მაია ჯალიაშვილი
ამგვარ „გამომძიებლად“ გვევლინება თანამედროვე
მწერალი ლაშა იმედაშვილი, გამორჩეული
ხელწერისა და მხატვრული აზროვნების
ავტორი, რომლის შემოქმედებაც მკითხველის
ყურადღებას იქცევს ამბავთა მრავალფეროვნებითა და თხრობის ოსტატობით. მისი რომანის, `პატრიარქის
შემოდგომის~, მთავარი
ამბავიც ესაა _ გამოძიება და დადგენა, ვინ, რატომ, რისთვის,
რა მოტივით
ჩაიდინა მკვლელობა. მწერალი
ამ რომანში
ქმნის ახალ მხატვრულ განზომილებას,
რომელშიც `პეპლის ეფექტით~, პრინციპით,
რა შეიძლება
მომხდარიყო, დრო რომ უკან გადაგვეხვია, არკვევს
მოვლენათა თანამიმდევრობის ლოგიკას. მას ამ საქმის დიდი გამოცდილება აქვს, ამაზე მეტყველებს
მის მიერ `გამოძიებული~ იმგვარი
ცნობილი, რეზონანსული
საქმეები, როგორებიცაა:
მაცხოვრის ჯვარცმა,
ილია ჭავჭავაძის,
ვანო მაჩაბლის
და სხვა მსგავსი გაუგონარი მკვლელობების
ლიტერატურული გამოძიება.
ამგვარ შეჭრას რეალურ ისტორიაში მწერალი
პოსტმოდერნისტული სტრატეგიებით
ახორციელებს, მისი ამოცანაა დროის პალიმფსესტის იმ შრემდე მიღწევა,
რომელსაც მკვლელობაში
მონაწილე პიროვნებათა
კვალი აშკარად
ატყვია. ცნობილ დეტექტიურ რომანთაგან
განსხვავებით, როცა უკვე ჩადენილ
დანაშაულს იკვლევს
რომელიმე გონებამახვილი ადამიანი, ამ ნაწარმოებში
თვითონ მოვლენები
და ამბები იხატება, რომლებიც
მკითხველს მკვლელობის
თანადამსწრედ და მაყურებლად აქცევენ.
მწერალი
შესანიშნავად ხატავს ეპოქას. ახალი, როგორც რობაქიძე
იტყოდა, `დემონოკრატიული~ (და არა დემოკრატიული)
ბოლშევიკური, ტოტალიტარული იდეოლოგიის
დამკვიდრებას საქართველოში.
მართალია, ჯერ
1918 წელია, მაგრამ უკვე მზადდება
1921 წელი, როცა წითელი არმია შემოიჭრა ქვეყანაში
და ქვეყანას
სამწლიანი თავისუფლება
ხანმოკლე სიზმრად
უქცია. მარქსისტულ-ლენინური ანტირელიგიური პროპაგანდა ამქვეყნიური სამოთხის
ყალბი დაპირებით
მრევლს იმრავლებდა.
დგებოდა კომუნისტური
ცრურწმენების ეპოქა, რომელსაც ადამიანური
ყოფა აბსურდამდე
მიჰყავდა. ღვთისუარყოფა
დასავლურ სამყაროში
თავისით იკაფავდა
გზას, იქ მეცნიერულ-ტექნიკური
პროგრესი და ახალი ფილოსოფიური
მიმდინარეობანი ედო საფუძვლად. ნიცშეს ზარატუსტრას ნაქადაგევი
ღვთის სიკვდილის
ამბავი მთელ მსოფლიოს მოსდებოდა
და ადამიანური
გონებისთვის ახალი დამაბნეველი გამოცანა
მიეცა.
რომანის
სათაური, რა თქმა უნდა, ასოციაციურ გადაძახილს
იწვევს გაბრიელ
გარსია მარკესის
`პატრიარქის შემოდგომასთან~, თუმცა ეს გადაძახილი
მხოლოდ სათაურების
სიბრტყეზე რჩება და არანაირი სხვაგვარი
განზომილება და სიღრმე არ გააჩნია. მარკესი ძალაუფლების
ფსიქოლოგიურ ასპექტებს
წარმოაჩენს მარადიული
პრეზიდენტის, იგივე პატრიარქის სახით, რომელიც ყოველმხრივ
ებღაუჭება დესპოტიზმის
საჭეს, რათა გახდეს არა მხოლოდ საკუთარი
ხალხის, არამედ კოსმიური ძალების
მბრძანებელი. მისთვის
სამშობლო `მხოლოდ კარგი გამოგონებაა~,
რათა ხალხი ვაიპატრიოტიზმის ყალბი სულიკვეთებით დააბრმავოს,
დაიმონოს და მართოს. ის თავის შემოსაზღვრულ
ტერიტორიაზე ცდილობს
ბუნების ყოველი სასიცოცხლო ენერგია,
ცრურწმენები, ტრადიციად
შეჩეჩებული დამახინჯებული დღესასწაულები (ისეთივე შენიღბული,
როგორც დედამისისის
ფერადებით შეღებილი
ჩიტები, რათა ბაზარში მყიდველი
ჭრელაჭრულა ბუმბულს
მიეზიდა და გაესაღებინა) და უახლესი ტექნოლოგიები
საკუთარი უკვდავებისთვის გამოიყენოს, თუმცა ერთადერთი,
რასაც საბოლოოდ
მაინც ვერ იმორჩილებს, დროა, რომელიც მასაც ისევე აქცევს მტვრად და ნაცრად, როგორც ადამიანური მოდგმის
ყველა სხვა ნაშიერს. ის გამოგონილი, კრებითი
სახეა სულიერად
დამახინჯებული, მარტოსული
და განწირული
ყველა დიქტატორისა.
მისი შემოდგომა
ლპობისა და სიკვდილის მაუწყებელია.
ლაშა იმედაშვილის პატრიარქი
კი ისტორიული
პიროვნება, ერის ნამდვილი სულიერი
წინამძღოლია. მისი ზაფხული კი ივლისში მის მკვლელობას გულისხმობს.
საგულისხმოა ისიც, რომ სათაურით
გამოწვეული მკითხველის მოლოდინი
არ მართლდება
იმ მხრივ, რომ პატრიარქი
ამ რომანის
მთავარი გმირი არ არის. თუმცა ყველა გზა მისკენ მიიმართება. ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ რომანი მკითხველს აუცილებლად უბიძგებს
გაეცნოს ამ შესანიშნავი პატრიარქის
ნაწერებს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ისტორიულ
დოკუმენტებს.
არსებობს
ფსიქოლოგიური კანონი,
რომლის მიხედვითაც,
დიდსა და აბსურდულ ტყუილებს
ადამიანების თვალში მეტი დამაჯერებლობა ენიჭება. ამგვარ ტყუილად
იქცა ქრისტიანული
სამართლიანობის ელფერით
შენიღბული მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია,
რომელიც ადამიანური
თანასწორობის, სამართლიანობის იდეით ბანგავდა და აბრუებდა ნეოფიტებს,
რომელთაც კომუნიზმის
იდეალებს რელიგიურის
სანაცვლოდ სთავაზობდა.
ეს მით უფრო ითქმის ისტორიის იმ გზაჯვარედინებისთვის, რომლებიც
განაპირობებდნენ არა მხოლოდ კერძო ადამიანების, არამედ ქვეყნების არჩევანს.
რაც მეტია არჩევანი, მით მეტია დაბნეულობაც.
სწორედ ამგვარი
პოლიტიკურ-სოციალური
თუ კულტურული
წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა
მეოცე საუკუნის
პირველი მეოთხედი,
კლასიკოსებთან (ილიას, ვაჟა, აკაკი) გამომშვიდობებისა და ახალი ესთეტიკის
დამკვიდრების ქარტეხილებით
(სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი და იზმების
არნახული სპექტრი_
(თავისუფალი არჩევნის
უფლებით) ხანა.
ლიტერატურასა
და ისტორიაში
ცნობილია ისეთი დანაშაულობები, როდესაც
მკვლელობის შთამაგონებელნი დაუსჯელნი რჩებიან. მამისმკვლელობასაც მითოლოგიური ძირები აქვს. ერი თუ კერძო კაცი კლავს მამას, რათა მისი ადგილი დაიკავოს. ილია მოკლეს და საქართველოს `ასაოხრებლად
მარქსიზმს გზა გაუხსნეს~ (სპირიდონ
კედია). კირიონიც
ერის მამა იყო, მისი მკვლელობით ერს თითქოს სულიერი
განვითარების გზა გადაუკეტეს. ეს მკვლელობა რეალურად
წინ უძღოდა საქართველოს მკვლელობასაც,
ამგვარი მეტაფორით
შეიძლება გავიაზროთ
1921 წელს საქართველოს
ძალადობრივი ანექსია.
შეიძლება ითქვას,
რომ ასრულდა
ვაჟა-ფშაველას
წინასწარმეტყევლება, ილიას მკვლელობის გამო ნათქვამი: `ილიას მკვლელებს, რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ~. ვაჟა ვერ მოესწრო თავისი წინასწარმეტყველების ასრულებას,
ილიას მკვლელებმა
კი საქართველო
მოკლეს და 70 წლის მკვდარი,
მეოცე საუკუნის
90-იან წლებში,
სამყაროს სამართლინობის უნივერსალური კანონის ძალით, კვლავ აღორძინდა
ლაზარესავით.
ადამიანებს
ხშირად ჰგონიათ,
რომ დიდ ადამიანთა მკვლელობას
რაიმე დიადი მიზანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისტორიის არაერთი
მაგალითი ამტკიცებს,
რომ ეს ასე არ არის. რომანში
პატრიარქის მკვლელობის
მოტივაციის გამჟღავნება
ფარდას ხდის ახალი ძალის, სოციალ-დემოკრატების
სულიერ სიღატაკესა
და გონებრივ
უმწიფარობას. თავის დროზე ნოე ჟორდანიამ ილიას მკვლელობა ამგვარი
ანდაზით გაამართლა:
`ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები
ცვივაო~. მან ილიას სიცოცხლეს
ნაფოტის ღირებულება
მიანიჭა და ამგვარად გასცა თავისი ნამდვილი
სახე. დიმიტრი
ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის საზიზღარ
გაუგონარ მკვლელობებს
კირიონისაც დაემატა,
როგორც დასტური
ამქვეყანაზე ბნელი, სატანური ძალის დამადასტურებელი უძლეველობისა.
რომანის
კითხვისას მკითხველს
კაფკასეული აბსურდის
განცდა გაუჩნდება,
თითქოს ავტორი მას ადამიანის
დაბინდული ცნობიერების
ლაბირინთებში ამოგზაურებს,
სადაც სინათლის
რაიმე ნასახი,
აზროვნების სახით, არსად არ ჩანს, არც ლაბირინთის ბოლოს. თხრობა ირონიულ-პაროდიულია, პოსტმოდერნისტული ხრიკების თანხლებით, რაც ფარულსა
და ზედაპირულ
ირონიას, ძველი ტექსტების გადათამაშებას და ამ გზით მიღწეულ
არტისტულობას გულისხმობს.
ლაშა იმედაშვილის
მხატვრული ენა მდიდარი და გამომსახველია. ის დასამახსოვრებელ ტიპაჟებს
ქმნის და, რაც უნდა აბსურდული იყოს მის მიერ დახატული ამბავი,
მკითხველზე ზემოქმედების
ძალას ბზარები
არ უჩნდება.
მას კარგად ეხერხება უმცირესი
დეტალების ხატვა, იმგვარებისა, რომლებიც
ადამიანის ხასიათის
ამა თუ იმ თვისებას
სიღრმისეულად გამოკვეთენ.
ხანდახან ერთი გონებამახვილური ფრაზითაც
ისე შთამბეჭდავად
გამოკვეთს პერსონაჟის
ბუნებას, სხვას მთელი გვერდები
რომ დასჭირდებოდა
აღსაწერად და ამგვარი ეფექტისთვის
მაინც ვერ მიეღწია.
რომანის
პირველსავე ფრაზას შევყავართ უცნაური
ლოგიკისა და აზროვნების ატმოსფეროში:
`თუკი ცენზურა
არ არსებობს,
გამოდის, რომ ყველა სიტყვა უცენზურო ყოფილა,
საკუთარ თავს გამოუტყდა პირველი
უბნის პროკურორის
თანაშემწე, ლეო კიკაბიძე, და მატარებლის ფანჯრიდან
თბილისის შემოგარენის
იმ მოსაწყენ
სერებს გახედა,
რომელიც მაშინაც
არაერთგზის ჰქონდა ნანახი, როდესაც
რუსული ცენზურა
დაუნდობლად მძვინვარებდა~.
ეს საუკეთესო
ხერხია იმისთვის,
რომ ავტორმა
მკითხველი თავიდანვე
აიყოლიოს და ბოლომდე არ მოუდუნოს ცნობისმოყვარეობა, რათა ტექსტი სულმოუთქმელად ჩააკითხოს, კომიკურისა და ტრაგიკულის მიჯნაზე,
ბეწვის ხიდზე ატაროს, ჯერ ფიქრის ორმოებში
ჩააგდოს და იქიდან მზერაგახსნილი ამოიყვანოს იმისთვის, რომ ყოფითსა და უმნიშვნელო დეტალებს
მიღმა სამყაროს
ზოგადი და უნივერსალური კანონზომიერებები დაინახოს, `გონება~ ავარჯიშოს,
`სულს საზრდო~
მისცეს, `ზრის `აღებ-მიცემობით~
(ილია) გამდიდრდეს.
მართალია,
რუსული ცენზურა
აღარ არსებობს,
რევოლუციების ქარიშხალმა
რუსეთის იმპერია
შეარყია და მის ერთ პროვინციულ გუბერნიასაც,
საქართველოს სახით, ამოსუნთქვის საშუალება
მისცა, მაგრამ უმეცრების ცენზურას
ხომ დროისა და სივრცის
საზღვრები არა აქვს. სწორედ ამგვარი ცენზურის
ტყვეობაში აღმოჩნდა
ეს ჩვენი პატიოსანი გამომძიებელი
ლეო კიკაბიძე,
რომელსაც იმდენი გამჭრიახობა კი ჰქონდა, ერთი პატარა საქმე როგორღაც გამოეძიებინა.
სწორედ ამ საქმემ დაახლოვა
ის მწერალ არსენ საგანელიძის
ოჯახთან (მწერლის
კონდიტერი ვაჟი იხსნა ყალბი ბრალდებისა და შესაბამისი სასჯელისგან).
არსენ საგანელიძე
კი მალე მის სულიერ მამად იქცა, მან მონათლა
თავისი მჭევრმეტყველების ემბაზში და პატრიარქის
მკვლელობა შთააგონა.
მაგრამ ეს თანდათან მოხდა. ამ თანდათანობაში კი მწერალმა არაჩვეულებრივად დახატა მაშინდელი საქართველოს
პოლიტიკურ-კულტურული
ყოფა. არსენ საგანელიძისა და ლეო კიკაბიძის
დამეგობრების ამბავს,
როგორც თხრობის
მთავარ მაგისტრალსა
თუ საყრდენს,
უერთდებიან წვრილ-წვრილი ამბების
ნაკადულები, რომლებსაც
მოაქვთ ცოცხალ პერსონაჟებთან შეხვედრის
ელდა და ის გატაცება,
რომელიც მკითხველის
წარმოსახვის გაშლას და მოუთხრობელი
ამბების თავისი ფანტაზიით შევსება
მოსდევს. მწერალი
თითქოს მკითხველს
გასაღებების აცმულას
აძლევს და პერსონაჟთა დაკეტილი
გულებისკენ გზას უკვალავს. მხოლოდ ამგვარი მონაწილეობით,
იმის განცდით,
რომ შენ თვითონ, დამოუკიდებლად აღებ გამოუცნობის კარს, მიიღწევა მხატვრულ
ტექსტთან დიალოგის,
რეალური ურთიერთობის
განცდა.
რომანში
კარგად იხატება
როგორც არსენ საგანელიძის, მკვლელობის
იდეოლოგის, სახე, ასევე ლეო კიკაბიძის, ერთი პროვინციელი გულუბრყვილო,
გაუნათლებელი ადამიანისა,
რომლის დაუმუშავებელი გონება ნაყოფიერი ნიადაგი
აღმოჩნდა საგანელიძის
შხამიანი მარცვლების
აღმოსაცენებლად და გასახარებლად. აბსურდულ-კომიკურია ვაიმწერლის,
უნიჭო, მაგრამ მიზანდასახული, საკუთარ
თავში დარწმუნებული
არსენისა და უმარტივეს ჭეშმარიტებებში გაუთვიცნობიერებელი ლეოს დიალოგი
სუფრასთან, ერთგვარ
საიდუმლო სერობასთან,
რომელმაც მთავარი
საიდუმლოს ბეჭდები
დაანახვა მომავალ
ადამიან-იარაღს.
საგანელიძე მიხვდა,
რომ იოლად შეძლებდა ლეოს ზომბირებასა და მართვას. მართალია,
დიდი ჭკუით არც თვითონ გამოირჩეოდა, მაგრამ იმდენი კი შეეძლო, რომ სხვისთვის საკუთარი
ბნელი აზრები მოეხვია და ყალბი რელიგიური
წარმოდგენების ქსელში გაეხვია.
საგანელიძე,
ქამელეონივით მოძრავი
და ცვალებადი,
კლასიკური მედროვის
სახეა, ყველა მთავრობას რომ ერგება და მშვიდად განაგრძობს
ცხოვრებას. მის მიერ სხვადასხვა
ფსევდონიმის არჩევაც
მოწმობდა, რომ ფიქრი იმისკენ
ჰქონდა მიმართული,
როგორმე მოეტყუებინა
რედაქტორები, რათა მისი გონების
უბადრუკობას, სიტყვიერ ქსოვილში
შეფუთულს, ლექსს, მოთხრობასა თუ პიესას, როგორმეDდღის სინათლე
ღირსებოდა, მაგრამ ცერბერი რედაქტორები
მაინც ცნობდნენ,
ამხელდნენ, დასცინოდნენ
და ამგვარ შეფასებებსაც არ იშურებდნენ: `ორპირელს:
`დედინაცვალი ერთ დღეს გამიწყრა,
თავში მირტყამდა~...
ამის შემდეგ ხომ არ დაგჩემდათ წერა?~
`აქილესს: უცნაურს
ბრძანებთ: `გონიერი
ზღვის ტალღებში
მძიმე საგანივით
იძირება და უმეცარი მჩატესავით
ტივტივებსო, აბა სცადეთ!~ გულნატკენ
საგანელიძეს სჯეროდა თავის მიერვე გამოთქმული
ამგვარი სიბრძნისა:
`თანაგრძნობა მუქთი გახლავთ, შურს კი დამსახურება
უნდა~, ამიტომ ბევრს ეცადა თუ ცოტას, რაღაცების დაბეჭდვა
მაინც მოახერხა,
მაგრამ, ცხოვრების
მართლმსაჯულებას მაინც ვერსად დაემალა
და `კრიტიკოსმა
მოკლა~, რომელმაც
ერთო კერძო საუბარში `ერთი-ორი თბილი სიტყვით მოიხსენია
და პირდაპირ
ასე თქვა: ეს ჩვენი არსენი დიდი შემოქმედებითი იმპოტენციალის მქონე მწერალიაო~, `ბატონმა
არსენმა ამ ამბიდან ორიოდე კვირაში წერა შეწყვიტა~. მას თავში ვაშლი ან რაიმე მსგავსი რამ არ დასცემია,
მაგრამ სათავისო ჭეშმარიტება
მაინც აღმოაჩინა,
რევოლუციურად განწყობილ
მწერალთა რელსებზე
გადავიდა.
მწერალს
რომანში გამოგონილ
პერსონაჟებთან ერთად, რეალურნიც შემოჰყავს.
მათი სახელების
ხსენებით აღწერილ
ამბავთა და მოვლენათა დამაჯერებლობის ილუზიას უქმნის მკითხველს.
ლეო კიკაბიძის,
პროვინციიდან თბილისში
ჩამოსული, სახელისა
და საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად მაძიებელი
ადამიანის დასახასიათებლად მწერალი შესანიშნავ ეპიზოდებს
ხატავს. მაგალითად,
კომიკურ-აბსურდულია
სიტუაცია, როდესაც
სასტუმრო `ენგლეტერის~
ევროპულად გამართულ
საპირფარეშოში განმარტოებული ლეო, იქაური სიწყნარით,
სისუფთავითა და სუნამოს სუნით გაბრუებული, ოცნების
ხასიათზე დაყენებული,
სასტუმროში შეკრებილ
რევულუციონერ, პროლეტარ
მწერალთა ხმამაღალ
სჯა-ბაასსა და დისკუსიებს
აყურადებს. ისინი მსჯელობდნენ ქართველ
მწერალთა წარმატებებსა
თუ ბევრ სხვა იდუმალ საქმეებზე, ამიტომ ლეოს მწერალთა
ახლო გაცნობის,
მათს სამყაროში
უფრო ახლოს შეხედვის წყურვილი
ჰკლავდა. ადამიანებზე, ასე თუ ისე, დაგეშილმა საგანელიძემ
კი მაშინვე
იყნოსა ლეოს სიბრიყვე და გამოცდილი მეძებარივით
მიჰყვა სავარაუდო
მსხვერპლის კვალს.
მთავარი
აბსურდი კი მკვლელობის მოტივია
_ ერთი შეხედვით,
დაუჯერებელი და გამაოგნებელი, მაგრამ მხატვრულად დამაჯერებელი
და ეპიქის სულისკვეთების, რაობისა
და არსის საუკეთესოდ გამომხატველი.
ყველაფერი კი იქიდან შემზადდა,
რომ საგანელიძემ
ლეოს სუფრაზე
დაუჯერებელი საიდუმლო
გაუმხილა, თურმე საქართველოს
ეკლესია, მისი მღვდელ-მსახურნი,
დიდნი და მცირენი, ხალხს არ უმხელენ
სიმართლეს, რომ ადგილი აღარც სამოთხეში და აღარც ჯოჯოხეთში
აღარ არის. გაკვირვებისგან პირდაღებულ
ლეოს საგანელიძე
ამ და მსგავს სისულელეს
უხვად სჩრის სულსა, გულსა და გონებაში.
ისიც ღრუბელივით ყველა სიტყვას შეიწოვს
და გამხმარი
ყამირივით იჟღინთება
მისი არსება ანტირელიგიური სულისკვეთებით. მაინც რა არგუმენტები
აქვს საგანელიძეს?
მისი აზრით, მართალია, მთავრობა
გამოიცვალა, ქვეყანამ
დამოუკიდებლობა მოიპოვა
და ეკლესიამ
_ ავტოკეფალია, უბრალო ხალხისთვის მაინც არავინ არის _ მას ტყუილში
აცხოვრებენ და მთავარი დამნაშავე
ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელია (ამ დროს პატრიარქი
კირიონ მეორეა,
რომელიც აღსაყდრდა 1917 წლის 17
სექტემბერს). კირიონ მეორე დიდი ქველმოქმედი და ეროვნული მოღვაწე
იყო, ამიტომაც
ეკლესიის შიგნით თუ გარეთ მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საგანელიძე ასე აბრუებს ლეოს: `სული რომ სამოთხეს მიაკითხავს
და ადგილს ვეღარ იპოვის,
რაღა უნდა ქნას?! ჯოჯოხეთს
მიუკაკუნებს, მაგრამ ადგილი აღარც იქ დაუხვდება.
ისღა დარჩება,
უკან დაბრუნდეს
და ადგილის
ძებნა ბუნებაში
დაიწყოს. ბინად ყველაფერი გამოდგება:
ხე, ცხოველი,
წყალი, სხვა რამ ნივთი. ჩვენი ეკლესია
კი ამას უარობს, ჰგონია,
რომ საიდუმლოს
გულმოდგინედ ინახავს,
დაბრმავებულ ხალხს გონებას ურევს და მონობაში
ამყოფებს~. ლეოსთვის
საგანელიძის ეს ლოგიკა რკინისაა,
და შესაბამისად,
დაურღვეველი. საგანელიძის მიზანი არა მხოლოდ ლეოს, არამედ მისთანების, ესე იგი, ხალხის ეკლესიის წინააღმდეგ
ამხედრებაა. ლეოს კითხვაზე: `რომ არ გამოგყვნენ,
_ რომელსაც, ამ შემთხვევაში, საკუთარი
ბედ-იღბალი მეტად აღელვებდა,
ვიდრე ხალხისა~,
საგანელიძემ ქედმოუხრელად
უპასუხა: `სხვა რა გზა ექნებათ, ყველა გაითელება, ვინც ახალ ცხოვრებას
წინ გადაუდგება!~
ამის შემდეგ ძალიან ცოტა დრო გავა და მოირღვევა ეკლესიათა
საუკუნეებს გადარჩენილი
გუმბათები, ჩამოიხსნება
ჯვრები, გაითელება
ხატები და საკურთხევლების ადგილას
აბანოები, სპორტდარბაზები, პირუტყვთა თავშესაფრები მოეწყობა
ხალხის ბედნიერების
სახელით. ახლა კი ჯერ ისევ ლეოსა და საგანელიძის
საუბარს ვუსმენთ,
ლეო რა, მხოლოდ მსმენელია,
საგანელიძეა დავარდნილი
ქადაგად. მან არაერთი მაგალითი
მოუყვანა ლეოს იმის თვალსაჩინოდ
წარმოსადგენად, თუ როგორ იტანჯებიან
სამოთხე-ჯოჯოხეთს
გარეთ დარჩენილი
სულები, როგორ დაბორიალობენ, დახეტიალობენ
და ხან ვის, თუ ან რას შეესახლებიან. ხოლო `ვოლოდარსკის
წიგნი~, რომელშიც
ეს ამბებია
მოთხრობილი, ეკლესიამ
აკრძალა და დაარბია და თუ სადმე მის წამკითხველსაც მიაგნო, თავ-ბედს აწყევლინებს. და ამ გაურკვეველ
ვითარებაში, რომელიც
ქვეყანაშია შექმნილი,
საგანელიძემ ლეოს, როგორც `რელიგიის
პროკურორის~, დანიშნულება
და მისია გამოკვეთა. ვითარებას
მეტი აბსურდის
ელფერი ედება, როდესაც საგანელიძე
ლეოს ამ საქმეში ჩახედულ,
`ექსპერტ~, ლოთ, წითელი დროშის პირველ ამფრიალებელს,
ლეონტი არსენიძეს
გააცნობს, რომელიც
კიდევ უფრო ღრმად ჩაახედებს
მას სამოთხისა
და ჯოჯოხეთის
`გადავსებულობის~ საქმეში.
თუ საგანელიძე
რელიგიურ-მისტიკური
მაგალითების მოხმობას
დასჯერდა, ამან ლეოს თავბრუ დაახვია ისტორიისა
და მეცნიერების
`უეჭველი საბუთებით~.
რომანის
სამოქმედო ასპარეზზე
კიდევ ერთი პერსონაჟი ჩნდება,
ტერორისტ-ექსპოპრიატორი, ამჟამად კი სულით ავადმყოფთა თავშესაფრის
ზედამხედველი, იროდიონ
ვაჩიბერიძე, მეტსახელად
ახო, რომელთან
საუბარში მკვლელობის
მთავარი გეგმა და მიმართულება
გამოიკვეთება. საგანელიძეს სჯეროდა,
რომ ლეო ისე უნდა დაემუშავებინათ, რომ მას მკვლელობა
დავალებით კი არა, თავისი ღრმა რწმენით
ჩაედინა. პარალელურად,
თხრობაში შემოიჭრება
ისტორიულ-დოკუმენტური
კადრები საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკისა.
შთამბეჭდავია სოციალ-დემოკრატ კარლო ჩხეიძის საჯარო ლექცია
(მან `მარქსისა
თუ მარქსიზმის
სიყვარულის გამო ნათლობის სახელი ალესანდრე მიივიწყა
და ტყვიასავით
მოკლე `კარლო~ დაირქვა~).
რომანში
ყელაფერი ისეა, როგორც კარგ დეტექტივში. მალე ლეოს მკვდარს
იპოვიან. საგანელიძე
და მისი მეგობრები ისე მოაწყობენ საქმეს,
რომ ეს მკვლელობა სიყვარულის
ნიადაგზე თვითმკვლელობად გაასაღონ. თუმცა რომანის
ბოლოს მკითხველს
კიდევ ერთი შეცბუნება ელის, როდესაც ლეო, მკვდრეთით აღმდგარი,
ანაფორაში გამოწყობილი,
მარტყოფის მონასტერში
ბერ იობის სახით გამოეცხადება.
გამომძიებელთან საუბრში
ის ამაყად განაცხადებს, რომ ქვეყანას წურბელა
მოაშორა (რა თქმა უნდა, ყველას გაახსენდება
ბერბიჭაშვილის ამგვარივე
სიამაყე ილიას მკვლელობისათვის). იმასაც გაამხელს, რომ მოკლული ნამდვილი
მამა იობი იყო, მისდა საბედისწეროდ, გარეგნობით
ლეოს მსგავსი
(მზაკვრობის არსიც ეს იყო, თავიდანვე, პატრიარქთან
დაახლოებული, ბერ იობის მსგავსი
კაცი მოძებნეს
და ეს ლეო აღმოჩნდა),
მისნაირად შენიღბული,
რათა კვალი თუ თავგზა აერიათ ყველასთვის. ლეომ კი, რევოლუციური იდეით და ხალხისა
და კაცობრიობის
გაბედნიერების წყურვილით
გულანთებულმა, ბერ იობის სამოსით,
`გულგრილად~ გამოასალმა
სიცოცხლეს მწყემსი
სრულიად ქართველთა
დაბნეულთა ცხვართა.
გამომძიებელსა და ლეოს შორის ასეთი დიალოგი
გაიმართა: `ის მაინც თუ გახსოვთ, როგორ მოკალით პატრიარქი?
იობი: ოთახში შევიპარე, მძინარეს
დავადექი თავს. ზურგზე იწვა, ერთხანს ვაკვირდებოდი,
დრო მინდოდა
შემერჩია, მერე პირზე ხელი დავაფარე, მარჯვენა
გვერდზე ჩავაბრუნე,
სროლის ხმა რომ ნაკლები
ყოფილიყო და მიჯრით ვესროლე~.
`მიქელაძე: საგანელიძე
დაგპირდათ რამეს? იობი: გვარიან
გასამრჯელოს და მთავარი პროკურორის
ადგილს ნამდვილად
განახლებულ საქართველოში.
მიქელაძე: თუ ეგრე ნანობდით,
მაშინვე რატომ არ განაცხადეთ?
იობი: ვინ თქვა, რომ ვნანობ? მწარედ მომატყუეს და ის მაწუხებს.
მიმაგდეს, ხელი არ გამიმართეს,
აღარც გასამრჯელო
მაღირსეს. თანაც, მე რომ სამოთხე-ჯოჯოხეთის
ადგილები შევსებული
მეგონა, ეგ ადგილები საერთოდ
არ ყოფილა და არც ღმერთი არსებულა
ამქვეყნად~. იობ-კიკაბიძე სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს
და საგიჟეთში
მოათავსეს. მართალია,
მან საგანელიძე
და ამ საქმის სხვა მონაწილენი დაასახელა,
მაგრამ ვერავის
ვერაფერი დაუმტკიცეს.
ბედისა თუ მართლმსაჯულების უკუღმართობით კი, საგანელიძის
რეპუტაცია არ შელახულა. როგორი პატივისცემითაც სარგებლობდა
სიცოცხლეში, ასევე პატივით დაკრძალეს
დიდუბეში. ირონიით
წერს მწერალი:
`ბოლშევიკებმა ლეოს სამსახური არ დაუფასეს, საგიჟეთიდან
არ დაიხსნეს,
თუმცა კი იოლად შეეძლოთ.
ალბათ, იმიტომ,
რომ საკუთარი
გიჟებიც ბლომად ჰყავდათ და მეტის დამატება
აღარ უნდოდათ~.
ლეო საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. ავტორი მის აღსასრულს ასეთი მახვილგონივრული შეფასებით
აღწერს: `იცხოვრა
ისე, თითქოს არც არასდროს
მოკვდებოდა, მოკვდა ისე, თითქოს არც არასდროს
ეცხოვრა~.
`გეშინოდეთ ცხვრის ტყავში გახეული
მგლებისა~. ამ სახარებისეულ შეგონებას,
მარადის აქტუალურს,
მიუხედავად მარტივი
და იოლად შესამეცნებელი სიბრძნისა,
გასაოცარია, მაგრამ ადამიანური
გონების ყრუ კედლები მაინც ვერ გაუბზარავს
და ტვინის სააზროვნო სვრცეში
ვერ შეუღწევია.
ამიტომაცაა, რომ ასე თავისუფლად
დათარეშობენ ადამიანი-მგლები და საკაცობრიო სიკეთის
სახელით უამრავ ბოროტებას ჩადიან.
მწერალი,
მართალია, მორალისტი არ არის, მაგრამ მის სიტყვას
მაინც ნებისმიერი
მაღალი ამბიონიდან მქადაგებლის
სიტყვაზე მეტი ძალა აქვს. და ერთადერთი,
რასაც ვერანაირი
მზაკვრული გეგმა ვერ კლავს, ეს მხატვრულ
სიტყვაში განხორციელებული სიმართლეა.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=27052
No comments:
Post a Comment