მაია ჯალიაშვილი
„ყოველი
სიტყვა პოეზიაა“, _ ამბობს ბორხესი თავის ერთ ლექციაში, რომელიც პოეზიას მიუძღვნა.
სიტყვები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით
პოეტის სულსა, გულსა და გონებაში ხმიანობენ. ანა კალანდაძის პოეტურ განზომილებაში
კი ნაცნობი სიტყვები განსხვავებული აზრობრივი ელფერითა და მნიშვნელობით
წარმოჩნდებიან. ერთი ასეთი გამორჩეული ლექსია
„ლოცულობს გველი“. პოეზიამ არ იცის საზღვრები
და ეს ორი, ცასა და მიწასავით
დაშორებული სიტყვა ანა კალანდაძემ
წარმოსახვის მშვენიერ სივრცეში ერთმანეთს ლაღად და თავისუფლად
დაუწყვილა. მკითხველის
მეხსიერება, რა თქმა უნდა, გველის საინტერპრეტაციო სივრცედ უპირველესად ბიბლიას
მოხმობს. ძველ აღთქმაში („დაბადება“) გველი ეშმაკია, რომელიც ადამიანს
სამოთხეს დააკარგვინებს: „უთხრა უფალმა
ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა
გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე“ (დაბადება, 3,
14). ახალაღთქმისეულ კონტექსტში გველი
ქრისტეს ქადაგებაში ჩნდება, როგორც განსხვავებული სიმბოლო: „აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც
ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც
მტრედნი“ (მათე, 10,16). ასე რომ, გველის სახეს ერთგვარი ორგემაგობა ახლავს. მის
შესახებ მითოლოგიურ-ფოლკლორული,
ზღაპრისეული წარმოდგენები, ლიტერატურული
ინტერპრეტაციები მსოფლიოსა და ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად, კულტურასა და
ხელოვნებაში (ფერწერა, არქიტექტურა, კინო და სხვ.) კი ისეთ მრავალფეროვან და
მრავალმნიშვნელოვან კონტექსტებს ქმნიან,
რომლებში გზის გაკვლევა არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ
ერთგვარ გეშსა და ალღოს, ინტუიციასაც მოითხოვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ერთი
ლექსის პოეტურ განზომილებაში ვიტრიალებთ, როგორ ჯადოსნურ დრო-სივრცეში, რომელშიც
სიტყვის ძალით ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პოეტი ლექსში, ერთი შეხედვით ცხად, გამჭვირვალე სურათ-ხატებს ქმნის. სიმბოლური
მრავალმნიშვნელოვნება მხოლოდ მერე, წარმოდგენილი სახეების ანალიზის შემდეგ
გამოიკვეთება. ასოციაციური ნაკადი გაარღვევს ზედაპირს, თავისთავად ღირებულს და
გამოაჩენს სულ სხვა სიღრმეს,
რომელიც მოიცავს შესაქმესაც, ძველეგვიპტურსა თუ ძველბერძნულ წარმოდგენებსაც,
ერთი სიტყვით, ცალკეული კონკრეტული სახე თითქოს ნიღაბს იხდის და მითოსური თუ
ბიბლიური არქეტიპების სიბრტყეზე პროეცირდება. პირველი, რასაც მკითხველი შეიგრძნობს ლექსის დასაწყისი სტრიქონებიდან, არის ელდა გველის
გამოჩენისა:
„გასრიალდება ხევში ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით.
მუხლებს მოიყრის და შიშისმგვრელი
ლოცულობს გველი“.
თავისთავად იბადება მუსიკაც, ნიუანსობრივი ტონალობებით, რომელსაც წარმოქმნის ხევში ჩაფენილ ფოთლებზე გველის გასრიალება.
ყურადღებას იქცევს ის, რომ ეს არის გასრიალება „ზმორებით“, ე.ი.
ახლადგამოღვიძებული, ჯერ კიდევ რომ არ გამოუღწევია სრულად ძილის სამეფოდან,
ქვეწარმავალი გათენებისთანავე მისრიალებს ხევში ლოცვის სათქმელად. ჩვეულებისამებრ,
ქრისტიანი ამ დროს აღვლენილ დილის ლოცვაში ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „ძილისაგან
აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და
სულგრძელოებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა
თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემისათა…“ ადამიანი მადლობს უფალს, რომ, მიუხედავად ცოდვათა და უსჯულოებათა
სიმრავლისა, მაინც გახდა ღირსი სიცოცხლისა. ლექსის განზომილებაში ღვთის მადლობამ ისეთ დაცემულ ჭურჭელშიც კი შეაღწია, როგორიც გველია
და იგი შემოქმედის სადიდებლად ზეწამომართა. პოეტმა კი მკითხველი ამ უცნაური,
იდუმალი რიტუალის მოწმედ აქცია.
მთელი სამყარო, განწმენდილი და უცოდველი,
ყოველ დილას ღვთისგან შენდობილი, თითქოს ხელახლა იბადება თავიდან. ყოველი დილა
ღვთის „შესაქმით“ იწყება. შენდობა დილას ამოსულ მზის სხივებივით უშურველად
მიენიჭება ყოველს, მადლი დაეფინება სამყაროს და განიწმინდება. როგორც ვაჟა-ფშაველა წერს: „ცამ
გადიბანა პირიდამ / მური, ნაცხები ღრუბლისა, /გადაეფინა სამყაროს / ლოცვა-კურთხევა
უფლისა“ („ბახტრიონი“). ამიტომაცაა, რომ „შიშისმგვრელი“ გველი
ლამაზია — „ტანმოხატული უცხო ზოლებით“. პოეტისა და მკითხველის მზერა მის ტანს გარს შემოევლება, როგორც ფერწერულ ნიმუშს, თავისთავადს, დამოუკიდებელს, რომელიც აღძრავს სილამაზით მოგვრილი
აღტაცების განცდას,
ესთეტიკურ სიამოვნებას. ფერადოვან პალიტრას, რომელსაც კონკრეტულ ფერთა დაუსახელებლად ქმნის პოეტი,
მოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება.
წარმოდგენილი სურათის
სრულყოფილებისათვის და ლოცვის გასამძაფრებლად პოეტი გველს მუხლმოყრილს ხატავს.
ამგვარ პოზაში
კარგად შეიგრძნობა მისი შინაგანი ქედმოდრეკილობა, თაყვანისცემა, მორიდება და
გულშემუსვრილობა უზენაესის წინაშე. ლოცვასაც გზნება და მხურვალება ემატება. ამიტომაც ლექსის პირველი
სტრიქონებით მოგვრილ ელდას ემატება ჯერ გაოცება, მერე თანაგრძნობა.
„ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს
ღმერთსა“, _ ეს სტრიქონი თითქოს ერთ სიბრტყეში მოაქცევს მკითხველსა და
უხსენებელს. ისიც მასავით ცოდვილია. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება. დემონური და ანგელოზური ერთდროულად
იჭრება წარმოსახვაში. ლოცვა ამხელს ცოდვილი სულის ტკივილს. ვედრება და სინანული გზაა შენდობისაკენ.
მზიან-ჩრდილიანი განცდები უჩნდება მკითხველს და სულის უფსკრულებში ჩახედვისაკენ,
საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებისკენ უბიძგებს.
გველთან მადლის დაკავშირების თემამ, უპირველესად, რა თქმა უნდა,
ყველასთვის ნაცნობი სახე ამოატივტივა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“. სიკეთესთან,
სინათლესთან, სიმართლესთან, სიბრძნესთან, თავგანწირულობასთან (ლუხუმის სახე ხომ
ასე განზოგადდება) შეხვედრისას გველი იცვლება:
„დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გონება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება“.
ანა
კალანდაძის ლექსში არ ჩანს
ამგვარი შეხვედრა ვინმესა ან რაიმესთან,
შესაბამისად, არ ვესწრებით გველის ფერისცვალებას. თუმცა, შესაძლოა, რომ სწორედაც პოეზიასთან შეხვედრამ გამოიწვია მისი ერთგვარი ტრანსფორმაცია, ლოცვის
წყურვილი. ამიტომაც პოეტის მზერაში მისი „შიშისმგვრელობა“ „ლოცვის სიმხურვალეში“ დნება და ქრება:
„როს იდუმალებს,
სევდიან თვალებს,
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს
გესლიან ენით“.
მართალია, „გესლიანი ენა“ მკითხველს
ისევ აბრუნებს ადრინდელ ელდასთან, მაგრამ ჩუმი ჩურჩული ამ გესლს თითქოს ძალას
აცლის.
ზეცისკენ მიმართული „სევდიანი თვალები“ საოცარი პოეტური ხატია, რომელიც უწმინდურის
მარტოსულობას, მიუსაფრობას, გარიყულობას წარმოაჩენს. ეს იდუმალი თანაგრძნობა,
რომელიც პოეტს მის მიმართ აქვს, სამყაროს მთავარ საყრდენს, სიყვარულს
შეგვაგრძნობინებს. რის იმედი შეიძლება ჰქონდეს ღვთისგან დაწყევლილ არსებას? ეს
უსაშველო სევდა თითქოს ლექსის განზომილებიდან გამოაღწევს და მკითხველის სულშიც
ჩაიღვრება. პოეტი სიტყვათა გამოუთქმელი ჯადოსა, ენერგიისა და მუხტის წყალობით
სამყაროს ხილულ ზედაპირს ხდის, ფარდას ხსნის. იდუმალში შეღწევის, დაუნახავის
ხილვის წყურვილით არის სავსე ანა კალანდაძის პოეზია:
„და ჩურჩულებენ, ჩურჩულებენ
შემოგარენი…
ეს ჩურჩულიც ისმის მკაფიოდ…
და ლურჯ ბალახებს
ნამისგან სველებს
თვის გულის ნადებს გაანდობს ღალღაც…
ო, არის რაღაც
უსაზომოდ დამაფიქვრელი“.
სწორედ ეს „რაღაც“, რაც „უსაზომოდ დამაფიქვრელია“, არ ასვენებს პოეტს და მისი
ამოხსნისკენ უბიძგებს. მასაც
გალაკტიონივით ესმის „სიჩუმის ენა“ და ცდილობს მის გამოთარგმანებას, სიტყვიერი
ქსოვილით შემოსვას, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს უჩინარის მშვენიერება. ხილულ
სამყაროში გამოღწეული უხილავი, გამოთქმულში დატყვევებული, თითქოს კარგავს რაღაც
მნიშვნელოვანს, მაგრამ პოეტურ სახეებსა თუ სიმბოლოთა ლაბირინთებში მკითხველი მაინც მიიკვლევს გზას.
ლექსის
სივრცე სავსეა ფერთა და ბგერათა გრადაციებით. თავიდან „სრიალით“ აღძრული მუსიკა იცვლება და ახალი
ხმოვანება იქმნება:
„გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი“.
ირგვლივ ხავერდოვანი, რბილი სიმშვიდე
ისადგურებს. მრავალფეროვანი სამყარო დილის
მზით მადლსხურებული თითქოს იშვებს. ამიტომაც ამ გადასახედიდან
ახლა დაუჯერებელი ჩანს: „ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა“.
გველი ახლა უკვე მხოლოდ ნიღაბია,
საფარველია, მახინჯი ზედაპირია, რომლის გადახდით გამოჩნდება მიღმიური, უცხო და იდუმალი
სანახები. ასე იბადებიან ზღაპრებში გველის ტყავიდან მზეთუნახავნი. ამიტომაც
ბუნებრივად ჩნდება „ტყის ბანოვანთან“ შედარება. მისი ამგვარი სახელდება წარმოაჩენს
„სხვას“, რომელიც ყველაფერია და ყველგანაა, რომელიც არ ჩანს მატერიალურ სივრცეში და რომელიც ყველაზე
ახლოა უზენაესთან. სწორედ ამ დროს ის „სხვა“ ასე მჟღავნდება:
„ნაიდუმალევს,
როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს
და სევდიან თვალებს“.
მაგრამ ამგვარი „გახსნა“ და ზიარება
სინათლესთან დროებითია და წარმავალი. სულის დღესასწაულს (რაც ლოცვისას ხდებოდა),
შეენაცვლება სხეულის ზეიმი:
„მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი“.
ლოცვით შენდობილი გველი ისევ „ეცემა“,
რათა კვლავ ცოდვებით გაივსოს, მაგრამ დილას, ღამის კოშმარებს თავდაღწეული კვლავ
დაელოდება მზის ამოსვლას და ყოვლის მიმტევებელთან შეხვედრას ცოდვათა შენდობის
იმედით.
სიტყვები ერთმანეთს აზრობრივად და მუსიკალურად ეხმიანებიან, ალიტერაციებს ქმნიან („მგვრელი“, „ველები“ „დაირა“, „უზუნდარა“)
და სტრიქონებს ბუნებრივ მელოდიურ ფონად გასდევენ. მოცეკვავე გველის სახე არაერთ
ლიტერატურულ ტექსტს გაგვახსენებს, უპირველესად, გველებთან მოცეკვავე ელის სახეს
წამოატივტივებს (ნიკო ლორთქიფანიძე „შელოცვა რადიოთი“), სანავარდოს დახაშმულ
სანახებს (დემნა შენგელაია „სანავარდო“ ) და სხვ.
ხელში დაირით, უზუნდარას რომ ცეკვავს,
— არანაკლებ შთამბეჭდავი პლასტიკური
სახეა, ვიდრე უძრავ
პოზაში მლოცველი გველი. დაირის
საზეიმო რიტმს შემოაქვს მაჟორული განწყობა.
ეს უკვე დილიდან გამოსული სამყაროა, სინათლიდან სიჭრელეში და აქედან
სიბნელეში გარდამავალი. ეს მარადიული დაცემა-აღდგომაა, შეკრული ჯადოსნური წრეა,
რომელსაც ვერასოდეს დააღწევს თავს ვერც გველი და, სამწუხაროდ, ვერც ადამიანი. ეს
თვითონ სიცოცხლეა, თავისი ცრემლითა და სიხარულით, სინათლითა და სიბნელით.
სიცოცხლის საიდუმლოც ესაა. ცოდვა სიკვდილია, სულის მოშთობა, ლოცვა კი აღდგომაა
სიკვდილიდან, ცოდვიდან. იქნებ პოეზიის მადლი ისიც იყოს, რომ ამ გზით ადამიანი
ეზიარება დაფარულს, იდუმალს, ირაციონალურსა
და მეტაფიზიკურს. იმას, რაც სიღრმეშია. რადგან ხშირად
სინათლე შეიძლება ზედაპირზე სიბნელედ ჩანდეს, ანდა, პირიქით, პოეზია კი ამ უხილავ სიღრმეთა
მიმოხილვაა, შთასვლაა ჯოჯოხეთში სამოთხეში „ამოსასვლელად“. ამგვარი განცდები კი
ამდიდრებს ყოფიერებას, თორემ ისე, სიცოცხლე, მართლაც, უსახო, პლატონისეულ მღვიმის
კედლებს დაემსგავსებოდა, სადაც უსისხლო ჩრდილები ჩანს მხოლოდ და სხვა არაფერი,
მაგრამ სიცოცხლე ფერადი „ხევია“, სადაც დილ-დილობით სალოცავად მისრიალებს
უხსენებელი. პოეტი
კი თვალს გვიხელს, გვაღვიძებს და პოეზიის უცხო და თან დავიწყებული მშობლიური
სანახებისაკენ მიგვიძღვება. თუ ამ ლექსის
ინტერტექსტუალურ გადაძახილებს გავყვებით, მაშინ მისი საინტერპრეტაციო სივრცე უფრო
გაფართოვდება და გამდიდრდება.
წყარო:http://mastsavlebeli.ge/?p=26249
No comments:
Post a Comment