მაია ჯალიაშვილი
პერსონაჟის თვითმკვლელობა მწერლის გადასარჩენად
პერსონაჟები რომ თავნებანი არიან, ამაზე ხშირად წერენ
ავტორები. ამჯერად კი იმას შევეხებთ, შეუძლიათ
თუ არა პერსონაჟებს მწერალთა ხსნა, გადარჩენა?
„ღირს კი ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო?“, _ წერს ალბერ კამიუ ესეში „სიზიფეს მითი“ და
ამ კითხვას ერთადერთ ფილოსოფიურ საკითხავად მიიჩნევს. აბსურდის ადამიანი ამ კითხვასაც
მრავალმნიშვნელოვად უპასუხებს. სიზიფე თავს არ იკლავს, თუმცა მტანჯველია ლოდის მწვერვალზე
ატანისა და დაგორების ჯოჯოხეთური რიტუალი. მწვერვალზე დგომის წამები კი მას თავის უბედურებაზე
ამაღლებს და ეს ამართლებს სიცოცხლეს!
ცნობილნი არიან თვითმკვლელი მწერლებიცა და პერსონაჟებიც: ჰემინგუეი, აკუტაგავა, ცვაიგი, ვულფი, პლათი და
სხვ. მრავალი. იუკიო მისიმამ კი ხალხის თვალწინ გაიკეთა ხარაკირი და ამგვარი „არტისტულობით“
გამოხატა პროტესტი.
„თავი მოიკლა ცხოვრებაში არ არის ძნელი, ცხოვრება შექმნა გაცილებით უფრო ძნელია“- დაწერა მაიაკოვსკიმ
ესენინის სიკვდილზე, მაგრამ თვითონაც ვერ გაუძლო „სიძნელეს“ და თვითმკვლელობით გაექცა
რეალობას.
`რად სატანას წაუღიღარ, რად მოიკლავ ნებით თავსა~,
ან კიდევ: `სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა~ - რუსთველისეული შეგონებები,
ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული, თვითმკვლელობას უარყოფენ. მას არ ამართლებს არანაირი მიზეზი და მოტივი. მიუხედავად ამისა, დავარი, ფარსადან მეფისა და ნესტანის აღმზრდელი, ქაჯეთს გათხოვილი მამიდა, თავს იკლავს: „დანა დაიცა მოცაკვდა, დაეცა გასისხლმდინარდა“.
თვითმკვლელობის მოტივი, ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სინდისის ქენჯნაა, არა გაცხადებული, მაგრამ ნაგულისხმევი, რადგან არ შეიძლება არ ენანა, როგორ გასწირა საყვარელი ძმისშვილი და ზღვას მიანდო ორ ზანგ მონასთან ერთად კიდობანში გამოკეტილი. მეორე მხრივ, გაცხადებული მიზეზი: ფარსადანი მოკვლით დაემუქრა.
ასე რომ, ქართველთა უპირველეს წიგნში იხატება თვითმკვლელი, რომელსაც მოჰყვება უამრავი ლიტერატურული
პერსონაჟი, სიცოცხლეს ათასგვარი მიზეზით რომ ისწრაფებს. გუგუა, შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილს რომ ამჯობინებს („ხევისბერი გოჩა“), აღაზა („სტუმარ-მასპინძელი“), წიწოლა („ბახტრიონი“), მამა („ტრაგედია უგმიროთ“), შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“), ჰაჯი-უსუბი („გამზრდელი“) და სხვ.
რა თქმა უნდა, იუდას პარადიგმა, ჩადენილი ღალატისთვის პასუხისგებასა და თვითდასჯას თვითმკვლელობით რომ გულისხმობს, ლიტერატურაში ვარიაციებით ყველაზე ხშირად მეორდება.
მაშ, ასე. როგორ გადაარჩენენ თვითმკვლელი პერსონაჟები ავტორს?
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თანამედროვე მწერლის, ბორის აკუნინის (იგივე, გრიგოლ ჩხარტიშვილის) წიგნი `მწერალი და თვითმკვლელობა~, რომელშიც მას მოჰყავს მაგალითი გოეთესი, რომელმაც თვითმკვლელობის განზრახვაზე ხელი აიღო მას შემდეგ, რაც `ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ დაწერა. მწერალმა კი დააღწია თვითმკვლელობის ვნებას თავი, მაგრამ, როგორც ცნობილია, რომანმა
თვითმკვლელობათა სერია გამოიწვია.
ვაჟა-ფშაველამ და გრიგოლ რობაქიძემ თავიანთ ნაწარმოებებს
(„გველის მჭამელი“; „ლამარა“) მინდიას მითი დაუდეს საფუძვლად. ვაჟას მინდია თავს იკლავს,
რობაქიძის მინდია _ არა. რობაქიძეს ერთი რამ აეჭვებდა და
წერდა: „გველის მჭამელში“ მინდია თავს იკლავს, „ლამარაში“ კი თავს სწირავს. თავისკვლა
ბოლოს და ბოლოს ტრაგედიაც არაა. ესაა უბედურება. თავშეწირვა კი მისტერიის ხტილია. მრწამდა
და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა მინდია, თავს არ მოიკლავს, უკეთ: ვერ
მოიკლავს. მეორე მხრით, მრწამდა და მრწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა ხალხი,
არ ცდება არც ერთ მუხლში თავის ქმედითი ცხადებისა. როცა „ლამარას“ ვქმნიდი, ორ ცეცხლ
შუა ვიყავი: „მინდია ვერ მოიკლავს თავს“, ვამბობდი. „მინდია თავს იკლავს“ _ მეუბნებოდა
ხალხი. გავბედე ბოლოს და, პირველად ჩემს სიცოცხლეში, შევასწორე ხალხის ნააზრევი. დიდხანს
მაწვა ეს გულს სიმძიმედ, დიდხანს, დიდხანს.
რამდენიმე თვის წინ წავიკითხე (პირველად) ვაჟას
კრიტიკული წერილები, მათ შორის „კრიტიკა ბ-ნ ი. ვართაგავასი“. ამ წერილში ვაჟა გვითხრობს,
სხვათა შორის, თუ რა რაა ხალხური თქმულებითგან „გველისმჭამელში“ და რა მისი საკუთარი.
რა აღმოჩნდა? თურმე მინდია თავს იკლავს არა ხალხური თქმულებით, არამედ ვაჟას პიროვნული
მითხზვით. მომეშვა წამსვე სომძიმე. დავინახე, რა, რომ ხალხის „გნება“ არ შემილახავს“
(„ვაჟას ენგადი“).
რატომ შეცვალა ვაჟა-ფშაველამ
მითის პერსონაჟის ბედი?
ამ თემაზე თავის ორიგინალურსა და საგულისხმო ვერსიას აგებს როსტომ ჩხეიძე ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ავტობიოგრაფიულ რომანში `დევების სტუმარი~. მისი აზრით, „ვაჟა-ფშაველა
ყოფით რეალობას რომ ეხლებოდა თავპირდასისხლიანებული და გარემოდან სრულიად ამოვარდნილი
მოჩანდა, სად გამოეთქვა გულისწუხილი, თუ არა „გველისმჭამელში“, მინდიას სულაც ავტობიოგრაფიულ
პორტრეტად რომ გამოჰკვეთდა“. „ვაჟა-ფშაველა
თვითმკვლელობის განზრახვას თავის პერსონაჟს გადააბარებდა და კიდეც აღასრულებინებდა,
რათა თვითონ გათავისუფლებულიყო ამგვარი ფიქრისა და განცდის გაუნელებელი სატანჯველისაგან“.
„საკუთარი თავი რომ არ გამოეხვია მინდიას სახებაში, მაშინ დარწმუნებით ვერ განაცხადებდა,
თვითმკვლელობის სცენა იმთავითვე განეზრახა თუ ეს სწორედ ის დასასრული გახლდათ, ერთ
თვემდე რომ აყოყმანა, მაგრამ რადგანაც გმირისთვის სურდა გადაელოცა თავისი მტანჯველი
ფიქრი ფიქრი და განცდა, თვითმკვლელობისკენ რომ უბიძგებდა, არამცთუ იმთავითვე უნდა ჰქონოდა
ჩაფიქრებული ეს ტრაგიკული სურათი, არამედ ჯერ თვითმკვლელობის სცენა ამოესვეტებოდა თვალწინ
და მერეღა ჩაფიქრდებოდა, ნეტა რომელი სიუჟეტი შეიძლება მოვარგო ამ ფინალსო“.
„მადამ ბოვარი მე ვარ“ _ ფლობერის ამ ნათქვამმა შეიძლება
გზა გაუხსნას ფანტაზიას და გვაფიქრებინოს:
იქნებ მადამ ბოვარის თვითმკვლელობამაც იხსნა ავტორი?! ვინ იცის?! და
ა.შ.
No comments:
Post a Comment