჯრებს აქეთ უბადრუკი ოთახია მარტოსული ქალით: „ტახტზე უწესრიგოდ მიყრილი საბანი, ბალიშები, კაბები“ _ ამხელს პერსონაჟის სულში არსებულ უწესრიგობასა და ქაოსს.
ასეთივე სივრცეა პიესაში „ძველი როიალი“: „სცენა წარმოადგენს ვიწრო, დაბალჭერიან ოთახს. ოთახის მარჯვენა კუთხეში დგას როიალი. სიღრმეში _ უწესრიგოდ მიმოფანტული ნახატები და ჩარჩოები... ძველებური ტახტი, მაგიდა, სკამები ოთახს სიძველისა და მოუვლელობის იერს აძლევენ“ (ბაძაღუა 2013: 101).
ამგვარი გარემო, ერთი მხრივ, ამხელს გმირის სულიერ სამყაროს, მეორე მხრივ, მის მატერიალურ ყოფას, იმავე დროს მიანიშნებს გარკვეულ ეპოქაზე, რომელშიც ცხოვრობენ ისინი. ეს არის საბჭოთა ეპოქა, მეოცე საუკუნის 80-იანი წლები, ტოტალიტარიზმის ხანა, როდესაც ადამიანები თავს გრძნობენ გალიაში, რადგან არ არის თავისუფლება სიტყვისა, აზრის გამოთქმისა. ყველაფერი კონტროლდება, როგორც ჯორჯ ორუელის რომანში „1984“.
ორივე პიესის _ „ღამე და თუთიყუში~ და „ფანჯრებს იქით“ _ სტრუქტურის მთავარი საყრდენი მონოლოგებია. საჭირო იყო დიდოსტატობა, რომ მკითხველსა თუ მსმენელს არ მოეწყინა. ავტორი ამას შესანიშნავად ახერხებს, ამ მონოლოგებში იხსნება დროსივრცული პლასტები, რომლებიც გმირსა თუ მაყურებელს წარმოსახვით სხვადასხვა განზომილებაში გადაისვრიან. ეს იწვევს გრძნობათა და ემოციათა გრადაციებს. სააზროვნო არეალი ფართოვდება და პირობითი საზღვრები თუ სამანები მოირღვევა. ერთი ადამიანი წარმოჩნდება გამომჟღავნებელი და მომცველი ეპოქის ტრაგიკული სულისა და ზოგადად ადამიანის მარტოსულობისა. პერსონაჟების სულიერ-მატერიალური სიცარიელე, სიყვარულის წყურვილი ამხელს დაკარგული რწმენის მოპოვების აუცილებლობას სულის სახსნელად და გადასარჩენად.
პიესები სავსეა მინიშნებებით, რომლებიც შემდგომ იხსნება, უფრო ზუსტდება და იტვირთება ახალი, სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობებით. თავის პიესებში მწერალი, ზოგადად, კლასიკურ სქემას იყენებს _ ექსპოზიცია, ამბის განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა. მისი პერსონაჟები პიესის განმავლობაში იცვლებიან, ღირებულებებს გადააფასებენ და თითქოს ახალი ცხოვრებისთვის იბადებიან. მიუხედავად ცხოვრების აბსურდული ტრაგიკულობის განცდისა, პერსონაჟები მკითხველს მაინც უტოვებენ გადარჩენისა და თავდახსნის იმედს. ოღონდ ეს არ არის პიესები ბედნიერი დასასრულით, პირიქით, ყველა პიესა აჩენს კითხვებს, რომლებსაც მკითხველმა თუ მაყურებელმა თვითონ უნდა უპასუხოს თავისი ემოციურ-ინტელექტუალური აღქმის შესაბამისად. 
პიესაში `ღამე და თუთიყუში~ ერთმანეთს გადაკვეთს რეალური და წარმოსახული სივრცეები. მკითხველის თვალწინ მხოლოდ ერთი გმირია, დანარჩენები უნდა მისი მონოლოგის მიხედვით წარმოიდგინოს. ამ მკვდრულ მყუდროებას პირდაპირ არღვევს გმირის შემოჭრა, რომელიც ქმნის ინტრიგას. პირველი ცოცხალი ფრაზა ასეთია: „მე ის მოვკალი“. ამგვარ დეტექტიური ფანდს იყენებს მწერალი და პიესის განმავლობაში რეტროსპექტივით წარმოაჩენს რეალური თუ წარმოსახული (როგორც შემდგომ გაირკვევა) მკვლელობის მიზეზსა თუ მოტივაციას. ამით მწერალს სურს მკითხველის თავიდანვე შოკირება, ამიტომ კულმინაციას ადგილს უცვლის და გადმოაქვს ექსპოზიციურ ნაწილში. ეს არის, ფაქტობრივად, გმირის სულში მოგზაურობა, იმ ბნელი ქვეცნობიერის კვლევა, რომელიც ზედაპირზე დაშიფრულ მოქმედებებში ვლინდება. წარმოსახული და რეალური ერთმანეთს ერევა და გაურკვეველია, რომელ სივრცეში ხება მოქმედება. სქემატურად პიესის დრამატურგია ასე შეიძლება გამოისახოს: მკითხველის შოკი, შფოთი, გაურკვევლობა / რეტროსპექცია / ძიება _ მოგზაურობა გმირის სულში / მოვლენებში გარკვევა / გმირის ტრანსფორმაცია, კათარზისი
თავიდანვე იძაბება მკითხველის ცნობისმოყვარეობა: ვინ მოკლა მთავარმა გმირმა? ვინ არის თვითონ? რა არის მკვლელობის მოტივი? პიესის განმავლობაში, მკითხველის გონებაში წამოტივტივდება სხვადასხვა პასუხი. ჩნდება თანმდევი კითხვები: რომელ სივრცეში მოხდა ეს მკვლელობა: რეალურსა თუ  წარმოსახულში? ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა?
გმირის ტრაგიკულ უსაშველობას ამხელს ის, რომ ამ ამბავს ის ერთადერთს _ თუთიყუშს უმხელს, რომელსაც თანაგრძნობა არ შეუძლია, ეს არის, ფაქტობრივად, სარკეში ყურება  და საკუთარ თავთან აღსარება, რომლის მოწმე მკითხველი ხდება.
რა ფუნქცია აქვს მკითხველს? აქ მკითხველი (იგივე მაყურებელი) აქტიურად მონაწილეობს ამბის განვითარებაში, მისი უჩინრადმყოფობა აუცილებელი პირობაა ამბის დრამატიზირებისთვის, იმიტომ, რომ აღსარებას სჭირდება მსმენელი ადამიანი. მართალია, გმირი თუთიყუშს ელაპარაკება, მაგრამ ის, რეალურად მიმართავს მაყურებელს და გრძნობს მის რეაქციებს, რადგან ეს დროში გამოცდილი პარადიგმებია. გარკვეულ საქციელს გარკვეული გამოძახილი აქვს.
გმირი მიზნად ისახავს მკითხველს თავი შეაძულოს, კი არ შეაბრალოს, ამიტომ შემაძრწუნებლად აღუწერს მოკვლის პროცესს. ეს არის დოსტოევსკის მსგავსი ვნებით აღწერილი საშინელება: „რატომ არ გეშინია ჩემი!?  (გულზე მიიდებს ხელს) აი, აქ დავარტყი და დიდხანს ვატრიალებდი  შიგნით“ (ბაძაღუა 2013:  17).
ამ შემთხვევაში, მკვლელობა იწვევს მაყურებლის (მკითხველის) გმირის მიმართ გაუცხოებას. მკვლელი უნდა გძულდეს, მას არ უნდა თანაუგრძნო. შემდეგ, აღსარების კვალდაკვალ, მაყურებელი ან გაამართლებს გმირს და, შესაბამისად, მის მიმართ განწყობილება შეეცვლება (ე.ი. პიესის განმავლობაში თვითონაც შეიცვლება), ან პირველი განცდა დარჩება, თუმცა ცვლილება მაინც მოხდება (ეს განცდა გაღრმავდება რაიმე მიმართულებით).
აქვე ფიგურირებს მკვლელობის იარაღი დანა, რაც მე დამაჯერებლობას მატებს ნაამბობს. მწერალი ხაზგასმით წარმოაჩენს პერსონაჟის სულში გაჩენილ პირუტყვულ ვნებას, როცა დანას აკოცნინებს და აყნოსინებს „მისი სისხლის სუნს“.
შემდეგ იწყება ჩაღრმავება ვერტიკალურად დროში. თითქოს ფირი უკან დატრიალდება. პერსონაჟი ჯერ ჰყვება მკვლელობის შემდგომ განვითარებული ამბების ისტორიას. მკითხველის ცნობისმოყვარეობა კვლავ დაძაბულია, იმიტომ, რომ მთავარი კითხვა: რატომ ჩაიდინა მკვლელობა? ჯერ პასუხგაუცემელია. ამ კითხვაზე პასუხია პიესის მთავარი ინტრიგა.
მწერალს აინტერესებს მკვლელობის შემდეგ გმირის განცდები. ამბის მსვლელობაში ჩნდება ქალი _ ლანდა და იკვეთება შურისძიების მოტივი. გმირმა ვიღაც კაცი მოკლა ქალის გულისთვის, მოუკლა საყვარელი.
სახელი ლანდაც მიანიშნებს გმირის ლანდურობაზე, თუ განვაზოგადებთ, ეს ყოველივე მიანიშნებს რეალობის ილუზორობაზე, სიყვარულის ლანდურობაზე, ე.ი მოჩვენებითობაზე, მსწრაფლწარმავლობაზე.  მთავარ პერსონაჟს ეჭვი შეაქვს ყოველივე ზნეობრივის, უპირველესად, ადამიანის განმწმენდ-ამამაღლებელ გრძნობაში _ სიყვარულში. აქედან კი ერთი ნაბიჯია ღვთის უარყოფამდე, მკვლელობა, ფაქტობრივად, ეს ნაბიჯია. ეს არის, იმავდროულად, თვითუარყოფაც და ცხოვრების აბსურდულობის აღიარება. ამ თვალსაზრისით, ეს პიესა, გარკვეული კუთხით, ენათესავება აბსურდის დრამასაც, რომელშიც ტრადიციული ღირებულებები ეჭვქვეშ დგება და უარიყოფება, როგორც ყოფიერების არამდგრადი, მოჩვენებეთი საყრდენები. განსაკუთრებით კი ენათესავება ალბერ კამიუს აბსურდის  ფილოსოფიასა და ესთეტიკას. კამიუს აზრით, სამყარო აბსურდულია და სწორედ ამ აბსურდულობის გააზრებით შეიძლება მისგან თავდაღწევა: `ყოველთვის, როცა სიზიფე ტოვებს მწვერვალს და ნელა ეშვება, იგი მაღლდება თავის თავზე და უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ლოდი~ (კამიუ 1996: 103). თამაზ ბაძაღუას გმირებისთვისაც უცხო არ არის აბსურდის ადამიანის კითხვა: სიცოცხლე განა ღირს იმად, რომ ადამიანმა ბოლომდე გალიოს? სწორედ ამ ღირებულების გარკვევაში ეხმარება მწერალი მკითხველს.
მწერალი ცდილობს მკითხველი ნელ-ნელა შეიყვანოს აფორიაქებული გმირის სამყაროში, ამიტომ ხატავს ერთი შეხედვით მოულოდნელ დეტალებს. ამგვარი ნიუანსია, მაგალითად, გმირის ბუნებისთვის (მკითხველის პირველი შთბეჭდილების საპირისპირო) შეუფერებელი სინაზე, რომელსაც თუთიყუშის მიმართ ავლენს: „შენ აქამდე მოგშივდებოდა... შენც დამავიწყდი... წყალიც მოგწყურდებოდა... ჩემი ჭიქიდან დალიე~ (ბაძაღუა 2013: 18).  ეს იწვევს მკითხველის დაბნევას.
პიესაში ნელ-ნელა ჩნდებიან სხვა გმირები. მაგალითად, მარლენი, მეგობარი, რომლის გახსენებასაც პიესაში შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია ლანდასა და გმირის ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ.
პიესა თავისი განწყობით ეხმიანება კამიუს პიესას „რეკვიემი მონაზონისთვის“, რომელიც მწერალმა უილიამ ფოლკნერის ამავე რომანის მიხედვით დაწერა.  აქაც ქალი ერთდროულად მეძავი  და წმინდანია.  კაცია დანაშავე, რომ ცოლი მეძავად იქცა. თავს დადანაშაულება და ცოდვის გამოსყიდვის წყურვილი ორივე პიესის მთავარი მოტივია.  
პიესის მონოლოგები ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა შესრულებული. ფრაგმენტულად იჭრება წარსულის სურათები, მკითხველსაც გადაედება გმირის ნერვიული პულსაცია. წარსულში მომხდარი ახლა რეალურად განიცდება. ამას მწერალი ხატავს იმგვარი ფრაზებით, რომელთა ვიზუალიზაცია იოლად ხდება.
მონოლოგში გმირი დეტალურად აღწერს მეტოქის მკვლელობის იმ მომენტს, როცა დანას უყრის. მკითხველი თითქოს შენელებულ კადრს ხედავს. თანაც, ეს კადრი პერიოდულად მეორდება მთელი პიესის განმავლობაში, რადგან სწორედ ეს არის მისი ქვეცნობიერის მთავარი  ხატი, რომელიც ზედაპირზე ხშირად ამოტივტივდება.
ამ გახსენებას ახლავს თვითშეფასებები, მაგალითად, „სადისტურად გავიცინე“, რაც კიდევ უფრო აღრმავებს დანაშაულის განცდას და თავის დასჯის წყურვილს. პიესის კომპოზიციის ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სიზმარი. ფროიდის აზრით, სიზმარი _ `ეს არის განდევნილი სურვილების, მოთხოვნილებების შენიღბული ასრულება.  დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზე~ (ფროიდი 1995: 285).
მთავარი პერსონაჟის ეგო იტანჯება გარემაკონტროლებელი ზნეობრივი ინსტანციებისაგან, ფროიდი რომ იგისა და ზემეს უწოდებდა. თანვე ეს ტანჯვა ტკივილით განწმენდს მას და ეგოს საზღვრებს დაარღვევინებს, რათა შეიგრძოს, რომ სხვისი მკვლელობით საკუთარ მესაც ინადგურებს, რომ შურისძიებას ბედნიერება არ მოაქვს. პიესის დაძაბულობა არ ნელდება ფინალამდე, რომელიც ამხელს ამ მკვლელობის ილუზორულობასაც. ასე ამოგზაურა მწერალმა მკითხველი პერსონაჟის ქვეცნობიერში და იქ არსებული ჯურღმულები მოახილვინა.
პიესაში `ფანჯრებს იქით~ მიტოვებული ქალის დრამაა აღწერილი. კარიერა თუ შვილი? ადამიანები ხშირად აკეთებენ არჩევანს კარიერის სასარგებლოდ. მთავარი გმირის ტრაგედიაც ეს არის, მან ჩანასახშივე მოიშორა შვილი, რადგან ცეკვა უნდოდა, რადგან მის საყვარელს სიგიჟედ მიაჩნდა ეს ამბავი. დრო გავიდა და მარტო დარჩენილმა ქალმა შეიგრძნო, როგორ გაანადგურა წარსულმა აწმყო. სულიერი სიცარიელით გაწამებული ქალი ახლა მაყურებლის (მკითხველის) წინ ლამობს წარმოსახულით ჩაანაცვლოს რეალობა. თავიდან პიესაში სწორედ ეს წარმოსახვა შემოიჭრება, ქალი აკვანში ჩაწოლილ გოგონას ეფერება, ზღაპრებს უყვება, ესაუბრება, მომავალს ნათელ ფერებში წარმოუდგენს.
გასაოცარია ახალგაზრდა დრამატურგის მიერ ქალის  დედობრივი სინაზის გადმოცემა. ქალის მონოლოგიც ისეა დაფლეთილი, როგორც მისი სული. ქალს შემოაქვს ფანჯრის მიღმა სამყარო ოთახში და აცნობს პატარას. გარეთ თოვლია, წინასაახალწლო სამზადისი, გაჩახჩახებული ქუჩები, ბედნიერსახიანი ადამიანებო თბილი და მყუდრო სახლებისაკენ მიიჩქარიან, სანოვაგით დატვირთულნი. გარეთ მოჟივჟივე შეციებული ბეღურებიც არიან _ არც ეს გამორჩება ქალს, რადგან ბეღურა მის ბედს ირეკლავს. თვითონაც ასეთივე უსუსური და დაუცველია. გარეთ ხეებიც არიან: „ნახე, ხეები რა მარტო დგანან, როგორ სცივათ?!~ იგი თითქოს ცდილობს, პატარას აქედანვე ჩააგონოს, რომ გარეთ სითბოც არის და სიცივეც და დედა დაიცავს მას ყველანაირი საფრთხისაგან. ამ შემთხვევაში, ოჯახი, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება, მწერლისთვის სიმშვიდისა და დაცულობის პირობაა.
მკითხველის თვალწინ ერთმანეთს ცვლიან  ქალის წარმოსახული სურათები, თითქოს ფოტოები ცოცხლდება. მაშინ, წარსულში, როცა სცენაზე დედოფალივით იდგა და ტაშით ბრუვდებოდა, დრო თითქოს ჩერდებოდა და უჩნდებოდა მარადიული ბედნიერების განცდა. ახლა კი დგას ცარიელ ოთახში წარსულის ბედნიერების ნამსხვრევებზე და თითქოს მოუშუშუშებელი ჭრილობებიდან სისხლის წვეთები სცვივა. მკითხველსაც გადაედება ქალის ტკივილი. დრომ თან წაიყოლა მისი ცეცხლოვანი თაყვანისმცემლები და ის ერთადერთიც, რომელსაც უმსხვერპლა შვილი.
ქალი თავს მკვლელად აღიქვამს და ეს განცდა შინაგანად ანადგურებს. ავტორის ბოლო რეპლიკა ერთგვარი გულგრილობით არის აღბეჭდილი: „ის იატაკზე ჩაიკეცება და ეხვევა დაყრილ ნივთებს. ზემოდან ისმის მხიარული მუსიკა. იქ ცეკვავენ“ (ბაძაღუა 2013: 258). დაცემულმა ადამიანმა თვითონვე უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და წამოდგეს. ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერება, სინანული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ცხოვრება უნდა მოჰყვეს, ნამდვილი, ცოცხალი და ტანჯვით სავსე, გამეორებული ტკივილითა და სიხარულით.
ამ პიესაშიც სიზმარს გარკვეული კომპოზიციური დატვირთვა აქვს. ის ამხელს პერსონაჟის სულიერ დაძაბულობასა და დათრგნულობას: „ძალიან მციოდა, თითქოს შიშველი ვიყავი, გაყინული თოვლი მთელ სხეულზე მეცემოდა და მერე ცრემლებივით მციოდა. შენ ჯერ ცრემლიც არ იცი... მთელი სხეულით ვტიროდი. ცრემლები... თვალებიდან, ტუჩებიდან, მკერდიდან, ხელებიდან...“ (ბაძაღუა 2013: 243). ამ ცრემლის ნაკადებს ხედავს მკითხველი და გმირთან ერთად ჩაფიქრდება, გზის რომელ მონაკვეთში შეცდა ქალი, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო: არაჩვეულებრივად ცეკვავდა და გამორჩეულად ლამაზი იყო. ეს ფიქრები მას პიესის წაკითხვის შემდეგაც გაჰყვება.
 პიესაში `ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო~ წარმოჩენილია გაუცხოება. ადამიანები მარტოობით იტანჯებიან. მთავარი პერსონაჟი მასწავლებელია, რომელმაც ვერ გაუძლო რომანტიკული იდეალების მსხვრევას. გარკვეული ხნის განმავლობაში თავს იტყუებდა, (ასე შეაფასა შემდეგ საკუთარი ილუზიები), რომ ლიტერატურას შეეძლო ადამიანის ზნეობრივი აღზრდა, „მეგონა ჩიტებს ვზრდიდი, მართლა, ძალიან მაღლა რომ შეკრავდნენ კამარას“, ეგონა, რაკი მოსწავლეებს სულ პოეზიასა და მშვენიერებაზე ელაპარაკებოდა, ისინიც მისნაირადვე შეხედავდნენ სამყაროს, ცას, შემოდგომასა და ყვითელ ფოთლებზე ისაუბრებდნენ, მაგრამ რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა: არც ერთი მისი მოსწავლე არ დაადგა იმ გზას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ამან ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, სკოლიდან წამოვიდა. მას სტანჯავდა ფიქრი, რომ ვერ შეძლო მოსწავლეებზე ზემოქმედების მოხდენა, რომელთაგან ბევრი „ლოთი და მამაძაღლი გახდა“: `ოცი წელი ვასწავლიდი-მეთქი. ქართულს ვასწავლიდი. რუსთაველს და ბარათაშვილს ვასწავლიდი. გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. მაინც არაფერი გამოვიდა. ნეხვის გროვაზე ენძელა არ ამოვა, უნდა იცოდე, მე გვიან მივხვდი. იცით, როდის მივხვდი? ერთხელ, აი ამ მწარე არყით გამოვიბრუჟე, ქუჩაში გამოვედი და ძალიან მომინდა ჩემი ყოფილი მოწაფეები მენახა. დავფიქრდი და იცით რა აღმოვაჩინე? თურმე მთელი ოცი წელიწადი არც ერთ ჩემს მოწაფეს ფილოლოგიურზე არ ჩაუბარებია. გესმის? რას ნიშნავს ეს? მიხვდი, რომ არარაობა ვიყავი. მივხვდი, რომ ოცი წელი ჩემს თავსაც ვატყუებდი და იმათაც. მე ერთს ვუჩიჩინებდი და სიმართლე მეორე მხარეზე იყო. ეს საშინელებაა…“ (ბაძაღუა 2013: 79). ამგვარმა განცდამ ბონდოს საკუთარი თავისა და ადამიანის რწმენა შეურყია, ოჯახსა და მეგობრებთანაც გააუცხოვა. მის ტანჯვას აძლიერებს განცდა, რომ ხედავს, თითქოს ყველას ეშმაკისთვის მუყიდია სული, მათ შორის, თვითონაც. ერთადერთი საზრუნავი აფორიაქებთ ადამიანებს: როგორ იცხოვრონ უკეთესად. ისინი ბედნიერებას მხოლოდ კარგ სასმელ-საჭმელში, კეთილმოწყობილ ბინაში, სამსახურსა და ჩასაცმელ-დასახურავში ხედავენ. ბონდოს კი აღელვებს ზღვისპირა ქალაქის ჰორიზონტები, პოეზიის სანახები. ამიტომ თანდათან შორდება ყველას, ცოლსა და ქალიშვილსაც. ის თავისი `გიჟური~ მსჯელობით სხვათა გამოფხიზლებას ცდილობს: „შეხედეთ, შეხედეთ, ამ ნისლებში დაინთქმება ჩვენი სხეული, ამ ათასწლოვან ღამის ნისლებში ჩავიკარგებით, გესმის? რა ყრუდ და ფოთოლივით წყნარად თრთიან ვარსკლავები, რა სიჩუმეა… ჩვენი კვალი კი სამარადისოდ წარიხოცება, აღარც უღონო გულის ტანჯვა… მიუსაფარი ამ ცივ წყლებზე იხეტიალებს, ვარსკლავების გულებს გააპობს.…საით მივდივართ, გეკითხები, საით მივდივართ?!“ (ბაძაღუა 2013: 85).
თამაზ ბაძაღუას პიესებში წარმოჩენილი პრობლემები დღესაც აქტუალურია. მათ შორის, ამ პიესის ერთი ასეთი თემაც: აღტაცება ყოველივე უცხოურით: „ერთი მეც მინდა ავიდე. გავხედო, გამოვხედო, რა აგიჟებს ამ ხალხს, სულ უცხოეთი, უცხოეთი რომ აკერიათ პირზე, ჯერ გელათი არ უნახავთ, აგერ ქუთაისთან, დავით აღმაშენებლის საფლავი არ უნახავთ,…კაცო, ბეთანია არ უნახავთ და ფიჯის კუნძულების საგზურს ეძებენ… ჰა და ჰა მადასკარი იკადრონ.… მე რასაც ვამბობ, ყველაფერი ძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება,… ამიტომ მიყვარს ძველი სიტყვები: `ჟამთა რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო…“ (ბაძაღუა 2013: 88).
ერთადერთი ნუგეშად უჩანს  ის, რომ `გოგონა მწერდა, რომ გვჭირდებიო, მოუთმენლად გელითო და ათას სისულელეს. მე მათ არ ვჭირდებოდი, მე მათ ვატყუებდი. იმ წერილს კი ახლაც ვინახავ. აგერ მაქვს. გულის ჯიბეში. თითქოს არაფერში მარგია, მაგრამ რაღაც სხვანაირად მაწვალებს ვკითხულობ და არ შეიძლება ცრემლები არ მომერიოს. ოო, ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს. რა ბედნიერი ვიქნებოდი~ (ბაძაღუა 2013: 93).
მის გარშემოც ასეთივე მარტოსულები არიან _ ყველას თავისი მიზეზი აქვს, მთავარია, რომ ერთი ადამიანი მეორის მარტოობის ტვირთს ვერ ამასუბუქებს. ბონდო თავს დაკარგულად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ის თავს მკვდრად აღიქვამს. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის „წარმავალი მშვენიერების“ ერთი ნახევრადშეშლილი მოხუცი ეუბნება ახლობლებს: მე თქვენ გიცნობდით, სანამ ცოცხლები იყავითო. მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა. უმიზნობა, უიმედობა - სულიერ სიკვდილს ეთანაბრება.
პიესაში შემოიჭრება ზღვის უსაზღვრო სივრცე, რომელმაც თითქოს უნდა გამოაფხიზლოს ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ არღვევენ საკუთარ ეგოს და მტკიცედ შემოსაზღვრულ ჩარჩოებს, ვერ გადიან ყოველდღიურობის ერთფეროვანი საზღვრებიდან. მხოლოდ იტალიური გემის გამოჩენა შეამღვრევს ხოლმე ქალაქის მდორე მდინარებას. გემი ამ პიესაშიც უცხოს, შორეულის, მიუწვდომელის სიმბოლოა. პიესის სათაური `ღუზა, ჩაუშვი ანგელოზო~ მრავალმნიშვნელოვანია. ანგელოზი გემის სახელია, რომელიც სიკეთისა და სინათლის სიმბოლოდ იქცევა. იგი მხოლოდ დროებით ჩაუშვებს ღუზას, მერე კი ისევ გასცურავს და თან წაიყოლებს ადამიანურ ოცნებას.
ბონდოს მონოლოგები გამსჭვალულია გამოუსავლობის შეგრძნებით: „მე ახლა ვთამაშობ. ლოთსა და მასხარას ვთამაშობ. უსაქმურსა და ვიგინდარას ვთამაშობ“. „იმედი, იმედი, ვითომ ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ვცხოვრობთ და კაცმა ისიც კი ვერ ისწავლა, თავისსავე მსგავსი არ მოკლას.…უძახე ამას გონიერი ცხოველი. ადამიანი ადამიანისთვის მგელია! მე მარტო ამისი მჯერა. მგელი დიახ, მგელი _ სისხლიანი, კბილებდაკრეჭილი. ჰამ! ჰამ! ძვალი დროზე თუ არ გადაუგდე, შეგჭამს. არც ღმერთის ეშინია და არც განკითხვის. იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს~ (ბაძაღუა 2013: 96).
მიშელ უელბეკი ამბობს ერთ ინტერვიუში, როგორ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე პასკალის აზრების ერთმა თვალსაზრისმა:  „გული გამიხეთქა ამ პასაჟმა: `წარმოიდგინეთ ბორკილდადებული, სიკვდილმისჯილი ადამიანები. ყოველ დღე ზოგიერთ მათგანს დანარჩენების თვალწინ უმოწყალოდ კლავენ. ეს უკანასკნელები კი ხვდებიან, რომ ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც მათი თანამოძმეები, ერთმანეთს ნაღვლიანად შეყურებენ და თავის რიგს ელიან. ეს ადამიანური მდგომარეობის სურათია” (უელბეკი: 2011). გარდაუვალი სიკვდილი  მოკვდავი ადამიანის ხვედრია. ასე რომ, ადამიანი თითქოს დაბადებიდანვე სიკვდილმისჯილია და ამ სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს, მაგრამ არის გზა ამ სასჯელისგან თავდაღწევისა _ ეს არის რწმენა და ხელოვნება. ორივეს შეუძლია ადამიანის უკვდავებას აზიაროს. სიკვდილზე ფიქრმა ადამიანი სიცოცხლისთვის უნდა აღძრას.
ამგვარი განცდა ამ პიესის წაკითხვისასაც ჩნდება. მაგრამ მწერალს სჯერა ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის არსებობისა, ამიტომაც განწირულობის ტკივილს იმედით გადალახავს: `ბონდო (ნუგზარს შეამჩნევს): ნუ გეშინია… ჩვენ მაინც წავალთ მზის ამოსვლის სანახავად…(მცირე პაუზა) ოღონდ აქ მტკივა…(ბონდოს ძელსკამზე დააწვენენ. მარია ჭრილობას უხვევს. ლაშა პერანგს გაიძრობს და ჭრილობის შეხვევაში ეხმარება) ნუ გეშინიათ,…მალე აქ ანგელოზები ჩაუშვებენ ღუზას,…ისიც აქა მაქვს,…წერილი…(გაისმის გემის საყვირის ხმა. იგი ნაპირს შორდება. კიბეზე ტორტით ხელში ჩამოდის ინგა. გემის საყვირის ხმას ერთვის მხიარული იტალიური სიმღერა~ (ბაძაღუა 2013: 100).
თანამედროვეობის აქტუალური პრობლემებია წარმოჩენილი პიესაშიც `ძველი როიალი~. მასში ორი თაობა იხატება: მამებისა და შვილებისა. ერთი მხრივ, ნიკოა, მამა, განმასახიერებელი ტრადიციული ყოფისა, მეორე მხრივ, ზაზა, ახალი თაობის ესთეტიკურ-ზნეობრივი ღირებულებების წარმომჩენი. სიყვარულის გაუფასურება და მისი გატანა ირეალურ, წარმოსახვათა სფეროში მთავარი მოტივია პიესისა „ძველი როიალი“. აქაც ყოველივე მატერიალური უბადრუკია. ტრადიციული სიყვარულის სამკუთხედი ამ პიესის სტრუქტურული საყრდენია. ნიკოს თვალთახედვით, ყველაფერი მშვენიერი წარსულმა გაიყოლა, აწმყოში კი შემორჩა გაჭირვება, გარდაცვლილ ცოლზე დარდი, გადასახადები და ვალები. მას ამ უბადრუკი ყოფიდან ერთადერთ გამოსავლად როიალის გაყიდვა მიაჩნია. როიალი კი მისთვის განსახიერებაა ოჯახური ბედნიერებისა, ამ როიალზე უკრავდა მისი ცოლი და მამა-შვილის ბედნიერება უსასრულო და მარადიული ჩანდა.
ზაზა 25 წლის მხატვარია, რომელსაც ცხოვრებაში ადგილი ვერ უპოვია, პასიურ მდგომარეობას შეგუებია და მიჰყვება მდინარებას, ტკივილის დასავიწყებლად კი სმისთვის მიუყვია ხელი. მასთან ერთად ამ თაობის განწირულებას გამოხატავენ მისი მეგობრები, მუსიკოსი ირაკლი, რომელსაც სჯერა, რომ ოდესმე დაწერს არაჩვეულებრივ მუსიკას და ხათუნა, ზაზაზე ფარულად და უიმედოდ შეყვარებული, ათას ვიღაცასთან ნამყოფი, მაგრამ შინაგანად მაინც წმინდა და მეოცნებე. პიესის მიხედვით, ხსნა მხოლოდ ოცნებაშია. ხათუნას სჯერა თავისი წარმოსახული ზღვისპირა სახლისა, სადაც ზაზას ეპატიჟება, რათა ყიფითობას განრიდებულებმა იგრძნონ სიცოცხლის მშვენიერება.
საგულისხმოა ირაკლის სიტყვები: `მე ჩემს თავს ვანადგურებ, ჩემი თავის მეშინია, გავურბივარ~ (ბაძაღუა 2013: 114). ეს ახალგაზრდები თავს გრძნობენ ბებერ ბავშვებად, ისინი იმიტომ სვამენ, რომ გამოფხიზლების, რეალობასთან პირისპირ დარჩენისა ეშინიათ. აქაც წამოიჭრება ჰამლეტისეული დილემა: `ყოფნა არ ყოფნა საკითახავი აი, ეს არის~. ერთი მხრივ, დამთრგუნველი ცხოვრების ჭუჭყია, მეორე მხრივ _ ხელოვნება. პირველი სძლევს მეორეს და იბადება თვითირონია: `მე ვიქნებოდი ალექსანდრე მაკედონელი, ეს დამპალი კბილი რომ არ მტკიოდეს~,  _ ამბობს ირაკლი (ბაძაღუა 2013: 123).
მათ აწუხებთ უკვალოდ გაქრობა, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობენ. ამ უსაშველობას ამძაფრებს პოეზიისა და რეალობის სრული შეუსაბამობა. `ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი~, _ ამბობს ხათუნა გალაკტიონის სტრიქონებს და მაყურებელი გრძნობს, რომ ახლა ეს ბავშვი დასაღუპავად განწირული ხათუნაა. პიესაში დრამატულობის გასამძაფრებლად `რომეო და ჯულიეტას~ სცენები შემოიჭრება. ისინი ხომ ერთ დროს ამ შეყვარებულ გოგოსა და ბიჭს ასახიერებდენნ და სჯეროდათ ამგვარი სიყვარულისა.  ცხოვრებამ კი ეს რწმენა დაასამარა. მთელი თაობის სწრაფვას გამოხატავს ხათუნას ოცნება: `ჩვენს სახლს დიდი ცისფერი ფანჯრები აქვს. ფანჯრიდან ზღვა მოჩანს. ზღვა ღელავს. ტალღების თეთრი ქაფი გამჭვირვალე არშიად მიუყვება სანაპიროს. ჩვენ მაშინ გამოღებულ ფანჯრებთან ვსხედვართ.  ვსვამთ ჩაის, გავყურებთ ჩამუქებულ სივრცეს და ვდუმვართ. ყველას ერთმანეთი გვიყვარს. ყველა ერთმანეთს ვეფერებით (ბაძაღუა 2013: 131). ამ ილუზიას დაუნდობლად ამსხვრევს სიცხადე და ხათუნა დანანებით ამბობს: `ჩვენ ვერასოდეს წავალთ ყინწვისში, ვერასოდეს გავიცინებთ გულწრფელად, იმიტომ, რომ უცხოები ვართ, იმიტომ, რომ ერთმანეთი არ გვჭირდება~ (ბაძაღუა 2013: 152).
თუმცა მწერალი ვერც თავის გმირებსა და ვერც მკითხველს ვერ იმეტებს და პიესის ფინალში, როდესაც სცენაზე სიბნელე ისადგურებს, სინათლესავით შემოიფრქვევა ირაკლის იმედიანი შეძახილი: `მე დავწერ მუსიკას პატარა ბედნიერ სახლზე... მე დავწერ, დავწერ, დავწერ...~ (ბაძაღუა 2013: 154). ეს იმედიანი შეძახილი გადალახავს დროსივრცეს და ადამიანთა გულებში ექოებად გაიხმიანებს.
თამაზ ბაძაღუას პიესებში, ზოგადად,  არის ბრეხტისეული დრამატურგიის მსგავსი დიდაქტიკა. ავტორს უნდა გმირების ბედის, მათი მსჯელობის, მოქმედების  მიხედვით მაყურებელი ერთგვარად აღიზარდოს, რომ მან ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიოს, გამოსავალი იპოვოს.
თამაზ ბაძაღუა პიესებში მხოლოდ თანამედროვე თემებით არ შემოიფარგლა. მან თავისი პიესის გმირად ანტიკური სამყაროს გამორჩეული პერსონაჟი _ იფიგენია შემოიყვანა. იფიგენია, აგამემნონის ქალიშვილი, უმანკო მსხვერპლის სიმბოლოდ ქცეული, ესქილემ და ევრიპიდემ თავიანთ პიესებში გააუკვდავეს. დიდი გამბედაობა მართებდა ავტორს, რომ მისი ტრაგიკული ამბავი კვლავ გაეცოცხლებინა.  თამაზ ბაძაღუას `იფიგენია~ ამ იშვიათი გაბედულების გამამართლებელი დასტურია. რა თქმა უნდა, მისი შთაგონების წყაროები გენიოსი ბერძენი ტრაგიკოსები არიან, მაგრამ თანვე პიესის შექმნის იმპულსი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შვილი მსხვერპლად შესწიროს პატივმოყვარეობას, ძალაუფლებას. პიესაში, რა თქმა უნდა, მთავარი გმირი იფიგენიაა, რომელსაც ერთგვარი მზა ემოციით ხვდება მკითხველი, მაგრამ კითხვისას ყველაფერი იცვლება და ადამიანური სულის უცნობი წახნაგები გამოიკვეთება.
პიესაში ერთმანეთს უპირისპრდება უკვდავების რწმენით გამსჭვალული უდანაშაულო მსხვერპლის მზადყოფნა შესაწირავად და სახელმწიფოს ინტერესების დამცველის განუზომელი  პატივმოყვარეობა.  ვალდებულება საზოგადოების წინაშე და მორალური პასუხისმგებლობა შვილის, ოჯახის წინაშე.
პიესაში აგამნენონი მონანიე ტირანის სახეა, რომელმაც იცის, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია, ამას მოითხოვს ქვეყანა, სინამდვილეში კი ის საკუთარ ეგოს სამშობლოსთან აიგივებს. იფიგენია გაიგებს, რომ მსხვერპლად უნდა შეეწიროს, მაგრამ არ ცდილობს გაქცევას. ის ქრისტიანულ ტარიგს ემსგავსება, რომელიც კაცთა ცოდვებითვის იკვლება.
რა არის თავისუფლება?
ამ კითხვას ჩასძიებიან ხელოვანნი თუ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი და, საერთოდ, ყველა ჯურის მოაზროვნენი, რჩეულნიცა და უბრალო მოკვდავნიც. პასუხიც, შესაბამისად, სხვადასხვაგვარი გაუციათ.
თამაზ ბაძაღუაც ამ კითხვის პასუხს დაეძებს თავის პიესებში, მათ შორის, პიესაში `მარადიული მონები~, რომელშიც თავისუფლებას დიქტატორი ზღუდავს, რომელიც თვითონაც მონაა, სამყაროს ბნელ ძალებს დამორჩილებული.
ვაჟა-ფშაველა ამ კითხვას: რა არის თავისუფლება?  პატარა წერილით პასუხობს, რომელშიც ვკითხულობთ: `თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი~ (ვაჟა-ფშაველა: 2011).
თამაზ ბაძაღუა, ფიზიკურად, საბჭოთა საქართველოს ტოტალიტარული რეჟიმის დროს ცხოვრობდა, მაგრამ სულიერად, თავისუფალი კოსმოსის მოქალაქე იყო, ამიტომაც გრძნობდა სულისშემხუთველ გარემოში მოქცეული პიროვნების ტრაგედიას.
თავისუფლების სხვადასხვა რაკურსით წარმოსაჩენად მან ძველი რომის შეშლილ იმპერატორად გამოცხადებული ნერონი აირჩია. მის შესახებ არაერთხელ დაუწერიათ, ქართველ მწერალთაგან მისი შთამბეჭდავი სახე დახატა ჯემალ ქარჩხაძემ რომანში `იუპიტერის სინანული~, თამაზ ბაძაღუამ კი მასზე ადრე დაწერა პიესა `მარადიული მონები~, რომლის მთავარი გმირი ნერონია.
ალეგორიულად, პიესაში, საქართველოს, და ზოგადად, ყოველი დამონებული ერის პრობლემა წარმოჩნდება. ნერონი უნივერსალური სახეა დიქტატორისა, რომელსაც ქმნის  დრო, ხალხი და გარემოება.
პიესის მიხედვით, ნერონი, ერთდროულად, ჯალათიც არის და მსხვერპლიც. საოცარი ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოჩნდება მისი სახე. ეს ადამიანი ბედისწერას თავის ტიკინად უქცევია, რომელიც აცნობიერებს თავის ტრაგიკულ როლს, მაგრამ ვერ გაქცევია. ამ როლში ის შეუბრალებლად ხოცავს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, ძმასა და დედას. ოთონი ეუბნება ნერონს: `ჩვენს მარადიულ და აუხსნელ თამაშში ყველაზე ძნელი  როლის ბოლომდე მიყვანაა~.
თამაზ ბაძაღუა, რა თქმა უნდა, პიესაში მისდევს ისტორიულად ცნობილ დეტალებს, მაგრამ ავსებს წარმოსახვით და, შესაბამისად,   ცნობილ გმირებთან ერთად (ნერონი, მისი ცოლი ოქტავია და დედამისი, აგრიპინა) ქმნის გამოგონილ პერსონაჟებს. არისტოტელესეული კონცეფციით, `პოეტი და ისტორიკოსი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისტორიკოსი სინამდვილეში მომხდარ ამბებს გადმოგვცემს, პოეტი კი იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომ პოეზია უფრო ფილოსოფიურია და სერიოზული, ვიდრე ისტორია. პოეზიის საგანი უფრო ზოგადია, ხოლო ისტორიისა _ ცალკეული~ (არისტოტელე 2009: 49)ამიტომაცაა, რომ ხელოვნება, ამ შემთხვევაში, მწერლობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს მკითხველზე.
მკითხველის თვალწინ გათამაშდება დრამატული ამბავი ადამიანისა, რომლის არსებაშიც დემონი ამარცხებს ანგელოზს. პიესის განმავლობაში წარმოჩნდება ნერონის გული, როგორც დოსტოევსკი იტყვის, სასტიკი ბრძოლის ასპარეზი, სადაც ღმერთი და სატანა ებრძვიან ერთმანეთს. ღმერთი ადამიანის სულშია, ამიტომაც ამბობს ნერონი: ჩვენ უფრო დიდ და დაუძლეველ არსებას ვებრძვით, ეს არსება ჩვენი სულია და, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა გავუძლოთ ამ უთანასწორო, გამანადგურებელ ბრძოლას~ (ბაძაღუა 2013: 214).
სწორედ ეს არის თამაზ ბაძაღუას, როგორც დრამატურგის, ნიჭიერების გამომხატველი, რომ ის ბრმად კი არ მიჰყვება რომელიმე ისტორიული პიროვნების შესახებ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს, არამედ თავისუფლად ეპყრობა მასალას და თავისი მიზნის შესაბამისად გადაასხვაფერებს.
რაც მთავარია, პერსონაჟები მკითხველის თვალწინ იცვლებიან, მათი ვნებების ჭიდილი დამაჯერებელია, რადგან მონოლოგები და დიალოგები საოცარი ოსტატობით არის შესრულებული. მოქმედების განვითარების დინამიკა ემორჩილება პიესის მთავარი სათქმელის გამოხატვას. ცალკეული სცენის ექსპრესიულობა განაპირობებს მკითხველის გამუდმებულ დაძაბულობას. ადამიანური ურთიერთობების თანმდევი ინტრიგა ამ პიესაშიც საფრთხის წინათგრძნობით მუხტავს პერსონაჟებს, ეს მუხტი მკითხველსაც გადაედება და სცენაზე მიმდინარე მოქმედებების თანაზიარად აქცევს. პერსონაჟთა მეტყველება თან ემოციური და გამჭვირვალეა, თან ქვეტექსტითა და სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით დატვირთული, რაც პიესას მიმზიდველობას  ანიჭებს.
ყურადღებას იქცევს პიესის უჩინარი დრამატურგიული რიტმი, რომელიც საოცარ ენერგეტიკას ქმნის და მკითხველს პიესის ჯადოსნურ ველში მოაქცევს. ეს რიტმი მკითხველის ემოციურ და ინტელექტუალურ დაძაბულობას ქმნის და სულს, გულსა და გონებას ფიქრისა და განსჯისთვის აღძრავს.
ნერონიც მსხვერპლია ძალაუფლების დემონური ვნებისა. ის გრძნობს, როგორ ემორჩილებიან ადამიანები ხელისუფალს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის იგი, ზნეობრივი თუ უზნეო, ბრძენი თუ უმეცარი, ისინი ყველანი, დიდებულნიცა და მდაბიონიც `თითქოს ერთ ბინძურ ქურაში გამოუწრთიათ. პატარა, საცოდავი ტიკინები. ყველაფერს ირწმუნებენ, ყველაფერს დაგიჯერებენ, თუ ოდნავ ძალას დაატან, ოღონდ ცოტა ხნით მაინც გაიგრძელოს სიცოცხლე, ცოტა ხნით მაინც ისუნთქონ დამპალი, გახრწნილი ჰაერი~ (ბაძაღუა 2013: 217).
მწერალს სწორედ ეს მორჩილება სძაგს და ამიტომაც უწოდა პიესას `მარადიული მონები~. ეს მონები თანაბრად არიან ხელისუფალნიც და რიგითი მოქალაქენიც.  ამგვარმა მონობამ გააძლებინა სხვადასხვა იმპერიას, მათ შორის, საბჭოთა კავშირსაც, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, დაუმორჩილებელნი, რომელთაც გახრწნილი  ჰაერის სუნთქვას თავისუფლებისათვის ბრძოლა და სიკვდილი არჩიეს.
თამაზ ბაძაღუა ტრაგიკულად დაიღუპა 1987 წელს, როცა პირველი ბზარები უკვე გასჩენოდა საბჭოეთის იმპერიას. იგი თითქოს გრძნობდა წითელი მონსტრის უეჭველ დამხობას, რადგან სჯეროდა, რომ  ვერც ერთი იმპერია დროში უსასრულოდ ვერ გახანგრძლივდებოდა.
ამ პიესაშიც ერთმანეთს ეჯახება ბედისწერა და თავისუფლება. ნერონი  ეუბნება მამაც ჯარისკაცს: `ჩვენ უძლურნი ვართ, რადგან სამყაროს იდუმალი დინებები განაგებენ. ისინი მოდიან ქვეყნიერების ოთხივე კუთხიდან და ხან ღმერთების მარადიულ სხეულში, ხან იმპერატორების ცოდვილ და ხრწნად კუნთებში  იყრიან თავს. ჩვენ ერთმანეთის საწამებლად გაჩენილი იარაღები ვართ და არავინ იცის, ვინ როგორ მოიხმარს, სად მოიხმარს, რისთვის მოიხმარს~ (ბაძაღუა 2013: 219)..
როგორც ცნობილია, ნერონი ხელოვნებით იყო გატაცებული, ლექსებს წერდა და მსახიობობდა. პიესაში ეს არ ჩანს, მაგრამ პოეტური ნიჭი ნერონის მეტყველებაში ირეკლება. ნერონი ეუბნება ლეარქეს: `ყველაფერი უცებ გაქრება აუხდენელი სიზმარივით, დავიწყებისა და არყოფნის ნისლი გადაფარავს და იგრძნობ, რომ შენც ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, იგრძნობ, მწვავედ, დაუნდობლად...~ (ბაძაღუა 2013: 223).
მკითხველი გრძნობს, რომ ავტორი, ზოგადად, ადამიანს თანაუგრძნობს, ღვთის მიერ თავის ხატად და მსგავსებად შექმნილს, ამიტომაც  გაკრთება ძალაუფლებისაგან  გასასატიკებული  ნერონის საუბარში ადამიანური განცდა სიცოცხლისა თუ ბედნიერებისა. და რაც გინდა ცინიკური მოგვეჩვენოს ძმისმკვლელის აღიარება, მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ურევია: `ბრიტანიკამ დანაშაულის ჩადენა ვერ მოასწრო... მე ვიხსენი. ჩვენს მოდგმას ერთი უცოდველი სახელი მაინც ხომ უნდა შემორჩეს~ (ბაძაღუა 2013: 226). ნერონმა იცის, რომ კაენის ცოდვით დამძიმებული, ვერასოდეს იქნება ბედნიერი, ამიტომაც ამბობს: `ბედნიერება არ არსებობს. იგი უხილავი ტვირთივით აწვება ჩვენი ყოველდღიური არსებობის უსიცოცხლო წამებს, წელში გვღუნავს, გულუბრყვილოდ გვტანჯავს. ბედნიერება ცივია და ამაზრზენი, როგორც მიცვალებულის გაფითრებულ ლოყაზე შეხება~. ან კიდევ: `სიყვარული არ არსებობს. სიყვარული ერთი პეშვი შაქარივითაა, სანამ გადნებოდეს, უნდა მოასწრო და გემო ჩაატანო~.
მწერალმა იცის, რომ ადამიანებს კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ჯერ არ უცხოვრიათ იმგვარ საზოგადოებაში, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას ეფუძნება. მისთვისაც, თვითონ სახელმწიფოც ერთგვარი მოძალადეა. ამ თვალსაზრისით, იგი ეხმიანება   თომას ჰობსის წიგნის, `ლევიათანის~, პათოსს.
ნერონი ეუბნება ჯარისკაცს: `სახელმწიფო მხოლოდ იმპერატორებს სჭირდებათ თავიანთი მარადიული და ამაზრზენი ვნებების დასაკმაყოფილებლად თქვენ კი, ჯარისკაცები, მათ დაუნდობელ თითებში მომწყვდეული სათამაშო ფიგურები ხართ... მეზიზღება თქვენი დანახვა, კაპიტოლიუმის წინ რომ ჩაივლით ნადავლით ხელში, ყეყეჩი, აღფრთოვანებული სახეებით, მაშინ ვერც იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი გამარჯვება კი არ არის, უბრალოდ, კიდევ ერთმა იმპერატორმა დროებით დაიკმაყოფილა თავისი გაუმაძღარი ვნება~ (ბაძაღუა 2013: 229). ეს სიტყვები მკითხველის წარმოსახვაში გააცოცხლებს ჰიტლერისა თუ სტალინის მიერ  გამართული გრანდიოზული სამხედრო აღლუმების დოკუმენტურ კადრებს, ახლა, დროის გადასახედიდან,  ფელინის დადგმულ ტრაგიკომიკურ საკარნავალო სცენებად რომ აღიქმება.
მწერალმა იცის, რომ ნერონი ერთგვარი ნიცშეანური ზეკაცია, რომელმაც თავი გაითავისუფლა ღვთისგან, როგორც ადამიანური ცოდვების უსიამოვნო მოწმისაგან და ამან გაუჩინა ყოვლისშემძლეობის განცდა, სიკვდილის დამორჩილებისაც კი, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცა.
პარადოქსივით გაისმის ნერონის აღიარება: `მე უბედური ვარ, რადგან არავისი და არაფრის მეშინია~ (ბაძაღუა 2013: 230).
მწერალს სჯერა, რომ სინდისისგან გათავისუფლებული ადამიანი სინამდვილეში მონაა ცოდვისა, რომლის ტყვეობისაგან თავს ვერ დაიხსნის და მტანჯველი გაორებულობა სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევს.
რატომ ეგუებიან ადამიანები ტირანიას? რა აიძულებთ მათ, თავი დაუხარონ უსამართლობასა და სისასტიკეს? თამაზ ბაძაღუას აზრით, ეს სამარცხვინო შიშია, რომელიც ადამიანს თრგუნავს და სახეს აკარგვინებს, თან ყოველგვარ უსამართლობასა და დამცირებასთან შეაგუებს.
ნერონის წინააღმდეგ Dშეთქმულთა შორის ამგვარი საუბარი გაიმართება.
სუილი: `მიკვირს, აქამდე როგორ არსებობს ეს გახრწნილი იმპერია, როგორ უდგას სული, როგორ არ დაინგრა და გაცამტვერდა.
პალასი: დახვეწილი ბოროტება უფრო საშიშია... იმპერიის ყველა რგოლი მოიშალა. არავის არ სწამს აღარც სახელმწიფო, აღარც სენატი, აღარც სამართალი... მაგრამ შიში, ყოვლისშემმუსვრელი შიში აიძულებს მათ, გაჩუმდნენ, ხმა არ ამოიღონ და ერთმანეთს უყურონ, თუ ვინ გაბედავს და შიშველი ხელებით შეებრძოლება ამ ხახადაღებულ იმპერიას~ (ბაძაღუა 2013: 241).
ნერონის სიკვდილისწინა სიტყვები მრავალმნიშვნელოვანია, რადგან თითქოს ნერონი კი არა, მის სულში ჩასახლებული დემონური ძალა მეტყველებს: `მე არ მოვკვდები... მე ყოველ თქვენგანში ვიცოცხლებ, თქვენ ჩემი მარადიული მონები ხართ... მარადიული მონები~ (ბაძაღუა 2013: 246).
ეს სიტყვები შეძრავს მკითხველს და დაააფიქრებს, რამდენად თავისუფალია პიროვნულად და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აღძრავს იმ შიშისგან გასათავისუფლებლად, რომელიც ადამიანს ლაჩრად აქცევს და სახეს უკარგავს.
თამაზ ბაძაღუას პიესების უმრავლესობა ქართულ სცენაზე წარმატებით იდგმებოდა, მათ შორის: `ღამე და თუთიყუში~, „რეკვიემი ვერცხლის ქორწილისათვის“, „ღუზა ჩაუშვი“, ანგელოზო~, „ძველი როიალი“.
არისტოტელეს აზრით, `ტრაგედია ცხადია და თვალსაჩინო, როგორც კითხვის, ისე სცენაზე წარმოდგენის დროსაც~ (არისტოტელე 2009: 64). თამაზ ბაძაღუას პიესებიც, წაკითხული თუ სცენაზე განხორციელებული, აღწევს მიზანს და მკითხველსა თუ მაყურებელს არსებობის არსზე დააფიქრებს.

დამოწმებანი

არისტოტელე 2009: არისტოტელე, პოეტიკა, ლიტერატურის თეორია, I, თბილისი: გამომც. `ლიტერატურის ინსტიტუტი~, 2009
ბაძაღუა 2013: ბაძაღუა თ. ექვსი პიესა; თბილისი: გამომცემლობა `ინტელექტი~, 2013
ვაჟა-ფშაველა 2011: ვაჟა-ფშაველა, რა არის თავისუფლება, წიგნში: `ჩემი რჩეული~, ტ.5, თბილისი, 2011
კამიუ 1996 : კამიუ ა. სიზიფეს მითი, თბილისი: გამომც. `ლომისი~, 1996
უელბეკი 2011 : უელბეკი მ. ინტერვიუ მიშელ უელბეკთან. ჰტტპ://არილიმაგ.გე
ფროიდი 1995: ფროიდი ზ. ფსიქოანალიზი, თბილისი:, გამომც. `სიახლე~, 1995
შექსპირი 2004: შექსპირი, ჰამლეტი, თბილისი : გამომც. `ლიტერა~, 2004


No comments:

Post a Comment