Translate

Saturday, April 16, 2022

როგორ ვასწავლოთ აკაკი წერეთლის „ქებათა ქება“ ღირებულებათა კონტექსტში

 

მაია ჯალიაშვილი


 

 აკაკი წერეთელი თავისი შემოქმედებით სამყაროს (წუთისოფლის) თავისებურ მოდელს ქმნის, რომელშიც განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას, არსებობის აზრსა და მიზანს. აკაკის „ქებათა ქების“ სწავლებისა და განხილვისას კარგი იქნება, თუ  მასწავლებელი გააქტიურებს  ღირებულებათა (ფასეულობათა) კონტექსტს, თავიდანვე დასვამს კითხვებს და გამართავს დისკუსიას:

1.                  რა ღირებულებები, ფასეულობები აქვს თანამედროვე ადამიანს? (მათ შორის, მასწავლებელს, მოსწავლეს და სხვ.).

2.                  რომელია მარადიული და წარმავალი ღირებულებები, რა განსხვავებაა მათ შორის?

3.                  დროთა განმავლობაში იცვლება თუ არა ღირებულებები?

ამ კითხვებზე პასუხისას მოსწავლეებს შეეძლებათ მოიხმონ მაგალითები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, გაიხსენონ კონკრეტულ პერსონაჟთა ქცევა და შექმნან ერთგვარი მოდელები. მაგალითად, როგორც ამას აკეთებს ვაჟა-ფშაველა ლექსში „კაი ყმა“.  ამ ლექსის შესახებ უფრო იოლია მსჯელობა შემდეგი კითხვების მიხედვით:

1.                  რა ღირებულებები აქვს კარგ ყმას (ე.ი. რას აფასებს, რის მიხედვით ცხოვრობს)?

2.                  პოეტის აზრით, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მისი თანამედროვენი (შეიცვალა თუ არა კარგი ყმის ქცევის მოდელები)?

3.                  დღეს რომელია ამ ღირებულებათაგან აქტუალური?

თემის გააქტიურებისათვის, კარგი  იქნება „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა  ღირებულებათა სისტემის შესახებ მსჯელობა. რუსთველი პროლოგსა და „ავთანდილის ანდერძში“ ფორმულებივით გამოკვეთს რაინდის ქცევის „კოდექსს“ და შემდეგ პერსონაჟები პრაქტიკულად ასხამენ ხორცს ყოველივეს, ასევე პოემის ცალკეულ აფორიზმშიც ხატოვნად და ლაკონიურად წარმოჩნდება  ის იდეალები, რომლებისკენაც ისწრაფვიან პერსონაჟები, რათა იყვნენ კაცები და ადამიანები (კაცობა გააზრებულია, როგორც გარკვეულ ღირსებათა ქონება, ხოლო ადამიანობა, როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების ხსოვნა, უკვდავ სულზე ფიქრი, თავისუფალი არჩევანის აუცილებლობა და სხვ.).

აკაკი წერეთლის ლირიკული გმირის პათოსიც ისეთივეა, როგორიც ვაჟას „კაი ყმისა“. აქაც ქებათა ქება შესხმულია იმ ღირსებებისთვის, რომლებიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რათა სრულყოფილად იცხოვროს. როგორც ილია ურჩევს თავის პერსონაჟს: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“ („კაცია-ადამიანი?!“).

ვინ არის აკაკის ამ ლექსის ლირიკული გმირი?

არსებობის აზრსა და მიზანზე დაფიქრებული, ინტელექტუალური, წიგნიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეალების ღირებულებების გამოსახატავად მიმართავს ბიბლიურ ალუზიებს, რემინისცენციებს.

      ზემოთ ნახსენები მცირე დისკუსიის შემდეგ შეიძლება ასეთი  კითხვის დასმა:

რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?

მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ  აღიქვამენ ბედნიერებას, მასწავლებლის დახმარებით გააფართოებენ ბედნიერების მნიშვნელობას. ილაპარაკებენ პირად გამოცდილებაზე, თვითონ მათ რა ანიჭებთ ბედნიერებას. გაიაზრებენ ამ ცნების ერთგვარ მოუხელთებელ ბუნებას, ფარდობითობას. შეიძლება რეიტინგის გაკეთებაც _ ცნობილ ლიტერატურულ გმირებსა  და თანამედროვეებს რა ანიჭებთ სიხარულს, ბედნიერებას. 

აკაკის ლექსში შემოაქვს თრობის კონცეპტი, როგორც ბედნიერების სინონიმისა. თრობა  ერთგვარი ექსტაზია, როდესაც ადამიანი ივიწყებს პრობლემებს, ყოველდღიურ წვრილმანებს, ტკივილს და მთელი არსით შეიგრძნობს იმ ნეტარებას, რასაც რაიმეზე ფიქრი, რაღაცის კეთება თუ ვიღაცასთან შეხვედრა ანიჭებს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება მოსწავლეებს წავაკითხოთ შარლ ბოდლერის „თრობა“, რომელშიც გამოკვეთილია, რომ ადამიანმა ყოველდღიურ რუტინას, დროს, წარმავლობას შეიძლება თავი დააღწიოს არა მხოლოდ ღვინით, არამედ პოეზიით, ქველმოქმედებით, სიყვარულით და კიდევ ათასი სხვა რამით (წადილისამებრ):

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით.

აკაკის ლექსში, რა თქმა უნდა, ლირიკული გმირი ისწრაფვის შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო, გაიაზროს არსებობის აზრი და მიზანი. სწორედ ამ ეგზისტენციალურ  კონტექსტში გაიაზრება ის ღირებულებები, რომლებსაც პოეტი წარმოაჩენს. ის „თვრება“ რწმენით, ბუნების მშვენიერებითა და სიყვარულით. ამ სამი კონცეპტის დახმარებით ეზიარება სამყაროს ჰარმონიულ ერთიანობას და თავს მის ნაწილად აღიქვამს.

მისთვის სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც ადამიანს გამოცნობისკენ უბიძგებს. პირველ რიგში, ამ საიდუმლოს ის ბუნებაში შეიგრძნობს. ამიტომ კითხვა შეიძლება დაისვას ასე:

ლირიკული გმირი  რატომ  და როგორ აქებს  ბუნებას? 

ლირიკული გმირისთვის ბუნებასთან სიახლოვე, მასში ჩაწვდომა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება  (ამ კითხვაზე პასუხისას მასწავლებელი გაახსენებინებს მოსწავლეებს იმ ლექსებსა თუ მოთხრობებს, რომლებშიც ასეთივე გზნებით არის წარმოჩენილი ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი სიამოვნება, ნეტარება (ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა  და სხვ.) მოსწავლეები იმსჯელებენ  ლირიკულ გმირთა განწყობილებებზე, ფიქრთა ნაკადებზე, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობისას უჩნდებათ.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ბარათაშვილის „ჩინარი“ უნდა გაიხსენონ: რომელშიც პოეტი წერს:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“ („ჩინარი“).

 აკაკი წერეთელი არა მხოლოდ აქებს ბუნებას, არამედ ცდილობს მკითხველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს აზიაროს, ეს არის შეგრძნება  ღვთისა, რომელმაც სამყარო შექმნა „უთვალავი ფერითა“.  ბუნება მისთვის ერთგვარი მედიუმია, რომელიც ღვთაებრივი სამყაროსკენ, საკუთარი სულის სიღრმეებისაკენ გზის გაკვალვაში ეხმარება.

ამგვარად, ლექსში გამოიკვეთება: ბუნება, როგორც თავისთავადი ღირებულება და, თანვე, დიდი საიდუმლოს მატარებელი. სწორედ ბუნება შეაგრძნობინებს ლირიკულ გმირს ღვთის არსებობს. ასეთი თვალსაზრისი პოეტურად გრიგოლ ორბელიანმა გამოთქვა „სადღეგრძელოში“: “ღმერთო ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს ფერით უთვალავ მშვენებას“ . თავის დღიურებში კი „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ  პეტერბურღამდის“ აღწერა, როგორ ჩამოვიდა ეტლიდან დარიალის ხეობის მშვენიერებით მოხიბლული, როგორ გაშალა ხელები და დაიწყო მხურვალე ლოცვა; „აროდეს არ მილოცნიეს ესრედ გულსმოდგინედ და ესრედ მხურვალებით, ვითარ მას წამსა“. ჩემთვის ეს შთამბეჭდავი ეპიზოდია, რომელიც მოწმობს პოეტის გულწრფელობას, როცა ის ამ თემაზე წერს თავის ლექსებში.

აკაკის ლექსში ლირიკული გმირი ამგვარად გამოხატავს თავის აღტაცებას:

ვიშ, ამ საღამოს,  მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად,  მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,

რომ საიდუმლო,  სასიქადულო,

კაცსაც ბუნების შეატყობინოს

და, სადაც ჭკუა  სცდება და სტყუა,

იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!

რა არის ეს საიდუმლო? რა ქმნის ამ ჰარმონიას?  

ამ ჰარმონიის წყარო უფალია. ადამიანს ბუნება ასწავლის გზას ღვთისაკენ.  ბუნებაც „მახარებელია“ ღვთისა. ლექსში ბიბლიური დავითის  148-ე ფსალმუნის სტრიქონების რემინისცენციებია: „აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი“.

მოსწავლეებისთვის ცხადი იქნება მარადიული ღირებულება ბუნებისა და ადამიანის ერთიანი ჰარმონიული არსებობის აუცილებლობასა. ე.ი. გამოიკვეთება ლირიკული გმირისთვის ამ ღირებულების მარადიულობა. ბუნებამ მას შეაგრძნობინა ღვთაებრივთან კავშირი:

საიდუმლოდ ვცნობ,

რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა

ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..

ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება

ძლევამოსილად გარდამიცვალა?!

ბიბლიური ალუზია დაეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ „შესაქმე“, სამოთხისეული არსებობა, ადამიანის უშუალო კავშირი ღმერთთან, ცოდვით დაცემა და ამ პარადიგმათა საშუალებით უფრო ღრმად გაიაზრონ ლექსის სამყარო.

თემა შეიძლება გაიშალოს და გაიმართოს დისკუსია თანამედროვეობის კონტექსტში, მოსწავლეებმა იმსჯელონ პირად დამოკიდებულებაზე ბუნებასთან. შეიძლება სწორედაც აკაკის ამ ლექსმა უბიძგოს განსხვავებული ფიქრისა და ინტერპრეტაციისაკენ.

აკაკი საგანგებოდ უსადაგებს სათქმელს ამაღლებულ სტილს, ლექსიკას, მხატვრულ სახეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს იმაზეც იმსჯელოს, ზოგჯერ თემა როგორ უკარნახებს ავტორს გამოთქმის თავისებურებას,  გარკვეული ლექსიკისა თუ ინტონაციის, რიტმის შერჩევას (ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითია „თორნიკე ერისთავის“ ის ეპიზოდი, როდესაც  თორნიკე კათალიკოსს ესაუბრება. ამ თავში პოეტი  8-მარცვლიან რიტმს ცვლის 10-მარცვლიანით, რათა მუსიკალური ფონის შეცვლით მკითხველმა უფრო ღრმა შეიგრძნოს  განსასჯელ თემათა განსხვავებულობა).

ლექსის ფონად საღამოა შერჩეული, რომელიც უფრო ამძაფრებს იდუმალების შეგრძნებას. ღამით მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ნაკადებით გამოიკვეთება ცა, დედამიწა კი ბნელდება, ე.ი. ზეციური უფრო შესამჩნევი ხდება. მძაფრდება სმენაც, თითქოს ლირიკული გმირი ისმენს კოსმიურ მუსიკას. ყოველივე ერთმანეთს ეხმიანება და იქნება ზეციური ქორალი.  ორკესტრის ჰარმონიული მრავალხმიანობით იმსჭვალება ყოველივე.  ეს მუსიკალურ-ფერწერული პოეტური ხატები ქმნიან ლექსის ენერგეტიკულ ველებს, რომლებიც მკითხველის წარმოსახვას ააქტიურებენ:

ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ძალთა დიდება, შექმნათა ქება,

არს საიდუმლო მათი ვედრება.

ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება

და ეს ბანია ქებათა-ქება.

პოეტი ყურადღებას ამახვილებს „ყვავილთა ენაზე“ და ქმნის მშვენიერ მეტაფორას. ბუნება ცდილობს მასთან დალაპარაკებას იდუმალ ენაზე: „ყვავილთა ენა - არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“.  ყვავილი სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს გვახსენებს ბარათაშვილის სტრიქონებს: „და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

ამგვარად, ბუნება წარმოჩნდება, როგორც გზა, ხიდი ღვთაებრივისკენ. ეს ღამეული ზეციური შუქი თითქოს განწმენდს ლირიკული გმირის დღისეული საზრუნავების მტვრისაგან დალაქავებულ გულს, გონებას, სულს  და ისევ  გაახსენებს: „საიდუმლოდ ვცნობ, / რომ არის კაცში ღვთისა ხატება!.

ეს არის „გაღვიძება“, რაღაც ისეთის დანახვა, რასაც დღის სინათლე უშლიდა ხელს.  თუ ფიზიკური ძილი და გამოღვიძება ბუნებრივად მონაცვლეობს, სულიერ გამოღვიძებას ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. ასეთი გამოღვიძებული ლირიკული გმირი გამოკვეთს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას, ეს არის ღვთის რწმენა.  ამ კონტექსტში შეიძლება აკაკის სხვა ლექსების გახსენებაც (მაგალითად, „სულიკოსი“).

არის თუ არა დღეს ღვთის რწმენა  ისეთივე მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც იყო აკაკისთვის?

მოსწავლეები ამ თემაზე იმსჯელებენ ზოგადადაც და თავიანთი გამოცდილებითაც (თუ კლასში სხვა რელიგიის აღმსარებელნი ან ათეისტები არიან, ისინიც წარმოაჩენენ თავიანთ თვალსაზრისებს).   კარგი იქნება რწმენის სიძნელეზე ილიას „განდეგილის“ ან სხვა ტექსტის მოხმობა (ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გახსენება).

ლექსში შემოიჭრება ლირიკული გმირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება_ სიყვარული, რომელიც  მისთვის რწმენისგან განუყოფელია („ღმერთი სიყვარულია“ (იოანე, 4,8). ლექსის ანალიზის დასრულებისას, როცა ეს ნაწილები ისევ უნდა შეერთდეს  მკითხველის გონებაში - ერთგვარ  სინთეზი განხორციელდეს- მოსწავლეები გაიაზრებენ ლირიკული გმირისთვის ამ სამივე ღირებულების განუყოფლობას.

როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ღვთის სიყვარული, ის ხომ გამოუთქმელია, როგორც  რუსთველი ამბობს: „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“; ამიტომაც ლექსში შემოიჭრება სოლომონის „ქებათა ქების“ ალუზიები. მასწავლებელმა შეიძლება წაიკითხოს ფრაგმენტები, რომლებშიც სოლომონი ქალის მშვენიერების ხოტბა-დიდებით წარმოაჩენს ღვთის სიყვარულს: „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები“ (1, 15).  პარალელი შეიძლება გაივლოს დავით გურამიშვილის „ზუბოვკასთან“, სუფიზმთანაც (მასწავლებელი თუ ნახავს, რომ მოსწავლეებს ეს თემა დააინტერესებთ).

როგორ განიცდის ლირიკული გმირი სიყვარულს და როგორ გამოხატავს?

შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,

გამოუთქმელო კაცთა ენითა...

შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ

და მონავარდე აღმაფრენითა,

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ

უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო... “.

მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს სიყვარულის თემაზე დაწერილ ლექსებს, მათ შორის, უპირველესად,  ბარათაშვილისას („რად ჰყვედრი კაცსა“, „არ უკიჟინო სატრფოო“)  და ისინი დაინახავენ, როგორ ეხმიანებიან პოეტები ერთმანეთს, როგორ ცდილობენ მსგავსი შეგრძნებების განსხვავებული ფორმით გამოხატვას.  

საინტერესო იქნება გედის მეტაფორა-სიმბოლოზე ყურადღების გამახვილებაც, ამ ნატიფ, დახვეწილ, გრაციოზულ ფრინველზე არსებული პოეტური ლეგენდის გააქტიურება (შემდეგ ეს მსჯელობა გალაკტიონის პოეზიის შესწავლისას გამოადგებათ).

იმისთვის, რომ თავისი საყვარელი ქალის პოეტური ხატება შექმნას, მისი მშვენიერება შეაგრძნობინოს მკითხველს, ავტორი მისთვის იდეალური სამი ისტორიული პიროვნების სახეს აცოცხლებს. მისი იდეალები არიან: ნინო, თამარი, ქეთევანი.    ამიტომაც შეყვარებულში სწორედ მათ ანარეკლებს დაეძებდა და ხედავდა (კარგი იქნება ისტორიული ექსკურსი სამივე პიროვნების გასახსენებლად):

როცა ჭაბუკი გამოუცდელი

მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,

იმაში შენათხზ-შეერთებულად.

საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, მოსწავლეებს დღეს თუ  ჰყავთ იდეალური ისტორიული პიროვნებები, რომელთა მიბაძვაც სურთ. მათი რომელი ქცევა ხიბლავთ და სხვა ამგვარი.

ფინალში პირველი სტრიქონების გამეორებით აქცენტირდება სამების ერთიანობა (ბუნება, ღმერთი,  სიყვარული) (რა თქმა უნდა,  „სულიკოს“ ეხმიანება -აკაკი ბაქრაძის ინტერპრეტაციით,  ამ ლექსშიც ბუნება მიუძღვება ღვთისაკენ,  ლირიკული გმირი სწორედ ვარდის, ბულბულის, ვარსკვლავის მშვენიერ სახეებში აღმოაჩენს სიყვარულის ღვთაებრივ კანონსა და ღმერთს).

აკაკის ამ ლექსის ესთეტიკის, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო,  შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის კონტექსტის ანალიზის გზით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ, დროთა განმავლობაში რა ღირებულებები რჩება და რა იცვლება. რა არის ის საბაზისო, ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებიც ადამიანის ღირსეულ არსებობს განსაზღვრავენ და განაპირობებენ.

-------

წყარო (გამოქვეყნებულია): „მასწავლებელი“, 21 თებერვალი, 2022, http://mastsavlebeli.ge/?p=31948

 

 

Friday, April 15, 2022

პოეტის ოდისეა (ირმა შიოლაშვილის პოეზია)


 

მაია ჯალიაშვილი

 


 

თანამედროვე ქართული პოეზიის მოზაიკურ სივრცეს არაერთი შესანიშნავი პოეტი ქმნის.  მათ შორისაა ირმა შიოლაშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.   ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში ბევრი მაგალითია იმისა, როდესაც ემიგრაციაში მყოფ შემოქმედს სულიერი კრიზისის დასაძლევად, იდენტობის დასაყრდენად პოეზია ექცა. რუსთველის ცნობილი მოთქმა: „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?/ ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა, /... სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა“_ იმ ლეგენდების წყარო გახდა, რომელთა მიხედვითაც, პოეტმა სული უცხოეთში დალია. სამშობლოზე ნატვრამ და ნოსტალგიამ  შეაქმნევინა გურამიშვილს „დავითიანი“.  შეიძლება გაგვეხსენებინა ქვეყნიდან გადახვეწილი ბესიკ გაბაშვილი, ვახტანგ მეექვსე, შემდეგ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა სისტემას თავდაღწეულნი  და სხვანი.  პოლიტიკურ-სოციალური თუ სხვა მიზეზით უცხოეთში წასული ქართველი შემოქმედნი დღესაც შესანიშნავ პოეტურ ნიმუშებს ქმნიან.

ირმა შიოლაშვილის ლექსებში წარმოჩნდება „კულტურული შოკის“ ყველა ეტაპი, რომლებიც ემიგრანტმა შეიძლება განიცადოს. კრებული  „ოქტომბერი“(2021 წ. გამომც. „ინტელექტი“) შემოქმედის ესთეტიკური მრწამსის მანიფესტაციაა.  ქართული ენა მისთვის, როგორც ჰაიდეგერი ამბობს, ყოფიერების  ის სახლია, რომელიც მას სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარება. თავისი ლექსებით უბრუნდება ის მშობლიურ ფესვებს, აქედან იღებს მასაზრდოებელ ენერგიას.   მის პოეზიაში წარმოჩნდება ეგზისტენციალური თემები, არსებობის საზრისის ძიება. ევროპული კულტურული ტრადიცია ის ნაყოფიერი  წყაროა, რომლითაც მისი პოეზია საზრდოობს. მისი ლექსის ლირიკული გმირი უცხო  კულტურასთან ზიარების „თაფლობის თვეს“  იხანგრძლივებს, რათა სულს აღმოჩენების სიხარული არ მოაკლოს.  პოეტი თავის დარდსა და  ბედნიერებას, წარსულის ტრავმებსა თუ აწმყოში განცდილ ტკივილს  ტროპულ სახეებში აქარაგმებს. მისი ლექსები პალიმფსესტურია და სხვადასხვა მხატვრული კოდით დატვირთული. ეს მის პოეზიას ქვეტექსტურობას მატებს. ალუზიების გზით ერთი კონკრეტული ლექსის ჩარჩოები ფართოვდება, ირღვევა და კერძო ტკივილი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას იძენს.

პოეტი, ერთი მხრივ, აგრძელებს ქართულ პოეტურ ტრადიციას (რიტმის, ინტონაციის, თემატიკის თვალსაზრისით), მეორე მხრივ, ცდილობს ნოვაციების გათვალისწინებას.  მის ლირიკულ გმირებს ხშირად იპყრობთ ნოსტალგია, რომელიც მრავალმნიშვნელოვნებითაა სავსე. მონატრება გულისხმობს, როგორც ფესვებთან დაბრუნების წყურვილს, აგრეთვე, იმ პირველსაწყისებთან მისტიკურ ზიარებასაც, რომლებიც სამყაროს სულიერ არსებობას განაპირობებს. მის პოეზიაში წარმოჩნდება  თანამედროვე ადამიანის გაუცხოება საკუთარ თავსა, საზოგადოებასა და სამყაროსთან. მისი ლექსები ირეკლავენ იმ საფრთხეებს, რომლებსაც სიყვარულის ნაკლებობა უქმნის ჰუმანურ ღირებულებებს. ამიტომაც ხშირად იხედება ზეცისკენ, ღვთისკენ, უძღები შვილივით შინიდან წასულს, გაძარცულსა და გზადაბნეულს სჯერა, რომ შინ, მამისეული კერა მიიღებს, შეიფარებს, ტკივილებს დაუამებს:

„ყოველ კვირა დღეს,

როცა ჩემი სიტყვებისგან აშენებულ

ტაძართან ვდგავარ,

ვფიქრობ ხიდზე,

ჩვენ შორის რომ გადებულა, ღმერთო,

ყველა ხიდი დაიწვება, ამ ხიდის გარდა.

„ყველაზე მეტად მჯერა შენი სიყვარულის, –

ჩემში მილიონ აყვავებულ სიტყვად რომ ჩარგე“ (მას მერე მჯერა, ღმერთო)

„აყვავებული სიტყვა ლოგოსის პირველხატებას ინახავს, ამიტომ აქვს მხსნელი და მაცოცხლებელი ძალა. მის პოეზიაში  კონტრასტული შეგრძნებები ერთმანეთს ენაცვლება, რაც დრამატულობას ამძაფრებს და მკითხველსაც შეძრავს, რათა კათარსისის გზით რაღაც ახალსა და მნიშვნელოვანს ეზიაროს, იმას, რაც მას იდენტობის საყრდენებს შეუქმნის, უსაზრისობის კრიზისს დააძლევინებს და მოაპოვებინებს იმ ჰარმონიას, რომელიც გადაარჩენს, ავტონომიურობას მოაპოვებინებს და სრულფასოვან სიცოცხლეს შეაძლებინებს.  ვერლიბრის რიტმული ვარიაციებით იგი ახერხებს, გულის ჭიდილი  ექსპრესიულად წარმოაჩინოს,  აზრის, ფერის, მუსიკისა და სურნელის ერთიანობა სიტყვაში მოაქციოს და ასე მიიტანოს მკითხველამდე. 

მოულოდნელი მხატვრული სახეები, ორიგინალური მეტაფორები კარგად წარმოაჩენენ ლირიკულ გმირთა ყოფის ამაოებისაგან თავდაღწევის სურვილს. ოქტომბერი, სიმბოლურად, შეჯამების, გარკვეული ცხოვრებისეული ეტაპის გავლის, დაბოლოების გამომხატველია, თანვე ისახება სიახლის მოლოდინის წყურვილიც. ამან უნდა მისცეს ბიძგი შემოქმედს, რომ თვალები არ „დაეხუჭოს“ და გაღვიძებული შეხვდეს ყოველ ახალ დღეს, გააგრძელოს გზა თვითგანვითარებისა და სულიერი სრულყოფისაკენ, ყოფიერების საზრისისა და ჭეშმარიტების საძიებლად.  

ბორხესის აზრით, „ყოველი სიტყვა პოეტური ნაწარმოებია“. მართლაც, მასში სამყაროსეული საიდუმლო ირეკლება. ირმა შიოლაშვილი, როგორც გამორჩეული პოეტური აღქმის შემოქმედი,  ცდილობს სიტყვათა ორიგინალური, ასოციაციური კავშირებით საიდუმლოსთან მიახლოებას. 

 „ცხოვრების დაწყება“ ის ლექსია, რომელიც კრებულის პროლოგად შეიძლება მოვიაზროთ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში სხვადასხვა წელს დაწერილი ლექსებია თავმოყრილი, მას აქვს ერთიანი მოზაიკური სახე. ამ ლექსში, პირობითად,  ორი სააზროვნო შრეა, ერთი ყოველდღიურ რუტინას ირეკლავს, რომელიც სავსეა წუთისოფლისეული ამაოების განცდით, წარმავალში მარადიული ხატის მოხელთების წყურვილით, მეორე _ წარმოსახულს, თავისუფლებით გამსჭვალულს, რომელსაც რეალობა ვეღარ უქმნის ბარიერებს, რომ  ლირიკულმა მემ უსაზღვროებაში იმოგზაუროს. ამ ლექსთა ლირიკული გმირი ცხოვრებას ყურს უგდებს, მაგრამ მისი მატერიალური კანონების გაზიარება არ შეუძლია, ამიტომაც წარმავალი, როგორც გოეთე ამბობს, მის შემეცნებაში სიმბოლურ მნიშვნელობებს იძენს. მისთვის გაღვიძება ნიშნავს, საკუთარი „თავის შეგროვებას“, ამ მეტაფორული სახით კარგად წარმოჩნდება, როგორ შეუძლია პოეტს მხატვრულ განზომილებაში ტკივილების ტროპებად ტრანსფორმაცია. იგი ქმნის ერთგვარ სიურრეალისტურ ნახატს, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ფიქრების „უღრანში“ გზადაბნეული ლირიკული მეს სახე:

„თვალებს ვახელ,

გუგებში ჩაზრდილ წაბლს ვაგროვებ და ვასუფთავებ,

წამწამებზე სულს ვუბერავ სიზმრის ნარჩენებს,

მტვერივით ვფანტავ, – არ მჭირდება, –

ცხოვრებაში მხოლოდ დამაბნევს!“

თვალების გახელა იქცევა რიტუალად, რომელმაც ლირიკულ გმირს რეალობა უნდა დაანახვოს, მაგრამ პოეტური მე წინააღმდეგობას უწევს და თვითშეგონება, რომ სხვებს ჰგავდეს, არ ჭრის. ირმა შიოლაშვილის წარმოდგენა შემოქმედზე, როგორც ადამიანზე, რომელიც გაუცხოებულია ყველასგან, „დაწყევლილია“ (როგორც ბოდლერი აღნიშნავს ლექსში „კურთხევა“) ირეკლავს ტრადიციულ შეხედულებებს. იგი ცდილობს  პოეზიისთვის ნაცნობი თემების ორიგინალურ მხატვრულ სახეებში დაქარაგმებას, ხედვის რაკურსთა ცვალებადობით აღწევს იმას, რომ მკითხველმა მისი ლექსების კითხვისას აზრობრივ ჰორიზონტალებსა და ვერტიკალებზე ერთდროულად იმოძრაოს, ამგვარად, გამოიკვეთება ჯვარსახოვნება, რომელიც, ერთი მხრივ, იოლად აღსაქმელ ხატებს სიბრტყეზე განათავსებს. ეს  იმ დეტალებს ირეკლავს, რომლებიც ლირიკული მეს მატერიალური ყოფისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ვერტიკალი, რომელიც სულის მოძრაობებს ასახავს, მკითხველს, თავისი ინტელექტისა და გამოცდილების შესაბამისად, ქვეტექსტების სიღრმეებში მიუძღვება.

ლექსი „ოქტომბერი“ მის კონცეპტუალურ თვალსაზრისს ირეკლავს ხელოვანის როლსა და დანიშნულებაზე მატერიალურსა და მეტაფიზიკურ განზომილებებში. მას სჯერა, რომ მკითხველზეა დამოკიდებული მისი, როგორც პოეტის სიცოცხლე. მან ყველაფერი გაიღო ამ დიალოგისთვის, დრო გააჩერა, წამი და მარადისობა სტრიქონთა სივრცეში შეკუმშა, დააქარაგმა. მას სწყურია, რომ ირაციონალური, მისტიკური არსებობა, რომელიც მას პოეზიის სამყაროში აქვს, უცხო, დაშიფრული არ დარჩეს მკითხველისთვის, ამიტომაც სურს, რომ მკითხველს სულიერ საზრდოდ ექცეს მისი ლექსები:

„ერთ დიდ ტაბლაზე დაგიდე და ვახშმად მოგართვი.

ახლა უკვე შენი საქმეა, ჩემი სულის მწვანე ფოთლებით

როგორ გააფორმებ დღევანდელ საღამოს,

ოდნავ მზიანს, ოდნავ მოწყენილს,

როგორ გადაკვეთს ერთმანეთს ჩემი და შენი რეალობა,

როგორ შეეწყობა ერთმანეთს ჩემი და შენი ოქტომბერი“.

 ვინ არის პოეტი?~_ კითხვას სვამს კირკეგორი და თვითონვე ასე უპასუხებს: `სულიერად გატანჯული უბედური არსება, რომლის გმინვაცა და კვნესაც საუცხოო მუსიკად ჟღერს~. პოეზია ირმა შიოლაშვილისთვის საკრალურთან ზიარების გზაა, ამიტომაც შეიგრძნობა დიდი სიფრთხილე ფიქრის გამოსახატავად ზუსტი, ნათელი სიტყვიერი შესატყვისობების ძიებისა. ლექსები მას საშუალებას აძლევენ, შეეხოს აკრძალულს, რაც, რა თქმა უნდა, უმსხვერპლოდ არ ჩაივლის, ამიტომაც როგორც ზოგადად, პოეტისთვის, მისთვისაც თანმხლებია ტკივილი და ტანჯვა:

„რაც უნდა ხშირად შევფარებოდი პოეზიას და

ეკლებიდან ცხელი ლექსი გამომეწოვა.

შენ შენი წილი ლექსები გეზრდებოდა თითებზე, –

რომელთაც ვარდები ეკავათ,

მე ჩემი წილი ქაოსიდან

ვუსხამდი სისხლს პოეზიას“ („პოეზია“).

თავისუფლება და სიყვარული კრებულის მთავარი თემებია, რომლებიც სხვადასხვა კონტექსტში წარმოჩნდება. ეს ორი უმნიშვნელოვანესი საყრდენია მისი პოეტური მეს იდენტობისა. პოეტი ისე ოსტატურად ფლობს ხატოვნად გამოთქმის ხელოვნებას, რომ ახერხებს და ნაირგვარი ვარიაციით, ყოფითსა თუ ფილოსოფიურ კონტექსტებში წარმოაჩენს ქალ-ვაჟის, დედაშვილურ, მოყვასის, სამშობლოს, ღვთის, სიცოცხლის სიყვარულს. პოეტი თავის სათქმელს აზრობრივ-ინტონაციური მრავალფეროვნებით ამდიდრებს და შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით ქმნის ემოციურ-ინტელექტუალურ დაძაბულობას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მკითხველმაც იგრძნოს და განიცადოს ყოველივე ის, რის შესახებაც წერს ავტორი. ის პიროვნული სატკივარს იმგვარად აზოგადებს, რომ შესაგრძნობი გახადოს ადამიანის გულის ჭიდილი, დემონურისა და ანგელოზურის გამუდმებული დაპირისპირება ადამიანის სულსა, გულსა და გონებაში:

„დავიღალე საკუთარი თავის ნანგრევებში დგომით,

დავიღალე ფრთებით, რომელსაც შენ მაწებებ,

დავიღალე ძვლებში ვერშეზრდილი ბედნიერებით“ („წერტილი გადარჩენისთვის“).

წინაპრისა და შთამომავლის ერთიანობის მითოლოგიური პარადიგმა მის პოეზიაშიც აქტუალურია. ის სამშობლოსთან კავშირს ორი გზით გამოხატავს_ ერთი ბიოლოგიურ-სისხლისმიერი და გენეტიკურია, ხოლო მეორე სულიერი, კულტურის, უპირველესად კი, ენის  გზით განხორციელებული. მისი პიროვნული მეხსიერება  ცდილობს გააცოცხლოს გენეალოგიური სიცოცხლის ხე, რათა გამუდმებით ისაზრდოოს ფესვების წვენით. ეს კარგად წარმოჩნდება ლექსში „წინაპარი“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ჩემი დიდი წინაპარი – პაპაჩემის პაპის პაპა –

რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი.“

.... „დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით

თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.

ჰოდა, ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და

სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე

შიგნიდან მიკაკუნებს“.

წარსული მის პოეტურ ცნობიერებაში,  როგორც პრუსტის რომანში „სვანის მხარეს“, სურნელისა და გემოს გზით შემოიჭრება. ის მენტალური ამნეზიის  საფრთხეს ამგვარად აცილებს. მისი მოგონებები არსად არ გაუჩინარებულა, არამედ საგნებსა და მოვლენებს შეეფარა, ახლა  სიტყვით აცოცხლებს. ეს არაჩვეულებრივი მეტაფორებით იხატება ლექსში „ორცხობილა“, რომელშიც მკითხველიც შეიგრძნობს გემოს ახლადგამომცხვარი ორცხობილისას:

„რომელსაც ალბათ ინტერესით, ძალიან რბილად

შეეხებიან თითებით და მინორულ გამად

გადაგვაქცევენ და ჩვენს ახალ, ცხელ ორცხობილას

ექნება ძველი, გამომშრალი სიზმრების გემო“.

ამ ლექსებში პოეტური მე მრავალი ნიღბით წარმოჩნდება. ამგვარად დაშლილი ავტორი ახერხებს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროები მრავალფეროვანი რაკურსით წარმოაჩინოს. თანვე იგრძნობა წყურვილი ნამდვილი სახის გამჟღავნებისა. იგი   ცდილობს გაექცეს დროის გარდაუვალ რღვევას წარსულად, აწმყოდ და მომავლად, მაგრამ არ ხერხდება:

„ერთი გრძელი სპირალია ჩემი ცხოვრება –

ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული,

ხოლო მეორეთი ჭრელაჭრულა წარსულს!“  („თევზები“).

ეს წარსული მისი ბავშვობაა, სამშობლოა, რომელმაც უცხოეთში „მზითვად გაატანა“ მოძრაობის, წინააღმდეგობის, გამუდმებული არჩევანის გაკეთების ტკბილ-მწარე ჩვევა, განცდა იმისა, რომ  ირონიით უყუროს მშვიდად მთვლემარე სამოთხეს, თუკი იქ არ იქნება გადასაცური მდინარე, რომელმაც შეიძლება გაიტაცოს („ირონია“). „გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიების“  შთამბეჭდავი სახე  მისი ცხოვრების მეტაფორაა:

„ჩემი ცხოვრება – დაფანტული ფერად ღილებად –

წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტევს,

ხოლო ხეები – ცხოვრებიდან ამოზრდილები

ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს“ („ჩემი ცხოვრება“).

ამ ლექსებიდან ჩანს, რომ წარსულის ტრავმები არ მორჩენილა, ჭრილობები არ შეხორცებულა, მაგრამ სიბნელე და  ტანჯვა ესთეტიზებულ მხატვრულ სახეებად ტრანსფორმირდა. ნიკო სამადაშვილისეული ექსპრესია შეიგრძნობა სტრიქონებში:

„და გავაგრძელე გზა ქალაქში, დამწვარ ქალაქში,

გახსნილი ჩანთით ჩავუარე ბიბლიოთეკას,

სადაც ჭვარტლიან წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,

სადაც სიტყვები ადნებოდნენ წიგნის გარეკანს“ („მაშინ, როდესაც ცეცხლმა დაწვა ბევრი შენობა“).

წარსული, მისი იდენტობის განმსაზღვრელი, ახლა პოეტურ სტრიქონებში ცოცხლობს. პოეტს შეუძლია ყოფის უმნიშვნელო დეტალებით ცხოვრების ტრაგიზმი გამოხატოს. ფერების სიმბოლიკით პოეტი შინაგანი სამყაროს არაცნობიერსაც სწვდება და მხატვრულ სახეებად გარდაქმნის ტკივილებს.  შავი ფერის კაბა მეოცე საუკუნის საქართველოს 90-იანი წლების  პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს აცოცხლებს. ახალ კულტურულ სივრცეში ევროპულ ფერადოვან გარემოში შავი ფერი თაობის ემბლემად წარმოჩნდება:

„ჩემი თაობის დარდებს ვაგრძელებ.

სარეცხის თოკზე კი ფრიალებენ ამბები წარსულიდან,

კაბებს აკრულები უფერო მაქმანებად.“

ელიოტი წერს: ისტორიის შეგრძნება გულისხმობს, რომ წარსული არა მარტო წარსულად აღვიქვათ, არამედ თანა­მედროვეობადაც. სწორედ ამგვარად განიცდის ირმა შიოლაშვილი დროის ერთიანობას და მხატვრულ სახეებად წარმოაჩენს ლექსებში. 

უახლესი ისტორიის ტრავმული მოვლენები, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის ტრაგიკული ამბები კრებულის რამდენიმე ლექსის ძირითადი თემებია:

„ვაზივით ვეხვეოდით ერთმანეთს,

და ვაზივით ვტიროდით,

რომ ვერ გადავარჩინეთ აფხაზეთი,

რომ აფხაზეთი

ახალგაზრდულად გულუბრყვილო ხელებში ჩაგვაკვდა! („27 სქტემბერი“).

აქ მჟღავნდება მისი პაციფისტური პათოსი. იგი ნებისმიერ სისხლისღვრას ანტიჰუმანურ აქტად გაიაზრებს, რომელიც  ღვთის რწმენის საყრდენსაც კი ურღვევს:

„დაიწყევლოს ყველა ომი

ვეშაპივით გაწოლილი დედამიწაზე,

აქვილეიას საუკუნის სასაფლაოდან

მუხათგვერდის თერთმეტწლიან სასაფლაომდე“ („ომი. აგვისტო. იტალია“).

ის ქართულ სინამდვილეში ენათესავება ორი განსხვავებული სტილის, ვერლიბრის, დიდოსტატებს, ბესიკ ხარანაულსა და ლია სტურუას. პირველს მაშინ, როცა შეგრძნებებს სადა სახეებით გადმოგვცემს, ხოლო მეორეს მაშინ, როდესაც ასოციაციური მეტაფორებით ცდილობს სათქმელის გამოხატვას.  კრებულში ბესიკ ხარანაულისთვის მიძღვნილი ლექსიცაა, რომელშიც ჩანს ამ პოეტის შემოქმედებით აღტაცება და მის მიმართ თაყვანისცემა. ბესიკ ხარანაული მისთვის სიმბოლოა, ზოგადად, შემოქმედისა, რომელიც ეპოქის სათქმელსა და ტკივილებს გამოხატავს:

„მიდიოდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ იხდიდა ცხოვრებას,

რომ ცხოვრებისთვის არაფერი დაებრალებინა,

რომ მის მწარე გულწრფელობას

ჰქონოდა მხოლოდ საკუთარი ნაღველის გემო“ („პოეტი“).

კრებულში ევროპული ქალაქების სულიერ-მატერიალური ლანდშაფტებიც იხატება. პრაღა, ამსტერდამი თუ პარიზი თავიანთი  კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმებით, ხელოვნების შედევრებით, პოეტს, ერთი მხრივ,  ამდიდრებენ შინაგანად, სულიერ შიმშილს უკლავენ, მეორე მხრივ, მძაფრად შეაგრძნობინებენ ღირებულებათა კრიზისს, ყოფის ხელოვნურობას, უჰაერობას, ფესვებისგან მოწყვეტას. გლობალიზაციის თავბრუდამხვევ რიტმსა და ქაოსში, რეკლამებით აჭრელებულ ქუჩებსა და მოედნებზე თითქოს ადამიანს ეკარგება უნარი შეყოვნებისა, სიმშვიდისა, სიჩუმის მოსმენისა, სწორედ ამ დროს ამოყვინთავს პოეზია, რომელიც პოეტსაც და მკითხველსაც ეხმარება, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს და კოსმოსში მობორიალე ატომად არ იქცეს.

მისთვის პოეზია დროსა და სივრცეში, მატერიალურ-სულიერ განზომილებებში დაუსრულებელი, აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაა. ეს ოდისეა,  შინიდან გასვლა აუცილებელია იმისთვის, რომ ფენიქსივით გამუდმებით დაიფერფლოს და განახლდეს, სხვაგვარად დაინახოს  ყოველივე და განედლებული შთაბეჭდილებები, მეტაფიზიკური გამოცდილება ლექსებით გაუზიაროს მკითხველს:

„რა კარგია, რომ ასე გგავარ გაზაფხულო

წვიმით ვიწყებ და

ცნობისმოყვარე ვარსკვლავებით ვამთავრებ“ („წასვლა სამოგზაუროდ“).

ირმა შიოლაშვილი ახერხებს საკუთარი ხმა გამოკვეთოს თანამედროვე ქართული პოეზიის მრავალფეროვან სივრცეში. კრებულის ზოგიერთი ლექსი აღსარებითი ლირიკის ნიმუშებია, რომლებშიც პოეტი არავისთვის წასაკითხი დღიურების გულწრფელობით წარმოაჩენს იმედგაცრუებას, სინანულს, სასოწარკვეთილებას, არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი სულის უფსკრულებში დანახულ სიბნელის ქიმერებს. ყოველი ეს კი ხელს უწყობს იმას, რომ ცოცხალ დიალოგურ ურთიერთობაში იყოს მკითხველთან, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ პოეტი მის ვერგამოუთქმელ სათქმელსაც ამბობს. ამ ლექსებში, როგორც დამსხვრეულ  სარკეებში, ისე ირეკლება ლირიკული მე.  იგი თანამონაწილეა წუთისოფლისეული კარნავალისა, რომელიც მისგან გამუდმებულ შენიღბვას, რიტუალურ ამაოების ზეიმში ჩართვას მოითხოვს, ამიტომაც არასოდეს დასრულდება გულის ჭიდილი იმ ყველაფერთან, რაც მისგან მორჩილებას მოითხოვს.  ამ ჭიდილში კი იბადება პოეზია, მშვენიერება, რომლის წყარო, როგორც  ბოდლერი იტყვის, სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც“ („ჰიმნი მშვენიერებას“).

ამ მოზაიკური კრებულის ეპილოგად შეიძლება გავიაზროთ ბოლო ლექსი „შემოდგომის მდინარე“, რომელიც ეხმიანება პროლოგისეულ სულისკვეთებას. პოეტური ნიჭი გააზრებულია, როგორც „განაჩენი“, რომელიც ერთდროულად, აბედნიერებს და აუბედურებს შემოქმედს, წირავს მარტოსულობისთვის, იდეალისა და რეალობის დაპირისპირებისგან გაჩენილი ტანჯვისთვის. პოეტი მდინარეა, რომელიც მიედინება და ლექსების ტალღებით მიიკვალავს გზას, ყოფის კალაპოტებს ეხეთქება და თავის არსებობას ამგვარად ამართლებს. პოეტის სულიდან კი  მხოლოდ ამ გზით დაიბადება და  გადმოედინება, როგორც თვითონ ამბობს: „თვეობით ნატარები მდინარე-ამბები“. კრებულს წინასიტყვად და ბოლოსიტყვაობად ორი შესანიშნავი წერილი აქვს ნინო სადღობელაშვილისა და როსტომ ჩხეიძისა. ავტორები, როგორც გურმანი მკითხველები,  ზუსტად შეიგრძნობენ  და აფასებენ ირმა შიოლაშვილის პოეზიის ღირებულებას. ამგვარად, ირმა შიოლაშვილისთვის, უცხოეთში მცხოვრები პოეტისთვის, ქართული პოეტური სიტყვა ისეთივე ფუნდამენტია, როგორიც მითოლოგიური ანთეოსისთვის _ მიწა. ეს არის მისი იდენტობის მთავარი  საყრდენი.

------

 წყარო (გამოქვეყნებულია):   28 თებერვალი, 2022, http://mastsavlebeli.ge/?p=31999

1