Translate

Friday, April 24, 2026

ტკივილის ლაბირინთები _ ფიქრები მამა ადამის პოეზიაზე

 

მაია ჯალიაშვილი

 

                          


პოეზიას შეუძლია ნებისმიერი ტანჯვა ესთეტიკურ ღირებულებად აქციოს. შემოქმედი რაც უფრო ღრმად და ძლიერად განიცდის ტკივილს, მით მეტად უმძაფრდება მისი სიტყვიერი გამოხატვის წყურვილი. ჯვარზე გაკრულმა იესომ შეღაღადა უფალს: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი“ („ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევე მე?“), (მათე, 27, 46). ეს უსაშველო ამოძახილი საუკუნეებს ექოდ გადაეცემა და არ კარგავს ექსპრესიასა და ზემოქმედების ძალას.  ამ პარადიგმული ტკივილის ვარიაციებია მამა ადამის ლექსები, რომლებიც ქმნიან ტანჯვის ლაბირინთებს. მათში მაღალმხატვრული ოსტატობით, სიტყვის ფარული სიღრმეების შეგრძნებით წარმოჩენილია პირადი და უნივერსალური ტკივილები. ლირიკული გმირების სახით იგი ქმნის მრავალფეროვან ალტერ ეგოებს, რომელთა საშუალებით წუთისოფლისეულ სიხარულსა და დარდს გამოხატავს. მისთვის პოეზია ლოცვაა, უზენაესთან მიახლების წყურვილის გამომხატველი. ერთგან იგი წერს:  საკუთარ თავთან ხალხშიაც მარტოდ დარჩენილიც, ცის შემყურეც, მიწაში პირქვე ჩამხობილიც ლოცვიდან ლოცვამდე ისევ ვლოცულობ, ოღონდ ამ ჯერზე კალმით, სიტყვოსნობით, ბგერათწერით, ფერთა ახმოვანებით, დამუნჯებულისთვის კრიჭის გახსნით, უსახელოს სახელდებით...  2015 წელს გამოცემული მისი ლექსების კრებული, სახელწოდებით: „მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ“, შეიძლება  ქართული პოეზიის ერთ გამორჩეულ სარკედ მივიჩნიოთ, რომელიც კარგად ირეკლავს  თანამედროვეობის  მნიშვნელოვან სულიერ პრობლემებს.

პოეტი არა მხოლოდ განიცდის გაუსაძლის ტკივილს, არამედ ესთეტიზაციითა და მეტაფიზიკური გააზრებით მას ხელოვნებად გარდაქმნის. ამ ლექსებში არის ტანჯვის ემოციური განცდაცა და მისი ღრმა რელიგიურ-ფილოსოფიური გააზრებაც. ავტორის დაუყუჩებელი ტკივილის მძლავრი წყაროა აგვისტოს უმძიმესი დღეების გახსენება, როდესაც მოულოდნელმა საგზაო შემთხვევამ მისი ერთადერთი შვილი, მიხეილ ახალაძე, იმსხვერპლა. ამიტომაცაა, რომ მისი დუმილიც კი ყვირის მოუშუშებელი ჭრილობებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კრებულის ლექსები შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებამდეა დაწერილი, მათში მაინც წარმოჩნდება ამ უბედურების მისტიკური წინათგრძნობა. ლექსებში გამოხატული სხვადასხვა ტკივილით იქმნება უჩვეულო ლაბირინთი, რომლიდან თავდაღწევის გზები რთული და მსხვერპლიანია.  ავტორის სევდა არასოდეს არის აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული და მძაფრი, საზღვარგადალახული. მან იცის, რომ სასულიერო პირს „არ აქვს უფლება“ სასოწარკვეთას მიეცეს, ამიტომ მისი დარდი და ვარამი ლექსებში პოულობს ერთგვარ ხანმოკლე შვებას.

საინტერესოა კრებულის სტრუქტურა. ავტორი სარჩევს ზანდუკს არქმევს, რითაც თავიდანვე განგვაწყობს პოეზიის იდუმალებასთან შესახვედრად (სხვათა შორის, დემნა შენგელაიამაც ერთ ძველ გამოცემაში თავის რომან „სანავარდოს“ სარჩევს „ზანდუკი“ უწოდა). ის ერთგვარი კარია, რომელიც შეუძღვება მკითხველს მამა ადამის ლექსთა სამყაროში, სადაც ელის გაოცება, აღტაცება, სიტყვით მოგვრილი თრობის ნეტარება. საინტერესოა პირველი ნაწილის რამდენიმე პროლოგიც, რომლებიც მკითხველს ამზადებენ და გზას უხსნიან პოეზიის სიღრმეთა შესაცნობად.  ლოცვის პოეტური ინტონაციებით ყველაზე მეტად დავით გურამიშვილის პოეზიასთან ამჟღავნებს ნათესაობას. „პრუსტის ანკეტაში“ მამა ადამი წერს: „სულს დუღაბიც სჭირდება და ქვაც, ორნამენტებიც და გუმბათზე დასადგმელი ჯვარიც“.  დუღაბი და ქვა  ტკივილი და განსაცდელია. ორნამენტი _პოეზიის ესთეტიკა. პოეზია ამ მძიმე ქვებს ამთლიანებს და მშვენიერ ფორმას აძლევს. გუმბათის ჯვარი კი _ტკივილის დაძლევა რწმენით. ამ მშვენიერი მეტაფორით ( სულში ტაძრის აშენებით) გამოიხატება მისი არსებობის აზრი და მიზანი. ავტორი  საკუთარ იდენტობას, უპირველესად, პოეზიით განსაზღვრავს.

 წიგნში პირველ პროლოგად გამოტანილია ღირსი პორფირე კავსოკალივიტის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „ქრისტიანი რომ გახდე, პოეტის სული უნდა გქონდეს“. სხვაგვარად ვერ ჩასწვდები რწმენისა თუ სამყაროს მშვენიერების სიღრმეებს, თან „უნდა გიყვარდეს და იტანჯებოდე“. დავით მეფსალმუნის სტრიქონები ამის საუკეთესო დასტურია: „რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ“ (ფსალ. 8, 4). მამა ადამი, როგორც პოეტი, ბაძავს უფალს და მასავით ცდილობს ადამიანის სულის „გამოქანდაკებას“: „მუზათა ქანდარა – სათუთი, თეთრი, თლილი, /ბატისფრთიანი და მელნისფერმელნიანი /თითები პოეტისა / უსაჭრეთლოდ რომ უნდა ექანდაკებინა/ მთელი ცხოვრება“ („თითები_ მუზათა ქანდარა“). მთელი ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა) ხომ იმას ადასტურებს რომ მისი ღვთივშთაგონებული ავტორები სულით პოეტები იყვნენ.  ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ცნობილი ქრისტიანი არაბი მწერლის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, რომანში „იესო, ძე კაცისა“ იოანე, ძე ზებედესი, ქრისტეს პოეტად აღიქვამს:. „ჩემს გულში ცოცხლობს იესო გალილეველი _ უზეშთაესი პოეტი პოეტთა შორის, რომელიც პოეტად გარდაგვქმნის ჩვენ ყველას. ნიკოს კაზანძაკისის რომანში კი „აღსარება გრეკოსთან“ განსაკუთრებით შთამბეჭდავი  რწმენის გამომხატველი საოცარი სტრიქონებია, ფრანჩესკო ასიზელს რომ მიაწერს მწერალი: ვუთხარი ნუშს ხეს, დაო, მიამბე რაიმე ღმერთზე და ნუშის ხე აყვავდა.

მამა ადამისთვის  პოეზია არსებობის ფორმაა. ლექსში „პირველად იყო სიტყვა“, ანუ ბგერები“, მუსიკა წარმოჩნდება იმ  ფენომენად, რომელმაც ადამიანი სამყაროს საიდუმლოებებს უნდა აზიაროს, ყოფის აზრი და მიზანი შეამეცნებინოს. მისთვის „შესაქმე“ პარტიტურაა, ბგერები კი „ყურით კი არა, /მხოლოდ იშვიათი სულით ისმინება. თვითონ არის ამ „იშვიათი“ სულის პატრონი, რომელიც თავისუფალი თუ რითმიანი ლექსის, ვერლიბრისა თუ ვერბლანის სივრცეებს იმისთვის იყენებს, რომ ფიქრების მუსიკალური მდინარება შეგვაგრძნობინოს.  „რამდენი უნდა ეტანჯა... რომ ესოდენ მშვენიერი გამხდარიყო“, _ წერს ნიცშე ცნობილ წიგნში „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, რომელშიც ხელოვნების აპოლონურსა და დიონისურ სტიქიებს განიხილავს. მამა ადამის პოეზიაში დიონისურია ტანჯვის მწვერვალების განცდა, ხოლო აპოლონური_ მისი გამოხატვის დახვეწილი ფორმები.

ტოტების თაღებში – პირვანდლის დარებში

ჭავჭავაძიანთა წინაპრის ლანდები

კვამლ-ნისლში ჩნდებიან.

წიკწიკებს ფრანგული საათი „ორლეან“.

უხდება თითების სინაზე პორცელანს ჩაისვარდებიანს“ („წინანდალი“).

მუსიკის ფარული თუ ზედაპირული გამოხატვით ავტორი უპირველესად გალაკტიონსა და ვერლენს ეხმიანება, რომლებიც პოეზიაში მუსიკალურობას უმთავრესად მიიჩნევდნენ. მისთვისაც სიტყვა დამტევია არა მხოლოდ აზრისა, არამედ მუსიკისა,  სურნელებისა და ფერისა („ფერთა ომის მიღმა /იმალება უდიდესი მისტერია – /ეს სიცოცხლე და სიკვდილი თამაშობენ /ფერების ჭადრაკს....). ამ კრებულშიც მუსიკის განცდას ქმნის არა მხოლოდ რითმები, ალიტერაციები და გამეორებები, არამედ სტრიქონთა ემოციური, აზრობრივი და ფსიქოლოგიური მდინარება. დახვეწილი მეტაფორები და ვიზუალური პოეტური სახეები, სიმბოლოები, ბგერწერული ხერხები (ალიტერაციები, გამეორებები), რიტმი და ლექსიკა ქმნის ტკივილის მუსიკალურ, ესთეტიკურ ფონს.

მისთვის სამყაროს ნებისმიერი ხმა იდუმალ ენაზე დაწერილი მუსიკაა, რომელსაც  ყურს უგდებს და გაშიფვრას ცდილობს:

„ხოლო რითმები, რიტმები, აზრები – ღრუბლების,

ელვების, ჭექა-ქუხილების და მეხთა ხმა,

არამედ სინათლის, სისავსის,

სიმაღლის მეტამორფოზები ხვალ!“ („პირველად იყო სიტყვა“, ანუ ბგერები“).

ამ ლექსებში ფერწერული, ვიზუალური ხატები მუსიკალურ შეგრძნებებს ერწყმიან.  ვან გოგისა და ბახის სიყვარული  ამგვარადაც მჟღავნდება.  ალუზიები ლექსთა კონტექსტებს ამდიდრებენ (მაგ. „მზესუმზირები“, „ჩარგალში“, წინანდალი“, „ბებერი თივის ზვინების გახსენება“, „ელსინორი, ახლა კი მივალ“, „ანგელოსები და მათხოვრები“ და სხვ.). მას შეუძლია, უბრალო ყოფითი მოვლენები პოეზიად აქციოს, მაგალითად, ამის დასტურია ლექსი „ანიკო გეგიაძის გარდაცვალებაზე, სოფელ არჩეულში“, „ვარინკა ხიმშიაშვილის ობლების ამბავი“ და სხვ.  ამ ლექსებში არის  „ნათელი სევდა, როდესაც  ტანჯვ ბიბლიური დავითის მსგავსად, საგალობლად გადაიქცევა: „ღმერთო, შეგვიბრალე! / ნუ შეისმენ ჩვენს უგვან ლოცვას!/ შენ ხომ დაგვპირდი, /რომ არ მოგვცემ ქვებს ნაცვლად პურის /და არცა გველს ნაცვლად თევზების!“ („სოფლის დასტური“).  

ის,  რომ პოეტი სასულიერო პირია, არქიმანდრიტი ადამი (ერისკაცობაში ვახტანგ ახალაძე), სრულიად ცვლის და აღრმავებს ლექსების კონტექსტებს.  „ტკივილის ლაბირინთი“ არ არის მხოლოდ ემოციური ჩიხი, არამედ გზა ჯვარცმიდან აღდგომამდე. წიგნის შესავალში ის წერს: „ადამიანები ჩემგან ელოდებოდნენ სიტყვასაც და საქციელსაც ისეთს, რწმენაში რომ გააძლიერებდა მათ... ეს ჯვარია, რომლის ზიდვა კაცის ნებაა და მხოლოდ ღვთის შეწევნითაა შესაძლებელი“. ლაზარეს სიკვდილმა დაამწუხრა ქრისტე,  შეძრწუნდა სულითა“, „და ცრემლოოდა იესუცა“ (იოანე, 11, 35). ტანჯვის ლაბირინთი მამა ადამისთვის არის ბრძოლის ველი, სადაც ადამიანური მწუხარება „ებრძვის“ და საბოლოოდ ერწყმის ღვთიურ ნებას.

„როგორც გულში,

ხვდებიან ერთურთს,

ძარღვ-ფესვებით ჩაეწნებიან

დიდი კოსმოსიც და პატარაც – ადამიანი.

 ხელით ვეხები, ვფურცლავ, ვხედავ:

გადაშლილი თითო წიგნი ბრძოლის ველს ჰგავს

ნათლის და ბნელის.

ამგვარ ველს კი არ ტოვებენ, ვიდრე გული ცემს“ („მერვე დღე“).

მისი უპირველესი შთამაგონებელი ღვთის შექმნილი უთვალავფერიანი სამყაროა. ლექსის დასაწერად მას თანაბრად განაწყობს სიცოცხლეც და სიკვდილიც, ბედნიერებაცა და უბედურებაც, იმერეთის პეიზაჟები, ბავშვობის მოგონებანი, ყვავილთა  მშვენიერება, სხვისი დარდი თუ სიხარული. ამავე დროს, კლასიკური თუ თანამედროვე ქართული თუ მსოფლიო მწერლობა, ამიტომაც ხშირად გაიელვებს ალუზიები და ინტერტექსტუალური გადაძახილები ცნობილ ხელოვანთა ნიმუშებთან (დავით გურამიშვილი,  აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ლადო ასათიანი, გალაკტიონ ტაბიძე, იოსიფ ბროდსკი და სხვ.).  კრებულში დაბეჭდილი ინტერვიუებისა და ჩანაწერების მიხედვითაც, მამა ადამი ლიტერატურის გემოვნებიან შემფასებლადაც გვევლინება. ამას მოწმომს მისი დაკვირვებები ლევან გოთუას, ჯემალ თოფურიძის, ესმა ონიანის, ემზარ კვიტაიშვილის, ელა გოჩიაშვილისა  და სხვათა შემოქმედებაზე.

ლექსებში პირდაპირ თუ მხატვრულ სახეებში დაქარაგმებული ტკივილები კონკრეტული წყაროებით საზრდოობენ, ესენია: ეგზისტენციალური მარტოობა, წუთისოფლის წარმავლობა და ხანმოკლეობა, სიყვარულის დაკარგვა, უიმედობა, უმანკო ბავშვობის მონატრება და სხვ.  ლირიკული გმირი ტკივილის ლაბირინთში მოხეტიალე მწირიცაა, მსხვერპლიც და ბრძენი ყოვლისმნახველიც,  პოეტის ლირიკული „მე“ პალიმფსესტურია. მისი სხვადასხვა შრე გამოკვეთს ოლამურ ერთობას როგორც ღმერთსა და  ადამ კადმონთან (სამოთხისეულ უცოდველ ადამთან),  ასევე დაცემულ, სამოთხიდან გამოდევნილ ადამსა და სახარებისეულ „ძე შეცდომილთან“. ამ ლექსებში ბევრი უპასუხო კითხვაა, რომლებიც წარმოჩნდებიან, როგორც გზები ჭეშმარიტებისკენ. მამა ადამი ახერხებს მძიმე ემოციების მშვენიერ ფორმად გარდაქმნას. ტკივილი სრულყოფილი ლექსის შექმნის წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლექსი „საფლავებზე ამოკაწრული წარწერები სინანულისანი“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ზეცავ, ავ ცოდვათა თავშესაფრად

გულის გადაქცევა მაპატიე

....

ღმერთო, უნანელი ჩემი ლაფიანი ყოფნა

მაპატიე“.

მამა ადამის პოეტურ კრებულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლექსს „მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ“, რომელშიც დროისა და მარადისობის გზაჯვარედინზე მყოფი ლირიკული გმირის ეგზისტენციალური დრამაა გაცოცხლებული:

„მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ,

შავ მტვრად ვიქცევი,

რადგანაც ჩემში გულისა და ფიჟვის მაგივრად

გამოფიტული სუნთქავს-ფეთქავს მარტოობა,

გუდაფშუტასავით.

მოლოდინად მექცა მზის და მთვარის ამოსვლა,

ბოლო თოვლჭყაპი,

ყურძნის შეთვალვა

და წითელ ფოთლის ტანგოც ნელი,

უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი...

გამოფიტული დავალ

მარტოობა!“

ტექსტში აწმყო აღქმულია არა როგორც სიცოცხლის მომნიჭებელი ენერგია, არამედ როგორც დამანგრეველი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის მყიფე შინაგან მთლიანობას. ლირიკული გმირი, რომელიც საკუთარ თავს „გუდაფშუტასავით“ გამოფიტულ არსებად წარმოაჩენს, სულიერად შფოთავს. ლექსის  მეტაფორები გამოკვეთს  იმ ონტოლოგიურ შიშს, რომელსაც პოეტი აწმყოსთან „შეხებით“ გრძნობს: ეს  მისთვის განადგურების, „შავ მტვრად“ გადაქცევის ტოლფასია. ავტორი თითქოს გაურბის დროს.  მისი ტკივილი განზოგადდება და წარმოჩნდება,  როგორც სამყაროს თანაარსი. მისი ექო ერთდროულად ისმის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ლექსში საინტერესოდაა დახატული ყოველდღიური ყოფიერების რუტინული მექანიკურობა (მჭადის მოზელა,  პირუტყვის მოვლა და სხვ.), საქმეს ისე აკეთებს,  რომ „თასს არ უცქერის“. ეს მეტყველებს  არა რეალურ სიცოცხლეზე, არამედ  მის იმიტაციაზე_ „აქ და ახლა“ პრინციპის გარეშე. სხეული მიწასა და ყოფასთანაა, ხოლო სული  _ იმ ადამიანებთან, რომლებიც ვეღარ დაბრუნდნენ ვერც ჭიუხებიდან, ვერც ომიდან და ვერც სასაფლაოდან:

კეცე, კეცე

და ვერასგზით ვერ დაკეცე

შინმოსასვლელი გზა“.

აწმყოსთან შეხების შიში პარადოქსულია, რადგან სიცოცხლე ხომ მარტო აწმყო არ არის. მართალია, რეალობა მას დაამსხვრევს, თუმცა სწორედ ამ ნამსხვრევებიდან იბადება პოეზია, რომელსაც ლოცვის ძალა ენიჭება. პოეტი პირდაპირ  არ ამბობს, რომ  „სტკივა“, ის ხატავს შიგნიდან გამოცარიელებულ სხეულს, რომელიც მხოლოდ ფორმას ინარჩუნებს და რომლისთვისაც გზა, ნაცვლად შინ დაბრუნებისა, დაუსრულებელ მოლოდინად ტრანსფორმირდება. აქ ტკივილი სივრცეში წარმავალი (სიკვდილი) და მარადიული (ღმერთი) ერთმანეთს ხვდება. მზის ამოსვლა, თოვლჭყაპი თუ ყურძნის შეთვალვა  აღარ აღიქმება, როგორც მიწიერი განახლება, არამედ მარადისობასთან შეხვედრის დეკორაციებად წარმოჩნდება. პოეტისათვის ლამაზი წუთისოფელი მხოლოდ „მოსაცდელი დარბაზია“, სადაც „ფოთლების ნელი ტანგოც“ კი „უკანასკნელია“. ტკივილიდან თავდაღწევის გზა აწმყოს მიღმა, იმ მარადიულ აღდგომაშია საძიებელი, როდესაც ტანჯვა საბოლოოდ გაქრება და დროის მიღმა არსებული სივრცე ადამიანის საბოლოო თავშესაფარი გახდება.

ყურადღებას იქცევს ლექსი „მათე მახარებელი. იოჰან სებასტიან ბახი. „ვნებანი“, რომელიც ტანჯვის ესთეტიკისა და მეტაფიზიკის ერთგვარი კულმინაციაა. ის ჰგავს მუსიკალურ ნაწარმოებს, რომლის სტრუქტურა ბახის პოლიფონიასავით არის აგებული. ლექსში ტკივილი ემოციიდან ტრანსფორმირდება მუსიკად და მოიცავს მთელ კოსმოგონიას _„შესაქმეს წიაღიდან“ „ზეცის ზემოთ დაბადებამდე“. ავტორი გვთავაზობს ფიზიკური და სულიერი შეგრძნებების დაუსრულებელ ჩამონათვალს, რაც ქმნის ტექსტურ ლაბირინთს, რომელშიც ბგერები თითქოს კათარსისის რთულ, გამომწრთობ გზას გადიან. ხელოვნება აქ გაიგივებულია ცეცხლში გამოტარებულ ოქროსთან, რომელიც ტანჯვის შედეგად „პატიოსნდება“ და სრულყოფილ ფორმას იღებს.

ბახის „ვნებანი“ უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, რაც ლექსს განსაკუთრებულ მისტიკურ სიმძიმეს ანიჭებს. პოეტი სრულიად უარყოფს ადამიანურ ტკივილს („ჩვენი სისხლის კი არა, არც ჩვენს პაპათა...“) და აქცენტი გადააქვს უნივერსალურ, ღვთაებრივ მსხვერპლშეწირვაზე. ბგერების დაბადება აქ გაიგივებულია მაცხოვრის შუბლზე გაშეშებული სისხლისა და ოფლის წვეთებთან, რაც ხელოვნების წმინდა, საკრალურ ბუნებას გამოკვეთს. ეს არის ტკივილის უმაღლესი ესთეტიკური ფორმა, როდესაც სევდა შთამბეჭდავ ჰარმონიად იქცევა. ლექსის დინამიკას ქმნის ენერგიული რიტმი და ემოციური მუხტი. ზმნური ფორმების კასკადი („ამოგლეჯილი“, „ამოხეთქილი“, „ამონთხეული“ და სხვ.) გადმოსცემს შემოქმედებითი პროცესის მტკივნეულ სიმძიმეს. ბგერები აქ არა უბრალოდ ჟღერადობა, არამედ „სისხლის წვეთის წილხვდომილობა“ და სხეულიდან „გამონაწური“ ეგზისტენციალური ყვირილია. ვიზუალური თვალსაზრისით, ლექსის ფინალში სიტყვების ვერტიკალური განლაგება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბგერები ზეციდან ეშვება სანოტო რვეულებამდე. ტკივილი აქ იხატება, როგორც რთული ორნამენტი, რომელიც ბახის მუსიკას გადაეწვნება. საბოლოოდ, მამა ადამი გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება არის არა მხოლოდ ნიჭი, არამედ გოლგოთის გზაზე „ამოხეთქილი“ სულიერი ენერგია, რომელიც სამყაროსთან თანაარსობის ერთადერთ საშუალებად რჩება.

ლექსი „ტკივილი ჯერ დუმს და მერე ქრება“ ღვთისმშობლის გაუსაძლის ტანჯვაზეა.

„ფსალმუნებდი,

ხელსაქმობდი –

გამალებით გული გიძგერდა-წინათგრძნობდა...

აი, უკვე ისმის მრავალთა ფეხისხმა – მოირბინეს.

გაავებულებს – ბრბოს აღვსებულს გულისწყრომითა

მიჰყავთო შესაკრებელიდან“.

ლექსში ქრისტიანული თეოდიციის პოეტური ფორმულაც გამოიკვეთება. იგი არ ეწინააღმდეგება ღმერთს ტკივილის გამო, არამედ მას სულიერი ზრდისა და ქრისტესთან თანაზიარობის გზად აქცევს. ლექსში ღვთისმშობლისეული ტკივილი ყოველივეს განმსჭვალავს:

„როცა ტკივილი ისევ დუმს / და ოდენ შენს გულს ჰკვეთს / წარსულშიც, / მთვარის შუქზეც, / ფიქრშიც, / შენშიც, / ზღვაშიც, / ლოცვებშიც...“

ტკივილის ექო ვრცელდება დროში (წარსულში), ბუნებაში (მთვარე, ზღვა), სულში (ფიქრი, ლოცვა). ეს არის ტკივილის უნივერსალური ლაბირინთი, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. რატომ დუმს ტკივილი? რადგან ის იმდენად ღრმაა, რომ სიტყვებით ვერ გამოითქმება. ტკივილის ესთეტიზაციით ტრაგედია ტრანსცენდენტულ განზომილებაში გადადის:

„შენ ტკივილზე ძლიერი ხარ, / ხარ ღვთისმშობელი“.

ტკივილი  არ ქრება, მაგრამ  განიწმინდება და გაკეთილშობილდება. სიტყვები:  „ეგ არაფერი“ _ ამ ესთეტიკის ნაწილია: გაუმქრალი ტანჯვა უფრო ძვირფასია. ლექსის ფინალი ტკივილის ლაბირინთიდან თავდაღწევის  ფორმულაა:

„წინ გოლგოთაა, / ჟამი ჯვარცმის, / ოდეს ყველა ტკივილი ქრება!“

გოლგოთა არის ტკივილის ლაბირინთის საბოლოო წერტილი. არც პოეტი არ ელოდება  განკურნებას ან ამქვეყნიურ შვებას; ის ელოდება ტკივილის თეოლოგიურ დასასრულს. ტკივილი ქრება არა დავიწყებით, არამედ ქრისტეს ჯვარცმასთან წილნაყრობით. საბოლოო დასკვნა  კი ისაა, რომ: „მთელი ცხოვრება დათმენაა, / ტანჯვა მდუმარე“. ეს არის პოეტის ფილოსოფიური პასუხი წუთისოფლის მუხანათობაზე. სამყარო სავსეა ტკივილითა და მშვენიერებით:

მზის უთვალავი ბარტყი-ყვავილი:

ყელყელაობდნენ ზურმუხტოვან ყანის ბუდეში

და შეჰყურებდნენ-შენატროდნენ

დამშეულნი დედას – მზეთამზეს

იტკბარუნებდნენ პირებს სხივებით

და მზის ჭვრეტისგან ემსგავსებოდნენ

დღითიდღე მნათობს სულ უფრო მეტად“ („მზესუმზირები“)..

ამრიგად, მამა ადამის შემოქმედებაში ტკივილის ლაბირინთი არის არა ჩიხი, არამედ რთული, მაგრამ სავალდებულო გზა, რომელიც მიწიერი ტრაგედიიდან სულიერ ტრიუმფამდე მაღლდება. მისი პოეზია არის იმის დასტური, რომ მდუმარე ტანჯვა საბოლოოდ მარადიულ ნუგეშად იქცევა.

ამ კრებულში იმდენი კარგი ლექსია, გინდა ყველა წარმოაჩინო, მაგრამ ერთზე კიდევ შევაჩერებთ ყურადღებას. მამა ადამის პოეტურ სამყაროში პირადი და ზოგადსაკაცობრიო ტკივილი ერთიანი ეგზისტენციალური მდინარების ნაწილია. თუკი წინა ლექსებში ტანჯვის ცენტრი შინაგანი მარტოობა იყო, „ქვევრის რეკვიემში“ ეს ტკივილი თითქოს გარეთ იღვრება და დაცარიელებული სოფლის, მიტოვებული ფესვების მეტაფიზიკურ სურათად ტრანსფორმირდება.

აქ ქვევრი მხოლოდ ნივთი არ არის,  ის სოფლის სულიერი ხერხემალია, რომლის „გაძარცვაც“ საკრალური წესრიგის დარღვევას ნიშნავს. აქ საინტერესო პარალელი იკვეთება: როგორც პოეტის სული გრძნობს თავს „გუდაფშუტასავით გამოფიტულად“ პირადი ტრაგედიის გამო, ასევე სოფლის სულიც გამოფიტულია მეხსიერების ღალატით. უღვინოდ დარჩენილი, „დაჭრილი მგელივით“ მიწაში ჩაფლული ქვევრი იმავე ონტოლოგიურ მარტოობას ღაღადებს, რომელსაც შვილმკვდარი მამა. ამგვარად, ნაძარცვი „ნაქვევრალი“ ღია ჭრილობასავით რჩება არა მხოლოდ მიწაზე, არამედ თავად პოეტის ცნობიერებაშიც. ეს არის გლოვა დაკარგულ მთლიანობაზე, სინდისის დამარხვა. ავტორი ამ ლექსით მიტოვებული სოფლის ეგზისტენციალურ პანორამას ქმნის,  ფესვების ღალატი კოსმოსურ დანაშაულად აღიქმება. ქვევრი აქ „კბილებით იჭერს სულს“, მისი ამოთხრა და მოპარვა კი სამარის გაძარცვასთანაა გაიგივებული, რაც საბოლოოდ არღვევს კავშირს წინაპართა ნასახლარსა და აწმყოს შორის:

„უმეხსიერო, / დაბრმობილი, / თიხისგან ქმნილი, / შარშან სასაცილოდ / ჭურისთავს ძარცვავდა, / ახლა თვითონ თიხად უნდა ქცეულიყო _ / სოფელი მარხავდა“. მამა ადამის ლექსებში ტკივილი გამოწვეულია არა მხოლოდ გარეგანი მოვლენებით, არამედ უპირატესად ადამიანური ყოფის ბუნებით,  ამიტომაც ეხმიანება სახარებისეულ ამონაკვნესს: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავ  მიიდრიკოს“ (ლუკა, 9, 58).

ამ ლექსებში ტანჯვა წარმოჩნდება, როგორც არსებობის აუცილებელი, სამყაროს ფუნდამენტური კანონი.  სიხარულის დაფასებისთვის საჭიროა ტკივილის საყრდენი, ეს არის ადამიანური ბედისწერა. მამა ადამი უპირველესად  ტკივილის ტრანსცენდენტულ ასპექტებს წარმოაჩენს, რადგან გადალახავს მას, როგორც სუბიექტურ განცდას და უნივერსალურ ფილოსოფიურ კონტექსტში მოიაზრებს. ამ ლექსების მიხედვით, ტანჯვის ღირებულება, ტკივილის  მიზანი არის განწმენდა, სიბრძნე, ღმერთთან მიახლოება:

„ედემისეულ ნეტარების გახსენებაა

უსათუოდ, ასე მგონია,

შებინდებისას ყმაწვილკაცთა

უნაზესი სულების კრთომა.

ეს ბეჭედია ადამიანის

უმანკოების,

უზაკველობის,

უმწიკვლოების,

მამის წიაღში არსებობის

ედემისეულ ნეტარების უსასრულობის

და მონატრება

მარადისობის!“ („მარადისობის მონატრება შებინდებისას“).

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მამა ადამის შემოქმედებითი სამყარო არის სივრცე, სადაც პირადი ტკივილი და მეტაფიზიკური ძიებები ერთმანეთს პოეტური ოსტატობით ერწყმის. ავტორი ახერხებს, რომ უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილება, წუთისოფლისეული მუხანათობით გამოწვეული მოუშუშებელი ჭრილობები, არა მხოლოდ ემოციურ გამოძახილად, არამედ მაღალესთეტიკურ ღირებულებად აქციოს.


დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“, #407, 17-30 აპრილი, 2026



 #მამაადამი #ქართულიპოეზია #მაიაჯალიაშვილი