Translate

Wednesday, April 30, 2014

განზომილებებით თამაში _ ბესიკ ხარანაულის „მთავარი გამთამაშებელი“

მაია ჯალიაშვილი  
                      




განზომილებებით თამაში
 
        ბესიკ ხარანაულის `მთავარი გამთამაშებელი~

`ბევრ ჟანრს გამოვიგლოვებთ ცხოვრებაში,
დარჩება მხოლოდ მეტა-პოეზია და მეტა-ადამიანი~
                                    ბესიკ ხარანაული
                                                                                `ერთადერთი რეალობა არის ის, რასაც ვფიქრობთ~
                          მარსელ პრუსტი


`რანაირია წიგნი, რომელიც სულ იკითხება და იკითხება? არ გასდის ადამიანს სულიდან იმის გემო და უნდება კვლავ და კვლავ გადაშლა და კითხვა და კითხვა... რადგან არ აშინებს, არ მოძღვრავს, არ ირწმუნება, არამედ, თითქოს სარკის შუქს დაატარებს იმის სულის ჩრდილში, რომ საიდუმლო კუნჭულები გაუნათოს და შეახსენოს თავი, სრულ და შეუბღალავ სიმარტოვეში~, _ წერს ბესიკ ხარანაული და თვითონვე ქმნის ამგვარ, მეტა-ჟანრულ წიგნს, `მთავარ გამთამაშებელს~, რომელშიც `ადამიანი სულ მიედინება~.
წიგნი დაქსელილია სივრცული და დროული ბადეებით, რომლებიც გარკვეულ მხატვრულ განზომილებებს ქმნიან. ცხადი, სიზმარი, მითი, ლეგენდა, ზღაპარი, წარსული, მომავალი _ თანაბარი ინტენსივობით შემოიჭრებიან და ერთმანეთს გამსჭვალავენ. რეალობისა და ირეალობის გადაკვეთის გზებზე, ერთგვარ გზაჯვარედინებზე წამიერად შეყოვნებული ავტორი ერთ რომელიმე გზას კი არ ირჩევს, ერთ რომელიმე დრო-სივრცულ არეალს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს. როგორ ახერხებს ამას? პოეტი თვითონვე ცდილობს აუხსნას მკითხველს, თუ ის ისეთი ერთგული აღმოჩნდება, რომ გაუძლებს განზომილებებში ხეტიალის თავბრუხვევას და ბოლომდე მიჰყვება. იგი ერთგან წერს: `სიზმარში მთხრობელის შემოსვლა მთელი ამ ვიზუალური სცენებით, განზომილებების თამაშსა ჰგავს~. მისთვის, მეტაფორულად, `სივრცე სუფრაა, დრო მარილია~.
მას აწუხებს ის, თუ `როგორი მნიშვნელოვანია ყველაფერი სიზმარში და როგორი უმნიშვნელოა ქაღალდზე~ და სწორედ ამ წინააღმდეგობას გადალახავს ამ წიგნში, დაწერილშიც ინარჩუნებს სიზმრისეულ ნაგრძნობს. `ძილი ნიშნავს ცოტა ხნით სამყაროს გატანას შენი ცნობიერებიდან გარეთ~ (ბორხესი). პოეტი ხილულისა და უხილავის სივრცეებში ერთდროულად განაცდევინებს თავს მკითხველს და ნაცნობ სამყაროს ახლიდან აღმოაჩენინებს.
ეს ჰგავს დროში ხეტიალის მარსელ პრუსტისეულ გამოცდილებას. ისიც დაკარგულ დროს დაეძებდა და ამას არატრადიციული და ორიგინალური თხრობის სტილით ახერხებდა.
ბესიკ ხარანაულს სურს თავი დააღწიოს მკითხველისთვის ჩვეულ, ნაცნობ ათასგვარ წერის მანერას და ერთგვარ მეტათხრობას მიაგნოს, რომელიც ამბის, შეგრძნების, ნაფიქრის უბრალო გადმოცემის მიღმაა. ამიტომაცაა, რომ იგი მკითხველთან სიტყვით ურთიერთობის საოცარ ხვეულებს ქმნის. ამ წიგნში ხშირად შეხვდებით კომპოზიტებს, რომელთა შემადგენლობაშია სიტყვა მეტა, მეტა-ჟანრი, მეტა-წიგნი, მეტა-პოეზია, მეტა-ადამიანი, მეტა-მორალის... მეტაფიზიკის ანალოგიით.
რა ჟანრი გაუძლებს მეტათხრობას? `რა სასაცილო იქნებოდა, რომანს რომ ვწერდე, მოთხრობას რომ ვწერდე, ლექსს... რადგან ეს ხომ არ იქნებოდა ისეთივე რეალობა, როგორიც ჩვენს დროში ტექნოლოგიაა?~  `მივხვდი, ჩემი ტექნოლოგია ჩემი საკუთარი ენის ტექნოლოგიაა, გარემოებით ჩემს გვამში ძარღვებისა და ნერვების სიმებად გაბმული~. `ძალიან მინდა ვსაუბრობდე ვინმე უცნობზე, მაგრამ ასეთი მხოლოდ მე თვითონ ვარ~, `სუნთქვითა ვწერ და არა სიტყვათწყობით~. `ჟანრის ძიებაში მე თვითონ დავდგინდი~. `ვწერ. რას, რომ არ ვიცი. ხალხი თვითონ დარქმევს სახელს~.
ამიტომაცაა, რომ ამ წიგნში მკითხველი შეხვდება ყველა ჟანრისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, ერთგვარ ჟანრულ მოზაიკას.
მთელი წიგნი `მეს~ უსასრულო და უცნობ სამყაროში ხეტიალია. ეს მე ყოველწამიერად გარდაისახება სიტყვის ძალით და ცდილობს უცხო ნიღაბში, უცხო ტყავში ჩასახლებულმა შეგვაგრძნობინოს, როგორია სინამდვილეში ცა, დედამიწა, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი.
მთელი წიგნი არის თამაში სიტყვებით, ფრაზებით, შინაარსით, მხატვრული სახეებით, მოტივებით, თემებით, ერთი სიტყვით, ყოველივე იმით, რაც წარმოსახულ, წიგნის სამყაროში ხდება.
დაწერილი (ან წერის დრო, როცა წარმოსახულს სიტყვით ახორციელებს) არის პოეტის  მატერიალურ-სულიერი არსებობის მთავარი სივრცე.
მისთვის წიგნის წერა არის თვითონ სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც ჯერ პოეტს ათავისუფლებს ყველგანმყოფი და ყოვლისგამსჭვალავი მოკვდავობისა და მისი თანმხლები ათასგვარი შიშისგან, ხოლო შემდეგ მკითხველს, `თანაც, ახლა ეს ჩემი წიგნი სხვა ენის ხალხებსაც რომ წააკითხა... იგრძნობენ, შიშის მაგივრად სიხარული ჩაუდგათ გულში~. ასე რომ, იგი ადამიანის ხსნის მისიას აკისრებს წიგნს, რომელსაც შეუძლია მკითხველს დაეხმაროს, გულის კარი გაუღოს სიყვარულს (ღმერთს).
მისთვის წერა არის გამოცნობა, შეცნობა სამყაროსი და საკუთარი თავისა. ორივე ერთმანეთს გამსჭვალავს. სამყარო არსებობს იმდენად, რამდენადაც მისი შემცნობი, მისი გადამწერი, ამ შემთხვევაში, მწერალი არსებობს. დეკარტისეული, ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ, ავტორისთვის ასე იცვლება: ვწერ, .. ვარსებობ.
ის ოცნებობს ისეთ წიგნზე, რომელსაც არც დასაწყისი ექნება და არც დასასრული ღმერთივით. ბორხესის `ქვიშის წიგნიც~ ამ ოცნების დევნას გამოხატავს.
წიგნის სათაური _ მთავარი გამთამაშებელი, მრავალმნიშვნელოვანია. მწერალი მის `დაბადებასაც~ მისტიკურ საბურველში ახვევს: `ამ წიგნის სათაურიც ხომ სიზმრიდან ამყვა, თორემ, ისე, გიჟი უნდა ვიყო, რომ ვიკითხო მთავარი გამთამაშებელი _ ვინ არის? რა არის?~ იგი ხან მხატვრულ ტექსტშია, ხან მის მიღმა, ხან მიწიერია, ხან ზეციური, ხან კაცია და ხან ქალი, ხან ბედისწერაა და ხან შემთხვევითობა  და .. ამ სიმბოლოს შესახებ თვითონ მწერალი გააბნევს მსჯელობებს მთელ წიგნში, როგორც ასაკენკს, რომ მკითხველმა ბოლომდე მისდიოს და გაიგოს, ბოლოს და ბოლოს, ვინ თუ რა არის ეს მთავარი გამთამაშებელი.
ბოლოს შეიძლება დაასკვნას: მთავარი გამთამაშებელი შეიძლება იყოს ყველაფერი: სულიერიცა და უსულოც. ის იცვლება დროისა და ვითარების შესაბამისად. შეიძლება ერთ წამში სხვა იყოს, მეორეში სხვა და რადგან ერთ წამშიც კი შეიძლება ყოფნა სხვადასხვა განზომილებაში, მთავარი გამთამაშებელიც ამ ერთ წამში შეიძლება იყოს სხვადასხვა.
მწერლის საფიქრალია, რა წარმართავს მის ყოველწამიერ სულიერ მოგზაურობას ნაცნობსა და უცნობ სივრცეეებში: თვითონ, მისი ცნობიერება (სული, გული, გონება, გრძნობა...) თუ სხვა რამ გარეგანი, მისგან დამოუკიდებელიწიგნის წაკითხვის შემდეგ კი  მკითხველს მთავარი გამთამაშებლისE ერთი მნიშვნელობა, ნიღაბი ამახსოვრდება: მთავარი გამთამაშებელია თვითონ მწერალი, შემოქმედი, რომლის გარეშე არანაირი `თამაში~, . . მხატვრული ტექსტი, არ შედგება, თუნდაც მოკარნახე ღმერთი იყოს: `ჩემი თავის თემა მექცა ჯოჯოხეთად _ ჩემს საკუთარ თავს მე მათამაშებენ~, `მე მოვიფიქრე სიზმრიდან ცხადში და სააქაოდან საიქიოში გამავალი ფანჯრები. დაბოლოს, მე მოვიფიქრე საიქიოს ეპოსის ფანჯარა~. ეს უკანასკნელი დანტეს `ღვთაებრივი კომედიისალუზიაა.
წიგნში ერთი თავიც არის ამგვარი სათაურით: `მკითხაობა მთავარ გამთამაშებელზე~. აქ ავტორი მკითხველის ნიღბითაა და გამოთქვამს ვარაუდებს, ვინ და რატომ შეძლება იყოს მთავარი გამთამაშებელი. ამ ვრცელ მსჯელობებში მჟღავნდება ავტორის  შეხედულებები ყველა იმ საკითხზე, რომლებიც წიგნშია. აქ ერთგვარად დაწნეხილ-დაწურულია ყველაფერი და სარკესავით ირეკლავს სამყაროს ყველა ტკივილს. ასე რომ, მკითხველს შეუძლია, თავიდანვე წიგნი ბოლოსკენ გადაშალოს და გაიგოს, ვის გულისხმობს მწერალი მთავარ გამთამაშებელში (ან უფრო დაიბნეს).  ის ღმერთი არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად მას ჰგავს. ყველგანმყოფია, მრავალსახოვანი, უკვდავიამ მსჯელობებში სავარაუდო მთავარ გამთამაშებლებად `ეჭვმიტანილნი~ არიან შესაბამისი `მტკიცებულებებით~ ამგვარი თანამიმდევრობით _ ღმერთი, მეფე, სიქაჩლე, ქალი, ცათამბჯენები, ნაწარმოები, სიცოცხლე, ხსოვნა, სიგლახაკე, სიტყვა, სიმდიდრე, ხელოვნება, გონება, ინსტიქტი, ეშმაკი, ფული... და ერთგვარი დასკვნა:
`ჰომო საპიენს პალიმფსესტია, რომელზეც წერს ჰომოიმაგინასი.
წარმოსახვას ვერაფერი ეწევა. წარმოსახვა დროის ღილვში
წინმსწრაფი სხივია, წარმოსახვა ეპოქას განელტვის, რომ შობოს
ეპოქა. მთელი სამყარო ერთ ნაჭუჭშია, ერთადერთი ცენტრი
თავმდაბლობისა, ავი, ბოროტი, _პერიფერიებშია.
დედამიწა სამყაროს პერიფერიაა.
რა უფრო მეტია, თამაში თუ ტექნოლოგია? დასაწყისი
ყოველთვის ერთნაირი იყო: გმირი თუ ურჩხული,
ოდისევსი თუ პოლიფემე?~.
პოეტი ისაა, ვინც დროისა და სივრცის მიღმა დახეტიალობს, სულ ერთია, წარღვნამდელია თუ თანამედროვე, ამიტომაცაა, რომ წიგნში წარღვნამდელი პოეტის ლექსები ისევე იკითხება, როგორც ჩვენი დროისა: `რაც არის, ის უკვე იყო, და, რაც იყო, ის უკვე არის, ამიტომაც, მსგავსებას რომ ნახავთ რამეს, არ გაიკვირვოთ: `მეც წარღვნამდელი ვიყავ, როგორც დღეს ხართ თქვენ წარღვნამდელი~. წარღვნა, ისევე როგორც მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი ახლა ხდება, უბრალოდ, ზოგი შეიგრძნობს, ზოგი ვერა. როგორც იოანე მოციქული წერს: `რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს~ (იოანე, 5, 25). 
ბესიკ ხარანაულის ამ წიგნში კი ისმის წარღვნამდელი პოეტის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ის იყო, არის და იქნება, რადგან ღვთის შემოქმედებას სჭირდება ხელოვანი-ინტერპრეტატორი, რომელიც თაობებს გადასცემს მხატვრულ სახეებში დაშიფრულ სიცოცხლის აზრსა და მიზანს. `პოეტები გაჰყვნენ ბუნებას, რათა, როცა წარღვნა კვლავ გადაივლის, გამოიშალონ ჰომეროსები~.
დღეს რა ხდება?
`მანამდე კი დისკურსნარატივები და სიტყვათწყობის ტექნოლოგიები,
დაბრეცილები, მოფარფატეები, ზეთჩამომდინარნი,
სივებით, პროექტებით, ზურგჩანთებითა და კურიკულუმებით,
მოჭრიან თიხას და ადამებს გაატირაჟებენ
და ევასაც, რაღა თქმა უნდა, შრომით დაქანცულნი.
არ მიიღებს მათ პროდუქტს ჰომეროსი,
არც არავინ მწკრივიდან გამობურცული,
ეტყვიან, გასწავლით:
_თიხა თქვენი ნერწყვით მოზილეთ,
გამოძერწეთ თქვენივ თითებით
და რომ დარწმუნდებით, რომ სრული ხატია,
სული ჩაბერეთ~.
მწერალი ამგვარი ირონიით წარმოაჩენს იმ თანამედროვე ავტორებს, რომელთაც არ ძალუძთ `სრულქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა~ (რუსთაველი) და მაინც ჯიუტად ცდილობენ, თავიანთი ნაწერები პოეზიად გაასაღონ.
ამ წიგნშიც, ტრადიციის კვალდაკვალ, პოეტი მარადის მარტოსულია: `პოეტს, მიცვალებულივით ეჩვენება, რომ ერთი ვინმესთვის მაინცაა ახლობელი. მაგრამ ისეც ხდება, რომ თვითონაა ახლობელიც და მიცვალებულიც~ (265).
მწერალი თავისი ჩანაწერების ამ კრებულს ჟანრობრივად ამთლიანებს მინაწერით: მეტაპოეტური წიგნი-კონცერტი. მეტაპოეტური მიანიშნებს იმაზე, რაც პოეტურობის მიღმაა, რაც სიღრმეშია და რის შეცნობასაც სულიერი ძიება სჭირდება: `სხვაა მეტაფორაში,
სხვაა სინამდვილეში, ამიტომაცაა, რომ სინამდვილე და მეტაფორა განუწყვეტლივ
იცვლიან ფალანგებს, რომ ცხოვრებას თამაში მოუგონ~.
კონცერტი სანახაობაა, სადაც ადამიანი მიდის გასართობად.
ეს წიგნიც სანახაობაა ადამიანური ყოფისა.
ერთ მშვენიერ დღეს მწერალმა `მეხსიერების ერთი დაკეტილი უჯრა გააღო~ და იქიდან `ნახევარი საუკუნის წინანდელმა შთაბეჭდილებამ შემოანათა~ და გაჩნდა ახალი მიზეზი ახალი წიგნის შექმნისა: `როგორ გადმოვხატო და გადმოვიწერო ეს სმენითი და ვიზუალური წარსული? ეს წამი საკმარისია მხოლოდ წიგნის ზოგადი სახის დასანახავად და არა წიგნისთვის, რომელსაც მინდა, რომ მივცე სახე იმ კონცერტებისა, რომლებსაც ბავშვობაში უამრავჯერ დავსწრებივარ და ახლა მე ჩემი თავისგან იმავეს ვითხოვ _ ამბავს, სიმღერას, ცირკს, ცრემლს და სიცილს... ყველაფერს ერთად, ერთ წიგნ-კონცერტად, როგორც მაშინდელ წარმოდგენებში ხდებოდა, და, თავისი ჟანრული მრავალფეროვნებით ნამდვილი დღესასწაული იყო...~ `ვის შესწევს ძალა, რომ მთელი ეს მრავალფეროვანი თეატრალური და საცირკო შთაბეჭდილება თავისი წარმოსახვის ფრთებქვეშ მოაქციოს და იმის ქარგზე გამოჭრას წიგნი?
ალბათ იმას, ვისაც შეუძლია, ყველაფერი ერთად დაინახოს, შეუძლია დაიმახსოვროს და დაიტიოს საფეთქლებით შეკრულ უჯრაში... მით უმეტეს, როცა სოფლის გარიჟრაჟებზე და საღამოებზეა გაზრდილი და ადვილად შეუძლია
ოყოს _ კონცერტი!~
ამ წიგნის კითხვისასაც მკითხველი უცნაურად ამოვარდება ჩვეულებრივი რეალობიდან და აღმოჩნდება ახალ რეალობაში, რომელიც სინამდვილეს ჰგავს და განსხვავდება კიდევაც მისგან _ ჰგავს იმით, რომ აქაც ადამიანური შეგრძნებები, სურვილები იხატება, განსხვავდება იმით, რომ მკითხველი ერთდროულად განიცდის სხვადასხვა სივრცულსა და დროულ განზომილებებს. აწმყო, წარსული და მომავალი ერთად წარმოუდგება.
მაინც საით მიგვიძღვება მწერალი? `გადავწვიტე, გამოვძვრე ლიტერატურის ტყავიდან, ავიწიო, ავიწიო და მივაღწიო იმ ზღვარს, სადაც სუფევს მეტა-პოეზია...
მეტა-პოეზია, _ ლექსის იქით, ფურცლის იქით, აზროვნების იქით, სახელშერქმეული გრძნობების და საგნების იქით...~ ეს ჰგავს ფრანგ სიმბოლისტთა წმინდა პოეზიის ძიებას, რომელიც უნდა ყოფილიყო `მთვრალი სურნელთა იდუმალებით~, `სხვა ყველა არის _ლიტერატურა~ (პოლ ვერლენი, `L’art poetique”).
ბესიკ ხარანაული ფიქრობს, რომ `ადამიანიც მისახედია, ისიც კარგა ნაღეჭია მწერლობისაგან, მაგრამ, რაც უნდა დედა უტირონ, მაინც რჩება მეტა-ადამიანი, თავის წარღვნამდელი ხსოვნით... მეტა-ადამიანობით _ თავისუფლების იქით, კანონებს იქით, წესრიგს იქით, სოციალურობას იქით _ ტექნოლოგიური ცოდნით აღჭურვილი პირველყოფილი ველური, რწმენის უსაზღვრო გზაზე დამდგარი, რომლისთვისაც ყველა აზრი დრომოჭმულია...~.
წიგნის `ცხრაკლიტულების~ გასაღებები თვითონ წიგნშივეა.
ერთი ასეთი ცხრაკლიტულია ყდაზე ავტორთან გამოსახული უცხო კაცი.
ეს კაცი პოეტის თანასოფლელი ამირანია. ავტორი მის გვერდით სხვანაირია, რადგან ამ წიგნში  ამირანიც ერთ-ერთი მთავარი გამთამაშებელია, რომელიც ლეგენდად და მითად გადაიქცა, რადგან ბედისწერისა თუ შემთხვევის წყალობით, რომელიღაც წლის, თვისა და რიცხვის, საათისა და წამის მონაკვეთში პოეტთან ერთად ფოტოზე აღიბეჭდა. ესეც მოჭიდავეა, ცხოვრებასთან დამარცხებული, როგორც ის, კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული ახლაც, ოღონდ სხვა განზომილებაში. `ვისაც თვალები აქვს, დაინახავს~,  როგორც სახარებაშიადა დაინახა ის მწერალმა აქ და ჩვენს დროში. ისევე როგორც აქ და ახლა ხედავს პავლე მოციქულსა თუ სტეფანეს, რომლის დასჯასაც დაესწრო ჯერ კიდევ `ბრმა~ სავლე და შემდეგ, თვალახილული დღემდე ქადაგებს. ვისაც ყურები აქვს, გაიგონებს, როგორც სახარებაშია.
`მოცლილო მკითხველო”, _ ასე მიმართავს მკითხველს `დონ კიხოტის~ დასაწყისში სერვანტესი.
თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას,  _ გოდერძი ჩოხელიადამიანთა სევდისდასაწყისში.
ბესიკ ხარანაული ამ წიგნის სადღაც, შუაგულში: „რაც მიყრია, იმას ვფქვავ, სულ არ ვცდილობ, რული არ მოგგვაროთ“.
მართლაც, მკითხველი აქტიურად უნდა ჩაერთოს კითხვის პროცესში და ხანდახან მწერალსაც დაეხმაროს თხრობის ლაბირინთებიდან გამოღწევაში: `მკითხველო! დამეხმარე, ლაბირინთში ვარ! ძაფი ამებურდა, რაკი ქსოვისა არაფერი გამეგება. არ ვიცი, სადა ვარ, არ ვიცი, რა ვქნა... ცხადი, სიზმარი, საიქიო, სააქაო... ახლა კიდევ წარღვნა, რომელიც უკვე ცხადში მერევა... შენი საქმეც არის, შენც ჩემსავით დაძრწიხარ სიზმარ-ცხადში და ელი წარღვნას~.  `ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხისგულებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!~
წიგნი იწყება ერთგვარი მეტაპოეტური `გამოცხადებით~_ უჩინარი წამყვანი, როგორც წინასწარმეტყველი, ადამიანებს  მიანიშნებს აპოკალიფსის მოახლოებაზე. მკითხველი თითქოს ბიბლიის რომელიმე ტექსტს კითხულობს, უფრო ზუსტად, იოანე მახარებლის მიერ კუნძულ პატმოსსზე ხილვით ჩაწერილ `გამოცხადებას~.
`თქვა: როგორც კი აღარ მოვა მამაჩემი თქვენთან და ჩემთან,
როგორც კი აღარ მოხვალთ თქვენ ჩემთან,
ეს იქნება ნიშანი.
ყოველ ხეს გამოარჩევს ნაყოფი.
რადგანაც, აჰა, იციან, უბრალოებმა ჩემი სიტყვა,
ბრალიანებმა კი არ იციან.
აღარ დავეკითხები ჩემს თავს: ამ კაცში თუ დგას ის ჟამი,
როცა მას შეუძლია სიკეთე ჩაიდინოს~.
თუ კაცს აღარ ექნება მადლი სიკეთის ქმნისა, მაშინ აღიგავება პირისაგან მიწისა სამყარო. წიგნის პირველი სიტყვა: `თქვა~, მიანიშნებს უფალზე, რომელიც ადამიანებს მათივე საშუალებით ელაპარაკება. ამ შემთხვევაში, თვითონ მწერალია ერთგვარი მედიუმი, რომელსაც მოაქვს ღვთის სიტყვა ადამიანებამდე.
ამის შემდეგ ცხადდება ღვთის რისხვის მიზეზი: `ატეხილობაა დიდი ქვეყანაზე~. ამ `ატეხილობის~ დამადასტურებელი არაერთი ეპიზოდია წიგნში მოყვანილი, ხან ამბისა და ხან მსჯელობის სახით. უპირველესი უგუნურება, უზნეობა, მწერლისთვის ადამიანის ბუნებისგან მოწყვეტაა, მასთან დაპირისპირება და ამით  გამოწვეული საფრთხეა: `მიყურებს მე ბუნება... დაჩეხილ სახით და წამწამებგაცლილი თვალებით, გატეხილი ლავიწითა და მორყეულ ძვლებზე ყანყალით, მიყურებს წამით ჩემკენ შემოქცეულ ნადირის სახით და მეუბნება _ შენც გადაშენდები!~
პოეტისთვის ამგვარივე საფრთხეა ისიც, რომ `ამ დროში, საიდანაც ვმეტყველებ, ტექნოლოგია ერთმმართველი დიქტატორია, მისთვის ყველაფერი ან ახალია, ან ძველი, რომელიც უნდა განადგურდეს. ყოვლისმომცველია ტექნოლოგიური აღმსარებლობაც~.
ბესიკ ხარანაულის სტილი ამ წიგნში ერთგვარი მეტა-სტილია. იგი გვაგონებს ხან მახარებლებისხან ნიცშეს `ესე იტყოდა ზარატუსტრასდა ხან  ლაო ძის `დაო ძინის~ წერის მანერას. ამ სამივესთან აკავშირებს: ერთგვარი ზეშთაგონებულობა სისადავე, უბრალოება, პოეტურობა, სიბრძნე, გულწრფელობა, თანვე საოცარი მიზიდულობისა და დატყვევების ძალა. მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ  მკითხველი `განძის მაძიებელია~ და რაც უფრო თავდაუზოგავი იქნება კითხვისას, მით უფრო მიუახლოვდება საწადელს. ეს საწადელი კი ის საოცარი სიმშვიდეა, რომელსაც სულისა და ხორცის ჰარმონიული თანაარსებობით მიაღწევს კაცი. ამგვარი სიმშვიდის  ძიება მხოლოდ დიდ ბრძოლას, ჭიდილს გულისხმობს საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან. ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება.
ამავე დროს, პოეტის სტილისთვის დამახასიათებელია ირონია საკუთარი თავის, მკითხველის, სამყაროს და ყოველივე იმის მიმართ, რის შესახებაც წერს. `თუმცა ეს წიგნი არ არის ლიტერატურის ეპიტაფია, ყველა ჟანრიდან გადარჩება მხოლოდ პოეზია _ სიმწვანე, სილურჯე, ადამიანი _ იმისი იქნება... და მეც, ლიტერატორი ხომ არა ვარ, მე ხომ გატყავებული, ნიშნისმოგებით მდინარეში გადაგდებული მელა ვარ, რომელიც, მიუხედავად განწირულებისა, ქვეყნიერებას მაინც დასცინის~.
წიგნის დასაწყისში `მოთელვა თამაშის დაწყების წინ~ _ მოგვაგონებს კონცერტის დაწყებამდე სხვადასხვა ინსტრუმენტის აწყობა-გასწორებას. ზოგიერთი ფრაზა მუქი შრიფტითაა გამოყოფილი _ მკითხველს შეუძლია ჯერ მხოლოდ ისინი წაიკითხოს, მოემზადოს თამაშისათვის, წაკითხვისათვის.  გაისმის ქაოტური ხმები _ ამ შემთხვევაში, მკითხველი კითხულობს ერთმანეთზე მიჯრილ სტრიქონებს, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდებიან. ეს ფრაზები, `ხმები~ კონცერტის დროს დაიწმინდებიან და ჰარმონიულად შეერწყმიან ერთმანეთს. მაგრამ ამ ფრაზებს ამ ერთგვარ `ქაოსში~ აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობები. ხშირად სენტეცია თუ მაქსიმაა. მაგალითად: `თუ არ იბრძვი, ბუნებას არ შეესაბამები~, `სიკვდილის უნახავმა სიცოცხლისა რა უნდა ვიცოდე~, `პოეზიასაც ჰყავს ფარისევლები და სადუკეველები~, `მოვა დრო და ჩემი გახსენება ნაბიჯს აგირევთ~, `მკვდარს შემიპყრობენ, დამთავრდება ჩემი გაქცევა~, `პოეტი ისევე ჭირდება ცხოვრებას, როგორც ფეხსაცმელს ლანჩები~. `ამქვეყნად ყველაზე ახალგაზრდა არსება ჩემი წიგნია~ და სხვ. ერთი კიდევ: `მოთელვა პირველ ოფლამდეა~.
ამ ერთგვერდიან ჩანაწერში იმდენი საფიქრალია ჩაწნეხილი, რომ მის მისაყოლად, გასააზრებლად, შესამეცნებლად ნამდვილად გამოუვა მკითხველს ოფლი და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ საქმეც დაიწყება _ ამ წიგნის წაკითხვის საქმე, რადგან ეს უბრალოდ, მხატვრული სამყარო არ არის, არამედ ისაა, რომლის საშუალებითაც უნდა შევიმეცნოთ დროსა და სივრცეში ჩვენი არსებობის აზრი და მიზანი. ეს `საქმეა~ თვითონ მწერლისთვისაც, ამიტომ ის არასოდეს დამთავრდება მის სიცოცხლეში.
`ვიდრე თამაში დაიწყებოდეს, მკითხველი და ავტორ-გამთამაშებელი ფურცლის მინდორზე მოთელვას გადიან~. ხოლო მოთელვას თუ `გადაურჩები~, ესე იგი, წიგნს არ მიატოვებ, მაშინ დაიწყებ `შენი თავის ძებნას~.
Mმთელი წიგნიც _ ეს არის საკუთარი თავის ძიება, სულის მოგზაურობა, სულის თავგადასავალი.
ამგვარი განზრახვით არაერთი წიგნი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება. ესეც მათ შორის. მარსელ პრუსტის `დაკარგული დროის ძიებაზე~ საუბრისას, მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა: „პრუსტის ტექსტი სულის ისეთივე მოგზაურობაა, როგორცღვთაებრივი კომედია“– სულის შინაგანი მოგზაურობის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდებული ჩანაწერი“ (მერაბ მამარდაშვილი, ლექციები პრუსტზე).
მკითხველი თითქოს შეეჭიდება მწერალს, რომელიც ტექსტში უჩინრადაა. ეს შეჭიდება მჟღავნდება კითხვისას აღძრულ ფიქრებსა და წარმოსახვებში. მწერლისთვის მთავარია, მკითხველი არ გაიქცეს `სათამაშო მოედნიდან~, ამისთვის ის ყოველ ღონეს ხმარობს, ათასნაირ უკვე ცნობილსა თუ უცნობ, დავიწყებულ ილეთს იყენებს, პირველ რიგში, გულწრფელობასმკითხველსაც აქეთკენ უბიძგებს _ ერთგვარი სულიერი გაშიშვლებისკენ, რათა შემეცნების გზას წინ არანაირი `სამოსი~ და `სამკაული~ არ გადაეღობოს. `აბა, დაიწყე ჩაძირვა შენს საკუთარ სულში (ადვილად ითქმის), ცხრაჯერ ცხრა ფეხი სანთელი დაგეწვება, ვიდრე იქ ჩახვალ და იხილავ საკვირველებას. ადამიანის სული ხომ ნაწილია უსასრულობისა და არა თვითონ ადამიანისა~.
მთელი წიგნი ერთგვარი დროსივრცული ლაბირინთებით არის დაქსელილი. ეს არ არის ბნელი ტალანები, არამედ განათებული საოცარი პოეტური ფრაზებითა და მრავალმნიშვნელოვანი სიბრძნით, სამყაროზე დაკვირვება მკითხველს აქამდე შეუმჩნეველს დაანახვებს. ამ ჩანაწერების ყოველ ნაბიჯზე ნაღმებივით ფეთქდებიან აზრები, რომელთაც სიცოცხლის გულისგულში შეყავხარ.
`ობობას შიგნით ისეთივე გუგუნია, როგორც სამყაროში~.
`დაფრინავს პეპელა! ბუნების ენერგიაა მის აფრებში... ის არ შეიძლება თავისი თავის წინააღმდეგი იყოს...პეპელა ბუნებას აკვდება ხელში, შენ კი შენს თავს~.
კითხვისას მკითხველს თან დაჰყვება უჩინარი აჩრდილივით პოეტი, რომლის ხმა ხან მიწიდან გაისმის, ხან ზეციდან, ხან მკითხველისავე არსებიდან. ამიტომაც არის რომ ტექტის ფრაგმენტები ხან პირველ პირშია დაწერილი, ხან მეორეში და ხან მესამეში.
მწერალი მკითხველის მზერას ხან გარეთ მიმართავს, სამყაროს ცალკეულ დეტალს, ცხოვრების მოვლენებს დაანახვებს, ხან უქდაგებს, მიმართავს, მოძღვრავს, საყვედურობს, ამუნათებს, ხან მოუწოდებს, ხან სულისკენ ჩაუბრუნებს მზერას, უცნაური ჭვრეტით წარსულსა და მომავალს მოახილვინებს, ერთი სიტყვით, მკითხველს სრულფასოვნად `აცხოვრებს~, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირ ადამიანურ ვნებას და სურვილს განაცდევინებს, ათასნაირ თემასა და მოტივზე დააფიქრებსდაყრუებულ მკითხველს ბუნების მრავალხმიანობისთვის მიაგდებინებს ყურს, რაღაცის გაგებაში მიეხმარება, რაღაცის გასაღებს კი დაუმალავს, რათა თვითონ დამოუკიდებლად აღიძრას გამოცნობისათვის: `გარეგნობას თუ მოიშორებ, ნახე, როგორ დამსუბუქდები~, `კაცი შენშიც სულ იმალება~.
წიგნში ხან სათაურებით, ხან ვარსკვლავებით გამოყოფილ ფრაგმენტებს ხანდახან ერთმანეთთან მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ შემეცნების გზაზე საფეხურები არიან. რაღაც ახალსა და განსხვავებულს, ხან ნაცნობს, მაგრამ თან ახლებურად გადააზრებულს ხვდება მკითხველი და მიიწევს წინ. წინ იმ თვალსაზრისით, რომ ფურცლავს, წიგნს, თორემ ისე, წრეზე ტრიალებს, მიდის იმიტომ, რომ დაბრუნდეს. მაგრამ ყოველი დაბრუნება შემეცნების ახალი საფეხურია. დაწყებისა და დაბრუნების წერტილი იგივეა _ საკუთარი თავი, მაგრამ უცხო და ახალ განზომილებაში და ეს განზომილებანი ისევე დაუსრულებელია, როგორც სიტყვით შექმნილი ან შესაქმნელი სამყაროები: `სადღაცა Yმყავს ჩემი ჭკვიანი თავი...  ვწვდები, ვწვდები, გაწყვეტაზე ვარ. ის კი კლდოვანი უფსკრულის თავზეა და ვწვდები და ვგრძელდები, რომ მივეტანო და ვცურდები და უფსკრულის ჰაერში ვფხიზლდები~.
წიგნის მთავარი მიზანი (თუ შეიძლება ერთი რომელიმე მიზნის გამოყოფა), არის საკუთარი `თავის ძლევა~. ამიტომაც ხშირად არის ერთგვარი მედიტაციები. პოეზიის გზით მკითხველი ვარდება ექსტაზში და საკუთარ სულში მოგზაურობს. ავტორის პოეტურ-ფილოსოფიური მსჯელობანი ეგზისტენციალურ საკითხებზე მკითხველს სამყაროს უხილავი განზომილებების შესამეცნებლად უბიძგებენ.
წერილი წიგნში დასმული მწერლისვე კითხვა-ოცნებით (სულ რომ იკითხება, ისეთ წიგნზე) დავიწყეთ და დავამთავრებთ მისივე პასუხით: `მკითხველო! ორივენი მოტყუებული დავრჩით. ასეც უნდა მომხდარიყო, შეგვეფერება.
შეუძლებელია ჩვენთვის ისეთი წიგნი, რომელიც სულ იკითხება
და იკითხება. არც თავი აქვს, არც ბოლო.~
წიგნის ბოლო თავი `მოთქმით გალობა დედამიწის გამო~ (პათოსით ჟიულ ლაფორგის ლექსს  _`სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე~ რომ ეხმიანება) ასე მთავრდება:
`ჩვენო მინგრეულ-მონგრეულო ღვთაებავ,
გადმოგვხედე, გადმოდგი ნაბიჯი,
ჩვენ კიდევ დავიძვრებით,
ტანჯულებს უღელი აერთოს, განთავისუფლდეს,
შემოგვიშვი
შენს კარ-მიდამოში,
მადლის სათხოვად, წიგნის დასაწერად...~.
დოსტოევსკი წერდა: `დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისთვის ეკითხათ: `აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო~, _ ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა `დონ კიხოტი~: `აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, _შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?~
ბესიკ ხარანაულისთვისაც წიგნია კაცობრიობის გადამრჩენი, ამიტომ ყველაზე მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს ის მადლი, რომელიც ახალ წიგნს შეაქმნევინებს. წიგნი ხომ ღვთის სახლივითაა, მასში ლოგოსი (სიტყვა) ცოცხლობს.
                                        მაია ჯალიაშვილი

საავტორო უფლება დაცულია
დაიბეჭდა:  ჟურნ. „კრიტიკა“, #8, 2013





No comments:

Post a Comment