მაია ჯალიაშვილი
ჩამავალი მზის აღსარება
(ანა კალანდაძის `მკვდართა მზე ვარ...~)
პოეზია რომ იდუმალი სამყაროსკენ მიმავალი ბილიკია,
ამას კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინებს ანა კალანდაძის ეს ლექსი. სიმშვიდის საოცარი განცდა
შემოიჭრება მუსიკალური აკორდების თანხლებით და გრილი სურნელის ტყვეობაში აღმოჩენილი
საღამოს ბინდიდან შორიდან შევხედავთ გაფერმკრთალებული მტვრიანი დღის სილუეტს.
გალაკტიონის „ქართა ქარვაში“ თუ ვერლენის „ჩამავალი მზეების“ მელანქოლიაში გაკრთება
ნაცნობი სევდის ანარეკლი და მსუბუქი მოლანდება შეაკრთობს სიმშვიდეს: „მზე მიიცვალა
ღია
თვალებით!“, „რა ხდება იქით? საიდან ისმის მგლოვიარეთა ქნართა: „მშვიდობით“? („მას გახელილი დარჩა თვალები“).
მკვდრის მზე დიდი საიდუმლოა, რომელიც დაგვაფიქრებს მიღმიურ, წარუვალ, მარადიულ სამყაროზე. ხალხური რწმენით, მკვდრის მზე უწოდებენ ჩამავალ მზეს, რომელიც ცოცხლებისთვის ჩადის და ამოდის მიცვალებულთათვის. ეს რწმენა ჩანს ამ ლექსშიც. დაისისას არამიწიერი ფერებით იღებება ზეცა. ამ ღვთაებრივ ფერებში ჭარბობს მეწამული, სისხლისფერი. შუქ-ჩრდილების ხატვის
იმპრესიონისტთა ოსტატობას უნდა ფლობდე, რომ ეს ფერები გადმოსცე. უფალი, რომელმაც, როგორც ფსალმუნებში წერია, თავისი თითებით შექმნა სამყარო, `მოხატა~ ცა და დედამიწა, ამ ყოველივეს შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს უსაზღვროდ გაშლილ ზეციურ ტილოზე. ანა კალანდაძის ლექსში ფერები
უსიტყვებოდ იბადებიან მკითხველის წარმოსახვაში, რადგან ნაცნობ შეგრძნებებს უცნობ ფერთა
გამები შლეიფივით მოჰყვებათ.
გიორგი შატბერაშვილმა თავის რომანს `მკვდრის მზე~ უწოდა და მასში სიკვდილის სიცოცხლის გზით შეცნობის მოტივი მხატვრულად წარმოაჩინა. გალაკტიონი როდესაც `ლურჯა ცხენებში~ აღწერს მიღმა სამყაროს, მასთან `შეხვედრის~ პირველ შთაბეჭდილებას ასე გადმოგვცემს: `როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,/ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში~. ჩამავალი მზის სხივებშია გახვეული სამუდამო მხარის ნაპირი.
ანა კალანდაძე ლექსში სულ სხვანაირად აღმოგვაჩენინებს ნაცნობსა და ჩვეულს და ჩვენ, მკითხველნი, სრულიად სხვაგვარად აღვიქვამთ ჩამავალ მზეს, ვწვდებით მის არსს. ეს ლექსი თითქოს მზის მონოლოგია, მისი აღსარებაა.
საერთოდ, მზე სინათლის, სიცოცხლის, სიყვარულის წყაროა. ეს ხატოვან გამოთქმებშიც კარგად არის ასახული: `მზე ამომდის შენზე~ _ მიყვარხარ, `მზე გაუქრა~, `მზე დაუბნელდა~ _ გარდაიცვალა.
როცა გაუსაძლისი სულიერი ტანჯვა უნდა რომ წარმოაჩინოს, გალაკტიონი მზის გამქრალ ხატებას მიმართავს: `ეხლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,/ მზე აღარ არის და არ არის არარაიმე~ (`შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის~).
ანა კალანდაძის ლექსში ჩამავალი მზე ამხელს თავის უდიდეს ტკივილს: `ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,/
გულო, რისად მეხურები?~
გამეორების მხატვრული ხერხით აქცენტირებულია `ორი ქვეყანა~ _ წუთისოფელი და მარადიული სოფელი, სადაც ჩვენი სული გარდაცვალების შემდეგ მიემგზავრება. დაისს ადამიანის აფორიაქებულ
სულში შემოაქვს სიმშვიდის განცდა. როგორც გოეთეს „ღამეული მგზავრის სიმღერაშია“:
„სიმშვიდეში
თვლემს
/ მწვერვალები მთის, /ქარი არა სცემს,
/ფოთოლი არ თრთის; /მოსვენების ჟამს /მისცემია
ტყეც,
/მოითმინე წამს, /მოისვენებ შენც“ (გალაკტიონის თარგმანი).
ადამიანის მუდმივი საფიქრალია: სააქაო და საიქიო, სოფელი და ზესთასოფელი. მზეს ბუნებამ ასეთი მოვალეობა `დააკისრა~, ორი ქვეყნის საზღვარზე იდგეს, როგორც დარაჯი და სულებს გაუძღვეს ხილულიდან უხილავი სამყაროსკენ. დასასრულის სიძნელე მზესაც ასევდიანებს. ეს მწუხარება გამოსჭვივის სტრიქონებში: `გულო, რისად მეხურები?~
მზე ქართულსა თუ მსოფლიო ლიტერატურაში მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, საღვთისმეტყველო სახეა, უპირველეს, ყოვლისა, უფლის სიმბოლოა. ვიქტორ ნოზაძეს წიგნში `ვეფხისტყაოსნის~ მზისმეტყველება სიღრმისეულად აქვს ეს საკითხი გააზრებული. ამ წიგნში მოცემულია `მზიანი ღამის~ განმარტებაც („ვეფხისტყაოსანი“:.„ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად“).
მზე-უფალი ანათებს და განაგდებს წუთისოფლის წყვდიადს გურამიშვილის `დავითიანში~: `მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა“.
პოეტი ორ მზეს წარმოაჩენს _ საცნაურს, ხილულს, წუთისოფლისეულს და უცნაურს, უხილავს _ უფალს, რომელსაც ადამიანები ძალიან ძნელად შეიცნობენ.
ანა კალანდაძის ლექსში ირეკლება დაისის ხატვის ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის
გამოცდილება, თანვე ორიგინალურია მისეული განცდა და გადმოცემა. ლექსში დახატული ჩამავალი მზის სევდას ამძაფრებენ ეპითეტები: `სხივმიმკრთალი~, `სხივმიმკვდარი~.
ლექსის მიხედვით, ჩანს, მზე როგორ განიცდის სიცოცხლეს, როგორ ესმის ბალახების სუნთქვა, როგორ აღიქვამს მატერიალურ ყოფის სილამაზეს: `ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები~. მზე თითქოს სევდიანად შესცქერის ბეღურებს, რომელთაც არაფერი უწყიან სიკვდილისა. ბუნებაში ხომ სიკვდილი არ აღიქმება, როგორც ტრაგედია. ბუნებისთვის ჩვეული რიტმია სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა და პირიქით. ამიტომაც იყო, რომ ვაჟა-ფშაველა ნანობდა: `რამ შემქმნა ადამიანად,/რატომ არ მოველ წვიმადა~. წვიმად ყოფნა, ბუნების შვილობა ადამიანს გადაალახვინებს სიკვდილს, რადგან ბუნებაში მარადიული წრებრუნვაა სიკვდილ-სიცოცხლისა.
მკვდრის მზე ტკბება სიცოცხლის მშვენიერებით,
მისი დაბადებისა და ზრდის ნიუანსებით: `კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,/ ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის~. მკითხველიც გრძნობს, თუ როგორ სუნთქავს მთელი სამყარო, ყოველივე სიცოცხლის სიხარულითაა დამუხტული: `ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას~. პოეტი ამ გაპიროვნებით შესანიშნავად წარმოაჩენს, თუ რას განიცდის მკვდრის მზე, რა შეგრძნებები უჩნდება. ნაკადულის სიმღერები წარმოაჩენენ სიცოცხლის მრავალფეროვნებას, ერთგვარ ზეიმურობას, სიცოცხლის სიტკბოებას, დღესასწაულს, რომელიც სიცოცხლეს ყოველ ნაბიჯზე ახლავს.
ღალღის, ამ პატარა ფრინველის ყოველ მცირე მოძრაობას, ხტუნვა-თამაშს ამჩნევს მკვდრის მზე და თითქოს მისი ყურება ეხალისება, რადგან მალე ეს ყოველივე თვალთაგან გაქრება და მზე სხვა სამყაროში გადავა:
`ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს...~ თითქოს ჩვენც ჩაგვესმის ჩიტების წივ-წივი, ჭიკჭიკი და ამ ხმებით გადმოცემულია ის მუსიკა, რომლითაც ავსებულია სიცოცხლის სამყარო.
მკვდართა მზეს ისე აქვს გაფაქიზებული მზერა, ისე სავსეა ამქვეყნიურის სიყვარულით, რომ ესმის ყოველი ჩქამი და ამჩნევს ყოველ გაელვებას. მიუხედავად ამისა, ის მაინც წუხს: `მაგრამ... მაინც გული რისად მეხურება?~ მას ახსენდება, რომ თვითონ მკვდართა მზეა, მას ახსოვს, რომ თავისი წასვლით მალე ამ მშვენიერებას სიბნელე შთანთქავს. იგი ვარდის ტოტზე შერჩენილ ხმელ თესლსაც ამჩნევს. ხმელი თესლი მიანიშნებს სიკვდილს, იმიტომ, რომ ის აღარასოდეს აღარ განედლდება, ის `აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა~. სიცოცხლე აღარ დაიბადება და ეს ფიქრი მზეს ტკივილით აღავსებს.
სიკვდილ-სიცოცხლის თემა არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში გვხვდება, მათ შორის, გამორჩეულია გოდერძი ჩოხელის რომანი `ადამიანთა სევდა~, რომლის ერთ ეპიზოდში სიკვდილი ადამიანებს მშვენიერი ყმაწვილის სახით გამოეცხადება ერთ სახალხო დღესასწაულზე. ყველა მხიარულობს და ეს უცხო ჭაბუკიც _ მათთან ერთად. ყველას აოცებს მისი სილამაზე, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცნობს, ყველა თავის სუფრაზე ეპატიჟება. ამ Dდღეს კიდევ ერთი უჩვეულო რამ მოხდება, დაკლული ციკანი გაცოცხლდება. ხალხს შეშფოთება იპყრობს, თითქოს ყველა გრძნობს, რომ ეს სასწაული ამ უცხოს უკავშირდება, ამიტომაც ჩაეკითხებიან და ვინაობის გამხელას სთხოვენ. ჭაბუკი ჯერ უარზეა და მერე აღიარებს, რომ მილიონ წელიწადში ერთხელ მას, სიკვდილს, აქვს უფლება ადამიანური ხორცი შეისხას და ადამიანებთან გაატაროს ერთი დღე, დატკბეს სიცოცხლის სიყვარულით. წამშივე ხალხის სიყვარულიანი მზერა სიძულვილით შეიცვლება, ხოლო ერთ-ერთი ხანჯლით განგმირავს ყმაწვილს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ ადამიანებისა, რომელთაც შური იძიეს სიკვდილზე, მაგრამ გვესმის სიკვდილისაც, რომელსაც ასეთი საოცარი წყურვილი აქვს სიცოცხლისა.
ამ ლექსშიც ჩანს მკვდრის მზის დიდი სურვილი, რომ დატკბეს სიცოცხლით, განიცადოს ის ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ცოცხალ სამყაროშია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიკვდილი და სიცოცხლე, როგორც სიცივე და სითბო, ისე შეუთავსებელია. სიკვდილი ადამიანებისათვის მიუღებელია. ადამიანს მუდმივად ახსოვს ის: `რა წამს კი დავიბადებით,/ იქვე სიკვდილი მზა არის~ (ხალხური).
სიკვდილზე ფიქრმა დაბადა პოეტის წარმოსახვაში ეს ულამაზესი სიმბოლო და სახე მკვდრის მზისა. სიცოცხლე განუწყვეტელი მოძრაობა და დინებაა დასასრულისაკენ, თუმცა ეს დასასრული მხოლოდ პირობითია, თუკი ადამიანს რწმენა აქვს, მან იცის, რომ სიცოცხლე არასოდეს მთავრდება, მხოლოდ ფორმას იცვლის. სხეული მიწას შეუერთდება, სული კი გააგრძელებს კვლავ უსასრულობაში, მარადიულობაში სიცოცხლეს.
გოდერძი ჩოხელის ზემოთ ნახსენებ რომანში გაისმის ასეთი კითხვა: რა არის სიცოცხლე? და პასუხი ამგვარია: `ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა~, ხოლო კითხვაზე: რა არის სიკვდილი? პასუხია: `ადამიანად არყოფნის სევდა~.
სწორედ ეს სევდა, ადამიანად არყოფნისა, სიცოცხლის ნაკლებობისა ჩანს ამ ლექსში, რომლის წაკითხვის შემდეგ ჩვენს წარმოსახვაში სამუდამოდ დარჩება მკვდრის მზე, რომელიც, ერთი მხრივ, არის აღტაცებული და ბედნიერი, როცა შესცქერის და უსმენს სიცოცხლის ამ მრავალფეროვან ხმებს და, მეორე მხრივ, არასოდეს დაგვავიწყდება მისი საოცრად დიდი წუხილი.
ლექსი შეგვაგრძნობინებს, რომ ამ სამყაროში სკვდილი და სიცოცხლე თანაარსებობენ და ერთად ქმნიან იმ საიდუმლოს, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია.
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteძალიან სასიამოვნო წასაკითხია,მადლობა ამ წამიერი ნეტარებისათვის
ReplyDelete