Translate

Sunday, October 18, 2020

ჯემალ ქარჩხაძის ფანტასტიკური ღიმილი _იმპროვიზაცია დროისა და ბიბლიის თემაზე

 

მაია ჯალიაშვილი


                

ადამიანის ოცნება დროში მოგზაურობაზე, წარსულისა და მომავლის უცნობ და საიდუმლო სამყაროთა მოხილვაზე ოდითგანვე მითსა, ზღაპარსა თუ ლეგენდაში ისხამდა ფრთებს. ცივილიზაციის განვითარებამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა მფრინავ ხალიჩათა ტრანსფორმაცია თანამედროვე ზებგერით ლაინერებად, თუმცა დროში გადანაცვლება კვლავ წარმოსახვათა განზომილებაში დარჩა და მხატვრული სამყაროს, კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის ტყვეობას თავი ვერ დააღწია. თანამედროვე ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრები უხვად გვთავაზობენ დროის გადალახვის თავბრუდამხვევ ამბებს. ლიტერატურის ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშად ჰერბერტ უელსის „დროის მანქანა“ შეიძლება დავასახელოთ, თუმცა კიდევ უამრავი ნიმუშია, რომლებშიც პერსონაჟები ტექნოლოგიური თუ მაგიური ძალების დახმარებით აწმყოდან წარსულისა და მომავლისკენ მიემგზავრებიან. ქართული ლიტერატურაც ამ თემას მცირე ნიმუშებით, მაგრამ მაინც ეხმიანება. ამ კონტექსტში გაიაზრება ჯემალ ქარჩხაძის შესანიშნავი  მოთხრობა „დრო“, რომლის ფანტასტიკური მხატვრულ-ესთეტიკური სამყარო  უდავოდ გვაოცებს და კრიტიკული აზროვნებისკენ გვიბიძგებს.

მოთხრობას სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს:  „ფანტასტიკური ღიმილი“, რათა ერთგვარი გეზი მისცეს ნებისმიერ მკითხველს, რომ არ დაიბნეს და რეალობა და ლიტერატურის ირეალური  სამყარო ერთმანეთს არ გაუიგივოს, შესაბამისად, არ გააკეთოს მცდარი დასკვნა, თითქოს მწერალი რელიგიურ ხელშეუხებელ სახეებსა და საკითხებს აქილიკებს, ეჭვი შეაქვს ღვთის განგებულობაში და ვინმეს ან რამეს შეურაცხყოფას  აყენებს. ამგვარი არასწორად გაგების უამრავ მაგალითთაგან შეიძლება ჟოზე სარამაგს გახმაურებული რომანები, მაგალითად, „იესოს სახარება“ ან „კაენი“ დაგვესახელებინა, რომელთაც კათოლიკური სამყაროს რისხვა გამოიწვიეს.

ჯემალ ქარჩხაძე თხრობის თავისებური განუმეორებელი მანერით, რომელიც განსჯასა და ფიქრს ანიჭებს უპირატესობას, მოგვითხრობს დროში მოგზაურობის დაუჯერებელ ამბავს. ეს არის პოსტმოდერნისტული თამაშის ტექნიკით შესრულებული იმპროვიზაცია ტექნოლოგიურ პროგრესსა და ბიბლიურ თემაზე. მოთხრობა იგავური  შინაარსისაა და დროის ამოუცნობი, მრავალმნიშვნელოვანი ფენომენის  საიდუმლოს ახსნის  თემას დასტრიალებს. დროის საიდუმლოზე წერდნენ ფილოსოფოსნი, ღვთისმეტყველნი და მეცნიერნი და, უამრავი სხვადასხვა ტიპის გამოკვლევათა და შეხედულებათა მიუხედავად, ის მაინც ყველაზე ამოუწურავ საფიქრალად რჩება.  მოთხრობის მოქმედება შორეულ მომავალში, 2779 წელს ხდება. მკითხველი ეცნობა მეცნიერულ-ტექნიკური აზროვნების ახალ დარგს - ქრონონავტიკას,  რომელსაც 1979 წელს ჩაყრია საფუძველი.  თაობათა ნაოცნებარი ექსპერიმენტი კი დროში მოგზაურობისა მხოლოდ 800 წლის შემდეგ განხორციელდა.  მთავარი პერსონაჟი, მთხრობელი, წერილს სწერს მეგობარს და, ამგვარად, წერილია მოთხრობის ფაბულის საყრდენი. მასში საუბარია აცილებულ საშიშროებაზე. ამგვარი ხერხით, რომელიც რაღაცის გაგების მოლოდინს ბუნებრივად ახლავს, მწერალი ძაბავს მკითხველის ცნობისმოყვარეობას. ჩანს,  დედამიწაზე ტექნოლოგიები  იმდენადაა განვითარებული, რომ მეცნიერებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ. ქრონონავტიკად მოხსენიებული მეცნიერება წარმოჩენილია, როგორც პერსპექტიული დარგი, რომელიც ვითარდება. ეს არის უტოპიური მოთხრობა, რომელიც მომავალს ერთგვარ ხელოვნურ სამოთხედ წარმოადგენს, რომელშიც ადამიანები მშვიდად და მაძღრად ცხოვრობენ.  მეოცე საუკუნის აღმოჩენები გადასინჯულია, დიდ ავტორიტეტთა ნაშრომები საფუძველშერყეულია: „დრო, ერთხელ და სამუდამოდ შეცნობილი რომ გვეგონა, კვლავ ხელიდან გაგვისხლტა“. მთხრობელი  მეგობარს ტაიძის მოძღვრებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, დრო და სივრცე იგივეობრივია.   ტაიძი იკვლევდა სამყაროს შექმნის პირველმიზეზს, რომელსაც  „დასაბამი სიცოცხლე“ უწოდა. მისი აზრით, „დასაბამი სიცოცხლე  განსხეულებისაკენ მიისწრაფვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი, პირველ რიგში, საკუთარ თავს დროში ამჟღავნებს. დრო უნივერსალური იდეაა, უზოგადესი კოორდინატი, რომელიც მოიცავს და განსაზღვრავს ყოველივეს - ფიზიკურსაც და მეტაფიზიკურსაც“. ტაიძის ვარაუდით, დრომ უნდა გაიაროს შვიდი საფეხური. ბოლო, მეშვიდე საფეხურზე იგი იქცევა სივრცედ. ბუნებრივია, ამავე საფეხურებს გაივლის დროის მახასიათებლებიც. მაგალითად, ის, რაც პირველ საფეხურზე მოძრაობა იყო, მეშვიდე საფეხურზე, თანდათანობითი სიჩქარედ იქცევა. სწორედ დროისა და მოძრაობის ამდაგვარი ლოკალიზაცია არის მატერიის შექმნის პირობა“.  მთხრობლის აზრით,  „ქრონონავტიკის იდეა სწორედ ამ მოძღვრებამ დაბადა. რადგან სივრცე იგივე დროა, მაშინ სივრცეში მოგზაურობაც იგივე დროში მოგზაურობაა (ასეცაა. ვის უმოგზაურია სივრცეში ისე, რომ დროში არ ემოგზაუროს?). ხოლო თუკი დროში მოგზაურობა პრინციპულად შესაძლებელია, რატომ უნდა იყოს ეს შესაძლებელი მხოლოდ მეშვიდე საფეხურზე?“ ტაიძი კრებითი სახეა ყველაზე თამამი იდეების მქონე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა, მაგრამ მის პროტოტიპად  ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა,  შეიძლება აინშტაინი იგულისხმებოდეს.

მთხრობელი წარმოაჩენს, ეოლ სორის ხელმძღვანელობით მიერ ჩატარებული გასაოცარ ექსპერიმენტებს, კერძოდ, ჯერ „შესავალი ექსპერიმენტს“ გვაცნობს, რომლის მიზანი იყო დემატერიალიზაციისა და აღდგენის პროცესების შესწავლა. თავიდან ეს შესავალი ექსპერიმენტი მანქანაზე ტარდებოდა, მერე კი, როცა მონაცემები საკმაოდ დაგროვდა და მარცხის საშიშროებამ იკლო, ადამიანებიც ჩაერთნენ. მთავარმა  ექსპერიმენტმა დედამიწაზე მითქმა-მოთქმა  და საპროტესტო ტალღები გამოიწვია, განსაკუთრებით, იმან,  თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო წარსულში ასე უცერემონიოდ შეჭრა. მწერალი ხატავს ეკოაქტივისტებს, მათ შორისაა მოხუცი უარ დენი, ერთგვარი „სამუზეუმო ექსპონატი“, რომელიც, სხვათაგან განსხვავებით, სიძველეთა შემკრები და მოყვარულია. ამ დროისთვის „ბეჭდურ წიგნი“ აღარ არსებობს და მას ინფორმაციის შენახვის უცნაური საშუალებად მიიჩნევენ.

როგორ წარმოუდგენია მწერალს   28-ე საუკუნის დედამიწა? მას სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად საიზოლაციო ფენა აქვს შემოკრული.  იგი   „სქელ, დამცველ გარსშია მოქცეული და ლამაზად მოპირკეთებული, თავისი ოპტიმალური კლიმატითა და ერთგვაროვანი ტემპერატურით, სრული ურბანიზაციითა და ნატიფი არქიტექტურით, სადაც ყოველი ნაგებობა, ყოველი ქუჩა, ყოველი ხაზი ერთ საერთო აზრს, ერთ საერთო ჰარმონიას ემორჩილება, სადაც უფაქიზესი ფორმები და ფერთა რბილი შეხამება მოქალაქეთა მშვიდ, თანაბარ მაჯისცემას უზრუნველყოფს, სადაც ბუნებრივი ფლორის ველური თვითნებობა შეცვლილია ხელოვნური, უჭკნობი და უხრწნელი მცენარეულობით“.  ეს ერთგვარად ჰგავს ოლდოს ჰაქსლისეულ დედამიწას, რომელიც მან აღწერა 1932 წელს დაწერილ რომანში „საოცარი ახალი სამყარო“.

სიძველეთა მოყვარული მოხუცი უარ დენი გრძნობს რა დროში მოგზაურობას, როგორც აკრძალულთან შეხების გამანადგურებელ მცდელობას, ექსპერიმენტატორებს ძველი ლეგენდის ფრაგმენტს აცნობს, რომელშიც წერია: „...წასვლის წინ ჭაბუკს დაუბარა: აჰა, შენ ეს დიდებული სასახლე აურაცხელი სიმდიდრით და აუწერელი სილამაზით. შენი იყოს და, როგორც გინდა, ისე მოიხმარე. ოღონდ ერთი გახსოვდეს: სხვენში რომ პატარა შავი ოთახია, იმას ნუ გააღებ, თუ არ გინდა, უბედურებას გადაეყარო“. იცით, ეს რას ნიშნავს? სიმბოლოებია. სასახლე სამყაროა. ჭაბუკი, ვისაც ეს სასახლე ჩააბარეს, ადამიანია. პატარა, შავი ოთახი კი წარსულია და მისი გაღება არ შეიძლება“ (ასოციაციურად მკითხველმა შესაძლოა ეს შავი ოთახი კოსმოსურ შავ ხვრელსაც შეადაროს, რომელიც სამყაროს ისტორიას ინახავს და, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მისი საშუალებით დროში მოგზაურობაც შესაძლებელი). თუმცა ეს გაფრთხილება ექსპერიმენტს ვერ აფერხებს.

მოთხრობაში დაწვრილებითაა აღწერილი ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ქრონონავტად გამოცდილი, სანდო და გამორჩეული ადამიანი, იუჰე შეარჩიეს. ერთადერთი დირექტივა, რომლის დაცვასაც სამეცნიერო ცენტრი ყოველგვარ ვითარებაში და ყოველგვარი ღონით მოითხოვდა ქრონონავტისაგან, იყო სრული ჩაურევლობა წარსულის ყოფაში, სრული პასიურობა. გამორიცხული უნდა ყოფილიყო არა მარტო ყოველგვარი კონტაქტი, იქნებოდა ეს ფიზიკური, აკუსტიკური, ვიზუალური თუ ტელეპატიური, არამედ ყოველგვარი აქტიური მოქმედებაც, რომელსაც შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა და რაიმე ცვლილება გამოეწვია“.  ცენტრს კარგად ესმოდა, რომ საკუთარ წარსულში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანაც კი, კაცმა არ იცის, რა კატასტროფას დაატეხდა თავს აწმყოს.  თუმცა, გაუთვალისწინებელი მოხდა.

მოთხრობის შემდეგ ნაწილში ჩართულია იუჰეს მონათხრობი, თუ როგორ დაამყარა კონტაქტი წარსულის ადამიანებთან, კერძოდ, ბიბლიურ მოსესთან, თუმცა მან არაფერი იცის ამ პიროვნების შესახებ. მწერალი ამით წარმოაჩენს, რომ ასწლეულების მერე სამეცნიერო პროგრესი მთლიანად განდევნის რელიგურ გადმოცემებსა და წიგნებს, თუმცა ეს დათრგუნვილი წარსული თუ როგორ ამოყვინთავს ერთგვარი ფროიდისტული ქვეცნობიერიდან, ამაში მკითხველი მალე დარწმუნდება. დაბრუნებული ქრონონავტი აღიარებს აკრძალულ კონტაქტს და მზად არის ნებისმიერი სასჯელისთვის. მწერალი არაჩვეულებრივი დამაჯერებლობით აღწერს მის განცდებს, თუ როგორ დემატერიალიზდა,  თითქოს სხეულთან ერთად მეხსიერებაც განქარდა და ყველაფერი, რაც სტარტამდე არსებობდა, ცნობიერების მიღმა დარჩა,  თითქოს მოექცა  რეალური ფორმების, რეალური იდეებისა და რეალური ფერების სამყაროში, სადაც ცნობიერება უშუალოდ, გრძნობის ორგანოების გარეშე აღიქვამდა ობიექტს. თითქოს დაფრინავდა აზრებს, იდეებს, სიმბოლოებს შორის და ბევრი რამ, რაც აქ საიდუმლოებაა, იქ ცოდნა იყო. სამწუხაროდ, ხელახალი მატერიალიზაციიის შედეგად ამ ცოდნას ბურუსი ფარავდა და ისევ საიდუმლოებად აქცევდა. შემდეგ იდეის ერთადერთობა მატერიის ერთადერთობამ შეცვალა და იგი კვლავ სივრცეში აღმოჩნდა, ისევ  სის მთაზე, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო, ოღონდ წარსულში, როდესაც ამ მთის წვერს (სი//სინას ასოციაციას იწვევს, რა თქმა უნდა) ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებოდა. წარსულში ყოფნის სამივე საათს იგი  დიდხანს იდგა ხომალდის ილუმინატორთან, თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ღრმა და გამჭვირვალე ლურჯი ცას. ქრონონავტი მოხიბლა პირველყოფილმა, ხელუხლებელმა ბუნებამ.  ერთიანად შეძრული მთის წვერიდან დასცქერდა ვრცელ, მოწითალო უდაბნოს,  მუქ მწვანე ტყეებსა და ხასხასა მინდვრებს. ხეხილის ბაღებში ჩაკარგულ  პატარა სახლებს, შემთხვევითი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად აპარატიანად ეკლებით დაფარულ ბუჩქში დაიმალა. ჩანდა, რომ აქ ხალხს ტექნიკასა და ცივილიზაციაზე არავითარი წარმოდგენა არა ჰქონდა. უეცრად აპარატმა ტყის გადაღმა ვიღაც აღმოაჩინა და ფირფიტაზე მისი ფიქრების აღნუსხვას შეუდგა: „...მე ვიცი, რომ კაცი არ უნდა მოვკლა, მაგრამ სხვა ვერავინ დავაჯერე.... რაღაც უცხო ხმა მეუბნება, რომ ამას მხოლოდ ჩემი მოძმეები და ნათესავები თუ გაიგებენ, ისინი, ვინც უცხო ქვეყანაში დავტოვე და აუწერელ ტანჯვაში ცხოვრობენ. ...უცხო ხმა ორმოცი წელია მიბრძანებს, დავბრუნდე მათთან. უცხო ხმა მეუბნება, რომ მხოლოდ მე შემიძლია გავათავისუფლო ისინი ამ მძიმე უღლისაგან, ....ჩემი სილაჩრე სიკვდილის შიშია“.

იუჰემ (რომლის სახელი აშკარა ასოციაციას იწვევს იაჰვესთან, ბიბლიურ ღმერთთან) აღწერა კაცის გარეგნობა. მკითხველი ამ კაცში, რა თქმა უნდა, მოსეს ამოიცნობს.  კაცმა  აპარატის ალისფერი შუქი შეამჩნია, თავზარი დაეცა, ძირს დაემხო. იუჰემ კი აპარატის მეშვეობით უთხრა, ნუ გეშინიაო: „მე ისა ვარ, ვისაც ყოველ დილით ელოდები აქ, ამ ტყის პირას, ვინც შიში გამბედაობით უნდა შეგიცვალოს და სულმდაბლობა - რწმენით. კმარა ყოყმანი და ვიშვიში. გასწი დიდი მდინარის პირას და დაიხსენი შენი მოძმეები და ნათესავები!“ ხოლო საკუთარი თავი ასე გააცნო: ვინცა ვარ, ისა ვარ-მეთქი. მერე ჯოხი გამოართვა, ინფორმატორი-აპარატის ბუდიდან სათადარიგო ატომმარეგულირებელი რგოლი ამოიღო, ჯოხს ჩამოაცვა და უჩვენა, მზის პირდაპირ სხივებთან ურთიერთობისას როგორ კარგავდა ჯოხი სიმკვრივეს და როგორ იდრიკებოდა (მკითხველი ამ დეტალშიც მოსეს ცნობილ კვერთხს ამოიცნობს, გველად რომ გადაიქცა ან კლდიდან წყალი რომ გამოადინა). იუჰემ გაიმეორა ბიბლიის ამბავი მოსეს ღმერთთან შეხვედრისა. ამ საუბრის შემდეგ კი ისევ აწმყოში დაბრუნდა.

ამბის თხრობისას მოხუცმა უარ დენმა  მოულოდნელად ჰკითხა: - ერთი ეს მითხარით, იუჰე, ფეხთ რატომ გაახდევინეთ იმ კაცს? - იმიტომ რომ ტყავის წაღები ეცვა, გრძელბეწვიანი. იმ წაღებით რომ აპარატის დამუხტულ ველში შემოსუ... - აქ იუჰე ერთბაშად შედგა, თითქოს სიტყვა პირზე შეახმა. - განა მე ვთქვი, რომ იმ კაცს ფეხთ გავახდევინე? - არა, არ გითქვამს, - მიუგო უარ დენმა. - მაშ... თქვენ... მაშ... საიდან... _ იმან, ვინც სამყაროს განაგებს, კიდევ ერთხელ გაიცინა ჩვენს გულუბრყვილობაზე. ერთი ტყუილი უკვე გამოაშკარავდა. ჩვენს მეცნიერებს მრავალი ღამის გატეხა მოუწევთ, რათა ახალი ტყუილი მოიგონონ იმის შესახებ, თუ რა არის დრო. - უარ დენმა წიგნი გადაშალა და ეოლ სორის უთხრა: - აი, ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვა ამ ორი დღის განმავლობაში მოვახერხე. იგი გაოცებულ მსმენელებს ბიბლიის ამბავს უკითხავს: „მოსემ, რა იხილა, მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა, თქვა: ეს რა საკვირველი ხილვაა! მივალ, ერთი, და ვნახავ, რატომ არ იწვის ბუჩქი. ღმერთმა რომ მისკენ მომავალი მოსე დაინახა, დაუძახა: მოსე, მოსე! მოსემ მიუგო: რა არის? ღმერთმა უთხრა: ფეხთ გაიხადე, ეგ ადგილი, შენ რომ დგახარ, წმინდა მიწაა. ...შენ უნდა გამოიყვანო ჩემი ერი ეგვიპტიდან. მოსემ უთხრა: ვინა ვარ მე, რომ ფარაონთან მივიდე და ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიყვანო! ღმერთმა უთხრა: მე ვიქნები შენთან. მოსემ უთხრა: რომ მკითხონ, ვინ არის ის, ვინც გამოგგზავნა, სახელად რა ჰქვიაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა უთხრა: მე ისა ვარ, ვინცა ვარ“.

მოხუცი უარ დენი მწერლის ალტერ ეგოა, ისევე, როგორც მთხრობელი ლუკე, რომელიც, რა  თქმა უნდა, ლუკა მახარებლის ასოციაციას იწვევს.   იეჰუს შესახებ წერილით გადმოცემა ინტერტექსტუალური გადაძახილია მოციქულთა ეპისტოლეებთან, რომლებითაც ისინი ხალხს ახალ მოძღვრებას უხსნიდნენ. ლუკე მეგობარს აცნობს ქრონონავტიკის ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც,  ახალი ექსპედიცია სამი კაცის შემადგენლობით უკვე მზადაა წარსულში გასამგზავრებლად. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნულია იუჰე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც ლუკეს მეგობარია, ორგანზომილებიან არსებები, ეგრეთ წოდებული, ელემინები  ცხოვრობენ,  რომელთა ამბავი ძალიან აინტერესებს. ამ წერილს კი აქვს მინაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი შედგენილია მესამე წელთაღრიცხვის 2779 წელს.  ხოლო მკითხველის დასაბნევად და აზრობრივ ხლართებში გასაბლანდავად, რომელსაც დროითი გაუგებრობა იწვევს (მომავლის წერილი წარსულშია უკვე ნათარგმნი _1979 წელს).

ამგვარად, მოთხრობის საინტერპრეტაციო სივრცე თავბრუდამხვევად ღიაა. მკითხველიც  თითქოს იკარგება დრო-სივრცის ლაბირინთში, სადაც აწმყო, წარსული და მომავალი ისეა არეული, გაურკვეველია, რომელი დრო რომელს მისდევს. გამოვიდა, რომ ქრონონავტმა იმოგზაურა ბიბლიის სივრცეში, უკვე დაწერილში, უბრალოდ, მისი აღქმაა სხვანაირი, ხოლო წერილი, დაწერილი 28-ე საუკუნეში, მეოცე საუკუნეშია უკვე ანბანურ-პირობითი თარგმანით შესრულებული.

ეს ფანტასტიკური ღიმილი კი მწერლისაა, გამოგონილი სამყაროს შემოქმედისა, რომელიც ილუზორულ დრო-სივრცეს ქმნის თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც, როგორც ერთადერთ შესაძლო წარსულში, ციფრული ეპოქის ანდროიდები ან ანდროიდ-ადამიანები იმოგზაურებენ. ამ ლოგიკით, მომავლის დრო-სივრცეც დაწერილი იქნება, ან უკეთ რომ ვთქვათ, სამყარო დაწერილია „დაუსაბამო ერთის“, ღვთის მიერ და ადამიანები მას მხოლოდ გაიმეორებენ. ეს არის ბიბლიური „ეკლესიასტეს“ დრო, რომლის მიხედვითაც, არაფერია ახალი მზისქვეშეთში: „რაც ყოფილა, იგივე იქნება, და რაც მომხდარა, იგივე მოხდება“.

ამგვარად, ვფიქრობთ, ჯემალ ქარჩხაძისთვის, ისევე, როგორც მრავალი მწერლისთვის, დროში მოგზაურობის ყველაზე საუკეთესო საშუალება წიგნია, როგორც ვასიკო კეჟერაძე იტყოდა (გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“): „ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან „პერპეტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა... იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა - უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიასა და დანადგარს“.

წარსულში, დაწერილში ამგვარ შეჭრას ეხმიანება გივი მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული მინიატურები, რომელთა გმირები დაწერილს ცვლიან. მაგალითად, ასეთია მინიატურა „წიგნის გმირების დროული გადასახლება“, რომელშიც პირველში წიგნის სამყაროდან გამოგზავნილ მხსნელებს მათეს სახარებიდან ჰეროდეს საბედისწერო ბრძანებით ამოსაწყვეტი ყრმები ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, ამავე ხერხს იყენებს ვუდი ალენი მოთხრობაში     „კუგელმასის შემთხვევა“. ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს წერილში „ფანტასმაგორიული შეხვედრები“.


წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=24927



No comments:

Post a Comment