მაია ჯალიაშვილი
„ბატონი შაბლონი დღეს მალაყს გადადის ჩვენს ლიტერატურაში. იგი მრავალსახიანია, მრავალფეხიანი და კოშმარივით აწევს ქართულ სინამდვილეს“, _წერდა ტიციან ტაბიძე. მათ შორის, ვინც გაბედა გალაშქრება შაბლონებისა და სტერეოტიპების
წინააღმდეგ, იყო ნიკოლო მიწიშვილი. მის პოეზიაში წარმოჩნდება სიმბოლისტური ესთეტიკა, რომელიც
გულისხმობს პოეტური სიტყვის უმაღლეს ღირებულებად გამოცხადებას, მიღმა, ირაციონალური,
მისტიკური სამყაროს ჭვრეტას, ახალი სიმბოლოების შექმნას, ნიღბების, ალუზიების, ინტერტექსტუალობის
გამოყენებას, რითმისა და რიტმის სფეროში თამამ ექსპერიმენტებს, მოდერნული ეპოქისთვის
დამახასიათებელ თემებს, ერთგვარ არისტოკრატიზმს, დენდიზმს, საზოგადოებისაგან გაუცხოებას.
იგი ცისფერყანწელებთან ერთად ხელს უწყობდა სალექსო ტექნიკის განვითარებას და ქმნიდა
ტრადიციულისგან განსხვავებულ პოეტურ სამყაროს. ნიკოლო მიწიშვილი პოეზიას უწოდებდა ხმიადს,
სულიერ პურს, რომელიც სახარებისეული სიტყვასავით სჭირდებოდა ადამიანს გადასარჩენად.
მის პოეზიაში შემოჭრილია ნაკადები, რომლებიც შთაგონებულია
ცისფერყანწელთა თაყვანსაცემი ფრანგი პოეტების:
ბოდლერის, ვერლენის, მალარმეს, რემბოს შემოქმედებით. ნიკოლო მიწიშვილი აქტიურ მონაწილეობას
იღებდა ქართველ სიმბოლისტთა მიერ გამოცხადებულ ამბიციურ გეგმაში, რომელიც რუსთველური
პოეტიკის რენესანსს, ქართული სიტყვისთვის ესთეტიკური ღირებულების აღდგენას, მისთვის
ახალი გზების გაკვალვას, ქართული პოეზიის „ევროპული რადიუსით გამართვას“ და მომავალ
დიდ ქართველ ხელოვანში რუსთველისა და მალარმეს „შეერთებას“ გულისხმობდა, როგორც ამას
მეტაფორულად გამოთქვამდა ცისფერყანწელთა მანიფესტების შემოქმედი ტიციან ტაბიძე.
მისი პოეტური შემოქმედება ნიკოლო მიწიშვილს წარმოაჩენს,
როგორც ორიგინალური პოეტური აზროვნების შემოქმედს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული
კაცობრიობის კულტურული მონაპოვარი, ღრმად აქვს გააზრებული საქართველოს ისტორია, ტრადიცისაა
და ნოვაციის თავისებურებანი, ესმის თანამედროვე სამყაროში ეგზისტენციალური კრიზისით
შეპყრობილი ადამიანის ტკივილი და ცდილობს ისე გამოთქვას სიტყვიერად ეს ყოველივე, რომ
მკითხველს გაუჩინოს ფიქრისა და ძიების წყურვილი. ნიკოლო მიწიშვილის ლექსებსა და პოემაში (განსაკუთრებით
აღსანიშნავია „შავი ვარსკვლავი“), რომლებიც მან საქართველოსა თუ უცხოეთში იძულებით
ემიგრირებულმა დაწერა, კარგად წარმოჩნდება, ერთი მხრივ, მოდერნისტული ლიტერატურისთვის
დამახასიათებელი ტენდენციები, მეორე მხრივ კი, ეროვნული სატკივარი, საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობით გამოწვეული ტანჯვა და გათავისუფლებაზე ოცნება.
ნიკოლო მიწიშვილი უდიდეს ყურადღებას აქცევდა პოეტის
სახელის გაზღაპრებას. როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა, ცისფერყანწელები ქმნიდნენ
ახალ პოეტურ მითოლოგიას, რომელსაც ამდიდრებდნენ საკუთარი თუ ერთმანეთის სახელების ლეგენდებად ქცევით. ისინი ინდივიდუალიზმის გამოსაკვეთად
არ იშურებდნენ ფერებს საკუთარი თუ მეგობრების პორტრეტების გამოსაკვეთად. 1919 წელს დაწერილ „ავტოპორტრეტში“
კარგად წარმოჩნდება სიმბოლისტური ხელწერა:
„ეშმაკის ნაკოცნი _ გრეხილი ტუჩები,
ქალა გაცვეთილი, ობით დაყლარტული,
თვალი გახელილი, ცვრით განაფუჭები,
წვერის ღეროებში მატლი გახლართული“.
პოეტი იმგვარად წარმოაჩენს თავისი გარეგნობის დეტალებს,
რომ მკითხველმა მისი შინაგანი სამყაროს ტანჯვა ზედაპირზე გადმოღვრილი იხილოს. ცხვირი
_ არწივის ნისკარტი, შუბლი _ მარმარილო, ყვითელი ლოყები _ ტალახი, ყბები და კბილები_
დარღვეული და დაშლილი, გადახსნილი კეფის ხრტილები
მკითხველს ერთდროულად უჩენს შიშისა და კოშმარის შეგრძნებას, განიცდის ყოფის წარმავლობასა
და ადამიანის უსუსურობას, ყოველივეს ხრწნასა და გაცამტვერებას. პოეტსაც სწორედ ეს უნდა,
მოჩვენებითი და ილუზიებით სავსე ფერადოვანი ყოფის მიღმა მკითხველს სიცოცხლის გარდაუვალი
დასასრულის შეგრძნება გაუმძაფროს და სიკვდილის სახე დაანახვოს, ამისთვის ლექსში შემოაქვს
ერთგვარი ხილვა საკუთარი გარდაცვალებისა:
„კუბო მიტორტმანობს, მისცურავს და ნავობს _
უკან მომყვებიან ქუდგადახდილები“ („ავტოპორტრეტი“).
სიმბოლისტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა სიმახინჯე
და ბოროტება. სწორედ ამიტომ თამამად დაიწყეს
საშინელი სახეების შექმნა (ამ ესთეტიკის პრინციპებს კარგად წარმოაჩენს ვალერიან გაფრინდაშვილი
წერილში: „Terror Antiquus“). ბოდლერი ლექსში „ჰიმნი მშვენიერებას“ (კრებულიდან
„ბოროტების ყვავილები“) უღრმავდებოდა მშვენიერების
არსს და ფიქრობდა, რომ მისი წყარო თანაბრად შეიძლებოდა ყოფილიყო სინათლეცა და სიბნელეც:
„ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ!
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?
შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,
ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი“ („ჰიმნი მშვენიერებას“).
სწორედ ამგვარი ესთეტიკით არის შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის
გამორჩეული ლექსი „წმინდანიანი“, რომელშიც პოეტი მოდერნისტული ეპოქის ახალ კერპს, მითოლოგიურ
არსებას, წმინდანიანს ქმნის, რომელსაც მოაქვს ტრადიციულისგან განსხვავებული იდეალები
და ფასეულობები. ეს არსება ებრძვის ძველ წმინდანებს, სიმბოლურად, ქრისტიანულ წარმოდგენებს
და ამკვიდრებს ახალ რელიგიას, დაფუძნებულს შიშსა და უიმედობაზე:
„საუკუნეში ერთხელ ქვეყანას
მოევლინება წმინდანიანი _
ცეცხლის ფრინველი, მთოველი ცოდვის
და როგორც გველი _ წვრილტანიანი“.
1919 წელს დაბეჭდილ ამ ლექსში (ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“,
#2, 1919 წ.) კარგად წარმოჩნდება კაცობრიობის
უდიდესი საფრთხე, ნიცშეანური „ღმერთის სიკვდილით“ გამოცხადებული დაუძლეველი სულიერი
კრიზისი, ძველი თუ ახალი ღმერთებისაგან დაცარიელებული
ზეცა და სულის დაღუპვის გარდაუვალობის შეგრძნება. ლექსში იხატებიან „შეშფოთებული წმინდანები“,
რომელთა მადლი ახალ საუკუნეში ყოველგვარ ძალას კარგავს, „ხატებთან გაელვებული შუქიც“
მინავლებულია და აპოკალიფსური ვიზუალური ხატები თრგუნავენ მკითხველის წარმოსახვას:
„დამბლა ეცემა წმინდა გიორგის
და გველეშაპიც მოუჭერს რკალებს.
ხელთ გავარდება მარიამს შვილი
და პეტრეს შიში ააკანკალებს.
ქრისტე წამებით ჯვარს
გადატეხავს,
გაიშვერს ხელებს ცხელ
ლურსმანებით.
გუმბათზე თვალი დაიხუჭება,
შეშფოთებული გველურ
ზმანებით“ („წმინდანიანი“).
ლექსი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა სამომავლო კატასტროფებისა,
რომლებიც გამოწვეული იქნება ტექნოლოგიური საფრთხეებით, მატერიალრ სამყაროზე მიჯაჭვული
ადამიანის ეგოისტურ-ნარცისული სულისკვეთებით, ზნეობრივი გადაგვარებით. ახალი კერპები
დაამხობენ ძველს და უფლისკენ მიმავალ სულის სახსნელ გზებს ვეღარ დაინახავენ მოჩვენებითი,
ყალბი და ხელოვნური სინათლით დაბრმავებულნი. თუმცა ლექსში ეს ყოველივე წარმოჩნდება,
როგორც კოშმარული ხილვა და გაფრთხილება:
„დილამდე გასტანს საყდართან ბრძოლა
და რიჟრაჟამდე სული ცდომილი
ავ მოჩვენებით აწვალებს საყდარს,
დაუძლევი და მიუწვდომელი“.
1922 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი კრებული „წმინდანიანი“,
რომლის შესახებაც ზუსტად შენიშნავს მანანა ჩიტიშვილი: „სიმბოლურია
კრებულის სათაური, რომელიც ერთდროულად ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ედგარ პოს აშკარა გავლენაზე მიუთითებდა, იმ განსხვავებით,
რომ ბოროტი ბედისწერის სიმბოლოდ, მიწიშვილმა „შავი ყორნის“ ნაცვლად, „წმინდანიანი“
აირჩია. ავტორის გადმოცემით, წმინდანიანი ლეგენდარული ფრინველია, რომელიც საუკუნეში
ერთხელ ევლინება ქვეყანას მზის ჩასვლის შემდეგ და ბინდში ცეცხლს ჰყრის ანთებული ფრთებით.
„...ნიკოლოზ ბარათაშვილი და ედგარ პო. ორი თემა „ყორანის“, რომელიც მეჩვენება მე წმინდანიანად“.
სულიერი მარტოობის, სამყაროსგან გაუცხოების ტკივილები
ახალი პოეტური სახეებით წარმოჩნდება ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში. მისთვისაც უმთავრესია,
დახატოს არა გარეგანი თვალით დანახული, არამედ შინაგანი მზერით მოხილული „სულიერი ლანდშაფტები“,
როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი ლაფორგზე აღნიშნავდა ხატოვნად, მის ლექსებშიც წარმოჩენილია
„პეიზაჟი უკუღმა“: `ლაფორგის სუსხიანი პეიზაჟი ახველებს, როგორც ჭლექიანი ასული და მის კვირეებში, მის პროვინციალურ მთვარეში პეიზაჟი წამებულია, როგორც დაისრული სებასტიანე. ბალზაკი სწერდა, რომ ზოგიერთი არომატი გამოსთქვამს უკვდავების იდეას. პეიზაჟი უნდა გახდეს წარსულ და მომავალ იმედების სარკედ. მასში, როგორც ვაზაში, უნდა მოვათავსოთ ჩვენი ნერვიული ბუნება“ („პეიზაჟი უკუღმა“).
„ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე
მკვდარის
სიჩუმის შავ გარინდებით.
უბედურება ტრიალებს სახლში
და მემუქრება
მხუთავ ბინდებით.
უძილო ღამით, მარტოობაში
ყურებთან
უკრავს დაფ-დაირები...
მოდის ვიღაცა ორკუზიანი
და წამჩურჩულებს
_ „გადაირევი“ („განწირული სტრიქონები“).
მეგობრებისთვის მიძღვნილ არაერთ ლექსში პოეტი წარმოაჩენს,
როგორ იმკვიდრებენ ისინი თავს ახალი პოეზიის მითოლოგიაში. სამწუხაროდ, ეს არის მსხვერპლიანი გზა, ამიტომაც უწოდა ცისფერყანწელებს
„ჯვარზე გაკრულნი“:
„სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.
ჩვენ ლექსებს დავწერთ,
ავტირდებით და ავატირებთ,
ჩვენი დარტყმული ამ
ქვეყანას დარჩება ლარი,
თვალწამოვარდნილ საქართველოს
გადვინადირებთ
და ჩვენს ძეგლებზე
აინთება ლოცვის ოლარი“ (ჩვენ _ „ცისფერი ყანწები“ (1922 წ.).
პატრიოტულ თემას, გაცვეთილსა და გაშაბლონებულს, სტერეოტიპული სახეებით გადატვირთულს, ცისფერყანწელებმა
ახალი სული შთაბერეს, განსხვავებული პოეტური ხედვით გაამდიდრეს. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა ნიკოლო მიწიშვილის არაერთი ლექსი, მათ შორისაა
საოცარი ნაღველით სავსე სტრიქონები: „ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო“. აქ
ყოველი სიტყვა გულწრფელია და დატვირთულია ასოციაციური ნაკადებით, რომლებიც მოაქვს იმ
დიდ სიყვარულს, ხმამაღლა გამოთქმა რომ არ სჭირდება.
თავის დროზევე კარგად შეაფასა შალვა აფხაიძემ ნიკოლო
მიწიშვილის პოეზიის თავისებურება, როდესაც დაწერა: „ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში არის შინაგანი გულწრფელობა
და სიმართლე. მთელი მისი პოეზია არის საუკეთესო ილუსტრაცია, ან უკეთ, დოკუმენტია იმ
სულიერი კრიზისისა, რომელიც ახალი ეპოქის მიჯნაზე
დამდგარ პოეზიას ახასიათებს. პოეტის ფესვი წარსულშია, ხოლო ადამიანის სახე წინ იყურება...
პოეზია, რომელსაც დეკადანსის საკმევლის სურნელება
სდიოდა, იყო გამომხატველი დარღვეული ეპოქის... ლექსები გამართული და ძლიერია როგორც
კომპოზიციის, ისე დეკორატიული მორთულობით“ (აფხაიძე 2010: 4).
ნიკოლო მიწიშვილი პოეზიაში ხშირად იყენებდა ქართული თუ მსოფლიო
ლიტერატურისა და ისტორიის, მითოლოგიისა და ფოლკლორის კულტურულ კოდებს, რათა თავისი სათქმელი გამოეხატა. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია
მისი ლექსი „ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“, რომელშიც ხატავს დაუმორჩილებელ, თავისუფლებისათვის
მებრძოლ კავკასიელ ვაჟკაცს, ჰაჯი მურატს, რომელიც
ჰამლეტური მოაზროვნის რანგში აჰყავს. პოეტმა ეს სახე აქცია ერთგვარ სიმბოლოდ, რომელმაც
გამოხატა ტრაგედია ზნეობრივი გმირის შეუფერებელ აპაოკალიფსურ დროში ცხოვრებით გამოწვეული
ტრაგედიისა, იმ გაორებისა, რომელიც, ნებით თუ უნებურად, „ემართებოდათ“ ინტელექტუალებს,
მათ შორის, ქართველ პოეტებსაც, რომლებიც ხშირად კომპრომისსაც მიმართავდნენ, რათა მოჩვენებითი
„მოთვინიერებითა“ და კონფორმიზმით თავიანთი ნამდვილი მოუსყიდველი სახე შეენიღბათ. თუმცა
დიქტატორულ საბჭოთა ხელისუფლებასთან ამგვარი „თამაში“ ხელოვანთა წაგებით, „მოჭრილი
თავებით“ სრულდებოდა. ამის ნათელი მაგალითა ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის,
ნიკოლო მიწიშვილისა და სხვა შესანიშნავ ხელოვანთ დახვრეტა. ეს ყოველივე თითქოს ნაწინასწარმეტველებია
ლექსში:
„მაშ ვინ იყავი?.. რა იყავი? მაშ, რაღა გქვიან,
აქაც და იქაც დაღუპულო, მოჭრილო თავო.
ხუნძახელ ჰამლეტს რად გინდოდა, რომ გაჩნდი გვიან
გაორებულო, უფსკრულებში ჩაშლილო მთაო.
აქედან ვხედავ, ამბობს იგი: ბრძოდე, იწვოდე,
გაგსრისოს, დეე, ჭრილობებმა სისხლიან ფარცხით,
მაგრამ, თუ იბრძვი _ სამუდამოდ უნდა იცოდე:
გაორებული კაცის ბედი თავდება მარცხით“ („ჰაჯი მურატის
მოჭრილი თავი“, 1935 წ.).
ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში წარმოჩენილია ადამიანის
სამყაროსთან, ხილულსა და უხილავ ფენომენებთან დამოკიდებულება. მისი ლექსები ერთგვარი
მანიფესტაცია და ხორცშესხმაა იმ იდეალებისა და პრინციპებისა, რომლებსაც ცისფერყანწელები
თავიანთი თეორიული წერილებით ამკვიდრებდნენ. სანდრო ცირეკიძე წერდა: „მოვლენათა სწორი
ასახვა საქმეა ფოტოგრაფიის და მეცნიერების. მათი თავისებურად დალაგება _ სტილიზაციაა
და მოდერნიზმი. მაგრამ არიან სხვები, რომლებმაც ქვეყანას უცნაურად შეხედეს. მოვლენების
იქით საგნები იზმორებიან უცხონი. სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებებით
დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა, აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა
ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპარატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა. პოეზია
და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა და მათთვის საჭირო შეიქმნა ათვისების და გამოთქმის
ახალი ფორმები. მას აქეთ, რაც ადამიანმა იგრძნო სოფელი წარმავალი, იგი ჰაერში დაეკიდა
და ეძებს მაგარ წერტილს თავის ნიშნის მისამაგრებლად. აქ გაიყო გზები მოგვის და პოეტის:
რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს მის უკვდავებას. პოეტმა თავიდანვე
ეჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. იმან დაიჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და
ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას“ („პარალელები“).
ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში არის მცდელობა „საგანთა
მიღმა“ გახედვისა, ჭეშმარიტების ძიებისა და ამ გზაზე ამქვეყნიური სიმულაციური და ბუტაფორიული
სახეების გადალახვისა. მის ლექსებში გამოხატულია
ის გაოცება, ტკივილი, სიყვარული, რომლებსაც აღძრავს არა მხოლოდ ხილულ მატერიალურ საგანთა,
არამედ მათ მიღმა ჭვრეტა, მეტაფიზიკურ პოეტურ განზომილებებში ხეტიალი. ამ თვალსაზრისით
გამორჩეულია მისი ლექსები: „სურათი“, „გული _ თუთიყუში“, „ჩემი მწევრები“, „შავი ვარსკვლავი“,
„როგორც ეპიტაფია“, „წაგებული ბიოგრაფია“ და სხვა მრავალი.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=26901
No comments:
Post a Comment