Translate

Friday, July 3, 2015

ადამიანი წიგნების გადასახედიდან



მაია ჯალიაშვილი
                  
             ადამიანი  წიგნების გადასახედიდან


ფრანც კაფკას `მეტამორფოზაში~, გულგრილ, მომხმარებლური ჟინით დაბრმავებულ საზოგადოებასა და გარემოს რომ თავი დავანებოთ,  ყველაზე უახლოესი ადამიანების,  მშობლებისა და დის უსიყვარულობა გადააქცევს გრეგორ ზამზას ხოჭოდ. ერთ მშვენიერ დილას, როცა გრეგორს ჩვეულებრივ უნდა დაეწყო მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით დატვირთული, მომაბეზრებლად ერთფეროვანი დღე, ყოველგვარი ცხოვრებისეული სიცარიელის დამძლევი თვითშეგნებითმე ვიღაცისთვის საჭირო ვარ (ავტოთერაპიის ძირითადი ფორმულა?!) _ სასწაული მოხდა. როგორც ზღაპარშია, ადამიანი გადაიქცა ურჩხულად!  თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგნულად, რადგან ზამზას ხოჭოს სხეულის ნიღბის მიღმა მკითხველი ისევ მას ხედავს _ ნაზ, მოსიყვარულე არსებას, მშობლებსა და დაზე მზრუნველს, თავისი ოჯახისა და  სამსახურის კეთილსინდისიერ მსახურს, რომელსაც საკუთარი თავი კი არა, სხვების ბედი აღელვებს: რა ეშველებათ უჩემოდ? `მე ჩემს მშობლებსა და დაზე ზრუნვა მაკისრია. მე გასაჭირში ვარ, მაგრამ უთუოდ თავს დავაღწევ~. მის ოჯახს კი ამ დროს სხვა საზრუნავი აქვს: `ვის ჰქონდა დრო ამ დამაშვრალსა და გადაღლილ ოჯახში გრეგორის გამო თავი იმაზე მეტად შეეწუხებინა, რაც მთლად აუცილებელი ოყო?~  `მათი ოჯახური მოვალეობა იყო, ზიზღი როგორმე დაეძლიათ და მოეთმინათ მისი არსებობა, მოეთმინათ, მეტი არაფერი~. გრეგორის გარეშეც მშვენივრად გრძელდება ცხოვრება, თუ შავ იუმორს გამოვიყენებთ და მშვენიერს ვუწოდებთ მის მიმართ ახლობელთა უსულგულო დამოკიდებულებას: `მთელი სხეული სტკიოდა, ამასთან, გრძნობდა, რომ ტკივილი თანდათან უყუჩდებოდა და საცაა მთლად გაუვლიდა. ზურგში ჩაჭედილ დამპალ ვაშლსა და მის გარშემო ანთებულ სხეულს, რომელიც რბილი მტვრით იყო დაფარული, თითქმის აღრც გრძნობდა, ოჯახის წევრებს ახლა სიყვარულითა და გულაჩუყებით იგონებდა. მისი გადაწყვეტილება ოჯახის დატოვების შესახებ მტკიცე იყო. იგი უსაგნო და ნეტარი ფიქრებით იყო გართული, როცა ქალაქის საათმა ღამის სამი დარეკა. როცა ფანჯარაზე გარიჟრაჟის სინათლე დაეცა, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მერე თავი დაბლა ჩამოუვარდა და ნესტოებიდან უკანასკნელი სუსტი სუნთქვა აღმოხდა~.
ზღაპარში ობოლი გოგონას უანგარო სიყვარული ურჩხულს წყევლისგან, ჯადოსგან იხსნის და კვლავ პრინცად გადააქცევს.  საწყალ ზამზას კი სანაგვეზე მოისვრიან _ აბა, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს ოჯახისთვის მკვდარ ხოჭოს, მხოლოდ და მხოლოდ ხოჭოს, სხვა არაფერს, რადგან თვალმა მხოლოდ ეს დაინახა, სულმა კი... აბა, ვის უნახავს თუ განუცდია სული სიყვარულის გარეშე?! `მაშ, ასე, _ თქვა ბატონმა ზამზამ (გრეგორის მამამ),_ ჩვენ ახლა შეგვიძლია, ღმერთს მადლობა ვუთხრათ~. ისინი გათავისუფლდნენ ადამიანობისაგან, რათა შეძლონ ტკივილისა და დანაშაულის განცდის, სინდისის ქენჯნის გარეშე ცხოვრება.
მას შემდეგ, რაც ნახა და განიცადა, რომ ეცოცხლა, მოუნდებოდა თუ არა ადამიანადყოფილ ხოჭოს კვლავ ადამიანობა? ალბათ, არა. მკითხველი გრძნობს, რომ გრეგორ ზამზას ოჯახია ურჩხული, რომელმაც მსხვერპლად შეიწირა გრეგორ ზამზა და ეს მსხვერპლშეწირვა ქრისტიანებმა წარმართული სისასტიკით განახორციელეს ისე, რომ სისხლი არ დაუღვრიათ, ხელი არ გაუსვრიათ.
`იცი, ჩვენ ურჩხულები ვართ~, _ ამბობს ჩარლზ ბუკოვსკი ერთ ინტერვიუში. იქნებ, სწორედ ამიტომაც გაიაზრებს თანამედროვე სამყაროს, როგორც მაკულატურას. მის ამავე სახელწოდების პაროდიულ, ერთი შეხედვით, მიზანთროპულ რომანში, უცხოპლანეტელები იწუნებენ დედამიწას, საცხოვრებლად არ გამოდგება, ყველაფერი მოწამლულია, ყველგან სიძულვილი და უიმედობააო.  მთავარ გმირს, ნიკს აქვს განცდა: `სრულ არარობად ვგრძნობდი თავს~. `დაიბადო, რათა მოკვდე. დაიბადო, რათა მერე გამოჭერილი ციყვივით იცხოვრო~.  `რატომ მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ დაკრძალვას ვესწრები?~. `რა გულისამრევები ვართ. განწირულები ჩვენი პატარ-პატარა საქმეების საკეთებლად~. `შუადღემდე არ ავდგები ლოგინიდან, ეგებ ამოწყდეს იქამდე ნახევარი კაცობრიობა და მეორე ნახევრის ატანა სანახევროდ გულისამრევი იყოს-მეთქი~. `მკვდარი არ ვიყავი ჯერ, სასწაული სისწრაფით ვიხრწნებოდი უბრალოდ. ჰო, მაგრამ ვინ არ იხრწნება? ყველა ერთ დახვრეტილ ნავში ვსხედვართ და თავს ვირთობთ~.
როცა `ჰამლეტის~ ცნობილ ეპიზოდში, ჰამლეტი მესაფლავეებს ეკითხება, რამდენ ხანს ძლებს ცხედარი მიწაში გაუხრწნელადო, ერთი  პასუხობს: თუ სიცოცხლეშივე არ გაიხრწნაო.
წიგნების გადასახედიდან ცხოვრება უფრო ამაზრზენი ეჩვენება აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობის `ცხოვრება იდიოტისა~ მთავარ გმირს: `ეს მოხდა წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი...
ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟინებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მთელი `საკუნის დასასრული~ იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუპტმანი, ფლობერი...
ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები ნელიად გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად ის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.
_ ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… _ იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა მათ _ უმწეო, საცოდავ ქმნილებებს~.
ვკითხულობთ ვგრძნობთ ბანალურსა და გაცვეთილ, მაგრამ მაინც ერთადერთ სიმართლეს: სიყვარულია პანაცეა. ეჭვის ჭია კი კვლავ განაგრძობს ფიქრის ღრღნას: იქნებ სხვაგანაც იყოს გამოსავალი ლაბირინთიდან, რომელსაც ცხოვრება ემსგავსება, რაც უფრო სიღრმეში ჩავყვებით?!
როგორც სიყვარული, ისე სიძულვილიც, ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება. მერე ჩნდებიან ადამიანიურჩხულები, რომლებიც შურს იძიებენ საზოგადოებაზე. ასეთი გმირი მრავლადაა ხელოვნებაში, მაგალითად, დოქტორი ჰანიბალ ლექსტერი რიდლი სკოტის ფილმიდან `ჰანიბალი~ (გადაღებულია ტომას ჰარისის მოთხრობის მიხედვით). მიუხედავად მისი სისასტიკისა, მაყურებელი ხედავს, რომ ის კლავს მხოლოდ ხარბ, უზნეო ადამიანებს. ძალადობას ძალადობითვე პასუხობს და ამგვარად იქცევა შურისძიების მახვილად. საკითხავია, ვის ხელში? _ აშკარად ეშმაკისა, მაგრამ როგორც გოეთეს `ფაუსტში~ ამბობს მეფისტოფელი: `ვარ იმ ძალის ნაწილი ერთი, დღემუდამ ბოროტს რომ იზრახავს და სჩადის კეთილს~.
სწორედ ამიტომაც მოგვწონს მიხაილ ბულგაკოვის ვოლანდი (განსხეულებული ეშმაკი), რომელიც საზოგადოების მიერ უარყოფილ მწერალს ახალ ცხოვრებას სთავაზობს. სწორედ ის ამბობს რომანში (`ოსტატი და მარგარიტა~) ფრაზას, რომ ხელნაწერები არ იწვიან, სწორედ ის ასწავლის ჭკუას მოღალატე, მხოლოდ ანგარებით შეპყრობილ ადამიანისსახედაკარგულ არსებებს.

No comments:

Post a Comment