Translate

Friday, July 3, 2015

მოჩვენებითი თამაშები



მაია ჯალიაშვილი

                      მოჩვენებითი თამაშები

   
„ადამიანს თითქმის არასდროს შეუძლია შეიგრძნოს რეალობა ისე, როგორც ის არსებობს“, _ წავიკითხე მიქელანჯელო ანტონიონის ერთ ინტერვიუშიამან მიბიძგა გამეხსენებინა დიდი ხნის წინ ნანახ მისი  ფილმ `ფოტოგადიდება~ (Blow-Up). ისევ აღვფრთოვანდი, ისევ ვისიამოვნე ყოველი კადრითა და სათქმელით, რომ სამყარო მხოლოდ ჩვენი წარმოსახვაა, რომ ჩვენ ხშირად არასწორად აღვიქვამთ მოვლენებს. ჩვენს გონებაში ვაგებთ ამბებს და წარმოსახვით თამაშებში ჩვენ თვითონვე ვიხლართებით. ფილმში არის მხატვარი, რომელიც წერტილებითა და ლაქებით ხატავს და თვითონვე ამბობს, არც კი ვიცი, რას ვხატავ, მხოლოდ შემდეგ ვხედავ ამ უფორმო ხაზებიდან და ფერებიდან როგორ გამოიკვეთება ადამიანთა და საგანთა კონტურებიო. ასე ემართება ფილმის მთავრ გმირს _ ფოტოგრაფსაც, რომელიც სკვერში იღებს უცნობი ახალგაზრდა ქალისა და მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის ფოტოებს. მათი ლაპარაკი არ ესმის, მაგრამ ხედავს ქალის შეშფოთებულ გამომეტყველებასა და ქცევას. ვითარებას მით უფრო ძაბავს ის, რომ როცა ქალი შეამჩნევს, ფოტოები გადაუღეს, მოითხოვს ფირის დაბრუნებას, მაგრამ ფოტოგრაფი მოულოდნელად გაჯიუტდება და უარს ეუბნება. შინ მოსული კი გამჟღავნებულ ფოტოებზე აღმოაჩენს კიდევ სხვა რაღაცასაც, რომელიც ერთ დიდ, საიდუმლოებით აღსავსე ამბად გაიშლება მის წარმოსახვაში ისე, რომ ყოველივეს დაჩრდილავს.  ჯერ ბუჩქებიდან გამოშვერილ პისტოლეტიან ხელს დაინახავს, მერე კი, დეტალების უფრო გადიდებისას, სხვა რამესაც აღმოაჩენს _  მამაკაცის გვამ.  იმავე საღამოს მიდის სკვერში და, მართლაც, ნახულობს  ცხედარს კაცისას, რომელიც დღისით  ქალთან ნახა. მაგრამ მეორე დღეს, იმავე ადგილას,  იქ აღარაფერი ხვდება.
ფილმის ბოლო კადრში კი ახალგაზრდები მოჩვენებით თამაშობენ ჩოგბურთს, ყველაფერი არის  ვითომ, ვითომ... ვითომ მაყურებლების სახეზეც ისეთივე ცნობისმოყვარე დაძაბულობაა, როგორიც ნამდვილი თამაშის  ცქერისას აღებეჭდებათ ხოლმე სახეებზე. ფოტოგრაფი გაოცებული უმზერს ამ თვითმოტყუების სცენას და როდესაც ბურთი ღობის გარეთ გადმოვარდება და მოთამაშე სწორედ მას სთხოვს მიწოდებას, ესეც, მორჩილად, დაიხრება, აიღებს ვითომ ბურთს და ესვრის. ისიც ერთვება ამ მოჩვენებით თამაშში და ასე მთავრდება ფილმი. მაყურებელს კი Uუჩნდება განცდა, რომ გადიდებულ ფოტოზე აღბეჭდილი `მკვლელობაც~ ვითომ იყო _ ფოტოგრაფის წარმოსახვის ნაყოფი. ასე აზვიადებს და ამახინჯებს ჩვენი წარმოსახვა ყველაფერს.
მერე ავდექი და ჩემი საყვარელი ხულიო კორტასარის მოთხრობა `ეშმაკის დორბლიც~ გადავიკითხე, რომლის მიხედვითაც ეს ფილმია გადაღებული და გამიჩნდა განცდა, რომ... ესეც ვითომ ამის მიხედვით არის გადაღებული. კი, არსობრივად ასეა. მთავარი გმირი იქაც ფოტოგრაფია, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია. ქალაქი, გმირები. მოთხრობაშიც ასეა, ფოტოგრაფი იღებს უცნობ ქალსა და ვაჟს. აქ ვაჟია ქალზე ბევრად უმცროსი და მოშორებით ჩანს გაჩერებული მანქანა, რომელშიც კაცი ზის. აქ უკვე  ფოტოგადიდება ფოტოგრაფის გონებაში, წარმოსახვაში ხდება. მთხრობელი მიშელ რობერტო წარმოიდგენს ამ სამი ადამიანის მონაწილეობით დრამატულ ამბავს. თუ  ფილმში, ასე თუ ისე, ყველაფერი გარკვეულია, მოთხრობის ბოლოს მკითხველი დაბნეულია, მწერალი მას უბიძგებს, ახლა მან წარმოიდგინოს, მერე რა მოხდა? რა დაემართა ფოტოგრაფს? მით უმეტეს, რომ დასაწყისში გვეუბნება, მე მკვდარიცა ვარ და ცოცხალიცო. მაშ, რამ მოკლა, ან ვინ მოკლა? ან რატომ მოკლა?
`მე დავწერ, რაკიღა მოვკვდი და მაინც ცოცხალი ვარ~ _ ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, ამხელს წარმოსახვის, დაწერილის, მოთხრობის უკვდავებას. რადგან გვიყვება _ ის ცოცხალია, და ასე იქნება ყოველთვის, ყოველ ჯერზე, როცა ამ მოთხრობას წავიკითხავთ. ის ფენიქსივით აღდგება და მოთხრობის ბოლო ფრაზის ბოლო წერტილამდე იცოცხლებს.
`გინდა უმზირე და გინდ არა _ ყველგან სიყალბეა~ _ შეიძლება ეს ფრაზა ამ მოთხრობისა და ფილმის გასაღებადაც მივიჩნიოთ, მაგრამ ეს სიყალბე არის სწორედ სიცოცხლე. `ჭვრეტა, როგორც ასეთი, სრულიად უბოდიშოდ გვისვრის ხოლმე საკუთარი `მეს~ საზღვრებს მიღმა. ეს კი გარკვეულ თვალთმაქცობას, ნიღბების მორგებას გულისხმობს. მხოლოდ სიკვდილი, მესთან დაბრუნება გამორიცხავს ყველანაირ ნიღაბსა და თვალთმაქცობას.
წარმოსახვა კი ისევე ჩნდება და უჩინარდება, როგორც დილის ნიავზე ხეზე დაკიდებული ძაფები, რომელსაც არგენტინაში ხან `ანგელოზის თმას~ და ხან `ეშმაკის დორბლს~ ეძახიან.  კარგია თუ ცუდი, როდესაც ჩვენ რაღაცას ვადიდებთ, ვაზვიადებთ, საოცარ დრამატულ ამბებს ვქმნით ჩვენს წარმოსახვაში?  ეს ეშმაკისგან არის თუ  ანგელოზისგან?   _  საკითხავი აი ეს არის?!
შარლ ბოდლერი მინიატურაში `ფანჯრები~ სწორედ ამას აღნიშნავს, რომ საოცარია დახურულ ფანჯრებში დანახული ამბები. `შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემ გარეშეა, მაშინ, როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში _ მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას~.
ადამიანის მეტაფორულ ახლომხედველობას, რომელიც წარმოსახვას ფრთებს უშლის, თავისებური შავი იუმორით წარმოაჩენს ედგარ პო მოთხრობაში „სათვალე“, რომლის გმირს  ერთ მშვენიერ დღეს ოპერაში ერთი ქალბატონი მოხიბლავს: „ათასი წელიც რომ ვიცოცხლო, მაინც არ დამავიწყდება მისი ნახვისას განცდილი დიდი მღელვარება. ჯერ არ შემხვედროდა ასეთი მშვენიერი ქალი. სახე სცენისკენ მიეტრიალებინა და რამდენიმე ხანს ვერ დავინახავდი, მაგრამ ღვთაებრივი აგებულებისა ჩანდა. სიტყვა უღონოა და სრულად ვერ გვამცნობს მის გასაოცარ მოხდენილობას და ხსენებული „ღთაებრივიც“ მეტად უსუსური ჩანს მისი სილამაზის გადმოსაცემად“. მკითხველიც ერთვება ამ ერთი ნახვით დაბადებულ თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავში და პერსონაჟთან ერთად თანაბრად განიცდის  შოკს, როცა სათვალეს გაიკეთებს და მომხიბლავ ქალში 82 წლის ბებრუხანას დაინახავს, რომელიც მისი ბებიის ბებია აღმოჩნდება : „ღმერთო ჩემო, _შევყვირე მე, როგორც კი სათვალე ცხვირზე მოვირგე, ჰოი, ღმერთო ჩემო! ეს რაღაა? რა სჭირს ამ სათვალეს? _ მაშინვე მოვიძრე და ფრთხილად გავწმინდე აბრეშუმის ცხვირსახოცით და ისევ გავიკეთე.... თავზარი დამეცა, გული ამოვარდნაზე მქონდა, ამქვეყნად ყოველივე შემზარავის სახელით, ამას რას ვხედავ? თვალებს როგორღა დავუჯერო? ეს რა გამოცანაა? ეს ფერუმარილი რა არის? ეს ნაოჭები რაღაა? ნუთუ ეჟენი ლალანდისაა ეს სახე? ჰოი, ზევსო, ღმერთებო და ქალღმერთებო, დიდნო და მცირენო! რა... რა მოუვიდა იმის კბილებს? გააფთრებულმა სათვალე მოვიგლიჯე და იატაკზე დავანარცხე და შუა ოთახში დოინჯშემოყრილი დავდექი ქალბატონ სიმპსონის პირდაპირ, კბილთა ღრჭენით, დუჟმორეული ზაფრადაცემული და გამძვინვარებული ენას ვეღარ ვიღებდი“. არადა, პარიზში ყველამ იცოდა ამ ჩვენი გულუბრყვილო ეჟენის ახლომხედველობის ამბავი, თუმცა ის არც კი ეჭვობდა, რომ ამ თვალსაზრისით, „სახელგანთქმული ყოფილა“.
ამ შემთხვევაში, მეტაფორულად, სათვალე ცივი  გონების სიმბოლოა, რომელიც რეალობას ისეთად წარმოაჩენს, როგორიც არის, მაგრამ გონებას დაუმორჩილებელ წინააღმდეგობას უწევს მისსავე წიაღში დაბადებული წარმოსახვა, რომელიც, ხან  გადიდებისას, ხან შემცირებისას _ სულ ერთია _ ფორმას უცვლის სინამდვილეს, რათა ადამიანმა მუდმივად იფიქროს ამოუხსნელი გამოცანის შესახებ: რეალობა არსებობს თუ ის მე გამოვიგონე?

No comments:

Post a Comment